-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
რესურს Slashleaks-მა აღმოაჩინა Google Pixel 4 სერიის ერთ-ერთი სმარტფონის სქემატური გამოსახულება. ამ სერიის სმარტფონების გამოშვება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ილუსტრაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეა თუ ისე, ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები, რომლებიც Slashleaks-ის მიერ გახმაურებული მონაცემების მიხედვით შეიქმნა. არსებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Google Pixel 4 სმარტფონის XL ვერსიას ექნება ორი ორმაგი კამერა - ორი ფრონტალური და ორიც - უკანა მხარეს. ფოტოდან ჩანს, რომ ფრონტალური ნაწილისთვის შერჩეულია წაგრძელებული ჭრილი დისპლეის ზედა მარჯვენა მხარეს. ორი ძირითადი კამერის ოპტიკური მოდულები განთავსდება ჰორიზონტალურად კორპუსის უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. აქვე იქნება ფლეშ-განათება. საინტერესოა, რომ ნახაზებზე არ ჩანს დაქტილოსკოპიური სკანერი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Google Pixel 4 სერიის სმარტფონებში რეალიზებული იქნება ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა სქემით - Dual SIM Dual Active (DSDA) - შესაძლებელი იქნება ორივე სლოტის ერთდროული მუშაობა. პროგრამულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონები იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Q-ზე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. https://3dnews.ru/984234
-
ელექტრომობილები უკვე ცხადად გვევლინება ყოველდღიურ საქალაქო ტრანსპორტად, თუმცა ისინი გამოსადეგი არ არიან შორეული მგზავრობისთვის აკუმულატორის სიმძლავრის შეზღუდულობის გამო. ამიტომაც ზოგიერთი ავტომწარმოებელი ეძებს საშუალებებს - ელექტრომობილები დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე. როგორც წესი, ამისათვის გამოიყენება ბენზინის ან დიზელის ბაზაზე მოქმედი ელექტრო გენერატორები. კორპორაცია Gumpert-ს აქვს მეთოდი - გამოყენებულ იქნას მეთანოლი, რომელსაც დადებით მხარესთან - სიიაფესთან ერთად რამოდენიმე დიდი ნაკლი გააჩნია. აკუმულატორის დატენვის ალტერნატიული მეთოდი გამოყენებულია ახალ ჰიპერმობილში - Gumpert Nathalie. მას აქვს ოთხი ელექტრო ძრავი, მაქსიმალური სიმძლავრე 800 ცხენის ძალის ტოლია, მაქსიმალური სიჩქარე კი არის 306 კმ/სთ. კონსტრუქცია შედგება მოლიბდენის ჩარჩოების, კარბონის შასებისა და უამრავი აეროდინამიკური ელემენტისგან, რითაც უზრუნველყოფილია საკმარისად კომფორტული გადაადგილება. კომპანიის დაფუძნებლის, როლანდ გუმპერტის თქმით მეთანოლის ბაზაზე მოქმედი საწვავი ელემენტი უზრუნველყოფს ელექტრომობილს იმ მოცულობის ენერგიით, რომელიც საკმარისია 850 კილომეტრზე მეტი მანძილის დასაფარად, თუკი მანქანის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება. ელეტროენერგია გენერირდება არა მეთანოლის წვის, არამედ ქიმიური რეაქციის ხარჯზე, რომელიც გამოჰყოფს 5 კვტ სიმძლავრის ენერგიას. Gumpert Nathalie-ს უარყოფითი მხარე სილამაზისა და სიმძლავრის პარალელურად ავტომობილი საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს, თანაც პრობლემა მდგომარეობს არა მარტო მოლიბდენის მომწამვლელ თვისებებში: ის, ვინც Gumpert Nathalie-ს შეიძენს, სად უნდა ეძებოს ასეთი იშვიათი ტიპის საწვავი? ჰიპერმობილი ნამდვილად არ გვევლინება, როგორც მასობრივი მოხმარების მანქანა და საეჭვოა, რომელიმე კომპანიამ დაიწყოს მოლიბდენის დამტენი სადგურების ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გენერატორის ეფექტურობაც. იგი გამოიმუშავებს 5 კვტ ენერგიას, ამიტომ 112 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისას გენერატორით გამომუშავებული ენერგია არ იქნება საკმარისი დატენვის ერთ დონეზე შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს აკუმულატორის მოცულობის შესახებ ინფორმაციას. და ბოლოს: ჰიპერმობილი Nathalie სავსებით არ შეესაბამება ელექტრომობილების მთავარი ღირსების თემას - გარემოს უსაფრთხოებას. მეთანოლის მონაწილეობით მიღებული ქიმიური რეაქცია გამოჰყოფს ნახშირორჟანგს - მთავარ საფრთხეს, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობს კაცობრიობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადასვლით. https://hi-news.ru/auto/giperkar-na-800-loshadej-reshaet-problemy-elektrokarov-no-opasen-dlya-prirody.html
-
Kindai-ს უნივერსიტეტის (ოსაკა, იაპონია) ბიოლოგებმა მცირე ხნით სიცოცხლე დაუბრუნეს ახალგაზრდა ბეწვიანი მამონტის - სახელად იუკის უჯრედებს. იგი 28 ათასი წლის წინ მოკვდა - სიახლის შესახებ წერს რესურსი Motherboard. იაპონელმა მეცნიერებმა მამონტის სხეულიდან 88 უჯრედის ბირთვი ამოიღეს და ღამურის კვერცხუჯრედში გადანერგეს. გადანერგვისთანავე უჯრედები გაცოცხლდა, მხოლოდ მცირე ხნით და ნაწილობრივ - მეცნიერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ უჯრედების სრულფასოვანი დაყოფვისთვის, თუმცა ამ პროცესის ზოგიერთი სტადია მიღწეულ იქნა. იუკის ქრომოსომები მართებულად დაუკავშირდნენ სტრუქტურას - ამ პროცესიდან სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება უჯრედების დაყოფისკენ. ამის შემდეგ მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორეს მამონტის უჯრედებისა და სპილოს კვერცხუჯრედის გამოყენებით. ამგვარი სამეცნიერო აღმოჩენა წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღადგინონ უჯრედები და სამომავლოდ მოახდინონ გადაშენებული სახეობების კლონირება. მამონტ იუკის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი ძალიან კარგადაა შენახული. იგი აღმოაჩინეს ლაპტევების ზღვის სანაპიროზე. https://hightech.fm/2019/03/14/mamont
-
მსხვილი ბიზნესის მხრიდან Bitcoin-ის კრიტიკა უადგილოა - განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში TRON-ის გენერალურმა დირექტორმა Justin Sun-მა. კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობაზე საუბრისას Justin Sun-მა, რომელიც აგრეთვე BitTorrent-ის გენერალური დირექტორია მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეისყიდა ფაილების გაცვლის ქსელი 2018 წლის ივნისში, განაცხადა, რომ მათი მიმზიდველობა ახალგაზრდა თაობის თვალში კვლავ უცვლელი რჩება არსებულ დათვურ მარკეტზე. „მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტს არ მოსწონს Bitcoin-ი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა თაობისთვის“. Sun-ა ასევე დაამატა: „მე ვთვლი, რომ Bitcoin-ი ტექნოლოგიაა და არა ბიზნეს-შესაძლებლობა“. Sun-მა მაგალითად მოიყვანა Bitcoin-ის მასშტაბირების გადაწყვეტილებები - ძირითადად Lightning Network, როგორც დამამტკიცებელი, რომ უმსხვილეს კრიპტოვალუტას შეუძლია შეცვალოს ინტერნეტ-ევოლუცია. „ვფიქრობ, სახეზე გვაქვს ინტერნეტის ახალი ტალღა“ - განაცხადა მან. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, Bitcoin-ის ძველი დროის მოწინააღმდეგეები, კერძოდ კი JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი Buffett-თან ერთად ბოლო დროს, როგორც ჩანს დაიღალნენ კრიპტოვალუტის კრიტიკით. გასულ თვეში JPMorgan-მა ხმაური გამოიწვია, როდესაც წარადგინა შიდა (in-house) ციფრული ტოკენი, რომელსაც ეწოდა JPM Coin და იგი განკუთვნილია სხვადასხვა ბანკთაშორისი პროცედურისთვის. ამასთან, Justin Sun-მა განაცხადა, რომ იგი ნაკლებადაა ჩართული პლატფორმის TRX ტოკენის ბაზრის კაპიტალიზაციასა და ფასის საკითხში. სტატიის წერის მომენტში TRX რიგით მეათე კრიპტოვალუტა იყო ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ დაახლოებით 1,52 მლნ დოლარიანი მაჩვენებლით. https://cointelegraph.com/news/bitcoin-is-a-technology-not-a-business-opportunity-tron-ceo-tells-mainstream-media
-
- 1
-
-
თუკი კაცობრიობას სურს თავი აარიდოს გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს, აუცილებელია შეწყდეს ამოწურვადი საწვავის მოხმარება და ადამიანები გადავიდნენ უფრო ეკოლოგიურ, სუფთა, ალტერნატიული ენერგიის წყაროზე. ამ მიმართულებით პროგრესი უკვე არის, თუმცა იგი მეტად ნელი ტემპით მიიწევს უკეთესობისკენ. არსებობს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შემოთავაზება - ყურადღება მიექცეს უფრო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია კაცობიობას გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში დაეხმაროს - ეს არის გეოინჟინერია. ერთ-ერთი ფაქტორი, რომლითაც შესაძლებელია დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის სტიმულირება - არის მზის სინათლე. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწაზე დაცემული სინათლის მოცულობის შემცირებით შესაძლებელია ხელი შეეწყოს პლანეტის გაგრილებას. ამის განხორციელება კი, სპეციალისტთა აზრით, შესაძლებელია ატმოსფეროში სპეციალური აეროზოლის გაფრქვევით. ჰარვარდის უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაარკვიონ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ატმოსფეროში აეროზოლის ემისიას. ამისათვის სპეციალისტებმა შექმნეს ექსტრემალური ნალექებისა და ტროპიკული ციკლონების კლიმატური მოდელი, რომლის მიზანია განისაზღვროს გეოინჟინერიის ეფექტები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. ახალი მოდელის მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ ნალექებისა და ტემპერატურის ექსტრემალური მაჩვენებელი, ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის დონე, აგრეთვე ინტენსიური ბუნებრივი კატაკლიზმების - კონკრეტულად კი ქარიშხლის სიხშირის მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ აეროზოლის გამოყენების შედეგად გლობალური ტემპერატურის ზრდის ტემპის ორჯერ შემცირება განაპირობებს პლანეტის გაგრილებას, შეამცირებს ცვლილებებს სასმელი წყლის გამოლევასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოახდენს სტიქიური უბედურებების 85%-იანი მატების კომპენსირებას. ამასთან, გეოინჟინერიის გამოყენებისგან მიღებული ნეგატიური შედეგები დაფიქსირდება დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 0.5% ნაწილზე - აღნიშნავენ მკვლევარები. სპეციალისტების აზრით, მათი საქმიანობა გაფანტავს ეჭვს, რომ აეროზოლს შეუძლია გააუარესოს კლიმატური მდგომარეობა და პლანეტაზე კიდევ უფრო ცუდი შედეგები გამოიწვიოს. მკვლევარები თანხმდებიან, რომ აეროზოლის უფრო რადიკალურ ემისიებს შეუძლიათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ამის თავიდან აცილება ან მაქსიმალურად შემცირება შესაძლებელია ატმოსფეროში შესაბამისი მოცულობის აეროზოლის გაფრქვევით. როგორც ზემოთ ითქვა, მეორე მეთოდი, რომლითაც კლიმატური ცვლილებების შედეგად კატასტროფული მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელია, არის მავნე აირებისა და გამონაბოლქვის გამოყოფის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით გლობალური დათბობის მთლიანად შეჩერება გეონჟინერიასაც კი არ შეუძლია. მისი წყალობით შესაძლებელია შემცირდეს ნეგატიური ეფექტები, თუმცა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზაა გამონაბოლქვის გამოყოფის შეწყვეტა. https://hi-news.ru/research-development/solnechnaya-geoinzheneriya-ne-takaya-uzh-i-ploxaya-ideya-dlya-borby-s-globalnym-potepleniem.html
-
- 1
-
-
ნიდერლანდურმა კომპანია Gemalto-მ გამოუშვა სადებეტო ბარათი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი - წერს The Verge. Gemalto-ს საბანკო ბარათი საშუალებას იძლევა განხორციელდეს უკონტაქტო NFC-გადახდები ისე, რომ საჭირო არ იქნება PIN-კოდის შეყვანა. ამავე დროს ბარათი დაცული იქნება თაღლითური ქმედებებისგან. ბიომეტრიული მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ ბარათზე, ამიტომ ბოროტმოქმედები ვერ შეძლებენ მოიპარონ ეს ინფორმაცია ბანკის მონაცემთა ბაზიდან. 2019 წლის აპრილიდან ბრიტანული ბანკი Natwest-ი გამოუშვებს Gemalto-ს 200 სატესტო ბარათს თავისი მომხმარებლებისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახანს შეიქმნა კანონი, რომლის თანახმადაც 30 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების შენაძენისას მომხმარებლები ვალდებულნი არიან შეიყვანონ პაროლი თვით უკონტაქტო გადახდების დროსაც კი. ეს მეთოდი არ იქნება გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემების ამოცნობის შემთხვევაში. ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია მობილური NFC-გადახდების სტანდარტული კომპონენტი გახდა. Gemalto-მ ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოცდა 2017 წელს ჩაატარა სამხრეთ აფრიკაში, გასულ წელს კი - იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-ში. თუმცა, საჭიროა, რომ ბარათის მფლობელებმა საბანკო დაწესებულებას მიაკითხონ და არ იმოქმედონ სახლიდან ისე, როგორც მობილური საგადახდო სერვისების შემთხვევაში (მაგ. Apple Play, Google Play) შეუძლიათ. ამგვარი მოუხერხებლობისა და ცალკეული ბარათის თან ტარების საჭიროება ბადებს კითხვას - რისთვისაა ბიომეტრიული ბარათები აუცილებელი მაშინ, როდესაც მობილური გადახდების ფუნქციები უამრავ თანამედროვე სმარტფონშია მოცემული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ბარათები მომხმარებლებს უფასოდ ეძლევათ, ეს სქემა პოტენციურად ხელმისაწვდომი და მომგებიანი იქნება იმ პირებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ - იქონიონ ძვირადღირებული თანამედროვე სმარტფონი. https://hightech.fm/2019/03/13/gemalo https://www.theverge.com/2019/3/11/18259624/natwest-gemalto-debit-card-fingerprint-scanner-biometric-contactless-nfc-uk
-
კომპანია Toyota ძირითადად ცნობილია, როგორც ავტომობილების მწარმოებელი, თუმცა თავისი არსებობის მანძილზე მან მოასწრო სხვადასხვა სახის მოწყობილობების შექმნა, რომელთა შორისაა კოსმოსის „დამპყრობი“ რობოტიც კი. აღმოჩნდა, რომ იაპონური კომპანიის კოსმოსისადმი ინტერესი არათუ გაქრა, პირიქით - ახალი ძალით იჩინა თავი. Toyota-მ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - შექმნას ყველგანმავალი, რომელიც განკუთვნილია მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გადაადგილებისთვის. სამგზავრო მთვარემავალზე მუშაობა მიმდინარეობს იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) დაკვეთით. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დიდი თავისუფლება კოსმოსურ კვლევებში - მნიშვნელოვანია, რომ სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში ასტრონავტებმა სკაფანდრების გახდაც შეძლონ. როგორც ჩანს, იაპონელებს სურთ მიაღწიონ იმ ვითარებას, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. უკვე ცნობილია, რომ მთვარემავალი ორი მიკროავტობუსის ზომის იქნება, თუმცა მასში მხოლოდ ორი ადამიანი მოთავსდება. გამოყოფილი შიდა სივრცე საკმარისია იმისათვის, რომ მკვლევარებმა შეძლონ მძიმე სკაფანდრების გახდა. მთვარემავალის კვებისთვის გამოყენებული იქნება მზის ენერგია - როგორც მოსალოდნელია, გათვალისწინებული ენერგია ტრანსპორტს ეყოფა 10 ათასი კილომეტრის გასავლელად. მთვარის ყველგანმავალის გაშვება დაგეგმილია 2029 წლისთვის. თავდაპირველად იგი მთვარეზე გაიგზავნება პილოტების გარეშე და ივლის ავტომატურ რეჟიმში, შემდგომ დაგეგმილ ადამიანთა ექსპედიაციას კი იგი ყველაზე მოსახერხებელ ადგილას დახვდება. ამ დროისთვის სააგენტო JAXA-ს დიდი ძალისხმევა მიმართულია ასტეროიდ რიუგუს შესწავლისკენ. https://hi-news.ru/space/toyota-v-kosmose-yaponskij-proizvoditel-razrabatyvaet-lunnyj-vezdexod.html
-
კომპანია Microsoft-ს ახალი შემოთავაზება აქვს მათთვის, ვისაც სჭირდება ახალი კონტროლერი Xbox One-ის, კომპიუტერის, პლანშეტის ან Samsung Gear VR ჰედსეტისთვის. ეს არ არის მანიპულატორ Elite-ის მეორე ვერსია, რომლის შესახებაც ხმები ვრცელდებოდა: ზემოთხსენებული კონტროლერი მორიგი სპეციალური გამოშვებაა და იგი წარმოდგენილია მხოლოდ თეთრ ფერში. კორპუსის ზედა და გვერდით ნაწილებს ნახევრად გამჭვირვალე გრადიენტი აქვთ, რომლის მიღმაც ჩანს PCB დაფა და შიდა მექანიზმები. უკანა მხარის ტექსტურა უზრუნველყოფს ხელში მოხერხებულად ჭერას. ფუნქციონალურად ახალი კონტროლერი არ განსხვავდება Xbox One-ის სტანდარტული მანიპულატორებისგან, აქვს Bluetooth და 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ღილაკებს დანიშნულება შეუცვალონ აპლიკაცია Xbox Accessories-ის მეშვეობით. „დიზაინში ოპტიმალურადაა შერწყმული გარეგნული სილამაზე და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები, რითაც ტექნოლოგიური სილამაზის ახლებური ხედვა იქმნება. ზემოდან ქვედა მიმართულებით კონტროლერის შეფერილობა იცვლება ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ზედაპირიდან მატირებულ გაუმჭვირვალე თეთრ ფერში. ღილაკები, ჯოისტიკები და ბამპერები გადაწყვეტილია პრიალა თეთრ ფერში ღია ნაცრისფერ აქცენტებთან ერთად“ - ამგვარად აღწერს Microsoft-ი ახალი აქსესუარის გარეგნულ იერსახეს. Phantom White Special Edition გაყიდვაში 2 აპრილს გამოვა და ეღირება 70 აშშ დოლარი. მათ კი, ვისაც სურს მსგავსი ფერის უფრო მძლავრი კონტროლერი, შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ გასულ წელს გამოშვებული კონტროლერის - Elite-ს თეთრ ვერსიას, რომლის ღირებულება 150 დოლარია. ევროპის რამოდენიმე ქვეყნაში მცხოვრებ მომხმარებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ Xbox Design Lab-ის მომსახურებით, რომლითაც შესაძლებელია სტანდარტული კონტროლერი ინდივიდუალურ ფერად შეიღებოს. https://3dnews.ru/984164
-
- 2
-
-
-
Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, ფასის ცვლილების მთავარი ინდიკატორები მიუთითებს, რომ Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა კვლავ ქვედა მიმართულებით წავიდეს. ანგარიშში მოცემულია: „ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც ასახავს Bitcoin-ზე მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიან მოთხოვნას, უარესდება“ და ამგვარად მსყიდველობითი წნეხი შესაძლოა გაიზარდოს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თებერვლის შუა პერიოდში ცვლადი შუალედის კონვერგენციის ინდიკატორი (Moving Average Convergence Divergence - MACD) დაღმავალი მიმართულებით მოძრაობდა. MACD - ეს არის ტრენდის თანამდევი ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს ფასიანი ქაღალდის ფასის ორ მოძრავ შუალედს (Moving Average) შორის ურთიერთკავშირს (ორი სხვადასხვა ხანგრძლივობის MA-ს დაახლოება/დაშორების ინდიკატორი). Bitcoin-მა გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დააფიქსირა 4 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო ამ ნიშნულის გადალახვა დროის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. Bloomberg-ი აცხადებს, რომ სანამ Bitcoin-ი არ შეძლებს ამ დონის გარღვევას, იგი დიდი ალბათობით აღმოჩნდება გაყიდვების ზეწოლის ქვეშ. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mike McGlone-მა განაცხადა: "მთელი ინდუსტრია მზადაა დაბრუნდეს ფასების შემცირების გზაზე, პირობები ახლოს არის 2018 წლის ნოემბრის კოლაფსის დაწყებამდე არსებულ ვითარებასთან. ხდება ფასების კონსოლიდაცია არასტაბილურობის ვიწრო დიაპაზონებში, ამასთან, დათვურ ბაზარზე გააქტიურების ძალისხმევები მოახლოებული ჩანს“. სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები უარს იტყვიან Bitcoin-ზე, რათა თავიანთი თანხები Altcoin-ებში გადაიტანონ. Etoro-ს უფროსი ანალიტიკოსი Mati Greenspan აცხადებს: „ამჟამად ინვესტორები დიდ პოტენციალს ხედავენ ზოგიერთ წვრილ ტოკენში. რამდენადაც კრიპტო ზამთრის კულმინაციას ვუახლოვდებით, ვხედავთ, რომ ზოგიერთი Altcoin-ი შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ვითარებაში, რასაც კრიპტო ინსაიდერები ალტ-სეზონს უწოდებენ“. სტატიის წერის მომენტში TradingView-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის MACD იმყოფება 44,3 მაჩვენებლიან დონეზე, რაც მიუთითებს რეკომენდაციაზე - „გაყიდვა“. CoinMarketCap-ის მონაცემებით ამჟამად Bitcoin-ი 3910,57 დოლარად იყიდება. https://cointelegraph.com/news/bloomberg-key-indicators-show-bitcoin-price-could-be-losing-steam
-
- 2
-
-
კომპანია OPPO-მ რამოდენიმე დღის წინ განაცხადა ახალი ბრენდის - Reno-ს შექმნის შესახებ. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ამ ბრენდის ქვეშ მოხდებოდა მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონების გამოშვება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალის პერსპექტივაში. არსებობს ალბათობა, რომ მომდევნო ახალი სმარტფონები ყველაზე მძლავრი შიდა კომპონენტებით იქნებიან წარმოდგენილნი, ბრენდის პირველ მოდელს კი ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. თუმცა მხოლოდ ცალკრისტალიანი სისტემა არ იქნება მოწყობილობის მთავარი ღირსება. პირველ რიგში, Reno აღსანიშნავი იქნება 10-მაგი ზუმის მქონე სამი ძირითადი კამერითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით. სამთაგან ორი მოდულის გაფართოება შეადგენს 48 და 5 მეგაპიქსელს. მესამე სენსორის პარამეტრები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ძირითადი კამერა განთავსებული იქნება უკანა პანელის ზედა ცენტრალურ ნაწილში ვერტიკალურად. ქსელში უკვე გამოჩნდა Reno-ს პირველი ოფიციალური გამოსახულება, მხოლოდ უკანა ხედით. ფრონტალური ნაწილის მონაცენები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მასზე განთავსდება FHD+ გაფართოების მქონე 6,4-დუიმიანი AMOLED დისპლეი ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერით. სელფი-კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს. სმარტფონის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს შედგება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24856/reno--pervyj-v-mire-smartfon-poluchivshij-kameru-s-10kratnym-opticheskim-zumom
-
ნებისმიერს, ვინც ოცნებობს ადამიანები მარსზე იხილოს, გაახარებს ის ფაქტი, რომ NASA-მ ისაუბრა რაკეტებთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც ამ მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო. რაკეტა Space Launch System და Orion-ის კაფსულა ერთად მზადდება - აცხადებს NASA. სააგენტომ წარადგინა მიახლოებითი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ორი კოსმოსური აპარატის აფრენა. უპილოტო საგამოცდო ფრენა მიახლოებით იგეგმება2020 წელს, მთვარის გარშემო პილოტირებული მისია კი - 2023 წლისთვის. ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ღონისძიებისკენ, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური კაფსულა Crew Dragon-ი წარმატებით აფრინდა, მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე, მისი დაშვება ატლანტის ოკეანეში მოხდა. ამ ყველაფერმა გააჩინა იმის იმედი, რომ NASA მიიღებს ეკიპაჟის გაშვების საკუთარ, მზა პილოტირებულ სისტემას. Crew Dragon-ი, Boeing Starliner-თან ერთად NASA-ს შესაძლებლობას მისცემს გაგზავნოს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე როდესაც საჭირო იქნება, თუმცა სააგენტოს შორეულ კოსმოსთან დაკავშირებული ამბიციები გაცილებით მეტ საიმედოობას მოითხოვს. სწორედ ამისათვისაა საჭირო სისტემა Space Launch System (SLS). იგი NASA-ს დიდი ფსონია შორეულ კოსმოსურ გეგმებში. კოლოსალური რაკეტა სააგენტოს საშუალებას მისცემს განახორციელოს პილოტირებული მისიები მთვარეზე და საბოლოოდ კი შორეული პლანეტების მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ ივნისში დაგეგმილი ტესტირებით შემოწმდება უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც კაფსულა Orion-შია მიღებული. ფრენის შეწყვეტის სისტემა, რომელიც გააქტიურდება სერიოზული პრობლემის წარმოქმნისას, ეკიპაჟს გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნის და საშუალებას მისცემს დედამიწაზე ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდნენ. ივნისში დაგეგმილ გამოცდაში არ იქნება ჩართული SLS, Orion-ს კი მოათავსებენ გამწევ რაკეტაზე, რომელიც მას 10 ათას კილომეტრ სიმაღლემდე აიყვანს. SLS ჯერ კიდევ აწყობის ეტაპზეა, ინჟინრები ამ დროისთვის მუშაობენ მის სტრუქტურასა და ადაპტერებზე, რომლებითაც ყველა კომპონენტი ერთმანეთს დაუკავშირდება. NASA დარწმუნებულია, რომ ძვირადღირებული მისია წარმატებით ვითარდება. https://hi-news.ru/space/sistema-zapuskov-v-dalnij-kosmos-nasa-pochti-gotova.html
-
კომპანია Airbus-მა გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში მოაწყო თავისი პირველი მფრინავი ტაქსის - CityAirbus-ის პრეზენტაცია. მფრინავ აპარატ CityAirbus-ს შეუძლია გადაადგილდეს 120 კმ/სთ სიჩქარით 30 კილომეტრის მანძილზე. ეს ტაქსი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში 2025 წელს გამოჩნდება. მფრინავი ტაქსის წონა 2,2 ტონას აღემატება. მის შიგნით არის ორი ადგილი მგზავრებისთვის და ერთი - მძღოლისთვის, თუმცა ამ ტაქსიში ინტეგრირებული იქნება უპილოტო გადაადგილების ფუნქციაც. CityAirbus-ის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს. ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემის წყალობით CityAirbus-ს არ სჭირდება დიდ ფართობის საფრენი მოედნის გამოყენება. უახლოეს პერიოდში გერმანიის ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც ნებადართული იქნება ქალაქის პირობებში საფრენი აპარატების ტაქსებად ან პირად ტრანსპორტად გამოყენება. მიუხედავად პრეზენტაციისა, Airbus-ს ამ დრომდე არასდროს განუხორციელებია CityAirbus-ის ფრენის სახალხოდ გამოცდა. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ Airbus-მა, Audi-მ და Italdesign-მა წარადგინეს მომავლის საფრენი კაფსულა-ტაქსის - Pop.Up-ის მოდელი. მფრინავი ტაქსებისადმი ამჟამად მთელ მსოფლიოში შეინიშნება გაზრდილი ინტერესი. ჰოლანდიური კომპანია PAL-V უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს მსოფლიოში პირველ სერტიფიცირებულ მფრინავ ავტომობილზე. დრონების ჩინური მწარმოებელი Ehang-ი კი თავის ერთადგილიან უპილოტო აპარატებს მიაწვდის დუბაის ხელისუფლებას - მათი მოქმედებაში მასიურად დანერგვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. აგრეთვე თავისი პირველი სამგზავრო დრონის ტესტირება უკვე განახორციელა კომპანია Passenger Drone-მა. https://hightech.fm/2019/03/12/airbus-cityairbus
-
კომპანია Microsoft-მა წარადგინა AI Business School - უფასო ონლაინ-სკოლა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით კურსები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია, რომ AI Business School-ის ვიდეოები სხვა ენებზეც გადაითარგმნება. AI Business School-ის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან - ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის კურსის ცვლილება ტექნოლოგიის წარმატებული მუშაობისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი მიმართულებებისა და მისი ქვესისტემების მიმოხილვა. AI Business School-ის ლექციების ხანგრძლივობა დაახლოებით ათი საათია. თითოეული გაკვეთილი ათ წუთზე დიდხანს არ გრძელდება - Microsoft-ი ითვალისწინებს კომპანიების ტოპ-მენეჯერების ინტერესებს, რომელთაც დატვირთული გრაფიკი აქვთ და არ გააჩნიათ იმდენი დრო, რომ ხანგრძლივ ლექციებს უსმინონ. კურსებში შედის ათი ქეისი, ხუთი ლექცია, ხუთი პრაქტიკული ხელმძღვანელობა, 15 მონათხრობი მენეჯერებისთვის და შვიდი ტექნიკური ქეისი. AI Business School-ის მომხსენებლები და სპიკერები იქნებიან Microsoft-ის წამყვანი მენეჯერები, ბიზნეს-სკოლა Insead-ისა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტი დანერგეს თავიანთ ბიზნეს-პროცესებში. სამომავლოდ სპიკერების რაოდენობა გაიზრდება. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა ბოლო წლების ტრენდია. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინეთის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს - დაახლოებით 1 მლნ ადამიანს ასწავლოს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებასთან მუშაობა. Elements of AI-ის ონლაინ-კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია ფინურ და ინგლისურ ენებზე. https://hightech.fm/2019/03/12/microsoft-ai-5
-
აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების მართვის სააგენტომ (USPTO) აღმოაჩინა Toyota-ს საპატენტო განაცხადი ე.წ. „ავტომობილის არომატიზატორის დისპენსერის“ (Vehicle fragrance dispenser) შესახებ. იდეა მდგომარეობს შემდეგში: ავტომობილში დაინერგება სისტემა, რომელიც არომატიზატორს გააფრქვევს სალონში. ამისათვის გამოყენებული იქნება სპეციალური ბლოკი არომატული კომპონენტებით. არომატიზატორი გავრცელდება ბორტის კლიმატ-კონტროლის საჰაერო დეფლექტორებით. ამასთან, Toyota-ს აქვს შემოთავაზება - ამ სისტემას რამოდენიმე დამატებითი ფუნქცია დაემატოს. თითოეულ მძღოლი შეძლებს ავტომატურად აირჩიოს საჭირო არომატი. პიროვნების ამოცნობა განხორციელდება მომხმარებლის მიერ ავტომობილთან სმარტფონის მიახლოებისას. უფრო მეტიც, სისტემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც გატაცების საწინააღმდეგო საშუალება. ძრავის არასანქცირებული ამოქმედებისას გამტაცებელს სახეში შეეფრქვევა ცრემლსადენი გაზი. Toyota-ს ეს იდეა ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ამ დროისთვის ცრემლსადენის გაზის გაფრქვევის სისტემის დანერგვის შესახებ კონკრეტული პრაქტიკული საუბარი არ მიდის. ხსენებულ პატენტზე განაცხადი კომპანიამ გასული წლის აგვისტოში შეიტანა, დოკუმენტი კი მიმდინარე თვეში გასაჯაროვდა. https://3dnews.ru/984104
-
ატმოსფეროს არარსებობისა და სუსტი გრავიტაციის გამო მთვარეზე შეუძლებელია დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება. ამის მიუხედავად, წყლის მცირე რაოდენობა იქ მაინც არის - ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, იყო 2018 წელს, როდესაც ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan-1-მა დაადასტურა ზედაპირზე ყინულის არსებობა. მცირე ხნის წინ კოსმუსურმა აპარატმა LRO-მ შეძლო ისტორიაში პირველად თვალყური მიედევნებინა მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულების გადაადგილებისთვის და დაკვირვების შედეგად მოხდა თეორიის უარყოფა, რომლის თანახმადაც ითვლებოდა, რომ სითხე მზის ქარების მოქმედების შედეგად წარმოიშვებოდა. ამ დრომდე მეცნიერებს ორი თეორია ჰქონდათ მთვარეზე წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით. პირველის თანახმად, მოხდა წყლის „ტრანსპორტირება“ ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით. მეორე თეორია უფრო დამაჯერებლად ჟღერდა - მიიჩნეოდა, რომ წყალი მთვარეზე მუდმივად წარმოიქმნება წყალბადისა და ჟანგბადის შემცველი მზის ქარების ზეგავლენით. იმისათვის, რომ თვალყური ედევნებინა წყლის მოლეკულებისთვის, NASA-მ ააგო აპარატი LRO. აღმოჩნდა, რომ მთვარის ზედაპირზე არც იმდენი რაოდენობის წყალია, როგორც აქამდე ივარაუდებოდა. მკვლევარებმა აღმოაჩნეს ისიც, რომ დღის ყველაზე თბილ მონაკვეთში წყლის მოლეკულები ან კოსმოსში მიფრინავენ, ან გადაადგილდებიან თანამგზავრის ბნელი ადგილებისკენ. მეცნიერები მიხვდნენ, რომ თუკი მეორე თეორია სწორია, იმ დროს, როდესაც მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილშია და მზის ქარები არ არის, წყლის მოლეკულების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს. მათ გასაკვირად კი, ინსტრუმენტმა LAMP-მა, რომელიც LRO-ს ნაწილია, ვერ დააფიქსირა ვერანაირი ცვლილება წყლის მოლეკულებში. ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი თეორია ეჭვის ქვეშ დადგა. ცვლილებების არარსებობაც იმაზე მეტყველებს, რომ სითხე იმდენად სწრაფად არ ქრება მთვარიდან, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. შესაძლებელია, წყალი გრუნტში გროვდებოდეს და ეს ინფორმაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდეს მთვარეზე სადგურის აგებისთვის, რომელიც ადამიანებს დაეხმარება მარსამდე და სხვა შორეულ პლანეტებამდე მიღწევაში. https://hi-news.ru/space/nasa-oprovergla-odnu-iz-teorij-poyavleniya-vody-na-lune.html
-
კომპანია Samsung-მა სულ ახლახანს წარადგინა კრიპტო საფულე თავისი ახლად გამოშვებული ფლაგმანური სმარტფონის - Galaxy S10-სთვის. CoinDesk Korea-ს ანგარიშის მიხედვით, დღესღეობით Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე თავსებადია მხოლოდ Ethereum-თან (ETH) და ETH-ის ბაზაზე შექმნილ ERC20 ტოკენებთან. საფულეს ჯერჯერობით არ აქვს Bitcoin-ის მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლოგოტიპი უკვე გამოჩნდა საპრეზენტაციო გამოსახულებებზე. საფულეს აგრეთვე აქვს ოთხი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (dapps) მხარდაჭერა: კრიპტო გეიმინგ-პლატფორმა Enjin, კოსმეტიკური beauty-ქომიუნითი Cosmee, კრიპტო საკოლექციო პლატფორმა CryptoKitties და სავაჭრო საგადასახადო სერვისი CoinDuck. საფულის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S10 სმარტფონზე მაღაზიიდან - Samsung Galaxy. კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს სერვისის გაფართოებას უფრო მეტ მოწყობილობებსა და კრიპტოვალუტებზე მომავალში. სმარტფონის მიწოდება ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყო. ეს სიახლე ცნობილი გახდა რამოდენიმე კვირის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც Samsung-მა პირველად დაადასტურა, რომ იგი S10 სერიის მფლობელებს შესთავაზებს კრიპტოვალუტების პრივატული გასაღებების საცავს (key storage-ს). ამ მოვლენიდან მცირე დროის შემდეგ კომპანიამ გაასაჯაროვა საცავის - Blockchain Keystore-ის შესახებ პირველადი დეტალები. როგორც აღმოჩნდა, Blockchain Keystore-ს აქვს სამი ვრცელი შესაძლებლობა: გადახდები სავაჭრო დაწესებულებებში, ციფრული ხელმოწერები და კრიპტოვალუტების შენახვა და ტრანსფერი. Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე გამოყენებული იქნება Blockchain Keystore-თან ერთად, მისი დანიშნულებაა გაამარტივოს ტრანზაქციის პროცესი ტექნოლოგიაში ჩართული ახალბედებისთვის - აცხადებს CoinDesk Korea. მხარდაჭერილი აპლიკაციის - CoinDuck dapp-ის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადასახადის/საფასურის გადახდა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება აპლიკაციით შეიყვანონ გადასახდელი თანხა, დაასკანერონ სავაჭრო QR-კოდი, დააჭირონ ღილაკს „accept“ და განხორციელდება გადახდა Samsung-ის საფულიდან. CoinDuck-ის მშობელი კომპანია Chain Partners-ი აცხადებს: „მოუხერხებელი იყო გამყიდველის საფულის მისამართის კოპირება და მისი ჩასმა პირად საფულეში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ CoinDuck-ისა და Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულის გამოყენება“. https://www.coindesk.com/samsung-unveils-cryptocurrency-wallet-dapps-for-galaxy-s10-phone
-
- 1
-
-
ჟენევის ავტოსალონში Mercedes-Benz-მა საზოგადოებას წარუდგინა თავისი პირველი მთლიანად ელექტრო სარბოლო ავტომობილი, სახელად EQ Silver Arrow 01. მისი სახელწოდებაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მანქანა მონაწილეობას მიიღებს Formula E-ის შეჯიბრებაზე სხვა ელექტრომობილებთან ერთად. ეს შეჯიბრი 2019 წლის ბოლოს გაიმართება. პირველად Formula E შედგა 2014 წელს, როგორც Formula 1-ის ელექტრო-ალტერნატივა. ის, რაც უმნიშვნელო იდეიდან დაიწყო, იქცა კანონიერ სპორტად, თუმცა იგი ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებულად იმართება. ამ დროისთვის რბოლა უკვე მეხუთე სეზონს ითვლის და ყოველთვიურად მას უერთდება უამრავი სხვადასხვა ავტომწარმოებელი, მათ შორისაა Audi, BMW, Nissan და Jaguar. მომდევნო წლის დასაწყისში მათ რიგს შეუერთდება Porsche-ც. Formula E-ს რომ შეუერთდებოდა, ამის შესახებ Mercedes-Benz-მა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა. იგი სათავეში ჩაუდგება გუნდს - HWA-ს, რომელიც უკვე მონაწილეობს Formula E-ში. ეს ფაქტი ავტომწარმოებელს დაეხმარება რბოლა ღირსეულად დაიწყოს. EQ Silver Arrow 01 - ეს არის რბოლისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის აწყობაც Mercedes-Benz-ს ნულიდან არ დაუწყია. Formula E-მ შასების აგება დაავალა ფრანგულ და იტალიურ მწარმოებლებს - Spark-სა და Dallara-ს. Atieva-მ შექმნა 52 კვტ-იანი აკუმულატორი Sony-ს ელემენტების გამოყენებით, მისი ინტეგრირება კი McLaren-მა მოახდინა. ჯამში, ავტომობილის სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა, იგი ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს 2,7 წამში და იწონის დაახლოებით ერთ ტონას. თუმცა Formula E ავტომწარმოებლებს ნებას რთავს შეიმუშავონ საკუთარი ტრანსმისიები, მათ შორის - ელექტროძრავი, გადაცემათა კოლოფი და ინვერტორი - რეალურად, ყველაფერი, რაც აკუმულატორს უერთდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ავტომწარმოებლებისთვის ტექნოლოგიის გამოსაცდელი „სტენდია“, აგრეთვე ამგვარი მიდგომა წარმოადგენს მარკეტინგულ სვლას იმ მანქანათმშენებლებისთვის, ვინც მიესალმება ელექტრომობილების განვითარებას. „Formula E ჩვენთვის სრულიად ახალი სათამაშო არენა იქნება“ - აცხადებს Mercedes-Benz Motorsport-ის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი. – „თუმცა მოუთმენლად ველით როდის მოვახდენთ ჩვენი ელექტროძრავების წარმადობის დემონსტრირებას ავტოსპორტში და დადებით იმპულსს მივცემთ EQ ბრენდს“. https://hi-news.ru/auto/mercedes-benz-pokazal-svoj-pervyj-realnyj-gonochnyj-elektromobil.html
-
ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს სმარტფონ Mi 9 Explorer Edition-ის გაყიდვას. სმარტფონს აქვს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. სმარტფონი გამოირჩევა ფსევდოგამჭვირვალე კორპუსით. უკანა პანელზე ჩანს PCB დაფისა და პროცესორის სტილიზებული მონახაზი. მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 855 ჩიპი, რომელიც შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს - Kryo 485, რომელთა ტაქტის სიხშირეა 1,80-დან 2,84 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 640 და 4G-მოდემს - Snapdragon X24 LTE. Super AMOLED დისპლეის დიაგონალის ზომა 6,39 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს (2340 × 1080 პიქსელი). უშუალოდ ეკრანზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის ჭრილში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა პანელზე მოცემულია სამი ძირითადი კამერა 48, 16 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სმარტფონს აქვს 3300 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა, ასევე - 27-ვატიანი სადენიანი დატენვისა და 20-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0, GPS/GLONASS-მიმღები, NFC მოდული, ინფრაწითელი პორტი და სიმეტრიული კონექტორი USB Type-C. 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Mi 9 Explorer Edition-ის გასაყიდი ფასი იქნება 535 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/984051
-
ნორვეგია პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მასშტაბით ყველა ქვეყანას აღემატება. აშშ-ში პლასტმასის ხელმეორედ გამოყენების დონე 30%-ს აღწევს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 97%-ია, თანაც გარემოში ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება. კონკრეტულად ნორვეგიის შემთხვევაში ამგვარი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანია Infinitum-ის ძალისხმევით, რომელმაც შესანიშნავი სტრატეგია შეიმუშავა ხალხის წასახალისებლად - მიიტანონ ბოთლები გადამუშავებისთვის. ის, რომ გადამუშავების მეთოდი არაპოპულარულია, ამის მიზეზი გახლავთ შემდეგი: მწარმოებლებისთვის უფრო მომგებიანია ახალი პლასტმასის შექმნა, ვიდრე ფულის ხარჯვა მეორადი გამოყენების ნედლეულის შესაქმნელად. ამიტომ კომპანია Infinitum-მა გააკეთა ისე, რომ მომხმარებლებსაც და მწარმოებლებსაც გასჩენოდათ სტიმული - ჩაებარებინათ და გადაემუშავებინათ პლასტმასის ნარჩენები. ქვეყნის მასშტაბით მასიურად მოხდა ფასების აწევა იმ პროდუქტებზე, რომლებიც პლასტმასის შეფუთვებში იყიდება - ისინი 13-30 ცენტით გაძვირდა. მომხმარებლებს კი აქვთ საშუალება - ეს მომატებული თანხა უკან დაიბრუნონ, თუკი პლასტმასის შეფუთვის შტრიხ-კოდს დაასკანერებენ და შეფუთვას სპეციალურ შემგროვებელ აპარატში ჩააგდებენ. ბოთლების ჩაბარება შესაძლებელია მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებზეც, შედეგად კი მომხმარებლები ფასდაკლებას იღებენ სხვადასხვა პროდუქტზე. დაწესებულება, რომელიც ნარჩენებს იბარებს, იღებს მცირე შემოსავალს თითოეული მიღებული ბოთლიდან - ზოგიერთი დაწესებულების მფლობელი აცხადებს, რომ ამ სტრატეგიამ მათი ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანა. ამგვარი სტრატეგიით უკვე დაინტერესდა რამოდენიმე ქვეყანა, მაგალითად შოტლანდია, ინდოეთი, ჩინეთი და ავსტრალია. მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს გერმანიაში, ფინეთსა და ლიტვაში და ამ ქვეყნების დონე ნარჩენების გადამუშავებაში ბევრად მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით. https://hi-news.ru/technology/norvegiya-pererabatyvaet-97-plastikovyx-butylok-ee-metod-vpechatlyaet.html
-
ჩრდილო კორეა იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და კიბერშეტევებს, რათა დაძლიოს ეკონომიკური საქნციები და მოიპოვოს უცხოური ვალუტა - აცხადებებენ ექსპერტები, რომლებმაც თავინთი ანგარიში გაეროს უსაფრთხოების კომისიას წარუდგინეს. ფჰენიანმა მიიღო დაახლოებით 670 მლნ დოლარი ვირტუალურ ვალუტაში კიბერშეტევებით და კვალის დასაფარად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით - ნათქვამია უსაფრთხოების საბჭოს მოხსენებაში. თავიანთ ანგარიშში ექსპერტთა ჯგუფი ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს „აამაღლონ სხვა ქვეყნებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან ინფორმაციის გაცვლისა და ერთობლივი მოქმედების დონე კორეის სახალხო დემოკრატიული რექსპუბლიკის კიბერშეტევებთან დაკავშირებით, რათა გამოვლინდეს და აღიკვეთოს ჩრდილო კორეის მცდელობა - თავი აარიდოს სანქციებს“. მოხსენების სრულ ტექსტში, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს ნებართვით სრული სახით გამოქვეყნდება მომდევნო კვირაში, ნათქვამია, რომ 2015-დან 2018 წლამდე ჩრდილო კორეამ განახორციელა კობერშეტევები უცხოურ ფინანსურ ორგანიზაციებზე. ხელისუფლებამ მოიპარა ფული კიბერშეტევების შედეგად, შექმნა არაკანონიერი თანხების პული, რომელიც 2016 წლიდან იზრდებოდა. მიიჩნევა, რომ ეს შეტევები ხორციელდებოდა ჩრდილო კორეის შეიარაღებული ძალების სპეციალური კორპუსის მიერ და იგი იქაური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. გაეროს ექსპერტების გუნდმა განაცხადა, რომ ვირტუალური ვალუტა „ჩრდილო კორეას საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს სანქციები, რადგანაც რთულია ქურდობის მიკვლევა და შესაძლებელია მოპარული თანხები ბევრჯერ გათეთრდეს, თანაც კრიპტოვალუტები არ არიან დამოკიდებული სახელმწიფო რეგულაციებზე“. ჩრდილო კორეამ აზიურ კრიპტო ბირჟებზე თავდასხმა განახორციელა მინიმუმ ხუთჯერ 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში. ამ შეტევების შედეგად, ექსპერტების აზრით, დანაკარგმა 571 მლნ დოლარი შეადგინა. ჩრდილო კორეა ეჭვმიტანილია აგრეთვე ფინანსური შეზღუდვების გადასალახად ბლოკჩეინის გამოყენებაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ჰონგკონგური სტარტაპი Marine Chain, რომელიც ყიდულობს და ყიდის ხომალდებს მთელ მსოფლიოში ბლოკჩეინის გამოყენებით. არსებობს ეჭვი, რომ ეს კომპანია ჩრდილო კორეის ხელისუფლებას აწვდის კრიპტოვალუტებს. https://hightech.fm/2019/03/09/crypto-3 https://asia.nikkei.com/Spotlight/N-Korea-at-crossroads/North-Korea-stole-cryptocurrency-via-hacking-UN-panel
-
- 1
-
-
თებერვლის ბოლოს Boeing-მა გაასაჯაროვა ცნობები თავისი უპილოტო ავიაგამანადგურებლის - Loyal Wingman-ის შესახებ. იგი პირველი ფრენისთვის მზად 2020 წელს იქნება. პარალელურად კი უპილოტო თვითმფრინავმა Valkyrie XQ58-A-მ უკვე გაიარა პირველი ტესტირება. Boeing Loyal Wingman-ის მსგავსად, Valkyrie-ც განკუთვნილია პილოტირებული საფრენი აპარატების გამცილებლის დანიშნულებისთვის, თუმცა მან გამოცდა მარტომ გაიარა. „Valkyrie იაფი პლატფორმაა, მას შეუძლია ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ მოქმედებას რადიოელექტრონული ზემოქმედებით, შეუძლია შეუტიოს მოწინააღმდეგეს, დაზვეროს ტერიტორია და განსაკუთრებით სახიფათო მომენტებში დარტყმა საკუთარ თავზე აიღოს, რათა დაიცვას ძვირადღირებული პილოტირებული თვითმფრინავები. ამ აპარატს შეუძლია იფრინოს როგორც მარტომ, ასევე გუნდში, სადაც ერთ-ერთი თვითმფრინავის პილოტი შეძლებს მის დისტანციურად მართვას პულტის მეშვეობით. აფრენისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ასაფრენი ზოლი ან გამწევი რაკეტა, ოპტიმალური ტვირთის სახით კი შეუძლია დაიტვირთოს რამოდენიმე ბომბით“. ვალკირიას პირველი ფრენა განხორციელდა საგამოცდო პოლიგონზე არიზონაში. შეიარაღებული სამხედრო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 76-წუთიანი ფრენისას აპარატი „ისე მოქმედებდა, როგორც მოსალოდნელი იყო“. Valkyrie-ს წინ კიდევ ოთხი სატესტო ფრენა ელის, რომელთა ფარგლებშიც ცხადი გახდება, რამდენად კარგად მუშაობს მართვის სისტემები და ხომ არ აქვს ადგილი რაიმე პრობლემას აფრენის, ფრენის ან დაშვების დროს. ანალოგიური აპარატის, F-16 Fighting Falcon-ისგან განსხვავებით, რომელიც ავითარებს 2000 კმ/სთ სიჩქარეს, Valkyrie-ს მაქსიმალური სიჩქარეა არაუმეტეს 1000 კმ/სთ. იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროების შემთხვევაში მან საკუთარი თავი უნდა გასწიროს 100 მილიონზე მეტი ღირებულების თვითმფრინავების გადასარჩენად - მწარმოებლებმა მაქსიმალურად დააკლეს Valkyrie-ზე ფასი - მისი ღირებულება არ აღემატება 2-3 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი კამიკაძე-აპარატების შექმნა იგეგმება არა მხოლოდ საჰაერო ტექნიკის წარმოების სფეროში - მსგავსი სისტემები შეიქმნება სახმელეთო და წყალქვეშა შეიარაღებაშიც. https://hi-news.ru/technology/v-ssha-proshli-ispytaniya-bespilotnogo-istrebitelya-valkiriya.html
-
ჩინეთის ქალაქ Hefei-ში 2006 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა “ხელოვნურ მზეზე“ ბირთვული სინთეზის იმიტაციისთვის, რომლის დახმარებითაც ნამდვილი მზე ახდენს ენერგიის გენერირებას. იმისათვის, რომ მიიღონ ალტერნატიული და უსაზღვრო ენერგიის წყარო, მეცნიერები რეკორდულ ტემპერატურამდე აცხელებენ პლაზმას სპეციალურ კამერაში. ნოემბერში მკვლევარებმა შეძლეს პლაზმა გაეცხელებინათ 100 მლნ გრადუს ცელსიუსამდე, ამჯერად კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ჩინური „მზე“ საბოლოოდ მზად იქნება მიმდინარე წელს. ზემოთხსენებული სპეციალური კამერა, სახელად EAST - ეს არის ექსპერიმენტალური მოწყობილობა HT-7-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც შორეულ 1994 წელს გამოიცადა. ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენლის თქმით, სულ მალე მოწყობილობა შეძლებს მიაღწიოს იონურ ტემპერატურას და მისი მშენებლობა დასრულებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ კაცობრიობა ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს შეუზღუდავი სუფთა ენერგიის წყაროზე გადასვლისკენ. „ხელოვნური მზის“ პლაზმა 7-ჯერ უფრო ცხელი იქნება ნამდვილ ვარსკვლავთან შედარებით. თუკი ეს მიზანი ნამდვილად მიიღწევა, ახალი მოწყობილობა გახდება საიმედო შაბლონი თერმობირთვული რეაქტორების შესაქმნელად, რომლებიც ჩვენს პლანეტას უზრუნველყოფენ ალტერნატიული ენერგიით. ჩინეთი ყველაფრისთვის მზადაა მიზნის მისაღწევად, ამიტომაც თვალს ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ სპეციალური კამერის მოქმედება და მხარდაჭერა დღეში 15 ათასი დოლარი ჯდება. https://hi-news.ru/technology/kitaj-zavershit-stroitelstvo-iskusstvennogo-solnca-uzhe-v-etom-godu.html
-
YouTube უშვებს ახალ საინფორმაციო პანელს, რომელიც გამოჩნდება „სადავო თემების“ ძიებისას. ტექსტური ველი აისახება ძიების შედეგის ზედა ნაწილში. მასში გამოჩნდება შემოწმებული ტექსტები ამა თუ იმ საკითხზე. YouTube იმედოვნებს, რომ ამგვარი ზომები შეამცირებს პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბებს. ეს ფუნქცია თავდაპირველად გამოჩნდება ინდოეთის მოსახლეობაში, შემდეგ კი სხვა რეგიონებში გავრცელდება. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სიახლეების ხარისხი და ვაფართოებთ ინფორმაციულ პანელს, რათა შემოწმებული წყაროებიდან დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ“ - აღნიშნავენ პლატფორმაზე. YouTube-ის წარმომადგენლის თქმით, ეს არ იქნება ვიდეოში გადმოცემული ფაქტების შემოწმება, რადგან ამგვარი ამოცანა გიგანტურ ძალისხმევას და უზარმაზარ დროს საჭიროებს. ამის ნაცვლად შემოწმებული ფაქტები გამოვა ძიების შედეგად - ეს იქნება პრევენციული ზომა დეზინფორმაციისგან თავდასაცავად. YouTube-მა უკვე აკრძალა არხები, სადაც ვაქცინაციის წინააღმდეგ რეკლამა კეთდებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ვიდეორგოლები ექვემდებარება პლატფორმის პოლიტაკას, რომელიც კრძალავს „სახიფათო და მავნე“ კონტენტის მონეტიზაციას. კონტენტის დემონეტიზაციასთან ერთად YouTube-მა აამოქმედა ახალი საინფორმაციო პანელი, რომელიც ვაქცინებს ეხება. ძველად საინფორმაციო პანელები ჩნდებოდა ვიდეოებზე, რომლებიც ეძღვნებოდა ვირუსულ ინფექციებს. ეს ვიდეოები შეიცავდა მხოლოდ ვაქცინების აღწერას და მათ შესაბამის ბმულს Wikipedia-ზე. ამჯერად კი მნიშვნელოვნად მეტ ანტივაქცინაციურ ვიდეოზე მოცემულია ამგავრი საინფორმაციო პანელები, რომლებიც ვაქცინების ეფექტურობას ეხება. https://hightech.fm/2019/03/08/check
-
ჟენევის საერთაშორისო ავტოსალონში კომპანია FIAT-მა წარადგინა ელექტრომობილი Centoventi, რაც იტალიურ ენაზე 120-ს ნიშნავს. არსებობის სწორედ ამდენი წელი უსრულდება პოპულარულ იტალიურ ბრენდს. ელექტრომობილი მოდულური სისტემისაა და მწარმოებლების თქმით შესაძლებელია მისი აწყობა, გადაწყობა და განახლება უამრავჯერ, რისი წყალობითაც ელექტრომობილი უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მანქანა-კონსტრუქტორის მოდულური კონცეფცია ითვალისწინებს, რომ კონვეირიდან გამოდის პირდაპირი მნიშვნელობით „სუფთა ფურცელი“ - კარკასი, რომელსაც სახურავიც კი არ აქვს. შემდეგ უკვე მომხმარებელი თავად ირჩევს ფერს და სხვა ყველაფერს. ახალი ელექტრომობილის ბატარეას 100 კილომეტრის გავლა შეუძლია, თუმცა FIAT-ი პირობას დებს, რომ გასავლელ მარაგს 500 კილომეტრამდე გაზრდის. ელექტრომობილის კარის პანელები მაცივრის კარს მოგვაგონებს - მათში უამრავი სივრცეა ნივთების შესანახად. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ კომპონენტების ოთხნაირი ვარიანტი - სახურავის ტიპი, რომელშიც მზის ბატარეაც შედის, დისკები, ბამპერი და საბარგულის დაფერვა. სალონის შიგნით არსებული თითქმის ყველა დეტალი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ინტერიერის დეტალების უმეტესობის შეცვლა და მათი სახლის პირობებში დამზადებაც კი შესაძლებელია. მომხმარებლებს აგრეთვე შეუძლიათ მათ მიერ Centoventi-სთვის დამზადებული ნაკეთობები სხვა პირებზე გაყიდონ და ამგვარად განავითარონ ბრენდული პლატფორმა. https://hightech.fm/2019/03/07/fiat-120
-
კომპანია Corsair-ი უკვე დიდი ხანია მომხმარებლებს სთავაზობს თხევადი გაგრილების მზა სისტემებს. ამჟამად კი შვეიცარიული ინტერნეტ-მაღაზიის წყალობით ცნობილი ხდება, რომ მწარმოებელი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გაგრილების სისტემების ასაწყობ სხვადასხვა კომპონენტის გაყიდვას, რომლებიც გაერთიანდება სერიაში - Corsair Hydro X. Corsair XC9 RGB კომპანია Coarsair-მა მოახდინა საკუთარი კომპონენტებისგან აწყობილი თხევადი გაგრილების სისტემის კონტურების დემონსტრაცია მიმდინარე წლის დასაწყისში გამართულ გამოფენა CES 2019-ზე. ამ კომპონენტების გაყიდვაში გამოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩა. Corsair-ი მსურველებს შესთავაზებს კომპონენტების სრულ ასორტიმენტს: ფიტინგებიდან დაწყებული წყლის ბლოკებით დამთავრებული. Corsair XC7 RGB პირველ ეტაპზე კომპანია გამოუშვებს პროცესორის წყლის ბლოკების ორ მოდელს: XC7 და XC9. ორივე მათგანს ექნება მონიკელებული სპილენძის ფუძე, თუმცა XC9 მოდელს კონტაქტების უფრო მსხვილი დაფა აქვს, რის ხარჯზეც იგი თავსებადი იქნება დიდ პროცესორებთან, მათ შორის AMD Ryzen Threadripper-თანაც. მოცემულ წყლის ბლოკებს ექნებათ 70 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და წარმოდგენილნი იქნებიან RGB განათებით. გარეგნულად ეს ბლოკები ჰგავს სერია Hydro Platinum-ის თხევადი გაგრილების სისტემებს. Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080-სთვის Corsair XG7 RGB - GeForce RTX 2080 Ti-სთვის ვიდეობარათებისთვის კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს XG7 სერიის წყლის ბლოკებს. თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ეტალონური GeForce RTX 2080-ისა და RTX 2080 Ti-სთვის, თუმცა სამომავლოდ Corsair-ი სხვა ვიდეო ბარათებისთვისაც გამოუშვებს შესაბამის მოდელებს. ამ შემთხვევებშიც გამოყენებულია მონიკელებული ფუძე, ზედა ნაწილი კი დამზადებულია ალუმინისა და აკრილისგან. ამ მოდელებში წარმოდგენილი იქნება 50 მიკროარხისგან შემდგარი მასივი და, რაღა თქმა უნდა, რეგულირებადი RGB განათებაც. რადიატორების XR5 სერიაში შევა 30 მმ სისქის მოდელები, XR7 სერიაში კი - 54 მმ-იანი. ორივე შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება ზომები 120-დან 420 მმ-მდე და 140-დან 480 მმ-მდე. რადიატორის მილები სპილენძისგანაა დამზადებული. Corsair-ი ასევე გამოუშვებს D5 ტიპის ტუმბოს (პომპა) 100 მმ-იანი ინტეგრირებული რეზერვუარით, სახელად XD5 RGB. და ბოლოს - კომპონენტების სერია Hydro X-ში შევა ფიტინგები და სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის ადაპტერები, აგრეთვე მოქნილი, მყარი და სხვადასხვა ზომის დიამეტრის მქონე მილები. Corsair-ი მომხმარებლებს აგრეთვე შესთავაზებს გამაგრილებელ სითხეს, იგი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ფერში, თუმცა ყველა მათგანის მოცულობა 1 ლიტრია. https://3dnews.ru/news/page-2.html
-
- 2
-
-
