Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7326
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. Nvidia აქტიურად ახდენს ექსპერიმენტირებას მანქანური სწავლების სფეროში და საქმიანობის შედეგები საკმაოდ საინტერესოა. კომპანიამ GDC 2019-ზე განაცხადა, რომ შექმნა GauGAN - ინტელექტუალური აპლიკაცია ხატვისთვის, რომელშიც გამოყენებულია ღრმა მანქანური სწავლება უბრალო ნახატებიდან ფოტორეალისტური ვერსიების შექმნისთვის. აპლიკაციის სახელწოდება მომდინარეობს ფრანგ პოსტიმპრესიონისტ პოლ გოგენიდან (Paul Gauguin) და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა GAN-იდან, რომლითაც ხდება რეალისტურად იმიტირებული გამოსახულების შექმნა. როგორ მუშაობს GauGAN? როგორც კომპანიამ განმარტა, აპლიკაცია ჰგავს „ჭკვიან ფუნჯს“, რომელიც ავსებს მომხმარებლების მიერ შესრულებულ ესკიზს (Nvidia ამას „სეგმენტაციის რუკას“ უწოდებს). რეალურად, უბრალო მომხმარებელი ან მხატვარი ქმნის მხოლოდ იმის გეგმას, რისი საბოლოოდ მიღებაც სურს, მონიშნავს თითოეულ სეგმენტს და მიუთითებს როგორი უნდა იყოს იგი. ამის შემდეგ საქმეში ერთვება GauGAN, რომელიც ნამუშევარს დეტალებით შეავსებს და ქმნის რეალისტურ ნახატს. მანქანური სწავლების მოდელმა შეისწავლა მილიონობით მხატვრული გამოსახულება, შედეგად კი ლანდშაფტს ავსებს შთამბეჭდავი (თუმცა ზოგჯერ იდეალურისგან შორს მყოფი) დეტალებით. თუკი დავხატავთ ტბორს, მასთან ახლოს არსებული დეტალები, ვთქვათ ხეები და ქვები - წყალში აირეკლება. საკმარისია შევცვალოთ სეგმენტის მონიშვნა „ბალახი“ და „თოვლით“, რომ მთლიანი გამოსახულება შეიცვლება და ზამთრის პეიზაჟად გარდაიქმნება, ხეები კი უფოთლებოდ წარმოგვიდგება. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=p5U4NgVGAwg უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად GauGAN-ის მიერ გამოყენებულია სხვა ნახატებზე დაფუძნებული საყოველთაო ცოდნა - ფინალური სამუშაოები ორიგინალური გამოდის, რადგანაც აპლიკაცია ახდენს სრულიად ახლებური გამოსახულებების გენერირებას. Nvidia-ს ახალი ინტელექტუალური გრაფიკული რედაქტორი არ შემოიფარგლება მხოლოდ პეიზაჟებით - აპლიკაციას შეუძლია დაამატოს შენობები, გზები და ადამიანებიც კი. GAuGAN აგრეთვე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს - გამოიყენონ ფილტრები საჭირო სტილის გამოსახულების მისაღებად. ამგვარ ფილტრებს შეუძლია მოახდინონ კონკრეტული ფერმწერის სტილის იმიტაცია (მაგალითად, ვან გოგის სტილის: იხ. მომდევნო ფოტო) ან მართოს განათება - დღის გამოსახულება ღამისად აქციოს. ჯერჯერობით უცნობია, ოდესმე გახდება თუ არა GauGAN საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოდ ადრე თუ გვიან რიგითი მომხმარებლები შეძლებენ მსგავსი სასარგებლო ინსტრუმენტებით სარგებლობას, რომელიც მუშაობას გაუმარტივებს სხვადასხვა მიმართულებით: არქიტექტურიდან და ილუსტრირებიდან დაწყებული - თამაშების შექმნით დამთავრებული. რესურს NVIDIA AI Playground-ზე მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ მანქანური სწავლების ზოგიერთ შესაძლებლობას. მაგალითად, მასზე არსებული დემონსტრაციის - Artistic Style Transfer-ის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ფოტო ცნობილი მხატვრების სტილში დამუშავდეს. https://3dnews.ru/984465
      • 1
      • Upvote
  2. კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაცემების პლატფორმა CoinMarketCap-მა დაამატა ახალი საზომი კრიპტო პროექტების ფუნდამენტალური საფუძვლის შესაფასებლად. ახალი სარეიტინგო სისტემა, სახელად Fundamental Crypto Asset Score (FCAS), ზომავს კრიპტოვალუტების „ჯანსაღ“ პროექტებს მომხმარებლების აქტიურობის, დეველოპერების ქმედებებისა და ბაზრის მომწიფების საფუძველზე. ძირითადად, სერვისი იძლევა პროექტის ზრდა-განვითარების შესახებ წარმოდგენას: „ჩვენ ვიღებთ შესაბამისი პროექტების ნედლ, დაუმუშავებელ ბლოკჩეინ-მონაცემებს და ვაანალიზებთ. მას შემდეგ, რაც „გავასუფთავებთ“, გავაანალიზებთ და აღვადგენთ ნედლი მონაცემების ელემენტებს, მათ ვაერთიანებთ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ბაზრის მონაცემებთან“. მომხმარებლის აქტიურობა მოიცავს მის ყველანაირ ქმედებას კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან მიმართებაში და მასში აგრეთვე ჩართულია პროექტის გამოყენების ფაქტორები და ქსელური აქტივობა. შეფასება გამოითვლება კონკრეტული ბლოკჩეინის აქტიურობის ანალიზითა და საფულეების მისამართების მარკირებით, რათა განისაზღვროს მომხმარებლების, ბირჟების, კონტრაქტებისა და სხვა მონაწილეების რაოდენობა. დეველოპერის ქცევა მიუთითებს აქტიურობისა და ეფექტურობის დონეზე მწარმოებელთა შორის და მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა კოდის შეცვლა, კოდის გასწორება და თანამონაწილეობა ქომიუნითიში. ბოლო კრიტერიუმი - ბაზრის სიმწიფე - განისაზღვრება რისკის ფაქტორებითა და თანხის მიწოდების მასით. როგორც წესი, საზომი ასახავს იმას, რომ კრიპტო აქტივს შეუძლია უზრუნველყოს სტაბილური შემოსავლიანობა სხვადასხვა საბაზრო სცენარის განვითარების შემთხვევაში, რაც ხორციელდება საბაზრო რისკების შეფასებისა და ფულადი მასების სტაბილურობის ანალიზის გაერთიანებით თითოეული კრიპტოვალუტის შემთხვევაში. პროექტს მხარდაჭერას უცხადებენ კრიპტო სამყაროს ისეთი მოთამაშეები, როგორებიცაა წამყვანი ამერიკული კრიპტო ბირჟა Coinbase, ვენჩურული კაპიტალის კომპანია Digital Currency Group, აგრეთვე კომპანია True Ventures - სილიკონის ველიდან. სტატიის ბეჭდვის მომენტში 1–1,000 health points სკალა გვიჩვენებს, რომ ლიდერი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის „სიჯანსაღის“ (health) მაჩვენებელია 885, Ethereum-ისა კი - 909 პუნქტი. ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე კრიპტოვალუტა Ripple (XRP) health scale-ზე 751 ქულით ფიქსირდება. სტაბილური მონეტა (stablecoin) Tether-ის მაჩვენებელი, რომელმაც მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მას უკვე აღარ შეუძლია მხოლოდ აშშ დოლარით იყოს გამყარებული, შეადგენს 435 ქულას, რის გამოც იგი შკალაზე “F” კატეგორიაშია განთავსებული. https://cointelegraph.com/news/coinmarketcap-introduces-new-metrics-for-crypto-fundamentals
      • 1
      • Like
  3. შესაძლოა მომავალში ინტერნეტი გაიწმინდოს თაღლითებისგან და ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც მოუწიოთ გულმოდგინედ აკონტროლონ თავიანთი სიტყვები. ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს პოლიგრაფის როლს და ახდენს სიცრუის გამოვლინებას მომხმარებლების მიერ გამოყენებული სიტყვებისა და წერის სისწრაფის საფუძველზე. ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ალგორითმს უკვე შეუძლია გაარჩიოს ტყუილი სიმართლისგან 85% შემთხვევაში. შედარებისთვის, ამ დროისთვის არსებულ ნამდვილ სიცრუის დეტექტორებს შეუძლიათ ეფექტურად იმოქმედონ 60-70 % შემთხვევაში. იმისათვის, რომ სისტემისთვის ესწავლებინათ ტყუილ-მართალის გარჩევა, მეცნიერებმა მანქანურ სწავლებას მიმართეს. 40 პირისგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ტესტირებაში - ონლაინ-თამაშებში, რომელშიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე მონაწილეთა ნაწილს მატყუარის, ნაწილს კი მართლის როლი ერგო. 80 სათამაშო სესიის განმავლობაში მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს, ხელოვნური ინტელექტი კი მათ პასუხებს აკვირდებოდა და სწავლობდა. აღმოჩნდა, რომ მართლები და მატყუარები სრულიად განსხვავებულ სიტყვათა ჯგუფებს იყენებენ და ბეჭდავენ სხვადასხვა სიჩქარით. მაგალითად, მატყუარები ხშრად იყენებენ სიტყვებს: „ყოველთვის“, „არასდროს“, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ დამაჯერებლობას და ამავე დროს პასუხებს ბეჭდავენ ძალიან სწრაფად. სიმართლის მთქმელი ადამიანები კი ხშირად იყენებენ სიტყვას „შესაძლოა“ და პასუხებს უფრო დაფიქრებით, ნელა სცემენ. ჯამში, სიტყვათა სიხშირეებსა და პასუხის სისწრაფეზე დაკვირვებით, ონლაინ-პოლიგრაფმა ისწავლა ტყუილის ამოცნობა 80-100% შემთხვევაში. მკვლევარები აცხადებენ, რომ ტესტირებაში მონაწილეთა რიცხვი მცირე იყო, თუმცა მაინც ცხადია, რომ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი გააჩნია. ისინი აპირებენ ტექნოლოგია უფრო სრულყოფილი გახადონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა Messenger-აპლიკაციების შემქმნელებს. „ამ საბაზისო კვლევამ ონლაინ-პოლიგრაფიის სისტემის მიერ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის დიდი პოტენციალი გვიჩვენა. მსურს მთელი მსოფლიოს ყურადღება მივაპყრო ამ იდეაზე, რათა შევძლოთ და იგი იმ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ, რომლის Messenger-ებში დანერგვაც შესაძლებელი იქნება” – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი. https://hi-news.ru/technology/sozdan-virtualnyj-detektor-lzhi-internet-stanet-bolee-chestnym.html
  4. თებერვალში სარაკეტო ძრავმა Raptor-მა, რომელიც რაკეტა Starship-ისთვისაა განკუთვნილი, წარმატებით გაიარა გამოცდა. კომპანია წინ მიიწევს და ილონ მასკის თქმით უახლოეს პერიოდში რაკეტა თავის პირველ სატესტო „ნახტომს“ გააკეტებს ერთი ძრავით, მას კი შემდეგ მოჰყვება სუბორბიტალური ფრენები სამი ძრავით. SpaceX-ის დამფუძნებელმა აგრეთვე გამოქვეყნა დამცავი საფარის გამოცდის ამსახველი ვიდეო. საფარის წყალობით რაკეტა არ დაიწვება ატმოსფეროში დედამიწაზე დაბრუნების დროს. დამცავი ფარი განთავსებული იქნება რაკეტის მხოლოდ ცალ მხარეზე. იგი წარმოადგენს საფარს, რომელიც დამზადებულია ექვსკუთხიანი ფილებისგან. ინჟინრების არჩევანი ასეთ ფორმაზე იმიტომ შეჩერდა, რომ ფილებს შორის მიერთების ადგილებში არ რჩება პირდაპირი გზა ატმოსფეროს მწველი აირებისთვის. ყველა მეტად გაცხელებად ადგილებში გამოყენებული იქნება ტრანსპირაციული გაგრილების მეთოდი, სადაც მეთანი და წყალი აორთქლდება საფარის მეორე მხარის 10-მიკრონიანი სივრცეებიდან და შიდა ნაწილი კი გაგრილდება.  ცნობილია, რომ დამცავმა საფარმა წარმატებით გაიარა ტესტირება 1300 გრადუს ცელსიუსზე უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში - ეს საკმარისია, რათა რაკეტამ გაუძლოს დედამიწაზე დაბრუნებისას. აღსანიშნავია ისიც, რომ რაკეტა მზად იქნება მორიგი ფრენისთვის დედამიწაზე დაშვებისთანავე - მას არ დასჭირდება რემონტი ხელმეორედ გამოყენებისთვის. „ტრანსპირაციული გაგრილება ყველგან დაემატება, სადაც კი დამცავი ფარის რღვევას დავინახავთ. რაკეტა კვლავ მზად იქნება ხელახალი ფრენისთვის დედამიწაზე დაბრუნებისთანავე“ - აცხადებს ილონ მასკი, SpaceX-ის დამფუძნებელი. ის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ ხვდება, გამოვლენილი იქნება უახლოესი ტესტირებების მსვლელობისას. დიდი ალბათობით, გამოცდა ამავე კვირაში განხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ 18 მარტიდან SpaceX-ის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. https://hi-news.ru/space/spacex-ispytala-teplovuyu-zashhitu-korablya-starship.html
  5. მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა ჯგუფს სურს ჩატარდეს მორატორიუმი დნმ-ის რედაქტირებით გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების შექმნასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ამ სფეროში ყველა ექსპერიმენტი უნდა კონტროლდებოდეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (World Health Organization: WHO) მიერ შექმნილი სპეციალური ორგანოთი. ამ სფეროში მიმდინარე აქტიურობის პარალელურად ექსპერტებს სურთ, რომ ქვეყნებმა თავიანთი გეგმები დაარეგისტრირონ და მათ შესახებ კოლეგებს აცნობონ. მათი აზრით, კვლევების რეგისტრირება უნდა მოხდეს საერთაშორისო ორგანოში, რომლის ხელმძღვანელიც იქნება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ გონივრული და ღია გადაწყვეტილებები“ - აღნიშნავს ამერიკელი მათემატიკოსი და გენეტიკის სპეციალისტი, MIT-ის ბიოლოგიის პროფესორი, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრი ერიკ ლენდერი. – „გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ქვეყანა არაფერს აკეთებს საიდუმლოდ და მთელი მსოფლიოს მეცნიერები ამ სფეროში თავიანთ გეგმებს საჯაროდ განიხილავენ“. ლენდერს სხვა 16 ექსპერტთან ერთად სურს ჩატარდეს მორატორიუმი. ემანუელ შარპენტიემ და ფენ ჩჟანმა, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული გენების რედაქტირების ინსტრუმენტის - CRISP-ის შემუშავებაში, თავიანთი წვლილი შეიტანეს სტატიის დაწერაში. ამგვარი მოთხოვნა გაჩნდა ოთხი თვის შემდეგ იმის მერე, რაც ჩინელმა მკვლევარმა ხე ცზიანკუიმ განაცხადა გენმოდიფიცირებული ტყუპების, ლულუს და ნანას გაჩენის შესახებ: მათი დნმ გადაიწერა და შეიცვალა იმ მიზნით, რომ ტყუპები შიდსის ვირუსისგან ხელშეუხებელნი ყოფილიყვნენ. ცზიანკუი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. იგი ასევე მოხვდა მწვავე კრიტიკის ქვეშ „უგუნური და არაეთიკური“ ექსპერიმენტის განხორციელების გამო. გენების რედაქტირების ინსტრუმენტები, მათ შორის CRISP-იც, მეცნიერებს საშუალებას აძლევს ცვლილებები შეიტანონ დნმ-ში. უამრავი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა კუნთების დისტროფია და მუკოვისციდოზი (მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება პანკრეასის, ნაწლავების ჯირკვლების და სასუნთქი გზების კისტოზური გადაგვარებით. ამის მიზეზია მათი გამომყვანი სადინრების დახშობა ბლანტი სეკრეტით. ვლინდება ქრონიკული პნევმონიით, საჭმლის მონელების დარღვევით. დაავადების დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. - http://www.nplg.gov.ge). ასეთივე მიდგომა პოტენციურად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ემბრიონის გენეტიკური დეფექტების გამოსწორებისთვის - პროცესი, რომელსაც ეწოდება „მზარდი ხაზის რედაქტირება“, თუმცა სავარაუდოდ, ეს იშვიათ შემთხვევაში გამოიღებს სასურველ შედეგს. მორატორიუმისკენ მოწოდებამ მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მხრიდან. – „ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის ის გზა, რომლის გასავლელად ჯერ მზად არ ვართ“ - განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა ფრენსის კოლინზმა. https://hightech.fm/2019/03/16/crispr-12
  6. Apple iPad Air კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი პლანშეტი iPad Air, რომელსაც აქვს 10,5-დუიმიანი ხარისხიანი Retina დისპლეი. ეკრანის გაფართოება შეადგენს 2224 × 1668 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვეა 264 PPI. დისპლეი სენსორულია, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია Apple Pencil-ით. პლანშეტი მუშაობს 64-ბიტიანი არქიტექტურის მქონე A12 Bionic პროცესორზე. გათვალისწინებულია ნეირონული მოდული Neural Engine და coprocessor M12. გაჯეტის არსენალში შედის 7-მეგაპიქსელიანი კამერა FaceTime HD მაქსიმალური დიაფრაგმით - ƒ/2,2. გარდა ამისა, პლანშეტს აქვს 8-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა მაქსიმალური დიაფრაგმით - ƒ/2,4. პლანშეტზე ხელმისაწვდომია ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0, GPS/GLONASS სანავიგაციო სისტემების მიმღები, სტერეოდინამიკები, ელექტრო კომპასი, აქსელერომეტრი, გიროსკოპი, ბარომეტრი, განათების სენსორი და თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა iOS 12. ბატარეის ერთ დატენვაზე ავტონომიური მუშაობის დროა 10 საათი ინტერნეტში მუშაობის ან ვიდეომასალების ყურების დროს. Apple iPad Air პლანშეტის შეძენის მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ 64 ან 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებების მქონე მოდიფიკაციებს, აგრეთვე 4G/LTE კავშირის მხარდაჭერის არ/მქონე მოდელებს შორის. პლანშეტი წარმოდგენია ფერის სამნაირ ვარიანტად - ვერცხლისფერი, რუხი და ოქროსფერი. ფასი 500 აშშ დოლარს შეადგენს. iPad mini კომპანია Apple-მა დააანონსა ახალი თაობის iPad Mini: მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია 400 აშშ დოლარად. iPad Mini-ს აქვს 7,9-დუიმიანი Retina დისპლეი, რომლის გაფართოება 2048 × 1536 პიქსელს შეადგენს, პიქსელების სიმჭიდროვე კი არის 326 PPI. Apple Pencil-ის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ დახატონ ან ჩაინიშნონ რაიმე. უნდა ითქვას, რომ ამ სტილუსის შეძენა მომხმარებლებს ცალკე მოუწევთ - იგი კომპლექტში არ შედის. პლანშეტი წარმოდგენილია მეხსიერების მოცულობის მხრივ ორ კონფიგურაციად - ხელმისაწვდომია 64 და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელები. მოდიფიკაციის შესაბამისად მხარდაჭერილია ან მხოლოდ Wi-Fi (802.11a/b/g/n/ac) უსადენო კავშირი, ან Wi-Fi და ქსელური კავშირი 4G/LTE. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინტეგრირებული Bluetooth 5.0. პლანშეტში გამოყენებულია A12 Bionic პროცესორი, აქვს კამერა FaceTime HD 7-მეგაპიქსელიანი სენსორით და ძირითადი 8-მეგაპიქსელიანი კამერა. აუდიოქვესისტემა მოიცავს სტერეოდინამიკებს. სხვა დეტალებიდან აღსანიშნავია გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ელექტრო კომპასი, ბარომეტრი, გარე განათების სენსორი და დაქტილოსკოპიური სენსორი Touch ID. პლანშეტის გაბარიტებია 203,2 × 134,8 × 6,1 მმ, წონა - დაახლოებით 300 გრამი. ერთ დატენვაზე ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია 10 საათი. https://3dnews.ru/984398
  7. კომპანია Fisker-ი, რომელიც დაარსებულია ავტომობილების დიზაინერის - Henrik Fisker-ის მიერ, აპირებს გამოუშვას ქროსოვერი მთლიანად ელექტრო ძრავით. აღსანიშნავია, რომ Fisker-ს მონაწილება აქვს მიღებული ისეთი ავტომობილების შექმნაში, როგორებიცაა Aston Martin DB9, Aston Martin V8 Vantage, VLF Force 1 V10, VLF Destino V8 და BMW Z8. გარდა ამისა, Henrik Fisker-ი ჰიბრიდ Karma-ს „მამად“ ითვლება. პროექტირებადი ელექტრომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არც ისე ვრცელია. ცნობილია, რომ სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის 80 კვტ-იანი ბატარეა. ერთ სრულ დატენვაზე გასავლელი მარაგი დაახლოებით 500 კილომეტრია. ელექტრო ქროსოვერის პროტოტიპის დემონსტრირებას კომპანია Fisker-ი მიმდინარე წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში მოახდენს. თუმცა ელექტრომობილის კომერციული მოდელი 2021 წლის მეორე ნახევრამდე არ იქნება მზად. ნავარაუდევია, რომ Fisker-ის ელექტრო ქროსოვერის საბაზისო კომპლექტაცია 40 ათას დოლარზე ნაკლებ ფასად გაიყიდება. როგორც ითვლება, ხსენებული ელექტრომობილი კონკურენციას გაუწევს Tesla Model Y-ს. ეს უკანასკნელი Tesla-მ გასულ კვირაში წარადგინა. მისი ფასი 39 ათასი დოლარიდან იწყება, თუმცა ამ ფასის მქონე მოდელის გაყიდვები 2021 წლამდე არ დაიწყება. 2020 წლის შემოდგომაზე გაყიდვაში გამოვა Model Y-ის მხოლოდ 47 ათას დოლარიანი მოდელი. https://3dnews.ru/984395
  8. ბოლო რვა წლის განმავლობაში კრიპტო ბირჟების მესამედი გატყდა, თუმცა ჰაკერების ვინაობის დადგენა მხოლოდ მიზერულ შემთხვევებში მოხერხდა. ამის გამო რამოდენიმე ქვეყანას სურს ბირჟების კანონმდებლობით რეგულირება, რათა დაიცვას მოქალაქეების საკუთრება. რამოდენიმე ქვეყანაში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს კრიპტოვალუტების გაცვლით ოპერაციებს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამ ძალისხმევით შემცირდება შეტევების რისკი და ამაღლდება ოპერატორების პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რაც მომხმარებლებს მიადგებათ. ხელისუფლებას აგრეთვე აშფოთებს ისიც, რომ შესაძლოა მოპარული თანხა ფულის გამთეთრებლებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბირჟებს შეუძლიათ იმუშაონ როგორც ბანკებმა - ისინი პრაქტიკულად არ რეგულირდება. თანხის დამგროვებლების დაზღვევა არ არსებობს, მომხმარებლების ანონიმურობის გამო კი მეტად ძნელია მიაგნონ მოპარულ თანხებს. ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად იაპონიას, სურს შემოიღოს მკაცრი წესები, რომლებითაც კრიპტო ბირჟები გაკონტროლდება. წესებში იგულისხმება მომხმარებლების დეანონიმიზაცია, სამუშაოში საკმარისი რაოდენობის პერსონალის მიღება, საბუღალტრო ბალანსის წარმოება და მომხმარებლების მთლიანი მარაგის მყარ დისკზე შენახვა, რომელიც ინტერნეტთან არ იქნება დაკავშირებული. ახალი კანონები ნიშნავს იმას, რომ თუკი ბირჟა გატყდება, ოპერატორები ანგარიშვალდებულნი იქნებიან იმაზე, თუ როგორ მართავდნენ თავიანთი კლიენტების საკუთრებას. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმსხვილესი შეტევა განხორციელდა ბირჟა Coincheck-ზე. ბირჟის მომხმარებლებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მათი გატეხილი დეპოზიტები იმყოფებოდა ინტერნეტთან მიერთებულ „ცხელ საფულეებში“, რაც გამოწვეული იყო „პერსონალის სიმცირით“. მსგავსი კანონდარღვევები სამომავლოდ სასამართლო გამოძიებას დაექვემდებარება. კრიპტოვალუტების გაცვლის რეგულირების მსურველებიდან იაპონია ერთადერთი არ გახლავთ. ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრანზაქციების ანგარიშისა და ანალიზის ცენტრი ახალ უფლებამოსილებას მიიღებს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მონიტორინგისთვის. ახალი კანონმდებლობის მიხედვით ბირჟები ვალდებულნი ხდებიან გაამხილონ ინფორმაცია ინვესტორებისა და გარიგებების შესახებ. https://hightech.fm/2019/03/17/hack-6
      • 1
      • Like
  9. ბრიტანული კომპანიის, Reaction Engines-ის მიერ შექმნილი ინოვაციური ჰიბრიდული ზებგერითი საჰაერო რეაქტიული ძრავის - SABRE-ის შემუშავება ახალ ფაზაზე გადავიდა. ხსენებულ ძრავს შეუძლია ეფექტურად იმუშაოს როგორც ატმოსფეროში, ასევე კოსმოსური ვაკუუმის პირობებში. მცირე ხნის წინ კომპანიამ შეძლო ესკიზების პროექტის წარმატებით დაცვა ევროპულ და ბრიტანულ კოსმოსურ სააგენტოებში. როგორც ESA-ს (European Space Agency) საიტზეა მითითებული, უახლოესი 18 თვის მანძილზე მწარმოებლები ახალი ძრავის ცალკეული დეტალების გამოცდებს ჩაატარებენ. კერძოდ, უახლოეს თვეებში ბრიტანეთის Buckinghamshire-ის ახალ ცენტრში შედგება ძრავის გაზოგენერატორის დემონსტრატორის გამოცდა ატმოსფერულ ჰაერითა და თხევადი წყალბადით. ესკიზური პროექტი ნებისმიერი ტექნიკის შემუშავების პროგრამაში ერთ-ერთ პირველ ეტაპს წარმოადგენს. ამ ეტაპზე კონსტრუქტორები განსაზღვრავენ ტექნიკის შესაძლო გარეგნულ სახეს, ძირითად ფუნქციებს, ტექნოლოგიებს, რომლებიც მასში იქნება გამოყენებული, წინასაწარ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს. ახალი ძრავის განსაკუთრებულობა გამოიხატება წინასწარი გაგრილების რევოლუციური კამერის გამოყენებაში, რომლის ექსკიზზე მუშაობა დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია მსუბუქი, დახვეული მილების მასივი, რომლებიც თხევადი წყალბადითაა სავსე. ამგვარი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა გაგრილდეს ჰაერის ნაკადი +1000 გრადუსიდან -150 გრადუს ცელსიუსამდე 1/1000 წამში, ამის შემდეგ კი იგი ძრავში მოხვდება. ნორმალურ პირობებში ამან შესაძლოა გამოიწვიოს კონდენსატის განვითარება, რასაც შესაძლოა ძრავის გაყინვა მოჰყვეს. თუმცა კომპანიამ იპოვა ამ პრობლების თავიდან არიდების საშუალება. SABRE-ის ჰიბრიდული საჰაერო რეაქტიული ძრავის სქემა აფრენის დაწყებისას და აჩქარების დროს SABRE იმუშავებს ჩვეულებრივი რეაქტიული ძრავივით, ატმოსფეროს ჰაერსა და თხევად წყალბადზე. 5966 კმ/სთ სიჩქარის განვითარების შემდეგ კი გადავა სარაკეტო რეჟიმზე. მოლოდინი: ჰიბრიდული საჰაერო-სარაკეტო ძრავების ბაზაზე აწყობილი კოსმომფრენები მრავალჯერადი გამოყენების იქნება და ამასთან მათი ფასი გაცილებით ნაკლები იქნება ჩვეულებრივ რაკეტებთან შედარებით. SABRE-ის პროექტის მწარმოებლებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ კომპანიები - Rolls-Royce და Boeing. პროექტში თავისი წილი ფინანსები შეიტანა ESA-მაც (10 მლნ ევრო ) და ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომაც (50 მლნ ევრო). როგორც ამჟამად ცნობილია, მთლიანად გამართული ძრავის გამოცდა 2020-2021 წლებში შედგება. https://hi-news.ru/technology/proekt-innovacionnogo-vozdushno-reaktivnogo-dvigatelya-sabre-poluchil-zelenyj-svet.html
  10. რამოდენიმე დღის წინ კომპანია Tesla-მ წარადგინა ახალი ელექტო ქროსოვერი Model Y. აღმოჩნდა, რომ კომპანიის ერთ-ერთ სადემონსტრაციო ვიდეორგოლში დამალული იყო „სააღდგომო კვერცხი“ - მომავალი პიკაპის თიზერი, თუმცა იგი პრაქტიკულად ვერავინ შენიშნა. ამიტომ ილონ მასკმა გადაწყვიტა გაესაჯაროვებინა საიდუმლო გამოსახულება, შედეგად კი მომხმარებლები კიდევ უფრო საგონებელში ჩააგდო. თითქმის გაურკვეველია, სამომავლო ავტომობილის რომელი ნაწილია ფოტოზე გამოსახული, დიზაინერებმა კი გადაწყვიტეს დამოუკიდებლად ახადონ ფარდა საიდუმლოს. რამოდენიმე თვის წინ მასკი ამბობდა, რომ პიკაპის დიზაინი მას შთააგონა Blade Runner-ის კიბერპანკ-სამყარომ. ამასთან, განაცხადა, რომ არ აღელვებს, თუკი მეტისმეტად თამამი გადაწყვეტილებების გამო ეს ავტომობილი მომხმარებლებში დიდად პოპულარული ვერ გახდება. მასკი ამბობდა, რომ ფუტურისტული მინი-სატვირთოს გამოსვლის შემდეგ იგი გამოუშვებს უფრო მოკრძალებულ და ჩვეულებრივი დიზაინის მქონე მოდელს. რესურს Electrec-ს ერთ-ერთმა დიზაინერმა, შონ სპარლინგმა გაუზიარა სამომავლო ელექტრო პიკაპის საკმაოდ „უხეში“ 3D მოდელის მონახაზი. მისი აზრით, პიკაპს საკმაოდ გრძელი კაპოტი ექნება, თუმცა მცირე დეტალიზაციის გამო მომავალი ავტომობილის რაიმე განსაკუთრებელი მახასიათებლის გამორკვევა ჯერჯერობით შეუძლებელია. ზოგიერთი დიზაინერი მიიჩნევს, რომ Tesla-ს გამიზნულად შეჰყავს საზოგადოება დაბნეულობაში და გამოსახულების კუთხე შეცვლილია. სრულიად შესაძლებელია, რომ თიზერში საბარგულის მხარე ჩანს - თუკი შევადარებთ ორი წლის წინანდელ გამოსახულებას, საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაა შესაძლებელი. ასევე არსებობს აზრი, რომ ფოტოზე პიკაპის სატვირთო სივრცეა გამოსახული. დიზაინერების ერთ-ერთ ქმნილებაზე შესაძლებელია ვიხილოთ სამომავლო პიკაპის უფრო სტრანდარტული იერსახე, მეორე ნიმუში კი უფრო მეტად შეესაბამება კიბერპანკის სტილს. https://hi-news.ru/auto/novoe-izobrazhenie-pikapa-tesla-ozadachilo-dizajnerov.html
  11. ფრანგული კომპანია Lazareth-ის მოტოციკლები ცნობილია თავიანთი სტილით, გაბედული და აგრესიული დიზაინითა და სიმძლავრით. 2018 წლის ბოლოს კომპანიამ წარადგინა მფრინავი მოტოციკლი Moto Volante, რომელიც იმ დროს ფუტურისტულ მოდელად მიიჩნეოდა და რეალურ პირობებში გამოყენებისთვის არ იყო განკუთვნილი. თუმცა ამჯერად როგორც ცნობილი გახდა, იგი მართლაც ახდენს ფრენის დემონსტირებას - მოტოციკლს შეუძლია ერთი მეტრის სიმაღლეზე აფრინდეს და მსუბუქად დაეშვას უკან. ახალი მოტოციკლი წარმოადგენს ევოლუციას შთამბეჭდავი იერსახითა და სიმძლავრით, აქვს 470 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე Maserati-ის ძრავი. Moto Volante-ის მთავარი ინოვაციაა რეაქტიული ტურბინები JetCat, რომელთა საშუალო ბრუნვის მაჩვენებელია 96 ათასი ბრუნი წუთში. ჰიდრავლიკურ აქტუატორებს საბურავები ვერტიკალურ მდგომარეობიდან ჰორიზონტალურში გადაჰყავს, რათა მათ შეძლონ კონსტრუქციის ჰაერში აწევა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Moto Volante-ის მფლობელებს შეეძლებათ იარონ ჩვეულებრივი გზით, სწორი ფართე ზედაპირის მოედნიდან კი შეძლებენ აფრენას. სტანდარტული სვლის რეჟიმიდან ფრენის რეჟიმზე გადართვას დაახლოებით 60 წამი სჭირდება - სწორედ ეს დროა საჭირო აფრენისთვის მოსამზადებლად. კონსტრუქცია 140 კილოგრამს იწონის, ამიტომ აუცილებელია ძრავმა უზრუნველყოს დაახლოებით 240 კგ გაწევა. მოტოციკლი Lazareth Moto Volante კიდევ ერთხელ წარდგება საზოგადოების წინაშე 2019 წლის ოქტომბერში დუბაიში გამართულ გამოფენა Gitex-ზე. ამავე დროს დაიწყება წინასწარი შეკვეთების მიღება - მოტოციკლის ფასი შთამბეჭდავად მაღალია და დაახლოებით 560 ათას დოლარს შეადგენს. https://hi-news.ru/auto/video-proekt-letayushhego-motocikla-lazareth-realen-on-podnyalsya-na-metrovuyu-vysotu.html
  12. კომპანია Intel-მა წარადგინა თავისი პირველი 100-გიგაბიტიანი ადაპტერები ახალი ფორმ-ფაქტორით - OCP NIC 3.0. ამ დრომდე ამგვარი ქსელური ბარათები დემონსტრირებდა მხოლოდ Intel-ის კლიენტთა შეზღუდულ წრეში, ამჯერად კი კომპანიამ გადაწყვიტა პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 100GbE ტიპის ადაპტერები რამოდენიმე მწარმოებლის ასორტიმენტში ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში გამოჩნდა, თუმცა Intel-ს ამგვარი გადაწყვეტილებები ამ დრომდე არ ჰქონია. მხოლოდ მრავალჰოსტიან FM10420 კონტროლერს შეეძლო უზრუნველეყო 100 გბიტი/წმ სიჩქარე, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე 50- ან 25-გიგაბიტური ინტერფეისით. ამჟამად Intel-ს უკვე აქვს კონტროლერები, რომლებიც უზრუნველყოფს 100-გიგაბიტიანი ინტერფეისის მუშაობას. Intel-ისგან შემოთავაზებულია ფორმ-ფაქტორ OCP NIC 3.0 მხარდაჭერა და შესაძლებელია ერთად რამოდენიმე სხვადასხვა ინტერფეისის ადაპტერების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანია ახალი ბარათი Intel 100GbE OCP 3.0 NIC (პირველი ფოტო). გარდა ამისა, Intel-მა მოახდინა 100GbE ქსელური ადაპტერის დემონსტრაცია სერვერ Dell EMC PowerEdge-ის შემადგენლობაში. ეს სერვერი შესაძლებელია დაკომპლექტდეს სხვადასხვა ტიპის ქსელური ბარათებით, მათ შორის PCIe ვერსიებით. რაღა თქმა უნდა, მოხდა ახალი ადაპტერის 100 გბიტი/წმ სიჩქარის დემონსტრირებაც. სიჩქარის გარდა ადაპტერის სხვა შესაძლებლობები ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. ჯამში, სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ Intel-ი შეუერთდა იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ 100GbE ტიპის ადაპტერებს. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ადაპტერი Mellanox ConnectX-5 VPI 100GbE გამოშვებულ იქნა 2016 წელს, მიმდინარე წელს კი მის შემცვლელად მოგვევლინება ახალი ConnectX-6. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კონკურენციაში Intel-ი ახლაღა ჩაება, კონკურენციის ზრდა ტექნოლოგიის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. https://servernews.ru/984324
      • 1
      • Like
  13. ამერიკული კორპორაცია Lockheed Martin-ი გეგმავს შექმნას თანამგზავრების ქსელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სტაბილური ინტერნეტის მიწოდება სტიქიური უბედურებების ზონებში. პროექტი დაზარალებულებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაუკავშირდნენ ექსტრემალურ სამსახურებს ან ახლობლებს - წერს New Atlas. სტიქიური უბედურებებისა და ტექნოგენური კასატროფების ზონებში ხშირად ფიქსირდება კავშირის დარღვევა და გაუმართაობა. ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გადამცემი ანძების დაზიანებით, ასევე ქსელის გადატვირთვით. კავშირის არარსებობის გამო დაზარალებულები ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი ადგილმდებარეობა აცნობონ სამაშველო სამსახურს - ამის გამო კი მსხვერპლი იზრდება. Lockheed Martin-ის გეგმის თანახმად, მომხმარებლები ავტომატურად მიუერთდებიან ახალ თანამგზავრულ ქსელს იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწაზე არსებული კავშირის სისტემა მწყობრიდან გამოვა. პროექტის დეტალებსა და რეალიზაციის ვადებს კომპანია ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს. https://hightech.fm/2019/03/15/lte-save https://newatlas.com/lockheed-martin-lte-satellite/58854/
  14. ბრაუზერ Google Chrome-ის ზიანისმომტანი დამატება მომხმარებლებს აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ კრიპტო ბირჟა Huobi-ს ყალბ airdrop-ში, რის შედეგადაც ხსენებული ბირჟის ორასზე მეტი მომხმარებელი დაზარალდა - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში. ვებ-ბრაუზერ Chrome-ის დამატება, სახელად NoCoin, 230-ჯერ ჩამოიტვირთა, სანამ Google მას წაშლიდა - აცხადებს Harry Denley, იგი მართავს კრიპტო scam-ების ბაზას - EtherscamDB. Denley-მ აღნიშნა, რომ ჰაკერებმა გამიზნულად შენიღბეს ზიანისმომტანი დამატება, რათა მას მიეღო იმ ინსტრუმენტის სახე, რომელიც მომხმარებლებს იცავს მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფისგან ან ე.წ cryptojacking-ისგან, კრიპტოვალუტების ქურდობისგან. „თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა - აღმოაჩინა კრიპტოების ქურდობის სხვადასხვა სკრიპტი... და გამოიყურებოდა, როგორც კარგი ინტერფეისი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს“ - განმარტავს Denley თავის ბლოგში. თუმცა ფასადს მიღმა ნათელი გახდა, რომ ბრაუზერის დამატება ითხოვდა პოპულარული საფულის ინტერფეისების, MyEtherWallet-ისა და (MEW) Blockchain.com-ის Private key-ებს. შემდგომში კი ისინი ჰაკერებთან იგზავნებოდა, რომელთაც შეეძლოთ საფულეები დაეცარიელებინათ. დამატება ჩადებული იყო ყალბი giveaway კამპანიის დასასრულს, თითქოს კრიპტო ბირჟა Huobi მომხმარებლებს სთავაზობდა Ethereum-ზე დაფუძნებულ ERC20 ტოკენებს. უცნობია, რა პერიოდის განმავლობაში იყო ზიანისმომტანი დამატება ხელმისაწვდომი Google Chrome-ის მომხმარებლებისთვის. ასეა თუ ისე, „ცუდი მოთამაშეები“, რომლებსაც მიზანში აქვთ ამოღებული სხვისი კუთვნილი კრიპტოვალუტები, სულ უფრო და უფრო უღირს მეთოდებს ეძებენ გამოუცდელი კრიპტო მფლობელების მოსატყუებლად. მიმდინარე კვირაში კრიპტო ჰაკინგის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია ჰაკერების სულ უფრო ფრთხილი მოქმედებები. თავად Google მწვავე კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან დიდი გულმოდგინება არ გამოუჩენია თებერვლის შემთხვევისას, როდესაც Google Play-დან წაშალა პოპულარული დეცენტრალიზებული აპლიკაციის - MetaMask-ის ყალბი ვერსია. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, გასულ თვეში Electrum-ისა და MEW-ს საფულეების მფლობელებიც აღმოჩნდნენ ფიშინგური შეტევების პირისპირ Reddit-სა და Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტებით. https://cointelegraph.com/news/google-deletes-crypto-malware-targeting-blockchaincom-myetherwallet-users
      • 1
      • Like
  15. ჩინეთის ქალაქ Shēnzhèn-ის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი სისტემის ტესტირება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მეტროთი მგზავრობა ბილეთის გარეშე სახის ამოცნობის სისტემით. თუკი ეს ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ამგვარი სისტემა მთელ ქვეყანაში დაინერგება - წერს Tech in Asia. ექსპერიმენტული სისტემა საშუალებას იძლევა სრულიად გამოირიცხოს მეტროთი მგზავრობისთვის საჭირო საშუალებები - ბილეთები, ბარათები ან QR-კოდები. Shēnzhèn-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეავსონ თავიანთი პერსონალური ანგარიში, საიდანაც მგზავრობის საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის სახის ამოცნობის შემდეგ. ექსპერიმენტის ხანგრძლივობის ზუსტი ვადები არ ხმაურდება. ჩინეთის ხელისუფლება არც იმას აკონკრეტებს, როდის დაიწყება ახალი სისტემის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. 2018 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ 23 მლნ ადამიანს აუკრძალა ავია- და სარკინიგზო ბილეთების შეძენა. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, რომელიც მან სახელისუფლებო ანგარიშის ასლით მიიღო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ამ პირების „სოციალური რეიტინგი მეტისმეტად დაბალი იყო“. https://hightech.fm/2019/03/15/metro-face
  16. კომპანია Huawei-მ ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მოხდა სმარტფონ Nova 4e-ს წარდგენა, საზოგადოებას აგრეთვე გააცნო ორი ახალი სპორტული სამაჯური. ესენია Huawei Band 3 და მისი გაუმჯობესებული ვერსია - Band 3 Pro. ორივე მათგანს აქვს 0,95 დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით - 240 х 140 პიქსელი. ეკრანი მიმაგრებულია სამაჯურზე, რომელიც, მწარმოებლის თქმით, დამზადებულია ისეთი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს დიდ კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროს. პულსის გასაზომად მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია TruSeen v3.0. მასში გაერთიანებულია ინფრაწითელი გამოსხივების მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით. როგორც Huawei ირწმუნება, გამოსხივება არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს მომხმარებელზე. ამავე დროს, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება გამოავლინოს არითმია. Huawei Band 3 Pro-ს აქვს ტექნოლოგია TruSleep 2.0-ის მხარდაჭერა, რომელიც ახორციელებს ძილის მონიტორინგს. როგორც ცნობილია, ამ ნიმუშის ალგორითმები ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლების მიერაა შექმნილი. TruSleep 2.0 ტექნოლოგიას შეუძლია გამოავლინოს უძილობის მიზეზები და მომხმარებელს მისცეს რეკომენდაციები ძილის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, Pro მოდელს აქვს NFC ჩიპი და GPS მოდული. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მასში გათვალისწინებული არ არის Google Play-ს მხარდაჭერა. წარდგენაზე კომპანიამ მხოლოდ Huawei Play ახსენა. ბატარეის მოცულობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამ მხრივ Huawei დაადგა Apple-ის გზას. ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ სრულად დატენილი ბატარეა ჩვეულებრივი გამოყენებისას საკმარისია თითქმის ორი კვირა მუშაობისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი მომხმარებელი უწყვეტად გამოიყენებს გულისცემის სიხშირის მზომს, ავტონომიურობა თითქმის ორჯერ მცირდება. ჩართული GPS-ით ვარჯიშის დროს სპორტული სამაჯური (Pro ვერსია) დაახლოებით 7 საათს მუშაობს. Huawei Band 3 წარმოდგენილი იქნება ყვითელ, თეთრ, ვარდისფერ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი დაახლოებით 40 დოლარია. Pro მოდელები კი გამოვა შავ, თეთრ და ლურჯ ვარიანტებად და მათი ფასი 60 დოლარს შეადგენს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24962/sportivnye-braslety-huawei-band-3-i-band-3-pro-predstavleny-oficialno
  17. დაპირებისამებრ, ილონ მასკმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი - კომპაქტური ქროსოვერი Model Y. იგი აწყობილია იმავე პლატფორმაზე, რაზეც „ბიუჯეტური“ სედანი Model 3 და მასზე არც ისე ძვირი ღირს, ყოველ შემთხვევაში, მისი საბაზისო მოდელი. მომხმარებლებს აქვთ საშუალება - არჩევანი გააკეთონ ახალი ელექტრომობილის ოთხ ვერსიაში: Standart Range, Long Range, Dual Motor AWD და Perfomance. საბაზისო მოდელი (Standart Range) 39 ათასი დოლარი ღირს. ტოპ-ვერსიის ფასი კი 60 ათას დოლარს აღწევს (ფუნქციებისა და ოფციების ჩათვლით). გამოცხადდა, რომ Standart Range მოდიფიკაციის წარმოება 2021 წელს დაიწყება. ეს ვერსია წარმოდგენილი იქნება 370 კმ გავლის მარაგით. Long Range მოდელის ფასი 42 700 დოლარიდან იწყება, მას შეუძლია 482 კილომეტრის გავლა ერთ დამუხტვაზე და იგი მომდევნო წელს გამოვა. ახალ მოდელზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. 3 ათასი დოლარის ღირებულების ერთ-ერთი ოფციით მყიდველს შეეძლება ელექტრომობილი აღჭურვოს დამატებით სავარძლებით, რომელთა რიცხვმა შესაძლოა შვიდს მიაღწიოს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Model Y-ის ახალი წარმადობის ხაზები მიმდინარე წელსვე მზად იქნება. თუმცა თუ გავითვალსიწინებთ წინა გამოცდილებებს, ზუსტი თარიღი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კომპანია თვლის, რომ ახალი ქროსოვერი კარგად გაიყიდება. იანვარში ინვესტორებთან საუბრისას მასკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - კომპაქტური ქროსოვერი Model 3-ზე მოთხოვნადი იქნება. თუკი გავითვალისწინებთ აშშ-ის სტატისტიკას ჯიპის ტიპის ავტომობილების გაყიდვების შესახებ, ამგვარი მოლოდინი სავსებით რეალურია: ამერიკელებს ზოგადად პიკაპები და ჯიპები უფრო მოსწონთ, ვიდრე ჩვეულებრივი სედანი. Model Y-ის პირველი საპილოტე ნიმუში კალიფორნიაში მდებარე Gigafactory 1-ის კონვეირიდან გამოვა. მოგვიანებით კი Tesla-ს კომპაქტური ქროსოვერების გამოსვლა განხორციელდება ჩინეთის საწარმოში, რომელიც სახელად მიიღებს Gigafactory 3-ს. Model Y-ს აქვს ორი ელექტრო ძრავი და შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა მოცულობის აკუმულატორების კომპლექტაციები. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის საჭიროა 3,5 წამი, მაქსიმალური სიჩქარეა 240 კმ/სთ. ორძრავიანი Model Y Long Range ვერსიის მიერ 100 კმ/სთ სიჩქარე მიიღწევა 4,8 წამში, ერთძრავიანი მოდელით კი - 5,5 წამში. ქროსოვერს ტრადიციული გვერდითი სარკეები აქვს კამერების ნაცვლად. ასევე, Tesla-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ საფირმო უკანა კარის გამოყენებაზე, რომელსაც კომპანია „შევარდენის ფრთებს“ უწოდებს. ილონ მასკის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ართულებს ავტომობილის წარმოების პროცესს და ამასთანავე ზრდის მის საბოლოო ფასს. Model Y-ის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტია 0,32. ელექტრომობილს აქვს პანორამული სახურავი. სალონში განთავსებულია 15-დუიმიანი დისპლეი, რომლითაც იმართება ელექტრომობილის ფუნქციათა უმეტესობა. https://hi-news.ru/auto/elektricheskij-krossover-tesla-model-y-oficialno-predstavlen.html
  18. ხელოვნურად შეფერილ ფოტოზე წარმოდგენილია ე.წ. „მარსის მტვრის ეშმაკების“ ნაკვალევი. სხვა მრავალ ფოტოსთან ერთად ეს ფოტო გადაიღო ევროპულმა მოდულმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა. გადაღებათა ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ფართო საზოგადოებისთვის. ExoMars Trace Gas Orbiter (TGO) მარსისკენ 2016 წლის ოქტომბერში გაემგზავრა, თუმცა მის ახლო ორბიტას მხოლოდ 2018 წლის თებერვალს მიაღწია, სამეცნიერო მოღვაწეობა კი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტს მართავს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და Роскосмос-ი, რომელთა ერთობლივ მიზანს წარმოადგენს ეძებონ მეთანი, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება უკეთ შეიცნონ წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა. TGO-ს მთავარ ღირსებას წარმოადგენს კამერა Surface Imaging System (CaSSIS), რომელიც ორბიტიდან მარსის გამოსაკვლევად გამოიყენება. CaSSIS უნიკალურია იმით, რომ შეუძლია გადაიღოს კრისტალურად სუფთა და მკაფიო ფოტოები. ხელოვნურად დადებული შეფერილობით გამოხატულია მარსის ობობისმაგვარი რეგიონი Terra Sabaea. სინამდვილეში ეს არის ნაკვალევები, რომლებიც რჩება „მტვრის ეშმაკებისგან“ - მარსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენისგან. ESA-ს წარმომადგენელთა აზრით ეს ქსელი ასობით ან ათასობით პატარა მარსული ტორნადოსგანაა შექმნილი. გამოსახულება წარმოდგენილია ფერების კომბინაციით, რათა უკეთ იყოს აღქმადი ზედაპირის თავისებურება. მისი რეალური ფერი ESA-ს განცხადებით, არის მუქი წითელი, რადგანაც „მტვრის ეშმაკები“ სუფთა მასალებს იღებენ ზედაპირიდან. იხილეთ სხვა ფოტოები: მარსის მარილიანი სულფატები დიუნები მარსის სამხრეთ პოლუსის ტალღოვანი ზედაპირი https://hi-news.ru/space/evropejskij-orbitalnyj-modul-sfotografiroval-volosatogo-sinego-pauka-na-marse.html
  19. კოსმოსურ მოგზაურობამდე და მას შემდეგ გადაღებულმა ასტრონავტების ტვინების სკანირებამ აჩვენა თეთრი ნივთიერების ცვლილება იმ სფეროებში, რომლებითაც კონტროლდება მოძრაობა და მუშავდება სენსორული ინფორმაცია. მდგომარეობის გაუარესება დაბერების თანამდევი პროცესის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეიძლება აიხსნას, ზოგიერთ ასტრონავტს რატომ აქვს დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კოორდინაციის პრობლემები - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი რეიჩელ სეიდლერი. საინტერესო ის არის, რომ ტვინის ნივთიერების ცვლილება უფრო მეტად გამოხატულ იქნა იმ პირებში, ვისი კოსმოსური მისიებიც ხანმოკლე იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ ადამიანის ტვინს აქვს ადაპტირების უნარი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. კოსმოსური დაავადების სიმპტომები კვლევის ფარგლებში შემოწმდა NASA-ს 15 ასტრონავტის დასკანერებული ორგანოები. სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ ცერებრალური სითხე გროვდებოდა თავის ტვინის ფუძეში კოსმოსური ფრენის შემდეგ. ასტრონავტების ტვინის ადგილმდებარეობა თავის ქალაში იყო სტრანდარტულზე შედარებით მაღლა მიკროგრავიტაციიდან გამოსვლის შემდეგ. „ვიცით, რომ კოსმოსში ყოფნისას თავში სითხე ირევა“ - აცხადებს სეიდლერი. „როდესაც უყურებთ ასტრონავტების ფოტო-ვიდეოებს, მათი სახეები ხშირად შესიებულივით გამოიყურება, რადგანაც გრავიტაციას ვერ ჩაჰყავს სითხე სხეულის ქვედა ნაწილში“. მისი სიტყვებით, იგივე გავლენა შეიძლება იყოს ცერებრული სითხის თავის ქალაში მოხვედრის შემთხვევაშიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ნეიროოკულარული სინდრომის გამოვლინებას, როდესაც მხედველობის ნერვი გადაიხრება და მხედველობა იცვლება. თეთრი ნივთიერების ბალანსის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება დედამიწაზე დაბრუნებიდან რამოდენიმე კვირაში, თუმცა ტვინში გამოწვეული ცვლილებები გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება. სამომავლო კვლევებში სეიდლერი და მისი კოლეგები გეგმავენ შეაფასონ სკანირების შედეგები ექვსთვიანი კოსმოსური ფრენების შემდეგ, რათა იხილონ რამდენ ხანს ნარჩუნდება ცვლილებები და კონკრეტულად რა იწვევს მათ. https://hi-news.ru/space/mozgi-kosmonavtov-tozhe-plavayut-v-nevesomosti.html
      • 1
      • Upvote
  20. White Hat ჰაკერებმა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში აღმოაჩინეს 40-ზე მეტი ბაგი კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-პლატფორმებზე - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო The Next Web (TNW). TNW-ის კვლევის თანახმად, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული, 13 თებერვლიდან 13 მარტამდე დაფიქსირდა 13 კომპანიის ხელყოფა - ჯამში 43 შეტყობინება დაუცველობის შესახებ. ბლოკჩეინის სფეროში ელექტრონული სპორტის გეიმინგ-პლატფორმა Unikrn-ის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი მოხსენება (12 შემთხვევა) დაფიქსირდა ხელყოფის შესახებ. მას მოსდევს OmiseGo დეველოპერი 6 შემთხვევით. მესამე ადგილზეა EOS – 5 შემთხვევით. Tendermint-ის კონენსუსის ალგორითმი და P2P ქსელური პროტოკოლი ოთხჯერ აღმოჩნდა დაუცველი. მას მოჰყვება ბაზრის პროგნოზირების დეცენტრალიზებული პროტოკოლი Augur-ი და სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Tezos, თითოეული მათგანის შემთხვევაში სამ-სამი შემთხვევა მოხდა. შეტყობინებების თანახმად, ანონიმურობაზე ორიენტირებულმა კრიპტოვალუტებმა - Monero, ICON და MyEtherWallet-მა წარადგინეს ორ-ორი მოხსენება თითოეულის შემთხვევაში. მსხვილ ამერიკულ კრიპტო ბირჟა Coinbase-მა და ბლოკჩეინ-ბრაუზერის - Brave Software-ის მწარმოებელმა კომპანიამ თითოჯერ მიიღეს შეტყობინება დაუცველობის შესახებ. ჰაკერებმა საერთო ჯამში 23 675 დოლარი მიიღეს თავიანთი ძალისხმევის გასამრჯელოს სახით. კომპანიებიდან ყველაზე მეტი თანხა - 8 500 დოლარი Tendermint-მა გადაიხადა. EOS-მა 5500 დოლარი გასცა ჯილდოდ, Unikrn-მა - 1375 დოლარი. TNW აცხადებს, რომ მცირე ოდენობის თანხა იმაზე მეტყველებს, რომ ბაგები არ აღმოჩნდა კრიტიკულად სახიფათო. საპირისპიროდ, EOS-მა ათიათასობით დოლარით დააჯილდოვა white hat-ჰაკერები, რომლებმაც კრიტიკული ხელყოფა აღმოაჩინეს პლატფორმაზე. მიმდინარე კვირაში hardware-საფულეების მსხვილმა მწარმოებელმა Ledger-მა აღმოჩინა დაუცველობა თავისი პირდაპირი კონკურენტის - Trezor-ის მოწობილობებში. სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია Trezor-ის მოწყობილობების იმიტირება, თუკი მოხდება შენიღბვა მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. Trezor-ის რეაგირებას რაც შეეხება, კომპანიამ განაცხადა, რომ Ledger-ის მიერ გამოვლენილი არც ერთი სისუსტე არ წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს აპარატული საფულეებისთვის. მისი წარმომადგენლის თქმით, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება გამოყენებული დისტანციურად, რადგანაც შეტევის განხორციელებისთვის საჭიროა „ფიზიკური წვდომა მოწყობილობასთან, სპეციალური აღჭურვილობა, დრო და ტექნიკური ცოდნა“. https://cointelegraph.com/news/report-over-40-bugs-in-blockchain-and-crypto-platforms-detected-over-past-30-days
      • 1
      • Like
  21. Nvidia-მ გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი GTX 1660, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო შემცირდა ფასები იმ მსურველთათვის, ვისაც გრაფიკული პროცესორის შეძენა სურს. ეს მოდელი 199-დან 219 აშშ დოლარამდე ღირს და მის მოდელებს Nvidia-ს პარტნიორი მწარმოებლები - Evga, Asus და სხვებიც გამოუშვებენ. GTX 1660 მოდელი Nvidia GTX 1660 Ti-ს ჩამორჩება წარმადობისა და ფასის თვალსაზრისით. ახალი ბიუჯეტური ბარათი აგებულია Turing-ის ეფექტურ არქიტექტურაზე, თუმცა ფასიდან გამომდინარე, ბარათს არ აქვს DLSS და Ray Tracing-ის მხარდაჭერა (ორივე მათგანი ექსკლუზიურია RTX 20 სერიის ვიდეო ბარათებისთვის). 279 დოლარიან GTX 1660 Ti-სთან შედარებით უფრო იაფი მოდელი კი წარმოდგენილია უფრო ნელი GDDR5 ვიდეომეხსიერებით და ნაკლები CUDA ბირთვით. მწარმოებელი NVIDIA მოდელი GeForce GTX 1060 3 გბ GeForce GTX 1060 6 გბ GeForce GTX 1660 GeForce GTX 1660 Ti GeForce RTX 2060 GeForce RTX 2070 გრაფიკ. პროც. დასახელება GP106 GP106 TU116 TU116 TU106 TU106 მიკროარქიტექტურა Pascal Pascal Turing Turing Turing Turing ტექნოპროცესი, ნმ 16 ნმ FinFET 16 ნმ FinFET 12 ნმ FFN 12 ნმ FFN 12 ნმ FFN 12 ნმ FFN ტრანზისტორების რაოდ. (მლნ) 4 400 4400 6 600 6 600 10 800 10 800 ტაქსის სიხშირე, მჰც: Base Clock / Boost Clock 1506/1708 1506/1708 1530/1785 1500/1770 1365/1680 1 410 / 1 620 (Founders Edition: 1 410 / 1 710) shader ALU რიცხვი 1152 1280 1408 1536 1920 2304 ტექსტურული ბლოკი 72 80 88 96 120 144 ROP 48 48 48 48 48 64 ტენსორული ბირთვი - - - - 240 288 RT-ბირთვი - - - - 30 36 ოპერატიული მეხსიერება Bus ბიტი 192 192 192 192 192 256 მიკროსქემის ტიპი GDDR5 SDRAM GDDR5 SDRAM GDDR5 SDRAM GDDR6 SDRAM GDDR6 SDRAM GDDR6 SDRAM ტაქტის სიხშირე მბიტი/წმ 2000 (8000) 2250 (9000) 2000 (8000) 2250 (9000) 2000 (8000) 1 500 (12 000) 1 750 (14 000) 1 750 (14 000) მოცულობა, მბ, 3 096 6 144 6 144 6 144 6 144 8 192 PCIe PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 წარმადობა FP32, GFLOPS (მაქსიმალური სიხშირე) 3935 4372 5027 5437 6451 7 465 / 7 880 (Founders Edition) FP32/FP64 წარმადობა 1/32 1/32 1/32 1/32 1/32 1/32 FP32/FP16 წარმადობა 1/128 1/128 2/1 2/1 2/1 2/1 ოპერატ. მეხს, სიჩქარე (გბ/წმ) 192/216 192/216 192 288 336 448 ინტერფეისი გამოსახულება DL DVI-D, DisplayPort 1.3/1.4, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.3/1.4, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b TBP/TDP, ვტ 120 120 120 160 175/185 (Founders Edition) ფასი (აშშ დოლარი) 199 249 229 279 349 499 https://www.theverge.com/2019/3/14/18265412/nvidia-gtx-1660-gpu-1060-affordable https://3dnews.ru/984208/obzor-nvidia-geforce-gtx-1660
      • 2
      • Upvote
  22. იელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს „კლანჭები“ დრონებისთვის - მიმაგრების სისტემა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს საშუალებას მისცემს მიემაგრონ ხის ტოტებს ან სხვა საგნებს ფრინველებისა და ღამურების მსგავსად. ამის წყალობით მოწყობილობა შეძლებს უფრო დიდხან შეინარჩუნოს ბატარეის დამუხტვის დონე და დავალებები შეასრულოს შეფერხების გარეშე - წერს TechCrunch. მიმაგრების სისტემის შექმნა მეცნიერებს შთააგონეს ჩიტებმა, რომელთაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველანაირ ზედაპირს მოეჭიდონ. მოწყობილობას აქვს რამოდენიმე მოხრილი, გაღუნული ფეხი და მიმაგრების უნარი. დასაშვებად ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად დრონი იწყებს ახლომდებარე სივრცის სკანირებას ლიდარის საშუალებით. მას შემდეგ, როდესაც შესაბამის ზედაპირს დააფიქსირებს, სისტემა შეუსაბამებს საჭირო პოზიციას. „ჩვენ შევიმუშავეთ შასების მოდულური და ორიენტირებული კონსტრუქცია უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ისინი შედგება აქტიური მოჭიდებისა და კონტაქტური მოდულებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია გამრუდებულ ფეხებზე. ამგვარმა სისტემამ, რომელიც ფრინველების კლანჭების მსგავსი ფუნქციისაა, მნიშვნელოვნად გააფართოვა კონსტრუქციის შესაძლებლობათა დიაპაზონი“ - აცხადებს მწარმოებელი. https://hightech.fm/2019/03/14/dron-birds
      • 1
      • Upvote
  23. რესურს Slashleaks-მა აღმოაჩინა Google Pixel 4 სერიის ერთ-ერთი სმარტფონის სქემატური გამოსახულება. ამ სერიის სმარტფონების გამოშვება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ილუსტრაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეა თუ ისე, ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები, რომლებიც Slashleaks-ის მიერ გახმაურებული მონაცემების მიხედვით შეიქმნა. არსებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Google Pixel 4 სმარტფონის XL ვერსიას ექნება ორი ორმაგი კამერა - ორი ფრონტალური და ორიც - უკანა მხარეს. ფოტოდან ჩანს, რომ ფრონტალური ნაწილისთვის შერჩეულია წაგრძელებული ჭრილი დისპლეის ზედა მარჯვენა მხარეს. ორი ძირითადი კამერის ოპტიკური მოდულები განთავსდება ჰორიზონტალურად კორპუსის უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. აქვე იქნება ფლეშ-განათება. საინტერესოა, რომ ნახაზებზე არ ჩანს დაქტილოსკოპიური სკანერი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Google Pixel 4 სერიის სმარტფონებში რეალიზებული იქნება ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა სქემით - Dual SIM Dual Active (DSDA) - შესაძლებელი იქნება ორივე სლოტის ერთდროული მუშაობა. პროგრამულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონები იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Q-ზე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. https://3dnews.ru/984234
  24. ელექტრომობილები უკვე ცხადად გვევლინება ყოველდღიურ საქალაქო ტრანსპორტად, თუმცა ისინი გამოსადეგი არ არიან შორეული მგზავრობისთვის აკუმულატორის სიმძლავრის შეზღუდულობის გამო. ამიტომაც ზოგიერთი ავტომწარმოებელი ეძებს საშუალებებს - ელექტრომობილები დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე. როგორც წესი, ამისათვის გამოიყენება ბენზინის ან დიზელის ბაზაზე მოქმედი ელექტრო გენერატორები. კორპორაცია Gumpert-ს აქვს მეთოდი - გამოყენებულ იქნას მეთანოლი, რომელსაც დადებით მხარესთან - სიიაფესთან ერთად რამოდენიმე დიდი ნაკლი გააჩნია. აკუმულატორის დატენვის ალტერნატიული მეთოდი გამოყენებულია ახალ ჰიპერმობილში - Gumpert Nathalie. მას აქვს ოთხი ელექტრო ძრავი, მაქსიმალური სიმძლავრე 800 ცხენის ძალის ტოლია, მაქსიმალური სიჩქარე კი არის 306 კმ/სთ. კონსტრუქცია შედგება მოლიბდენის ჩარჩოების, კარბონის შასებისა და უამრავი აეროდინამიკური ელემენტისგან, რითაც უზრუნველყოფილია საკმარისად კომფორტული გადაადგილება. კომპანიის დაფუძნებლის, როლანდ გუმპერტის თქმით მეთანოლის ბაზაზე მოქმედი საწვავი ელემენტი უზრუნველყოფს ელექტრომობილს იმ მოცულობის ენერგიით, რომელიც საკმარისია 850 კილომეტრზე მეტი მანძილის დასაფარად, თუკი მანქანის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება. ელეტროენერგია გენერირდება არა მეთანოლის წვის, არამედ ქიმიური რეაქციის ხარჯზე, რომელიც გამოჰყოფს 5 კვტ სიმძლავრის ენერგიას. Gumpert Nathalie-ს უარყოფითი მხარე სილამაზისა და სიმძლავრის პარალელურად ავტომობილი საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს, თანაც პრობლემა მდგომარეობს არა მარტო მოლიბდენის მომწამვლელ თვისებებში: ის, ვინც Gumpert Nathalie-ს შეიძენს, სად უნდა ეძებოს ასეთი იშვიათი ტიპის საწვავი? ჰიპერმობილი ნამდვილად არ გვევლინება, როგორც მასობრივი მოხმარების მანქანა და საეჭვოა, რომელიმე კომპანიამ დაიწყოს მოლიბდენის დამტენი სადგურების ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გენერატორის ეფექტურობაც. იგი გამოიმუშავებს 5 კვტ ენერგიას, ამიტომ 112 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისას გენერატორით გამომუშავებული ენერგია არ იქნება საკმარისი დატენვის ერთ დონეზე შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს აკუმულატორის მოცულობის შესახებ ინფორმაციას. და ბოლოს: ჰიპერმობილი Nathalie სავსებით არ შეესაბამება ელექტრომობილების მთავარი ღირსების თემას - გარემოს უსაფრთხოებას. მეთანოლის მონაწილეობით მიღებული ქიმიური რეაქცია გამოჰყოფს ნახშირორჟანგს - მთავარ საფრთხეს, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობს კაცობრიობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადასვლით. https://hi-news.ru/auto/giperkar-na-800-loshadej-reshaet-problemy-elektrokarov-no-opasen-dlya-prirody.html
  25. Kindai-ს უნივერსიტეტის (ოსაკა, იაპონია) ბიოლოგებმა მცირე ხნით სიცოცხლე დაუბრუნეს ახალგაზრდა ბეწვიანი მამონტის - სახელად იუკის უჯრედებს. იგი 28 ათასი წლის წინ მოკვდა - სიახლის შესახებ წერს რესურსი Motherboard. იაპონელმა მეცნიერებმა მამონტის სხეულიდან 88 უჯრედის ბირთვი ამოიღეს და ღამურის კვერცხუჯრედში გადანერგეს. გადანერგვისთანავე უჯრედები გაცოცხლდა, მხოლოდ მცირე ხნით და ნაწილობრივ - მეცნიერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ უჯრედების სრულფასოვანი დაყოფვისთვის, თუმცა ამ პროცესის ზოგიერთი სტადია მიღწეულ იქნა. იუკის ქრომოსომები მართებულად დაუკავშირდნენ სტრუქტურას - ამ პროცესიდან სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება უჯრედების დაყოფისკენ. ამის შემდეგ მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორეს მამონტის უჯრედებისა და სპილოს კვერცხუჯრედის გამოყენებით. ამგვარი სამეცნიერო აღმოჩენა წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღადგინონ უჯრედები და სამომავლოდ მოახდინონ გადაშენებული სახეობების კლონირება. მამონტ იუკის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი ძალიან კარგადაა შენახული. იგი აღმოაჩინეს ლაპტევების ზღვის სანაპიროზე. https://hightech.fm/2019/03/14/mamont
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.