-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
2022-2025 წლებში აეროკოსმოსური სააგენტო NASA გეგმავს აამოქმედოს მისია Europa Clipper, რომლის ფარგლებშიც მოხდება სიცოცხლის არსებობის ძიება იუპიტერის მეექვსე თანამგზავრ ევროპაზე. კოსმოსური ობიექტი განსაკუთრებულად აინტერესებთ მეცნიერებს, რადგანაც ითვლება, რომ მისი გაყინული ქერქის ქვეშ ოკეანეა და იგი იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის წყალს შეიცავს, რასაც მთელი დედამიწის ზღვები. თანამგზავრამდე ფრენას დაახლოებით 2-6 წელი დასჭირდება, მისია კი დაახლოებით სამწელიწადნახევარი გაგრძელდება, ამიტომ მკვლევარები აუცილებლად უნდა დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება კოსმოსური აპარატის კავშირი დედამიწაზე არსებულ მართვის ცენტრთან. ტესტირებები ხორციელდება ვირჯინიის შტატში არსებულ ექსპერიმენტალურ პოლიგონზე. მკვლევარ ტომას მაგნერის თქმით, სწორედ ეს პოლიგონია იდეალური ადგილი ტესტირებებისა და რთული გამოთვლების ჩასატარებლად. ტესტის მსვლელობისას მეცნიერებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ანტენა ნამდვილად შეძლებს დედამიწას გადმოსცეს უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომელთაც აპარატ Europa Clipper-ის სენსორები შეაგროვებენ. მოწყობილობა ვიზუალურად მოგვაგონებს საოჯახო თანამგზავრულ ანტენას, მხოლოდ მისი სიმაღლე სამი მეტრია. ანტენამ უნდა შეძლოს მონაცემების გადაცემა 740 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებიდან. ცნობილია, რომ ორბიტალური აპარატი Europa Clipper-ი ვერ მოახერხებს თანამგზავრ ევროპას ორბიტაზე გასვლას, რადგანაც ეს სფერო უკიდურესად რადიოაქტიურია და ადვილად დააზიანებს ელექტრონულ მოწყობილობებს. ამის ნაცვლად აპარატი განახორციელებს 45 შემოფრენას თანამგზავრის ირგვლივ მასთან 2700 მეტრიდან 25 კილომეტრამდე დაშორების დიაპაზონში. NASA-ს შეფასებით, მისია Europa Clipper-ის შესრულება უფრო რთულ ამოცანას წარმოადგენს, ვიდრე მარსის შესწავლა. სწორედ ამიტომ უთმობს სააგენტო საბაზისო სამზადისს უდიდეს ყურადღებას - მკვლევარებმა ზუსტად უნდა განსაზღვრონ მისიის მიზნები და შეიმუშავონ მკაფიო სამოქმედო გეგმა. https://hi-news.ru/space/nasa-testiruet-antennu-europa-clipper-pered-poiskom-zhizni-na-sputnike-yupitera.html
-
3 აპრილი, ოთხშაბათი. Bitcoin-მა პირველად 2018 წლის ნოემბრის შემდეგ დააფიქსირა ნიშნული 5 ათას დოლარზე. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კრიპტოვალუტაზე ფასის კლება შეიმჩნევა, დანარჩენებს შეუძლიათ თავი მოიწონონ მზარდი ტენდენციით. BTC-მა 24 საათს განმავლობაში 14%-ზე მეტით მოიმატა და და გადააჭარბა 5 ათასდოლარიან ნიშნულს. CoinMarketCap-ის სტატისტიკის თანახმად, ლიდერმა მონეტამ გარკვეულ მომენტში 5 043 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი დაუბრუნდა 4900 დოლარს. სტატიის წერის მომენტში BTC დაახლოებით 5007 დოლარად იყიდებოდა. Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია 1 მლრდ დოლარზე მეტით გაიზარდა წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით. ფასის მატების პიკში BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 88 მლრდ დოლარი იყო, ამ დროისთვის კი (წერის მომენტში) დაახლოებით 87,4 მილიარდს შეადგენს. Ethereum (ETH), ამ დროისათვის ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, 3 აპრილის მაჩვენებლით 24 საათში 10%-ით გაიზარდა. წინა დღეს, სამშაბათს მისი ფასი დაახლოებით 150 დოლარი იყო, ოთხშაბათს კი იგი 165 დოლარს ზემოთ იყიდებოდა. ETH-ის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 2 მლრდ დოლარით გაიზარდა და შეადგინა 17,6 მილიარდი. რიგით მესამე კრიპტოვალუტა Ripple (XRP) აგრთვე ზრდას განიცდის მესამე დღეა ზედიზედ. მონეტის ფასი 5 საათში 5%-ით გაიზარდა. მისი ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 1 მილიარდით მეტია წინა დღესთან შედარებით - 14,7 მილიარდზე მეტი. ყველა კრიპტოვალუტის საერთო ბაზრის კაპიტალიზაციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2 აპრილთან შედარებით. 3 აპრილს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 176,9 მლრდ აშშ დოლარი და იგი სტატიის წერის მომენტში ჩამოვიდა 173,8 მილიარდამდე. რაც შეეხება სხვა Altcoin-ებს, ყველა მთავარი ვალუტა, Maker-ისა (MKR) და Tezos-ის (XTZ) გარდა, მწვანე ზონაში იმყოფება და მათზე შესამჩნევია მზარდი ტენდენცია ბოლო 24 საათის განმავლობაში. Bitcoin Cash (BCH) 280 დოლარს ზემოთ ავიდა - გაიზარდა დაახლოებით 50%-ით. კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშეა LTC, რომელიც ერთ დღეში 20%-ით გაიზარდა და ამჟამად 84 აშშ დოლარად იყიდება. ილონ მასკის განცხადების შემდეგ, რომ Dogecoin (DOGE) მის ფავორიტ კრიპტოვალუტას წარმოადგენს, ხსენებულმა მონეტამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და გაძვირდა 30%-ით. კრიპტო ბაზრის აღდგენა, რომელიც 1 აპრილს დაიწყო, ფართოდ განიხილება კრიპტო-ქომიუნითებსა და ფინანსების სამყაროში. კრიპტო-ინსაიდერების ქომიუნითი აცხადებს, რომ ამ ნახტომს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გააჩნია და ყველაფერი აიხსნება სპეკულაციებით. Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao, ასევე ცნობილი როგორც CZ, აცხადებს, რომ მან არაფერი იცის მომხდარის რეალური მიზეზების შესახებ. ამავე დროს, Bloomberg-ის ავტორი Eric Lam ამბობს, რომ ცალსახა პასუხი არ აქვს. Eric Lam-მა ისაუბრა საპირველაპრილო ისტორიაზე, რომელშიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ Bitcoin-ETF დაამტკიცა, როგორც პოტენციურად გავლენის მომხდენი კრიპტო-ბაზარზე. მის პოზიციას CNBC-ც იზიარებს. მეორე მიზეზი, რომელსაც Bloomberg-ი ეყრდნობა - უკავშირდება Brexit-ს, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ ინვესტორები ფუნტს ცვლიან BTC-ზე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს ჩამოშორდა. რამოდენიმე ადრეული პროგნოზიც ამ თეორიას ემყარებოდა. https://cointelegraph.com/news/btc-tests-5-000-amid-2019s-first-major-crypto-market-recovery
- 1 reply
-
- 1
-
-
როგორც ითვლება, PS4 უკანასკნელ წლებს ითვლის. ვრცელდება ხმები, რომ შემდეგი თაობის კონსოლი შესაძლოა მომდევნო წელს გამოვიდეს და როგორც ჩანს, PS4-ის მომავალს PlayStation VR წარმოადგენს. მცირე ხნის წინ გაკეთებულ ანონს Sony State of Play-ზე მთელი პრეზენტაცია ძირითადად ფოკუსირებული იყო სამომავლო VR-თამაშებზე, მათ შორის იყო Iron Man VR, Blood & Truth, Five Nights at Freddy's VR: Help Wanted, აგრეთვე VR-რეჟიმის თამაშებზე, როგორებიცაა Concrete Genie და No Man's Sky. PSVR ჩამონათვალიდან უმეტესობა კონსოლების ექსკლუზივია: ხსენებული თამაშებისთვის თქვენ Sony-ს კონსოლი დაგჭირდებათ. ეს ზუსტად იგივე სტრატეგიაა, რომელიც Sony-მ წარმატებით გამოიყენა PS4 საბაზისო სისტემისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ PS4-ის მფლობელების მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს PSVR-ს, ეს ახალი თამაშები ხელს შეუწყობს მეტი მყიდველის მოზიდვას. ახალი, ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებიდან ითვლება, რომ ყველაზე შთამბეჭდავია Iron Man VR. დემონსტრაციისას მოთამაშეს სრული თავისუფლება და კონტროლი ეძლევა „რკინის კაცზე“, შეუძლია იფრინოს და გადაადგილოს დიდი მასის ნივთები სწორედ ისე, როგორც ფილმებსა და კომიქსებშია. მართვის უნიკალური სქემა ისეთ გამოცდილებასა და შეგრძნებებს ჰპირდება მოთამაშეს, როგორსაც ვერ მიიღებს კონტროლერებით. ისეთი თამაშები, (მაგალითად No Man's Sky და Concrete Genie) რომლებიც არ არინ ექსკლუზიურად VR-ისთვის განკუთვნილნი, აგრეთვე ახალ სტიმულს იძლევა მათთვის, ვინც ამ დრომდე არ დაინტერესებულა მათი თამაშით. ასეთი ნახტომი ვირტუალურ რეალობაში მნიშვნელოვანია, რადგანც Sony-ს არც ისე ბევრი თამაში აქვს PS4-სთვის. მისთვის დაანონსებული თამაშებიდან არც ერთის გამოსვლის თარიღზე სიტყვაც არ თქმულა. Sony მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე პრეზენტაციებს გამოტოვებს, ასე რომ გაურკვეველია, რეალურად როდის გახდება ცნობილი ახალი თამაშების შესახებ მეტი ინფორმაცია. თუმცა PSVR თამაშებისთვის, როგორც წესი, ნაკლები ძალისხმევა და დრო არის საჭირო მწარმოებლების მხრიდან. PS5-ის გამოშვების შემდეგ PS4 დარჩება, როგორც საწყისი დონის ვირტუალური რეალობის ბიუჯეტური სისტემა. Sony-ს, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო დასჭირდება განახლებული PSVR-ის დასამზადებლად. ჰორიზონტზე გამოჩენილი ახალი თამაშების, აგრეთვე კარგი სარეზერვო კატალოგის გათვალისწინებით, რომელიც ნელ-ნელა ივსება, ერთი რამ ცხადია: PSVR იქნება PlayStation 4-ის „გედის სიმღერა“. https://www.theverge.com/2019/4/2/18291093/sony-playstation-4-psvr-future-virtual-reality-iron-man-games-ps5
-
- 1
-
-
კომპანია Ford-მა განაცხადა, რომ Ford-ის პირველი long-range SUV ტიპის ელექტრომობილი, რომელიც Mustang-ის ბაზაზეა შექმნილი, გამოვა 2020 წელს და შეძლებს ერთ დამუხტვაზე დაფაროს 300 მილზე მეტი მანძილი. ხსენებული ელექტრომობილი პირველად დაანონსდა 2018 წელს დეტროიტის ავტოსალონში და მას მოიხსენიებდნენ კოდური სახელწოდებით - „Mach 1”. ჯერ კიდევ 2017 წელს Ford-ის ხელმძღვანელები იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ კომპანიის პირველი სერიული ელექტრომობილებით 300 მილზე მეტი მანძილის დაფარვის უზრუნველყოფას (კომპანიას უკვე აქვს გამოშვებული მთლიანად ელექტრო ჰეჩბექი Focus და სატვირთო - Ranger-ი). მიმდინარე კვირაში გაკეთებული განცხადების თანახმად კი, როგორც ჩანს, ეს იმედი რეალიზებადია. Ford-ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უსახელო ავტომობილი შეძლებს გაიაროს დაახლოებით 600 კმ/370 მილი და იგი ევროპის სატრანსპორტო საშუალებების საგამოცდო პროცედურების, WLTP სტანდარტის შესაბამისად იქნება წარმოდგენილი. WLTP სტანდარტი ამოქმედდა 2018 წელს და მისი მიზანია შეფასდეს თითოეული ელექტრომობილის ენერგომოხმარება. იგი ძველ სტანდარტთან შედარებით მკაცრია, თუმცა მისი შეფასებები უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (Environmental Protection Agency - EPA) მიერ შემუშავებულნი. ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ შეფასებას მიიღებს ახალი ელექტრომობილი. Jaguar I-Pace-მა WLTP სტანდარტის რეიტინგში დაახლოებით 292 მილი მაჩვენებელი დააფიქსირა, EPA-ს დიაპაზონში კი 240 მილს მიაღწია. ამგვარი შეფარდების გათვალისწინებით Ford-ის სამომავლო ელექტრომობილმა შესაძლოა მიაღწიოს 300 მილს. WLTP-სა და EPA-ს სხვადასხვა შეფასებით კი შესაძლოა 330 მილიც დაფიქსირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, 300 მილს ზემოთ არსებული მაჩვენებელი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ Ford-ის ქროსოვერი ელექტრომობილების ლიდერების მწვერვალზე მოხვდეს. დღედღეობით მხოლოდ Tesla-ა ერთადერთი კომპანია, რომლიც აწარმოებს რამოდენიმე ელექტრომობილს 300 მილზე მეტი მანძილის გავლის შესაძლებლობით. Mercedes-Benz-ის, Audi-ის, Jaguar-ის, Hyundai-სა და Kia-ს საუკეთესო მოდელების შესაძლებლობა 200-დან 260 მილი მანძილის დიაპაზონში მერყეობს. ეს მაჩვენებლები შეიცვლება მას შემდეგ, რაც Porsche-ს მთლიანად ელექტრონული მობილები გამოვა გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოს, სხვა მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიები კი რა თქმა უნდა აგრძელებენ და კვლავაც გააგრძელებენ თავიანთი ტექნოლოგიების დახვეწა-გაუმჯობესებას. თავის დროზე Ford-ი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რომ იგი ჩამორჩა კონკურენტებს, ელექტრო მუსტანგის გამოშვება კი ნამდვილად დიდ მოლოდინსა და ინტერესს იწვევს. კომპანიას 10 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა აქვს გამოყოფილი მანქანების ელექტროფიკაციისთვის და ელექტრომობილებით შესაძლებელი გახდება ახალი ერა დაიწყოს კომპანიის ისტორიაში. https://www.theverge.com/2019/4/2/18292752/ford-mustang-ev-mach-1-range-estimate
-
Microsoft-მა განაახლა თავისი საბაზისო მოდელი Surface Book 2. Software-გიგანტის განახლებული 13-დუიმიანი მოწყობილობა წარმოდგენილია Intel-ის მერვე თაობის ოთხბირთვიანი i5 პროცესორით. ლეპტოპის მეორე მოდიფიკაციას კი აქვს მეშვიდე თაობის ორბითვიანი პროცესორი და მისი ფასი 1299 აშშ დოლარი იქნება. განახლებული ოთხბირთვიანი მოდელი კი 1499 აშშ დოლარად გაიყიდება და იგი მოიცავს i5-8350U პროცესორს, რომლის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3,6 გიგაჰერცს აღწევს. ახალ Surface Book 2-ს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი სამომხმარებლო მეხსიერება. ახალი პროცესორი ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ახალ ლეპტოპში, თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმადობის კუთხით. საზოგადოებამ უკვე იხილა ოთხბირთვიანი Surface Pro 6 მოდელების წარმადობის შთამბეჭდავი სხვაობა ორბირთვიან ჩიპებთან შედარებით, რომლებიც წინა თაობის მოწყობილობებში იყო გამოყენებული. Microsoft-ი „Surface Event“-ს ჩაატარებს 17 აპრილს ნიუ-იორკში. მოსალოდნელია, რომ კომპანია დააზუსტებს ფასებსა და ხელმისაწვდომობას თავის Surface Hub 2-ზე, აგრეთვე საზოგადოებას გაუზიარებს ცნობებს სხვადასხვა აქსესუარებისა და Steelcase-ის საოფისე ავეჯის შესახებ. https://www.theverge.com/2019/3/31/18289769/microsoft-surface-book-2-quad-core-processor-i5-model
-
Gmail-ს არსებობის 15 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნავად Google მცირე განახლებას სთავაზობს მომხმარებლებს: ესენია გაუმჯობესებული ფუნქცია Smart Compose Gmail და შეტყობინების და-schedule-ბის საშუალება. Smart Compose განახლება საკმაოდ ბუნდოვანია. Google-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდევ გასული წლის მაისში წარადგინა და იგი მომხმარებლის მიერ ელექტრონულ ფოსტაში დაწყებული წერილის წინადადებების დასრულების საშუალებას იძლევა. Google-ის თქმით, განახლებულ ვერსიას „შეუძლია ადაპტირება განიცადოს იმ პირთან, ვისაც წერილს სწერთ“ იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ინდივიდუალური წერის სტილი. Google აცხადებს, რომ ეს ნიშნავს შემდეგს: Smart Compose-ს ახსოვს თქვენთვის დამახასიათებელი წერის მანერა, თუ როგორ ესალმებით კონკრეტულ კოლეგებს (მაგ. “Hey Team”), თუმცა კომპანია არ საუბრობს მეტი დეტალის შესახებ. კომპანია ირწმუნება, რომ Smart Compose-მა ადამიანებს მოუხსნა აუცილებლობა - აკრიფონ „1 მლრდ სიმბოლოზე მეტი კვირის განმავლობაში“ ინტერნეტში, ამჯერად კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-მოწყობილობებშიც და iOS-ზეც უახლოეს დროში გამოჩნდება. Gmail-ის უფრო მარტივ განახლებას წარმოადგენს შეტყობინების და-schedule-ბის შესაძლებლობა. თუკი დააწკაპებთ „Send”-ის გვერდით ისარზე, გაიხსნება scheduler ფანჯარა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ დრო, მაგალითად „ხვალ დილით“ ან მიუთითოთ კონკრეტული დრო და თარიღი. რა თქმა უნდა, ხსენებული სიახლეები არც ისე გრანდიოზულია, თუმცა შეხსენებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ Gmail ასეთი პოპულარულია ამოქმედებიდან 15 წლის შემდეგაც კი. https://www.theverge.com/2019/4/1/18290065/gmail-scheduling-email-smart-compose-improvements-announced
-
- 1
-
-
ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტა Bitcoin-მა 17%-ით მოიმატა მიმდინარე კვირის ორშაბათს და მიაღწია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. Coindesk-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის ფასი ორშაბათს დილით 4715 აშშ დოლარი გახდა, რასაც თან ახლდა ყოვედღიური ხარული ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. საათობრივი სავაჭრო პერიოდი წინა დღესთან შედარებით 668 დოლარით მეტი მაჩვენებლით დაიხურა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ის ფასი 19,17%-ით გაიზარდა 24-საათიან პერიოდში და მიაღწია 4 926 დოლარს და გაარღვია რეზისტენტულობის 4192 დოლარიანი დონე. შედეგად კრიპტოვალუტა აგრძელებს თავის მცირე ხნის წინანდელ მზარდ ტენდენციას. აგრეთვე მნიშვნელოვნად გაიზარდა Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია - 5,1 მლრდ დოლარით 78,8 მლრდ დოლარამდე ერთ დღეში, რაც 2018 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელს აღემატება. აღსანიშნავი ნაბიჯი გადაიდგა წინ Bitcoin-ხარების წინააღმდეგობისას, რამაც ვითარება შეამსუბუქა და მოხდა გარღვევა რეზისტენტულობის არა ერთ, არამედ სამ დონეზე - 4200, 4420 და 4567 დოლარიან დონეებზე. Bitcoin-ი მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ კრიპტოვალუტას შორის, რომელზეც დადებითად აისახა ბაზარზე ლიკვიდურობის დონის გაზრდა. Ether და Litecoin 5,5 და 8,1 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად, ამავე დროს კი Tron-ი ლიდერებს შორის ტოპ-15-ში შედის და სტატიის წერის მომენტში მასზე ფიქსირდებოდა 12%-იანი ზრდა. https://www.coindesk.com/bitcoin-price-jumps-to-4-month-high-above-4900
- 1 reply
-
- 1
-
-
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თვითმფრინავების ფრთები საკმაოდ მარტივადაა მოწყობილი. თუმცა მათ შიგნით განთავსებულია სადენებისა და სხვა მექანიკური ელემენტებისგან შემდგარი რთული სისტემა. რთული სტრუქტურა პირდაპირ ახდენს გავლენას თვითმფრინავის ღირებულებაზე, მისი აწყობის ხანგრძლივობასა და ტექნიკური მომსახურების ძალისხმევაზე. იმისათვის, რომ თვითმფრინავების ღირებულება შეემცირებინა, კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა წარადგინეს ფრთების გამარტივებული კონსტრუქცია, რომელსაც არ აქვს ცალკეული მოძრავი ელემენტები, არამედ მთლიანად მოქნილი და ადპტირებადია ნებისმიერი დატვირთვისას. ახალი თაობის ფრთების სტრუქტურა წარმოადგენს ათასობით პატარა სამკუთხედების ერთობლიობას და აქვს ბევრი ცარიელი სივრცე. სიმსუბუქისა და მოქნილობის წყალობით, ფრთების დეფორმაციისათვის არ არის საჭირო მრავალი ძრავის გამოყენება - სისტემა დამოუკიდებლად რეაგირებს აეროდინამიკური წნევის ცვლილებებზე. იმისათვის, რომ ფრთებმა სწორი რეაგირება მოახდინონ სხვადასხვა დატვირთვისას, მკვლევარებმა გულმოდგინედ იმუშავეს მათ განლაგებაზე და სხვადასხვა ტიპის მოქნილობის უნარი მიანიჭეს. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით ფრთებს არ აქვთ ისეთი წონა, როგორც ჩვეულებრივ, ლითონისა და კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ ფრთებს. შესაბამისად, ასეთ თვითმფრინავებს ნაკლები ენერგია სჭირდება, რაც აგრეთვე უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. მიმართულების ცვლილებისთვის საჭირო გარკვეული ტრადიციული ელემენტების არარსებობაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ღირებულებას და კონსტრუქციის აწყობის ხანგრძლივობას. https://hi-news.ru/technology/foto-nasa-razrabotala-krylya-dlya-samoletov-novogo-pokoleniya.html
-
უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები შეძლებენ გახდნენ კომუნიკაციის ობიექტები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი ეხება ყვავილებს, რომლებთანაც ახალი ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელი იქნება საუბარი. მაშ ასე, Google წარმოგიდგენთ პროექტს - Tulip. Google-ის ჰოლანდიური ფილიალის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია პროექტ Tulip-ის არსი, პროექტის, რომლის მიზანია მომხმარებლებს მისცეს საშუალება იურთიერთონ თავიანთ ყვავილებთან. ამგვარი რამ შესაძლებელი ხდება ყვავილების ენის დეკოდირების ტექნოლოგიის საშუალებით (უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყვავილები მუდმივად „ეკონტაქტებიან“ ერთმანეთს - სიგნალებს უგზავნიან ფესვების მეშვეობით). Google-ს შეუძლია თავი მოიწონოს - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით ახლა უკვე შესაძლებელია ტიტების ენის გადათარგმნა ადამიანურ ენაზე - „ტიტებთან კომუნიკაცია უზარმაზარ ეკოლოგიურ და სოციალურ სარგებელს მოიტანს“ - ირწმუნებიან ჰოლანდიელები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სარგებელი ორმხრივია, რადგანაც 1) თავიანთი მოთხოვნილებების გამოხატვით მცენარეები გაიუმჯობესებენ სასიცოცხლო პირობებს, და 2) ისინი გახდებიან ადამიანების მეგობრები, რომელთაც ესმით და აძლევენ სხვადასხვა სასარგებლო რჩევას მომხმარებლებს. გასაკვირი არ არის, რომ ტიტების პროექტი ნიდერლანდებში ამოქმედდა - ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად გამოჰყავთ 12,5 მილიარდი ყვავილი. თეორიულად, თითოეული მათგანი შესაძლოა გახდეს ადამიანის თანამგზავრი. მომხმარებელს რაც სჭირდება - ეს არის სმარტფონის მომართვა ან Google Assistant Hub-ის შეძენა. პროექტ Tulip-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=nsPQvZm_rgM და ბოლოს, რაღა თქმა უნდა, ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს იყო Google-ის სააპრილო ხუმრობა https://overclockers.ru/blog/Kotechnol/show/25397/google-tulip--tehnologija-pozvolit-ponimat-jazyk-cvetov
-
დიდია ალბათობა, რომ ფილმ “Matrix”-ის ყურების შემდეგ შავ ეკრანზე მორბენალი მწვანე სიმბოლოების გამოსახულება ყოველ თქვენგანს ღრმად აღებეჭდა მეხსიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოდი ფილმში სხვა არანაკლებ შთამბეჭდავ სცენებთან ერთადაა წარმოდგენილი, იგი “Matrix”-ის ყველაზე ცნობად სიმბოლოს წარმოადგენს. კოდი გამოიყურება მიმზიდველად და შესანიშნავად გამოხატავს Wachowski-ს შედევრის არსს: იქნებ სამყარო ილუზიაა? იქნებ ყველაფერი დაპროგრამებულია? გადიოდა თვეები და წლები, „Matrix” პოპულარობას იხვეჭდა და მაყურებელი დაინტერესდა - საიდან გაჩნდა სიმბოლოები, რომლებითაც ფილმში ასახული „ციფრული წვიმა“ შედგება? კითხვაზე პასუხი იმაზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ფილმის სხვადასხვა საიდუმლოება. 2017 წელს CNET-მა გაავრცელა ცნობა, რომ ეს კოდი იყო უბრალოდ სუშის რეცეპტების ნაკრები. Simon Whiteley - იგი ავსტრალიაში Animal Logic-ის პროდიუსერია და მას აგრეთვე უწოდებენ „ადამიანს, რომელმაც მატრიცას კოდი შექმნა“. იგი აცხადებს, რომ „ციფრულ წვიმაზე“ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც Lana და Lilly Wachowski-ებმა ვეტო დაადეს დიზაინერების მიერ შექმნილ წინა ვერსიას. „Wachowski-ები თვლიდნენ, რომ კოდის დიზაინი ძველმოდური და ტრადიციული იყო. მათ სურდათ, რომ იგი ყოფილიყო უფრო მეტად იაპონური, მანგას სტილში“ - აცხადებს Whiteley. – „და მათ მთხოვეს, ხომ არ მსურდა კოდზე მემუშავა დიდწილად იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე იაპონელია და მას შეეძლო დამხმარებოდა სიმბოლოების შერჩევაში“. ასე, რომ Whiteley წავიდა სახლში და შთაგონების საპოვნელად დაიწყო იაპონური კულინარიული წიგნების ფურცვლა, რომლებიც მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ერთ-ერთმა წიგნმა მისი ყურადღება მიიპყრო, რეცეპტების გამოყენებით კი საბოლოოდ შეიქმნა ფილმის საკულტო დეტალი - ციფრული კოდი. რამოდენიმე კვირის განმავლობაში Whiteley გულმოდგინედ ამუშავებდა და ხელით ხატავდა თითოეულ იაპონურ იეროგლიფს. შემდეგ კი ნიმუში წაუღო Justin Marshall-ს, რომელიც ამჟამად Animal Logic-ში მუშაობს მხატვრად და ვიზუალური ეფექტების შემქმნელად, რათა მას შეგროვილი სიმბოლოები ციფრულად ექცია და დაეწერა კოდი, რომელიც კასკადით „ვარდება“ მთელ ეკრანზე. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ სიმბოლოები უნდა გადაადგილებულიყო ეკრანზე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა Whiteley-ს აზრით იგი არანაირ ემოციას არ იწვევდა. Whiteley დაუბრუნდა პირველწყაროს. ისევე, როგორც უმეტესობა იაპონური ტექსტი - წიგნი იკითხებოდა ზემოდან ქვემოთ. ამიტომ Whiteley-მ სთხოვა Marshall-ს, ამოეტრიალებინა კოდი ისე, რომ იგი სიმბოლოები ზემოდან ქვემოთ ჩამოსულიყო - ასე დაიბადა ისტორია. Whiteley გაოცებულია, რომ მატრიცის მწვანე კოდმა ასეთ პოპულარობა მოიპოვა. მისი თქმით, კოდის შექმნა მისთვის ადვილი იყო. Whiteley აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე დღემდე ინახავენ სუშის რეცეპტების წიგნს, რომელიც მას კოდის შექმნაში დაეხმარა, ახლა კი უკვე საკმაოდ შელახულია, თუმცა უარს ამბობს ამ წიგნის სახელწოდების დასახელებაზე - სურს შეინარჩუნოს „ცოტა იდუმალება და მაგია“. https://hi-news.ru/computers/kak-sozdavalsya-zelenyj-kod-v-matrice-vy-ne-poverite.html
-
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სამხრეთკორეული მცირებიუჯეტური კომუნალური დაწესებულებების უმეტესობა ცუდადაა დაცული ხანძრისგან. გასულ წელს ხანძრისგან ერთ საცხოვრებელ შენობაში შვიდი ადამიანი დაიღუპა, მცირე ზომის საავადმყოფოში კი - 37 ადამიანი. ორივე შემთხვევაში მიზეზი იყო ერთი და იგივე - ახლომახლო არ არსებობდა ცეცხლმაქრი. 2017 წელს კომპანია Samsung-ის სადაზღვევო განყოფილებამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კორეის სამოსახლოს 58%-ს არ აქვს ცეცხლმაქრი. ხანძრის ჩასაქრობი საშუალების მწვავე დეფიციტის პრობლემა შეუძლია მოაგვაროს საოჯახო ცეცხლმაქრმა Firevase-მა, რომელიც შექმნა Samsung-ის შვილობილმა კომპანიამ Cheil Worldwide. აღნიშნული ცეცხლმაქრი გარეგნულად არაფრით მოგვაგონებს ტრადიციულ ცეცხლმაქრს, რადგანც დამზადებულია ყვავილების ლამაზი ლარნაკის ვიზუალით. თუმცა მის ორმაგ ჰერმეტულ „კედლებს“ შორის მოთავსებულია კალიუმის კარბონატი, მშრალი ქიმიური რეაგენტი, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით - Purple K. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა მფლობელმა ლარნაკი ისროლოს ხანძრის კერაში და გამოთავისუფლებული ნივთიერება მომენტალურად ჩააქრობს ცეცხლის ალს. ამ დროისთვის კომპანია ეძებს შესაძლებლობებს - გააფრთოვოს პროგრამის ფარგლები და მთელი ქვეყნის მოსახლეობა მოამარაგოს ახალი ტიპის ცეცხლმაქრებით. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ Firevase-ის გამოყენების ამსახველი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=4QF2V7Ltteg https://www.techcult.ru/gadgets/6592-samsung-razrabotal-granatu-ognetushitel
-
კომპანია Boeing-მა გამოქვეყნა პერსონალური მფრინავი ტრანსპორტის შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის, GoFly-ს შედეგები. კონკურსის აუცილებელი პირობა იყო ვერტიკალური აფრენა-დაშვების რეჟიმის მხარდაჭერა. ფინალისტები მიღებენ 50 ათას დოლარს მოქმედი სრულზომიანი პროტოტიპის აგებისთვის. მთავარი ჯილდო კი მილიონნახევარ დოლარს შედაგენს. Flykart2 პირველი ფინალისტია Flykart2, რომელმაც აფრენა მეორე მცდელობაზე შეძლო. პილოტი ზის სპორტულ სავარძელში, რომელიც გარშემორტყმულია პროპელერებიანი ათი ძრავით და ჯამში ქმნიან ერთიან კორპუსს. კიდეები საიმედოდაა დაცული დამცავი მილებით და ეს დიდი პლუსია სხვა მოდელებთან შედარებით. მოტოციკლის მინუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ Flykart2 მძიმეა, ძალიან დიდია და სჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია ფრენის ნებისმიერ რეჟიმში. Eva Aviabike მეორე ფინალისტი გახლავთ Eva Aviabike. Aeroxo-ს გუნდმა ფსონი დადო ე.წ. rotary ძრავის ტექნოლოგიაზე, ამიტომ მათ ერთადგილიანი კონვერტოპლანი ააგეს. Eva Aviabike-ს 16 ძრავი აქვს, რომლებიც აერთიანებს მოწყობილობის ოთხ სექციას, თითოეული მათგანი rotary-მექანიზმითაა აღჭურვილი. აფრენისას ისინი ჰოროზონტალურად განლაგდება, სიჩქარის მატებისას კი აპარატი იწყებს ორი მოკლე ფრთის გამოყენებას, რაც საშუალებას აძლევს მას იმოძრაოს თვითმფრინავივით. მოტოციკლში პილოტი ისევეა განთავსებული, როგორც სპორტულ მოტოციკლში, ზის წინ გადახრილი. დიდი დამცავი საქარე მინის არსებობა იმედს იძლევა, რომ აპარატი შეძლებს მაღალ სიჩქარეზეც მოახერხოს ფრენა და მანევრირება. აგრეთვე, მიიჩნევა, რომ მისი გარეგნული დიზაინი სხვა კონცეპტებზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება. Silverwing S1 მესამე კონკურსანტის შემთხვევაშიც გამოყენებულია აფრენის შემდეგ ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურ მდგომარეობაზე გადასვლის პრინციპი, თუმცა აპარატი ამავე დროს მთლიანად ტრიალდება. პილოტი აფრენისა და დაშვებისას ვერ ხედავს მის ქვემოთ არსებულ სივრცეს, რაც მართვისას სერიოზულ რისკებს ქმნის. ჰორიზონტალური ფრენისას კი პილოტს მოუწევს ბალანსი შეინარჩუნოს საკმაოდ მოუხერხებელი პოზიციიდან, ამასთან, პილოტის წონას დამატებული თავად აპარატის მასა - ეს საკითხიც კითხვებს იწვევს. ჯამში კი Silverwing S1 არც ისე ცუდად დაფრინავს და არსებობს შანსი, რომ ინჟინრები შეძლებენ გადაჭრან არსებული პრობლემები. თანაც ამ მოდელს სხვა კონკურენტებისგან გამოარჩევს მოკრძალებული გაბარიტები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სამომავლო კომერციული წარმოებისათვის. https://www.techcult.ru/technics/6586-boeing-nazval-finalistov-konkursa-gofly
-
იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა აამოქმედა Bitcoin-ის over-the-counter სავაჭრო სივრცე მსხვილი ინსტიტუციონალიზებული ინვესტორებისთვის. Coincheck OTC სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირი გზით ივაჭრონ Bitcoin-ის დიდი მოცულობებით - 50 BTC-დან (207 ათასი აშშ დოლარი) დაწყებული - რაშიც გამოიყენებენ Coincheck-ში არსებულ ვებ-ინტერფეისებს. მუშაობის საათები სამუშაო დღეებში განსაზღვრულია - 10: 00-15: 00 (JST), overtime-ვაჭრობა და Coincheck-აპლიკაციის ან API trading-ის გამოყენება დაუშვებელია - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. Coincheck-ში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი მსხვილ ინსტიტუციონალიზებულ მოთამაშეებს საშუალებას მისცემს სწრაფად იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტების დიდი მოცულობები. აგრეთვე კომპანიამ მიუთითა, რომ სამომავლოდ განიხილება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებაც. როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, აშშ-ის უმსხვილესმა კრიპტო-გაცვლებისა და საფულეების პროვაიდერმა Coinbase-მა აამოქმედა საკუთარი OTC სერვისი ინსტიტუციონალიზებული მომხმარებლებისთვის 2018 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ იგი მთლიანად რეგულირებად ბროკერად აქცია. Coincheck-მა, როგორც ცნობილია, დაჰაკვის შედეგად რეკორდული დანაკარგი (532 მლნ) განიცადა გასული წლის იანვარში. იგი შეისყიდა იაპონურმა საბროკერო კომპანია Monex Group-მა 2018 წლის აპრილის შუა პერიოდში აქციონერებისა და მართვის რეორგანიზების მიზნით. ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ Monex CoinCheck-მა მთელი რიგი ზომები მიიღო თავისი სავაჭრო და უსაფრთხოების დაცვის სისტემების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე ზარალი აუნაზღაურა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს პლატფორმის გატეხვის შედეგად. 2018 წლის ნოებრის შუა პერიოდში Coincheck-მა განაახლა კრიპტო ვაჭრობა, აგრეთვე შეუერთდა The Japan Network Security Association-ს საკუთარი იმიჯის აღსადგენად. ბირჟამ ექსპლუატაციაზე მიიღო ლიცენზია იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტოსგან 2018 წლის დეკემბერში. https://cointelegraph.com/news/coincheck-launches-bitcoin-otc-trading-desk-for-large-scale-institutional-clients
-
- 1
-
-
მცირე ხნის წინ კორპორაცია Intel-მა ჩაატარა შიდა ღონისძიება Xe Unleashed, სადაც გუნდმა წარადგინა თავიანთი უკანასკნელი ხედვები Xe ვიდეო ბარათებზე. ინტერნეტ-წყარო ირწმუნება, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პოტენციური პარტნიორებიც, მაგალითად ASUS. ინტერნეტში გავრცელდა ამ დახურული ღონისძიების რამოდენიმე სლაიდი, თიზერი და გარკვეული ინფორმაცია ვიდეო ბარათებზე. პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ Intel Xe დასახელებაში მოცემული „e” აღნიშნავს ვიდეო ბარათში გამოყენებული GPU-ების რაოდენობას. კერძოდ, ფლაგმანური ბარათი იქნება ამაჩქარებელი X2 - იგი წარმოდგენილი იქნება ორი GPU-თი და ბაზარზე გამოვა მომდევნო წლის 31 ივნისს. Intel Xe გადაწყვეტილებაში მოიაზრება ნოვაციები სამი მიმართულებით: ტექნოპროცესი, მიკროარქიტექტურა და „e”. ამ დრომდე კონცეფცია „e” არც ერთი მწარმოებლის მეირ არ ყოფილა იდეალურად რეალიზებული: ორმაგ გრაფიკულ ამაჩქარებლებს მუდამ ჰქონდათ პრობლემები. Intel-ის გრაფიკოსთა გუნდმა, როგორც ცნობილი ხდება, გადაჭრა ეს პრობლემა Xe-ს ახალი არქიტექტურისა და პროგრამული სიახლის - OneAPI-ის წყალობით. წარმოდგენილ სლაიდებზე დასტურდება მასშტაბირების ცნობა და ასევე ვხედავთ მითითებულ X4 ვიდეო ბარათების არსებობის მანიშნებელს, რომლებიც როგორც ჩანს მოგვიანებით (2021) გამოვა და გათვლილი იქნება ენთუზიასტებზე. პრეზენტაციის თანახმად, სისტემა რამოდენიმე GPU-ის მქონე ბარათს აღიქვამს როგორც ერთ ამაჩქარებელს და მწარმოებლებს აღარ მოუწევთ იზრუნონ ოპტიმიზაციის კოდზე რამოდენიმე GPU-ისთვის - ყველაფერზე OneAPI იზრუნებს. კომპანია აგრეთვე შეძლებს უარი თქვას ჩიპების ჩვეულებრივ ლითოგრაფიაზე, რომელიც ამჟამად 800 მმ2 დიაპაზონში იმყოფება. რატომ უნდა გამოუშვან ერთი 800-მილიმეტრიანი კრისტალი, როცა შესაძლებელია გამოიყენონ ორი 600-მილიმეტრიანი ან ოთხი 400-მილიმეტრიანი?! OneAPI-თა და Xe მიკროარქიტექტურით აღჭურვილი Intel-ი გეგმავს 2024 წელს გამოუშვას ვიდეო ბარათები რვა GPU-ით. ინტერნეტში გავრცელებული თიზერის თანახმად კორპუსის დიზაინი ნახშირბადის ბოჭკოებითაა შექმნილი და აქვს ლურჯი აქცენტები (ზოლები სიბნელეში გაანათებს). პირველი ეტალონური დიზაინი დამზადდება ASUS-სთან თანამშრომლობით. ინტერნეტ-წყარო იტყობინება, რომ ვიდეო ბარათს ექნება ორი რეჟიმი: სტანდარტული და ტურბო რეჟიმი წყლის ბლოკთან მიერთებისას, იგი უზრუნველყოფს 2,7 გიგაჰერცი ტაქტის სიხშირის განვითარებას. Intel-ს დაგეგმილი აქვს მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ფასების მხრივაც: X2 ფლაგმანური ბართი 699 აშშ დოლარი ეღირება, იგი დაკომპლექტდება ახალი ტიპის მეხსიერებასთან - 4D Xpoint-თან და აპარატულად ექნება ფუნქცია Direct3D 14_2-ის მხარდაჭერა. https://3dnews.ru/985070
-
CNBC-ის ახალი ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სფეროს მკვლევარმა ორმა “white hat” ჰაკერმა დამტვრეულ Tesla Model 3-ში აღმოაჩინა უამრავი დაუშიფრავი მონაცემი ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე კამერების მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია. ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ Tesla-ისთვის, თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა ცხადად მიუთითებს, რომ მეორადი ელექტრომობილები შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ყოფილი მფლობელებისთვის, მიუხედავად იმისა - მანქანა სხვა პირს მიჰყიდეს თუ ავარიაში დაიმტვრა. მკვლევარი ჰაკერები აცხადებენ, რომ მათ Model 3 2018 წლის ბოლოს შეიძინეს. როდესაც მათ წვდომა მიიღეს ავტომობილის კომპიუტერზე, აღმოაჩინეს „სულ მცირე 17 სხვადასხვა მოწყობილობისგან მიღებული“ დაუშიფრავი მონაცემები (ელექტრომობილი ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანიას და სავარაუდოდ, მას კომპანიის არაერთი თანამშრომელი იყენებდა). ჰაკერების მიერ აღმოჩენილ მონაცემებში შედიოდა ყოფილი მძღოლების ან მგზავრების 11 სატელეფონო წიგნაკი ტელეფონის ნომრებით, ელექტრონული ფოსტის მისამართებით და კალენდრული ჩანაწერებით. მკვლევარებმა აგრეთვე შეიტყვეს ელექტრომობილის მდებარეობის ბოლო 73 ადგილი, რომლებიც დაკავშირებული იყო ელექტრომობილის სანავიგაციო სისტემასთან. გარდა ამისა, ავტომობილის კამერაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი შვიდიდან ერთ-ერთი კამერის მიერ გადაღებული კადრები. მასში შესული იყო წინა ავარიის ამსახველი ფრაგმენტები. ერთ-ერთმა მკვლევარმა CNBC-ის აცნობა, რომ მსგავსი მონაცემები მან იპოვა Tesla-ს სხვა ელექტრომობილებშიც, მათ შორის Tesla Model S-ში, Model X-სა და კიდევ ორ Model 3-ში. „იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ რთულია Tesla ტექნიკურად, მეტად გაოცებული ვარ, როგორ შეუძლიათ ასე უდიერად მოეპყრონ მფლობელის მონაცემებს“ - აცხადებს Ashkan Soltani, FTC-ის ყოფილი მთავარი ტექნოლოგი და კომპიუტერული უსაფრთხოების მკვლევარი. Tesla-ს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ იგი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წაშალონ პირადი მონაცემები. „კომპანია მუდმივად ისწრაფვის იპოვოს და გააუმჯობესოს სწორი ბალანსი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მოთხოვნილებებსა და კლიენტების კონფიდენციალურობას შორის“. ახალ სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ შეინახონ არა მარტო მფლობელის პირადი, არამედ ავტომობილის შესახებ არსებული მონაცემებიც. Tesla-ს ელექტრომობილები დიდი რაოდენობით ინფორმაციას აგროვებენ და ინახავენ, რადგანაც აღჭურვილნი არიან დიდი რაოდენობით სენსორებით. თუმცა პრობლემა მხოლოდ Tesla-ს არ ეხება: გასული წლის მაისში Volkswagen-ის ყოფილმა მფლობელმა The Verge-ის ჟურნალისტებს აცნობა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია წვდომა ჰქონდეს თავისი ყოფილი Jetta-ს ადგილმდებარეობაზე, რომელიც მან რამოდენიმე თვის წინ გაყიდა. როგორც CNBC აღნიშნავს, პირადი მონაცემების შენახვა - ეს პრობლემაა, რომელიც უფრო მეტად ავტომობილის ქირაობასთანაა დაკავშირებული. თუმცა ახალ ავტომობილებში, რომლებიც უამრავი სხვადასხვა სენსორით არიან წარმოდგენილი, უფრო მეტი ინფორმაცია ინახება მფლობელზე, ვიდრე რამოდენიმე დღით გაქირავებულ ავტომობილებში. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, ზემოთხსენებული Jetta-ს მფლობელმა არ იცოდა, რომ გაყიდვამდე უნდა წაეშალა მონაცემები. ამგვარად, ახალი ავტომობილების მფლობელებს მოუწევთ სატრანსპორტო საშუალებებს ისევე მოეპყრონ, როგორც სმარტფონებს და აუცილებლად წაშალონ ყველა პირადი მონაცემი, სანამ მას ვინმეს მიჰყიდიან. „ვფიქრობ, მანქანათმშენებლებმა რაიმე ზომები უნდა მიიღონ, რათა უზრუნველყონ გარანტია, რომ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი არასანქცირებული წვდომისას (მაგალითად, მეორე მფლობელის ან ავტოსალონებისთვის)“ - წერს Soltani. – „ადგილმდებარეობა და პირადი კონტაქტები განსაკუთრებით მგრძნობიარე და ინდივიდუალურია და მე ვფიქრობ, რომ მათი დატოვება განსაკუთრებით პრობლემატურია. თანაც გაითვალისწინეთ ისიც, რომ სმარტფონებისგან განსხვავებით ავტომობილები მოხმარებაში ათწლეულების მანძილზე რჩება“. https://www.theverge.com/2019/3/29/18287519/tesla-model-3-hack-security-automobile-car-data-privacy
-
The New Zealand Herald-მა გამოაქვეყნა Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის, Sheryl Sandberg-ის წერილი, რომელშიც მოცემულია, რომ კომპანია მუშაობს ორი კვირის წინ ახალ ზელანდიაში მეჩეთში მომხდარ ტერორისტული თავდასხმის საკითხზე. წერილში Sandberg-ი აღწერს სამ ეტაპს, რომელთაც განახორციელებს Facebook-ი ლაივ-ვიდეოების გაკონტროლების მიზნით. ერთ-ერთია „ლაივ-ჩართვების შეზღუდვა“. Sandberg-მა თავდასხმა დაახასიათა, როგორც „ნამდვილი ბოროტების აქტი“ და განაცხადა, რომ კომპანია აპირებს გააანალიზოს რა მოხდა. ამისთვის იგი თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან. Christchurch-ის თავდასხმის შემდეგ Facebook-მა წაშალა 1,5 მლნ ვიდეოჩანაწერი მთელ მსოფლიოში, მათგან მილიონ ორასიათასი ატვირთვისთანავე დაიბლოკა. თავის წერილში Sandberg-ი ამბობს, რომ კომპანია მიიღებს სამეტაპიან ზომებს. პირველი ნაბიჯი - Facebook-ი ჩართვისთანავე შეისწავლის, გაანალიზებს იმ ლაივ-ვიდეოებს, რომლებიც საზოგადოებრივ ნორმებს არღვევს. კომპანია უფრო მეტ რესურსს ჩადებს სისტემებში, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ ძალადობრივი ვიდეოების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვიდეო დარედაქტირებულია. Sandberg-მა აღნიშნა, რომ ძიებისას იპოვეს ზემოთხსენებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოს 900-ზე მეტი ვარიაცია. მეორე ნაბიჯი - „მიღებულ იქნება უფრო გადამწყვეტი მეთოდები ჩვენს პლატფორმაზე სიძულვილის მოსასპობად“. მიმდინარე კვირაში Facebook-მა უკვე გააჟღერა, რომ იგი კრძალავს თეთრი ნაციონალისტური და სეპარატისტული ფაქტორების შემცველ კონტენტს. Sandberg-ი აცხადებს, რომ კომპანიამ პლატფორმიდან უკვე წაშალა მსგავსი ორგანიზაციების მთელი რიგი ჯგუფები, აგრეთვე დაბლოკავს ამგვარი ჯგუფების წამახალისებელ და მაქებარ კონტენტსაც. მესამე, ბოლო ნაბიჯი, რომელსაც Sandberg-ი აღწერს, იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მხარდაჭერას გაუწევს „ოთხ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულნი არიან კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებით ახალ ზელანდიაში. Facebook-ი მზადაა იმუშაოს კომისიასთან ერთად, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-საიტებისა და სოციალური ქსელების ფუნქციონირების შესწავლისთვის. მედია-პლატფორმებმა თავდასხმაში თავისი როლი ითამაშეს. Sandberg-ის წერილში კონკრეტულად არ არის ახსნილი, თუ რას ნიშნავს ლაივ-ვიდეოების შეზღუდვა, თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდი: მაგალითად, თუკი კონკრეტულმა ადამიანმა ოდესმე დაარღვია ვებ-გვერდზე საზოგადოებრივი სტანდარტები, სავარაუდოდ ამგვარ პირებს შეეხება გადამოწმება და შეზღუდვა. ბოროტმოქმედმა თავდასხმა თავად გაიაღო, თავდაპირველად ჩანაწერი მხოლოდ 200-მა პირმა ნახა, ტექნოკომპანიები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ვიდეოს გავრცელებისთვის. Facebook-ი მსგავს პრობლემას შეეჯახა 2017 წელსაც, როდესაც Cleveland-მა მკვლელობის ამსახველი ვიდეო თავის პროფილზე გამოაქვეყნა, სადაც იგი რამოდენიმე საათის განმავლობაში იყო განთავსებული. https://www.theverge.com/2019/3/30/18288254/facebook-sheryl-sandberg-christchurch-new-zealand-attack-exploring-live-video-restrictions
-
კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-მა, რომლის ოპერატორსაც წარმოადგენს ფინანსური კორპორაცია Intercontinental Exchange (ICE), წარადგინა დირექტორთა საბჭო. მას სათავეში უდგას კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე Tom Noonan. “ჩვენ აღებული გვაქვს სრულიად ახალი კურსი, რაც მოითხოვს მძიმე, უწყვეტ მუშაობას ყოველი ჩვენგანისგან, მათ შორის დირექტორთა საბჭოსგან. მსურს წარვადგინო წევრები: საბჭოს თავმჯდომარე იქნება Internet Security Systems-ის, JouleX-ისა და Endgame-ის დამფუძნებელი Tom Noonan. ჩვენ აგრეთვე შემოგვიერთდა ICE-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი Jeff Sprecher, SoftBank-ის მმართველი პარტნიორი Akshay Naheta და Goldfinch Partners-ის მმართველი Sean Collins” - დაწერა ოფიციალურ ბლოგზე Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა Kelly Loeffler-მა. მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია დაასახელოს ზუსტი თარიღი, თუ როდის ამოქმედდება პლატფორმა Bitcoin-ფიუჩერსების ვაჭრობისთვის, თუმცა განაცხადა, რომ ინიციატივის განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე სახეზეა. Bakkt-ი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის სავაჭრო ბირჟების კომისიასთან, რათა მიიღოს ნებართვა ICE Futures US-ის ლისტინგ-ფიუჩერსებსა და ICE Clear US-ის კლირინგზე. უახლოეს მომავალში პლატფორმა აგრეთვე წარადგენს საკუთარ custody-გადაწყვეტილებას, რომელიც, Loeffler-ის თქმით, გახდება ახალი სტანდარტი ციფრული აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ზოგიერთი მონაცემებით, Bakkt-ის საინვესტიციო შეფასება 740 მლნ დოლარს აღწევს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა A სერიის ფარგლებში მასობრივი ფინანსირების რაუნდით (მიღებულ იქნა 182 მლნ დოლარი), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ Microsoft, Boston Consulting Group, Galaxy Digital და ა.შ. Bakkt-ის იურიდიული საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი გახლავთ Erik Haas – ICE-ის ყოფილი ფუნქციონერი, სტრატეგიული საოპერაციო დირექტორის თანამდებობა კი დაიკავა Rachel Ford-მა, რომელიც TechStars-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერია. https://forklog.com/v-bakkt-rasskazali-o-razvitii-platformy-i-predstavili-sovet-direktorov/
-
- 1
-
-
ჩინურმა ტექნო კომპანია Xiaomi-მ მცირე ხნის წინ წარადგინა მეორე თაობის გეიმინგ-სმარტფონი Black Shark. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, სმარტფონი მუშაობს პროცესორ Snapdragon 855-ზე, აქვს 12 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება, 128 ან 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება (მოდიფიკაციის შესაბამისად) და ოდნავ შეცვლილი და განახლებული დიზაინი ორ წინამორბედ სმარტფონთან შედარებით. ამჟამად უკვე ცნობილი გახდა, რომ კომპანია ოფიციალურად იწყებს Xiaomi Black Shark 2 სმარტფონის გაყიდვას ევროპის ბაზარზე. ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ხსენებული სმარტფონის ოთხი მოდიფიკაციიდან ორი ვარიანტი. ესენია 8/12 გბ ოპერატიული და 128/256/ გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელები. ჩინეთში ამათ გარდა აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები 6/128 გბ და 8/256 გბ მოცულობით. კონტინენტური ევროპის ტერიტორიაზე სმარტფონის ფასი (მეხსიერების მოცულობის გათვალისწინებით) შეადგენს 549 და 649 ევროს, შესაბამისად. დიდ ბრიტანეთში ეს მოდიფიკაციები გაიყიდება 479 ფუნტად (555 და 650 ევროდ). შედარებისთვის, ჩინეთის ტერიტორიაზე 8/128 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 465 ევროს (3499 იუანი) შეადგენს, 12/256 გიგაბაიტი ვერსიისა კი 555 ევროა (4199 იუანი). გეიმინგ-სმარტფონის სხვა მახასიათაბლებიდან აღსანიშნავია 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა, 27-ვატიანი სადენიანი დატენვის მხარდაჭერა, ორი ძირითადი კამერა 48 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით და 20 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ეკრანის დიაგონალი 6,39 დუიმს შეადგენს. გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს. დისპლეიზე ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25348/xiaomi-black-shark-2-nachal-oficialno-prodavatsja-v-evrope
-
Intel Optane ტექნოლოგიის ბაზაზე არსებული პროდუქტების ბაზარზე გამოჩენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, განსაკუთრებით ბიუჯეტურ სისტემებში, რომელთაც მხოლოდ ერთი ვინჩესტერი გააჩნიათ. თუმცა უმეტესობა მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდა: მეხსიერება საკმაოდ ძვირადღირებული იყო და მისი მხარდაჭერა ჰქონდა მხოლოდ პროცესორებს - Intel Core i3, i5, i7 და i9 (მეშვიდე თაობიდან დაწყებული). როგორც ჩანს, Intel-მა დაიწყო მუშაობა მარკეტინგული შეცდომის გამოსწორებაზე და ზედმეტი ხმაურის გარეშე დაამატა Optane-ის მხარდაჭერა დაბალი ფასის სეგმენტის Pentium და Celeron პროცესორებზე. ბუნებრივია, ყველა მოდელი არ არის გამოსადეგი ამ ოფციისთვის, ამიტომ მხარდაჭერა ექნება მხოლოდ მერვე თაობის (და ზემოთ) პროცესორებს. ამას გარდა, საჭირო იქნება 17.2 ვერსიის Intel RST დრაივერი და შესაბამისი დედა დაფა განახლებული BIOS-ით. ფოტოს წყარო: Intel უნდა აღინიშნოს, რომ Intel Optane ბარათების ღირებულება სტანდარტულ SSD-ებთან შედარებით კვლავ საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჯერჯერობით ამოცანად რჩება, რა არჩევანს გააკეთებენ ეკონომ-კლასის მომხმარებლები. https://overclockers.ru/blog/id_1/show/25364/intel-bez-lishnego-shuma-dobavljaet-podderzhku-optane-dlja-processorov-pentium-i-celeron
-
პირველმა ვერტმფრენმა, რომელიც განკუთვნილია მარსზე გამოყენებისთვის - Mars Helicopter -მა წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პირველი სერია, აცხადებს NASA. საფრენ აპარატ Mars Helicopter-ს მარსზე გაგზავნიან ახალ მარსმავალთან ერთად 2020 წელს. მან დანიშნულების ადგილს სხვა აპარატურასთან ერთად უნდა მიაღწიოს 2021 წლის თებერვალში. მიიჩნევა, რომ Mars Helicopter-ი განახორციელებს არაუმცირეს ხუთ სატესტო ფრენას. ვერტმფრენის მეშვეობით სამეცნიერო მისიების განხორციელება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ორკილოგრამიანი მინი-ვერტმფრენების წარმოება 2013 წლიდან მიმდინარეობს. იგი აღჭურვილია მზის პანელებით, რათა უცხო პლანეტაზე ენერგიის წყარო მოიპოვოს. უახლოეს პერიოდში ვერტმფრენს ახალი გამოცდები ელის - მან უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მუშაობა მარსის ბუნებრივ პირობებში, სადაც ღამით ტემპერატურა შესაძლოა -90°C-მდე დაეცეს. გარდა ამისა, ინჟინრებმა სპეციალურ კამერაში შეამოწმეს აპარატის უნარი - როგორ იფრენს იგი მარსულ ატმოსფეროში, სადაც წნევა დედამიწაზე 30500 მეტრ სიმაღლეზე არსებული წნევის ეკვივალენტურია. ტესტირება ჩატარდა 7,62 მეტრი სიგანის სპეციალურ დახურულ სივრცეში, რომელიც ნახშირორჟანგით იყო სავსე: მკვლევარებმა თავდაპირველად ოთახიდან ამოტუმბეს მთელი აზოტი, ჟანგბადი და სხვა აირები, შემდეგ კი კამერა ნახშირორჟანგით გაავსეს. აგრეთვე, ხელოვნურად შექმნეს სუსტი გრავიტაცია. ვერტმფრენმა დაამტკიცა, რომ შეძლებს მარსზე ფრენას. მინი-ვერტმფრენი აღჭურვილია კამერით, რათა დააფიქსიროს პლანეტის ზედაპირის საინტერესო მონაკვეთები შემდგომი შესწავლისათვის. იგი აგრეთვე შეაგროვებს მონაცემებს, რათა შეადგინოს მარსმავალისთვის სამოძრაო მარშრუტები შემდგომი მისიებისთვის. მას შემდეგ, რაც აპარატის მარსზე გადაადგილებას და ფუნქციონირებას დააკვირდებიან, ინჟინრები შეძლებენ შექმნან გაუმჯობესებული მოწყობილობები, სადაც გამოსწორებული იქნება ის ხარვეზები, რაც ზემოთხსენებულ მინი-ვერტმფრენს აღმოჩნდება. https://hightech.fm/2019/03/29/mars-helicopter https://hi-news.ru/technology/nasa-uspeshno-protestirovalo-marsianskij-vertolet-v-kamere-s-uglekislym-gazom.html
-
მათთვის, ვისაც ურჩევნია აეროპორტამდე საკუთარი ავტომანქანით მივიდეს, კომპანია Stanley Robotics-მა შექმნა პარკინგ-რობოტი, რომელიც მანქანას გადაიყვანს და დააყენებს სპეციალურ დახურულ საპარკინგე მოედანზე. ამისათვის აუცილებელია მომხმარებელმა მანქანა დააყენოს კომპანიის რომელიმე ავტოფარეხში, დაადასტუროს ჯავშანი ტერმინალში და ამის შემდეგ უკვე შეუძლია თავისი საქმეები განაგრძოს. დაბრუნებისას კი რობოტი წამოიყვანს ავტომობილს და მიუყვანს მფლობელს. პარკირების სივრცე, სადაც რობოტი ახდენს ავტომობილის ტრანსპორტირებას, დახურულია სამოძრაოდ - ამ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მხოლოდ რობოტ Stan-ს აქვს. ამიტომ, მინიმუმამდეა შემცირებული მანქანების დაზიანების შემთხვევები, რასაც უყურადღებო მძღოლების ქმედებები იწვევს. რობოტი, სახელად Stan, სატესტო რეჟიმში მუშაობს ამჟამად საფრანგეთის აეროპორტ Lyon-Saint Exupery-ში. თუკი რობოტის საქმიანობა წარმატებულად ჩაითვლება, მსგავსი მოწყობილობები სხვა ტერმინალებშიც გამოჩნდება. Stan-ის ფუნქციონირება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=75&v=ZYVXGYHw8Eg https://www.techcult.ru/robots/6534-pervyj-robot-parkovshik-sten
-
NASA-მ გამოაქვეყნა შეჯიბრ „3D-Printed Habitat Challenge“-ის შედეგები. კონკურსი 2015 წლიდან მოქმედებს და მონაწილეებს ამოცანად ჰქონდათ დასახული - შეექმნათ უცხოპლანეტური ბაზის საცხოვრებელი მოდულების კონცეპტი. სამივე გამარჯვებული გუნდი ამერიკულია და თითოეული ჯგუფი ჯილდოდ 100 ათას დოლარს მიიღებს. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამი განსხვავებული მარსული საცხოვრებლის დიზაინი, არქიტექტურა და მშენებლობის ტექნოლოგია. პირველი გამარჯვებული გუნდის - SEArch+/Apis Cor-ის პროექტი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ვერტიკალურ ნაგებობას, რომელიც რაღაც შუალედურია კოშკსა და მრავალსართულიან შენობას შორის. თეორიულად, შენობაში გამოყენებულია პასიური განათების სისტემა, მოცემულია სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემები და აქვს გარე კედლების უნივერსალური მოპირკეთება. შენობის ფასადის გამაგრება შესაძლებელია მასზე 3D-ბეჭდური ელემენტების მიმაგრებით. მეორე გუნდის - Team Zopherus-ის პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი, მარსული ნედლეულის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამოყენება. ქვიშისა და მტვრისგან, რომელთაც რეაგენტები დაემატება, დამზადდება ბეტონის მსგავსი მასალა ფუნქციათა ფართო სპექტრით. იგი გვევლინება, როგორც თერმოდაცვის საშუალება, დეკორატიული ელემენტებისთვის გამოსადეგი მატერიალი და მთავარი მასალა კედლებისა და იატაკისთვის. დედამიწიდან მხოლოდ კარკასებისა და 3D ბეჭდვის მასალების წაღება იქნება საჭირო, დანარჩენს კი კოლონისტები ადგილზე დაამზადებენ. მესამე ადგილი ერგო გუნდს - Mars Incubator, რომელმაც შექმნა „უნივერსალური ექვსკუთხედები“ - საბაზისო ელემენტები, რომელთაგანაც ნებისმიერი შენობა-ნაგებობა აიწყობა. საკმარისია მხოლოდ საჭირო „ბირთვის“ დაბეჭდვა და მისი ჩადგმა ტიპიურ კარკასში, რათა მიიღოთ კარი, ფანჯარა, ინსტრუმენტების დახლი და ა.შ. https://www.techcult.ru/technology/6596-konkurs-na-sozdanie-marsianskogo-zhilisha
-
- 1
-
-
Cointelegraph-თან საუბრისას უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ გამოთქვა აზრი, რომ მცირე ხნის წინ ყალბი სავაჭრო ბრუნვების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები სასარგებლოა და დადებითად აისახება ინდუსტრიაზე. მისი თქმით, Bitwise Asset Management-ის, The TIE-სა და სხვა კომპანიების კვლევები დაეხმარება კრიპტო ინდუსტრიას - გახდეს უფრო გამჭვირვალე. აგრეთვე, მისი აზრით, არ ღირს მანიპულირებაში პოპულარული სერვისის, CoinMarketCap-ის დადანაშაულება. „CoinMarketCap-ს ამ საკითხში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა ყველა ცდილობდა ბრალი მისთვის დაედო. ამ სერვისში მოქმედებს მეტად მარტივი მექანიზმი, სადაც თითოეული ბირჟა უბრალოდ ახდენს საკუთარი მონაცემების გადაცემას“ - აცხადებს Zhao. Binance-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კრიპტოსავალუტო პლატრფორმებმა გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიონ საეჭვო ტრანზაქციები, სრულყონ ანალიზის მეთოდები და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ უსაფრთხოების საკითხს. „ჩვენ დავუკავშირდით CoinMarketCap-ის გუნდს, რათა სერვისს დავეხმაროთ საიმედო და შემოწმებული ინფორმაციის წარმოდგენაში. აგრეთვე, მე ვთვლი, რომ აუცილებელია სანქციები: მაგალითად, მისი ბირჟის რეიტინგიდან გარიცხვა, ვინც აყალბებს მონაცემებს“ - აღნიშნა Zhao-მ. მცირე ხნის წინ ანალიტიკურმა რესურსმა CoinMarketCap-მა დაადასტურა, რომ კრიპტო ბირჟებზე გაყალბებული და შეუსაბამო სავაჭრო ბრუნვის მოცულობები ნამდვილად არსებობს. სერვისი აპირებს დანერგოს ახალი საზომები და ინდიკატორები არასანდო მონაცემებთან საბრძოლველად. კერძოდ, CoinMarketCap-ი გამოიკვლევს კრიპტოსავალუტო ბირჟების ტრაფიკს, ცივი და ცხელი საფულეების ბალანსს, აგრეთვე ლიკვიდურობის მაჩვენებლებს. https://forklog.com/glava-binance-otchety-o-fejkovyh-obemah-polezny-dlya-kriptoindustrii/
-
- 1
-
-
ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე, ზღვის მკაცრ სანაპიროზე ღირსშესანიშავი ადგილების რიცხვს კიდევ ერთი შეემატა. მონახულების მსურველთათვის კომპანია Snøhetta-მ გახსნა რესტორანი “Under”. რესტორნის უდიდესი ნაწილი წყლის ქვეშაა განთავსებულია. მისი მთავარი დარბაზის ფანჯრები წყლის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის ქვემოთ ზღვაში იმყოფება. არსებითად, რესტორანი მეტად არასტანდარტულ ინჟინრულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი აგებულია რკინაბეტონისგან და შემდეგ გადაიტანეს დამონტაჟების ადგილას. ჰერმეტული ფანჯრები, ტიხრები, კომუნიკაციათა უმეტესობა - ყველაფერი წინასწარ დამონტაჟდა ახლომდებარე ქარხანაში. შენობა ნაწილობრივ ჩაუშვეს წყალში არსებულ ბეტონის საძირკველზე და მასზე მიამაგრეს. სტრუქტურის სიღრმე 34 მეტრია, ფართობი - 600 კვ.მ. კედლების სისქე 1 მეტრს აღემატება. კონსტრუქციის შემქმნელები აცხადებენ, რომ მათი ქმნილება ნებისმიერი სიმძლავრის შტორმს გაუძლებს, მათ შორის პროგრონიზირებად კატაკლიზმებს, რომელთაც „საუკუნის ქარიშხლებს“ უწოდებენ. სიმტკიცისა და გამძლეობის უზრუნველყოფის გამო ინჟინრებს უარის თქმა მოუხდათ პროექტში თავდაპირველად შეტანილ დიდ პანორამულ ფანჯრებზე და შემოიფარგლნენ უბრალო ფანჯრებით, რომელთა სისქეც კედლების მსგავსად ერთ მეტრზე მეტია. რესტორნის მთავარი დარბაზი 5 მეტრის სიღრმეზე იმყოფება, რესტორნის შესასვლელი კი დედამიწის ზედაპირზეა - შენობა ვიზუალურად „ჩადის“ ზღვაში. ძირითადი დანიშნულების გარდა, “Under” გახდება იმპროვიზებული ლაბორატორიაც. მის შიდა პარამეტრზე დაყენებულია სხვადასხვა სახის სენსორები, რომლებითაც იზომება გარემოს მდგომარეობა და ხდება დაკვირვება ზღვის ბინადრებზე. ყველაზე დიდ სიღრმეზეა განთავსებული მთავარი საექსპერიმენტო მოედანი, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ექსპერიმენტი და დაკვირვება. https://www.techcult.ru/technology/6564-pervyj-v-evrope-podvodnyj-restoran
-
მარსის ზედაპირზე გადაღებული უამრავი ფოტოს შესწავლის შემდეგ მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ პლანეტის ისტორიაში უდიდესი როლი წყალმა შეასრულა. რეალურად, წითელი პლანეტის ზედაპირი დაქსელილია ოდესღაც არსებული წყლის არხებით, თანაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მარსული მდინარეები გაცილებით დიდი და წყალუხვი იყო დედამიწის მდინარეებთან შედარებით. პარალელურად, მეცნიერებს ვერაფრით ამოუხსნიათ ეს როგორ მოხდა - ის წარმოდგენა, რაც ძველ მარსთან დაკავშირებით არსებობს, ეწინააღმდეგება პლანეტის ზედაპირზე წყლის მასების სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მარსზე მეტად სუსტი ატმოსფერო იყო, ამიტომ პლანეტას არ შეეძლო უზრუნველეყო ხანგრძლივი სათბურის ეფექტი, რათა წყლის მძლავრი ნაკადები ჩამოყალიბებულიყო. ასევე, ძველ დროში მზე გაცილებით სუსტად ასხივებდა - მისი სიმკვეთრე დღევანდელი მაჩვენებლის მხოლოდ 25-50%-ს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა ნაწილი მიდის ვარაუდამდე, რომ მარსი უძველეს დროშივე იყო მშრალი, ცივი, ცარიელი ადგილი - ალაგ-ალაგ გამყინვარებული წყლის მასებით. იმის ვარაუდი, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც ფართო და მძლავრი მდინარეები მიედინებოდა, გაჟღერდა 200 ამომშრალი მდინარის კალაპოტის შესწავლის შემდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი ფაქტი, მათ შორის კალაპოტების სიგანე, მკვეთრი მოსახვევები და ხრეშის ზომა, რომელიც ოდესღაც სწრაფმავალი მდინარეების ფსკერზე იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთ ახალ ფაქტს ხდის ცნობილს უძველეს მარსზე, თუმცა ბადებს უამრავ ახალ კითხვას. მათგან მთავარია - რა ტიპის კლიმატი იყო გაბატონებული მარსზე მილიარდობით წლის წინ, რომ წყალს შეეძლო ასე სწრაფად და დიდი ძალით მოძრაობა? მეცნიერებს ჯერჯერობით არ გააჩნიათ პასუხები, რადგანაც მათი ამ დრომდე არსებული წარმოდგენა არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ახალ აღმოჩენასთან. https://hi-news.ru/research-development/reki-na-marse-byli-gorazdo-shire-i-moshhnee-chem-na-zemle.html
