Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ახალი სტარტაპი Tilt Five საშუალებას იძლევა „გაცოცხლდეს“ სტატიკური სამაგიდო თამაშები და წარმოგვიდგენს მათ ჰოლოგრამის სახით შერეული რეალობის სისტემაში. ამისათვის მოთამაშეებს სჭირდებათ ნებისმიერი გამომთვლელი მოწყობილობა, ლეპტოპი, პლანშეტი ან პერსონალური კომპიუტერი Windows-ის ან Android-ის მართვის ქვეშ. მოწყობილობას უკავშირდება სათამაშო მოედანი, რამდენიმე სათვალე და მართვის პულტი - პასიური გეიმინგ კონტროლერები. სათამაშო დაფის ზომა 80 x 80 სანტიმეტრია, თუმცა მისი ფართობის გაზრდა შესაძლებელია. ერთდროულად თამაში შეუძლია რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც. თამაშის პროცესი მეტად მარტივია - უნდა გადააადგილოთ კონტრასტული ფიგურები და პულტების მეშვეობით მიუთითოთ სათამაშო სივრცე. თამაში აანალიზებს, ვისი სვლა როდის არის და რა ბრძანება გასცა მოთამაშემ, ითვლის შედეგებს და ნათლად ახდენს მის ვიზუალიზაციას შერეული რეალობის სისტემაში. მოთამაშეებს დასჭირდებათ Tilt Five-ის მსუბუქი, 80-გრამიანი სათვალე, რომელიც აღჭურვილია სტერეო დინამიკებითა და მიკროფონით თამაშის პროცესში კომუნიკაციისთვის. სათვალეზე მოცემულია ორი კამერა - ერთი მათგანი მოთამაშის მზერის მიმართულებას აფიქსირებს, მეორე აანალიზებს ფიგურების განლაგებასა და პულტებს. რეაქციის დროის შეფერხება 6 მილიწამს არ აღემატება, სისტემა მუშაობს რამდენიმე მეტრის რადიუსში. სათვალე თამაშის დაფარულ მომენტებს მხოლოდ საკუთარ მფლობელს უჩვენებს, ასე რომ ყველა მათგანს ინდივიდუალურად შეუძლია დაგეგმოს სვლა ოპონენტებისგან საიდუმლოდ. თამაშს აქვს ფუნქცია Save-Load, თავად პროცესის ტრანსლირება შესაძლებელია YouTube-ზე, საწყის პაკეტში ხელმისაწვდომია რამდენიმე თამაში. თამაშის სპეციფიკა გულისხმობს არა მარტო სხვა თამაშების პორტირებას, არამედ ავტორები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ Fantasy Grounds-თან, რომელიც უამრავი დესკტოპ თამაშის ვირტუალური ანალოგის მფლობელია. გეიმინგ კომპლექტის ფასი 299 აშშ დოლარია, თუმცა მასში შედის მხოლოდ ერთი ნაკრები: სათვალე, პულტი, სათამაშო ფიგურები. დამატებითი ატრიბუტების ყიდვა ცალკე შეიძლება. სისტემა Tilt Five გაყიდვაში 2020 წლის ივნისში გამოვა. https://www.techcult.ru/technology/7375-sistema-tilt-five-obedinyaet-igry-i-dopolnennuyu-realnost
  2. კომპანია Colorful-მა დააანონსა ვიდეო ბარათი iGame GeForce RTX 2060 Super Neptune Lite OC, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ კომპიუტერებისთვის და აგებულია NVIDIA Turing არქიტექტურაზე. GeForce RTX 2060 Super სერიის ამაჩქარებლების კონფიგურაციაში მოცემულია 2176 CUDA ბირთვი და 8 გბ 256-bit GDDR6 სტანდარტის მეხსიერება. საბაზისო ტაქტის სიხშირე 1470 მეგაჰერცს შეადგენს, სიხშირე ტურბო რეჟიმში კი - 1650 მჰც-ს. Colorful-ის ახალი ბარათის მთავარი ღირსშესანიშნაობა თხევადი გაგრილების სისტემაა. იგი მოიცავს სპილენძის ფუძის მქონე წყლის ბლოკსა და 120-მილიმეტრიან რადიატორს, რომელშიც წარმოდგენილია ერთი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორი. ვიდეო ბარათში გამოყენებული სისტემა ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის პირობებშიც კი გრაფიკული ჩიპის ტემპერატურა 65 გრადუსს ქვემოთ ნარჩუნდება. ვიდეო ბარათში ხელმისაწვდომია სწრაფი აჩქარების რეჟიმი One-Key OC: პანელის ინტერფეისზე არსებულ სპეციალურ ღილაკზე დაჭერისას შესაძლებელია ტურბო სიხშირის მაჩვენებლის გაზრდა 1815 მეგაჰერცამდე. Colorful-ის ახალი ვიდეო ბარათს RGB განათება და 16-მილიონიანი ფერთა გამის მხარდაჭერა აქვს. მოწყობილობაზე მოცემულია ერთი HDMI და სამი DisplayPort ინტერფეისი. ბარათის გაბარიტები 280 × 129 × 42 მილიმეტრს შეადგენს.  https://3dnews.ru/995033
  3. Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსის კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin ამ დრომდე თავს იკავებდა გამოეცხადებინა ფასი, თუ რა ეღირება სუბორბიტალური რაკეტა New Shepard-ით ფრენა მათთვის, ვისაც სურს გამოცადოს ექსტრემალური შეგრძნებები სტრატოსფეროს ფარგლებს გარეთ. 2 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ Moscone North-ში გაიმართა ღონისძიება Disrupt SF TechCrunch, სადაც Blue Origin-ის გენერალურმა დირექტორმა ბობ სმითმა დაასახელა კოსმოსური ფრენების ღირებულება. მან აღნიშნა, რომ კოსმოსური ტურის ფასი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იაფი. – „ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია არასდროსაა იაფი, იქნება ეს IBM-ის პირველი კომპიუტერები თუ ის, რასაც დღესდღეობით ვუყურებთ“ - განაცხადა სმითმა. – „რეალურად, საწყის ეტაპზე კოსმოსში მოგზაურობის მსურველთათვის ფრენა ასობით ათასი დოლარი ეღირება“. სმითმა ისიც დაამატა, რომ დროთა განმავლობაში ფრენის ფასი ისეთ დონემდე შემცირდება, რომ საშუალო ფენის მოქალაქეებიც შეძლებენ თავს უფლება მისცენ - იფრინონ კოსმოსში რაკეტა New Shepard-ით. https://3dnews.ru/995040
  4. დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტების საძიებლად NASA-მ კოსმოსში ტელესკოპი გაუშვა, რომელიც შეძლებს პლანეტების გაფილტვრას სხვა ციური სხეულებისგან. ტესტირებისას ტელესკოპი დედამიწის ატმოსფეროს საზღვარს მიუახლოვდა, რის მისაღწევადაც გამოყენებული იყო 680 კგ მასის საჰაერო ბურთი. ახალი ტელესკოპი განახორციელებს პლანეტების ძიებას დაახლოებით 38 ათას კილომეტრ სიმაღლეზე. მისიაში გამოყენებული იქნება სპეციალური ოპტიკური ტექნოლოგია, რომელიც ვარსკვლავებიდან წამოსულ სინათლეს გაფილტრავს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კარგი ხილვადობა. ტელესკოპი დამზადებულია კომპანია UMass Lowell-ის მიერ. ბურთი, რომელიც ტელესკოპის ნავიგაციას უზრუნველყოფს, დაახლოებით 680 კილოგრამს იწონის. ტელესკოპი, სახელად PICTURE-C დედამიწის ატმოსფეროს კიდესთან იმუშავებს, რაც მეცნიერებს კარგი თვალთახედვისა და დაკვირვების საშუალებას მისცემს. Nasa-მ პროექტი 5 მილიონ 600 ათასი დოლარით დააფინანსა. მომდევნო წელს ტელესკოპი ათეულობით ფოტოს გამოგზავნის დედამიწაზე, რათა მკვლევართა გუნდს ძიებაში დაეხმაროს. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტის შედეგად ახალი კოსმოსური ობიექტები იქნება აღმოჩენილი და იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგია ხელს შეუწყობს იმ ციური სხეულების კვლევას, რომლებიც ამ დრომდე ხილვადი არ იყო ვარსკვლავური გამოსხივებების გამო. https://hightech.fm/2019/10/02/telescop
  5. შეერთებული შტატების ავიაციის სამოქალაქო ფედერალურმა სამმართველომ დაასრულა დრონების ამერიკული მწარმოებლის - UPS Flight Forward-ის სერტიფიცირების პროცესი. UPS Flight Forward მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელსაც შეუძლია განახორციელოს უპილოტო კომერციული რეისები და მოემსახუროს მომხმარებლებს. საფრენი აპარატი შეძლებს ერთდროულად რამდენიმე რეისი განახორციელოს ოპერატორის თვალყურისა და სპეციალური ნებართვის გარეშე. UPS-ის უპილოტო თვითმფრინავებით ტვირთის გადატანა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. ავიაგადამყვანი იყენებს Matternet M2 დრონებს, რომელთაც შეუძლიათ გადაზიდონ 2,3 კგ სასარგებლო ტვირთი 20 კმ მანძილის მოშორებით. დრონები აღჭურვილია ელექტროძრავების ავარიული სისტემით, რომლის ამოქმედებისას საჭიროების შემთხვევაში მიწაზე უსაფრთხოდ დასაშვებად პარაშუტები იხსნება. სამომავლოდ კომპანია უპილოტო მართვის სისტემაში დანერგავს სივრცეში დაბრკოლებებისთვის გვერდის ასავლელ მანევრირებას. კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მსგავსი სერტიფიკატი გააჩნია, არის Alphabet-ის კუთვნილი Wing. თუმცა მას უფლება აქვს მსგავსი სატესტო გადაზიდვები განახორციელოს მხოლოდ ვირჯინიის ქალაქ კრისტიანსბურგის ტერიტორიაზე. https://hightech.fm/2019/10/02/ups-2
  6. კომპანია Microsoft-მა წარადგინა ორი დისპლეის მქონე სმარტფონი Surface Duo. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში მომდევნო წელს გამოვა სადღესასწაულო გაყიდვების სეზონის პერიოდში, მისი ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. სმარტფონს აქვს ორი 5.6-დუიმიანი დისპლეი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სპეციალური სახსარით, რაც საშუალებას იძლევა 360 გრადუსით გადაიკეცოს მოწყობილობა. გახსნილ მდგომარეობაში სმარტფონის ეკრანის დიაგონალი 8.3 დუიმს შეადგენს. დაკეცილი მოწყობილობა საკმაოდ კომპაქტურია და მარტივად თავსდება ჯიბეში. როდესაც სმარტფონის ეკრანი გაშლილია, დისპლეებიდან ერთ-ერთის გამოყენება შესაძლებელია გეიმინგ კონტროლერივით ან კლავიატურის სახით. მეორე ეკრანის გამოყენება ასევე შესაძლებელია სადგამის სახით, როდესაც მომხმარებელი ვიდეო კონტენტს უყურებს ალბომის რეჟიმში. „შეგიძლიათ აკრიფოთ ტექსტი, წეროთ, აკეთოთ ნებისმიერი რამ, რაც გსურთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს პროდუქტი - Surface-ია“ - განაცხადა Surface-ის ხაზზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა. Microsoft-მა განაცხადა, რომ Google-თან თანამშრომლობამ მას საშუალება მისცა სმარტფონში ჩაედო „ყველაფერი საუკეთესო Android-ისგან“. მოწყობილობაში ამავე დროს გამოყენებულია ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10X-ის ელემენტები, რომელიც განკუთვნილია ორი ეკრანის მქონე ჰიბრიდული მოწყობილობებისთვის. სმარტფონში თავისუფლად იქნება შესაძლებელი ერთდროულად ორი აპლიკაციის მოქმედება. https://3dnews.ru/995013
  7. ფოტოგრამმეტრია [ფოტო-, ბერძ. gramma ჩანაწერი და metreō ვზომავ] – საგნების ნამდვილი სიდიდისა და სივრცეში მდგომარეობის განსაზღვრა მათი ფოტოგრაფიული გამოსახულების მიხედვით; რაიმე ადგილის გეგმის შედგენა მისი ფოტოსურათის მიხედვით. წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი ვერსალის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი დათვალიერების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო Google-მა გადაწყვიტა მოეხდინა ლუი XIV-ის სამეფო რეზიდენციაში ვირტუალური ექსკურსიის რეალიზება. როგორც კორპორაცია აღნიშნავს, ეს არის უდიდესი ფოტოგრამმეტრიული პროექტი, რაც კი ოდესმე ვერსალში განხორციელებულა: მუშაობის პროცესში გადაღებულ იქნა 21 ნაგებობა და 36 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი ტერიტორია. HTC Vive-ისა და Oculus Rift-ის მფლობელებს შეუძლიათ ვირტუალურად დაათვალიერონ ასზე მეტი სკულპტურა, ფერწერული ტილო და ხელოვნების სხვა ნიმუშები, იხილონ ისინი მაღალი დეტალიზაციისა და მსხვილი კადრის პირობებში. Google-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის მოცულობამ 4 ტერაბაიტს გადააჭარბა. აპლიკაციაში მოცემულია ვირტუალური ექსკურსია მეფე-დედოფლის აპარტამენტებში, სამეფო ოპერის თეატრში, სამეფო სასადილოში, სარკეებიან გალერეასა და სხვა ღირსშესანიშნავ დარბაზებში. „გობელენები, ნახატები, ჭერის ფერწერა, სკულპტურები და ავეჯი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია VR კონტროლერის მეშვეობით, რათა მომხმარებლებს მივცეთ შეუზღუდავი და პრივილეგირებული წვდომა ვერსალის საგანძურთან. უფრო მძაფრი შეგრძნებებისთვის კი შეგიძლიათ გადაერთოთ ღამის რეჟიმზე და სასახლე ცეცხლის შუქზე დაათვალიეროთ“ - ნათქვამია Steam-ის ვებ-გვერდზე. მათთვის კი, ვინც არ ფლობს ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს (სერვისი ჯერჯერობით მხოლოდ Vive-სა და Rift-ზეა ხელმისაწვდომი), Google-მა შექმნა ონლაინ-გამოფენა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: > https://www.youtube.com/watch?v=DkCt6-p9WSw
  8. Microsoft-მა დააანონსა Windows Virtual Desktop - ახალი სერვისი Azure-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს სრულ ვირტუალურ მრავალმომხმარებლიან Windows 10-ს Office 365 ProPlus-თან ერთად. კომპანია აცხადებს, რომ სერვისი უზრუნველყოფს წვდომას Microsoft Store-სა და ჩვეულებრივ ბიზნეს-აპლიკაციებთან, რომელთა ორგანიზებაც მოახდინეს მწარმოებლებმა თავიანთი მომხმარებლებისთვის. Microsoft ასევე აღნიშნავს, რომ გეგმაში აქვს დიდი ეკოსისტემის შექმნა: Citrix, CloudJumper, FSLogix, Lakeside Software, Liquidware, People Tech Group და ThinPrint უკვე მუშავდება სერვისში ინტეგრაციისთვის. „ვირტუალური დესკტოპის“ იდეა აგრეთვე ახდენს სტრიმინგ თამაშებისა და ვიდეოსერვისების თანამედროვე ტენდენციის განვითარებას. როგორც ცნობილია, პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. Windows Virtual Desktop-ის გამოყენებისას გამორკვეული იქნება მომხმარებლის ადგილმდებარეობა, რათა მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს მასთან არსებულ უახლოეს მონაცემთა ცენტრში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სერვისი შეერთებულ შტატებში ამოქმედდებოდა, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩაერთვებოდა სხვა ქვეყნებიც. თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა. როგორც WVD-ის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, სერვისის წინასწარ ვერსიაზე 20 ათასზე მეტმა კომპანიამ გააკეთა შეკვეთა. პარალელურად, სერვისმა Microsoft Teams-მა გაფართოებული მხარდაჭერა მიიღო WVD-ის ფარგლებში. უამრავ კომპანიას საკუთარი რესურსები ქლაუდზე გადააქვს. ეს საშუალებას იძლევა დაიზოგოს რესურსი, რადგანაც საჭიროა სისტემის მხოლოდ ერთხელ მომართვა. დანარჩენი Microsoft-ის ტექნოლოგიური მხარდაჭერის საზრუნავია. მეორე მხრივ, WVD-ისა და სხვა მსგავსი სერვისების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც ნებისმიერი სახის დარღვევა ინტერნეტ-კავშირის მუშაობისას ავტომატურად ტოვებს მომხმარებელს საქმიანობის შესაძლებლობის გარეშე. Microsoft აღნიშნავს, რომ Windows-ის ამოქმედება და მასშტაბირება Azure-ში Office-თან ერთად მხოლოდ რამდენიმე წუთს წაიღებს. კომპანიამ მოახდინა დემონსტრირება, რომ ვირტუალური დესკტოპის გამოყენება შესაძლებელია ისეთ მოწყობილობაში, როგორიცაა Microsoft Surface - სენსორული ეკრანითა და ხმოვანი დამხმარე Cortana-თი. https://3dnews.ru/994894 https://nota.press/software/windows-virtual-desktop-ot-microsoft-pozvolyaet-zapuskat-windows-10-v-oblake/
  9. AMD-მ განაახლა Ryzen PRO ხაზი, რომელიც პროფესიონალი მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. პროცესორების ახალი სერია უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია და მოიცავს Ryzen 3000 სერიის მოდელებს Radeon Vega გრაფიკით, აგრეთვე AMD Athlon PRO მოდელებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა HP და Lenovo, უკვე მზად აქვთ შესაბამისი სისტემები და ისინი უახლოეს თვეებში გახდება ხელმისაწვდომი. მოცემულ ცხრილებში გადმოცემულია ახალი პროცესორების ტექნიკური მახასიათებლები და ფასები. Ryzen 3000 Pro სერია: დესკტოპ პროცესორები Ryzen Pro с Radeon Vega Graphics AMD-მ დააანონსა Ryzen 5 PRO 3400G და 3400GE, აგრეთვე მოდელები Ryzen 3 3200G და 3200GE, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოებულია 12-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. დესკტოპ პროცესორი Athlon PRO გრაფიკული სისტემით - Radeon Vega: Ryzen და Athlon PRO მოდელები აღჭურვილია ფუნქციებით, რომლებიც სპეციალურად შემუშავებული და განკუთვნილია ბაზრის პროფესიონალური სეგმენტისთვის. ფუნქციები მოიცავს გაუმჯობესებულ უსაფრთხოებასა და საიმედოობას AMD GuardMI პაკეტით. ახალი პროცესორების მფლობელები მიიღებენ უსაფრთხოების ინტეგრირებულ პროცესორსა და სისტემური მეხსიერება “AMD Guard”-ის სრულ შიფრირებას. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30448/amd-anonsirovala-processory-ryzen-3000-pro-athlon-pro
  10. სექტემბრის დასაწყისში Huawei-მ წარადგინა ფლაგმანური ჩიპი Kirin 990, რომელიც იწარმოება გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. Kirin 990-ის მთავარი განსაკუთრებულობა ინტეგრირებული 5G მოდემია. გარდა ამისა, ცალკრისტალიანი სისტემა უზრუნველყოფს წარმადობის მაღალ დონეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში. Kirin 990-ის ბაზაზე დაფუძნებული პირველი მოწყობილობები გახდა Mate 30 სერიის ფლაგმანური სმარტფონები, რომელთა პრეზენტაციაც სულ ახლახანს შედგა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ Huawei-მ საცდელი სამუშაოები დაიწყო მომდევნო თაობის პროცესორზე - Kirin 1000-ზე 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. თუკი ჩინური ტექნოგიგანტის მცდელობები გეგმის მიხედვით წავა, Kirin 1000-ის მასობრივი წარმოება მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. არაოფიციალური ცნობებით, ხსენებულ ჩიპში გამოყენებული იქნება ARM Cortex-A77 ჩიპები. გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით დიდად შესაძლებელია, რომ ცალკრისტალიანი სისტემა Kirin 1000-ით წარმოდგენილი იყოს Mate 40 სერიის მოწყობილობები. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიის განკარგულებაში კიდევ ბევრი დროა იმისათვის, რომ განიხილოს და გადააფასოს საკუთარი სტრატეგია. დიდი ალბათობით, ახალი ჩიპის მქონე ფლაგმანებს მომდევნო წლის მესამე კვარტალში ვიხილავთ, მანამდე კი Huawei-ს ფლაგმანურ სმარტფონებში გამოყენებული იქნება ცალკრისტალიანი სისტემა Kirin 990. https://3dnews.ru/994882
  11. HP-მ გააუმჯობესა თავისი ისედაც კარგი ხარისხის ლეპტოპების ხაზი - 13-დუიმიანი Spectre x360. კომპანიამ ძალისხმევა არ დაიშურა, შეეტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოწყობილობის ყველა ასპექტში და ჯამში Spectre x360 13-ის სახით საკმაოდ საინტერესო პროდუქტი მივიღეთ. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მან შეძლო შეექმნა იმ მოწყობილობებს შორს ყველაზე კომპაქტური ტრანსფორმერი ლეპტოპი, რომელთა ეკრანებიც ფართობის 90%-ს იკავებს. მისივე თქმით ახალი ლეპტოპი არის ავტონომიური მუშაობის დროით ყველაზე ეფექტური მოწყობილობა 13-დუიმიან და ოთხბირთვიან ლეპტოპებს შორის, აგრეთვე ყველაზე კომპაქტური მოწყობილობა Windows Hello ვებ-კამერითა და სახის ამოცნობის ინფრაწითელი სენსორით. ლეპტოპს შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში იმუშაობს 22 საათამდე (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატარეის 50%-მდე დატენვისთვის ათი წუთი საკმარისია) ახალი LCD პანელის წყალობით, რომლის ენერგომოხმარება 1 ვატს შეადგენს. ლეპტოპის დიზაინი იმგვარადაა შემუშავებული, რომ შექმნას ძვირფასი სამკაულის შეთაბეჭდილება - მაგალითად, კორპუსის კიდები დამუშავებულ ძვირფას ქვას წააგავს. ჩამრთველი ღილაკი კორპუსის მარცხენა მხარესაა გადმოტანილი, USBC პორტი კი - მარჯვნივ, რაც არა მარტო მოდურია, არამედ უმჯობესია ფუნქციონალურობის კუთხით. HP-მ დიდი ყურადღება დაუთმო ეკრანს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ფართობის 90% უჭირავს (2018 წლის მოდელს - 78%) შევიწროებული ჩარჩოების წყალობით. არსობრივად, 13-დუიმიანი დისპლეი მოთავსებულია კორპუსში, რომელიც თხელი გაბარიტებით 12-დუიმიან ლეპტოპს შეესაბამება. ლეპტოპში გამოყენებულია მეათე თაობის ახალი ოთხბირთვიანი Intel Core პროცესორი Iris Plus გრაფიკით, რისი წყალობითაც მოწყობილობის წარმადობა წინა თაობის ლეპტოპთან შედარებით ორჯერაა გაზრდილი ისეთი სამუშაოებისას, როგორებიცაა ფოტოების დარედაქტირება, 3D სამუშაო და ვიდეომონტაჟი. HP-მ კარგად იმუშავა აქტიური და პასიური გაგრილების სისტემაზეც და მიაღწია გაგრილების ეფექტურობის მნიშვნელოვან ზრდას თანაც ხმაურის დონის შემცირების პარალელურად. კვების მართვის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს სამიდან სასურველი რეჟიმი: ჩუმი, კომფორტული ან მაქსიმალური წარმადობის. საბაზისო მოდელებს 13.3-დუიმიანი LCD ეკრანები აქვთ Full HD გაფართოებით, ფლაგმანური Spectre x360 13 კი აღჭურვილია 4K გაფართოების მქონე OLED HDR დისპლეით, რომელიც ხასიათდება 100 000:1 კონტრასტულობით, DCI-P3 ფერთა გამით და შემცირებული ლურჯი სპექტრით. HP ასევე ხაზს უსვამს არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირისა და თითის ანაბეჭდის მაღალი გამძლეობის სკანერის არსებობას. გაუმჯობესებულია უსადენო კავშირის საშუალებებიც. Wi-Fi 6 მოდემის წყალობით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ორჯერ გაიზარდა. გიგაბიტური 4G LTE მოდემი კი უზრუნველყოფს 122 %-ით მეტ სიჩქარეს და საუკეთესო თავსებადობას 5G ქსელის სხვადასხვა ოპერატორთან. გაუმჯობესდა უსაფრთხოების ნორმებიც: კერძოდ, კორპუსის გვერდით ნაწილზე დაემატა ფიზიკური ღილაკი, რომელიც კვებას უწყვეტს ვებ-კამერას (მისი ლენტით გადაფარვა საჭირო აღარ იქნება); კლავიატურაზე მოცემულია მიკროფონის გამომრთველი ღილაკი და შესაბამისი ინდიკატორი; ეკრანს დაემატა სპეციალური ფილტრი, რომელიც გააქტიურებისას ზღუდავს თვალთახედვის კუთხეს ისე, რომ გვერდიდან არ გამოჩნდეს დისპლეიზე ასახული გამოსახულება. კომპანია აგრეთვე გვპირდება უმაღლესი დონის შიფრირებას Wi-Fi-თი მუშაობისას და რამდენიმე სხვადასხვა ინსტრუმენტს უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის. ყველაზე საინტერესო კი ფასია. საბაზისო მოდელი 13,3-დუიმიანი FHD ეკრანით, 8 გბ ოპერატიული და 256 გბ SSD მეხსიერებით, ოთხბირთვიანი Intel Core i5-1035G1 პროცესორით - დაახლოებით 1099 აშშ დოლარად გაიყიდება. ფლაგმანური 13,3-დუიმიანი 4K HDR OLED-ეკრანიანი ლეპტოპი კი, რომელსაც აქვს 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD (32 გბ Intel Optane-თან კავშირში) მეხსიერება, აგრეთვე ოთხბირთვიანი Intel Core i7-1065G7 პროცესორი - ღირს 1499 აშშ დოლარი. ოქტომბერში გამოჩნდება ამ ლეპტოპის კიდევ უფრო მაღალი კლასის მოდიფიკაცია, რომლის ფასიც ჯერ უცნობია. ყველა მოდელი სტილუსთან ერთად კომპლექტში იქნება წარმოდგენილი. https://3dnews.ru/994833
  12. Facebook-ის მიერ წარდგენილი თამაში თავსებადი იქნება VR ჰედსეტ Oculus Quest-თან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ბაზარზე 2020 წელს გამოვა - ნათქვამია კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ამჟამად სერვისი ღია ბეტა-ტესტირების რეჟიმს გადის. მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ სერვისის ვებ-გვერდზე. Horizon-ში მომხმარებლები შეძლებენ შექმნან საკუთარი სამყაროები, კომუნიკაცია იქონიონ სხვა მოთამაშეებთან, უყურონ ფილმებს და შეასრულონ სხვადასხვა სახის მოქმედებები, მაგალითად, იფრინონ თვითმფრინავებით ან იყოლიონ ვირტუალური შინაური ცხოველები. Facebook საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს სხვადასხვა VR მოწყობილობაზე. მაგალითად, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სოციალური ქსელი დაკავებულია ხმოვანი დამხმარის მქონე ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით, რომელიც სპეციალიზირებული იქნება ვირტუალური და შერეული რეალობის სფეროებში. Facebook-ს სტარტაპ RED-თან ერთად უკვე შექმნილი აქვს პროფესიონალური 3D კამერა Manifold, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა შექმნას კონტენტი ვირტუალური რეალობის ჰედსეტებისთვის. https://hightech.fm/2019/09/26/horizon
  13. ილონ მასკის კომპანიამ ჩქაროსნული მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა დაიწყო ლას-ვეგასის ქვეშ. გვირაბი Loop ერთმანეთთან დააკავშირებს ლას-ვეგასის ცენტრის ახალ და ძველ შენობა-ნაგებობებს. გვირაბში მგზავრების გადაყვანა განხორციელდება უპილოტო Tesla Model 3-ით, Tesla Model X-ითა და 16-ადგილიანი Tesla Model X Сhassis-ის მეშვეობით, რომელიც 250 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წუთი იქნება. როგორც წესი, ამჟამად ცენტრში არსებულ შენობებს შორის გადაადგილებისთვის ადამიანებს 15 წუთი სჭირდებათ. The Boring Company გვირაბს 2020 წლის ნოემბერში გახსნის - წარდგენა მოხდება ყოველწლიური სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენის გახსნის წინ. The Boring Company-მ ძველად უკვე გახსნა პირველი მიწისქვეშა გვირაბი ლოს-ანჯელესის ქვეშ, რომელიც საკმაოდ განსხვავდება თავდაპირველად არსებული იმ კონცეპტისგან, რომელიც იდეაში ჰქონდა მასკს. გვირაბის სატესტო მონაკვეთი დაახლოებით 2 კმ სიგრძისაა, იგი განკუთვნილი იქნება მხოლოდ უპილოტო მართვის სისტემის მქონე ელექტრომობილებისთვის. იმ მგზავრებს კი, ვისაც ასეთი ავტომობილი არ ჰყავთ, The Boring Company სთავაზობს სპეციალურ ტრანსპორტს გვირაბით სარგებლობისთვის. დღესდღეობით გვირაბებში მაქსიმალურ სიჩქარედ დაწესებულია 56 კმ/სთ შეზღუდვა, სამომავლოდ კი დაშვებული იქნება 240-250 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა. https://hightech.fm/2019/09/25/the-boring-company-vegas
  14. Motorola-ს წარმომადგენლება განაცხადეს, რომ დრეკადი სმარტფონი Razr-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. კონსტრუქციის კუთხით მოწყობილობა კლასიკურ დასაკეც სმარტფონს მოგვაგონებს: დრეკადი ეკრანი შესაძლებელია დაიკეცოს შიდა მიმართულებით, რაც მას დაზიანებისგან დაიცავს. ხოლო თუკი გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, სმარტფონის კორპუსის გარე მხარეს მოცემული იქნება მეორე დამხმარე დისპლეიც. მოსალოდნელი იყო, რომ დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონი Motorola Razr-ის დებიუტი ამა წლის ზაფხულს შედგებოდა, თუმცა მოწყობილობაზე მუშაობა დროში გაიწელა. რაც მთავარია, კომპანია სმარტფონის გამოშვების გადაფიქრებას არ აპირებს. ცნობილია, რომ ახალი მოწყობილობის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლოს გაიმართება, თუმცა ფაქტობრივი გაყიდვები 2020 წლიდან დაიწყება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სმარტფონის ფასი 1500 ევრო იქნება. მოწყობილობას ექნება 6.2-დუიმიანი დრეკადი დისპლეი გაფართოებით - 2142 × 876 პიქსელი, პროცესორი Snapdragon 710, დაქტილოსკოპიური სკანერი, აგრეთვე 2730 მა/სთ. მოცულობის ბატარეა. https://3dnews.ru/994785
  15. როდესაც კოსმოსურმა ზონდმა „კასინიმ“ სატურნის თანამგზავრი ტიტანის ზედაპირის შესახებ დედამიწას ცნობები გადმოსცა, NASA-ს ინჟინრებს დიდი საფიქრალი გაუჩნდათ. კრიოვულკანები, თხევადი მეთანის ტბები, უამრავი კლდე და მთა, მეთანის წვიმა - ეს მცირედიც კი, რაც ამ ციური ობიექტის პირობების შესახებ ვიცით, რთულ ამოცანას უსახავს მისი გამოსაკვლევი მოწყობილობის დამპროექტებლებს. სულ მცირე ხნის წინ კოსმოსური სააგენტოს განკარგულებაში აღმოჩნდა „Shapeshifter” - რობოტი-ტრანსფორმერი, რომელიც ორი ცალკეული რობოტისგან შედგება. არსობრივად, Shapeshifter - ეს არის ორი დამოუკიდებელი კობოტისგან (cobot - კოლექტიური რობოტი) შემდგარი კონსტრუქცია. თითოეული კობოტი მულტიკოპტერია და აქვთ საკუთარი ძრავები, ენერგიის წყარო და სანავიგაციო სისტემა. კონსტრუქციას ერთად და ცალ-ცალკეც შეუძლია გაუძლოს ტიტანის მკაცრ პირობებს. კონსტრუქციას დინამიკური მიმაგრების უნარი აქვს. იგი შემადგენელ კობოტებს საშუალებას აძლევს სწრაფად და საიმედოდ გარდაიქმნან სხვადასხვა სახის რთულ მოდელად. მაგალითად, Shapeshifter-ს შეუძლია მიიღოს ნავის მსგავსი ფორმა, რათა მდინარე გადალახოს, ან მიიღოს ბურთის ფორმა და სწრაფად გაგორდეს ვაკე ზედაპირზე. Shapeshifter თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ფორმის მიღება იქნება მისთვის ხელსაყრელი ამა თუ იმ სიტუაციაში. ტიტანი დედამიწისგან მეტად შორსაა, ამიტომ მისკენ შესაძლებელია გაიგზავნოს მხოლოდ ძალიან მცირე ზომის ტვირთი. ამის გამო აუცილებელია დაპროექტებულ იქნას უნივერსალური კომპაქტური მანქანა. რობოტი-ტრანსფორმერის პროტოტიპები კომერციულ კვადროკოპტერებზე პატარაა, თუმცა ისინი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს: მათი ოფიციალური წარდგენა მომდევნო წელს მოხდება. https://www.techcult.ru/robots/7356-v-nasa-razrabatyvayut-shapeshifter
  16. ოპერატიული მეხსიერების არჩევა ბევრ მომხმარებელს მარტივ საქმედ ესახება. თვლიან, რომ „რაც მეტი მოცულობისაა, მით უკეთესი“. თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება ბევრი სპეციალისტი, მათ შორის Tomshardware-ის ექსპერტები, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ სახელმძღვანელო პრინციპებს 2019 წელს აქტუალური ოპერატიული მეხსიერების ასარჩევად. მოდულების რაოდენობა: ყველაზე კარგი ვარიანტია აარჩიოთ ორი მოდულისაგან შემდგარი კომპლექტი ორარხიანი რეჟიმის სამუშაოების აქტივაციისთვის ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა AMD Socket AM4 ან Intel LGA 1151. AMD TR4 და Intel LGA 2066 სოკეტების ბაზაზე არსებული პლატფორმებისთვის კი ყველაზე მეტად ეფექტურია 4-არხიანი რეჟიმისა და, შესაბამისად, ოთხმოდულიანი მეხსიერების გამოყენება. DDR4-2666 ყველასთვის საკმარისი იქნება. Intel-ს აჩქარებასთან მიმართებაში არამეგობრული პოლიტიკა უჭირავს. მომხმარებლებს არ მოუწევთ არაფრის აჩქარება გარდა ენთუზიასტებისთვის განკუთვნილი Z-სერიისა და მაღალი წარმადობის კომპიუტერების X-სერიის ჩიპსეტებისა. ასე, რომ Core i5-ისა და მისი შემდგომი თაობის პროცესორების მყიდველებისათვის DDR4-2666 მეხსიერება სავსებით საკმარისი იქნება. DDR4-2400 - Intel Core i3-ისა და მასზე უმცროსი მოდელებისთვის. არ ღირს თანხის დახარჯვა ძვირადღირებულ მეხსიერებაზე, თუკი ბიუჯეტური ჩიპსეტი და სუსტი პროცესორი გაქვთ. სჯობს, ეს თანხა ვიდეო დაფას ან SSD-ის შესაძენ რესურსს დაამატოთ. რჩევები სწრაფი შესყიდვებისას: 1. 16 გბ - საუკეთესო არჩევანია; 2. ნუ დახარჯავთ ფულს ტაქტის იმ სიხშირეებზე, რომელთა მხარდაჭერაც თქვენს სისტემას არ გააჩნია; 3. ტაქტის მაღალი სიხშირე უკეთესია მაშინ, როდესაც ინტეგრირებული ვიდეო ბარათი გაქვთ; 4. ყველა თამაში და პროგრამა არ არის მგრძნობიარე სწრაფ მეხსიერებაზე; 5. თვალყური ადევნეთ აჩქარებული მეხსიერების ტემპერატურას. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30373/kak-pravilno-vybrat-ozu-rukovodstvo-ot-tomshardware-2019-god
  17. კომპანია GIGABYTE წარმოგიდგენთ ახალ მონიტორ AORUS CV27Q-ს. მასში გამოყენებულია რკალისებრი 27-დუიმიანი QHD (2560x1440) VA პანელი, რომელიც აღჭურვილია Black Equalizer 2.0 ტექნოლოგიითა და განახლებული ტექნოლოგია ANC 2.0-ით. პირველი მათგანი, Black Equalizer, გულისხმობს ეკრანის დაყოფას 1296 სფეროდ და ათანაბრებს, ასწორებს ფერს თითოეულ სეგმენტში ინდივიდუალურად. შედეგად ეკრანზე ხილვადი ხდება უფრო მეტად მკვეთრი მუქი სივრცეები განათებებისა და კაშკაშა ადგილების გარეშე. ეს ფუნქცია ხელსაყრელია არა მხოლოდ თამაშის პროცესში, არამედ ვიდეოკონტენტის, ფილმების ნახვისას. ფუნქცია ANC კი არეგულირებს გარემომცველ ხმაურს, შედეგად გუნდურ გეიმინგ პროცესში გაუმჯობესებულია ერთმანეთთან კომუნიკაციის ხარისხი. მომხმარებლებს შეეძლებათ ყურსასმენი მონიტორს დაუკავშირონ და დატკბნენ სუფთა ხმით, რომელსაც უზრუნველყოფს ANC 2.0 ტექნოლოგია. AORUS CV27Q მონიტორში გამოყენებულია 1500R რადიუსის პანელი, რომელიც შესანიშნავად შეესაბამება ადამიანის თვალთახედვის კუთხეებს. AORUS CV27Q მონიტორის ეკრანის რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. მოწყობილობას აქვს 90 %-იანი DCI-P3-ისა და 8-ბიტიანი ფერთა გამის მხარდაჭერა. გარდა ამისა, AORUS CV27Q მონიტორში ხელმისაწვდომია ტექნოლოგია AMD Radeon FreeSync 2 HDR. მონიტორს კვების ინტეგრირებული დაფა აქვს, ამიტომ მომხმარებლებს შეეძლებათ უარი თქვან ტრადიციული კომპაქტური კვების ბლოკის გამოყენებაზე. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/30370/gigabyte-vypustila-izognutyj-monitor-aorus-cv27q
  18. შვეიცარიელმა ინჟინრებმა წარადგინეს თხელი, მოქნილი ბატარეა, რომლის დახვევა, დაჭიმვა, გაწელვა შესაძლებელია მოხმარების პირობების შესაბამისად. ციურიხის უნივერსიტეტის კვლევის შედეგს ჟურნალი Advanced Materials გვიზიარებს. ახალი ტიპის ელემენტების გამოყენება ძირითადად სმარტ-ტანსაცმელში იგეგმება. დრეკადი ბატარეის პროტოტიპის სისქე სტანდარტული ფოტოფირის ზომისაა. თავად ბატარეა რამდენიმე თხელი ფენისგან შედგება, მისი უმნიშვნელოვანესი დეტალი კი ელექტროლიტია. შესაძლებელია ბატარეის დაკეცვა ისე, რომ არ შეფერხდეს ენერგიის მიწოდება. მასში გამოყენებულია ნახშირბადის კომპოზიტური მასალები. გარეკანის შიდა მხარეს დატანილია ერთი მიკრონი სისქის ვერცხლის შრეები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია და არ კარგავენ კონტაქტს მთლიანი კონსტრუქციის დეფორმირების შემთხვევაში. ახალი ბატარეა დიდი ალბათობით გახდება ძვირადღირებული და ადვილად აალებადი ლითიუმ-იონური ბატარეების ჩასანაცვლებელი ალტერნატივა. https://hightech.fm/2019/09/27/akk-sw
  19. კომპანია HP-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერები Chromebook x360 12b და Chromebook x360 14b, რომლებიც ფუნქციონირებენ ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ზე. Chromebook x360 12b მოდელს 12-დუიმიანი დისპლეი აქვს გაფართოებით - 1366 × 912 პიქსელი. Chromebook x360 14b ვერსია კი 14-დუიმიანია და მისი გაფართოება შეადგენს 1366 × 768 ან 1920 × 1080 პიქსელს, მოდიფიკაციის შესაბამისად. ორივე ლეპტოპი სენსორულია. შესაძლებელია მათი ზედა ნაწილის 360 გრადუსით გადატრიალება, რაც საშუალებას იძლევა მოწყობილობა პლანშეტივით იქნას გამოყენებული. მხარდაჭერილია USI Pen სტილუსის გამოყენება, რომელიც კომპლექტაციაში არ შედის და ცალკე გაიყიდება. საბაზისო კონფიგურაციის ლეპტოპებს აქვთ Intel Celeron N4000 (Gemini Lake) პროცესორი და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა ვარირებს 32-დან 128 გიგაბაიტამდე. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, microSD სლოტი და პორტები - USB 3.1 Gen 1 Type-C, USB 3.1 Gen 1 Type-A. უმცროსი კონფიგურაციის ქრომბუკის ფასი 359 აშშ დოლარს შეადგენს, უფრო მოდელისა - 379-ს, სტილუსი USI Pen კი 69 დოლარად გაიყიდება. https://3dnews.ru/994728
  20. გამომთვლელი კომპლექსი TX-GAIA (Green AI Accelerator) ყველაზე მძლავრ საუნივერსიტეტო სუპერკომპიუტერად იქცა იმ მოწყობილობებს შორის, რომლებიც განკუთვნილნი არიან ხელოვნური ინტელექტის სფეროში შემავალი ამოცანების გადაჭრისათვის. კომპიუტერის მაქსიმალური წარმადობის მაჩვენებელი LINPACK-ში 4,7 პეტაფლოპსია, შერეული სიზუსტის გამოთვლებში კი - 100 პეტაფლოპსს აღწევს. კომპლექსი აგებულია კომპანია Hewlett Packard Enterprise-ის (HPE) მიერ. იგი განთავსებულია ლინკოლნის ლაბორატორიის სუპერკომპიუტერულ ცენტრში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT’s Lincoln Laboratory’s Supercomputing Center). გამომთვლელ სისტემაში გაერთიანებულია 448 ნოუდი HPE Apollo 2000, აგრეთვე მოიცავს 896 პროცესორ Intel Xeon Scalable Gold 6248-სა (20 ბირთვი / 40 ნაკადი) და 896 აქსელერატორ NVIDIA Tesla V100-ს, რომლებიც განკუთვნილია გამოთვლის აჩქარებისთვის მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მეხსიერების მოცულობა 172 ტერაბაიტს აღწევს. მოწყობილობაში ჩართულია ინტერკონექტი Intel Omni-Path.  სისტემა იმუშავებს ამოცანების გადაჭრაზე ნეირონული ქსელებისა და მანქანური სწავლების სფეროებში. კონკრეტულად, საქმიანობა შეეხება სამედიცინო მონაცემებს, მასალების სინთეზს, ამინდის პროგნოზირებას და ა.შ. https://servernews.ru/994753
  21. ბრიტანულმა ატომური ენერგეტიკის კომპანია Moltex Energy-მ 7 მილიონ 500 ათასი დოლარი მოაგროვა საინვესტიციო პლატფორმა Shadow Fundr-ზე, რაც მას საშუალებას მისცემს დაიწყოს პროექტის ლიცენზირების პროცესი კანადასა და დიდი ბრიტანეთში და განაგრძოს თავისი საფირმო ტექნოლოგიის შემუშავება-განვითარება. კომპანიის პროექტი გულისხმობს მარილის სტაბილური რეაქტორის (Stable Salt Reactor) ამოქმედებას. ნადნობ მარილზე მომუშავე რეაქტორები ბირთვული რეაქტორების ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლებშიც გენერირებული სითბოს გაფანტვისთვის გამოიყენება ლითიუმის ფტორიდისა (LiF) და ბერილის ფტორიდის (BeF2) შენადნობი ნაერთი. მარილის რეაქტორების ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს მათი უსართხოება - ამგვარი მოწყობილობის მუშაობისას არ წარმოიქმნება მავნე აირები, რეაქცია კი მიმდინარეობს ატმოსფერულ წნევაზე, რაც სრულიად გამორიცხავს რადიოაქტიური მასალების გავრცელებას. მარილის რეაქტორი ამგვარად მოქმედებს: საწვავი მარილი შეკავებულია ურანის ღერძების მსგავს ვენტილირებად მილებში, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ ბირთვულ რეაქტორებში. მილები თავსდება ავზში, სადაც საბოლოო ჯამში სტანდარტულ რეაქტორებში ურანის გარდაქმნა ხდება ფუნქციონირებად სითბოსგამომყოფ ელემენტად. მარილის რეაქტორის შემთხვევაში კი ავზი ივსება „უსაფრთხო მარილიანი ნაზავით, რომელიც საშიშ რეაქციაში არ შედის წყალსა და ჰაერთან“. გაგრილების სისტემას კი გენერირებული სითბოს ნაწილი სარეზერვო სისტემაში გადააქვს. კომპანიის სპეციალისტების თქმით, სითბოს ეს რეზერვი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ენერგეტიკული კრიზისის დროს ან სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების მუშაობის უზრუნველყოფისათვის. https://www.techcult.ru/technology/7333-moltex-energy-razrabotala-tehnologiyu-bezopasnyh-yadernyh-reaktorov
  22. კომპანია ZeroAvia კრენფილდის უნივერსიტეტის ინჟინრებთან ერთად წყალბადზე მომუშავე ექვსადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავის გამოცდებს ატარებს. პროექტს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრო აფინანსებს. წყალბადის თვითმფრინავები საავიაციო ტრანსპორტის ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა სახეობაა. ფრენის პროცესში ამგვარი აპარატები პრაქტიკულად ნულოვან ზიანს აყენებენ გარემოს. ZeroAvia წყალბადის თვითმფრინავს აწყობს პროეტ HyFlyer-ის ფარგლებში, რომლის დამფუძნებელიც დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო სამინისტროა. დაგეგმილია, რომ დემონსტრატორ თვითმფრინავს შეეძლება ექვსამდე მგზავრის გადაყვანა. გამოცდების მსვლელობისას საფრენმა აპარატმა უნდა გადალახოს 460–560 კილომეტრი სივრცე შოტლანდიის ორკნეის კუნძულებს შორის. წარმატებულად ჩავლილი ტესტირებების შემთხვევაში ZeroAvia აპირებს, რომ დაიწყოს ისეთი წყალბადის ძრავების გაყიდვა, როგორებიც ხელსაყრელი იქნება 10-20-ადგილიანი თვითმფრინავებისათვის. ძრავების მასიური წარმოება-რეალიზაცია 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. https://hightech.fm/2019/09/24/piper-pa-46
  23. საუდის არაბეთი დაკავებულია გიგანტური ტექნოლოგიური ქალაქის დაარსებით წითელი ზღვის სანაპიროზე. ტერიტორია, რომლის განვითარებისთვისაც ქვეყნის ხელისუფლება მზადაა 500 მილიარდი აშშ დოლარი გაიღოს, უნდა გახდეს ახალი სილიკონის ველი - წერს Business Insider. ქალაქ Neom-ის პროექტი გახდება პროგრამა Vision 2030-ის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საუდის არაბეთის დამოკიდებულობის შემცირებას ნავთობზე, ასევე გულისხმობს რეგიონში მსოფლიო ტექნოლოგიური დედაქალაქის დაარსებას. Neom-ის შექმნის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდება, სრული ძალით კი ქალაქი მოქმედებას 2025 წლიდან დაიწყებს. დაგეგმილია, რომ ტექნოქალაქი განთავსდება 26,5 ათას კვადრატულ კილომეტრ ფართობზე. ამჟამად ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს გამოიყენოს „ხელოვნური ღრუბლების დარგვის“ ტექნოლოგია, რათა მონიშნულ ტერიტორიაზე უფრო ხშირად წამოვიდეს წვიმა. აგრეთვე ცაში გაიგზავნება დრონების უზარმაზარი ფლოტი, რათა შეიქმნას ხელოვნური მთვარე და დაიზოგოს ელექტროენერგია. ქალაქის მაცხოვრებლები კი გადაადგილების საშუალებად მფრინავ ტაქსებს გამოიყენებენ. ტერიტორია, სადაც Neom გაშენდება: ეს ტერიტორია ამჟამად ასე გამოიყურება: ტექნოქალაქის შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ვიცით ის, რომ საუდის არაბეთმა უკვე დაასრულა დიდი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ამ რეგიონში. სწორედ აქედან იწყება Neom-ის დაარსების პროცესი. https://hightech.fm/2019/09/23/neom
  24. კომპანია Google-მა წარადგინა ასობით აპლიკაციის გამოსაწერი სერვისი თვეში ხუთ დოლარად. შესაძლებელი იქნება ამ აპლიკაციების გაზიარება ოჯახის წევრებისთვისაც. აპლიკაციებისა და თამაშების ავტორები თავიანთ წილს მიიღებენ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად ისარგებლებს მომხმარებელი კონკრეტულად მათი კუთვნილი პროდუქტით. სერვისი სახელად Play Pass ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი და უახლოეს თვეებში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება. სერვისის შემადგენლობაში შევა 350-ზე მეტი აპლიკაცია და თამაში. Google-ის შემოთავაზება დაანონსდა მას შემდეგ, რაც გამოჩნდა კონკურენტების მსგავსი სერვისები - Apple Arcade და Xbox Game Pass Ultimate. პირველ მსურველებს შეეძლებათ სერვისით უფასოდ ისარგებლონ პირველი ათი დღის განმავლობაში. შემდეგ კი წლის განმავლობაში გამოწერის ღირებულება თვეში ორი დოლარი იქნება. Apple Arcade-ის მსგავსად Google-ის სერვისი გთავაზობთ აპლიკაციებს რეკლამებისა და შესყიდვების შემოთავაზებების გარეშე. თუმცა Google-ის ვარიანტი მაინც განსხვავდება Apple-ისა და Microsoft-ის სერვისებისგან, რადგანაც მის შემთხვევაში შემოთავაზებულია არა მხოლოდ თამაშები. სერვისში შემავალი ბევრი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ში, მათ რიცხვში შედის Terraria, Stardew Valley, Limbo, Mini Metro, Star Wars: Knights of the Old Republic, Lichtspear, Facetune, AccuWeather. სერვისის შემადგენელი 2/3 ნაწილი თამაშები იქნება, 1/3 კი - აპლიკაციები. ყოველ თვეში სერვისს სიახლეები დაემატება. მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი სერვისი გაუზიარონ ოჯახის ხუთ წევრს. Google იმედოვნებს, რომ მისი შემოთავაზება მიმზიდველი იქნება. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/30290/google-predlagaet-podpisku-na-350-androidprilozhenij-i-igr-za-5-v-mesjac
  25. შეერთებული შტატების აეროკოსმოსურმა სააგენტომ დაადგინა, თუ ვინ უნდა დაიწყოს მთვარის მისიებისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდების მშენებლობა პროგრამა Artemis-ის ფარგლებში. NASA-მ კოსმოსური ხომალდების, Orion-ების აგებასა და ექსპლუატაციაზე კონტრაქტი გააფორმა კომპანია Lockheed Martin-თან. ცნობილი გახდა, რომ კოსმოსური აპარატების წარმოება წარიმართება NASA-ს ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელობით და ხომალდები გათვლილი იქნება იმგვარად, რომ მოხდეს მათი მრავალჯერადი გამოყენება და მუდმივად არსებობა მთვარის ზედაპირზე. კონტრაქტის ფარგლებში NASA-მ Lockheed Martin-ს დაუკვეთა სამი Orion, რათა განხორციელდეს სამი მისია Artemis-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ღირებულებამ ჯამში 2 მილიარდ 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წელს სააგენტო გეგმავს შეუკვეთოს 1.9 მლრდ დოლარის ღირებულების კიდევ სამი მსგავსი ხომალდი, რომლებიც გაიგზავნება მთვარეზე Artemis VI–VIII მისიებში. https://3dnews.ru/994558
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.