-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ღონისძიება GPU Technology Conference-ზე კომპანია NVIDIA-მ დააანონსა აპარატული პლატფორმა DRIVE Atlan, რომელიც გათვლილია თვითმართვადი ტექნოლოგიების მქონე სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისთვის. კომპანია ახალ მოწყობილობას უწოდებს „მონაცემთა დამუშავების ცენტრს საბურავებზე“. არსებითად, DRIVE Atlan ჭკვიანი ავტომობილის მთლიან გამომთვლელ ინფრასტრუქტურას ერთ ჩიპში აერთიანებს. DRIVE Atlan პლატფორმაში გაერთიანებულია NVIDIA-ს მიღწევები რობოტექნიკის, უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. ჩიპის შემადგენლობაში შედის ARM არქიტექტურის ახალი თაობის გამომთვლელი ბირთვები, აგრეთვე ღრმა მანქანური სწავლებისა და მანქანური ხედვის ამაჩქარებლები. პლატფორმის წარმადობა აღემატება 1000 TOPS-ს (ტრილიონი ოპერაცია წამში). პლატფორმას შეუძლია უზრუნველყოს ავტომობილის თვითმავალი სისტემების, ინტელექტუალური ბორტ-ინსტრუმენტების და მულტიმედია პროგრამების ერთდროული ფუნქციონირება. ამავე დროს, კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. სამწუხაროდ, DRIVE Atlan-ის ნიმუშები ხელმისაწვდომი მხოლოდ 2023 წელს გახდება. ამ პლატფორმის ბაზაზე მოქმედი სატრანსპორტო საშუალებები ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდება. https://bit.ly/3297Spp
-
რობოტიზებული „შინაური ცხოველები“, რომლებიც აგებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით და შეუძლიათ გარკვეული ამოცანების შესრულება, მომავალში მეტად პოპულარული გახდება. ამგვარად ფიქრობენ ჩინური კომპანია Welian-ის დეველოპერები, რომელთაც შექმნეს რობოტი-ძაღლი, სახელად AlphaDog. იგი ვიზუალურად ჰგავს ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის რობოტ Spot-ს. არსებული ცნობების თანახმად, AlphaDog-ის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მუშაობისთვის აუცილებელი სენსორები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან ერთად მას სხვადასხვა ამოცანის შესრულების შესაძლებლობას ანიჭებს. Welian-ის განცხადებით, სამომავლო განახლებების შედეგად AlphaDog სასარგებლო გახდება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, იგი ასევე შეძლებს ყეფას და პატრონის ხმოვანი ბრძანებების შესრულებას. დეველოპერები აღნიშნავენ, რომ AlphaDog-ს შეუძლია 15 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რის შედეგად იგი გახლავთ ყველაზე სწრაფი იმ რობოტებს შორის, რომლებიც დღესდღეობით არსებობენ. იგი წონასწორობას ინარჩუნებს დარტყმისას, აგრეთვე შეუძლია დამოუკიდებლად შეაფასოს გრუნტის მდგომარეობა, რათა გადაადგილებისთვის ოპტიმალური მარშრუტი აირჩიოს. 5G ქსელთან დაკავშირების შემთხვევაში რობოტი-ძაღლი შეძლებს ავტონომიურად ფუნქციონირებას. ამჟამად AlphaDog მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე იყიდება, თანაც Boston Dynamics-ის ანალოგთან შედარებით ბევრად იაფი ღირს: Spot-ის ფლობის მსურველს უწევს გადაიხადოს დაახლოებით 74500 აშშ დოლარი, Welian-ის შინაური რობოტი კი მხოლოდ 2400 აშშ დოლარი ღირს. არსებული ინფორმაციით პირველ თვეში გაიყიდა AlphaDog-ის 1800 ეგზემპლარი. კომპანიის მონაცემებით, ყველაზე ხშირად რობოტ-ძაღლს ყიდულობენ სხვადასხვა მოწყობილობის შემქმნელები და ენთუზიასტები, აგრეთვე ბევრი ყიდულობს რობოტ-ძაღლს ბავშვებისთვის სასაჩუქრედ. https://bit.ly/3g7sVAL
-
- 1
-
-
Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა ნულოვანი საკომისიოს მქონე ტოკენიზებული აქციების ლისტინგის შესახებ, რისი მიზანიც არის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაფართოება. პირველ რიგში ბირჟა დაამატებს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს (ტიკერი: TSLA) აქციებს. მომხმარებლები შეძლებენ ტოკენების შეძენა/გაყიდვას, რომლებიც კომპანიის რეალური ქაღალდების ნაწილზე ანიჭებს მათ უფლებას. გარიგების მინიმალური მოცულობა იქნება ტოკენის მეასედი, რომელიც წარმოადგენს Tesla-ს აქციების იმავე წილს. ”ტრადიციული და კრიპტოვალუტების ბაზრების დასაკავშირებლად ჩვენ ვაშენებთ კიდევ ერთ ტექნოლოგიურ ხიდს უფრო მეტად ინკლუზიური ფინანსური მომავლისკენ”, - განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ. Binance-მა პირობა დადო, რომ გააფართოვებს ვაჭრობაში არსებული ტოკენიზებული აქციების ჩამონათვალს მოთხოვნის შესაბამისად. ტრეიდერებმა უნდა გაიარონ KYC-პროცედურა, რადგანაც ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის ჩინეთის, თურქეთის, აშშ-ისა და კიდევ რამდენიმე იურისდიქციის რეზიდენტებისთვის. ბირჟამ ახალი პროდუქტი აამოქმედა საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-სა და შვეიცარიულ პლატფორმა Digital Assets AG-თან ერთად. მიმდინარე წლის მარტში Binanceმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა კერძო კაპიტალის ბაზრების პლატფორმა CapBridge Financial-თან, რომელიც რეგულირდება სინგაპურის ფულად-საკრედიტო სამმართველოს მიერ. https://bit.ly/3dfbIUx
-
- 1
-
-
YouTube-არხ Moore's Law Is Dead-ზე გამოჩნდა Intel-ის პირველი ვიდეო დაფის ფოტოები, დასახელებით XE-HPG. იუთუბერის ინფორმაციით, ვიდეო დაფას ექნება 16GB GDDR6 256bit მეხსიერება და 2,2 გჰც სიხშირე. თუკი ამ მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, Intel-ის ვიდეო დაფა სიმძლავრით უკან ჩამოიტოვებს NVIDIA RTX 3070-ს, თუმცა ჩამორჩება RTX 3080 დაფას. ვიდეო დაფა დიდი ალბათობით მაინერების ყურადღებას მიიპყრობს და თუკი Intel-ს გეგმაში აქვს წინ აღუდგეს ვიდეო დაფების დეფიციტს და გეიმერებს ხელმისაწვდომ ფასად კარგი ვიდეო დაფის შეძენის საშუალება მისცეს, ასეთ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს იზრუნოს იმაზე, თუ როგორ შეზღუდოს XE-HPG დაფის მაინინგში გამოყენების შესაძლებლობა. XE-HPG-ს ექნება DLSS ტექნოლოგიის ანალოგი - XeSS და რეითრეისინგის მხარდაჭერა. თავად ვიდეო დაფა მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს, შესაბამისად, მისი ფასი არ უნდა იყოს 300 აშშ დოლარზე მეტი. ვიდეო დაფის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსთვის. https://bit.ly/2PNP4tv
-
ინტერნეტ-წყარომ, ფსევდონიმით momomo_us , აღმოაჩინა ინფორმაცია Cezanne სერიის სამომავლო ჰიბრიდული დესკტოპ პროცესორების, Ryzen PRO 5000G-ს შესახებ. როგორც გარკვა, ეს ჩიპები მცირედით იქნება განსხვავებული ამ დრომდე გაჟღერებული Ryzen 5000G ჰიბრიდული დესკტოპ მოდელებისგან. მათ ექნებათ ერთნაირი სიხშირის დიაპაზონი და ენერგომოხმარების დონე. პროცესორების სერიებს შორის განსხვავება მდგომარეობს მათ დასახელებებში, აგრეთვე უსაფრთხოებისა და ადმინისტრირების უფრო მაღალ შესაძლებლობებში, რომლებითაც აღჭურვილია Ryzen PRO ჩიპები. Ryzen PRO 5000G სერიის ფლაგმანური მოდელი იქნება რვაბირთვიანი Ryzen 7 PRO 5750G ჩიპი, რომლის საბაზისო სიხშირეა 3.8 გჰც. მის ქვემოთ განთავსებულია ექვსბირთვიანი Ryzen 5 PRO 5650G, რომლის სიხშირეა 3.9 გჰც. უმცროს სეგმენტს წარმოადგენს ოთხბირთვიანი მოდელი Ryzen 3 PRO 5350G საბაზისო სიხშირით - 4.0 გჰც. სამივე ჩიპი დაფუძნებულია Zen 3 (Cezanne) არქიტექტურაზე და განკუთვნილია AM4 სოკეტის მქონე დაფებში გამოყენებისთვის. აღსანიშნავია, რომ ადრე momomo_us-მა ასევე აღმოაჩინა ინფორმაცია ჩვეულებრივი Ryzen 5000G ჰიბრიდული პროცესორების შესახებ. თუმცა მაშინ მონაცემები ასევე შეიცავდა პროცესორების ტურბო-სიხშირეების შესახებ ცნობებსაც. მოსალოდნელია, რომ PRO მოდელები ამ მხრივ Ryzen 5000G ჩიპებისგან განსხვავებული არ იქნება. Ryzen PRO ბიზნეს-პროცესორების სერია პირველად წარდგენილ იქნა 2017 წელს, როგორც Intel-ის საპასუხო გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნეს-სეგმენტისთვის უშვებს vPro სერიის პროცესორებს. ეს ჩიპები ასევე აღჭურვილია სხვადასხვა ტექნოლოგიით, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციის დაცვისა და ადმინისტრირების შემსუბუქებისთვის. https://bit.ly/3samMGG
-
2021 წელს Ethereum-მა შესაძლოა მომგებიანობის კუთხით Bitcoin-ს გადააჭარბოს და მისმა ფასმა მიაღწიოს 10 ათას აშშ დოლარს - ამგვარი პროგნოზი გამოთქვა ცნობილმა კრიპტოტრეიდერმა და The Wolf Of All Streets პოდკასტის წამყვანმა სკოტ მელკერმა Cointelegraph-თან ინტერვიუში. მისი აზრით, Bitcoin-ის ფასის კონსოლიდაციის მიმდინარე პერიოდი მეტად ოპტიმისტური გახდა კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტისთვის, რომლის კურსმა ცოტა ხნის წინ ახალ მაქსიმუმს მიაღწია. სწორედ Ethereum-ის წარმადობა დაასახელა ტრეიდერმა Altcoin-ების ბაზრის ზრდის მთავარ კატალიზატორად. მან განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მან თავისი სტრატეგია დიდწილად შეცვალა პირველი კრიპტოვალუტიდან Ethereum-ის სასარგებლოდ. „ეს მე მაგონებს ინტერნეტში ინვესტირებას 1990-იანი წლების დასაწყისში“ - განაცხადა მელკერმა. იგი Ethereum-ის ფასის მისეულ მოკლევადიან პროგნოზს გადამეტებულ სითამამედ არ თვლის: „არ მესმის, რატომ არის ეს წარმოუდგენელი რამ. რეალურად, ეს იქნება ფასის მხოლოდ ხუთჯერ ზრდა. Bitcoin-ის ფასი გასულ წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა“. შეგახსენებთ, ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსებმაც დაუშვეს, რომ Ethereum-ის შემოსავლიანობა გადააჭარბებს Bitcoin-ის მაჩვენებელს, თავად მონეტის ფასი კი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება. კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ზრდაში დარწმუნებულია საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ის დამფუძნებელი და მმართველი ენტონი სკარამუჩი. 2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 103%-ით, ეს იყო ფლაგმანური კრიპტოვალუტის საუკეთესო მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. Ethereum-ის კოტირებებმა 250%-ზე მეტით მოიმატა. https://bit.ly/3dSSkvw
-
Xbox კონსოლებისთვის განკუთვნილმა სერვის Game Pass-მა ბევრი გეიმერი აიძულა პრიორიტეტი მიენიჭებინათ Microsoft-ის კონსოლისთვის, რადგანაც ხელმისაწვდომ ფასად მომხმარებელს შეუძლია წვდომა მიიღოს თამაშების ბიბლიოთეკაზე და თავიდან აირიდოს მათ შესაძენად მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვა. მსგავსი ანალოგი არ გააჩნია Xbox-ის მთავარ კონკურენტს - Sony-ს, რაც კონსოლების გაყიდვაზე აისახება. როგორც ჩანს, Sony აღიარებს ამას, ამიტომ სურს გამოუშვას სერვისის საკუთარი ვარიანტი - განაცხადა დევიდ იაფემ თავის ბოლო პოდკასტში. იგი PlayStation-ისთვის განკუთვნილი ბევრი თამაშის დეველოპერია. კომპანიის ხელმძღვანელმა უკვე მიუთითა PlayStation-ისთვის განკუთვნილი, Game Pass-ის ალტერნატივის გამოშვების შესახებ. PlayStation-ის მთავარი მახასიათებელია ექსკლუზიური თამაშები შთამბეჭდავი ღირებულებით. ისეთი სერვისის გამოშვება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ თამაშებით მათი სრული ფასის გადახდის გარეშე, Sony-ს კონსოლს ერთ-ერთ დიდ უპირატესობას მიანიჭებს Xbox-სთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით Game Pass-ს 18 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. https://bit.ly/3a0nbVI
-
ბოლო სამი თვის განმავლობაში SpaceX-მა განახორციელა Starlink-თანამგზავრების რვა წარმატებული გაშვება - დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანა 480 აპარატი. 6 აპრილს, ბოლო ამგვარი მისიისას SpaceX-ის პრეზიდენტმა და ოპერაციების დირექტორმა Gwynne Shotwell-მა განაცხადა, რომ გლობალური დაფარვა მიღწეული იქნება რამდენიმე თვეში. Satellite 2021 LEO Digital Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ SpaceX იმედოვნებს ზღვარის გადალახვას რამდენიმე თვეში, როდესაც ჯამში შეასრულებს Starlink-თანამგზავრების 28 რეგულარულ გაშვებას. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს შედგა 1.0 თანამგზავრების 23-ე წარმატებული გაშვება, რომელთა პირველი ნაწილი ორბიტაზე 2019 წლის ნოემბერში გავიდა. 250 კმ სიმაღლეზე გაშვებულ იქნა კიდევ 60 თანამგზავრი. საერთო ჯამში, ამ 17 თვეში გაშვებული 1383 თანამგზავრიდან დაახლოებით 1369 კვლავ ორბიტაზეა და მათგან სულ მცირე 1356 მუშაობს. 900-ზე მეტმა მიაღწია საბოლოო ორბიტას და მუშა მდგომარეობაშია. კიდევ 400 მათგანი იმყოფება 550 კილომეტრი სიმაღლის საექსპლუატაციო ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით ქვემოთ საპარკინგე ორბიტაზე. SpaceX-ის დაფარვის ზონა მარტის დასაწყისისთვის (809 თანამგზავრი) SpaceX დაახლოებით ორი კვირის მანძილზე შეაჩერებს Starlink-ის გაშვებას, რათა მთლიანად კონცენტრირდეს პილოტირებულ Crew-2 მისიაზე. როგორც ცნობილია, Starlink-ის დაჩქარებულ გაშვებას კომპანია აპრილის ბოლოს დაუბრუნდება. თუკი ამ დროიდან SpaceX დაიცავს 2021 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს და თანამგზავრებს გაუშვებს ყოველ 12 დღეში, Starlink-28-ის გაშვება შედგება დაახლოებით ივნისის ბოლოს, შესაძლოა უფრო ადრეც. ამის შემდეგ საჭირო იქნება თითოეული თანამგზავრის ფუნქციონირების შემოწმება და მათი მიღწევა სამუშაო ორბიტამდე. Falcon 9-ის გაშვება მისია Starlink 14-ის დროს. 14 მარტი. SpaceX თუკი არ მოხდება თანამგზავრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მწყობრიდან გამოსვლა ან სამიზნე ორბიტაზე გასვლა მეტისმეტად დიდ დროს არ წაიღებს, SpaceX-ს ექნება საკმარისი რაოდენობის აქტიური სატელიტები (დაახლოებით 1700), რათა მოხდეს მსოფლიოს დაფარვა სატელიტური ქსელით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. https://bit.ly/2PNfawG
-
მსოფლიო მოსამართლე სარა ნეტბერნი მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ბრედ გარლინგჰაუსის და კრის ლარსენის პირადი ფინანსური ანგარიშგების გამჟღავნება SEC-ის მოთხოვნით Ripple-ის წინააღმდეგ მარეგულირებლის სარჩელის განხილვის ფარგლებში. 2020 წლის დეკემბერში SEC-მა Ripple დაადანაშაულა 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების XRP ტოკენის სახით გაყიდვაში. საქმის მოპასუხეები ასევე იყვნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გარლინგჰაუსი და თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. მარეგულირებელმა ორგანომ მათ ქმედებებზე ყურადღება გაამახვილა თებერვალში შეტანილი სარჩელის სახეცვლილ ვერსიაში. SEC-მა ექვსი ბანკისგან გამოითხოვა მონაცემები ბოლო რვა წლის განმავლობაში ბრალდებულთა ფინანსური ოპერაციების შესახებ. Ripple-ის ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, დაებლოკა მარეგულირებლის მოთხოვნა. მათ აღნიშნეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ მიაწოდონ მონაცემები XRP-ის ტრანზაქციებისა და XRP ოპერაციების შესახებ. მოსამართლემ კომპანიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა: ”ვინაიდან SEC ითხოვს პირად ფინანსურ ანგარიშგებას ინფორმაციის სისრულის გადამოწმების შესახებ, რომლის მოწოდებასაც მოპასუხეები დათანხმდნენ, სასამართლო ვერ პოულობს მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ ასეთი გადამოწმება არის საჭირო ან მიზანშეწონილი.” სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ამგვარი მოთხოვნები გამოიწვევს ისეთი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელსაც "არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ მოპასუხე მხარე სთავაზობდა ან ყიდიდა XRP-ს საზოგადოებრივ ბაზარზე ან ხელს უწყობდა მის გაყიდვას პოტენციურ ინვესტორებზე". მანამდე მოსამართლე ნეტბერნმა დააკმაყოფილა Ripple-ის შუამდგომლობა SEC-ის დოკუმენტებზე წვდომის შესახებ, რომელშიც მოცემულია მარეგულირებლის „ინტერპრეტაცია და შეხედულებები“ Bitcoin-ისა და Ethereum-ის შესახებ. https://bit.ly/3wGjFcZ
-
- 1
-
-
დღესდღეობით სულ უფრო მეტი კომპანია ქმნის საკუთარ ნეიროქსელს. მანქანებს ანდობენ ისეთ რუტინულ ამონაცანებს, როგორებიცაა მომხმარებლებთან ურთიერთობა, ჩატში მუშაობა და საწარმოო ციკლის ავტომატიზაცია. პარალელურად იზრდება ქლაუდ-გამოთვლების პოპულარობა, აგრეთვე იქმნება მაღალი წარმადობის ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ პრიმიტიული ამოცანებით, არამედ ისინი შეძლებენ ადამიანებივით „აზროვნებას“. ამ მიზნის მიღწევა ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის მომდევნო თაობის ამოცანაა, ჯერჯერობით კი დეველოპერების ძალისხმევა მიმართულია მანქანური სწავლების ალგორითმებისკენ. რადგანაც მანქანური სწავლების პროცედურა რთულია და უზარმაზარ გამომთვლელ სიმძლავრეს საჭიროებს, უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება NVIDIA-ს ვიდეო დაფები, კონკრეტულად კი Tesla V100. ცოტა ხნის წინ გაყიდვაში გამოვიდა კიდევ უფრო მძლავრი A100, თუმცა ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის გამო მათი მოპოვება პრობლემატურია. რაის ბრაუნის საინჟინრო სკოლაში აცხადებენ, რომ კომპანიები დღეს მილიონობით დოლარს ტყუილად ხარჯავენ, რადგან ოპტიმალური ალგორითმის შემუშავების ნაცვლად ისინი განაგრძობენ სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომის შექმნას. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ოპტიმიზაციის უპირატესობის დამტკიცება Intel-ის პროცესორებისთვის ალგორითმის შემუშავებით, AVX512 და AVX512_BF16 მხარდაჭერით. ძრავი დამყარებულია C ++ OpenM-ზე და მოხდა მისი ტესტირება შემდეგ აპლიკაციებში: WikiLSHTC-325K, Amazon-670K და Text8. ექსპერიმენტში მონაწილეობდა ჩიპი Cooper Lake (ზუსტი მოდელი არ სახელდება), რომელიც უმძლავრეს Tesla V100 ვიდეო დაფაზე ბევრად სწრაფი აღმოჩნდა. პირველ ტესტში მან 5-ჯერ მეტი წარმადობა დააფიქსირა, მეორეში - თითქმის რვაჯერ მეტი, მესამეში - 15-ჯერ მაღალი. მკვლევარებმა განმარტეს, რომ საუბარი ეხებოდა ოპტიმიზებულ პროცესორს, ხოლო სტანდარტული შტატ-ეგზემპლარი შეძლებს 11-ჯერ მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფას Tesla V100-თან შედარებით. ექსპერიმენტის შედეგად მიღწეულ იქნა ახალი ალგორითმი, რომელიც არ არის უნივერსალური, მაგრამ დღეს არსებული პროცესორების ფუნქციების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მწვავე დეფიციტის პირობებში ასეთი ნაბიჯი ლოგიკურად და გონივრულად გამოიყურება, რადგან ვიდეო დაფები არა მხოლოდ უფრო ძვირია, არამედ ისინი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი გაყიდვაში. https://bit.ly/3saq7Fo
-
ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Xiaomi Redmi ბრენდის პირველ გეიმინგ სმარტფონს დააანონსებს მიმდინარე თვის შუა პერიოდში ან ბოლოს. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება MediaTek-ის პლატფორმაზე. მოწყობილობის მზადების შესახებ ადრე ისაუბრა Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა Lu Weibing-მა. მისი თქმით, ახალი სმარტფონისთვის შერჩეულია პროცესორი Dimensity 1200 რვა ბირთვით (3.0 გჰც-მდე), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი. როგორც ამჟამად გახდა ცნობილი, სმარტფონის კოდური დასახელებაა M2104K10x. მზადდება რამდენიმე რეგიონალური მოდიფიკაცია: მაგალითად, ჩინური ვერსიის კოდია M2104K10C. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ზოგიერთ ბაზარზე ახალი მოწყობილობის დებიუტი შესაძლოა შედგეს Poco ბრენდის სახელით. მოწყობილობას ექნება AMOLED დისპლეი 120 ჰც კადრის განახლების სიხშირით, მრავალმოდულიანი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე ფიზიკური ღილაკები თამაშების მართვისთვის. ახალი Redmi იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი, რომელიც სპეციალურად გეიმერებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი ფასი სავარაუდოდ 350 აშშ დოლარიდან დაიწყება. https://bit.ly/3dZz6oa
-
როგორც ცნობილია, 2060 წლისთვის ჩინეთი ელოდება სათბურის გაზების ემისიის ნულამდე შემცირებას. მაგრამ ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ძალისხმევა გლობალური დათბობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეიძლება წყალში ჩაიყაროს კრიპტოვალუტების მოპოვების პრაქტიკით. თუ არ იქნა მიღებული ზომები, 2024 წლისთვის ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვება გამოიწვევს ყოველწლიურად 130 მილიონი ტონა ნახშირბადის გამოყოფას. და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. ნახშირბადის ემისიებზე კრიპტოვალუტების მოპოვების გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარეს ცინჰუას უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა. ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვებასთან დაკავშირებული ვითარების მოდელირებისა და მათემატიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ 2024 წელს კრიპტოვალუტის მოპოვებაზე 296.59 ტერავატი/სთ ელექტროენერგია დაიხარჯება. ელექტროენერგიის ასეთი მოცულობის წარმოსაქმნელად საჭირო იქნება იმდენი წიაღისეული საწვავის დაწვა, რომელიც ატმოსფეროში 130.5 მილიონ ტონა ნახშირბადს გამოყოფს. მკვლევარების აზრით, ამ ვითარებაში მხოლოდ ნახშირბადზე გადასახადების დაწესება საკმარისი არ არის. მაინერები არ შეწყვეტენ ელექტროენერგიის გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ელექტროენერგიის მოხმარების რესტრუქტურიზაცია და კრიპტოვალუტების მოპოვებისას „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლა. ამგვარი ამოცანის მოგვარება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. აღვნიშნავთ, რომ დღესდღეობით ჩინეთი ლიდერია Bitcoin-ის მოპოვებაში. წყაროების ინფორმაციის თანახმად ამ ქვეყანაზე მოდის ამ კრიპტოვალუტის მოპოვების ქსელის სიმძლავრის 75%. ამას ხელს უწყობს იაფი ელექტროენერგია და შესაბამისი აღჭურვილობების მწარმოებელ კომპანიებთან სიახლოვე. ჩინეთში კრიპტოვალუტის მოპოვების შედეგად ნახშირბადის გამონაბოლქვი ყველაზე ძლიერი იყო 182 ქალაქსა და 42 საწარმოო სექტორს შორის. და თუ ეს მდგომარეობა როგორმე არ შეიზღუდება, არა მხოლოდ ჩინელებს მოუწევთ „ნაჭრის ნიღბის მიღმა სუნთქვა“. https://bit.ly/3d3PFjz
-
RDNA2 არქიტექტურის ბაზაზე დამყარებული პროფესიონალური ვიდეო დაფა AMD Radeon Pro-ს პირველი ფოტოები გამოქვეყნდა ჩინურ ფორუმ ChipHell-ზე. ახალ AMD Radeon Pro-ში შენარჩუნებულია ლურჯ-ვერცხლისფერი სქემა და ორსლოტიანი სისტემა ტურბინიანი გაგრილებითა და სითბური კამერით. მხოლოდ გარსზეა შესაძლებელი მცირე ცვლილებების შემჩნევა. წყარო: ChipHell ვიდეო დაფის უკანა მხარეს შეიმჩნევა რამდენი სტიკერი, რომლებიც გვაცნობებს, რომ მოდელი დაფუძნებულია GLXL A1გრაფიკულ პროცესორზე, რაც მიუთითებს Navi 21 ჩიპზე, თუმცა დაზუსტებული არ არის კონკრეტული კონფიგურაცია. გეიმინგ სეგმენტის მოდელებისთვის AMD-მ წარადგინა Navi 21-ის სამი ვარიანტი: XTX, XT და XL. ეს უკანასკნელი ხასიათდება გამომთვლელი ბლოკების გაცილებით ნაკლები რაოდენობითა (80-ის ნაცვლად 72) და ნაკლები Infinity Cache-ით (128 მბ-ს ნაცვლად 96 მბ). კვება უზრუნველყოფილია ორმაგი 8-პინიანი კონექტორის მეშვეობით. ვიდეო დაფას აქვს Samsung-ის 16 გბ მეხსიერება, სალტის სიგანე იგივეა - 256 ბიტი. წინასწარი შეფასებების თანახმად მოდელი კონკურენციას გაუწევს NVIDIA Ampere-ს პროფესიონალური ხაზის უმცროს წარმომადგენელს, რომელიც სავარაუდოდ იქნება RTX A4000 მოდელი 16 გბ მეხსიერებით. https://bit.ly/3dNzCoS
-
- 1
-
-
NASA-მ და SpaceX-მა განაცხადეს, რომ მათი ერთობლივი მისია Falcon-9 რაკეტისა და Crew Dragon-ის გამოყენებით 23 ოქტომბერს ამოქმედდება. მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოთხი ასტრონავტი გაიგზავნება. ამ გადაწყვეტილების ფონზე ორივე ორგანიზაცია ემზადება მისია Crew-2-სთვის, რომელიც 22 აპრილისთვისაა დაგეგმილი. Crew-2 ორბიტალურ სადგურზე წაიყვანს სამი სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს ეკიპაჟის წევრებს, ესენი არიან: NASA-ს სპეციალისტები - რაკეტის მეთაური Robert Shane Kimbrough და პილოტი Megan McArthur; ასევე იაპონიის აეროკოსმოსური სააგენტოსა (JAXA) ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტები: Akihiko Hoshide და Thomas Pesquet, შესაბამისად. Crew-3 მისიის ფარგლებშიც ოთხი ასტრონავტი გაემგზავრება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და დარჩებიან 6 თვის ვადით. გასული წლის დეკემბერში NASA-მ უკვე შეარჩია SpaceX Crew-3 მისიის სამი წევრი - NASA-ს კოსმონავტების მეთაური Raja Chari და პილოტი Tom Marshburn, ასევე ESA-ს სპეციალისტი Matthias Maurer. მოგვიანებით უნდა დასახელდეს ეკიპაჟის მეოთხე წევრი - შესაძლოა ეს იყოს რუსი კოსმონავტი სერგეი კორსაკოვი. Crew-3-ის დაგეგმილ გაშვებასთან დაკავშირებით Crew-2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე 31 ოქტომბრამდე დაბრუნდება: ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსური სადგური პასუხისმგებლობას აიღებს მომდევნო მკვიდრებზე. Crew-3 მისია იქნება SpaceX-ის მესამე სრულფასოვანი ფრენა NASA-სთვის - კომპანიამ ორი ვეტერანი ასტრონავტი ორთვიან სადემონსტრაციო მისიაში 2020 წლის მაისში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში SpaceX-მა ასევე გამოაცხადა Inspiring4–ის, ”მსოფლიოში პირველი სამოქალაქო კოსმოსური მისიის” დაწყების შესახებ. ეს პილოტირებული ფრენა სექტემბერში შედგება და ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ეკიპაჟის ოთხივე წევრის ვინაობა. მისია ხანმოკლე იქნება: კოსმოსური ტურისტები ორბიტაზე დარჩებიან სამი დღის განმავლობაში, სიმაღლე დაახლოებით 540 კილომეტრი იქნება. მისიაში გამოყენებული იქნება სპეციალური კონსტრუქციის ახალი Crew Dragon კოსმოსური კაფსულა, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დამაკავშირებელი შლუზი მინის გუმბათით შეიცვლება. https://bit.ly/39Qwibs
-
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა მესინჯერ Signal-მა გამოუშვა აპლიკაციის ბეტა-ვერსია MobileCoin (MOB) კრიპტოვალუტის მხარდაჭერით. ოფცია Signal Payments ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებისთვის. Signal-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ მონაცემები ნაშთების, გარიგების ისტორიის ან თავად თანხების შესახებ. დეველოპერებმა დაამატეს, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია აქტივების გატანა მესამე მხარის სერვისებში. ჯერ კიდევ 27 მარტს MobileCoin იყიდებოდა 7 აშშ დოლარის ფარგლებში - სტატიის მომზადების დროს მისი ფასი 66 აშშ დოლარს შეადგენდა. MOB/USD Stablecoin-ის დღიური გრაფიკი. წყარო: FTX/TradingView. Signal-ში კრიპტო გადახდების ტესტირების შესახებ პირველად იანვრის ბოლოს გახდა ცნობილი. იმ დროს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილო იყო კრიპტოვალუტების ინტეგრაციით - მათი აზრით, ეს ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს მარეგულირებლისა და არაკეთილსინდისიერი პირების მხრიდან. WhatsApp-ის გამოყენების პირობებში ცვლილებების შემდეგ Signal-ის მომხმარებელთა ბაზა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა. მარტის შუა რიცხვებში Signal-მა კრიპტოვალუტებში შემოწირულობების მიღება დაიწყო და ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მარკ ცუკერბერგიც კი იყენებს მას. Facebook-ის 533 მლნ მომხმარებლის გაჟონილ მონაცემებს შორის სოციალური ქსელის დამფუძნებლის ტელეფონი Signal-ში აღმოაჩინეს. მკვლევარმა დეივ უოლკერმა ამის შესახებ ირონიულად დაწერა: „მარკ ცუკერბერგი პატივს სცემს თავის კონფიდენციალურობას და იყენებს მესინჯერს საბოლოო შიფრირებით, რომელსაც Facebook არ ფლობს“. 2018 წელს MobileCoin-ის გუნდმა მოიზიდა 30 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების რაუნდში, რომელსაც Binance ხელმძღვანელობდა. პროექტის დამფუძნებლებს შორის ირიცხებოდა Signal-ის შემქმნელი მოქსი მარლინსპაიკი. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში პაველ დუროვმა გამოაცხადა Telegram Open Network (TON) პროექტის დახურვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიასთან კონფლიქტის ფონზე. საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ კრიპტოვალუტა Gram ინტეგრირებული იქნებოდა Telegram მესინჯერში, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. Facebook-ის პროექტმა Libra-მ და მისმა პარტნიორებმა ასევე განიცადეს მნიშვნელოვანი ცვლილებები მარეგულირებლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ და მოხდა რებრენდინგი. ამჟამად მას Diem ეწოდება. https://bit.ly/2OsnTDL
-
კომპანია Intel-მა დააანონსა მესამე თაობის Xeon Scalable ჩიპები, რომლებიც განკუთვნილია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისა და სხვა ყველაფრისთვის, რასაც მსგავსი მაღალი დონის გამომთვლელი სიმძლავრე სჭირდება. მთავარ სიახლეს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აჩქარება DL Boost-ის მეშვეობით. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი ერთადერთი ჩიპები ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით. თუკი გასულ თაობას შევადარებთ, Intel გვპირდება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების 74%-ით უკეთეს წარმადობას. Xeon Scalable მიეკუთვნება Ice Lake სერიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აგებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. Intel-ი გვპირდება 46%-ით გაუმჯობესებულ წარმადობას სტანდარტული დატვირთვის სამუშაო პირობებში. ხუთი წლის წინანდელ სისტემასთან შედარებით წარმადობის მაჩვენებელი საშუალოდ 256%-ით უნდა გაიზარდოს. თითოეულ პროცესორს აქვს 40-მდე ბირთვი, ასევე რვა DDR4-3200 მეხსიერების არხისა და 64 ხაზი PCIe Gen 4-ის მხარდაჭერა სოკეტზე. „ჩვენი მესამე თაობის მასშტაბირებადი Intel Xeon პლატფორმა არის ყველაზე მოქნილი და მაღალი წარმადობის მქონე. იგი განკუთვნილია სხვადასხვა სამუშაო დატვირთვისთვის ქლაუდიდან დაწყებული ქსელითა და პერიფერიით დამთავრებული“ - აცხადებს აღმასრულებელი დირექტორი და Data Platforms-ის გენერალური მენეჯერი. – „Intel იკავებს უნიკალურ პოზიციას არქიტექტურის, დიზაინისა და წარმადობის კუთხით და მომხმარებლებს გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს ანიჭებს“. Intel ასევე გვპირდება კრიპტოგრაფიის დაჩქარებას, რაც ნიშნავს კრიპტოგრაფიული ალგორითმების უკეთეს წარმადობას. „ინტენსიური შიფრირების სამუშაო დატვირთვისას“ თქვენ სარგებელს ნახავთ მისგან. პლატფორმა ასევე მოიცავს Intel Optane 200 სერიის მუდმივ მეხსიერებას, Optane SSD P5800X-სა და SSD D5-P5316 NAND-ს, აგრეთვე Ethernet 800 სერიის ქსელურ ადაპტერებსა და უახლეს პროგრამირებად ლოგიკურ ინტეგრირებულ სქემას (PLD, programmable logic device) - Intel Agilex. გამოჩნდა ახალი ქსელური ჩიპები N-SKU, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარღვევა 5G ქსელში წარმადობის 62%-იანი ზრდით. Intel აცხადებს, რომ ქლაუდ-სერვისების რვაასზე მეტი მომწოდებელი უკვე იყენებს Xeon Scalable-ს. მიმდინარე წელს კი წამყვანი კომპანიები გადავლენ მესამე თაობის ახალ ჩიპებზე დაფუძნებულ პროდუქტებზე. https://bit.ly/31Q7BaT
-
რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ილონ მასკმა ღორის ტვინში ჩადებული Neuralink ჩიპის მუშა პროტოტიპი წარადგინა, როდ-აილენდის (აშშ) ბრაუნის უნივერსიტეტის ექსპერტებმა უსადენო კავშირი დაამყარეს კომპიუტერსა და ადამიანის ტვინს შორის. კვლევის ფარგლებში 35 და 63 წლის ორმა პარალიზებულმა მამაკაცმა, რომლებმაც ადრე ზურგის ტვინის ტრავმები გადაიტანეს, გამოიყენეს უსადენო გადამცემის მქონე სისტემა BrainGate, რათა აერჩიათ ობიექტი და გამოეტანათ ტექსტი ჩვეულებრივ პლანშეტ-კომპიუტერზე. სისტემა, რომელიც აღწერილია ჟურნალ IEEE Transactions on Biomedical Engineering-ში, მუშაობს მცირე ზომის გადამცემით, რომელიც მხოლოდ 40 გრამს იწონის და ადამიანის თავზე მაგრდება. გადამცემის მქონე ბლოკი თავის ტვინის მოტორულ ქერქში იმპლანტირებულ ელექტროდების მატრიცას უკავშირდება ისეთი პორტის მეშვეობით, როგორიც ანალოგიურ სადენიან სისტემებში გამოიყენება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს იმავე სიზუსტისა და მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მიღწევა, რაც შესაძლებელია სადენიანი მოწყობილობის გამოყენებისას. ცნობილია, რომ BrainGate ტექნოლოგია 24 საათის განმავლობაში ავტონომიურად ფუნქციონირებს, რაც საშუალებას იძლევა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი გამოყენებულ იქნას ძილის დროსაც კი. ამგვარი რამ მეცნიერებს მისცემს უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შესაძლებლობას შესასწავლად. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი განსხვავება უსადენო ინტერფეისსა და ადრე გამოყენებულ სისტემებს შორის არის ის, რომ ადამიანს აღარ სჭირდება სტაციონარულ მოწყობილობებზე მიბმა, რაც სისტემის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ინტერფეისის წყალობით მათ საშუალება ექნებათ დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდნენ ადამიანების ტვინის აქტივობას, რაც ამ დრომდე თითქმის შეუძლებელი იყო. სამომავლო პერსპექტივაში იგი ხელს შეუწყობს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პარალიზებული ადამიანების შესაძლებლობებს. https://bit.ly/3rWy698
-
- 1
-
-
Goingecko-ს მონაცემებით, 2021 წლის 5 აპრილისთვის კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას ხელი შეუწყო Bitcoin-ის, Ethereum-ისა და სხვა ციფრული ვალუტების ფასების შთამბეჭდავმა ზრდამ. ამრიგად, კრიპტო ბაზრის ღირებულებამ მიაღწია Apple-ის მაჩვენებელს, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის გიგანტ Aramco-ს შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბარიერის გადალახვა მოხდა იმ მდგომარეობიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ფიქსირდებოდა მიმდინარე წლის 7 იანვარს. იმ დროს Bitcoin-ის ღირებულება დაახლოებით 33 ათასი აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერამ, როგორებიცაა PayPal და Visa. 2021 წელს Bitcoin-მა განიცადა რამდენიმე მოკლევადიანი კორექტირება, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მისი ფასი 50 ათას აშშ დოლარს ქვევით არ ჩამოსულა. Bitcoin-ის არასტაბილურობა ანუ ფასის ცვალებადობა გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის დიაპაზონი იყო 55-60 ათასი აშშ დოლარი. Ethereum-ის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა 2 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. ფონდის მმართველები და კრიპტოვალუტების ბაზარზე მოქმედი ინვესტორები საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებს. ივარაუდება, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე სერიოზული რყევები ზაფხულამდე არ არის მოსალოდნელი. უნდა აღინიშნოს, რომ 2 აპრილს აშშ-ის წამყვანმა კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა მისი რეგისტრაცია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე. Coinbase-ის ლისტინგი დაიწყება იქნება 14 აპრილს, შედეგად იგი გახდება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე საჯაროდ მოვაჭრე კომპანია. მიიჩნევა, რომ ეს მოვლენა მიიზიდავს ტრადიციული ფინანსური ბაზრის ინვესტორების ყურადღებას და გაზრდის კრიპტოვალუტებზე მოთხოვნას. ამასთან, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Coinbase-ის რეგისტრაციამ ბირჟაზე შეიძლება სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს თარიღი ემთხვევა Bitcoin-ის ოფციონების ვადის ამოწურვის დროს. https://bit.ly/2PX2jrs
-
ციფრული დისტრიბუციის ონლაინ სერვის Steam-მა გამოაქვეყნა მარტის თვის აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა. ჩანს, რომ AMD-მ კიდევ ერთხელ მცირედით შეამცირა Intel-ის პროცესორების წილი ბაზარზე. გასულ თვეში შეინიშნა AMD-ის პროცესორების შესყიდვის წილის ზრდა, რაც არც ისე დიდი იყო: +0,18%, რის შედეგად გამოყენებული პროცესორების წილის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა AMD-ის შემთხვევაში 28.84%, Intel-ისა და კი - 71.16%. სტატისტიკის თანახმად, Windows PC გეიმერები აგრძელებენ AMD-ზე გადასვლას, როგორც ჩანს მათ Intel-ის აღჭურვილობას Ryzen არჩიეს. მათ შემთხვევაში კი, ვინც Steam-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ოპერაციულ სისტემა Linux-ზე მომუშავე კომპიუტერებით, ვითარება განსხვავებულია: Intel ფაქტობრივად +0,19% წილს იღებს თვეში მიუხედავად იმისა, რომ თავად Linux-ის შემქმნელმა ლინუს თორვალდსმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ მიანიჭა უპირატესობა Ryzen ჩიპებს და აღტაცება გამოხატა ამ მოწყობილობების სიმძლავრესთან დაკავშირებით. მიმდინარე თვე მეტად მნიშვნელოვანი და რთული იქნება AMD-სთვის იმ კუთხით, რომ ახალი Intel Rocket Lake ახლახანს გამოვიდა და ნეგატიური გამოხმაურებების მიუხედავად ისინი მასაში მაინც პოპულარობით სარგებლობს. ამას ემატება ხელმისაწვდომობის პრობლემაც: რადგანაც AMD ჯერ კიდევ ცდილობს დააკმაყოფილოს Ryzen 5000 სერიაზე არსებული მოთხოვნა, ხელმისაწვდომი Intel Rocket Lake ალტერნატივას წარმოადგენს მათთვის, ვინც იმედგაცრუებულია AMD-ის ჩიპების ლოდინით. https://bit.ly/3wxicpi
-
როგორც პორტალ Tom's Hardware-მა გაარკვია, NVIDIA RTX Voice ტექნოლოგია უკვე ფუნქციონირებს GeForce GTX 600 სერიის ვიდეო დაფებში. NVIDIA-მ ტექნოლოგიის მხარდაჭერა GTX მოდელებზე დაამატა 410.18 ვერსიის დრაივერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია გაუხმაურებლად იქნა დანერგილი GeForce GTX სერიაში და ალბათ ვერც შეამჩნევდნენ, რომ არა Tom's Hardware-ის სტატია. NVIDIA-ს წარმომადგენელმა მანუელ გუსმანმა დაადასტურა, რომ RTX Voice ტექნოლოგია GTX სერიაში რამდენიმე თვის წინ იქნა ჩასმული, როდესაც გამოვიდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა RTX Broadcast. NVIDIA RTX Voice ერთი წლის წინ გამოვიდა. ეს ტექნოლოგია იყენებს ხელოვნური ინტელექტის სპეციალურ ალგორითმს, რომელიც ამცირებს ფონურ ხმაურს და, შედეგად, აუმჯობესებს ხმის ხარისხს. თავდაპირველად NVIDIA ამტკიცებდა, რომ RTX Voice იყენებდა Tensor ბირთვებს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ტექნოლოგია იმუშავებს როგორც RTX-ისგან განსხვავებულ GPU-ებთან, ასევე Windows 7 ოპერაციულ სისტემასთან. საბოლოოდ NVIDIA-მ უარი თქვა ხელოვნურ შეზღუდვებზე და ამჟამად ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ყველა იმ GeForce ვიდეო დაფაში, რომლებიც დაფუძნებულია მინიმუმ Geforce GTX 600 ჩიპებზე. ახალი პროგრამული უზრუნველყოფა RTX Broadcast წარმოადგენს RTX Voice-ის შთამომავალს. არსებობს ინფორმაცია, რომ NVIDIA აღარ განაახლებს RTX Voice პროგრამას, რადგან ის უკვე ინტეგრირებულია Broadcast-ის პროგრამული უზრუნველყოფის სტეკში. ვებ-გვერდ TechPowerUP-მა შეისწავლა ხსენებული ტექნოლოგია და ყველა მსურველს სთავაზობს სრულფასოვან მიმოხილვას, მათ შორის მრავალრიცხოვან დემოებს სხვადასხვა მიკროფონითა და სცენარით. ასევე აღინიშნა, რომ ტექნოლოგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმადობაზე, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აირჩევს შემავალი და გამომავალი ხმის ფილტრაციას. ჯამში მომხმარებლები, რომელთაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ, მზად უნდა იყვნენ 8%-დან 20%-მდე წარმადობის კარგვისა და მოხმარებული ენერგიის 30 ვატით მომატებისთვის. https://bit.ly/31OV2MV
-
კრიპტო ბირჟა Gemini-ს აღმასრულებელი დირექტორი ტაილერ უინკლუოსი მიიჩნევს, რომ პირველმა კრიპტოვალუტამ მიაღწია აღიარების ისეთ მაღალ დონეს, რომ აღარ მოხვდება აშშ-ის მარეგულირებელი აკრძალვების ქვეშ. ”ვფიქრობ, აშშ არასდროს გამოაცხადებს Bitcoin-ს კანონგარეშედ. ძალიან ბევრი პრეცედენტი შეიქმნა სასამართლოებში, ”- განაცხადა უინკლუოსმა. მისი თქმით, ბევრი რამის გაუქმება იქნებოდა საჭირო. ინვესტორი ციფრული ოქროს აკრძალვის ალბათობას უშვებდა 2013 წელს, მაგრამ არა ახლა. ”ჩვენ ვსაუბრობთ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შექმნას, აშენებენ ეკონომიკას. ისინი გახდებიან საფონდო ბირჟის მამოძრავებელი ძალები. აკრძალვა ნაკლებად სავარაუდოა, ”- განმარტა მან. Gemini-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ Bitcoin-ის აკრძალვა მოითხოვს მნიშვნელოვანი შეზღუდვების გატარებას ინტერნეტში, რაც გავლენას მოახდენს სხვა ეკონომიკურ ასპექტებზე. ადრე მილიარდერმა და Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა რეი დალიომ განაცხადა აშშ-ში პირველი კრიპტოვალუტის აკრძალვის მაღალი ალბათობის შესახებ. მან ანალოგია მოიყვანა ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დიდი დეპრესიის პერიოდში მოსახლეობისთვის ოქროს ჩამორთმევის შესახებ. შეგახსენებთ, მარტში Cardano-სთან დაკავშირებული კომპანია IOHK-ის გენერალურმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა კატეგორიულად უარყო აშშ-ის ხელისუფლების მიერ Bitcoin-ის აკრძალვის შესაძლებლობა. https://bit.ly/3cM3TVY
-
ცნობილი გახდა, რომ AMD აპირებს გაზარდოს გეიმერებისთვის მეტად სასურველი Ryzen 5000 სერიის პროცესორების მიწოდების მასშტაბი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. დიდი მოთხოვნა თავს დაატყდა ჩიპების მწარმოებლებს, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა ისეთ CPU-ებზე, როგორებიცაა Ryzen 9 5900X და Ryzen 9 5950X. მიწოდების ზრდა სწორედ იმ დროს ხდება, როდესაც კომპანიას მთელი ენერგიის დახარჯვა სჭირდება, რათა კონკურენცია გაუწიოს იაფ და ხელმისაწვდომ Intel Rocket Lake. ეს სერია 30 მარტს დაანონსდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად AMD Ryzen 5000 კომპონენტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. „წითელმა გუნდმა“ უკვე მოახერხა მომარაგების გაზრდა 20%-ით Zen 3 Gen არქიტექტურაზე დამყარებულ დესკტოპ პროცესორებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. პროცესორების ხელმისაწვდომობის 20%-იანი ზრდის მიუხედავად ეს მაინც არ არის საკმარისი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. თვლის თუ არა AMD, რომ Intel Rocket Lake პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდეს Ryzen 5000-ის წარმატებისთვის - ამას ამჟამად არ გააჩნია არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა ხელმისაწვდომობის მზარდი პრობლემის გამო. ბევრი გეიმერი და ბლოგერი მეტად უნდობლად მიუდგა Intel-ის მე-11 თაობის დესკტოპ კომპიუტერების კომპონენტებს, განსაკუთრებით კი ფლაგმანურ i9-11900K ჩიპს, თუმცა როგორც ჩანს ასაწყობი პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლები „ლურჯების“ ჩიპებს ყიდულობენ AMD-ის ჩიპების ბანალური დეფიციტის გამო. შეგახსენებთ, რომ AMD ამგვარ სიტუაციაში მოხვდა იმის გამო, რომ Xbox Series X/S-სა და PlayStation 5-ს განსაკუთრებით კრიტიკულად სჭირდება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ახალი ჩიპები. https://bit.ly/3sWPUCw
-
- 1
-
-
GMC-მ, რომელიც ავტო გიგანტ General Motors-ს ეკუთვნის, წარადგინა მთლიანად ელექტრიზებული ყველგანმავალი Hummer EV, რომელიც კომერციულ ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში გამოვა. ელექტრომობილის პლატფორმა აერთიანებს სამ ელექტროძრავს წინა და უკანა ღერძებზე. ჯამური სიმძლავრე 830 ცხენის ძალას აღწევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას დაახლოებით 3.5 წამი სჭირდება. ყველგანმავალს შეუძლია ოთხივე საბურავით შემობრუნება, რაც შესანიშნავ მანევრირებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, CrabWalk სისტემა საშუალებას აძლევს მანქანას გადაადგილდეს დიაგონალზე და თავიდან აიცილოს რთული დაბრკოლებები. ფუნქცია Extract Mode საშუალებას იძლევა პნევმატური დაკიდების სისტემა Adaptive Air Ride Suspension-ის მეშვეობით ავტომობილი აიწიოს 15 სმ სიმაღლეზე რთულად გასავლელი საგზაო მონაკვეთების გადასალახად. ერთ სრულ დამუხტვაზე გავლილი გზის მარაგი 480 კილომეტრს შეადგენს. ელექტომობილში 800-ვოლტიანი სისტემაა გამოყენებული. გათვალისწინებულია აკუმულატორი Ultium, რომელიც 20 მოდულისგან შედგება. ათწუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს 160 კილომეტრი მანძილის დაფარვას. მონაცემთა დაფა წარმოდგენილია 12.3-დუიმიანი დისპლეის ბაზაზე, მულტიმედია ცენტრი კი აღჭურვილია 13.4-დუიმიანი ეკრანით. კამერების UltraVision Surround სისტემა უზრუნველყოფს ხედვის 17 სხვადასხვა რაკურსს. რეალიზებულია ავტოპილოტირების სისტემა SuperCruise. ყველგანმავლის პირველი ეგზემპლარის, Hummer EV SUV Edition 1-ის ფასი 105595 აშშ დოლარს შეადგენს. მოგვიანებით კი გამოვა მოდიფიკაცია, რომლის ღირებულება 79995 აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/2Rb174p
-
ონლაინ წყაროების მტკიცებით, წელს გამოსულ მინიმუმ ერთ განახლებულ iMac-ს ექნება უფრო დიდი ეკრანი, ვიდრე Apple-ის სხვა კომპიუტერებს. ამჟამად Apple ყიდის iMac-ს 21.5- და 27-დუიმიანი ეკრანებით. არაოფიციალური ცნობების თანახმად, მიმდინარე წელს კომპანია მათ ჩაანაცვლებს მნიშვნელოვნად გადაკეთებული კომპიუტერებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება საფირმო ARM ჩიპსეტებზე. აღსანიშნავია, რომ Apple-ის all-in-one-ის დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2012 წლის შემდეგ. ონლაინ წყარო l0vetodram-ის ინფორმაციით ახალ მოდელს, რომელიც 27-დუიმიან iMac-ს ჩაანაცვლებს, ექნება კიდევ უფრო დიდი დისპლეი. დასაშვებია ვარაუდი, რომ ეკრანის ირგვლივ არსებული საკმაოდ მსხვილი ჩარჩოს მოშორების შედეგად გახდება შესაძლებელი უფრო დიდი დისპლეის მიღება ისე, რომ ზოგადი გაბარიტები არ გაიზარდოს. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ წელს ამტკიცებდა უამრავი ინტერნეტ წყარო, რომ განახლებულ iMac-ს ექნება დიზაინი, რომელშიც გაერთიანებული იქნება პლანშეტ iPad Pro-სა და მონიტორ Pro Display XDR-ის მახასიათებლები. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა გამომცემლობა Bloomberg-მა, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალი iMac-ები გამორჩეული იქნება წვრილი ჩარჩოებით და აღარ ექნებათ ლითონის ქვედა პანელი ეკრანის ქვემოთ. ასევე შესაძლებელია ვარაუდი, რომ ყველაზე დიდ iMac-ს ექნება 32-დუიმიანი დისპლეი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ განახლებული მოდელები სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდგენილი. გარდა ახალი დიზაინისა, Apple-ის ახალი all-in-one მიიღებს რადიკალურად გადაკეთებულ აპარატულ პლატფორმას. საუბარია საფირმო ARM ჩიპებზე, მაგრამ ალბათ ეს არ იქნება შარშანდელი Apple M1. Bloomberg-ის თანახმად, Apple ახდენს სრულიად ახალი პროცესორების ტესტირებას, რომელთაც ექნება 16 მაღალი წარმადობის მქონე და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. https://bit.ly/3cQ8kPs
-
Bitcoin-ი არ არის ფასიანი ქაღალდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი რეგულირება არ მოხდება - განაცხადა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილმა თავმჯდომარემ ჯეი კლეიტონმა. CNBC-ის კითხვაზე, თუ რატომ არ მიიღო SEC-მა პოზიცია ციფრული ოქროს რეგულაციის შესახებ, კლეიტონმა თქვა, რომ კრიპტოვალუტა არ არის აღიარებული ფასიან ქაღალდად. “SEC-მა გაარკვია, რომ Bitcoin-ი არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს ჯერ კიდე მანამდე, სანამ მე მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობას დავიკავებდი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის რეგულირება არ მოხდება მომავალში“ - განმარტა ყოფილმა ხელმძღვანელმა. კლეიტონი SEC-ის თავმჯდომარის ადგილიდან წავიდა 2020 წლის დეკემბერში და ამჟამად კონსულტაციებს უწევს One River Asset Management-ს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საკითხებში. „არ ვიცი, ამჟამად რა სახის კანონებს იღებს SEC, თუმცა ვთვლი, რომ ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში უნდა შეიცვალოს“ - განაცხადა კლეიტონმა. კლეიტონის ამ განცხადებებმა გაიჟღერა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ Ripple სთხოვს SEC-ს, გადახედოს Bitcoin-ისა და Ethereum-ის სტატუსს. კომპანია მოითხოვს, რომ სასამართლომ SEC-ს დაავალოს შიდა დოკუმენტაციის გაზიარება, რომელშიც აღნიშნულია, თუ რატომ არ არის ეს კრიპტოვალუტები ფასიანი ქაღალდები. Ripple და მისი მომხმრეები ცალსახად ამტკიცებენ, რომ XRP არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, თუმცა SEC საპირისპირო აზრზეა. შეგახსენებთ, გასული წლის 2020 წელს კომისიამ Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ტოკენების სახით არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. მოპასუხეების სახით გამოდიოდნენ ბრედ გარლინგაუსი და კომპანიის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი. https://bit.ly/2PRxsMV
