Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია LG-მ ჩაიფიქრა უჩვეულო ტელევიზორის პანელის შექმნა, რომელიც დამყარებული იქნება დრეკადი დისპლეის ბაზაზე. როგორც რესურსი LetsGoDigital გვაცნობებს, ახალი ტელევიზორის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (World Intellectual Property Organization, WIPO) ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში. საუბარი ეხება პანელს, რომელიც ჰორიზონტალურად იხვევა. როგორც საპატენტო ილუსტაციებიდან ვხედავთ, მოწყობილობა შემდგარი იქნება ბაზისგან, რომელზეც დაყენებულია მოძრავი მოდულები. დაკეცილ მდგომარეობაში ამგვარი ტელევიზორი გარეგნულად მოგვაგონებს აკუსტიკური სისტემის დინამიკს ვერტიკალურად გამოწეული დისპლეით. ვიდეომასალებზე ჩანს, რომ მარცხენა და მარჯვენა მოდულები გადაადგილდება ჰოროზონტალურად, ეკრანი კი ჩვეულ სტანდარტულ ფორმას მიიღებს. საინტერესოა ის, რომ დრეკადი ეკრანი მოიცავს მოძრავი მოდულების გვერდით ნაწილებს: ამ სივრცეებზეც შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გახმაურებული პანელის მახასიათებლები. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მასში გამოყენებული იყოს მატრიცა ორგანული შუქდიოდებით (OLED) და გვერდების შეფარდებით - 16:9. უნდა აღინიშნოს, რომ LG-მ გასულ წელს დაიწყო ტელევიზორ Signature OLED R-ის გაყიდვა. მას აქვს 65-დუიმიანი დრეკადი ეკრანი, რომლის გრაგნილივით დახვევაა შესაძლებელი და სრულიად იფარება ბაზის შიგნით. https://bit.ly/3gETbT8
      • 1
      • Like
  2. ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) ამოქმედება საბანკო სისტემას ჩამოართმევს დეპოზიტების ბაზის დაახლოებით 8%-ს (873 მილიარდი ევრო) - გამოითვალეს Morgan Stanley-ს ანალიტიკოსებმა, გვცანობებს Reuters. მსგავსი შეფასება პესიმისტურ სცენარს შეიცავს. იგი ემყარება დაშვებას, რომ ევროზონის 15 წელზე უფროსი ყველა მოქალაქე დეპოზიტებიდან CBDC-ში 3000 ევროს გადაიტანს. მსგავსი ლიმიტი, როგორც დაზღვევა საბანკო სექტორში ვითარების დესტაბილიზაციისგან, ადრე დაასახელა ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამაც. ისეთი მცირე ქვეყნების საკრედიტო ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა საბერძნეთი, ლატვია და ესტონეთი, ციფრულმა ევრომ შეიძლება ზიანი კიდევ უფრო შესამჩნევი გახადოს. ანალიტიკოსების აზრით, მათ შეიძლება ჰქონდეთ საბანკო დეპოზიტების 17-30%-ის გადინება. რეალური შეფასებები კი შესაძლოა არც ისე პესიმისტური იყოს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადგილობრივი ბანკების მომხმარებლები დანაზოგების დიდ ნაწილს ციფრულ ევროში გადაიტანენ, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი გათვლებით, უარეს შემთხვევაში, ეფექტი შეიძლება იყოს 10%. წყარო: Morgan Stanley. Morgan Stanley აღნიშნავს, რომ CBDC-ის მიღება გაზრდის კრედიტი/დეპოზიტის (LDR) საზომების ურთიერთმიმართებას საშუალოდ 97%-დან 105%-მდე.  შედეგად გაიზრდება ლიკვიდურობის დეფიციტის ალბათობა მსესხებლების მხრიდან აქტიური მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, იგი არ გამოიწვევს სისტემურ შედეგებს, რადგან პანდემიის ეპოქაში LDR უკვე გაიზარდა ამ მაჩვენებლებამდე, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. შეგახსენებთ, ადრე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გარფრთხილება გასცა მონეტარული მარეგულირებლის პრობლემების შესახებ საკუთარი CBDC-ის არარსებობის გამო. მანამდე ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ციფრული ევროს გამოშვება, რომლის დამტკიცებაც პოლიტიკოსების მიერ იქნება შესაძლებელი, შეიძლება მოხდეს ოთხი წლის შემდეგ. https://bit.ly/3gEpy38
      • 1
      • Like
  3. ცნობილია, რომ Intel მიმდინარე წელს დაიწყებს პირველი 10th დესკტოპ პროცესორების მიწოდებას. ზუსტი თარიღები ამ დრომდე უცნობია, რეალურად სარწმუნო ცნობები მეტად მცირე რაოდენობით ვრცელდება, რაც ნამდვილად არასაკმარისია სამომავლო წარმოდგენის შესაქმნელად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წელს დაიწყება AMD AM5 პლატფორმის მქონე მომდევნო თაობის პროცესორების გაყიდვა. ორივე მათგანი ნიშნავს ახალი DDR5 სტანდარტის მეხსიერებაზე გადასვლას, აგრეთვე ბევრ გაუმჯობესებას. ამჯერად უახლესი ინფორმაცია გავრცელდა რესურს Videocardz-ისგან. პირველ რიგში ვისაუბრებთ Alder Lake-ის გამოსვლაზე. გავრცელებული ცნობით, 600-სერიის ჩიპსეტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ დროისთვის უნდა გამოჩნდეს თავად პროცესორებიც. მონაცემები შესაძლოა ოპტიმისტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მთელი ხაზის ნაცვლად მხოლოდ ფლაგმანურ Z690-ს მივიღებთ. ცნობილია, რომ ბიუჯეტური B660 და H610 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ეს არის მეტად მოულოდნელი ნაბიჯი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომდევნო წელს ვიხილავთ დაბალბიუჯეტურ Core i5 და Core i3 პროცესორებს. ლოგიკური იქნება ვარაუდი, რომ 150 აშშ დოლარიანი ჩიპების მყიდველები არ მოისურვებენ დედა დაფაში 400 აშშ დოლარის გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ Alder Lake-მა ნამდვილი რევოლუცია უნდა მოიტანოს, უკვე გამოსასვლელად ემზადება მომდევნო თაობა, სახელწოდებით Raptor Lake. ისინი მიიღებენ იმავე 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესს ბირთვების განაწილების უფრო მოქნილი მეთოდით. არსებული ცნობებით, 700-სერიის ფლაგმანი Z790 2022 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოვიდეს. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თუ რამდენად ჩქარობს Intel, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ეს უკანასკნელი უნდა იყოს პირდაპირი პასუხი AMD-ის 5-ნანომეტრიანი ჩიპებისთვის. რეალურად, AM5 პლატფორმა და კოდური დასახელება Raphael-ის მქონე პროცესორებისთვის განკუთვნილი ფლაგმანური ჩიპსეტი X670 2022 წლის მეორე კვარტალში გამოვა. გამორიცხული არ არის, რომ მასიური გაყიდვებიც ამავე პერიოდში დაიწყოს, დიდი ალბათობით, AMD-მ თავადაც არ იცის ზუსტი თარიღი. ამ შემთხვევაში ყველაფერი Apple-ზეა დამოკიდებული: იგი დღესდღეობით ჩიპების მომწოდებელი TSMC-ის მთავარი პარტნიორი და დამკვეთია. რაც მალე გამოუშვებს Apple 5-ნანომეტრიან პროდუქციას, მით უფრო ადრე შეძლებს AMD თავისი 5-ნანომეტრიანი Ryzen 6000 პროცესორების მასობრივ წარმოებას. ინსაიდერები კი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ AM5 პლატფორმა გამოჩნდება მხოლოდ 2022 წლის მე-4 კვარტალში. ეს ასევე დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ მე-3 კვარტალში უნდა შედგეს ახალი iPhone 13-ის პრეზენტაცია ახალი 4-ნმ ან 3-ნმ ტექნოპროცესით. https://bit.ly/3vybuO2
      • 1
      • Like
  4. კომპანია IDC-მა შეისწავლა ევროპაში თან სატარებელი ელექტრონიკის ბაზარი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში: ინდუსტრია, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სწრაფად განიცდის აღმასვლას კორონავირუსის დარტყმისა და მისგან პროვოცირებული მიწოდების ჯაჭვების მოშლის შემდეგ. იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ევროპელებმა შეიძინეს 22.0 მილიონი ტარებადი გაჯეტი - ჭკვიანი საათები, ფიტნეს ტრეკერები, უსადენო ყურსასმენები (TWS) და ა.შ. ეს არის 33%-ით, ანუ ზუსტად ერთი მესამედით მეტი, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში. ბაზრის ლიდერია Apple, რომლის წილმა ბოლო კვარტალში 35.6% შეადგინა. Samsung მნიშვნელოვნად ჩამორჩება მას და მეორე ადგილზეა 16,1%-იანი წილით. Xiaomi ხურავს სამეულს 11.5%-იანი მაჩვენებლით. აღინიშნა, რომ სხვადასხვა ტიპის სმარტ-საათზე მოდის თან სატარებელი მოწყობილობების მთლიანი მიწოდების 31.2%. ბაზრის უდიდესი სეგმენტი 53.2%-იანი წილით არის ყველა ტიპის ყურსასმენი, კერძოდ TWS-ყურსასმენები. ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ევროპაში თან სატარებელი გაჯეტების საერთო მიწოდება ბაზარზე 91.7 მილიონ ერთეულს მიაღწევს. 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 168.4 მილიონი ერთეული იქნება. https://bit.ly/2UeBtNy
      • 1
      • Like
  5. NVIDIA-ს ყველა წინა მცდელობა - გეიმერული ვიდეო დაფები მაინინგისგან დაცვის ფუნქციით აღეჭურვა, წარუმატებელი აღმოჩნდა და მაინერების მხრიდან დაცინვა დაიმსახურა. ჰეშრეითის შეზღუდვის სისტემის მქონე პირველი RTX 3060 დაფები გამოსვლიდან რამდენიმე თვეშივე განიბლოკა 470.05 ვერსიის დრაივერის წყალობით, რომელიც მხოლოდ დეველოპერებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მის გარეშეც კი დაფები არც ისე ცუდად მუშაობდნენ ჰეშირების სხვა ალგორითმების მონეტების მოპოვებისას, რადგანაც შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ Dagger Hashimoto (Ethash) ალგორითმს. ზუსტად იგივე ვითარება განმეორდა ახლახანს გამოსულ RTX 3080Ti და RTX 3070Ti დაფებზე, რომლებსაც შეზღუდვების მიუხედავად არც ისე ცუდი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ ისეთი მონეტების მოპოვებაში, როგორიცაა Ergo, Conflux CFX, Ravencoin და Cortex (CTXC). შედეგად, Nvidia-ს ქმედებებმა ვერ გამოიწვია ფასების რეალური შემცირება ამ მოდელებზე, რადგან ისინი კვლავ მოთხოვნადია მაინერებს შორის. მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ გეიმერებისთვის GPU-ების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ვითარების შესაცვლელად საჭიროა ჰეშრეითის შეზღუდვების შემოღება არა მხოლოდ Ethereum-ს, არამედ მისი ანალოგებისთვის. პირველი დაფა ალგორითმების გაფართოებული შეზღუდვით გახდა ახალი RTX 3060 LHR. ზოგიერთმა მაინერმა განაცხადა Altcoin-ების მაინინგის პრობლემის შესახებ ახლად შეძენილ MSI GeForce RTX 3060 დაფაზე. ფორუმის მონაწილეთა განცხადებით შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა ათზე მეტ პოპულარულ მონეტაზე, რომლებიც დაფუძნებულია Proof of work კონსენსუსის ალგორითმზე. 470.05 დრაივერის ინსტალაცია, რომელიც უბრალოდ არ მუშაობს RTX 3060-ის განახლებულ ვერსიებთან, ვერ აღმოჩნდა პრობლემის მოგვარების საშუალება. https://bit.ly/3zvylwN
  6. როდესაც ვიდეო დაფების დეციფიტზე ვსაუბრობთ, ვეყრდნობით მხოლოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. NVIDIA მხოლოდ გარკვეულ მონაცემებს აზიარებს, ცნობების უდიდესი ნაწილი პრესაში ვერ ხვდება, AMD-ს კი მთელი რიგი პრობლემები აქვს ნახევრადგამტარ პროდუქტებთან წვდომის მხრივ. გარკვეული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ანალიტიკოსებისგან, რომლებიც ითვლიან მეორად ბაზრებზე გაყიდული GPU-ების რაოდენობას, თუმცა უმეტესად საუბარი ეხება პლატფორმა eBay-ს იმ დროს, როდესაც ათეულობით მსხვილი რეგიონალური პლატფორმა გაუთვალისწინებელი რჩება. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური ინსაიდერები ზოგჯერ აზიარებენ ცნობებს, რომლებიც საშუალებას იძლევა პრობლემა შინაგანად გადაიხედოს. ამჯერად პრესაში მოხვდა ტაივანურ კომპანია ASRock-ის ანგარიში საინტერესო ფაქტებით. უპირველეს ყოვლისა, მოსალოდნელია ფასების კლება ვიდეო დაფებზე. ეს განპირობებულია უპირველეს ყოვლისა ჩინელი მაინერების ფაქტორის მიერ, რომლებიც ვეღარ ახერხებენ Ethereum-ის მოპოვებას, შემოდგომისთვის უმსხვილესი ფერმებიც კი დატოვებენ ჩინეთის ტერიტორიას. გაუმჯობესებები დღეს უკვე თვალსაჩინოა, მაგრამ ისინი ბევრად თვალშისაცემი იქნება წლის მეორე ნახევარში მიწოდების მოცულობის მატებისა და ბაზარზე გრაფიკული ჩიპების რაოდენობის ზრდის გამო. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ვიდეო დაფები შეხვდებათ გეიმერებს, რადგან, ბოლო ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მაინერებმა მიიღეს მინიმუმ 700 ათასი ვიდეო დაფა (ბაზარზე მიწოდების მოცულობის 25%). უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მინიმალური მაჩვენებლები, ხოლო რეალური მაჩვენებლები შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს. ASRock-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ფასების კორექტირება შესაძლოა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მოხდეს. ამის წინაპირობები უკვე არსებობს. ოპტიმიზმის მთავარ მიზეზად კი მოყვანილია მზა პროდუქციის წარმოებისთვის მასალების მომარაგების ზრდა. ამავე დროს, ASRock ელოდება ვიდეო დაფების ფასების მხოლოდ ნაწილობრივ აღდგენას. შესწორება, რა თქმა უნდა, მოხდება, მაგრამ არავინ იცის, როდის ჩამოვა Radeon RX 6700 XT-ის ფასი რეკომენდებულ 479 აშშ დოლარამდე. ბოლო მონაცემები შესაძლოა მოულოდნელი ჩანდეს, რადგანაც ASRock აცხადებს, რომ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის დედა დაფების გაყიდვა AMD-ისა და Intel-ის ახალი პროცესორების დეფიციტის გამო. ამ მიმართულებით კარგი სიახლები არ არის, რადგანაც ჩიპების ნაკლებობა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლამდე გაგრძელდება. უცნობია, აქვთ თუ არა ანალოგიური სირთულეები დედა დაფების სხვა მწარმოებელ კომპანიებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესორების მიწოდების პრობლემა ისე მწვავედ არ დგას, როგორც გრაფიკული ჩიპების დეფიციტი, ASRock კი ელის, რომ მეორე კვარტლის შეჯამებით შეძლებს წმინდა მოგების მორიგი რეკორდული მაჩვენებლის მიღებას. https://bit.ly/3zvyeRT
      • 1
      • Like
  7. Google აგრძელებს მუშაობას სმარტფონებისა და პლანშეტების ოპერაციული სისტემის გაუმჯობესებაზე. მიმდინარე ზაფხულში Android-ზე მომუშავე 3 მილიარდი აქტიური გაჯეტის მფლობელები მიიღებენ ექვს მნიშვნელოვან განახლებას გარე საფრთხეებისგან დასაცავად და ამა თუ იმ მეთოდით ცხოვრების გასაადვილებლად. გაფრთხილება მიწისძვრის შესახებ გასული წლიდან Google-ის გუნდი მუშაობს მიწისძვრის პროგნოზირების მსოფლიოს უდიდეს სისტემაზე. პრობლემურ რეგიონებში მცხოვრები ხალხი გაფრთხილებას მიიღებს მიწისძვრის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე. ეს მათ მისცემს ცოტა დროს უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად და სიცოცხლის გადასარჩენად. ეს სისტემა ახლახანს ამოქმედდა ახალ ზელანდიასა და საბერძნეთში და ახლა უკვე ხელმისაწვდომია თურქეთში, ფილიპინებში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკეთში. პრიორიტეტული ქვეყნები არიან მაღალი სეისმური საშიშროების მქონე რეგიონები. მიმდინარე წელს სისტემა გავრცელდება სხვა ქვეყნებშიც. მნიშვნელოვანი გზავნილების მონიშვნა „შეტყობინებების“ აპლიკაციაში იმისათვის, რომ არ დაიკარგოს აქტუალური ინფორმაცია "შეტყობინებების" აპლიკაციაში, შესაძლებელი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებების ვარსკვლავით მონიშვნა. მოგვიანებით თქვენ არ დაგჭირდებათ შეტყობინებების სქროლვა ძებნისთვის - უბრალოდ აირჩიეთ თქვენი საყვარელი შეტყობინებების განყოფილება. უახლოესი დროის განმავლობაში ფუნქცია ფართოდ გავრცელდება. დიალოგისთვის ოპტიმალური ემოჯის შერჩევა შეტყობინების დაწერის შემდეგ შესაბამისი ემოჯიები ავტომატურად გამოჩნდება კლავიატურის ზემოთ. ეს დაგეხმარებათ იპოვოთ შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც შეესაბამება თქვენს განწყობას. "კონტექსტური" ემოჯიები უკვე ხელმისაწვდომია Gboard-ის ბეტა ვერსიაში, Android 6-სა და უფრო ახალი სისტემის მქონე მომხმარებლები მათ მიიღებენ ზაფხულის ბოლოს, თუმცა მხოლოდ ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალურ ტექსტებზე. უფრო მეტ პროგრამაზე წვდომა ხმოვანი ბრძანებებით პაროლის შეყვანისა და მზერის ამოცნობის გაუმჯობესებული ფუნქციები ხმოვან წვდომაში მათთვის, ვისაც სენსორული ეკრანის გამოყენებით მონაცემების შეტანა უჭირს, ხმოვანი წვდომა საუკეთესო არჩევანია. მისი საშუალებით შესაძლებელია ბრძანებების შეტანა ხმის გამოყენებით. მზერის ამოცნობის სისტემის ბეტა ვერსია ააქტიურებს ხმოვან წვდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ეკრანს უყურებს. შეგიძლიათ გადაერთოთ მეგობრებთან და ნაცნობებთან ნამდვილი საუბრიდან სმარტფონის გამოყენებაზე ზედმეტი მოძრაობების გარეშე. ასევე გაუმჯობესდა პაროლის შეყვანის სისტემა Voice Access-ის მეშვეობით. როდესაც პროგრამა ამოიცნობს პაროლის ჩასაწერ ველს, ის საშუალებას მოგცემთ შეიყვანოთ ასოები, ციფრები და სიმბოლოები. მაგალითად, შეგიძლიათ მიუთითოთ რომელი ასო გამოიყენოთ, ან თქვათ "დოლარის ნიშანი" $ სიმბოლოს შესაყვანად. Android Auto-ს პარამეტრების მართვა და ახალი ფუნქციები შესაძლებელი იქნება ეკრანის ლანჩერის პერსონალიზება უშუალოდ სმარტფონიდან და ღამის რეჟიმის ხელით დაყენება. აგრეთვე გამარტივდა მედიააპლიკაციების ჩანართებში კონტენტის ნახვა, დაემატა სხვა ფუნქციებიც. დამატებით, Android Auto-ში გამოჩნდა აპლიკაციები ელექტრომობილის დამტენის, პარკირებისა და ნავიგაციისთვის, ეკრანის ლაუნჩერიდან შესაძლებელია პირდაპირი წვდომის მიღება ისეთ აპლიკაციებთან, როგორებიცაა WhatsApp ან „Google-ის შეტყობინებები“. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია სმარტფონებისთვის, რომლებიც მუშაობენ Android 6-ზე ან უფრო ახალ ვერსიებზე თანამედროვე ავტომობილთან დაკავშირებისას. https://bit.ly/2TCfxvp
      • 1
      • Like
  8. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარე მაქსინ უოტერსმა შექმნა კრიპტოვალუტებზე სამუშაო ახალი გუნდი. კონგრესმენმა ამის შესახებ განაცხადა მოსმენაზე, რომელიც ეძღვნებოდა ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების საკითხს. უოტერსმა განაცხადა: ”მე ორგანიზება გავუწიე აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფს მარეგულირებლებსა და ექსპერტებთან ურთიერთობისთვის, რათა უფრო ღრმად ჩავწვდე ამ ცუდად გასაგებ და მინიმალურად რეგულირებულ ინდუსტრიას.” ადრე უოტერსმა რამდენჯერმე გამოხატა შეშფოთება პროექტ Diem Association-თან (Libra Association) მიმართებაში. 2019 წლის ივნისში კონგრესმენმა Facebook-ს მოსთხოვა ციფრული ვალუტის განვითარებაზე მუშაობის შეჩერება და ორი თვის შემდეგ წარადგინა სამუშაო გეგმა მისი შემდგომი შესწავლისთვის. 2020 წელს უოტერსმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა გაეუქმებინათ ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში კონტროლერის მართვა უშუალოდ კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 9 ივნისს მასაჩუსეტსის შტატის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა ციფრულ აქტივებს "საზიზღარი ინვესტიცია" უწოდა და თქვა, რომ ისინი ამარტივებენ უკანონო ქმედებების განხორციელებას. https://bit.ly/3gqw5zo
  9. მარკეტინგული ხრიკის სახით Xbox-მა Xbox Series X/S-ის რელიზის წინ გამოუშვა სამი სრული ზომის მაცივარი საკუთარი კონსოლების სტილში და გაუგზავნა ისინი ცნობილ ადამიანებს - რეპერ Snoop Dogg-სა და ბლოგერ iJustine-ს, მესამე კი გათამაშდა მომხმარებლებს შორის. მსგავსი მოვლენა ხუმრობასავით გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ჩანს სულაც არა - კომპანიამ ნამდვილად დააანონსა საკუთარი მაცივრის გამოშვება, თუმცა იგი იქნება შედარებით მინიატურული, სახელწოდებაა Xbox Mini Fridge და ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის. Xbox Mini Fridge-ს ექნება ახალი თაობის Xbox Series X/S კონსოლების მსგავსი დიზაინი, გაგრილების სისტემა და სამი განყოფილება სასმელის 0.3-ლიტრიანი ქილებისთვის, რაც ჯამში დაახლოებით 9 ქილის შენახვის საშუალებას იძლევა. ასეთი მინი მაცივრები გაყიდვაში ახალი წლის სადღესასწაულო პერიოდში გამოვა, რაც შეეხება ღირებულებას, უცნობია. თუკი მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ სასმელის გაგრილებით, ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტი სავარაუდოდ დიდი მოთხოვნით ვერ ისარგებლებს, თუმცა მაღალ ფასს მოკლებული არ იქნება. https://bit.ly/3wqOeCO
  10. ამერიკულმა კომპანია IBM-მა აშშ-ის ფარგლებს გარეთ თავისი პირველი კვანტური კომპიუტერი IBM Q System One წარადგინა. ახალი სისტემა აშენდა ფრაუნჰოფერის კვლევით ცენტრში გერმანიაში, შტუტგარტიდან 20 კილომეტრში. პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების თანახმად, 27-კუბიტიანი მოდელი ყველაზე ძლიერი კვანტური სისტემაა, რაც კი ოდესმე ევროპაში შექმნილა. კუბიტი (კვანტური ბიტი) არის კვანტური გამოთვლის საბაზისო ერთეული - კლასიკური ბინარული ბიტის ერთგვარი ვერსია. კვლევითი პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება კომერციული კომპანიებისა და სამეცნიერო ორგანიზაციებისათვის, რათა განავითარონ და გამოცადონ გამოყენებული კვანტური ალგორითმები და შექმნან უნიკალური ტექნოლოგიები მათ საფუძველზე. კვანტური კომპიუტერის მართვით ფრაუნჰოფერის საზოგადოება დაკავდება. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად პროექტისა და მომხმარებლის ყველა მონაცემი ინახება გერმანიაში. ”კვანტური გამოთვლების, როგორც ძირითადი ტექნოლოგიის გამოყენება კონკურენციისა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად დიდ ინტერესს იწვევს როგორც ინდუსტრიის მმართველებში, ისევე მკვლევარებს შორის”, - განაცხადა საზოგადოების პრეზიდენტმა Reimund Neugebauer-მა. https://bit.ly/3wtZKNX
  11. Sotheby’s აუქციონი გასაყიდად გამოიტანს კოდის 9555 სტრიქონს, რომლებიც საფუძვლად უდევს მსოფლიო ინტერნეტს - აცხადებს Bloomberg. ლოტი დაკავშირებულია NFT-სთან, რაც ადასტურებს მის ნამდვილობას და უნიკალურ საკუთრებას. აუქციონში გამარჯვებული მიიღებს კოდის ავტორის, ბრიტანელი მეცნიერის, ტიმ ბერნერს-ლის წერილს, რომელშიც ის საუბრობს კოდის შექმნის პროცესზე, ასევე 30-წუთიან ვიდეოს ამ მოვლენის ვიზუალიზაციით. 1980-იანი წლების ბოლოს CERN-ის სამეცნიერო ლაბორატორიაში ყოფნის დროს ბერნერს-ლის მიერ შემოთავაზებულ იქნა ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც მისმა უფროსმა აღწერა, როგორც "ბუნდოვანი, მაგრამ ჩამთრევი". შემდგომში მეცნიერმა დაწერა სამი ენისა და პროტოკოლების რეალიზაცია, რომლებიც შეადგენენ აუქციონზე გამოტანილი 9555 სტრიქონის დიდ ნაწილს. მათში ასევე მოცემულია კოდები HTML-ის, HTTP-სა და URI-სთვის. მსოფლიო ქსელის შექმნის თარიღად ითვლება 1989 წელი, მაგრამ სინამდვილეში ფაილების კოდი დაიწერა 1990-1991 წლებში. მიმდინარე წლის აპრილში ტიმ ბერნერს-ლი პირადად დაუკავშირდა Sotheby’s-ს კოდის აუქციონზე გაყიდვის იდეით. ”NFT, იქნება ეს ხელოვნების ნიმუში თუ მსგავსი ციფრული არტეფაქტები, წარმოადგენს ამ სფეროში შექმნილ უახლეს ქმნილებებს და საკუთრების ყველაზე შესაფერისი საშუალებაა. ეს არის შესანიშნავი გზა ინტერნეტის წარმოშობის შესაფუთად ”, - წერს იგი. აუქციონი ჩატარდება 23-დან 30 ივნისამდე პერიოდში. ლოტის საწყისი ფასი 1000 აშშ დოლარს შეადგენს. გაყიდვიდან მიღებული თანხა ბერნერს-ლისა და მისი მეუღლის, როზმარი ლეითის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებს მოხმარდება. https://bit.ly/3zpVLDQ
  12. კომპანია Samsung-მა დააანონსა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ახალი ტიპის მეხსიერების წარმოების დაწყება. ერთ კორპუსში გაერთიანებული იქნება DRAM LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და სწრაფი UFS 3.1 NAND ფლეშ-მეხსიერება. ამ ინტეგრაციის მეშვეობით საშუალო ფასის კატეგორიის სმარტფონები ფლაგმანური დონის წარმადობას მიიღებენ. Samsung-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ახალი uMCP LPDDR5 დამყარებულია კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეხსიერებისა და შეფუთვის სფეროებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დატკბნენ უწყვეტი სტრიმინგ-ტრანსლაციით, თამაშებითა და შერეული რეალობით არც ისე მაღალი დონის მოწყობილობებზეც კი. ეს პროდუქტი შესანიშნავად ერგება Samsung Galaxy A მოწყობილობებს, რომლებიც წარმოდგენილია ღირსეული მახასიათებლებით, კარგი კამერებით, დიდი მოცულობის ბატარეითა და ხელმისაწვდომი ფასით“. Samsung ასევე აცხადებს, რომ სულ უფრო ფართოდ ვრცელდება სმარტფონები 5G მხარდაჭერით და კომპანიის მიერ შემუშავებული, ერთ კორპუსში გაერთიანებული ჩიპების ნაკრები თავის წვლილს შეიტანს ამ გავრცელებაში. მოცემული მეთოდი საშუალებას იძლევა გაიზარდოს მეხსიერების მოცულობა, მუშაობის სიჩქარე და შემცირდეს ენერგომოხმარება. ოპერატიული მეხსიერების წარმადობა თითქმის 50%-ით გაიზრდება - 17 გბ.წმ-დან 25 გბ/წმ-მდე. NAND ფლეშ-მეხსიერების წარმადობა გაიზარდა ორჯერზე მეტად 1.5 გბ/წმ-დან 3 გბ/წმ-მდე წინა გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომელშიც გამოიყენებოდა UFS 2.2 და LPDDR4X. ინტეგირებული DRAM/NAND პროდუქტის ფართობია 11.5 x 13 მმ, რაც სმარტფონის კორპუსში სხვა კომპონენტებისთვის სივრცეს იძლევა. DRAM მეხსიერების მოცულობაა 6-დან 12 გბ-მდე, ხოლო UFS-ის - 128-დან 512 გბ-მდე. „uMCP-ის გამოყენება მარტივია საშუალო და მაღალი დონის 5G სმარტფონების სხვადასხვა გამოწვევისთვის“. uMCP-ის მქონე მოწყობილობები ძირითად ბაზრებზე მიმდინარე თვის ბოლოს გამოჩნდება. https://bit.ly/3xpemho
      • 1
      • Thanks
  13. დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების სააგენტო (The Competition and Markets Authority, CMA) შეისწავლის Apple-ისა და Google-ის საქმიანობას მობილური სისტემების ბაზარზე. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ iOS-ისა და Android-ის დუოპოლიამ შეიძლება მომხმარებლები დააზარალოს ბევრ სფეროში. ხელისუფლება შეშფოთებულია ორი კომპანიის მიერ ბაზრის კონტროლით. მათი აზრით ამჟამინდელმა დუოპოლიამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მთელ რიგ სხვა სფეროებზე, მაგალითად, აპლიკაციების შემუშავებაზე. მარეგულირებელი ასევე თვლის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ინოვაციების შემცირება სექტორში. ინიციატივა CMA-ს უფრო ფართო პროგრამის ნაწილია ციფრული ბაზრის რეგულირების ახალი რეჟიმის შესაქმნელად. როგორც მარეგულირებლის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ორგანიზაცია გამოიყენებს მაქსიმალურ უფლებამოსილებებს ამ სფეროებში კონკურენციის შესასწავლად და დასაცავად. ”დიდი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენმა მუშაობამ უკვე გამოავლინა ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და ჩვენ ვიცით, რომ ამას შეუძლია მომხმარებლებსა და ბიზნესს ზიანი მიაყენოს. ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ კვლევის დაწყებას, რათა გამოვიყენოთ შედეგები ციფრული ბაზრების ახალი განყოფილების შესაქმნელად და სამომავლო გეგმების შესადგენად. ”- განაცხადა CMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Andrea Coscelli-მ. ეს გახლავთ Apple-ისა და Google-ის წინააღმდეგ მეორე ამგვარი ინიციატივა. რამდენიმე დღით ადრე Japan Times იტყობინებოდა, რომ მსგავსი კვლევა იაპონიაში დაიწყება ერთი თვის განმავლობაში. სავარაუდოდ, შეიძლება გამკაცრდეს ანტიმონოპოლური კანონი. https://bit.ly/3gBDZEV
  14. ბიზნეს-ანალიტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია MicroStrategy ფლობს მსოფლიოს ყველა კომპანიას შორის ყველაზე მეტი რაოდენობის Bitcoin-ს. ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მან მიიღო თითქმის 500 მლნ აშშ დოლარი ობლიგაციების გაყიდვიდან, რათა ამ თანხის ინვესტირება კრიპტოვალუტაში განახორციელოს. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Bitcoin-ის მომავლის მიმართ კურსის ძლიერი შემცირების მიუხედავად. MicroStrategy-მ განაცხადა, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა დაახლოებით 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მთელი ეს თანხა Bitcoin-ის შეძენისთვის იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ჯამში 1.5 მლრდ აშშ დოლარის შემოთავაზებები მიიღო. და ეს იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე თვეში Bitcoin-ის ფასი 31500 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც აპრილში არსებულ ფასზე ორჯერ ნაკლებია. თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ MicroStrategy-ს აქციების ფასი თითქმის 15%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული მათი ღირებულება 40%-ით არის მომატებული. ამჟამად კომპანიის კუთვნილებაშია 92079 Bitcoin-ი ჯამური ღირებულებით - 3.8 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ორშაბათს დილით მას შემდეგ, რაც კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla განაახლებს კრიპტოვალუტის მიღებას, როგორც კი მაინინგის ნახევარი შესრულდება მწვანე ენერგიის გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ Tesla-მ შეწყვიტა ინვესტიცია Bitcoin-ში გარემოზე მაინინგის მავნე ზიანის გამო, რის შედეგადაც კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად დაეცა. https://bit.ly/3zr6fTj
  15. აშშ-ის ხელისუფლება ყველა რესურსის გამოყენებას აპირებს 5G ტექნოლოგიების ბაზარზე ჩინური კომპანიების შევიწროებისთვის. თუკი ადრე აშშ ძირითადად მუქარებითა და დარწმუნების მცდელობებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად მოქმედებაში შემოდის სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს პრეფერენციებსა და სპეციალურ სწავლებებს მათთვის, ვინც უარს განაცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობაზე. The Wall Street Journal-ის თანახმად, ფინანსური წახალისება განხორციელდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან შეერთებული შტატების მხარე დაიჭირონ სავაჭრო ომში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკოსებისთვის კი მოხდება სპეციალური ტრენინგების ორგანიზება - საგანმანათლებლო მასალების გარდა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ჩინური 5G ტექნოლოგიებზე უარის უმტკივნეულოდ მთქმელთათვის. მთავარი მიზანია არ დაიშვას Huawei Technologies Co.-სა და ZTE Corp-ის აღჭურვილობის ბაზაზე 5G ქსელების აწყობა. ამერიკული ხელისუფლების მონაცემებით უახლოეს თვეებსა და წლებში ორგანიზებული იქნება სპეციალური ტრენინგები პოლიტიკოსებისთვის, მარეგულირებლებისა და სამეცნიერო თანამშრომლებისთვის, რომლებიც მობილური ქსელების დანერგვაში მონაწილეობენ. პროექტი განხორციელდება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ეგიდით. მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, აშშ-ის ხელისუფლება ამზადებს სახელმძღვანელოს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოსა და სხვა მოკავშირეების მაგალითზე მოცემული იქნება, თუ როგორ უნდა დაწესდეს შეზღუდვები ჩინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენებაში. ე.წ „დიდმა შვიდეულმა“ უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია გლობალური ინფრასტურქტურის - Build Back Better World-ის მშენებლობის შესახებ. იგი გვევლინება, როგორც ჩინურ პროექტ Belt and Road-ის ალტერნატივა, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინვესტიციებს მთელი მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამასთან, აშშ-ის პროექტი არ არის „დიდი შვიდიანის“ ინიციატივის ნაწილი - აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატელეკომუნიკაციო ქსელების მშენებლობის საკითხს ჩინური აღჭურვილობის გამოყენების შემთხვევებში კიბერ ჯაშუშობისა და სხვა საფრთხეების რისკების გამო. აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა დაივიწყეს უთანხმოებები და მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიღება საშუალებას მისცემს ევროპის ქვეყნებს დახმარება მიიღონ "არა ჩინური" ქსელის აღჭურვილობის შეძენისას. ეს უკვე ეკონომიკური ომის პიკია - კამპანია, რომელიც Huawei-ს აღჭურვილობაზე უარის თქმას წაახალისებდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წარმატება ნაწილობრივი აღმოჩნდა - მაგალითად, გერმანიამ უარი თქვა Huawei-ს აღჭურვილობის აკრძალვაზე, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა გაითვალისწინა „უფროსი პარტნიორის“ თხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ Huawei-სა და სხვა ჩინური კომპანიების აპარატურა, როგორც წესი, იაფია, ვიდრე Ericsson-ისა და Nokia-ს მსგავსი გადაწყვეტილებები - აშშ ირწმუნება, რომ კიბერუსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მყისიერი მოგება. 5G მჭიდროდაა ინტეგრირებული ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში, ავტომატიზირებული ქარხნებიდან დამთავრებული გულისცემის განმსაზღვრელი პერსონალური სენსორებით. ამავე დროს Huawei და სხვა კომპანიები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული ჩინეთის ხელისუფლებასთან და მათი აღჭურვილობა ჯაშუშური მიზნებით არ გამოიყენება. გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა დიდი გამარჯვება მოიპოვა და ეთიოპიას გამოუყო 500 მლნ აშშ დოლარის კრედიტი მთელ ქვეყანაში 5G ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, რითაც ჩინური კონკურენტები შეავიწროვა. ჯერჯეობით ამერიკულ ხელისუფლებას კანონი უკრძალავს ანალოგიური სესხების გაცემას ევროპის ღარიბ ქვეყნებზე, რომლებიც არასაკმარისად ღარიბნი არიან იმისთვის, რომ „განვითარებადად“ ჩაითვალონ. ასეა თუ ისე, კანონში უკვე შევიდა გარკვეული გამონაკლისები და სამომავლოდ ორივე მხარე მზადაა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის შეძენისთვის. მოსალოდნელია, რომ შესწორებები ძალაში მიმდინარე წელს შევა. The Wall Street Journal-ის თანახმად ევროპის ბევრ ქვეყანაში "სკეპტიკურად უყურებენ" ჩინურ აღჭურვილობას. 2019 წელს პოლონეთმა დააკავა Huawei-ს წარმომადგენელი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილობის გამო, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების მთავრობებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენების შეზღუდვის შესახებ. გარკვეული ზომები ტარდება ჩეხეთშიც. Huawei ჯერჯერობით მაინც პოულობს მხარდაჭერას ევროპის შუაგულში. უნგრეთში განთავსდა კომპანიის ახალი კვლევითი ცენტრი, ანალოგიური გასულ წელს ამოქმედდა სერბეთში. ბევრი ქვეყანა მონაწილეობს ჩინურ ინიციატივაში, რომელშიც გათვალისწინებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხირდან ინვესტიციების მიღება გზების, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. https://bit.ly/3vrrl0C
  16. Tesla Model S Plaid-ის პრეზენტაციაზე ილონ მასკმა მცირე ყურადღება დაუთმო ახალ ელექტრო ძრავებს, რომლებიც საფუძვლად დაედება ამ ელექტრომობილს. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება მათ ორ წამში შეუძლიათ. ამ ძრავების როტორებზე დაიტანება ნახშირბადის ბოჭკო წინასწარი მაღალი ძაბვით. მასკის განცხადებით, შედეგად უმჯობესდება ძრავის ელექტრომაგნიტური მახასიათებლები, ნახშირბადის ბოჭკოვანი გარსი კი ბრუნვის უფრო მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს, რადგანაც ცენტრიდანული ძალები დიდწილად ხელს უწყობს მბრუნავი გრაგნილების გაფართოებას რადიალური მიმართულებით. Tesla-ს ხელმძღვანელის თქმით, მომავალი ელექტრო ჰიპერმობილი Roadster მიიღებს სამ ელექტროძრავს კიდევ უფრო შთამბეჭდავი მახასიათებლებით და კომპანია არ შემოიფარგლება Model S Plaid-ის დამზადების დროს მიღწეული გაუმჯობესებებით. Tesla-მ წელს უნდა დაასრულოს მეორე თაობის Roadster-ის განვითარება, რათა სერიული წარმოება 2022 წელს დაიწყოს. https://bit.ly/2SrqPTf
  17. შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაკარგოს ”ქვეყნის ზრდის სამომავლო დიდი ძრავი”, თუ არ შეწყვეტს კრიპტოინდუსტრიისა და DeFi სეგმენტის რეგულირებას. ეს მოსაზრება მილიარდერმა მარკ კუბანმა თავის ბლოგში დაწერა. კუბანის აზრით შეერთებულმა შტატებმა არ უნდა შეზღუდოს კრიპტოსავალუტო ინოვაციები, მათ შორის დეცენტრალიზებული ფინანსების სეგმენტში. მილიარდერმა ამერიკული მარეგულირებლები ქვეყნის DeFi-პროექტების შევიწროებაში დაადანაშაულა. ”ეს გახლავთ არა მხოლოდ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების სულისკვეთებით განპირობებული, არამედ ჩვენი მარეგულირებლის აბსოლუტური სისულელე, რაც აიძულებს ჩვენი თაობის ზოგიერთ ყველაზე ეფექტურ და ინოვაციურ ანტრეპრენერს - თავისი ბიზნესი საზღვარგარეთ წარმართოს”, - განმარტა ინვესტორმა. კუბანმა გააჟღერა გაფრთხილება ზრდის პოტენციალის დაკარგვის რისკის შესახებ, თუკი ინდუსტრიის რეგულირება გაგრძელდება. „როდესაც პანდემიიდან 10-20 წლის შემდეგ უკან მოვიხედავთ, დავინახავთ, რომ 2020-2021 წლებში შეიქმნა კომპანიები, რომელთაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ“ - აღნიშნა მილიარდერმა. თებერვალში კუბანმა ისაუბრა DeFi სეგმენტის უზარმაზარი პოტენციალის შესახებ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. აპრილში მილიარდერმა 10 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით მხარი დაუჭირა Injective Protocol-ს, რომელიც გვევლინება, როგორც მეორე დონის პირველი საბირჟო პროტოკოლი. მაისში კუბანმა ინვესტიცია ჩადო Polygon-ის ქსელსა და DeFi-დაშბორდ Zapper-ში. https://bit.ly/3cITZDY
  18. დიდი კომპანიების ხელმძღვანელები, როგორც წესი, სიტყვაძუნწები არიან, თუმცა NVIDIA-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი საზოგადოებას ხშირად ახარებს ინტერვიუებით. რამდენიმე დღის წინ გამოფენა Computex-ის ფარგლებში მან საკუთარი აზრი გამოთქვა Arm-ის აქტივების 40 მლრდ აშშ დოლარად შეძენაზე, ასევე არ დაივიწყა სამომავლო ვიდეო დაფები და მაინერების ადგილი მიწოდების ჯაჭვში. უპირველეს ყოვლისა, მან დაადასტურა, რომ ვიდეო დაფებზე ჰეშრეითის ორმაგი შემცირება გეიმერების დაცვისკენ სწრაფვის შედეგი იყო. ჯენსენის აზრით ამგვარი მიდგომა აუცილებლად გამოიწვევს მაინერების მხრიდან ინტერესის კლებას სტანდარტული ვიდეო დაფების მიმართ. შედეგად უახლოეს დროში უკვე უნდა შემცირდეს საბოლოო პროდუქტის ფასი, რასაც ნებისმიერი გეიმერი იგრძნობს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მალე გაყიდვაში გამოვა მთლიანი RTX 3000 სერია ანტიმაინერული ბლოკირებით, რაც კიდევ მეტ ეფექტს მოახდენს ვიდეო დაფების ღირებულებაზე. საბედნიეროდ, ჯენსენ ჰუანგის არსენალშია არა მხოლოდ ჰეშრეითის ბლოკირება, არამედ ასევე მაინერებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული სერია. ამ ვიდეო დაფებს არ აქვთ ვიდეოდრაივერი და ჩინეთის მსხვილ მაინერებს პირდაპირ მიეწოდებათ. მსგავმა გადაწყვეტილებამ NVIDIA-ს მხოლოდ 150 მლნ აშშ დოლარი მოუტანა, თუმცა მეორე კვარტლის დასასრულისთვის დაგეგმილია 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების გრაფიკული ჩიპების მიწოდება. საინტერესო ფაქტია ის, რომ თავად ჯენსენს სჯერა კრიპტოვალუტების მომავლის. მან განაცხადა, რომ ციფრული ფული არსად გაქრება. მთავარი ამოცანაა განვითარების სწორი გზის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სამართლიან განაწილებას მაინერებსა და გეიმერებს შორის. NVIDIA-ს ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კომპანია იპოვის სწორ გადაწყეტილებას. ჯენსენმა მიუთითა, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ფასების მისაღებ დონემდე შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში ჩნდება მარტივი კითხვა: როგორია მისაღები დონე ჯენსენ ჰუანგის აზრით? რამდენად იაფი უნდა იყოს ვიდეო დაფები, რომ მაინერებმა შეწყვიტონ მათი ყიდვა, გეიმერებმა კი შეძლონ შეძენა? https://bit.ly/2Ty5EyE
  19. კომპანია Apple-ისთვის თან სატარებელი მოწყობილობების კატეგორია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სეგმენტია პირველი თაობის Apple Watch-ის ანონსიდან მოყოლებული. საინფორმაციო წყაროების მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს Apple Watch მიიღებს უფრო მძლავრ პროცესორს, გაუმჯობესებულ დისპლეისა და უსადენო ინტერფეისს, მომდევნო წლიდან კი შეძლებს სხეულის ტემპერატურის გაზომვას. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით თავდაპირველად კომპანია ტემპერატურის საზომი სენსორის დამატებას მიმდინარე წლის განახლების დროს აპირებდა, თუმცა ცნობილია, რომ ხსენებული ფუნქცია მომდევნო წელს გამოჩნდება. მიმდინარე წელს Apple Watch-ის დისპლეი გახდება უფრო თხელი და ზედაპირთან ახლოს მდებარე. ამასთან, კორპუსის საერთო სისქე ოდნავ მოიმატებს, თუმცა მომხმარებლსითვის ცვლილება ფაქტობრივად შეუმჩნეველი იქნება. ახლახანს წარმოდგენილი AirTag-ნიშნის მსგავსად ახალ Watch-საათებს უსადენო ინტერფეის UWB-ის მხარდაჭერა ექნებათ. აგრეთვე ცნობილია, რომ მომავალი წლისთვის გადაიდო Apple Watch-ის ვერსიის ანონსი, რომელსაც ექნება ტენიანობის, დარტყმისა და მტვრის გამძლეობის გაზრდილი დონე. ამგვარი მოდელი კონკურენციას გაუწევს Casio-სა და Garmin-ის მოწყობილობებს, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ აქტიური ცხოვრების სტილისა და ექსტრემალური სპორტის სახეობების მოყვარულთა შორის. გრძელდება მუშაობა სისხლში შაქრის დონის არაინვაზიურ კონტროლზე. თანამედროვე გლუკომეტრების უმეტესობა საჭიროებს თითის გაჭრას სისხლის წვეთის მისაღებად, რომლის გაანალიზება ხდება ტესტ-ფირფიტის გამოყენებით. Apple-ს სურს მიაღწიოს სისხლში შაქრის დონის ადეკვატურ გამოვლენას კანის დაზიანების გარეშე. პირველადი წყაროს თანახმად ტექნოლოგია სიმწიფეს მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მიაღწევს. https://bit.ly/3pQi2q5
  20. დანია ცვლილებებს შეიტანს საგადასახადო კოდექსში, რათა კორექტურლად აისახოს რეზიდენტების კრიპტო-ოპერაციები. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელმა Morten Bødskov-მა. ამჟამად არსებული წესები იწვევს შეცდომებს საგადასახადო ბაზის გაანგარიშებისას და ზრდის საგადასახადო თაღლითობის რისკს. მიმდინარე დროისთვის ციფრული აქტივების ვაჭრობით სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებების გაანგარიშება ხორციელდება 1922 წელს დამტკიცებული „სახელმწიფო გადასახადის შესახებ“ მიღებული კანონის საფუძველზე. დეპარტამენტმა გამოავლინა 16 ათასამდე ადამიანი და კომპანია, რომლებმაც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ტრანზაქციები განახორციელეს 2015 წლიდან 2019 წლამდე. მათი ორი მესამედი არასწორად ასახავდა ინფორმაციას საგადასახადო დეკლარაციებში. ცვლილებებს შეიმუშავებს საგადასახადო სამართლის საბჭო, რომელსაც დამოუკიდებელი სტატუსი გააჩნია. 2023 წლისთვის ორგანიზაცია წარადგენს საჭირო ცვლილებების პროექტს. საბჭომ გამოხატა შეშფოთება კრიპტო-ოპერაციების შემოსავლების პოტენციური დამალვის გამო. ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად კრიპტოვალუტების სერვისების პროვაიდერებს ამჟამად არ აქვთ ვალდებულება მარეგულირებლის წინაშე ანგარიში წარადგინონ. პარალელურად, ავსტრალიის საგადასახადო სამსახურმა გამოავლინა 100000 გადამხდელის ციფრული აქტივების ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის არასრული ასახვის შემთხვევები. https://bit.ly/3zdV9B7
  21. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ 20 ივლისს ის და მისი ძმა მარკი პირველ ფასიანი ადგილის აუქციონის გამარჯვებულთან ერთად კოსმოსური ხომალდით პირველ სამგზავრო ფრენას განახორციელებენ. ტურისტული სუბორბიტალური ფრენა მომავალ მგზავრს თითქმის 3 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. New Shepard-ის გამშვები რაკეტა მრავალჯერად სამგზავრო კაფსულას გაუშვებს 100 კმ. სიმაღლეზე. კოსმოსურ ტურისტებს მხოლოდ 10 წუთი ექნებათ განკარგულებაში. ამ მოკლე დროში მათ შეეძლებათ ნულოვანი სიმძიმით ფრენა და დარწმუნდებიან, რომ დედამიწა ნამდვილად მრგვალია. ფრენის საბოლოო ეტაპია უკან დასაბრუნებელი კაფსულის დაშვება პარაშუტის გამოყენებით. კაფსულა New Shepard-ის სამგზავრო ინტერიერი ფრენის წარმატებით დასრულება იქნება იმის მანიშნებელი, რომ ჯეფ ბეზოსმა აჯობა კოსმოსური ტურიზმის მთავარ კონკურენტებს, ილონ მასკსა და რიჩარდ ბრენსონს. იმ ფაქტს, რომ კომერციული ფრენებისადმი ინტერესი წარმოუდგენლად მაღალია და მომავალში მათ ორგანიზატორებს მილიარდობით დოლარის მოგებას ჰპირდება, მოწმობს პირველ ფრენაში მონაწილეობის უფლებისთვის "შეჯიბრის" მონაწილეთა რაოდენობა - 6000 პრეტენდენტი 143 ქვეყნიდან. https://bit.ly/2Srnhjz
  22. The Verge-ის ინფორმაციით, Facebook მომდევნო წლის წაფხულში გამოუშვებს საკუთარ სმარტ-საათებს. მოწყობილობები კონსტრუქციის მხრივ მსგავსი ტიპის გაჯეტებისგან განსხვავებული იქნება. სმარტ-საათს ექნება ორი ინტეგრირებული კამერა და მოიხსნება სამაჯურიდან ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად, რომელთაც მომხმარებლები Facebook-ის ეკოსისტემაში ატვირთავენ. საათზე განთავსებული ფრონტალური კამერა უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იქნება ვიდეოზარებისთვის. მეორე, უკანა კამერა, რომელსაც აქვს ავტოფოკუსირების ობიექტივი და 1080p გაფართოება, გამოყენებული იქნება სრულფასოვანი ვიდეორგოლების გადასაღებად. მისი აქტივაციისთვის საჭიროა საათი მოიხსნას სამაჯურისგან, თუმცა წყაროს ინფორმაციით Facebook პარტნიორებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა აქსესუარის შესაქმნელად, რათა საათი დამაგრდეს სხვადასხვა საგანზე (ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე, სელფის ჯოხზე) და შედეგად გარდაიქმნას იპროვიზირებულ ექშენ-კამერად. სავარაუდოდ, Facebook შეეცდება თავისი სმარტ-საათები გარდაქმნას რაღაც უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის გაჯეტებია. ბუნებრივია, მოწყობილობას ექნება ფიტნეს-ტრეკერის ფუნქციები, მესინჯერებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა. ასევე Facebook-ის სმარტ-საათი შეძლებს სმარტფონის ჩანაცვლებას და საჭირო აღარ იქნება მისი დაკავშირება მობილურ ტელეფონთან. წყარო აცხადებს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ფიჭურ ოპერატორებთან და გეგმავს საკუთარი მოწყობილობის LTE მხარდაჭერით უზრუნველყოფას. ამავდროულად, Facebook მუშაობს პროექტის სამომავლო განვითარებაზეც. უკვე მიმდინარეობს მუშაობა სმარტ-საათის მეორე და მესამე ვერსიებზე. საბოლოო მიზანი შესაძლოა იყოს სმარტ-საათების დაკავშირება შერეული რეალობის სათვალესთან, რომლის გამოშვებასაც აპირებს კომპანია. სმარტ-საათის პირველი ვერსია გამოვა რამდენიმე ფერის ვარიანტად, ანონსი დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულისთვის და მისი მიახლოებითი ფასი 400 აშშ დოლარი იქნება. Facebook იმედოვნებს, რომ გაიყიდება რამდენიმე ათასი მოწყობილობა და ეს ნამდვილად არ არის მეტისმეტად ამბიციური მიზანი. მაგალითად, Counterpoint Research-ის ანგარიშის თანახმად ბოლო წლის განმავლობაში გაიყიდა 34 მილიონი ერთეული Apple Watch. Facebook-ის სმარტ-საათებს ჯერჯერობით სახელწოდება არ გააჩნია და მათი მასიური წარმოება ჯერ არ დაწყებულა. The Verge-ს თანახმად, ჯერ არავინ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ეს საათები ნამდვილად გამოვა ბაზარზე მომავალ წელს. ასეა თუ ისე, პროექტში ჩართულია რამდენიმე ასეული ადამიანი და კომპანიამ უკვე რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. https://bit.ly/3zg44C9
  23. პასკალ ბლანკმა, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივების მმართველი კომპანია Amundi-ს ინვესტიციების დირექტორმა განაცხადა, რომ ხელისუფლებები და მარეგულირებელი ორგანოები შეაჩერებენ Bitcoin-ს, წერს Reuters. ფრანგული კომპანიის ტოპ-მენეჯერმა, რომლის მართვის ქვეშ იმყოფება 1.7 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი აქტივები, კრიპტოვალუტას უწოდა ფარსი და ფინანსურ ბაზრებზე „bubble”-ის ფორმირების სიმპტომი. „Bitcoin-ი დასამახსოვრებელი იქნება იმით, რომ მან ცენტრალურ ბანკებს ციფრული ფულის გამოშვებისკენ უბიძგა. ხელისუფლებები და მარეგულირებლები საბოლოო ჯამში კრიპტოვალუტას შეაჩერებენ“ - განაცხადა ბლანკმა. მისი თქმით, ინვესტორებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო პოზიციების გაზრდა იუანში, შემდეგ კი კრიპტოვალუტებში დივერსიფიცირება. მარტში Amundi-ს სპეციალისტებმა (კომპანია ევროპაში აქტივების მოცულობით ჩამორჩება მხოლოდ Allianz-ს) გამოაქვეყნეს კრიპტოვალუტების ბაზრის კვლევა. მასში მათ აღნიშნეს ციფრული აქტივების დაბალი ლიკვიდურობა და მკაცრი რეგულირების შედეგად კვოტირებების ჩამოშლის შესაძლებლობა. მათი აზრით, დეცენტრალიზებული სისტემების ოპერაციული სტაბილურობა კითხვებს ბადებს, გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტების გამოყენებას კი შეუძლია ფინანსური სისტემის დესტაბილიზაცია მოახდინოს. Gemini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტაილერ უინკლუოსმა გამოხატა დარწმუნებულობა, რომ Bitcoin-მა მიაღწია აღიარების მეტისმეტად მაღალ დონეს საიმისოდ, რომ მარეგულირებელი ორგანოს აკრძალვის ქვეშ მოხვდეს აშშ-შიც კი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს გლობალურ წესებს ფინანსურ ბაზრებზე. https://bit.ly/3csVK8t
  24. რამდენიმე დღის წინ Intel-მა ოფიციალურ ვებ-საიტზე დაამატა მე-11 თაობის რამდენიმე ახალი მოდელი სუფიქსით „B” BGA-შესრულებით, რომლებიც მიეკუთვნება Tiger Lake სერიას და დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩიპი მობილურ სეგმენტს მიეკუთვნება, მისი გამოყენების ვარიანტები საკმაოდ ვრცელია - პლანშეტებით დაწყებული, დესკტოპ კომპიუტერებით დამთავრებული. Intel-ის გეგმები ამჟამად ნათელია: როგორც რესურსი VideoCardz გვაცნობებს, გამოჩნდა ფოტოები KoolShare-იდან, რომლებიც გვიჩვენებს სამომავლო კომპაქტურ კომპიუტერ Intel NUC 11 Extreme Beast Canyon-ს. იგი აღჭურვილია სპეციალური PCIe-დაფით, რომლის დასახელებაა Compute Element, მოწყობილობაში მოცემულია ოპერატიული მეხსიერება, მონაცემთა სანახი სივრცე, ინტერფეისების ნაკრები, აგრეთვე უშუალოდ პროცესორი, რომელიც აღმოჩნდა სერიის ფლაგმანური წარმომადგენელი Core i9-11900KB ჩიპის სახით. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად Core i9-11900KB პროცესორი წარმოებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 8 ბირთვი მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერით, მათი საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.9 გჰც, Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში კი - 5.3 გჰც. ფოტოს წყარო: VideoCardz წყარო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ღონისძიება Computex 2021-ის ფარგლებში კომპანია Intel-მა სამომავლო კომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერ NUC 11 Extreme Beast Canyon-თან დაკავშირებულ საიდუმლოს ფარდა ახადა: მოწყობილობებს ექნება Tiger Lake თაობის პროცესორები და სრული ზომის ვიდეო დაფის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ახალი მოწყობილობის დებიუტის თარიღი, ასევე უფრო დეტალური ტექნიკური მახასიათებლები კომპანიას ჯერ არ გაუზიარებია. https://bit.ly/34ZAeE7
  25. სამხრეთკორეულ ტექნოლოგიურ გიგანტ Samsung-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ წლის მეორე ნახევარში კომპანია გეგმავს ახალი სამომხმარებლო SSD-ების გამოშვებას მეშვიდე თაობის V-NAND მეხსიერების ჩიპების ბაზაზე. მათი აღსანიშნავი მახასიათებელია ბაზარზე ყველაზე მცირე ზომის უჯრედები. ცნობილია, რომ ახალი დისკები ოპტიმიზებული იქნება მრავალამოცანიან რეჟიმებსა და დიდ სამუშაო დატვირთვაზე, როგორებიცაა 3D-მოდელირება და ვიდეოს რედაქტირება. თანამედროვე რეალობაში, სავარაუდოდ, ახალი მოწყობილობები Chia-ს მაინერებსაც დააინტერესებს. სამომხმარებლო ბაზრის პარალელურად Samsung გეგმავს მეშვიდე თაობის V-NAND-ზე დაფუძნებული SSD-ების გამოშვებას სერვერულ სეგმენტშიც, მათ შორის წარადგენს მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილ მოდელებს. V-NAND - ეს არის Samsung-ის ფლეშ-მეხსიერების დიზაინი, რაც მოიაზრებს ვერტიკალურად განთავსებულ მეხსიერების უჯრედებს, რომლებიც სამგანზომილებიან სტრუქტურას ქმნიან. სხვა მწარმოებლები ანალოგიურ მოწყობილობებს 3D NAND-ს უწოდებენ. კომპანიამ პირველი ამგვარი კომერციული პროდუქტი 2013 წელს წარადგინა. მეშვიდე თაობის V-NAND-ში Samsung-ის ინჟინრებმა შეძლეს უჯრედების შემცირება დაახლოებით 35%-ით როგორც ზედაპირის ფართობის, ასევე სიმაღლის შემცირების ხარჯზე სამგანზომილებიანი მასშტაბირების ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ Samsung ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც გრავირების ტექნოლოგიას ფლობს, შეუძლია ერთ კრისტალზე შექმნას ასზე მეტი ფენა და გააერთიანოს ისინი მილიარდობით დამაკავშირებლით. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე მიიღო მერვე თაობის მუშა V-NAND ჩიპი, რომელიც 200 ფენას შეიცავს. მასზე დაფუძნებული პროდუქტების წარდგენა იგეგმება საბაზრო სიტუაციისა და მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზის შემდეგ. კვლევითი კომპანია TrendForce-ის მონაცემებით Samsung არის მსოფლიოში NAND ფლეშ-მეხსიერების უმსხვილესი მწარმოებელი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისი საბაზრო წილი 33.5%-ს შეადგენდა. ამ ბიზნესმა კომპანიას მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 4.97 მლრდ აშშ დოლარი მოუტანა, რაც 7%-ით აღემატება გასული კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს. https://bit.ly/3pDlgx8
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.