Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. შემოდგომის დასაწყისში ელექტრომობილების წილი უკვე აღწევდა 80%-ს ნორვეგიის პირველად ბაზარზე და ამ დროს გამოჩნდა ვარაუდი, რომ ელექტრიფიკაციის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ქვეყანა 2022 წლის აპრილში შეძლებდა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვაზე უარის თქმას. ნოემბრის სტატისტიკა დემონსტრირებს დინამიკის გარკვეულ გაუარესებას, თუმცა ელექტრომობილები მაინც იკავებს ადგილობრივი ბაზრის 73.8%-იან წილს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურ მიზანში შიდაწვის ძრავზე მოქმედი ახალი ავტომობილების გაყიდვის შეწყვეტის ვადად 2025 წელია დასახელებული, თუმცა ნორვეგია ამ მიმართულებით გრაფიკს უსწრებს. ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი კომპანიები ევროპული ბაზრის ექსპანსიას სწორედ ნორვეგიიდან იწყებენ. რესურს Electrek-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილების საერთო წილმა ნორვეგიაში ნოემბერში 94.9% შეადგინა, შიდავის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვის მოცულობამ კი შეადგინა რამდენიმე ასეული ერთეული 3288 ერთეული ჰიბრიდისა და 11 274 „სუფთა“ ელექტრომობილის წინააღმდეგ. ლიდერად რჩება Tesla Model Y - გაიყიდა ასეთი 1013 ერთეული, მეორე ადგილზეა Tesla Model 3 – 771 რეალიზებული ერთეულით. მას მოსდევს გერმანულ კონცერნ Volkswagen-ის მოდელი ID.4 - გაიყიდა 725 ერთეული. Audi Q4 e-tron გაიყიდა 661 ეგზემპლარი, ხოლო აქტუალური თაობის Nissan Leaf მას მხოლოდ ექვსი ერთეულით ჩამორჩა. სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე მთლიან პერიოდს, მაშინ ნორვეგიის ბაზარზე ელექტრომობილებს ჯერჯერობით მხოლოდ 64.2% უჭირავს. ეს მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, მაგრამ მაინც შორს არის 100%-ისგან. ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხოლო ელექტრომობილებზე გადასვლის მთავარი სტიმული ფისკალური ხასიათისაა - გადასახადები მოქალაქეებს უბიძგებს უარი თქვან შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე და ელექტრო ტრანსპორტზე გადავიდნენ. https://tinyurl.com/3t5a8cxv
  2. პირველი კრიპტოვალუტის შექმნის დღიდან დღემდე მისი ბლოკჩეინის საშუალებით გადაცემული თანხის მოცულობამ 8.89 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლიდან „მომგებიანი მონეტების“ ჯამურმა ღირებულებამ 5.1 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, „წამგებიანმა“ – 3.79 ტრილიონი. Bitcoin-ის ბლოკჩეინის მეშვეობით გადაცემული კუმულაციური ღირებულება, ასევე "მომგებიანი" და "არამომგებიანი" მონეტების მთლიანი მოცულობები. წყარო: Glassnode. ნოემბერში არანულოვანი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობამ დაამყარა რეკორდი 39.21 მილიონიან ნიშნულზე. წინა მაქსიმუმი დაფიქსირდა აპრილში - 38.7 მილიონი. ინდიკატორის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს კრიპტოვალუტის საცალო მომხმარებელთა რაოდენობისა და ჯაჭვის მთლიანი აქტივობის ზრდაზე. არანულოვანი ბალანსის მქონე Bitcoin-მისამართების რიცხვის დინამიკა. წყარო: Glassnode. ცენტრალიზებულ ბირჟებზე Bitcoin-ის შეთავაზება დაეცა 2018 წლის ივლისის დონემდე. როგორც ჩანს, ბაზრის ბევრი მონაწილე უპირატესობას ანიჭებს უსაფრთხო არაკასტოდიალურ საფულეებს, რომლებიც ფოკუსირებულია გრძელვადიან საინვესტიციო ჰორიზონტებზე. Bitcoin-ის ფასი და ცენტრალიზებული ბირჟების ბალანსების დინამიკა, გამოხატული ათას BTC-ში. მონაცემები: Glassnode, Yahoo Finance. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისიდან Bitcoin-ის ქსელმა აშშ დოლარში უფრო დიდი მოცულობის ტრანზაქციები დაამუშავა, ვიდრე გადახდის სისტემა PayPal-მა. https://tinyurl.com/2p92mjcy
  3. კაი ტიპია რა გავაკეთო ვიყოლიებდი ცოტახანი მაინც, სანამ ჩემი კატა ნაწილებად დაშლის
  4. მაშინ, როცა ასობით ინჟინერი მთელ მსოფლიოში ცდილობს ასწავლოს რობოტებს კიბეებზე ასვლა, მშვიდად გადაადგილება უხეშ რელიეფზე და ასევე ნავიგაცია სივრცეში - ეს ყველაფერი დიდი ხანია გააკეთა Boston Dynamics-მა. რობოტი ძაღლი Spot გაყიდვაში გამოვიდა, თუმცა მისი ფასი 74500 აშშ დოლარი ჰუმანური ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, მწარმოებელმა მკვეთრად შეზღუდა პოტენციური მყიდველების რაოდენობა და მოითხოვს სპეციალური ფორმის შევსებას, ამასთან რობოტის გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პოტენციურ მყიდველებს უტოვებს. ცნობილია, რომ რამდენიმე ბლოგერმა უკვე მიიღო რობოტი ძაღლი. Boston Dynamics-მა ასევე გაუგზავნა რამდენიმე რობოტი სამხედროებსა და პოლიციას შესამოწმებლად. თუმცა მაშინაც კი, თუ კომპანია გადაწყვეტს მასობრივ გაყიდვებს შეზღუდვების გარეშე, ასეთი შთამბეჭდავი თანხა მიუწვდომელი იქნება პოტენციური მყიდველების უმეტესობისთვის. ალტერნატივად გვევლინება Xiaomi-ს მსგავსი რობოტი. ჩინურმა კომპანიამ დააანონსა CyberDog, რომელიც ექსპერიმენტირების უზარმაზარ პოტენციალს ფლობს და თანაც ღირს მხოლოდ 1500 აშშ დოლარი. რობო-ძაღლს მთელი რიგი მაღალი წარმადობის სენსორები აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს ავიდეს კიბეზე, გააკეთოს სალტო, აგრეთვე გააანალიზოს ახალი ადგილმდებარეობა. მფლობელს შეუძლია იგი გამოიყენოს სტანდარტული სახით - CyberDog დროთა განმავლობაში ისწავლის ახალ ილეთებს, ან მიიღოს წვდომა ღია კოდის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფაზე ექსპერიმენტირების მიზნით. რობოტიზებული ძაღლის ოფიციალური გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, რამდენიმე მოდელი გადაეცა ენთუზიასტებს, რომლებიც მათ რეალურ პირობებში ტესტავენ. ერთ-ერთი ასეთი CyberDog უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა შანხაის ქუჩებში. საინტერესოა ის, რომ მისმა მფლობელმა გამოასწორა მახასიათებელი, რომელსაც ბევრი ნაკლოვანებად მიიჩნევს. ორიგინალ რობო-ძაღლს არ აქვს გამოხატული თავი, მის ნაცვლად განთავსებულია მოძრაობის სენსორები, ლიდარი და ბევრი სხვა რამ. როგორც ჩანს, ენთუზიასტმა, რომელსაც Xiaomi-მ CyberDog-ის წინასწარი ვერსია გადასცა, შეიმუშავა რობოტიზებული თავი და მასში ჩაამონტაჟა ყველა ზემოთხსენებული სენსორი. შანხაის მაცხოვრებლები აღნიშნავენ რობოტი-ძაღლის უპირატესობებს. უპირველეს ყოვლისა, მისი სეირნობა მაშინ არის შესაძლებელი, როცა თავად მფლობელი მოისურვებს. ძაღლს არ სჭირდება კვება და ის არავის უკბენს. მომავალი დადგა - აცხადებენ თვითმხილველები. სავსებით შესაძლებელია, რომ მალე ქუჩები და სახლები რობოტიზებული ცხოველებით გაივსოს, თუმცა მათგან ემოციური უკუკავშირის მიღება უკიდურესად რთული იქნება. https://tinyurl.com/2p8hybxm
  5. კომპანია Nissan Motor-მა წარადგინა ავტომატური როვერის პროტოტიპი მთვარის ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მოწყობილობა შეიქმნა იაპონიის საჰაერო კოსმოსური კვლევის სააგენტოსთან (JAXA) თანამშრომლობით. წყარო: Nissan მთვარის როვერის შექმნისას Nissan-მა გამოიყენა ელექტრომობილების, LEAF-სა და Ariya-ს შემუშავებისას მიღებული გამოცდილება. კერძოდ, საუბარი ეხება ძრავის მართვის საშუალებებსა და ოთხი წამყვანი თვლის ტექნოლოგია e-4ORCE-ს. აღნიშნულია, რომ მთვარის როვერმა უნდა შეძლოს კლდოვან, ფხვნილისმაგვარ, უსწორმასწორო, სხვადასხვაგვარ ზედაპირზე გადაადგილება და თანაც იყოს ენერგოეფექტური. ქვიშისმაგვარ გრუნტზე მოძრაობა რთულია, რადგან შესაძლოა საბურავებმა იტრიალოს და გაიჭედოს. სისტემა e-4ORCE სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. როვერის წარმოდგენილი პროტოტიპი წარმოადგენს ოთხბორბლიან მანქანას. ტექნოლოგია e-4ORCE საშუალებას იძლევა თითოეული საბურავი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმართოს. ძრავის მართვის სპეციალური სისტემა მოძრაობისას სრიალს ამცირებს და უზრუნველყოფს ეფექტურ გადაადგილებას სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე. შედეგად იზრდება მთვარემავალის გადაადგილების ხარისხი რთულად გასავლელ ტერიტორიებზე. „JAXA მოწოდებულია გამოიყენოს კვლევის შედეგები სამომავლო კოსმოსური კვლევისთვის. ჩვენ კომპანიებთან, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ ისეთ პროექტებზე, რომლებსაც გააჩნიათ კომერციალიზაციისა და ინოვაციების პოტენციალი. Nissan-თან, ელექტრომობილების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიასთან ერთად კვლევის ჩატარებით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ შედეგებს მთვარის როვერების უფრო ეფექტური მოდელების შემუშავებაში“ - განაცხადეს JAXA-ს კოსმოსის კვლევის ინოვაციების ცენტრში. https://tinyurl.com/mktbnsc5
  6. ჟურნალ Forbes-მა კრიპტოინდუსტრიის 15 წარმომადგენელი შეიყვანა ყოველწლიურ სიაში „30 30 წლამდე“, რომელშიც შედიან ყველაზე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები ბიზნესის, მედიის, სპორტისა და კულტურის სხვადასხვა სფეროდან. Forbes-ის ყოველწლიურ სია „30 30-მდე“ 20 კატეგორიადაა დაყოფილი. მისი შედგენის დროს მონაწილეები არ უნდა იყვნენ 30 წელს მიღწეულები. 15-დან 11 პირი წარმოადგენს „ფინანსების“ კატეგორიას. მათ შორის არიან: ვენჩურული კომპანია Alameda Research-ის თანა-გენერალური დირექტორები კეროლაინ ელისონი და სემ ტრაბუკო; NFT-მარკეტფლეის OpenSea-ს თანადამფუძნებელი ალექს ატალა; Bitcoin-ბირჟა CoinList-ის თანადამფუძნებელი ბრაიან ტუბერგენი; DeFi-პლატფორმა Slingshot-ის ხელმძღვანელი კლინტონ ბემბრი; ბლოკჩეინ-კომპანია Edge & Node-ის დამფუძნებელი ტეგან კლაინი; სტრიმინგ ბლოკჩეინ-სერვის Audius-ის ხელმძღვანელი რონეილ რუმბური; პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერ TaxBit-ის დამფუძნებელი ჯასტინ ვუდვორდი; კომპანია Fidelity Digital Assets-ის პროდუქტების მართვის დირექტორი ბენ შპიგელმანი; კრიპტო ETP-ის პროვაიდერ 21 Shares-ის თანადამფუძნებელი ოფელია სნაიდერი; ბლოკჩეინ-კომპანია TRM Labs-ის თანადამფუძნებელი რაჰუნ რაინა. საინფორმაციო პორტალ Blockworks-ის თანადამფუძნებლები მაიკლ იპოლიტო და ჯეისონ იანოვიცი კატეგორია „მედია“-ში არიან, ხოლო PleasrDAO-ს დამფუძნებელი ემილი იანგი - „ხელოვნებაში“. სიახლედ იქცა დაარსებული „დიდების დარბაზი“. ამ სიაში შევიდა კრიპტო ბირჟა FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბეკმან-ფრიდი, სტარტაპ Stripe-ის თანადამფუძნებელი პატრიკ კოლისონი, ონლაინ-ბროკერ Robinhood-ის თანადამფუძნებელი ვლად ტენევი და Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი. შეგახსენებთ, რომ „30 30-მდე“ სიის წინა ვერსიაში კრიპტოვალუტების ინდუსტრია შვიდი ადამიანით იყო წარმოდგენილი. შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი მილიარდერის ყოველწლიურ რეიტინგში შედის ციფრული აქტივების შვიდი ანტრეპრენერი. https://tinyurl.com/2p8zma5s
  7. ბენჩმარკ AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი. Xiaomi-ს გეიმინგ მოდელი კვლავ ჩამონათვალის ლიდერია და კონკურენტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. საუბარია ერთკრისტალიან სისტემა Snapdragon 888+-ზე მომუშავე Xiaomi Black Shark 4S Pro-ზე. მიმდინარე წლის ნოემბრის შეჯამებით 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციამ 875 382 ქულის მოგროვება შეძლო. ჯერჯერობით ეს გახლავთ ბენჩმარკის რეკორდი, თუმცა მალე ბაზარზე გამოვა ახალი თაობის ფლაგმანები ჩიპით Snapdragon 8 Gen1, რომლებიც 1 მილიონ პუნქტზე მეტის მოგროვებას შეძლებენ. მანამდე კი ლიდერობენ მოწყობილობები SoC Snapdragon 888+-ით. მეორე ადგილზეა მოდელი კვლავ ამ მობილური პლატფორმით და ეს არის გეიმინგ სმარტფონი Nubia Red Magic 6S Pro – 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სხვაობა 23 ათას ქულას შეადგენს. მესამე ადგილზეა iQOO 8 Pro. ეს არის ჩინურ კომპანია Vivo-ს სმარტფონი, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც გეიმინგ სმარტფონი, თუმცა გარეგნულად ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ტესტებში თავი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ვერსიამ 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888+-ით. 846 663 ქულით სმარტფონი მესამე ადგილზეა. ტოპ-ათეულში სულ მოხვდა ხუთი სმარტფონი პროცესორით Snapdragon 888+. ზემოთხსენებული სამი სმარტფონის გარდა კიდევ ორი მოხვდა მეხუთე და მეექვსე ადგილებზე. ესენია vivo X70 Pro+ 12 გბ და ASUS ROG Phone 5s – 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველმა ფლაგმანმა მოაგროვა 835 275 ქულა, მეორემ - 831 627. მეოთხე ადგილზე შემცირებული სიხშირის მქონე ერთკრისტალიანი Snapdragon 888 პროცესორის გამოყენების მიუხედავად მოხვდა Xiaomi Black Shark 4 Pro 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 837 792 ქულით. Snapdragon 888 ჩიპზე მომუშავე შემდეგი მოდელი iQOO 8 მეშვიდე ადგილზეა 829 916 ქულით. ამავე პროცესორის მქონე გეიმინგ სმარტფონი Lenovo Legion 2 Pro მერვე ადგილზეა 10 ათასით ნაკლები ქულით. ათეულს ხურავენ OPPO Find X3 Pro და Realme GT. მათაც აქვთ Snapdragon 888, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 12 გბ. OPPO-ს ფლაგმანმა Realme 200 ქულით ჩამოიტოვა. https://tinyurl.com/mv4jzy27
  8. Google მზად არის გამოუშვას ახალი პროდუქტის კატეგორია საკუთარი ბრენდის ქვეშ. Business Insider-ის ცნობით საძიებო გიგანტი მუშაობს სმარტ-საათზე სახელწოდებით Pixel Watch, რომლის წარდგენას მომავალ წელს გეგმავს. Google-ის შიდა დოკუმენტების თანახმად მოწყობილობა, რომლის კოდური დასახელებაა Rohan, Pixel სმარტფონების მსგავსად კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესთავაზებს საძიებო გიგანტის უახლეს პროგრამულ და აპარატულ პლატფორმებს. დღესდღეობით Google სმარტ-საათების პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის მესამე მხარეს, მაგრამ ჯერ არ წარუდგენია საკუთარი მოწყობილობა ამ კატეგორიაში. Google-ის ბრენდირებული სმარტ-საათები საძიებო გიგანტს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Apple-ს, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა Apple Watch-ით, რომელიც ბაზარზე უკვე მეშვიდე თაობის მოწყობილობით არის წარმოდგენილი. ცნობილია, რომ Apple Watch-ისგან განსხვავებით Google-ის სმარტ-საათები მრგვალი იქნება და არ ექნება ჩარჩო ეკრანის ირგვლივ. Apple-ის მოწყობილობების მსგავსად მათშიც წარმოდგენილი იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი მოწინავე შესაძლებლობები. მიმდინარე წელს პროექტ Rohan-ზე მუშაობა დაჩქარდა. Google-მა განვითარების გუნდის გარეთ მყოფ ადამიანებსაც კი მისცა საშუალება, გამოეცადათ მოწყობილობა და გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები მის შესახებ. კომპანიის დოკუმენტების თანახმად ერთ-ერთი ასეთი სესია ნოემბერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია სმარტ-საათის საბოლოო სახელი. Google-ის შიდა დოკუმენტებში სახელწოდებად ფიგურირებს Pixel Watch და Android Watch. Google-ს დიდი გეგმები აქვს თან სატარებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით. იანვარში კომპანიამ გარიგების შედეგად 2.1 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა Fitbit, რომელმაც განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში აპირებს Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობის შექმნას. თუმცა ცნობილია, რომ Google სმარტ-საათ Rohan-ს გაყიდის საკუთარი ბრენდის და არა Fitbit-ის სახელით. ცნობილია, რომ სმარტ-საათები Rohan აღჭურვილი იქნება პულსის მზომით და შემოგვთავაზებენ ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად გავლილი ნაბიჯების დათვლა. ერთ-ერთ დოკუმენტში Google მას აღწერს როგორც მოწყობილობას, რომელიც მოსახერხებელი იქნება მოსახლეობის 90%-ისთვის. აგრეთვე ცნობილია, რომ Google შემოგვთავაზებს დაპატენტებულ მოსახსნელ სამაჯურებს საათებისთვის. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ზომაში. Google-ის შიდა შეხვედრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საათი მომავალ წელს გამოვა. თუკი ტესტირების ბოლო რაუნდი წარმატებით ჩაივლის, მოწყობილობა ბაზარზე გაზაფხულზე გამოვა. Google-ის პირველი საათები ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ საძიებო გიგანტმა პროექტი მოწყობილობის დაგეგმილ ანონსამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმა. ამის ნაცვლად კომპანიამ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა გარე მწარმოებლებისთვის სმარტ-საათების პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიწოდებაზე. https://tinyurl.com/2p86jkfm
  9. საერთაშორისო კომპანიების ნახევარზე მეტი იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას თავის საქმიანობაში. ამავდროულად, Bitcoin ყველაზე პოპულარული მონეტაა მათ შორის, რომელთა წლიური ბრუნვა 10 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ახალი ამბების აგრეგატორ PYMNTS-ის მიერ 250 ტრანსსასაზღვრო კომპანიისა და 250 ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად გამოკითხულთა 57.6% იყენებს მინიმუმ ერთ კრიპტოვალუტას საერთაშორისო გადარიცხვებისთვის. 250 კომპანიიდან 31.2%-მა უპირატესობა მიანიჭა Bitcoin-ს, 28.8%-მა - Stablecoin-ებს და 24%-მა - Ethereum-ს. ფინანსური ინსტიტუტების 61.4%-ს ესმის მომხმარებლებისთვის ციფრულ აქტივებზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. თუმცა, მხოლოდ 10% არის მზად, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მათ ტიპს. ფინანსური ინსტიტუტების 90% არ უზრუნველყოფს კრიპტოვალუტაზე წვდომას. ამასთან, რესპონდენტთა 48% მნიშვნელოვანად მიიჩნევს ამ ტიპის გადახდების მხარდასაჭერად საკანონმდებლო ნორმების შექმნას. ტრანსსასაზღვრო საწარმოების 56% იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას თავის საქმიანობაში. სმარტ კონტრაქტები რჩება 42%-ის გამოყენების ძირითად შემთხვევად. „კრიპტოვალუტების მიღებაში მთავარი როლი შეასრულა ტრანზაქციის ხარჯების შემცირებამ და გადარიცხვების გამარტივებულმა პროცედურებმა ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით“, - აღნიშნულია კვლევაში. რესპონდენტების 31% ბლოკჩეინის დანერგვისთვის ბარიერად მიიჩნევს ტექნოლოგიის დაუდასტურებელ რენტაბელობას, 29% კი ფთხილობს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2p98yyhb
  10. გამომცემლობა Tech Taiwan-მა საზოგადოებას შეახსენა, რომ TSMC-ის 3-ნანომეტრიანი პროდუქციის წარმოება მომდევნო წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, მისი პირველი მომხმარებლები იქნებიან Apple, Intel, AMD და Qualcomm. მანამდე კი ტაივანურმა გიგანტმა აითვისა 3-ნანომეტრიანი ჩიპების სატესტო წარმოება, რაც შესაძლებელს ხდის 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის დაგეგმილი განვითარების გრაფიკის დაცვას. ფოტოს წყარო: TSMC ამავდროულად, TSMC-ის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ ერთ ფართობზე განსხვავებული კრისტალების სივრცითი განლაგების ტექნოლოგიების თანმხლები განვითარება მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას როგორც ტექნოლოგიური, ასევე ფინანსური კუთხით. კომპანიის წინაშე დგას ამოცანა - ერთდროულად გაზარდოს კონტაქტების განლაგების სიმკვრივე ისეთ შემთხვევაში, როდესაც ერთ პროდუქტში გაერთიანებულია განსხვავებული კრისტალები და ამავე დროს გაზარდოს ინტეგრირებული პროდუქტის მაქსიმალური ფართობი. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ ახლახანს კონფერენცია Credit Suisse-ზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მულტიჩიპური განლაგების გამოყენება ახლა ერთადერთი გზაა გამომთვლელი ტექნიკის წარმადობის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად. როგორც ჩანს, TSMC სოლიდარულია ამ მომხმარებელთან. https://tinyurl.com/2p8hcc8y
  11. კომპანია Qualcomm-მა დააანონსა აპარატული პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3, რომელიც განკუთვნილია ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებული Windows on Arm კომპიუტერების აწყობისთვის. ფოტოს წყარო: Qualcomm დაანონსებული პლატფორმა არის პირველი 5-ნანომეტრიანი ჩიპი Windows-ზე მომუშავე ლეპტოპებისთვის. Snapdragon 8cx Gen 2 მოდელთან შედარებით უზრუნველყოფილია CPU ბლოკის სიჩქარის 85%-იანი და GPU ბლოკის წარმადობის 60%-იანი ზრდა. ახალი პროცესორის შემადგენლობაში შედის რვა ბირთვი Qualcomm Kryo და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno პროგრამულ ინტერფეის DX12-ის მხარდაჭერით. მხარდაჭერილია მუშაობა 4K ფორმატის დისპლეისთან; გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ორ გარე 4K მონიტორზე. პლატფორმა Snapdragon 8cx Gen 3 საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ოპერატიული მეხსიერება LPDDR4x-2166, NVMe SSD და UFS 3.1 სტანდარტის ფლეშ-მეხსიერება. შესაძლებელია 24 მეგაპიქსელამდე კამერის გამოყენება. ჩიპის შემადგენლობაში შედის მოდემი Qualcomm Snapdragon X65 5G, რომელიც მონაცემთა ჩატვირთვის მაქსიმალურ 10 გბ/წმ-მდე სიჩქარეს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ქვესისტემა Qualcomm FastConnect 6900 უსადენო კავშირ Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერით (სიჩქარე 3.6 გბ/წმ-მდე). პროცესორის აღჭურვილობაში შედის ხელოვნური ინტელექტის ძრავი AI Engine, Beidou/Galileo/ГЛОНАСС/GPS/QZSS ნავიგაციის სისტემების თანამგზავრული მიმღები, Bluetooth 5.1 ადაპტერი და უსაფრთხოების მოდული Qualcomm Secure Processing Unit (SPU). Snapdragon 8cx Gen 3-ის ბაზაზე აგებული პორტატული კომპიუტერების დებიუტი შედგება მომავალი წლის პირველ ნახევარში. https://tinyurl.com/2b9t2dc6
  12. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა სენატორის პეტ ტუმის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის რეგულაციებს კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით და წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციებს. „კარგი სიახლე: იელენი აცხადებს, რომ FATF-ის ცოტა ხნის წინანდელი სახელმძღვანელო მითითებები კრიპტოვალუტებთან მიმართებაში FinCEN-ის წესებს ეთანხმება. ანუ, ისინი არ ვრცელდება „აპარატული საფულეების დეველოპერებზე, არაკასტოდიალური საფულეების პროვაიდერებზე, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებსა და მაინერებზე“ - მათზე, ვინც საკუთარ თავზე არ იღებს ფულის შენახვას“ - განაცხადა Coin Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერი ბრიტომ დოკუმენტის შესახებ. „იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელო მითითებები - მხოლოდ სახელმძღვანელო მითითებებია და მათი შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს“ - აცხადებს ბრიტო. Coin Center, ინდუსტრიის ინტერესების დაცვის ჯგუფი, FinCEN-ის კრიპტო ტრანზაქციების რეგულირების ნორმას, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრების გეგმებს, მიიჩნევდა, როგორც საფრთხეს. ცვლილებები გულისხმობს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ტრანზაქციებში მონაწილე მხარეებისა და კრიპტო კომპანიების მომხმარებლების ტრანზაქციების შესახებ. FATF-მა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის სახელმძღვანელო მითითებების შესწორებული და შესწორებული ვერსია ოქტომბერში გამოაქვეყნა. https://tinyurl.com/2p8vxhjs
  13. Amazon-ის ქლაუდ-განყოფილება AWS-მა დააანონსა EC2 ინსტანციები C7g საკუთარი წარმოების მესამე თაობის ARM-პროცესორ Graviton3-ის ბაზაზე, აგრეთვე Trn1 ინსტანციები, რომლებშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მქონე ამაჩქარებლები Trainium - ისინი შექმნილია AWS-ის ძალისხმევით და განკუთვნილია მანქანური სწავლებისთვის. ორივე მათგანის ანონსი წინასწარ ხასიათს ატარებს. Graviton3-ის შემთხვევაში არ კონკრეტდება არც ARM-არქიტექტურის თაობა, არც ბირთვების რაოდენობა და სიხშირეები. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ახალ პროდუქტებს Graviton2 ინსტანციებთან შედარებით მეოთხედით მეტი წარმადობა და ორჯერ უფრო სწრაფი გამოთვლების უნარი აქვს კრიპტოგრაფიასთან მუშაობისას. ამასთან, ახალი მოწყობილობები 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. მოხდა გარკვეული არქიტექტურული ცვლილებები. bfloat16-ის მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ორჯერ დაჩქარდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლები (სავარაუდოდ საუბარია ინფერენსზე), DDR5 სტანდარტზე გადასვლა კი 50%-ით აამაღლებს მეხსიერების სიჩქარეს. თითოეულ vCPU-ს საკუთარი ქეში აქვს, დამატებით უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს სტეკის აპარატული დაცვა. გარდა ამისა, ახალ ინსტანციებში ჩუმათობის პრინციპით (default-ად) გამოიყენება მეხსიერების სავალდებულო დაშიფვრა, მხარდაჭერილია EBS-ტომების დაშიფვრა, EFA-კავშირის სიჩქარე კი 30 გბ/წმ-ს აღწევს. AWS-ის განცხადებით, EC2 C7g შესაფერეისია HPC-სთვის, EDA-სთვის, ანალიტიკისთვის, გეიმინგ და სარეკლამო პლატფორმებისთვის, მედიაკოდირებისთვის და ა.შ. მათთვის ხელმისაწვდომია დისტრიბუტივები Amazon Linux 2, RHEL, SUSE და Ubuntu, აგრეთვე მთელი რიგი უკვე ადაპტირებული პროგრამული უზრუნველყოფები. ჯერჯერობით C7g ხელმისაწვდომია დახურული ტესტირებებისთვის, თუმცა მისი შეფასება უკვე მოასწრეს Epic Games-მა, Formula 1 Management-მა, Honeycomb.io-მ და Twitter-მა. თავად Graviton3 პროცესორები წინამორბედების მსგავსად ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაიყიდება "გარეთ" და ძირითადი AWS ინფრასტრუქტურის მიღმა მოხვდება მხოლოდ Outposts-ში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მიღწევა თავად Amazon-ისთვის, Nitro-ს დანერგვასთან ერთად, გარე მომწოდებლებისგან დამოუკიდებლობისა და საკუთარი სერვისების მუშაობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. Graviton2-ის ბაზაზე ამჟამად უკვე შემოთავაზებულია 12 ტიპის ინსტანცია, თუმცა AWS-ს საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად გადააქვს ყველა დანარჩენი სერვისი საკუთარ CPU-ებზე. EC2 ინსტანცია Trn1 ჯამში ამავე მიზნისკენაა მიმართული. ისინი დამყარებულია Trainium ამაჩქარებლებზე, ეს არის Amazon-ის წარმოების მეორე ჩიპი, რომელიც სპეციალურად მანქანური სწავლებისთვის შეიქმნა. ჩიპს აქვს 32 გბ HBM2e, მისი წარმადობა შეადგენს 210 Tops-ს. Trn1 ინსტანციებში გაერთიანებულია 16-მდე ამგვარი ამაჩქარებელი, რომლებიც ინტერკონექტ NeuronLink-თანაა დაკავშირებული (768 გბ/წმ), აქვთ EFA-კავშირი სიჩქარით 800 გბ/წმ-მდე (ორჯერ მეტი წინა თაობის GPU-ინსტანციებთან შედარებით) და გააჩნიათ 8 ტბ-მდე NVMe SSD. AWS საშუალებას იძლევა შეიქმნას კლასტერები ათიათასობით Trainium-ისგან, რომლებიც გაერთიანებულია პეტაბაიტური კლასის ქსელით და Amazon FSx-ის მეშვეობით დაკავშირებულია პეტაბაიტიან Lustre-სანახ სივრცესთან. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს გიგანტური მოდელების სწავლება. სამუშაო პროცესისთვის შემოთავაზებულია ინსტრუმენტების საფირმო ნაკრები Neuron SDK (იგივე, რაც განკუთვნილია AWS Inferentia-სთვის), აგრეთვე მხარდაჭერილია ისეთი პოპულარული ფრეიმვორქები, როგორებიცაა Tensorflow ან PyTorch. Trn1 ამჟამად ჯერჯერობით წინასწარ წვდომაშია მოთხოვნის შესაბამისად. https://tinyurl.com/3wapnc4s
  14. SpaceX-ის Starlink-ის განყოფილებამ, რომელიც აგებს სატელიტურ ქსელს გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით წვდომის უზრუნველსაყოფად, დაიწყო თავისი ტერმინალების ტესტირება პარტნიორი ავიახაზების რამდენიმე თვითმფრინავზე. ოპერატორი აპირებს ავიახაზებს ინტერნეტი "რაც შეიძლება მალე" მიაწოდოს. წყარო: sjleegraves/pixabay.com Starlink ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან, რათა ფრენის დროს მგზავრები ინტერნეტით უზრუნველყოს. თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, კომპანია გახდება Viasat-ის, Intelsat-ის, Telesat-ისა და მსგავსი სერვისების მომწოდებელი სხვა პროვაიდერების პირდაპირი კონკურენტი. Starlink აწარმოებს კვირაში ექვს თანამგზავრს სიეტლის მახლობლად მდებარე ქარხანაში და თანდათან გადადის კოსმოსური ტექნოლოგიების უფრო თანამედროვე ვერსიების წარმოებაზე. ტესტირების შედეგები და მოლაპარაკების ეტაპი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც Bloomberg აცხადებს, ბლოგ Space Explored-ში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა შიდა სამუშაო ჩანაწერში დააყენა გაკოტრების შესახებ განაცხადის შესაძლებლობა, თუკი კომპანია ვერ გადაჭრის ძრავ Raptor-ის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც კომპანიის უახლეს უდიდეს რაკეტა Starship-ის საფუძველს წარმოადგენს. რაკეტა აუცილებელია ორბიტაზე ახალი თაობის Starlink თანამგზავრების გაყვანისთვის. Space Exploration Technologies Corp. (ოფიციალურად უწოდებენ SpaceX-ს), მუშაობს 30 ათასზე მეტი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნაზე, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში. https://tinyurl.com/bde3t2z2
  15. ! მასალა გამოქვეყნებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს საინვესტიციო რეკომენდაციას. გამომქვეყნებელი არ არის პასუხისმგებელი მკითხველის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. ტოკენ Omicron-ის (OMIC) ფასი 900 %-ზე მეტით გაიზარდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „ომიკრონი“ უწოდა. DeFi-პროექტ Omicron DAO-ს მონეტა გამოშვებულია მეორე დონის პროტოკოლ Arbitrum One-ზე და იყიდება პლატფორმა SushiSwap-ზე. Twitter-ის ცნობით აქტივის გამოშვება 2 ნოემბერს შედგა. CoinGecko 8 ნოემბრიდან თვალყურს ადევნებს მის ფასს, ამ დროის განმავლობაში მისი მინიმალური ღირებულება იყო 48.36 $. Discord-ზე პროექტის ჩატში სულ რაღაც 800-ზე ოდნავ მეტი წევრია და Twitter-ის გამომწერთა რაოდენობა ძლივს აჭარბებს 900 ადამიანს. 27 ნოემბერს Omicron (OMIC) იყიდებოდა დაახლოებით 65 აშშ დოლარად, ორი დღის შემდეგ კი ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 689.12 აშშ დოლარს მიაღწია. სტატიის წერის მომენტში აქტივის კურსი დაკორექტირდა 580 აშშ დოლარზე (CoinGecko). ვაჭრობის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 676 866 აშშ დოლარი შეადგინა. წყარო: CoinGecko. მონეტის გაძვირება საინფორმაციო მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სტატია გამოქვეყნდა Forbes-ში, Twitter-ის პოპულარულ კრიპტო არხ Mr. Whale-ზე კი დაიწერა, რომ ეს ზრდა კრიპტო ბაზარზე “bubble”-ის აშკარა მტკიცებულებაა. შეგახსენებთ, 26 ნოემბერს Bitcoin-ის ფასი 55 ათას აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის ფონზე. 29 ნოემბერს ციფრული ოქროს კოტირებები გაიზარდა 57 ათას აშშ დოლარიან დონემდე. https://tinyurl.com/3tu64uj4
  16. The Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა ისაუბრეს Intel-ის საიდუმლო კვლევით ცენტრზე, რომელშიც კომპანიამ თავი მოუყარა გასულ წლებში შექმნილ აპარატულ და პროგრამულ პლატფორმებს, რათა ნებისმიერ დროს წვდომა ჰქონდეს ნებისმიერ კონფიგურაციაზე. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ახალი ხარვეზის ან დაუცველობის აღმოჩენის შემთხვევაში, მაგალითად როგორიც Sandy Bridge თაობის პროცესორების შემთხვევაა, სწრაფად ჩატარდეს ყველა აუცილებელი ტესტი და გამოვიდეს გაუმჯობესებული განახლება. Intel-ის პროდუქციის უსაფრთხოების განოფილების ხელმძღვანელმა Mohsen Fazlian-მა განაცხადა, რომ ამგვარი ლაბორატორიის შექმნამდე კორპორაციის თანამშრომლებს ზოგჯერ ძველი პროცესორების შეძენა eBay-დან და განცხადებების ვებ-გვერდებიდან უწევდათ. ამჯერად სპეციალისტებს თავისუფლად შეუძლიათ მუშაობისთვის მოითხოვონ კონკრეტული კონფიგურაცია - საწყობში ხელმისაწვდომია 3 ათასზე მეტი აპარატული და პროგრამული პლატფორმა, სამომავლოდ დაგეგმილია მათი რაოდენობის ორჯერ გაზრდა. აპარატურულ ან პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით Intel-მა მკაცრი წესები შემოიღო - ლაბორატორიის მონახულება შესაძალებელია მხოლოდ ხელმძღვანელობის ზედა რგოლისგან მიღებული ნებართვის შედეგად. შენობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სრული პროცესის ვიდეოკონტროლი. პროექტი მუშაობს 24/7-ზე, დასვენების დღეების გარეშე, მას ემსახურება ოცზე მეტი ინჟინერი. შედეგად შესაძლებელია სწრაფად იქნას მიღებული ხარვეზის ასლი და განხილულ იქნას ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად კონკრეტულ პროცესორთან, ოპერაციულ სისტემასთან ან დედა დაფის BIOS-სთან დაკავშირებული ხარვეზები. https://tinyurl.com/5wbyt89j
  17. კომპანია Sapphire Technology-მ დააანონსა გარე გრაფიკული ამაჩქარებელი GearBox 500 Thunderbolt 3 Pulse RX 6600 XT eGFX, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ლეპტოპებისა და მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ დისკრეტული გრაფიკული დაფა. ფოტოების წყარო: Sapphire Technology მოწყობილობის შემადგენლობაში შედის აქსელერატორი Sapphire Pulse Radeon RX 6600 XT, რომელიც დამაყარებულია AMD RDNA 2 არქიტექტურაზე. ნათქვამია, რომ მისი შესაძლებლობები საკმარისია პროფესიონალური აპლიკაციებისა და მაღალი ხარისხის გეიმინგ პროცესისთვის 1080p ფორმატში. პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის გამოიყენება ინტერფეისი Thunderbolt 3/4 სიჩქარით 40 გბ/წმ-მდე. მოწყობილობა თავსებადია კომპიუტერებთან, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემებზე - macOS და Windows 10/11. გარე გრაფიკულ ამაჩქარებელს აქვს 500 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, აგრეთვე ორი USB 3.0 პორტი პერიფერიასთან დაკავშირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ Thunderbolt ინტერფეისი გამოიყენება არა მხოლოდ მონაცემების გაცვლის, არამედ კვების მიწოდებისთვის (60 ვატამდე). შედეგად შესაძლებელია ლეპტოპის ბატარეა დაიმუხტოს მუშაობის დროს. გარე ამაჩქარებელ Sapphire GearBox 500 Thunderbolt 3 Pulse RX 6600 XT eGFX-ის საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. https://tinyurl.com/ydab6h2f
  18. MuesliSwap-ის გუნდმა განაცხადა, რომ ამოქმედდა პირველი DEX Cardano-ს ძირითად ქსელში. პლატფორმა იყენებს ცენტრალიზებული ბირჟების განცხადებების წიგნის მოდელს, რაც ლიმიტირებული ორდერების განთავსების საშუალებას იძლევა. „Ethereum-ის Uniswap არქიტექტურის უბრალო გამეორების ადრეული მცდელობებისგან განსხვავებით MuesliSwap სავაჭრო გადაწყვეტილება შექმნილია ნულიდან და ითვალისწინებს Cardano EUTXO ტრანზაქციის მოდელის სპეციფიკას. ეს პრაქტიკულს ხდის შეკვეთის წიგნის მოდელის გამოყენებას დეცენტრალიზებულ გარემოში“, - ნათქვამია პროექტის ბლოგში. Cardano DEX ქსელში შემოთავაზებულია ცხრა სავაჭრო წყვილი ADA-სთან, აგრეთვე ხორციელდება საკუთარი მართვის ქვეშ არსებული MILK ტოკენების წინასწარი გაყიდვა. სამომავლოდ MuesliSwap-ზე გამოჩნდება სერვისი ტოკენების გამოშვებისა და NFT-მარკეტფლეისისთვის. პლატფორმა ასევე ხელმისაწვდომია Smart Bitcoin Cash ბლოკჩეინზე. ამ ქსელში ის უფრო დიდხანს მუშაობს და, შესაბამისად, უფრო ფართო ფუნქციონალი გააჩნია. ვაჭრობის გარდა მომხმარებლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფარმინგსა და სტეიკინგში, ასევე გამოუშვან და შეიძინონ SEP-20 ტოკენები. დეველოპერები აღნიშნავენ, რომ MuesliSwap არის პროექტის ბეტა-ვერსია, რომელიც შეიძლება არასტაბილურად მუშაობდეს. Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თქვა, რომ მას პრობლემები შეექმნა SNOW ტოკენების შესაძენად ლიმიტირებული შეკვეთის განთავსებისას: „ვცადე 10 SNOW ტოკენის ყიდვა 0.9 ADA-ს ფასად, მაგრამ შეკვეთა არ განხორციელდა, რადგან გაყიდვისას ყველაზე დაბალი შეკვეთა დადგენილია 1 ADA-ს ფასად. გაფრთხილებთ, შეკვეთის გაუქმება ვცადე და შეცდომის შეტყობინება მივიღე. ADA, რომლითაც შესყიდვა განხორციელდა, ამჟამად დაბლოკილია სმარტ-კონტრაქტში და დარწმუნებული არ ვარ, შევძლებ თუ ვერა მის დაბრუნებას“. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში Cardano-ს დეველოპერებმა გაააქტიურეს განახლება Alonzo, რის შედეგად შესაძლებელი გახდა Plutus სმარტ-კონტრაქტების ამოქმედება ძირითად ქსელში. https://tinyurl.com/yeyuc6m4
  19. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების ინსაიდერულმა ინფორმაციამ გამოავლინა ნახევრადგამტარი კომპონენტების ბაზარზე არსებული გლობალური უთანასწორობის პრობლემა. ამრიგად, Apple არა მხოლოდ ირჩევს საუკეთესო ტექნოლოგიებს ერთი წლით ადრე, ვიდრე სხვა კომპანიების უმეტესობა, არამედ ფლობს TSMC-ის ყველა შეკვეთის 53%-ს (5-7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესები). 24%-იანი წილი მოდის Qualcomm-ზე, დანარჩენი კომპანიები კი იძულებულნი არიან გაინაწილონ დარჩენილი 23%. უმნიშვნელო მომხმარებლებზე რომ ვსაუბრობდეთ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა საერთოდ არ წამოწეულიყო ეს თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია NVIDIA-ზე, MediaTek-სა და AMD-ზე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ტაივანური საკონტრაქტო კომპანიის სიმძლავრის მხოლოდ 5%-ს იღებს და ურთულეს მდგომარეობაშია. საქმე ის არის, რომ AMD რამდენიმე ბაზარს შორის იხლიჩება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კონსოლების მწარმოებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ეს არის პრიორიტეტული სფერო, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მოაქვს სტაბილური შემოსავალი და არაერთხელ გადაურჩენია „წითლები“ გაკოტრებისგან. მეორე ადგილზეა სერვერის პროცესორები, რომლებიც უზარმაზარი მარჟებით იყიდება. მესამეა დესკტოპ-პროცესორების სექტორი და სადღაც ბოლოსკენ - გრაფიკული ჩიპები. AMD-ის ტექნიკური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკ პეიპერმასტერი რამდენიმე დღის წინ BusinessLine-ს ესაუბრა. მან გააზიარა განვითარების სტრატეგია და საკუთარი ხედვა კომპანიის მომავლის შესახებ. პირველ რიგში, მარკმა განაცხადა, რომ AMD მართლაც განიცდიდა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტს, მაგრამ მაინც უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ათობით და ასობით სხვა კომპანიაა. ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებას უკავშირდება. როგორც გაირკვა, ბევრი მომხმარებელი უპირატესობას უფრო მომწიფებულ, ძველ და გამოცდილ ტექნოპროცესებს ანიჭებს, რამაც გამოიწვია არა მხოლოდ ფასის მკვეთრი ზრდა, არამედ ასეთი ჩიპების გაქრობაც. ამავდროულად, AMD იყენებს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე 7-ნანომეტრიან საწარმოო პროცესს, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრი კონკურენტი არ ჰყავს. შესაძლოა მარკი ცოტათი არაგულწრფელია, როდესაც საუბრობს 2022 წელს Zen 4 არქიტექტურაზე დაფუძნებული დესკტოპ-პროცესორების შემდეგი თაობის გამოშვების გეგმებზე: ყველას კარგად გვახსოვს, რომ თავდაპირველად მათი გამოშვება 2021 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ Apple მყარად ჩაეჭიდა 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს და მას არავის გაუყოფს, სანამ უფრო მოწინავე ტექნოლოგიას არ მიიღებს. ნახევრადგამტარი კომპონენტების კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით მარკს პესიმისტური პოზიცია აქვს. მისი თქმით, ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის შეძლებენ და 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ პროცესორების, ვიდეო დაფების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დეფიციტის სრულად დასრულებას. გარდა ამისა, მარკი ელოდება შემოსავლების ზრდას 2021 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც განპირობებულია სერვერების ბაზრის ზრდით და სტაბილურად მაღალი მარჟებით. ვინაიდან ვიდეო დაფები ინტერვიუში ნახსენები არ იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ AMD-ს უბრალოდ არაფერი აქვს მათ შესახებ სათქმელი. საჭიროა ნახევრადგამტარების კრიზისის დასრულებას დაველოდოთ. ყველაზე მოუთმენლებს კი შეუძლიათ სცადონ ბედი 2022 წლის პირველ ნახევარში, როცა ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფები გამოვა. https://tinyurl.com/pehpredy
  20. ავტონომიური ტრანსპორტის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და შესაბამისი ბიზნესის მნიშვნელოვან წილს ევროპაში ფრანგული კომპანია EasyMile იკავებს. სტარტაპი უკვე დიდი ხანია ავითარებს და ტესტავს ავტონომიურ ავტობუსებს მთელ მსოფლიოში და ახლა იგი პირველია ევროპაში, რომელმაც მიიღო ნებართვა - საკუთარი ტრანსპორტი საჯარო გზებზე გამოიყენოს. EZ10 მოდელი საფრანგეთის გზებზე იმუშავებს. ფოტოს წყარო: easymile.com EZ10 პროტოტიპი პირველად 2015 წელს იქნა წარმოდგენილი. EasyMile-მა იგი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოცადა, ხშირ შემთხვევაში მოძრაობას მხოლოდ დისტანციური ოპერატორები აკონტროლებდნენ. ტესტები ჩატარდა სინგაპურში, აშშ-ში, ფინეთში, ავსტრალიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. ავტობუსის მთავარი დანიშნულებაა მგზავრების ავტონომიური ტრანსპორტირება კამპუსების, ქარხნების, აეროპორტების და სხვა შედარებით შეზღუდული ადგილების მიმართულებით. EZ10-ის უახლესი ვერსია იტევს 15 კაცს, ავტობუსი აღჭურვილია რბილი სავარძლებით და ინდივიდუალური უსაფრთხოების ღვედებით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომია ავტომატური პანდუსები და ინვალიდის ეტლის სამაგრები. კომპანიამ განაახლა სენსორების ნაკრები ავტობუსში და ძალისხმევა გააერთიანა გერმანულ სტარტაპ Sono Motors-თან მზის ბატარეების ინტეგრირებისთვის, რაც გაზრდის ელექტრო ტრანსპორტის გავლის მარაგის დიაპაზონს. EasyMile-მა ავტონომიური ავტობუსი უკვე გატესტა Oncopole-ის სამედიცინო კამპუსში, ტულუზაში (საფრანგეთი) - ის დადიოდა მთავარ შესასვლელსა და ავტოსადგომს შორის, რომელთა შორის მანძილი არის დაახლოებით 600 მეტრი. ამავდროულად, ამ გზაზე "შერეული" მოძრაობაა. მას იყენებენ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები, მანქანები და ავტობუსები. მომსახურების უსაფრთხოებისა და სანდოობის დადასტურების შემდეგ კომპანიამ საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა - გამოიყენოს ავტონომიურობის მე-4 დონის ტრანსპორტი საჯარო გზებზე. საერთო ჯამში, სტარტაპი იყენებს მე-4 დონის ტრანსპორტს შვიდ ადგილზე სხვადასხვა ქვეყანაში. ფოტოს წყარო: easymile.com ეს არის ავტონომიის მაღალი დონე, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანსპორტს, იმოძრაოს ბორტზე ოპერატორის გარეშე. გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთის გზებზე ექსპლუატაცია „საველე“ პირობებში 2022 წლის სექტემბერში დაიწყება. EasyMile-ის გენერალურ მენეჯერ ბენუა პერინის თქმით (Benoit Perrin) ნებართვის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ავტონომიური მართვის სისტემების კომერციალიზაციისკენ. მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიის გამოყენების სფეროების რიცხვის ზრდა გაგრძელდება. https://tinyurl.com/2p8e7jmm
  21. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელად მეორე ვადით ჯერომ პაუელი დაასახელა, კრიპტოვალუტების ბაზარზე „დათვების“ რაოდენობამ იმატა. ამის შესახებ CNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა. ტოპ-მენეჯერმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პაუელს არ შეუძლია აშშ-ის ეკონომიკური რეალობის გაცნობიერება. მისი აზრით, ბაზრები პესიმისტურადაა განწყობილი ბაიდენის გეგმის მიმართ - ფედერალური სარეზერვო სისტემის მიმდინარე ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივოს. „ინფლაცია გაძლიერდა. ვნახავთ, მოუწევს თუ არა ფედერალური რეზერვების სისტემას უფრო სწრაფი რეაგირება. ეს ვითარება სარისკო აქტივებს დაასუსტებს, შეამცირებს კრიპტოვალუტების კურსს, თუკი მოგვიწევს ფსონები იმაზე უფრო სწრაფად ავწიოთ, ვიდრე ვვარაუდობდით“ - განაცხადა Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ნოვოგრაცმა ისაუბრა რისკზე, რომ პაუელი შესაძლოა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში უფრო აგრესიულ მიდგომაზე გადავიდეს ხელახალი არჩევის შემდეგ. ამგვარი დამოკიდებულებისკენ მას უბიძგებს შესრულებულ სამუშაოებზე ნეგატიური შეფასების მიღების შიში. ბაიდენის გადაწყვეტილებამდე ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი მონეტარული სტიმულებიდან ნელი გასვლისკენ იყო მიდრეკილი. Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოპტიმიზმი გამოხატა კრიპტო ინდუსტრიის გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ მოკლევადიანი აღმავლობისა და ვარდნის შემდეგ. „გამაოგნებელია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც შემოდიან ამ სივრცეში. ერთ-ერთმა უმსხვილესმა სუვერენულმა ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება ციფრულ აქტივებში მუდმივი ინვესტიციის შესახებ. მსგავსი საუბრები მქონდა შეერთებულ შტატებში არსებულ დიდ საპენსიო ფონდებთან“, - განაცხადა ტოპ-მენეჯერმა. ოქტომბერში ნოვოგრაცმა ისაუბრა თავისი პროგნოზის შესახებ, რომლის თანახმად პირველი კრიპტოვალუტის ფასი ათ წელიწადში 500 ათას აშშ დოლარს მიაღწევდა და იმ დროისთვის კრიპტოვალუტების 75% გაქრებოდა. ადრე Galaxy Digital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Bitcoin-უწოდა „მორიგი ინტერნეტი“, რომლის გამოტოვება არცერთ ინვესტორს არ სურს. https://tinyurl.com/4774z6tb
  22. ინტერნეტ წყაროები გვაცნობებენ, რომ ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა Huawei-მ დაიწყო დრეკადი დისპლეით აღჭურვილი ახალი თაობის სმარტფონის მასობრივი გამოშვება. ფოტოებზე: Huawei Mate X2. წყარო: Huawei მოწყობილობა, რომელსაც საუბარი ეხება, კომერციულ ბაზარზე შესაძლოა გამოვიდეს სახელწოდებით - Mate X3. როგორც ჩანს, წინამორბედების მსგავსად მასაც წიგნის ფორმატი ექნება. არაოფიციალური ცნობების თანახმად ძირითადი დრეკადი დისპლეის ზონაში ინტეგრირებული იქნება თითის ანაბეჭდის სკანერი. პანელის კადრის განახლების სიხშირემ შესაძლოა 90 ჰერცს გადააჭარბოს. ინტერნეტ-რესურსების მონაცემებით Huawei-ს ახალი დრეკადი სმარტფონის მასიური გამოშვება მიმდინარე თვეში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის ფორმალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე შედგება. გაჯეტის გაყიდვა კი, სავარაუდოდ, 2022 წლის პირველ კვარტლამდე არ დაიწყება. აგრეთვე ცნობილია, რომ დეკემბერში დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონის დაანონსებას აპირებს მეორე ჩინური კომპანიაც - Oppo. არსებული ცნობების თანახმად მოწყობილობის დისპლეის ზომა შეადგენს 7.8- 8.0 დუიმს დიაგონალზე, კადრის განახლების სიხშირე კი - 120 ჰერცს. მოწყობილობას სავარაუდოდ ექნება თითის ანაბეჭდის გვერდითი სკანერი, 32-მეგაპიქსელიანი სელფი კამერა, 50-მეგაპიქსელიან სენსორ Sony IMX766-ზე დამყარებული ძირითადი კამერა და პროცესორი Snapdragon 888. https://tinyurl.com/5n79w22r
  23. Xiaomi-ს ხელმძღვანელებმა და პეკინის ერთ-ერთი გარეუბნის მუნიციპალურმა მთავრობამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს კომპანიის პირველი ელექტრომობილების ქარხნის აგების შესახებ. მახლობლად აშენდება შტაბ-ბინა, განვითარების ცენტრი და კომპანიის საავტომობილო ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ობიექტები. Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილი ჩინეთის გზებზე 2024 წელს გამოვა. ფოტოს წყარო: SCMP ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Xiaomi-სთვის განკუთვნილ პირველ ელექტრომობილებს კომპანია Great Wall გამოუშვებდა. Great Wall-ის მიერ წარმოებული, Xiaomi-ს პირველი ელექტრომობილი კონვეირზე 2023 წელს დადგება. ამ დროისთვის ჯერ უცნობია, Xiaomi კვლავ გააგრძელებს ამ კომპანიასთან თანამშრომლობას თუ ფოკუსირდება მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე. მიმდინარე წლის სექტემბერსა და ნოემბერში Xiaomi-მ დაარეგისტრირა ორი კომპანია ელექტრომობილების ბაზარზე გასასვლელად. ზაფხულში მან 77.4 მლნ აშშ დოლარად შეიძინა ავტოპილოტირების სისტემების დეველოპერი DeepMotion. ჯამში მომდევნო 10 წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას ამ ახალი მიმართულებით. Xiaomi-ს ქარხანა პეკინის გარეუბანში (იჩჟუანში) აშენდება ორ ეტაპად. წარმოების თითოეული ეტაპი განკუთვნილია წელიწადში 150 ათასი ელექტრომობილის წარმოებაზე. პირველი ეტაპი, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2024 წელს დაიწყება. სამუშაოების ღირებულება ჯერ არ ხმაურდება. https://tinyurl.com/2p8s9hpw
  24. 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავა უფრო მეტი ტრანზაქცია აშშ დოლარში, ვიდრე PayPal-მა. ამის შესახებ საუბარია Blockdata-ს ანგარიშში. დეცენტრალიზებული ქსელის საშუალო კვარტალური ღირებულება იყო 489 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო PayPal-ის - 302 მლრდ აშშ დოლარი. ქსელების მიერ გადაცემული ღირებულების მოცულობების შედარება კვარტლების მიხედვით. წყარო: Blockdata. ორივე ქსელის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია ისეთი გიგანტების საშუალო კვარტალურ მოცულობაზე, როგორებიცაა Mastercard და Visa. მათი შესაბამისი მაჩვენებლებია 1.8 ტრილიონი და 3.2 ტრილიონი აშშ დოლარი. „შთამბეჭდავია, რომ Bitcoin-ს, რომელსაც თორმეტწლიანი P2P ქსელი აქვს, დამუშავებული თანხების ღირებულებაში 27%-იანი სხვაობა აქვს Mastercard-თან შედარებით - კომპანიასთან, რომელიც 1966 წელს შეიქმნა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია დეცენტრალიზებულ მოძრაობაზე“, - აცხადებენ Blockdata-ს ექსპერტები. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტის ქსელის მაჩვენებელი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ანგარიშსწორებებს. მომხმარებლები აგზავნიან თანხებს სხვადასხვა სერვისში და იღებენ მათ უკან, ახორციელებენ ტრანზაქციებს საკუთარ საფულეებს შორის და უამრავ სხვა ოპერაციას. თუმცა, მათი აზრით, Bitcoin-ის ქსელი „ფუნდამენტალურად“ განსხვავდება Mastercard-ისა და Visa-სგან. ეს უფრო "დაზოგვა-დაგროვების ტექნოლოგიაა", ვიდრე "ხარჯვის" და აქვს გამოყენების უფრო მეტი ვარიანტი. ექსპერტები თვლიან, რომ რეალურია, თუ კრიპტოვალუტა გადარიცხული ღირებულების მოცულობით გადააჭარბებს ფინანსურ გიგანტებს მიუხედავად მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. ამისათვის აუცილებელია გადაილახოს სიჩქარის უფსკრული, რომელსაც მათ „გამაოგნებელი“ უწოდეს. გასულ წელს Bitcoin-ის ქსელი კვარტალში საშუალოდ 25 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებდა. Mastercard-ის მაჩვენებელი 33 მილიარდი იყო, Visa-ს კი - 53.7 მილიარდი. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მეორე დონის გადაწყვეტილებები, მათ შორის მიკროგადახდების ქსელი Lightning Network (LN) შექმნილია ამ პრობლემის გადასაჭრელად. „ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკა, როგორიცაა LN ნოუდების რაოდენობა, არხების რაოდენობა და BTC მათში, ექსპონენციალურად იზრდება. თუ ასე გაგრძელდა მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შესაძლებელია, რომ Bitcoin-ის ქსელმა დაამუშავოს უფრო მეტი ტრანზაქცია, ვიდრე ზოგიერთი სხვა ფინანსური სისტემა ამუშავებს“, - აღნიშნავს Blockdata. შეგახსენებთ, Blockstream-ისებ სტრატეგიის დირექტორმა სამსონ მოუმ დაადგინა LN-ის თეორიული სიჩქარე - 40 მილიონი TPS, რაც ნიშნავს 57.6 მილიარდ ტრანზაქციას დღე-ღამეში. https://tinyurl.com/mtuuf7jc
  25. კომპანია NVIDIA-მ წარადგინა GauGAN 2, ნეიროქსელზე დაფუძნებული სერვისის განახლებული ვერსია, რომელიც ამჟამად უკვე ქმნის ფოტორეალისტურ სურათებს ტექსტური აღწერილობების საფუძველზე. დეველოპერებმა გამოიყენეს 10 მილიონზე მეტი სურათი ინსტრუმენტის "სწავლებისთვის". GauGAN-ის პირველი ვერსია გამოვიდა ჯერ კიდევ 2019 წელს, იმ დროს იგი გვევლინებოდა, როგორც ნეიროქსელის მქონე რედაქტორი, რომელიც არტის ფოტორეალისტურ გამოსახულებად კონვერტირების საშუალებას იძლეოდა (ტექსტური აღწერის გამოყენება იმ დროს შესაძლებელი არ იყო). სერვისის პროცესების მოდელირებისთვის NVIDIA-მ გრაფიკული რედაქტორის პირველი ვერსიის სერვისის პროცესებში „გაატარა“ მილიონზე მეტი სურათი Flickr-დან სხვადასხვა ობიექტების მაგალითებით. GauGAN 2-ის „სწავლება“ მიმდინარეობდა სუპერკომპიუტერ NVIDIA Selene-ის ბაზაზე. ნეიროქსელს ახლა ასევე შეუძლია ამოიცნოს სიტყვებს შორის ურთიერთკავშირი- ტექსტის აღწერილობიდან, დაფიქრდეს გამოსახულების სტილზე და შექმნას წინასწარი ჩანახატები. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/2p98kd8j ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსინჯოს GauGAN 2 NVIDIA-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან. ცოტა ადრე ვიდეო დაფების მწარმოებელმა გამოუშვა რედაქტორი Canvas, რომელიც დაფუძნებულია ნეიროქსელ GauGAN-ზე. https://tinyurl.com/yckpy5he
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.