-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Ford-მა დაიწყო ცალკე ელექტრო ძრავების გაყიდვა შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გადაკეთებისთვის. საუბარია სისტემაზე, რომელიც ელექტრომობილ Mustang Mach-E GT-შია გამოყენებული. ელექტროძრავ Eluminator e-crate-ის სიმძლავრეა 281 ცხენის ძალა, ფასი - 3900 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: Ford ეს ძრავი ჯერ მხოლოდ პირველია შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობისთვის განკუთვნილი ბლოკების სერიაში, რომლის გამოშვებასაც Ford აპირებს. მოგვიანებით ძრავს შეუერთდება აკუმულატორის სისტემები, ძრავის კონტროლერები და ბევრი სხვა კომპონენტი. Ford ამგვარად აპირებს გაამარტივოს ტრადიციული ავტომობილების გადაკეთება ავტომობილების დიდი რაოდენობით მფლობელისთვის. ამჟამად ასეთ ცვლილებებს ძირითადად ახორციელებენ მსხვილი კომპანიები ან ენთუზიასტები, რომლებიც შემთხვევით ადგილებში პოულობენ მანქანების გადაკეთებისთვის საჭირო ნაწილებს. ძრავის პრეზენტაციის ფარგლებში Ford-მა ააწყო 1978 წელს გამოშვებულ კლასიკურ პიკაპ F-100-ის ერთადერთი ეგზემპლარი. იგი აღჭურვილია ორი Eluminator e-crate ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 480 ცხენის ძალა. სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები შეესაბამება Mustang Mach-E GT-ს, თუმცა იგი წარმოდგენილია Ford-ის კლასიკური სატვირთოს სახით. ელექტრო F-100 მოდელის ინტერიერიც ნასესხებია Mustang Mach-E GT-სგან, საერთო მახასიათებლებს შორისაა 15-დუიმიანი ეკრანი სამართავ პანელზე. სამწუხაროდ, პიკაპი არ გამოვა სერიულ წარმოებაში. ეს არის იმ ფაქტის დემონსტრირება, თუ როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს თავიანთი საყვარელი, შიდაწვის ძრავის მქონე ავტომანქანის გადაკეთება Ford-ის მიერ შემოთავაზებული კომპონენტებით. https://tinyurl.com/3a67ac3h
-
კომპანია Microsoft-მა კონფერენცია Ignite 2021-ზე დააანონსა Mesh for Teams - სპეციალური სერვისი მეტასამყაროსთან ერთობლივი მუშაობისთვის. იგი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იკონტაქტონ საერთო ვირტუალურ სფეროში: შეხვედრებზე დასწრება მოხდება საერთო ვირტუალურ გარემოში, მომხმარებლებს შეეძლებათ იქ განათავსონ თავიანთი ავატარები, ფანჯრები ვიდეო ნაკადით ან სხვა ინფორმაცია. ახლო მომავალში Microsoft გეგმავს თამაშებისა და გასართობი აპლიკაციების გამოშვებას საკუთარი მეტასამყაროსთვის - ამის შესახებ განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა სატია ნადელამ Bloomberg TV-სთან ინტერვიუში. პროექტის ამოქმედების ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია, მაგრამ მეტასამყაროს კონცეფცია ნამდვილად დაინერგება Xbox-ში. მეტასამყარო - ეს არის ვირტუალური სივრცე, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ დაკავშირება, შესაძლებელია იქ გამოჩნდნენ ავატარების სახით და გააკეთონ თითქმის ყველაფერი, რაც რეალურ სამყაროშია შესაძლებელი. ეს არ არის მატრიცა, მაგრამ იდეა დამაინტრიგებელია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკუთარი მეტასამყაროს შექმნის შესახებ განაცხადა ყოფილმა Facebook-მა, რომელმაც 28 ოქტომბრის შემდეგ სახელი შეიცვალა და გახდა Meta. https://tinyurl.com/56ysae3n
-
თავდაპირველად ადამიანებს მხოლოდ ციფრული ფულით ვაჭრობა შეეძლოთ, მაგრამ დღესდღეობით ბევრი კომპანია იყენებს კრიპტოვალუტას, როგორც მათი პროდუქტის ან მომსახურების გადახდის საშუალებას. არსებობს უნიკალური ონლაინ პლატფორმებიც კი, რომლებიც მომხმარებლებს ამგვარი კომპანიების პოვნას უადვილებენ. ისინი წარადგენენ ისეთი კომპანიების ჩამონათვალს და მისამართებს, რომლებიც იღებენ Bitcoin-ით გადახდებს მთელ მსოფლიოში. დღეს ბევრი ადამიანი იყენებს Bitcoin-ს სხვადასხვა ნივთის, მათ შორის მანქანების, სახლებისა და სურსათის შესაძენად. მოდით, გადავხედოთ ძირითად ინდუსტრიებს, რომლებშიც ყველაზე აქტიურად გამოიყენება პირველი კრიპტოვალუტა. საბანკო საქმე ფიატური ვალუტებისგან განსხვავებით Bitcoin - ეს არის დეცენტრალიზებული ციფრული ფული, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ მარეგულირებელს ან ხელისუფლებას. ზოგიერთი ბანკი სკეპტიკურად უყურებს Bitcoin-ის ინტეგრაციას სამართლებრივი პრობლემების გამო, მაგრამ პერსპექტიულმა ინსტიტუტებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები პირველი კრიპტოვალუტის საკუთარ სისტემებში ინტეგრაციისკენ. მაგალითად, USAA იყო ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელმაც მოახდინა Bitcoin-თან ინტეგრაცია და თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. Simple - კიდევ ერთი ამერიკული ბანკია, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს და ურთიერთობს სხვადასხვა კრიპტო ბირჟასთან, რათა თავის მომხმარებლებს საშუალება მისცეს იყიდონ და გაყიდონ ვირტუალური ვალუტა. დეპოზიტები დაზღვეულია FDIC-ის მიერ, რაც ინვესტორებს უფრო მეტ უსაფრთხოებას ანიჭებს მათი აქტივებისთვის. ტურიზმი და მოგზაურობა ადამიანები მუდმივად ეძებენ უნიკალური მოგზაურობის გამოცდილებას და სტუმრობენ ეგზოტიკურ ადგილებს, სადაც ბანკომატებსა და ბანკებთან წვდომა რთულია. გარდა ამისა, მსოფლიოში დაახლოებით 1.7 მილიარდ ადამიანს არ აქვს საბანკო ანგარიში. თუმცა, მობილური ტელეფონების გამოყენების მასშტაბი მთელ მსოფლიოში იზრდება. აქედან გამომდინარე, კრიპტოვალუტით გადახდები საუკეთესო გამოსავალი იქნება ასეთი პრობლემების შემთხვევაში. ბევრი ტუროპერატორი, ასევე ავიაკომპანიები, რესტორნები და სასტუმროები ამჟამად იღებენ კრიპტოვალუტებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ დაჯავშნონ ფრენები, საცხოვრებელი და გადაიხადონ კვება Bitcoin-ით. არსებობს რამდენიმე საიმედო კრიპტო ბირჟა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან რამდენიმე წუთში. საცალო ვაჭრობის ბაზარი ონლაინ მოვაჭრეების რაოდენობა, რომლებიც იღებენ კრიპტოვალუტით გადახდებს, ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საცალო მოვაჭრეს ჯერ კიდევ აქვს ეჭვი გადახდის სისტემებში Bitcoin-ის ინტეგრირებასთან დაკავშირებით, მომავალი კრიპტოვალუტისაა. ბევრი წამყვანი საცალო ბრენდი, მათ შორის Walmart და HomeDepot საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გადაიხადონ სხვადასხვა პროდუქტის ფასი Bitcoin-ით. სამომავლოდ საცალო მაღაზიების უმეტესობა საკუთარ შენობაში Bitcoin-ბანკომატებსაც დააყენებს იმ მომხმარებლების მოხერხებულობის უზრუნველყოფისთვის, რომლებიც მზად არიან პროდუქტისა და სერვისის საფასური Bitcoin-ით გადაიხადონ. კვების ინდუსტრია კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ასევე სწრაფად იძენენ პოპულარობას კვების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში. ისინი ხელს უწყობენ გამჭვირვალობას მიწოდების ჯაჭვებსა და შეუფერხებელ გადახდებში. გარდა ამისა, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას შეუძლია საკვების მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი პროდუქტების შესახებ. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ინტეგრაცია საკვების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ფალსიფიკაცია. სისტემის გამჭვირვალობას შეუძლია წაახალისოს სექტორი საკვების წარმოების უფრო ეთიკური და პასუხისმგებლიანი პრაქტიკის მიღებით. გამყიდველებს ასევე შეუძლიათ ტექნოლოგია გამოიყენონ უხარისხო პროდუქტების იდენტიფიცირებისა და თაროებიდან ამოღებისთვის. ბლოკჩეინი ასევე უზრუნველყოფს პროდუქტის პრაქტიკულად მყისიერ შემოწმებას მიწოდების მთლიან ჯაჭვში. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია კვების მრეწველობის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ მომხმარებელთა ნდობა, რადგან ის გამჭვირვალეა. ეს მწარმოებლებს საშუალებას მისცემს უზრუნველყონ პროდუქტის საიმედო მარკირება, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის საჭირო სტანდარტებს. წამყვან საკვებ ბრენდებს, როგორიცაა Nestle და Walmart, უკვე აქვთ ინტეგრირებული ბლოკჩეინი და საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს შეიძინონ პროდუქტები Bitcoin-ით. Bitcoin-სა და ბლოკჩეინს იყენებს ბევრი სხვა ინდუსტრია, მაგალითად, უძრავი ქონების სფერო, ჯანდაცვა, აზარტული თამაშები და რეკლამა. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ კრიპტო-მეგობრული კომპანიების და სერვისების რაოდენობა სტაბილურად გაიზრდება მომდევნო წლებში. ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ Bitcoin-ს, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამრიგად, ეჭვგარეშეა, რომ კრიპტოვალუტები ვითარდება და თანდათან ცვლის სხვადასხვა ბიზნეს პროცესს. https://tinyurl.com/cck9xkey
-
აშშ-ში Huawei-ს და ZTE-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის დემონტაჟს უახლოეს თვეებში დაიწყებენ. გასულ პარასკევს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) ოფიციალურად წამოიწყო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოცხადებული ორი ჩინური კომპანიის აღჭურვილობის ჩანაცვლების ხარჯების აღდგენის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შეეძლებათ მიმართონ სუბსიდირებას Huawei-სა და ZTE-ის მოწყობილობების ქსელიდან ამოღების მიზნით. როგორც კი სატელეკომუნიკაციო კომპანიები მიიღებენ თანხებს ხარჯების ასანაზღაურებლად, მათ დაახლოებით ერთი წელი ექნებათ აღჭურვილობის მოხმარებიდან ამოღებისთვის. პროგრამას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს. პირველი - სუბსიდიით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთაც 10 მილიონზე ნაკლები მომხმარებელი ჰყავთ. მეორე - თანხები გამოიყოფა მხოლოდ იმ აღჭურვილობის დემონტაჟისთვის, რომლებიც Huawei-სა და ZTE-ს მიერ წარმოებულია არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა. ზოგიერთი ოპერატორი უკვე გამოთქვამს შიშს, რომ შესაძლოა ვერ შეძლონ დემონტაჟის დასრულება, ახალი აღჭურვილობის მოძიება და დაყენება მითითებულ ვადებში. ალაბამაში მოქმედი კომპანია Pine Belt Communications Inc.-ის პრეზიდენტ John Nettles-ის თქმით სიტუაციას ართულებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიები კანონის მიხედვით აგრეთვე ვალდებულნი არიან მოახდინონ Huawei-სა და ZTE-ს აღჭურვილობის უტილიზაცია, ანუ მოიძიონ კონტრაქტორები სამრეწველო გამანადგურებლებით. Nettles-მა აღნიშნა, რომ Huawei-სა და ZTE-ს მოწყობილობებს გადასამუშავებლად მანამდე ვერ გაუშვებენ, სანამ ოპერატორები არ მიიღებენ ახალ, დამონტაჟებისთვის მზა აღჭურვილობებს ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Ericsson ან Nokia. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისი შეფერხდება - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი. https://tinyurl.com/pf9dr3hz
-
კომპანია Samsung-მა სერიოზული ფსონი დადო დრეკადი დისპლეების მქონე სმარტფონებზე და ყველანაირი მეთოდით ცდილობს ახალი ფორმ-ფაქტორი მეინსტრიმად აქციოს. ამჟამად კომპანია ყიდის ორ მოდელს, ესენია შედარებით მოზრდილი Galaxy Z Fold 3 და დასაკეცი Galaxy Z Flip 3. მეორე მათგანის რეკლამირებისთვის ამჟამად უჩვეულო აქცია მიმდინარეობს. drdenim.com.au Samsung Galaxy Z Flip 3 დაკეცილ მდგომარეობაში საკმაოდ მარტივად თავსდება ჯინსის ჯიბეში - დიდი ზომის მოდელების ტარება არც ისე კომფორტულია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ნარჩუნდება დისპლეების ზომაში მატების ტენდენცია. Galaxy Z Flip სერიის პოპულარიზაციისთვის კომპანია Samsung-მა ძალისხმევა გააერთიანა ჯინსების ავსტრალიურ მწარმოებელ Dr. Denim-თან - დაიწყო შეზღუდულ სერია Z Flip Pocket Denim-ის გაყიდვა, დაგეგმილია მხოლოდ 450 წყვილის რეალიზება. ტანსაცმლის ფასია 1499 $, და მთავარი - ჯინსებთან ერთად კომპლექტში შედის სმარტფონი Galaxy Z Flip 3. ჯინსს წინა ჯიბეებზე დიდი Z აქვს დაკერებული. წინ არის გამოყოფილი ჯიბე მუხლს ოდნავ ზემოთ, რომელიც იდეალურია დასაკეცი Samsung სმარტფონის განთავსებისთვის. მოდელი, რომელიც შეიქმნა Samsung-ისა და Dr. Denim-ის მიერ, გამოდის მამაკაცებისა და ქალებისთვის განკუთვნილ ვარიანტებად და ხელმისაწვდომია ავსტრალიური მწარმოებლის ვებ-გვერდზე. https://tinyurl.com/4ycppryy
-
Bitcoin-ში ჩადებული მათემატიკა და ლოგიკა არ იძლევა პირველი კრიპტოვალუტის კოპირების ან გაყალბების შესაძლებლობას, ამიტომ იგი აღემატება აშშ დოლარს. ამის შესახებ Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ უოზნიაკმა Yahoo Finance-თან ინტერვიუში განაცხადა. „შეხედეთ აშშ დოლარს, ხელოსუფლებას შეუძლია ახალი ბანკნოტების შექმნა და სესხის აღება, თითქოს ეს არასოდეს გამოსწორდება. Bitcoin არის მათემატიკა, მათემატიკური სიწმინდე. სხვა Bitcoin ვერასოდეს შეიქმნება, ”- თქვა მან. უოზნიაკმა აშშ-ის მონეტარული სისტემა პირველი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინს შეადარა. მან ფიატს "ხელოვნური" უწოდა და აღნიშნა, რომ ტკბება Bitcoin-ში ჩადებული "მეცნიერებით, მათემატიკით, ლოგიკით და კომპიუტერული კოდით". Apple-ის თანადამფუძნებელმა ასევე აღნიშნა ციფრული ოქროს დეცენტრალიზებული ბუნება, რაც მას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროგნოზირებადობის დონე, რომლის მიღწევაც რთულია აშშ დოლარით. მისი აზრით, მარეგულირებლებს შეუძლიათ თავიანთი ახირებით შექმნან ახალი ქაღალდის კუპიურები და ამიტომ ძნელია ინფლაციის პროგნოზირება. „ჩვენ არც კი ვიცით ვინ შექმნა Bitcoin. მის ქსელს არცერთი კომპანია არ მართავს, ის უბრალოდ მათემატიკურად სუფთაა და მე ყოველთვის მჯერა, რომ ბუნება ადამიანზე მაღლა დგას“, - აღნიშნა მან. Apple-ის თანადამფუძნებელი Bitcoin-ს მათემატიკურ სასწაულად მიიჩნევს. ამავდროულად, მან ზოგიერთი კრიპტოვალუტის მიერ შემოთავაზებულ ანონიმურ შესაძლებლობებს არასაჭირო უწოდა. მისი თქმით, კერძო გადახდების საჭიროებას ვერ ხედავს. https://tinyurl.com/dd8xwydk
-
ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა ახალი მონიტორი, რომელიც განკუთვნილია დესკტოპ გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. პანელის დასახელებაა XMMNT245HF2. ფოტოების წყარო: Xiaomi მოწყობილობის ზომაა 24.5 დუიმი დიაგონალზე, გაფართოება - 1920 × 1080 პიქსელი. სიკაშკაშე აღწევს 400 ნიტს, კონტრასტულობა - 1000:1-ს. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად შეადგენს 178 გრადუსს. მონიტორის კადრის განახლების სიხშირეა 240 ჰერცი. რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა, რომელიც ამაღლებს გეიმინგ-პროცესის დინამიურობის დონეს კადრის გაყოფის ეფექტის აღმოფხვრის ხარჯზე. მხარდაჭერილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ფერის გადმოცემის სიზუსტე შეადგენს ΔE<1-ს. რეალიზებულია ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობის შემცირების ტექნოლოგია TÜV Rheinland სერტიფიკაციით. მონიტორზე ხელმისაწვდომია ინტერფეისები DP 1.2 და HDMI 2.1, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისთვის. წვრილი გვერდითი ჩარჩოების წყალობით შესაძლებელია პანელის გამოყენება მრავალმონიტორიან კონფიგურაციაში. შესაძლებელია მონიტორის კედელზე დამონტაჟება. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 250 აშშ დოლარად. https://tinyurl.com/c88v3fkh
-
მიმდინარე კვირაში Tesla-მ ნიდერლანდებში აამოქმედა საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში საკუთარი Supercharger დამტენი სადგურების ქსელის გამოყენების უფლება მისცა სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ელექტრომობილებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მანქანათმშენებელი კომპანია თავისი დამტენი სადგურებისკენ გზას უხსნის სხვა კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს. Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი წლების განმავლობაში საუბრობდა სხვა მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის Supercharger სადგურების ფართო ქსელის გახსნაზე და მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო ძირითადი დეტალების გამოვლენა, თუ როგორ იმუშავებს ეს იდეა. კომპანია უკვე მზად არის პროექტი რეალობად აქციოს. პირველ ეტაპზე ნიდერლანდებში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ათი Supercharger სადგური გარე მწარმოებლების ელექტრომობილებისთვის. მათმა მფლობელებმა უნდა ჩამოტვირთონ სმარტფონებისთვის განკუთვნილი, Tesla-ს აპლიკაციის უახლესი ვერსია, რათა თავიანთი ტრანსპორტის Supercharger-ით დამუხტვაზე წვდომა მიიღონ. აპლიკაციის გაშვების შემდეგ მომხმარებლები დაინახავენ პუნქტს „დამუხტე შენი არა-Tesla პროდუქტი“, რომელიც მას საშუალებას მისცემს იპოვოს პროგრამაში მონაწილე უახლოესი დამტენი სადგური. პროექტის საწყის წერტილად ნიდერლანდების არჩევა გასაკვირი არ არის. მასკმა ადრე განაცხადა, რომ ექსპერიმენტი, დიდი ალბათობით, ევროპაში დაიწყებოდა, სადაც დამტენი სადენების კონექტორები სტანდარტიზებულია. ნიდერლანდებს მალე მიჰყვება ევროპის სხვა ქვეყნები, სანამ Tesla აშშ-ში დაუშვებს გარე მწარმოებლების მიერ Supercharger-ზე წვდომას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში Tesla იყენებს სპეციალიზებულ კონექტორს ელექტრომობილების დასამუხტად, ამიტომ სხვა მარკის ელექტრომობილების მფლობელებს გადამყვანში თანხის გადახდა მოუწევთ. https://tinyurl.com/w32p3z2c
-
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კრიპტოვალუტების სფეროში აღსრულების ეროვნული ჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ფედერალური ხელისუფლების ვებ-გვერდზე განცხადების თანახმად ახალი თანამშრომელი უხელმძღვანელებს „გამოცდილ პროკურორთა ჯგუფს, რომლებიც იძიებენ და აწარმოებენ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ საქმეებს“. ხელფასი იქნება 144128-დან 172500 აშშ დოლარამდე წელიწადში, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. „დირექტორი ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული დანაშაულების ძიების მხარდაჭერაზე და უხელმძღვანელებს დეპარტამენტის ძალისხმევას - შეამციროს ციფრული აქტივების კრიმინალური იარაღის სახით გამოყენების მცდელობები“, - ნათქვამია აღწერილობაში. საქმიანობა გულისხმობს კავშირს აშშ-ის პროკურატურასთან, საგამოძიებო, ფედერალურ და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, ასევე FinCEN-თან, SEC-სა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ოქტომბრის დასაწყისში გენერალური პროკურორის მოადგილე ლიზა მონაკომ გამოაცხადა ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც გააძლიერებს სტრუქტურის უნარს - ებრძოლოს ისეთ ფინანსურ ბაზრებს, რომლებიც კიბერკრიმინალებს „აყვავების“ საშუალებას აძლევს. სექტემბერში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებდა რიგ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჰაკერების მისამართით ბრძოლას, რომლებიც დგანან გამოსასყიდის გამომძალველი პროგრამების უკან. მანამდე აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობასთან ურთიერთობის კომიტეტის წევრმა მეგი ჰასანმა წერილით მიმართა მთელ რიგ ინსტიტუტებს, რომელშიც შეშფოთება გამოხატა გამომძალველი პროგრამების მიერ გამოსასყიდის სახით კრიპტოვალუტების გამოყენების შესახებ. FinCEN-მა ისაუბრა 2021 წელს გამოსასყიდი პროგრამების აქტივობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობის ზრდის შესახებ - პირველ ექვს თვეში მათმა რიცხვმა 635-ს მიაღწია. https://tinyurl.com/brwksydc
-
წინა თაობის Macbook Pro მოითხოვდა უზარმაზარ ძალისხმევას ისეთი მარტივი ოპერაციისთვის, როგორიცაა ბატარეის გამოცვლა. როგორც iFixit ხუმრობით ამბობს, ბოლო თაობის MacBook Pro-ში ბატარეის გამოცვლა მოითხოვს „უსასრულო მოთმინებას, იზოპროპილის სპირტის ბოთლს და, სურვილისამებრ, ალკოჰოლის ბოთლს პირადი გამოყენებისთვის“. 2019 წლის MacBook-ების მფლობელებისთვის სპეციალურად ბატარეის შეცვლის სახელმძღვანელოც კი გამოუშვეს, რომელიც 82 ეტაპს მოიცავს. 2021 წლის Macbook Pro-ს დაშლის დროს iFixit-ის წარმომადგენელი სემ გოლდჰარტი ელოდა კვლავ მსგავსი რამის ნახვას, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. როგორც ჩანს, Apple-ის ინჟინრებმა გამოიტანეს დასკვნები და „გამოასწორეს შეცდომები“ ახალი Macbook Pro-ს შემუშავებისას. ამჯერად ძირითადი ელემენტების ამოღება შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად, სპეციალური "ჩანართების" დაჭერით (იხილეთ სურათი ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ბატარეის შეცვლა მაინც მოითხოვს ტრეკპადის ამოღებას, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. iFixit-მა აგრეთვე შეძლო დაედასტურებინა, რომ ახალი Macbook შესანიშნავად მუშაობს არაორიგინალური ბატარეით დამოუკიდებლად შეცვლის შემდეგ. გარდა ამისა, ლეპტოპის პორტების უმეტესობა დისკის წამკითხველისა და HDMI კონექტორის გარდა ცალკეულ მოდულს წარმოადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა შესაძლებელია შედარებით მარტივად და იაფად. https://tinyurl.com/9hum7s9z
-
პროგრამირების მხრივ კვანტურ კომპიუტერებში ჯერ კიდევ არ არის საქმე კარგად, თუმცა ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიმულაცია შესაძლებელია საკმაოდ მსხვილმასშტაბიან კვლევებში. Toyota-მ გადაწყვიტა ისარგებლოს კვანტური სისტემების ამ ფუნქციით, რათა იპოვოს ყველაზე ეფექტური მასალები ბატარეებისთვის. კომპანიამ მუშაობისთვის ადგილობრივი სტარტაპი მოიზიდა. ფოტოს წყარო: IBM მიმდინარე წლის ზაფხულში ტოკიოში კომპანია IBM-მა ტოკიოს უნივერსიტეტსა და მთელ რიგ იაპონურ სამეცნიერო ორგანიზაციებთან ერთად აამოქმედა საკუთარი 27-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი Q System One სუპერგამტარი კუბიტებით. ამრიგად, იაპონურმა კომპანიებმა, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლეს რეალურ კვანტურ კომპიუტერთან პრაქტიკაში მუშაობა. IBM-ისთვის აუცილებელია ამ სისტემების პრაქტიკული გამოყენება. ამიტომ კომპანიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო შესყიდვისთვის. ბატარეებისთვის საჭირო ახალი მასალების მოძიებაში კომპანია Toyota-ს დაეხმარება სტარტაპი QunaSys. ცნობილია, რომ მას გამოცდილება აქვს კვანტურ გამოთვლებში, ფართო სპექტრის მასალების თვისებების განსაზღვრის მიზნით მოდელირების განხორციელებაში. კვლევებში გამოიყენება სიმჭიდროვის ფუნქციონალის თეორიის ელემენტები, სადაც მყარი სხეული განიხილება, როგორც სისტემა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ერთნაირი ურთიერთმოქმედი ელექტრონებისგან. ფაქტობრივად ეს არის ელექტრონული სიმკვრივის განსაზღვრება, აღწერილი შროდინგერის კვანტური განტოლებით. დღევანდელ კვანტურ კომპიუტერებზე ასეთი რამ კარგად არის სიმულირებული. ჩვეულებრივ სუპერკომპიუტერებს მსგავსი სიმულაციისთვის თვეები სჭირდება, კვანტური სისტემა კი მაღალი სიზუსტით გამოთვლებს ბევრად სწრაფად ახორციელებს. მთელ მსოფლიოს სჭირდება სრულყოფილი ბატარეები და მათ რაც მალე შექმნიან, ყველასთვის უკეთესი იქნება. https://tinyurl.com/2unccud8
-
საგადახდო გიგანტი Mastercard უახლოეს დროში დააანონსებს საკუთარ ქსელში კრიპტოვალუტების მხარდაჭერას - აცხადებს CNBC. ბანკები და მერჩანტები შეძლებენ თავიანთ პროდუქტებში კრიპტოვალუტების ინტეგრირებას. საუბარია Bitcoin-საფულეებზე, საკრედიტო და სადებეტო ბარათებზე კრიპტოვალუტების დარიცხვისთვის, აგრეთვე ლოიალობის პროგრამებზე, რომელთა ქულები შესაძლოა ციფრულ აქტივებში დაკონვერტირდეს. Mastercard-ის ციფრული პარტნიორობის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა შერი ჰეიმონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა ბანკებს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიონ კრიპტო ბირჟებს. საგადახდო ქსელის პარტნიორი გახდება პლატფორმა Bakkt. იგი შუამავალი იქნება კრიპტოვალუტების გაყიდვასა და შენახვაში. Bakkt-ის გენერალურ დირექტორ გევინ მაიკლის თქმით კომპანიები შეძლებენ დამოუკიდებლად დააწესონ ტრადიციული ქულების Bitcoin-ში კონვერტირების კურსი და ამით მომხმარებლებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მისცენ. Bakkt-ის აქციებმა სავაჭრო სესია 234%-იანი ზრდით დახურეს. შეგახსენებთ, რომ მერჩანტებისთვის კრიპტოვალუტებში გადახდების მიღების შესაძლებლობის მინიჭების გეგმის შესახებ Mastercard-მა მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. მაისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საგადახდო ქსელის მომხმარებელთა 40% გეგმავს კრიპტოვალუტების გამოყენებას. სექტემბრის დასაწყისში Mastercard-მა განაცხადა, რომ შეიძინა ანალიტიკური კომპანია CipherTrace, რომელიც სპეციალიზებულია ცხრაასზე მეტი კრიპტოვალუტის ბლოკჩეინზე საეჭვო აქტივობების გამოკვლევაში. https://tinyurl.com/y5ehbr3t
-
Apple კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოში სმარტფონების წარმოების სიდიდით მეორე კომპანია. IDC-ის ცნობებით, კუპერტინოში დაფუძნებულმა კომპანიამ მესამე კვარტალში 50.4 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ეს 6.1 მილიონით მეტია Xiaomi-ს მიერ რეალიზებული სმარტფონების რიცხვზე, რომელიც ამ დრომდე მეორე ადგილს იკავებდა. პირველ ადგილზე კვლავ Samsung-ია, რომელმაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Apple-ზე 18.6 მილიონით მეტი სმარტფონი აწარმოა. phonearena.com უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ iPhone-ის მიწოდება წლიური გამოთვლით 20.8%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით Apple ხდება სმარტფონების ყველაზე სწრაფადმზარდი მწარმოებელი ლიდერების ხუთეულში. მაგალითისთვის, წლიური გამოთვლებით Samsung-ის მიწოდების მასშტაბი 14.2%-ით შემცირდა, Xiaomi-სა - 4.6%-ით. Samsung-ისა და Xiaomi-ს პოზიციების კარგვა ნახევრადგამტარი პროდუქციის გლობალური დეფიციტით აიხსნება, რომელიც წარმოების ყველა სეგმენტს შეეხო. მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვის მოცულობა 6.7%-ით შემცირდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით. phonearena.com თუმცა კრიზისი Apple-საც შეეხო. ამ დროისთვის iPhone 13-ს მიწოდების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელი, რომელიც ახლა შეუკვეთავს მოწყობილობას, მიიღებს მას მხოლოდ ნოემბრის ბოლოს, ან სულაც დეკემბერში. ეს ანელებს iPhone-ის გაყიდვებს და ხელს უშლის Apple-ს გაუსწრო Samsung-ს, როგორც სმარტფონების ნომერ პირველ მწარმოებელს. თუმცა, სცენარის ამგვარად განვითარება შესაძლებელია, თუ Apple მომავალ წელს უზრუნველყოფს ჩიპების დიდ მარაგს. საწარმოო ექსპერტების პროგნოზით ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტი შეიძლება გაგრძელდეს მომავალი წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სმარტფონების ბაზარზე ცხელი ბრძოლა მიმდინარეობს Vivo-სა და Oppo-ს შორის. ორივე ჩინურმა კომპანიამ მესამე კვარტალში დაახლოებით 33.3 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ერთმანეთში იყოფენ მეოთხე ადგილს. Vivo-მ დააფიქსირა 5.8%-იანი ზრდა, ხოლო Oppo-ს მიწოდება 8.6%-ით გაიზარდა წელიწადში. 2021 წელს მიწოდებული სმარტფონების საერთო რაოდენობა ამჟამად 331.2 მილიონია. https://tinyurl.com/4t75548t
-
კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე Intel-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას შეახსენეს, რომ Arc Alchemist სერიის დისკრეტული გრაფიკული პროცესორები მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პირველად დესკტოპ ვერსიების დებიუტი შედგება თუ არა. პოპულარულმა YouTube-არხმა გამოაქვეყნა ამ სერიის უფროსი ვიდეო დაფის პირველი ფოტო, რომელშიც GDDR6 ტიპის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება იქნება წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead Intel-ის მიერ დამზადებული ვიდეო დაფის ნიმუშის არსებობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იგი უცვლელი სახით გამოვა საცალო ბაზარზე. პირველ რიგში, ეს გახლავთ ეტალონური ვერსია, Intel-ის პარტნიორებმა კი შესაძლოა საკუთარი დიზაინის მოდელები შეიმუშავონ. მეორე - ეს არის ჯერ მხოლოდ ინჟინრული ნიმუში და სერიული წარმოების დაწყების მომენტში შესაძლოა გადაკეთდეს. ყოველ შემთხვევაში, ორიგინალური დიზაინისგან იგი განსხვავდება გაგრილების სისტემის ვერცხლისფერი გარსაცმით - პირველ ვერსიაში ის შავი იყო. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead ამ ვიდეო დაფას ექნება არა მხოლოდ 512 შემსრულებელი ბლოკი, ასევე GDDR6 ტიპის 16 გბ მეხსიერება და TDP-ის დონე - არაუმეტეს 225 ვატი. ფოტოზე კარგად ჩანს კვების დამატებითი კონექტორების კონფიგურაცია: რვაპინიან კონექტორთან ერთად წარმოდგენილია ექვსპინიანიც. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ვიდეო დაფის კვების ქვესისტემა ადაპტირებული PCI Express 5.0 სტანდარტთან. ASUS-ისგან ცნობილია, რომ ახალი თაობის ფლაგმანურ ვიდეო დაფებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი ტიპის 12-პინიანი კონექტორი, რომლის წყალობით შესაძლებელი იქნება 600 ვატამდე ელექტროენერგიის გადაცემა ერთადერთი სადენით. მოკლედ, ახალ სტანდარტებზე წინა გადასვლების შემთხვევის მსგავსად დაკავშირების ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ადაპტერებით. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ვიდეო დაფის რადიატორი და ქულერები სცილდება PCB-ს ფარგლებს ისევე, როგორც მსგავსი სტრუქტურის ბევრი გრაფიკული ამაჩქარებლის შემთხვევაში. პარალელურად არხი Moore’s Law Is Dead წარმოგვიდგენს Arc Alchemist სერიის ყველაზე ხელმისაწვდომი, 128 ბლოკის მქონე ვიდეო დაფის რენდერს - მას ერთადერთი ქულერი და კომპაქტური გაბარიტები აქვს. სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ რეალური ნიმუშის ფოტო, არამედ თვითმხილველების აღწერის მიხედვით შექმნილი ესკიზია. ფოტოს წყარო: Moore's Law Is Dead უმცროსი ვიდეო დაფის TDP-ის დონე, წინასწარი შეფასებით, არ აღემატება 75 ვატს, ხოლო GDDR6 მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ით შემოიფარგლება. არაოფიციალური მონაცემებით Arc Alchemist სერიის დესკტოპ სეგმენტის დისკრეტული წარმომადგენლები გამოჩნდება მხოლოდ მომავალი წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალში კი დიდი ალბათობით მობილური ვერსიების დებიუტი შედგება. https://tinyurl.com/tbayh23w
-
საკუთარი მეტასამყაროს შექმნის მიზნით ფართომასშტაბიანი რებრენდინგისა და კომპანიის რეორიენტაციის შესახებ Facebook-ის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე GameFi-სა და ვირტუალური სამყაროს პროექტების ტოკენების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კაპიტაზაციით ორი უდიდესი მეტასამყაროს ტოკენის - Decentraland-ისა (MANA) და The Sandbox-ის (SAND) ფასები დღის განმავლობაში 45.8% და 28.6%-ით გაიზარდა, შესაბამისად. წყარო: CoinGecko. GameFi სფეროს უმსხვილესმა პროექტებმაც ასევე დააფიქსირა მაღალი ყოველდღიური მომგებიანობა. Axie Infinity (AXS) ტოკენის ფასი გაიზარდა 14.2%-ით, Enjin-ის (ENJ) - 15%-ით. წყარო: CoinGecko. Meta-ს (ყოფილი Facebook-ის) ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგის თქმით კორპორაცია 5 წლის განმავლობაში გარდაქმნის თავის ბიზნესს. მან ასევე განაცხადა, რომ მის მეტასამყაროზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ Meta-ს აპარატურის, არამედ მესამე მხარის მოწყობილობების მფლობელ მომხმარებლებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ვირტუალური სამყაროს სფეროდან GameFi ტოკენებისა და პროექტების ირგვლივ მღელვარება დაკავშირებული იყოს ამ სივრცეებს შორის „ხიდების“ გაჩენის იმედებთან. გარდა ამისა, Meta-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვიშალ შახმა განაცხადა, რომ მეტასამყარო მხარს დაუჭერს NFT-ს. ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ კორპორაცია დაინტერესებულია ციფრული აქტივების ინდუსტრიის განვითარებით. https://tinyurl.com/x6ppwj9r
-
ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი გვსმენია უპილოტო ავტომობილებისა და თვითმფრინავების შესახებ და ძალიან ცოტა რამ - თვითნავიგაციის მქონე წყლის ტრანსპორტზე. სიტუაციის გამოსასწორებლად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT CSAIL) მეცნიერები გაერთიანდნენ Senseable City Laboratory-ისა და Amsterdam Advanced Solutions Institute-ის (AMS Institute) მკვლევარებთან, რათა შეექმნათ სრულმასშტაბიანი ავტონომიური წყლის რობოტი-ტრანსპორტი. უპილოტო რობოტიზებული გემი Roboat III. წყარო: MIT CSAIL მიმდინარე კვირაში ამსტერდამის არხებში გაეშვა ნავების მთელი ფლოტი ფუტურისტული დასახელებით - Roboat. ნავები მგზავრებს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ წყლის სივრცეებზე კაპიტანის ჩართულობის გარეშე - ნათქვამია პრეს-რელიზში. წარმოგიდგენთ Roboat III-ს: თვითნავიგაციური გემი არხებისთვის Roboat - ეს არის ექვსწლიანი მუშაობის შედეგი, რომლის ფარგლებში MIT-მა გატესტა თვითმართვადი ნავების რამდენიმე მოდიფიკაცია - ბოლო ვერსიას ეწოდება Roboat III. ფინალურ ვარიანტ Roboat III-ს შეუძლია 5-მდე მგზავრის ან 1500 კგ ტვირთის გადატანა, რაც მას საქონლის მიწოდების ან ნარჩენების გატანის საშუალებას აძლევს. გემი მთლიანად ელექტროა, მუშაობს აკუმულატორის ენერგიაზე 10 საათის განმავლობაში და შესაძლებელია მისი დამუხტვა უსადენოდ. Roboat III გაშვებისთვის ემზადება. წყარო: MIT CSAIL როდესაც რობოტიზებული ნავი პორტს ან არხის ნაპირს მიუახლოვდება, იგი გადადის მიმაგრების რეჟიმში, რათა მარტივად მიუახლოვდეს დოკს. MIT CSAIL-ის გუნდი ამტკიცებს, რომ Roboat-ში გამოყენებული სენსორები და ტექნოლოგიები რობოტიზებულ ავტომობილებში გამოყენებულის მსგავსია. თვითმართვად ნავში LIDAR-სენსორებია გამოყენებული, აგრეთვე რამდენიმე კამერა, რომლებიც უზრუნველყოფს 360-გრადუსიან ხედვას და გაფრთხილებას გასცემს შეჯახების საფრთხის შემთხვევაში. Roboat დაპროექტებულია, როგორც სრულიად ავტონომიური გემი, თუმცა ხმელეთზე მყოფი ოპერატორი მართვის ცენტრიდან მას თვალყურს ადევნებს, რათა ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიაროს. „რადგან Roboat-ს შეუძლია მისიების შესრულება 24 საათის განმავლობაში უწყვეტად და ბორტზე კაპიტნის გარეშე, მას დიდი მნიშვნელობა გააჩნია ქალაქისთვის“, - განმარტა პროექტის წამყვანმა მეცნიერმა ფაბიო დუარტემ. "თუმცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, A დონის ავტონომიის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ოპერატორი ხმელეთზე მონიტორინგს გაუწევს Roboat-ს დისტანციურად მართვის ცენტრიდან. ერთ ოპერატორს შეეძლება გააკონტროლოს Roboat-ის დაახლოებით 50 ერთეული, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ მუშაობას." ვიდეო ნახეთ ბმულზე: https://tinyurl.com/vft4xmjt ამსტერდამი - იდეალური პოლიგონი ხელოვნური ინტელექტის მქონე გემების გამოცდისთვის Roboat-ში სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული დასაჯდომი ადგილებისთვის: ორი სკამი განლაგებულია ერთმანეთის პირისპირ, რადგანაც საჭირო არ არის ადგილი შტურვალის ან სალარო აპარატისთვის. როგორც ფოტო-ვიდეოებიდან ჩანს, Roboat-ისთვის ავტორებმა ფუტურისტული ნაცრისფერი შეფერილობა აირჩიეს. ინსტიტუტ AMS-ის ინოვაციების დირექტორ სტეფან ვან დიიკის განცხადებით, „ამსტერდამის ისტორიული ცენტრი მთელი მისი არხების ქსელით იდეალური ადგილია ისეთი თანამედროვე პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა მობილობა და ლოჯისტიკა“. https://tinyurl.com/vhbwfeca
-
Xiaomi-მ წარადგინა Redmi Note 11 სერიის სმარტფონები. სერიაში შევიდა სამი მოწყობილობა: Redmi Note 11, Note 11 Pro და Note 11 Pro+. ორ უფროს მოდელს აქვს თანამედროვე დიზაინი ბრტყელი კიდეებით ბოლო თაობის iPhone-ის მსგავსად. Note 11-ს მომრგვალებული კიდეები აქვს. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ ვერსიებს 6.67-დუიმიანი AMOLED-მატრიცები აქვთ Full HD+ გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. აპარატული პლატფორმის სახით ორივე მათგანში გამოყენებულია ჩიპსეტი MediaTek Dimensity 920, რომელიც მუშაობს 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 128 ან 256 გბ-ს მოდიფიკაციის მიხედვით. Redmi Note 11 Pro და Note 11 Pro+ სმარტფონების ძირითად კამერაში შედის 108+8+2-მეგაპიქსელიანი სენსორები, სელფი კამერის სახით გამოყენებულია 16-მეგაპიქსელიანი სენსორი. Note 11 Pro მოდელს აქვს 5160 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. უფროს მოდელში წარმოდგენილია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც 15 წუთში იმუხტება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის წყალობით. ეს გახლავთ მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება, აგრეთვე IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისა და მტვრისგან. ორივე სმარტფონს აქვს NFC მოდული და JBL-ის სტერეოდინამიკები. საბაზისო მოდელი Redmi Note 11 დამყარებულია ჩიპსეტ MediaTek Dimensity 810-ზე. ჩიპი მუშაობს 4, 6 ან 8 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ. ძირითადი კამერა 50-მეგაპიქსელიანია, აგრეთვე მოცემულია დამხმარე 8 და 2 მპ სენსორები. IPS-ეკრანი 6.6-დუიმიანია Full HD+ გაფართოებითა და კადრის განახლების 90-ჰერციანი სიხშირით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. Redmi Note 11 საბაზისო მოდელ Redmi Note 11-ის ფასი იქნება 187-დან 256 აშშ დოლარამდე ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობიდან გამომდინარე. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება ცისფერ, მწვანე და შავ ფერებში. Redmi Note 11 Pro მოდელი გამოვა მწვანე, შავ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი 250-დან 328 აშშ დოლარამდეა. Redmi Note 11 Pro+ ვერსიის ფასი შეადგენს 312-დან 359 აშშ დოლარს, ხელმისაწვდომი იქნება მისი მწვანე, შავი და იისფერი ვარიანტები. https://tinyurl.com/85errrzr
-
დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) თავმჯდომარე ელენ მაკუილიამსმა კონფერენცია Money 20/20-ზე განაცხადა, რომ ამერიკელი მარეგულირებლები ორიენტირებულნი არიან შექმნან „მკაფიო სახელმძღვანელო პირობები“, რომლებიც დაარეგულირებენ ბანკების ურთიერთქმედებას კრიპტოინდუსტრიასთან. მაკუილიამსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა უზრუნველყოს მკაფიო წესები, რომლებიც „ინოვაციებს განვითარების საშუალებას მისცემს რისკების შემცირების ფონზე“. ”თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ვრისკავთ ინოვაციების ჩახშობას და ამერიკისთვის ლიდერობის ჩამორთმევას იმ ტექნოლოგიების განვითარებაში, რომლებიც სამყაროს ცვლის”, - განაცხადა მან. FDIC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს მისი დეპარტამენტი, ფედერალური სარეზერვო სისტემა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ფულადი მიმოქცევის კონტროლის სამმართველო. „ორგანიზაციები კოორდინაციას უწევენ ქმედებებს იმის გადაწყვეტით, თუ როგორ და რა ვითარებაში შეუძლიათ ბანკებს მონაწილეობა მიიღონ კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობაში“. მისი თქმით, უახლოეს თვეებში მარეგულირებლები წარადგენენ შესაბამისი პროგრამების შესახებ განცხადებებს. სიტყვით გამოსვლისას მაკუილიამსმა აქცენტი გააკეთა Stablecoin-ებზე. მან გამოხატა რწმენა, რომ ეს სეგმენტი უნდა გახდეს „სამთავრობო ზედამხედველობის მიერ საგულდაგულოდ განხილული“ ობიექტი. კერძოდ, მარეგულირებლებმა თვალყური უნდა ადევნონ Stablecoin-ების საბაზისო აქტივებით უზრუნველყოფას, ემიტენტების ოპერაციულ მდგრადობასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. Reuters-თან გაკეთებულ კომენტარებში FDIC-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მარეგულირებლების მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში მოცემული იქნება წესები, რომლებიც მოახდენენ კრიპტოვალუტების შენახვის რეგლამენტირებას სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფისთვის, სესხებისთვის მისი გირაოს სახით გამოყენებისა და ტრადიციულ აქტივებთან ერთად ბალანსის დამატებისთვისაც კი. ადრე მაკუილიამსმა განაცხადა, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი საკრედიტო ორგანიზაცია მუშაობს ციფრულ აქტივებთან. ზოგიერთი ცნობით, FDIC იკვლევს დეპოზიტების პირდაპირი დაზღვევის საკითხს Stablecoin-ების ემიტენტ ბანკებში. https://tinyurl.com/22mmaw9b
-
როგორც ჩანს მოხდა ის, რისიც ბევრს ეშინოდა. გამომცემლობა The Next Platform-მა სანდო წყაროსგან მიიღო პირველი მტკიცებულება, რომ ჩინეთმა წარმატებით გადალახა ექსაფლოპსის ბარიერი. თანაც ეს მოხდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე: შექმნეს ორი დამოუკიდებელი სუპერკომპიუტერი საკუთარი წარმოების ჩიპებით, ხოლო TOP500-ზე შედეგები არ გამოაქვეყნეს. თუკი მორიგი მტკიცებულებები გამოჩნდება, რაც ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი, ეს იქნება აშშ-ის წაგების მანიშნებელი HPC-შეჯიბრში, რადგანაც ამერიკულ სისტემა Frontier-ის (რომელსაც მსოფლიოში პირველ ექსაფლოპს-სისტემად მოიზარებდნენ) ექსპლუატაციაში შესვლა მხოლოდ მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ მისი მაქსიმალური წარმადობა 1.5 Eflops იქნება, სტაბილური წარმადობა კი - 1.3 Eflops. ექსაფლოპს-სისტემის შექმნის გეგმის შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წელს განაცხადა. იმ დროს დაანონსდა ერთდროულად სამი პროექტი: თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტს (National University of Defense Technology, NUDT) უნდა განევითარებინა Sunway სისტემები, პარალელური გამოთვლითი ტექნიკის კვლევითი ცენტრი (National Research Center of Parallel Computer, NRCPC) პასუხისმგებელი იყო პლატფორმა Tianhe-ს შემუშავების დასრულებაზე, Sugon კი გეგმავდა Hygon პროცესორებისა (პირველი თაობის AMD EPYC ჩიპების კლონი) და საკუთარი წარმოების ამაჩქარებლების გამოყენებას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ზემოთხსენებული ორი სუპერკომპიუტერის ზუსტი კონფიგურაციები უცნობია, რადგან ამჯერად ჩინეთმა გადაწყვიტა მიღწეული შედეგებით არ ეამაყა. თუმცა გარკვეული ცნობები მაინც არსებობს: TaihuLight-ის მემკვიდრეს, კოდური დასახელების მქონე Oceanlite-ს, რომელიც ჩიპ Sunway-ს პირველ თაობაზეა (ShenWei) დამყარებული, აქვს მინიმუმ 42 მილიონი ბირთვი და მაქსიმალური წარმადობა - 1.3 Eflops HPL-ში. სტაბილური წარმადობა შეადგენს 1.05 Eflops-ს, FP16-გამოთვლებში კი - 4.4 Eflops-ს. ითვლება, რომ Oceanlite-ის ჩიპებს ShenWei 26010-თან შედარებით ორჯერ მეტი გამომთვლელი ბლოკი აქვთ ერთეულ ფართობზე და თავად ჩიპების რაოდენობაც ორჯერაა გაზრილი. ამასთან, სუპერკომპიუტერის ენერგომოხმარება 35 მეგავატს შეადგენს. პროტოტიპი Tianhe-3. ფოტო: Xinhua მეორე სისტემას, სახელწოდებით Tiahne-3, ასევე აქვს მაქსიმალური წარმადობა 1.3 Eflops, მაგრამ არ არსებობს მონაცემები ენერგიის მოხმარების შესახებ. მისი ჩიპების შესახებ კი გაცილებით მეტია ცნობილი - მათ შემუშავებაზე პასუხისმგებელია Phytium, რომლის ზრდას ერთ დროს ხელი შეუწყო ჩინური სუპერკომპიუტერებისთვის Intel Xeon-ის მიწოდების აკრძალვამ. კომპანიას გააჩნია საკუთარი 7-ნანომეტრიანი Arm პროცესორები (FeiTeng ) და Matrix სერიის ამაჩქარებლები (DSP). როგორც ჩანს, კომპანიამ მოასწრო ჩიპების საჭირო მოცულობის მიღება, სანამ TSMC შეწყვეტდა მათ მიწოდებას აშშ-ის ზეწოლის გამო. https://tinyurl.com/7y9v5474
-
- 1
-
-
კომპანია Sony-მ წარადგინა სმარტფონი Xperia Pro-I, რომელმაც მსოფლიოში პირველმა მიიღო კამერის ერთდუიმიანი სენსორი. Xperia Pro-I აგებულია Sony-ს 2021 წლის ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 III-ზე. თუმცა ძირითადი კამერა არ ჰგავს იმ ყველაფერს, რაც Sony-ს სმარტფონებში ოდესმე გამოუყენებია. Xperia Pro-I-ის კამერას საფუძვლად უდევს მასიური 1-დუიმიანი სენსორი Exmor RS გაფართოებით 20.1 მპ, რომელშიც თავის კლასში საუკეთესო კომპაქტური ავტონომიური კამერა RX100 VII-ა გამოყენებული. მას აქვს უზარმაზარი, 2.4 მიკრონის ზომის პიქსელები, რაც მეტი სინათლის დაჭერის შესაძლებლობას ანიჭებს. კამერას აგრეთვე შეუძლია გადაიღოს 12-ბიტიანი RAW ფაილები და 4K ვიდეო წამში 120 კადრი სიჩქარით. მის ავტოფოკუსს ობიექტების აღმოჩენის 315 წერტილი აქვს, რომლებიც ფარავენ კადრის 90 პროცენტს, რაც სუპერმკაფიო გამოსახულების ფორმირებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს გამოსახულების დამუშავებისთვის იმაზე მეტი სიმძლავრე ჭირდება, რისი უზრუნველყოფაც Snapdragon 888 ჩიპს შეუძლია. ამიტომ კომპანიამ გამოსახულების დამუშავებისთვის გამოიყენა ერთ-ერთი საკუთარი პროცესორი BIONZ X. შედეგად შესაძლებელია ფოტოს გადაღება სიჩქარით 20 კადრი წამში აქტივირებული ავტოფოკუსითა და ავტოექსპოზიციით. ამას გარდა, კამერას აქვს 24-მილიმეტრიანი ობიექტივი რეგულირებადი f/2.0 და f/4.0 დიაფრაგმით. სმარტფონის დანარჩენი კამერები წარმოდგენილია სუპერფართოკუთხიანი სენსორითა და ტელეობიექტივით. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით სხვა დანარჩენი დეტალები Xperia Pro-I-ში ისეთივეა, როგორც Xperia 1 III მოდელში. Sony Xperia Pro-1 არ იქნება იაფი - მისი ფასი 1800 აშშ დოლარია, თუმცა ხარისხიანი ფოტოების მოყვარულთათვის სმარტფონი შესანიშნავი არჩევანი იქნება. წინასწარი შეკვეთები მიმდინარე თვის ბოლოს იწყება, გაყიდვაში კი სმარტფონი დეკემბრის ბოლოს გამოვა. https://tinyurl.com/sec4k67b
-
მარკეტფლეის Binance NFT-მ განაცხადა გეიმინგ ტოკენების (Initial Game Offering, IGO) პირველადი შემოთავაზების დაწყება გეიმერებისთვის განკუთვნილი NFT-თამაშების პლატფორმის შექმნის ინიციატივის რეალიზაციის ფარგლებში. სიახლე ცნობილი გახდა პლატფორმის წარმომადგენლების განცხადების შედეგად. IGO დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ინვესტირება განახორციელონ გეიმინგ პროექტებში ადრეულ სტადიაზე. IGO-ს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება წამყვანი პროექტების NFT-კოლექციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Binance-ის მარკეტფლეისზე. მათ რიცხვში შევა სხვადასხვა გეიმინგ-საგანი, მათ შორის იარაღი, სკინები და ბევრი სხვა. IGO პირველ რიგში ახდენს DeRace-ის ორგანიზებას - ეს არის ცხენების ხტომის ვირტუალური სამყარო, რომლის მონაწილეებს შეუძლიათ მოაშენონ უნიკალური მახასიათებლების მქონე ცხენები, ჩაატარონ დოღი და მიიღონ ჯილდო. IGO-ს ფარგლებში პროექტი წარადგენს 10 ტიპის ტოკენს სხვადასხვა ცხენით. Binance-მა NFT-პლატფორმა ივნისში აამოქმედა. https://tinyurl.com/8rhy2
-
ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერები, რომლებიც გვაცნობებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ანონსის მოახლოებას. ლეპტოპს ექნება მაღალი ხარისხის დისპლეი წვრილი ჩარჩოთი. ფოტოების წყარო: Gizmochina მოწყობილობაში გამოყენებული იქნება 2.8K ფორმატის პანელი 2880 × 1800 პიქსელი გაფართოებით. დისპლეის ზომაა 14 დუიმი დიაგონალზე. მხარდაჭერილია ფერების 1.07 მილიარდი შეფერილობა. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 90 ჰერცს, მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/მ2-ს. ეკრანი ქარხნულად კალიბრირებული იქნება Delta E<2 მაჩვენებლით, რაც უზრუნველყოფს ყველა ფერის მაქსიმალურ ბუნებრივობას. მხარდაჭერილია აგრეთვე DisplayHDR True Black 500 სერტიფიკაცია. პორტატული კომპიუტერის კორპუსი დამზადებულია ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობით და ნახშირბადის ბოჭკოს ელემენტებით. ამ დროისთვის ჯერჯერობით დაანონსებულია მხოლოდ ერთი ფერის, ვერცხლისფერი მოდელის გამოსვლა. აღჭურვილობაში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos ოთხი დინამიკით. ეკრანის ჩარჩოს ზედა ნაწილში განთავსებულია ვებ-კამერა. ოფციის სახით მომხმარებლებს შესთავაზებენ სენსორული მართვის ეკრანის დაყენების შესაძლებლობას. კლავიატურას არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა მხარეს. ხელმისაწვდომია დიდი ზომის თაჩპედი. პორტატულ კომპიუტერ Lenovo Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ოფიციალური პრეზენტაცია 2 ნოემბერს შედგება. https://tinyurl.com/28b5xhjx
-
Tesla-ს აქციების ფასმა მატება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ავტომობილების გაქირავების სერვისის კომპანია Hertz-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ეს კომპანია გეგმავს Tesla-ს 100 ათასი ელექტრომობილის შეძენას აშშ-ისა და ევროპის ტერიტორიაზე გაქირავების მიზნით. სავაჭრო შეთანხმება დასრულდა Tesla-ს აქციების ღირებულების 12.7%-იანი ზრით, შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ აშშ დოლარს. ვერც ერთმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ამ დრომდე მსგავსი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო. ფოტოს წყარო: Reuters რეალურად, მსოფლიოში არც ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც კაპიტალიზაციის მსგავს მაჩვენებელს ფლობს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Apple, Amazon, Microsoft, Facebook და Alphabet (Google). ფაქტობრივად, აქციების მიმდინარე კურსით Tesla ხდება რიგით მეხუთე ამერიკული საჯარო კომპანია კაპიტალიზაციის სიდიდით და უსწრებს Facebook-ს. Hertz-თან გარიგების შემდეგ წარმოქმნილმა საფონდო ბაზრის რეაქციამ თავად ილონ მასკიც გააკვირვა, რადგან მან აღნიშნა, რომ Tesla-სთვის ამჟამად პრობლემას წარმოადგენს არა მოთხოვნის, არამედ საწარმოო სიმძლავრის ნაკლებობა. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით ამჟამად Tesla-მობილებზე მოთხოვნა 10%-ით აღემატება მიწოდებას. სტატიის წერის მომენტში Tesla-ს აქციის ფასი იყო 1024 აშშ დოლარი, თუმცა Wedbush-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ფასი შესაძლოა 1500 აშშ დოლარამდე გაიზარდოს. როგორც ჩანს, ინვესტორები გაამხნევა იმ ფაქტმა, რომ ავტომანქანების გაქირავების დიდმა ქსელმა რეალური ნაბიჯი გადადგა მათი შემდგომი პოპულარიზაციისთვის. 100 ათასი Tesla-მობილის შეძენის შემდეგ Hertz-ის მანქანების 20%-ზე მეტი აშშ-სა და ევროპაში ელექტრომობილები იქნება. ასევე ცნობილი გახდა, რომ Tesla Model 3 სექტემბრის ბოლოს გახდა ყველაზე პოპულარული ახალი მანქანა ევროპაში ყველა ტიპის ელექტრომობილს შორის. ინვესტორები არ შეუშინებია ამერიკულ სააგენტო NHTSA-ს პრეტენზიებს Tesla-ს ავტოპილოტირების პროგრამის ბეტა-ვერსიის აშშ-ის საჯარო გზებზე გამოყენების შესახებ, არც ახლახან წარმოდგენილი FSD Beta 10.3 განახლების ხარვეზებს, რომლებიც ოპერატიულად გამოსწორდა. https://tinyurl.com/3es66t2y
-
კომპანია Fundstrat-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს Bitcoin-ის კურსის სამომავლო ზრდა 89 ათას აშშ დოლარიან დონემდე - აცხადებს BNN Bloomberg. „Bitcoin-ის თავდაპირველი მიზანი 65 ათას აშშ დოლარის ზემოთ - ეს არის დაახლოებით 72500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 89 ათას აშშ დოლარიანი დონე“ - ნათქვამია Fundstrat-ის ანგარიშში. ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად ამჟამად ბაზარი აფასებს აშშ-ში ბირჟაზე მოვაჭრე Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე არსებული ფონდის ამოქმედებას, რომელიც კომპანია ProShares-ს ეკუთვნის. ხსენებულმა ინსტრუმენტმა სავაჭრო აქტივობის კუთხით მეორე ადგილი დააფიქსირა თავისი დებიუტით. BNN Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ კრიპტო ბირჟა BitMEX-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ ჰოპტნერი პროგნოზირებს ციფრული ოქროს ფასის ზრდას 100 ათას აშშ დოლარამდე მიმდინარე წლის ბოლოსთვის. სტატიის წერის მომენტში Bitcoin დაახლოებით 61100 აშშ დოლარად იყიდებოდა. BTC/USDT-ის გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს Bitcoin-ის ფასმა მიაღწია 67 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი. https://tinyurl.com/4by7s5n8
-
ამერიკულმა კომპანია Intel-მა გაასაჯაროვა Xe Arc Alchemist გრაფიკული ამაჩქარებლების ფასები. მოსალოდნელია, რომ „ლურჯი გუნდი“ სამომავლო ვიდეო დაფებით შეეცდება კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-სა და AMD-ის მოწინავე დაფებს, ამასთან გამოირჩეოდეს ლოიალური ფასებით. პროცესორების მწარმოებელმა კალიფორნიულმა გიგანტმა აამოქმედა თამაში Xe HPG Scavenger Hunt. სამი გამარჯვებული მიიღებს Intel-ის სამ ახალ გრაფიკულ ამაჩქარებელს, სამი ან ექვსი თვის ვადით Xbox Game Pass-ის გამოწერას, აგრეთვე ARC-ის საფირმო ატრიბუტებს. გამარჯვებული და გრან-პრის ლაურეატი მიიღებენ 700 და 900 აშშ დოლარის ღირებულების ჯილდოებს, შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, როგორი იქნება Intel-ის გრაფიკული ამაჩქარებლების მიახლოებითი ფასი, რომლებიც ბაზარზე მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს. 100 მოთამაშე მიიღებს მთავარ პრიზს, რომელიც მოიცავს ექვსთვიან Xbox Game Pass-ს და Intel Arc Premium ამაჩქარებელს. პირველი ადგილისთვის ორასი ჯილდო იქნება განკუთვნილი - სამი თვე Xbox Game Pass-ის გამოწერა და ვიდეო დაფა Intel Arc Performance. გეიმინგ სერვისის გამოწერის ღირებულებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპრიზო პაკეტებში არის სხვა ნივთებიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი დონის Intel Arc Premium გრაფიკული დაფის ფასი იქნება დაახლოებით 820 $, ხოლო Arc Performance ეღირება დაახლოებით 650 $. რა თქმა უნდა, 50-100 დოლარის კორექტირება შესაძლებელია ორივე მიმართულებით. https://tinyurl.com/m9pytts8
