უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Pentax-მა თავისი ორი უკანასკნელი DSLR გამოუშვა (K-5 და K-r). შემდეგ იგი Ricoh-მ შეიძინა და სულაც გაურკვეველი იყო განაგრძობდა თუ არა კომპანია არსებობას, თუმცა როგორც ჩანს საქმეს სასიკეთო პირი უჩანს. კომპანიის გულშემატკივრები უკვე საკმაო ხანია ელოდებიან K-r-ის მომდევნო მოდიფიკაციის - K-z-ის გამოჩენას, თუმცა დღეს Ricoh-ს შვილობილმა Pentax-მა ყველა გააოცა და K-z-ს ნაცვლად თავისი პირველი Full Frame სარკიანი ციფრული ფოტოკამერა K-3 დააანონსა.
კამერის ოფიციალური მონაცემები ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ:
კამერას ექნება 24 მეგაპიქსელიანი Full Frame (36x24მმ) CMOS სენსორი;
Dual PRIME M პროცესორი;
ISO შუქმგრძნობელობა 100-25600 ერთეულის დიაპაზონში;
29-წერტილიანი ავტოფოკუსი;
200000 ციკლზე გათვლილი ჩამკეტი მუშა დიაპაზონით 30 წამიდან 1/8000 წამამდე;
6fps მიყოლებით გადაღება მაქსიმალური გაფართოებით;
1080p/720p ვიდეოგადაღების შესაძლებლობა;
ფოტოს მიხედვით იმასაც ვასკვნით, რომ კამერაზე KAF2 ბაიონეტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კამერა თავსებადი იქნება პენტაქსის ძველ ოპტიკასთანაც. რაც შეეხება "DA" ტიპის ოპტიკას, რომელიც APS-C ზომის პენტაქსებისთვისაა განკუთვნილი, მათთან ერთად K-3-ის სენსორის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი იმუშავებს, 12 მეგაპიქსელიან გაფართოებაზე. როგორც ჩანს ამ კამერისთვის სამომავლოდ ახალი ტიპის ოპტიკა გამოვა გაყიდვაში. თავად K-3-ის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ფასი 2500$-ის ფარგლებში იქნება მოქცეული და ჩემი აზრით საკმაოდ გემრიელი ლუკმა იქნება FF ფოტოკამერების მოყვარულთათვის.
წყარო:
https://www.pentaxforums.com/news/pentax-k-3-announced.html