კომპანია Google-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი პროდუქტული ხაზის ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი — Pixel 9a. ახალ მოწყობილობას აქვს უახლესი Google Tensor G4 ჩიპსეტი, გაიზარდა ბატარეის ტევადობა და გაუმჯობესდა ფოტოგრაფიული შესაძლებლობები. სმარტფონი შეესაბამება IP68 სტანდარტს მტვრისა და წყლისგან დაცვისთვის.
დიზაინი და ეკრანი
Pixel 9a-ის დიზაინი ჰგავს Pixel 9 სერიის სხვა წარმომადგენლებს. სმარტფონის ეკრანი დაფარულია Corning Gorilla Glass 3-ით და აქვს ბრტყელი კიდეები, რომლებიც ერთიანდება ალუმინის ჩარჩოსთან. უკანა პანელი პოლიკარბონატისგანაა დამზადებული, რაც ხაზს უსვამს წინამორბედ Pixel 8a-ის მომრგვალებული კიდეებისგან განსხვავებულ სტილს. Pixel 9a აღჭურვილია Google Tensor G4 ჩიპით Titan M2 უსაფრთხოების თანა-პროცესორით. მოწყობილობას გააჩნია 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128 ან 256 გბ შიდა საცავი.
Pixel 9a-ს აქვს 6.3-დუიმიანი pOLED-ეკრანი 2424 × 1080 პიქსელის გარჩევადობით და 120 ჰც განახლების სიხშირით. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე HDR-კონტენტის ჩვენებისას 1800 კდ/მ²-ს აღწევს (100%-იანი ეკრანის ფართობზე გაზომვისას), ხოლო პიკური სიკაშკაშე (5%-იან ფართობზე) 2700 კდ/მ²-ია. ეკრანი HDR-ს უჭერს მხარს, თუმცა 8-ბიტიანი ფერის სიღრმით. თითის ანაბეჭდის ოპტიკური სკანერი განთავსებულია ეკრანის ქვეშ.
კამერები და ფოტოგრაფიული შესაძლებლობები
Pixel 9a-ს აქვს გაუმჯობესებული კამერის სისტემა. ძირითადი 48-მეგაპიქსელიანი კამერა აღჭურვილია ავტოფოკუსით, ƒ/1.7 დიაფრაგმით და ოპტიკური სტაბილიზაციით, რაც საშუალებას იძლევა ჩაწეროს 4K ვიდეო 60 კადრი/წამში სიჩქარით. მას ემატება 13-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო კამერა ƒ/2.2 დიაფრაგმით. წინა 13-მეგაპიქსელიანი კამერა 4K ვიდეოს 30 კადრი/წამში სიჩქარით იღებს. ახალი ფოტოგრაფიული ფუნქციები მოიცავს მაკროსურათებს და ასტროფოტოგრაფიას.
ელემენტი და პროგრამული უზრუნველყოფა
Pixel 9a მუშაობს Android 15-ზე და აქვს მხარდაჭერა Google-ის ახალ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების. როგორც სხვა Pixel მოწყობილობებს, მასაც ექნება 7-წლიანი განახლებების მხარდაჭერა ოპერაციული სისტემისა და უსაფრთხოების განახლებებისთვის.
Google-ის მონაცემებით, Pixel 9a-ს აქვს 5100 mAh-იანი ლითიუმ-იონური ელემენტი, რომელიც 30 საათზე მეტ ხანს ძლებს. ის Pixel სერიის ყველაზე დიდი ელემენტით აღჭურვილი სმარტფონია. მოწყობილობას აქვს 23 ვტ-მდე სწრაფი სადენიანი დამუხტვა და Qi სტანდარტის უსადენო დატენვა.
Pixel 9a ხელმისაწვდომი იქნება ოთხ ფერში: Obsidian (შავი), Porcelain (თეთრი), Peony (ვარდისფერი) და Iris (იისფერი).
ფასი და ხელმისაწვდომობა
Google Pixel 9a-ის საწყისი ფასი $499-ია. გაყიდვები დაიწყება აპრილში.
წყარო:
GSMArena
https://www.gsmarena.com/