Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. როგორც ცნობილია, Sony და Microsoft თავიანთ გეიმინგ-კონსოლებში იყენებენ კომპანია AMD-ის ცალკრისტალიანი სისტემების სპეციალურ ვერსიებს. ეს შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელიც შემუშავებულია მომხმარებლების საჭიროების მიხედვით. ამჯერად კი სრულიად მოულოდნელად AMD-მა და Samsung Electronics-მა განაცხადეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ეხება ცალკრისტალიან მობილურ Exynos-სისტემებს, რომლებიც უფრო ენერგოეფექტური და მაღალი წარმადობის მქონე გახდება. პარტნიორობის ფარგლებში Samsung მოახდენს AMD-ის გრაფიკული განყოფილების ინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირებას, კონცენტრირდება მოწინავე გრაფიკულ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ მობილურ სისტემებში, პირველ რიგში კი სმარტფონებში. „ჩვენ ვემზადებით ტექნოლოგიებში გარღვევებისათვის და ამიტომ მუდმივად ვიკვლევთ ახალ შესაძლებლობებს. AMD-სთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ბაზარზე ნოვატორული გრაფიკული პროდუქტები და გადაწყვეტილებები მობილური აპლიკაციებისთვის“ - განაცხადა Samsung-ის წარმომადგენელმა. – „AMD-სთან პარტნიორობით მოველით ნოვაციების დაჩქარებას მობილური გრაფიკის ტექნოლოგიების სფეროში, რისი წყალობითაც მობილური გამომთვლელი გადაწყვეტილებები ახალ დონეზე გადავა“. ცნობილი ჯერჯერობით ის გახლავთ, რომ AMD მისცემს ლიცენზიას Samsung-ს გრაფიკის განსაკუთრებულ ვერსიაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ არქიტექტურა RDNA-ზე (სწორედ იგი იქნება მომავალი 7-ნანომეტრიანი Navi-ვიდეო ბარათების საფუძველი). თავის მხრივ Samsung ვალდებულებას აიღებს გადაიხადოს AMD-ის ტექნოლოგიისათვის. როგორც ცნობილია, RDNA არქიტექტურა შეიქმნა მაქსიმალურად მასშტაბირებადი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, მაქსიმალურად ენერგოეფექტური გადაწყვეტილებებისთვის. https://3dnews.ru/988576
  2. თაღლითებს, რომლებიც გაცნობის ვებ-გვერდებს მომხმარებლების მოსატყუებლად იყენებენ, გამოავლენს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური სახეობა, რომელზეც ერთობლივად მუშაობენ ბრიტანელი, ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები. ნეირონული ქსელი აანალიზებს რეალურ პროფილებს, შეტყობინებებსა და გამოსახულებებს, რათა უკეთ განსაზღვროს თაღლითების პროფილების გაფორმების ტიპური სქემები. ანალიზის ნიმუშში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იკვლევს, შედის ასაკი, სქესი და ეთნიკური მიკუთვნებულობა, აგრეთვე აღწერის ტექსტი. მკვლევარების შეტყობინებით, წინასწარ ტესტებში სისტემამ დაამტკიცა სიზუსტე თაღლითების აღმოჩენისას 93 % შემთხვევაში. მეცნიერების თქმით, მათ ამგვარ სისტემაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დიდი ბრიტანეთის პოლიციის სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2018 წელს ბრიტანელებმა ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაკარგეს სწორედ აპლიკაციებში მოქმედი თაღლითების ძალისხმევით. მსხვერპლის 63%-ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ. ბრიტანელი, ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაიწყო მუშაობა სისტემაზე და გაირკვა, რომ ყალბი პროფილების შემქმნელების უმეტესობა მამაკაცია (60%), მათი საშუალო ასაკი კი 50 წელს შეადგენს. მკვლევარების თქმით, თაღლითების პროფილებზე ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო ემოციური გამომეტყველებების ამსახველი და გრძნობების აღმძრავი ფოტოები, აგრეთვე სიტყვები - „მზრუნველი, ვნებიანი, მოსიყვარულე“. სისტემამ სწავლება გაიარა თითქმის 15 ათასი ანკეტის საფუძველზე, რომლებიც განთავსებული იყო გაცნობის უფასო ვებ-გვერდზე - ‘N More. საბოლოო ჯამში მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ შექმნიან ადრეული გაფრთხილების ისეთ სისტემას, რომელიც შეძლებს კომუნიკაციის საწყის ეტაპზევე გამოავლინოს მატყუარა. https://hightech.fm/2019/06/01/dating
  3. გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Thermaltake-მა წარადგინა პრემიუმ-კლასის ახალი პროდუქტები: ოპერატიული მეხსიერება TOUGHRAM RGB/TOUGHRAM, აგრეთვე ნაკრები WaterRam RGB Liquid Cooling Memory. TOUGHRAM RGB და TOUGHRAM მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ. პირველი მოდელის სიხშირის დიაპაზონი 3000-დან 3600 მეგაჰერცამდეა. ფერადი განათების ეფექტების მართვა შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებით დამხმარეების - TT AI VOICE CONTROL-ისა და Amazon Alexa-ს მეშვეობით, აგრეთვე სისტემით - Razer Chroma. განათება წარმოდგენილია ათი დამოუკიდებელი LED-მისამართით და შესაძლებელია მათი სინქრონიზება სხვა საფირმო პროდუქტებთან. მეორე მოდელი მუშაობს შედარებით მოკრძალებულ სიხშირეებზე - 2400-დან 3000 მეგაჰერცამდე დიაპაზონში. ორივე ვერსიას აქვს გაგრილების საფირმო რადიატორები TT Premium, აგრეთვე Intel XMP 2.0 პროფილის მხარდაჭერა, პარამეტრების ცვლილება კი ღილაკზე ერთი დაჭერით ხორციელდება. ასევე უნდა აღინიშნოს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც კონტროლდება მეხსიერების ყველანაირი მაჩვენებელი, მათ შორის - ტემპერატურა, სიხშირე, გაფრთხილებისა და შეტყობინებების სისტემა და ა.შ. Thermaltake TOUGHRAM RGB ივლისიდან გაიყიდება, ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. რაც შეეხება WaterRam RGB Liquid Cooling Memory-ს — ეს არის ოთხეულისგან შემდგარი ოპერატიული მეხსიერება საერთო თხევადი გაგრილების სისტემით. მისი მუშაობის სიხშირის დიაპაზონია 3400-3600 მეგაჰერცი. https://3dnews.ru/988481
      • 1
      • Upvote
  4. AMD-მა მიმდინარე წელს ეტაპობრივად შეამცირა ფასები Ryzen-ის პირველი ორი თაობის პროცესორებზე, რათა მოეხდინა გაყიდვების მოცულობის სტიმულირება. გერმანული ბაზრის გარდა იაპონელებიც იტყობინებიან, რომ ადგილობრივ ბაზარზე Ryzen 2000 პროცესორების ფასი გასულ კვირას მაისის თვის ფასთან შედარებით 8%-ით შემცირდა. ასეთი ამპლიტუდა უკვე ვეღარ აიხსნება ვალუტის კურსის ცვლილებებით ან შემთხვევითი ფაქტორებით. 7-ნანომეტრიანი Ryzen 3000 პროცესორების ფასი უკვე გამოცხადებულია და მათი გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება, ასე რომ AMD მიზანმიმართულად აკლებს ფასს წინა თაობების პროცესორებზე. Mindfactory-ს ადგილობრივი სტატისტიკის თანახმად AMD კვლავ ზრდის თავისი პროდუქტების გაყიდვების მოცულობას და იკავებს ბაზრის წილის 64%-ს, Intel-ი კი შესაბამისად 34%-ს. შემოსავლის მხრივ ასევე „წითლები“ ლიდერობენ 51%-იანი მაჩვენებლით. AMD-ის პროცესორებიდან განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობენ მოდელები Ryzen 5 2600 და Ryzen 7 2700X - მათ ჯამში ყველაზე დიდი შემოსავალი მოაქვთ კომპანიისათვის. კონკურენტი Intel-ის შემთხვევაში კი სიმპათიის მხრივ ლიდერობს Core i9-9900K. ყველაზე შემოსავლიანი პროცესორია Core i5-9600K. ღირებულის კუთხით Intel-ის პროდუქტები კვლავ მყარად ინარჩუნებენ „საპრიზო“ ადგილებს: თვის უპირობო ლიდერია Core i9-9900K (495 €), მას მოსდევს i7-9700K (401 €), მესამე კი გახლავთ i7-8700K (367 €). AMD-ის ყველაზე ძვირადღირებული პროცესორი გახდა Ryzen 7 2700X (291 €). მესამე თაობის Ryzen-პროცესორების მოახლოებული დებიუტი თავის კორექტივებს შეიტანს წარმოდგენილ სტატისტიკაში და ცხადია, კიდევ უფრო გაამწვავებს ბრძოლას პირველობისთვის. https://overclockers.ru/hardnews/show/97491/processory-amd-ryzen-vtorogo-pokoleniya-deshevejut-v-ozhidanii-preemnikov https://overclockers.ru/blog/id_1/show/27101/statistika-mindfactory-objomy-prodazh-processorov-amd-opjat-idut-vverh-intel-terjaet-svoi-pozicii
  5. ჩინური გამომცემლობა South China Morning Post-ის შეტყობინების თანახმად მეცნიერთა აკადემიის მიკროელექტრონიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ტრანზისტორი, რომლის გამოშვებაც შესაძლებელია 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ფარგლებში. Samsung-ის 3-ნანომეტრიანი ტრანზისტორის სტრუქტურისგან განსხვავებით ჩინური ტრანზისტორი შესრულებულია ვერტიკალური FinFET-ბადის არხებით, აგრეთვე განსხვავებულია ტრანზისტორის მასალაც, ეს არის ferroelectric. მასზე პატენტი უკვე გაცემულია. ფოტოზე: Samsung-ის ტრანზისტორების ევოლუცია 3-ნანომეტრიანი ტრანზისტორის დამზადებისას პრობლემას მხოლოდ მისი მეტად პატარა ზომა არ წარმოადგენს. დაბრკოლებას ქმნის ე.წ. Boltzmann Tyranny: ეს არის ფუნდამენტური შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს ელექტრონული მოწყობილობის მუშაობის პროცესში სიმძლავრის შემცირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ტრანზისტორის ზომის გარკვეული მოცულობით შემცირების შემდეგ იგი ვეღარ განარიდებს სითბოს და შესაბამისად, გადახურდება და იწვება. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია კვების შემცირება გარკვეულ დონეზე. სწორედ ამ დროს ერთვება საქმეში ფეროელექტრიკი. მდგრადი კონდენსატორი ორი თვის წინ წარადგინეს, თუმცა ეს მოვლენა დიდი ხნის წინ იყო ნავარაუდევი: მასზე ექსპერიმენტული მუშაობა მიმდინარეობდა მკაცრად დაცულ პირობებში. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძაბვის ზრდისას მოცულობა კი არ იზრდება, მცირდება. ეს კი საშუალებას იძლევა შემცირდეს კვება. ჩინელების ექსპერიმენტის შედეგებს თუ დავუჯერებთ, ტრანზისტორების კვებაზე დატვირთვა ორჯერ შეამცირეს თეორიულ მინიმუმთან შედარებით. მომდევნო ეტაპზე ჩინელი მეცნიერები აპირებენ დაიწყონ ტექნოპროცესის კომერციულ წარმოებაში დანერგვა, თუმცა აღიარებენ, რომ ამ პროცესს რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. ჩინეთის ხელისუფლება 5 წლის განმავლობაში საშემოსავლოებისაგან გაათავისუფლებს იმ კომპანიებს, როლებიც დაკავდებიან ამ ტექნოლოგიაზე მუშაობით. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდება, ჩინეთი გადალახავს ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელ მსოფლიო ლიდერებთან ჩამორჩენილობას. https://3dnews.ru/988458
  6. AMD X570 ჩიპსეტზე შექმნილმა დედა დაფებმა საფუძველი დაუდეს SSD ბარათების ახალ თაობას, რომელიც მონაცემთა გაცვლის არნახული სიჩქარით ხასიათდება. MSI-მა უკვე წარადგინა NVMe SSD მონაცემთა წაკითხვის სიჩქარით - 5000 მბ/წმ, Corsair-მა კი დააანონსა მოდელი NVMe ინტერფეისით, რომლის სიჩქარე დაახლოებით 4950 მბ/წამშია. შედარებისათვის, ბოლო თაობის PCIe 3.0 NVMe დრაივები, მაგალითად Samsung 970 EVO Plus, წარმოდგენილი იყო მონაცემთა ჩაწერისა და წაკითხვის სიჩქარით - 3500 მბ/წმ. ამჯერად კი Gigabyte Aorus-მა დააანონსა Aorus AIC Gen4. ეს არის PCIe 4.0 დრაივი 8-ტერაბაიტიანი მოცულობით. მონაცემთა წაკითხვის სიჩქარე აღწევს 15 გბ/წმ-ს კონფიგურაციაში - RAID 0 ოთხ M.2 SSD-სთან ერთად. ასეთი შედეგის მისაღებად მწარმოებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. მოწყობილობა წარმოდგენილია გაგრილების სისტემით, თანამედროვე ვიდეო ბარათებისათვის დამახასიათებელი ზომით და ალუმინის კორპუსით. მოწყობილობას ასევე აქვს ვენტილატორი გაგრილების ეფექტურობის ამაღლებისათვის. მისი ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/27034/gigabyte-pcie-40-ssd-predlagaet-skorost-do-15-gbs
  7. კომპანია Volvo Cars-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს კომპანია Varjo-სთან. ეს უკანასკნელი არის მაღალი წარმადობის შერეული რეალობის ჰედსეტების მწარმოებელი კომპანია ფინეთიდან. საუბარი მიმდინარეობს პლატფორმა Varjo XR-1-ის შესახებ. ეს სათვალე უზრუნველყოფს ფოტორეალისტურ შერეულ ან ვირტუალური რეალობის გამოსახულებას მაღალ გაფართოებაში. Volvo Cars გეგმავს სისტემა გამოიყენოს წინასერიული მოდელების შეფასებისათვის, ავტომობილების კონსტრუქციისა და აქტიური უსაფრთხოების სისტემების შემოწმებისთვის. მოსალოდნელია, რომ XR-1 პლატფორმის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება დრო საავტომობილო სისტემების წარმოებაზე - ამიერიდან მათი შეფასება-დიაგნოსტირება მომენტალურად იქნება შესაძლებელი. „შერეული რეალობის ინსტრუმენტები საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ იმ წარმოებისა და ტექნოლოგიების ტესტირებები, რომლებიც ჯერ კიდევ დაპროექტებისა და შემუშავების სტადიაში იმყოფება. პროდუქტებისა და კონცეფციების სტანდარტული სტაციონარული მეთოდის ნაცვლად ახლა უკვე შეგვიძლია ტესტირებები მოვახდინოთ რეალურ საგზაო პირობებში. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა, რადგან ხდება წარმოების პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა და შემაფერხებელი ფაქტორების მოგვარება“ - აცხადებენ მანქანათმშენებელ კომპანიაში. XR-1 ჰედსეტის შემადგენლობაში შედის თვალების მოძრაობის ტრეკინგის მაქსიმალურად ზუსტი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია აღიქვას, როგორ რეაგირებენ მძღოლები ავტომობილის ახალ ფუნქციაზე და ხომ არ უფანტავს მათ რაიმე ყურადღებას. https://3dnews.ru/988397
  8. კვანტური კომპიუტერების კონცეფცია მრავლისმომცემად გამოიყურება, თუმცა მის განხორციელებამდე შეიძლება არც ისე მცირე დრო გავიდეს. ასეა თუ ისე, მათი გამოჩენისათვის მზადება უკვე დაწყებულია. Microsoft-ი Alphabet-სა და Brilliant-თან ერთად აპირებს დაიწყოს სპეციალისტების სწავლება კვანტურ პროგრამირებაში. ხსენებული კომპანიების მიერ შემუშავებული კვანტური გამოთვლების ონლაინ-კურსები იწყება ძირითადი არსის - Microsoft Q# ენის გაცნობით. შემდეგ მომავალი სპეციალისტები ისწავლიან „მარტივი“ კვანტური ალგორითმების წერას, ამის შემდეგ კი გადავლენ უფრო რთულ ამოცანებზე. სწავლის ყველა მსურველი მიიღებს შესალებლობას, გაეცნოს კვანტურ სქემებს სიმულატორის მეშვეობით, რომლითაც გაკონტროლდება სწავლების შედეგები. სასწავლო კურსები იქნება ფასიანი და არც ისე გრძელვადიანი - კურსის ხანგრძლივობა 16-დან 24 საათამდეა. პირველი ორი მეცადინეობა სრულიად უფასო იქნება. პროგრამის შემქმნელები კურსდამთავრებულებს აძლევენ გარანტიას, რომ სწავლების შედეგად ისინი შეძლებენ „სრულფასოვანი კვანტური კოდის წერას“. https://www.techcult.ru/computers/6838-kurs-dlya-obucheniya-kvantovyh-programmistov
      • 1
      • Like
  9. ამერიკულმა კომპანია Hypergiant Industries-მა, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, შექმნა ჰედსეტ HyperVSR-ის პროტოტიპი კოსმოსური სკაფანდრისათვის. იგი აღჭურვილია პროექციული დისპლეითი, რომელიც შესაძლოა მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს რთული კოსმოსური მისიების დროს. ჰედსეტის გამჭვირვალე მინაზე შესაძლებელია გამოისახოს სასიცოცხლო მაჩვენებლების ამსახველი ან სხვა სახის ინფორმაცია. კომპანია Hypergiant Industries-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით ასეთი ჰედსეტის გამოყენებით გაიზრდება არა მარტო ასტრონავტების უნარები და ეფექტურობა, არამედ მათი უსაფრთხოების დონე: ეკიპაჟის წევრების ვიზუალურად გამოსახული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოახდენს არასაჭირო ძალისხმევის შემცირებას. კოსმოსში უსაფრთხოება პრიორიტეტია. „კოსმოსი - ეს არაპროგნოზირებადი სივრცეა, სადაც მოვლენები და სიცოცხლისთვის საშიში რისკები დათვლილ წუთებში შეიძლება განვითარდეს. ასეთ პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტების უსაფრთხოება არასდროს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ შევქმენით ჰედსეტი, რომლითაც ასტრონავტები ძალიან სწრაფად მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას სიტუაციაზე, ასევე გააკონტროლებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მიიღებენ რჩევებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას საგანგებო ვითარების შექმნის შემთხვევაში“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ამჟამად Hypergiant მუშაობს ჰედსეტის პროგრამულ უზრუნველყოფაზე და აქტიურადაა დაკავებული პოტენციურად დაინტერესებადი კოსმოსური სააგენტოებისა და სამხედრო პროდუქციის მწარმოებლების მოძიებით. https://hi-news.ru/technology/shlem-kosmicheskogo-skafandra-s-proekcionnym-displeem.html
  10. ახალ ჩიპსეტ X570-ზე არსებული „ჩვეულებრივი“ დედა დაფების გარდა კომპანია ASRock-მა გადაწყვიტა შეექმნა ტოპ-პროდუქტებიც ჭეშმარიტი ენთუზიასტებისთვის და გამოუშვა დაფა X570 Aqua. მას აქვს თხევადი გაგრილების ინტეგრირებული სისტემა, რომელსაც შეუძლია გააგრილოს არა მარტო პროცესორი, არამედ VRM - ჩიპსეტიც. გარდა ამისა, გაგრილებისათვის გამოიყენება წინა მხარეს განთავსებული ალუმინის მასიური პანელი და უკანა მხარეს არსებული ლითონის ფირფიტა. პარალელურად, სისტემურ დაფას აქვს სამი სლოტი PCIe 4.0 x16 და x1, ორი M.2 კონექტორი სიჩქარით 64 გბ/წმ-მდე (PCIe 4.0 x4), 6 პორტი SATA 6 გბიტი/წმ, ორი კონექტორი Thunderbolt 3 და ერთი DisplayPort. წარმოდგენილია 10-გიგაბიტიანი კონტროლერი AQuantia AQC107 და გიგაბიტური Intel i211-AT. გარდა ამისა, დაფას აქვს ინტეგრირებული აუდიოკოდეკი Realtek ALC1220, ასევე Wi-Fi 6-სა და Bluetooth 5.0-ის მხარდაჭერა. ამ დაფის შესაძენად მსურველებს საკმაოდ ძვირის გადახდა მოუწევთ: დედა დაფის ფასი დაახლოებით 1000 აშშ დოლარია და იგი შეზღუდული რაოდენობით გამოვა - როგორც ცნობილია, სულ გაიყიდება რამოდენიმე ასეული ეგზემპლარი. https://overclockers.ru/blog/id_1/show/27014/asrock-predstavila-monstruoznuju-materinskuju-platu-x570-aqua-s-zhidkostnym-ohlazhdeniem-i-zahvatyvajuschej-duh-cenoj
  11. Intel-მა მიმდინარე გამოფენაზე რამოდენიმე საინტერესო კონცეფტი წარადგინა, რომელთა შორისაა ორეკრანიანი გეიმინგ-კომპიუტერი Honeycomb Glacier. Intel-ის მსგავსი კომპანიები არა მარტო ქმნიან და ყიდიან ჩიპებს, არამედ ფულს ხარჯავენ მცდელობებში - შექმნან ახალი ფორმატისა და მახასიათებლების მქონე მოწყობილობები, რომლებიც ბაზრისთვისაც საინტერესო იქნება და თანაც ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების წინსვლას OEM-პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. Honeycomb Glacier - ეს არის Intel-ის მცდელობა, გეიმინგ-აუდიტორიას შესთავაზოს მძლავრი ლეპტოპი 15,6-დუიმიანი მთავარი ეკრანით, რომლის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი, დამატებითი ეკრანის დიაგონალი კი 12,3-დუიმიანია და მისი გაფართოება 1920 × 720 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეორე ეკრანი ხელს უწყობს თამაშის პროცესს. სპეციალური უნიკალური გამყოფი სახსარი საშუალებას იძლევა აიწიოს ძირითადი ეკრანი კომფორტულ სიმაღლეზე. Intel მეტად ამაყობს ლეპტოპის დიზაინით. როდესაც მომხმარებელი ეკრანს ზემოთ სწევს, იგი ავტომატურად ინარჩუნებს ხელსაყრელ დახრის კუთხეს. მეორე ეკრანის ქვეშ არსებული სივრცე გამოყენებულია გაგრილების სისტემისათვის. კომპანიის შეფასებით, ეს სისტემა 195 ვატიანი გაგრილების საშუალებას იძლევა ერთი ვენტილატორის მეშვეობით. ეს მაჩვენებელი საკმარისია, რათა საკმაოდ თხელ კორპუსში განთავსდეს მძლავრი კომპონენტები. ლეპტოპის პროტოტიპს აქვს Intel-ის რვაბირთვიანი პროცესორი და გრაფიკა NVIDIA GeForce 1060. მექანიზმი საშუალებას იძლევა ეკრანი ამაღლდეს თვალის სიმაღლემდე, ამიტომაც Intel-მა მასზე განათავსა Tobii-კამერა, რომლის წყალობითაც კონცეპტი უფრო პრაქტიკული გახდა. კამერები პროგრამულ პლატფორმას ხელს უწყობს, რომ მომენტალურად მოხდეს ფოკუსირება და მართვა გადავიდეს ლეპტოპის დამატებით ეკრანზე მაშინვე, როგორც კი მომხმარებელი მზერას მისკენ მიმართავს. შესაძლებელია ძირითად ეკრანზე მიმდინარეობდეს თამაშის პროცესი, დამატებითი ეკრანის მეშვეობით კი მომხმარებელი ეკონტაქტოს მეგობრებს, განახორციელოს ტრანსლაცია და ა.შ. პროგრამული უზრუნველყოფა ჯერჯერობით მუდამ სტაბილური არ არის. Honeycomb Glacier-ის კონცეპტი ჯერჯერობით მოუმწიფებელია: პროტოტიპში გამოყენებული ყველა კომპონენტი ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი დეტალებიდანაა აღებული, მათ შორის დამატებითი ეკრანი, რომელიც რეალურად ავტომობილებში გამოიყენება: Intel ვერ აძლევს თავს უფლებას, სპეციალურად შექმნას კომპიუტერის ეკრანი. ლეპტოპის ნაკლოვანებებიდან თავად Intel-ის წარმომადგენლები აგრეთვე აღნიშნავენ საკმაოდ სქელ ჩარჩოებს, ღილაკების გარეშე არსებულ ტრეკპადს და სენსორული ეკრანის არც ისე კარგ მუშაობას. წარმოდგენილი პროტოტიპი ჯერჯერობით არის იდეა, თუ როგორი უნდა გახდეს ფინალური Honeycomb Glacier. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ ლეპტოპით უკვე უამრავი მწარმოებელი დაინტერესდა, ასე რომ მომავალში სავსებით რეალურია ვიხილოთ ამ იდეის ხორცშესხმული ვარიანტი რეალურ კომერციულ პროდუქტებს შორის. უფრო უბრალო და ტრადიციული ორეკრანიანი ლეპტოპის იდეა უკვე რეალიზებულია - ამის მაგალითია ASUS ZenBook Pro Duo. https://3dnews.ru/988307
  12. კომპანია Huawei ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორეა გამოშვებული სმარტფონების რაოდენობის მიხედვით. როგორც ვიცით, კომპანიას არც ისე კარგი დრო უდგას, თუმცა თანდათან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ იგი დიდი ხანია ემზადებოდა ამგვარი ვითარებისთვის. კომპანიაში წინასწარ გათვალეს, რომ შეწყდებოდა პარტნიორობა ამერიკულ კომპანიებთან. ჩინურმა კომპანიამ ამისათვის მზადება წელიწადზე მეტია დაიწყო. Huawei-ს აღარ აქვს წვდომა Google-ის სერვისებსა და აპლიკაციებზე, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, საკუთარი ოპერაციული სისტემა მზად აქვს. ცხადია, რომ ასეთი მასშტაბური პროდუქტის მზადება წლების წინ უნდა დაწყებულიყო. ამ ოპერაციული სისტემის „შინაურული“ სახელწოდება HongMeng-ია, ოფიციალურად კი - დიდი ალბათობით Ark OS-ს უწოდებენ. სისტემა უკვე წელიწადნახევარია მზადდება, 2018 წლის იანვრის შემდეგ. ამჟამად მისი გამოყენების აუცილებლობა სახეზეა. ახალი სისტემა სავარაუდოდ ივნისში იქნება წარდგენილი, ჯერჯერობით მის შესახებ არსებული ინფორმაცია მინიმალურია. პლატფორმის მხარდაჭერა ექნება არა მარტო სმარტფონებს, არამედ პლანშეტებს, კომპიუტერებს, ავტომობილებს, სმარტ-საათებს, ფიტნეს-სამაჯურებსა და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ „გადარჩენისათვის თამაშში“ ფსონად დევს როგორც მინიმუმ Huawei-ს მობილური ქვეგანყოფილება. თავად Huawei უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და აპირებს არა მხოლოდ გადარჩენას, არამედ განვითარებასა და წინსვლას. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი განწყობის დემონსტრირებას ახდენენ საზოგადოებაში ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები. Huawei აპირებს სხვა პროდუქტები და ტექნოლოგიებიც საკუთარ წარმოებას დაუქვემდებაროს ამერიკულის ნაცვლად. კომპანიას ექნება აპლიკაციების საკუთარი მარკეტი და Android-ზე არსებული ყველა აპლიკაცია მასშიც ხელმისაწვდომი იქნება. ეს ამბიციური ამოცანაა, რომლის შესრულებაც ასეთი დონის კომპანიისთვისაც კი არ იქნება ადვილი. აგრეთვე, Huawei დარწმუნებულია, რომ თავს გაიტანს უცხოური ტექნოლოგიების გარეშე საკუთარი პროცესორების წარმოებაშიც. როგორ ჩანაცვლდება ARM არქიტექტურა - ჯერჯერობით გაურკვეველია. რაც შეეხება Wi-Fi-ს, Bluetooth-სა და SD-ს, Huawei-სთვის აუცილებელი არაა შესაბამის ალიანსებში შევიდეს ამ ტექნოლოგიების შემოთავაზებისათვის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/26989/zamena-android-ot-huawei-uzhe-na-podhode
      • 1
      • Upvote
  13. გამოფენა Computex 2019-ზე კომპანია Dell-მა წარადგინა Inspiron-სერიის განახლებული კომპიუტერები. ახალ მოწყობილობებს გაუმჯობესებული დიზაინი და განახლებული კომპონენტები აქვთ. განახლებული ხაზი იწყება ბიუჯეტური ლეპტოპით „ორი ერთში“ Inspiron 11 3000. მოწყობილობას აქვს 11-დუიმიანი ეკრანი და მეშვიდე თაობის AMD A9 პროცესორი, ასევე 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 128-გიგაბაიტიანი eMMC. მისი მომდევნო მოდელია Inspiron 13 5000 - ლეპტოპი 13,3-დუიმიანი სენსორული დისპლეითა და Full HD გაფართოებით. იგი წარმოდგენილია Intel Whiskey Lake პროცესორებით. ამ ლეპტოპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაც 8 გიგაბაიტს შეადგენს, აგრეთვე აქვს 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების მოდული და საწყისი დონის დისკრეტული ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce MX250. რიგით მესამეა ლეპტოპი Inspiron 15 7000. მას აქვს მეცხრე თაობის H სერიის პროცესორები. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ კონფიგურაცია რვაბირთვიანი Core i9-9880H პროცესორით (45 ვატი TDP) და 4-გიგაბაიტიანი GDDR5 ტიპის მეხსიერების მქონე NVIDIA GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათით. Inspiron 15 7590 მოდელს შავი კორპუსი აქვს (Abyss Black), Inspiron 15 7591 კი წარმოდგენილია ალუმინის ვერცხლისფერი კორპუსით (Platinum Silver). Inspiron 15 7000 ლეპტოპების სერიას 4K გაფართოების დისპლეი და Thunderbolt 3 პორტი აქვს. ლეპტოპების პარალელურად Dell-მა დააანონსა ახალი პერსონალური კომპიუტერი „ყველაფერი ერთში“. მონობლოკები Inspiron 24 5000 All-in-One და Inspiron 27 7000 All-in-One აღჭურვილია 1080p გაფართოების მქონე დისპლეებით, რომელთა დიაგონალების ზომებია 23,8 და 27 დუიმი, შესაბამისად. დაანონსებულ კომპიუტერებში, როგორც ცნობილია, გამოყენებული იქნება Intel-ის შემდგომი თაობის, ჯერ არგამოსული პროცესორები. ლეპტოპი Inspiron 11 3000 გაყიდვაში 10 ივნისს გამოვა და მისი ფასი 350 აშშ დოლარი იქნება. Inspiron 13 5000 ევროპის ნაწილში უკვე იყიდება 580 დოლარად. Inspiron 15 7000 მოდელის ფასი 1000 დოლარი იქნება. რაც შეეხება მონობლოკებს, Inspiron 24 5000 AIO და Inspiron 27 7000 AIO 26 ივნისიდან გამოვა გაყიდვაში და მათი ღირებულება იქნება 700 და 950 დოლარი, შესაბამისად. https://3dnews.ru/988247
  14. კომპანია Apple-მა წარადგინა ახალი მულტიმედია ფლეიერი iPod Touch. მოწყობილობა ემყარება მძლავრ ჩიპ A10 Fusion-ს და აქვს 256 გბ-მდე ფლეშ-მეხსიერება. ახალ, მეშვიდე თაობის iPod touch-ს ისეთივე დიზაინი და მახასიათებლების უმეტესობა აქვს, როგორებიც წინა თაობის მოდელებს: მათ შორისაა 4-დუიმიანი Retina დისპლეი, Touch ID-ის გარეშე არსებული „Home” ღილაკი, სტანდარტული 3.5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, Lightning კონექტორი, აგრეთვე ერთი დინამიკი და მიკროფონი. ფლეიერს მეექვსე თაობის მოდელის ზომის კორპუსი აქვს - მისი სისქე 6,1 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი - 88 გრამს. ახალი, უფრო მძლავრი პროცესორის წყალობით, როგორც ცნობილია, ახალ მოწყობილობას შეემატა ახალი გეიმინგ-შესაძლებლობები, ასევე „პირველად iPod-ში ხელმისაწვდომი გახდა ვირტუალური რეალობის შთაბეჭდილებებში ჩაძირვა“. ფლეიერის კორპუსები ფერის მხრივ ხელმისაწვდომია ექვს ვარიანტად: ნაცრისფერი, თეთრი, ოქროსფერი, ლურჯი, ვარდისფერი და წითელი. ახალი iPod touch-ის შეძენა უკვე შესაძლებელია Apple.com-სა და Apple Store-ზე. 32 გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელი 199 აშშ დოლარი ღირს. 128 და 256 გიგაბაიტიანი მოდელების შეძენა კი შესაძლებელია 299 და 399 დოლარად, შესაბამისად. უკანასკნელად Apple-მა ფლეიერი iPod touch 2015 წელს განაახლა. 2017 წელს კომპანიამ წარმოებიდან მოხსნა მოდელები iPod Nano და Shuffle, პარალელურად კი ფასები დაწია iPod touch-ზე და შეამცირა მეხსიერების მოდულების მოცულობა. მოდერნიზაციის შედეგად ფლეიერი კიდევ უფრო მეტად გახდა ვიზუალურად iPhone 6-ის მსგავსი, რომელიც წარმოდგენილია 8-მეგაპიქსელიანი კამერითა და 64-ბიტიანი პროცესორით. https://3dnews.ru/988269
  15. გასულ კვირას კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა 60 ერთეული ინტერნეტ-თანამგზავრი Starlink დედამიწის ახლო ორბიტაზე. ეს იყო მსოფლიო ინტერნეტის შექმნის ამბიციური გეგმის დასაწყისი. თანამგზავრებმა თავდაპირველად მიაღწიეს 440 კმ სიმაღლეს, ამჟამად კი ისინი დედამიწის ირგვლივ მოძრაობენ და პერიოდულად 550 კმ სიმაღლემდე ადიან თავიანთი ძრავების მეშვეობით. ფრენის პროცესისას მათ „მატარებელი“ შექმნეს, რომლის აღბეჭდვაც შეძლო ჰოლანდიელმა მოყვარულმა ასტრონომმა მარკო ლანგბრუკმა. ხსენებული საინტერესო და შთამბეჭდავი მოვლენა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=d39owOWY4Jc ასტრონომი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, თუ რა დროს უნდა გადაეფრინათ აპარატებს მისთვის ხელსაყრელ ცის მონაკვეთზე - ამაში მას დაეხმარა ღია წვდომის მქონე მონაცემები თანამგზავრების გადაადგილების ტრაექტორიისა და ადგილმდებარეობის შესახებ. 440 კმ სიმაღლეზე მოძრავი ობიექტების გადასაღებად მარკომ გამოიყენა კამერა Watec 902H და ობიექტივი Canon FD 50mm F1.8. მისი თქმით, თავდაპირველად გამოჩნდა სუსტად გამოსახული მანათობელი ობიექტები, რამოდენიმე ათეულ წამში კი მან თანამგზავრების მთელი მწკრივი დაინახა. უახლოეს რამდენიმე ღამეში თანამგზავრული „მატარებელი“ 2-3 შემოფრენას განახორციელებს, შემდეგ კი ერთეულებს შორის მანძილები გაიზრდება და მატარებელი დაიშლება. კომპანია SpaceX, როგოც უკვე ვიცით, 12 ათასი ამგვარი თანამგზავრის გაშვებას აპირებს, ასე რომ მოყვარულ ასტრონომებს კიდევ ბევრჯერ გაუმართლებთ და შეძლებენ შთამბეჭდავი სანახაობის ხილვას. Starlink-თანამგზავრების მომდევნო ჯაჭვი სულ მალე წარმოგვიდგება - უახლოეს 12 თვის მანძილზე კომპანია აპირებს კიდევ ათასი აპარატის გაშვებას, რათა 2020 წლისთვის მათ შეძლონ თვითმფრინავებისა და ხომალდების ინტერნეტით უზრუნველყოფა. თანამგზავრების ფუნქციონალურობა ყოველ ჯერზე გაიზრდება. ისინი უკვე აღჭურვილია სისტემა Startracker-ით, რომელიც SpaceX-ს საშუალებას მისცემს იცოდეს თითოეული თანამგზავრის ადგილმდებარეობა და მართოს იგი. https://hi-news.ru/space/video-v-nebe-nad-niderlandami-obrazovalsya-poezd-iz-internet-sputnikov-starlink.html
  16. Computex 2019 გამოფენაზე კომპანია ASUS-მა თავისი 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად წარადგინა ლეპტოპი ZenBook Edition 30, რომლის კორპუსიც წარმოდგენილია 18-კარატიანი ოქროთი ინკრუსტირებული თეთრი ტყავით. ZenBook Edition 30 ლეპტოპის სახურავზე დატანილია ოქროსგან დამზადებული მონოგრამა „A”, რომელიც შეიმუშავეს ASUS Design Center-ის დიზაინერებმა. ხსენებული მონოგრამა ახდენს კომპანიის ფასეულობებისა და ისტორიის სიმბოლიზირებას, აგრეთვე ხაზს უსვამს ASUS-ის ნაკეთობებში წარმოდგენილ ესთეტიკას. რაც შეეხება ლეპტოპის შიდა კომპონენტებს, მასში მოცემულია მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი, დისკრეტული გრაფიკა NVIDIA GeForce MX250, 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და PCIe SSD. ლეპტოპს აქვს 13-დუიმიანი უჩარჩოო დისპლეი, ეკრანი წინა პანელის 95%-ს იკავებს. ლეპტოპს აგრეთვე აქვს ScreenPad - დამატებითი ეკრანი, რომელიც განთავსებულია ტრადიციული თაჩპედის ადგილას. „ZenBook Edition 30-სთვის განკუთვნილი ნატურალური ტყავის თითოეული ნაჭერი ხელით იქნა შერჩეული ინდივიდუალურად“ - აცხადებს ASUS-ის წარმომადგენელი -„ თითოეული პანელის ტყავის ნაკეთობა გულმოდგინედ დამზადდა ოსტატების მიერ“. ლეპტოპი შეზღუდული ტირაჟით გამოვა. მასთან ერთად წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი აქსესუარები, მათ შორის მარგალიტისფერ-თეთრი მაუსი და ტყავის ქეისი. ლეპტოპის ფასი და გაყიდვის დრო ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. https://3dnews.ru/988185
  17. გამოფენა Computex 2019-ის გახსნაზე კომპანია AMD-მა წარადგინა მესამე თაობის 7-ნანომეტრიანი Ryzen-პროცესორები. Zen 2 მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი ახალი ხაზი მოიცავს ხუთ მოდელს. ხაზი იწყება 200-დოლარიანი ექვსბირთვიანი Ryzen 5-ით და სრულდება 500-დოლარიანი Ryzen 9 ჩიპით, რომელიც წარმოდგენელია 12 გამომთვლელი ბირთვით. ახალი პროცესორების გაყიდვები 7 ივნისიდან დაიწყება. მათთან ერთად ბაზარზე უნდა გამოვიდეს X570 ლოგიკის ნაკრებზე აწყობილი დედა დაფებიც. Zen 2 მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი Ryzen 3000 პროცესორების გამოსვლა ნამდვილად ტექტონიკური ძვრა იქნება ბაზარზე. გამოფენაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია AMD აპირებს მოიპოვოს ლიდერის პოზიცია და გახდეს ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე პროცესორების მწარმოებელი. ამ გეგმას ხელი უნდა შეუწყოს TSMC-ის ახალმა 7-ნანომეტრიანმა ტექნოპროცესმა, რომელიც გამოიყენება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების წარმოებაში. მისი წყალობით AMD-მა შეძლო გადაეჭრა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა: მნიშვნელოვნად შეემცირებინა ენერგომოხმარება მაღალი წარმადობის ჩიპებში, აგრეთვე ექცია ისინი ფასის მხრივ მეტად ხელმისაწვდომად. ახალი Ryzen-ის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალმა მიკროარქიტექტურა Zen 2-მაც. AMD-ის განცხადებით, IPC-ის მაჩვენებელი Zen+-თან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თანაც პროცესორები უფრო მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ. Zen 2-ის უპირატესობათა შორის ასევე აღსანიშნავია მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობის ზრდა და FPU-ის წარმადობის მაჩვენებლის გაორმაგება. გაუმჯობესებულ მიკროარქიტექტურასთან ერთად AMD მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პლატფორმა X570-საც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა. ძველი Socket AM4-დაფები ახალი პროცესორების მხარდაჭერას მიიღებენ BIOS-ის განახლების შედეგად, PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა კი შეზღუდულ ხასიათს ატარებს. AMD-ის მთავარ „იარაღს“ კი ამ ეტაპზე ფასთა სხვადასხვაობა წარმოადგენს. კომპანია აპირებს გაატაროს მეტად აგრესიული ფინანსური პოლიტიკა - იმისგან რადიკალურად განსხვავებული, რაც Intel-ისგან გვაქვს ნანახი. ცხადია, 7-ნანომეტრიანმა ტექნოლოგიამ და ჩიპლეტების გამოყენებამ AMD-ს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად მოეგო პროდუქტების თვითღირებულებაში, რისი წყალობითაც პროცესორების ბაზარზე კონკურენცია არნახული ძალით გამწვავდება. ბირთვი,ნაკადი საბაზისო სიხშირე, გჰც ტურბო სიხშირე, გჰც L2-ქეში, მბაიტი L3-ქეში, მბაიტი TDP, ვტ ფასი Ryzen 9 3900X 12/24 3,8 4,6 6 64 105 $499 Ryzen 7 3800X 8/16 3,9 4,5 4 32 105 $399 Ryzen 7 3700X 8/16 3,6 4,4 4 32 65 $329 Ryzen 5 3600X 6/12 3,8 4,4 3 32 95 $249 Ryzen 5 3600 6/12 3,6 4,2 3 32 65 $199 მესამე თაობის Ryzen-პროცესორებში უფროსი მოდელია Ryzen 9 3900X. ეს არის ორ, 7-ნანომეტრიან ჩიპლეტზე დამზადებული პროცესორი, რომელსაც კომპანია მიიჩნევს Intel Core i9 სერიის პირდაპირ კონკურენტად. ამასთან, ამ ჩიპის მსგავსი მახასიათებლები დღესდღეობით არ არსებობს არც კონკურენტის, არც თავად AMD-ის პროცესორებს შორის, რადგანაც ეს არის ისტორიაში პირველი მასიური CPU 12 ბირთვითა და 24 ნაკადით. ჩიპს 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს, ასევე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი - 499 დოლარი და სიხშირე - 3,8–4,6 გიგაჰერცი. ქეშ-მეხსიერების საერთო მოცულობა 70 მბაიტს შეადგენს, აქედან 64 მეგაბაიტი L3-ქეშზე მოდის. სერია Ryzen 7 მოიცავს ორ რვაბირთვიან და 16-ნაკადიან პროცესორს, რომლებიც აგებულია თითო 7-ნანომეტრიან ჩიპლეტზე. Ryzen 7 3800X-ს 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს, ასევე 3,9–4,5 გჰც სიხშირე და ღირს 399 აშშ დოლარი. მასზე ოდნავ ნელი Ryzen 7 3700X კი წარმოდგენილია 3,6–4,4 გჰც სიხშირით, 65-ვატიანი სითბური პაკეტით და ღირს 329 დოლარი. ორივე რვაბირთვიანი ჩიპის ქეშ-მეხსიერება 32 მეგაბაიტია. Ryzen 5 სერიაში შედის ორი პროცესორი ექვსი ბირთვითა და თორმეტი ნაკადით. უფროსი მოდელი Ryzen 5 3600X-ის ტაქტის სიხშირეა 3,8–4,4 გჰც, აქვს 95-ვატიანი სითბური პაკეტი. უმცროს მოდელ Ryzen 5 3600-ს კი აქვს 3,6–4,2 გჰც/ 65-ვატიანი სითბური პაკეტი. ამ პროცესორების ფასებია 249 და 199 დოლარი, შესაბამისად. პრეზენტაციის მსვლელობისას AMD-მა დიდი ყურადღება დაუთმო ახალი ჩიპების წარმადობის საკითხს: კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ახალი 12-ბირთვიანი ფლაგმანი (Ryzen 9 3900X) 60%-ით სწრაფია Core i9-9900K-ზე Cinebench R20-ის მრავალნაკადიან ტესტში, ხოლო 1%-ით აღემატება Intel-ის ალტერნატივას ერთნაკადიან ტესტში. ბირთვების რაოდენობის გაზრდის გათვალისწინებით, ამგვარი შედეგები სავსებით ლოგიკურად ჟღერს. რვაბირთვიანი Ryzen 7 3800X-ის წარმადობაზე საუბრისას AMD-ს მიერ წარდგენილ იქნა შედარებული ტესტები: გასული თაობის Ryzen 7 2700X-თან შედარებით პოპულარულ თამაშებში ახალი ჩიპის წარმადობა 11-დან 34%-მდეა გაზრდილი. როგორც ჩანს, AMD-ის ჩიპები Intel-ის პროცესორებზე არანაკლებ კარგად შეძლებენ გეიმინგ-დატვირთვის ატანას. ყოველ შემთხვევაში, Ryzen 7 3800X-ის დემონსტირებამ PlayerUnknown's Battlegrounds-ში Core i9-9900K პროცესორთან მიახლოებული კადრის სიხშირე დააფიქსირა. მრავალნაკადიან ტესტში Ryzen 7 3800X-მა Core i9-9900K-ს 2%-ით გადააჭარბა, ერთნაკადიანში კი - 1%-ით. Ryzen 7 3700X-სა და Core i7-9700K ჩიპების შედარების შემთხვევაში კი მრავალნაკადიან წარმადობაში AMD-ის უპირატესობა 28%-ია. შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 3700X-ის ტიპური სითბოს გამოყოფა 65 ვატს შეადგენს იმ დროს, როდესაც Intel-ის პროცესორები 105-ვატიანი სითბური პაკეტის მქონეა. უფრო სწრაფი მოდელი Ryzen 7 3800X 105-ვატიანი სითბური პაკეტით კიდევ უფრო დიდი უპირატესობით სარგებლობს Core i7-9700K-ზე: სხვაობა 37%-ია მრავალნაკადიან ტესტში. საერთო ჯამში AMD-ის ჩიპების წარდგენამ ენთუზიასტთა რიგებში გამოცოცხლება გამოიწვია, თუმცა სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია: მაგალითად, აჩქარების პოტენციალის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. „იმისათვის, რომ ტექნოლოგიური ლიდერი გავხდეთ, უფრო დიდი ფსონია საჭირო“ - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ. იმ ფსონის დაძლევა კი, რაც კომპანიამ ამჯერად დადო, ახლო მომავალში ფაქტობრივად წარმოუდგენელია Intel-მა შეძლოს. https://3dnews.ru/988142
  18. ალბათ ყველას გსმენიათ Boring Company-ს შესახებ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ილონ მასკის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დამაინტრიგებელი ინფორმაცია, რომ მიუხედავად კრიტიკოსების სკეპტიციზმისა, ხსენებული კომპანიის ქმნილება Hyperloop არ აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე. ხანგრძლივი შეხვედრების შედეგად, Las Vegas Convention and Visitors Authority-ს დირექციამ ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს, რომლის თანახმადაც The Boring Company-მ უნდა გაიყვანოს გვირაბი ლას-ვეგასის ქვეშ 48,6 მილიონ დოლარად. კონტრაქტის მიხედვით გვირაბი 1328 მეტრი სიგრძის იქნება და შემდგარი იქნება სამი სადგურისაგან, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემასთან. მგზავრების გადაყვანის მთლიანმა ტრაფიკმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 4400 მგზავრი საათში, ამასთან, სამივე სადგური დაკავშირებული იქნება მაღალი სიჩქარის ლიფტთან. აუცილებელი პირობაა ესკალატორებისა და Wi-Fi-ს არსებობა, რომელმაც უნდა მოიცვას სადგურის მთელი ფართობი, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს ვიდეოდაკვირვების სისტემა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით. ილონ მასკის პროექტის საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ ლას-ვეგასის მერმა, კეროლაინ გუდმანმა გამოთქვა. მას სურდა, კონტრაქტი გაფორმებულიყო კომპანია Doppelmayr-თან. მაგრამ დირექტორთა საბჭომ უარი განაცხადა მისი წინადადების განხილვაზე, რადგანაც იგი ორჯერ ძვირი იყო მასკის შემოთავაზებასთან შედარებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგადად Boring Company-ს მიმართ ეჭვები მხოლოდ მერს არ აქვს: რადაგანაც მასკი აცხადებს, რომ აპირებს ათჯერ დააჩქაროს ბურღვის ვადები და თხუთმეტჯერ შეამციროს ხარჯები - ბევრს ეს სიტყვები ფანტასტიკად ეჩვენება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/26877/ilon-mask-nashel-klientov-na-svoj-pervyj-kommercheskij-tonnel
  19. GIGABYTE-ის ასორტიმენტში გამოჩნდა დედა დაფა B450M DS3H WIFI, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე აგებული კომპაქტური დესკტოპ-კომპიუტერებისათვის. ხსენებული დედა დაფის ფორმატი შეესაბამება Micro-ATX ფორმატს (244 × 215 მმ), მასში გამოყენებულია AMD B450 სისტემური ლოგიკის ნაკრები. შესაძლებელია Ryzen-ის მეორე თაობის პროცესორების დაყენება Socket AM4-ის შესრულებით. დედა დაფა, როგორც დასახელებიდანვე ჩანს, წარმოდგენილია Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერით. მხარდაჭერილია 802.11a/b/g/n/ac სტანდარტები და 2,4/5 გჰც სიხშირეების დიაპაზონი. აგრეთვე გათვალისწინებულია Bluetooth 4.2 კონტროლერი. დაშვებულია DDR4-2933/2667/2400/2133 ტიპის 64 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერების გამოყენება 4 × 16 კონფიგურაციით. M.2 კონექტორით შესაძლებელია 2242/2260/2280/22110 ფორმატის დრაივის მიერთება. დაფაზე ხელმისაწვდომია ოთხი სტანდარტული SATA 3.0 პორტიც. წარმოდგენილია ორი სლოტი PCI Express x16 და ერთი PCI Express x1, აგრეთვე მრავალარხიანი აუდიო კოდეკი Realtek ALC887 და გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Realtek GbE LAN. ინტერფეისების პანელზე მოცემულია კონექტორების შემდეგი ნაკრები: PS/2 კონექტორების ბუდე კლავიატურისა და მაუსისთვის, HDMI კონექტორი, ოთხი პორტი USB 3.1 Gen 1 და ოთხიც - USB 2.0/1.1, აგრეთვე დამაკავშირებელი ქსელური სადენისთვის, აუდიოკონექტორი და Wi-Fi-ს ანტენისთვის განკუთვნილი კონექტორები. https://3dnews.ru/988024
      • 1
      • Upvote
  20. კომპანია Opel-მა წარადგინა ელექტრო ავტომობილი Corsa-e. ახალ ელექტრომობილს აქვს დინამიური გარეგნული იერსახე და მასში შენარჩუნებულია წინა თაობებისათვის დამახასიათებელი კომპაქტური გაბარიტები. Corsa-e-ს სიგრძე 4,06 მეტრია და იგი გვევლინება, როგორც პრაქტიკული და კარგად ორგანიზებული ხუთადგილიანი ავტომობილი. როგორც მოგეხსენებათ, Opel ფრანგული მანქანათმშენებლობის კომპანია Groupe PSA-ის შვილობილი კომპანიაა და, აქედან გამომდინარე, ხსენებულ ელექტრომობილს მსგავსებები აქვს Peugeot e-208-სთან. მანქანის სახურავის ხაზი 48 მილიმეტრით დაბალია წინა მოდელთან შედარებით. ეს ცვლილება არაფრით აისახება მგზავრების კომფორტზე, რადგანაც მძღოლის სავარძელი 28 მილიმეტრით დაბლაა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ მართვის მოქნილობა და დინამიკა გაიზარდა იმის წყალობით, რომ სიმძიმის ცენტრმა ქვემოთ გადაინაცვლა. ელექტრომობილი აღჭურვილია სწრაფად რეაგირებადი და დინამიური მართვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ და მოსახერხებელ მგზავრობას. სალონის თანამედროვე დიზაინი შესაძლოა შეივსოს ტყავის სავარძლებით. Corsa-e ელექტრომობილის კონსტრუქციაში გამოყენებულია 50 კვტ.სთ. მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 330-კილომეტრიანი სვლის მარაგს. 30 წუთში შესაძლებელია ბატარეის ენერგიის 80%-მდე შევსება. ხსენებულ ელექტრომობილს შეუძლია 136 ცხენის ძალა სიმძლავრის განვითარება. მძღოლს შეუძლია გამოიყენოს თავისთვის ოპტიმალური რეჟიმები - Normal, Eco და Sport. 50 კმ/სთ. სიჩქარის განვითარებას მანქანა 2,8 წამში ახერხებს, 100 კმ/სთ. სიჩქარის გავითარებისათვის კი საჭიროა 8,1 წამი. Corsa-e წარმოდგენილია 7- ან 10-დუიმიანი სენსორული დისპლეითა და თანამგზავრული სანავიგაციო სისტემით. Opel-ის ახალი ელექტრომობილის შეძენა რამოდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. Corsa-e მობილის საცალო გასაყიდი ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://3dnews.ru/988053
  21. Huawei-ს ხელმძღვანელობამ როგორც კი განაცხადა, რომ აშშ მის შესაძლებლობებს ვერ აფასებს და ჩინელებს სმარტფონების გამოშვება საკუთარი განყოფილება HiSilicon-ის მონაწილეობითაც შეუძლიათ - ჩინურმა გიგანტმა მომენტალურად მიიღო დარტყმა „Cloud-ალბიონისაგან“ - აცხადებს BBC. ბრიტანულმა ჰოლდინგმა ARM-მა თავის თანამშრომლებს შორის გაავრცელა შეტყობინება, რომ უნდა შეწყდეს ნებისმიერი ფორმით თანამოქმედება Huawei-სა და მის განყოფილებებთან. ARM-ის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას ხსნის აუცილებლობით - იმოქმედოს ამერიკული ხელისუფლების შეზღუდვების შესაბამისად. ბრიტანელების მხრიდან მსგავსი სოლიდარობა აიხსნება არა პოლიტიკით, არამედ ARM-ის ინტელექტუალური საკუთრების ამერიკული წარმომავლობის გამოყენების საკითხით. BBC არ აკონკრეტებს, იქონია თუ არა ბრიტანეთის ხელისუფლებამ გავლენა ARM-ზე ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩინური ტექნოგიგანტის ქვეგანყოფილება HiSilicon, რომელიც მცირე ხნის წინ ნახევარგამტარი პროდუქციის უმსხვილეს მწარმოებელთა 15-ეულში შევიდა შემოსავლის მხრივ - დაკარგავს წვდომას ARM-პლატფორმასა და მის ეკოსისტემაზე, შედეგად კი Huawei ვეღარ შეძლებს თავისი მობილური პროდუქტების ხაზის განვითარებას ARM-არქიტექტურით. უკვე არსებულ მოდელებს არაფერი ემუქრება, ისინი კვლავ გამოვა ბაზარზე, მათ შორის მეტად პერსპექტიული პროცესორი Kirin 985-იც, თუმცა მის „შთამომავალს“ უკვე სხვა საბაზრო რეალიებზე მოუწევს გამოჩენა. ARM-ის თანამშრომლებს მიღებული აქვთ რეკომენდაცია - მაქსიმალურად ტაქტიანად უთხრან უარი Huawei-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობაზე. თავად ბრიტანული ჰოლდინგი ARM მცირე ხანია, რაც იაპონური კორპორაცია Softbank-ის საკუთრებაშია და ჯერჯერობით რთულია თქმა, როგორ აისახება ეს ფაქტი შექმნილ ვითარებაზე. ფაქტია, ARM-ის ზედა ინსტანციებიდან არავის შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამერიკის ხელისუფლებას. რაც შეეხება თავად Huawei-ს პოზიციას, იგი საკუთარ გზას დაადგა და აცხადებს რომ არ სჭირდება ოფიციალური ლიცენზია ამერიკისაგან. Huawei-ს მოწყობილობები აღარ მიიღებენ Android-ის განახლებას, ახალ მოდელებში კი Google Play საერთოდ აღარ იარსებებს. რამოდენიმე დღის წინ აშშ-მა ჩინურ კომპანიას მისცა დროებითი ლიცენზია, Huawei-ს დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ ეს უკვე საერთოდ არაფერს ნიშნავს კომპანიის განვითარებისათვის, რადგანაც კომპანიას უკვე აქვს საკუთარი ოპერაციული სისტემა სახელად HongMeng: სწორედ მისი მხარდაჭერა ექნება Huawei-ს აბსოლუტურად ყველა მოწყობილობას. ყველაფრიდან ჩანს, რომ Huawei საფუძვლიანად მოემზადა ამერიკის მხრიდან ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილებებისათვის. https://overclockers.ru/hardnews/show/97306/vtoroj-sokrushitelnyj-udar-po-huawei-nanosit-britanskij-holding-arm https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/26817/huawei-poshel-po-svoej-doroge-i-zajavil-chto-oficialnaja-licenzija-ot-ameriki-im-ne-nuzhna
  22. Opera უკვე რამდენიმე წელია ექსპერიმენტებს ატარებს ბრაუზერის სხვადასხვა ვერსიაში და ახდენს განსხვავებული ვარიანტების ტესტირებას. წარმოდგენილი იყო ბრაუზერი Neon უჩვეულო ინტერფეისით, აგრეთვე Reborn 3 - Web 3-ის მხარდაჭერით, კრიპტოსაფულითა და სწრაფი VPN-ით. ამჟამად კი კომპანია ამზადებს გეიმინგ-ბრაუზერს სახელად Opera GX. ახალი ბრაუზერის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად პროგრამას ექნება სინქრონიზაციის ფუნქცია RGB-განათებასთან, რაზეც მიანიშნებს ვებ-გვერდზე განთავსებული ბანერი. სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროგრამა გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება ონლაი-თამაშებისათვის. ცხადია, საუბარია Unity-ზე დაფუძნებული პროექტებზე. ბრაუზერის ტესტირება მალე დაიწყება, პროგრამაში ჩართვის ადრეული წვდომის მისაღებად საჭიროა ვებ-გვერდზე დარეგისტრირება. დიდი ალბათობით, ეს იქნება გარკვეულწილად Google Chrome-ის ანალოგი, რომელიც მოქმედებს პროექტ Google Stadia-ში. ტექნოლოგიური კომპანიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ cloud-თამაშებს, ამიტომ თამაშებზე ორიენტირებულ ბრაუზერს დღესდღეობით განსაკუთრებული პერსპექტივები აქვს. ბრაუზერები უკვე დიდი ხანია კომპიუტერების მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენენ. უამრავი ვებ-სერვისის წყალობით ისინი გვევლინება, როგორც სატესტო, გრაფიკული, აუდიო- და ვიდეორედაქტირების საშუალება. ასე, რომ Opera GX დიდ ინტერესს იწვევს - იქნება თუ არა წარმატებული ჩაფიქრებული ვერსია. https://3dnews.ru/987865
  23. Google-მა დააანონსა ბიზნესზე ორიენტირებული შერეული რეალობის სათვალის ახალი ვერსია, რომელიც გვევლინება, როგორც ექსპერიმენტალური, თუმცა ოფიციალური პროდუქტი. Glass Enterprise Edition 2 სათვალე 999 დოლარი ღირს, ისევე როგორც წინა ვერსია და იგი არ იყიდება პირდაპირ კლიენტებზე. ახალ სათვალეს ახალი პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებული კამერა, USB-C პორტი სწრაფი დატენვისათვის და მთელი რიგი სხვა განახლება. Google ახალ სათვალეს არ მიიჩნევს ძირითად პროდუქტად, თუმცა Glass Enterprise Edition 2-ის გაყიდვების გაუმჯობესებას ელის. მოწყობილობა დამზადდა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის საწარმოში. წარმოდგენილია საკმაოდ უბრალო იერსახის დისპლეი თვალების წინ. იგი არ წააგავს Microsoft Hololens-ის ტიპის შერეული რეალობის ჰედსეტებს. Google Glass-ს სამაგიეროდ აქვს მაღალი წარმადობა ჩიპ Qualcomm Snapdragon XR1-ის წყალობით, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად შერეული და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისათვის. Google აცხადებს, რომ XR1-ის სიმძლავრის წყალობით ახალ Glass-სათვალეს ექნება „კომპიუტერული ხედვა და მანქანური სწავლების გაფართოებული შესაძლებლობები“. Google-მა უკვე გამოუშვა Lens - სამომხმარებლო ინსტრუმენტი კომპიუტერული ხედვისთვის, რომელსაც აქვს ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა სიმბოლოების თარგმნა და რესტორნების რეკომენდაცია. Glass ახლა უკვე მუშაობს Android-ზე Android Enterprise Mobile Device Management-ის მხარდაჭერით. თავდაპირველად სათვალე გამიზნული იყო მასობრივი ბაზრისათვის, თუმცა წარუმატებელი განვითარების შემდეგ Google-მა გადაწყვირა მისგან შეექმნა ინსტრუმენტი ქირურგებისათვის, ფაბრიკის თანამშრომლებისათვის და სხვა სპეციალისტებისათვის. ორიგინალი ვერსია Explorer Edition 1500 დოლარი ღირდა - ახალი ვერსია კი ბევრად ხელმისაწვდომი იქნება. https://hi-news.ru/gadgets/google-predstavila-novuyu-garnituru-dopolnennoj-realnosti-glass-enterprise-edition-2.html
  24. კომპანია MSI-მა დაამზადა მონიტორი MAG321CURV, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-კლასის დესკტოპ-სისტემებთან გამოყენებისათვის. მონიტორის დიაგონალის ზომა 32 დუიმია, გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს, რაც შეესაბამება 4K ფორმატს. მოწყობილობას აქვს HDR მხარდაჭერა და sRGB ფერადი სივრცის 100%-იანი მოცულობა. სიკაშკაშე შეადგენს 300 კდ/ მ2 , კონტრასტულობა - 2500:1. მონიტორში წარმოდგენილია AMD FreeSync ტექნოლოგია. იგი პასუხისმგებელია კადრის განახლების სიხშირის სინქრონიზაციაზე გრაფიკულ ბარათსა და დისპლეის შორის. შედეგად უზრუნველყოფილია უწყვეტი, შეუფერხებელი გეიმინგ-პროცესი. პანელს გააჩნია მრავალფერიანი საფირმო განათება MSI Mystic Light. სადგამით შესაძლებელია დარეგულირდეს მონიტორის დახრის კუთხე და მისი სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან (130 მმ-ის ფარგლებში). MSI MAG321CURV მონიტორის ფასი უახლოეს დროში გახდება ცნობილი. https://3dnews.ru/987837
  25. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სანქციების გამო კომპანია Huawei საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მან მაინც არ გადადო ახალი ფლაგმანური Honor 20-სა და მისი გაუმჯობესებული ვერსიის - Honor 20 Pro-ს პრეზენტაცია. ისევე, როგორც გასულ წელს, Huawei-მ ამჯერადაც მკაფიოდ გამოჰყო ერთმანეთისგან ახალი მოწყობილობები და „ნამდვილი“ ფლაგმანები - P30 და P30 Pro: ახალი სმარტფონები მოკლებულნი არიან გარკვეულ მახასიათებლებს, თუმცა ფლაგმანური პლატფორმა მათში შენარჩუნებულია. Honor 20 და Honor 20 Pro სმარტფონების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი P30 და P30 Pro მოდელებისაგან მდგომარეობს უკანა კამერის სპეციფიკაციებში. Honor 20-ში გამოყენებულია ოთხი კამერისაგან შემდგარი მოდული. მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია და წარმოდგენილია Sony IMX586 სენსორით. მას ემატება 16+2+2 მეგაპიქსელიანი მოდულები. Honor 20 Honor 20 Pro მოდელს აქვს ისეთივე ძირითადი, მაკრო- და ფართოკუთხიანი მოდულები, როგორც ჩვეულებრივ Honor 20-ს. მეოთხე მოდული 8 მეგაპიქსელიანია და აქვს სამმაგი ოპტიკური Zoom. Pro-ვერსიის კამერები, განსხვავებით სტანდარტული მოდელისა, აღჭურვილია გამოსახულების სტაბილიზატორებით, გაუმჯობესებულია ავტოფოკუსიც. Honor 20 Pro ორივე სმარტფონს აქვს 6,26-დუიმიანი LCD დისპლეი 2340 × 1080 გაფართოებით. დისპლეის ზედა მარცხენა კუთხეში მოცემულია მრგვალი ჭრილი, რომელშიც განთავსებულია ფრონტალური კამერა. ეკრანს გარს აკრავს საკმაოდ თხელი ჩარჩოები, თავად დისპლეი ფრონტალური პანელის 91%-ს იკავებს. რადგანაც IPS-დისპლეიზე დაქტილოსკოპიური სკანერის ჩაშენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ორივე სმარტფონში იგი განთავსებულია გვერდით ნაწილზე ბლოკირების ღილაკთან ერთად. ორივე სმარტფონი აგებულია ფლაგმანურ პლატფორმა Kirin 980-ზე, რომელიც მოიცავს 8 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2,6 გიგაჰერცამდე. Honor 20 მოდელს აქვს 6-გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება, Honor 20 Pro-ს კი - 8/256 გიგაბაიტიანი, შესაბამისად. ხელმისაწვდომია microSD მეხსიერების ბარათის სლოტიც. სმარტფონების ფრონტალური კამერებიც განსხვავებულია: Honor 20-ს აქვს 24-მეგაპიქსელიანი, Pro-ვერსიას კი - 32-მეგაპიქსელიანი კამერა. ახალი სმარტფონების წარდგენა მოხდა იმ უსიამოვნო შემთხვევიდან მცირე ხანში, რაც გამოწვეული იყო აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულებით: გასულ კვირაში აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ჩინური ტექნოგიგანტი „შავ სიაში“ შეიყვანა და ამით ფაქტობრივად აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს Huawei-სთან მუშაობა. ამის გამო Huawei-ს ახალ მოწყობილობებს შესაძლო აღარ ჰქონდეთ Android-ის უსაფრთხოების განახლება და ვეღარ იმუშაონ Google-ის სერვისებთან. https://3dnews.ru/987839
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.