-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
არაკომერციული ორგანიზაცია WattTime, რომელიც დაკავებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებით, გამოიყენებს თანამგზავრული ვიზუალური დაზვერვის სისტემას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი სიზუსტით ჩატარდეს დაკვირვება ატმოსფეროს დაბინძურების დონეზე. დაკვირვება მოიცავს დედამიწაზე არსებული თითოეული ფაბრიკა-ქარხნიდან გამოსული მავნე გამონაბოლქვის მონიტორინგს რეალურ დროში. ამასთანავე, მიღებული მთელი ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება ინტერნეტში, რაც აამაღლებს გამჭვირვალობისა და ინფორმირებულობის დონეს. ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაბნევაზე არსებული სუსტი მონიტორინგი, აგრეთვე შედეგების ფალსიფიცირების არც თუ იშვიათი შემთხვევები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნების ხელისუფლებათა მიერ მიღებულ ზომებს გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის კუთხით. WattTime-ის მიერ შემუშავებული სისტემა კი ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრის საშუალებას გვპირდება. კომპანია აპირებს მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები წარუდგინოს არა მარტო მარეგულირებელ ორგანოებსა და პოლიტიკოსებს, არამედ სრული ინფორმაცია თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი და მის ნახვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. როდესაც საუბარი ეხება გარემოს დაცვას, საზოგადოების პასუხი უფრო რადიკალური იქნება, ვიდრე მარეგულირებელი ორგანოებისა. თუკი ადამიანებს ექნებათ აქტუალური და სანდო ინფორმაცია ადგილობრივი გარემოს დამაბინძურებელი წყაროს შესახებ, ისინი გაერთიანდებიან და შეძლებენ მოსთხოვონ ხელისუფლებას - მიიღოს ზომები პრობლემის მოსაგვარებლად. გაერთიანება და პრობლემების მოგვარებისათვის ბრძოლა კი სწორედ დროულია. State of Global Air-ის უკანასკნელი მონაცემების თანახმად ჰაერის დაბინძურების საკითხი მეხუთე ადგილზეა იმ მთავარ მიზეზებს შორის, რომლებიც ზრდის მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ყოველწლიურად 5 მლნ ადამიანი იღუპება, 147 მლნ კი ავადდება. ჰაერის დაბინძურების რეალურ დროში მონიტორინგისათვის WattTime აპირებს გამოიყენოს კოსმოსური თანამგზავრების ქსელი, რომელთა შორისაა ევროკავშირის „Copernicus“ და ამერიკული „Landsat“, აგრეთვე სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემები. ყველა საჭირო ინფორმაცია შეგროვდება კოსმოსური აპარატების მიერ სხვადასხვა სენსორის მეშვეობით. გამოსახულებები დამუშავდება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ალგორითმით, განისაზღვრება დაბინძურების ნიშნები ინფრაწითელი სენსორების მეშვეობით. საერთო სითბური მარკერების, კვამლისა და აზოტის ოქსიდზე დაკვირვების პარალელურად WattTime თითოეული საწარმოს მიერ გამოფრქვეული ნახშირორჟანგის რაოდენობასაც განსაზღვრავს და გამოაქვეყნებს საჯაროდ. სისტემა აგრეთვე შეაგროვებს ინფორმაციას წყლების დაბინძურების შესახებაც. პროექტს აფინანსებს Google.org - კომპანია Google-ის ფილანთროპული ფრთა, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სასარგებლო პროექტების რეალიზებაზე. WattTime გახდა Google-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის - AI Impact Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებული და გრანტის სახით მიიღო 1,7 მლნ დოლარი. WattTime-მა აგრეთვე ძლები გააერთიანა კომპანია Carbon Tracker-თან, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ენერგომომპოვებელი სექტორის ეფექტურობის ფინანსური ანალიზით, აგრეთვე მსოფლიო რესურსების ინსტიტუტთან, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას ფლობს დედამიწაზე არსებული ყველა ენერგომომპოვებელი სადგურის შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, WattTime არაკომერციული ორგანიზაციაა. ამჟამად იგი იმყოფება Rocky Mountain Institute-ის პატრონაჟის ქვეშ. მისი ბოლო ქმნილებაა სისტემა Automated Emissions Reduction (AER). პროგრამა იყენებს ენერგოქსელების ინფორმაციას რეალურ დროში და მანქანური სწავლების ტექნოლოგიის დახმარებით განსაზღვრავს დროის რომელ მონაკვეთში იწარმოება „უფრო სუფთა ენერგია“. შემდეგ ეს ინფორმაცია გამოიყენება ენერგომოხმარების ავტომატურ რეგულირებაში ამა თუ იმ დროს, შედეგად კი შესაძლებელი ხდება ნახშირბადის შემცველი გამონაბოლქვის მაქსიმალურად შემცირება. სისტემა AER მთლიანად ავტომატიზირებულია: იგი დამოუკიდებლად მოქმედებს და არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას. https://hi-news.ru/technology/sputniki-i-ii-smogut-sledit-za-vrednymi-vybrosami-kazhdoj-fabriki-na-zemle.html
-
მიმდინარე კვირაში გერმანიაში ამოქმედდა eHighway გზატკეცილი, რომელიც წარმოდგენილია სპეციალური კონტაქტური ქსელით, რისი მეშვეობითაც სიარულისას იმუხტება ელექტრო სატვირთოები. გზატკეცილი ფრანკფურტის სამხრეთში მდებარეობს და მისი სიგრძე 10 კილომეტრია. ამგვარმა ტექნოლოგიამ ტესტირება უკვე გაიარა შვედეთსა და ლოს-ანჯელესში, თუმცა გზის უფრო მოკლე მონაკვეთებზე. რამდენიმე წლის წინ დიზელზე მომუშავე სატვირთოების მიერ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივის ფარგლებში კომპანია Siemens-მა და მძიმე სატვირთოების მწარმოებელმა Scania-მ გააერთიანეს ძალისხმევა, რათა მოეხდინათ სატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურიობის რეალიზაცია. მათ მიერ შექმნილი ჰიბრიდული სატვირთო მანქანა ენერგიას იღებს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებიდან, რომლებიც გადაჭიმულია ჩვეულებრივი მაგისტრალების თავზე. შესაბამისად, ამგვარი მიდგომით ისინი ემსგავსება სისტემებს, რომლებიც უკვე გამოყენებულია ტრამვაებისა და ელექტრომატარებლების კვებისათვის. https://3dnews.ru/987151
-
ინვესტორებისათვის გამართულ ღონისძიებაზე კორპორაცია Intel-მა მაქსიმალურად კონკრეტული გეგმები წარუდგინა მათ, ვინც დაინტერესებულია მისი პროდუქციით. კომპანის ხელმძღვანელმა Robert Swan-მა განაცხადა, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი Ice Lake პროცესორების დებიუტი შედგება მიმდინარე წლის ბოლოს, თავად პროცესორები კი ფორმალურად ივნისშივე იქნება წარმოდგენილი. მომდევნო წლის პირველ ნახევარში გამოვა 10-ნანომეტრიანი სერვერული პროცესორები Ice Lake-SP, 2021 წელს კი კომპანია წარადგენს პირველ 7-ნანომეტრიან პროდუქტებს, აგრეთვე დაიწყებს მათ მასიურ წარმოებას. 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული პირველი პროდუქტი იქნება დისკრეტული გრაფიკული პროცესორი, რომელიც გამოყენებას ჰპოვებს ხელოვნური ინტელექტის სფეროსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში. ცნობილია ისიც, რომ ერთი წლით ადრე, 2020 წელს Intel გამოუშვებს 10-ნანომეტრიან გრაფიკულ პროცესორს. დიდი ალბათობით, იგი გამოყენებული იქნება სამომხმარებლო სექტორის მოწყობილობებში, 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი კი განკუთვნილი იქნება სერვერულ გადაწყვეტილებებისა და გამოთვლის დაჩქარებისთვის. როგორც ცნობილია, ახალ პროდუქტებში გამოყენებული იქნება ე.წ. ჩიპლეტები, აგრეთვე, პირველივე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესში Intel გამოიყენებს EUV-ლითოგრაფიას. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იგი პროცესორების შემუშავებას ოთხჯერ გაამარტივებს, ორჯერ გაზრდის ტრანზისტორების განთავსების სიმჭიდროვეს, ვატებში გათვლილი სიმძლავრე კი 20%-ით გაიზრდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამოსახულებიდან როგორც ჩანს, Intel აპირებს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ყოველ წელს განახლებას, შესაბამისად, 2023 წლისთვის იგი სამ თაობას შეიცვლის. https://overclockers.ru/hardnews/show/97095/intel-planiruet-osvoit-7-nm-tehprocess-k-2021-godu-pervencem-budet-graficheskij-processor
-
კომპანია AMD-მა საზოგადოებას აცნობა უმნიშვნელოვანესი კონტრაქტის დადების შესახებ: Cray-სთან ერთად იგი დაკავდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის სუპერკომპიუტერ Frontier-ის აწყობით. დამკვეთი აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროა, სისტემის ექსპლუატაციას კი განახორციელებს ოკ-რიჯის ეროვნული ლაბორატორია: სუპერკომპიუტერს გამოიყენებენ ამინდის პროგნოზირებისათვის, გენეტიკური და ბიოლოგიური კვლევებისათვის, ენერგიის ახალი წყაროების ძიებისათვის. Frontier-ის წარმადობა გადააჭარბებს 1,5 ექსაფლოპსს (1 500 000 000 000 000 000 ოპერაცია წამში). AMD ამ სუპერკომპიუტერის შექმნისათვის წარადგენს სპეციალური შეკვეთის EPYC-პროცესორებს Zen 2-ის შემდგომი არქიტექტურით. როგორც ჩანს, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ადაპტირებადი არქიტექტურა Zen 3, რომლის სამომხმარებლო სექტორზე დებიუტიც დაგეგმილია 2020 წლისათვის. სუპერკომპიუტერისათვის ასევე სპეციალური შეკვეთით დამზადდება Radeon Instinct სერიის გამომთვლელი ამაჩქარებლებიც. სავარაუდოდ, ეს არ იქნება არც უკვე არსებული და არც სამომავლო Navi არქიტექტურა. ცნობილია, რომ ახალი ამაჩქარებლების ბაზაზე მოქმედი გრაფიკული პროცესორები გამოიყენებენ HBM ტიპის მეხსიერებას, თუმცა მათი თაობა ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. დამკვეთმა იმედი გამოთქვა, რომ NVIDIA-ს კონკურენტის შემოსვლა სუპერკომპიუტერების სეგმენტზე უზრუნველყოფს ამგვარი სისტემების შექმნისათვის საჭირო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად გამოყენებას. https://overclockers.ru/hardnews/show/97081/moschnejshij-superkompjuter-mira-budet-osnovan-na-processorah-amd-s-arhitekturoj-zen-3
-
CES 2019 გამოფენაზე კომპანია Intel-მა განაცხადა, რომ აამოქმედებს ახალ ინიციატივას კოდური სახელით „Project Athena“, რომელიც ორიენტირებული იქნება - პორტატული კომპიუტერების მწარმოებლებს დაეხმაროს მომდევნო თაობის Ultrabook-ების აწყობაში. ამჯერად კომპანია უკვე სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და განაცხადა პროექტის ფარგლებში ლაბორატორიების ქსელის გახნის შესახებ. მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ასეთი ლაბორატორიები გამოჩნდება შანხაისა და ტაიბეიში არსებულ Intel-ის საწარმოებში, აგრეთვე ქალაქ ფოლსომში კომპანიის ოფისში, კალიფორნიის შტატში. ასეთი ლაბორატორიების შექმნის მიზანი ის არის, რომ Intel-ი დაეხმაროს პარტნიორებს ახალი თაობის თხელი და მსუბუქი პორტატული კომპიუტერების შექმნაში. Project Athena-ს ლაბორატორიებში კომპანია ასევე აპირებს ორიგანიზება გაუკეთოს დამოუკიდებელი მწარმოებლების კომპონენტების ტესტირებებს, თუკი ისინი პროექტის ჩარჩოებში ჯდება. Intel-ის პარტნიორ ყველა მსხვილ კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი ინჟინრების გუნდი ჰყავთ, არ შეუძლიათ შეასრულონ პორტატული კომპიუტერების წარმოების სრული ციკლი ნულიდან. სწორედ ასეთ კომპანიებს შეეწყობა ხელი Athena-ს ლაბორატორიები: Intel-ის ინჟინრები პარტნიორებს დახმარებას გაუწევენ დაპროექტებაში. იმის წყალობით, რომ Intel-ი შეამოწმებს გარე მწარმოებლების აღჭურვილობას მათი მოთხოვნილებების შესაბამისად, პარტნიორები თავისუფლად შეძლებენ თავიანთ ნაკეთობებში გამოიყენონ ეტალონური დიზაინი და დადასტურებული კომპონენტები. Project Athena-ს ფარგლებში დამზადებული პირველი ლეპტოპები 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა. პროგრამაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიები: Acer, ASUS, Dell, HP, Lenovo, Microsoft, Samsung, Sharp და Google-იც კი. ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ჩატარდა სპეციალური სიმპოზიუმი, სადაც განხილულ იქნა პირველი ეტაპის სისტემებთან დაკავშირებული საკითხები. კომპანია უდიდეს ყურადღებას უთმობს ამ ინიციატივას, რადგან სურს თავის პლატფორმაზე აწყობილი მომდევნო თაობის თხელი და მსუბუქი ლეპტოპები ახალ ორიენტირად აქციოს წარმოებაში: ამგვარ სისტემებს უნდა ჰქონდეთ არა მარტო უფრო თანამედროვე მახასიათებლები, არამედ ისინი ხელმისაწვდომიც უნდა იყოს ფასის მხრივ. უკვე ცნობილია საბაზისო პრინციპები, რომელთა თანახმადაც უნდა აიწყოს ლეპტოპები Project Athena-ს ფარგლებში: მოწყობილობები მუდმივად უნდა იყოს ქსელთან კავშირში და ჰქონდეთ რაც შეიძლება ხანგრძლივი მოქმედების ბატარეა. ასეთი მოდელები აიწყობა Intel Core U და Y ენერგოეფექტურ პროცესორებზე, ასევე უნდა იწონიდნენ 1,3 კილოგრამზე ნაკლებს და უნდა შეესაბამებოდნენ ეკრანის დაშვებული სიმკვეთრის დონეს. Intel-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მომდევნო თაობის პორტატული კომპიუტერებისგან არ ელიან რაიმე რადიკალურ გარღვევას მახასიათებლების მხრივ. ამ ეტაპზე საუბარი ეხება უფრო თანამედროვე დიზაინს, გაუმჯობესებულ წარმადობასა და ავტონომიურობას. Intel-ს სურს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გადაიჭრას დიზაინთან დაკავშირებული პრობლემები და ლეპტოპები იყოს სწორად დაპროექტებული და კონფიგურირებული. თანაც ეს პირობები უნდა შესრულდეს არა მარტო წამყვანი კომპანიების მოწყობილობებში, არამედ მეორე რანგის მწარმოებლებშიც. https://3dnews.ru/987141
-
ტურისტულმა კომპანია Maid of the Mist-მა შექმნა მთლიანად ელექტრო ხომალდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ტურისტების გადაყვანა ნიაგარას ჩანჩქერთან თანაც ნულოვანი მავნე გამონაბოლქვით. კატამარანის ტიპის ხომალდი იწყობა Maid of the Mist-ის ქარხანაში, ვირჯინიის შტატში. თუკი კომპანია შეძლებს გეგმის წარმატებით განხორციელებას, მისი ხომალდები იქნება აშშ-ში აწყობილი პირველი მთლიანად ელექტრო გემები. ხომალდებში გამოყენებული იქნება ლითიუმ-იონური აკუმულატორები სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით. ბატარეის 80%-მდე დატენვისათვის საკმარისი იქნება მხოლოდ შვიდი წუთი - ამტკიცებს კომპანია. გემები იგება მოდულების სახით, რომლებსაც ნიაგარას ჩანჩქერის აკვატორიაში თვის ბოლოს გადაიტანენ საბოლოო აწყობისათვის. დაგეგმილია, რომ მათი გამოყენება დაიწყება სექტემბრიდან და ისინი ჩაანაცვლებენ ორ მოძველებულ გემს, რომლებიც აიგო 1990 და 1997 წლებში. https://hightech.fm/2019/05/07/niagara-waterfall
-
GitHub-ზე კოდის წაშლის ასობით შემთხვევა იქნა აღმოჩენილი. კოდი ჩანაცვლებულია ტექსტით, სადაც უცნობი ჰაკერი იმუქრება, რომ წაშლის ან გაასაჯაროვებს მონაცემებს, თუკი მფლობელი მას არ გადაურიცხავს 0,1 Bitcoin-ს დათქმულ ვადაში. საიტის მფლობელებმა ვერ აღმოაჩნეს, როგორ ტყდება ექაუნთები. ჰაკერები კოდებს შლიან პროგრამული უზრუნველყოფის საწარმოო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა GitHub-იდან და BitBucket-იდან - ეს არის სერვისი ანალოგიური მომსახურებებით. GitHub ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებს თხოვნას - გააკეთოს რაიმე კომენტარი. გატეხვის შესახებ ცნობილი გახდა Reddit-ის მომხმარებლისაგან, რომელმაც კიბერშეტევის შესახებ გაფრთხილება აღმოაჩინა. მასში მოცემული იყო, რომ მისი კოდების საცავი გატეხეს, კოდი კი წაშალეს. ბოროტმოქმედმა დატოვა შეტყობინება, რომელშიც აღნიშნა, რომ მას უნდა გაუგზავნოს მფლობელმა 0.1 Bitcoin და დაწეროს წერილი თავისი ლოგინით. ამის შემდეგ ჰაკერი პირობას დებს, რომ კოდს დააბრუნებს. იგივე პრობლემა ჯამში შეეხო დაახლოებით 300 მომხმარებელს. ონლაინ-ანგარიშების მონაცემებზე დაყრდნობით კიბერუსაფრთხოების სფეროს მკვლევარი ჯერემი ჰელოუეი კი აცხადებს, რომ მისი შეფასებით მსხვერპლის რიცხვი ათასს აღემატება. ამ დროისათვის გაურკვეველია, როგორ ახერხებენ ჰაკერები ექაუნთების გატეხვას. ასეულობით დაზარალებულის არსებობის მიუხედავად ჰაკერების Bitcoin-საფულეს გამოსასყიდის სახით მხოლოდ ერთი გადახდის საფასური შეემატა. https://hightech.fm/2019/05/04/github-2
-
- 1
-
-
ავტომობილებისადმი არაგულგრილ ნებისმიერ ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ლოს-ანჯელესში არსებული პეტერსენის საავტომობილო მუზეუმი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობაა ამჟამად, რადგანაც რამოდენიმე დღის წინ გაიხსნა გამოფენა Hollywood Dream Machines: სატრანსპორტო საშუალებები სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის ფილმებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილია 50-ზე მეტი სხვადასხვა ავტომობილი პოპულარული ფილმებიდან. ალბათ ყველას აქვს ნანახი „Star Wars”, “Blade Runner”, Jurassic Park”, “Mad Max” და უამრავი სხვა. ყველა კინომანი იცნობს ავტომობილ DeLorean-ს ფილმიდან „Back To The Future”, ფუტურისტულ მოტოციკლს ფილმიდან „Tron: Legacy”, ასევე ჯავშანმანქანას “Prometheus”-იდან. პეტერსენის საავტომობილო მუზეუმის დირექტორმა ტერი კარგესმა პორტალ Gizmodo-სთან აღნიშნა, რომ ეს გამოფენა ყველაზე მასშტაბურია შენობის 25-წლიანი ისტორიის მანძილზე. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ იხილონ საკულტო ავტომობილების მოდელები, აგრეთვე ისარგებლონ შერეული რეალობის ტექნოლოგიით (გამოიყენება Microsoft Hololens სათვალე) და მონაწილეობა მიიღონ ვირტუალურ ექსკურსიაში, სადაც შეაფასებენ ფანტასტიკური ავტომობილების ესთეტიკას. ქვემოთ წარმოდგენილია ექსპონატების მხოლოდ რამოდენიმე მოდელი: ტრანსპორტერი Weyland RT01 ფილმიდან: “Prometheus“ (2012) AMT Piranha ფილმიდან: “ The Man from U.N.C.L.E.” (2015) DeLorean ფილმიდან: “Back To the Future” (1985) Shala Vette ფილმიდან: “Death Race 2000“ (1975) Skynet-ის მოტოციკლი ფილმიდან: “Terminator: Salvation” (2009) Ford Explorer XLT Tour Vehicle #07 ფილმიდან: „Jurassic Park” (1993) მოტოციკლი ფილმიდან: „Tron: Legacy” (2010) Lexus LC 500 ფილმიდან“: „Black Panther” (2018) Knight Rider Pontiac Firebird სერიალიდან: „Knight Rider“ (1982–1986) ბეტმობილი ფილმიდან: “Batman” (1966) მოტოციკლი ჰოლივუდური ადაპტაციიდან: „Ghost in the Shell“ (2015) Jaguar XKR ფილმიდან: “Die Another Day” (2002) სპინერი ფილმიდან: „Blade Runner 2049” (2017) Mach 5 ფილმიდან: „Speed Racer“ (2008) პოლიციის ავტომობილი ფილმიდან: “Back to the Future 2” (1989) Roadster Lexus ფილმიდან: “Minority Report” (2002) დეკარდის სედანი (1982) კიდევ ერთი ბეტმობილი ფილმიდან: „Batman” (1989) გამოფენაზე შესასვლელი ბილეთის ფასია 11 დოლარი (ბავშვებისათვის) და 16 დოლარი მოზრდილებისათვის. https://hi-news.ru/entertainment/galereya-otkrylas-vystavka-futuristicheskix-avtomobilej-iz-razlichnoj-nauchnoj-fantastiki.html
-
ინტერნეტ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Facebook-ის ათასობით გარე თანამშრომელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიხილავს და ახდენს მომხმარებლების შეტყობინებების მარკირებას Facebook-სა და Instagram-ზე. ასევე ცნობილია, რომ ამგვარი საქმიანობა ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის სწავლებისა და მომხმარებლების ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ თანამშრომლები კითხულობენ არა მარტო საჯარო, არამედ პირად შეტყობინებებსაც, ეს საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს კონფიდენციალურობის დარღვევად. წყაროების შეტყობინებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ 260-მა თანამშრომელმა მილიონობით შეტყობინების მარკირება მოახდინა ინდოეთში ჯერ კიდევ 2014 წელს. ისინი განიხილავენ შეტყობინების თემას, მისი დაწერის მიზეზს, აფასებენ ავტორის განზრახვას. დიდი ალბათობით, კომპანია Facebook ამ მონაცემებს იყენებს ახალი ფუნქციების შემუშავებისათვის და იმ მოგების გაზრდისათვის, რომელსაც იღებს სოციალურ ქსელებში განთავსებული რეკლამებისაგან. მთელ მსოფლიოში დაახლოებით 200 ასეთი პროექტი მოქმედებს, რომლებშიც ხდება მომხმარებლების მარკირებული შეტყობინებების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემების სწავლებისათვის. აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა იშვიათობას არ წარმოადგენს და უამრავ დიდ კომპანიას ჰყავს სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულნი არიან „მონაცემების ანოტაციით“. ცხადია, პოპულარული სოციალური ქსელების მომხმარებლები ვერ იგრძნობენ თავს მშვიდად. ცნობილია, რომ ზემოთხსენებული ინდოეთის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლებს წვდომა აქვთ მომხმარებელთა შეტყობინებებთან, სტატუსის განახლებასთან, ფოტოებისა და ვიდეოების მასალებთან, მათ შორის იმ კონტენტთანაც, რასაც კერძო ჩატში გზავნიან მომხმარებლები. https://3dnews.ru/987032
-
პოლიციის თანამშრომლები ყოველდღე ათასობით მძღოლს აჩერებენ საგზაო წესების დარღვევისთვის. თითოეული შემთხვევა შესაძლებელია გახდეს კონფლიქტის მიზეზი, რომლის შედეგადაც როგორც წესრიგის დამცველმა, ასევე დამრღვევმა მიიღოს დაზიანება. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - SRI International-ის თანამშრომელი რუბენ ბრიუერი თვლის, რომ მისი გუნდის მიერ შექმნილი რობოტი შეძლებს ამ პრობლემის გადაჭრას. ნაცვლად იმისა, რომ მიუახლოვდნენ გაჩერებულ ავტომობილს, პოლიციელები შეძლებენ საქმე მიანდონ რობოტს, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერითა და მართვის მოწმობის სკანერით. მოძრავი კონსტრუქცია მაგრდება პოლიციის ავტომობილის გვერდით ნაწილზე. კანონდამრღვევის გაჩერებისას კი რობოტი დაგრძელდება დამღვევის ფანჯარამდე. ინტეგრირებული კამერისა და დისპლეის წყალობით ორი ადამიანი შეძლებს ერთმანეთთან ისაუბროს დაშორებული მანძილიდან. სპეციალური სკანერის მეშვეობით პოლიციელი შეძლებს შეისწავლოს დამრღვევის დოკუმენტები, პრინტერით კი ჯარიმა გამოიწერება. გამორიცხულია კანონდამრღვევებმა შეძლონ გაჩერების ადგილიდან გაქცევა, რადგანაც რობოტი-პოლიციელი ავტომობილის ქვეშ წვეტიან საფენს განათავსებს. თუკი მძღოლი მაინც გარისკავს გაქცევას, გახვრეტილი ცალი საბურავით შორს მაინც ვერ წავა. არ არის გამორიცხული, რომ განსაკუთრებულად ურჩმა კანონდამრღვევებმა რობოტის დამტვრევაც მოინდომონ, თუმცა ეს კარგი არაფრით დამთავრდება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მსოფლიოში პირველი რობოტი-პოლიციელი. ჯერ კიდევ 2017 წელს დუბაის პოლიციამ თავის რიგებში აიყვანა რობოტიზებული დამხმარე RoboCop, რომელიც მართალია ისევე არ გამოიყურება, როგორც ამავე სახელობის ცნობილი ფილმის პერსონაჟი, თუმცა მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს ასრულებს. https://hi-news.ru/robots/video-robot-policejskij-proveryaet-dokumenty-avtomobilistov.html
-
ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ კაცობრიობა სრული სვლით მიიწევს ნულოვანი ტოქსიკური გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე გადასვლისაკენ. თუმცა სულ სხვა საქმეა, როდესაც კონკრეტული ქალაქი ზუსტ თარიღს ასახელებს, თუ როდის გაქრება მისი ქუჩებიდან შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილები. ერთ-ერთი ასეთია ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი. 2030 წლიდან გამონაბოლქვის მილსადენის მქონე ავტომობილები ვეღარ იმოძრავებენ ამსტერდამში მცირე ხნის წინ ამსტერდამის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2030 წლიდან ქალაქში აიკრძალება ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანები. მიზნამდე მისვლას მეგაპოლისი ეტაპობრივად აპირებს, პირველი ეტაპი მომდევნო წელსვე დაიწყება: ქალაქის ქუჩები დაიკეტება დიზელის ძრავზე მომუშავე იმ ავტომობილებისათვის, რომლებიც გამოშვებულია 2005 წლამდე. მეორე ეტაპი დაიწყება 2022 წელს - დედაქალაქის ცენტრში აიკრძალება ატმოსფეროს დამაბინძურებელი ავტობუსების გადაადგილება, 2025 წლიდან კი ამსტერდამში დაუშვებელი იქნება შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოპედისა და კატერის გამოყენება. მოქალაქეების ელექტრომობილებზე გადასვლისათვის ამსტერდამის ხელისუფლებას მოუწევს რვაჯერ გაზარდოს ელექტრო დამტენი სადგურების რაოდენობა უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ამსტერდამის უამრავი მაცხოვრებელი და სტუმარი ქალაქში გადასაადგილებლად ველოსიპედს იყენებს. თუმცა ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა აზრით საავტომობილო-საწყლოსნო გზებზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც გამონაბოლქვით წამლავს ჰაერს და ქალაქის მაცხოვრებლების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. ბენზინისა და დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების ალტერნატივად მოქალაქებს შემოთავაზებული ექნებათ 2030 წლიდან გამოიყენონ ელექტრომობილები ან წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. ამ პროგრამის რეალიზაციისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხარჯი ელის 23 ათასი დამტენი სადგურის გასახსნელად - მიიჩნევენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ამჟამად ამსტერდამში მოქმედი დამტენი სადგურების რიცხვი მხოლოდ 3 ათასია. გარდა ამისა, ელექტრომობილები და სხვა ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებები გაცილებით ძვირი ღირს ბენზინის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით და ამის გამო შესაძლოა მაცხოვრებელთა ნაწილისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს. https://3dnews.ru/986997
-
Pine64 გუნდმა, რომელიც ცნობილია თავისი აპარატული გადაწყვეტილებებითა და Linux-კომპიუტერებით, წარადგინა ლეპტოპ Pinebook Pro-ს პროტოტიპი, რომელიც 200 აშშ დოლარად გაიყიდება. პროექტის მონაწილეებმა არა მარტო მოწყობილობის დემონსტრირება მოახდინეს, არამედ გაასაჯაროვეს მისი ტექნიკური მახასიათებლები. ლეპტოპის დისპლეის დიაგონალი 14 დუიმს შეადგენს. გამოყენებულია IPS ფორმატის Full HD პანელი, რომლის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია მაგნიუმის მტკიცე შენადნობისაგან. ლეპტოპი წარმოდგენილია Rockchip RK3399 პროცესორით. ეს ჩიპი შეიცვას ექვს ბირთვს ტაქტის სიხშირით 2.0 გიგაჰერცამდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს - ARM Mali-T860MP4. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვისათვის განკუთვნილია 64-გიგაბაიტიანი eMMC ფლეშ-მოდული. შესაძლებელია დამატებით SSD ბარათისა და microSD ფორმატის ბარათის გამოყენება. მოწყობილობა მოიცავს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერებს, USB 3.0, USB 2.0 პორტებს, USB Type-C-ს, სტერეოდინამიკებსა და ა.შ. კვებაზე პასუხისმგებელია 10 ათასი მა/სთ. მოცულობის ბატარეა. Pinebook Pro ლეპტოპის გაყიდვები დაიწყება უახლოეს თვეებში. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება Ubuntu Linux ან Debian პლატფორმაზე. https://3dnews.ru/986991
-
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ფლაგმანურ კონტექტსში ვერც ერთი კომპანია უწევს კონკურენციას Apple-ის გაყიდვებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბოლო პერიოდში სულ უფრო ცოტა სმარტფონს ყიდის, iPhone მსოფლიოში ჯერჯერობით მაინც ყველაზე კარგად გაყიდვადი ტელეფონია. სიტუაცია არც გასულ წელს შეცვლილა. სმარტფონების ბაზრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წლის ყველაზე კარგად გაყიდვადი მოდელი იყო ფლაგმანური iPhone X. პოპულარობით მეორე ადგილზე წარმოდგენილია iPhone 8, ლიდერებში მესამე კი გახლავთ iPhone 8 Plus. iPhone-ის ამ სამი გაყიდული მოდელის ერთობლივი რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონი ერთეულია. მეოთხე ადგილი ერგო iPhone 7-ს. ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე ყველაზე კარგად გაყიდვად სმარტფონს საერთო რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილი ერგო. ეს არის საბაზისო სეგმენტის წარმომადგენელი Xiaomi Redmi 5A. კვლევის თანახმად, გასული წლის განმავლობაში გაიყიდა 20 მლნ ერთეული Redmi 5A. ჩინურ Xiaomi-ს რეიტინგში მოსდევს სამხრეთკორეული სმარტფონი: მეექვსე ადგილზეა ფლაგმანი Samsung Galaxy S9, რომელიც გასული წლის დასაწყისში დაანონსდა. ტოპ-10-ში აგრეთვე შევიდა iPhone Xs და iPhone Xr – გასულ წელს ჯამში გაიყიდა ამ ორი მოდელის 32 მლნ ერთეული (ერთად). ათ ყველაზე კარგად გაყიდვად სმარტფონს შორის ვერ მოხვდა Huawei. გასულ წელს ყველაზე კარგად ამ კომპანიის არაფლაგმანური მოწყობილობები იყიდებოდა. ცალკეულ სმარტფონებს შორის გაყიდვებით კი ლიდერობს Huawei P20 Lite. Counterpoint-მა ცალკე გამოაქვეყნა სმარტფონების ბაზრის ჩინური სეგმენტის კვლევის შედეგებიც. როგორც აღმოჩნდა, ჩინეთში ყველაზე კარგად იყიდებოდა OPPO R15. მის გარდა ჩინეთის მაცხოვრებლები აქტიურად ყიდულობდნენ iPhone X-ს, OPPO A5-ს, OPPO A83-სა და vivo X2-ს1. ტოპ-ათეულში ასევე შევიდა iPhone 8 Plus, vivo Y85, OPPO A72, Xiaomi Redmi 5 Pus და OPPO R11s. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26324/v-top5-samyh-prodavaemyh-smartfonov-2018-goda-4-mesta-zanjali-iphone
-
კოსმოსური სააგენტო NASA აქტიურად ემზადება მისია “Mars-2020”-სათვის. დაგეგმილია, რომ 2021 წლის თებერვალში კოსმოსური აპარატი მიაღწევს წითელ პლანეტას და გადავა შემდგომ, უფრო სახიფათო ფაზაში - „შეჯახება“ ატმოსფეროსთან. ეს ყველაფერი განხორციელდება 19 300 კმ/სთ. სიჩქარით, ამიტომაც გავარვარებული ჰაერისაგან მარსმავალის დაცვისათვის საჭირო იქნება სპეციალური ფარი. იგი უკვე დამზადდა კომპანია Lockheed Martin-ის მიერ და წარმატებით გაიარა შესამოწმებელი გამოცდები. აბლაციური ფარის სიგანე 4,5 მეტრს შეადგენს, ამიტომ მარსზე დაშვება ურთულესი ამოცანა იქნება. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად NASA-ს და Lockheed Martin-ს მოუწიათ ჩაეტარებინათ მთელი რიგი გულმოდგინე შემოწმებები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რამდენად შეძლებდა ფარი გამკლავებოდა თერმულ და თერმომექანიკურ დატვირთვას. საიმედოობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ვაკუუმის ტუმბოები, რომლებიც ახდენდნენ 63 500 კგ. დატვირთვის მოდელირებას. ამასთან, მკვლევარები აკონტროლებდნენ ფარის მდგომარეობას ციფრული გამოსახულების კორელაციის ტექნოლოგიით. ამისათვის ფარის ზედაპირზე მიმაგრებული იყო სპეციალური ფირფიტა, რომელზე დატოვებული კვალითაც იქმნებოდა დატვირთვისგან მიღებული დეფორმაციების სამგანზომილებიანი რუკა. ამგვარი მიდგომით შესაძლებელი გახდა თვალ-ყური ედევნებინათ ფარის მთლიანი ზედაპირისათვის და არა მხოლოდ მისი ცალკეული მონაკვეთებისათვის. „წარსულში ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ფოტოგრამმეტრიის ეს მეთოდი გამოსაცდელ ნაკეთობებზე, თუმცა ეს პირველი წარმატებული რეალიზაციაა ოფიციალურ აღჭურვილობაზე. ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს ტესტირების მსვლელობისას დავიცვათ აღჭურვილობა და რაც მთავარია - მოგვაწვდის მონაცემებს ჩვენი პროექტირების ინსტრუმენტებისა და ანალიზის გასაუმჯობესებლად“ - აცხადებს NASA-ს საავიაციო-კოსმოსური ინჟინერი. ინჟინრები და მკვლევარები პირდაპირი მნიშვნელობით თითოეულ ჭანჭიკს ამოწმებენ, რადგანაც აპარატს მოუწევს კოსმოსური „საშინელების შვიდი წუთის“ გადატანა. https://hi-news.ru/space/teplovoj-shhit-mars-2020-gotov-k-stolknoveniyu-s-atmosferoj-krasnoj-planety.html
-
თანამედროვე პროცესორებში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომთვლელი ბირთვების რაოდენობა, შესაბამისად, ამასთან ერთად მოიმატა სითბოს გამოყოფამაც. ზედმეტი რაოდენობის სითბოს გაფანტვა პრობლემას არ წარმოადგენს დესკტოპ-კომპიუტერებში, რომლებიც ტრადიციულად წარმოდგენილია დიდი ზომის კორპუსებით. თუმცა ლეპტოპებში, განსაკუთრებით კი თხელ მოდელებში მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა საკმაოდ რთულ ინჟინრულ ამოცანას წარმოადგენს, რისთვისაც საჭიროა არასტანდარტული გადაწყვეტილებები. რვაბირთვნიანი მობილური პროცესორის - Core i9-9980HK გამოსვლის შემდეგ კომპანია ASUS-მა გადაწყვიტა ფლაგმანურ ლეპტოპებში გააუმჯობესოს გაგრილების სისტემები და დაიწყო უფრო ეფექტური თერმოინტერფეისული მატერიალის - თხევადი ლითონის გამოყენება. უკვე დიდი ხანია მომწიფდა პორტატულ კომპიუტერებში გაგრილების სისტემების ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობა. მაგალითად შესაძლებელია მოვიყვანოთ გასულ წელს განახლებული MacBook Pro-ს მაგალითი, როდესაც მერვე თაობის Core პროცესორების გამო Apple-ის მობილური კომპიუტერები ბევრად შენელებული აღმოჩნდა წინა თაობის მოწყობილობებთან შედარებით სწორედ ტემპერატურული გადახურების გამო. ხშირად ჩნდებოდა პრეტენზიები სხვა კომპანიების ლეპტოპების მიმართაც, რომელთა სისტემებიც კარგად ვერ უმკლავდებოდა გაგრილებას მაღალი დატვირთვის დროს. შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ უამრავი ტექნოლოგიური ფორუმი გადაივსო რეკომენდაციებით - ყიდვისთანავე გადაეწყოთ ლეპტოპები და სტანდარტული თერმოპასტა შეეცვალათ უფრო ეფექტური ვარიანტით. ხშირად გხვდება რეკომენდაციები პროცესორის კვებაზე დატვირთვის შემცირების შესახებაც. თუმცა ყველა რეკომენდაცია გამოსადეგია ენთუზიასტებისათვის და არ ერგება მასობრივ გამოყენებას. საბედნიეროდ, კომპანია ASUS-მა გადაწყვიტა დამატებითი ზომები მიიღოს, რათა მოახდინოს გადახურების პრობლემის ნეიტრალიზაცია. ამიერიდან ASUS ROG-სერიის რჩეული მოდელები, რომლებიც აღჭურვილნი არიან ფლაგმანური რვაბირთვიანი პროცესორებითა და 45 ვატიანი სითბური პაკეტით, გამოიყენებენ „ეგზოტიკურ თერმოინტერფეისიან მასალას“. იგი გააუმჯობესებს CPU-ის სითბოს გადაცემას გაგრილების სისტემისაკენ. ეს მასალა არის „თხევადი ლითონის“ კლასის ცნობილი თერმოპასტა Thermal Grizzly Conductonaut. Grizzly Conductonaut — ეს არის გერმანული კომპანიის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია კალის, გალიუმისა და ინდიუმისაგან და აქვს თბოგამტარობის უმაღლესი მაჩვენებელი 75 ვტ/მ.კ (ვატი მეტრ კელვინზე). როგორც ASUS ამტკიცებს, ამგვარი თერმოინტერფეისის გამოყენება 13%-ით უკეთ ამცირებს პროცესორის ტემპერატურას სტანდარტულ თერმოპასტასთან შედარებით. ამასთან, კომპანიამ იზრუნა თერმოინტერფეისის ჩამოდნობა-წვეთვის საკითხის მოგვარებაზე და გაგრილების სისტემისა და პროცესორის კონტაქტის ადგილას განათავსა სპეციალური დამცავი, ე.წ. „წინსაფარი“. ASUS ROG G703 თხევადი ლითონის თერმოინტერფეისის მქონე ASUS ROG ლეპტოპების ბაზარზე მიწოდება უკვე დაიწყო. ამ დროისათვის Thermal Grizzly Conductonaut გამოყენებულია 17-დუიმიანი ASUS ROG G703GXR ლეპტოპის გაგრილების სისტემაში. სამომავლოდ თხევადი ლითონი წარმოდგენილი იქნება სხვა ფლაგმანურ მოდელებშიც. https://3dnews.ru/986913
-
სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა სერია T5-ში წარადგინა პორტატული SSD ბარათები სხვადასხვა ფერთა ვარიანტებად. Samsung T5 სერიის მოწყობილობების დებიუტი ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში შედგა. ისინი დამზადებულია 64-შრიანი 3D V-NAND ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპებით. კომპიუტერთან მიერთება ხორციელდება USB 3.1 Gen 2 ინტერფეისით, სიჩქარე -10 გბიტი/წამამდე. თავდაპირველად მოწყობილობები წარმოდგენილი იყო ლურჯი და შავი ფერის კორპუსებში. ამჯერად ფერთა ამ ვარიანტებს დაემატა Rose Gold და Metallic Red შეფერილობები. მოცულობის მხრივ მოწყობილობების ორი ვარიანტია ხელმისაწვდომი - 500 გიგაბაიტი და 1 ტერაბაიტი. SSD ბარათების გაბარიტები შეადგენს 74 × 57,3 × 10,5 მმ, წონა - მხოლოდ 51 გრამი. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარედ გამოცხადებულია 540 მეგაბაიტი/წმ. მხარდაჭერილია ინფორმაციის შიფრაცია AES ალგორითმით. მოწყობილობის შეძენისას მოწოდებულ კომპლექტში შედის სადენები - USB Type-C და USB Type-А. 500 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 170 აშშ დოლარია, 1 ტერაბაიტიანი მოდელისა კი - 340 დოლარი. https://3dnews.ru/986821
-
სააგენტო Reuters-ის ცნობით, რამოდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ჩატარდა დახურული კონფერენცია, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელისუფლებო წარმომადგენლები, კანონმდებლები, იურისტები, მომპოვებელი კომპანიები და მთელი რიგი მწარმოებლები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი განსახილველი თემა კომპანია Tesla-ს ეხებოდა. ხსენებული კომპანიის ნედლეულის გლობალური შესყიდვების მენეჯერმა Sarah Maryssael-მა განაცხადა, რომ კომპანია ბატარეების გამოშვებისათვის საჭირო მინერალების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. Tesla, ისევე როგორც ელექტრომობილების მწარმოებელი სხვა კომპანიები, აკუმულატორების დასამზადებლად ყიდულობს სპილენძს, ნიკელს, კობალტს, ლითიუმსა და სხვა მინერალებს. დაგეგმარების ნაკლოვანებებმა და ნედლეულის მოპოვების დაუფინანსებლობამ გამოიწვია ის, რომ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა. თუმცა Tesla-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საუბარი ეხება პოტენციურ საფრთხეს და არა უკვე სახეზე არსებულ ფაქტს. საკვირველია, რომ დიფიციტური მინერალების რიცხვში მოხვდა სპილენძიც და არა მარტო კობალტი და ლითიუმი. ბოლო ათწლეულის მანძილზე აშშ-მა უამრავი მაღარო დახურა, სადაც ამ ლითონს მოიპოვებდნენ. თანაც, ელექტრომობილის დასამზადებლად საჭიროა ორჯერ მეტი სპილენძი, ვიდრე შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სმარტ-სახლის მოწყობილობები დაიწყებენ სპილენძის მნიშვნელოვანი რაოდენობის გამოყენებას. მაგალითად, დღესდღეობით სმარტ-მოწყობილობების დამზადებაში იხარჯება 38 000 ტონა სპილენძი, პროგნოზის თანახმად კი ათი წლის შემდეგ ეს მოცულობა 1,5 ტონამდე გაიზრდება. აშშ-ში მინერალების მომპოვებელმა კომპანიებმა სასწრაფოდ დაიწყეს სპილენძის მოპოვების აღდგენაზე მუშაობა. ასევე გააქტიურდა მოპოვება საზღვრებს გარეთაც, კერძოდ, ინდონეზიაში. კობალტის მოპოვება კი ძირითადად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეროგატივაა, სადაც მინერალის მოპოვებაში მცირეწლოვნებიც კი არიან ჩართულნი. სწორედ ამ ფაქტს ასახელებს ილონ მასკი იმის მიზეზად, რომ მისმა კომპანიამ ამჯობინა აკუმულატორებში ნიკელი გამოიყენოს და არა კობალტი. მაღაროების ამოქმედების გარდა აშშ დიდ იმედს ამყარებს ავსტრალიაზეც. გასულ წელს ამ უკანასკნელმა აშშ-თან დადო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მისთვის კრიტიკულად აუცილებელი მინერალების მიწოდებასა და ერთობლივ წარმოებას. ეს პროექტი იმედს იძლევა, რომ ელექტრონიკისათვის საჭირო ბატარეების ნედლეულის დეფიციტი აღმოიფხვრება ან შემსუბუქდება მაინც. https://3dnews.ru/986893
-
ბლოგერმა ბრენდონ ლიმ საზოგადოებას გაუზიარა გასაყიდად შეფუთული სმარტფონის გარეგნული იერსახე. ფოტოზე ხედავთ Google Pixel 3-ის ბიუჯეტური ვარიანტის - Pixel 3a-ს შეფუთვას. ფოტოდან მტკიცდება, რომ სმარტფონს ოდინარული ძირითადი კამერა ექნება, რომელიც განთავსებულია უკანა პანელზე ფლეშ-განათებასა და თითის ანაბეჭდის სკანერთან ერთად. მოგვიანებით კი ინსაიდერ Max J-ის მიერ ცნობილი გახდა Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის მახასიათებლები. სტანდარტულ მოდელს ექნება: 5,6-დუიმიანი gOLED მატრიცა გვერდების შეფარდებით 18.5 : 9; Full HD+ გაფართოება და პიქსელების სიმჭიდროვე 441 PPI; 3000 მილიამპერი/სთ. ბატარეა; 18 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა; წონა - 150 გრამი. უფროსი მოდელის წონა 20 გრამით მეტია; 3700 მა/სთ. მოცულობის ბატარეა; 18-ვატიანი სწრაფი დატენვა; Full HD+ გაფართოება; ეკრანის დიაგონალი - 6 დუიმი; პიქსელების სიმჭიდროვე - 402 PPI. წინასწარი ცნობებით, Google Pixel 3a XL სმარტფონს ექნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი Qualcomm Snapdragon 670. სტანდარტულ ვერსიას კი - 11-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 675. ორივე სმარტფონს ექნება 12-მეგაპიქსელიანი ძირითადი და 9-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერები. Google Pixel 3a-სა და Pixel 3a XL-ის ოფიციალური გამოსახულებებიდან ჩანს, რომ სმარტფონებს საკმაოდ ფართე ჩარჩოები აქვთ, ასევე ორნაწილად „გაყოფილი“ უკანა პანელი. არ აქვთ ჭრილი ეკრანზე და სტერეოდინამიკები. ბიუჯეტური სმარტფონები იმაზე იაფი აღმოჩნდა, ვიდრე ამ დრომდე მიიჩნეოდა. 64 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე Google Pixel 3a მოდელის ფასი 355 ევროა და არა 450, როგორც აქამდე ითვლებოდა. იმავე მოცულობის მეხსიერების მქონე Google Pixel 3a XL კი ეღირება 430 ევრო (ნაცვლად 550-სა). ორივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ფერის მხრივ სამ ვარიანტად: Just Black, Purple-ish და Clearly White. Google Pixel 3a და Pixel 3a XL სმარტფონების პრემიერა შედგება 7 მაისს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/26300/bjudzhetnye-google-pixel-3-cena-harakteristiki-i-oficialnye-izobrazhenija
-
- 1
-
-
საკმაოდ საკამათო ახალი კვლევის თანახმად მიღწეულია საშუალება ანგელმანის სინდრომის წინააღმდეგ - ეს არის გენეტიკური დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრები/კრუნჩხვები, შეფერხებული კომუნიკაცია და ასევე კავშირშია აუტისტური სპექტრის აშლილობასთან. ექსპერიმენტალური მეთოდის შესამოწმებლად მეცნიერებმა შეიყვანეს CRISPR-ის მიერ დარედაქტირებული გენები და ფერმენტები პირდაპირ განვითარებად ნაყოფში. ცდები თაგვების ემბრიონებზე ჩატარდა. მკურნალობის მეთოდი, რომელიც სამეცნიერო კონფერენციაზე ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინეს, თუმცა ამ დრომდე არ მოხვედრილა აკადემიურ ჟურნალებში, ეხება გენს - UBE3A (Ubiquitin-protein ligase E3A), რომელიც ხელს უწყობს უჯრედების დაშლას და ცილების გადამუშავებას. როდესაც ეს გენი მუტაციას განიცდის განვითარებად ტვინში, ჩნდება ანგელმანის სინდრომი (ანგელმანის სინდრომიანი პირების უმრავლესობას ანომალური EEG და ეპილეფსია აქვთ. ბევრი მათგანი ფეხ-გაშეშებული დადის ან ბიძგისებრი მოძრაობები აქვს. მათ აგრეთვე სახის დამახასიათებელი ნაკვთები აქვთ: დიდი მოცინარი პირი, თხელი ზედა ტუჩი, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ნახევარზე მეტს თვალების, თმის, კანის პიგმენტაციის დაბალი დონე აქვს). თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი მოხდება გენების „ჩართვა“ დაბადებამდე. ექსპერიმენტის მსვლელობისას, რომელიც თაგვის ათ ემბრიონზე ჩატარდა, მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR გენების რედაქტირებისათვის და აღმოაჩინეს, რომ რედაქტირებამ იმოქმედა ემბრიონების ტვინის ნეირონების ნახევარზე იმ მომენტამდე, როდესაც მათ ხუთი თვე შეუსრულდათ. ანალოგიური გავლენა შეინიშნა ადამიანის მზარდ, ახალგაჩენილ ნეირონებზეც. „რაც უფრო ადრეულ პერიოდში ვეცდებით ჩარევას და პრობლემის გადაჭრას, მით უკეთესი იქნება თერაპევტული შედეგი“ - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი მარკ ცილკა. – „დიდი ინტერესი არსებობს იმისა, რომ გავარღვიოთ ბარიერი და მივიღოთ პრენატალური მკურნალობის შესაძლებლობა“. ცილკამ განაცხადა, რომ შესაძლოა სცადოს ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანებზე უახლოეს ოთხ წელიწადში, თუმცა კვლევის მონაწილე სხვა მეცნიერები არ იწონებენ ამგვარ გადაწყვეტილებას, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების გენებში ჩარევას. მათი აზრით ადამიანის ემბრიონის თავის ტვინის გენებში ნებისმიერი სახის მანიპულაცია სარისკოა. https://hi-news.ru/medicina/inekciya-crispr-v-mozg-embrion-mozhet-izlechit-geneticheskoe-rasstrojstvo.html
-
კომპანია Tesla-მ განაცხადა, რომ ფასებს შეამცირებს თავისი შვილობილი კომპანია SolarCity-ს მიერ წარმოებულ მზის პანელებზე. ამჟამად კომპანიის ვებ-გვერდზე მოცემულია პანელების მასივი, რომელიც 4 კვტ ენერგიის მიღების საშუალებას იძლევა, მისი ფასი კი 7980 აშშ დოლარია მონტაჟის ჩათვლით. 1 ვატი ენერგიის ღირებულება 1,99 დოლარს შეადგენს. მომხმარებლის საცხოვრებელი რაიონის მიხედვით 1 ვატის ფასი ზოგ ადგილას 1,75 დოლარამდე ჩამოდის, რაც 38%-ით ნაკლებია აშშ-ის მასშტაბით საშუალო ფასზე. კომპანიის ხელმძღვანელობა გამოჰყოფს რამოდენიმე მთავარ ფაქტს, რომლებმაც განაპირობა პანელების ფასის მნიშვნელოვანი კლება. პირველ რიგში, ჩატარდა კომპანიის ხსენებული შემოთავაზების სტანდარტიზაცია. ამჟამად მსურველებს შეუძლიათ 4 კილოვატიანი მასივის შეძენა, რომლის შემადგენლობაშიც მზის 12 პანელი შედის. გარდა ამისა, კომპანია თავის თავზე იღებს დამონტაჟების ხარჯებს. შედეგად კომპანია მოელის, რომ გაიზრდება ინტერესი პროდუქციაზე მომხმარებელთა მხრიდან. სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ჯამში 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მზის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ბიზნესი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო წლებთან შედარებით. პირველ კვარტალში Tesla-მ საერთო ჯამში გაყიდა 47 მეგავატი სიმძლავრის მზის პანელები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 73 მვტ-ის ტოლი იყო. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება მზის ბატარეების გაყიდვების მასშტაბის ზრდა. Tesla-ს მზის პანელები, რომლებიც გარეგნულად მოგვაგონებს სახლის ჩვეულებრივ გადასახურ მასალას, დაანონსდა 2016 წელს, მოგვიანებით კი ისინი ილონ მასკის სახლის სახურავზე დაამონტაჟეს. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, მიმართულება საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. ჯამში კომპანია ელის გაყიდვების მატებას, რაც ვითარების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. https://3dnews.ru/986802
-
ტექნოლოგიური კომპანიები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ექცევიან კრიტიკის ქვეშ მომხმარებლების კონფიდენციალურ მონაცემებთან დამოკიდებულების გამო. რეგულარულად ხდება კიბერშეტევები და მონაცემების გატეხვა, რომელთა შემდეგად პირადი მონაცემები ბოროტმოქმედთა ხელში ხვდება. სკანდალების შედეგად როგორც ცნობილი ხდება, ცნობილი უმსხვილესი კომპანიებიც კი ვერ ახერხებენ მომხმარებელთა მონაცემები შეინახონ უბრალო ტექსტის მსგავსად დაუშიფრავი სახით. მსგავსი მიზეზების გამო Google და Facebook ცდილობენ მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყონ თავიანთ საქმიანობებში. ამ კომპანიებისგან ითხოვენ ახსნას, თუ რა სახის მონაცემებს აგროვებენ და ინახავენ ისინი. ზოგიერთ კომპანიას სამომავლოდ აქვს შემოთავაზებული გარკვეული ინსტრუმენტები მომხმარებლების მონაცემების წასაშლელად. პირველ რიგში ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, რადგანაც სწორედ ეს სივრცე გამოირჩევა განსაკუთრებული უნდობლობითა და მოთხოვნებით. Google იძლევა საშუალებას წაიშალოს ის ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შეაგროვა მომხმარებლის ინტერნეტში საქმიანობის დროს. თუმცა ეს მხოლოდ დროებით ზომებია. მომხმარებლებს არ შეუძლიათ მუდმივად აუკრძალონ და დაუმალონ Google-ს საძიებო მოთხოვნები, ადგილმდებარეობების ისტორია და სხვა მონაცემები. საუკეთესო შემთხვევაში შესაძლებელია ამ ფუნქციებიდან რამოდენიმე მათგანის დაპაუზება. შესაძლებელია შეგროვებული მონაცემების წაშლა ერთგვაროვანი დროის მონაკვეთებში, თუმცა დიდი ალბათობით ბევრ მომხმარებელს დაავიწყება ამის მექანიკურად შესრულება. ასეთი გულმავიწყი მომხმარებლებისათვის Google გვთავაზობს ავტომატური წაშლის ფუნქციას. შესაძლებელი იქნება ავტომატური წაშლისათვის დაყენდეს სამთვიანი ან 18-თვიანი პერიოდი. კონტროლის ეს მექანიზმი უახლოეს პერიოდში დაინერგება და გავრცელდება სხვა სახის მონაცემებზეც, მაგალითად Google Assistant-ის ისტორიაზე. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/26280/google-predlozhit-instrument-avtomaticheskogo-udalenija-lokacionnyh-dannyh-i-poiskovyh-zaprosov
-
საცალო გაყიდვების გიგანტ Amazon-ის შვილობილმა კომპანია Amazon Web Services-მა (AWS) შექმნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი Amazon Managed Blockchain (AMB). პროდუქტი, როგორც კომპანია ამტკიცებს, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან ბლოკჩეინ-ქსელები თავიანთი ორგანიზაციებისათვის. იგი აგრეთვე იყენებს Ethereum-ისა და Hyperledger-ის ღია კოდის მქონე პლატფორმებს. აღსანიშნავია, რომ Amazon აცხადებს - ABM-ს შეუძლია ათასობითა და მილიონობით ტრანზაქციის მხარდაჭერის მასშტაბირება. Amazon-ის განცხადებით, blockchain-as-a-service (BaaS) ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს შეიმუშავონ და აამოქმედონ თავიანთი ქსელები უფრო სწრაფად და თანაც ნაკლები დანახარჯებით, რადგანაც იგი აგვარებს შემდეგ აუცილებელ პირობებს: „აღჭურვილობის წარდგენა, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, წვდომისათვის საჭირო სერტიფიკაციების შექმნა და მართვა, ქსელის პარამეტრების კონტროლი“. Amazon Managed Blockchain-ის გენერალურმა მენეჯერმა Rahul Pathak-მა განაცხადა: „Amazon Managed Blockchain ზრუნავს ნოუდების უზრუნველყოფაზე, ქსელისა და სერთიფიკაციების მართვაზე, უსაფრთხოებასა და ქსელის მასშტაბირებაზე“. AMB-ის დამნერგავ მთავარ კომპანიებს შორის წარმოდგენილია ამერიკული საკომუნიკაციო გიგანტი AT & T, კვების პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანია Nestlé და Singapore Exchange Limited. AMB-ის შესახებ პირველად დაანონსდა გასული წლის ნოემბერში მონაცემთა ბაზა Amazon Quantum Ledger-თან (QLDB) ერთად. QLDB - ეს არის საბუღალტრო წიგნის მონაცემთა ბაზა, რომელიც განკუთვნილია გამჭვირვალე, უცვლელი და შემოწმებული ტრანზაქციების წარმოდგენისათვის. https://cointelegraph.com/news/amazon-web-services-launches-managed-blockchain-service
-
- 1
-
-
ახალი გეიმინგ-კონსოლების გამოსვლის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის იმის გათვლისწინებით, რომ ორიგინალი PS4 ვერსია ჯერ კიდევ 2013 წელს დაანონსდა. მოწყობილობის სტანდარტული შვიდწლიანი სასიცოცხლო ციკლი დასასრულს მომდევნო წელს მიუახლოვდება, ეს კი, როგორც ცნობილია, იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კონსოლი წარდგენილი იქნება 2020 წელს. სამომავლო რელიზის შესახებ არსებული მონაცემებისა და დიზაინერული გადაწყვეტილებების საფუძველზე პორტალ LetsGoDigital-მა შექმნა PS5-ის ამსახველი რენდერები. მიმდინარე თვის შუა პერიოდში მწარმოებლებმა PS5-ის გარკვეული სპეციფიკაციები გაამხილეს. ინტერნეტ-წყაროები იტყობინებიან, რომ ახალ კონსოლს ექნება 8K ფორმატის გამოსახულების მხარდაჭერა, Ray-tracing და 3D-ხმა. გარდა ამისა, HDD-ის ადგილს დაიკავებს SSD, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს კონტენტის ჩატვირთვას. ასევე მცირე ხნის წინ გაჟღერდა ცნობა, რომ Sony-ს ახალი კონსოლი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ იქნება წარდგენილი ბაზარზე. შესაძლებელიაა ანონსი შედგეს მომდევნო წლის შემოდგომაზე, როგორც ეს მოხდა PS3 და PS4 კონსოლების შემთხვევაში. PS5-ის საბაზრო ღირებულება კვლავ უცნობია. ევროპულ ბაზარზე PS4-ის საწყისი ფასი დაახლოებით 400 ევროს შეადგენდა, მასზე გვიან გამოსული Xbox One X-სა კი - 500 ევროს. დიდი ალბათობით, PS5-ის ფასი 500 ევროზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ცდილობს ახალი მოწყობილობა მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველ ფასში გამოუშვას. მიმდინარე წელს Sony არ მიიღებს მონაწილეობას E3 გამოფენაზე, ასე რომ უახლოეს პერიოდში კომპანიისაგან არ უნდა ველოდოთ რაიმე მსხვილ ანონსს. https://3dnews.ru/986751
- 1 reply
-
- 1
-
-
კომპანია AMD-ის ვიდეო ბარათი Radeon VII კიდევ ერთხელ გახდა ლიდერი კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების მხრივ. ფლაგმანურმა გრაფიკულმა ამაჩქარებელმა წარმადობით გადააჭარბა Vega-ს ბაზაზე შექმნილ ბარათებს, ორი GPU Fiji-ს ბაზაზე არსებულ Radeon Pro Duo-ს, ასევე უკან ჩამოიტოვა ამ დრომდე არსებული ლიდერი NVIDIA Titan V. ქარხნულ (დამატებებისა და ცვლილებების გარეშე არსებულ) Radeon VII ვიდეო ბარათს შეუძლია უზრუნველყოს მოპოვება 90 Mhash/წმ. სიჩქარით. ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია ქარხნულ Radeon RX Vega 64-ზე, აგრეთვე 29 %-ით აჭარბებს Radeon Pro Duo-ს სიჩქარეს. Titan V-სთან სხვაობაც საკმაოდ თვალშისაცემია - NVIDIA-ს სტანდარტული კონფიგურაციის ვიდეო ბარათს შეუძლია უზრუნველყოს ჰეშრეითი მაჩვენებლით - 60 Mhash/წმ. პარამეტრების სხვადასხვა მანიპულაციების მეშვეობით შესაძლებელია Radeon VII ბარათის ჰეშრეითი 100 Mhash/წამადე გაიზარდოს. თუმცა ოპტიმალურია შემცირდეს ენერგომოხმარება 319-დან 251 ვატამდე. ამავე დროს დაშვებულია მეხსიერების აჩქარება 1000-დან 1100 მეგაჰერცამდე, GPU-ის მუშაობა კი ოპტიმალურია 1750 მეგაჰერც სიხშირეზე. ამგვარ პირობებში მოპოვების სიჩქარე იქნება 91 Mhash/წმ, ეფექტურობა კი 21%-ით გაიზრდება. ვიდეო ბარათი სტანდარტული ჰეშრეითი/ Mhash/წმ. ოპტიმიზებული ჰეშრეითი/ Mhash/წმ. Radeon VII Titan V Radeon Pro Duo (Fiji) GeForce GTX 1080 Ti Radeon RX Vega 64 Radeon RX 580 90 69 64 30-35 32 25 100 82 50-55 44 30 Titan V-სთან შედარებით Radeon VII ბარათს არა მარტო უფრო მაღალი წარმადობის მაჩვენებელი აქვს, არამედ ბევრად მიმზიდველია მისი ფასიც - NVIDIA-ს ბარათი 3 ათასი აშშ დოლარი ღირს, AMD Radeon VII კი - 700 დოლარი. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა Radeon RX Vega 64-სა და Radeon VII ბარათებს შორის. საქმე მეხსიერებასა და მის სიჩქარეში მდგომარეობს. Radeon RX Vega 64-ს აქვს 8 გბ HBM2 მეხსიერება წამში 484 გბ სიჩქარით. Radeon VII-ს კი აქვს 16-გიგაბაიტიანი HBM2, რომლის სიჩქარეა 1 ტბ/წმ. თანაც, ორივე ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება დაახლოებით ერთ დონეზეა, რის შედეგადაც Radeon VII ბევრად საინტერესო გადაწყვეტილებაა მაინინგისათვის. არსებობს ერთი მინუსიც: მაინინგის შემოსავლიანობა ამჟამად მეტად დაბალ დონეზეა და ზემოთხსენებული მაღალი ჰეშრეითით მიღებული მოგებაც კი დიდად სახარბიელო არ იქნება. სულ სხვაგვარი იქნებოდა ვითარება, Radeon VII წელიწადნახევრის წინ რომ არსებულიყო. https://3dnews.ru/986718
-
Dartmouth College-ის მკვლევარებმა გაიმარჯვეს NASA-ს კონკურსში, რომელიც მარსზე სათბურების აშენებას უკავშირდება. გამარჯვებულების პროექტი თეორიულად საშუალბეს იძლევა წითელ პლანეტაზე ადამიანებმა მოიყვანონ რვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურა და შედეგად ოთხი ადამიანისაგან შემდგარი ეკიპაჟის თითოეული წევრი უზრუნველყოფილ იქნეს 3100 კალორიით დღეში - ნათქვამია კოლეჯის ვებ-გვერდზე. პროექტი წარდგენილი იყო მარსული სათბურების შემუშავების კონკურსზე - BIG Idea Challenge, რომელსაც ყოველ წელს ატარებენ NASA და აშშ-ის ეროვნული აეროკოსმოსური წარმოების უნივერსიტეტი (NIA). Dartmouth-ის კოლეჯი ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი გახლდათ. სტუდენტების პროექტს სახელად Demeter ჰქვია. მისი მიხედვით წითელ პლანეტაზე უნდა აშენდეს გუმბათისმაგვარი სათბურები, რომელთა ზედა ნაწილებზე განთავსებული იქნება მკვებავი ხსნარის რეზერვუარები. მარსული გრავიტაციის წყალობით ხსნარი თანაბრად გადანაწილდება ნარგავებს შორის. ასეთ სათბურში შესაძლებელი იქნება მოიყვანონ კომბოსტო, სოიო, ბატატი, კარტოფილი, ბროკოლი, მარწყვი, ხორბალი და Chufa (მიწის ნუში). რეზერვუარში არსებული მკვებავი ხსნარი საკმარისი იქნება 600 დედამიწური დღის მანძილზე გამოსაყენებლად - სწორედ ეს პერიოდი გაგრძელდება მისია კონკურსის თანახმად. პროექტის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=R526kxDOf0E NASA-ს უკვე აქვს ჩატარებული მარსული საცხოვრებლების შერჩევის კონკურსიც - 3D-Printed Habitat Challenge, რომელშიც შერჩეულ იქნა სამი ვარიანტი, სადაც სამომავლოდ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას. ამ კონკურსის შესახებ ჩვენ მიერ მომზადებული პოსტი იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2Z4sTiq https://hightech.fm/2019/04/30/mars-greenhouse
