Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. SpaceX-მა განაცხადა, რომ ორბიტაზე გაგზავნის ოთხ სამოქალაქო პირს თავისი კაფსულა Crew Dragon-ით. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკიპაჟი კოსმოსში გაფრინდება პროფესიონალი ასტრონავტების გარეშე. ერთ-ერთი პირი იქნება 29 წლის ჰეილი არსენო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი იქნება მათ შორის, ვინც ოდესმე კოსმოსში გაფრენილა. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა მილიარდერი ჯარედ ისააკმენის წყალობით, რომელმაც SpaceX-სგან შეიძინა კომერციული რაკეტის პირველი ფრენა. იგი Crew Dragon-ში ერთ ადგილს მიიღებს მისია Inspiration 4-ის ფარგლებში. კიდევ ერთი ადგილი შეხვდება კომპანია Shift4-ის მიერ მოწყობილ შეჯიბრში გამარჯვებულს და ასევე St. Jude's Hospital-ის ლატარეის გამარჯვებულს. მეოთხე ადგილი ამავე ჰოსპიტალის თანამშრომელს შეხვდა, რაც იმედის სიმბოლიზირებას ახდენს და ეს პიროვნებაა ჰეილი არსენო. ამჟამად არსენო დამხმარედ მუშაობს საბავშვო კვლევით საავამდყოფო St. Jude's Hospital-ში, მემფისში, თუმცა დაახლოებით 20 წლის წინ იგი ამავე კლინიკის პაციენტი იყო. 2002 წელს იგი მკურნალობდა ძვლის სიმსივნეზე და ამჟამად მარცხენა ფეხის ზოგიერთი ძვლის ნაცვლად ლითონის დეტალები აქვს. ამრიგად, ის ასევე იქნება პროთეზის მქონე პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსში გაემგზავრება. როგორც წესი, ასეთი კლინიკური სურათი დაუშვებელია ახალბედა ასტრონავტებისთვის, არსენო ისევ კოჭლობს და ზოგჯერ განიცდის ტკივილს ფეხებში. ასეა თუ ისე, SpaceX-მა მას ნება დართო და იგი ეკიპაჟის ექიმის მოვალეობებს შეასრულებს. „სიმსივნესთან ბრძოლამ ნამდვილად მომამზადა კოსმოსური მოგზაურობისთვის“ - განუცხადა მან Associated Press-ს.  Crew-1-ის ბოლო გაშვება ეკიპაჟთან ერთად შედგა გასული წლის ნოემბერში, მომდევნო მისია - Crew-2 კი დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში. ისააკმანი ისაუბრებს Inspiration4 მისიის სხვა კოსმოსურ ტურისტებზე. ეკიპაჟს მოსამზადებლად დიდი დრო არ ექნება - ფრენა NASA-ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ოქტომბერშია დაგეგმილი, ორბიტაზე ყოფნა კი 2 -4 დღეს გასტანს. http://bit.ly/37FDTse
  2. ანალიტიკოსმა და ტრეიდერმა ოსტინ არნოლდმა დაასახელა რამდენიმე Altcoin-ი, რომლებიც, მისი აზრით, კრიპტოვალუტების ბაზარზე საუკეთესო შედეგებს დააფიქსირებს 2021 წელს. მისი უპირველესი არჩევანია Ethereum (ETH). არნოლდმა აღნიშნა, რომ ბირჟებზე არსებული ETH კოინების მოცულობა 16-თვიან მინიმუმზეა, რაც ხარულ სიგნალს წარმოადგენს. გარდა ამისა, Coinbase-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯილდოს მიღება Ethereum 2.0-ის სტეიკინგზე (7,5% წლიური). მას ასევე სჯერა, რომ NFT ტოკენების რაოდენობის ზრდა და Ethereum-ის პლატფორმის მათ მიერ არჩევა დადებითი სიგნალია. ტრეიდერის სიაში მომდევნოა ინდექსაციის პროტოკოლი The Graph (GRT). მიუხედავად იმისა, რომ GRT პროექტი მნიშვნელოვნად გაიზარდა წელს და მიაღწია 3 მილიარდ აშშ დოლარიან ბაზრის კაპიტალიზაციას, ტრეიდერს მიაჩნია, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ზრდის პერსპექტივები. არნოლდმა აღნიშნა, რომ The Graph განიხილავს ინტეგრაციას პირველი დონის რვა ახალ ბლოკჩეინთან, ტოკენი GRT კი ამჟამად ხარული კონსოლიდაციის პერიოდშია, რაც უზრუნველყოფს შესვლის კარგ ფასს. მესამე მონეტა Ethereum-ის კონკურენტია, სახელწოდებით Polkadot (DOT). პროექტმა აამოქმედა მსგავსი სამოქმედო გეგმა, რამაც პლატფორმაზე სმარტ-კონტრაქტებზე მიიზიდა კიდევ უფრო მეტი ყურადღება. მიმდინარე კვირაში DOT-ის ფასმა რეკორდულ 32.58 აშშ დოლარიან დონეს მიაღწია. დეცენტრალიზებული ბირჟების - PancakeSwap-ისა და Uniswap-ის ტოკენები CAKE და UNI არნოლდის სიაში მეოთხე და მეხუთე ადგილებზეა: „როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს დეცენტრალიზებული ბირჟების? PancakeSwap-ზე 24-საათიანი ვაჭრობის მოცულობამ 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. Uniswap-ზე ვაჭრობის საერთო მოცულობა იყო 100 მილიარდი აშშ დოლარი და და მიუხედავად Ethereum-ის ქსელში მაღალი გადასახადებისა, ხალხი აგრძელებს პლატფორმაზე შესვლას. საბოლოო ჯამში უნდა ვნახოთ რომელი დეცენტრალიზებული ბირჟები დარჩება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამ ბირჟებზე მოვაჭრე კრიპტოვალუტების უმეტესობას არ აქვს ფასების ისტორია. მათი ფასი შეიძლება კვეთრად გაიზარდოს ან ნულამდე ჩამოვიდეს“. ტრეიდერის ჩამონათვალში მეექვსე ადგილზეა მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზებული ქსელი Filecoin (FIL). ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მონეტას გააჩნია გამოყენების მნიშვნელოვანი ვარიანტი - მონაცემთა დეცენტრალიზაცია და, თავის მხრივ, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო პროექტი - ეს არის Celsius (CEL), რომელმაც უამრავი მომხრე მიიზიდა. ტრეიდერის თქმით, კრედიტირების კრიპტო პლატფორმამ ჯილდოს სახით გადაიხადა 250 მლნ აშშ დოლარი, რითაც მოახდინა დეცენტრალიზებული საკრედიტო პლატფორმების პოპულარობის დემონსტრირება. http://bit.ly/3aGLYPA
  3. ცნობილი გახდა, რომ კოდური დასახელება „Phoenix“ უკავშირდება AMD Ryzen პროცესორების სერიას, რომლის დებიუტი შედგება Rembrandt-ის შემდეგ. ეს კოდური სახელი გაჟღერდა 2020 წლის ივლისში ცნობილ ინსაიდერ Komachi-ს მიერ და იმ დროისთვის ბოლომდე არ იყო ნათელი რას წარმოადგენდა Phoenix რეალურად. ამრიგად, AMD Phoenix არის მობილური პროცესორების სერია, რომელიც შეცვლის Rembrandt-ს. ეს სერია პირველი იქნება AMD-ის პროცესორებს შორის, რომელიც აგებული იქნება Zen4-ის ბაზაზე. Rembrandt-ის მსგავსად Phoenix-საც ექნება DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გააზიარეს ინსაიდერებმა: კომპიუტერული სფეროს ცნობილ ინსაიდერ პატრიკ შურის ცნობით პროცესორების ახალ სერიას FP8 სოკეტი ექნება. უცნობი რჩება, რატომ სჭირდება Phoenix-ს ახალი FP8 სოკეტი FP7-ს ნაცვლად. თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ Phoenix-ში შესაძლოა გამოჩნდეს PCIe Gen5 მხარდაჭერა, რაც ხელმისაწვდომი არ იქნება Rembrandt-ში. მობილური პროცესორების სერია Rembrandt და დესკტოპ ჩიპები Warhol წარმოებული იქნება 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა ეს ცნობა AMD-ს არ დაუდასტურებია. ამასთან, Phoenix და Raphael დებიუტირებენ TSMC-ის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რაც იმავე ტექნოლოგიურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურად გამოყენებული იქნება Genoa სერიის პროცესორებში (სერვერული EPYC პროცესორების სერია Zen4-ის ბაზაზე). რაც შეეხება ბირთვებისა და ნაკადების კონფიგურაციას, მათ შესახებ ამჟამად ბევრი არაფერია ცნობილი. არაოფიციალური ცნობებით, Zen4-ის ბაზაზე არსებულ Genoa-ს შესაძლოა ჰქონდეს 96-მდე ბირთვი (+32 Milan-თან შედარებით), რაც ან თითოეულ ჩიპლეტში ბირთვების რაოდენობის ზრდის შედეგი იქნება, ან თავად ჩიპლეტების რაოდენობა გაიზრდება. ამრიგად, თუ ეს მოსაზრება სწორია, ასეთ შემთხვევაში Phoenix სერიაში შესაძლოა 12 ბირთვი იყოს წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობები ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრებებია და ეფუძნება სხვადასხვა გაჟონილ ინფორმაციას. http://bit.ly/3un3vEi
      • 1
      • Thanks
  4. იანვარში Bitcoin-ში ჩადებული ინვესტიციიდან Tesla-მ უკვე მიიღო იმაზე მეტი მოგება, ვიდრე მთელი გასული წლის ელექტრომობილების რეალიზაციის შედეგად: კრიპტოვალუტის ღირებულებამ 57 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანიას ამჟამად აქვს იმდენივე Bitcoin-ი, რაც 31 იანვარს ჰქონდა, კრიპტოვალუტის კურსის ზრდის შედეგად Tesla-მ უკვე მიიღო დაახლოებით 930 მილიონი აშშ დოლარი მოგება, რაც აღემატება მის 2020 წლის მოგებას - 721 მლნ აშშ დოლარს. მიმდინარე თვეში Tesla-მ განაცხადა, რომ იანვარში მოახდინა 1.5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება Bitcoin-ში, თუმცა არ უთქვამს რამდენი Bitcoin-ი შეიძინა და აგრძელებს თუ არა მათ შენახვას. ნებისმიერ შემთხვევაში, Tesla კრიპტოვალუტას განიხილავს, როგორც არამატერიალურ აქტივს განუსაზღვრელი ვადით. ამავე დროს, Bitcoin-ის კურსისგან მიღებულ მოგებას კომპანია გაამხელს მხოლოდ კრიპტოვალუტის რეზერვების გაყიდვის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების გაყიდვა გასულ წელს ფორმალურად არ იყო Tesla-ს შემოსავლის ძირითადი წყარო. კომპანიას გაცილებით ნაკლები მოგება ექნებოდა, სხვა კომპანიებზე ასობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკოლოგიური კვოტები რომ არ გაეყიდა ყოველ კვარტალში. ამოწურვად საწვავზე მომუშავე ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები ყიდულობენ ასეთ კვოტებს, რათა მიაღწიონ ხელისუფლების მიერ დადგენილ ნორმატიულ მაჩვენებლებს გამონაბოლქვთან დაკავშირებით. გასულ კვირაში ილონ მასკმა განაცხადა: „ცოტა Bitcoin-ის ფლობა, რომელიც ლიკვიდურობის ნაკლებად სულელური ფორმაა, ვიდრე ნაღდი ფული - საკმაოდ თამამი ნაბიჯია S&P 500 სიაში არსებული კომპანიისთვის. გასაგები რომ იყოს: მე არ ვარ ინვესტორი, მე ინჟინერი ვარ. მე არ ვფლობ არანაირ საჯარო აქციებს Tesla-ს აქციების გარდა. თუმცა, როდესაც ფიატურ ვალუტას აქვს უარყოფითი პროცენტი, მხოლოდ სულელი არ დაიწყებს ძებნას სხვაგან. Bitcoin-ი თითქმის იგივე სისულელეა, რაც ფიატური ფული. აქ საკვანძო სიტყვაა - „თითქმის“. Bitcoin-ი შეძენა 1.5 მილიარდ აშშ დოლარად ისეთი მსხვილი კომპანიის მიერ, როგორიცაა თავად Tesla, გახდა კრიპტოვალუტისადმი ნდობის ზრდისა და, შესაბამისად, მისი ფასის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მასკის მიერ Dogecoin-ის Twitter-ზე მოხსენიებამ ამ კრიპტოვალუტის ფასის ზრდაზეც იქონია გავლენა. Tesla მეორე საჯარო კომპანიაა პორტფელში არსებული Bitcoin-ების მოცულობის მიხედვით. ლიდერად რჩება MicroStrategy, რომელმაც 71 079 BTC შეიძინა. ამ კრიპტოვალუტის უმსხვილეს მფლობელებს შორისაა ფონდი Grayscale Bitcoin Trust - მის აქტივებში 649 130 Bitcoin-ია. http://bit.ly/37A2dvJ
  5. Microsoft- ის კორპორაციის თანადამფუძნებელმა და პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ბილ გეითსმა CNBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ იგი არ ფლობს პირველ კრიპტოვალუტას და ნეიტრალური პოზიცია გააჩნია აქტივის მიმართ. „მე არ მაქვს Bitcoin-ი და არც მოკლე პოზიციები მასზე“ - განაცხადა გეითსმა. მან ასევე მიუთითა ციფრული ოქროს არასტაბილურობაზე და აღნიშნა, რომ არ შეუძლია მისი შემდგომი განვითარების პროგნოზირება. Microsoft- ის თანადამფუძნებელმა აღნიშნა ტრანზაქციებზე ხარჯების შემცირების მნიშვნელობა. მისი თქმით, საქველმოქმედო ფონდი Bill&Melinda Gates Foundation ასევე მუშაობს ფულის „ციფრული ფორმებით“, მაგრამ ამავე დროს ყველა გადარიცხვა მთლიანად გამჭვირვალეა. 2018 წელს გეითსი ამბობდა, რომ ციფრული აქტივი ნარკოტიკების საყიდლად გამოიყენებოდა. მან იმ დროს Bitcoin-ს უწოდა ერთ-ერთი ყველაზე სპეკულაციური რამ მსოფლიოში და აღნიშნა, რომ „Bitcoin-ის მოკლე პოზიციას გახსნიდა“, ამის გაკეთების მარტივი გზა რომ ყოფილიყო. ამის საპასუხოდ Bitcoin-ბირჟა Gemini-ს თანადამფუძნებელმა ტაილერ უინკლუოსმა Microsoft-ის დამფუძნებელს აუხსნა, როგორ გაეხსნა მოკლე პოზიცია. შეხსენებისთვის, ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა და კრიპტო სკეპტიკოსმა რეი დალიომ განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტა გახდა საინტერესო, როგორც ოქროს ალტერნატივა. მოგვიანებით მისმა კომპანიამ დაუშვა ციფრული აქტივის ინვესტიციის შესაძლებლობა. http://bit.ly/2ZzKqAe
  6. უკვე დიდი ხანია გეიმერებს შორის მიმდინარეობს დავა აქტიური და ხანგრძლივი მაინინგის შემდეგ გამოყენებული ვიდეო დაფების ყიდვის მიზანშეწონილობის შესახებ. მრავალი ფაქტორი საუბრობს ასეთი შესყიდვის წინააღმდეგ, რომელთაგან მთავარია გრაფიკული ადაპტერისა და მისი ძირითადი კომპონენტების - კვების ქვესისტემის, მეხსიერების ჩიპებისა და თავად GPU-ის ზოგადი დაზიანება. თუკი VRM-ისა და VRAM-ის დაზიანების დადგენა საკმაოდ რთულია, გრაფიკული ჩიპის დეგრადაციის ხარისხი შესაძლებელია გამოვლინდეს გეიმინგ წარმადობის ბანალური ტესტებითა და იმავე ახალი მოდელის შედეგებთან შედარებით. რესურს Testing Games-ის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ როგორ წარმოაჩენს თავს თამაშებში RTX 2080Ti დაფა, რომელიც მანამდე წელიწადნახევარი კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის გამოიყენებოდა. სატესტო სტენდზე მოცემული იყო Intel i9 10900K პროცესორი, MSI MPG Z490 GAMING PLUS დედა დაფა და 32Gb RAM DDR4 3600Mhz სიხშირით. თამაშები გაეშვა 2160p გაფართოებაზე მაღალი გრაფიკული პარამეტრებით. თამაში RTX 2080Ti (ახალი) RTX 2080Ti (მაინინგის შემდეგ) Red dead redemption 2 53 FPS 49 FPS Cyberpunk 2077 50 FPS 46 FPS Mafia Definitive edition 52 FPS 47 FPS Horizon Zero Dawn 53 FPS 48 FPS Battlefield V 71 FPS 65 FPS Forza Horizon 4 105 FPS 94 FPS Kingdom Come Deliverance 45 FPS 42 FPS Assassins's Creed Valhala 49 FPS 44 FPS შედეგები იმედისმომტანი არ არის: ისინი, ვინც მაინერების გამოყენებულ დაფებს ყიდულობენ, კარგავენ თამაშებში წარმადობის 7-12%-ს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტესტში გამოყენებული იყო ვიდეო დაფა მაინინგში არც ისე გრძელვადიანი ექსპლუატაციით, ზოგი გეიმერი კი ყიდულობს GPU-ს მაინინგის 4-5 წლიანი პროცესის შემდეგაც კი, შედეგად კიდევ უფრო შემცირებულია დაფის გეიმინგ-შესაძლებლობები. ამ ფაქტორის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, როდესაც მომხმარებელი ცდილობს დაზოგოს თანხა გეიმინგ კომპიუტერის აწყობისას. http://bit.ly/2OZrAkc
  7. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა პორტატულ კომპიუტერ RedmiBook Pro-სადმი მიძღვნილი თიზერ-ფოტო, რომლის ოფიციალური პრეზენტაცია 25 თებერვალს უნდა შედგეს. კომპანიამ პირველად გაამხილა ლეპტოპის დიზაინი. ჩანს, რომ მოწყობილობას ექნება კლავიატურა ციფრული ბლოკის გარეშე. მოცემულია მოზრდილი ზომის თაჩპედი. ცნობილია, რომ ლეპტოპს ლითონის კორპუსი ექნება, ეკრანი შემოსაზღვრულია საკმაოდ წვრილი ჩარჩოებით. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება 14-და 15-დუიმიანი დისპლეების მქონე მოდიფიკაციებად. პორტატულ კომპიუტერს საფუძვლად დაედება მე-11 თაობის Intel Core პროცესორი და გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. აღჭურვილობაში შევა SSD NVMe. ცნობილია ისიც, რომ მოწყობილობაში გათვალისწინებულია ვებ-კამერა, დაქტილოსკოპიური სკანერი, USB Type-C პორტი და HDMI ინტერფეისი. ოპერაციული სისტემის სახით მოცემული იქნება Windows 10. აღვნიშნავთ, რომ 25 თებერვლის პრეზენტაციაზე ლეპტოპ RedmiBook Pro-სთან ერთად Xiaomi დააანონსებს Redmi K40 სერიის სმარტფონს Qualcomm Snapdragon 888 პროცესორით. http://bit.ly/2ZB2V7B
  8. Bitcoin-ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ოქროს, მაგრამ მცირე შანსი აქვს გახდეს ალტერნატიული ვალუტა. ეს მოსაზრება გამოთქვა სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ჯეიმს ბულარდმა. ”თავის პოლიტიკაში ფედერალური ბანკი ემყარება თეზისს, რომ აშშ-ის ეკონომიკა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკა მომავალშიც დაეყრდნობა აშშ დოლარს”, - განაცხადა მან. ინტერვიუს დროს ბულარდმა მხარი არ დაუჭირა პირველი კრიპტოვალუტის მომხრეთა არგუმენტებს. მისთვის Bitcoin-ი მხოლოდ მაღალი არასტაბილურობის მქონე ციფრული ვალუტაა. იგი მიიჩნევს, რომ გარკვეული სტაბილურობა უნდა არსებობდეს როგორც კონკურენტებთან, ასევე საქონელსა და მომსახურებებთან მიმართებაში, რომ მას ჰქონდეს პრეტენზია რაიმე უფრო მეტზე. საუბარში ბულარდმა ანალოგიები მოიყვანა Bitcoin-სა და 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ "ყალბ დოლარებს" შორის. მანამდე, ფილოსოფოსმა და საკულტო ნაშრომის - "შავი გედის" ავტორმა ნასიმ ნიკოლას ტალებმა აღნიშნა, რომ Bitcoin-ი არ გახდებოდა გადახდის საშუალება არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლის გამო. სენტ-ლუისის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მათ შეაფასეს DeFi-ს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების პოტენციალი. http://bit.ly/2ZqZNuV
  9. ითვლება, რომ Galaxy Z Fold3 იქნება კომპანიის პირველი დასაკეცი ტელეფონი, რომელსაც აქვს S-Pen-ის მხარდაჭერა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასში მოცემული იქნება დისპლეის ქვეშ ჩამონტაჟებული კამერა, რათა მომხმარებლებმა ისარგებლონ სრული ეკრანის რეჟიმით. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ Samsung-მა Galaxy Z Flip2-სა (სხვაგვარად ცნობილია, როგორც Galaxy Z Flip3) და Galaxy Z Fold3 დასაკეცი სმარტფონების გამოშვების შესახებ ივლისში უნდა განაცხადოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Galaxy Z Fold3-თან დაკავშირებით UPC-ის (კამერა დისპლეის ქვეშ) გამოჩენა ხდება ცნობილი. სამხრეთკორეულმა გამომცემლობამ ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მოწყობილობა წარმოდგენილი იქნებოდა დისპლეის ქვეშ არსებული კამერით. იმავე ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ Fold3 მოდელს ექნებოდა უფრო სქელი UTG S Pen სტილუსის მხარდაჭერის მიზნით. პირველი თაობის Galaxy Fold-ის შიდა დისპლეი ხასიათდებოდა ფართო ჭრილით, რომელშიც ორი კამერა იყო განთავსებული. მოსალოდნელია, რომ ჩაშენებული UPC-ის მქონე Galaxy Fold3 მოდელს ექნება ეკრანის კორპუსთან შეფარდების უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე მის წინამორბედს. კომპანია S-Connect-მა, რომელიც Samsung-ის დასაკეცი სმარტფონისთვის სპეციალურ სახსარს ამზადებს, დაადასტურა, რომ Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip2 სმარტფონების სახსრების მასობრივ წარმოებას 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყებს. შემდეგი თაობის დასაკეცი ტელეფონების დებიუტი ივლისში შედგება. ახლანდელი ანგარიშის მიხედვით Galaxy Z Fold3-ის მოდელის ნომერია SM-F926 და იგი 256 გბ შიდა მეხსიერებით გამოვა. სავარაუდოდ, მოწყობილობას ექნება 7.55-დუიმიანი ძირითადი დისპლეი, 6.21-დუიმიანი დამცავი ეკრანი და ოპერაციული სისტემა Android 11 - One UI 3.5-ის ბაზაზე. დიდი ალბათობით, მოწყობილობაში მოცემული იქნება სპეციალური სივრცე სტილუსის შესანახად. Galaxy Z Fold3 დასაკეცი სმარტფონის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. http://bit.ly/3auWYiR
  10. კომპანია Facebook შეზღუდავს სიახლეების გავრცელებას ავსტრალიის ტერიტორიაზე მედიაკოდექსის გამო, რომელსაც მალე მიიღებენ ქვეყანაში ადგილობრივი მედიაკომპანიების დასაცავად. პლატფორმის ახალი წესების თანახმად, ავსტრალიელ მომხმარებლებს ეკრძალებათ ახალი ამბების შეტყობინებებზე ბმულების განთავსება და საერთაშორისო და ადგილობრივი ამბების ნახვა. გარდა ამისა, აიკრძალება სხვა ადამიანების სიახლეების შემცველი შეტყობინებების გაზიარება. კომპანიამ ეს ნაბიჯი გადადგა ავსტრალიის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, რომელიც აპირებს მიიღოს კანონმდებლობა, რომლის თანახმად პლატფორმებს, როგორიცაა Google და Facebook, ადგილობრივი პუბლიკაციებისთვის გადახდა მოუწევთ თავიანთ პლატფორმებზე მათი ახალი ამბების გამოქვეყნებისთვის. Facebook აღნიშნავს, რომ ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სიახლეების კონტენტი შეადგენს 4%-ზე ნაკლებს იმ მასალიდან, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ავსტრალიის სენატის ეკონომიკური სამართლის კომიტეტმა 12 თებერვალს ქვეყნის ფედერალურ პარლამენტს წარუდგინა მედია კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს ციფრულ პლატფორმებსა და მედია კომპანიებს შორის ურთიერთობას და გასცა რეკომენდაცია, რომ იგი უცვლელი სახით მიეღოთ. კანონის განხილვა უნდა მომხდარიყო 16 თებერვალს, თუმცა ავსტრალიის ხელისუფლება დათანხმდა რამდენიმე ტექნიკური ცვლილების შეტანას Facebook-ის და Google-ის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ამიტომ კოდექსის განხილვა მოხდება ცოტა მოგვიანებით. Facebook-ის გადაწყვეტილება თავის პლატფორმაზე ახალი ამბების გავრცელების შეზღუდვის შესახებ სრულიად განსხვავდება Google-ის გადაწყვეტილებისგან, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ახალი ამბების სააგენტო News Corp-თან, რათა გამოქვეყნდეს ახალი ამბები მის პლატფორმაზე. გარდა ამისა, Google-მა ავსტრალიაში აამოქმედა ახალი ამბების ფასიანი პლატფორმა, რომელშიც განთავსებულია გამომცემლებისგან მათთან ხელშეკრულებით მიღებული კონტენტი. Google-მა აღნიშნა, რომ იგი გააგრძელებს ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, კომპანია გააგრძელებს მუშაობას სააგენტო France-Presse-სა და Australian Associated Press-თან გამოქვეყნებული ინფორმაციის შემოწმების პროგრამის ფარგლებში. http://bit.ly/3qqL9Qd
  11. კონსალტინგ კომპანია Gartner-ის მიერ გამოკითხული 77 ფინანსური ორგანიზაციიდან ოთხმა შესაძლოა მიმდინარე წელს კომპანიების თავისუფალი ლიკვიდური აქტივები მიმართოს პირველი კრიპტოვალუტის შესაძენად - წერს Decrypt. ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი მზად არის განიხილოს ასეთი შესაძლებლობა 1-2 წელიწადში, შვიდი მათგანი - 2024 წლისთვის იქნება მზად. 65-მა CFO-მ უარი თქვა ამგვარ სცენარზე და საბუთად მოიყვანა Bitcoin-ის არასტაბილურობა. ”ბევრი კითხვა ჩნდება პირველი კრიპტოვალუტის, როგორც კომპანიების სარეზერვო აქტივად გამოყენების შესახებ. სანამ სერიოზული პროგრესის შესახებ არ გაირკვევა, ალბათ არ ღირს ნდობა. კორპორაციების ფინანსისტები არ აკეთებენ "სპეკულაციურ ნახტომებს უცნობ ტერიტორიაზე", - ამგვარი კომენტარი გააკეთა კვლევის შედეგებზე Gartner Finance ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბენტმა. საკონსულტაციო ფირმამ აღნიშნა, რომ ტოპ მენეჯერებს სურთ მარეგულირებლის მკაფიო პოზიცია იხილონ Bitcoin-სა და მისი შენახვის რისკებთან დაკავშირებით. ამგვარი პოზიცია უჭირავს გამოკითხულთა 70%-ს. გაჟღერებულ შეშფოთებებს შორისაა - დირექტორთა საბჭოში არსებული შეუთანხმებლობა Bitcoin-ის შეძენასთან დაკავშირებით (39%), გადახდის საშუალებად აღიარების ნელი პროცესი (38%), საჭირო ცოდნის არარსებობა (30%), კიბერ-რისკები (25%), ანგარიშსწორების სირთულე (18%). შეგახსენებთ, Ark Investments-ის გამოთვლებით, Bitcoin-ის 500 000 აშშ დოლარამდე ზრდისთვის საკმარისი იქნება S&P 500 ინდექსში შემავალი კომპანიების მიერ მათი ფულადი რეზერვების 10%-ის ციფრულ ოქროში ჩადება. http://bit.ly/3apPXzB
  12. საერთაშორისო საწარმოო კონფერენცია ISSCC 2021-ზე TSMC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისება დაგეგმილ გრაფიკზე წინსწრებით მიმდინარეობს და კომპანია აპირებს შეინარჩუნოს ე.წ. მურის კანონის აქტუალურობა სერიოზული გადახრების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ლითოგრაფიის ახალი ეტაპი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იქნება ათვისებული, თუმცა ამისათვის საჭიროა მრავალი დარგის სპეციალისტების, მათ შორის, მასალების მეცნიერების მზარდი ძალისხმევა. შეგახსენებთ, TSMC იღებს ვალდებულებას 3-ნანომეტრიანი პროდუქტის სერიული წარმოება დაიწყოს მომავალი წლის მეორე ნახევარში. კომპანიის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს EUV ლითოგრაფიის გამოყენებას ტექნოპროცესების 1 ნმ-მდე დაუფლებისთვის. მრავალკრისტალიანი სისტემის, ე.წ. „ჩიპლეტების“ გამოყენება გულისხმობს მათი ურთიერთდამონტაჟებისა და შეერთების ტექნოლოგიების შემუშავებას. მიკროსქემები გახდება მრავალშრიანი და სამგანზომილებიანი. აუცილებელია ერთდროულად შეიქმნას ახალი სწრაფი ინტერფეისები, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ „ვიწრო სივრცე“. TSMC აპირებს მხარი დაუჭიროს მურის კანონის მოქმედებას 2040 წლამდე. http://bit.ly/3baSIUR
  13. Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ ჯეფ ბეზოსი შეძლებს მეტი დრო დაუთმოს Blue Origin-ის კოსმოსურ პროგრამას. SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ ის თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს კოსმოსის ათვისების მცდელობაში ხარჯავს. მხოლოდ ბილ გეითსი მოუწოდებს მილიარდერებს მეტი ყურადღება მიაქციონ მიწიერ პრობლემებს. ბილ გეითსმა დაკარგა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის გამო და იგი ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს Forbes-ის რეიტინგში. პირველი ადგილი კი იცვლება ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს შორის. პლანეტის ორივე უმსხვილესი მილიარდერი დიდ ინტერესს იჩენს კოსმოსური ძიების მიმართ, SpaceX-ის დამფუძნებლის გეგმები მარსის კოლონიზაციას ისახავს მიზნად. როგორც CNBC-მ აღნიშნა, Microsoft-ის დამფუძნებელმა თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში შეაქო ილონ მასკის მცდელობა გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში, რადგან მან დიდი წვლილი შეიტანა ელექტრომობილებისა და მზის ენერგიის პოპულარიზაციაში. ამავე დროს, გეითსმა აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა რაკეტების დახმარებით არ შეიძლება. გეითსის თანახმად, სამგზავრო მანქანების ელექტრო ძრავზე გადაყვანა გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების მხოლოდ მესამედს წყვეტს და ეს ყველაზე მარტივი ნაწილია. ფოლადის, ცემენტისა და ხორცის წარმოება არანაკლებ საზიანო გავლენას ახდენს კლიმატზე, ვიდრე მანქანების ექსპლუატაცია, მაგრამ გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს გარემოს დაცვა. კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობაზე საუბრისას ბილ გეითსმა თქვა, რომ მას ურჩევნია ექვივალენტური თანხა დახარჯოს გაჭირვებული ადამიანებისთვის ვაქცინების შესაძენად, რითაც ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენს. http://bit.ly/3bcIpPV
  14. კი, რატომაც არა, თან აქვს პლუსი - უნიკალურობა, სხვა თუ არაფერი
  15. კრიპტოვალუტა Litecoin-ის შემქმნელი ჩარლი ლი დარწმუნებულია, რომ არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) დროთა განმავლობაში გაუფასურდება მათი შექმნის "ნულოვანი ღირებულების" გამო. „NFT-სგან განსხვავებით, ნამდვილი წარმოების ხელოვნებას აქვს ფასეულობა. მისი შექმნისთვის საჭიროა ძალისხმევა და დრო. არსობრივად, ეს არის Proof-of-Work“ - დაწერა მან. ლი დარწმუნებულია, რომ NFT ემიტენტები შეგნებულად "ქმნიან ხელოვნურ დეფიციტს". არსებული ვითარება გამოიწვევს ისეთი პირების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ცდილობენ ფულის გამომუშავებას არაუერთიერთჩანაცვლებადი ტოკენების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე. ”მიწოდება გაბატონდება მოთხოვნაზე. საბოლოოდ, ფასები ჩამოიშლება, ”- გვიზიარებს ჩარლი ლი საკუთარ პროგნოზი. Litecoin-ის დამფუძნებელმა შექმნა NFT თავისი ავატარით და აღნიშნა, რომ ეს მას არაფერი დაუჯდა. ლიმ ნამუშევარი აუქციონზე გაიტანა და საზოგადოებას სთხოვა დაემტკიცებინა, რომ იგი ცდებოდა. წერილის მომზადების დროს ყველაზე მაღალი შეთავაზება იყო 1 WETH ანუ 1797 აშშ დოლარი, ვაჭრობის დასრულებამდე კიდევ ოთხი დღე დარჩა. 2021 წლის იანვარში კოლექციონირების დეველოპერმა Topps Digital-მა გამოაქვეყნა 18 NFT ბარათი, რომლებზეც გამოსახული იყო სენატორი ბერნი სანდერსი ხელთათმანებში. თებერვლის დასაწყისში მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა გაყიდა არაუერთიერთჩანაცვლებადი Lightning ტოკენი აუქციონ Rarible-ზე 70 ათას აშშ დოლარად. აქვე შეგახსენებთ, მილიარდერმა მარკ კიუბანმა განაცხადა, რომ NFT შეიძლება ძალიან პოპულარული გახდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. http://bit.ly/2NdamPK
  16. Ryzen 5000 სერიის პროცესორები ვერ გახდა მასიურად გაყიდვადი. გაყიდვაში გაშვებიდან რამდენიმე თვეში მათზე ფასმა კი არ დაიკლო, პირიქით - იყიდება სარეკომენდაციო ფასზე გაცილებით ძვირად. სახეზეა დეფიციტი და ვითარების გამოსწორება არ არის მოსალოდნელი, რადგან AMD-მ ვერ შეძლო ბაზრის გაჯერება არსებული პროცესორებით, ახალი ბიუჯეტური მოდელები კი არ არსებობს. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას ბადებს, რადგანაც 7-ნანომეტრიანი წარმოება უნდა ყოფილიყო გაცილებით მომგებიანი 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით. როგორც აღმოჩნდა, არსებობს მიზეზი, რის გამოც არის ახალი პროცესორები დეფიციტური. PowerGPU-ის სპეციალისტებმა, რომლებიც მზა კომპიუტერებს ყიდიან, განაცხადეს არადამაიმედებელი სტატისტიკის შესახებ, რომელიც მიუთითებს Ryzen 5000 სერიის მოწყობილობებში არსებული დეფექტების მაღალ დონეზე. მაჩვენებლებს შეგვიძლია გავეცნოთ ცხრილიდან. პროცესორი ერთეულის რაოდენობა წუნდებული Ryzen 5950X 50 8 Ryzen 5900X 50 4 Ryzen 5800X 100 4 Ryzen 5600X 120 3 სიტუაცია კრიტიკულია. როგორც ხედავთ, დეფექტების უმეტესობა ყველაზე ძვირადღირებულ 16-ბირთვიან Ryzen 5950X-ზე აღინიშნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საუბარი არ ეხება „მკვდარ ნივთებს“. პრობლემა მდგომარეობს გამოცხადებულ მაჩვენებლებსა და რეალურ ვითარებას შორის არსებულ შეუსაბამობაში. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ ბუსტ-რეჟიმში შტატ-სიხშირის მიღწევის შესაძლებლობის არარსებობა. ამავე დროს, მითითებულია, რომ დეფექტების მაღალი პროცენტი აქვთ B550 და X570 ჩიპსეტებზე დამყარებულ დედა დაფებსაც. ყოველ კვირაში ხდება 3-5 მსგავსი წუნდებული დაფის აღმოჩენა. საინტერესოა ის, რომ სხვა მსგავსი სპეციალისტები არ ეთანხმებიან წარმოდგენილ სტატისტიკას, რაც საშუალებას იძლევა ვისაუბროთ ან წუნდებულ პარტიაზე, ან იმაზე, რომ ვინმემ კარგად ვერ განახორციელა პროცესორების ანალიზი. http://bit.ly/2N9DZS2
  17. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Apple გეგმავს iPhone 12 mini-ს წარმოების შეჩერებას ცუდი გაყიდვების გამო. ბევრი შეშფოთდა, რომ კომპანიამ შეიძლება მთლიანად თქვას უარი მინი-სმარტფონის ფორმატის შემუშავებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, შიში ამაო იყო. უახლესი მონაცემების თანახმად, IPhone 12 mini-ს დაბალი გაყიდვების მიუხედავად Apple გეგმავს მსგავსი კომპაქტური სმარტფონის გამოშვებას სამომავლო iPhone 13 სერიაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, iPhone 12 mini-ს მემკვიდრე ეყოლება. ამასთან, მის სახელწოდებასთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ზოგი ვარაუდობს, რომ მომდევნო სერიის სმარტფონებში გაერთიანებული იქნება iPhone 12s ხაზი და არა iPhone 13, როგორც ეს ხდებოდა Apple-ის მოწყობილობების მინორული განახლებების დროს. ცნობილია, რომ iPhone 12 mini-ს წილი iPhone 12 სერიის სხვა სმარტფონების გაყიდვების მთლიან შემოსავალში მხოლოდ 5%-ს შეადგენს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამის მიზეზია ამგვარი ფორმ-ფაქტორის სმარტფონის მაღალი ფასი, აგრეთვე ავტონომიურობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუკი კომპანია მიმდინარე წელს გამომასწორებს ამ ხარვეზებს, გაყიდვების სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. მოსალოდნელია, რომ Apple მიმდინარე წელს უარს იტყვის ახალი თაობის iPhone SE-ს გამოშვებაზე, რათა კონკურენცია არ შეუქმნას iPhone 13 mini-ს. http://bit.ly/3jR8yaU
  18. პირველი კრიპტოვალუტის კვოტირებამ 49 000 აშშ დოლარიანი დონე გაარღვია ჩინური ახალი წლის დღესასწაულის ფონზე. წყარო: TradingView. მანამდე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიებებთან დაკავშირებული მრავალდღიანი საგაზაფხულო ფესტივალი ჩინეთში ისტორიულად უარყოფით გავლენას ახდენდა Bitcoin-ის კურსზე. წამყვანმა კრიპტოვალუტამ მიაღწია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს და გადააჭარბა 49 360 აშშ დოლარს ბირჟა Bitstamp-ზე. CryptoQuant-ის აღმასრულებელი დირექტორი 50 ათას აშშ დოლარამდე მომდევნო შესაძლო ზრდას პრობლემატურად მიიჩნევს. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. „Coinbase-ის პრემიების“ შემცირებაზე - განსხვავებაზე ამერიკული პლატფორმის სპოტ ფასებსა და Binance-ს შორის. CoinGecko-ს თანახმად კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა ციფრული ოქროს 60%-ზე ნაკლები დომინირების ინდექსისას. წყარო: CoinGecko. Ripple-ს ტოკენი XRP დაბრუნდა რეიტინგის მეოთხე ადგილას ჯამური საბაზრო ღირებულების მიხედვით. აგრეგატორის მონაცემების თაანხმად Bitcoin-ის ფასი 49 067 აშშ დოლარს შეადგენს. განახლება: პირველმა კრიპტოვალუტამ კიდევ ერთხელ განაახლა თავისი ყველა დროის მაღალი მაჩვენებელი და მიაღწია 50 ათას აშშ დოლარიან ნიშნულამდე. უძველეს ევროპულ ბირჟა Bitstamp-ზე ფასმა 49938 აშშ დოლარს მიაღწია, Binance-ზე მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 49998 $ (USDT-სთან წყვილში). სტატიის მომზადების დროს კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 1.52 ტრილიონი აშშ დოლარია. Bitcoin-ის დომინირების ინდექსი - 59.9%. შეგახსენებთ, ამ მოვლენამდე გარკვეული დროით ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის 100 000 აშშ დოლარამდე გაზრდა. http://bit.ly/2OFza3l
  19. NVIDIA-მ გამოუშვა სპეციალური პლაგინი Unreal Engine 4- ისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს DLSS ტექნოლოგიის დანერგვის პროცესს თამაშებში დეველოპერებისთვის. ამ სიტუაციაში პლაგინის გამოყენება უზარმაზარი ნაბიჯია დეველოპერების სასარგებლოდ, რადგანაც ამ დრომდე მათ უწევდათ უშუალოდ დაკავშირებოდნენ NVIDIA-ს და ეხელმძღვანელათ DLSS Early Access პროგრამის წესებით. შეხსენებისთვის, DLSS (Deep Learning Super-Sampling) - ეს გახლავთ NVIDIA-ს მიერ შემუშავებული მეთოდი ვიზუალური ეფექტების ასახვისთვის, რომელშიც გამოყენებულია მანქანური სწავლების ტექნოლოგია ვიდეო დაფის ტენსორულ ბირთვებთან კავშირში. იგი შექმნილია ხარვეზებისა და გრაფიკული არტეფაქტების მოგვარების მიზნით სისტემის ზედმეტი დატვირთვის გარეშე. ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად: DLSS ამცირებს ორიგინალი გამოსახულების გაფართოებას და სხვადასხვა ფილტრის მეშვეობით ახდენს მის მასშტაბირებას ეკრანის ზომაზე, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ იმოქმედა DLSS ხარისხის რეჟიმმა Fortnite-ის PC-ვერსიის წარმადობაზე და შესაძლებელი გახადა თამაშის გაშვება მაქსიმალურ გრაფიკულ პარამეტრებზე 4K გაფართოების პირობებში 100 fps-სა და მეტზე. როგორც ვხედავთ, ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამა თუ იმ თამაშის წარმადობა, თუმცა მისი მუშაობისთვის აუცილებელია ტენსორული ბირთვების მქონე GeForce RTX ვიდეო დაფის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ როდესაც DLSS-ზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 2.0 ვერსიას, რომელიც ფართოდ გავრცელდა პირველი ვერსიისგან განსხვავებით. თავდაპირველად ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო: საჭირო იყო ნეიროქსელის „სწავლება“ კონკრეტულ თამაშზე სამუშაოდ, გაზრდილი წარმადობის შედეგიც ვერ იყო დიდად შთამბეჭდავი. DLSS 2.0-ში ნეიროქსელის სწავლების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივეს და მოახდინეს ოპტიმიზაცია: მან ისწავლა დროებითი უკუკავშირის მეთოდების გამოყენება წინა კადრებიდან სურათის დამატებითი დეტალების მისაღებად, შედეგად გაიზარდა ამ პროგრამული უზრუნველყოფის დანამატის საერთო ეფექტურობა. დეველოპერებს, რომლებიც იყენებენ Unreal Engine 4.26-ს, შეეძლებათ DLSS ტექნოლოგიის ინტეგრირება მოახდინონ თავიანთ თამაშებში NVIDIA-ს ოფიციალური პლაგინის გამოყენებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ DLSS-ით უზრუნველყოფილი თამაშების რაოდენობა უახლოეს წლებში გაიზრდება. პლაგინზე წვდომის მიღებისთვის საჭიროა გადასვლა NVIDIA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://bit.ly/3dkxnep http://bit.ly/2LQdRee
  20. ერთ-ერთმა ინფორმატორმა შეძლო Rocket Lake სერიის დესკტოპ პროცესორების ერთი ჯერ არ გამოსული ნიმუშის - Intel Core i5-11500 ჩიპის მიღება. მან ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის ტესტირება გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორს აქვს Intel-ის დღესდღეობით არსებული ყველაზე მძლავრი ინტეგრირებული ამაჩქარებელი - UHD 750. ბოლო ცნობების თანახმად Intel შემოგვთავაზებს ინტეგრირებული Xe გრაფიკის ორ ვარიანტს Rocket Lake-S პროცესორებში. ერთი კონფიგურაციაა UHD Graphics 750 (GT1) 32 გამოთვლითი ერთეულით (EU) და მეორე უფრო სუსტი ვარიანტი - სახელწოდებით UHD Graphics 730 (GT1) 24 ბლოკით. გაჟონილი ცნობები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ უფრო მძლავრი UHD 750 გრაფიკის მუშაობა, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედები. ინფორმატორმა სატესტო პაკეტი 3DMark TimeSpy აამოქმედა როგორც Core i5-11500 პროცესორზე, ასევე წინა თაობის Core i5-10400 ჩიპზე. Rocket Lake პროცესორის ახალმა გრაფიკამ მოაგროვა 1053 ქულა, Comet Lake სერიის ამაჩქარებელმა კი - მხოლოდ 693. შეინიშნება წარმადობის 1.5-ჯერ ზრდა, რაც სრულებით შეესაბამება Intel-ის მიერ დაპირებულ 50%-იან ზრდას წინა თაობის მაჩვენებელთან შედარებით. წყარომ საზოგადოებას ასევე გაუზიარა League of Legends-ისა და Counter Strike: Global Offensive-ის გეიმინგ პროცესი: უმეტეს შემთხვევაში ორივე თამაშში სიხშირე აღემატებოდა 100 კადრი/წამში მაჩვენებელს 1080p გაფართოებაზე, რაც ინტეგრირებული გრაფიკისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. გარკვეული ინფორმატორების თანახმად Intel ამზადებს ბევრად უფრო მძლავრ შემოთავაზებას Xe გრაფიკის ბაზაზე: ვრცელდება ცნობები, რომ მე-12 თაობის Intel Core Alder Lake სერიაში გამოყენებული იქნება ინტეგრირებული გრაფიკა Intel Xe 96 EU-ით. თეორიულად ეს შესაძლოა ნიშნავდეს UHD 750 Rocket Lake-თან შედარებით წარმადობის თითქმის სამმაგ ზრდას იმავე სიხშირეებზე. სასიხარულოა, რომ Intel კვლავ ცდილობს პროცესორების ყოველ ახალ თაობაში გაზარდოს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის მაჩვენებელი. http://bit.ly/3tYCFC6
  21. ფინანსური კონგლომერატი Deutsche Bank გეგმავს აამოქმედოს მსხვილ ინვესტორებზე ორიენტირებული, კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი სამეურვეო სერვისი. სიახლე გამომდინარეობს 2020 წლის დეკემბრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშიდან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ Deutsche Bank Digital Asset Custody-ს პროტოტიპი მიზნად ისახავს იყოს ”სრულად ინტეგრირებული პლატფორმა ინსტიტუციური მომხმარებლებისა და მათი ციფრული აქტივებისთვის, რაც უზრუნველყოფს უპრობლემო ურთიერთქმედებას უფრო ფართო კრიპტო ეკოსისტემასთან”. ანგარიშში კონკრეტული კრიპტოვალუტები არ არის მითითებული, ნახსენებია მხოლოდ ახალი სერვისის შექმნის მიზანი - „მომხმარებლებისთვის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აქტივების ცხელი და ცივი შენახვის ინსტიტუციური დონის გადაწყვეტილებების შეთავაზება”. სერვისის ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება. საბოლოო ჯამში იგი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს არა მხოლოდ შეინახონ, არამედ შეიძინონ და გაყიდონ ციფრული აქტივები პრაიმ-ბროკერებისა და საიმედო ბირჟების საშუალებით. ახალი პროდუქტი ორიენტირებულია აქტივების მმართველებზე, საოჯახო ოფისებზე, კორპორაციებსა და კრიპტოვალუტების ფონდებზე. Deutsche Bank-ის სერვისი უზრუნველყოფს დამატებით მომსახურებებს - საგადახდო დახმარებას, ლენდინგ და სტეიკინგ სერვისებსა და აქტივების მართვას. Deutsche Bank-ის ციფრული აქტივების მეურვეობის შემოსავლის წყარო იქნება თანხების ფლობის საფასური, მოგვიანებით კი - სავაჭრო და სხვა მოსაკრებლები. ფინანსურმა გიგანტმა კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულა. მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის გაშვება მოსალოდნელია 2021 წელს და საპილოტე პროექტში მონაწილოებას მიიღებენ მსხვილი კომპანიები. http://bit.ly/3b72MOq
  22. მფრინავი ავტომობილების ნახვა ამ დრომდე შეგვეძლო ფილმებში, თუმცა როგორც ჩანს მალე დადგება დრო, როდესაც ტრანსპორტის ამგვარი სახეობის ნახვა ქუჩაში გახდება შესაძლებელი. Tesla Roadster-ს, რომლის ბაზარზე გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლისთვის, ექნება SpaceX-ის მოდიფიკაცია და ავტომობილი შეძლებს ჰაერში გადაადგილებას. თუმცა, ფრენის სიმაღლედ განსაზღვრული იქნება 2 მეტრი - სწორედ ისეთი სიმაღლე, რომ თუკი ავტომობილი ჩამოვარდება, იგი ზიანს არ მიაყენებს არც მგზავრებს, არც ირგვლივ მყოფებს - მაქსიმუმ დაზიანდება ტრანსპორტის დაკიდების სისტემა. Tesla ასევე იძულებულია შეზღუდოს ავტომობილის ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა, თუმცა არ შეიზღუდება სიჩქარე. ფრენა განხორციელდება მცირე სარაკეტო ამაჩქარებლების მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ შეკუმშული გაზის ბალონებზე. უკანა სავარძლის ადგილს სწორედ ეს ბალონები დაიკავებს. ელექტრომობილი 100 კმ სიჩქარის განვითარებას 1.99 წამში შეძლებბს. მსოფლიო რეკორდად ითვლება რბოლებისთვის განკუთვნილი ბოლიდის მიერ დამყარებული მაჩვენებელი - 1.77 წამი. http://bit.ly/3b3qMC7
  23. მონაცემთა ინჟინერმა მაიკლ დრისკოლმა (Michael Driscoll) მოამზადა Radeon RX 6000 და GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების სტატისტიკა eBay-ს მეორადი ბაზრიდან. გადამყიდველებისა და მაინერების გამო ამ ვიდეო დაფების ფასი ყოველ კვირას მატულობს. ფოტოს წყარო: Tom's Hardware ბოლო მონაცემებით, ბოლო თვის განმავლობაში შეთავაზების ღირებულება საშუალოდ 10-დან 35%-მდე გაიზარდა. ფასების ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო საბაჟო გადასახადების ახალი განაკვეთებით, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა შეერთებულ შტატებში. ამავე დროს, ფასების ყველაზე მკვეთრი ნახტომი უფრო დაბალი ფასის სეგმენტის მოდელებზე არის შესამჩნევი. GeForce RTX 3060 Ti-ს ფასისა და გაყიდვების დინამიკა თუ იანვრის პირველ კვირაში GeForce RTX 3060 Ti მოდელის საშუალო ღირებულება დაახლოებით 690 აშშ დოლარი იყო (სარეკომენდაციო ფასი - 399 აშშ დოლარი), გასულ კვირას ვიდეო დაფის ღირებულებამ საშუალოდ 920 აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა გადამყიდველების მიერ ამ მოდელის გრაფიკული ამაჩქარებლის რეალურ გაყიდვებზე და არა მხოლოდ პლატფორმაზე განთავსებული შეთავაზებების რაოდენობის მიხედვით. GeForce RTX 3080 მოდელის საშუალო ფასი (699 $ სარეკომენდაციო) იმავე პერიოდისთვის 1290-დან 1539 აშშ დოლარამდე გაიზარდა 3400 რეალურ გაყიდვაზე დაყრდნობით. GeForce RTX 3080-ს ფასისა და გაყიდვების დინამიკა გადამყიდველთა უმეტესობამ eBay-ზე გაყიდა GeForce RTX 3070 (499 აშშ დოლარი სარეკომენდაციო ფასი) დაფის სხვადასხვა ვარიანტი. დახურული გარიგების რაოდენობამ 5400 შეადგინა. ამავდროულად, ამ დაფების საშუალო ფასი გაიზარდა 17%-ით - იანვრის 804 აშშ დოლარიდან თებერვალში - 940 აშშ დოლარამდე. GeForce RTX 3070 დაფის ფასისა და გაყიდვის დინამიკა საინტერესოა, რომ ამ მოდელის თებერვალში არსებული ფასი მხოლოდ 20 აშშ დოლარით აღემატება ნაკლები წარმადობის მქონე GeForce RTX 3060 Ti-ს ფასს. ეს ფაქტი აიხსნება Ethereum-ის ფასის მატებით, რომლის მოპოვება GPU-ების მეშვეობით ხდება. როგორც ჩანს, უმეტესობა ორივე დაფის შესყიდვა მოხდა სწორედ მაინერების მიერ და ორივე მათგანს შეუძლია უზრუნველყოს წარმადობის დაახლოებით მსგავსი დონე კრიპტოვალუტის მოპოვებისას - 60 Mhash/წამში. GeForce RTX 3090 დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა იანვრიდან თებერვლამდე გადამყიდველებმა გაყიდეს 2 291 GeForce RTX 3090 გრაფიკული დაფა (1499 $ რეკომენდებული ფასი). მათი ფასი საშუალოდ 14%-ით გაიზარდა - 2087-დან 2379 აშშ დოლარამდე. Radeon RX 6900 XT დაფების ფასისა და გაყიდვების დინამიკა რაც შეეხება AMD-ის ფლაგმანურ Radeon RX 6900 XT დაფას, მისი საშუალო ფასი ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში 8%-ით - 1458-დან 1570 აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღრიცხვის პერიოდში გადამყიდველებმა გაყიდეს 334 ვიდეო დაფა. NVIDIA-ს ფლაგმანთან შედარებით დაბალი ღირებულებისა და კრიპტოვალუტის მოპოვების დაახლოებით იგივე დონის გათვალისწინებით ეს მოდელი ასევე შეიძლება განიხილებოდეს მაინერების მიერ, როგორც Ethereum-ის მოპოვებისთვის საჭირო გამოსავალი. Radeon RX 6800 XT დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა Radeon RX 6800 XT დაფის ფასი იანვრიდან თებერვლამდე 11%-ით - 1179-დან 1312 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს დაფა ყველაზე პოპულარული გახდა უახლესი Radeon RX 6000 სერიის გრაფიკულ ამაჩქარებლებს შორის. გადამყიდველებმა გაყიდეს ვიდეო დაფის 448 მოდელი. მას დიდად არ ჩამორჩა სტანდარტული Radeon RX 6800 მოდელი. აღრიცხვის პერიოდში სპეკულანტებმა გაყიდეს 434 მსგავსი ვიდეო დაფა. Radeon RX 6800 დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა ამ მოდელის ვიდეო დაფების საშუალო ღირებულება იანვრიდან თებერვლამდე 18%-ით - 865-დან 1018 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც კვლავ მიუთითებს მაინერების მხრიდან დაინტერესებაზე. http://bit.ly/3ddVUl4
  24. ბევრი კრიპტოენთუზიასტი და ინვესტორი დარწმუნებულია იმ კრიპტო შიფრირების ალგორითმების აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაში, რომლებიც საფუძვლად უდევს პოპულარულ კრიპტოვალუტებს. მაგრამ ეს მოსაზრება შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს, რადგან მსოფლიოში უკვე არსებობს ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდა ინდუსტრიის არსებობას. კვანტურ კომპიუტერებს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება თანამედროვე სუპერკომპიუტერებთან შედარებით ასიათასჯერ სწრაფად, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მონაცემთა დაშიფვრის ბევრი გავრცელებული მეთოდისთვის. შვეიცარიულმა კომპანია Terra Quantum AG-მა ახლახანს განაცხადა დაშიფვრის სისტემების სფეროში თავისი რევოლუციური მიღწევის შესახებ. კვანტური კომპიუტერის გამოყენებით მეცნიერებმა შეძლეს მონაცემთა სიმეტრიული დაშიფვრის მეთოდების, მათ შორის მეტად გავრცელებული Advanced Encryption Standard (AES) ალგორითმის, სისუსტეების პოვნა. ამ ეტაპზე კვლევის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ექსპერტები თანხმდებიან, რომ ასეთი აღმოჩენები საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და მეცნიერებმა დაუყოვნებლივ უნდა მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტილებები კვანტური კრიპტოგრაფიის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ AES არ გამოიყენება პოპულარული კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებში, ციფრული ფინანსების სამყაროს მაინც საფრთხე ემუქრება, რადგან კვანტური კომპიუტერების უზარმაზარი გამოთვლითი ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ვალუტების ალგორითმებში სისუსტეებისა და ხარვეზების დასადგენად, ასევე კრიპტოვალუტის ქსელზე კონტროლის მოსაპოვებლად და შეტევის განსახორციელებლად. კვანტური კომპიუტერები არ წარმოადგენს შორეული მომავლის გამოუკვლეველ ტექნოლოგიას. ისინი მტკიცედ შემოვა ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ათწლეულში, რადგან IBM-მა უკვე დააანონსა მსოფლიოში პირველი, პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი კომერციული კვანტური კომპიუტერი. http://bit.ly/3tTfDwl
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.