-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ჩინეთმა უკვე დიდი ხანია დაბლოკა კომპანია Google საკუთარ ტერიტორიაზე: ჩინეთის ბაზარზე სმარტფონები გამოდის წინასწარ დაინსტალირებული Google Mobile სერვისების გარეშე. თუმცა მათ გარეშეც კი ჩინეთის მომხმარებლები არ განიცდიან პრობლემებს ალტერნატივების სიმრავლის გამო. გარდა ამისა, მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ თავად დაეყენებინათ GMS. თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ Xiaomi-მ გადაწყვიტა თავის სმარტფონებში Google Mobile Services-ის დაყენების შესაძლებლობის დაბლოკვა. კომპანიის აზრით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საჩივრების დიდ რაოდენობას Google Mobile Services-ის მუშაობასთან დაკავშირებით. ჩინურმა კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Google Mobile Services-ის ინსტალაცია ახლა აკრძალულია მის იმ სმარტფონებზე, რომლებიც Google სერვისის პლატფორმის გარეშე მიეწოდება მომხმარებელს. ამ დროისთვის ჩინურ კომპანიას არ გამოუქვეყნებია იმ მოდელების სია, რომლებმაც დაკარგეს GMS-ის ინსტალაციის შესაძლებლობა. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ შეუძლებელია Google აპლიკაციების, მათ შორის Google Play პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება Xiaomi Redmi K30 Ultra-სა (Dimensity 1000+) და Redmi X10 5G-ზე ( Dimensity 820U). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინეთში სმარტფონები უკვე Google-ის სერვისების გარეშე იყიდება. მაგრამ Xiaomi-ს სიახლე არის დარტყმა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს შეუკვეთოს მოდელები ჩინეთიდან დაბალ ფასებში, დააინსტალიროს გლობალური firmware Google Mobile Services და გამოიყენოს მოწყობილობები ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ახლა მათ ჩამოერთვათ ასეთი შესაძლებლობა. http://bit.ly/3cyPj4j
-
Bitcoin-მაინერების შემოსავალმა იანვარში 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 1.09 მლრდ აშშ დოლარი. ამას ხელი შეუწყო პირველი კრიპტოვალუტის ფასის ახალმა რეკორდებმა. სამი წლის წინ ხარული აღმასვლის პიკზე ეს მაჩვენებელი 1.25 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. გასულ თვეში 1.09 მილიარდიდან 977.7 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა მოპოვებულ ბლოკებზე - დაკვირვების ისტორიაში მაქსიმუმი, 112.8 მლნ აშშ დოლარი - მიღებული საკომისიოებისთვის. Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით. ForkLog, Coin Metrics. ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე ტექნიკის დეფიციტის ფონზე გაიზარდა 1.05%-ით. ამ მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა - დაახლოებით 20.82 T. მაინერების დღიური შემოსავალი, რომელიც გამოითვლება თითოეულ TH / წმ-ზე, გაიზარდა 0.25 აშშ დოლარამდე. სტატისს დაწერის დროს BTC.com შემდეგი გადაანგარიშების შედეგად 0.49%-იან ვარდნას (20.72 T-მდე) პროგნოზირებს. წყარო: BTC.com. Ethereum-ის მაინერები მეოთხე თვის განმავლობაში ჩამორჩნენ Bitcoin-მაინერების შემოსავლებს, მათ იანვარში 798 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავეს. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა სამი წლის წინანდელ რეკორდს (762 მლნ აშშ დოლარი). შემოსავლების ზრდას ხელი შეუწყო Ethereum-ის ფასის ზრდამ, რომელმაც 1600 აშშ დოლარს გადააჭარბა. იანვრის ღირებულების 40% მოდის ტრანზაქციების საკომისიოებზე. Ethereum-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით: ForkLog, Coin Metrics. აღსანიშნავია, რომ Flipside Crypto-ს ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, დღის რომელ მონაკვეთში შეუძლიათ მომხმარებლებს თანხის დაზოგვა ტრანზაქციებზე. http://bit.ly/3oJc3RE
-
კომპანია Boston Dynamics-მა გამოაქვეყნა მანიპულატორი მკლავით აღჭურვილი რობოტიზებული ძაღლ Spot-ის უახლესი ვიდეო. გასული წლის ბოლოს რობოტების ამერიკული მწარმოებელი კომპანია Hyundai Motor Group-ის მფლობელობაში გადავიდა და პირობა დადო, რომ სამომავლოდ გააფართოვებს რობოძაღლის შესაძლებლობებს - იგი გახდება უფრო მეტად ფუნქციონალური რობოტიზებული ხელის განთავსებისთვის საჭირო სპეციალური პლატფორმის დაყენების შედეგად. გამოქვეყნებულ ვიდეოში რობოტი ძაღლი Spot ასრულებს სხვადასხვა დავალებას: იღებს ნივთებს და ათავსებს მათ კალათში, ასუფთავებს ოთახს, ხსნის კარს, რთავს ელექტრო გადამრთველს, ასრულებს სამებაღეო საქმიანობას და მიათრევს დიდ და მძიმე სამშენებლო ბლოკებს. რობოტიზებული მკლავისა და მანქანის სხეულის მოძრაობები ავტომატურად კოორდინირდება გარკვეული ობიექტებისა და საგნების გადაადგილებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების გამარტივების მიზნით. კომპანია აღნიშნავს, რომ ასეთი მანიპულატორით აღჭურვილი მანქანისთვის არსებული დავალებების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად ფართოვდება. ვიდეოს აღწერილობაში ასევე ნათქვამია, რომ რობოტის ქცევა ვიდეოში დაპროგრამებულია ახალი API-ს გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს ბრძანებები როგორც ავტონომიურ რეჟიმში, ისე რობოტის მფლობელის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რობოტი კონტროლდება დისტანციურად, პლანშეტის გამოყენებით. რობოტი Spot-ის შესაძლებლობები შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოზე: https://bit.ly/39J5CtP რობოძაღლის გაყიდვა გასული წლის ზაფხულში დაიწყო, მისი ფასი 75 ათასი აშშ დოლარია. იმავე წლის ოქტომბერში Boston Dynamics-მა განაცხადა, რომ გაყიდა 260 მსგავსი მანქანა. http://bit.ly/3j7mrkU
-
Google-მა და Ford-მა განაცხადეს ექვსწლიანი პარტნიორული შეთანხმების დადების შესახებ. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ტექნოლოგიური გიგანტი პასუხისმგებელი იქნება ქსელთან დაკავშირებადი ავტომობილების მზარდი შესაძლებლობების დიდ ნაწილზე, აგრეთვე უზრუნვეყოფს ქლაუდ გამომთვლელ სიმძლავრესა და სხვა ტექნოლოგიურ სერვისებს. არსებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს Ford-ის ოპერაციების ოპტიმიზაციასა და რესტრუქტურიზაციის გეგმის შესრულების დაჩქარებას, რაც მანქანათმშენებელ კომპანიას 11 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. წყარო აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობა ორივე პარტნიორისთვის მომგებიანი იქნება. Ford გამოიყენებს Google-ის მზა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის Android Auto-ს ბაზაზე შექმნილ საინფორმაციო-გასართობ სისტემას, ქლაუდ გამომთვლელ პლატფორმას და ა.შ. Google ამ პარტნიორობის ფარგლებში იღებს ახალ მსხვილ დამკვეთს საკუთარ ქლაუდ პლატფორმაზე, რომელიც ბაზრის წილის მიხედვით ჩამორჩება ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Amazon და Microsoft. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერის განცხადების შემდეგ Ford-ის აქციების ფასი 8.6%-ით გაიზარდა, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულებას კი მოემატა 3%. კომპანიების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ 2023 წელს Ford-ისა და Lincoln-ის ავტომობილებში გამოჩნდება საინფორმაციო-გასართობი სისტემა Android Auto-ს ბაზაზე, ხმოვანი ასისტენტი Google Assistant, სერვისები Google Maps და Google Play, აგრეთვე სხვა სერვისები, რომლებიც მუშაობს Google-ის ქლაუდ პლატფორმაზე. ტექნოლოგიური გიგანტი Ford-ს ასევე დაეხმარება გამოიყენოს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ალგორითმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ლოჯისტიკა. Google-თან პარტნიორობა Ford-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯიმ ფარლის კიდევ ერთი მიღწევაა, იგი ამ თანამდებობას იკავებს გასული წლის ოქტომბრიდან. აღსანიშნავია, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში Ford-ის აქციების ფასი დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. http://bit.ly/3thLR4a
-
Ripple მოლაპარაკებებს აწარმოებს ცენტრალურ ბანკებთან, რათა გამოიყენონ XRP Ledger, როგორც ეროვნული ციფრული ვალუტების (CBDC) საფუძველი. ამის შესახებ RippleNet-ის გენერალურმა მენეჯერმა აშიშ ბირლამ განაცხადა. ”CBDC მნიშვნელოვანი სტიმული იქნება Ripple-ის ტექნოლოგიის დანერგვისთვის. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალურ ბანკთან სტრატეგიის განხილვის პროცესში ვართ, ”- განმარტა ტოპ-მენეჯერმა. პარტნიორული ვებინარის მსვლელობისას ბირლამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი COVID-19-ის პანდემიამ RippleNet-ის მონაწილეთა აქტიური გაფართოების პროცესს. მისი თქმით, ქსელი გამოდის გადახდების ფარგლებიდან და გადადის საკრედიტო პროდუქტებზე. გენერალურმა მენეჯერმა აგრეთვე ისაუბრა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) დავის გადაჭრის მიზნით მიმდინარე ძალისხმევის შესახებ. შეგახსენებთ, რომ Ripple-მ პასუხი შეიტანა SEC-ის სარჩელზე, რომელშიც მარეგულირებელ ორგანოს შესთავაზა აიხსნას Bitcoin-ისა და Ethereum-ის შეუსაბამობა ფასიან ქაღალდად განსაზღვრებასთან. დეკემბერში გენერალურმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ სტარტაპი მზადაა ითანამშრომლოს მარეგულირებელი ორგანოს ახალ ხელმძღვანელობასთან სამართლებრივი გაურკვევლობის მოგვარების მიზნით. ნოემბერში Ripple-ის ხელმძღვანელმა გამოხატა დარწმუნება, რომ XRP-ის ფასიან ქაღალდად აღიარებაც კი ვერ შეარყევს კომპანიის საქმიანობას. იანვარში გარლინგჰაუსმა 2020 წელს Ripple-ისთვის „აღსანიშნავი“ წელი უწოდა. http://bit.ly/3rcckOQ
-
ვებ-გვერდ VideoCardz-ის წარმომადგენლების ობიექტივში მოხვდა ვიდეოჩიპი NVIDIA GA106-400 - 3840 CUDA ბირთვის მქონე კონფიგურაციით, რომელიც მარკირების გარდა გარეგნულად არაფრით განსხვავდება GA106-300 ჩიპისგან, რომელსაც 3584 CUDA ბირთვი აქვს. PCB-ზე გრაფიკული პროცესორი განთავსებულია 2 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერების ექვს მიკროსქემასთან ერთად. მათსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კომუნიკაციისთვის გამოყენებულია 192-ბიტიანი სალტე. მეხსიერების სიხშირემ შესაძლოა 16 გჰც-ს მიაღწიოს. მიახლოებითი შეფასებით, GA106-400 კრისტალის ფართობი 276 კვ.მმ-ია. შედარებისთვის, Turing თაობის გრაფიკული პროცესორები გაცილებით მოზრდილი იყო: 445 კვ.მმ - TU106 ჩიპისა და 284 კვ.მმ - TU116-ის შემთხვევაში. როგორც ინტერნეტ-წყარო განმარტავს, ამ პროტოტიპის არსებობა საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ თავდაპირველად NVIDIA გეგმავდა GeForce RTX 3060 აღეჭურვა არა 3584, არამედ სრული 3840 CUDA ბირთვით, თუმცა მეხსიერების კონფიგურაცია ჯამში უცვლელი დარჩა. http://bit.ly/39BFAIy
-
ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Neuralink მუშაობს თავის ქალაში იმპლანტირებად მოწყობილობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ნეირონული იმპულსები გარდაიქმნას ისეთ ბრძანებებად და სიგნალებად, რომლებიც აღქმადი იქნება კომპიუტერისა და ცოცხალი არსებების ნერვული სისტემის სხვა ნაწილებისთვის. ამგვარ ცდებში ღორებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა, ახლა მაიმუნების ჯერია. როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, კომპანიის დამფუძნებელმა ვირტუალური გამოსვლის დროს ისაუბრა ექსპერიმენტული მაიმუნის არსებობაზე, რომელსაც თავში ჩაუნერგეს Neuralink-ის მოწყობილობის პროტოტიპი. როგორც მასკმა განმარტა, Neuralink-ის ლაბორატორიაში უკვე ცხოვრობს მაიმუნი, რომელსაც შეუძლია ნეირონული იმპულსების მეშვეობით მართოს კომპიუტერული თამაშის ობიექტები. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, იმპლანტის ჩანერგვის ადგილის განსაზღვრა პირველივე ჯერზე ადვილი არ არის და მაიმუნი თავს შესანიშნავად გრძნობს. როგორც კი პრიმატს გამოუჩნდება ანალოგიური შესაძლებლობების მქონე კომპანიონი, ისინი შეძლებენ ერთმანეთს ეთამაშონ პინგ-პონგი კომპიუტერში კიდურების გამოყენების გარეშე. თავის ქალაში იმპლანტირებადი მოწყობილობა მონეტის ზომისაა და იგი თავის ტვინს უკავშირდება უწვრილესი ელექტროდებით. Neuralink-ს, როგორც ადრე ილონ მასკმა აღნიშნა, პერსპექტივაში სურს მიაღწიოს იმპლანტანტების ტესტირების უფლებას იმ მოხალისეებზე, რომლებმაც დაკარგეს ზედა ან ქვედა კიდურების დამოუკიდებლად კონტროლის შესაძლებლობა, ან ორივე ერთად. მანამდე კი კომპანია გვპირდება, რომ მარტში გვიჩვენებს იმ მაიმუნების ვიდეოებს, რომლებმაც გადაიტანეს ანალოგიური ოპერაცია. ამგვარი მოწყობილობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ აღიდგინონ დაკარგული მოძრაობის უნარი, არამედ დროთა განმავლობაში ისინი ისწავლიან მოგონებების ტვინიდან კომპიუტერზე ან რობოტიზებულ სხეულზე გადატანას, როგორც მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის შემქმნელებმა იწინასწარმეტყველეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკი იმედოვნებს ამ ყველაფრის მიღწევას. http://bit.ly/3amw2k2
-
Visa გეგმავს უსაფრთხოების გაძლიერებას და კრიპტოვალუტების გამოყენებით ტრანზაქციების გამოყენების გაფართოებას. ამის შესახებ განაცხადა საგადახდო სისტემის აღმასრულებელმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ფისკალური წლის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, წერს The Block. Visa-ს ხელმძღვანელი აპირებს პარტნიორობის ხელშეკრულების დადებას საფულეებისა და ბირჟების ოპერატორებთან. ამის წყალობით მომხმარებლები შეძლებენ იყიდონ და გასცენ კრიპტოვალუტები, აგრეთვე გამოიყენონ ისინი ფიატური შესყიდვებისას. Visa-ს ქსელში მხარდაჭერილია 160 ვალუტა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც არ უნდა გავაფართოვოთ ეს სია კონკრეტული ციფრული ვალუტით. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იგი გახდება გაცვლის აღიარებული საშუალება, ”- აღნიშნა მან. კელი ციფრულ აქტივებს ორ განსხვავებულ კლასად ყოფს. მისი აზრით, Bitcoin-ი ციფრული ოქროა. ეროვნული ციფრული ვალუტა (CBDC) და ფიატით მხარდაჭერილი Stablecoin-ები ექვემდებარება ”ახალი გადახდის ინოვაციის” განმარტებას. ამ უკანასკნელებს აქვთ პოტენციალი - გამოყენებულ იქნან გლობალურ ელექტრონულ კომერციაში. Visa-ს გენერალურმა დირექტორმა დაუშვა კრიპტოვალუტების გამოყენება, როგორც გადახდის ვარიანტი მათი ფიატში გადაცვლის გარეშე. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბერში Visa-მ უარი თქვა fintech-სტარტაპ Plaid-ის შეძენაზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის შემდეგ. http://bit.ly/36rXBqZ
-
Core i9-11900K პროცესორის ტესტირების შედეგები PassMark-ზე კვირაზე მეტია რაც გამოცხადდა, თუმცა ჩიპი მხოლოდ ახლა მოხვდა რეიტინგში. პროგრამული უზრუნველყოფის მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ემყარება ერთ ტესტს და, შესაბამისად, აქვს ცდომილების მაღალი ზღვარი. Core i9-11900K არის ფლგამანური 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი ერთბირთვიან რეჟიმში 5.3 გჰც-მდე აჩქარებით Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის წყალობით (ტექნოლოგია ექსკლუზიურია მე-11 თაობის Core i9 სერიისთვის). პროცესორი დაფუძნებულია Cypress Cove ბირთვების არქიტექტურაზე, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, წარმადობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს Comet Lake-S-სა და Skylake-თან შედარებით. PassMark-ის თანახმად პროცესორს 3,764 ქულა აქვს CPU Mark-ში (ერთნაკადიანი შესრულება), რაც 7%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე Zen3-ზე დაფუძნებული Ryzen 7 5800X. ეს უკანასკნელი Ryzen-ის უსწრაფესი პროცესორია მოცემულ რეიტინგში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, Core i9-10900K პროცესორთან შედარებით ერთნაკადიანი შესრულება თითქმის 19%-ით გაუმჯობესდა. Core i7-11700K- სთან შედარებით, რომელიც ასევე არის 8 ბირთვიანი Rocket Lake-S სერიის პროცესორი, მაგრამ არ აქვს Thermal Velocity Boost ტექნოლოგია, ფლაგმანური Core i9-11900K მხოლოდ 6%-ით სწრაფია. მრავალნაკადიან ტესტში Core i9-11900K-მა 28,082 ქულა დააგროვა, რაც Core i9-10900K-ზე 16,6%-ით მეტია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ Rocket Lake-S პროცესორი გვთავაზობს უფრო ნაკლებ ნაკადს წინამორბედთან შედარებით. AMD Ryzen სერიასთან შედარებით მაღალი დონის i9-11900K არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი მრავალნაკადიან ტესტში, ის მაინც ნელია, ვიდრე Ryzen 7 5800X, რომელმაც 28703 ქულა დააგროვა. Intel-ი მე-11 თაობის Core Rocket Lake-S პროცესორების დაანონსებას მარტში აპირებს. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება პროცესორები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, ასევე არ დაკონკრეტებულა ფასები დაკორექტირდება თუ არა, რომ უფრო ძვირადღირებულ ჩიპებში ნაკლები ბირთვი განთავსდეს. Core I9-11900K, სავარაუდოდ, იქნება ბოლო ფლაგმანი LGA1200 სოკეტისა და უახლესი DDR4 / PCIe Gen4 პლატფორმებისთვის, სანამ კომპანია გამოუშვებს Alder Lake სერიას ახალი LGA1700 კონექტორითა და მომდევნო თაობის DDR5-ითა და PCI Gen5 მხარდაჭერით. http://bit.ly/3r8Y5KA
-
რამდენიმე დღის წინ წარდგენილმა განახლებულმა ელექტრო სედან Tesla Model S-მა მიიპყრო ეროვნული საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) ყურადღება. ეს უკანასკნელი აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, მარეგულირებელ ორგანოს გაუჩნდა შეკითხვები, რომლებიც ეხება ელექტრომობილის განახლებული ვერსიის მართვის უსაფრთხოებას. Tesla Model S-ის ახალი ინტერიერი მოიცავს უჩვეულო ფორმის საჭეს. ზედა ნაწილის ამოღების გამო იგი უფრო მეტად ჰგავს რბოლებისთვის განკუთვნილი სპორტული ბოლიდის საჭეს, ვიდრე ჩვეულებრივი საქალაქო მოხმარების მანქანისას. გარეგნულად იგი მართლაც საინტერესოა, თუმცა ფორმის გამო მისი გამოყენება ურბანული მოძრაობის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ მოუხერხებელი, არამედ პოტენციურად საშიშიც კი - კერძოდ, მოხვევის ან პარალელური პარკირების შემთხვევებში. თავად კომპანია არ აცხადებს, რომ საჭეზე მუშაობა საბოლოოდ დასრულებულია. მომხმარებლების მხრიდან დამატებითი კითხვები გამოიწვია საჭისქვედა მოხვევისა და საქარე მინის საწმენდების მაჩვენებლების, ასევე გადაცემათა კოლოფის სელექტორის არარსებობამ. ამაზე ილონ მასკმა განაცხადა, რომ განახლებული ელექტრომობილი ჭკვიანი ელექტრონიკის წყალობით თავად გადართავს გადაცემას და პროგნოზირებს მოძრაობის მიმართულებას საგზაო მოძრაობის ვითარების, სანავიგაციო სისტემისა და დაბრკოლებების შესაბამისად. ელექტრომობილის ყველა ნიუანსის მორგება შესაძლებელია ბორტის ეკრანზე. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მძღოლი რამდენიმე დღის განმავლობაში იმგზავრებს გადაცემათა კოლოფის სელექტორის არმქონე ახალი Tesla Model S-ით, მას სურვილი აღარ ექნება დაუბრუნდეს ისეთ ავტომობილს, სადაც ამგვარი რამაა დაყენებული. მზარდმა გამოხმაურებამ და საინფორმაციო ხმაურმა NHTSA-ს ყურადრება მიიპყრო. სააგენტომ განაცხადა, რომ განიხილავს ამ საკითხს. ”ამ დროისთვის NHTSA-ს არ შეუძლია გააკეთოს დასკვნები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა განახლებული Tesla Model S სავტომობილო უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ დავუკავშირდებით საავტომობილო კომპანიას”, - განაცხადა NHTSA-ს წარმომადგენელმა. http://bit.ly/3cqeOES
-
პირველი კრიპტოვალუტის ჩართვა ინსტიტუციონალური ინვესტორების პორტფელში მხოლოდ 2,5% წილით გამოიწვევს ფასის ზრდას 200 ათას აშშ დოლარამდე. ამგვარი მოსაზრება გამოხატეს აქტივების მმართველი კომპანია Ark Ark Investment Management-ის ექსპერტებმა ყოველწლიურ ანგარიშში. Bitcoin-ის წილის 6.5%-მდე ზრდამ შეიძლება ფასს 500 ათას აშშ დოლარამდე ზრდისგან უბიძგოს. ამ დონეზე ზრდისთვის ასევე საკმარისი იქნება, რომ S&P 500 ინდექსში შემავალმა კომპანიებმა თავიანთი ფულადი რესურსების კონვერტირება მოახდინონ ციფრულ ოქროში - აღნიშნეს Ark Invest-ში და მაგალითად მოიყვანეს Square და MicroStrategy. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ინსტიტუციონალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ Bitcoin-ს, რადგან აქტივი „გვთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ ჯილდოს რისკისთვის“. „ჩვენი აზრით, კაპიტალის მმართველებმა უნდა განიხილონ Bitcoin-ის უგულებელყოფის შესაძლო ღირებულება, როგორც აქტივების ახალი კლასის ნაწილი,” - დაამატეს მათ. ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტივების კლასის ყოველდღიური შემოსავლების საფუძველზე ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ციფრული ოქროს წილი პორტფელში უნდა მერყეობდეს 2.5% -დან 6.5%-მდე, რომ მოგება მაქსიმალური იყოს. Ark Invest-ის სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ Bitcoin-ის ფასის ამჟამინდელი ზრდა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე 2017 წელს არსებული აღმასვლა. მათი აზრით, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია შეიძლება გაიზარდოს 1-5 ტრილიონ აშშ დოლარამდე. შეგახსენებთ, საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital ის მთავარი ოპერაციების დირექტორი ბრეტ მესინგიც თვლის, რომ ინსტიტუციონალების ფულს შეუძლია Bitcoin-ის ფასის 500 ათას აშშ დოლარამდე ზრდის გამოწვევა. http://bit.ly/2NRad4y
-
ცნობილია, რომ AMD გეგმავს Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფის გამოშვებას, თუმცა უცნობია როდის. ეს განპირობებულია გრაფიკული ჩიპების დეფიციტით. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ გაყიდვები შესაძლოა დაიწყოს ზაფხულიდან. ზუსტი ცნობები არ არსებობს, ასე რომ მიწოდება შესაძლოა გაზაფხულიდანვე მოხდეს. Radeon RX 6700 XT უნდა იყოს GeForce RTX 3060 Ti-ის პირდაპირი კონკურენტი, თუმცა შესაძლოა მასზე იაფი. ეს არ არის ერთადერთი ვიდეო დაფა, რომელიც ბაზარზე გამოსასვლელად მზადდება. ცნობილი გახდა ასევე Radeon RX 6700 შემცირებული ვერსიის შესახებ, რომელიც კონკურენციას გაუწევს RTX 3060-ს. იგი დამყარებული იქნება Navi 22 XL გრაფიკულ ჩიპზე და უფროსი ვერსიისგან განსხვავებით ექნება 12 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება სიჩქარით - 14 გბ/წმ (უფროსი ვერსიის ვიდეომეხსიერების სიჩქარეა 16 გბ/წმ). ეს არ იქნება ყველაზე დაბალბიუჯეტური გადაწყვეტილება, რადგანაც მასში გამოყენებულია იგივე 192-ბიტიანი ინტერფეისი. სავარაუდოდ, Radeon RX 6700 მოდელი Radeon RX 5700 ХТ დაფაზე გაცილებით სწრაფი იქნება და ექნება კვების ორი, 8+6-პინიანი კონექტორი. არ არის გამორიცხული, რომ 7-ნანომეტრიანმა ტექნოპროცესმა უზრუნველყოს კვების ერთი კონექტორით მუშაობა. თუკი არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ვიდეო დაფას ექნება შემცირებული კონსტრუქცია ორი ქულერით. როგორც ზემოთ ითქვა, დეფიციტის გამო ყველაზე მეტად გეიმერებს აინტერესებთ ვიდეო დაფის გამოშვების დრო და ხელმისაწვდომობა, რადგან არსებულ სიტუაციაში ბიუჯეტური მოდელებიც კი მეტისმეტად ძვირად იყიდება. http://bit.ly/3j0cIwU
-
ჩინური კომპანია Xiaomi, ინტერნეტ წყაროების თანახმად, იკვლევს ახალი მოწყობილობის გამოშვების შესაძლებლობას. გაჯეტი აღწერილია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ საპატენტო დოკუმენტაციაში. რეგისტრაციის განაცხადი შეტანილია Beijing Xiaomi Mobile Software Co-ს სახელით. დოკუმენტის სახელწოდებაა „სმარტ-სათვალე და სათვალის ქეისი“ (Smart glasses and glasses case). სათვალე თერაპევტული ფუნქციებით ხასიათდება. სავარაუდოდ, მოწყობილობა შეძლებს წარმოქმნას ხმოვანი სიგნალები, ელექტრომაგნიტური ტალღები, აგრეთვე სინათლის გამოსხივება (ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და / ან ხილული). ავტორების ჩანაფიქრის თანახმად ეს გაჯეტი სპეციალისტებს დაეხმარება სხვადასხვა დარღვევებისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში, როგორებიცაა თავის ტკივილი, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, შფოთვითი მდგომარეობა და ა.შ. გარდა ამისა, სათვალე მოხსნის თვალებზე დაძაბულობას კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. საპატენტო ილუსტრაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარეგნულად მოწყობილობა ჩვეულებრივი სათვალის მსგავსი იქნება. საუბარია მასში არსებულ სხვადასხვა გამოსხივებაზე, რომლებიც განკუთვნილი იქნება ამა თუ იმ ტიპის სიგნალის გენერირებისთვის. კვებას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ბატარეა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გამოჩნდება მსგავსი გაჯეტი კომერციულ ბაზარზე. http://bit.ly/3aexEfC
-
Ethereum-ის სწრაფი ზრდის ფონზე კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 25 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული. ამის დასტურია Coin Metrics-ის მონაცემები. იანვრის დასაწყისში რეალიზებული კაპიტალიზაცია 49 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო სტატიის მომზადებისას ამ მაჩვენებელმა 75 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წყარო: Coin Metrics 2018 წელს წარმოდგენილი რეალიზებული კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წარმოადგენს კრიპტოვალუტის ღირებულების გრძელვადიან, დაბალი არასტაბილურობის მაჩვენებელს. რეალიზებული კაპიტალიზაციის გაანგარიშებისას თითოეული მონეტის ფასი მხედველობაში მიიღება ბოლო Onchain-ტრანზაქციის მომენტში. ”Ethereum-ის რეალიზებული კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს ახალი კაპიტალის შემოდინებაზე”, - გააზიარეს მოსაზრება Coin Metrics-ის ანალიტიკოსებმა. ასევე, წლის დასაწყისიდან გაიზარდა მისამართების რაოდენობა 10,000 ETH-ითა და მეტით. წყარო: Coin Metrics. 1 იანვარს ასეთი 1178 მისამართი იყო, ხოლო სტატიის მომზადების დროს უკვე - 1246 (+ 5,7%). „ეს დიდი მოცულობის მისამართები, სადაც ინახება არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარი, პოტენციურ სიგნალს იძლევა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები იწყებენ ETH-ის შესყიდვას“ - თვლიან ექსპერტები. გაცილებით ადრე Glassnode-ის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მსხვილი ინვესტორები იყვნენ Ethereum-ის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ასევე შეგახსენებთ, რომ მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო ბანკი Galaxy Digital თებერვალში აამოქმედებს Ethereum-ზე დაფუძნებულ ფონდებს - ერთი მათგანი განკუთვნილი იქნება ინსტიტუციონალებისთვის, ორი - საცალო ინვესტორებისთვის. http://bit.ly/36m2IJb
-
ახალი წლის დადგომისთანავე უფრო აქტუალური გახდა Tesla-ს ახალი ელექტრომობილის, პიკაპ Cybertruck-ის გამოსვლის ვადა. ადრე კომპანიამ პიკაპის მასობრივი წარმოების ვადად 2021 წელი დაასახელა, თუმცა ამჟამად ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წლამდე არ დაიწყება მასობრივი მიწოდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ Cybertruck-ის დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულდა. როდესაც მასკს კვარტალურ მოხსენებაზე ჰკითხეს Cybertruck-ის მიმდინარე წელს დაგეგმილი გადაზიდვების შესახებ, მან გულწრფელად აღიარა, რომ მომხმარებლების მცირე ჯგუფმა წლის ბოლოს მხოლოდ ძალიან იღბლიან ვითარებაში შეიძლება მიიღოს ელექტრომობილი, ხოლო მომავალი მფლობელების უმეტესობას მოთმენა 2022 წლამდე მოუწევს. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს ვებ-გვერდიდან გაქრა ინფორმაცია Cybertruck-ის ცალკეული კომპლექტაციების მიწოდების ვადების შესახებ. პიკაპის კონსტრუქციასა და დიზანზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდა. მალე კომპანია დაიწყებს პიკაპის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეკვეთას. შეგახსენებთ, რომ უჩვეულო ელექტრომობილის კორპუსი აღჭურვილი იქნება უჟანგავი ფოლადის პანელებით. ილონ მასკის თქმით, მათი დამუშავებისთვის საჭიროა 8000 ტონის საწნეხები. კომპანიამ უკვე გამოიყენა 6-ათასტონიანი საწნეხები Tesla Model Y-ის საბარგულისთვის და ეს წნეხები ყველაზე მძლავრად მიიჩნიეს წარმოებაში. Cybertruck-ის წარმოებისთვის მომზადება კიდევ ერთხელ აამაღლებს ამ დონეს. პიკაპის წარმოებისთვის განკუთვნილი ობიექტი ტეხასის შტატში მზადდება. აქვე მოხდება ქროსოვერ Tesla Model Y-ის წარმოება. როგორც ინვესტორებისთვის განკუთვნილ პრეზენტაციაზე გამოჩნდა, სატვირთო ელექტრო Tesla Semi-სა და მეორე თაობის სპორტული Roadster-ის წარმოების ადგილი Tesla-ს ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვს. მუშაობა მიმდინარეობს „რაღაც სამომავლო პროდუქტზე“. სავსებით შესაძლოა, რომ იგულისხმება 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მასიური ელექტრომობილი, რომლის შესახებ მასკმა გასული წლის სექტემბერში ისაუბრა და თქვა, რომ ბაზარზე იგი სამი წლის განმავლობაში გამოვიდოდა. მასკმა არ გამორიცხა, რომ მომავალში Tesla-მ შესაძლოა დაიწყოს მინივენების წარმოებაც, მაგრამ ამისთვის ჯერ ბატარეების დეფიციტის პრობლემა უნდა გადაიჭრას. მოხსენებით ღონისძიებაზე ილონ მასკმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აპირებს ახალი ტიპის და ზომის ბატარეების წარმოების დაწყებას. ელექტომობილებისთვის განკუთვნილი ნახევარგამტარი კომპონენტების დეფიციტი აშფოთებს მასკს, თუმცა იდუსტრიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ ფაქტორმა მცირე გავლენა იქონია ელექტრომობილების წარმოებაზე. კომპანია უახლოეს დროში აპირებს „ავტოპილოტი გამოწერით“ სერვისის შეთავაზებას - თებერვალში ან მარტში. http://bit.ly/36o7FkC
-
AMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ ბოლო ფინანსურ ანგარიშში განაცხადა, რომ კომპონენტების მიწოდება შეზღუდული იქნება 2021 წლის მეორე ნახევრამდე. უფრო კონკრეტულად, ეს გავლენას მოახდენს Xbox Series X-ი, Xbox Series S-ისა და PlayStation 5-ის წარმოებაზე. კომპიუტერების ბაზარი ნაკლებად დაზარალდება. ახალი თაობის კონსოლების დეფიციტი თითქმის მაშინვე გაჩნდა, რაც ისინი გაყიდვაში გამოვიდა - 2020 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში. მიუხედავად იმისა, რომ AMD, Microsoft და Sony ცდილობენ მთელი ძალისხმევა მიმართონ მოწყობილობების წარმოების გაზრდისთვის, კომპანიების პროგნოზები იმედგამაცრუებულია. კომპანია მუშაობს დამატებითი სიმძლავრის უზრუნველსაყოფად წლის მეორე ნახევარში, აღნიშნავენ AMD-ში. ასეთ შემთხვევაში მწარმოებელს შეეძლება უფრო მეტი მიკროსქემის წარმოება, მიწოდების მასშტაბები კი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, რაოდენობა საერთო ჯამში მაინც შეზღული იქნება, თუმცა კონსოლები კომერციულად ხელმისაწვდომი იქნება საცალო მაღაზიებში. Microsoft-მა ადრე კომენტარი გააკეთა Xbox-ის უკანასკნელ ფინანსურ მიღწევებზე და განაცხადა, რომ Xbox Series X და Xbox Series S დეფიციტი მოსალოდნელია მინიმუმ 2021 წლის მარტის ბოლომდე. http://bit.ly/39rgmwo
-
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულმა მესინჯერმა Signal-მა გამოყო რესურსები კრიპტოვალუტებით შიდა გადახდების შესამოწმებლად - აცხადებს კეისი ნიუტონი, საინფორმაციო სამსახურ Platformer-ის დამფუძნებელი. ნიუტონის თქმით, Signal-მა ექსპერიმენტები ჩაატარა MobileCoin ტოკენით, რომელიც შეიმუშავა მესინჯერის შემქმნელმა მოქსი მარლინსპაიკმა. 2018 წელს პროექტის გუნდმა Bitcoin-ბირჟა Binance-დან მიიღო 30 მილიონი აშშ დოლარი. თანამოსაუბრეები ვარაუდობდნენ, რომ ტოკენის ინტეგრაცია მიიპყრობს მარეგულირებლის ყურადღებას პლატფორმაზე და დააინტერესებს არაკეთილსინდისიერ მომხმარებლებს. მარლინსპაიკმა MobileCoin-ის მუშაობას "კვლევა" უწოდა. ”სინამდვილეში რომ გადაგვეწყვიტა კრიპტოვასავალუტო გადახდების დამატება, შევეცდებოდით გულმოდგინედ დაფიქრებას“ - აღნიშნა პლატფორმის შემქმნელმა. თუმცა ამასთან, ყოფილმა თანამშრომლებმა ნიუტონს უთხრეს, რომ კომპანია აქტიურად ავითარებს საჭირო პროტოკოლებს MobileCoin-ის ინტეგრირებისთვის. WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების ფონზე Signal-მა გააფართოვა მომხმარებელთა ბაზა 2021 წლის იანვარში. კვირის განმავლობაში მესინჯერის ჩამოტვირთვების რაოდენობა 4200%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, 2020 წლის ნოემბერში ევროკავშირის ხელისუფლებამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მესინჯერების ოპერატორებს ავალდებულებს შექმნან ჩატისა და შეტყობინებების მონიტორინგის გასაღებები ღია დაშიფვრით. http://bit.ly/39nZfMh
-
Micron Technology, Inc.-მა განაცხადა DRAM с 1α (1-ალფა) პროდუქტების მასობრივი მიწოდების დაწყების შესახებ, რომლებიც შექმნილია მსოფლიოში ყველაზე მოწინავე DRAM ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით და გვთავაზობს სიმკვრივის, სიმძლავრის და წარმადობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ეს სიახლე გაამყარებს Micron-ის კონკურენტუნარიანობას და შეავსებს მის მიღწევებს მსოფლიოში უსწრაფესი გრაფიკული მეხსიერებისა და პირველი 176-შრიანი NAND მეხსიერების წარმოებაში. „1α ნოუდის მიღწევა ადასტურებს კომპანია Micron-ის უპირატესობას DRAM-სფეროში და წარმოადგენს კომპანიის დაუღალავი შრომის შედეგს მოწინავე ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართულებით. ჩვენს წინა 1z DRAM ნოუდთან შედარებით მეხსიერების სიმკვრივის 40%-იანი ზრდის წყალობით მიღწეული გაუმჯობესება მყარ საფუძველს შეუქმნის სამომავლო ინოვაციებს მეხსიერების სფეროში“ - განაცხადა სკოტ დებოერმა, Micron-ის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა. მიმდინარე წელს Micron გეგმავს 1α ნოუდის ინტეგრირებას საკუთარი DRAM-პროდუქტების პორტფელში ყველა იმ პროდუქტის მხარდასაჭერად, რომლებშიც დღესდღეობით DRAM გამოიყენება. ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივა ფართო და მასშტაბურია. უპირველეს ყოვლისა, ახალი მეხსიერება საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა დაწყებული მობილური მოწყობილობებიდან - დამთავრებული ინტელექტუალური სატრანსპორტო საშუალებებით. „ჩვენი ახალი ტექნოლოგია 1α საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მობილური ჩიპები ყველაზე დაბალი ენერგომოხმარებით, აგრეთვე იგი უპირატესობას მიანიჭებს მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, მომხმარებლებს, ინდუსტრიულ და საავტომობილო წარმოებას. DRAM და NAND ტექნოლოგიებში ლიდერობით Micron შესანიშნავ პოზიციაზე იმყოფება მეხსიერების გაზრდასა და შენახვის საკითხში, რაც, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნახევარგამტარი ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტები იქნება“ - განაცხადა Micron-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და მიკრონის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა. Micron-ის 1α DRAM ნოუდი ხელს შეუწყობს უფრო ენერგოეფექტური და საიმედო მეხსიერების გადაწყვეტილებების შექმნას და მიღწეულ იქნება LPDDR5 სტანდარტის უფრო მაღალი სიჩქარე მობილური პლატფორმებისათვის, რომლებიც საჭიროებენ საუკეთესო წარმადობას. Micron-ის ინოვაცია არის ყველაზე დაბალი, 15%-ით ნაკლები ენერგომოხმარების მობილური DRAM, იგი საშუალებას აძლევს 5G თაობის მოწყობილობების მომხმარებლებს უფრო მეტი გააკეთონ სმარტფონებზე ელემენტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. Micron-ის გაუმჯობესებულ მეხსიერების ნოუდში მხარდაჭერილია სიმკვრივე 8 გბ-დან 16 გბ-მდე, უზრუნველყოფს მოქნილობას და მხარდაჭერას Micron-ის ამჟამინდელ პროდუქტებზე, რომელთა შორისაა DDR4 და LPDDR4, შედეგად უზრუნველყოფილია ენერგოეფექტურობა, საიმედოობა და გაფართოებული მხარდაჭერა. ამგვარი ხანგრძლივი ქმედითუნარიანობა ამცირებს დანახარჯებს და უზრუნველყოფს საუკეთესო ფასს ისეთი სისტემების გამოყენების ვადის განმავლობაში, როგორებიცაა ინტეგრირებული საავტომობილო პროდუქტები, საწარმოო პერსონალური კომპიუტერები და სერვერები. Micron-ის ტაივანურმა ქარხნებმა დაიწყეს 1α DRAM-ის მასობრივი წარმოება, დაწყებული DDR4 მეხსიერებით კომპიუტერული მოწყობილობებისთვის და სამომხმარებლო კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Crucial პროდუქტებით. კომპანია ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნის ახალ პროდუქტებს 2021 წლის განმავლობაში. http://bit.ly/3iS35A4
-
Xe-LP არქიტექტურაზე დაფუძნებული დესკტოპ ვიდეო დაფა Iris Xe-ს გამოშვების გარდა კომპანია Intel-მა წარადგინა კიდევ ერთი სიახლე. კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და გრაფიკის მთავარმა არქიტექტორმა რაჯა კოდურიმ გამოქვეყნა გიგანტურ გრაფიკულ პროცესორ Xe-HPC-ის ფოტო. ჩიპი სავარაუდოდ დამყარებულია 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელიც საფუძვლად დაედება Ponte Vecchio სერიის გამომთვლელ ამაჩქარებლებს. სამწუხაროდ, რაჯა კოდურმა არ გამოაცხადა ნაჩვენები GPU-ის ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ საიდუმლოდ რჩება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მასზე დაფუძნებული საბოლოო პროდუქტი. იმავდროულად, Tom's Hardware-მა გამოყო არაერთი საინტერესო თვისება გამოსახულებიდან. მაგალითად, თვალნათლივ ჩანს, რომ პროცესორი შედგება ორი ჩიპლეტისგან, რომლებიც გაერთიანებულია EMIB სალტით (Embedded Multi-die Interconnect Bridge). ხუთი დამატებითი კრისტალი მდებარეობს GPU-ის ორი მთავარი ბლოკის გარშემო. საინტერესოა, რომ ისინი ყველა ერთნაირი არ არის. რას წარმოადგენს ეს ჩიპები - ინფორმაცია მიუწვდომელია თავად კოდურიმ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ შვიდი მოწინავე ტექნოლოგია გამოიყენება Xe-HPC-ის შემადგენლობაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარია 3D შეფუთვაზე Foveros, EMIB სალტეზე, გაუმჯობესებულ 10-ნანომეტრიან SuperFIN ტექნოპროცესზე, Rambo Cache მეხსიერებაზე, HBM მეხსიერებასა და Compute Tile გამომთვლელ ბლოკებზე. ბოლო მეშვიდე ტექნოლოგია უცნობია. ზოგადად, სავსებით დასაშვებია, Intel-ის გრაფიკის არქიტექტორი სხვა მახასიათებლებს გულისხმობდა. GPU-ის ორივე ბლოკი ხუთი დამატებითი ჩიპით, როგორც ჩანს, ერთმანეთის სარკისებრად ასახული ვერსიებია. თუმცა, მათ უმეტესობას მარჯვნივ აქვს უფრო კვადრატული ფორმა (200 × 216 პიქსელი), ხოლო მარცხენა ჩიპები უფრო მართკუთხაა (174 × 216 პიქსელი). ამასთან, ზედა მარცხენა ჩიპის ზომაა 186 × 138 პიქსელი, ხოლო ქვედა მარჯვენა არის 218 × 138 პიქსელი. როგორც Tom's Hardware აღნიშნავს, რადგანაც რაც Intel-მა გამოიყენა Foveros 3D შეფუთვა Ponte Vecchio გამოთვლითი ამაჩქარებლებისთვის, ჩიპების ასიმეტრიული ზომების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ჩიპში გამოყენებულია HBM2 მეხსიერების კრისტალები, Rambo Cache და გამოთვლის ერთეულების ბლოკები. GPU-ის ძირითადი კრისტალები ჩამუქებულია, თუმცა ცენტრალური არხი ოთხ მართკუთხა ფართობს შორის დიდი ალბათობით წარმოადგენს შემსრულებელ ბლოკებს შორის მონაცემთა მარშრუტიზაციის სტრუქტურას. ცენტრისგან მარცხნივ და მარჯვნიც განთავსებულია რვა, ერთნაირი ზომის დაფა, რომლებშიც მოცემული იქნება 64 შემსრულებელი ბლოკი (Execution Units, EU), ესეიგი რვა ALU - ერთ EU-ზე. საერთო ჯამში, ეს იძლევა 512 შემსრულებელ ბლოკს ჩიპზე ან 1024 EU-ს მთლიან GPU-ზე, რაც პოტენციურად ნიშნავს 8196 გრაფიკულ ბირთვს. დანარჩენი ექვსი მართკუთხედი მარჯვენა და მარცხენა მხარეს, სავარაუდოდ, წარმოადგენს ინტერფეისებს HBM მეხსიერების, Rambo Cache და გამოთვლითი ერთეულებისთვის, ან უბრალოდ მეხსიერების ინტერფეისებს. მეხსიერების ექვს კონტროლერს აქვს 6144 ბიტიანი სალტე. იგივე მაქსიმალური ბიტია მითითებული NVIDIA A100 გამომთვლელ ამაჩქარებელში. ყოველივე ზემოთქმული ჯერ მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - Intel-მა წარადგინა უზარმაზარი გამომთვლელი ძალა Xe-HPC-ს სახით. გასული წლის შუა რიცხვებში რაჯა კოდურიმ გააზიარა LGA Xe-HP პროცესორის სურათი. სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს წარმოდგენილი GPU ბლოკი არის იგივე პროდუქტი. http://bit.ly/2Yf4MOO
-
2020 წლის შეჯამებით, კიბერდამნაშავეებმა დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX) მეშვეობით 34 მლნ აშშ დოლარი გადააადგილეს - ბირჟის ბრუნვის 0,024% მოცემულ პერიოდში. ამგვარი მონაცემები მოჰყავს The Blok-ს Chainalysis-ის ცნობებზე დაყრდნობით. კომპანიის მთავარ მკვლევარ ჯეიკობ ილუმის აზრით, მიმდინარე წელს მაჩვენებელმა შესაძლოა წინა ნიშნულს გადააჭარბოს. წყარო: Chainalysis. ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იქნება ანალიტიკური კომპანიების - Chainalysis-სა და Elliptic-ის მიერ უკანონო საქმიანობის ახალი კვალის დადგენა, რაც მათ შესაძლოა ადრე გამოეპარათ. ამგვარი რამ მოხდა PlusToken პირამიდის შემთხვევაში, რომლის საქმე აქტიური მუშაობის 1 წლის შემდეგ გაიხსნა. კიდევ ერთი მიზეზი იქნება კიბერდამნაშავეებს შორის DeFi სივრცის მზარდი პოპულარობა. ილუმის აზრით მათ იზიდავთ სმარტ-კონტრაქტებით განხორციელებულ ოპერაციებში ადამიანური კონტროლის არარსებობა. „ღიად რჩება კითხვა - შეინარჩუნებენ თუ არა პოპულარობას პლატფორმები, რომელთა ადმინისტრატორები ფლობენ უკანონო ტრანზაქციების ბლოკირების შესაძლებლობას, როგორც ეს ვიხილეთ KuCoin-ის გატეხვისას“ - დაწერა ექსპერტმა. მკვლევარმა მესამე ფაქტორად დაასახელა darknet-ბაზრების დეცენტრალიზაცია. მაგალითად ილუმმა მოიყვანა Televend, რომელიც იყენებს დაშიფრულ ავტომატიზირებულ ჩათბოტებს Telegram-ზე. მყიდველები შეკვეთებს დებენ გამყიდველის ავტომატიზირებულ ჩეთში, შემდეგ კი ბოტი აგზავნის Bitcoin-მისამართს. ”Televend იღებს საკომისიოს ყველა ტრანზაქციაზე, მაგრამ რეალურად არ ეხება თანხებს, ამიტომ არ არსებობს ცენტრალური ორგანიზაცია, რომელსაც სამართალდამცავები თვალყურს მიადევნებენ ბლოკჩეინის ანალიზის გამოყენებით. გაცილებით ადვილია ტრანზაქციების დამალვა ამ გზით ”, - განმარტა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლის ბოლოს კრიპტო ტრანზაქციების 1.1% დაუკავშირეს არალეგალურ საქმიანობას. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.34% -მდე შემცირდა. http://bit.ly/2KNmB4i
-
კომპანია Gigabyte-მა წარადგინა GeForce RTX 3090 Aorus Master გრაფიკული ამაჩქარებლის ახალი ვერსია. ამ ვიდეო დაფის მთავარი მახასიათებელია ჰაერით გაგრილების უზარმაზარი ოთხსლოტიანი სისტემა. GeForce RTX 3090 Aorus Master დაფის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი NVIDIA GA102 - 10 496 CUDA ბირთვით. ვიდეო დაფას აქვს GDDR6X სტანდარტის 24 გბ ვიდეომეხსიერება. Gigabyte-ის განცხადებით, GPU-ის სიხშირე Boost-რეჟიმში არის 1785 მჰც. რეალურად, ამ გრაფიკულ პროცესორის აჩქარების რეალური პოტენციალი გაცილებით მაღალია მისი გაგრილების სისტემის ზომის გათვალისწინებით, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი შეზღუდული იყო კვების ნაკლებობით. ამით შეგვიძლია ავხსნათ მესამე 8-პინიანი კონექტორის გამოჩენა დამატებითი ენერგიის მისაღებად ვიდეო დაფის ახალ ვერსიაში, რაც ამ გრაფიკული ამაჩქარებლის თავდაპირველ ვერსიაში არ არის. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ საჭიროა უფრო მძლავრი კვების ბლოკის გამოყენება: თუკი ორიგინალი მოდელისთვის Gigabyte გირჩევთ 750-ვატიან კვების ბლოკს, განახლებული მოდელისთვის რეკომენდებულია 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. GeForce RTX 3090 Aorus Master-ის ზომები იგივე რჩება - 319 × 140 × 70 მმ. კომპანია არ მიუთითებს ვიდეო ბარათის წონაზე. ასევე, უცვლელი დარჩა გარე ინტერფეისების ნაკრები: ხელმისაწვდომია სამი DisplayPort 1.4a კონექტორი, ორი HDMI 2.1 და ერთი დამატებითი HDMI 2.0, რომელიც განთავსებულია ორ HDMI-ს შორის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, GeForce RTX 3090 Aorus Master-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია გაგრილების გიგანტური სისტემა, რომელიც მოიცავს უზარმაზარ რადიატორს და სამ ქულერს. ორი გვერდითი Wind Claw-ს ზომაა 115 მმ, ცენტრალურისა - 100 მმ. ამ უკანასკნელის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ იგი დანარჩენი ორის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს ჰაერის ნაკადის უფრო ეფექტურად მიწოდების უზრუნველსაყოფად. რადიატორის საფუძვლად გამოყენებულია სპილენძის დიდი პლატფორმა, რომელიც გრაფიკული პროცესორიდან და მეხსიერების მოდულებიდან გამომავალი სითბოს გადაცემას უწყობს ხელს. პლატფორმა უერთდება ამაორთქლებელ კამერას, რომელზეც მიმაგრებულია ხუთი თბოგამტარი მილი. გარე ესთეტიკური თვალსაზრისით Aorus Master დაფარულია გლუვი, შავი გარსით, პრიალა შავი და ვერცხლისფერი ჩანართებით. RGB განათების სისტემა ასევე არის ჩაშენებული გარსში, ხოლო ვიდეო დაფის გვერდით ნაწილზე განთავსებულია თხევადკრისტალური დისპლეი. დისპლეიზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ვიდეო დაფის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, მას შეუძლია ასახოს ფოტოები, ტექსტი და GIF-გამოსახულება. GeForce RTX 3090 Aorus Master ვიდეო დაფის განახლებული ვერსიის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია. http://bit.ly/2M3JD7G
-
Hyundai-მ წარადგინა DAL-e, ახალი რობოტი-კონსულტანტი მომხმარებლების მომსახურებისთვის, რომელიც საპილოტე პროექტის ფარგლებში ტესტირებას გაივლის სეულში არსებულ Hyundai Motor-ის შოურუმში. კომპანიის განცხადებით DAL-e რობოტი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ მომხმარებლების მოსამსახურებლად, რომელთაც სურთ შეამცირონ ხალხთან კონტაქტი COVID-19-ის პანდემიის დროს. რობოტ DAL-e-ს სახელი გახლავთ აბრევიატურა - „Drive you, Assist you, Link with you-experience“ (გაგიძღვებათ, დაგეხმარებათ, დაუკავშირდება თქვენს გამოცდილებას). ცნობილია, რომ რობოტი აღჭურვილია "უახლესი ხელოვნური ინტელექტით", რომელიც შექმნილია მომხმარებლების მეგობრული გამოცდილების უზრუნველსაყოფად და ენის დამუშავებისთვის იყენებს მანქანულ სწავლებას. მას შეუძლია სახეების ამოცნობა, ასევე საუბრის "გაგება", რაც მას საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებს. Hyundai-ს თანახმად, რობოტს შეუძლია გაიგოს, როდესაც ვინმე შემოვიდა შოურუმში ნიღბის გარეშე და ურჩევს მას ატაროს. DAL-e-ს ასევე შეუძლია მოძრაობა ოთხი, ყველა მიმართულებით მოძრავი ბორბლის წყალობით, იგი მომხმარებლებს გაუძღვება შოურუმის ტერიტორიაზე გადაადგილებისას. მის ზედა ნაწილში განთავსებულია სენსორული ეკრანი, სადაც შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება შოურუმში შემოთავაზებული მანქანების შესახებ. DAL-e-ს ასევე შეუძლია უსადენოდ დაუკავშირდეს დიდ ეკრანს კონკრეტული მოდელის ან გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ მოცემული ინფორმაციის წარდგენისას და ვიზიტორებსაც სთხოვს მასთან სელფის გადაღებას. თუ საპილოტე პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, DAL-e რობოტები გამოჩნდება Hyundai-სა და Kia-ს სხვა შოურუმებშიც. http://bit.ly/36cK7zo
-
რეგულირებამ Bitcoin-ი უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო გახადა ინვესტირებისთვის. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ის ხელმძღვანელმა ენტონი სკარამუჩიმ CNN Business-ის საკუთარ რუბრიკაში დაწერა. მისი აზრით, ხელისუფლებამ აღმოფხვრა პირველ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მრავალი რისკი. ”უფრო მკაცრმა რეგულირებამ, უკეთესმა ინფრასტრუქტურამ და ფინანსური ინსტიტუტების ხელმისაწვდომობამ, რომლებიც ინვესტორთა ფულს ინახავენ, Bitcoin-ში ინვესტიციის გაკეთება ისეთივე უსაფრთხო გახადა, როგორც ობლიგაციებსა და ოქროში”, - განაცხადა სკარამუჩიმ. SkyBridge Capital-ის ოპერაციების მთავარმა დირექტორმა ბრეტ მესინგმა დაამატა, რომ ციფრული აქტივი გრძელვადიანი ინვესტორებისთვის სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი გახდა. პირველი კრიპტოვალუტის ფლობა ახლა ნაკლებად სარისკოა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ, აცხადებენ სკარამუჩი და მესინგი. ადრე SkyBridge Capital-მა 25 მილიონი აშშ დოლარი ჩადო Bitcoin-ში. დეკემბრის ბოლოს კომპანიის ინვესტიციებმა პირველ კრიპტოვალუტაში 182 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. იანვარში ინვესტიციურმა კომპანიამ 310 მილიონი აშშ დოლარის Bitcoin-ფონდი აამოქმედა. შეგახსენებთ, SkyBridge Capital-მა განაცხადა, რომ მსხვილი ინვესტორები ციფრული ოქროს კურსს 500 ათას აშშ დოლარზე ზემოთ უბიძგებენ. http://bit.ly/2NAgscT
-
როდესაც საქმე ეხება Samsung-ის დამკვეთებს საკონტრაქტო წარმოების არეალში, NVIDIA და Qualcomm, როგორც წესი, ჩრდილავენ Tesla-ს, რომელიც კორეელი კონტრაქტორისგან იღებს 14-ნანომეტრიან FSD ნეიროპროცესორებს საკუთარი ავტოპილოტირების სისტემებისთვის. კორეული მედიის ცნობით, ორი კომპანია მალე გააფართოვებს თანამშრომლობას, Samsung დაიწყებს 5-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას Tesla-სთვის. მიიჩნევა, რომ Tesla მალე მიიღებს Samsung-ისგან 5-ნანომეტრიანი ჩიპების ნიმუშებს, რაც ელექტრომობილების მულტიმედიური კომპლექსების საფუძველს შექმნის. Tesla წარსულში იყენებდა Nvidia Tegra პროცესორებს ავტოპილოტისთვის, თუმცა 2019 წლის ბოლოს დაიწყო საკუთარი ჩიპების წარმოებაც. Nvidia Tegra - სისტემების თაობა კრისტალზე (SoC — System-on-a-Chip) შემუშავებულია კომპანია NVIDIA-ს მიერ, როგორც პლატფორმა ისეთი მობილური ინტერნეტ-ნივთების წარმოებისთვის (Mobile Internet Device, MID), როგორებიცაა სმარტფონები, სმარტბუკები, კომუნიკატორები და ა,შ. Tegra კრისტალში გაერთიანებულია ARM-პროცესორი, გრაფიკული პროცესორი, მედია- და DSP-პროცესორები, მეხსიერებისა და პერიფერიული მოწყობილობების კონტროლერები, თანაც ამავე დროს ხასიათდება დაბალი ენერგომოხმარებით. Samsung-ი გეგმავს მანქანათმშენებელ კომპანიებს შესთავაზოს საკუთარი წარმოების პროცესორები, ასე რომ, რა კატეგორიაში შევა Tesla-ს ახალი პროდუქტები, ჯერჯერობით არ არის დაკონკრეტებული. http://bit.ly/39cBF4Y
-
კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს ამოწურვადი ენერგიის წყაროების განახლებადი წყაროებით ჩანაცვლებას. კორეელმა მეცნიერებმა მცირე ნაბიჯი გადადგეს ამ გზაზე - მათ შექმნეს პირველი, მათი თქმით, სრულიად გამჭვირვალე მზის ელემენტი. ახალ კვლევაში პროფესორი Joondong Kim აღწერს მეთოდს, რომელიც ეხება მზის ელემენტის ჰეტეროგადამყვანი ფენის ნოვატორულ ტექნიკას. კვლევების თანახმად, ნიკელის ოქსიდისა და ტიტანის დიოქსიდის ნახევარგამტარების კომბინაციამ შექმნა ეფექტური და სრულიად გამჭვირვალე მზის ელემენტი. ტიტანის დიოქსიდი (TiO2) ეფექტური ნახევარგამტარია, იგი ამჟამად გამოიყენება მზის ბატარეების ტექნოლოგიაში. იგი არის ეფექტური, არატოქსიკური და ეკოლოგიურად სუფთა და თანაც უხვად მოიპოვება დედამიწაზე. ნიკელის ოქსიდი (NiO) არის ნახევარგამტარი მაღალი ოპტიკური გამჭვირვალობის მახასიათებლებით. ამ ორი ელემენტის კომბინაციით წარმოიქმნება მზის გამჭვირვალე პანელები, რომლებიც მდგრადია და მარტივია გამოსაყენებლად. მზის ენერგია (ქარსა და წყალთან ერთად) დიდ იმედს იძლევა განახლებადი ენერგიის ენერგიაზე გადასვლის საკითხში, ამიტომ ამ სფეროში მრავალი მეცნიერი მუშაობს. ბოლო წლებში მზის ენერგია გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა, ულტრაიისფერი გამოსხივების ელექტროენერგიად გადაქცევის კოეფიციენტი იზრდება. ამასთან, თანამედროვე მზის პანელების ყოველდღიური გამოყენება მათი გაუმჭვირვალობის გამო შეზღუდულია. მზის პანელების ნახვა შესაძლებელია მხოლოდ სახურავებზე, შორეულ ადგილებში და საზოგადოების თვალისგან მოშორებით. კორეელ პროფესორს დიდი იმედი აქვს თავისი კვლევის - მეცნიერის აზრით, გამჭვირვალე ფოტოელექტრონული უჯრედების უნიკალური თვისებები მათი გამოყენების ფართო სპექტრის ხსნის. მომავალში სრულიად გამჭვირვალე პანელები გამოყენებული იქნება ფანჯრების კონსტრუქციასა და მობილურ ტელეფონებშიც კი. თუმცა ჯერჯერობით კომერციალიზაციაზე საუბარი ნაადრევია, რადგან შესწავლილი პანელების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელმა 2.1% შეადგინა. http://bit.ly/3iQO8yw
