Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. როგორც ჩანს მოხდა ის, რისიც ბევრს ეშინოდა. გამომცემლობა The Next Platform-მა სანდო წყაროსგან მიიღო პირველი მტკიცებულება, რომ ჩინეთმა წარმატებით გადალახა ექსაფლოპსის ბარიერი. თანაც ეს მოხდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე: შექმნეს ორი დამოუკიდებელი სუპერკომპიუტერი საკუთარი წარმოების ჩიპებით, ხოლო TOP500-ზე შედეგები არ გამოაქვეყნეს. თუკი მორიგი მტკიცებულებები გამოჩნდება, რაც ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი, ეს იქნება აშშ-ის წაგების მანიშნებელი HPC-შეჯიბრში, რადგანაც ამერიკულ სისტემა Frontier-ის (რომელსაც მსოფლიოში პირველ ექსაფლოპს-სისტემად მოიზარებდნენ) ექსპლუატაციაში შესვლა მხოლოდ მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ მისი მაქსიმალური წარმადობა 1.5 Eflops იქნება, სტაბილური წარმადობა კი - 1.3 Eflops. ექსაფლოპს-სისტემის შექმნის გეგმის შესახებ ჩინეთმა ოფიციალურად 2019 წელს განაცხადა. იმ დროს დაანონსდა ერთდროულად სამი პროექტი: თავდაცვის ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტს (National University of Defense Technology, NUDT) უნდა განევითარებინა Sunway სისტემები, პარალელური გამოთვლითი ტექნიკის კვლევითი ცენტრი (National Research Center of Parallel Computer, NRCPC) პასუხისმგებელი იყო პლატფორმა Tianhe-ს შემუშავების დასრულებაზე, Sugon კი გეგმავდა Hygon პროცესორებისა (პირველი თაობის AMD EPYC ჩიპების კლონი) და საკუთარი წარმოების ამაჩქარებლების გამოყენებას, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. ზემოთხსენებული ორი სუპერკომპიუტერის ზუსტი კონფიგურაციები უცნობია, რადგან ამჯერად ჩინეთმა გადაწყვიტა მიღწეული შედეგებით არ ეამაყა. თუმცა გარკვეული ცნობები მაინც არსებობს: TaihuLight-ის მემკვიდრეს, კოდური დასახელების მქონე Oceanlite-ს, რომელიც ჩიპ Sunway-ს პირველ თაობაზეა (ShenWei) დამყარებული, აქვს მინიმუმ 42 მილიონი ბირთვი და მაქსიმალური წარმადობა - 1.3 Eflops HPL-ში. სტაბილური წარმადობა შეადგენს 1.05 Eflops-ს, FP16-გამოთვლებში კი - 4.4 Eflops-ს. ითვლება, რომ Oceanlite-ის ჩიპებს ShenWei 26010-თან შედარებით ორჯერ მეტი გამომთვლელი ბლოკი აქვთ ერთეულ ფართობზე და თავად ჩიპების რაოდენობაც ორჯერაა გაზრილი. ამასთან, სუპერკომპიუტერის ენერგომოხმარება 35 მეგავატს შეადგენს. პროტოტიპი Tianhe-3. ფოტო: Xinhua მეორე სისტემას, სახელწოდებით Tiahne-3, ასევე აქვს მაქსიმალური წარმადობა 1.3 Eflops, მაგრამ არ არსებობს მონაცემები ენერგიის მოხმარების შესახებ. მისი ჩიპების შესახებ კი გაცილებით მეტია ცნობილი - მათ შემუშავებაზე პასუხისმგებელია Phytium, რომლის ზრდას ერთ დროს ხელი შეუწყო ჩინური სუპერკომპიუტერებისთვის Intel Xeon-ის მიწოდების აკრძალვამ. კომპანიას გააჩნია საკუთარი 7-ნანომეტრიანი Arm პროცესორები (FeiTeng ) და Matrix სერიის ამაჩქარებლები (DSP). როგორც ჩანს, კომპანიამ მოასწრო ჩიპების საჭირო მოცულობის მიღება, სანამ TSMC შეწყვეტდა მათ მიწოდებას აშშ-ის ზეწოლის გამო. https://tinyurl.com/7y9v5474
      • 1
      • Upvote
  2. კომპანია Sony-მ წარადგინა სმარტფონი Xperia Pro-I, რომელმაც მსოფლიოში პირველმა მიიღო კამერის ერთდუიმიანი სენსორი. Xperia Pro-I აგებულია Sony-ს 2021 წლის ფლაგმანურ სმარტფონ Xperia 1 III-ზე. თუმცა ძირითადი კამერა არ ჰგავს იმ ყველაფერს, რაც Sony-ს სმარტფონებში ოდესმე გამოუყენებია. Xperia Pro-I-ის კამერას საფუძვლად უდევს მასიური 1-დუიმიანი სენსორი Exmor RS გაფართოებით 20.1 მპ, რომელშიც თავის კლასში საუკეთესო კომპაქტური ავტონომიური კამერა RX100 VII-ა გამოყენებული. მას აქვს უზარმაზარი, 2.4 მიკრონის ზომის პიქსელები, რაც მეტი სინათლის დაჭერის შესაძლებლობას ანიჭებს. კამერას აგრეთვე შეუძლია გადაიღოს 12-ბიტიანი RAW ფაილები და 4K ვიდეო წამში 120 კადრი სიჩქარით. მის ავტოფოკუსს ობიექტების აღმოჩენის 315 წერტილი აქვს, რომლებიც ფარავენ კადრის 90 პროცენტს, რაც სუპერმკაფიო გამოსახულების ფორმირებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერს გამოსახულების დამუშავებისთვის იმაზე მეტი სიმძლავრე ჭირდება, რისი უზრუნველყოფაც Snapdragon 888 ჩიპს შეუძლია. ამიტომ კომპანიამ გამოსახულების დამუშავებისთვის გამოიყენა ერთ-ერთი საკუთარი პროცესორი BIONZ X. შედეგად შესაძლებელია ფოტოს გადაღება სიჩქარით 20 კადრი წამში აქტივირებული ავტოფოკუსითა და ავტოექსპოზიციით. ამას გარდა, კამერას აქვს 24-მილიმეტრიანი ობიექტივი რეგულირებადი f/2.0 და f/4.0 დიაფრაგმით. სმარტფონის დანარჩენი კამერები წარმოდგენილია სუპერფართოკუთხიანი სენსორითა და ტელეობიექტივით. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით სხვა დანარჩენი დეტალები Xperia Pro-I-ში ისეთივეა, როგორც Xperia 1 III მოდელში. Sony Xperia Pro-1 არ იქნება იაფი - მისი ფასი 1800 აშშ დოლარია, თუმცა ხარისხიანი ფოტოების მოყვარულთათვის სმარტფონი შესანიშნავი არჩევანი იქნება. წინასწარი შეკვეთები მიმდინარე თვის ბოლოს იწყება, გაყიდვაში კი სმარტფონი დეკემბრის ბოლოს გამოვა. https://tinyurl.com/sec4k67b
  3. მარკეტფლეის Binance NFT-მ განაცხადა გეიმინგ ტოკენების (Initial Game Offering, IGO) პირველადი შემოთავაზების დაწყება გეიმერებისთვის განკუთვნილი NFT-თამაშების პლატფორმის შექმნის ინიციატივის რეალიზაციის ფარგლებში. სიახლე ცნობილი გახდა პლატფორმის წარმომადგენლების განცხადების შედეგად. IGO დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ინვესტირება განახორციელონ გეიმინგ პროექტებში ადრეულ სტადიაზე. IGO-ს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება წამყვანი პროექტების NFT-კოლექციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Binance-ის მარკეტფლეისზე. მათ რიცხვში შევა სხვადასხვა გეიმინგ-საგანი, მათ შორის იარაღი, სკინები და ბევრი სხვა. IGO პირველ რიგში ახდენს DeRace-ის ორგანიზებას - ეს არის ცხენების ხტომის ვირტუალური სამყარო, რომლის მონაწილეებს შეუძლიათ მოაშენონ უნიკალური მახასიათებლების მქონე ცხენები, ჩაატარონ დოღი და მიიღონ ჯილდო. IGO-ს ფარგლებში პროექტი წარადგენს 10 ტიპის ტოკენს სხვადასხვა ცხენით. Binance-მა NFT-პლატფორმა ივნისში აამოქმედა. https://tinyurl.com/8rhy2
  4. ჩინურმა კომპანია Lenovo-მ გამოაქვეყნა თიზერები, რომლებიც გვაცნობებს პორტატულ კომპიუტერ Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ანონსის მოახლოებას. ლეპტოპს ექნება მაღალი ხარისხის დისპლეი წვრილი ჩარჩოთი. ფოტოების წყარო: Gizmochina მოწყობილობაში გამოყენებული იქნება 2.8K ფორმატის პანელი 2880 × 1800 პიქსელი გაფართოებით. დისპლეის ზომაა 14 დუიმი დიაგონალზე. მხარდაჭერილია ფერების 1.07 მილიარდი შეფერილობა. კადრის განახლების სიხშირე შეადგენს 90 ჰერცს, მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/მ2-ს. ეკრანი ქარხნულად კალიბრირებული იქნება Delta E<2 მაჩვენებლით, რაც უზრუნველყოფს ყველა ფერის მაქსიმალურ ბუნებრივობას. მხარდაჭერილია აგრეთვე DisplayHDR True Black 500 სერტიფიკაცია. პორტატული კომპიუტერის კორპუსი დამზადებულია ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობით და ნახშირბადის ბოჭკოს ელემენტებით. ამ დროისთვის ჯერჯერობით დაანონსებულია მხოლოდ ერთი ფერის, ვერცხლისფერი მოდელის გამოსვლა. აღჭურვილობაში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos ოთხი დინამიკით. ეკრანის ჩარჩოს ზედა ნაწილში განთავსებულია ვებ-კამერა. ოფციის სახით მომხმარებლებს შესთავაზებენ სენსორული მართვის ეკრანის დაყენების შესაძლებლობას. კლავიატურას არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა მხარეს. ხელმისაწვდომია დიდი ზომის თაჩპედი. პორტატულ კომპიუტერ Lenovo Yoga Pro 14s Carbon 2022-ის ოფიციალური პრეზენტაცია 2 ნოემბერს შედგება. https://tinyurl.com/28b5xhjx
  5. Tesla-ს აქციების ფასმა მატება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ავტომობილების გაქირავების სერვისის კომპანია Hertz-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ეს კომპანია გეგმავს Tesla-ს 100 ათასი ელექტრომობილის შეძენას აშშ-ისა და ევროპის ტერიტორიაზე გაქირავების მიზნით. სავაჭრო შეთანხმება დასრულდა Tesla-ს აქციების ღირებულების 12.7%-იანი ზრით, შედეგად კომპანიის კაპიტალიზაციამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1 ტრილიონ აშშ დოლარს. ვერც ერთმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ამ დრომდე მსგავსი შედეგის მიღწევა ვერ შეძლო. ფოტოს წყარო: Reuters რეალურად, მსოფლიოში არც ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც კაპიტალიზაციის მსგავს მაჩვენებელს ფლობს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ Apple, Amazon, Microsoft, Facebook და Alphabet (Google). ფაქტობრივად, აქციების მიმდინარე კურსით Tesla ხდება რიგით მეხუთე ამერიკული საჯარო კომპანია კაპიტალიზაციის სიდიდით და უსწრებს Facebook-ს. Hertz-თან გარიგების შემდეგ წარმოქმნილმა საფონდო ბაზრის რეაქციამ თავად ილონ მასკიც გააკვირვა, რადგან მან აღნიშნა, რომ Tesla-სთვის ამჟამად პრობლემას წარმოადგენს არა მოთხოვნის, არამედ საწარმოო სიმძლავრის ნაკლებობა. Wedbush Securities-ის ანალიტიკოსების აზრით ამჟამად Tesla-მობილებზე მოთხოვნა 10%-ით აღემატება მიწოდებას. სტატიის წერის მომენტში Tesla-ს აქციის ფასი იყო 1024 აშშ დოლარი, თუმცა Wedbush-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პერსპექტივაში ფასი შესაძლოა 1500 აშშ დოლარამდე გაიზარდოს. როგორც ჩანს, ინვესტორები გაამხნევა იმ ფაქტმა, რომ ავტომანქანების გაქირავების დიდმა ქსელმა რეალური ნაბიჯი გადადგა მათი შემდგომი პოპულარიზაციისთვის. 100 ათასი Tesla-მობილის შეძენის შემდეგ Hertz-ის მანქანების 20%-ზე მეტი აშშ-სა და ევროპაში ელექტრომობილები იქნება. ასევე ცნობილი გახდა, რომ Tesla Model 3 სექტემბრის ბოლოს გახდა ყველაზე პოპულარული ახალი მანქანა ევროპაში ყველა ტიპის ელექტრომობილს შორის. ინვესტორები არ შეუშინებია ამერიკულ სააგენტო NHTSA-ს პრეტენზიებს Tesla-ს ავტოპილოტირების პროგრამის ბეტა-ვერსიის აშშ-ის საჯარო გზებზე გამოყენების შესახებ, არც ახლახან წარმოდგენილი FSD Beta 10.3 განახლების ხარვეზებს, რომლებიც ოპერატიულად გამოსწორდა. https://tinyurl.com/3es66t2y
  6. კომპანია Fundstrat-ის ანალიტიკოსებმა ივარაუდეს Bitcoin-ის კურსის სამომავლო ზრდა 89 ათას აშშ დოლარიან დონემდე - აცხადებს BNN Bloomberg. „Bitcoin-ის თავდაპირველი მიზანი 65 ათას აშშ დოლარის ზემოთ - ეს არის დაახლოებით 72500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 89 ათას აშშ დოლარიანი დონე“ - ნათქვამია Fundstrat-ის ანგარიშში. ანალიტიკოსების მონაცემების თანახმად ამჟამად ბაზარი აფასებს აშშ-ში ბირჟაზე მოვაჭრე Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე არსებული ფონდის ამოქმედებას, რომელიც კომპანია ProShares-ს ეკუთვნის. ხსენებულმა ინსტრუმენტმა სავაჭრო აქტივობის კუთხით მეორე ადგილი დააფიქსირა თავისი დებიუტით. BNN Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ კრიპტო ბირჟა BitMEX-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ ჰოპტნერი პროგნოზირებს ციფრული ოქროს ფასის ზრდას 100 ათას აშშ დოლარამდე მიმდინარე წლის ბოლოსთვის. სტატიის წერის მომენტში Bitcoin დაახლოებით 61100 აშშ დოლარად იყიდებოდა. BTC/USDT-ის გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს Bitcoin-ის ფასმა მიაღწია 67 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი. https://tinyurl.com/4by7s5n8
  7. ამერიკულმა კომპანია Intel-მა გაასაჯაროვა Xe Arc Alchemist გრაფიკული ამაჩქარებლების ფასები. მოსალოდნელია, რომ „ლურჯი გუნდი“ სამომავლო ვიდეო დაფებით შეეცდება კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-სა და AMD-ის მოწინავე დაფებს, ამასთან გამოირჩეოდეს ლოიალური ფასებით. პროცესორების მწარმოებელმა კალიფორნიულმა გიგანტმა აამოქმედა თამაში Xe HPG Scavenger Hunt. სამი გამარჯვებული მიიღებს Intel-ის სამ ახალ გრაფიკულ ამაჩქარებელს, სამი ან ექვსი თვის ვადით Xbox Game Pass-ის გამოწერას, აგრეთვე ARC-ის საფირმო ატრიბუტებს. გამარჯვებული და გრან-პრის ლაურეატი მიიღებენ 700 და 900 აშშ დოლარის ღირებულების ჯილდოებს, შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, როგორი იქნება Intel-ის გრაფიკული ამაჩქარებლების მიახლოებითი ფასი, რომლებიც ბაზარზე მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს. 100 მოთამაშე მიიღებს მთავარ პრიზს, რომელიც მოიცავს ექვსთვიან Xbox Game Pass-ს და Intel Arc Premium ამაჩქარებელს. პირველი ადგილისთვის ორასი ჯილდო იქნება განკუთვნილი - სამი თვე Xbox Game Pass-ის გამოწერა და ვიდეო დაფა Intel Arc Performance. გეიმინგ სერვისის გამოწერის ღირებულებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპრიზო პაკეტებში არის სხვა ნივთებიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი დონის Intel Arc Premium გრაფიკული დაფის ფასი იქნება დაახლოებით 820 $, ხოლო Arc Performance ეღირება დაახლოებით 650 $. რა თქმა უნდა, 50-100 დოლარის კორექტირება შესაძლებელია ორივე მიმართულებით. https://tinyurl.com/m9pytts8
  8. სატრანსპორტო საშუალების შემადგენობაში ელექტრო ძრავებისა და ბატარეების გამოყენება ელექტრომობილების მწარმოებლებს კონსტრუქციის აწყობისას კრეატიულობისთვის დიდ არჩევანს აძლევს. Hyundai Mobis აპირებს ელექტრომობილების მწარმოებლებს შესთავაზოს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების ბრუნვას 90 გრადუსით. ფოტოს წყარო: Hyundai Mobis ელექტრომობილების სეგმენტში უკანა საბურავების ბრუნვადობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებით ყველაზე მეტად ცნობილია კორპორაცია General Motors. მან უკვე დააანონსა „კიბორჩხალის რეჟიმი“ Hummer-ისა და თანაპლატფორმელ პიკაპ Chevrolet Silverado-სთვის. ილონ მასკმა გარკვეული დროის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა პიკაპ Tesla Cybertruck-მაც მიიღოს უკანა საბურავების ბრუნვადობის შესაძლებლობა. საბურავების მოზრდილი ბაზის მქონე დიდი ზომის მანქანების შემთხვევაში მსგავსი ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს იძლევა ქალაქის პირობებსა და უგზოობაში მანევრირებისთვის. შესაძლებელია მანქანა გადაადგილდეს დიაგონალზე, აგრეთვე შემცირდება შემობრუნების რადიუსი. Business Korea-ს ინფორმაციით, სამხრეთკორეულმა კომპანია Hyundai Mobis-მა განაცხადა, რომ წარმატებას მიღწია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აგრეგატების შემუშავებაში, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მანქანები საბურავების 90-გრადუსიანი ბრუნვის შესაძლებლობით. თუ ვივარაუდებთ, რომ ოთხივე საბურავს ექნება თავისუფლების ასეთი ხარისხი, მაშინ ელექტრომობილი შეძლებს გზის მკაცრად პერპენდიკულარულ მხარეს გადაადგილებას და ადგილზე მოხვევას, რაც დამატებით კომფორტს შექმნის ქალაქში პარკირებისა და მანევრირებისას. ფოტოს წყარო: Hyundai Mobis საბურავებსა და ძრავს შორის მექანიკური კავშირის მქონე კლასიკური ავტომობილები იშვიათად უზრუნველყოფენ საბურავების მობრუნების 30-გრადუსიან კუთხეზე მეტს. Hyundai Mobis პირობას დებს, რომ 2023 წლისთვის შექმნის მზა პლატფორმას საბურავების 90 გრადუსით ბრუნვის შესაძლებლობით. 2025 წლისთვის კომპანია ამ პლატფორმას ავტომატური მართვის უნარს მიანიჭებს. ეს ყველაფერი კომპანიის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აწარმოონ უჩვეულო კონსტრუქციისა და ფანტასტიკური მანევრირების მქონე ელექტრომობილები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული კომპანიის მთავარი მომხმარებლები არიან ბრენდები Hyundai, Genesis და Kia, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი მოდელები მათი პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდება. https://tinyurl.com/4me3hec5
  9. ჩინეთში კრიპტოვალუტების აკრძალვის თემას ბევრი საინფორმაციო მასალა მიეძღვნა, ამ საკითხმა ინტერესი გამოიწვია ყველასთვის, ვისაც რაიმე სახის კავშირი გააჩნია მასთან. ამჯერად კი შესაძლებელია ხსენებულ საკითხს ფინალური წერტილი დაესვას. გასულ კვირას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო Bitcoin-ისა და ყველა სხვა ციფრული აქტივის მოპოვება საწარმოო საქმიანობის შავ სიაში შეიტანოს. კანონპროექტის განხილვა 21 ნოემბრამდე გასტანს, თუმცა მის მიღებაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე მაინინგი დაექვემდებარება სრულ და საბოლოო ლიკვიდაციას. ჩინეთის ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ყველა საფუძველი არსებობს იმის სარწმუნოდ, რომ ძნელად თუ გაბედავს ვინმე მათ დაუმორჩილებლობას, ყველაზე ღრმად დაფარული იატაკქვეშა სამრეწველო მაინერებიც კი აუცილებლად გააჩერებენ ფერმებს. თუკი გავიხსენებთ, რომ ადრე ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა აკრძალა კრიპტოვალუტებით ყველანაირი ოპერაციის განხორციელება, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტას საბოლოოდ ემშვიდობება. კრიპტოვალუტების შესახებ განხილვებს რაც შეეხება, სხვადასხვა წყარო უკვე ავრცელებს ცნობებს, რომ ჩინურ ვებ-გვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და რეკლამებში ასევე დაექვემდებარება აკრძალვას კრიპტოვალუტების თემის ხსენება. ცხადია, ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ კრიპტოვალუტა უნდა გაქრეს არა მხოლოდ ჩინეთის მიწიდან, არამედ ყველა მოქალაქის გონებიდანაც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტერიტორიიდან კრიპტოვალუტის განდევნის მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების მიზანმიმართულობას ამ საკითხში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ჰეშრეითის მიხედვით: მიაღწია პიკს, მსოფლიო მასშტაბის 65%-ს. რაც შეეხება კრიპტო მაინერებს, ქვეყნის მხრიდან მიღებული ზეწოლის გამო ისინი გადავიდნენ ძირითადად შეერთებულ შტატებში, სადაც მათ ხელგაშლილად დახვდნენ. გარდაუვალია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ექცევა ჩინეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტას ასე მკაცრად. თავად ჩინეთის ხელისუფლება მიღებულ ზომებს ხსნის ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის გრძელვადიანი პროგრამის შესრულებით ან, მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგიაზე ზრუნვით. სხვადასხვა ექსპერტს ამ კუთხით განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ციფრული იუანი. დასასრულს, აღსანიშნავია, რომ CBECI-ის (Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index - კემბრიჯის Bitcoin-ის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსი) უახლესმა მონაცემებმა მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს პერიოდის მონაცემებში დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია 0%-იან დონეზე. https://tinyurl.com/33zvac2j
      • 1
      • Thanks
  10. Intel-ის კვარტალურ ანგარიშში მეტად დიდი მოცულობის ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი. Alder Lake პროცესორები, რომელთა ანონსის პირველი ფაზა მიმდინარე კვირაში შედგება, Intel-ის ხელმძღვანელმა პატრიკ გელსინგერმა კვარტალურ ღონისძიებაზე საქებარი ეპითეტებით მოიხსენია და პირობა დადო, რომ მოხდება მათი გავრცელება მაქსიმალური რაოდენობის სეგმენტებში, ფორმ-ფაქტორებისა და სითბური პაკეტების მხრივ ვარიანტებში კომპანიის მიერ ოდესმე წარდგენილ სხვა სერიებთან შედარებით. ეს პროცესორები სუპერმობილურ ვარიანტებადაც გამოვა. ფოტოს წყარო: CRN გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ Alder Lake პროცესორები დაეხმარება Intel-ს ბაზრის წილის გაზრდაში. მან ასევე უწოდა მათ "ფასის ლიდერები" ( pricing leader). ვინაიდან გელსინგერს არ გაუკეთებია დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს გამოთქმა შეიძლება ორი გზით იქნას განმარტებული. ერთი მხრივ, Alder Lake პროცესორები შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი მათ შესაბამის საფასო სეგმენტში წარმადობის დონის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, Alder Lake სერიამ შესაძლოა გაზარდოს Intel-ის პროდუქტების საშუალო სარეალიზაციო ფასი და გახდეს ამ ფენომენის მთავარი კატალიზატორი. მეორე ვერსია არც ისე აბსტრაქტულია, რადგან ადრე კონფერენციაზე Intel-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ Alder Lake-ის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გაზარდა მოთხოვნა უფრო ძვირადღირებულ პროცესორებზე მზა კომპიუტერების მწარმოებლებს შორის. კვარტალურ ანგარიშზე 10-Q ფორმის მიხედვით მოთხოვნის ზრდას დესკტოპ სისტემებზე კომპანია Intel ხსნის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული „დაბალი ბაზის“ ეფექტით, ასევე კორპორატიული და კერძო სეგმენტების აღდგენით. ლეპტოპებზე მოთხოვნის შემცირება დიდწილად განპირობებულია შესაბამისი კომპონენტების დეფიციტით. ამასთან საშუალო ფასები მატულობს - Intel-ის პროდუქციის სტრუქტურაში ჩნდება სულ უფრო მეტი პროცესორი დიდი რაოდენობის ბირთვებით. https://tinyurl.com/5bavme8w
  11. ცნობილი გახდა კოდური დასახელება Aldebaran-ის მქონე მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორისა და მის საფუძველზე არსებული Instinct სერიის ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. სიახლე ინსაიდერმა, მეტსახელად ExecutableFix-მა გააზიარა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად AMD ამზადებს MI200 სერიის ორ მოდელს: MI250X და MI250. უმცროს მოდელს ექნება ნაკლები Compute Unit (CU) ბლოკები და შედარებით დაბალი სიხშირეები. არაოფიციალური ცნობებით, CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორი AMD Instinct MI250X წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ექნება 110 CU და მაქსიმალური სიხშირე 1.7 გჰც. მეხსიერების ქვესისტემაში შესული იქნება 128 გბ HBM2e მეხსიერება, ამაჩქარებლის სითბური სიმძლავრე კი შესაძლოა 500 ვატს აღწევდეს. ჯერჯერობით AMD-ს არ დაუკონკრეტებია CDNA 2 ამაჩქარებლების წარმოების ტექნოლოგია და შემოიფარგლა მხოლოდ Advanced Node-ის განმარტებით ამჟამინდელ 7-ნანომეტრიან ტექპროცესთან შედარებისას. წყარო: Twitter @ExecuFix [1] და [2] ინსაიდერი მიუთითებს 47.9 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობაზე, თუმცა არ აზუსტებს რომელ ოპერაციებში. მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რომ ეს არის წარმადობა ორმაგი სიზუსტის რიცხვებით მუშაობისას, შესაძლოა, მატრიცულ ოპერაციებში. FP16 და BF16 ფორმატებთან მუშაობისას გამოთვლითი წარმადობა აღწევს 383 ტერაფლოპს, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მატრიცულ ოპერაციებზეა საუბარი. გასულ წელს AMD-მ წარმოადგინა FP64 ვექტორულ ოპერაციებში რეკორდული გამოთვლითი წარმადობის (11.5 Tflops) მქონე Instinct MI100 ამაჩქარებელი. როგორც ჩანს, AMD მზადაა 120 CU-ით აღჭურვილი და 1.5 გჰც-ზე მომუშავე MI100-დან დიდი ნახტომის გაკეთებისთვის. AMD Instinct MI250/X-ში პირველად იქნება გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი მულტი-ჩიპის დიზაინით. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ჩიპლეტი ექნება მას, სხვადასხვა ცნობების მიხედვით მათი რიცხვი შესაძლოა იყოს ორიდან ოთხამდე. ინსაიდერს არ დაუკონკრეტებია, 110 CU არის ერთი ჩიპლეტის თუ მთლიანი გრაფიკული პროცესორის კონფიგურაცია. https://tinyurl.com/ywdbahup
  12. ბრედ გარლინგჰაუსი თვლის, რომ Ethereum-მა შეძლო გამხდარიყო კაპიტალიზაციით უდიდესი Altcoin SEC-ის მხრიდან ხელსაყრელი პოზიციის წყალობით. Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) მფარველობს Ethereum-ს. ამგვარად ახსნა გარლინგჰაუსმა კაპიტალიზაციის თვალსაზრისით უდიდესი Altcoin-ის წარმატება ონლაინ კონფერენცია DC Fintech Week-ზე. გარლინგჰაუსმა უსამართლო უწოდა სიტუაციას, რომელშიც მარეგულირებელი ორგანო ახდენს XRP ტოკენის კლასიფიცირებას ფასიან ქაღალდად, თუმცა მსგავს პრეტენზიებს არ უყენებს Ethereum-ს. იგი ამტკიცებს, რომ SEC-ის სწორედ ამგვარმა პოზიციამ განაპირობა, Ethereum გამხდარიყო Bitcoin-ის შემდეგ კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიდიდით მეორე ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით იყო XRP. როდესაც გაირკვა, რომ SEC-მა მწვანე შუქი აუნთო Ethereum-ს, ამან განაპირობა ETH-ის ფასის ზრდა“ - აღნიშნა გარლინგჰაუსმა. 21 ოქტომბერს Ethereum-ის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და გადააჭარბა 4.37 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. 22 ოქტომბერს Ethereum იყიდებოდა 4.1 ათას აშშ დოლარად, ხოლო მისი კაპიტალიზაცია შეადგენდა 490 მილიარდ აშშ დოლარს CoinGecko-ს მიხედვით. წლის დასაწყისიდან დღემდე Altcoin-ის კურსი 456 %-ით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს SEC-მა კომპანია Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების XRP ტოკენების სახით გაყიდვაში. შედეგად XRP-ის ფასი 0.20 $-მდე შემცირდა. აპრილის შუა პერიოდში ტოკენმა მიაღწია ლოკალურ მაქსიმუმს, 1.84 აშშ დოლარს. სტატიის წერის დროს XRP იყიდებოდა 1.1 აშშ დოლარად და ეკავა მეშვიდე ადგილი უმსხვილესი კრიპტოვალუტების სიაში კაპიტალიზაციის მიხედვით (51.8 მლრდ აშშ დოლარი). https://tinyurl.com/um3s3252
  13. რესურს Barron’s-მა შეაჯამა აშშ-ის საფონდო ბირჟებზე პირველი სავაჭრო სესიის შედეგები Intel-ის მიერ დამაინტრიგებელი კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კომპანიისთვის უჩვეულო გრძელვადიანი პროგნოზებით ხასიათდება. აშკარაა, რომ კომპანიის ფინანსური დირექტორის, ჯორჯ დევისის პენსიაზე გასვლის მოახლოებამ ინვესტორებზე მინიმალური გავლენა მოახდინა, ხოლო კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობამ ისინი საფუძვლიანად შეაშფოთა. ფოტოს წყარო: Seeking Alpha ანალიტიკოსების აზრით, Intel-ის იმედები წლიური შემოსავლების 10-12%-ით გაზრდის შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბოლომდე არ არის გამართლებული და ამ პერიოდისთვის დაგეგმილი კაპიტალური ხარჯების მოცულობა აშკარად გააუარესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. ასევე საეჭვოა ტექნოლოგიური ლიდერობის დაბრუნება 2025 წლისთვის. ექსპერტების აზრით, სანამ Intel "დაეწევა და გაუსწრებს" TSMC-ს, AMD გააგრძელებს ბაზრის წილის გაზრდას. მაგალითად, ამჟამად Intel შეზღუდულია დაბალბიუჯეტური პროცესორების მიწოდების შესაძლებლობაში - იგი მათ საკმარისი რაოდენობით აწარმოებს, მაგრამ პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს არ გააჩნიათ თანმხლები კომპონენტები და ისინი ცდილობენ ორიენტირდნენ უფრო ძვირადღირებული კონფიგურაციების გამოშვებაზე. მეორე მხრივ, AMD დიდი ხანია არ არის დაინტერესებული დაბალი ფასების სეგმენტით, ამიტომ ფაქტორები გარკვეულწილად დაბალანსებულია. ასეა თუ ისე, გასულ დღეებში Intel-ის აქციების ფასმა თითქმის 12%-ით დაიკლო, კომპანიის კაპიტალიზაცია 20 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და დაუბრუნდა იანვრის დასაწყისის მაჩვენებელს. სამაგიეროდ AMD-ის აქციების ფასი გაიზარდა თითქმის ნახევარი პროცენტით, რაც ასახავს ინვესტორების ნდობას კომპანიის შესაძლებლობებში - ისარგებლოს კონკურენტის სისუსტის იმპულსით, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი საბაზრო პოზიცია. https://tinyurl.com/b8te3hc4
  14. აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ტეხასში არსებულ ბაზაზე აგრძელებს მრავალჯერად ხომალდ Starship-ის მომზადებას ისტორიაში პირველი ორბიტალური სატესტო ფრენისთვის. ძრავ Raptor-ის ვაკუუმური ვერსიის პირველი სტატიკური აალების გამოცდიდან მოკლე დროში SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხომალდი Starship პირველი სატესტო ფრენისთვის მზად მომდევნო თვეში იქნება, თუმცა მანამდე აუცილებელია ნებართვის მიღება მარეგულირებელი ორგანოებისგან. ფოტოს წყარო: SpaceX ორბიტალური ფრენების განსახორციელებლად SpaceX-მა უნდა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA). არსებული ცნობების თანახმად FAA-ს სურს ნახოს, რომ SpaceX-მა მიიღო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა, რათა გარანტირებულ იქნას მინიმალური რისკი იმ შემთხვევისთვის, თუკი ხომალდის გაშვებისას საგანგებო მდგომარება შეიქმნება. ამ ეტაპზე ხომალდის გაშვებისა და ფრენის დროს პრობლემების წარმოქმნის ალბათობა არც ისე მცირეა. ჩვენ უკვე ვნახეთ SpaceX-ის რამდენიმე წარუმატებლობა წარსულში, Starship-ის პროტოტიპების ადრეული ვერსიები აფეთქდა ან „სწრაფად, მოულოდნელად დაიშალა“, როგორც ამას ინდუსტრია ზოგჯერ უწოდებს. თუმცა, ილონ მასკის კომპანიას ასევე აქვს წარმატებული ტესტები, რომელთა დროსაც ხომალდის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა ატმოსფეროში და შემდეგ მოხდა კონტროლირებადი დაშვება. SpaceX-ისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Starship-ის ფრენა Super Heavy რაკეტით დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. კომპანია ტექნიკურად მზად არის ამისათვის, თქვა მასკმა, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დრო დასჭირდება. ასევე შესაძლებელია, რომ FAA-მ გადადოს ზოგიერთი საკითხის განხილვა და SpaceX-ს მისცეს დროებითი ნებართვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა წლის ბოლომდე განახორციელოს. https://tinyurl.com/c22arh7a
  15. ინფლაციისადმი შიში და არა პირველ ფიუჩერსულ Bitcoin-ETF-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი განაპირობებს პირველი კრიპტოვალუტის კურსის სვლას ახალი მაქსიმუმებისკენ - ამგვარი აზრი გამოხატეს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა, აცხადებს Bloomberg. 19 ოქტომბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაიწყო კომპანია ProShares-ის Bitcoin Strategy ETF-ის ვაჭრობის პროცესი. SEC-მა პირველად დაამტკიცა მსგავსი საბირჟო პროდუქტი Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე. BITO ტიკერით ფონდის სავაჭრო ბრუნვამ დებიუტის დღეს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარს მიღწია. ამ მაჩვენებლით მან მეორე ადგილი დაიკავა ყველა ETF-ს შორის. 20 ოქტომბერს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და 67000 აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა JPMorgan-ის სტრატეგები მიიჩნევენ, რომ BITO-ს ამოქმედება „არ გამოიწვევს Bitcoin-ში ახალი კაპიტალის მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოდინების ახალ ფაზას“. „ამის ნაცვლად ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირველი კრიპტოვალუტის, როგორც ინფლაციისგან ოქროზე უკეთ დაცვის საშუალების, აღიარება არის ამჟამად მიმდინარე აღმასვლის მთავარი მიზეზი, რის გამოც სექტემბრიდან დაიწყო ოქროს ETF-ებიდან Bitcoin-ფონდებზე გადასვლა”, - განაცხადეს მათ. წყარო: Bloomberg. „ეს დინება უცვლელი დარჩება და წლის ბოლომდე Bitcoin-თან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს შეინარჩუნებს“ - თვლიან JPMorgan-ის ექსპერტები. რაც შეეხება ბაზრის მონაწილეების ენთუზიაზმს BITO-ს მიმართ, ანალიტიკოსებმა მაგალითის სახით მოიყვანეს Bitcoin-ის ბაზაზე პირველი საბირჟო ფონდის ამოქმედება კანადაში. Purpose Investments-ის მიერ 2021 წლის თებერვალში გამოშვებული პროდუქტი ტიკერით BTCC თბილად იქნა მიღებული, თუმცა შემდეგ მის მიმართ ინტერესი განელდა. „BITO-ს ირგვლივ არსებული თავდაპირველი მღელვარება შეიძლება ერთ კვირაში გაქრეს“, ვარაუდობენ ექსპერტები. მათი თქმით, Bitcoin-ინვესტორებს ინვესტირებისთვის „ბევრი ვარიანტი“ აქვთ. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ SEC-მა დაამტკიცა კომპანიების - VanEck-ისა და Valkyrie Investments-ის კიდევ ორი ფიუჩერსული Bitcoin-ETF-ის ამოქმედება. ადრე ჰეჯ-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა პირველ კრიპტოვალუტას უწოდა დაზღვევა ინფლაციისგან. მილიარდერმა თავისი მოსაზრება CNBC-სთან ინტერვიუში დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე Bitcoin-მა აშკარად აჯობა ოქროს ამ კუთხით. Icahn Enterprises-ის დამფუძნებელი კარლ აიკანიც აფასებს ციფრული ოქროს ინფლაციის საწინააღმდეგო თვისებას. https://tinyurl.com/3n787f7t
  16. კომპანია Razer-მა დაიწყო უნიკალური პროდუქტის, მაღალტექნოლოგიურ დამცავ ნიღაბ Zephyr-ის გაყიდვა, რომელიც შეიქმნა კოდური დასახელების მქონე პროექტ Project Hazel-ის ფარგლებში. ახალი ნიღბის შეძენა შესაძლებელია საორიენტაციო ფასად - 100 აშშ დოლარი. ფოტოების წყარო: Razer მოწყობილობაში გამოყენებულია N95 ტიპის ფილტრები, რაც მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ ნიღაბს შეუძლია გაფილტროს ბაქტერიების 99% და ჰაერში არსებული, 0.3 მიკრონის ზომის ნაწილაკების 95%. ნიღბის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი შემწოვი ვენტილატორი, რომლებსაც შეუძლიათ ორ რეჟიმში მუშაობა - ბრუნვის სიჩქარით 6200 და 4200 ბრ/წთ. რეალიზებულია მრავალფერი განათება Razer Chroma RGB 16.8 მილიონი ფერის პალიტრით. მისი შეცვლა შესაძლებელია სმარტფონისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის გამოყენებით. სრულად დამუხტული ბატარეა საკმარისია რვასაათიანი მუშაობისთვის განათების გარეშე და ვენტილატორის დაბალ სიჩქარეზე ბრუნვის პირობებში, ხოლო განათებითა და მაღალი სიჩქარით ბატარეა მუშაობს 3.5 საათის განმავლობაში. დამუხტვა ხორციელდება USB Type-C პორტის მეშვეობით და სრულად დამუხტვისთვის დაახლოებით 2 საათია საჭირო. ნიღბის ზომებია 181 × 104 × 104 მმ, წონა - დაახლოებით 206 გრამი. სმარტფონთან დაკავშირებისთვის გამოიყენება უსადენო კავშირი Bluetooth Low Energy.  https://tinyurl.com/n34ydef4
  17. ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის პრობლემა საკმაოდ დიდხანს დარჩება აქტუალური, ამბობს Intel-ის ხელმძღვანელი პეტ გელსინგერი. CNBC-სთან საუბრისას გელსინგერმა კომენტარი გააკეთა კომპანიის ბოლო ფინანსურ შედეგებზე და აღნიშნა, რომ არ ელოდება მიკროჩიპების დეფიციტის შემსუბუქებას მინიმუმ 2023 წლამდე. ფოტო: The Verge ”ჩვენ ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება მომავალი წლის ყოველ კვარტალში, მაგრამ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის [ნახევრადგამტარ კომპონენტებზე] 2023 წლამდე არ აღდგება“, - განაცხადა გელსინგერმა. Intel-ის მთავარ კონკურენტ AMD-ს ოდნავ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. გასულ თვეში კომპანიის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ ღონისძიება Code Conference-ზე გამოსვლისას ყველას მოუწოდა შეეგუონ ჩიპების დეფიციტს მომავალ წლამდე. „მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება. არა მყისიერად. მაგრამ ახალი ქარხნების ამოქმედების შედეგად ყველაფერი თანდათანობით დაიწყებს გაუმჯობესებას, ”- განაცხადა ლიზა სუმ. NVIDIA იზიარებს AMD-ის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გრაფიკული პროცესორების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს გაუმჯობესებას. Intel-ის ნაკლებად დამაიმედებელი პერსპექტივა გამომდინარეობს მისი უახლესი ფინანსური ანგარიშიდან, რომელშიც კომპანიამ აღნიშნა პერსონალური კომპიუტერებიდან მიღებული შემოსავლის 2%-იანი კლება და ლეპტოპებიდან მიღებული 5%-ით ნაკლები შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაც გამოწვეულია კომპიუტერების მწარმოებლებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პროცესორების ნაკლებობაზე, არამედ სხვა კომპონენტებზეც. „ჩვენ ამას გარემოებათა მიმდინარეობას ვუწოდებთ. შეიძლება გვქონდეს პროცესორი, მაგრამ სხვა მომწოდებელს არ ჰქონდეს საკმარისი LCD პანელები, ხოლო მესამეს - საჭირო Wi-Fi მოდულები. განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრები განიცდიან მიკროჩიპების და ზოგიერთი ქსელის კონტროლერების დეფიციტს, ”- განაცხადა გელსინგერმა. https://tinyurl.com/ys9t88wz
  18. მაინინგ-კომპანია Atlas Mining-მა განაცხადა, რომ მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა ჰოსტინგ-პროვაიდერ Compute North-თან, რაც მოიაზრებს კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო 100 მვტ სიმძლავრის აღჭურვილობის განთავსებას. პრეს-რელიზის თანახმად, ASIC მაინერების განლაგება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მონაცემთა ცენტრებში 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. მოსალოდნელია, რომ აღჭურვილობის ამოქმედების შემდეგ მისი საერთო ჰეშრეითი იქნება დაახლოებით 3.7 EH/წმ. Atlas Mining-მა გარიგებას გლობალური ექსპანსიის ნაწილი უწოდა. კომპანია, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს, აფართოებს მაინინგ ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე სხვა რეგიონებში. საერთო ჯამში კომპანიამ შეიძინა 200 ათასზე მეტი ASIC მაინერი და აპირებს გააგრძელოს ეს ტენდენცია "მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში". Atlas ფლობს მაინინგისთვის საჭირო, 400 მეგავატი სიმძლავრის ინფრასქტუქტურასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს და გეგმავს ნახევარი წლის განმავლობაში კიდევ 1 გიგავატის დამატებას. შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩინელი მაინერების მიგრაციის ფონზე Compute North-მა დააანონსა მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის გაფართოება 1.2 გიგავატამდე. https://tinyurl.com/25359ka6
  19. Guardian Mag-ის ინფორმაციით, Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდიები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით წარმოებული ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების წილის გაზრდის თვალსაზრისით. ფოტოს წყარო: Intel თუკი ადრე შეერთებულ შტატებს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა მსოფლიოში ჩიპების წარმოების მოცულობის მესამედზე, ახლა იგი მხოლოდ 12%-ით კმაყოფილდება. სწორედ შიდა წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში მდგომარეობს ხელისუფლების მხრიდან სუბსიდირების მისია, როგორც Intel-ის ხელმძღვანელი თვლის: „ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ჩვენი პროდუქცია იყოს აზიასთან შედარებით 30 ან 40%-ით ძვირი“. კორპორაცია მზადაა ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯოს საკუთარი წარმოების გაზრდისთვის, თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერით ამას Intel სწრაფად მოახერხებს. რეალურად, გელსინგერის აზრით, აშშ-ის კანონმდებლების მიერ გამოყოფილი 52 მილიარდი აშშ დოლარი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მომავალ წლებში აზიელ კონკურენტებს დაეწიოს. სამომავლოდ ასეთი სუბსიდიების ორი რაუნდი იქნება საჭირო - აცხადებს Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი. https://tinyurl.com/yh22c2xe
  20. აშშ-ის ნევადას შტატის ოლქ კლარკის ხელისუფლებამ ილონ მასკის კუთვნილ კომპანია Boring Company-ს გვირაბების სისტემა Vegas Loop-ის მშენებლობის ნებართვა მისცა, რომლებშიც მუდმივად იმოძრავებენ Tesla-ს ელექტრომობილები. 51 სადგურისგან შემდგარი მიწისქვეშა სისტემა გააერთიანებს გვირაბებს, რომელთა საერთო სიგრძე 47 კილომეტრია. twitter.com/ClarkCountyNV კომპანიამ ახლა უნდა მიიღოს მთელი რიგი ტექნიკური ნებართვები ადგილობრივი მარეგულირებლებისგან. პროექტი Boring Company არსობრივად წარმოადგენს მეტროს უფრო „ექსკლუზიურ“ ალტერნატივას, მასში მატარებლების ნაცვლად უპილოტო ავტომობილები იმოძრავებენ. კომპანიის პრეზიდენტ სტივ დევისის თქმით Vegas Loop-ის შექმნა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. აგებული სადგურები დაუყოვნებლივ შევა ექსპლუატაციაში. პროექტის რეალიზაციის პირველ ექვს თვეში Boring გეგმავს 5-10 სადგურის აშენებას, შედეგად ექსპლუატაციაში ყოველწლიურად 15-20 სადგური შევა. კომპანია მშენებლობის დასრულებას სამი წლის ვადაში ფიქრობს. Boring Company-ს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, თუ რამდენად ეფექტური იქნება Vegas Loop სისტემა მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა დასრულდება. მოსალოდნელია, რომ მისი მეშვეობით მოხდება საათში 57 ათასი მგზავრის ტრანსპორტირება, ამასთან ელექტრომობილები მგზავრებს არ აიყვანენ შუალედურ სადგურებზე, არამედ გაჩერების გარეშე მიიყვანენ მგზავრს საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე. კომპანია ყოველთვის ვერ ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ადრე აცხადებდნენ, რომ ლას-ვეგასში უკვე მოქმედი მიწისქვეშა LVCC სისტემა საათში 4400 მგზავრს გადაიყვანდა, თუმცა უახლესი ცნობებით ჯერჯერობით უზრუნველყოფილია მხოლოდ 675-მდე მგზავრის ტრანსპორტირება. https://tinyurl.com/4rzj8xz5
  21. ს მოუწოდა შეაჩეროს საფულე Novi-ს პილოტი ამერიკელი სენატორების ჯგუფმა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაასრულოს ციფრული საფულე Novi-ს პილოტი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შემოიტანოს Stablecoin Diem ბაზარზე. ბრაიან შაცმა, შეროდ ბრაუნმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ელიზაბეტ უორენმა და ტინა სმიტმა ღია წერილში გამოხატეს "მკაცრი წინააღმდეგობა Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტისა და ციფრული საფულის გამოშვების განახლებულ ძალისხმევასთან მიმართებაში". კანონმდებლებმა გაიხსენეს, რომ კომპანიამ არაერთხელ აიღო ვალდებულება - არ გამოეშვა ციფრული ვალუტა ფედერალური ფინანსური მარეგულირებლების თანხმობის გარეშე. „დარწმუნებების მიუხედავად Facebook კვლავ ახდენს გეგმების რეალიზებას მკაცრ ვადებში ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით და უკვე აამოქმედა საპილოტე პროექტი ქსელის საგადახდო ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა ეს ყველაფერი შეუთავსებელია ფინანსური რეგულირების რეალურ ლანდშაფტთან - არა მხოლოდ Diem-ის, არამედ საერთოდ Stablecoin-ებისთვის“ - განაცხადეს პოლიტიკოსებმა. მათ აღნიშნეს, რომ თანხის გადარიცხვის ნებართვის მიღება თითქმის ყველა შტატში არ არის „აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის ეკვივალენტური“. ფედერალური სააგენტოები მხოლოდ იმ რისკებს სწავლობენ, რასაც Stablecoin-ები უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას და განიხილავენ მათი აღმოფხვრის გზებს, - ხაზი გაუსვეს პოლიტიკოსებმა. ასევე, მათი აზრით, Facebook-ს არ წარმოუდგენია „დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება“, თუ როგორ შეუშლის ხელს Diem-ის გამოყენება უკანონო ფინანსურ საქმიანობას. სენატორებმა გაიხსენეს სოციალური ქსელის ალგორითმების მუშაობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალი და განაცხადეს, რომ მოგებისკენ სწრაფვისას კომპანია გულგრილია იმ ზიანის მიმართ, რასაც მისი პროდუქტები აყენებს მომხმარებლებს. „არ შეიძლება Facebook-ს მიენდოს საგადახდო სისტემის ან ციფრული ვალუტის მართვა იმ დროს, როდესაც მისი არსებული შესაძლებლობები რისკების მართვისა და მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სრულიად არასაკმარი აღმოჩნდა,” - ნათქვამია წერილში. კორპორაციამ ახლახანს გამოაცხადა, რომ დაიწყო საფულე Novi-ს საპილოტე ტესტირება აშშ-სა და გვატემალაში Paxos-ის Stablecoin USDP-ის გამოყენებით. Facebook-ის საგადახდო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი დევიდ მარკუსი ამჯერადაც ირწმუნებოდა, რომ Diem-ს აამოქმედებენ მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემდეგ. Stablecoin-ის შექმნაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაცია Diem Association-მა სენატორების წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ პილოტს Diem-თან კავშირი არ აქვს. კანონმდებლებს აგრეთვე შეახსენეს, რომ Facebook ასოციაციის ათეულობით წევრთაგან ერთ-ერთია და არასწორია ციფრული ვალუტის პროექტთან მისი პირდაპირი დაკავშირება. რაც შეეხება Stablecoin-ის უკანონო ფინანსურ საქმიანობებში გამოყენების საფრთხეს, Diem Association-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ FinCEN-მა დადებითი დადებითი გამოხმაურება მიანიჭა Diem-ის კონტროლის სისტემას. ადრე მარკუსი ვარაუდობდა, რომ გლობალური მარეგულირებლები Stablecoin-ის გამოშვებისთვის დაბრკოლებებს 2021 წელს მოხსნიდნენ. https://tinyurl.com/bcaadffe
  22. მიმდინარე წლის ზაფხულში SK Hynix-მა განაცხადა, რომ მუშაობდა HBM3 ტიპის მეხსიერების შექმნაზე, ამჯერად კი გამოუშვა პრეს-რელიზი ამ პროცესის დასრულების შესახებ. მთავარი საინფორმაციო მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა კონკურენტების უკან ჩამოტოვების ფაქტი ახალი ტიპის მეხსიერების შექმნით, რომელიც გამოყენებული იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილ პლატფორმებზე. ვიდეო დაფების სეგმენტში HBM3 ტიპის მეხსიერების გამოყენების შესახებ ხსენებულ პრეს-რელიზში არაფერი თქმულა. ფოტოს წყარო: SK hynix HBM3 ტიპის მეხსიერება გამოირჩევა 78%-ით გაზრდილი სიჩქარით HBM2E ტიპთან შედარებით - შესაბამისი მაჩვენებელი 819 გბ/წმ-მდე გაიზარდა. HBM3-ის სტეკში ერთი კრისტალის სისქე არ აღემატება 30 მიკრონს - ეს არის A4 ფორმატის სტანდარტული ფურცლის სისქის დაახლოებით მესამედი. ერთ სტეკზე შესაძალებელია განთავსდეს 12-მდე ფენა, რომელთაგან თითოეული მათგანის მოცულობა 24 გბ იქნება. უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად წარმოდგენილი იქნება ჩიპები 16 გბ-მდე მოცულობით. შეცდომების კორექციის ინტეგრირებული მექანიზმი აამაღლებს იმ სისტემების მუშაობის საიმედოობის დონეს, რომელბშიც ზემოთხსენებული ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. SK Hynix-ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, როდის დაიწყება HBM3 მეხსიერების მიწოდება პირველი მომხმარებლებისთვის. https://tinyurl.com/yk95m4yp
  23. ჯერ კიდევ აგვისტოში Google-მა დააანონსა საფირმო მობილური ერთკრისტალიანი პლატფორმა Tensor. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ ახალ ჩიპს ექნება ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობები, რაც გააუმჯობესებს გამოსახულების და ხმის დამუშავებას მომავალ სმარტფონებში. კომპანიამ ამჯერად ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 ახალი SoC-ის ბაზაზე და ისაუბრა მის მახასიათებლებსა და შესაძლებლობებზე. engadget.com Google-ს არ გაუხმაურებია ყველა დეტალი Tensor-ის შესახებ და მხოლოდ შემოიფარგლა ფრაზებით, თუ როგორი შთამბეჭდავია ეს პროდუქტი. ჩიპის პარამეტრები რესურს Engadget-მა გაახმაურა. ცნობილია, რომ Tensor არის 5-ნანომეტრიანი ჩიპსეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული. მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობისთვის განკუთვნილია მაღალი წარმადობის TPU (Tensor Processing Unit). მისი მახასიათებლები და წარმადობის შესახებ ინფორმაციაც არ გახმაურებულა, თუმცა Google-მა გამოაცხადა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მთელი რიგი ფუნქციები, ასე რომ TPU მძლავრი უნდა იყოს. რვაბირთვიან ჩიპში მოცემულია ორი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.8 გჰც. ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მის კონკურენტ Snapdragon 888-ს მხოლოდ ერთი ასეთი ბირთვი აქვს. დანარჩენი კლასტერები კი წარმოდგენილია შედარებით მოძველებული ბირთვებით, რომლებიც გასული წლის ჩიპებში გვხვდება. ესენია ორი საშუალო დონის ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2.25 გჰც და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 ბირთვი, რომელთა სიხშირეა 1.8 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GPU Mali-G78. engadget.com Google-მა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალი ჩიპის ენერგოეფექტურობაზე. კონკურენტებთან შედარებით Tensor გამოიყენებს გაცილებით მცირე ენერგიას ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა შეტყობინებებისა და ვიდეოს რეალურ დროში თარგმნა ფუნქცია Live Translate-ის მეშვეობით, ტექსტის შეყვანა ხმოვანი ბრძანებებით და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვა ამოცანები, განაცხადა Google-მა. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საფირმო ჩიპსეტის CPU Pixel 6 სმარტფონს უზრუნველყოფს 80%-ით მეტი წარმადობით Pixel 5-თან შედარებით, რომელიც Snapdragon 765G-ზეა დამყარებული. გრაფიკული წარმადობა კი 370%-ით გაიზარდა. Tensor სმარტფონებს აგრეთვე უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებითი დონით, რადგან იგი იმუშავებს Titan M2 ჩიპთან ერთად, რომელიც იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს. საერთო ჯამში, Tensor გთავაზობთ ყველაფერს, რასაც ელოდებით ახალი ფლაგმანური ჩიპსეტისგან. როგორ წარმოაჩენს თავს ჩიპი რეალურ პირობებში, ცნობილი გახდება Pixel 6-ის პირველი ტესტების შემდეგ. https://tinyurl.com/2w2mbjxu
  24. კრიპტოვალუტების მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი აქვთ ინდონეზიის, ჩილესა და არგენტინის მაცხოვრებლებს. ამგვარ დასკვნას შეიცავს ბლოკჩეინ-განათლების სფეროში მოქმედ სტარტაპ Coinformant-ის რეიტინგი. ანალიტიკოსებმა ქვეყნების რეიტინგები შეადგინეს ოთხი ფაქტორის საფუძველზე: საძიებო მოთხოვნების რაოდენობა Google-ში; ციფრული აქტივებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობა; კრიპტოვალუტის მფლობელების წილი მოსახლეობაში; სპეციალიზებულ კონტენტზე კლიკების რაოდენობა. თითოეულ ქვეყანას მიენიჭა 10-მდე ნორმალიზებული ქულა თითოეული ფაქტორისთვის, რის შემდეგაც იქნა მიღებული მათი საშუალო მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდონეზიამ დააფიქსირა (5.73). ჩილე მეორე ადგილზეა (5.26), არგენტინა (4.79) მესამეზე. საძიებო მოთხოვნების რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი შეფარდებითი ზრდა დააფიქსირა ჩილემ (707%), პუბლიკაციების რაოდენობის მხრივ - ფინეთმა (725.7%), ჩართულობის ხარისხით - ინდონეზიამ (1772%). მთელი მოსახლეობიდან კრიპტოვალუტების მფლობელთა წილის მიხედვით თვალსაჩინო ლიდერი აღმოჩნდა უკრაინა 12.73%-იანი მაჩვენებლით, მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმის მხრივ სინგაპურია 9.04%-იანი წილით. საერთო რეიტინგში უკრაინამ 3.57 ქულით რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა. სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნები რეიტინგში არ არიან წარმოდგენილი. წყარო: Coinformant. უკრაინისა და რუსეთის მაცხოვრებლებმა დაიკავეს შესაბამისად მე-4 და მე-18 ადგილები Chainalysis-ის 2021 წლის კრიპტოვალუტის აღიარების ინდექსის რეიტინგში. მანამდე ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ევროპა გახდა ერთ -ერთი ლიდერი არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებული კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობით. https://tinyurl.com/2h3nx284
  25. Apple-მა ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა კომპანიის ახალი პროდუქტები. უპირველეს ყოვლისა, ესენია ფლაგმანური ლეპტოპები MacBook Pro 16" და MacBook Pro 14" Apple-ის ახალი საფირმო პროცესორებით, განახლებული დიზაინით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების ფართო ნაკრებით. ამასთან, MacBook Pro 14 სრულიად ახალი მოწყობილობაა - ამ დრომდე ამ ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Apple-ს არ გამოუშვია. ფოტო: Apple MacBook Pro-ს ამჟამინდელი განახლება უდიდესია Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპებისთვის 2016 წლის შემდეგ. წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი წარმოების ერთკრისტალიანი სისტემის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი MacBook Pro 14 სტანდარტულად წარმოდგენილია მხოლოდ Apple M1 Pro ჩიპით, თუმცა ოფციის სახით შესაძლებელია Apple M1 Max-ის არჩევაც. ცენტრალურ პროცესორ Apple M1 Pro-სა და M1 Max-ში გაერთიანებულია 10 ბირთვი, რომელთაგან რვა არის მაღალი წარმადობის, ორი კი - ენერგოეფექტური. მაღალი წარმადობის ბირთვები გამოიყენება რთული ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად ვიდეოს დამუშავებისთვის, ენერგოეფეტური ბირთვები კი - ისეთი მარტივი ამოცანების დამუშავებისას, როგორიცაა ინტერნეტში მუშაობა. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ლეპტოპები გახდეს უფრო ავტონომიური, თუმცა ამავე დროს მაღალი წარმადობის. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი გახდა მნიშვნელოვნად ძლიერი იმასთან შედარებით, რაც მოცემულია გასული წლის Apple M1 ჩიპში. Apple M1 Pro ჩიპში გრაფიკას გააჩნია 16 ბირთვი (2048 ნაკადური პროცესორი), Apple M1 Max-ში კი მოცემულია 32 ბირთვი (4096 ნაკადური პროცესორი). ორივე ჩიპში წარმოდგენილია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი, რომელიც ამუშავებს მანქანურ სწავლებასა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. Apple M1 Pro ჩიპის ერთ ფირფიტაზე განლაგებულია 32 გბ-მდე მოცულობის LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება 200 გბ/წმ-მდე სიჩქარით. უფროს მოდელ Apple M1 Max-ს აქვს 64 გბ ოპერატიული მეხსიერება სიჩქარით 400 გბ/წმ. ფოტოს წყარო: Apple საინტერესოა, რომ MacBook Pro 14-ის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას ექნება პლატფორმა Apple M1 Pro-ს შემცირებული ვერსია. ათი CPU ბირთვის ნაცვლად მასში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 8 (6 მძლავრი და 2 ენერგოეფექტური ბირთვი), აგრეთვე მასში მოცემული იქნება გრაფიკული პროცესორი 16-ის ნაცვლად 14 ბირთვით. რამდენად შესამჩნევად აისახება ეს წარმადობაზე, ჯერჯერობით უცნობია. ფოტო: Apple წარმადობის თვალსაზრისით სრულფასოვანი Apple M1 Pro ვერსია 70%-ით აღემატება გასული წლის M1 ჩიპს. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი პროცესორი 70%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე 8-ბირთვიანი მობილური პროცესორები, რომლებიც სხვა ვენდორების მიერ გამოიყენება კომპიუტერებში. ინტეგრირებულ გრაფიკას აქვს ძალიან მაღალი დონის წარმადობა და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დისკრეტულ ვიდეო დაფებს. ცალკე ყურადღებას იმსახურებს MacBook Pro-ში ახალი დისპლეების გამოჩენა. MacBook Pro 14-ში გამოიყენება 14.2-დუიმიანი Mini LED პანელი 3024 × 1964 გაფართოებით, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და მაქსიმალური 1600 კდ/მ²-მდე სიკაშკაშით. გასული თაობის ლეპტოპებს ჰქონდათ IPS Retina პანელები. Mini LED დისპლეის ახასიათებს სიკაშკაშის უფრო მაღალი დონე, საუკეთესო ფერთა გადმოცემა და ენერგოეფექტურობა. MacBook Pro-ს კიდევ ერთი მახასიათებელია Touch Bar პანელის არარსებობა, რომელიც Apple-ის ლეპტოპებში 2016 წლიდან იყო წარმოდგენილი. ავტონომიურობაზე პასუხისმგებელია ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 17 საათამდე უწყვეტ მუშაობას. აღსანიაშნავია Apple-ის გადაწყვეტილება ლეპტოპებში ზოგიერთი კონექტორის დაბრუნების შესახებ. გასული თაობის პორტატულ კომპიუტერებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ USB Type-C პორტი, რაც ართულებდა მოწყობილობების დაკავშირებას სხვა ინტერფეისებთან, ამჯერად მას დაემატა HDMI კონექტორი და სლოტი SD ბარათისთვის. დამუხტვისთვის ამჯერად გამოიყენება მოდიფიცირებული მაგნიტური კონექტორი MagSafe. მხარდაჭერილია სწრაფი დამუხტვა. რაც შეეხება ახალი MacBook Pro 14-ის ფასს, საბაზისო მოდელის ფასია 1999 აშშ დოლარი, ყველაზე მოწინავე მოდელისა კი - 5899 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4hmbc735
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.