Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. კრიპტო ბაზრის ციებ-ცხელების გამწვავებასთან ერთად აღდგენა განიცადა გეიმინგ სექტორმაც, დაფიქსირდა ფასების უზარმაზარი და მოულოდნელი ზრდა რამდენიმე ტოკენზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტო თამაშების სეგმენტი გაიზარდა 28%-ით და წერის მომენტისთვის 5.71 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული (წყარო: კრიპტო მონაცემთა აგრეგატორ CoinGecko-დან). ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტოკენი აღმოჩნდა Sandbox (SAND). ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ღირებულება 59%-ით გაიზარდა და 0.6305 აშშ დოლარად იყიდება. კრიპტო აქტივის ფასი 75%-ით გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში, ხოლო ბოლო 30 დღის განმავლობაში - 140%-ით. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ SAND-ს შეუძლია ამ სეზონზე 800%-მდე ზრდა დააფიქსიროს. თუმცა, მონეტა იყიდება მის ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით 92%-ით იაფად. მას მოსდევს Axie Infinity (AXS), რომელმაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 22%-იანი ზრდა დააფიქსირა. ეს მაჩვენებლები ზრდის AXS-ის ყოველკვირეულ მოგებას შთამბეჭდავ 40%-მდე, ტოკენის ღირებულება 8 აშშ დოლარია. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, AXS-ის ფასი წლის გახსნის ფასთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. ApeCoin (APE) ასევე დააფიქსირა 10%-იანი ზრდა და 1.34 აშშ დოლარად იყიდებოდა. გასულ კვირას მისი ღირებულება 20%-ით გაიზარდა, კრიპტო აქტივის ფასი 20%-ით დაბალია იანვრის მაქსიმუმთან შედარებით - უფრო მეტიც, 95%-ით ნაკლებია მის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით. https://tinyurl.com/26x9nps4
  2. გასულ კვირას Tesla-ს ხელმძღვანელ ილონ მასკის წმინდა ქონებამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, 347.8 მლრდ აშშ დოლარს და გადააჭარბა წინა რეკორდულ 340.4 მლრდ აშშ დოლარს, რომელიც 2021 წლის ნოემბერში იყო დაფიქსირებული, იტყობინება Bloomberg, Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, ასეთი ზრდა განპირობებულია Tesla-ს აქციების ღირებულების მუდმივი ზრდით და ინვესტიციების ახალი რაუნდით, რის შედეგადაც AI startup xAI 50 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. ფოტოს წყარო: Tesla 2012 წლის მარტიდან Bloomberg აქვეყნებს Bloomberg Billionaires Index-ს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პლანეტის 500 უმდიდრესი ადამიანის სიმდიდრის შესახებ. ინდექსის მიხედვით მასკის ქონება გასულ კვირას 35 მილიარდამდე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მისი მოკავშირე და „პირველი მეგობარი“ ილონ მასკი პოლიტიკური პროცესების ცენტრში აღმოჩნდა. 4 ნოემბრიდან, არჩევნების წინა დღეს, Tesla-ს აქციების ფასი 45%-ით გაიზარდა. ეს განპირობებულია ინვესტორების მოლოდინებით, რომ ტრამპის გუნდის გეგმები თვითმართვადი მანქანების განვითარებასა და ელექტრომობილების სუბსიდირებაზე Tesla-ს უპირატესობას მიანიჭებს კონკურენტებთან შედარებით. შედეგად კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 350 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. ასევე ცნობილია, რომ xAI-ის ღირებულება გაორმაგდა მისი ბოლო დაფინანსების რაუნდის შემდეგ. ტრამპი მასკთან ერთად SpaceX-ის რაკეტის გაშვებას დაესწრო - კომპანია ახლა განიხილავს აქციების კერძო გაყიდვას, რის შედეგად შესაძლოა მისი ღირებულება 250 მლრდ დოლარზე მეტად გაიზარდოს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ადრე ლიდერობდა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება 219 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული, ახლა იგი მეორე ადგილზეა. სამეულს ხურავს კორპორაცია Oracle-ის ხელმძღვანელი ლარი ელისონი, რომლის კაპიტალი 206 მლრდ აშშ დოლარია. https://tinyurl.com/2skyev75
  3. რობოტექნიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFR) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქარხნებში რობოტების გამოყენების მასშტაბი მთელ მსოფლიოში გაორმაგდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. სამხრეთ კორეა ლიდერობს იმ ქვეყნების სიაში, სადაც წარმოებაში რობოტების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, ხოლო ჩინეთმა ამ მაჩვენებლით გერმანიასა და იაპონიას გაუსწრო 2023 წელს. ფოტოს წყარო: Tesla ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეა ინდუსტრიული რობოტების ყველაზე დიდი მომხმარებელია (1012 რობოტი მოდის 10000 ადამიან თანამშრომელზე) და ეს მაჩვენებელი 2018 წლიდან ყოველწლიურად 5%-ით გაიზარდა. შემდეგი მოდის სინგაპური, სადაც 10000 თანამშრომელზე 770 რობოტია. პირველ სამეულს ჩინეთი ხურავს, 10 ათას თანამშრომელზე 470 რობოტით. IFR-ის ხელმძღვანელ Takayuki Ito-ს თქმით, რობოტების სიმჭიდროვე ასახავს ავტომატიზაციის მასშტაბებს გლობალურ წარმოებაში. ”ჩინეთის მასიურმა ინვესტიციებმა ავტომატიზაციის ტექნოლოგიაში მისცა მას რობოტების ასეთი მაღალი სიმჭიდროვის მიღწევის საშუალება, მიუხედავად უზარმაზარი საწარმოო მუშახელისა, რაც დაახლოებით 37 მილიონი ადამიანისგან შედგება”, - განაცხადა მან და ასევე დაამატა, რომ რობოტების სიხშირის ინდიკატორი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ წარმოების ავტომატიზაციის დონეები სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანიამ და იაპონიამ, სადაც 10000 თანამშრომელზე 439 და 419 რობოტი მოდის, შესაბამისად, IFR-ის რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილი დაიკავეს. აშშ-ში 10000 თანამშრომელზე 295 რობოტია და იგი IFR-ის სიაში მეათეა. მსოფლიოში რობოტების საშუალო სიმჭიდროვე 2023 წელს 162-მდე გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია შვიდი წლის წინანდელთან შედარებით, როდესაც 10000 თანამშრომელზე 74 რობოტი მოდიოდა. https://tinyurl.com/mrx3mbxu
  4. ფსონების პლატფორმა Kalshi-ის ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით 31 დეკემბერს BTC/USD-ის ღირებულება 100 ათასი აშშ დოლარი ან მეტი იქნება 85%-იანი ალბათობით. ასევე არსებობს 9%-იანი შანსი, რომ ფლაგმანურმა კრიპტოვალუტამ ახალ წლამდე 150 000 აშშ დოლარიან ნიშნულს გადააჭარბოს. Kalshi-ს მომხმარებელთა ძალიან მცირე ნაწილი მოელის, რომ Bitcoin-ის ღირებულება მიაღწევს 250 ათას აშშ დოლარს ან მეტს. როგორც ჩანს, პროგნოზების ბაზრები იწყებენ პოტენციური აღმასვლის ფასის 100 ათას აშშ დოლარზე მეტად გაზრდის გათვალისწინებას, ნათქვამია Kobeissi Letter-ში. The Kobeissi Letter-ის ანალიტიკოსებმა ამ ციფრებს „გიჟური“ უწოდეს და ივარაუდეს, რომ 2025 წლის 1 იანვრისთვის Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ შეიძლება 2.5 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბოს. Bitcoin-ის ფასი უკვე თითქმის 40%-ით გაიზარდა ნოემბერში და 55%-ით მეოთხე კვარტალში. CoinGlass პლატფორმის თანახმად 2024 წელი თითქმის ისეთივე მომგებიანი ხდება, როგორც 2023 წლის ბოლო კვარტალი. ამავდროულად, ფლაგმანური კრიპტოვალუტის ღირებულების სწრაფ აღმასვლას პრაქტიკულად არ ახლდა კონსოლიდაცია ან ხელახალი ტესტირება მას შემდეგ, რაც Bitcoin-მა 2024 წლის მარტში გადააჭარბა თავის წინა ყველა დროის მაქსიმუმს. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ Bitcoin-ს შეიძლება კორექცია ელოდეს, რომელიც გააძლიერებს აქტივის პოტენციურ ზრდას მომავალში, თუმცა ფლაგმანური მონეტა ჯერჯერობით არ აფიქსირებს შენელების ნიშნებს. https://tinyurl.com/2s3pvhzr
  5. TSMC-ის გეგმები მომდევნო ორი წლის განმავლობაში ძირითადად უცვლელი რჩება - 2025 წლის ბოლოსთვის კომპანია ემზადება ჩიპების მასობრივი წარმოების დასაწყებად 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით, ხოლო 2026 წლის ბოლოს მზად იქნება A16 ტექნოლოგია (1.6-ნმ კლასი) - განაცხადა მწარმოებელმა კონფერენცია Open Innovation Platform (OIP) 2024-ზე ამსტერდამში. ფოტოს წყარო: TSMC TSMC-მა ღონისძიებაზე წარადგინა სამოქმედო რუკა, რომელიც ნათლად აჩვენებს მის გეგმებს ახალი გადაწყვეტილებების დანერგვის შესახებ. N2 ტექნოლოგიის დანერგვა 2025 წლის ბოლოს იგეგმება - ის პირველი იქნება 2-ნანომეტრიანი ტექნოლოგიი კლასში; ერთი წლის შემდეგ მას მოჰყვება გაუმჯობესებული ვერსიები N2P და N2X, რის შემდეგაც გამოვა A16. ბოლო სამი ტექნოლოგიის გამოჩენა მოსალოდნელია 2026 წლის ბოლომდე, აკონკრეტებენ კომპანიაში. სხვა დეტალები არ არის მოწოდებული, რადგან საკონტრაქტო მწარმოებელს არ შეუძლია წინასწარ დააანონსოს თავისი უმსხვილესი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი პროდუქტები. ტექნიკურად, N2, N2P, N2X და A16 ტექნოლოგიებს ბევრი რამ აქვთ საერთო - ყველა მათგანი დაფუძნებულია gate-all-around (GAA) ტრანზისტორებზე. N2 სერია იყენებს სუპერ-მაღალი წარმადობის “ლითონი-იზოლატორი-ლითონი” კონდენსატორებს (Super-High-Performance Metal-Insulator-Metal, SHPMIM), ტრანზისტორის წინააღმდეგობის შესამცირებლად და ამით წარმადობის გასაზრდელად. ხოლო A16-ში ელექტროენერგიის მიწოდება ხდება უკანა მხრიდან (Backside Power Delivery Network, BSPDN), რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მაღალ წარმადობას. თუმცა ამ უკანასკნელ გამოსავალს ასევე აქვს ნაკლი - დამატებითი სითბოს გამომუშავება, რომელიც გასათვალისწინებელია. ამრიგად, A16 ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩიპები BSPDN-ით ყველაზე შესაფერისია ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლებისთვის, რომლებიც გამოყენებული იქნება მონაცემთა ცენტრებში. N2P უზრუნველყოფს წარმადობის გაუმჯობესებას N2-ის ბაზაზე დამატებითი სირთულის გარეშე - ტექნოლოგია, რომელიც საუკეთესოა მობილური პროცესორების და საბაზისო დონის კომპიუტერის ჩიპებისთვის. დაბოლოს, N2X ნიშნავს გაზრდილ წარმადობას და მაღალ ძაბვას - ეს გამოსავალი ოპტიმალურია მაღალი წარმადობის ცენტრალური პროცესორებისთვის. https://tinyurl.com/yyw47pzx
  6. ყოველწლიურ კონფერენცია Microsoft Ignite-ზე კომპანიამ გამოაქვეყნა თავისი ხედვა კომპიუტერის მუშაობის მომავლის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნურ ინტელექტ Copilot-თან. Microsoft აპირებს Copilot აქციოს არა მხოლოდ დამხმარე ფუნქციად, არამედ მომხმარებლის გამოცდილების ცენტრალურ ნაწილად, რომელიც გააერთიანებს რამდენიმე აგენტს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად. ფოტოს წყარო: Copilot Copilot გახდება ერთგვარი სუპერ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ ამოცანების უმეტესობის შესრულებას, განმარტავს PCMag. Copilot-ის გახსნისას მომხმარებელი დაინახავს ორ მთავარ რეჟიმს - Work-ს და Web-ს. Work Copilot რეჟიმში Copilot წვდომას იღებს Microsoft Graph-ის მონაცემებზე, მათ შორის ელფოსტაზე, Teams-ის ჩატებსა და SharePoint დოკუმენტებზე, რათა შეასრულოს ამოცანები კონტექსტზე დაყრდნობით. მაგალითად, ეს იქნება დავალებების სიის შექმნა ან თანამშრომლობის წინადადებების გენერირება ინსტრუმენტ Bizchat-ის საშუალებით. მომხმარებელს შეუძლია Copilot-ს დაავალოს მრავალი განსხვავებული დავალება, რომელთაც ხშირად ასრულებენ სპეციალური AI-აგენტები, რომლებიც ან Microsoft-ის სტანდარტული აგენტებია, ან კონკრეტული კომპანიების მიერ შექმნილი აგენტები. ეს არის არსებითად ის, რასაც Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა გულისხმობდა, როდესაც განაცხადა „Copilot არის მომხმარებლის ინტერფეისი ხელოვნური ინტელექტისთვის“. ამიტომ კონფერენციაზე არაერთხელ გაისმა ფრაზა: „ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს Copilot და ყველა ბიზნეს პროცესს უნდა ჰქონდეს თავისი AI აგენტი“. აღსანიშნავია, რომ Copilot დღეს უკვე აფიქსირებს შთამბეჭდავ შესაძლებლობებს. მაგალითად, მომხმარებელს შეიძლება სთხოვონ შეხვედრის დღის წესრიგის მომზადება მონაწილეებთან დაკავშირებული კორესპონდენციისა და დოკუმენტების განხილვით. შედეგად მიღებული დოკუმენტი შეიძლება რედაქტირდეს და გაეგზავნოს კოლეგებს Bizchat-ის საშუალებით. Microsoft-მა ასევე წარადგინა ვიწრო სპეციალობის მქონე აგენტები, როგორიცაა თარჯიმანი, HR აგენტი, ფასილიტატორი და პროექტის მენეჯერი. თარჯიმანი ასრულებს სინქრონულ თარგმანს ხმის ინტონაციისა და ტემბრის შენარჩუნებით. HR აგენტს შეუძლია უპასუხოს თანამშრომლების კითხვებს კორპორატიული პოლიტიკის შესახებ ან მიაწოდოს ინფორმაცია ხელფასებისა და შეღავათების შესახებ. პროექტის მენეჯერი დაეხმარება პროექტის გეგმის შედგენაში. და ბოლოს, ფასილიტატორი მიიღებს შენიშვნებს გუნდების შეხვედრების დროს და შექმნის ამოცანების სიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები ადრეული ტესტირების ეტაპზეა, ისინი უკვე იწვევენ ინტერესს მათი პოტენციალის გამო - შეამცირონ ხარჯები და გააუმჯობესონ ბიზნეს პროცესები. აღსანიშნავია, რომ Copilot-ის დანერგვა ერთდროულად დაკავშირებულია მთელ რიგ გამოწვევებთან. როგორც მონაცემთა უსაფრთხოების გენერალურმა მენეჯერმა Herain Oberoi-მ აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე გადასვლა გზას უხსნის ახალ დაუცველობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად Microsoft-ის შემოავაზებაა უსაფრთხოების ინსტრუმენტების განახლებული ნაკრები, მათ შორის Purview Data Loss Prevention, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს მონაცემების კლასიფიცირება და წვდომის კონტროლი, ასევე დაინერგოს მიკერძოებისგან დაცვის სისტემა AI მოდელებსა და აკრძალულ კონტენტში. ამავდროულად, ადმინისტრატორებს შეეძლებათ გააკონტროლონ თუ რომელი ხელოვნური ინტელექტის მოდელი უნდა იყოს გამოყენებული და რომელი არა პლატფორმა Azure-ზე ხელმისაწვდომი 1800-ზე მეტი ინსტრუმენტიდან. https://tinyurl.com/348k47yh
  7. iShares-მა განმარტა, რომ მიუხედავად არასტაბილურობისა, Bitcoin-ის გრძელვადიანი ფუნდამენტური მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება აქციებისა და სხვა სარისკო აქტივების მახასიათებლებისგან: „Bitcoin შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატიულ ფულად ინსტრუმენტად, რადგან ის რჩება დამოუკიდებელი კონკრეტული სახელმწიფოებისა და არსებული ეკონომიკური და მონეტარული სისტემებისგან“. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) საპროცენტო განაკვეთის თანდათანობითი შემცირების ფონზე ინვესტორები პირველ კრიპტოვალუტას სხვებთან შედარებით უფრო მიმზიდველ აქტივად თვლიან, ამბობენ iShares-ის ექსპერტები. აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ბაზარზე გაიზარდა ოპტიმიზმი, რომ შესაძლოა გაჩნდეს სიცხადე Bitcoin-ის და სხვა ციფრული აქტივების რეგულირებაში. iShares-ის ანალიტიკოსების აზრით მაკროეკონომიკურმა ვითარებამ ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოსთან ერთად, შესაძლოა ხელი შეუწყოს Bitcoin-ის მიღების დაჩქარებულ გაფართოებას. მანამდე ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკის, JPMorgan-ის სპეციალისტებმა დაასახელეს ცვლილებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აშშ-ის კრიპტო ბაზარზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. https://tinyurl.com/3ey4c68h
  8. აშშ-ის კონგრესის კომისიამ წამოაყენა მანჰეტენის პროექტის მასშტაბის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. "ძლიერი ხელოვნური ინტელექტის" (AGI) სისტემების განვითარებას, რომლებიც იქნება ადამიანის დონის ან მასზე აღმატებული. აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების ზედამხედველობის კომისიამ (USCC) აშშ-ის კონგრესში აღნიშნა, რომ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა არის წარმატების გასაღები ძლიერი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, მაგრამ ჯერ არ წარმოუდგენია კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგია. ანალოგიურად, მეორე მსოფლიო ომის დროს მანჰეტენის პროექტი შეიქმნა აშშ-ის ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის შედეგად - პროექტზე მუშაობის შედეგად შეიქმნა ატომური იარაღი. „ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც პირველებმა გამოიყენეს სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების პერიოდები, ხშირად შეძლეს ცვლილებების გამოწვევა ძალთა გლობალურ ბალანსში. <..> ჩინეთი ჩქარობს AGI-სკენ <..> მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ უკიდურესად სერიოზულად მივუდგეთ“, - განუცხადა Reuters-ს USCC-ის წევრმა Jacob Helberg-მა. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აფერხებს დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებას, არის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ჰელბერგის თქმით, განვითარება შეიძლება დაჩქარდეს მონაცემთა ცენტრებისთვის ნებართვების გაცემის პროცესის ოპტიმიზაციის გზით - ეს იქნება ასეთი საჯარო და კერძო პარტნიორობის მაგალითი. USCC შეიქმნა კონგრესის მიერ 2000 წელს - კომისია ყოველწლიურად წარადგენს რეკომენდაციებს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით; მისი ამოცანაა მიაწოდოს კანონმდებლებს დროული მიმართულება ჩინეთთან ეკონომიკური და სტრატეგიული კონკურენციის საკითხებზე. https://tinyurl.com/mrrrprtj
  9. უახლესი Snapdragon 8 Elite ჩიპის მაღალი წარმადობა მოსალოდნელი იყო, რაც პირველივე ტესტებით დადასტურდა. მაგრამ, როგორც ჩანს, Qualcomm-ის ახალ ჩიპზე აგებული მომავალი Android-ფლაგმანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა. პირველადმა ტესტებმა აჩვენა, რომ ბატარეის ხანგრძლივობის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მოსალოდნელს. ფოტოს წყარო: Qualcomm ბატარეის ტესტირება ჩატარდა Asus ROG Phone 9 Pro და OnePlus 13 სმარტფონების გამოყენებით, ორივე მოწყობილობას აქვს უფრო დიდი ბატარეები წინამორბედებთან შედარებით - 5800 მა/სთ და 6000 მა/სთ, შესაბამისად. თუმცა, სმარტფონების ავტონომიური მუშაობის დრო გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო ბატარეის მოცულობის გაზრდის საფუძველზე. Asus ROG Phone 9 Pro-ის ბატარეის მოცულობა 5.4%-ით გაიზარდა წინამორბედთან შედარებით, რომელსაც ჰქონდა 5500 მა/სთ ბატარეა. თუმცა, PCMark ტესტში ბატარეის მუშაობის შედარებისას მუშაობის ხანგრძლივობა ერთი დამუხტვაზე გაიზარდა 11 საათიდან თითქმის 14.5 საათამდე, თითქმის 30%-ით. OnePlus 13-ის ბატარეას აქვს 11%-ით მეტი მოცულობა OnePlus 12-თან შედარებით, ხოლო ახალი Snapdragon 8 Elite ტესტირებისას სმარტფონმა თითქმის 17.5 საათი გაძლო: წინამორბედზე 42%-ით მეტი - OnePlus 12-ის მაჩვენებელია 12.2 საათი. უნდა აღინიშნოს, რომ ტესტში გამოყენებულია OnePlus 13-ის ჩინური ვერსია და OnePlus 12-ის სამიზნე რეგიონი არ იყო მოხსენებული. Qualcomm-მა დააანონსა Snapdragon 8 Elite-ის ენერგიის დაახლოებით 27%-ით დაზოგვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერაციული მუშაობის დროის მნიშვნელოვანი ზრდა სახეზეა და აშკარაა, რომ Snapdragon 8 Elite ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ჩიპსეტზე დაფუძნებული სხვა მოწყობილობებიც ავტონომიურობის მსგავს ზრდას უზრუნველყოფენ. https://tinyurl.com/3745jynk
  10. ხელოვნურ ინტელექტსა და დიდ მონაცემებთან დაკავშირებული ტოკენების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 131.4%-ით გაიზარდა 2021 წლის ივნისში დაფიქსირებულ მინიმუმთან შედარებით. ამჟამად ხელოვნური ინტელექტის ტოკენების საბაზრო კაპიტალიზაცია 42.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ამ კატეგორიის აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 45 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია 2024 წლის 15 მარტს, მაგრამ 8 ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 18.2 მლრდ აშშ დოლარამდე დაეცა. თუ ზრდა გაგრძელდება, AI ტოკენების საბაზრო კაპიტალიზაციამ შეიძლება მიაღწიოს 44.99 მლრდ აშშ აშშ დოლარს ნოემბრის ბოლოსთვის და შემდეგ დაამყაროს ახალი, ყველა დროის მაღალი მაჩვენებელი. AI კრიპტოვალუტებს შორის ლიდერები არიან Near Protocol (NEAR), Internet Computer (ICP) და Render (RENDER). Bittensor ტოკენები (TAO0, Artificial Superintelligence Alliance (FET), Injective (INJ), The Graph (GRT), Theta Network (THETA) და Akash Network (AKT) ასევე აფიქსირებენ მნიშვნელოვან ზრდას ბოლო დღეებში. ექსპერტები AI ტოკენების ღირებულების ზრდას ინვესტორების პოზიტიური განწყობით ხსნიან Bitcoin-ისა და წამყვანი Altcoin-ების ზრდის ფონზე. CoinMarketCap-ის თანახმად ამჟამად მთელი კრიპტო ბაზრის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 3.09 ტრლნ დოლარად არის შეფასებული. AI ტოკენები ამ მაჩვენებლის მხოლოდ 1.36%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს ამ ჯგუფის აქტივების ზრდის დიდ შესაძლებლობებზე. https://tinyurl.com/3nd8up99
  11. ღონისძიება Ignite 2024-ზე Microsoft-მა წარმოადგინა სპეციალიზებული ჩიპები, რომლებიც შექმნილია სამუშაო დატვირთვისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად Azure-ში. Azure Boost DPU ამაჩქარებელი შექმნილია მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის ამოცანების სამართავად. Azure Integrated Hardware Security Module უსაფრთხოების ჩიპი უზრუნველყოფს ციფრული ხელმოწერების და კრიპტოგრაფიული გასაღებების შენახვას დაცულ მოდულში. ფოტოს წყარო: Microsoft DPU - მონაცემთა დამუშავების განყოფილება (Data Processing Unit) არის სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელიც შექმნილია მონაცემთა დამუშავების სპეციფიკური ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემთა ტრაფიკის უსაფრთხოებასა და ქსელის მარშრუტიზაციასთან. ისინი შექმნილია CPU-ებსა და სხვა ჩიპებზე დატვირთვის შესამცირებლად მოცემულ დატვირთვასთან დაკავშირებული ძირითადი გამოთვლითი ამოცანებისთვის, მათ შორის AI სამუშაო დატვირთვისთვის. ეფექტურობის მიღწევები, რომლებსაც შეუძლიათ DPU-ები უზრუნველყონ, მიმზიდველია ჰიპერსკეილერებისთვის, რომლებიც აშენებენ სულ უფრო დიდ და მაღალი ენერგომოხმარების მქონე მონაცემთა ცენტრებს. Azure Boost DPU შექმნილია „მონაცემებზე ორიენტირებული სამუშაო დატვირთვისთვის მაღალი ეფექტურობით და დაბალი ენერგომოხმარებით“. მწარმოებლის თქმით ახალი ჩიპი უზრუნველყოფს წარმადობის ოთხჯერ გაზრდას მონაცემთა შენახვასთან დაკავშირებულ დატვირთვაში, ამასთან სამჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. "Azure Boost DPU შექმნილია მასშტაბირებადი დატვირთვისთვის ქლაუდ Azure-ში, უზრუნველყოფს შენახვის ეფექტურობას, ქსელში მუშაობას, აჩქარებას და ბევრ სხვას ქლაუდ ინფრასტრუქტურისთვის", - ნათქვამია Microsoft-ის ბლოგში. Azure Boost DPU, სავარაუდოდ, სათავეს იღებს Fungible-დან, რომელიც Microsoft-მა შეიძინა გასულ დეკემბერში დაახლოებით 190 მლნ აშშ დოლარად. Fungible დააარსეს Apple-ის და Juniper Networks-ის ყოფილმა ინჟინრებმა DPU ჩიპების შესაქმნელად. DPU-ების ბაზარი სწრაფად გაიზარდა ბოლო წლებში. Nvidia გვთავაზობს BlueField DPU ხაზს 2019 წლიდან, AMD ყიდის Pensando DPU-ებს 2022 წლიდან. Amazon Web Services-ის Nitro ბარათები (AWS) უზრუნველყოფს DPU-ის მსგავს ფუნქციონირებას და Google ავითარებს მსგავს ჩიპებს Intel-თან თანამშრომლობის ფარგლებში. Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ამბობს, რომ CPU, GPU და DPU იქნება მომავალი მონაცემთა ცენტრების ხერხემალი. მისი ხედვის თანახმად, CPU-ები გაუმკლავდება ზოგად დამუშავებას, GPU-ები უზრუნველყოფენ დაჩქარებულ გამოთვლებს, ხოლო DPU-ები გაუმკლავდებიან მონაცემთა ნაკადს. Allied Analytics-ის თანახმად, თუ DPU-ების მიმართ ინტერესის ზრდა გაგრძელდება, ასეთი ჩიპების საბაზრო კაპიტალიზაცია 2031 წლისთვის 5.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. გახმაურებული ჰაკერული თავდასხმებისა და სამთავრობო ანგარიშების შემდეგ Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ უსაფრთხოება კომპანიის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის მიზეზი, რის გამოც დღეს Microsoft-მა წარადგინა უსაფრთხოების ჩიპი Azure-ისთვის - Integrated Hardware Security Module (HSM). Azure Integrated HSM - ეს არის Microsoft-ის მეორე თაობის უსაფრთხოების პროცესორი Pluton-ის შემდეგ, რომელიც ინტეგრირებულია Intel-ის, AMD-ისა და Qualcomm-ის ჩიპებში. ეს გახლავთ ქლაუდ ტექნოლოგიებში კომპანიის პასუხი მსგავს გადაწყვეტილებებზე მისი კონკურენტების - Nitro AWS-ის ან Google Titan-ის მიმართ. ჩიპი უზრუნველყოფს, რომ ციფრული კრიპტოგრაფიული ხელმოწერები და დაშიფვრის გასაღებები ინახებოდეს სპეციალიზებულ უსაფრთხო მოდულში და იგი გამოიყენება „წარმადობის გაწირვის ან შეყოვნების გაზრდის გარეშე“. „Azure Integrated HSM დაინსტალირებული იქნება ყოველ ახალ სერვერზე Microsoft-ის მონაცემთა ცენტრებში მომავალი წლიდან, რათა გაზარდოს Azure-ის ყველა აპარატურის უსაფრთხოება როგორც კონფიდენციალური, ასევე ზოგადი დატვირთვისთვის“, - განაცხადა Microsoft-მა. „დღევანდელი საფრთხეების სწრაფად განვითარებად ლანდშაფტში, გლობალური მოვლენებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების გავლენის პირობებში უსაფრთხოება პირველ ადგილზე უნდა იყოს“, - განაცხადა Microsoft-ის კორპორატიული უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტმა Vasu Jakkal-მა. „თავდასხმის ახალი მეთოდები გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს პოზიციას უსაფრთხოების მხრივ და გვაიძულებს გადავხედოთ, როგორ იცავს გლობალური უსაფრთხოების საზოგადოება ორგანიზაციებს“. რა თქმა უნდა, სპეციალიზებული ჩიპი აუმჯობესებს უსაფრთხოებას, მაგრამ ეს არ არის პანაცეა. 2020 წელს მკვლევარებმა Apple-ის T2 უსაფრთხოების ჩიპში აღმოაჩინეს მოუგვარებელი ხარვეზი, რამაც Mac-ები დაუცველი გახადა იმ საფრთხეების მიმართ, რომლის თავიდან აცილებისთვისაც იყო ჩიპები შექმნილი. https://tinyurl.com/3w2mte7j
  12. ახალი მობილური ოპერაციული სისტემა Android 16-ის ადრეული გადახედვის ვერსია, Android 16 Developer Preview 1, ხელმისაწვდომი გახდა ტესტერებისა და დეველოპერებისთვის. იგი აფართოებს ფოტო გალერეის შესაძლებლობებს, ასევე აპლიკაციებში სამედიცინო მონაცემების გაზიარების ფუნქციონალს. გასულ თვეში Google-მა განაცხადა, რომ წინ უსწრებს ოპერაციული სისტემა Android-ის ახალი ვერსიების ძირითადი გამოშვებების განრიგს, რათა მოწყობილობების და აპლიკაციების შემქმნელებმა უფრო სწრაფად შეძლონ ოპერაციული სისტემის ახალი ფუნქციების ადაპტაცია თავიანთ გადაწყვეტილებებთან. ამიტომ, Android 16-ის სრულმასშტაბიანი გამოშვება მოხდება მაისში და არა შემოდგომაზე, როგორც ეს მოხდა Android-ის ყველა უახლესი განახლების შემთხვევაში. „ეს არის ახალი Android API-ების უფრო ხშირი გამოშვების დასაწყისი, როგორც ჩვენი ძალისხმევის ნაწილი აპლიკაციებსა და მოწყობილობებში ინოვაციების დასაჩქარებლად“, - განაცხადა Android-ის განვითარების ხელმძღვანელმა Matthew McCullough-მ Android 16-ის ადრეული გადახედვის ამჟამინდელ გამოშვებასთან დაკავშირებით, წერს The Verge. ახალი ოპერაციული სისტემის ადრეული გადახედვა საშუალებას აძლევს დეველოპერებს დანერგონ Android-ის ფოტოს ამომრჩევი ფუნქცია - მენიუ, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უშუალოდ თავიანთ აპლიკაციებში აირჩიონ სურათები და ვიდეო, რომელთა გაზიარებაც სურთ. ფუნქცია მიზნად ისახავს ფაილის გაზიარების გამარტივებას მთელ მოწყობილობაზე ან ქლაუდ საცავის ბიბლიოთეკაზე წვდომის უზრუნველყოფის გზით. ის ასევე შეიცავს Privacy Sandbox-ის უახლეს ვერსიას ქსელში მომხმარებლის კონფიდენციალურობის დასაცავად. პროგრამული უზრუნველყოფა ასევე შეიცავს Health Connect აპლიკაციის გადახედვის ვერსიას, კონკრეტულად კი "API-ის ადრეულ ვერსიას", რომელიც გარე მხარის აპლიკაციებს საშუალებას აძლევს "წაიკითხონ და შეინახონ ჯანმრთელობის ჩანაწერების მონაცემები FHIR ფორმატში", ამბობს Google. პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას მისცემს ჯანმრთელობის მონიტორინგის აპლიკაციებსა და მოწყობილობებს გაცვალონ ინფორმაცია და სამედიცინო მონაცემები (მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით) ისევე, როგორც ამას უკვე აკეთებს სხვადასხვა თან სატარებელი მოწყობილობა, მაგალითად ფიტნეს ტრეკერები. რეალურად, ჩვენ ვსაუბრობთ Apple Health ფუნქციის ანალოგზე. ახალი ოპერაციული სისტემების განვითარების სავარაუდო გრაფიკი. ფოტოს წყარო: Google Google-ის ადრინდელი განცხადებების თანახმად Android 16-ის პირველი საჯარო ბეტა-ვერსია ხელმისაწვდომი გახდება მომავალი წლის იანვარში. ბოლომდე დასრულებული ახალი ოპერაციული სისტემის გამოშვება მოსალოდნელია აპრილის შემდეგ, შესაძლოა მაისში, თუ ეს მოვლენა დაემთხვევა ყოველწლიურ Google I/O ღონისძიებას. წელს ის 14 მაისს გაიმართა. სწორედ ამ ღონისძიების დროს კომპანია, როგორც წესი, საუბრობს Android-ან დაკავშირებულ უახლეს განახლებებზე, ასევე სხვა ახალ პროდუქტებზე. https://tinyurl.com/yfakjayr
  13. ზრდას ხელი შეუწყო ორმა ძირითადმა ფაქტორმა: Bitcoin-ის ღირებულების სტაბილურმა ზრდამ, რომელმაც გადააჭარბა ჰეშრეითის ზრდას და ტრანზაქციის საკომისიოს წილის ზრდამ მონეტის მოპოვებული ბლოკისთვის ჯილდოს პროცენტულად. ქსელის ჯამური გამოთვლითი სიმძლავრე ამ პერიოდში გაიზარდა 2%-ით, საშუალოდ 718 EH/s-მდე, იტყობინება JPMorgan. კრიპტოვალუტის მაინინგის 14 კომპანია აშშ-ში, რომელსაც ბანკი აკვირდება, კვლავ ქსელის მთლიანი სიმძლავრის მინიმუმ 28%-ს უზრუნველყოფს. ამ კომპანიების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 31 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გაიზარდა 33%-ით, 8 მლრდ აშშ დოლარამდე. საბანკო ექსპერტების აზრით წლის ბოლომდე შენარჩუნდება მაინერების აქციების ფასების ზრდის პოტენციალი გაზრდილი ინვესტიციებისა და კრიპტოვალუტის მიმართ ინვესტორების მაღალი ინტერესის გამო. მანამდე, JPMorgan-მა მიუთითა ექვს ძირითად ცვლილებაზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს აშშ-ის კრიპტო ბაზარზე დონალდ ტრამპის და რესპუბლიკური უმრავლესობის კონგრესში. https://tinyurl.com/bmtp3vy2
  14. OpenAI-მ გამოუშვა ხმოვანი ინტერფეისი Advanced Voice Mode ChatGPT-ის სერვისის ვებ-ვერსიაში. ამის შესახებ კომპანიის პროდუქტების დირექტორმა, კევინ ვეილმა სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით განაცხადა. გაფართოებული ხმოვანი ინტერფეისი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია მხოლოდ ChatGPT-ის ფასიანი მომხმარებლებისთვის. ხმოვანი ინტერფეისი Advanced Voice Mode ხელმისაწვდომი გახდა Plus, Enterprise, Teams ან Edu გამოწერების მფლობელებისთვის ChatGPT-ის ვებ-ვერსიაში. სექტემბერში მისი დებიუტის შემდეგ გაფართოებული ინტერფეისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ChatGPT-ის მობილურ ვერსიაზე iOS და Android-ისთვის. გაფართოებული ხმის რეჟიმის ინტერფეისი იყენებს GPT-4o AI მოდელის აუდიო შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოს ბუნებრივი, რეალურ დროში კომუნიკაცია მომხმარებელსა და ChatGPT-ს შორის. ჩატ-ბოტს შეუძლია გაიგოს და უპასუხოს მომხმარებლის არავერბალურ მინიშნებებს, მათ შორისაა მეტყველების სიჩქარე. გარდა ამისა, შეუძლია „ემოციებთან“ რეაგირება. ჩატ-ბოტის ვებ ვერსიაში საუბრის დასაწყებად უნდა აირჩიოთ „ხმის“ ნიშნული ChatGPT-ის მოთხოვნების ველის ქვედა მარჯვენა კუთხეში. შემდეგი უნდა მისცეთ ბრაუზერს თქვენი კომპიუტერის მიკროფონზე წვდომის ნებართვა. ხმოვანი ჩატის დაწყების შემდეგ მომხმარებელი გადავა ეკრანზე, რომელსაც ცენტრში ლურჯი ბურთი აქვს. ფუნქცია გთავაზობთ ChatGPT-ის ცხრა ხმის არჩევანს, თითოეულს აქვს საკუთარი ტონი და ხასიათი. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ "მსუბუქი და მრავალმხრივი სტილი Arbor " ან "თავდაჯერებული და ოპტიმისტური Ember ". ვეილის თქმით, OpenAI გეგმავს ხმოვანი კომუნიკაციის დანერგვას ChatGPT-ის უფასო მომხმარებლებისთვის „მომავალ კვირებში“. Plus და Team გამოწერების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ Advanced Voice Mode ხმის ფორმატი დღეში მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. სისტემა მომხმარებლებს შეატყობინებს, როდესაც მას დარჩება AI ბოტთან ხმოვანი კომუნიკაციის ყოველდღიური წვდომის ბოლო 15 წუთი. უფასო მომხმარებლებს შესთავაზებენ მოკლევადიან წვდომას ფუნქციის საცდელად. https://tinyurl.com/zana47h8
  15. Google-ის ჩატ-ბოტ Gemini-მ ისწავლა ინფორმაციის დამახსოვრება მომხმარებლის ცხოვრების, სამსახურისა და პირადი უპირატესობების შესახებ. Gemini-ს „მეხსიერების“ ფუნქცია ამ დროისთვის მხოლოდ შერჩეული მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ფოტოს წყარო: blog.google ChatGPT-ის მსგავსი ფუნქციის მსგავსად „მეხსიერება“ Gemini-ს საშუალებას აძლევს გააფართოვოს მიმდინარე საუბრის კონტექსტი. მაგალითად, ჩატბ-ოტს შეიძლება დაევალოს დაიმახსოვროს თქვენი საყვარელი საკვები და შემდეგ ჯერზე, როცა მოითხოვთ ახლომდებარე რესტორნების მოძიებას, ჩატ-ბოტი შეარჩევს ვარიანტებს თქვენი გასტრონომიული უპირატესობების შესაბამისად. „მეხსიერების“ ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Google One AI Premium-ის ფასიანი აბონენტებისთვის, რომლის საფასური ყოველთვიური 20 აშშ დოლარია. პორტალ 9to5Google-ის მიხედვით ფუნქცია მხოლოდ Gemini-ის ვებ-ვერსიაში გამოჩნდა და ჯერ არ არის ხელმისაწვდომი iOS-ისა და Android-ის მობილურ აპლიკაციებში. ფოტოს წყარო: Google Google გთავაზობთ ამ ფუნქციის მოთხოვნების მაგალითებს: „გამოიყენე მარტივი ენა და მოერიდე ჟარგონებს“, „მე შემიძლია მხოლოდ JavaScript-ში კოდირება“, „მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინე ყოველდღიური ხარჯების ღირებულება“. კომპანია აღნიშნავს, რომ ფუნქცია ამჟამად მხარს უჭერს მხოლოდ ინგლისურენოვან შეკითხვებს და შეიძლება მისი გამორთვა ნებისმიერ დროს, მაგრამ "მეხსიერებები" ინახება მანამ, სანამ ისინი ხელით არ წაიშლება. კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ ის არ იყენებს "მოგონებებს" მოდელის მოსამზადებლად. „თქვენი შენახული ინფორმაცია არ არის გადაცემული არსად და არ გამოიყენება მოდელის მოსამზადებლად“, განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა TechCrunch-თან. კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ჩატ-ბოტების მეხსიერების ფუნქციები შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა, თუ მათი დაცვა სუსტია. მაგალითად, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერმა ჩანერგა ცრუ მოგონებები ChatGPT-ში მომხმარებლის მონაცემების მოსაპარად. https://tinyurl.com/bdv6xhzr
  16. კრიპტო ბირჟებზე Bitcoin-ების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და 2018 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. ეს ტენდენცია მოწმობს იმას, რომ ინვესტორებს ურჩევნიათ პირველი კრიპტოვალუტის გრძელვადიანი შენახვა, ვიდრე მისი გამოყენებით აქტიური ვაჭრობა. Cryptoquant-ის მიხედვით კრიპტო ბირჟებზე Bitcoin-ების რაოდენობა დაახლოებით 2.58 მილიონ მონეტამდე შემცირდა. ეს არის მნიშვნელოვანი კლება 2021 წლის მაქსიმალურ დონესთან შედარებით წინა აღმასვლის დროს. Bitcoin-ის დეფიციტი პოტენციურად ამცირებს გაყიდვების ზეწოლას და თუ მოთხოვნა იგივე დარჩება ან გაიზრდება, პირველი კრიპტოვალუტის აღმავალი მოძრაობა გაგრძელდება. ეს სიტუაცია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორებს სჯერათ Bitcoin-ის, როგორც ღირებულების დაგროვების საშუალებისა არაპროგნოზირებადი გლობალური ეკონომიკური გარემოს და მზარდი ინფლაციის გამო. ბირჟებზე Bitcoin-ების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ინსტიტუციური მიღებაა. ორგანიზაციები, როგორიცაა Microstrategy, Semler Scientific და Metaplanet აგრძელებენ თავიანთი პორტფოლიოს Bitcoin-ით შევსებას. ეს მსხვილი ინვესტორები ტენდენციურად ინახავენ BTC-ს ცივ საცავებში, რაც კიდევ უფრო ამცირებს მიწოდებას ბირჟებზე. https://tinyurl.com/577de8f3
  17. NVIDIA-მ დააანონსა ამაჩქარებელი H200 NVL, რომელიც შექმნილია როგორც ორსლოტიანი PCIe გაფართოების ბარათი. ნათქვამია, რომ პროდუქტი განკუთვნილია მოქნილად კონფიგურირებადი ჰაერით გაგრილებული კორპორატიული სისტემების AI და HPC აპლიკაციებისთვის. NVIDIA H200-ის SXM ვერსიის მსგავსად წარმოდგენილ ამაჩქარებელს აქვს 141 გბ HBM3e მეხსიერება 4.8 ტბ/წმ სიჩქარით. ამავდროულად, მაქსიმალური TDP შემცირდა 700-დან 600 ვატამდე. ოთხი ბარათის დაკავშირება შესაძლებელია NVIDIA NVLink-ის საშუალებით, 900 გბ/წმ-მდე სიჩქარით თითო GPU-ზე. ამ შემთხვევაში, ამაჩქარებლები დაკავშირებულია ჰოსტ-სისტემასთან PCIe 5.0 x16-ის საშუალებით. შესაძლებელია დაყენდეს ორი ასეთი პაკეტი ერთ სერვერზე, რაც ჯამში იძლევა სულ რვა H200 NVL ამაჩქარებელს და 1126 გბ HBM3e მეხსიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფერენს-დატვირთვებისთვის. H200 NVL ბარათის FP8 წარმადობა აღწევს 3.34 Pflops-ს SXM ვერსიის დაახლოებით 4 Pflops-ის წინააღმდეგ. FP32 და FP64 სიჩქარეა 60 და 30 Tflops, შესაბამისად, INT8 წარმადობა - 3.34 Pflops-მდე. ბარათებს მოყვება NVIDIA AI Enterprise პროგრამული პლატფორმის ლიცენზია. ფოტოს წყარო: NVIDIA გარდა ამისა, NVIDIA-მ დააანონსა GB200 NVL4 ამაჩქარებლები თხევადი გაგრილებით. მათ შორისაა ორი სუპერჩიპი Grace-Backwell, რომლებიც მოიცავს ორ 72-ბირთვიან Grace პროცესორს და ოთხ B100 ამაჩქარებელს. LPDDR5X ECC მეხსიერების მოცულობაა 960 გბ, HBM3e მეხსიერება -768 გბ. გამოიყენება NVlink-C2C ურთიერთკავშირი 900 გბ/წმ სიჩქარით, ამასთან ექვსივე CPU-GPU ჩიპი განტავსებულია ერთ დომენში. ფოტოს წყარო: NVIDIA GB200 NVL4 სისტემა წარმოდგენილია ორი M.2 22110/2280 კონექტორით SSD-სთვის PCIe 5.0 ინტერფეისით, რვა სლოტით NVMe E1.S დისკებისთვის (PCIe 5.0), ექვსი ინტერფეისით FHFL PCIe 5.0 x16 ბარათებისთვის. ხელმისაწვდომია USB პორტი, RJ45 ქსელის კონექტორი (IPMI) და Mini-DisplayPort ინტერფეისი. მოწყობილობა დამზადებულია 2U ფორმატში, ზომები შეადგენს 440x88x900 მმ-ს, წონა - 45 კგ-ს. TDP რეგულირებადია - 2.75 კვტ-დან 5.5 კვტ-მდე. https://tinyurl.com/d35yxbyc
  18. Nvidia დაეხმარება Alphabet-ს, Google-ის მშობელ კომპანიას, განავითაროს კვანტური პროცესორები. Google-ის განყოფილება Quantum AI გამოიყენებს Nvidia-ს Eos სუპერკომპიუტერს კვანტური კომპონენტების დაპროექტების დასაჩქარებლად, ნათქვამია კომპანიების განცხადებაში. ფოტოს წყარო: Nvidia იდეურად დაგეგმულია Nvidia-ს Eos სუპერკომპიუტერის გამოყენება კვანტური პროცესორების გასაშვებად საჭირო ფიზიკური პროცესორების მოდელირებისთვის, რაც ხელს შეუწყობს არსებული შეზღუდვების დაძლევას მართლაც ეფექტური კვანტური სისტემების შემუშავების პროცესში. კვანტური გამოთვლა ეფუძნება კვანტური მექანიკის გამოყენების პრინციპებს, რათა შეიქმნას მანქანები, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ნახევარგამტარებზე დამყარებული თანამედროვე ტექნოლოგიები. თუმცა ასეთი ტექნოლოგიების ფართო გამოყენების დრო ჯერ არ დამდგარა. როგორც Bloomberg იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიამ გამოაცხადა გარღვევა კვანტურ გამოთვლებში, შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს რეალურად ფართომასშტაბიანი კომერციული კვანტური გამოთვლითი პროექტების ბაზარზე გამოსვლას. Nvidia, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, თვლის, რომ მისი აპარატული ტექნოლოგია Google-ს დაეხმარება გადაჭრას ერთი რთული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია კვანტურ გამოთვლებთან. რაც უფრო რთული და ძლიერი ხდება კვანტური პროცესორები, კვანტურ გამოთვლებში სულ უფრო მეტად რთულდება რეალური ინფორმაციისა და ე.წ. „ხმაურის“გარჩევა. ”კომერციულად სასარგებლო კვანტური კომპიუტერების შემუშავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ კვანტური აპარატურის მასშტაბირებას ხმაურის კონტროლის პირობებში. Nvidia-ს დაჩქარებული გამოთვლების გამოყენებით ჩვენ ვსწავლობთ ხმაურის გავლენას კვანტური ჩიპების მიკროსქემის მზარდ სირთულეზე“, - განაცხადა Google Quantum AI-ის მკვლევარმა Guifre Vidal-მა. გადაწყვეტილებების მოსაძებნად Nvidia-ს შემოთავაზებაა გიგანტური სუპერკომპიუტერის გამოყენება, რომელშიც მისი AI ამაჩქარებლებია წარმოდგენილი. სუპერკომპიუტერის დახმარებით მოხდება კვანტური სისტემების გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესების სიმულაცია. მაგალითად, ბევრი კვანტური ჩიპისთვის საჭიროა გაცივდეს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, რათა შესაძლებელი გახდეს მათი მუშაობა. ადრე ასეთი გამოთვლები იყო ძალიან ძვირი და შრომატევადი. Nvidia აცხადებს, რომ მისი სისტემა წუთებში გამოიმუშავებს შედეგებს გამოთვლებიდან, რომლებსაც ადრე ერთი კვირა დასჭირდებოდა და თანაც მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასად. https://tinyurl.com/a5h2f7uc
  19. ბანკის ანალიტიკოსებმა მმართველ დირექტორ Nikolaos Panigirtzoglou-ს ხელმძღვანელობით პირველ მოსალოდნელ ცვლილებად დაასახელეს საკანონმდებლო ბაზის განახლება სამი კანონპროექტით: Financial Innovation and Technology for the 21st Century Act - განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) როლებს. Clarity for Payment Stablecoins Act 2023 - ჩამოაყალიბებს საკანონმდებლო ბაზას Stablecoin-ებისთვის. Central Bank Digital Currency Anti-Surveillance State Act - შეიძლება შეაჩეროს სახელმწიფო ციფრული ვალუტების განვითარება. როგორც მეორე ცვლილება - ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს რეგულირების შემსუბუქებას: SEC-ის ამჟამინდელი მიდგომა შეიძლება შეიცვალოს ბაზართან უფრო კონსტრუქციული დიალოგით. სარჩელი ისეთი კომპანიების წინააღმდეგ, როგორიცაა Coinbase (NASDAQ:COIN) შეიძლება მოგვარდეს ან გაუქმდეს, ისევე როგორც პრეტენზიები ისეთი პლატფორმების მიმართ, როგორებიცაა Robinhood (NASDAQ: HOOD) და Uniswap. მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილება ბაზრისთვის, რომელიც მოსალოდნელია, იქნება SAB 121-ის გაუქმება, რომელიც ბანკებს ზღუდავს ციფრული აქტივების შენახვაში. თუ ის აღმოიფხვრება, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ უფრო აქტიურად იმოქმედონ კრიპტო ბაზარზე, რაც გაზრდის მის სტაბილურობას - დარწმუნებულები არიან ექსპერტები. მეოთხე ცვლილება იქნება ახალი სპოტ საბირჟო ვაჭრობის ფონდების გაჩენა XRP-ის, Solana-ს და სხვა კრიპტოვალუტების მხრიდან. მეხუთე - ვენჩურული დაფინანსების გააქტიურება. ბოლო, მეექვსე ცვლილებად JP Morgan-ის ანალიტიკოსები განიხილავენ უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას მარეგულირებლებთან ტოკენებისა და დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) გაცემის საკითხებზე. ამავდროულად, JP Morgan ვარაუდობს, რომ Bitcoin ნაკლებად სავარაუდოა შევიდეს აშშ-ის სტრატეგიულ ფინანსურ რეზერვში, რადგან ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და სოციალური ხარჯების დაფინანსებაზე. ადრე JPMorgan-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ღირებულების ზრდას უზრუნველყოფს პირველი კრიპტოვალუტის უმსხვილესი საჯარო მფლობელის, MicroStrategy-ის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „გეგმა 21/21“. https://tinyurl.com/eejfjsk3
  20. ილონ მასკმა განავრცო სარჩელი OpenAI-ის წინააღმდეგ და დაადანაშაულა კომპანია Microsoft-თან შეთანხმებაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზრის მონოპოლიზების მიზნით, ასევე დასდო ბრალი, რომ იგი აქტიურად ცდილობს კონკურენტების, მათ შორის მის კომპანია xAI-ს, ჩამოშორებას. ფოტოს წყარო: AJEL/Pixabay მასკმა განაახლა სარჩელი OpenAI-ის წინააღმდეგ და მასში Microsoft-ის წინააღმდეგ ბრალდებები დაამატა. The Verge-ის თანახმად, საჩივარში ნათქვამია, რომ OpenAI და Microsoft ცდილობენ „გენერაციული AI ბაზრის მონოპოლიზებას“ და ატარებენ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კონკურენტების გზიდან ჩამოშორებაზე. განახლებული დოკუმენტი ასახელებს Microsoft-ს ახალ ბრალდებულად LinkedIn-ის თანადამფუძნებელ რეიდ ჰოფმანსა და Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ დი ტემპლტონთან ერთად, რომელიც ადრე OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ორივე კომპანია, OpenAI და xAI, ერთმანეთს კონკურენციას უწევენ დაფინანსებაში ხელოვნური ინტელექტის მზარდ ბაზარზე. OpenAI-მ ოქტომბერში 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეაგროვა უფრო ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად, ხოლო xAI-მ 6 მლრდ აშშ დოლარი მოიზიდა საკუთარი დაფინანსების რაუნდში მარტში. ამავდროულად, Microsoft-მა 2019 წლიდან 14 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო OpenAI-ში და მიიღო ექსკლუზიური უფლებები სტარტაპის ტექნოლოგიების კომერციულ გამოყენებაზე, ასევე 49%-იანი წილი მის კომერციულ განყოფილებაში. მასკის იურისტები ამტკიცებენ, რომ OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენმა „ბოროტად გამოიყენა თავისი პოზიცია თავშეუკავებელი ეგოისტური მიზნებისთვის“, რამაც გამოიწვია ორი დიდი კომპანიის ვირტუალური შერწყმა და ბაზარზე ანტიკონკურენტული პირობების შექმნა. ფოტოს წყარო: theverge.com შეგახსენებთ, რომ მასკი OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო 2015 წელს, მაგრამ 2018 წელს კომპანია დატოვა. მისი თავდაპირველი სარჩელი, რომელიც მარტში იქნა წარდგენილი და ივნისში ახსნა-განმარტების გარეშე იქნა ამოღებული, OpenAI-ს ადანაშაულებდა კაცობრიობის საკეთილდღეოდ ხელოვნური ინტელექტის შექმნის თავდაპირველი მისიიდან გადახვევაში. სარჩელში ნათქვამია, რომ "Microsoft-თან პარტნიორობამ OpenAI გადააქცია ვირტუალურ დახურულ შვილობილ კომპანიად", რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ მოგების მაქსიმიზაციაზე. OpenAI-მ არაერთხელ სცადა სარჩელის უარყოფა, უწოდა მას "პიარ-ხრიკი" და "მზარდი აგრესიული კამპანია OpenAI-ის შევიწროების მიზნით საკუთარი კონკურენტული ინტერესებისთვის". აღსანიშნავია, რომ ახალ საქმეს, როგორც მოსარჩელე, შეუერთდა OpenAI-ის საბჭოს ყოფილი წევრი შივონ ზილისი, (Shivon Zilis) Neuralink-ის ხელმძღვანელი, რომელსაც მასკი ფლობს. https://tinyurl.com/6fajb5t3
  21. Apple კვლავ განიხილავს საკუთარი ბრენდის ტელევიზორების გამოშვების იდეას. ამის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა განაცხადა, რომელიც ცნობილია Apple-ის მომავალ პროდუქტებთან დაკავშირებული პროგნოზებით. ფოტოს წყარო: Apple მოხსენებაში ნათქვამია, რომ Apple TV-ები შეიძლება გამოვიდეს ბაზარზე მას შემდეგ, რაც კომპანია გამოუშვებს სმარტ დისპლეებს, რომლებზეც ამჟამად მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ Apple-ის პირველი ტელევიზორის მოდელები შესაძლოა გაყიდვაში გამოჩნდეს რამდენიმე წელიწადში. გავრცელებული ინფორმაციით Apple ხელმისაწვდომ სმარტ დისპლეს, რომელიც გამიზნულია ფართო სამომხმარებლო აუდიტორიისთვის, გამოუშვებს მომავალი წლის დასაწყისში. უფრო მოწინავე მოდელი გაცილებით დიდი ეკრანით და, შესაძლოა რობოტიზებული მკლავით, მოგვიანებით გამოჩნდება. გურმანის მონაცემებით, „თუ პირველი მოწყობილობის გამოჩვება მარცხს განიცდის“, რაც გულისხმობს Apple-ის სმარტ ეკრანებს, მაშინ კომპანიას „შეიძლება მოუწიოს გადახედოს თავის სმარტ სახლის ამბიციებს“. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ Apple TV-ისთან დაკავშირებული ცნობების საბოლოოდ არ გადაიქცევა რეალობად. Apple-ს უკვე აქვს TV ბოქსი, მაგრამ მისი საფირმო პრემიუმ ტელევიზორები შეიძლება წარმატებული იყოს კომპანიისთვის, რაც უნდა ნიშურ პროდუქტს წარმოადგენდეს. მეორე მხრივ, Apple-ს სავარაუდოდ სურს გაყიდოს შერეული რეალობის ჰედსეტი Vision Pro, როგორც მოწყობილობა სახლის კინოთეატრის შესაძლებლობებით. ამ შემთხვევაში ტელევიზორების გამოშვება ეწინააღმდეგება კომპანიის სტრატეგიას ჰედსეტის პოპულარიზაციისთვის. https://tinyurl.com/339k5sht
  22. აშშ-ის 18-მა შტატმა სარჩელი შეიტანა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) და მისი ხუთი კომისრის წინააღმდეგ, ბრალი დასდო მათ ძალაუფლების არაკონსტიტუციურად ბოროტად გამოყენებასა და კრიპტო ინდუსტრიაში ჩარევაში, რომლის კაპიტალიზაცია უკვე 3 ტრლნ აშშ დოლარს შეადგენს. ფოტოს წყარო: Copilot კონფლიქტის მთავარი მიზეზი, როგორც Fox Business იუწყება, იყო SEC-ის ხელმძღვანელ გერი გენსლერის პოზიცია, რომელიც თვლის, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა, გარდა Bitcoin-ისა (BTC) და Ethereum-ისა (ETH), უნდა დარეგულირდეს, როგორც ფასიანი ქაღალდები. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კანონის ეს ინტერპრეტაცია არ შეესაბამება კონგრესის განზრახვას და არღვევს ფედერალიზმის პრინციპებს სახელმწიფოთა უფლებების დამოუკიდებლად რეგულირების შელახვით. გარდა ამისა, ამ პოზიციამ განაპირობა მრავალი სარჩელი კრიპტო ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეების წინააღმდეგ, როგორებიცაა Coinbase, Kraken და Ripple. სარჩელში ხაზგასმულია, რომ ადეკვატური ნორმატიული ბაზის გარეშე ციფრული აქტივების პლატფორმებზე ჯარიმებისა და შეზღუდვების დაწესებით SEC-ის ქმედებები ქმნის „მარეგულირებელ გაურკვევლობას“, ახშობს ინოვაციებს და ზიანს აყენებს ამერიკის ეკონომიკას. პროკურორები ასევე აღნიშნავენ, რომ კონგრესმა შეგნებულად არ მიანიჭა ფედერალურ სააგენტოებს ციფრული აქტივების რეგულირების უფლებამოსილება და ეს საკითხი შტატებს დაუტოვა. „არსებითად, SEC-ის გადაჭარბებული რეგულაცია ეწინააღმდეგება ფედერალიზმისა და ხელისუფლების დანაწილების ძირითად პრინციპებს. SEC-ის პრეტენზიები კონგრესის ავტორიზაციის გარეშე იურისდიქციაზე ართმევს სახელმწიფოებს მათ სათანადო სუვერენულ როლს და აფერხებს ციფრული აქტივების ინდუსტრიის ინოვაციური მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. სარჩელი შეტანილი იქნა კენტუკის რაიონულ სასამართლოში შტატის გენერალურ პროკურორ რასელ კოულმენის ხელმძღვანელობით და 17 სხვა რესპუბლიკელი პროკურორის მხარდაჭერით ისეთი შტატებიდან, როგორიცაა ნებრასკა, ტენესი, დასავლეთ ვირჯინია, აიოვა, ტეხასი, მისისიპი, მონტანა, არკანზასი, ოჰაიო, კანზასი, მისური, ინდიანა, იუტა, ლუიზიანა, სამხრეთ კაროლინა, ოკლაჰომა და ფლორიდა. სარჩელის შეტანაში ასევე მონაწილეობდა კრიპტოს ადვოკატების ჯგუფი DeFi Education Fund, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღ პოლიტიკას დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში. აღსანიშნავია, რომ სარჩელი აღძრული იყო პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირებების ფონზე, რომ მხარს დაუჭერს კრიპტო ინდუსტრიას და დაასრულებს იმას, რასაც მან ბაიდენის ადმინისტრაციის „ომი კრიპტოვალუტებთან“ უწოდა. ამავდროულად, გაურკვევლობა SEC-ის მომავალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ამ ვითარებას ინტრიგს მატებს: სასამართლო პროცესის შედეგს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა კრიპტო რეგულირების მომავალზე შეერთებულ შტატებში და განსაზღვროს ამ სწრაფად მზარდი ინდუსტრიის განვითარების მიმართულება. https://tinyurl.com/hz3rpryp
  23. OpenAI ემზადება ახალი ხელოვნური ინტელექტის აგენტის გამოსაშვებად, კოდური სახელით Operator, რომელიც შეძლებს შეასრულოს სხვადასხვა დავალება მომხმარებლის კომპიუტერზე. ამ ინსტრუმენტის გამოშვება შეიძლება მოხდეს 2025 წლის იანვარში. ფოტოს წყარო: OpenAI პირველ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იქნება როგორც კვლევის წინასწარი ვერსია დეველოპერების API-ის მეშვეობით. Operator-ის მიზანია კონკურენცია გაუწიოს მსგავს AI აგენტებს, როგორიცაა Anthropic-ის მიერ ახლახანს წარდგენილი Computer Use და Google-ის მომავალი AI-აგენტი, რომელიც ორიენტირებულია სამომხმარებლო ბაზარზე. OpenAI მიზნად ისახავს შექმნას უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ოპერაცია ვებ ბრაუზერში და შესაფერისი იქნება მომხმარებლების ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა, როგორც Bloomberg აღნიშნავს, ჯერ უცნობია შესთავაზებს თუ არა Operator მომხმარებლებს მნიშვნელოვან უპირატესობებს კონკურენტების მსგავს გადაწყვეტილებებთან შედარებით. ინსტრუმენტის კვლევითი ვერსია სასარგებლო იქნება მისი პოტენციური სარგებლის შესაფასებლად და გამოხმაურების საფუძველზე გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირებისთვის. Operator-ის გაშვება ემთხვევა OpenAI-ს დოკუმენტის გამოქვეყნებას, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს აშშ-ის ხელისუფლებისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიის შესახებ. ეს დოკუმენტი გვთავაზობს „ეკონომიკური ზონების“ შექმნას ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის აქტიური განვითარებისთვის, ასევე აშშ-ის მოკავშირეებთან ალიანსების ჩამოყალიბებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას ჩინეთთან ტექნოლოგიურ რბოლაში. https://tinyurl.com/3np8txdk
  24. ევროკომისიამ დააჯარიმა Meta – Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მშობელი კომპანია 797.72 მილიონი ევროთი (თითქმის 840 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის. მარეგულირებელი აცხადებს, რომ სერვისი Facebook Marketplace ქმნის „არასამართლიან სავაჭრო პირობებს“ სხვა მსგავსი ონლაინ პლატფორმებისთვის. ფოტოს წყარო: Pixabay დაწესებული ჯარიმა დღემდე ყველაზე დიდია და წარმოადგენს სასამართლო გამოძიების შედეგს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში დაიწყო. 2022 წლის დეკემბერში მარეგულირებლებმა დაასკვნეს, რომ Facebook Marketplace-მა დაარღვია ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესები. ბიუროკრატიულ პროცედურებს კიდევ თითქმის ორი წელი დასჭირდა და საბოლოოდ დაჯარიმების გადაწყვეტილება ახლა დამტკიცდა. Facebook გეგმავს გასაჩივრებას. „ეს გადაწყვეტილება უგულებელყოფს ევროპის განვითარებული ონლაინ განცხადებების ბაზრის რეალობას და გამოყოფს დიდ მოქმედ მფლობელებს ახალ მონაწილე Facebook Marketplace-ისგან, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნას ახალი, ინოვაციური და მოსახერხებელი გზებით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. https://tinyurl.com/bddw3khz
  25. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ივლისში განაცხადა, რომ ის იქნებოდა „კრიპტო პრეზიდენტი“, ციფრული ვალუტების ბაზარი სწრაფად იზრდება და მისი კაპიტალიზაცია 3.1 ტრლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, Meme-კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ფასი გაიზარდა 153%-ით და კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ის ახლა აჭარბებს Ford-ს, საავტომობილო გიგანტს 121-წლიანი ისტორიით, რომელმაც გასულ წელს 176 მლრდ აშშ დოლარი გამოიმუშავა. ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com Dogecoin-ის კაპიტალიზაციამ შეადგინა 53 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო Ford-ის იყო 47 მილიარდი. Meme-კრიპტოვალუტის ფასი განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა ხელისუფლების ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) შექმნა ბიუროკრატიასა და გადაჭარბებულ რეგულაციებთან საბრძოლველად, ასევე გადაჭარბებული ფედერალური ხარჯების შესამცირებლად. ამ სტრუქტურას უხელმძღვანელებენ Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი, რომელიც საკუთარ თავს Dogecoin-ის მამას უწოდებს (Dogefather) და ვივეკ რამასვამი, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და Strive Asset Management-ის თანადამფუძნებელი. არჩევნების დღიდან მოყოლებული Dogecoin-ის ღირებულება გაიზარდა 153%-ით, ხოლო Bitcoin-ის ფასი იმავე პერიოდში - 30%-ით. Meme-კრიპტოვალუტამ მიაღწია მაქსიმალურ 0.4355 აშშ დოლარს, რაც ყველაზე მაღალია 2021 წლის ივნისის შემდეგ. თუმცა, მონეტა ჯერ კიდევ 33%-ით დაბალია მის ყველა დროის მაქსიმუმ 0.72 აშშ დოლარზე, რომელიც დაფიქსირდა 2021 წლის მაისში. სწრაფი ზრდის გამო Dogecoin გახდა მეექვსე უდიდესი კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით Bitcoin-ის, Ethereum-ის, Tether-ის, Solana-ს და Binance Coin-ის (BNB) შემდეგ. https://tinyurl.com/2v27u39j
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.