Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. სატრანსპორტო საშუალების შემადგენობაში ელექტრო ძრავებისა და ბატარეების გამოყენება ელექტრომობილების მწარმოებლებს კონსტრუქციის აწყობისას კრეატიულობისთვის დიდ არჩევანს აძლევს. Hyundai Mobis აპირებს ელექტრომობილების მწარმოებლებს შესთავაზოს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბურავების ბრუნვას 90 გრადუსით. ფოტოს წყარო: Hyundai Mobis ელექტრომობილების სეგმენტში უკანა საბურავების ბრუნვადობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებით ყველაზე მეტად ცნობილია კორპორაცია General Motors. მან უკვე დააანონსა „კიბორჩხალის რეჟიმი“ Hummer-ისა და თანაპლატფორმელ პიკაპ Chevrolet Silverado-სთვის. ილონ მასკმა გარკვეული დროის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა პიკაპ Tesla Cybertruck-მაც მიიღოს უკანა საბურავების ბრუნვადობის შესაძლებლობა. საბურავების მოზრდილი ბაზის მქონე დიდი ზომის მანქანების შემთხვევაში მსგავსი ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს იძლევა ქალაქის პირობებსა და უგზოობაში მანევრირებისთვის. შესაძლებელია მანქანა გადაადგილდეს დიაგონალზე, აგრეთვე შემცირდება შემობრუნების რადიუსი. Business Korea-ს ინფორმაციით, სამხრეთკორეულმა კომპანია Hyundai Mobis-მა განაცხადა, რომ წარმატებას მიღწია ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აგრეგატების შემუშავებაში, რომლებიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მანქანები საბურავების 90-გრადუსიანი ბრუნვის შესაძლებლობით. თუ ვივარაუდებთ, რომ ოთხივე საბურავს ექნება თავისუფლების ასეთი ხარისხი, მაშინ ელექტრომობილი შეძლებს გზის მკაცრად პერპენდიკულარულ მხარეს გადაადგილებას და ადგილზე მოხვევას, რაც დამატებით კომფორტს შექმნის ქალაქში პარკირებისა და მანევრირებისას. ფოტოს წყარო: Hyundai Mobis საბურავებსა და ძრავს შორის მექანიკური კავშირის მქონე კლასიკური ავტომობილები იშვიათად უზრუნველყოფენ საბურავების მობრუნების 30-გრადუსიან კუთხეზე მეტს. Hyundai Mobis პირობას დებს, რომ 2023 წლისთვის შექმნის მზა პლატფორმას საბურავების 90 გრადუსით ბრუნვის შესაძლებლობით. 2025 წლისთვის კომპანია ამ პლატფორმას ავტომატური მართვის უნარს მიანიჭებს. ეს ყველაფერი კომპანიის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აწარმოონ უჩვეულო კონსტრუქციისა და ფანტასტიკური მანევრირების მქონე ელექტრომობილები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული კომპანიის მთავარი მომხმარებლები არიან ბრენდები Hyundai, Genesis და Kia, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი მოდელები მათი პროდუქციის ასორტიმენტში გამოჩნდება. https://tinyurl.com/4me3hec5
  2. ჩინეთში კრიპტოვალუტების აკრძალვის თემას ბევრი საინფორმაციო მასალა მიეძღვნა, ამ საკითხმა ინტერესი გამოიწვია ყველასთვის, ვისაც რაიმე სახის კავშირი გააჩნია მასთან. ამჯერად კი შესაძლებელია ხსენებულ საკითხს ფინალური წერტილი დაესვას. გასულ კვირას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო Bitcoin-ისა და ყველა სხვა ციფრული აქტივის მოპოვება საწარმოო საქმიანობის შავ სიაში შეიტანოს. კანონპროექტის განხილვა 21 ნოემბრამდე გასტანს, თუმცა მის მიღებაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ტერიტორიაზე მაინინგი დაექვემდებარება სრულ და საბოლოო ლიკვიდაციას. ჩინეთის ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ყველა საფუძველი არსებობს იმის სარწმუნოდ, რომ ძნელად თუ გაბედავს ვინმე მათ დაუმორჩილებლობას, ყველაზე ღრმად დაფარული იატაკქვეშა სამრეწველო მაინერებიც კი აუცილებლად გააჩერებენ ფერმებს. თუკი გავიხსენებთ, რომ ადრე ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა აკრძალა კრიპტოვალუტებით ყველანაირი ოპერაციის განხორციელება, შესაძლებელია ითქვას, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტას საბოლოოდ ემშვიდობება. კრიპტოვალუტების შესახებ განხილვებს რაც შეეხება, სხვადასხვა წყარო უკვე ავრცელებს ცნობებს, რომ ჩინურ ვებ-გვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და რეკლამებში ასევე დაექვემდებარება აკრძალვას კრიპტოვალუტების თემის ხსენება. ცხადია, ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ კრიპტოვალუტა უნდა გაქრეს არა მხოლოდ ჩინეთის მიწიდან, არამედ ყველა მოქალაქის გონებიდანაც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ტერიტორიიდან კრიპტოვალუტის განდევნის მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების მიზანმიმართულობას ამ საკითხში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ჰეშრეითის მიხედვით: მიაღწია პიკს, მსოფლიო მასშტაბის 65%-ს. რაც შეეხება კრიპტო მაინერებს, ქვეყნის მხრიდან მიღებული ზეწოლის გამო ისინი გადავიდნენ ძირითადად შეერთებულ შტატებში, სადაც მათ ხელგაშლილად დახვდნენ. გარდაუვალია, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ექცევა ჩინეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტას ასე მკაცრად. თავად ჩინეთის ხელისუფლება მიღებულ ზომებს ხსნის ნახშირორჟანგის ნეიტრალიტეტის გრძელვადიანი პროგრამის შესრულებით ან, მარტივად რომ ვთქვათ, ეკოლოგიაზე ზრუნვით. სხვადასხვა ექსპერტს ამ კუთხით განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია ციფრული იუანი. დასასრულს, აღსანიშნავია, რომ CBECI-ის (Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index - კემბრიჯის Bitcoin-ის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსი) უახლესმა მონაცემებმა მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს პერიოდის მონაცემებში დააფიქსირა ჩინეთის პოზიცია 0%-იან დონეზე. https://tinyurl.com/33zvac2j
      • 1
      • Thanks
  3. Intel-ის კვარტალურ ანგარიშში მეტად დიდი მოცულობის ინფორმაცია იქნა წარმოდგენილი. Alder Lake პროცესორები, რომელთა ანონსის პირველი ფაზა მიმდინარე კვირაში შედგება, Intel-ის ხელმძღვანელმა პატრიკ გელსინგერმა კვარტალურ ღონისძიებაზე საქებარი ეპითეტებით მოიხსენია და პირობა დადო, რომ მოხდება მათი გავრცელება მაქსიმალური რაოდენობის სეგმენტებში, ფორმ-ფაქტორებისა და სითბური პაკეტების მხრივ ვარიანტებში კომპანიის მიერ ოდესმე წარდგენილ სხვა სერიებთან შედარებით. ეს პროცესორები სუპერმობილურ ვარიანტებადაც გამოვა. ფოტოს წყარო: CRN გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ Alder Lake პროცესორები დაეხმარება Intel-ს ბაზრის წილის გაზრდაში. მან ასევე უწოდა მათ "ფასის ლიდერები" ( pricing leader). ვინაიდან გელსინგერს არ გაუკეთებია დამატებითი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს გამოთქმა შეიძლება ორი გზით იქნას განმარტებული. ერთი მხრივ, Alder Lake პროცესორები შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი მათ შესაბამის საფასო სეგმენტში წარმადობის დონის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, Alder Lake სერიამ შესაძლოა გაზარდოს Intel-ის პროდუქტების საშუალო სარეალიზაციო ფასი და გახდეს ამ ფენომენის მთავარი კატალიზატორი. მეორე ვერსია არც ისე აბსტრაქტულია, რადგან ადრე კონფერენციაზე Intel-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ Alder Lake-ის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გაზარდა მოთხოვნა უფრო ძვირადღირებულ პროცესორებზე მზა კომპიუტერების მწარმოებლებს შორის. კვარტალურ ანგარიშზე 10-Q ფორმის მიხედვით მოთხოვნის ზრდას დესკტოპ სისტემებზე კომპანია Intel ხსნის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული „დაბალი ბაზის“ ეფექტით, ასევე კორპორატიული და კერძო სეგმენტების აღდგენით. ლეპტოპებზე მოთხოვნის შემცირება დიდწილად განპირობებულია შესაბამისი კომპონენტების დეფიციტით. ამასთან საშუალო ფასები მატულობს - Intel-ის პროდუქციის სტრუქტურაში ჩნდება სულ უფრო მეტი პროცესორი დიდი რაოდენობის ბირთვებით. https://tinyurl.com/5bavme8w
  4. ცნობილი გახდა კოდური დასახელება Aldebaran-ის მქონე მაღალი წარმადობის გამოთვლებისთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორისა და მის საფუძველზე არსებული Instinct სერიის ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლები. სიახლე ინსაიდერმა, მეტსახელად ExecutableFix-მა გააზიარა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად AMD ამზადებს MI200 სერიის ორ მოდელს: MI250X და MI250. უმცროს მოდელს ექნება ნაკლები Compute Unit (CU) ბლოკები და შედარებით დაბალი სიხშირეები. არაოფიციალური ცნობებით, CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორი AMD Instinct MI250X წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ექნება 110 CU და მაქსიმალური სიხშირე 1.7 გჰც. მეხსიერების ქვესისტემაში შესული იქნება 128 გბ HBM2e მეხსიერება, ამაჩქარებლის სითბური სიმძლავრე კი შესაძლოა 500 ვატს აღწევდეს. ჯერჯერობით AMD-ს არ დაუკონკრეტებია CDNA 2 ამაჩქარებლების წარმოების ტექნოლოგია და შემოიფარგლა მხოლოდ Advanced Node-ის განმარტებით ამჟამინდელ 7-ნანომეტრიან ტექპროცესთან შედარებისას. წყარო: Twitter @ExecuFix [1] და [2] ინსაიდერი მიუთითებს 47.9 ტერაფლოპს გამომთვლელ წარმადობაზე, თუმცა არ აზუსტებს რომელ ოპერაციებში. მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რომ ეს არის წარმადობა ორმაგი სიზუსტის რიცხვებით მუშაობისას, შესაძლოა, მატრიცულ ოპერაციებში. FP16 და BF16 ფორმატებთან მუშაობისას გამოთვლითი წარმადობა აღწევს 383 ტერაფლოპს, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მატრიცულ ოპერაციებზეა საუბარი. გასულ წელს AMD-მ წარმოადგინა FP64 ვექტორულ ოპერაციებში რეკორდული გამოთვლითი წარმადობის (11.5 Tflops) მქონე Instinct MI100 ამაჩქარებელი. როგორც ჩანს, AMD მზადაა 120 CU-ით აღჭურვილი და 1.5 გჰც-ზე მომუშავე MI100-დან დიდი ნახტომის გაკეთებისთვის. AMD Instinct MI250/X-ში პირველად იქნება გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი მულტი-ჩიპის დიზაინით. ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ჩიპლეტი ექნება მას, სხვადასხვა ცნობების მიხედვით მათი რიცხვი შესაძლოა იყოს ორიდან ოთხამდე. ინსაიდერს არ დაუკონკრეტებია, 110 CU არის ერთი ჩიპლეტის თუ მთლიანი გრაფიკული პროცესორის კონფიგურაცია. https://tinyurl.com/ywdbahup
  5. ბრედ გარლინგჰაუსი თვლის, რომ Ethereum-მა შეძლო გამხდარიყო კაპიტალიზაციით უდიდესი Altcoin SEC-ის მხრიდან ხელსაყრელი პოზიციის წყალობით. Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) მფარველობს Ethereum-ს. ამგვარად ახსნა გარლინგჰაუსმა კაპიტალიზაციის თვალსაზრისით უდიდესი Altcoin-ის წარმატება ონლაინ კონფერენცია DC Fintech Week-ზე. გარლინგჰაუსმა უსამართლო უწოდა სიტუაციას, რომელშიც მარეგულირებელი ორგანო ახდენს XRP ტოკენის კლასიფიცირებას ფასიან ქაღალდად, თუმცა მსგავს პრეტენზიებს არ უყენებს Ethereum-ს. იგი ამტკიცებს, რომ SEC-ის სწორედ ამგვარმა პოზიციამ განაპირობა, Ethereum გამხდარიყო Bitcoin-ის შემდეგ კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიდიდით მეორე ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით იყო XRP. როდესაც გაირკვა, რომ SEC-მა მწვანე შუქი აუნთო Ethereum-ს, ამან განაპირობა ETH-ის ფასის ზრდა“ - აღნიშნა გარლინგჰაუსმა. 21 ოქტომბერს Ethereum-ის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და გადააჭარბა 4.37 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. 22 ოქტომბერს Ethereum იყიდებოდა 4.1 ათას აშშ დოლარად, ხოლო მისი კაპიტალიზაცია შეადგენდა 490 მილიარდ აშშ დოლარს CoinGecko-ს მიხედვით. წლის დასაწყისიდან დღემდე Altcoin-ის კურსი 456 %-ით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს SEC-მა კომპანია Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების XRP ტოკენების სახით გაყიდვაში. შედეგად XRP-ის ფასი 0.20 $-მდე შემცირდა. აპრილის შუა პერიოდში ტოკენმა მიაღწია ლოკალურ მაქსიმუმს, 1.84 აშშ დოლარს. სტატიის წერის დროს XRP იყიდებოდა 1.1 აშშ დოლარად და ეკავა მეშვიდე ადგილი უმსხვილესი კრიპტოვალუტების სიაში კაპიტალიზაციის მიხედვით (51.8 მლრდ აშშ დოლარი). https://tinyurl.com/um3s3252
  6. რესურს Barron’s-მა შეაჯამა აშშ-ის საფონდო ბირჟებზე პირველი სავაჭრო სესიის შედეგები Intel-ის მიერ დამაინტრიგებელი კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კომპანიისთვის უჩვეულო გრძელვადიანი პროგნოზებით ხასიათდება. აშკარაა, რომ კომპანიის ფინანსური დირექტორის, ჯორჯ დევისის პენსიაზე გასვლის მოახლოებამ ინვესტორებზე მინიმალური გავლენა მოახდინა, ხოლო კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდის აუცილებლობამ ისინი საფუძვლიანად შეაშფოთა. ფოტოს წყარო: Seeking Alpha ანალიტიკოსების აზრით, Intel-ის იმედები წლიური შემოსავლების 10-12%-ით გაზრდის შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბოლომდე არ არის გამართლებული და ამ პერიოდისთვის დაგეგმილი კაპიტალური ხარჯების მოცულობა აშკარად გააუარესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. ასევე საეჭვოა ტექნოლოგიური ლიდერობის დაბრუნება 2025 წლისთვის. ექსპერტების აზრით, სანამ Intel "დაეწევა და გაუსწრებს" TSMC-ს, AMD გააგრძელებს ბაზრის წილის გაზრდას. მაგალითად, ამჟამად Intel შეზღუდულია დაბალბიუჯეტური პროცესორების მიწოდების შესაძლებლობაში - იგი მათ საკმარისი რაოდენობით აწარმოებს, მაგრამ პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლებს არ გააჩნიათ თანმხლები კომპონენტები და ისინი ცდილობენ ორიენტირდნენ უფრო ძვირადღირებული კონფიგურაციების გამოშვებაზე. მეორე მხრივ, AMD დიდი ხანია არ არის დაინტერესებული დაბალი ფასების სეგმენტით, ამიტომ ფაქტორები გარკვეულწილად დაბალანსებულია. ასეა თუ ისე, გასულ დღეებში Intel-ის აქციების ფასმა თითქმის 12%-ით დაიკლო, კომპანიის კაპიტალიზაცია 20 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა და დაუბრუნდა იანვრის დასაწყისის მაჩვენებელს. სამაგიეროდ AMD-ის აქციების ფასი გაიზარდა თითქმის ნახევარი პროცენტით, რაც ასახავს ინვესტორების ნდობას კომპანიის შესაძლებლობებში - ისარგებლოს კონკურენტის სისუსტის იმპულსით, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი საბაზრო პოზიცია. https://tinyurl.com/b8te3hc4
  7. აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ტეხასში არსებულ ბაზაზე აგრძელებს მრავალჯერად ხომალდ Starship-ის მომზადებას ისტორიაში პირველი ორბიტალური სატესტო ფრენისთვის. ძრავ Raptor-ის ვაკუუმური ვერსიის პირველი სტატიკური აალების გამოცდიდან მოკლე დროში SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხომალდი Starship პირველი სატესტო ფრენისთვის მზად მომდევნო თვეში იქნება, თუმცა მანამდე აუცილებელია ნებართვის მიღება მარეგულირებელი ორგანოებისგან. ფოტოს წყარო: SpaceX ორბიტალური ფრენების განსახორციელებლად SpaceX-მა უნდა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA). არსებული ცნობების თანახმად FAA-ს სურს ნახოს, რომ SpaceX-მა მიიღო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა, რათა გარანტირებულ იქნას მინიმალური რისკი იმ შემთხვევისთვის, თუკი ხომალდის გაშვებისას საგანგებო მდგომარება შეიქმნება. ამ ეტაპზე ხომალდის გაშვებისა და ფრენის დროს პრობლემების წარმოქმნის ალბათობა არც ისე მცირეა. ჩვენ უკვე ვნახეთ SpaceX-ის რამდენიმე წარუმატებლობა წარსულში, Starship-ის პროტოტიპების ადრეული ვერსიები აფეთქდა ან „სწრაფად, მოულოდნელად დაიშალა“, როგორც ამას ინდუსტრია ზოგჯერ უწოდებს. თუმცა, ილონ მასკის კომპანიას ასევე აქვს წარმატებული ტესტები, რომელთა დროსაც ხომალდის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა ატმოსფეროში და შემდეგ მოხდა კონტროლირებადი დაშვება. SpaceX-ისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Starship-ის ფრენა Super Heavy რაკეტით დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. კომპანია ტექნიკურად მზად არის ამისათვის, თქვა მასკმა, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დრო დასჭირდება. ასევე შესაძლებელია, რომ FAA-მ გადადოს ზოგიერთი საკითხის განხილვა და SpaceX-ს მისცეს დროებითი ნებართვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა წლის ბოლომდე განახორციელოს. https://tinyurl.com/c22arh7a
  8. ინფლაციისადმი შიში და არა პირველ ფიუჩერსულ Bitcoin-ETF-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი განაპირობებს პირველი კრიპტოვალუტის კურსის სვლას ახალი მაქსიმუმებისკენ - ამგვარი აზრი გამოხატეს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა, აცხადებს Bloomberg. 19 ოქტომბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაიწყო კომპანია ProShares-ის Bitcoin Strategy ETF-ის ვაჭრობის პროცესი. SEC-მა პირველად დაამტკიცა მსგავსი საბირჟო პროდუქტი Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე. BITO ტიკერით ფონდის სავაჭრო ბრუნვამ დებიუტის დღეს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარს მიღწია. ამ მაჩვენებლით მან მეორე ადგილი დაიკავა ყველა ETF-ს შორის. 20 ოქტომბერს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და 67000 აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა JPMorgan-ის სტრატეგები მიიჩნევენ, რომ BITO-ს ამოქმედება „არ გამოიწვევს Bitcoin-ში ახალი კაპიტალის მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოდინების ახალ ფაზას“. „ამის ნაცვლად ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირველი კრიპტოვალუტის, როგორც ინფლაციისგან ოქროზე უკეთ დაცვის საშუალების, აღიარება არის ამჟამად მიმდინარე აღმასვლის მთავარი მიზეზი, რის გამოც სექტემბრიდან დაიწყო ოქროს ETF-ებიდან Bitcoin-ფონდებზე გადასვლა”, - განაცხადეს მათ. წყარო: Bloomberg. „ეს დინება უცვლელი დარჩება და წლის ბოლომდე Bitcoin-თან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს შეინარჩუნებს“ - თვლიან JPMorgan-ის ექსპერტები. რაც შეეხება ბაზრის მონაწილეების ენთუზიაზმს BITO-ს მიმართ, ანალიტიკოსებმა მაგალითის სახით მოიყვანეს Bitcoin-ის ბაზაზე პირველი საბირჟო ფონდის ამოქმედება კანადაში. Purpose Investments-ის მიერ 2021 წლის თებერვალში გამოშვებული პროდუქტი ტიკერით BTCC თბილად იქნა მიღებული, თუმცა შემდეგ მის მიმართ ინტერესი განელდა. „BITO-ს ირგვლივ არსებული თავდაპირველი მღელვარება შეიძლება ერთ კვირაში გაქრეს“, ვარაუდობენ ექსპერტები. მათი თქმით, Bitcoin-ინვესტორებს ინვესტირებისთვის „ბევრი ვარიანტი“ აქვთ. 21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ SEC-მა დაამტკიცა კომპანიების - VanEck-ისა და Valkyrie Investments-ის კიდევ ორი ფიუჩერსული Bitcoin-ETF-ის ამოქმედება. ადრე ჰეჯ-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა პირველ კრიპტოვალუტას უწოდა დაზღვევა ინფლაციისგან. მილიარდერმა თავისი მოსაზრება CNBC-სთან ინტერვიუში დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე Bitcoin-მა აშკარად აჯობა ოქროს ამ კუთხით. Icahn Enterprises-ის დამფუძნებელი კარლ აიკანიც აფასებს ციფრული ოქროს ინფლაციის საწინააღმდეგო თვისებას. https://tinyurl.com/3n787f7t
  9. კომპანია Razer-მა დაიწყო უნიკალური პროდუქტის, მაღალტექნოლოგიურ დამცავ ნიღაბ Zephyr-ის გაყიდვა, რომელიც შეიქმნა კოდური დასახელების მქონე პროექტ Project Hazel-ის ფარგლებში. ახალი ნიღბის შეძენა შესაძლებელია საორიენტაციო ფასად - 100 აშშ დოლარი. ფოტოების წყარო: Razer მოწყობილობაში გამოყენებულია N95 ტიპის ფილტრები, რაც მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ ნიღაბს შეუძლია გაფილტროს ბაქტერიების 99% და ჰაერში არსებული, 0.3 მიკრონის ზომის ნაწილაკების 95%. ნიღბის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი შემწოვი ვენტილატორი, რომლებსაც შეუძლიათ ორ რეჟიმში მუშაობა - ბრუნვის სიჩქარით 6200 და 4200 ბრ/წთ. რეალიზებულია მრავალფერი განათება Razer Chroma RGB 16.8 მილიონი ფერის პალიტრით. მისი შეცვლა შესაძლებელია სმარტფონისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის გამოყენებით. სრულად დამუხტული ბატარეა საკმარისია რვასაათიანი მუშაობისთვის განათების გარეშე და ვენტილატორის დაბალ სიჩქარეზე ბრუნვის პირობებში, ხოლო განათებითა და მაღალი სიჩქარით ბატარეა მუშაობს 3.5 საათის განმავლობაში. დამუხტვა ხორციელდება USB Type-C პორტის მეშვეობით და სრულად დამუხტვისთვის დაახლოებით 2 საათია საჭირო. ნიღბის ზომებია 181 × 104 × 104 მმ, წონა - დაახლოებით 206 გრამი. სმარტფონთან დაკავშირებისთვის გამოიყენება უსადენო კავშირი Bluetooth Low Energy.  https://tinyurl.com/n34ydef4
  10. ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის პრობლემა საკმაოდ დიდხანს დარჩება აქტუალური, ამბობს Intel-ის ხელმძღვანელი პეტ გელსინგერი. CNBC-სთან საუბრისას გელსინგერმა კომენტარი გააკეთა კომპანიის ბოლო ფინანსურ შედეგებზე და აღნიშნა, რომ არ ელოდება მიკროჩიპების დეფიციტის შემსუბუქებას მინიმუმ 2023 წლამდე. ფოტო: The Verge ”ჩვენ ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება მომავალი წლის ყოველ კვარტალში, მაგრამ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის [ნახევრადგამტარ კომპონენტებზე] 2023 წლამდე არ აღდგება“, - განაცხადა გელსინგერმა. Intel-ის მთავარ კონკურენტ AMD-ს ოდნავ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. გასულ თვეში კომპანიის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ ღონისძიება Code Conference-ზე გამოსვლისას ყველას მოუწოდა შეეგუონ ჩიპების დეფიციტს მომავალ წლამდე. „მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება. არა მყისიერად. მაგრამ ახალი ქარხნების ამოქმედების შედეგად ყველაფერი თანდათანობით დაიწყებს გაუმჯობესებას, ”- განაცხადა ლიზა სუმ. NVIDIA იზიარებს AMD-ის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გრაფიკული პროცესორების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს გაუმჯობესებას. Intel-ის ნაკლებად დამაიმედებელი პერსპექტივა გამომდინარეობს მისი უახლესი ფინანსური ანგარიშიდან, რომელშიც კომპანიამ აღნიშნა პერსონალური კომპიუტერებიდან მიღებული შემოსავლის 2%-იანი კლება და ლეპტოპებიდან მიღებული 5%-ით ნაკლები შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაც გამოწვეულია კომპიუტერების მწარმოებლებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პროცესორების ნაკლებობაზე, არამედ სხვა კომპონენტებზეც. „ჩვენ ამას გარემოებათა მიმდინარეობას ვუწოდებთ. შეიძლება გვქონდეს პროცესორი, მაგრამ სხვა მომწოდებელს არ ჰქონდეს საკმარისი LCD პანელები, ხოლო მესამეს - საჭირო Wi-Fi მოდულები. განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრები განიცდიან მიკროჩიპების და ზოგიერთი ქსელის კონტროლერების დეფიციტს, ”- განაცხადა გელსინგერმა. https://tinyurl.com/ys9t88wz
  11. მაინინგ-კომპანია Atlas Mining-მა განაცხადა, რომ მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა ჰოსტინგ-პროვაიდერ Compute North-თან, რაც მოიაზრებს კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის საჭირო 100 მვტ სიმძლავრის აღჭურვილობის განთავსებას. პრეს-რელიზის თანახმად, ASIC მაინერების განლაგება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მონაცემთა ცენტრებში 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. მოსალოდნელია, რომ აღჭურვილობის ამოქმედების შემდეგ მისი საერთო ჰეშრეითი იქნება დაახლოებით 3.7 EH/წმ. Atlas Mining-მა გარიგებას გლობალური ექსპანსიის ნაწილი უწოდა. კომპანია, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს, აფართოებს მაინინგ ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე სხვა რეგიონებში. საერთო ჯამში კომპანიამ შეიძინა 200 ათასზე მეტი ASIC მაინერი და აპირებს გააგრძელოს ეს ტენდენცია "მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში". Atlas ფლობს მაინინგისთვის საჭირო, 400 მეგავატი სიმძლავრის ინფრასქტუქტურასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს და გეგმავს ნახევარი წლის განმავლობაში კიდევ 1 გიგავატის დამატებას. შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩინელი მაინერების მიგრაციის ფონზე Compute North-მა დააანონსა მონაცემთა ცენტრების სიმძლავრის გაფართოება 1.2 გიგავატამდე. https://tinyurl.com/25359ka6
  12. Guardian Mag-ის ინფორმაციით, Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინგერმა HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდიები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით წარმოებული ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების წილის გაზრდის თვალსაზრისით. ფოტოს წყარო: Intel თუკი ადრე შეერთებულ შტატებს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა მსოფლიოში ჩიპების წარმოების მოცულობის მესამედზე, ახლა იგი მხოლოდ 12%-ით კმაყოფილდება. სწორედ შიდა წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში მდგომარეობს ხელისუფლების მხრიდან სუბსიდირების მისია, როგორც Intel-ის ხელმძღვანელი თვლის: „ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, ჩვენი პროდუქცია იყოს აზიასთან შედარებით 30 ან 40%-ით ძვირი“. კორპორაცია მზადაა ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯოს საკუთარი წარმოების გაზრდისთვის, თუმცა ხელისუფლების მხარდაჭერით ამას Intel სწრაფად მოახერხებს. რეალურად, გელსინგერის აზრით, აშშ-ის კანონმდებლების მიერ გამოყოფილი 52 მილიარდი აშშ დოლარი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მომავალ წლებში აზიელ კონკურენტებს დაეწიოს. სამომავლოდ ასეთი სუბსიდიების ორი რაუნდი იქნება საჭირო - აცხადებს Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი. https://tinyurl.com/yh22c2xe
  13. აშშ-ის ნევადას შტატის ოლქ კლარკის ხელისუფლებამ ილონ მასკის კუთვნილ კომპანია Boring Company-ს გვირაბების სისტემა Vegas Loop-ის მშენებლობის ნებართვა მისცა, რომლებშიც მუდმივად იმოძრავებენ Tesla-ს ელექტრომობილები. 51 სადგურისგან შემდგარი მიწისქვეშა სისტემა გააერთიანებს გვირაბებს, რომელთა საერთო სიგრძე 47 კილომეტრია. twitter.com/ClarkCountyNV კომპანიამ ახლა უნდა მიიღოს მთელი რიგი ტექნიკური ნებართვები ადგილობრივი მარეგულირებლებისგან. პროექტი Boring Company არსობრივად წარმოადგენს მეტროს უფრო „ექსკლუზიურ“ ალტერნატივას, მასში მატარებლების ნაცვლად უპილოტო ავტომობილები იმოძრავებენ. კომპანიის პრეზიდენტ სტივ დევისის თქმით Vegas Loop-ის შექმნა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. აგებული სადგურები დაუყოვნებლივ შევა ექსპლუატაციაში. პროექტის რეალიზაციის პირველ ექვს თვეში Boring გეგმავს 5-10 სადგურის აშენებას, შედეგად ექსპლუატაციაში ყოველწლიურად 15-20 სადგური შევა. კომპანია მშენებლობის დასრულებას სამი წლის ვადაში ფიქრობს. Boring Company-ს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, თუ რამდენად ეფექტური იქნება Vegas Loop სისტემა მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა დასრულდება. მოსალოდნელია, რომ მისი მეშვეობით მოხდება საათში 57 ათასი მგზავრის ტრანსპორტირება, ამასთან ელექტრომობილები მგზავრებს არ აიყვანენ შუალედურ სადგურებზე, არამედ გაჩერების გარეშე მიიყვანენ მგზავრს საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე. კომპანია ყოველთვის ვერ ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ადრე აცხადებდნენ, რომ ლას-ვეგასში უკვე მოქმედი მიწისქვეშა LVCC სისტემა საათში 4400 მგზავრს გადაიყვანდა, თუმცა უახლესი ცნობებით ჯერჯერობით უზრუნველყოფილია მხოლოდ 675-მდე მგზავრის ტრანსპორტირება. https://tinyurl.com/4rzj8xz5
  14. ს მოუწოდა შეაჩეროს საფულე Novi-ს პილოტი ამერიკელი სენატორების ჯგუფმა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაასრულოს ციფრული საფულე Novi-ს პილოტი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შემოიტანოს Stablecoin Diem ბაზარზე. ბრაიან შაცმა, შეროდ ბრაუნმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ელიზაბეტ უორენმა და ტინა სმიტმა ღია წერილში გამოხატეს "მკაცრი წინააღმდეგობა Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტისა და ციფრული საფულის გამოშვების განახლებულ ძალისხმევასთან მიმართებაში". კანონმდებლებმა გაიხსენეს, რომ კომპანიამ არაერთხელ აიღო ვალდებულება - არ გამოეშვა ციფრული ვალუტა ფედერალური ფინანსური მარეგულირებლების თანხმობის გარეშე. „დარწმუნებების მიუხედავად Facebook კვლავ ახდენს გეგმების რეალიზებას მკაცრ ვადებში ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით და უკვე აამოქმედა საპილოტე პროექტი ქსელის საგადახდო ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა ეს ყველაფერი შეუთავსებელია ფინანსური რეგულირების რეალურ ლანდშაფტთან - არა მხოლოდ Diem-ის, არამედ საერთოდ Stablecoin-ებისთვის“ - განაცხადეს პოლიტიკოსებმა. მათ აღნიშნეს, რომ თანხის გადარიცხვის ნებართვის მიღება თითქმის ყველა შტატში არ არის „აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის ეკვივალენტური“. ფედერალური სააგენტოები მხოლოდ იმ რისკებს სწავლობენ, რასაც Stablecoin-ები უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას და განიხილავენ მათი აღმოფხვრის გზებს, - ხაზი გაუსვეს პოლიტიკოსებმა. ასევე, მათი აზრით, Facebook-ს არ წარმოუდგენია „დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება“, თუ როგორ შეუშლის ხელს Diem-ის გამოყენება უკანონო ფინანსურ საქმიანობას. სენატორებმა გაიხსენეს სოციალური ქსელის ალგორითმების მუშაობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალი და განაცხადეს, რომ მოგებისკენ სწრაფვისას კომპანია გულგრილია იმ ზიანის მიმართ, რასაც მისი პროდუქტები აყენებს მომხმარებლებს. „არ შეიძლება Facebook-ს მიენდოს საგადახდო სისტემის ან ციფრული ვალუტის მართვა იმ დროს, როდესაც მისი არსებული შესაძლებლობები რისკების მართვისა და მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სრულიად არასაკმარი აღმოჩნდა,” - ნათქვამია წერილში. კორპორაციამ ახლახანს გამოაცხადა, რომ დაიწყო საფულე Novi-ს საპილოტე ტესტირება აშშ-სა და გვატემალაში Paxos-ის Stablecoin USDP-ის გამოყენებით. Facebook-ის საგადახდო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი დევიდ მარკუსი ამჯერადაც ირწმუნებოდა, რომ Diem-ს აამოქმედებენ მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემდეგ. Stablecoin-ის შექმნაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაცია Diem Association-მა სენატორების წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ პილოტს Diem-თან კავშირი არ აქვს. კანონმდებლებს აგრეთვე შეახსენეს, რომ Facebook ასოციაციის ათეულობით წევრთაგან ერთ-ერთია და არასწორია ციფრული ვალუტის პროექტთან მისი პირდაპირი დაკავშირება. რაც შეეხება Stablecoin-ის უკანონო ფინანსურ საქმიანობებში გამოყენების საფრთხეს, Diem Association-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ FinCEN-მა დადებითი დადებითი გამოხმაურება მიანიჭა Diem-ის კონტროლის სისტემას. ადრე მარკუსი ვარაუდობდა, რომ გლობალური მარეგულირებლები Stablecoin-ის გამოშვებისთვის დაბრკოლებებს 2021 წელს მოხსნიდნენ. https://tinyurl.com/bcaadffe
  15. მიმდინარე წლის ზაფხულში SK Hynix-მა განაცხადა, რომ მუშაობდა HBM3 ტიპის მეხსიერების შექმნაზე, ამჯერად კი გამოუშვა პრეს-რელიზი ამ პროცესის დასრულების შესახებ. მთავარი საინფორმაციო მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა კონკურენტების უკან ჩამოტოვების ფაქტი ახალი ტიპის მეხსიერების შექმნით, რომელიც გამოყენებული იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილ პლატფორმებზე. ვიდეო დაფების სეგმენტში HBM3 ტიპის მეხსიერების გამოყენების შესახებ ხსენებულ პრეს-რელიზში არაფერი თქმულა. ფოტოს წყარო: SK hynix HBM3 ტიპის მეხსიერება გამოირჩევა 78%-ით გაზრდილი სიჩქარით HBM2E ტიპთან შედარებით - შესაბამისი მაჩვენებელი 819 გბ/წმ-მდე გაიზარდა. HBM3-ის სტეკში ერთი კრისტალის სისქე არ აღემატება 30 მიკრონს - ეს არის A4 ფორმატის სტანდარტული ფურცლის სისქის დაახლოებით მესამედი. ერთ სტეკზე შესაძალებელია განთავსდეს 12-მდე ფენა, რომელთაგან თითოეული მათგანის მოცულობა 24 გბ იქნება. უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად წარმოდგენილი იქნება ჩიპები 16 გბ-მდე მოცულობით. შეცდომების კორექციის ინტეგრირებული მექანიზმი აამაღლებს იმ სისტემების მუშაობის საიმედოობის დონეს, რომელბშიც ზემოთხსენებული ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. SK Hynix-ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, როდის დაიწყება HBM3 მეხსიერების მიწოდება პირველი მომხმარებლებისთვის. https://tinyurl.com/yk95m4yp
  16. ჯერ კიდევ აგვისტოში Google-მა დააანონსა საფირმო მობილური ერთკრისტალიანი პლატფორმა Tensor. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ ახალ ჩიპს ექნება ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობები, რაც გააუმჯობესებს გამოსახულების და ხმის დამუშავებას მომავალ სმარტფონებში. კომპანიამ ამჯერად ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 ახალი SoC-ის ბაზაზე და ისაუბრა მის მახასიათებლებსა და შესაძლებლობებზე. engadget.com Google-ს არ გაუხმაურებია ყველა დეტალი Tensor-ის შესახებ და მხოლოდ შემოიფარგლა ფრაზებით, თუ როგორი შთამბეჭდავია ეს პროდუქტი. ჩიპის პარამეტრები რესურს Engadget-მა გაახმაურა. ცნობილია, რომ Tensor არის 5-ნანომეტრიანი ჩიპსეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული. მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობისთვის განკუთვნილია მაღალი წარმადობის TPU (Tensor Processing Unit). მისი მახასიათებლები და წარმადობის შესახებ ინფორმაციაც არ გახმაურებულა, თუმცა Google-მა გამოაცხადა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მთელი რიგი ფუნქციები, ასე რომ TPU მძლავრი უნდა იყოს. რვაბირთვიან ჩიპში მოცემულია ორი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.8 გჰც. ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მის კონკურენტ Snapdragon 888-ს მხოლოდ ერთი ასეთი ბირთვი აქვს. დანარჩენი კლასტერები კი წარმოდგენილია შედარებით მოძველებული ბირთვებით, რომლებიც გასული წლის ჩიპებში გვხვდება. ესენია ორი საშუალო დონის ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2.25 გჰც და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 ბირთვი, რომელთა სიხშირეა 1.8 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GPU Mali-G78. engadget.com Google-მა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალი ჩიპის ენერგოეფექტურობაზე. კონკურენტებთან შედარებით Tensor გამოიყენებს გაცილებით მცირე ენერგიას ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა შეტყობინებებისა და ვიდეოს რეალურ დროში თარგმნა ფუნქცია Live Translate-ის მეშვეობით, ტექსტის შეყვანა ხმოვანი ბრძანებებით და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვა ამოცანები, განაცხადა Google-მა. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საფირმო ჩიპსეტის CPU Pixel 6 სმარტფონს უზრუნველყოფს 80%-ით მეტი წარმადობით Pixel 5-თან შედარებით, რომელიც Snapdragon 765G-ზეა დამყარებული. გრაფიკული წარმადობა კი 370%-ით გაიზარდა. Tensor სმარტფონებს აგრეთვე უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებითი დონით, რადგან იგი იმუშავებს Titan M2 ჩიპთან ერთად, რომელიც იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს. საერთო ჯამში, Tensor გთავაზობთ ყველაფერს, რასაც ელოდებით ახალი ფლაგმანური ჩიპსეტისგან. როგორ წარმოაჩენს თავს ჩიპი რეალურ პირობებში, ცნობილი გახდება Pixel 6-ის პირველი ტესტების შემდეგ. https://tinyurl.com/2w2mbjxu
  17. კრიპტოვალუტების მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი აქვთ ინდონეზიის, ჩილესა და არგენტინის მაცხოვრებლებს. ამგვარ დასკვნას შეიცავს ბლოკჩეინ-განათლების სფეროში მოქმედ სტარტაპ Coinformant-ის რეიტინგი. ანალიტიკოსებმა ქვეყნების რეიტინგები შეადგინეს ოთხი ფაქტორის საფუძველზე: საძიებო მოთხოვნების რაოდენობა Google-ში; ციფრული აქტივებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობა; კრიპტოვალუტის მფლობელების წილი მოსახლეობაში; სპეციალიზებულ კონტენტზე კლიკების რაოდენობა. თითოეულ ქვეყანას მიენიჭა 10-მდე ნორმალიზებული ქულა თითოეული ფაქტორისთვის, რის შემდეგაც იქნა მიღებული მათი საშუალო მაჩვენებელი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდონეზიამ დააფიქსირა (5.73). ჩილე მეორე ადგილზეა (5.26), არგენტინა (4.79) მესამეზე. საძიებო მოთხოვნების რაოდენობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი შეფარდებითი ზრდა დააფიქსირა ჩილემ (707%), პუბლიკაციების რაოდენობის მხრივ - ფინეთმა (725.7%), ჩართულობის ხარისხით - ინდონეზიამ (1772%). მთელი მოსახლეობიდან კრიპტოვალუტების მფლობელთა წილის მიხედვით თვალსაჩინო ლიდერი აღმოჩნდა უკრაინა 12.73%-იანი მაჩვენებლით, მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმის მხრივ სინგაპურია 9.04%-იანი წილით. საერთო რეიტინგში უკრაინამ 3.57 ქულით რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა. სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნები რეიტინგში არ არიან წარმოდგენილი. წყარო: Coinformant. უკრაინისა და რუსეთის მაცხოვრებლებმა დაიკავეს შესაბამისად მე-4 და მე-18 ადგილები Chainalysis-ის 2021 წლის კრიპტოვალუტის აღიარების ინდექსის რეიტინგში. მანამდე ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ევროპა გახდა ერთ -ერთი ლიდერი არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებული კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობით. https://tinyurl.com/2h3nx284
  18. Apple-მა ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა კომპანიის ახალი პროდუქტები. უპირველეს ყოვლისა, ესენია ფლაგმანური ლეპტოპები MacBook Pro 16" და MacBook Pro 14" Apple-ის ახალი საფირმო პროცესორებით, განახლებული დიზაინით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების ფართო ნაკრებით. ამასთან, MacBook Pro 14 სრულიად ახალი მოწყობილობაა - ამ დრომდე ამ ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Apple-ს არ გამოუშვია. ფოტო: Apple MacBook Pro-ს ამჟამინდელი განახლება უდიდესია Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპებისთვის 2016 წლის შემდეგ. წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი წარმოების ერთკრისტალიანი სისტემის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი MacBook Pro 14 სტანდარტულად წარმოდგენილია მხოლოდ Apple M1 Pro ჩიპით, თუმცა ოფციის სახით შესაძლებელია Apple M1 Max-ის არჩევაც. ცენტრალურ პროცესორ Apple M1 Pro-სა და M1 Max-ში გაერთიანებულია 10 ბირთვი, რომელთაგან რვა არის მაღალი წარმადობის, ორი კი - ენერგოეფექტური. მაღალი წარმადობის ბირთვები გამოიყენება რთული ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად ვიდეოს დამუშავებისთვის, ენერგოეფეტური ბირთვები კი - ისეთი მარტივი ამოცანების დამუშავებისას, როგორიცაა ინტერნეტში მუშაობა. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ლეპტოპები გახდეს უფრო ავტონომიური, თუმცა ამავე დროს მაღალი წარმადობის. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი გახდა მნიშვნელოვნად ძლიერი იმასთან შედარებით, რაც მოცემულია გასული წლის Apple M1 ჩიპში. Apple M1 Pro ჩიპში გრაფიკას გააჩნია 16 ბირთვი (2048 ნაკადური პროცესორი), Apple M1 Max-ში კი მოცემულია 32 ბირთვი (4096 ნაკადური პროცესორი). ორივე ჩიპში წარმოდგენილია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი, რომელიც ამუშავებს მანქანურ სწავლებასა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. Apple M1 Pro ჩიპის ერთ ფირფიტაზე განლაგებულია 32 გბ-მდე მოცულობის LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება 200 გბ/წმ-მდე სიჩქარით. უფროს მოდელ Apple M1 Max-ს აქვს 64 გბ ოპერატიული მეხსიერება სიჩქარით 400 გბ/წმ. ფოტოს წყარო: Apple საინტერესოა, რომ MacBook Pro 14-ის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას ექნება პლატფორმა Apple M1 Pro-ს შემცირებული ვერსია. ათი CPU ბირთვის ნაცვლად მასში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 8 (6 მძლავრი და 2 ენერგოეფექტური ბირთვი), აგრეთვე მასში მოცემული იქნება გრაფიკული პროცესორი 16-ის ნაცვლად 14 ბირთვით. რამდენად შესამჩნევად აისახება ეს წარმადობაზე, ჯერჯერობით უცნობია. ფოტო: Apple წარმადობის თვალსაზრისით სრულფასოვანი Apple M1 Pro ვერსია 70%-ით აღემატება გასული წლის M1 ჩიპს. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი პროცესორი 70%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე 8-ბირთვიანი მობილური პროცესორები, რომლებიც სხვა ვენდორების მიერ გამოიყენება კომპიუტერებში. ინტეგრირებულ გრაფიკას აქვს ძალიან მაღალი დონის წარმადობა და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დისკრეტულ ვიდეო დაფებს. ცალკე ყურადღებას იმსახურებს MacBook Pro-ში ახალი დისპლეების გამოჩენა. MacBook Pro 14-ში გამოიყენება 14.2-დუიმიანი Mini LED პანელი 3024 × 1964 გაფართოებით, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და მაქსიმალური 1600 კდ/მ²-მდე სიკაშკაშით. გასული თაობის ლეპტოპებს ჰქონდათ IPS Retina პანელები. Mini LED დისპლეის ახასიათებს სიკაშკაშის უფრო მაღალი დონე, საუკეთესო ფერთა გადმოცემა და ენერგოეფექტურობა. MacBook Pro-ს კიდევ ერთი მახასიათებელია Touch Bar პანელის არარსებობა, რომელიც Apple-ის ლეპტოპებში 2016 წლიდან იყო წარმოდგენილი. ავტონომიურობაზე პასუხისმგებელია ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 17 საათამდე უწყვეტ მუშაობას. აღსანიაშნავია Apple-ის გადაწყვეტილება ლეპტოპებში ზოგიერთი კონექტორის დაბრუნების შესახებ. გასული თაობის პორტატულ კომპიუტერებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ USB Type-C პორტი, რაც ართულებდა მოწყობილობების დაკავშირებას სხვა ინტერფეისებთან, ამჯერად მას დაემატა HDMI კონექტორი და სლოტი SD ბარათისთვის. დამუხტვისთვის ამჯერად გამოიყენება მოდიფიცირებული მაგნიტური კონექტორი MagSafe. მხარდაჭერილია სწრაფი დამუხტვა. რაც შეეხება ახალი MacBook Pro 14-ის ფასს, საბაზისო მოდელის ფასია 1999 აშშ დოლარი, ყველაზე მოწინავე მოდელისა კი - 5899 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4hmbc735
  19. დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ Intel Alder Lake პროცესორების ანონსი მიმდინარე თვეში შედგებოდა. ამჯერად გამოჩნდა ანონსის თარიღის, აგრეთვე მიმოხილვებზე ემბრაგოს მოხსნის ოფიციალური დადასტურება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტის სახით, რომელზე წვდომა მიიღო პორტალ Wccftech-მა. წყაროს თანახმად, კომპანია Intel Alder Lake დესკტოპ ჩიპების ტოპ-ვარიანტებს წარადგენს ღონისძიება Innovation event-ზე 27 და 28 ოქტომბერს. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე Intel დეტალურად ისაუბრებს Core i9-12900K, 12900KF, Core i7-12700K, 12700KF, Core i5-12600K და Core i5-12600KF პროცესორების მახასიათებლებზე, ფასებსა და წარმადობაზე. კომპანია აგრეთვე ისაუბრებს პლატფორმა Z690-ის ძირითად მახასიათებლებზე. H670, B660 და H610 პროცესორებისა და ჩიპსეტების დანარჩენი ხაზი სავარაუდოდ CES 2022-ზე დაანონსდება. ზემოთხსენებული პროცესორები Z690 დედა დაფებთან ერთად 4 ნოემბრიდან გაიყიდება, ამავე დროს მოეხსნება ემბარგო პროცესორების მიმოხილვას. შეგახსენებთ, რომ სამომავლო პლატფორმა მომხმარებლებს შესთავაზებს ჰიბრიდულ პროცესორებს მაღალი წარმადობის Golden Cove ბირთვებისა და ენერგოეფექტური Gracemont ბირთვების კომბინაციით. გარდა ამისა, Alder Lake პროცესორების სერიას ექნება DDR5 ოპერატიული მეხსიერებისა და უახლესი PCIe Gen 5 ინტერფეისის მხარდაჭერა, მაგრამ მხოლოდ იმ დედა დაფებთან ერთად, რომლებიც დაფუძნებულია ფლაგმანურ Z690 ჩიპსეტზე. https://tinyurl.com/56v55m7u
  20. ინსტიტუციონალურმა პლატფორმა Bakkt-მა განაცხადა, რომ დაასრულა SPAC VPC Impact Acquisition Holdings-თან გაერთიანების პროცესი. 18 ოქტომბრიდან დაიწყო მისი აქციებით ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ტიკერით - BKKT. „ბიზნესის გაერთიანების შესახებ გარიგების დასრულება გვაძლევს აუცილებელ კაპიტალს, რათა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ყველაზე უკეთ ვაკეთებთ - ეს ინოვაციებია. ჩვენ კვლავ ორიენტირებულნი ვართ მეტი ფართო პარტნიორული ეკოსისტემის შექმნაზე, აგრეთვე ციფრული აქტივების დიაპაზონის გაფართოებაზე, რომელთაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა Bakkt-ის გენერალურმა დირექტორმა გევინ მაიკლმა. 14 ოქტომბერს VPC Impact Acquisition Holdings-ის აქციონერებმა რიგგარეშე კრებაზე დაამტკიცეს Bakkt-თან შერწყმა. ამომრჩეველთა 85%-მა მხარი დაუჭირა გარიგებას. გარიგებიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 448 მილიონი აშშ დოლარი, თანხები გამოყენებული იქნება პლატფორმის შემდგომი განვითარებისა და მარკეტინგული ძალისხმევისათვის. გაერთიანებული კომპანიების ღირებულებაა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი. Bakkt-მა SPAC-თან შერწყმა მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. ინიციატივის ფარგლებში პლატფორმამ გენერალურ დირექტორად დანიშნა გევინ მაიკლი, რომელსაც ადრე Citibank-ის სამომხმარებლო განყოფილების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ფინანსურმა კორპორაცია Intercontinental Exchange-მა, რომელიც NYSE-ს ფლობს, Bakkt წარადგინა 2018 წელს. პლატფორმა განკუთვნილია ოფციონებით ვაჭრობისთვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და მიწოდების Bitcoin-ფიუჩერსებისთვის. მიმდინარე წლის მარტში Bakkt-მა გამოუშვა მობილური აპლიკაცია, რომელიც პირველი კრიპტოვალუტის შენახვის, შეძენის და გაყიდვის საშუალებას იძლევა. ციფრული საფულე ხელმისაწვდომია iOS- და Android-პლატფორმებზე. ივლისში კომპანია Block.One-ის პროექტ EOS-ის ავტორმა, კრიპტო ბირჟა Bullish-ის ოპერატორმა განაცხადა SPAC-თან შერწყმის შესახებ. სტრუქტურების გაერთიანების ღირებულება დაახლოებით 9 მლრდ აშშ დოლარად შეფასდა. https://tinyurl.com/3ay5wpm3
  21. 15 ოქტომბერს Alienware-ს 25 წელი შეუსრულდა. კომპანია 1996 წლიდან დაკავებულია მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემების შექმნით, რომლებიც კონკურენტებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლოდ „შიგთავსით“, არამედ უნიკალური დიზაინით. იუბილესთან დაკავშირებით Alienware-მა განაცხადა, რომ განახლდება ფლაგმანური დესკტოპ კომპიუტერი Aurora, რომელიც კომპანიაში ინოვაციის სიმბოლოდ ითვლება. 2004 წელს Aurora ALX გახდა პირველი გეიმინგ სისტემა, რომელშიც მაღალეფექტური თხევადი გაგრილება იქნა გამოყენებული. წყარო: Alienware, Dell Technologies განახლებულ Alienware Aurora-სთან მიმართებაში კომპანიამ სერიოზულად იმუშავა კონსტრუქციაზე და განაახლა საფირმო დიზაინ Legend-ის კონცეფცია. განხორციელდა შიდა სივრცისა და კომპონენტების რეორგანიზაცია წვდომის გამარტივების მიზნით, გაუმჯობესდა ვენტილაცია და აკუსტიკური მახასიათებლები. Aurora R12-სა და R10-თან შედარებით კორპუსის შიდა სასარგებლო მოცულობა 50%-ით გაიზარდა გარე ზომების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ამჯერად მხარდაჭერილია ოთხ ერთეულამდე 120-მილიმეტრიანი ქულერისა და თხევადი გაგრილების სისტემების მეტი ვარიანტის განთავსების შესაძლებლობა. წყარო: Alienware, Dell Technologies გადაკეთდა ფრონტალური პანელი, ახალი, ფიჭის ფორმის უჯრედული სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის დინების ეფექტურობის ამაღლებას. განახლებული Aurora 16%-ით ნაკლებად ხმაურიანია მოლოდინის რეჟიმში, 9%-ით - დიდ დატვირთვაზე მუშაობისას და 15%-ამდე - აჩქარებისას. ასევე შემცირდა ტემპერატურა, გაიზარდა მაქსიმალური წარმადობა, იდენტურ პირობებში პროცესორის ტემპერატურა შემცირდა 3%-ით, GeForce RTX 3090-ის გრაფიკული ქულა კი 3DMark TimeSpy-ში 5%-ით გაიზარდა. Alienware მომხმარებლებს პირველად სთავაზობს გამჭვირვალე მარცხენა პანელს, რომლის მიღმა ჩანს კომპონენტები და რვაზონიანი რეგულირებადი AlienFX განათება. ახალ კომპიუტერებს აგრეთვე აქვს დამატებითი მაგნიტური სახურავი, რომელიც ფარავს სადენებს და პორტებს უკანა პანელზე. განახლებული Alienware Aurora-ს ფასები და გაყიდვის დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://tinyurl.com/fjmcazev
  22. კომპანია ASUS-მა გამოუშვა ProArt PA329CV მონიტორი, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, კონტენტის შემქმნელებისათვის, დიზაინერებისთვის და ა.შ. მოწყობილობას აქვს 32-დუიმიანი IPS მატრიცა. ფოტოების წყარო: ASUS პანელი შეესაბამება 4K ფორმატს (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს HDR10-ის მხარდაჭერას. ხელმისაწვდომია ფერთა გადმოცემის ქარხნული კალიბრაცია (∆E < 2, Calman Verified), ასევე 100%-იანი sRGB ფერთა გამა და Rec. 709. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 400 სერტიფიკაცია: სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/მ2-ს, კონტრასტულობა - 1000:1-ს, დინამიური კონტრასტულობა - 100 000 000:1-ს. მატრიცის რეაგირების დრო 5 მილიწამია (GTG), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მოდელი ProArt PA329CV აღჭურვილია 2-ვატიანი დინამიკებით, აქვს სტანდარტული აუდიო ჰაბი და USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის 90 ვატი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. აგრეთვე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი და ოთხი USB 3.1 პორტი. სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება 130 მილიმეტრის ფარგლებში. პანელი გამოიყენება ალბომის და პორტრეტის რეჟიმში. https://tinyurl.com/3rzfuanz
  23. Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ (Jack Dorsey) განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია Square აპირებს ააგოს Bitcoin-ის მაინინგის საკუთარი სისტემა. ამისთვის შემუშავდება ახალი აპარატული არქიტექტურა და უფასო პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით. წყარო: reuters.com Square მსგავს მიდგომას უკვე იყენებს Bitcoin-ისთვის განკუთვნილი აპარატული საფულის შექმნასთან მიმართებაში, რომელზე მუშაობა ზაფხულის მიწურულს დაიწყო. მაინინგ-სისტემის შექმნა, რა თქმა, უნდა, ბევრად რთული ამოცანაა - როგორც დორსიმ განმარტა, არასტანდარტული ჩიპების შემუშავება მეტად ძვირი ჯდება. ეს იქნება ახალი სფერო საგადახდო კომპანიისთვის, რომელიც ყოველთვის კრიპტოვალუტების მომხრე იყო. Square-ის ხელმძღვანელს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროვებია დეტალები, თუ როგორ იმუშავებს ახალი სისტემა. პროექტის მთავარი მიზანია მაინინგი უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს მეტი ადამიანისთვის, რამაც შეიძლება გადაჭრას კრიპტოვალუტის მოპოვებასთან დაკავშირებული ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. პირველი გამოწვევა არის ენერგიის ჭკვიანური გამოყენება: მაქსიმალური ეფექტურობა და განახლებადი წყაროები. და ეს მოითხოვს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფაში. დორსი მეორე პრობლემად მიიჩნევს თანამედროვე მაინინგ-სისტემების სირთულის მაღალ დონეს, მათ შორის სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და კომპიუტერის მეშვეობით მაინინგის შემთხვევებში. დორსი დარწმუნებულია, რომ იდეალურ შემთხვევაში თანამედროვე მაინინგ სისტემა მუშაობისთვის მზად უნდა იყოს ქსელში შეერთებისთანავე. დაბოლოს, ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე ბაზრის კიდევ ერთი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ძალიან ცოტა კომპანიაა დაკავებული აპარატული გადაწყვეტილებების შემუშავებით. ეს იწვევს კომპონენტების დეფიციტს და ფასების დაუსაბუთებელ ზრდას. https://3dnews.ru/1051432/dgek-dorsi-reshil-sozdat-sobstvennuyu-sistemu-mayninga-bitkoina
  24. კომპანია MSI-მ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა თიზერი Intel Z690 სისტემურ ლოგიკაზე დამყარებული სამომავლო დედა დაფების ფოტოებით. სურათების ტიპური დიზაინი გვიჩვენებს MEG ACE სერიის დედა დაფას ოქროსფერი ჩანართებით, MAG Tomahawk-ს - სამხედრო სტილის დიზაინით და უცნობ მოდელს MPG სერიიდან, რომელიც უჩვეულო ღია ვერცხლისფერშია წარმოდგენილი. სავარაუდოდ, შეტყობინება გამოქვეყნდა სპეციალურ ღონისძიება The Next Playground-ზე ყურადღების მიპყრობის მიზნით, სადაც შესაძლებელია პირველად გამოჩნდეს კოდური დასახელება Alder Lake-S-ის მქონე მე-12 თაობის სამომავლო Intel Core დესკტოპ პროცესორებისთვის განკუთვნილი ახალი დედა დაფები. ღონისძიება The Next Playground 2 ნოებრისთვისაა დაგეგმილი. იმავდროულად, ენთუზიასტმა Twitter-იდან - @momomo_us-მა შეადგინა MSI-ს (და არა მხოლოდ) მრავალი მომავალი დაფის წინასწარი სია. სტატიის წერის მომენტში ჩამონათვალი მოიცავდა 24 პოზიციას, მათ შორის არის მოდელები წარმოდგენილი ორი ვერსიით, DDR4 ან DDR5 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. ფლაგმანური პროდუქტები ამჟამად სიაში მოცემულია მხოლოდ DDR5 სტანდარტის მხარდაჭერით. წყარო: Twitter @momomo_us https://overclockers.ru/blog/molexandr/show/57721/msi-opublikovala-tizer-s-fotografiyami-treh-materinskih-plat-intel-z690
  25. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Microsoft-მა დაიწყო საკუთარი სისტემის შექმნა კრისტალზე (SoC). ამაზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების განახლებული ჩამონათვალი, რომელშიც გამოჩნდა ცალკრისტალიანი სისტემის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა Surface განყოფილებაში. განცხადებაში მითითებულია აუცილებელი კვალიფიკაცია სამსახურში მიღებისთვის, აგრეთვე გარკვეული მოვალეობები. ფოტოს წყარო: HotHardware განცხადების გამოჩენის მიუხედავად Microsoft-ის გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადება საკუთარი პროცესორის წარმოების დაწყების შესახებ არ გაკეთებულა. ეს არის ვარაუდი, რომელიც შესაძლოა სოფთვეარ-გიგანტის გეგმებს არ ემთხვეოდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი ძალებით პროცესორების წარმოება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა Microsoft-ისთვის. Apple-ის მაგალითი, რომელმაც iPhone-ებისა და iPad-ებისთვის განკუთვნილი საკუთარი პროცესორების წარმოებაში წარმატებას მიაღწია, კარგ ორიენტირს წარმოადგენს. „გატაცებულნი ხართ მოწინავე ტექნოლოგიებითა და გაჯეტებით? Surface-ის გუნდი ნათელს ფენს Microsoft-ის გამოცდილებას მომავალი თაობის მოწყობილობების მეშვეობით. ჩვენი სტრატეგია არის პროდუქტიულობისა და მობილობის შერწყმა ისეთ მოწყობილობებთან, რომლებიც ახალ გამოცდილებას იძლევა, ეხმარება ადამიანებს და ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი შემოქმედება და იყვნენ კრეატიულები “, - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. ფოტოს წყარო: HotHardware განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ ცალკრისტალიანი სისტემების არქიტექტურის განყოფილება მთლიანად პასუხისმგებელია SoC-ის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების განსაზღვრაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება Surface სერიაში. განცხადება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ Microsoft ეძებს თანამშრომელს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს Surface მოწყობილობების პერსონალური პროცესორების და არა საკუთარ SoC-ების შემუშავებას. https://3dnews.ru/1051444/microsoft-veroyatno-rabotaet-nad-sozdaniem-sobstvennogo-protsessora
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.