Magdalena Posted September 21, 2023 Posted September 21, 2023 AMD-მ წარმოადგინა EPYC 8004 სერიის პროცესორები კოდური სახელწოდებით Siena. ჩიპები დამზადებულია ახალი SP6 პროცესორის სოკეტისთვის, აქვს 64-მდე Zen 4c ბირთვი და ექვსარხიანი DDR5 მეხსიერების ქვესისტემა. AMD EPYC Siena პროცესორები შექმნილია პერიფერიული და საკომუნიკაციო სერვერებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან ერთ პროცესორს და საჭიროებენ არა იმდენად მაღალ წარმადობას, არამედ გაუმჯობესებულ I/O შესაძლებლობებსა და ენერგოეფექტურობას. AMD EPYC 8004 Siena პროცესორები შედგება Zen 4c არქიტექტურის 16-ბირთვიანი კრისტალებისგან (ჩიპლეტებისგან). თუმცა მათში გამოყენებულია მხოლოდ ოთხი ასეთი ჩიპლეტი იმ დროს, როდესაც მანამდე გამოსულ EPYC 9004 Bergamo ჩიპებში რვა ასეთი ჩიპლეტი იყო წარმოდგენილი, ხოლო I/O კრისტალები იგივეა. ახალ ჩიპებში მოცემულია 8-დან 64-მდე ბირთვი (128-მდე ნაკადი) ტაქტის სიხშირით 2.0-დან 3.1 გჰც-მდე, მათი სტანდარტული TDP-ის დონე 80-დან 200 ვატამდეა. ამავე დროს, შესაძლებელია ამ პროცესორების კონფიგურირება 225 ვატამდე მუშაობისთვის, ასევე ენერგომოხმარების 70 ვატამდე შემცირებისთვის. Zen 4 ბირთვებისგან Zen 4c განსხვავდება უფრო მჭიდრო განლაგებით, რის გამოც მათი ტაქტის სიხშირე შედარებით დაბალია, აგრეთვე შემცირებულია მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა: Zen 4c-ის 32 მბ L3 ქეში ნაწილდება 16 ბირთვზე, Zen 4-ის შემთხვევაში კი - რვა ბირთვზე. მიუხედავად იმისა, რომ Zen 4c ზომით ნაკლებია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს სრულფასოვან Zen 4 ბირთვთან შედარებით, მასზე მხარდაჭერილია ინსტრუქციების ანალოგიური ნაკრები, მაგალითად მას შეუძლია მუშაობა AVX-512 აპლიკაციებთან. AMD EPYC 9004 სერიის პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ წარმადობას, თუმცა ახალი AMD EPYC 8004 სერია იქნება უფრო იაფი და ენერგოეფექტური. AMD ამტკიცებს, რომ კონკურენტ Intel Xeon Platinum 8490H-სა და Xeon Platinum 8471N-თან შედარებით Siena უზრუნველყოფს წარმადობა/ვატის დაახლოებით ორმაგ უპირატესობას SPECpower_ssj 2008 ტესტებში. AMD-ის ტესტების მიხედვით პროცესორი EPYC 8324P აფიქსირებს 16%-ით მაღალ წარმადობას ბირთვზე ვიდეოს კოდირების ამოცანებში 32-ბირთვიან Intel Xeon 6421N-თან შედარებით. აგრეთვე, AMD-ის ახალი პროცესორები უზრუნველყოფენ უფრო მაღალ (1.8-ჯერ მეტ) ბირთვის სიმკვრივეს სტეკზე Intel-ის ჩიპებთან შედარებით უფრო დაბალი (1.4-ჯერ ნაკლები) ენერგიის მოხმარებით. ახალი AMD EPYC 8004 პროცესორები დამზადებულია ახალ SP6 სოკეტზე, რომელიც უფრო კომპაქტურია EPYC 9004-სერიაში გამოყენებულ SP5-თან შედარებით. SP6-ის ზომაა 75.4 × 58.5 მმ და აქვს 4844 კონტაქტი, SP5-ის ზომაა 75.4 × 72 მმ და მასში 6096 კონტაქტია. ამის გამო ახალ სერიას აქვს მეხსიერების ექვსარხიანი კონტროლერი, EPYC 9004 სერიას კი - 12-არხიანი. PCIe 5.0 არხების რაოდენობაც შემცირებულია 128-დან 96-მდე, ამასთან ახალი პროცესორების 48 არხს აქვს CXL 1.1+ პროტოკოლის მხარდაჭერა თანამედროვე ამაჩქარებლებისთვის (ხელოვნური ინტელექტისა და სხვა აპლიკაციებისთვის) და/ან მეხსიერების გაფართოებისთვის. „ახალი EPYC 8004 სერიის პროცესორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ AMD-ის ლიდერობას ერთსოკეტიან პლატფორმებში, გვთავაზობენ პროცესორის ენერგოეფექტურობის აღმატებულობას კორპუსში, რაც აკმაყოფილებს სივრცითა და ენერგომოხმარებით შეზღუდული ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს“, - განაცხადა AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სასერვერო განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა დენ მაკნამარამ. AMD აცხადებს, რომ EPYC 8004 Siena პროცესორები უკვე ხელმისაწვდომია Dell-ის, Lenovo-სა და Supermicro-ს ახალ Edge-სერვერებში. ახალ პროცესორებზე ასევე მხარდაჭერილია Ericsson და Microsoft Azure. AMD EPYC 8004 Siena პროცესორების გამოშვებით კომპანიამ დასრულებული სახე მისცა მე-4 თაობის EPYC ჩიპების პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს Genoa ჩიპებს ზოგადი დანიშნულების სერვერებისთვის, მაღალი წარმადობის გამოთვლების Genoa-X HPC-ს, ქლაუდ Bergamo-ს და „ინტელექტუალურ“ Siena ჩიპებს. „AMD-მ გამოუშვა მონაცემთა ცენტრის პროცესორების მრავალი თაობა, რომლებიც უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ ეფექტურობას, წარმადობას და ინოვაციას“, - აღნიშნა მაკნამარამ. „ახლა, როდესაც მე-4 თაობის EPYC პროცესორების პორტფოლიო დასრულებულია, ეს ლიდერობა გაგრძელდება სამუშაო დატვირთვების ფართო სპექტრში - დაწყებული კორპორატიული და ქლაუდ გამოთვლებიდან - ინტელექტუალურ გამოთვლებამდე, ტექნიკურ გამოთვლებამდე და ა.შ.“ https://tinyurl.com/2x7adv45 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.