Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ხელოვნურად შეფერილ ფოტოზე წარმოდგენილია ე.წ. „მარსის მტვრის ეშმაკების“ ნაკვალევი. სხვა მრავალ ფოტოსთან ერთად ეს ფოტო გადაიღო ევროპულმა მოდულმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა. გადაღებათა ნაწილი უკვე გამოქვეყნდა ფართო საზოგადოებისთვის. ExoMars Trace Gas Orbiter (TGO) მარსისკენ 2016 წლის ოქტომბერში გაემგზავრა, თუმცა მის ახლო ორბიტას მხოლოდ 2018 წლის თებერვალს მიაღწია, სამეცნიერო მოღვაწეობა კი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. პროექტს მართავს ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და Роскосмос-ი, რომელთა ერთობლივ მიზანს წარმოადგენს ეძებონ მეთანი, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება უკეთ შეიცნონ წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობა. TGO-ს მთავარ ღირსებას წარმოადგენს კამერა Surface Imaging System (CaSSIS), რომელიც ორბიტიდან მარსის გამოსაკვლევად გამოიყენება. CaSSIS უნიკალურია იმით, რომ შეუძლია გადაიღოს კრისტალურად სუფთა და მკაფიო ფოტოები. ხელოვნურად დადებული შეფერილობით გამოხატულია მარსის ობობისმაგვარი რეგიონი Terra Sabaea. სინამდვილეში ეს არის ნაკვალევები, რომლებიც რჩება „მტვრის ეშმაკებისგან“ - მარსისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენისგან. ESA-ს წარმომადგენელთა აზრით ეს ქსელი ასობით ან ათასობით პატარა მარსული ტორნადოსგანაა შექმნილი. გამოსახულება წარმოდგენილია ფერების კომბინაციით, რათა უკეთ იყოს აღქმადი ზედაპირის თავისებურება. მისი რეალური ფერი ESA-ს განცხადებით, არის მუქი წითელი, რადგანაც „მტვრის ეშმაკები“ სუფთა მასალებს იღებენ ზედაპირიდან. იხილეთ სხვა ფოტოები: მარსის მარილიანი სულფატები დიუნები მარსის სამხრეთ პოლუსის ტალღოვანი ზედაპირი https://hi-news.ru/space/evropejskij-orbitalnyj-modul-sfotografiroval-volosatogo-sinego-pauka-na-marse.html
  2. კოსმოსურ მოგზაურობამდე და მას შემდეგ გადაღებულმა ასტრონავტების ტვინების სკანირებამ აჩვენა თეთრი ნივთიერების ცვლილება იმ სფეროებში, რომლებითაც კონტროლდება მოძრაობა და მუშავდება სენსორული ინფორმაცია. მდგომარეობის გაუარესება დაბერების თანამდევი პროცესის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფად მიმდინარეობს. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეიძლება აიხსნას, ზოგიერთ ასტრონავტს რატომ აქვს დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კოორდინაციის პრობლემები - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი რეიჩელ სეიდლერი. საინტერესო ის არის, რომ ტვინის ნივთიერების ცვლილება უფრო მეტად გამოხატულ იქნა იმ პირებში, ვისი კოსმოსური მისიებიც ხანმოკლე იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვარაუდი, რომ ადამიანის ტვინს აქვს ადაპტირების უნარი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. კოსმოსური დაავადების სიმპტომები კვლევის ფარგლებში შემოწმდა NASA-ს 15 ასტრონავტის დასკანერებული ორგანოები. სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ ცერებრალური სითხე გროვდებოდა თავის ტვინის ფუძეში კოსმოსური ფრენის შემდეგ. ასტრონავტების ტვინის ადგილმდებარეობა თავის ქალაში იყო სტრანდარტულზე შედარებით მაღლა მიკროგრავიტაციიდან გამოსვლის შემდეგ. „ვიცით, რომ კოსმოსში ყოფნისას თავში სითხე ირევა“ - აცხადებს სეიდლერი. „როდესაც უყურებთ ასტრონავტების ფოტო-ვიდეოებს, მათი სახეები ხშირად შესიებულივით გამოიყურება, რადგანაც გრავიტაციას ვერ ჩაჰყავს სითხე სხეულის ქვედა ნაწილში“. მისი სიტყვებით, იგივე გავლენა შეიძლება იყოს ცერებრული სითხის თავის ქალაში მოხვედრის შემთხვევაშიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ნეიროოკულარული სინდრომის გამოვლინებას, როდესაც მხედველობის ნერვი გადაიხრება და მხედველობა იცვლება. თეთრი ნივთიერების ბალანსის პრობლემა, როგორც წესი, გვარდება დედამიწაზე დაბრუნებიდან რამოდენიმე კვირაში, თუმცა ტვინში გამოწვეული ცვლილებები გაცილებით დიდხანს ნარჩუნდება. სამომავლო კვლევებში სეიდლერი და მისი კოლეგები გეგმავენ შეაფასონ სკანირების შედეგები ექვსთვიანი კოსმოსური ფრენების შემდეგ, რათა იხილონ რამდენ ხანს ნარჩუნდება ცვლილებები და კონკრეტულად რა იწვევს მათ. https://hi-news.ru/space/mozgi-kosmonavtov-tozhe-plavayut-v-nevesomosti.html
  3. White Hat ჰაკერებმა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში აღმოაჩინეს 40-ზე მეტი ბაგი კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-პლატფორმებზე - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო The Next Web (TNW). TNW-ის კვლევის თანახმად, რომელიც ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული, 13 თებერვლიდან 13 მარტამდე დაფიქსირდა 13 კომპანიის ხელყოფა - ჯამში 43 შეტყობინება დაუცველობის შესახებ. ბლოკჩეინის სფეროში ელექტრონული სპორტის გეიმინგ-პლატფორმა Unikrn-ის შემთხვევაში, როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი მოხსენება (12 შემთხვევა) დაფიქსირდა ხელყოფის შესახებ. მას მოსდევს OmiseGo დეველოპერი 6 შემთხვევით. მესამე ადგილზეა EOS – 5 შემთხვევით. Tendermint-ის კონენსუსის ალგორითმი და P2P ქსელური პროტოკოლი ოთხჯერ აღმოჩნდა დაუცველი. მას მოჰყვება ბაზრის პროგნოზირების დეცენტრალიზებული პროტოკოლი Augur-ი და სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა Tezos, თითოეული მათგანის შემთხვევაში სამ-სამი შემთხვევა მოხდა. შეტყობინებების თანახმად, ანონიმურობაზე ორიენტირებულმა კრიპტოვალუტებმა - Monero, ICON და MyEtherWallet-მა წარადგინეს ორ-ორი მოხსენება თითოეულის შემთხვევაში. მსხვილ ამერიკულ კრიპტო ბირჟა Coinbase-მა და ბლოკჩეინ-ბრაუზერის - Brave Software-ის მწარმოებელმა კომპანიამ თითოჯერ მიიღეს შეტყობინება დაუცველობის შესახებ. ჰაკერებმა საერთო ჯამში 23 675 დოლარი მიიღეს თავიანთი ძალისხმევის გასამრჯელოს სახით. კომპანიებიდან ყველაზე მეტი თანხა - 8 500 დოლარი Tendermint-მა გადაიხადა. EOS-მა 5500 დოლარი გასცა ჯილდოდ, Unikrn-მა - 1375 დოლარი. TNW აცხადებს, რომ მცირე ოდენობის თანხა იმაზე მეტყველებს, რომ ბაგები არ აღმოჩნდა კრიტიკულად სახიფათო. საპირისპიროდ, EOS-მა ათიათასობით დოლარით დააჯილდოვა white hat-ჰაკერები, რომლებმაც კრიტიკული ხელყოფა აღმოაჩინეს პლატფორმაზე. მიმდინარე კვირაში hardware-საფულეების მსხვილმა მწარმოებელმა Ledger-მა აღმოჩინა დაუცველობა თავისი პირდაპირი კონკურენტის - Trezor-ის მოწობილობებში. სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია Trezor-ის მოწყობილობების იმიტირება, თუკი მოხდება შენიღბვა მალვეარ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. Trezor-ის რეაგირებას რაც შეეხება, კომპანიამ განაცხადა, რომ Ledger-ის მიერ გამოვლენილი არც ერთი სისუსტე არ წარმოადგენს კრიტიკულ საფრთხეს აპარატული საფულეებისთვის. მისი წარმომადგენლის თქმით, ვერც ერთი მათგანი ვერ იქნება გამოყენებული დისტანციურად, რადგანაც შეტევის განხორციელებისთვის საჭიროა „ფიზიკური წვდომა მოწყობილობასთან, სპეციალური აღჭურვილობა, დრო და ტექნიკური ცოდნა“. https://cointelegraph.com/news/report-over-40-bugs-in-blockchain-and-crypto-platforms-detected-over-past-30-days
  4. Nvidia-მ გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათი GTX 1660, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო შემცირდა ფასები იმ მსურველთათვის, ვისაც გრაფიკული პროცესორის შეძენა სურს. ეს მოდელი 199-დან 219 აშშ დოლარამდე ღირს და მის მოდელებს Nvidia-ს პარტნიორი მწარმოებლები - Evga, Asus და სხვებიც გამოუშვებენ. GTX 1660 მოდელი Nvidia GTX 1660 Ti-ს ჩამორჩება წარმადობისა და ფასის თვალსაზრისით. ახალი ბიუჯეტური ბარათი აგებულია Turing-ის ეფექტურ არქიტექტურაზე, თუმცა ფასიდან გამომდინარე, ბარათს არ აქვს DLSS და Ray Tracing-ის მხარდაჭერა (ორივე მათგანი ექსკლუზიურია RTX 20 სერიის ვიდეო ბარათებისთვის). 279 დოლარიან GTX 1660 Ti-სთან შედარებით უფრო იაფი მოდელი კი წარმოდგენილია უფრო ნელი GDDR5 ვიდეომეხსიერებით და ნაკლები CUDA ბირთვით. მწარმოებელი NVIDIA მოდელი GeForce GTX 1060 3 გბ GeForce GTX 1060 6 გბ GeForce GTX 1660 GeForce GTX 1660 Ti GeForce RTX 2060 GeForce RTX 2070 გრაფიკ. პროც. დასახელება GP106 GP106 TU116 TU116 TU106 TU106 მიკროარქიტექტურა Pascal Pascal Turing Turing Turing Turing ტექნოპროცესი, ნმ 16 ნმ FinFET 16 ნმ FinFET 12 ნმ FFN 12 ნმ FFN 12 ნმ FFN 12 ნმ FFN ტრანზისტორების რაოდ. (მლნ) 4 400 4400 6 600 6 600 10 800 10 800 ტაქსის სიხშირე, მჰც: Base Clock / Boost Clock 1506/1708 1506/1708 1530/1785 1500/1770 1365/1680 1 410 / 1 620 (Founders Edition: 1 410 / 1 710) shader ALU რიცხვი 1152 1280 1408 1536 1920 2304 ტექსტურული ბლოკი 72 80 88 96 120 144 ROP 48 48 48 48 48 64 ტენსორული ბირთვი - - - - 240 288 RT-ბირთვი - - - - 30 36 ოპერატიული მეხსიერება Bus ბიტი 192 192 192 192 192 256 მიკროსქემის ტიპი GDDR5 SDRAM GDDR5 SDRAM GDDR5 SDRAM GDDR6 SDRAM GDDR6 SDRAM GDDR6 SDRAM ტაქტის სიხშირე მბიტი/წმ 2000 (8000) 2250 (9000) 2000 (8000) 2250 (9000) 2000 (8000) 1 500 (12 000) 1 750 (14 000) 1 750 (14 000) მოცულობა, მბ, 3 096 6 144 6 144 6 144 6 144 8 192 PCIe PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 PCI Express 3.0 x16 წარმადობა FP32, GFLOPS (მაქსიმალური სიხშირე) 3935 4372 5027 5437 6451 7 465 / 7 880 (Founders Edition) FP32/FP64 წარმადობა 1/32 1/32 1/32 1/32 1/32 1/32 FP32/FP16 წარმადობა 1/128 1/128 2/1 2/1 2/1 2/1 ოპერატ. მეხს, სიჩქარე (გბ/წმ) 192/216 192/216 192 288 336 448 ინტერფეისი გამოსახულება DL DVI-D, DisplayPort 1.3/1.4, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.3/1.4, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b DL DVI-D, DisplayPort 1.4a, HDMI 2.0b TBP/TDP, ვტ 120 120 120 160 175/185 (Founders Edition) ფასი (აშშ დოლარი) 199 249 229 279 349 499 https://www.theverge.com/2019/3/14/18265412/nvidia-gtx-1660-gpu-1060-affordable https://3dnews.ru/984208/obzor-nvidia-geforce-gtx-1660
  5. იელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს „კლანჭები“ დრონებისთვის - მიმაგრების სისტემა, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს საშუალებას მისცემს მიემაგრონ ხის ტოტებს ან სხვა საგნებს ფრინველებისა და ღამურების მსგავსად. ამის წყალობით მოწყობილობა შეძლებს უფრო დიდხან შეინარჩუნოს ბატარეის დამუხტვის დონე და დავალებები შეასრულოს შეფერხების გარეშე - წერს TechCrunch. მიმაგრების სისტემის შექმნა მეცნიერებს შთააგონეს ჩიტებმა, რომელთაც შეუძლიათ პრაქტიკულად ყველანაირ ზედაპირს მოეჭიდონ. მოწყობილობას აქვს რამოდენიმე მოხრილი, გაღუნული ფეხი და მიმაგრების უნარი. დასაშვებად ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად დრონი იწყებს ახლომდებარე სივრცის სკანირებას ლიდარის საშუალებით. მას შემდეგ, როდესაც შესაბამის ზედაპირს დააფიქსირებს, სისტემა შეუსაბამებს საჭირო პოზიციას. „ჩვენ შევიმუშავეთ შასების მოდულური და ორიენტირებული კონსტრუქცია უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ისინი შედგება აქტიური მოჭიდებისა და კონტაქტური მოდულებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია გამრუდებულ ფეხებზე. ამგვარმა სისტემამ, რომელიც ფრინველების კლანჭების მსგავსი ფუნქციისაა, მნიშვნელოვნად გააფართოვა კონსტრუქციის შესაძლებლობათა დიაპაზონი“ - აცხადებს მწარმოებელი. https://hightech.fm/2019/03/14/dron-birds
  6. რესურს Slashleaks-მა აღმოაჩინა Google Pixel 4 სერიის ერთ-ერთი სმარტფონის სქემატური გამოსახულება. ამ სერიის სმარტფონების გამოშვება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ილუსტრაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეა თუ ისე, ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები, რომლებიც Slashleaks-ის მიერ გახმაურებული მონაცემების მიხედვით შეიქმნა. არსებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, Google Pixel 4 სმარტფონის XL ვერსიას ექნება ორი ორმაგი კამერა - ორი ფრონტალური და ორიც - უკანა მხარეს. ფოტოდან ჩანს, რომ ფრონტალური ნაწილისთვის შერჩეულია წაგრძელებული ჭრილი დისპლეის ზედა მარჯვენა მხარეს. ორი ძირითადი კამერის ოპტიკური მოდულები განთავსდება ჰორიზონტალურად კორპუსის უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. აქვე იქნება ფლეშ-განათება. საინტერესოა, რომ ნახაზებზე არ ჩანს დაქტილოსკოპიური სკანერი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ თითის ანაბეჭდის სკანერი ინტეგრირებული იქნება უშუალოდ დისპლეიზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Google Pixel 4 სერიის სმარტფონებში რეალიზებული იქნება ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა სქემით - Dual SIM Dual Active (DSDA) - შესაძლებელი იქნება ორივე სლოტის ერთდროული მუშაობა. პროგრამულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონები იმუშავებენ ოპერაციულ სისტემა Android Q-ზე. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურ ხასიათს ატარებს. https://3dnews.ru/984234
  7. ელექტრომობილები უკვე ცხადად გვევლინება ყოველდღიურ საქალაქო ტრანსპორტად, თუმცა ისინი გამოსადეგი არ არიან შორეული მგზავრობისთვის აკუმულატორის სიმძლავრის შეზღუდულობის გამო. ამიტომაც ზოგიერთი ავტომწარმოებელი ეძებს საშუალებებს - ელექტრომობილები დაიტენოს მგზავრობის პროცესშივე. როგორც წესი, ამისათვის გამოიყენება ბენზინის ან დიზელის ბაზაზე მოქმედი ელექტრო გენერატორები. კორპორაცია Gumpert-ს აქვს მეთოდი - გამოყენებულ იქნას მეთანოლი, რომელსაც დადებით მხარესთან - სიიაფესთან ერთად რამოდენიმე დიდი ნაკლი გააჩნია. აკუმულატორის დატენვის ალტერნატიული მეთოდი გამოყენებულია ახალ ჰიპერმობილში - Gumpert Nathalie. მას აქვს ოთხი ელექტრო ძრავი, მაქსიმალური სიმძლავრე 800 ცხენის ძალის ტოლია, მაქსიმალური სიჩქარე კი არის 306 კმ/სთ. კონსტრუქცია შედგება მოლიბდენის ჩარჩოების, კარბონის შასებისა და უამრავი აეროდინამიკური ელემენტისგან, რითაც უზრუნველყოფილია საკმარისად კომფორტული გადაადგილება. კომპანიის დაფუძნებლის, როლანდ გუმპერტის თქმით მეთანოლის ბაზაზე მოქმედი საწვავი ელემენტი უზრუნველყოფს ელექტრომობილს იმ მოცულობის ენერგიით, რომელიც საკმარისია 850 კილომეტრზე მეტი მანძილის დასაფარად, თუკი მანქანის მოძრაობის საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება. ელეტროენერგია გენერირდება არა მეთანოლის წვის, არამედ ქიმიური რეაქციის ხარჯზე, რომელიც გამოჰყოფს 5 კვტ სიმძლავრის ენერგიას. Gumpert Nathalie-ს უარყოფითი მხარე სილამაზისა და სიმძლავრის პარალელურად ავტომობილი საკმაოდ დიდ ეჭვებს ბადებს, თანაც პრობლემა მდგომარეობს არა მარტო მოლიბდენის მომწამვლელ თვისებებში: ის, ვინც Gumpert Nathalie-ს შეიძენს, სად უნდა ეძებოს ასეთი იშვიათი ტიპის საწვავი? ჰიპერმობილი ნამდვილად არ გვევლინება, როგორც მასობრივი მოხმარების მანქანა და საეჭვოა, რომელიმე კომპანიამ დაიწყოს მოლიბდენის დამტენი სადგურების ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრეთვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გენერატორის ეფექტურობაც. იგი გამოიმუშავებს 5 კვტ ენერგიას, ამიტომ 112 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისას გენერატორით გამომუშავებული ენერგია არ იქნება საკმარისი დატენვის ერთ დონეზე შენარჩუნებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ ახმაურებს აკუმულატორის მოცულობის შესახებ ინფორმაციას. და ბოლოს: ჰიპერმობილი Nathalie სავსებით არ შეესაბამება ელექტრომობილების მთავარი ღირსების თემას - გარემოს უსაფრთხოებას. მეთანოლის მონაწილეობით მიღებული ქიმიური რეაქცია გამოჰყოფს ნახშირორჟანგს - მთავარ საფრთხეს, რომლისგან გათავისუფლებასაც ცდილობს კაცობრიობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადასვლით. https://hi-news.ru/auto/giperkar-na-800-loshadej-reshaet-problemy-elektrokarov-no-opasen-dlya-prirody.html
  8. Kindai-ს უნივერსიტეტის (ოსაკა, იაპონია) ბიოლოგებმა მცირე ხნით სიცოცხლე დაუბრუნეს ახალგაზრდა ბეწვიანი მამონტის - სახელად იუკის უჯრედებს. იგი 28 ათასი წლის წინ მოკვდა - სიახლის შესახებ წერს რესურსი Motherboard. იაპონელმა მეცნიერებმა მამონტის სხეულიდან 88 უჯრედის ბირთვი ამოიღეს და ღამურის კვერცხუჯრედში გადანერგეს. გადანერგვისთანავე უჯრედები გაცოცხლდა, მხოლოდ მცირე ხნით და ნაწილობრივ - მეცნიერებმა ვერ შეძლეს მიეღწიათ უჯრედების სრულფასოვანი დაყოფვისთვის, თუმცა ამ პროცესის ზოგიერთი სტადია მიღწეულ იქნა. იუკის ქრომოსომები მართებულად დაუკავშირდნენ სტრუქტურას - ამ პროცესიდან სულ ერთი ნაბიჯიღა რჩება უჯრედების დაყოფისკენ. ამის შემდეგ მეცნიერებმა იგივე ექსპერიმენტი გაიმეორეს მამონტის უჯრედებისა და სპილოს კვერცხუჯრედის გამოყენებით. ამგვარი სამეცნიერო აღმოჩენა წარმატების შემთხვევაში მეცნიერებს საშუალებას მისცემს აღადგინონ უჯრედები და სამომავლოდ მოახდინონ გადაშენებული სახეობების კლონირება. მამონტ იუკის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი ძალიან კარგადაა შენახული. იგი აღმოაჩინეს ლაპტევების ზღვის სანაპიროზე. https://hightech.fm/2019/03/14/mamont
  9. მსხვილი ბიზნესის მხრიდან Bitcoin-ის კრიტიკა უადგილოა - განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში TRON-ის გენერალურმა დირექტორმა Justin Sun-მა. კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობაზე საუბრისას Justin Sun-მა, რომელიც აგრეთვე BitTorrent-ის გენერალური დირექტორია მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეისყიდა ფაილების გაცვლის ქსელი 2018 წლის ივნისში, განაცხადა, რომ მათი მიმზიდველობა ახალგაზრდა თაობის თვალში კვლავ უცვლელი რჩება არსებულ დათვურ მარკეტზე. „მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტს არ მოსწონს Bitcoin-ი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა თაობისთვის“. Sun-ა ასევე დაამატა: „მე ვთვლი, რომ Bitcoin-ი ტექნოლოგიაა და არა ბიზნეს-შესაძლებლობა“. Sun-მა მაგალითად მოიყვანა Bitcoin-ის მასშტაბირების გადაწყვეტილებები - ძირითადად Lightning Network, როგორც დამამტკიცებელი, რომ უმსხვილეს კრიპტოვალუტას შეუძლია შეცვალოს ინტერნეტ-ევოლუცია. „ვფიქრობ, სახეზე გვაქვს ინტერნეტის ახალი ტალღა“ - განაცხადა მან. როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, Bitcoin-ის ძველი დროის მოწინააღმდეგეები, კერძოდ კი JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი Buffett-თან ერთად ბოლო დროს, როგორც ჩანს დაიღალნენ კრიპტოვალუტის კრიტიკით. გასულ თვეში JPMorgan-მა ხმაური გამოიწვია, როდესაც წარადგინა შიდა (in-house) ციფრული ტოკენი, რომელსაც ეწოდა JPM Coin და იგი განკუთვნილია სხვადასხვა ბანკთაშორისი პროცედურისთვის. ამასთან, Justin Sun-მა განაცხადა, რომ იგი ნაკლებადაა ჩართული პლატფორმის TRX ტოკენის ბაზრის კაპიტალიზაციასა და ფასის საკითხში. სტატიის წერის მომენტში TRX რიგით მეათე კრიპტოვალუტა იყო ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ დაახლოებით 1,52 მლნ დოლარიანი მაჩვენებლით. https://cointelegraph.com/news/bitcoin-is-a-technology-not-a-business-opportunity-tron-ceo-tells-mainstream-media
  10. კომპანია Gearbox Software-მა მიუთითა Borderland 3-ის სრულფასოვანი ანონსის თარიღი. კომპანიამ Twitter-ზე განათავსა სტილიზებული ფოტო, სადაც მითითებულია 28 მარტი და ადგილმდებარეობა: ბოსტონი, მასაჩუსეტსი. ეს ფოტო ეჭვს არ იწვევს, რომ PAX East 2019-ის ფარგლებში კომპანია ბოლოს და ბოლოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს Bordelands 3-ს. ღონისძიება ჩატარდება 28-31 მარტს, Gearbox-მა კი თავისი თამაშის პრეზენტაცია 28 მარტისთვის დანიშნა. კომპანია პირობას იძლევა, რომ წარმოდგენილი იქნება სიურპრიზები, ექსკლუზივები და სხვადასხვა სახის ანონსი. დაგეგმილი პრეზენტაციის სრული ოფიციალური აღწერა ამგვარია: „ეს იქნება თქვენი შესაძლებლობა - შეიხედოთ Gearbox Software-ისა და Gearbox Publishing-ის კულისებში, აგრეთვე შეიტყოთ უახლესი სიახლეები და განახლებები Borderland-ის, Battleborn-ის, Brothers in Arms-ისა და სხვა პროექტების  შემქმნელებისგან! ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ ანონსებს, ექსკლუზივებსა და სიურპრიზებს, ასე რომ არ გამოტოვოთ!“ ის, რომ Gearbox-ი ახალ Borderland-ზე მუშაობს, საიდუმლოს არ წარმოადგენს. Gearbox-ის პრეზიდენტმა Randy Pitchford-მა PAX South 2015-ზე განაცხადა, რომ სტუდია ეძებს ახალ სპეციალისტებს, რომლებიც მას დაეხმარებიან თამაშის შემდგომი სერიის შექმნაში. გასულ წელს კი Pitchford-მა PAX West-ის მსვლელობისას განაცხადა: „ჩვენი გუნდი მუშაობს პროექტზე, რომელზე მუშაობასაც ვფიქრობ, უმეტესობა თქვენგანი ისურვებდა“. უკვე ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა სერიის ბოლო ნაწილი - Borderlands 2. მას შემდეგ Gearbox-მა დამატებით გამოუშვა სერიის რამოდენიმე თამაში, მათ შორის: Borderlands: The Pre-Sequel, Tales from the Borderlands და Borderlands 2-ის VR-ვერსია. https://3dnews.ru/984138
  11. თუკი კაცობრიობას სურს თავი აარიდოს გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს, აუცილებელია შეწყდეს ამოწურვადი საწვავის მოხმარება და ადამიანები გადავიდნენ უფრო ეკოლოგიურ, სუფთა, ალტერნატიული ენერგიის წყაროზე. ამ მიმართულებით პროგრესი უკვე არის, თუმცა იგი მეტად ნელი ტემპით მიიწევს უკეთესობისკენ. არსებობს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შემოთავაზება - ყურადღება მიექცეს უფრო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეუძლია კაცობიობას გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში დაეხმაროს - ეს არის გეოინჟინერია. ერთ-ერთი ფაქტორი, რომლითაც შესაძლებელია დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის სტიმულირება - არის მზის სინათლე. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ დედამიწაზე დაცემული სინათლის მოცულობის შემცირებით შესაძლებელია ხელი შეეწყოს პლანეტის გაგრილებას. ამის განხორციელება კი, სპეციალისტთა აზრით, შესაძლებელია ატმოსფეროში სპეციალური აეროზოლის გაფრქვევით. ჰარვარდის უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაარკვიონ, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ატმოსფეროში აეროზოლის ემისიას. ამისათვის სპეციალისტებმა შექმნეს ექსტრემალური ნალექებისა და ტროპიკული ციკლონების კლიმატური მოდელი, რომლის მიზანია განისაზღვროს გეოინჟინერიის ეფექტები დედამიწის სხვადასხვა რეგიონში. ახალი მოდელის მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ ნალექებისა და ტემპერატურის ექსტრემალური მაჩვენებელი, ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის დონე, აგრეთვე ინტენსიური ბუნებრივი კატაკლიზმების - კონკრეტულად კი ქარიშხლის სიხშირის მაჩვენებელი. აღმოჩნდა, რომ აეროზოლის გამოყენების შედეგად გლობალური ტემპერატურის ზრდის ტემპის ორჯერ შემცირება განაპირობებს პლანეტის გაგრილებას, შეამცირებს ცვლილებებს სასმელი წყლის გამოლევასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოახდენს სტიქიური უბედურებების 85%-იანი მატების კომპენსირებას. ამასთან, გეოინჟინერიის გამოყენებისგან მიღებული ნეგატიური შედეგები დაფიქსირდება დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 0.5% ნაწილზე - აღნიშნავენ მკვლევარები. სპეციალისტების აზრით, მათი საქმიანობა გაფანტავს ეჭვს, რომ აეროზოლს შეუძლია გააუარესოს კლიმატური მდგომარეობა და პლანეტაზე კიდევ უფრო ცუდი შედეგები გამოიწვიოს. მკვლევარები თანხმდებიან, რომ აეროზოლის უფრო რადიკალურ ემისიებს შეუძლიათ სერიოზული პრობლემების გამოწვევა, თუმცა ამის თავიდან აცილება ან მაქსიმალურად შემცირება შესაძლებელია ატმოსფეროში შესაბამისი მოცულობის აეროზოლის გაფრქვევით. როგორც ზემოთ ითქვა, მეორე მეთოდი, რომლითაც კლიმატური ცვლილებების შედეგად კატასტროფული მოვლენების თავიდან არიდება შესაძლებელია, არის მავნე აირებისა და გამონაბოლქვის გამოყოფის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით გლობალური დათბობის მთლიანად შეჩერება გეონჟინერიასაც კი არ შეუძლია. მისი წყალობით შესაძლებელია შემცირდეს ნეგატიური ეფექტები, თუმცა პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზაა გამონაბოლქვის გამოყოფის შეწყვეტა. https://hi-news.ru/research-development/solnechnaya-geoinzheneriya-ne-takaya-uzh-i-ploxaya-ideya-dlya-borby-s-globalnym-potepleniem.html
  12. ნიდერლანდურმა კომპანია Gemalto-მ გამოუშვა სადებეტო ბარათი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი - წერს The Verge. Gemalto-ს საბანკო ბარათი საშუალებას იძლევა განხორციელდეს უკონტაქტო NFC-გადახდები ისე, რომ საჭირო არ იქნება PIN-კოდის შეყვანა. ამავე დროს ბარათი დაცული იქნება თაღლითური ქმედებებისგან. ბიომეტრიული მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ ბარათზე, ამიტომ ბოროტმოქმედები ვერ შეძლებენ მოიპარონ ეს ინფორმაცია ბანკის მონაცემთა ბაზიდან. 2019 წლის აპრილიდან ბრიტანული ბანკი Natwest-ი გამოუშვებს Gemalto-ს 200 სატესტო ბარათს თავისი მომხმარებლებისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახანს შეიქმნა კანონი, რომლის თანახმადაც 30 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების შენაძენისას მომხმარებლები ვალდებულნი არიან შეიყვანონ პაროლი თვით უკონტაქტო გადახდების დროსაც კი. ეს მეთოდი არ იქნება გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემების ამოცნობის შემთხვევაში. ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია მობილური NFC-გადახდების სტანდარტული კომპონენტი გახდა. Gemalto-მ ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოცდა 2017 წელს ჩაატარა სამხრეთ აფრიკაში, გასულ წელს კი - იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-ში. თუმცა, საჭიროა, რომ ბარათის მფლობელებმა საბანკო დაწესებულებას მიაკითხონ და არ იმოქმედონ სახლიდან ისე, როგორც მობილური საგადახდო სერვისების შემთხვევაში (მაგ. Apple Play, Google Play) შეუძლიათ. ამგვარი მოუხერხებლობისა და ცალკეული ბარათის თან ტარების საჭიროება ბადებს კითხვას - რისთვისაა ბიომეტრიული ბარათები აუცილებელი მაშინ, როდესაც მობილური გადახდების ფუნქციები უამრავ თანამედროვე სმარტფონშია მოცემული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ბარათები მომხმარებლებს უფასოდ ეძლევათ, ეს სქემა პოტენციურად ხელმისაწვდომი და მომგებიანი იქნება იმ პირებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ - იქონიონ ძვირადღირებული თანამედროვე სმარტფონი. https://hightech.fm/2019/03/13/gemalo https://www.theverge.com/2019/3/11/18259624/natwest-gemalto-debit-card-fingerprint-scanner-biometric-contactless-nfc-uk
  13. კომპანია Toyota ძირითადად ცნობილია, როგორც ავტომობილების მწარმოებელი, თუმცა თავისი არსებობის მანძილზე მან მოასწრო სხვადასხვა სახის მოწყობილობების შექმნა, რომელთა შორისაა კოსმოსის „დამპყრობი“ რობოტიც კი. აღმოჩნდა, რომ იაპონური კომპანიის კოსმოსისადმი ინტერესი არათუ გაქრა, პირიქით - ახალი ძალით იჩინა თავი. Toyota-მ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - შექმნას ყველგანმავალი, რომელიც განკუთვნილია მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გადაადგილებისთვის. სამგზავრო მთვარემავალზე მუშაობა მიმდინარეობს იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) დაკვეთით. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დიდი თავისუფლება კოსმოსურ კვლევებში - მნიშვნელოვანია, რომ სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში ასტრონავტებმა სკაფანდრების გახდაც შეძლონ. როგორც ჩანს, იაპონელებს სურთ მიაღწიონ იმ ვითარებას, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. უკვე ცნობილია, რომ მთვარემავალი ორი მიკროავტობუსის ზომის იქნება, თუმცა მასში მხოლოდ ორი ადამიანი მოთავსდება. გამოყოფილი შიდა სივრცე საკმარისია იმისათვის, რომ მკვლევარებმა შეძლონ მძიმე სკაფანდრების გახდა. მთვარემავალის კვებისთვის გამოყენებული იქნება მზის ენერგია - როგორც მოსალოდნელია, გათვალისწინებული ენერგია ტრანსპორტს ეყოფა 10 ათასი კილომეტრის გასავლელად. მთვარის ყველგანმავალის გაშვება დაგეგმილია 2029 წლისთვის. თავდაპირველად იგი მთვარეზე გაიგზავნება პილოტების გარეშე და ივლის ავტომატურ რეჟიმში, შემდგომ დაგეგმილ ადამიანთა ექსპედიაციას კი იგი ყველაზე მოსახერხებელ ადგილას დახვდება. ამ დროისთვის სააგენტო JAXA-ს დიდი ძალისხმევა მიმართულია ასტეროიდ რიუგუს შესწავლისკენ. https://hi-news.ru/space/toyota-v-kosmose-yaponskij-proizvoditel-razrabatyvaet-lunnyj-vezdexod.html
  14. კომპანია Microsoft-ს ახალი შემოთავაზება აქვს მათთვის, ვისაც სჭირდება ახალი კონტროლერი Xbox One-ის, კომპიუტერის, პლანშეტის ან Samsung Gear VR ჰედსეტისთვის. ეს არ არის მანიპულატორ Elite-ის მეორე ვერსია, რომლის შესახებაც ხმები ვრცელდებოდა: ზემოთხსენებული კონტროლერი მორიგი სპეციალური გამოშვებაა და იგი წარმოდგენილია მხოლოდ თეთრ ფერში. კორპუსის ზედა და გვერდით ნაწილებს ნახევრად გამჭვირვალე გრადიენტი აქვთ, რომლის მიღმაც ჩანს PCB დაფა და შიდა მექანიზმები. უკანა მხარის ტექსტურა უზრუნველყოფს ხელში მოხერხებულად ჭერას. ფუნქციონალურად ახალი კონტროლერი არ განსხვავდება Xbox One-ის სტანდარტული მანიპულატორებისგან, აქვს Bluetooth და 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ღილაკებს დანიშნულება შეუცვალონ აპლიკაცია Xbox Accessories-ის მეშვეობით. „დიზაინში ოპტიმალურადაა შერწყმული გარეგნული სილამაზე და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები, რითაც ტექნოლოგიური სილამაზის ახლებური ხედვა იქმნება. ზემოდან ქვედა მიმართულებით კონტროლერის შეფერილობა იცვლება ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ზედაპირიდან მატირებულ გაუმჭვირვალე თეთრ ფერში. ღილაკები, ჯოისტიკები და ბამპერები გადაწყვეტილია პრიალა თეთრ ფერში ღია ნაცრისფერ აქცენტებთან ერთად“ - ამგვარად აღწერს Microsoft-ი ახალი აქსესუარის გარეგნულ იერსახეს. Phantom White Special Edition გაყიდვაში 2 აპრილს გამოვა და ეღირება 70 აშშ დოლარი. მათ კი, ვისაც სურს მსგავსი ფერის უფრო მძლავრი კონტროლერი, შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ გასულ წელს გამოშვებული კონტროლერის - Elite-ს თეთრ ვერსიას, რომლის ღირებულება 150 დოლარია. ევროპის რამოდენიმე ქვეყნაში მცხოვრებ მომხმარებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ Xbox Design Lab-ის მომსახურებით, რომლითაც შესაძლებელია სტანდარტული კონტროლერი ინდივიდუალურ ფერად შეიღებოს. https://3dnews.ru/984164
  15. Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, ფასის ცვლილების მთავარი ინდიკატორები მიუთითებს, რომ Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა კვლავ ქვედა მიმართულებით წავიდეს. ანგარიშში მოცემულია: „ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც ასახავს Bitcoin-ზე მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიან მოთხოვნას, უარესდება“ და ამგვარად მსყიდველობითი წნეხი შესაძლოა გაიზარდოს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თებერვლის შუა პერიოდში ცვლადი შუალედის კონვერგენციის ინდიკატორი (Moving Average Convergence Divergence - MACD) დაღმავალი მიმართულებით მოძრაობდა. MACD - ეს არის ტრენდის თანამდევი ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს ფასიანი ქაღალდის ფასის ორ მოძრავ შუალედს (Moving Average) შორის ურთიერთკავშირს (ორი სხვადასხვა ხანგრძლივობის MA-ს დაახლოება/დაშორების ინდიკატორი). Bitcoin-მა გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დააფიქსირა 4 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო ამ ნიშნულის გადალახვა დროის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. Bloomberg-ი აცხადებს, რომ სანამ Bitcoin-ი არ შეძლებს ამ დონის გარღვევას, იგი დიდი ალბათობით აღმოჩნდება გაყიდვების ზეწოლის ქვეშ. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mike McGlone-მა განაცხადა: "მთელი ინდუსტრია მზადაა დაბრუნდეს ფასების შემცირების გზაზე, პირობები ახლოს არის 2018 წლის ნოემბრის კოლაფსის დაწყებამდე არსებულ ვითარებასთან. ხდება ფასების კონსოლიდაცია არასტაბილურობის ვიწრო დიაპაზონებში, ამასთან, დათვურ ბაზარზე გააქტიურების ძალისხმევები მოახლოებული ჩანს“. სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები უარს იტყვიან Bitcoin-ზე, რათა თავიანთი თანხები Altcoin-ებში გადაიტანონ. Etoro-ს უფროსი ანალიტიკოსი Mati Greenspan აცხადებს: „ამჟამად ინვესტორები დიდ პოტენციალს ხედავენ ზოგიერთ წვრილ ტოკენში. რამდენადაც კრიპტო ზამთრის კულმინაციას ვუახლოვდებით, ვხედავთ, რომ ზოგიერთი Altcoin-ი შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ვითარებაში, რასაც კრიპტო ინსაიდერები ალტ-სეზონს უწოდებენ“. სტატიის წერის მომენტში TradingView-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის MACD იმყოფება 44,3 მაჩვენებლიან დონეზე, რაც მიუთითებს რეკომენდაციაზე - „გაყიდვა“. CoinMarketCap-ის მონაცემებით ამჟამად Bitcoin-ი 3910,57 დოლარად იყიდება. https://cointelegraph.com/news/bloomberg-key-indicators-show-bitcoin-price-could-be-losing-steam
  16. კომპანია OPPO-მ რამოდენიმე დღის წინ განაცხადა ახალი ბრენდის - Reno-ს შექმნის შესახებ. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ამ ბრენდის ქვეშ მოხდებოდა მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონების გამოშვება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალის პერსპექტივაში. არსებობს ალბათობა, რომ მომდევნო ახალი სმარტფონები ყველაზე მძლავრი შიდა კომპონენტებით იქნებიან წარმოდგენილნი, ბრენდის პირველ მოდელს კი ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. თუმცა მხოლოდ ცალკრისტალიანი სისტემა არ იქნება მოწყობილობის მთავარი ღირსება. პირველ რიგში, Reno აღსანიშნავი იქნება 10-მაგი ზუმის მქონე სამი ძირითადი კამერითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით. სამთაგან ორი მოდულის გაფართოება შეადგენს 48 და 5 მეგაპიქსელს. მესამე სენსორის პარამეტრები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ძირითადი კამერა განთავსებული იქნება უკანა პანელის ზედა ცენტრალურ ნაწილში ვერტიკალურად. ქსელში უკვე გამოჩნდა Reno-ს პირველი ოფიციალური გამოსახულება, მხოლოდ უკანა ხედით. ფრონტალური ნაწილის მონაცენები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მასზე განთავსდება FHD+ გაფართოების მქონე 6,4-დუიმიანი AMOLED დისპლეი ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერით. სელფი-კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს. სმარტფონის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს შედგება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/24856/reno--pervyj-v-mire-smartfon-poluchivshij-kameru-s-10kratnym-opticheskim-zumom
  17. ნებისმიერს, ვინც ოცნებობს ადამიანები მარსზე იხილოს, გაახარებს ის ფაქტი, რომ NASA-მ ისაუბრა რაკეტებთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც ამ მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო. რაკეტა Space Launch System და Orion-ის კაფსულა ერთად მზადდება - აცხადებს NASA. სააგენტომ წარადგინა მიახლოებითი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ორი კოსმოსური აპარატის აფრენა. უპილოტო საგამოცდო ფრენა მიახლოებით იგეგმება2020 წელს, მთვარის გარშემო პილოტირებული მისია კი - 2023 წლისთვის. ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ღონისძიებისკენ, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური კაფსულა Crew Dragon-ი წარმატებით აფრინდა, მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე, მისი დაშვება ატლანტის ოკეანეში მოხდა. ამ ყველაფერმა გააჩინა იმის იმედი, რომ NASA მიიღებს ეკიპაჟის გაშვების საკუთარ, მზა პილოტირებულ სისტემას. Crew Dragon-ი, Boeing Starliner-თან ერთად NASA-ს შესაძლებლობას მისცემს გაგზავნოს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე როდესაც საჭირო იქნება, თუმცა სააგენტოს შორეულ კოსმოსთან დაკავშირებული ამბიციები გაცილებით მეტ საიმედოობას მოითხოვს. სწორედ ამისათვისაა საჭირო სისტემა Space Launch System (SLS). იგი NASA-ს დიდი ფსონია შორეულ კოსმოსურ გეგმებში. კოლოსალური რაკეტა სააგენტოს საშუალებას მისცემს განახორციელოს პილოტირებული მისიები მთვარეზე და საბოლოოდ კი შორეული პლანეტების მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ ივნისში დაგეგმილი ტესტირებით შემოწმდება უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც კაფსულა Orion-შია მიღებული. ფრენის შეწყვეტის სისტემა, რომელიც გააქტიურდება სერიოზული პრობლემის წარმოქმნისას, ეკიპაჟს გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნის და საშუალებას მისცემს დედამიწაზე ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდნენ. ივნისში დაგეგმილ გამოცდაში არ იქნება ჩართული SLS, Orion-ს კი მოათავსებენ გამწევ რაკეტაზე, რომელიც მას 10 ათას კილომეტრ სიმაღლემდე აიყვანს. SLS ჯერ კიდევ აწყობის ეტაპზეა, ინჟინრები ამ დროისთვის მუშაობენ მის სტრუქტურასა და ადაპტერებზე, რომლებითაც ყველა კომპონენტი ერთმანეთს დაუკავშირდება. NASA დარწმუნებულია, რომ ძვირადღირებული მისია წარმატებით ვითარდება. https://hi-news.ru/space/sistema-zapuskov-v-dalnij-kosmos-nasa-pochti-gotova.html
  18. კომპანია Airbus-მა გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში მოაწყო თავისი პირველი მფრინავი ტაქსის - CityAirbus-ის პრეზენტაცია. მფრინავ აპარატ CityAirbus-ს შეუძლია გადაადგილდეს 120 კმ/სთ სიჩქარით 30 კილომეტრის მანძილზე. ეს ტაქსი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში 2025 წელს გამოჩნდება. მფრინავი ტაქსის წონა 2,2 ტონას აღემატება. მის შიგნით არის ორი ადგილი მგზავრებისთვის და ერთი - მძღოლისთვის, თუმცა ამ ტაქსიში ინტეგრირებული იქნება უპილოტო გადაადგილების ფუნქციაც. CityAirbus-ის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს. ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემის წყალობით CityAirbus-ს არ სჭირდება დიდ ფართობის საფრენი მოედნის გამოყენება. უახლოეს პერიოდში გერმანიის ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რომლის მიხედვითაც ნებადართული იქნება ქალაქის პირობებში საფრენი აპარატების ტაქსებად ან პირად ტრანსპორტად გამოყენება. მიუხედავად პრეზენტაციისა, Airbus-ს ამ დრომდე არასდროს განუხორციელებია CityAirbus-ის ფრენის სახალხოდ გამოცდა. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ Airbus-მა, Audi-მ და Italdesign-მა წარადგინეს მომავლის საფრენი კაფსულა-ტაქსის - Pop.Up-ის მოდელი. მფრინავი ტაქსებისადმი ამჟამად მთელ მსოფლიოში შეინიშნება გაზრდილი ინტერესი. ჰოლანდიური კომპანია PAL-V უკვე წინასწარ შეკვეთებს იღებს მსოფლიოში პირველ სერტიფიცირებულ მფრინავ ავტომობილზე. დრონების ჩინური მწარმოებელი Ehang-ი კი თავის ერთადგილიან უპილოტო აპარატებს მიაწვდის დუბაის ხელისუფლებას - მათი მოქმედებაში მასიურად დანერგვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. აგრეთვე თავისი პირველი სამგზავრო დრონის ტესტირება უკვე განახორციელა კომპანია Passenger Drone-მა. https://hightech.fm/2019/03/12/airbus-cityairbus
  19. კომპანია Microsoft-მა წარადგინა AI Business School - უფასო ონლაინ-სკოლა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით კურსები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია, რომ AI Business School-ის ვიდეოები სხვა ენებზეც გადაითარგმნება. AI Business School-ის კურსი შედგება ოთხი მოდულისგან - ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის კურსის ცვლილება ტექნოლოგიის წარმატებული მუშაობისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი მიმართულებებისა და მისი ქვესისტემების მიმოხილვა. AI Business School-ის ლექციების ხანგრძლივობა დაახლოებით ათი საათია. თითოეული გაკვეთილი ათ წუთზე დიდხანს არ გრძელდება - Microsoft-ი ითვალისწინებს კომპანიების ტოპ-მენეჯერების ინტერესებს, რომელთაც დატვირთული გრაფიკი აქვთ და არ გააჩნიათ იმდენი დრო, რომ ხანგრძლივ ლექციებს უსმინონ. კურსებში შედის ათი ქეისი, ხუთი ლექცია, ხუთი პრაქტიკული ხელმძღვანელობა, 15 მონათხრობი მენეჯერებისთვის და შვიდი ტექნიკური ქეისი. AI Business School-ის მომხსენებლები და სპიკერები იქნებიან Microsoft-ის წამყვანი მენეჯერები, ბიზნეს-სკოლა Insead-ისა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტი დანერგეს თავიანთ ბიზნეს-პროცესებში. სამომავლოდ სპიკერების რაოდენობა გაიზრდება. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა ბოლო წლების ტრენდია. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინეთის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს - დაახლოებით 1 მლნ ადამიანს ასწავლოს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებასთან მუშაობა. Elements of AI-ის ონლაინ-კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია ფინურ და ინგლისურ ენებზე. https://hightech.fm/2019/03/12/microsoft-ai-5
  20. აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო მარკების მართვის სააგენტომ (USPTO) აღმოაჩინა Toyota-ს საპატენტო განაცხადი ე.წ. „ავტომობილის არომატიზატორის დისპენსერის“ (Vehicle fragrance dispenser) შესახებ. იდეა მდგომარეობს შემდეგში: ავტომობილში დაინერგება სისტემა, რომელიც არომატიზატორს გააფრქვევს სალონში. ამისათვის გამოყენებული იქნება სპეციალური ბლოკი არომატული კომპონენტებით. არომატიზატორი გავრცელდება ბორტის კლიმატ-კონტროლის საჰაერო დეფლექტორებით. ამასთან, Toyota-ს აქვს შემოთავაზება - ამ სისტემას რამოდენიმე დამატებითი ფუნქცია დაემატოს. თითოეულ მძღოლი შეძლებს ავტომატურად აირჩიოს საჭირო არომატი. პიროვნების ამოცნობა განხორციელდება მომხმარებლის მიერ ავტომობილთან სმარტფონის მიახლოებისას. უფრო მეტიც, სისტემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც გატაცების საწინააღმდეგო საშუალება. ძრავის არასანქცირებული ამოქმედებისას გამტაცებელს სახეში შეეფრქვევა ცრემლსადენი გაზი. Toyota-ს ეს იდეა ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ამ დროისთვის ცრემლსადენის გაზის გაფრქვევის სისტემის დანერგვის შესახებ კონკრეტული პრაქტიკული საუბარი არ მიდის. ხსენებულ პატენტზე განაცხადი კომპანიამ გასული წლის აგვისტოში შეიტანა, დოკუმენტი კი მიმდინარე თვეში გასაჯაროვდა. https://3dnews.ru/984104
  21. ატმოსფეროს არარსებობისა და სუსტი გრავიტაციის გამო მთვარეზე შეუძლებელია დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება. ამის მიუხედავად, წყლის მცირე რაოდენობა იქ მაინც არის - ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, იყო 2018 წელს, როდესაც ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan-1-მა დაადასტურა ზედაპირზე ყინულის არსებობა. მცირე ხნის წინ კოსმუსურმა აპარატმა LRO-მ შეძლო ისტორიაში პირველად თვალყური მიედევნებინა მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულების გადაადგილებისთვის და დაკვირვების შედეგად მოხდა თეორიის უარყოფა, რომლის თანახმადაც ითვლებოდა, რომ სითხე მზის ქარების მოქმედების შედეგად წარმოიშვებოდა. ამ დრომდე მეცნიერებს ორი თეორია ჰქონდათ მთვარეზე წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით. პირველის თანახმად, მოხდა წყლის „ტრანსპორტირება“ ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით. მეორე თეორია უფრო დამაჯერებლად ჟღერდა - მიიჩნეოდა, რომ წყალი მთვარეზე მუდმივად წარმოიქმნება წყალბადისა და ჟანგბადის შემცველი მზის ქარების ზეგავლენით. იმისათვის, რომ თვალყური ედევნებინა წყლის მოლეკულებისთვის, NASA-მ ააგო აპარატი LRO. აღმოჩნდა, რომ მთვარის ზედაპირზე არც იმდენი რაოდენობის წყალია, როგორც აქამდე ივარაუდებოდა. მკვლევარებმა აღმოაჩნეს ისიც, რომ დღის ყველაზე თბილ მონაკვეთში წყლის მოლეკულები ან კოსმოსში მიფრინავენ, ან გადაადგილდებიან თანამგზავრის ბნელი ადგილებისკენ. მეცნიერები მიხვდნენ, რომ თუკი მეორე თეორია სწორია, იმ დროს, როდესაც მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილშია და მზის ქარები არ არის, წყლის მოლეკულების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს. მათ გასაკვირად კი, ინსტრუმენტმა LAMP-მა, რომელიც LRO-ს ნაწილია, ვერ დააფიქსირა ვერანაირი ცვლილება წყლის მოლეკულებში. ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი თეორია ეჭვის ქვეშ დადგა. ცვლილებების არარსებობაც იმაზე მეტყველებს, რომ სითხე იმდენად სწრაფად არ ქრება მთვარიდან, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. შესაძლებელია, წყალი გრუნტში გროვდებოდეს და ეს ინფორმაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდეს მთვარეზე სადგურის აგებისთვის, რომელიც ადამიანებს დაეხმარება მარსამდე და სხვა შორეულ პლანეტებამდე მიღწევაში. https://hi-news.ru/space/nasa-oprovergla-odnu-iz-teorij-poyavleniya-vody-na-lune.html
  22. კომპანია Samsung-მა სულ ახლახანს წარადგინა კრიპტო საფულე თავისი ახლად გამოშვებული ფლაგმანური სმარტფონის - Galaxy S10-სთვის. CoinDesk Korea-ს ანგარიშის მიხედვით, დღესღეობით Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე თავსებადია მხოლოდ Ethereum-თან (ETH) და ETH-ის ბაზაზე შექმნილ ERC20 ტოკენებთან. საფულეს ჯერჯერობით არ აქვს Bitcoin-ის მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლოგოტიპი უკვე გამოჩნდა საპრეზენტაციო გამოსახულებებზე. საფულეს აგრეთვე აქვს ოთხი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (dapps) მხარდაჭერა: კრიპტო გეიმინგ-პლატფორმა Enjin, კოსმეტიკური beauty-ქომიუნითი Cosmee, კრიპტო საკოლექციო პლატფორმა CryptoKitties და სავაჭრო საგადასახადო სერვისი CoinDuck. საფულის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S10 სმარტფონზე მაღაზიიდან - Samsung Galaxy. კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს სერვისის გაფართოებას უფრო მეტ მოწყობილობებსა და კრიპტოვალუტებზე მომავალში. სმარტფონის მიწოდება ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყო. ეს სიახლე ცნობილი გახდა რამოდენიმე კვირის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც Samsung-მა პირველად დაადასტურა, რომ იგი S10 სერიის მფლობელებს შესთავაზებს კრიპტოვალუტების პრივატული გასაღებების საცავს (key storage-ს). ამ მოვლენიდან მცირე დროის შემდეგ კომპანიამ გაასაჯაროვა საცავის - Blockchain Keystore-ის შესახებ პირველადი დეტალები. როგორც აღმოჩნდა, Blockchain Keystore-ს აქვს სამი ვრცელი შესაძლებლობა: გადახდები სავაჭრო დაწესებულებებში, ციფრული ხელმოწერები და კრიპტოვალუტების შენახვა და ტრანსფერი. Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე გამოყენებული იქნება Blockchain Keystore-თან ერთად, მისი დანიშნულებაა გაამარტივოს ტრანზაქციის პროცესი ტექნოლოგიაში ჩართული ახალბედებისთვის - აცხადებს CoinDesk Korea. მხარდაჭერილი აპლიკაციის - CoinDuck dapp-ის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადასახადის/საფასურის გადახდა. მომხმარებლებს აქვთ საშუალება აპლიკაციით შეიყვანონ გადასახდელი თანხა, დაასკანერონ სავაჭრო QR-კოდი, დააჭირონ ღილაკს „accept“ და განხორციელდება გადახდა Samsung-ის საფულიდან. CoinDuck-ის მშობელი კომპანია Chain Partners-ი აცხადებს: „მოუხერხებელი იყო გამყიდველის საფულის მისამართის კოპირება და მისი ჩასმა პირად საფულეში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ CoinDuck-ისა და Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულის გამოყენება“. https://www.coindesk.com/samsung-unveils-cryptocurrency-wallet-dapps-for-galaxy-s10-phone
  23. ჟენევის ავტოსალონში Mercedes-Benz-მა საზოგადოებას წარუდგინა თავისი პირველი მთლიანად ელექტრო სარბოლო ავტომობილი, სახელად EQ Silver Arrow 01. მისი სახელწოდებაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მანქანა მონაწილეობას მიიღებს Formula E-ის შეჯიბრებაზე სხვა ელექტრომობილებთან ერთად. ეს შეჯიბრი 2019 წლის ბოლოს გაიმართება. პირველად Formula E შედგა 2014 წელს, როგორც Formula 1-ის ელექტრო-ალტერნატივა. ის, რაც უმნიშვნელო იდეიდან დაიწყო, იქცა კანონიერ სპორტად, თუმცა იგი ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებულად იმართება. ამ დროისთვის რბოლა უკვე მეხუთე სეზონს ითვლის და ყოველთვიურად მას უერთდება უამრავი სხვადასხვა ავტომწარმოებელი, მათ შორისაა Audi, BMW, Nissan და Jaguar. მომდევნო წლის დასაწყისში მათ რიგს შეუერთდება Porsche-ც. Formula E-ს რომ შეუერთდებოდა, ამის შესახებ Mercedes-Benz-მა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა. იგი სათავეში ჩაუდგება გუნდს - HWA-ს, რომელიც უკვე მონაწილეობს Formula E-ში. ეს ფაქტი ავტომწარმოებელს დაეხმარება რბოლა ღირსეულად დაიწყოს. EQ Silver Arrow 01 - ეს არის რბოლისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის აწყობაც Mercedes-Benz-ს ნულიდან არ დაუწყია. Formula E-მ შასების აგება დაავალა ფრანგულ და იტალიურ მწარმოებლებს - Spark-სა და Dallara-ს. Atieva-მ შექმნა 52 კვტ-იანი აკუმულატორი Sony-ს ელემენტების გამოყენებით, მისი ინტეგრირება კი McLaren-მა მოახდინა. ჯამში, ავტომობილის სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა, იგი ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს 2,7 წამში და იწონის დაახლოებით ერთ ტონას. თუმცა Formula E ავტომწარმოებლებს ნებას რთავს შეიმუშავონ საკუთარი ტრანსმისიები, მათ შორის - ელექტროძრავი, გადაცემათა კოლოფი და ინვერტორი - რეალურად, ყველაფერი, რაც აკუმულატორს უერთდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ავტომწარმოებლებისთვის ტექნოლოგიის გამოსაცდელი „სტენდია“, აგრეთვე ამგვარი მიდგომა წარმოადგენს მარკეტინგულ სვლას იმ მანქანათმშენებლებისთვის, ვინც მიესალმება ელექტრომობილების განვითარებას. „Formula E ჩვენთვის სრულიად ახალი სათამაშო არენა იქნება“ - აცხადებს Mercedes-Benz Motorsport-ის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი. – „თუმცა მოუთმენლად ველით როდის მოვახდენთ ჩვენი ელექტროძრავების წარმადობის დემონსტრირებას ავტოსპორტში და დადებით იმპულსს მივცემთ EQ ბრენდს“. https://hi-news.ru/auto/mercedes-benz-pokazal-svoj-pervyj-realnyj-gonochnyj-elektromobil.html
  24. Cyberpunk 2077 - ეს არის CD Projekt Red-ის პირველი პროექტი, რომელიც გამოდის “Witcher”-ის სამყაროდან: როლური თამაში, რომელიც დაფუძნებულია ექშენსა და ისტორიაზე. თამაშთან დაკავშირებით ხმამაღალი განაცხადი პირველად 2012 წელს გაკეთდა, პირველი ოფიციალური თიზერი კი 2013 წელს გამოქვეყნდა. ამას კი შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, ეს სიჩუმე 4-5 წლის განმავლობაში მისთვის და მისი გუნდისთვის მეტად მძიმე იყო, რადგანაც საზოგადოება მეტად აღელვებული დარჩა პირველი ანონსის შემდეგ. როდესაც მწარმოებლებმა Cyberpunk 2077 დააანონსეს, მათ განსაზღვრული ხედვა ჰქონდათ -რისი მიღწევა უნდოდათ პროექტით. თუმცა კონცეფციის თავისუფლება ქაღალდზე და როლური თამაში პერსონალური კომპიუტერისთვის - სხვადასხვა რამაა და რეალობა მრავალ შეზღუდვას ქმნის. ბოლო ხუთი წლის მანძილზე თამაშზე მომუშავე გუნდმა შექმნა გარემო, რომელიც მათი აზრით მოლოდინს გადააჭარბებს როგორც ორიგინალური დესკტოპ-გეიმერების თვალში, ასევე CD Projekt-ის წინა პროექტების მოყვარულებში. თამაშის დიზაინერი Miles Tost აღნიშნავს: „მწარმოებლებს არ შეუძლიათ საზოგადოებას ანახონ პროექტის სხვადასხვა ეტაპები, რადგანაც თამაშის შექმნა - ეს არის პროცესი, რომელსაც უამრავი სტადია აქვს. ის, რაც ამჟამად ხელთ გვაქვს, შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ხვალ გვექნება. ჩვენ გვქონდა იდეები, რომლებიც მუშაობის პროცესში მოკვდა, შემდეგ ისევ აღდგა, შემდეგ კვლავ მოვისროლეთ, ამჟამად კი ისინი ისევ პროექტშია“. Cyberpunk 2077-ში მოქმედება ხდება ორიგინალი Cyberpunk 2020-იდან 50 წლის შემდეგ. აგრეთვე მოცემულია პარალელური დროის შკალა. ამან თამაშის შემქმნელებს საშუალება მისცა შეექმნათ პროექტი, რომელშიც დაცულია პირველწყარო და ამავე დროს შეესაბამება გეიმინგ-ადაპტაციას. მაგალითად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი გმირის, V-ს გარეგნობა იყოს მთლიანად რეგულირებადი. ეს უჩვეულო ნაბიჯია კომპანიის მხრიდან, რომელიც ცნობილია ისეთი ცნობადი პერსონაჟის შექმნით, როგორიცაა გერალტ რივიელი თამაშიდან „მხედვარი“ (Witcher). „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გეიმერებისთვის მიგვეცა თავისუფლება, რომ მათ შეძლებოდათ თავისი სურვილისამებრ ეთამაშათ. ზუსტად ამიტომ ავარჩიეთ პირველი პირის პერსპექტივა - გეიმერი უნდა გრძნობდეს, რომ ვიღაც სხვა პირს კი არ თამაშობს, არამედ საკუთარ თავს“ - ხაზი გაუსვა Miles Tost-მა. მოქმედება ხდება Night-City-ში - ვრცელ, ნეონებით განათებულ ქალაქში. მოცემულია გადაადგილების სრულიად ახალი სტილი, აგრეთვე ავტომობილის მართვის შესაძლებლობა მთავარი გმირისთვის, რაც დაპროექტებაში ახალ პრობლემებს ქმნის. Miles Tost-ი განმარტავს: „ადვილია შექმნა ვრცელი ღია სამყარო, როდესაც პერსონაჟი მხოლოდ ფეხით გადაადგილდება, ხოლო როცა იგი ავტომობილს იყენებს, თამაშის დონის გადალახვა ათ წუთში ხდება შესაძლებელი. პირველ შემთხვევაში სამყარო უზარმაზარი ჩანს, მეორეში - არც ისე დიდი. როგორ უნდა დავაბალანსოთ ეს? როგორ შევქმნათ სივრცის შეგრძნება? თუმცა მაინც ძალიან კარგია, როდესაც გვიწევს საკუთარი თავი გამოწვევის წინაშე დავაყენოთ, რათა განვვითარდეთ ახალ სფეროში და ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის ახალი გზები“. E3 2018-ზე CD Projekt RED-მა ბოლოს და ბოლოს წარადგინა Cyberpunk 2077-ის პირველი გეიმინგ პროცესი დახურულ კარს მიღმა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების ვიწრო წრეში. თამაშის შემქმნელები მეტად ღელავდნენ და სურდათ გაეგოთ რა აზრის იქნებოდნენ გარეშე პირები თამაშზე. ჟურნალისტებმა პროექტი ძალიან დადებითად მიიღეს და კომპანიამ გეიმინგ-გამოფენა კმაყოფილმა დატოვა - თან ასობით ჯილდო წაიღო. E3 გამოფენიდან ორი თვის შემდეგ გეიმფლეი ვრცელ გეიმინგ-პუბლიკას წარუდგინეს, რომლის წარმომადგენლებმაც ასევე დიდი ენთუზიაზმით მიიღეს პროექტი. ამჟამად Cyberpunk 2077-ს უკვე ვეღარ ვუწოდებთ თამაშ-გამოცანას, როგორიც ის რამოდენიმე წლის წინ იყო, თუმცა მასზე მუშაობა კვლავ გრძელდება და დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ისევე როგორც 2013 წელს, მწარმოებლები ახლაც უარს აცხადებენ დაასახელონ თამაშის გამოსვლის თარიღი - ეს მოხდება მაშინ, როდესაც შემქმნელები ჩათვლიან, რომ მუშაობა დასრულდა. https://3dnews.ru/983998
  25. ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს სმარტფონ Mi 9 Explorer Edition-ის გაყიდვას. სმარტფონს აქვს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. სმარტფონი გამოირჩევა ფსევდოგამჭვირვალე კორპუსით. უკანა პანელზე ჩანს PCB დაფისა და პროცესორის სტილიზებული მონახაზი. მოწყობილობაში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 855 ჩიპი, რომელიც შეიცავს რვა გამომთვლელ ბირთვს - Kryo 485, რომელთა ტაქტის სიხშირეა 1,80-დან 2,84 გიგაჰერცამდე. აგრეთვე შეიცავს გრაფიკულ ამაჩქარებელს Adreno 640 და 4G-მოდემს - Snapdragon X24 LTE. Super AMOLED დისპლეის დიაგონალის ზომა 6,39 დუიმია, ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს (2340 × 1080 პიქსელი). უშუალოდ ეკრანზე ინტეგრირებულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ მცირე ზომის ჭრილში განთავსებულია 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა პანელზე მოცემულია სამი ძირითადი კამერა 48, 16 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. სმარტფონს აქვს 3300 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა, ასევე - 27-ვატიანი სადენიანი დატენვისა და 20-ვატიანი უსადენო დატენვის მხარდაჭერა. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ადაპტერები უსადენო კავშირისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0, GPS/GLONASS-მიმღები, NFC მოდული, ინფრაწითელი პორტი და სიმეტრიული კონექტორი USB Type-C. 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Mi 9 Explorer Edition-ის გასაყიდი ფასი იქნება 535 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/984051
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.