-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
Dragon Range სერიის ფლაგმანურ მობილურ 16-ბირთვიან AMD Ryzen 9 7945HX-ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მობილურ CPU-ს - ფლაგმანურ 24-ბირთვიან Intel Core i9-13980HX-ს. ტესტების მონაცემები გააზიარა პორტალ Notebookcheck-მა, რომელიც გაეცნო AMD-ის ხსენებული პროცესორის მქონე განახლებულ გეიმინგ ლეპტოპს - ASUS ROG Zephyrus Duo. ფოტოს წყარო: Notebookchek Ryzen 9 7945HX-ის ერთნაკადიანი წარმადობა Cinebench R23 ტესტში თითქმის Core i9-13980HX-ის ანალოგიურია. ამავე დროს, მრავალნაკადიანი წარმადობით AMD-ის ახალი ჩიპი 4.4%-ით სწრაფია. Ryzen 9 7945HX-ის ერთნაკადიანი წარმადობა Cinebench R23-ში Ryzen 9 7945HX-ის მრავალნაკადიანი წარმადობა Cinebench R23-ში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Ryzen 9 7945HX-ზე დამყარებულ, 2023 წლის ROG Zephyrus Duo-ში გამოყენებულია DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, Intel-ის პროცესორის მქონე ლეპტოპ MSI Titan GT77 HX 13VI-ში კი - უფრო სწრაფი DDR5-5600 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. Ryzen 9 7945HX-ის გეიმინგ წარმადობა გაიტესტა Cyberpunk 2077-სა და The Witcher 3-ში. შედეგები მოცემულია ქვემოთ: გეიმინგ ტესტების ჯამური შედეგები აჩვენებს, რომ Ryzen 9 7945HX ჩამორჩება Core i9-13980HX-ს საშუალოდ მხოლოდ 7%-ით. მაგრამ ამავე დროს, მიმოხილვა მიუთითებს, რომ Ryzen 9 7945HX მნიშვნელოვნად უფრო ენერგოეფექტურია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core პროცესორებთან შედარებით. AMD ჩიპის მაქსიმალური TDP არის 120 ვატი, ხოლო Intel-ის ჩიპების მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს. Core i9-13980HX-ის TDP-ის დონის 120 ვატამდე შეზღუდვისას AMD-ის პროცესორთან მისი ჩამორჩენა კიდევ უფრო, 22%-მდე იზრდება. Notebookcheck-ის მოკლე მიმოხილვა ასევე მიუთითებს, რომ Zen 4 არქიტექტურის ახალი Ryzen 9 7945HX ბევრად სწრაფია, ვიდრე წინა თაობის ფლაგმანური Ryzen 9 6900HX Zen 3 პროცესორი, რომელიც გამოიყენება 2022 წლის ROG Zephyrus Duo-ში. პროცესორები გაიტესტა MSI-სა და ASUS-ის ლეპტოპებზე, რომლებშიც მოცემული იყო GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათი TDP-ის მაქსიმალური 175-ვატიანი მაჩვენებლით. https://tinyurl.com/4aa56rkm
-
ხელოვნური ინტელექტის გენერაციული სისტემების პოპულარობა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ChatGPT, დიდ სარგებელს მოუტანს მსგავსი პროდუქტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გამოთვლითი ამაჩქარებლების მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეს, ყველაზე დიდ სარგებელს კი ნახავს NVIDIA, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა - ასეთი მოსაზრება გამოთქვეს Trendforce-ის სპეციალისტებმა და მათ სიტყვებს რესურსი Wccftech აზიარებს. ფოტოს წყარო: NVIDIA მკვლევარების გამოთვლების მიხედვით ChatGPT-ის სწრაფი განვითარებისა და პარამეტრების რაოდენობის ზრდის გამო სულ რამდენიმე წელიწადში სისტემის მუშაობისთვის საჭირო GPU-ების რაოდენობა გაიზრდება ერთნახევარჯერ - თუ 2020 წელს ამას დასჭირდებოდა დაახლოებით 20 000 გამოთვლითი ამაჩქარებელი, მიმდინარე წელს შეიძლება საჭირო გახდეს 30 000 ან მეტი. თავიანთი გამოთვლების ეტალონად სპეციალისტებმა გამოიყენეს ამაჩქარებელი NVIDIA A100, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, როგორც DGX A100 სერვერის ნაწილს. ამაჩქარებლის წარმადობაა 5 petaFLOP და, წყაროს აზრით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლების აჩქარებისთვის. მოსალოდნელია, რომ ChatGPT-ისა და მსგავსი სისტემების სწრაფი განვითარება NVIDIA-ს მეტად დიდ სარგებელს მოუტანს და საშუალებას მისცემს დააკომპენსიროს ან გადააჭარბოს კიდეც მომხმარებლების მხრიდან გრაფიკულ ადაპტერებზე მოთხოვნის შემცირებით განპირობებულ შემოსავალს. NVIDIA-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი დიდ იმედებს ამყარებს ChatGPT-ზე და აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტის გამოჩენა უდიდესი მოვლენაა ხელოვნური ინტელქტის გამოთვლების სამყაროში. https://tinyurl.com/yx7tezba
-
ამერიკულმა საგადახდო სისტემებმა, Visa-მ და Mastercard-მა შეანელეს კრიპტო კომპანიებთან ახალი პარტნიორობის დამყარების გეგმები მას შემდეგ, რაც ბაზრის წარუმატებლობამ, რომელიც FTX-ის დაშლით დაიწყო, შეარყია ინდუსტრიისადმი ნდობა, აცხადებს Reuters ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მსხვილი კრიპტო კომპანიების გაკოტრებამ, როგორებიცაა FTX და BlockFi, გამოიწვია თანხების გადინება კრიპტო ბაზრიდან და მასზე კონტროლის გაზრდა მარეგულირებლების მხრიდან. წყაროების თქმით Visa-მაც და Mastercard-მაც გადაწყვიტეს გადადონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გარკვეული პროდუქტებისა და სერვისების გამოშვება იმ დრომდე, სანამ არ ჩამოყალიბდება ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, ასევე შესაბამისი საბაზრო პირობები. „კრიპტო სექტორში ბოლოდროინდელი გახმაურებული წარუმატებლობები მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ კრიპტოვალუტა გახდება ძირითადი გადახდების და ფინანსური სერვისების ნაწილი“, - განაცხადა Visa-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ეს არ ცვლის კომპანიის სტრატეგიას კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. თავის მხრივ, Mastercard-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია კვლავ დაინტერესებულია საბაზისო ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით და მისი გამოყენების შესაძლებლობით მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად და უფრო ეფექტური საგადახდო სისტემების შესაქმნელად. Visa-სა და Mastercard-ის კრიპტო პროექტებზე მუშაობის შენელების შესახებ საინვესტიციო კომპანია Great Hill Capital-ის თავმჯდომარემ და მმართველმა წევრმა Thomas Hayes-მა განაცხადა, რომ ისინი „წინ არ უნდა წავიდნენ მანამ, სანამ არ იქნება მკაფიო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა“. ადრე საგადახდო სისტემებმა გამოაცხადეს კრიპტო კომპანიებთან პარტნიორობის დაწყების შესახებ. მათ ასევე შექმნეს სპეციალური ჯგუფები ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესასწავლად. გასული წლის აპრილში Mastercard-მა ძალისხმევა გააერთიანა კრიპტო კრედიტორ Nexo-სთან კრიპტოვალუტების მხარდაჭერის მქონე, მსოფლიოში პირველი საგადახდო ბარათის გამოშვების მიზნით. ნოემბერში Visa-მ განაცხადა, რომ სადებეტო ბარათის გამოშვების შეთანხმებას წყვეტდა კრიპტო ბირჟა FTX-თან მას შემდეგ, რაც ბირჟამ გაკოტრების პროცედურა წამოიწყო. American Express, რომელმაც 2021 წელს გამოაცხადა, რომ განიხილავს კრიპტოვალუტის გამოყენებას, როგორც ბონუს ქულების სამომავლო გადაცვლის ვარიანტს, აპირებს გადახედოს თავის პრიორიტეტებს ამ სფეროში. „მოკლე ვადაში ვერ ვიხილავთ, რომ კრიპტოვალუტა შეცვლის ჩვენს ძირითად საგადახდო და საკრედიტო სერვისებს“, განუცხადა American Express-ის წარმომადგენელმა Reuters-ს და აღნიშნა, რომ კომპანია აგრძელებს ტექნოლოგიის გამოყენების ღირებული შემთხვევების შესწავლას. https://tinyurl.com/46cm8j9k
-
კომპანია AMD-მ დაიწყო Raphael სერიის Ryzen 9 7950X3D და Ryzen 9 7900X3D დესკტოპ პროცესორების ოფიციალური გაყიდვები. პროცესორები დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, აქვთ 3D V-Cache მეხსიერება, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთი CCD ჩიპლეტის თავზე. ფოტოს წყარო: TechPowerUp დამატებითი 3D V-Cache-ის მქონე Ryzen 9 7950X3D და Ryzen 9 7900X3D პროცესორებს შეუძლია წარმადობის ავტომატური ოპტიმიზაცია მიმდინარე დატვირთვის შესაბამისად. ამ ფუნქციის მხარდაჭერისთვის AMD გამოუშვებს ახალ დრაივერს X670/670E და B650/650E დედა დაფების ჩიპსეტებისთვის, აგრეთვე BIOS-ის ახალ ვერსიას. Ryzen 9 7950X3D არის 16-ბირთვიანი პროცესორი ჯამში 144 მბ (L2 + L3) ქეშ-მეხსიერებით. ამ პროცესორის ერთ-ერთ CCD ჩიპლეტს არ აქვს დამატებითი 3D V-Cache მეხსიერება და შეუძლია 5.7 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატს შეადგენს. პროცესორი მიმომხილველებში დიდ მოწონებას იმსახურებს, აღინიშნება მისი მაღალი გეიმინგ წარმადობა და ენერგოეფექტურობა. ფოტოს წყარო: Tom's Hardware AMD-მ Ryzen 9 7950X3D შეაფასა 699 აშშ დოლარად, რაც 3D V-Cache-ის არმქონე ჩვეულებრივი Ryzen 9 7950X-ის ღირებულების ტოლია. როგორც პორტალი VideoCardz წერს, ახალი პროცესორი უკვე იყიდება Newegg-სა და Amazon-ზე სარეკომენდაციო ფასად. პროცესორი ასევე იყიდება რამდენიმე ევროპულ მაღაზიაში 799 ევროდ. Ryzen 9 7950X3D-თან ერთად გაყიდვაში გამოვიდა 12-ბირთვიანი Ryzen 9 7900X3D. ჩიპი მუშაობს 5.6 გჰც-მდე სიხშირეზე და აქვს 140 მბ ქეში მეხსიერება (L2 + L3). სამწუხაროდ, AMD-მ არ მიაწოდა მითითებული პროცესორი სპეციალიზებულ მედიასა და ბლოგერებს განსახილველად, ამიტომ მისი რეალური წარმადობა ჯერ უცნობი რჩება. კომპანიამ ეს ჩიპი 599 აშშ დოლარად შეაფასა, რაც 50 აშშ დოლარით მეტია დამატებითი ქეშის არმქონე Ryzen 9 7900X მოდელის ფასთან შედარებით. Ryzen 9 7900X3D ასევე ხელმისაწვდომია მსხვილ დასავლურ საცალო მაღაზიებში, როგორებიცაა Newegg და Amazon. ევროპაში კი ამ პროცესორის ფასი 679 ევროს შეადგენს. აპრილში AMD გამოუშვებს რვაბირთვიან მოდელ Ryzen 7 7800X3D-ს. ამ პროცესორის შემადგენლობაში შევა მხოლოდ ერთი CCD ჩიპლეტი და მას ექნება 3D V-Cache მეხსიერება. https://tinyurl.com/y5wundnk
-
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობდა ვიდეო ბარათების მხოლოდ ორი ძირითადი მწარმოებელი - AMD (ყოფილი ATI) და NVIDIA. კომპანია Intel-მა 2022 წელს გადაწყვიტა გამხდარიყო მესამე ძალა ამ მეტად კონკურენტულ ბაზარზე და გამოუშვა Arc სერიის დესკტოპ და მობილური დისკრეტული ამაჩქარებლები. წლის ბოლოს კი კომპანია უკვე ფლობდა ბაზრის იმდენივე წილს, რამდენსაც AMD – 9%-ს. უახლესი სტატისტიკა გაავრცელეს Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა. ვიდეო ბარათების გაყიდვები შემცირდა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვის პარალელურად. GPU-ების მიწოდების მოცულობა მთლიანობაში წლის განმავლობაში შემცირდა 38%-ით: დესკტოპ სეგმენტში - 24%-ით და ლეპტოპების სეგმენტში - 43%-ით. ვიდეო ბარათების ბაზარზე დომინანტური პოზიცია კვლავ NVIDIA-ს უკავია. ერთი მხრივ, დისკრეტული ამაჩქარებლების ბაზარზე 9% წილის დაკავება არ არის ის ფაქტი, რითიც კომპანია აქციონერების წინაშე თავს მოიწონებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთავარი კონკურენტი NVIDIA ბაზრის 82%-ს ფლობს. მეორე მხრივ, შთამბეჭდავია ის ფაქტი, რამდენად სწრაფად მოიპოვა Intel-მა 9%-იანი წილი. Arc ვიდეო ბარათების შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ბარათების გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ანალიტიკოსებს შორის საუბარიც კი მიმდინარეობდა, რომ Intel-ს შესაძლოა გარკვეულ მომენტში უარი ეთქვა დისკრეტული ვიდეო ბარათების გამოშვებაზე და დაეხურა პროექტი, რომელშიც იმ დროს უკვე ჩადებული იყო მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, მაგრამ გააგრძელა მუშაობა და დისკრეტული GPU-ების ბაზრის 9% უკვე მოიპოვა. ამასთან, კომპანია გაჩერებას არ აპირებს: უკვე მიმდინარეობს Arc ამაჩქარებლების მეორე და მესამე თაობაზე მუშაობა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research Arc სერიის ვიდეო ბარათების პირველი თაობის გამოშვებით კომპანიამ გადაწყვიტა კონკურენტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ მოდელებზე გაეკეთებინა აქცენტი. მაგალითად, Arc A750 მოდელის სარეკომენდაციო ფასი გამოშვებისას 290 აშშ დოლარი იყო, თუმცა ამჟამად უკვე 250 აშშ დოლარამდეა შემცირებული. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ბარათს არავინ ყიდულობს, არამედ პირიქით. გაყიდვების დაწყებისთანავე იგი უფრო იაფი და თანაც მაღალი წარმადობის მქონე იყო, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ამჟამადაც კი საუკეთესო შემთხვევაში 299 აშშ დოლარად იყიდება, თანაც Arc A750 წარმადობის მხრივ გვევლინება უფრო ძვირადღირებული GeForce RTX 3060-ის კონკურენტად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Arc A750 ბევრი მომხმარებლისთვის გახდა კარგი არჩევანი 1080p გაფართოების და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში. ვიდეო ბარათების ოპტიმიზაციის პრობლემები Intel-ს ჯერ ბოლომდე არ გადაუჭრია, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრა წარმატებით ხდება დრაივერების მეშვეობით. ამავდროულად, ევროპული საინფორმაციო მედიის ცნობით Arc A750 გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე უფრო ძვირი და მძლავრი Arc A770. უმცროსი მოდელი გაყიდვებით აჭარბებს ხუთჯერ ან მეტად. PCWorld-თან ბოლო ინტერვიუში Intel Graphics-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა: ”თუ დაფიქრდებით, ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებმაც მოახერხეს შეღწევა ისეთ უზარმაზარ ბაზარზე, როგორიცაა დისკრეტული გრაფიკის ბაზარი... NVIDIA ალბათ გააგრძელებს ჩვენს იგნორირებას. თუმცა, AMD-ს არ შეუძლია ჩვენი იგნორირება. და მომდევნო წლებში, რაც უფრო მეტად თავდაჯერებულნი გავხდებით ჩვენს შესაძლებლობებში, კონკურენცია AMD-სთან მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“. აქვე აღვნიშნავთ, რომ პეტერსენი ადრე NVIDIA-ში მუშაობდა კომპანიის ტექნიკური მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. https://tinyurl.com/y4fd27x2
-
კრიპტოვალუტების კორელაცია ამერიკული კომპანიების აქციებსა და მაკროეკონომიკურ მოვლენებთან სუსტდება Bitcoin-ის ფასის მიმდინარე ფონზე. ამის შესახებ აცხადებს The Block, Bernstein-ის მკვლევარების მოსაზრებაზე დაყრდნობით. მათი თქმით ბაზარი ბალანსდება „ხარებსა და დათვებს“ შორის "შემდგომი კატალიზატორების მოლოდინში" და მისი მგრძნობელობა ტრადიციული ფინანსების სამყაროში "მოვლენების მიმართ" არ არის იგივე, როგორც ადრე. " პირველი კრიპტოვალუტის კორელაცია NASDAQ Composite ინდექსთან თებერვლის დასაწყისში დაეცა 0.94 - დან 0.58 - მდე. წყარო: The Block Crypto Data. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ მარეგულირებლების მიერ შექმნილი დაბრკოლებები დათვური ბაზრის ფაქტორია, ასევე კრიპტოვალუტის მცირე ინსტიტუციური მიღება. მეორე მხრივ, აქციებთან კორელაციის შესუსტება ხარულ სიგნალს წარმოადგენს. ”Stablecoins-ების ემისიის მნიშვნელოვანი ნაწილი (> 50%) და ციფრული ვალუტების გლობალური ვაჭრობა შეერთებულ შტატებს ფარგლებს გარეთ რჩება”, - აღნიშნეს მკვლევარებმა. ადრე ამერიკელმა მარეგულირებლებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება კომპანიის კრიპტო ქმედებებისგან წარმოქმნილი პოტენციური რისკების შესახებ. https://tinyurl.com/4r35ummw
-
თხევადი გაგრილების სისტემის მქონე სმარტფონის კონცეპტ-მოდელ OnePlus 11-ის ანონსის პარალელურად OnePlus -მა გამოფენა Mobile World Congress-ზე (MWC) წარადგინა უფრო უნივერსალური გადაწყვეტილება. საუბარი ეხება ცალკეულ გაგრილების სისტემას, რომელიც გამოყენებადია ნებისმიერ სმარტფონთან და საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა დიდი რესურსის თამაშებსა და აპლიკაციებში. ფოტოს წყარო: Stuff ონლაინ-რესურს Stuff-ის ინფორმაციით სისტემა გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. როგორც მოსალოდნელია, იგი მობილურ გეიმერებს უზრუნველყოფს ფრეიმრეითის მცირე ზრდით სადაც შესაძლებელი იქნება. თუ გაგრილების სისტემა Active CryoFlux OnePlus 11 სმარტფონის კონცეპტ-ვარიანტის ჩიპსეტს 1-2 გრადუსით გააგრილებს ჩველებრივ სმარტფონთან შედარებით, ასეთ შემთხვევაში ტექნოლოგია TEC, რომელიც 45W Liquid Cooler მოდულის დამოუკიდებლად გამოიყენება, სმარტფონის 20 გრადუსით გაგრილების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორი იმუშავებს უფრო მაღალ სიხშირეებზე გადახურებისა და trottling-ის გარეშე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო მაღალ ფრეიმრეითს თამაშებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გეიმინგ სესიების შემთხვევებში. თავად ქულერი სმარტფონზე მაგრდება სპეციალური ზამბარით და თავსებადია OnePlus-ის გარდა ბრენდების უმრავლესობის პროდუქციასთან. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა უკავშირდება ბლოკს საკმაოდ დიდი რადიატორით - გარე მყარი დისკით ან როუტერითაც კი. გაგრილების სისტემის უდიდესი ნაწილი დამალულია კორპუსში, ამიტომ სხვა მსგავსი გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით მომხმარებელი ვერ იგრძნობს ჭარბი სითბოს გამოყოფას. „თერმოელექტრული“ გაგრილება იწყება ქულერის სმარტფონთან შეერთებისთანავე, ხოლო მთავარ მოდულზე არსებული ღილაკი საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ გაგრილების ინტენსივობა. სამწუხაროდ, გაგრილების სისტემა არ უზრუნველყოფს სმარტფონის დამუხტვას, ამიტომ მობილურ გეიმერებს შეიძლება დასჭირდეთ სხვა სადენის დაკავშირება სმარტფონთან გეიმინგ სესიების დროს. გაყიდვების დაწყების დრო და ახალი მოწყობილობის ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/mwtwzmek
-
Xiaomi-ს მფლობელობაში მყოფმა ბრენდმა Redmi-მ დანერგა 300-ვატიანი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია. გავრცელებული ინფორმაციით ახალ ტექნოლოგიას 5 წუთზე ნაკლები სჭირდება სმარტფონის ბატარეის ნულიდან 100%-მდე დამუხტვისთვის. სიახლის დასადასტურებლად კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს რამდენიმე დეტალს ახალი სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის შესახებ. ახალი დამუხტვის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის კონტროლირებად გარემოში ბრენდმა გამოიყენება მოდიფიცირებულილ სმარტფონი Redmi Note 12 Discovery ბატარეის მოცულობით 4100 მა/სთ (ამ სმარტფონის ორიგინალი ვერსიის ბატარეის მოცულობაა 4300 მა/სთ). ბატარეის 0-დან 50%-მდე დამუხტვისთვის საჭირო გახდა 2 წუთი და 11 წამი, ხუთი წუთის შემდეგ კი ბატარეა 100%-ზე იყო დამუხტული. როგორც რესურს GSMArena.com-მა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ვიდეო გამოქვეყნდა ოფიციალურ Redmi ანგარიშზე სოციალურ ქსელ Weibo-ში, 300-ვატიანი დამუხტვის სიმძლავრე სიმართლეს არ შეესაბამება. სმარტფონი მხოლოდ 290 ვატს აღწევს დაახლოებით სამი წამის განმავლობაში და შემდეგ იტენება უფრო ნელი სიჩქარით. და გამოცხადებული სიმძლავრე 300 ვატი არის თეორიული მაქსიმუმი, რომლის მიღწევა შეუძლია დამტენს და ბატარეას, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. Redmi-ის თქმით, მცირე ზომის მიუხედავად კვების ადაპტერი აღჭურვილია Double GaN ტექნოლოგიით და აქვს „50-ზე მეტი დონის დაცვა“. როდის იქნება წარმოდგენილი პირველი მასობრივი წარმოების სმარტფონი 300 ვატი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/ytkzj9ny
-
2023 წლის 13 მარტიდან ამერიკული Bitcoin ბირჟა Coinbase შეწყვეტს ვაჭრობას stablecoin Binance USD-თი (BUSD). „ჩვენ რეგულარულად ვაკვირდებით აქტივებს ჩვენს ბირჟაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ ლისტინგის სტანდარტებს. უახლესი მიმოხილვების საფუძველზე Coinbase შეაჩერებს BUSD ვაჭრობას 2023 წლის 13 მარტს დაახლოებით 12:00 საათზე (ET)“ - ნათქვამია შეტყობინებაში. CoinMarketCap-ის მიხედვით BUSD-ის კაპიტალიზაცია 10.7 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა (-5.4 მლრდ აშშ დოლარი 13 თებერვლიდან). წერის დროს აქტივი რეიტინგში მე-10 ადგილზეა. წყარო: CoinMarketCap. მანამდე, ლენდინგ პროტოკოლის საზოგადოება Aave-მ გადაწყვიტა განიხილოს წინადადება BUSD-ის გირაოს სახით გამოყენების გაყინვის შესახებ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) გამოძიება დაიწყო Binance USD-ის ემიტენტ Paxos-ის მიმართ. მოგვიანებით მისმა წარმომადგენლებმა გამოაცხადეს მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად ახალი მონეტების გამოშვების შეჩერება და Stablecoin-თან დაკავშირებით Binance-თან თანამშრომლობის შეწყვეტა. კომპანია გააგრძელებს შესყიდვისა და კონვერტაციის ოპერაციების მხარდაჭერას მინიმუმ 2024 წლის თებერვლამდე. ასევე ცნობილი გახდა SEC-ის მუქარის შესახებ, რომ Paxos-ს უჩივლებს BUSD-ის გამოშვებისას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების დარღვევის გამო. Bloomberg-ის ცნობით Circle-მა საჩივარი შეიტანა NYDFS-ში 2022 წელს Stablecoin-ის რეზერვის მართვის ხარისხთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/bde4evy3
-
ევროპელმა საცალო მოვაჭრეებმა Intel Arc A7 გრაფიკულ ბარათებზე ფასები შეამცირეს, წერს Techspot. ასევე მითითებულია, რომ Intel-ის ვიდეო ბარათები ამჟამად მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული კომპიუტერული ტექნიკის ბევრ მაღაზიაში. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა Arc A750 და Arc A770 ვიდეო ბარათები გასული წლის ოქტომბერში გამოუშვა, მათი 8 გბ მოდელების ფასები იყო 290 და 330 აშშ დოლარი შესაბამისად, ხოლო 16 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Arc A770-ის ვერსია შეფასდა 350 აშშ დოლარად. თუმცა რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ Arc A750-ის ფასი 30 აშშ დოლარით შეამცირა. ფასების ცვლილებამ ახლა უკვე ევროპამდე მიაღწია, სადაც ეს ვიდეო ბარათები ამ დრომდე მცირე რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი. Eurogamer-ის ცნობით თუ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში Arc A750-ის ღირებულება ევროპაში დაახლოებით 350-380 ევრო იყო, ახლა ვიდეო ბარათის შეძენა 300 ევროზე ნაკლებ ფასად შეიძლება. Arc A770, რომელიც ადრე შემოთავაზებული იყო საშუალოდ 450 ევროდ, ახლა იყიდება 400 ევროდ (დღგ-ს ჩათვლით). ფოტოს წყარო: PC21.fr გერმანულმა რითეილერ Notebooks Billiger-მა Arc A750-ის ფასი 70 ევროთი შეამცირა და 280 ევროდ ყიდის. მის მაგალითს მიყვა ფრანგული PC21 და ამაჩქარებელს იმავე ფასად გვთავაზობს. ამასთან მაღაზიამ პუბლიკაციის დროს აღნიშნა, რომ მარაგში აქვს ათასზე მეტი ერთეული. ფრანგულმა LDLC-მ და Cybertek-მა Arc A750-ზე ფასი 50 ევროთი შეამცირეს და ყიდიან 310 ევროდ. დიდ ბრიტანეთში Arc A750 70 ბრიტანული ფუნტით გაიაფდა რითეილერ Ebuyer-თან და 260 ფუნტად იყიდება. გარდა ამისა, მაღაზიამ Arc A770 მოდელზე ფასი შეამცირა 410-დან 360 ბრიტანულ ფუნტამდე. Overclockers UK ასევე 360 ფუნდად ყიდის Arc A770-ს, ადრე ვიდეო ბარათი 450 ბრიტანულ ფუნტად იყიდებოდა. პორტალ VideoCardz-ის მონაცემებით Overclockers UK Arc A750-ს ყიდის ბრიტანეთში მინიმალურ ფასად - 250 ფუნტად. შედარებისთვის, NVIDIA-ს ნაკლებად მძლავრი GeForce RTX 3050 იმავე მაღაზიაში 299 ბრიტანულ ფუნტად იყიდება. ამავე დროს Arc A750 კონკურენციას უწევს არა GeForce RTX 3050-ს, არამედ უფრო ძვირადღირებულ RTX 3060-ს. ფოტოს წყარო: Overclockers UK რესურსი Techspot-ის აღნიშნავს, რომ უფროსი Arc A770 მოდელი უმცროსთან შედარებით ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა და მისი გაყიდვები დაბალია GeForce RTX 3060-ის, GeForce RTX 3060 Ti-ს და ასევე RX 6800-სა და Radeon RX 6800 XT-ის მაღალი კონკურენციის ფონზე. ბოლო თვეებში ბევრად უფრო აქტიურად იყიდებოდა უმცროსი Arc A750, რომელიც, როგორც რესურსი ვარაუდობს, Arc A770-ს აჭარბებს გაყიდვებით ხუთი ერთთან შეფარდებით ან კიდევ უფრო მეტად. https://tinyurl.com/y92sawxj
-
Jon Peddie Research-ს დაახლოებით ორი თვე დასჭირდა GPU-ების ბაზრისთვის მეოთხე კვარტლის შედეგების შესაჯამებლად. საერთო ჯამში მიწოდების მოცულობა წლიური შედარებით 38%-ით შემცირდა, ამასთან დესკტოპ სეგმენტში შემცირებამ შეადგინა 24%, ლეპტოპების სეგმენტში - 43%. გრაფიკული პროცესორების ბაზარზე ასეთი ვარდნა არ დაფიქსირებულა 2011 წლის შემდეგ. ფოტოს წყარო: NVIDIA როგორც წყარო განმარტავს, Intel-ის გრაფიკული პროდუქტების წილი 1.1%-ით შემცირდა 71%-მდე, NVIDIA-ს წილი კი 0.68%-ით გაიზარდა 17%-მდე, კომპანია AMD-ის პოზიცია კი 0.4%-ით 12%-მდე შემცირდა. წლიური შედარებით Intel-ის წილი 62-დან 71%-მდე გაიზარდა, NVIDIA-სი 19-დან 17%-მდე შემცირდა, AMD-ს - 18-დან 12%-მდე. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research ჯამში Jon Peddie Research-ის მიხედვით გრაფიკული პროცესორების მიწოდების მოცულობა 15.3%-ით შემცირდა. ბაზრის ლიდერ Intel-ის (ინტეგრირებული გრაფიკის გათვალისწინებით) მიწოდების მოცულობა შემცირდა 16.5%-ით, AMD-ის - 12.7%-ით, NVIDIA-სი - 11.7%-ით. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ცენტრალური პროცესორების ბაზარი, რომელიც დიდწილად გრაფიკული პროდუქტების ბაზრის დინამიკას განსაზღვრავს, შესაბამისად შემცირდა 17.4%-ით, წლიურ შედარებაში კი - 35.3%-ით. მეოთხე კვარტალში მიწოდებული 54 მილიონი ცენტრალური პროცესორიდან 63% მოდიოდა მობილურ სეგმენტზე, დანარჩენი 37% - დესკტოპ პროცესორებზე. აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში დისკრეტული ვიდეო ბარათების მიწოდების მოცულობა დესკტოპ სეგმენტში 7.8%-ით გაიზარდა. Jon Peddie Research-ის სპეციალისტების შეფასებით მომდევნო ხუთ წელში პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში დისკრეტული გრაფიკული პროცესორების გავრცელების დონე 32%-ს მიაღწევს. 2026 წლის ბოლოს მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება 3 მილიარდზე მეტი ყველა ტიპის გრაფიკული პროცესორი. სეზონური ტრენდის მიხედვით გრაფიკული პროდუქტების მიწოდების მოცულობა მეოთხე კვარტალში რჩება მესამე კვარტლის დონეზე, თუმცა გასულ წელს შემცირებამ შეადგინა 15.3%, რაც ათწლიან ნორმასთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. კვარტლის განმავლობაში სულ მიწოდებულ იქნა 64.2 მილიონი გრაფიკული პროცესორი, რაც 38.5 მილიონით ნაკლებია 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. https://tinyurl.com/3sfymcx4
-
მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე 9.95%-ით გაიზარდა. ინდიკატორმა განაახლა თავისი ისტორიული მაქსიმუმი 43.05 T ნიშნულით. მაინინგის სირთულე. წყარო: BTC.com. Glassnode-ის მიხედვით ქსელის 7 დღიანი მოძრავი საშუალო ჰეშრეითი იმყოფება 303 EH/s მაჩვენებლის სიახლოვეს. წყარო: Glassnode. ჰეშ-ფასის მაჩვენებელი 0.068$ TH/s-ზე დღე-ღამის განმავლობაში ბოლო თვის მინიმალურ დონემდე ჩამოვიდა. წყარო: Hashrate Index. იანვარში პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 4.68%-ით, რის შედეგად განახლდა ისტორიული მაქსიმუმი დაახლოებით 39.35 T-მდე. იმავე თვეში Bitcoin-ის მაინერების მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 604.6 მლნ აშშ დოლარი, რაც დეკემბრის მაჩვენებელს აჭარბებს 27%-ით. შეგახსენებთ, რომ თებერვალში მაინინგ კომპანია CleanSpark-მა შეიძინა 20 000 ცალი Antminer S19j Pro +, რითაც აღჭურვილობა 46 500 მოწყობილობამდე გაზარდა. https://tinyurl.com/yc5cbfv8
-
ამჟამად Yeston ვიდეო ბარათ Radeon RX 7900 XT-ს ყიდის მხოლოდ 6499 იუანად (დაახლოებით 934 აშშ დოლარი), რაც 900 იუანით იაფია ჩინეთში კომპანიის მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ამ ვითარების საპირისპირო მდგომარეობაა აშშ-ში. იგივე მოდელის შეძენა Newegg-ზე შესაძლებელია 1199 აშშ დოლარად, რაც 300 აშშ დოლარით აღემატება კომპანიის მიერ ამ ბაზარზე დაწესებულ სარეკომენდაციო ფასს. უნდა ითქვას, რომ RX 7900 XT ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე იაფად იყიდება ჩინეთში და Yeston არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელმაც ღირებულება შეამცირა. XFX და Sapphire-ც ყიდიან თავიანთი წარმოების Radeon RX 7900 XT-ს 6599 იუანად. ჩინეთის ბაზარზე ფასები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, რაც უკავშირდება ღირებულების გადასახადის დამატებას. თუმცა, ვინაიდან ამჟამად დესკტოპ ბარათების უმეტესობა დამზადებულია აზიაში, ეს ბაზარი, როგორც წესი, ლიდერია ფასების ცვლილებების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ჩინურმა მაღაზიებმა, მაგალითად, შეამცირეს Ryzen 7000 პროცესორების ფასი 2 კვირით ადრე, ვიდრე მსგავსი ქმედება სხვა რეგიონებში განხორციელდებოდა. ჩინური ვებ-გვერდების შეტყობინებებში მოცემულია, რომ RX 7900 XT-ს შეძენა შესაძლებელია სულ რაღაც 5999 იუანად, თუმცა ყველაზე დაბალი ფასი, რომლის პოვნა შესაძლებელია, შეადგენს 6299 იუანს Taobao-ზე. აღსანიშნავია, რომ ფასების შედარების ცხრილში მოცემული ყველა ბარათის ყიდვა ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს შესანიშნავი სიახლეა ჩინელი გეიმერებისთვის და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში გლობალურ ბაზარზეც მოახდეს გავლენას. ამასთან, NVIDIA და AMD, სავარაუდოდ, მეორე კვარტლის ბოლოსთვის გამოუშვებენ მომდევნო თაობის საშუალო კლასის მოდელებს. https://tinyurl.com/8u8e3dt5
-
- 1
-
-
მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის დისკრეტულ Radeon გრაფიკულ ბარათებს ჯერ კიდევ გაცილებით მცირე ბაზრის წილი აქვთ, ვიდრე NVIDIA-ს, ორივე კომპანიის უახლესი ანგარიშები აჩვენებს, რომ AMD-ის გეიმინგ განყოფილება დიდად არ ჩამორჩება კონკურენტს, როდესაც საქმე შემოსავალს ეხება. ფოტოს წყარო: AMD 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, რომელიც AMD-მ იანვარში წარმოადგინა, მისი გეიმინგ ბიზნესის შემოსავალი შეადგენდა 1.644 მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ ეს სეგმენტი მოიცავს არა მხოლოდ Radeon გეიმინგ გრაფიკულ ბარათებს, არამედ პერსონალურ ჰიბრიდულ პროცესორებს Sony PlayStation 5, Microsoft Xbox Series S და Series X გეიმინგ კონსოლებისთვის. ფოტოს წყარო: AMD კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანგარიშზე NVIDIA-მ განაცხადა, რომ შემოსავალი მისი გეიმინგ მიმართულებიდან, რომელშიც შედის გეიმინგ კონსოლ Nintendo Switch-ისთვის განკუთვნილი პლატფორმიდან, გეიმინგ ქლაუდ სერვის GeForce NOW-დან, ასევე GeForce ვიდეო ბარათებიდან მიღებული შემოსავალი, ბოლო კვარტალში შეადგენდა 1.831 მლრდ აშშ დოლარს, რაც მხოლოდ 187 მლნ აშშ დოლარით აღემატება AMD-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ფოტოს წყარო: NVIDIA ეს ვითარება არ აიხსნება AMD-ის ვიდეო ბარათების პოპულარობის ზრდით, წერს პორტალი Tom’s Hardware. Steam Hardware Survey-ს ბოლო 18 თვის მონაცემებით კომპანია NVIDIA-ს პროდუქტებს იყენებს გეიმინგ პლატფორმის დაახლოებით 75%, 15% იყენებს AMD-ის პროდუქტებს და 10% - დანარჩენი კომპანიების მოწყობილობებს. ამ მონაცემების საფუძველზე რესურსი ვარაუდობს, რომ AMD-ის გეიმინგ ბიზნესის შემოსავლის ძირითადი ნაწილი დამოკიდებული იყო გეიმინგ კონსოლების პროცესორების გაყიდვაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვარტალში NVIDIA-ს გეიმინგ შემოსავალი 46%-ით ნაკლები იყო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით. https://tinyurl.com/3sm33am5
-
Bitcoin-ბირჟა Binance-მა და საკრედიტო ბარათების სერვისის კომპანია Ingenico-მ აამოქმედეს საპილოტე პროგრამა Binance Pay-ს მეშვეობით კრიპტო გადახდების დამუშავებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე ფუნქციის ტესტირება მოხდება Ingenico Axium-ის გადახდის ტერმინალებში საფრანგეთში კოქტეილ ბარ Le Carlie-ში და ქალთა ტანსაცმლის მაღაზია Miss Opéra-ში. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი კრიპტოვალუტა. თავდაპირველად სავაჭრო ობიექტები ანგარიშსწორების სახით მიიღებენ ციფრულ აქტივებს, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტლიდან დამატებითი გადაწყვეტილება მათ ფიატში კონვერტირების საშუალებას მისცემს. სამომავლოდ პროგრამა გაფართოვდება ევროპის ქვეყნებში, სადაც Binance-მა მოიპოვა საქმიანობის ლიცენზია, მათ შორისაა იტალია, ლიტვა, ესპანეთი, კვიპროსი, პოლონეთი და შვედეთი. იანვრის ბოლოს Binance-მა საგადახდო გიგანტ Mastercard-თან პარტნიორობის ფარგლებში განაცხადა ბრაზილიაში წინასწარი გადახდის ბარათის გამოშვების გეგმის შესახებ. https://tinyurl.com/37zjxy3j
-
Mercedes-Benz-მა განაცხადა Google-თან ერთად ნავიგაციის სფეროში ახალი პროექტის დაწყების შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს თითოეულ მანქანაში უზრუნველყოს უამრავი სენსორით აღჭურვილი „სუპერკომპიუტერის დონის წარმადობა“, რაც აუცილებელია ავტოპილოტირების პლატფორმის მუშაობისთვის - ეს კომპანიას ხელს შეუწყობს Tesla-სა და ახალ ჩინურ ბრენდებთან კონკურენციაში - წერს Reuters. ფოტოს წყარო: mercedes-benz.com თანამედროვე მანქანათმშენებელი კომპანიები ხშირად იყენებენ მოდელს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ფუნქციების ნაკრებისა და მანქანის მახასიათებლების რეგულირების საშუალებას იძლევა - მომხმარებლის სურვილის შესაბამისად აქტიურდება ესა თუ ის შესაძლებლობა, როგორც წესი, დამატებითი თანხის ფასად. Mercedes-Benz-მა ამ მიდგომის გამოყენება გადაწყვიტა ჯერ კიდევ 2020 წელს NVIDIA-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში: მომხმარებლები ავტომობილში იღებენ მძლავრ ჩიპს, ამასთან ორი კომპანიის ხარჯები მაღალი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მძღოლი ჩიპის ყველა ხელმისაწვდომ ფუნქციას არ გაააქტიურებს. პროექტიდან მიღებული შემოსავალი Mercedes-Benz-სა და NVIDIA-ს შორის იყოფა. Mercedes-Benz-თან ერთობლივი პროექტი წამოიწყო ავტოპილოტირებისთვის განკუთვნილი სენსორების მწარმოებელმა Luminar Technologies-მა, რომელშიც გერმანული საავტომობილო ბრენდი მცირე წილს ფლობს. მრავალმილიარდიანი შეთანხმების ფარგლებში ათწლეულის შუა პერიოდისთვის ამ სენსორებით იქნება აღჭურვილი Mercedes-ის ავტომობილების ფართო სპექტრი - სიახლის გახმაურების შემდეგ Luminar-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა. და ბოლოს, გერმანულმა კომპანიამ განაცხადა Google-თან თანამშრომლობის დაწყების შესახებ: ამერიკული პარტნიორი Mercedes-Benz-ს მიაწვდის სანავიგაციო მონაცემებს, აქტუალურ ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ, მძღოლები კი შეძლებენ YouTube-ის გამოყენებას საინფორმაციო-გასართობ სისტემაში - ვიდეოზე წვდომა განიბლოკება მანქანის გაჩერებისას, ან მესამე დონის ავტოპილოტირების სისტემის გააქტიურების დროს. https://tinyurl.com/2jd3xz73
-
უახლესმა პროცესორმა Intel Xeon W9-3495X "Sapphire Rapids" აჩქარების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 56-ბირთვიანი ჩიპის აჩქარება მოხერხდა 4.2 გჰც-მდე. ტესტირება ჩაატარა ცნობილმა ენთუზიასტმა მეტსახელად Der8auer, რომელიც ექსპერიმენტში იყენებდა სასერვერო დედა დაფას LGA 4677 სოკეტით, 192 გბ RDIMM (ECC) DDR5-5600 მეხსიერებას და 360-მილიმეტრიან AIO-ს Cooler Master-ისგან გაგრილების სახით. ტესტირებისთვის შერჩეული იყო დედა დაფა RVP (Reference Validation Platform) ჩიპსეტით W790. პროცესორის აჩქარების ტესტის დროს დაკავშირებული იყო Intel XTU utility. ჩიპის ენერგომოხმარება თავისუფალ რეჟიმში შეადგენდა დაახლოებით 300-350 ვატს, მაქსიმალურ დატვირთვაზე ბენჩმარკზე კი დაფიქსირდა 1000 ვატზე მეტი. Geekbench 5 ტესტის შედეგად ჩიპმა დააგროვა შთამბეჭდავი 53817 ქულა, რის შედეგად 12%-ით უკან მოიტოვა AMD Threadripper Pro 5995WX-ის ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდი. ტესტირება ჩატარდა კონტროლირებად პირობებში Intel-ის აშშ-ის სათაო ოფისში ოვერქლოქერების გუნდთან ერთად. რეალურად საინტერესო კი ის არის, რომ Xeon W9-3495X-ს შეუძლია უზრუნველყოს კიდევ უფრო უკეთესი წარმადობა სათანადო გაგრილების პირობებში, რადგან ახალი Golden Cove ბირთვები არ მუშაობს სრული სიმძლავრით. https://tinyurl.com/596svyv4
-
ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა (NYDFS) გამოაცხადა თავისი ინსტრუმენტების განახლების შესახებ რეგულირებად სუბიექტებს შორის ციფრული აქტივების უკანონო საქმიანობის მონიტორინგისთვის. „ეს ინსტრუმენტები დაგვეხმარება ფინანსური დანაშაულისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რეგულირებადი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ეროვნულ ლიდერობას ვირტუალური ვალუტის ზედამხედველობის მიმართულებით“, - განაცხადეს NYDFS-ში. მარეგულირებელს დეტალები არ გაუმჟღავნებია. განცხადებაში ნათქვამია, რომ განახლებები დეპარტამენტს ახალ შესაძლებლობებს მისცემს პოტენციური ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის. 10 თებერვალს NYDFS-მა დაიწყო გამოძიება Binance USD (BUSD) ემიტენტ Paxos-ის მიმართ. მოგვიანებით მარეგულირებელმა კომპანიას უბრძანა შეწყვიტოს Stablecoin-ის გამოშვება. კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვეტს აქტივის გამოშვებას, მაგრამ გააგრძელებს ყიდვისა და კონვერტაციის ოპერაციების მხარდაჭერას მინიმუმ 2024 წლის თებერვლამდე. დეპარტამენტმა თავისი ქმედება ახსნა Stablecoin-ის არასაკმარისი უსაფრთხოებით. ასევე ცნობილი გახდა SEC-ის მუქარის შესახებ, რომ Paxos-ს უჩივლებს BUSD-ის გამოშვებისას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების დარღვევის გამო. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს Circle-მა საჩივარი შეიტანა NYDFS-ში Binance USD-ის რეზერვების მართვის ხარისხთან დაკავშირებით, აცხადებს Bloomberg. https://tinyurl.com/nhaa6e2t
-
კომპანია NVIDIA-მ გასული ფისკალური კვარტალი დაასრულა გეიმინგ სეგმენტში შემოსავლის 46%-იანი კლებით 1.83 მლრდ აშშ დოლარამდე წლიური შედარებით, რის მიზეზადაც დაასახელა პანდემიის პერიოდში მაღალი ბაზის თანამდევი დინამიკა, ასევე დაგროვებული ჭარბი პროდუქცია. ფოტოს წყარო: NVIDIA კომპანიის ფინანსურ დირექტორ Colette Kress-ის თქმით შემოსავალი გეიმინგიდან მეოთხე კვარტალში შეიძლება გაზრდილიყო, რომ არა გეიმინგ კონსოლების კომპონენტების გაყიდვების შემცირება. ცხადია, ამ კონტექსტში საუბარი ეხება Nintendo Switch გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილ NVIDIA პროცესორებს, რომლებიც უკვე კარგავენ პოპულარობას სასიცოცხლო ციკლის ამ ეტაპზე. მთლიანი ფისკალური წლის შეჯამებით NVIDIA-ს გეიმინგ სეგმენტის შემოსავალი 27%-ით 9.1 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა და ამ შემთხვევაშიც კომპანია ადანაშაულებს მარაგების კორექციას პანდემიის პერიოდის შემდეგ, ასევე საყოველთაო სუსტ მაკროეკონომიკას და განსაკუთრებით გამოყოფს ჩინეთში ცოტა ხნის წინ არსებულ ლოქდაუნს. შესაბამისად, მეოთხე კვარტალში გეიმინგ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა, NVIDIA-ს წარმომადგენლის თქმით, Ada Lovelace სერიის GeForce RTX გრაფიკულ პროცესორებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით. „წლიურ შედარებაში კლება ასახავს მარაგების კორექციის გავლენას, რაც დიდწილად უკვე უკან მოვიტოვეთ. მეოთხე კვარტალში მოთხოვნა ტრადიციულად სტაბილური იყო უმეტეს რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დაზარალდა COVID-თან დაკავშირებული შეფერხებებით, ჩვენ ვხედავთ ამ ბაზრის აღდგენის პირველ ნიშნებს. გეიმერები ენთუზიაზმით ხვდებიან RTX 4090, 4080, 4070 Ti დესკტოპ გრაფიკულ პროცესორებს, ბევრ საცალო და ონლაინ-მაღაზიაში სწრაფად იყიდება მარაგში არსებული ვიდეო ბარათები“ - განაცხადა კვარტალური ანგარიშის ღონისძიებაზე კოლეტ კრესმა. NVIDIA-ს ფინანსური დირექტორის თქმით GeForce RTX 4090-ის ტრიუმფალური გამოჩენა Steam-ის პოპულარული გრაფიკული ბარათების რეიტინგში ასახავს გეიმერების სურვილს, შეიძინონ მაღალი დონის გრაფიკული მოწყობილობები. კომპანიის მენეჯმენტი კმაყოფილია გეიმინგ ლეპტოპების სეგმენტში Ada Lovelace არქიტექტურის გაფართოების ტემპით. ამ არქიტექტურის ბაზაზე შეიქმნება ლეპტოპის 170-ზე მეტი მოდელი გეიმერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის. გასულ თვეში ქლაუდ სერვის GeForce Now-ს აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სატარიფო გეგმა, რომელიც გეიმერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ GeForce RTX 4080-ის რესურსები. ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს სერვისს. https://tinyurl.com/mry2ws6x
-
ზოგიერთი ქვეყნის ბაზარზე გამოვიდა ორცხობილა Oreo-ს ლიმიტირებული ვერსია Xbox-ის სტილში, თითოეულ შეფუთვაში მოცემულია კოდები ვიდეო თამაშებში სხვადასხვა სკინის განბლოკვისთვის. Xbox-ის ბრიტანული განყოფილება კიდევ უფრო შორს წავიდა და წარადგინა Oreo-ს ფორმის გეიმინგ კონსოლი Xbox Series S. არსებული ცნობებით Oreo-ს ფორმის Xbox Series S ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა, თუმცა როგორ გავრცელდება მოწყობილობა, ჯერ უცნობია. Xbox-ის წარმომადგენლებს არ გაუზიარებით დეტალები, თუ როგორ შეიძლება უჩვეულო კონსოლის შეძენა. არ არის გამორიცხული, რომ მოწყობილობა გათამაშდეს რომელიმე კონკურსის ფარგლებში, რომელიც უახლოეს დროში ჩატარდება. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც software-გიგანტი ორცხობილების მწარმოებელთან თანამშრომლობს მარკეტინგული მიზნებით. გასული წლის შემოდგომაზე Oreo-ს სტილის სიცილაკების ნაკრები გამოჩნდა Microsoft Teams-ის სერვისში. გარდა ამისა, 2019 წელს Microsoft-ს უკვე გამოშვებული აქვს Oreo-ს სტილის Xbox One X კონსოლები. https://tinyurl.com/9s998zn2
-
Coinbase-ის 2022 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა ზარალმა შეადგინა 557 მლნ აშშ დოლარი ანუ 2.46$ თითო აქციაზე, რაც უკეთესია ბაზრის მოლოდინთან (2.52$) შედარებით. ვაჭრობის შემდგომ სესიაზე ფასიანმა ქაღალდებმა არასტაბილურობის მაღალი დონე დააფიქსირა. წმინდა შემოსავალმა შეადგინა 604.9 მლნ აშშ დოლარი. ივლის-სექტემბერთან შედარებით მაჩვენებლის 5%-ით ზრდა შესაძლებელი გახდა შემოსავლის 34%-ით ზრდის შედეგად, რომელიც მოიცავდა ხელმოწერებისა და სერვისების კატეგორიას. ამ უკანასკნელში შემოსავლის დაახლოებით 22% მოდიოდა სტეიკინგის სერვისზე (62.4 მლნ აშშ დოლარი). გასულ წელს კომპანიამ 275.5 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა. მეოთხე კვარტალში ვაჭრობის საკომისიოს მოცულობამ 12%-ით დაიკლო - 365.9 მილიონიდან 322.1 მლნ აშშ დოლარამდე, 2022 წელს მაჩვენებელი 2.9-ჯერ, 2.36 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ანალიტიკოსებთან გამართულ კონფერენციაზე ბირჟის ინვესტორებთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტმა ანილ გუპტამ გაუარესება მიაწერა საცალო ინვესტორების თავშეკავებას და არასტაბილურობის შემცირებას. წყარო: Coinbase დეკემბრის ბოლოს პლატფორმაზე არსებული ციფრული აქტივების ღირებულებამ შეადგინა 80 მლრდ აშშ დოლარი (101 მლრდ აშშ დოლარი იყო წინა კვარტალში). აქციონერებისთვის განკუთნილ დოკუმენტში Coinbase-მა განაცხადა, რომ 2022 წელს შესრულდა ყველა მაჩვენებლის პროგნოზის კორექტირება, მათ შორის წლიური საშუალო თვიური აქტიური მომხმარებლების ჩათვლით (8.8 მლნ აშშ დოლარი). „ 2023 წელს ვიწყებთ ეფექტურობის გაუმჯობესებით […]. ჩვენ გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობა, ვივარაუდოთ ტრანზაქციის შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია საბაზრო კაპიტალიზაციასადა ციფრული აქტივების არასტაბილურობასთან,” ნათქვამია დოკუმენტში. კომპანიის მოწოდებაა ბაზრის არაპროგნოზირებადობის გამო იანვარში სავაჭრო კომისიებიდან მიღებული 120 მლნ აშშ დოლარის ექსტრაპოლაცია არ მოხდეს თებერვალ-მარტამდე. ტოპ მენეჯმენტი ელოდება შემოსავლების ზრდას გამოწერებისა და სერვისების კატეგორიაში ერთად 282.8 მილიონიდან 300-350 მლნ აშშ დოლარამდე. საკადრო პოლიტიკაში Coinbase გეგმავს მნიშვნელოვნად არ გაზარდოს პერსონალი არსებულ 3650 სპეციალისტთან შედარებით. რაც შეეხება მარეგულირებელ რეჟიმს, კომპანიამ აღნიშნა კარგი პოზიცია გარდამავალი პერიოდისგან სარგებლის მიღებისთვის. ადრე ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა განაცხადა, რომ სავაჭრო პლატფორმის სტეიკინგის სერვისები არ შეიძლება ჩაითვალოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზებად. მისი თქმით, კომპანია მზადაა ეს მტკიცება სასამართლოში დაიცვას. გაფრთხილება უკავშირდება SEC-ის ბრალდებას, რომელიც წარდგენილ იქნა Karken-ის წინააღმდეგ 10 თებერვალს. იანვარში JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ჰადფორკი Shanghai და FTX-ის კოლაფსი დადებითია Coinbase-ისთვის. ბირჟის აქციებით ვაჭრობა 21 თებერვალს 4.8%-იანი კლებით დასრულდა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 75.4%-ით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით კი 67.7%-ით შემცირდა. Coinbase-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Nasdaq-ზე. წყარო: Finviz თებერვალში Ark Invest-მა იყიდა Coinbase-ის აქციები ~ 6.7 და 9.27 მლნ აშშ დოლარად. 2022 წლის ოქტომბერში მმართველმა კომპანიამ ივნისის შემდეგ პირველად იყიდა ბირჟის ფასიანი ქაღალდები. ნოემბერში Ark Invest-ის სტრუქტურებმა ამ მიზნებისთვის კიდევ 21.4 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, დეკემბერში კი - 3 და კიდევ 5 მლნ აშშ დოლარი. https://tinyurl.com/27rnhz79
-
Microsoft-მა და NVIDIA-მ გამოაცხადეს ათწლიანი პარტნიორობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი თამაშების გადატანას ქლაუდ სერვის NVIDIA GeForce NOW-ში, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს. შეთანხმება გეიმერებს საშუალებას მისცემს გადაიტანონ Xbox PC თამაშები GeForce NOW-დან კომპიუტერებზე, macOS-ზე, Chromebook-ებზე, სმარტფონებზე და სხვა. იგი ასევე საშუალებას იძლევა მოხდეს Activision Blizzard-ის თამაშების, მაგალითად Call of Duty-ს, ტრანსლირება GeForce NOW-ზე მას შემდეგ, როდესაც დასრულდება Activision Microsoft-ის შეძენის გარიგება. „Xbox აგრძელებს მცდელობას, რომ ხალხს მეტი არჩევანი მისცეს და თამაშის გამოცდილების გაფართოების გზები მოძებნოს. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს NVIDIA-ს თამაშების კატალოგის გაფართოებას, ასევე დეველოპერებისთვის უზრუნველყოფს მეტ ვარიანტს თამაშის სტრიმინგისთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გეიმერებს შევთავაზოთ უფრო მეტი გზა, ითამაშონ საყვარელი თამაშები“ - განაცხადა Microsoft Gaming-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ სპენსერმა. „Xbox-ის საკუთარი თამაშების მდიდარი კატალოგის შერწყმა GeForce NOW-ს მაღალი წარმადობის სტრიმინგ შესაძლებლობებთან განაპირობებს ქლაუდ თამაშების მასობრივ გავრცელებას და მოეწონება ნებისმიერი დონისა და გამოცდილების მქონე გეიმერს. ამ პარტნიორობის შედეგად მსოფლიოს მრავალი ყველაზე პოპულარული თამაში ხელმისაწვდომი იქნება ქლაუდიდან ერთი დაწკაპუნებით მილიონობით გეიმერისთვის“, - განაცხადა ჯეფ ფიშერმა, GeForce-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა NVIDIA-ში. პარტნიორობა აფართოებს გეიმერებისთვის არჩევანს და ამსუბუქებს NVIDIA-ს შეშფოთებას Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის შესახებ. ამიტომ, NVIDIA-ს შეთავაზებაა სრული მხარდაჭერა მარეგულირებელი ორგანოების მიერ ნებართვის მიღებისთვის. Microsoft და NVIDIA დაიწყებენ Xbox PC თამაშების ინტეგრირებას GeForce NOW-ში, რათა GeForce NOW-ის წევრებმა შეძლონ Windows Store-დან შეძენილი თამაშების სტრიმინგი, მათში ასევე შედის გარე პარტნიორების თამაშები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სტრიმინგის უფლებები NVIDIA-ს მიერ. GeForce NOW-ს მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Xbox-თამაშების სტრიმინგი გარე მაღაზიებში, როგორებიცაა Steam და Epic Games Store. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია Microsoft-ის მიერ ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გახდა ცნობილი. კომპანიამ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ გააფორმა ათწლიანი ხელშეკრულება Call of Duty-ის Nintendo-ზე შემოტანის შესახებ Activision-თან შერწყმის შემდეგ. https://tinyurl.com/35j7e63r
-
გასული წლის აპრილში წარადგინეს სმარტფონი დრეკადი დისპლეით Vivo X Fold, რომელსაც აპარატულ საფუძვლად ედო მიკროპროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ მომდევნო თაობის მოდელი Vivo X Fold 2 იქნება მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Snapdragon 8 Gen 2 ჩიპით. Vivo X Fold. ფოტოს წყარო: Vivo შეგახსენებთ, მაღალი წარმადობის ერთკრისტალიანი პლატფორმა Snapdragon 8 Gen 2 დამზადებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და აქვს რვა ბირთვი (ერთი ბირთვი Cortex-X3 სიხშირით 3.2 გჰც-მდე, ორი ბირთვი Cortex-A715 სიხშირით 2.8 გჰც-მდე, ორი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.8 გჰც-მდე და სამი ბირთვი Cortex-A510 სიხშირით 2.0 გჰც-მდე). გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Adreno 740. მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერება LPDDR5X და მეხუთე თაობის ქსელი (5G). რაც შეეხება Vivo X Fold 2-ს, წყაროს ინფორმაციით, მოწყობილობას ექნება 4800 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რაც 200 და 70 მა/სთ-ით მეტია X Fold-სა და X Fold Plus-თან შედარებით. ასევე ცნობილია, რომ ბატარეას ექნება 120 ვატამდე სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. გასული წლის X Fold-სა და X Fold Plus-ში მხარდაჭერილია 66- და 80-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. სავარაუდოდ, Vivo X Fold 2 დასაკეცი სმარტფონი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მოცულობის ოპერატიული და შიდა მეხსიერებით. ზუსტად როდის გეგმავს მწარმოებელი ახალი პროდუქტის ოფიციალურად წარდგენას, ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/39dj36vs
-
1000 BTC ან მეტი (24.7 მლნ აშშ დოლარზე მეტი) ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობა 2019 წლის შუა რიცხვებში არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა. Glassnode-ის მიხედვით ასეთი მისამართების რიცხვია 2024 (2023/02/20-ის მონაცემებით). მსგავსი მაჩვენებელი - 2023 - დაფიქსირდა 08/05/2019-ში. წყარო: Glassnode. ამ კატეგორიის მისამართების რაოდენობამ პიკს, დაახლოებით 2500-იან მაჩვენებელს, მიაღწია 2021 წლის თებერვალში. შემდეგ ისტორიული მაქსიმუმისკენ, 69 ათასი აშშ დოლარისკენ ციფრული ოქროს ფასის აღმასვლის მიუხედავად მაჩვენებელმა კლება დაიწყო. თუმცა 10 000 BTC და მეტი ბალანსის (>247 მლნ აშშ დოლარი) მქონე მისამართების რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება მაქსიმალურ მაჩვენებლებზე, რომლებიც შეესაბამება 2022 წლის ნოემბერსა და 2018 წლის ოქტომბერს. ასეთი საფულეების რაოდენობა სულ 115-ია 20.02.2023-ის მდგომარეობით. Bottom of Form წყარო: Glassnode გაცილებით მცირე მისამართების რაოდენობა - 1 BTC-ით და მეტით - მუდმივად იზრდება და ახლდება მაქსიმუმები. წყარო: Glassnode. წლის განმავლობაში მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა და 982 ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 24700 დოლარად იყიდება. 2023 წლის დასაწყისიდან ციფრული ოქროს ფასი თითქმის 50%-ით გაიზარდა. https://tinyurl.com/2hrymehp
-
კომპანია Philips-მა წარადგინა ორი მაღალი დონის გეიმინგ მონიტორი Evnia 8000 სერიაში - 42-დუიმიანი მოდელი Evnia 42M2N8900 და 34-დუიმიანი Evnia 34M2C8600. ორივე მათგანში გამოყენებულია OLED მატრიცები და საფირმო დინამიური განათება Ambiglow უკანა მხარეს. უფროს მოდელში იგი სამმხრიანია, უმცროსში - ოთხმხრიანი. ფოტოს წყარო: Philips უფროს მოდელ Evnia 42M2N8900-ს აქვს ბრტყელი 10-ბიტიანი OLED მატრიცა 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებით, 0.1 მილიწამი (GtG) რეაგირების დროით და 138 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. დისპლეის მაქსიმალური სიკაშკაშეა 450 კდ/კ2, მხარდაჭერილია 98.5%-იანი DCI-P3, 110.3%-იანი NTSC, 131.3%-იანი sRGB და 93.6%-იანი Adobe RGB ფერთა გამები. მონიტორს აქვს ორი 10-10-ვატიანი ჩაშენებული დინამიკი DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Evnia 42M2N8900 მოდელში ასევე ხელმისაწვდომია KVM-გადამრთველი, რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს მონიტორის, მაუსის და კლავიატურის ერთი ნაკრები ორ სხვადასხვა კომპიუტერზე. მონიტორზე მოცემულია ორი HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ერთი USB Type-C ალტერნატიული 90-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით, აგრეთვე USB Type-B და ოთხი USB Type-A (ორ მათგანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით). გარდა ამისა, Evnia 42M2N8900-ს ერგონომიული სადგამი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დისპლეის სიმაღლე მაგიდიდან, ასევე დახრის კუთხე და ბრუნვადობა. მონიტორის ეს მოდელი გაყიდვაში უკვე გამოვიდა და შეფასებულია 1499 ბრიტანულ ფუნტად (დაახლოებით 1812.25 აშშ დოლარი). მოდელ Evnia 34M2C8600-ს აქვს 34-დუიმიანი რკალისებრი 10-ბიტიანი OLED მატრიცა. დისპლეის სიმრუდის რადიუსი მითითებული არ არის. მხარდაჭერილია 3440 × 1440 პიქსელი გაფართოება, 175 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე, 0.1 მწ (GtG) რეაგირების დრო, 450 კდ/მ2 სიკაშკაშე HDR რეჟიმში, 99.3%-იანი DCI-P3, 121.3%-იანი NTSC. 148.8%-იანი sRGB და 97.8%-იანი Adobe RGB ფერთა გამები. დისპლეის აქვს DisplayHDR True Black 400 სერტიფიკაცია. ამ მოდელსაც აქვს KVM გადამრთველი, ორი HDMI 2.0 პორტი, ერთი DisplayPort 1.4, ერთი Type-C ალტერნატიული 90-ვატიანი დამუხტვით, ერთი USB Type-B და ოთხი USB Type-A (ერთ-ერთი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით). მონიტორ Evnia 34M2C8600-ს აქვს ორი 5-5-ვატიანი დინამიკი DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერით, ასევე ერგონომიული სადგამი სიმაღლის, დახრის კუთხის და ეკრანის მობრუნების რეგულირების შესაძლებლობით. მითითებული მოდელი მწარმოებელმა შეაფასა 1299 ბრიტანულ ფუნტად (1571.28 აშშ დოლარი). იგი გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლომდე გამოვა. https://tinyurl.com/4xbv5hjp
