Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ტაივანური საინფორმაციო წყაროების ცნობით კომპანია TSMC-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარი პროდუქციის სერიული წარმოება. კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია ხსენებული ტექნოლოგიის დანერგვაზე, თუმცა ვითარება სხვაგვარია 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან დაკავშირებით. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ TSMC სატესტო 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებას ოთხი თვით გადადებდა. ახალი ინფორმაციის თანახმად კი წარმოება სულ მცირე ექვსი თვით მაინც შეფერხდება, რაც გამოწვეულია აუცილებელი საწარმოო კვანძების მიწოდებაში არსებული სირთულეებითა და არსებული აღჭურვილობის დამონტაჟებით. საბოლოოდ, მოსალოდნელია, რომ პირველი 3-ნანომეტრიანი საწარმოო ხაზის გამოშვება ქარხანა Fab 18-ში მიმდინარე წლის დეკემბრამდე ვერ მოხერხდება, 3-ნანომეტრიანი ჩიპების სერიული წარმოება კი დაიწყება 2022 წლიდან. ქარხანა Fab 18-ში აგრეთვე განთავსებულია 5-ნანომეტრიანი საწარმოო ხაზი. მისთვის საჭირო აღჭურვილობის მოწყობა კორონავირუსულ კრიზისამდე დიდი ხნით ადრე დასრულდა, ასე რომ მასობრივი წარმოება არ გადაიდო. TSMC-ს ხელი შეუწყო ტაივანის ხელისუფლების განკარგულებების დაცვამ, რომელმაც მკაცრი ზომები მიიღო მოსახლეობის COVID-19-ით მასიურად დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად. შედეგად წარმოება თითქმის არ დაზარალდა. TSMC-ის ქარხანა Fab 18 ცნობილია, რომ ამჟამად 5-ნანომეტრიანი ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა დაზუსტებული არ არის რამხელაა წლიურად გამოშვებული პროდუქციის მოცულობა. როგორც წესი, ახალი ტექნოპროცესის მიხედვით წარმოების დაწყების შემდეგ საჭიროა დრო ტექნოლოგიის ოპტიმიზაციისა და პროდუქციის წლიური მოცულობის გაზრდისათვის. ამ შემთხვევაში გამოყენებულია EUV, Extreme ultra violet ლითოგრაფია - ტექნოლოგია, რომელიც ჯერ ისე კარგად გამართული არ არის, როგორც წინა DUV, Deep ultra violet ლითოგრაფია. https://3dnews.ru/1008525
  2. Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობების მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა განაცხადა, რომ ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც AntMiner S17+ და T17+ მოდელებზე შეკვეთები გააფორმეს ფასის მცირე ხნის წინანდელ შემცირებამდე. კომპენსაციის თანხა, რომელიც ვაუჩერების სახით იქნება წარმოდგენილი, შეადგენს 17-დან 272 აშშ დოლარამდე და დამოკიდებული იქნება მიწოდების ვადაზე - თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში. მაგალითად, მომხმარებლები, რომლებმაც წინასწარი შეკვეთები გააფორმეს AntMiner S17+,-ზე, შეძლებენ მიიღონ 240 აშშ დოლარიანი ვაუჩერი. ისინი კი, ვინც უკვე მიიღო AntMiner S17+, აპრილის განმავლობაში, კომპენსაციის სახით 270 აშშ დოლარს მიიღებენ. ვაუჩერების დახარჯვა შესაძლებელი იქნება მომდევნო შენაძენზე. Bitmain-ის ეს ნაბიჯი მიგვითითებს ბაზრის რთულ პირობებზე მაინინგ-აღჭურვილობის გამყიდველებისთვის, რომლებსაც დიდი ალბათობით შეუმცირდებათ შემოსავალი და გაეზრდებათ ვალდებულებები. როგორც წესი, Bitmain თავის ახალ მოდელებს წინასწარი შეკვეთებით ყიდის. მომხმარებლები იხდიან მოწყობილობის სრულ ფასს და მათ იღებენ 2-3 თვეში. ბაზრის მცირე ხნის წინანდელი ვარდნისა და მაისის ჰალვინგის შემდეგ მაინერების შემოსავლიანობის სავარაუდო კლების გათვალისწინებით კომპანიამ ფასები შეამცირა მოწყობილობებზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებზეც უკვე გაფორმებული იყო წინასწარი შეკვეთები. აპრილის დასაწყისში Bitmain AntMiner S17+-ს ყიდიდა 1567 აშშ დოლარად, თუმცა რესელერებში ამ მოდელის ნახვა 1300 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მაინინგ-აღჭურვილობების სხვა მწარმოებლებმაც. ჩინური დისტრიბუტორი MicroBT მოწყობილობა WhatsMiner M30S-ს მარტის დასაწყისში 2500 აშშ დოლარად ყიდიდა, თვის მეორე ნახევარში კი ფასი 2000 აშშ დოლარამდე დაწია. https://forklog.com/bitmain-kompensiruet-zatraty-majnerov-na-oborudovanie-priobretennoe-do-snizheniya-tsen/
  3. როგორც ცნობილია, კომპანია Samsung იმედოვნებს, რომ 2022 წელს დაიწყებს კრისტალების წარმოებას 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საფუძველზე, ამასთან გაუმჯობესდება თავად ტრანზისტორების აგების ტექნოლოგია. კომპანია უკვე მუშაობს თავის ახალ ტექნოლოგია Gate-All-Around FET-ზე, რომლის მეშვეობით უკეთ უნდა გაკონტროლდეს ტრანზისტორების არხი და აღმოიფხვრას ძაბვის გაჟონვა მცირე ზომის კვანძებში. კომპანიამ ამჟამად ისაუბრა ახალი ტექნოლოგია Multi Bridge Channel FET-ის გარკვეული განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ, რომლის რეალიზაცია იგეგმება უახლესი 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. რესურს Hardwareluxx-ის წყალობით ცნობილი გახდა MBCFET ტექნოლოგიის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს ის არის, რომ  MCBFET ტექნოლოგია არის GAAFET-ის ნაწილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არის არა ერთი პროდუქტი, არამედ მოცემულ ტექნოლოგიაზე დამყარებული კონცეფციების მთელი სისტემა. MCBFET-ის წარმადობას რაც შეეხება, Samsung-ი ამტკიცებს, რომ ხსენებულ ტექნოლოგიაზე დამყარებული პროდუქტები 50 %-ით უფრო ენერგოეფექტურია და 30 %-ით მეტი წარმადობის მქონე. თანაც ჩიპების წყობა უფრო მჭიდროა და კომპანია პროგნოზირებს, რომ ერთ ტრანზისტორს 45%-ით ნაკლები სივრცე დასჭირდება. უცნობია კონკრეტულად რომელი 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით მოხდა ეს შედარება, შესაძლოა ეს იყოს Samsung-ის FinFET-ტექნოპროცესი. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ტრანზისტორები ერთიმეორეზე დაეწყოს, რისი წყალობით შესაძლებელი ხდება ჩვეულებრივ FinFET-თან შედარებით გაცილებით ნაკლები ადგილის გამოყენება. ის ფაქტი, რომ MCBFET-ით ტრანზისტორების სიგანე მოქნილი ხდება, ნიშნავს, რომ ტრანზისტორების ჯამური ზომა შესაძლოა იყოს იმდენად ფართო, რამდენადაც ეს ჩიპის დიზაინისთვის იქნება საჭირო ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის დაბალი ენერგომოხმარებისა და მაღალი წარმადობის პირობებში. https://overclockers.ru/blog/goldas/show/35646/samsung-v-2022-godu-planiruet-sozdat-3-nm-proizvodstvennyj-process-s-pomoschju-tranzistorov-novogo-pokoleniya
  4. როგორც ჩანს, კომპანია AMD-ს Renoir-სერიის მობილური პროცესორების გამოშვება არ დაუსრულებია. ინტერნეტში გამოჩნდა ცნობა, რომ მზადდება ფლაგმანური 15-ვატიანი პროცესორი Ryzen 9 4900U. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იგი იქნება წინა ფლაგმან Ryzen 7 4800U-ის აჩქარებული ვერსია. პირველად Ryzen 9 4900U პროცესორის შესახებ ცნობა გაჟღერდა Lenovo-ს მიერ, რომელმაც იგი თავისი ერთ-ერთი ლეპტოპის მახასიათებლებში მოიხსენია. ამჯერად კი ინტერნეტ-წყაროებმა აღმოაჩინეს იგი 3DMark-ისა და UserBenchmark-ის მონაცემთა ბაზებში. ტესტები ადასტურებს, რომ ამ პროცესორს აქვს 8 ბირთვი და 16 ნაკადი, ასევე მეორე და მესამე დონის 20 მბ ქეშ-მეხსიერება ჯამში. საბაზისო ტაქტის სიხშირე 1.8 გჰც-ის ტოლია ისევე, როგორც აქტუალური Ryzen 7 4800U პროცესორის შემთხვევაში. მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი 100 მეგაჰერცით მეტია და აღწევს 4.3 გჰც-ს. პარალელურად, Ryzen 9 4900U-ში გაზრდილია ინტეგრირებული გრაფიკის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე. Vega 8 მუშაობს 1800 მჰც სიხშირემდე, რაც 50 მჰც-ით მეტია Ryzen 7 4800U-თან შედარებით. როგორც ჩანს, Ryzen 9 4900U პროცესორში კომპანია AMD რჩეულ კრისტალებს გამოიყენებს, რომელთაც შეუძლიათ გაცილებით მაღალ სიხშირეზე მუშაობა იმავე ძაბვასა და ენერგომოხმარების მცირე დონეზე. https://3dnews.ru/1008411
  5. კრიპტოვალუტების მფლობელები მათ ყველაზე ხშირად იყენებენ ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად იმ დროს, როდესაც ბევრი პირისთვის, ვისაც შეხება არ აქვს, ციფრული აქტივები ასოცირდება იარაღისა და ნარკოტიკის შეძენასთან. ამგვარი შედეგები გამოავლინა Visual Objects-ის კვლევამ. გამოკითხული 983 რესპონდენტიდან მხოლოდ 157 მათგანს ჰქონდა კრიპტოვალუტის შეძენისა და ანგრიშსწორების გამოცდილება. სტატისტიკამ გამოავლინა, რომ ყველაზე ხშირად ციფრული აქტივების მფლობელები აქტივებს ხარჯავდნენ საკვებში (38 %), ტანსაცმელსა (34 %) და აქციებში (29 %). წყარო: Visual Objects მსგავსი პასუხები კონტრასტშია ისეთ პირთა წარმოდგენებთან, რომელთაც კავშირი არასდროს ჰქონიათ კრიპტოვალუტებთან. როგორც Visual Objects-ში აღნიშნეს, ამ ჯგუფში აღმოჩნდა მათი 30 %, ვინც თვლის, რომ ციფრული აქტივები მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო საქონლის შესაძენადაა საჭირო. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ კრიპტოვალუტების მიღების მხრივ ზრდაა. წინა გამოკითხვამ, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, გამოავლინა, რომ კრიპტოვალუტების მფლობელები გამოკითხულთა მხოლოდ 6 %-ს შეადგენდა, ახალი გამოკითხვის შედეგად კი მათი რაოდენობა 16 %-ია. ყველაზე მეტად პოპულარული კრიპტოვალუტა მომხმარებლებს შორის Bitcoin-ია (70 %), შემდეგ მოდის Ethereum (27%), Litecoin (LTC) – 20%, Dogecoin (DOGE) – 15% და Dash (DASH) – 14%. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად Bitcoin-ით შეძენილი პირველი პროდუქტი იყო პიცა - 2010 წლის 22 მაისს პროგრამისტმა ლასლო ჰეინიცმა ორი პიცა 10 000 BTC-ად შეიძინა. https://forklog.com/issledovanie-bolshinstvo-tratit-kriptovalyuty-na-edu-i-odezhdu-i-ne-v-darknete/
  6. კომპანია LG-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ აპირებს G ხაზის დახურვას, რომლის ფარგლებში თითქმის ათი წლის მანძილზე უშვებდა ფლაგმანურ სმარტფონებს. ამ სერიაში პირველი გახლდათ LG Optimus G, ბოლო კი - LG G8 ThinQ. ამჟამად სამხრეთკორეულმა კომპანიამ დააანონსა მოდელების ახალი სერია. მას ეწოდება LG Velvet, მსგავსი სახელწოდების პირველი სმარტფონის პრეზენტაცია კი შედგება მიმდინარე წლის 15 მაისს. სმარტფონის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პირველი ოფიციალური რენდერების მეშვეობით შესაძლებელია ახალი მოწყობილობის დიზაინის შეფასება. LG Velvet-ის დისპლეის გვერდების შეფარდებაა 21:9, აქვს გვერდებზე გადასული ეკრანი და მრგვალი ჭრილი მარცხენა ზედა კუთხეში ფრონტალური კამერის ქვეშ. სმარტფონის დიზაინს სრულიად უნიკალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ბაზარზე არსებული მოწყობილობებისგან გარკვეულწილად მაინც განსხვავებულია. მარჯვენა მხარეს განთავსებულია მხოლოდ კვების ღილაკი, მარცხენა მხარეს კი მოცემულია ღილაკები ხმის მართვისა და ხმოვანი ასისტენტის გამოძახებისთვის. LG Velvet-ს აქვს ThinQ AI ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. უკანა პანელზე განთავსებული სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. სენსორების პარამეტრები უცნობია, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება დღესდღეობით არსებული ყველაზე უნივერსალური ნაკრები: ფართოკუთხიანი მოდული, ძირითადი მოდული და ტელეობიექტივი. კამერის ქვეშ მოცემულია ფლეშ-განათება. The Verge-ის მონაცემების თანახმად LG Velvet-ს ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Snapdragon 765G. მას აქვს 1.8-2.4 გჰც სიხშირის მქონე ბირთვები, გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 620 და მოდემი X52 მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერისთვის. წინასწარი მონაცემებით სმარტფონი გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად. ხელმისაწვდომი იქნება ლურჯი, იისფერი, ვერცხლისფერი, შავი და წითელი მოდელები. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/35608/lg-anonsirovala-smartfon-velvet
  7. კომპანია ADATA Technology-მ დააანონსა DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების ახალი მოდულები. ეს პროდუქტები მიეკუთვნება კორპორატიულ კლასს და მათი გამოყენება შესაძლებელია სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობებში, ვიდეოდაკვირვების სისტემებში, სამედიცინო მოწყობილობებში, ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებსა და საწარმოო სისტემებში. DDR-3200 სტანდარტის მოდულები მუშაობს 1.2 ვოლტ ძაბვაზე. მოცულობა 32 გიგაბაიტს შეადგენს. მეხსიერების მოდულები წარმოდგენილი იქნება შემდეგ მოდიფიკაციებში: U-DIMM, SO-DIMM, R-DIMM, ECC-DIMM და ECC SO-DIMM. ცნობილია, რომ ისინი თავსებადი იქნება მესამე თაობის AMD Ryzen-სა და მეათე თაობის Intel Core პლატფორმებთან. 32-გიგაბაიტიანი ADATA DDR4-3200 მოდულები საიმედოობის მაღალი დონით ხასიათდება. კერძოდ, მათ შეუძლიათ ფუნქციონირება მომატებული ტენიანობის პირობებშიც. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი მოიცავს მინუს 40-დან +85 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას. პროდუქტები ყოველმხრივ ტესტირებებს გადიან, რაც მათი საიმედოობისა და სტაბილური მუშაობის გარანტიას იძლევა. ახალი მოდულების ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. https://servernews.ru/1008305
  8. კრიპტოვალუტების მოპოვება უკვე აღარ არის რიგით პირველი თემა, თუმცა თავად იდეა არსად გამქრალა და შესაძლოა თავიდან აღდგეს და ტრანსფორმირდეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მხარდაჭერისთვის. ერთი წლის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო ციფრული ფულის მოპოვების სფეროს რეგულირება და განისაზღვრა ბლოკჩეინის განვითარების კურსი. ამ საკითხთან კავშირში საინტერესოა აღინიშნოს გავრცელებული ცნობები, რომ კომპანია SMIC-მა შესაძლოა დაიწყოს ASIC-ების გამოშვება კრიპტოვალუტების მაინინგისთვის. ინტერნეტ-რესურს Laoyaoba-ს მონაცემებით ჩინეთის ნახევრადგამტარი პროდუქტების უმსხვილესმა საკონტრაქტო მწარმოებელმა კომპანია SMIC-მა დაასრულა ტესტირება და მასობრივი გამოშვებისთვის მოამზადა კომპანია Canaan Technology-ს 14-ნანომეტრიანი ASIC. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ცნობა, რომ Canaan Technology-მ გამოსაშვებად დაჯავშნა TSMC-ის სამომავლო 5-ნანომეტრიანი ხაზის ნაწილი. ცხადია, რომ SMIC-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების დაზოგვას, თუმცა ენერგოეფექტურობისა და წარმადობის თვალსაზრისით SMIC-ის 14-ნანომეტრიანი პროდუქცია ჩამორჩება TSMC-ის 5-ნანომეტრიან პროდუქტებს. TSMC კომპანია Canaan-ის შეკვეთების დამზადებას წლის მეორე ნახევარში დაიწყებს, SMIC კი მზად არის მასობრივი წარმოება მიმდინარე კვარტალშივე დაიწყოს. მიიჩნევა, რომ Canaan-ის FinFET-ტრანზისტორებზე არსებული 14-ნანომეტრიანი ჩიპი ოპტიმიზებული იქნება Altcoin-ების მოპოვებაზე. 2020 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 14-ნანომეტრიანი ჩიპების მქონე სქემების წარმოება თვეში 4 ათასიდან 15 ათას ერთეულამდე გაზარდოს. კიდევ ერთი საინტერესო ცნობა ეხება SMIC-ისა და HiSilicon-ის თანამშრომლობას. გასული წლის შემოდგომაზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ Huawei შეკვეთების ნაწილს TSMC-დან SMIC-ზე გადაიტანდა. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სმარტფონ Honor Play 4T-ის ერთ-ერთი ვარიანტი დამყარებული იქნება 14-ნანომეტრიან Kirin 710A პროცესორზე. ეს პროცესორი იქნება HiSilicon-ისა და SMIC-ის ერთობლივი საქმიანობის პირველი ნაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SMIC ავიდა საშუალო დონეზე, 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ათვისება კი მის წარმატებას გაამყარებს. https://3dnews.ru/1008194
  9. მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Hisense-მა წარადგინა სმარტფონის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ფერადი ელექტრონული მელნის (Color E-Ink) ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანი. დემონსტრაციამ საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოიპოვა: კომპანიამ ამჟამად განაცხადა, რომ კითხვისთვის განკუთვნილი ამგვარი სმარტფონი Hisense Color Ink Reader წარდგენილ იქნება 23 აპრილს ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე - 2020 China Digital Reading Cloud Conference. მოწყობილობის მთავარი მახასიათებელი, რა თქმა უნდა, ეკრანია, რომელშიც გამოყენებულია დღესდღეობით არსებული ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია E-Ink-სფეროში და შეუძლია 4096 ფერის აღქმა. სმარტფონს მეტად დაბალი ენერგომოხმარება ექნება. რასაკვირველია, გაიზრდება კადრის განახლების სიხშირე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სმარტფონის გამოყენებას მხოლოდ კითხვისთვის არ აპირებს. ელექტრონული მელნის საფუძველზე შექმნილი ეკრანი ბევრ ამოცანაში უზრუნველყოფს დიდ ეკონომიას იმის ხარჯზე, რომ ასახავს უკანასკნელ გამოსახულებას კვების გამორთვისას. ეკრანს დღისით არ სჭირდება აქტიური განათება, იგი ეყრდნობა ბუნებრივ გარე განათებას. ღამით შესაძლებელია ჩაირთოს ინტეგრირებული თბილი განათება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლურჯი გამოსხივებისგან გამოწვეულ დატვირთვას თვალებზე. კონტენტს რაც შეეხება, Hisense Color Ink Reader შემოგვთავაზებს მასალებს პლატფორმებისგან: Jingdong Reading, Palm Reading, QQ Reading, Migu Reading, People Reading და ა.შ. გარდა ამისა, Hisense Mobile-მა პირობა დადო, რომ 23 აპრილის პრეს-კონფერენციაზე აგრეთვე წარადგენს ახალ პლანშეტს საგანმანათლებლო სექტორისთვის, რომელიც წარმოდგენილი იქნება თვალების დაცვის ფუნქციითა და შესაძლოა E-Ink ეკრანით. https://3dnews.ru/1008100
  10. Apple-მა და Google-მა ისაუბრეს ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლის ფარგლებში სურთ დაეხმარონ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში. ეს ყველაფერი განხორციელდება ადამიანების კონტაქტების კვლევის მეშვეობით. ამასთან, კომპანიები პირობას დებენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, ასევე გამჭვირვალობა. პროგრამის მონაწილეებმა თანხმობა უნდა განაცხადონ მათ მონაცემებზე წვდომისთვის. მოკლედ, შეთქმულების თეორიის მომხრეები ამ პირობას სავარაუდოდ არ დაიჯერებენ. მაისში კომპანიები გამოუშვებენ პროგრამულ ინტერფეისებს, რომლებიც პასუხისმგებელი იქნება სამედიცინო აპლიკაციებში Android- და iOS-მოწყობილობების ჩართულობაზე. უახლოეს თვეებში Google და Apple იმუშავებენ კონტაქტების თვალყურის სადევნებელ პლატფორმაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება Bluetooth Low Energy-ზე. ფუნქციონალი ინტეგრირებული იქნება ოპერაციულ სისტემაში. დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანებზე თვალყურის დევნებაში შესაძლებელია სმარტფონების გამოყენება, ამაში ახალი არაფერია. თუკი ეს ხელს შეუწყობს კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლას, სავარაუდოდ ბევრი თანახმა იქნება. თუმცა კითხვა ჩნდება უშუალოდ მსგავსი სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამჟამად ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად თვითიზოლაცია, ტესტირება და ხელების რეგულარული დასუფთავება ითვლება. რამდენად დაგვეხმარება თვალყურის დევნების სისტემა? მას არ შეუძლია ხელი შეუშალოს კონტაქტებს, პიროვნებას მხოლოდ აცნობებს, რომ კონტაქტი უკვე მოხდა. თუმცა ეს შეიძლება სასარგებლოც კი იყოს: თუ იცით, რომ ინფიცირებულ პირთან გქონდათ კონტაქტი, შეგიძლიათ დარჩეთ სახლში ისე, რომ არ დააინფიციროთ სხვა ადამიანები. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/35547/apple-i-google-obedinyat-usiliya-po-obsledovaniju-covid-19
  11. საფონდო ბირჟა Toronto-მ (TSX) აამოქმედა დახურული საინვესტიციო ფონდ The Bitcoin Fund-ის აქციებით ვაჭრობა. კასტოდიალური პარტნიორი გახდა ძმები უინკლვოსების კომპანია Gemini. The Bitcoin Fund წარმოადგენს ბირჟაზე გაყიდვადი პროდუქტის (ETP) ნაირსახეობა. იგი იკვლევს Bitcoin-ის ფასს კომპანიების - MV Index Solutions-ისა და CryptoCompare-ის ინდექსების მეშვეობით (VanEck Europe-ის ქვეგანყოფილება). ფონდმა გამოუშვა ორი ტიპის აქციები: Class A ყველა ინვესტორისთვის და Class F - ინსტიტუციონალებისთვის. TSX-ზე შედგა მხოლოდ Class A აქციების ლისტინგი. CoinDesk-ის მონაცემებით მათი ჯამური ღირებულება 14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. TSX-ის ლისტინგში პირველი ბლოკჩეინ-კომპანია 2015 წელს გაჩნდა. ეს იყო Blockchain Tech Ltd (BTL), რომელმაც შექმნა პლატფორმა Interbit. 2019 წელს კომპანიამ მისი სახელი შეცვალა Interbit Ltd-ად. ამავე წლის მარტში კომპანიამ გადაწყვიტა მთლიანად შეეცვალა სამოქმედო სფერო, აქციებით ვაჭრობა შეჩერებულია. TSX-ზე აქციებით ვაჭრობს მაინინგ კომპანია Hut8. კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ETP ევროპაშია გავრცელებული. შვეიცარიის საფონდო ბირჟა SIX Swiss Exchange-ზე იყიდება ETP Bitcoin-ის, Ethereum-ის, Ripple-ის, Binance Coin-ისა და Tezos-ის ბაზაზე. Bitcoin-ETP აგრეთვე არის გერმანული საფონდო ბირჟა Börse Stuttgart-ის ლისტინგში. 2018 წლის შუა პერიოდში კომპანია Winklevoss IP LLP-მ პატენტი მიიღო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული საბირჟო პროდუქტების შექმნაზე. მსგავსი პროდუქტების ამოქმედება აშშ-ის ანტრეპრენერებს ჯერჯერობით ვერ გამოუვიდათ. https://forklog.com/sostoyalsya-zapusk-the-bitcoin-fund-na-14-mln-na-fondovoj-birzhe-toronto/
  12. IDC-ის ექსპერტებმა გვერდი ვერ აუარეს ევროპის ქვეყნების მოსახლეობის თვითიზოლაციის პირობებში ლეპტოპებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას. წყაროს წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში პლანშეტებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნა ხსენებულ რეგიონში წინა კვარტლის მონაცემებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპაში მიწოდებული მოწყობილობების 90 % ჩინეთში იწარმოება, მიწოდება კი ეპიდემიის გამო პირველ კვარტალში 15-20 %-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპის მაღაზიებში ლეპტოპებსა და პლანშეტებზე დეციფიტი გარდაუვალი აღმოჩნდა. მეორე კვარტალში ვითარება განსაზღვრული იქნება ლოჯისტიკური სისტემების მდგომარეობით, რომლებიც ნორმალურისგან საკმაოდ შორსაა. კვლევის ავტორები გამოთქვამენ იმედს, რომ პერსონალური გამომთვლელი მოწყობილობების ბაზარი გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვარდნის სტადიაში უფრო ნელა გადავა. და მაინც, ახალი კომპიუტერების გაყიდვების მოცულობის შემცირება უახლოეს პერიოდში ბევრ კომპანიას მოუწევს, იგივე ეხება ინდივიდუალურ მყიდველებსაც, რომლებიც უბრალოდ იძულებულნი არიან დაზოგონ ფული. IDC-ის ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით დასალეთ ევროპის ქვეყნებში დანახარჯები პერსონალურ გამომთვლელ მოწყობილობებზე წლიურ ჭრილში 5 %-ით შემცირდება, აღმოსავლეთ ევროპაში კი ვარდნა უფრო თვალშისაცემი იქნება. https://overclockers.ru/hardnews/show/102714/spros-na-planshety-i-noutbuki-v-evrope-podskochil-na-tret
  13. კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი ვიდეოადაპტერი GeForce GT 710, რომელიც განკუთვნილია მრავალმონიტორიანი კონფიგურაციებისთვის. GT710-4H-SL-2GD5 მოდელს აქვს 192 CUDA ბირთვი. GDDR5 ტიპის მეხსიერების მოცულობა (5012 მჰც) 2 გიგაბაიტს შეადგენს. ჩიპის სიხშირეა 954 მჰც. ვიდეოადაპტერი ერთსლოტიანია. გამოყენებულია პასიური გაგრილების სისტემა რადიატორის ბაზაზე, რისი წყალობით დაფა აბსოლუტურად უხმაუროდ მუშაობს. ვიდეო დაფას ოთხი HDMI პორტი აქვს. ერთ მონიტორთან დაკავშირებისას შესაძლებელია გამოსახულების ფორმირება 3840 × 2160 პიქსელი გაფართოებითა და 60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ორი ან მეტი დისპლეის გამოყენებისას კადრის განახლების სიხშირე 30 ჰერცამდე მცირდება. სტაბილურ მუშაობაში ადაპტერს ხელს უწყობს ექსკლუზიური ტექნოლოგია Auto-Extreme, რომელშიც მოიაზრება წარმოების 100%-ით ავტომატიზებული პროცესი. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ხარისხის შემოწმების 144-საათიანი პროგრამა: ტესტები საიმედო მუშაობის გარანტიას იძლევა. ვიდეო ადაპტერის ფასი ამ ეტაპზე უცნობია. https://3dnews.ru/1007995
  14. კრიპტოინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი მოხვდა Forbes-ის მილიარდერების ახალ რეიტინგში. ჩამონათვალს ლიდერობს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი, რომლის აქტივები შეფასებულია 113 მლრდ აშშ დოლარად. მას მოსდევს Microsoft-ის დამფუძნებელი 98 მლრდ აშშ დოლარით, შემდეგ ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო (76 მლრდ აშშ დოლარი) და 89 წლის ინვესტორი და Bitcoin-ის კრიტიკოსი უორენ ბაფეტი 67.5 მლრდ აშშ დოლარით. 2095 მილიარდერისგან შემდგარ რეიტინგში მოხვდა კრიპტოინდუსტრიის ოთხი წარმომადგენელი: ჩინური მაინინგ-გიგანტ Bitmain-ის თანადამფუძნებლები - Micree Zhan (3.2 მლრდ აშშ დოლარი) და Jihan Wu (1.8 მლრდ აშშ დოლარი); Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი (2.6 მლრდ აშშ დოლარი); Coinbase-ის ხელმძღვანელი ბრაიან არმსტრონგი (1 მლრდ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ConsenSys-ის დამფუძნებელი Joe Lubin და ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao, რომლებიც 2018 წელს იყვნენ კრიპტოინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენლების რეიტინგში. იმ დროს Lubin-ის მდგომარეობა ფასდებოდა 1-5 მლრდ აშშ დოლარით, Zhao-სი კი - 1,1-2 მლრდ აშშ დოლარით. https://forklog.com/v-rejtinge-milliarderov-forbes-2020-okazalis-chetyre-predstavitelya-bitkoin-industrii/
  15. Intel-ის დისკრეტული ვიდეო დაფის გამოსვლის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. წინასწარი შეფასებებით 2020 წლის ბოლოს გველოდება მეტად ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც არ გვევლინება ბაზრის მნიშვნელოვანი წილის პრეტენდენტად. არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიას სურს მოსინჯოს ბაზარი, შეისწავლოს მისი სპეციფიკა და ზრდის შესაძლებლობები. ამასთან, ადრე ვრცელდებოდა ცნობები Intel-ის დაუჯერებლად მძლავრი ვიდეო დაფის გამოსვლის შესახებ, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელმა უწოდა „ყველა გრაფიკული ჩიპის მამა“. ახალი ინფორმაცია აღმოჩენილ იქნა ღია წყაროებში. ვიდეო დაფა ფიგურირებს სახელით - Gen 12 HP. ექსპერტების აზრით იგი მიეკუთვნება Intel Xe-HP DG2 ხაზს, რომელიც იმაზე მძლავრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. ნავარაუდევია რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთი მათგანი ამგვარად გამოიყურება: 16 384 ნაკადური პროცესორი, 36 TFLOP წარმადობა და 500 ვატამდე ენერგომოხმარება. ექსპერტები აგრეთვე აცხადებენ, რომ ამ დრომდე არსებული ცნობების თანახმად Intel Xe-HP DG2 იქნება NVIDIA Ampere არქიტექტურის მსგავსი. ვიდეო დაფების გამოსვლის თარიღის შესახებ ცნობილი არაფერია. სავარაუდოდ ისინი დამზადებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რაც მაღალი პოტენციალის გამოვლინების საშუალებას მისცემს სამომავლო გრაფიკულ ჩიპებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/35453/intel-gotovit-moschnuju-videokartu-dlya-konkurencii-s-nvidia-ampere-s-proizvoditelnostju-do-36-tflop-wccftech
  16. კომპანია Huawei-მ დაპირების თანახმად დააანონსა ფლაგმანური ტელევიზორი Smart Screen X65, რომელზეც წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, ფაქტობრივი მიწოდება კი დაიწყება 26 აპრილიდან. ტელევიზორს 65-დუიმიანი 4K OLED დისპლეი აქვს გაფართოებით 3840 × 2160 პიქსელი. მხარდაჭერილია 98 %-იანი NTSC ფერთა გამა. კადრის განახლების სიხშირე 120 ჰერცია, მაქსიმალური სიკაშკაშე კი - 950 კდ/მ2. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. პანელს HDR10-ის მხარდაჭერა აქვს და TÜV Rheinland სერტიფიკაცია - ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული სტანდარტიზაციის ინსტიტუტი, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი ტესტები, რომლებითაც იზომება ლურჯი განათების გამოსხივება და დისპლეის ციმციმის სიხშირე. ტელევიზორი აღჭურვილია მოძრავი, ულტრაფართოკუთხიანი 24-მეგაპიქსელიანი კამერით. მას შეუძლია ამოიცნოს მომხმარებლის გადაადგილება, რის ხარჯზეც ხდება ჟესტებით მართვის სისტემა Air Gesture Control-ის რეალიზება. მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია 75 ვატი ჯამური სიმძლავრის მაღალხარისხიანი აუდიოსისტემა. მასში გაერთიანებულია 14 დინამიკი, რომლებიც ახდენენ მოცულობითი ხმის ფორმირებას. სისტემას შეუძლია ადაპტირდეს შენობის კონფიგურაციასთან - ახდენს მის სკანირებას ხმოვანი ტალღების მეშვეობით. ტელევიზორს აქვს სპეციალიზებული ოთხბირთვიანი ჩიპი Honghu 898 გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 GPU. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 6 გიგაბაიტს, ფლეშ-მოდულის მოცულობა კი არის 128 გბ. ტელევიზორის არსენალშია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 LE უსადენო კავშირების ადაპტერები, ოთხი პორტი HDMI 2.0, S/PDIF ინტერფეისი, ორი პორტი USB 3.0 და ქსელური პორტი Gigabit Ethernet. Huawei Smart Screen X65 პანელის მიახლოებითი ფასი 3500 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/1007946
  17. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გახდა ბლოკჩეინ-აპლიკაციის ტესტირების ერთ-ერთი მონაწილე. პროექტის ხელმძღვანელია მიწოდების მართვის ტექნოლოგიების კომპანია CargoSmart Limited ჰონგ კონგიდან. Tesla-ს პარალელურად საპილოტე პროექტში მონაწილეობა მიიღეს COSCO SHIPPING LINES-მა (COSCO) და Shanghai International Port Group-მა (SIPG). შექმნილი აპლიკაცია განკუთვნილია საზღვაო გადამზიდავებსა და ტერმინალის ოპერატორებს შორის მონაცემთა რეალურ დროში გაცვლისთვის. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს და დაჩქარდეს ტვირთის მიმღებისა და ექსპედიტორის შემოწმების ეტაპები. შედეგად გადამზიდავი კომპანიები შეძლებენ სწრაფად გაიტანონ თავიანთი ტვირთი ტერმინალიდან, რაც ხელს შეუწყობს ტვირთის გამგზავნს - გაცილებით სწრაფად მოახდინოს მიწოდება და უზრუნველყოს შესაბამისი ხარისხის მომსახურება. საპილოტე პროექტი გამოვიდა 2019 წლის დეკემბერში. მისი მეშვეობით Tesla-მ შეძლო პროდუქციის მიღების პროცედურის დაჩქარება საიმედო და უსაფრთხო პლატფორმაზე, COSCO-მ და SIPG-მა კი გაამარტივეს ტვირთის გაცემის პროცესი სწრაფი მიწოდების ხარჯზე. ცნობილია, რომ მარტში CargoSmart-მა გააუმჯობესა საზღვაო კარიბჭეების დატვირთულობის ამსახველი აპლიკაცია, რომელიც ასევე ასახავს ტერმინალში პროდუქციის ჩამოსვლას და გაშვებას. ამან კომპანიას საშუალება მისცა უკეთ აკონტროლოს თავისი ტვირთი. ადრე გერმანულმა კონცერნმა BMW Group-მა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს პლატფორმა PartChain-ის ამოქმედება, რომლის მიზანია რეალურ დროში უზრუნველყოს იმ მაკომპლექტებლების მონაცემთა გამჭვირვალობა, რომლებიც კომპანიის ქარხნებს მიეწოდება. https://forklog.com/tesla-prinyala-uchastie-v-testirovanie-blokchejn-prilozheniya-dlya-optimizatsii-logisticheskih-protsessov/
  18. ვიდეო დაფა AMD Radeon RX 5600 XT-ის გამოსვლის შემდეგ ბევრი ანალიტიკოსი ელოდა, რომ იგი გეიმერებს შორის პოპულარული გახდებოდა, თუმცა ფაქტია, სწრაფმა და ენერგოეფექტურმა ბარათმა თამაშების მოყვარულები ვერ დააინტერესა, რასაც ვერ ვიტყვით მზარდი პოპულარობის მქონე RTX 2060 დაფაზე. როგორც ჩანს, ჩვენ წინაშეა ახალი ლიდერი, რომელიც GTX 1060 დაფის პოზიციას დაიკავებს. Steam-ის ახალი სტატისტიკის თანახმად მარტში რამდენიმე ვიდეო დაფის პოპულარობის ზრდა შეინიშნებოდა. 0.53% მოაგროვა RTX 2060 დაფამ, 0.33% - RTX 2070-მა და 0.28% RTX 2070 SUPER ვიდეო ბარათმა. მათ მოსდევს NVIDIA-ს დაფების გრძელი ჩამონათვალი, რომელშიც AMD-ის 2019-2020 წლების ვერც ერთი ბარათი მოხვდა. ექსპერტების აზრით RTX 2060-ის პოპულარობა განაპირობა ფასის 300 აშშ დოლარამდე შემცირებამ, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა გადაიფიქრა Radeon RX 5600 XT ბარათის შეძენა და უპირატესობა „მწვანე კომპანიას“ მიანიჭა. რაც შეეხება მცირე ინფორმაციას პროცესორებზე: Steam-ის სტატისტიკის შესწავლის შედეგად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი კომპიუტერების მქონე გეიმერებს შორის ყველაზე მეტი იყენებდა ექვსბირთვიან Core i5-9400F პროცესორს. იგი მეტად საინტერესო ფასით ხასიათდება, აქვს 6 სრულფასოვანი ბირთვი და წარწერა „Intel” შეფუთვაზე, რაც მომხმარებლისთვის ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე AMD-ის ათასობით ტესტი და ახალ ტექნოლოგიებში ჩადებული მილიონობით ინვესტიცია. ერთი რამ ცხადია, გეიმერები უპირატესობას კვლავ „ლურჯ-მწვანე ფერებს“ ანიჭებენ და აიგნორებენ AMD-ს, რადგან უფრთხიან დრაივერების პრობლემასა და პოტენციალს, რომელიც როდის გამოვლინდება არავინ იცის. თამაშებისთვის ყიდულობენ იმას, რაც „მუშაობს აქ და ახლა“. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/35418/samye-populyarnye-gejmerskie-videokarta-i-processor-marta-2020-goda-v-steam-nvidia-rtx-2060-i-intel-core-i5-9400f
  19. კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მიზნით Intel-მა თავდაპირველად გამოყო 10 მლნ აშშ დოლარი, ამ თანხის 40 % კომპანიის თანამშრომლებმა შეაგროვეს. ამჯერად კორპორაცია ანალოგიური მიზნით გამოყოფს კიდევ 50 მლნ აშშ დოლარს და იმედოვნებს, რომ დაჩქარდება ვაქცინის, ასევე იმ პაციენტების მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოწყობილობების შექმნა, რომლებიც უკვე დაინფიცირებულნი არიან COVID-19-ით. დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარს Intel-ი გამოიყენებს ვირუსთან ბრძოლის საშუალებების შექმნისა და ონლაინ-სწავლების მხარდაჭერისთვის. ვაქცინის, ტესტ-სისტემების, სამედიცინო აღჭურვილობის, დიაგნოსტიკის სხვადასხვა საშუალების შექმნა - ეს ყველაფერი ზემოთხსენებული ფონდის მიერ დაფინანსდება მთელ მსოფლიოში - ყველგან, სადაც Intel-ს ხელი მოუწვდება. კიდევ 10 მილიონი მიმართული იქნება პარტნიორებისა და პროექტების მხარდაჭერისკენ, რაც თანამშრომლების კერძო ინიციატივას წარმოადგენს. მაგალითად ინდოეთში უკვე იქმნება მასშტაბური სამედიცინო დიაგნოსტიკის ცენტრი, რომელიც ტესტირებით უზრუნველყოფს ქვეყნის მცხოვრებთა მაქსიმალურ რაოდენობას. ტეხასში ერთ-ერთმა სამედიცინო ცენტრმა მიიღო პლატფორმა Sickbay, სადაც Intel-ის კომპონენტებია გამოყენებული. იგი საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად მიედევნოს თვალყური რეანიმაციულ პალატებში არსებული პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ნორმატიული მაჩვენებლებიდან გადახრა ავტომატურად განისაზღვრება, რათა მორიგე პერსონალმა მიიღოს განგაშის სიგნალი დაკვირვების ხელსაწყოს მეშვეობით. რეანიმაციის პალატებში დამყარებულია მაღალი გარჩევადობის ვიდეოკავშირი, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას კონსულტაციები სპეციალისტებისგან დისტანციურად. დიდ ბრიტანეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მწარმოებლებს Intel-ი ამარაგებს თავისი პროგრამირებადი მატრიცებით. ეს აპარატები უნდა გამოუშვას კომპანია Dyson-მა, რომელიც მტვერსასრუტების წარმოებაზეა სპეციალიზებული. აპარატი დამონტაჟდება საწოლის თავთან. Intel-ი არ ივიწყებს საგანმანათლებლო სფეროსაც. სასწავლო დაწესებულებების დახმარება მისი მხრიდან გამოიხატება ქსელური აღჭურვილობისა და კომპიუტერების მიწოდებაში, რაც აუცილებელია ონლაინ-კურსებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებისთვის. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე გაიღო ინდივიდუალური დაცვის მილიონობით საშუალება, ასევე შეუერთდა სუპერკომპიუტერულ ინიციატივას, რომლის მიზანია კორონავირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრა. https://3dnews.ru/1007837
  20. ფონდების მართვის კომპანია VanEck Global-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი სულ უფრო მეტად კორელირებს ოქროსთან კრიზისის ფონზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიითაა გამოწვეული. ეს კი ამყარებს კრიპტოვალუტის - როგორც საიმედო აქტივის სტატუსს. კომპანიის სპეციალისტების გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში ნათქვამია: „Bitcoin-ის ოქროსთან კორელაციამ ამ დრომდე არნახულ დონეს მიაღწია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამარტივებს მის, როგორც საიმედო აქტივის, განხილვას და აამაღლებს ციფრული ოქროს ხარისხის პოტენციალს“. ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში მაჩვენებელი დაბალია: ექსპერტებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ გაიზარდა კორელაცია პირველი კრიპტოვალუტის ფასის მოძრაობასა და ამერიკული ობლიგაციების ღირებულებას შორის, რომელიც ტრადიციულად საფონდო ბირჟაზე გაყიდვების დროს ინვესტორებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა. Bitcoin-ის საინვესტიციო მიმზიდველობის მხრივ VanEck-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 60% აქციებისა და 40% ობლიგაციების მქონე პორტფელში ციფრული აქტივის დამატება მნიშვნელოვნად შეამცირებს მის მერყეობას. თუმცა ამისთვის ამჟამად აშშ-ში არ არის ხელმისაწვდომი საბირჟო ფონდები (ETF) წამყვანი კრიპტოვალუტის ბაზაზე - აცხადებენ ანალიტიკოსები. VanEck ადრე ცდილობდა მიეღო SEC-ის თანხმობა - აემოქმედებინა Bitcoin-ETF SolidX-თან ერთად. გასულ წელს კომპანიამ განმეორებითი განაცხადი შეიტანა, თუმცა იგი სექტემბერში უკან გამოტანა მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან გაურკვევლობის გამო. https://forklog.com/vaneck-bitkoin-ukreplyaet-korrelyatsiyu-s-zolotom-i-status-bezopasnogo-aktiva/
  21. AMD-ის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ დაადასტურა კომპანიის მონაწილეობა სუპერკომპიუტერულ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის საწინააღმდეგო საშუალებების ძიებისკენ და მიმდინარეობს ამერიკის ხელისუფლების ეგიდით. ცნობილია, რომ ამ ინიციატივაში NVIDIA-ც ჩართულია. ამავე დროს, გამომთვლელმა პროექტმა „Folding @ home“, (რომლის შესახებ ჩვენი წინა სტატიებიდან უკვე იცით), ვიდეო ბარათების 700 ათასი მფლობელისა და ცენტრალური პროცესორების უშუალო მონაწილეობით გარკვეული პროგრესი განიცადა კორონავირუსთან დაკავშირებული ცილოვანი სტრუქტურების ქცევის მოდელირებაში. გამარჯვების მოსაპოვებლად კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი აქტიური პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის გარეშე. https://overclockers.ru/hardnews/show/102646/amd-i-nvidia-prisoedinyajutsya-k-superkompjuternoj-iniciative-po-borbe-s-covid-19
  22. კორონავირუსის პანდემია აიძულებს ბანკებს მთლიანად უარი თქვან ნაღდ ფულზე და დააჩქარონ საკუთარი ციფრული ვალუტებისა (CBDC) და კრიპტო აქტივების დანერგვა. ამის შესახებ განაცხადა ფილიპინების უმსხვილეს ბანკ UnionBank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ბაუტისტამ Euromoney–სთან ინტერვიუში. მისი აზრით ეპიდემიის გამო ნაღდი ფული ნაკლებად პოპულარული გახდა, ამიტომ ახლა ბანკებს აუცილებლად სჭირდებათ გაციფრულება. „ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ის გახლავთ, რომ რაც უფრო დიდია შესვენება ბანკის სტანდარტულ სამუშაო პროცესში, მით უფრო სუსტდება ფულადი რესურსების მიწოდების ტრადიციული ჯაჭვი. ამიტომ მე ველი, რომ ბანკები უფრო მეტად ღია გახდება ციფრული ვალუტების, QR-კოდების ტესტირების, შემუშავებისა და დანერგვის, ასევე შესაძლოა კრიპტოვალუტებისა და ტოკენების გამოშვების საკითხებში“ - განაცხადა ბაუტისტამ. ამასთან, UnionBank-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საბანკო სექტორის ასეთი ტრანსფორმაცია ბაზრის ყველა მონაწილისთვის სასარგებლო იქნება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს UnionBank გახდა ქვეყანაში პირველი დაწესებულება, რომელმაც გამოუშვა საკუთარი Stablecoin-ი. https://forklog.com/mnenie-koronavirus-dobet-nalichnye-i-zastavit-banki-perejti-na-tsifrovye-valyuty/
  23. კომპანია Xiaomi გაყიდვაში უშვებს RedmiBook 14 Ryzen Edition-ს. ლეპტოპები დაანონსდა 2019 წლის ოქტომბერში და გვევლინებოდა, როგორც მძლავრი მოწყობილობები ხელსაყრელ ფასად. ამჟამად მათი წინასწარი შეკვეთა ჯერჯერობით შესაძლებელია ჩინეთში, გაყიდვები კი 9 აპრილიდან დაიწყება. თავდაპირველად RedmiBook 14 გამოდიოდა Intel Core პროცესორებით. AMD Ryzen პროცესორების მქონე ახალ ლეპტოპებში კვლავ წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეი, რომელიც კორპუსის 81.2%-ს იკავებს. ახალ ლეპტოპებს აქვთ Dolby DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. RedmiBook 14 Ryzen Edition პროცესორების მხრივ ორ ვერსიად გამოვა: მოდელი AMD Ryzen 5 3500U ჩიპითა და მეორე ვერსია - Ryzen 7 3700U პროცესორით. ორივე მათგანს ექნება 8/16 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერება. Xiaomi-მ განაცხადა, რომ მოწყობილობებში მხარდაჭერილი იქნება ახლი ფუნქცია - ფაილების გადაცემა Xiaomi, Oppo და Vivo ბრენდებს შორის. ეს ფუნქცია მიმდინარე წელს ამოქმედდა დასახელებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად. მისი გამოყენებით შესაძლებელია ლეპტოპებსა და სმარტფონებს შორის ფაილების, ათასზე მეტი მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეოს მომენტალურად გადაცემა ფაილის ზომის შეზღუდვის გარეშე. რაც შეეხება ფასს, RedmiBook 14 ლეპტოპის ვერსია, რომელსაც ექნება AMD Ryzen 5 პროცესორი და 8+512 გბ მეხსიერება, გაიყიდება 465 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია AMD Ryzen 7 პროცესორითა და 16+512 გბ მეხსიერებით გაიყიდება დაახლოებით 565 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Pris/show/35334/xiaomi-zapuskaet-prodazhu-nedorogih-i-moschnyh-redmibook-14-ryzen-edition-s-cenoj-vsego-ot-465
  24. მარტის ბოლოს Huawei-მ წარადგინა 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე საშუალო დონის ცალკრისტალიანი სისტემა - Kirin 820, რომელიც საფუძვლად დაედო ახალ Honor 30S-ს. გამოშვებისთანავე ცნობილი გახდა, რომ იგი წარმადობით აღემატებოდა Snapdragon 765G ჩიპს. Kirin 820 5G - ეს გახლავთ 7-ნანომეტრიანი ჩიპი მძლავრი Cortex-A76 @2,36 გჰც ბირთვით, სამი Cortex-A76 @2,22 გჰც ბირთვითა და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 @1,84 გჰც ბირთვით. Snapdragon 765G-ის ცენტრალური პროცესორის ბლოკი მსგავსია, თუმცა ბირთვების განაწილება განსხვავებულია: მძლავრი ბირთვი Kryo 475 Prime (Cortex-A76) @2,4 გჰც, ბირთვი Kryo 475 Gold (Cortex-A76) @2,2 გჰც და ექვსი ენერგოეფექტური ბირთვი Kryo 475 Silver (Cortex-A55) @1,8 გჰც. ამ გადანაწილებიდან ცხადია, რომ Kirin 820 5G უფრო მძლავრი პროცესორია, რადგანაც მას ოთხი Cortex-A76 ბირთვი აქვს, Snapdragon 765G-ს კი - მხოლოდ ორი. ამ ფაქტს ადასტურებს Geekbench-ტესტებიც. Kirin 820 5G-ის შედეგები Honor 30S სმარტფონში გაცილებით მაღალია (634 ქულა ერთბირთვიან და 2424 ქულა მრავალბირთვიან რეჟიმებში), ვიდრე Snapdragon 765G-ის წარმადობა Redmi K30 5G მოდელში (598 და 1772 ქულა, შესაბამისად). AnTuTu-ტესტირებებიც ანალოგიურ შედეგს გვიჩვენებს: ამ სატესტო პაკეტში Kirin 820 5G-მა მოაგროვა 130 080 ქულა, Snapdragon 765G-მა კი - 104 223 ქულა. გადავიდეთ გრაფიკულ ნაწილზე. Kirin 820 5G-ში გამოყენებულია ექვსბირთვიანი ამაჩქარებელი ARM Mali-G57, Snapdragon 765G-ში კი - საკუთარი გრაფიკა Qualcomm Adreno 620. ჩატარებული ტესტირებების თანახმად Mali-G57 უფრო მძლავრი გრაფიკული პროცესორია და აგროვებს 116 516 ქულას, Adreno 620 კი - 92 536 ქულას. Kirin 820 5G სხვა პირობებში ტესტირების შემთხვევებშიც თავის უპირატესობას ამტკიცებს. რაც შეეხება კავშირის საშუალებებს, ორივე პროცესორს აქვს 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა SA და NSA არქიტექტურებით. Snapdragon 765G-ს აქვს Bluetooth 5.0, Kirin 820 5G-ს კი - Bluetooth 5.1. რაც შეეხება პოზიციონირების სისტემებს, Kirin 820 5G-ს არ აქვს ინდური NavIC-ის მხარდაჭერა Snapdragon 765G-ისგან განსხვავებით. ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ Kirin 820 5G ყველაზე მძლავრი პროცესორია, რაც ოდესმე Huawei-ს შეუქმნია და Qualcomm-ის ვერც ერთი საშუალო კლასის ჩიპი შეედრება. დიდი ალბათობით, ჩიპების ამერიკული მწარმოებელი კომპანია ვითარებას ასე არ დატოვებს და მიმდინარე წელსვე წარადგენს ახალ ჩიპს, რომელიც Kirin 820 5G-ზე უკეთესი წარმადობის იქნება. https://3dnews.ru/1007601
  25. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ კორონავირუსის პანდემია დააჩქარებს ონლაინ-გადახდების გავრცელებასა და აქტუალურს გახდის ეროვნულ ციფრულ ვალუტებთაბ დაკავშირებულ საკითხებს. BIS-ის ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19 ცვლის ფართო საზოგადოების დამოკიდებულებას ნაღდი ფულის მიმართ მიუხედავად სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული მოსაზრებისა, რომ ბანკნოტების მეშვეობით ვირუსის გადაცემა ნაკლებ სარწმუნოა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დასაწყისისთვის ქვეყნებს შეუძლიათ გააფართოვონ ციფრული საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურა ონლაინ, მობილური და უკონტაქტო ოპერაციების მოცულობის გაზრდით. თუმცა, ციფრული ვალუტების მასობრივმა დანერგვამ შესაძლოა მეტად სერიოზული გავლენა იქონიოს ხანდაზმული ასაკის მილიონობით მოსახლეზე, აგრეთვე იმ პირებზე, ვინც მოწყვეტილია საბანკო სისტემებს. „თუკი შეწყდება ნაღდი ფულის, როგორც საანგარიშსწორებო რესურსის, გამოყენება, ამან შესაძლოა საზოგადოება შუაზე გაყოს - ერთ ნაწილად, რომელსაც აქვს წვდომა ციფრულ გადახდებზე და მეორე მხარედ, რომელსაც ამგვარი სახის წვდომა არ გააჩნია“ - აცხადებენ მკვლევარები. ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ CBDC-ს შეუძლია დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები ციფრული ანგარიშსწორების კუთხით. თუმცა ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ადაპტირდნენ ამჟამად არსებულ სიტუაციაზე, გახადონ საგადახდო ოპერაციები უკონტაქტო და თანაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. https://forklog.com/bis-koronavirus-podtolknet-tsentrobanki-k-sozdaniyu-natsionalnyh-tsifrovyh-valyut/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.