Jump to content

Recommended Posts

2148 წელს, მარსის მკვლევართა ექსპედიციამ აღმოაჩინა უძველესი ცივილიზაციის ნაშთები. შემდგომ ათწლეულებში ამ ცივილიზაციის ტექნოლოგიების შესწავლა-გამოყენებამ კაცობრიობას უშორესი ვარსკვლავებისკენ გაუხსნა გზა. ტექნოლოგია დროისა და სივრცის მაკონტროლებელ ენერგიაზე იყო დაფუძნებული.

მოვლენას კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენა ეწოდა...

... ხოლო გალაქტიკის ცივილიზაციები მას უწოდებდნენ

3rtyyxbr2sw80g9ly721.jpg

----------------------------------------------------------

სინამდვილეში ყველაფერი 2007 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც RPG-ების მეფემ - BioWare-მა დაასრულა თავისი ახალი თამაშის შექმნა, ხოლო Microsoft Game Studio-მ, 2008 წლის მაისში კი - არანაკლებ ცნობილმა Electronic Arts-მა გამოუშვა თამაში ზუსტად იმ სახელწოდებით, რასაც ზედა ბანერზე ხედავთ.

თამაში RPG, ანუ როლური გახლავთ. მთავარ გმირს - მეთაურ შეპარდს უწევს ჯერ კიდევ ჰიპოთეტიური მტრის - რიპერების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება, თუმცა მთავარ პრობლემას Mass Effect-ში ტურიელი (იხ. ქვემოთ) სარენი და მის მიერ კონტროლირებადი გეთების (იხ. ქვემოთ) არმია წარმოადგენს. თუმცა მივყვეთ სიუჟეტს...

თამაშის მოვლენები 2184 წელს ვითარდება, როდესაც გალაქტიკაში კიდევ ერთი აღმოჩენა ხდება - მკვლევართა ჯგუფი მიაგნებს პროთეელთა სასიგნალო შუქურას, რომელიც მეტ-ნაკლებად კარგადაა შემონახული. აი ზუსტად აქ აირევა მონასტერი - სარენი გეთების არმიასთან ერთად გაჟუჟავს ყველას (თითქმის ყველას) და შუქურასაც გამოიყენებს. იგი რიპერებთან გარიგებას დებს, რათა მათ იგი ცოცხალი დატოვონ მას შემდეგ, რაც სარენი რიპერებს ჩვენს სამყაროში გზას გაუხსნის და გაანადგურებინებს ყველა ცოცხალ არსებას. მეთაური შეპარდი შეეცდება ამას წინ აღუდგეს. მიზნის მისაღწევად შეპარდს მოუწევს გალაქტიკის გადაქექვა, სხვადასხვა სამყაროებში მტრის დევნა და მთელი თავისი ქარიზმის გამოყენება გალაქტიკის მმართველების თავის სიმართლეში დასარწმუნებლად. ახალი "ცივილიზებული სამყარო"-ს მმართველი - სამრასიანი "კონსული" ციტადელშია თავმოყრილი. ციტადელი უზარმაზარი კოსმოსური სადგურია. შეპარდი მას (და სხვა სამყაროებსაც) თავისი კოსმოსური ხომალდით, "Normandy"-ით სტუმრობს. სურათებზე: ციტადელი და SSV "Normandy":

5yunnbu2p42agrq0x2j.png

fhfaau30np5zeijlkae.jpg

Mass Effect-ის მთავარი გმირი მეთაური შეპარდია, ალიანსის (ანუ დედამიწის ერთიანი ხელისუფლების) კოსმოსური ფლოტის წევრი, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას ხელშეუხებელი სპეცაგენტი - „სპექტრი“ ხდება.

როგორც როლური თამაშების უმეტესობაში, Mass Effect-შიც მოთამაშეს აქვს საშუალება შეცვალოს მთავარი გმირის ფიზიონომია, სახელი (სახელი და არა გვარი) და სქესიც კი (თუკი მოთამაშე გოგოა, ან „იდეებით შეპყრობილი“ ბიჭი). აღსანიშნავია, რომ შეპარდის „ქარხნული“ სახე ჰოლანდიელ მოდელ მარკ ვანდერლოოსგანაა გადახატული, რომელიც მართლაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს კოსმოსური ტრილოგიის მთავარ გმირს. სურათზე ხედავთ "ქარხნულ" შეპარდებს (ორივე სქესისას) და მარკ ვანდერლოოს:

dd361sg15qnitjnz06b.jpg

სახის გარდა შეიძლება შეცვალოთ შეპარდის რამდენიმე პარამეტრი. პარამეტრები და მათი თანმდევი "ეფექტებია":

წარსული ცხოვრება.

1. Spaceman. შეპარდის მშობლები ალიანსის მებრძოლები იყვნენ, მანაც ბავშვობა კოსმოსურ ხომალდზე გაატარა, 18 წლისა შეუერთდა ალიანსის ფლოტს. Spaceman-ს აქვს Paragon-ის ბონუსი.

2. Earthborn. შეპარდი დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. ჰქონდა მძიმე ბავშვობა. Earthborn-ს აქვს Renegade-ს ბონუსი.

3. Colonist. შეპარდი დედამიწელთა ერთ-ერთ კოლონიაზე დაიბადა და გაიზარდა. აქვს როგორც Paragon, ასევე Renegade ქულების ბონუსი.

ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტი.

1. Sole Survivor. არ გაძლევთ არც Paragon, არც Renegade ბონუსებს. გავლენა აქვს  მისიაზე UNC: Dead Scientists.

2. War Hero. გაძლევთ Paragon ბონუსს, გავლენა აქვს მისიაზე  UNC: Espionage Probe.

3. Ruthless. გაძლევთ Renegade ბონუსს, გავლენა აქვს მისიაზე UNC: Major Kyle.

კლასი. თამაშში ექვსი კლასია: Soldier, Engineer, Adept, Infiltrator, Sentinek და Vanguard. მათ გავლენა აქვთ შეპარდის სამხედრო მომზადებასა და ძალებზე. თუკი თამაშის ფანი ხართ, საღ აზრს მოკელბული არ იქნება (რამდენად ახლოც შეიძლება იყოს საღი აზრი და ფანატობა ერთმანეთთან) თუკი ყველა პროფესიას მოსინჯავთ და 6-ჯერ დახურავთ თამაშს.

რასები.

თამაშში რასები ორ პირობით კატეგორიად იყოფა - „საკონსულო“ და „არასაკონსულო“. „საკონსულო“ რასაა ის, რომელსაც ყავს წარმომადგენელი ციტადელის კონსულში, ანუ ფაქტობრვად - გალაქტიკის მმართველობაში. საკონსულო რასებია:

1. ტურიელები. ეს ჰუმანოიდური რასაა, ანუ აქვს ორი ხელი, ორი ფეხი, ერთი თავი და სავარაუდოდ გენიტალიებიც (ერთი, ან ორი, თუ გაინტერესებთ ჩახადეთ და შეხედეთ). ხასიათდება ყავისფერი/ნაცრისფერი ტყავით, ურჩხულისებრი ფიზიონომიით და ყბების გაურკვეველი წყობით. მტაცებელი რეპტილიები არიან მგონი  127fs4573872.gif . საკმაოდ უხეში და ამაყი რასაა. ბევრი მათგანი სპექტრია, ბევრიც - ციტადელის დაცვის სამსახურშია. მოკლედ ხელისუფალნი და და სამხედრონი არიან. კონსულის წევრობაც როგორც ჩანს მათი ამბიციურობის წყალობით აქვთ მოპოვებული.

wnbsogp69iougl6jlji.jpg

რასის გამორჩეული წარმომადგენელი გარუს ვაკარიანია (Garrus Vakarian. სომეხია მგონი xelitavi.gif ), რომელიც მეთაურ შეპარდის გუნდში გაერთიანდა, რათა სარენს ებრძოლოს. მას, როგორც ყველა ტურიელს, სიამაყის სენი აწუხებს, ამიტომ ვერ იტანს არსებულ კანონებს და შეპარდსაც იმიტომ შეუერთდა, რომ სპექტრის ზურგს ამოფარებულს მეტი თავისუფლება ექნება, ვიდრე რიგით მებრძოლს. გამძაფრებული აქვს სამართლიანობის შეგრძნებაც.

2. ასარი. ასარი ძლიერ წააგავს ადამიანს, უცნაურ „თმას“ და კანის ლურჯ ფერს თუ არ ჩავთვლით. ამ რასის კიდევ ერთი „თავისებურება“ გახლავთ მამრობითი სქესის არარსებობა, ან მათი უკანა პლანზე ყოფნაა - ვერც ციტადელში და ვერც სხვა სამყაროში ვერ წააწყდებით კაც-ასარის. პრინციპში ასარის მმართველებიც ხომ „ქალები“ არიან - „მატრიარქები“. კონსულის წევრობა მათი სიბრძნით აქვთ დამსახურებული, რიგითი ასარი ხომ თითქმის ათასი წელი ცოცხლობს, მატრიარქები - კიდევ უფრო დიდხანს. იდიოტები თუ არ არიან ცხოვრებისეულ გამოცდილებას და სიბრძნეს უეჭველად შეიძენენ.

j0yhywnkphlzc8szjyz2.jpg

ასარის გამორჩეული  წარმომადგენელი ლიარა თ’სონია (Liara T'soni), მატრიარქ ბენეზიას ერთადერთი ბაღანა. თუ არ ვცდები 106 წლისა გახლავთ. ნებისმიერ ადამიანი ისურვებდა 106, ან თუნდაც 86 წლისა ისეთივე ცოცხალი და მკვირცხლი ყოფილიყო, როგორიც ლიარაა, მაგრამ ასარის ასაკით (ცოტა ჩახლართული გამომივიდა) იგი ჯერ კიდევ ბავშვია.

3. სალარიელები. სალარიელები ყველაზე მეტად გვანან „ტიპიურ“ უცხოპლანეტელებს თავიანთი მომწვანო კანის ფერით, დიდი შავი თვალებითა და სუსტი აღნაგობით. თუმცა მათ მაინც დაიმკვიდრეს ადგილი ციტადელის კონსულში თავიანთი მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების წყალობით. აღსანიშნავია ისიც, რომ სალარიელების სპეცდანაყოფებს მომზადების საკმაოდ მაღალი დონე აქვთ.

qp759gle6u561t5egc.png

Mass Effect-ის გამორჩეული სალარიელი კაპიტანიკირრაჰეა (Kirrahe), რომელსაც ბრძნად მეტყველება უყვარდა და საბოლოოდ თავი გასწირა ვირმირზე კლონების საწარმოს შტურმით აღებისას.

აი, სულ ეს არის საკონსულო რასები. რაც შეეხება არასაკონსულოებს - აქ რათქმაუნდა არიან ადამიანები, რომლებსაც გვერდს ავუვლი (არა, კაცთმოძულე არა ვარ, მაგრამ სარკეში ჩაიხედეთ და ნახავთ რაც ვართ ადამიანები). დანარჩენები არიან:

1. კროგანები. კროგანი ხელ-ფეხიანი ლოკოკინაა, ან ლოკოკინისა და რეპტილიის ნაჯვარი ზურგზე უზარმაზარი კუზით (ეტყობა ნიჟარა აქვს). კროგანებს არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, როგორც ჩანს - არც ბევრი ფიქრი. სამაგიეროდ უყვართ იარაღის ტრიალი. ალბათ ჯერ ისვრიან და შემდეგ აკვირდებიან „უი ეს ვის ვესროლეო“. ამიტომაც წამოიწყეს აჯანყება, რომელიც დანარჩენმა რასებმა (განსაკუთრებით - ტურიელებმა) სისხლში ჩაახრჩვეს, რის შედეგადაც კროგანები დარჩნენ ცოტანი და იქცნენ დაქირავებულ მებრძოლებად.

gk1wmjbrhce4ugj2ds0.jpg

გამორჩეული წარმომადგენელია ურდნოტ ვრექსი (Urdnot Wrex), რომელიც მეთაურ შეპარდის დაქვემდებარებაშია და ტიპიური კროგანის ხასიათითაა დაჯილდოებული. გარდა ამისა მარჯვენა თვალზე ნაიარევიც აქვს.

2. ქუარიელები. მათ შექმნეს გეთები, როგორც იაფი მუშახელი. სამწუხაროდ (ან ამ უკანასკნელთა საბედნიეროდ) გეთები აჯანყდნენ და განდევნეს ქუარიელები მათი მშობლიური პლანეტებიდან. ამიტომ ისინი მომთაბარეებად იქცნენ, ან უფრო - მოპლანეტაგალაქტიკეებად. პლანეტიდან პლანეტაზე მოგზაურობამ რასას ან კეთრი გაუჩინა, ან რამე სხვა, რის გამოც ქუარიელები აირწინაღის მსგავს ნიღბებს ატარებენ. გეთების შექმნის გამო ქუარიელებს გალაქტიკაში ცუდი სახელი დაუმკვიდრდათ და ყველანი ალმაცერად უყურებენ.

3d14v46rg31xiidt1y7o.jpg

გამორჩეული წარმომადგენელია თალი'ზორაჰ ნარ რაიაა (Tali'Zorah nar Rayya) - შეპარდის გუნდის წევრი. პრინციპში არაფრით გამორჩეული არაა ჭკვიანური აზრების გარდა, მაგრამ სპექტრის ჯგუფში ყოფნამ თავისი რასის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით მეტი პრივილეგია მისცა.

3. გეთები. გეთები სინთეტები არიან, ანუ ბიოტექნიკური სუბიექტები. თამაშში მთავარ მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენენ და სხვა რასებთან შედარებით მრავალფეროვანნი არიან - ყავთ ჩვეულებრივი, „რიგითი“ მებრძოლები, მძიმედ შეიარაღებული მებრძოლები, ოთხფეხა „არმატურები“ და ასევე ოთხფეხა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი „კოლოსები“. ოვერქლოქერებს ალბათ დაგაინტერესებთ ის, რომ გეთებს WiFi ინტერნეტი აქვთ და ერთმანეთთან „ლოკალური ქსელიც“ აქვთ გაბმული. სურათზე: ყველა ძირითადი რასა.

23495rrppyxllsrt7ts7.jpg

გარდა ზემოთჩამოთვლილისა Mass Effect-ში გვხვდებიან ტანდაბალი და ჩამრგვალებული ვოლუსები, ბუშტისმაგვარი ბრჭყვიალა ჰანარები, გორილასებრი ელკორები და უზარმაზარი ტარაკნები, რომელთაც "რაქნი" ქვიათ (რომელი ფანტასტიკური ნაწარმოები, ფილმი ან თამაშია მსგავს სისაძაგლეს მოკლებული? puke.gif ).

აღსანიშნავია კიდევ ორი რასა - პროთეელები და რიპერები. პროთეელთა რასა გალაქტიკის ამჟამინდელ ბინადართა უშუალო წინამორბედნი იყვნენ და 50000 წლის წინ განადგურდნენ. მათ განადგურებაში „დამნაშავენი“ რიპერები არიან - ტექნორასა, რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს, თვალყურს ადევნებს ბიორასების ჩასახვა-განვითარებას და გარკვეულ ეტაპზე მუსრს ავლებს მათ ტექნორასის უპირატესობის დასამტკიცებლად, ან სხვა რამ მიზეზის გამო.

იმის მიუხედავად, რომ თამაშში უმთავრეს ბოროტ ძალას რიპერები წარმოადგენენ, ისინი არსად ჩანან, მათ ფლაგმან ხომალდ „სოვერენ“-ს თუ არ ჩავთვლით. სოვერენს მართავს ტურიელი სარენი (ან პირიქით - სოვერენი მართავს სარენს), რომელიც ყოფილი სპექტრი, წარსულში გალაქტიკის კონსულის ერთგული ქვეშევრდომი, ახლა კი ყოველი ბიორასის დაუძინებელი მტერია. სურათზე: სოვერენი და სარენი.

otu1ufnp8lckkq8gt2i6.jpg

დაქვემდებარებაში ყავს გეთების არმია. გეთებს ჰგონიათ, რომ რიპერები მათი წინაპრები არიან და ტურიელი მათ დაბრუნებაში დაეხმარება, ამიტომ სარენს ცხვრებივით ემორჩილებიან და მის არმიას წარმოადგენენ. სურათზე: რიგითი გეთები და "არმატურა".

3c49rvk24feskorcjjx.jpg

სარენი საკმაოდ ქარიზმატული პიროვნება აღმოჩნდა, სხვა ბიოორგანიზმებზე დიდი გავლენის მქონე, ამიტომ მან იოლად დაიმორჩილა ასარის რასის ერთ-ერთი მატრიარქი - ბენეზია. თამაშში ისიც ერთ-ერთი მოწინააღმდეგე და საკმაოდ არასასიამოვნო მოწინააღმდეგეა.

-----------------------------------------------

არ შეიძლება Mass Effect-ზე ერთი პატარა სტატიით შემოვიფარგლო და ვთქვა „აი, სულ ეს იყო“. ეს დანაშაულის ტოლფასი იქნება, რადგან თამაშს მთელი ინტერნეტ-საიტი აქვს დათმობილი (masseffect.wikia.com). მე უბრალოდ $#^#(|ადე რიგით გეიმერებში Mass Effect-ისადმი ინტერესი გამეღვიძებინა და მინიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა, რათა მათ აღარასდროს ეკითხათ „ნეტა რა არის ეს Mass Effect, ვარგა რამედ თუ არა?“. მემგონი მიხვდით რაც არის Mass Effect, ხოლო ვარგა თუ არა, იმედია ამას ზოგადი შეფასებებიდან დაასკვნით:

1. სიუჟეტი. თამაშის სიუჟეტი ბანალურად მარტივია - ყოველ 50000 წელიწადში გალაქტიკის ცივილიზაციები უკვალოდ ქრებიან - ნადგურდებიან ზემდგომი ტექნორასის (რიპერების) ხელით, ან ცელით. ციკლი უკვე მრავალჯერ განმეორდა და ახლა ამჟამინდელი ცივილიზაციების (და მათთან ერთად კაცობრიობის) ჟამი დამდგარა. მთავარი გმირი ცდილობს მოვლენათა ტრაგიკული განვითარება შეაჩეროს და არ შემოუშვას რიპერები გალაქტიკათაშორისი „ბნელი სივრციდან“ ჩვენს სამყაროში. უაზრობაა არა? მარტივია ხომ? კი, მართლაც ასეა, თუმცა სიუჟეტი უკანასკნელ მომენტამდე იდუმალებითაა მოცული, სცენარისტებმა მართლაც კარგად იმუშავეს. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - მთავარი სიუჟეტის მიღმა მეორეხარისხოვანი მისიები, ე.წ. ქვესტები არც ისე საინტერესოა, ხშირია ჩავარდნები, უზუსტობები და ა.შ. ამიტომ ამ მხრივ 8 ქულას ვწერ.

2. გეიმპლეი/ინტერფეისი. მოთამაშის ინტერფეისი საკმაოდ მარტივია, ამ მხრივ ფაქტობრივად ჩვეულებრივი მესამე პირის შუთერი გვაქვს. რათქმაუნდა შესაძლებელია გუნდის წევრების ნაწილობრივი მართვაც - შეპარდს ნებისმიერ მისიაზე შეუძლია ორი თანაშემწის წაყვანა და მათთვის ბრძანების მიცემა. სამწუხაროდ Mass Effect შეიძლება ისე დახურო (ურთულესი რეჟიმის გარდა მაინც), რომ არცერთი “ძალა“ არ გამოიყენო და გუნდის წევრებსაც არაფერი უბრძანო. სხვამხრივ, როლური თამაშის სპეციფიკებს რაც შეეხება, Mass Effect-ში კარგადაა გაკეთებული დიალოგები დიალოგში რაც წერია ზუსტად იმ სიტყვებით არ მიდის საუბარი, დიალოგებში ნაგულისხმებია ზუსტად ის კითხვები, ან ფრაზები, რაც შეიძლება რიგითმა მოთამაშემ თქვას, მეთაური შეპარდი კი მაღალფარდოვნად, ან მინიმუმ მახვილგონივრულად, მთელი მისი მიმიკებისა და ჟესტიკულაციის გამოყენებით იტყვის იგივე შინაარსის წინადადებას. დიალოგებში ჩნდება „კარმული“, ანუ კარმაზე დამოკიდებული ფრაზებიც. თუკი შეპარდს აქვს პარაგონის, ან რენეგადის სტატუსი (შესაბამისად კეთილი/ბრაზიანი), მას შეუძლია გული მოულბოს მოწინააღმდეგე მხარეს (გველსა ხვრელით ამოიყვანსოო), ან პირიქით - დაძაბოს სიტუაცია.

გარდა მესამე პირის შუთერისა და როლური თამაშისა, Mass Effect-ში არის მცირე ტაქტიკური სიმულაციაც. ეს ეხება გალაქტიკის რუკას, რომელიც რამდენიმე ვარსკვლავის სისტემას მოიცავს. მოთამაშეს შეუძლია დაასკანიროს ნებისმიერი პლანეტა, რათა მიიღოს ქიმიური ელემენტები (ფული ღირს ბიძია ფულიი), ან დაჯდეს პლანეტაზე და საკუთარი ძალებით მოიპოვოს ესა თუ ის ნივთიერება, ან ჩამოვარდნილ თანამგზავრს ამოაცალოს რომელიმე სასარგებლო ნაწილი. პლანეტის ზედაპირზე გადასაადგილებლად გამოიყენება ყველგანმავალი „Mako”, რომელიც თითქმის ყველანაირ რელიეფზე გადაადგილდება, თუმცა ნამდვილი სიმულატორის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

vsr3vcbgq01gym5myo.jpg

ნებისმიერ სამყაროში, ნებისმიერი ტურის ნებისმიერ ეტაპზე შეგხვდებათ დახურული კარი, ყუთი, სეიფი ან სხვა რამ, რომელიც „დეკოდირების“ საშუალებით უნდა გახსნათ. დეკოდირება საკმაოდ უინტერესო მინი-თამაშია, სადაც წრეებზე მოძრავ ფიგურებს შორის წრის ცენტრისკენ უნდა გადააადგილოთ ისარი და შეეცადოთ ეს დროის ამოწურვამდე მოასწროთ.

უნდა ითქვას ისიც, რომ იარაღების მოდიფიცირების ფუნქციები საკმაოდ ჩახლართულია, თამაშისას  გადააწყდებით საკმაოდ ბევრ ისეთ „გაუმჯობესებას“, რომელიც შეიძლება საერთოდ არც კი გამოიყენოთ. მოკლედ, ბოდიში და გალაქტიკა ნაგვითაა სავსე. რათქმაუნდა შეიძლება ნაგვის გაყიდვა და ფულის დაგროვება, რათა უკეთესი ჯავშანი ან შეიარაღება იყიდოთ. მით უმეტეს, რომ თავისი ჯავშნის გარდა შეპარდს გუნდის სხვა წევრების აღჭურვაც ევალება. თანაც სხვა რასის წარმომადგენლებს ადამიანის სკაფანდრი ხომ არ მოერგებათ? მოკლედ ტვინის ბურღვაა. არ მომწონს არც ის, რომ იარაღები რაღაც ბირთვულ საწვავზე მუშაობს და საბრძოლო მარაგი პრაქტიკულად არ ელევათ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება სროლა შეწყვიტო - იარაღის გადახურებაა. რეალიზმი იკარგება და მასთან ერთად ის დაძაბულობაც, რაც ტყვია-წამლის სიმცირითაა ხოლმე გამოწვეული სხვა თამაშებში. გეიმპლეი მეტ-ნაკლებად კარგია, მაგრამ გუნდის წევრების მართვის სირთულისა და ძალების გამოყენების არასაჭიროების, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული იაღლიშების გამო და რაც მთავარია - დეკოდირების საკმაოდ მოსაწყენი პროცესის „წყალობით“ ამ კატეგორიაში 8 ქულას ვწერ.

3. გრაფიკა/ოპტიმიზაცია. თამაშის ოპტიმიზაცია და გრაფიკა საკმაოდ კარგია. საერთოდ კოსმოსურ თამაშებში ბევრია პრიალა, მანათობელი, ან არეკვლის მქონე საგანი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ Mass Effect-ის 3D-ძრავი კარგად არენდერებს გამოსახულებას. ასეა თუ ისე, ჩემს ჯღან კომპიუტერზე 1280x1024 max სეტინგებზე მაქვს მინიმუმ 14, მაქსიმუმ 24 და საშუალო 18.8FPS. სამწუხაროდ თამაშში ანტი-ალიასინგის ფუნქცია არ არის, თუმცა უფრო დიდ გაფართოებებზე იგი ალბათ აღარცაა საჭირო, 2008 წლის თამაშისთვის კი გრაფიკა შთამბეჭდავია და ამიტომ 10 ქულას ვუწერ.

ჯამური ქულა 8.6 გამოვიდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ Mass Effect-ის კომპოზიტორსა და ხმის რეჟისორს ხუთიანზე უმუშავია - მისი ჯორჯ ლუკასსაც კი შეშურდება. გრანდიოზულ, ან შედარებით მცირემასშტაბიან, მაგრამ საკმაოდ დინამიურ ვიდეორგოლებს თან ახლავთ სულში ჩამწვდომი მუსიკა. რათქმაუნდა ერთი დიდი შეცდომაც აქვეა - კოსმოსში ჰაერი არ არის, ამიტომ არც ხომალდების წუილი უნდა ისმოდეს, მაგრამ ეგ არაფერი, რომელ ჰოლივუდურ ფილმში, ან კომპიუტერულ თამაშში ყოფილა კოსმოსი „ყრუ-მუნჯი“?

რათქმაუნდა მე თამაშის რიგითი ფანი ვარ, ან თაყვანისმცემელი მაინც, ამიტომ ჩემი შეფასებები შეიძლება სუბიექტური იყოს. რის გამოც გთავაზობთ თამაშის ოფიციალურ შეფასებებს:

Computer and Video Games - 9.0/10

Edge - 7/10

Electronic Gaming Monthly - 9.17/10

Eurogamer - 8/10

Game Informer - 9.75/10

GameSpot - 9.0/10(PC), 8.5/10(X360)

GamesRadar - 9/10

GameTrailers - 9.6/10

IGN - 9.4/10

Official Xbox Magazine - 10/10

P.S. Mass Effect 2-ის რევიუსაც შემოგთავაზებთ, რომ დავხურავ მერე hmm2.gif

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

შემთხვევით ვიპოვე ეს თემა. კაციშვილს არ წაუკითხავს თუ რაარი. ხალხი ხართ თქვენ? :D

Link to comment
Share on other sites

ეს სტატია პირველად რომ ვნახე მაგრად არ მევასებოდა ეს თამაში, არ ვიცოდი ჯერ ამის გემო :chups:

+1 მიშას

Link to comment
Share on other sites

kargi statiaaa, aqamde ratom ar mqoda cakitxuli ar vici. tamashs rac sheexeba me piradad magrad momcons, soldierit maqvs daxuruli da sxva klasebitac udna movsinjo daxurva

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

მაგარი კაცი ხარ მაგრად გაასწორე ეს ყველაფერი რო დაწერე 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.