Jump to content

წმიდა ცეცხლი გადმოვიდა !


Recommended Posts

რამოდენიმე თემა გაიხსნა აქ

ცეცხლზე და მის სიწმინდეზე (ცეცხლი და წმინდა მე არ მესმის ერთად )

გილოცავთ ყველას

სულ ყველაფერს კარგს გისურვებთ :) !

ჭეშმარიტად აღსდგა!

გესმის არ გესმის ეგრეა და...

მთელი ქრისტიანული (და არამარტო) სამყარო მაგ სასწაულს შეყურებს და აღიარებს, როგორც ერთ-ერთ უწმინდეს სასწაულს, როგორ გესმის, ეგ უკვე შენი პირადულია, ეკლესიასთან ვინც ახლოს არის, იმათ ეგ ეჭვი არ აქვთ (საწყენად არ გამიგო).

სანთელიც ცეცხლით იწვის და რა, არ არის წმინდა???

Link to comment
Share on other sites

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

ჭეშმარიტად აღსდგა!

მრავალს დაესწარით და ამ ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი არ მოგკლებოდეთ!

Link to comment
Share on other sites

ჭეშმარიტად აღსდგა !

holy-fire-in-jerusalem.jpg?w=630

ცერემონია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, მართლმადიდებლებს სულს უთრთოლებს, ყოველ წელს ტარდება იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში. აღდგომის თარიღი ყოველ წელს იცვლება – ის უნდა იყოს პირველი კვირა ბუნიობისა და ებრაული პასექის შემდგომ. უმეტესად ის არ ემთხვევა კათოლიკურ და პროტესტანტულ თარიღებს, რომლებიც განსხვავებული კრიტერიუმით დგინდება. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყველაზე ცნობილი სასწაულია მართლმადიდებლურ სამყაროში. საუკუნეების მანძილზე გარდამოსვლა ხდებოდა ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს, უცვლელი რიტუალით. არცერთი სხვა სასწაული არ მეორდება ასე რეგულარულად, ამდენი ხნის მანძილზე. ადგილი, სადაც სასწაული ხდება, ქრისტიანებისთვის ყველაზე წმინდაა – იქ მაცხოვრის საფლავია.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება ახლოდან იხილონ სასწაული, პილიგრიმები ტაძართან ბანაკდებიან. შაბათს, აღდგომის წინა დღეს, არაბი მართლმადიდებლები მაღალ ხმაზე ტრადიციულ ჰიმნებს გალობენ. ეს ჰიმნები დასაბამს მე-13 საუკუნეში იღებს, როცა იერუსალიმი თურქების ბატონობის ქვეშ იყო. ქრისტიანებს მხოლოდ ტაძრებში შეეძლოთ გალობა, სხვაგან აკრძალული ჰქონდათ. “ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ ქრისტიანები ვიყავით საუკუნეების მანძილზე, და ვიქნებით სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!” – ამ ფრაზებს თან დრამების ხმა მოსდევს. შუადღის პირველ საათზე კი გალობის ხმა წყდება და სიჩუმე ისადგურებს.

მალევე ადგილობრივი მმართველობის დელეგაცია ათავისუფლებს გზას და ხალხში გადის. ისინი სიმბოლურად ასახიერებენ რომაელ მმართველებს ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში. სახარებები მოგვითხრობენ, რომ რომაელი ჯარისკაცები იესოს საფლავთან მივიდნენ მისი ცხედრის მოსაპარად, რათა მოციქულებს არ დაესწროთ, მაგრამ იქ მისვლისას ნახეს, რომ მაცხოვარი მკვდრეთით იყო აღმსდგარი. ასევე დელეგაცია ყოველ შაბათს ცვილით ლუქავს აკლდამას, ამოწმებენ კუვუკლიას (უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველო), ჩხრეკენ ყველა კუთხე-კუნჭულს, რათა გამოირიცხოს ცეცხლის ხელოვნურად ანთება, ანუ არ მოხდეს სასწაულის გაყალბება.

ისტორია

ყველაზე ძველი ჩანაწერი ამ სასწაულის შესახებ მეოთხე საუკუნით თარიღდება, თუმცა არის გადმოცემები პირველ საუკუნეზეც. წმინდა იოანე დამასკელი (675 – 753) და წმინდა გრიგოლ ნოსელი (335 – 394) მოგვითხრობენ, როგორ იხილა პეტრე მოციქულმა წმინდა ცეცხლის სასწაული მაცხოვრის აღდგომის შემდეგ. მეოთხე საუკუნიდან დღემდე ეს სასწაული მუდმივად ხდება, ის ყველაზე მყარი და გაუტეხელი ცერემონიაა ქრისტიანულ სამყაროში. იწვევს ერთდროულად სიხარულს, შიშსა და მოწიწებას. ჩანაწერების მიხედვით აშკარაა, რომ ის ყოველთვის ერთი წესით ტარდებოდა და ცვლილება არ განუცდია.

რამდენჯერაც არამართლმადიდებლები შეეცადნენ ცეცხლის მიღებას, იმდენჯერ ხელი მოეცარათ. ცნობილია სამი ასეთი შემთხვევა. ორ მათგანს ადგილი ჰქონდა XII საუკუნეში, როცა რომაული (კათოლიკური) ეკლესიის მღვდლებმა მართლმადიდებლები გამოყარეს და თვითონ დაიკავეს ადგილი. ამ საქციელის გამო მათ ღვთის რისხვა დაატყდათ თავს. თუმცა ყველაზე გასაოცარი მაინც მესამე შემთხვევა იყო 1579 წელს.

ერთხელ სომეხმა მონოფიზიტებმა ფული გადაუხადეს თურქებს, რომლებსაც იმ პერიოდში იერუსალიმი ჰქონდათ დაპყრობილი. სამლოცველოში მართლმადიდებლის მაგივრად მონოფიზიტი პატრიარქი შევიდა და ლოცვა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქი კი გარეთ იდგა დადარდიანებული. ამ დროს მის სიახლოვეს მარცხენა სვეტი გაიბზარა, გასკდა და წმინდა ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის სიახლოვეს გადმოვიდა.

kolonna.jpg?w=630

მუსლიმმა მუეძინმა (მუეძინი – მეჩეთის მსახური (მოლა), რომელიც მინარეთიდან მოუხმობს მუსლიმებს სალოცავად) ეს დაინახა ახლომდებარე მეჩეთიდან, მაშინვე მიატოვა ისლამი და ქრისტიანობა მიიღო. ეს მოხდა 1579 წელს, როცა იერუსალიმის პატრიარქი იყო სოფრონი IV. სვეტი დღესაც გაბზარულია და ყველას ახსენებს იმ საოცარ მოვლენას.

მუსლიმები, ვინც უარყოფენ ქრისტეს ვნებებს, ჯვარცმასა და აღდგომას, ხშირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ამ ცერემონიისთვის. ცნობილი მუსლიმი ისტორიკოსი ალ ბირუნი (973 – 1048) წერს: “მუსლიმმა მთავრობამ პატრუქი სპილენძის მავთულით შეცვალა, რომ ცეცხლი არ მოკიდებოდა და ყველაფერი ჩაშლილიყო. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ცეცხლის სასწაული ისევ განმეორდა.”

ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, ინგლისელი ისტორიკოსები მსგავს მოვლენას 1192 წელსაც აღწერენ.

პროცესი

იერუსალიმის ყოფილი პატრიარქი დიოდორი (1923 – 2000) წერდა: “მე შევდივარ აკლდამასთან სამლოცველოში და მოწიწებით ვიჩოქებ იმ ადგილას, სადაც იესოს სხეული დაასვენეს და სადაც ის შემდგომ მკვდრეთით აღსდგა. შემდეგ წარმოვსთქვამ ლოცვებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ინახებოდა და ჩვენამდე მოვიდა, დასრულებისას კი ვიცდი. შეიძლება ზოგჯერ რამდენიმე წუთი მომიწიოს ცდა, მაგრამ უმეტესად სასწაული მალევე, დაუყოვნებლივ ხდება. ქვიდან ჩნდება და ამოდის ნათელი, რომელსაც მოლურჯო ფერი აქვს, თუმცა შეიძლება შეიცვალოს ხოლმე. მისი აღწერა ადამიანურ ენაზე შეუძლებელია. ნათელი ქვიდან ისე ამოდის, როგორც ნისლი ტბიდან. ერთი შეხედვით, ისეთი შეფერილობაც კი აქვს, თითქოს აკლდამა ბურუსშია გახვეული. ზოგჯერ მხოლოდ ქვას ფარავს, ზოგჯერ მთლიანად საფლავს. შემდეგ ეს სინათლე იღებს სვეტის ფორმას და ჩნდება ცეცხლი. მე უკვე შემიძლია ეს ცეცხლი სანთელს მოვუკიდო. ცეცხლი არ წვავს, 16 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისგან დამწვრობა მიმეღო ან სიმხურვალე მეგრძნო. ამის შემდეგ გავდივარ გარეთ და წმინდა ცეცხლს პირველ რიგში სომხეთის პატრიარქს ვუზიარებ, შემდეგ კოპტებისას. ბოლოს კი ჩამოვივლი და მლოცველებში ვავრცელებ.”

church-of-the-holy-sepulchre.jpg?w=630აღდგომის ტაძარი

სანამ პატრიარქი კუვუკლიაში იმყოფება და ლოცულობს, გარეთ სიბნელეა, თუმცა სიწყნარე ნამდვილად არაა. იქ მყოფი ხშირად გაიგონებს ბუტბუტსა და ჩურჩულს, ჰაერშიც კი დაძაბულობა იგრძნობა. მალე გამოდის პატრიარქი ორი ანთებული სანთლით და საზეიმო ხმაურობა იწყება.

წმინდა ცეცხლი მოქმედებით სავსებით განსხვავდება ჩვეულებრივი ცეცხლისგან. ის ბრწყინავს, ანათებს ელვასავით, თავისით ეკიდება ზეთისხილის ზეთის ლამპებს და გადადის სანთლებზე. უამრავი პილიგრიმია, რომლებსაც შეუმჩნევიათ, რომ მათ ხელში სანთელს თავისით წაკიდებია ცეცხლი. დასაწყისში მას მოლურჯო ელფერი აქვს და არ წვავს. ამის დასადასტურებლად მორწმუნეები სახესა და ხელებზე იტარებენ მას. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ წმინდა ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვის შემდეგ გადმოდის.

ზოგჯერ, სანამ სანთლებს წაეკიდება, ცეცხლის ალებს ტაძარშიც ხედავენ, ჰაერში. ამას უამრავი იქ მყოფი მლოცველი ადასტურებს. ყოველ წელს მრავალი მორწმუნე მიემგზავრება იერუსალიმში, რათა საკუთარი თვალით იხილოს სასწაული და რწმენაში უფრო გაძლიერდეს.

holy-fire.jpg?w=630

სასწაულის უტყუარობა

ალბათ, გასაკვირი არაა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სასწაულს მიიჩნევენ ფარსად, რომელიც მართლმადიდებლობის პროპაგანდისთვის ხორციელდება. მათ მიაჩნიათ, რომ პატრიარქს თან სანთებელა ან ასანთი შეაქვს. თუმცა აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს: ასანთი და სანთებელა თანამედროვე გამოგონებებია, ამ სასწაულს კი 1600 წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ამასთანავე, შესვლამდე პატრიარქს ამოწმებს პოლიცია, ჩრეკს, რომ არაფერი შეიტანოს თან. ასევე ათასობით პილიგრიმი დაადასტურებს, რომ მათ თვალწინ სანთლები თავისით აინთო, ყოველგვარი შეხების ან ჩარევის გარეშე. ამას კი სხვა ახსნა, გარდა ზებუნებრივისა, არ აქვს.

საინტერესო ლინკები:

თვითმხილველები, რომლებიც წმინდა ცეცხლზე ყვებიან

ფოტო და ვიდეო მასალა

© http://charliuss.wordpress.com

პ.ს. ადამიანმა გინდ საუთარი თვალით ნახოს, მაინც არ დაიჯერებს იმას, რისი დაჯერებაც არ უნდა.

Link to comment
Share on other sites

გირჩევთ რომ არ დაგეზაროთ და წაიკითხოთ.

სხვადასხვა ჟურნალებიდან და საიტებიდან ამოვკრიფე :)

მე კი გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა! ყველაფერს კარგს გისურვებთ და დღევადელი დღის მადლი გვეწეოდეს სულ ყველას

ქრისტე აღდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

h20nn.jpgbc7tb.gif

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

b8tkm.jpg

სააღდგომო ეპისტოლე ანუ სააღდგომო ქადაგება

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.

„დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი“, შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. „სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!“

ქრისტე აღდგა!

ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა - თავიანთ სამწყსოებს და, აი, უკვე მრავალი საუკუნეა, მილიონობით ადამიანი ხმობს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

მაინც რას ნიშნავს უდიდესი საიდუმლოებით მოცული ეს სასწაული, ანუ რა არის მიზეზი ჩვენი ასეთი ბედნიერებისა?

სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემომქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფვის მისკენ და ადიდებს მას.

ფსალმუნში ვკითხულობთ „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა; აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი... აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაჲ, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყვნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი“(ფს. 148, 1-4,7-11).

ამ ღავთაებრივ ჰარმონიას ურჩობისა და ამპარტავნების გამო თავისი ნებით განეშორა პირველქმნილი ადამიანი; თუმცა შემოქმედს მასზე ზრუნვა არ მიუტოვებია. ეს მდგომარეობა ბასილი დიდმა ასე გამოხატა: „შენ მარადის მწყალობ და მე განგარისხებ, შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები, შენ მხადი და მე გელტვი, ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრებაი ჩემი“.

და აი, თითქმის 2000 წლის წინ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ყოვლადდაუტევნელმა განკაცება ინება და კაცობრივი ბუნებით სიკვდილს დაექვემდებარა, ჯოჯოხეთში შთავიდა, რათა მართალთა სულნი ეხსნა და კაცობრიობისათვის დახშული ზეციური კარიბჭენი აღეხვნა. რა შეედრება იმ განძს, რაც მან ამ წუთისოფელში დროებით მყოფ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა?! როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ამ გამაოგნებელი თავგანწირვის, სიყვარულისა და მოწყალებისადმი?!

უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონდ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგ არ დავინთქათ. ამ სასწაულთა სასწაულს ვზეიმობთ ახლა. ამიტომაც სიხარულითაა მოცული დედამიწა; ჩვენს გამო ხარობს ყოვლადწმიდა სამება და ანგელოზთა დასი, რადგან ხორციელი სიკვდილი აღარ არის მხოლოდ ჯოჯოხეთის კარიბჭე, არამედ იგი მორწმუნეთათვის წარუვალ ნეტარებაში აღმყვანებელ საშუალებად იქცა. ამიერიდან ესა თუ ის პიროვნება ან ეშმაკის და მისი ანგელოზების ხვედრი შეიქმნება და მარადიული ტანჯვისათვის გაიწირება, როგორც ეს ადრეც იყო, ანდა უფლისა და ანგელოზთა წიაღში დამკვიდრდება. სხვა არჩევანი არ არსებობს.

ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.

პაისი ათონელი წერს: „თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი „მე“-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა“.

წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ აბსოლუტურად ბოროტი და ცოდვილი კაცი არ არსებობს და რომ ყველაზე უარეს მათგანშიც კი არის რაღაც ნაწილი სიკეთისა. მაგ., თუ მას გულწრფელად უყვარს შვილები, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, უყვარს თუნდაც ცხოველები ან ბუნება, ე.ი. მასში არის ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ათბობს და ანათებს მის დაბნელებულ სულს; ყველას ვალია, ეს ნაპერწკალი საკუთარ თავში გააღვივოს და ღვთაებრივ ცეცხლად აქციოს.

საერთოდ, ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ. გული არის სულის სავანე, სული კი ­- ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. მთავარია, ყური დავუგდოთ მას. მაგრამ ადამიანთა ნაწილი სწორედაც რომ საპირისპიროდ იქცევა, - ცდილობს ჩაახშოს იგი; სხვის დასანახად ვითომ ემსახურება უფალს, გული კი განშორებული აქვს ღვთისაგან. მაცხოვარი ბრძანებს: „არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა?.... და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 7,20-23). ღმერთმა გვიხსნას ამ მდგომარეობისაგან.

და მაინც როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი? ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი...“.

ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები. საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ორს, ზოგს - ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს, ესაა მისი პასუხისმგებლობა, ნაწილს, - ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა; სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და ამ დონის მსახურება ევალებათ.

იერარქიის არსი ქრისტიანობაში, სხვებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის ზრუნვას გულისხმობს.

უფალი ბრძანებს: ვინც თქვენს შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, - ყველას მონა“; და ამის უდიდესი და უთვალსაჩინოესი მაგალითი, პირველ რიგში, თვითონ მოგვცა. ასეთი დამოკიდებულება მოეთხოვება ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პიროვნებათა თანასწორობისა და ღირსების დაცვისა სწორედ ქრისტიანულ სწავლებას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთთათვის ეს ცნებები უკვე განსხვავებულ შინაარსს ატარებს.

რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც, რასაც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ტირანიას უწოდებს და რაც ზემდგომთა ბატონობასა და ძალადობაზე და ქვეშევრდომთა მონურ ყოფაზეა დამყარებული. ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს.

მაგალითად, ავიღოთ ქრისტიანული ოჯახი; ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე, ხოლო, თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს.

ოჯახის სიმტკიცისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ზნეობრივი გარემოს შექმნას. პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვისაც და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მე ადრეც მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, ყოვლადაუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება. რაც შეეხება ზნეობრივ გარემოს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული.

სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე, დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება... არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. „სუროგატი დედების“ ინსტიტუტის შექმნა“ უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება. ასეთი ადამიანები მოყვასს მოიაზრებენ მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელების საშუალებად, რაც მადლიერების გრძნობასაც გამორიცხავს და, ამასთან, აყალიბებს ისეთ დამოკიდებულებას, როცა სხვისი გამეტება და სიცოცხლის ხელყოფა ეადვილებათ. თუმცა ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა შორისაც ვხედავ ბევრს ისეთს, რომელნიც, უფლის წყალობით, შეცვლიან თავის ცხოვრების წესს და ჭეშმარიტი სიკეთის მთესველნი გახდებიან. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან. საერთოდ, ყველა ერს თავისი იდეა აქვს.

რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?

ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით - ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.

დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: „ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!“ და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: „ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი“.

ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“, ხოლო, ენასა ამას შინა „ყოველი საიდუმლო დამარხულ არს“ (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“. დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.

ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად“ (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა.

ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს... ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასაკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.

ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: „უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ..., სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის..., უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ..., თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან“ (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი.

სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, - ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა...

ჩვენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და საერთო წმინდანების მიმართ ვლოცულობთ. მათი შეწევნით, ვიმედოვნებთ, მტერი ვერ გაგვთიშავს. აფხაზეთის მიტროპოლიტად კათოლიკოს-პატრიარქის დადგინებაც ჩვენი გაყოფის მოსურნეთა საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე განსაკუთრებით ვლოცულობ თქვენთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს უშუალო სამწყსოს - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, საქართველოს ყველა კუთხის შვილს, ვულოცავ ჩვენს მართლმადიდებელ სამწყსოს: ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, იეზიდებს, აზერბაიჯანელებს, მცირერიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს... უცხოეთში დროებით მყოფ თანამემამულეთ, აგრეთვე ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, ფერეიდანის, მაზანდარანის, ჰერეთის მკვიდრთ და უფალს თქვენთან ერთად შევღაღადებ: „აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩუენცა ღირს მყვენ ქუეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა!“

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

5n7b2.gif

წითელი კვერცხი

fpqb3.gif

სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

____________________________________________

სუროჟელი მიტროპოლიტი ანტონი

აღდგომა

ჩვენ ვუგალობთ ქრისტეს აღდგომას და იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება გამოვაცხადეთ: სადაა, ჯოჯოხეთო, საწერტელი შენი, სადაა, სიკვდილო, ძლევაი შენი? ამავე დროს საკუთარი თვალით ვხედავთ და გვესმის საშინელი ამბები, რომ სიკვდილი ჯერ კიდევ დაძრწის თავისი ცელით ჩვენს გარშემო, ვიგებთ, რომ იხოცებიან ჩვენი ახლობლები, ახალგაზრდები და ძვირფასი ადამიანები. მაშ, რატომ არ აღესრულება ეს სასიხარულო ცნობა სიცოცხლის გამარჯვების შესახებ?

სიკვდილი სხვადასხვაგვარია: არსებობს სხეულის სიკვდილი, მაგრამ უფრო საშინელი სიკვდილიც არის - ესაა საბოლოო, სამარადისო, გადაულახავი განშორება ღმერთთან. ეს სიკვდილი ქრისტეს მოსვლამდე ათასწლეულების მანძილზე მთელი კაცობრიობის განსაცდელი იყო, რადგან მოწყდნენ უფალს, დაკარგეს უფალი, როგორც საკუთარი სიცოცხლის წყარო. კაცობრიობამ არა მარტო სხეულით იგემა სიკვდილი, არამედ საბოლოოდ დაიწყო დაცილება, განშორება, ურთიერთობის გაწყვეტა ღმერთთან. მის გარეშე გარდაცვლილი ადამიანები სამარადისოდ მკვდრებად რჩებოდნენ.

და აი, იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ღმერთი ცხოველი მოვიდა ამქვეყნად. თუმცა ცოცხალი ღმერთი იყო, ანუ თავად იყო სიცოცხლე, კაცთა ცხოვრებით იცხოვრა. გაიზიარა ყოველივე ის, რაც ადამიანის ცხოვრებას შეადგენდა. სწყუროდა, შიოდა, ეწამებოდა და საბოლოოდ გარდაცვალება და სიკვდილიც კი მიიღო. როგორც უფალი, ვერ მოკვდებოდა, მაგრამ ჩვენი სიყვარულის გამო, ჩვენი ხვედრი გაიზიარა. ღმერთთან დარჩა და ადამიანები განუდგნენ მას. ადამიანებს არ განეშორა და ჯვარზე ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები წარმოსთქვა: „უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე“. თავად სიცოცხლე მოკვდა, ჩაქრა ნათელი, რომელიც თავისი არსით იყო ნათელი.

და აი, სულით ჩავიდა მაცხოვარი ღვთისაგან მიტოვებულთა იმ ჯურღმულში, სადაც არ იყო უფალი. მან თავად, თავისი ღვთაებრივობით, მარადიული სიცოცხლით, უკვდავი ნათლით აღავსო ყოველივე და სიკვდილი სამარადისოდ გააუქმა. ჩვენ ახლა სიკვდილს განსვენებას, დროებით ძილს ვუწოდებთ და როდესაც გარდავიცვლებით, არა სასოწარკვეთილებისა და ღვთისაგან მიტოვებულთა ჯურღმულში ჩავდივართ, არამედ ავდივართ უფალთან, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი, საყვარელი ძე მოგვცა, რათა გვერწმუნა მისი სიყვარული!

განა ძალგვიძს ამ სიყვარულში ეჭვი გაგვიჩნდეს, როცა ვხედავთ, ვიცით, თუ რად უღირდა უფალს ეს სიყვარული: ეს იყო იესო ქრისტეს სიცოცხლე, მისი სიკვდილი, ადამიანთა მიერ მისი გარიყვა, გეთსიმანიის ბაღის საშინელება, როცა სიკვდილს ელოდა და იცოდა, რომ თავისმა უახლოესმა მოწაფემ გასცა, იცოდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ პეტრე უარყოფდა და ყველანი შეატოვებდნენ სიკვდილს მარტოს. ამით იგი გვეუბნება: იხილეთ, ეს ყოველივე ხომ საკუთარ თავზე ავიღე... მოვკვდი, რათა თქვენ გერწმუნათ, რომ ღვთისგან ხართ შეყვარებულნი, გადარჩენილნი ხართ...

ჩვენ კი - რით ვუპასუხოთ ამგვარ სიყვარულს? ეს სიყვარული მოწიწებით, მთრთოლვარე გულით უნდა მივიღოთ და აღტაცებით წარვსდგეთ ამ უძლეველი სასწაულის - ღვთაებრივი სიყვარულის წინაშე. და თუ ჩვენ ეს შევიგნეთ, მაშ, შეგვიძლია მარად ვმადლობდეთ უფალს და მთელი ცხოვრება მადლიერებად გადავაქციოთ: არა მოვალეობის მოხდის გამო ვეთაყვანოთ უფალს, არა აუცილებლობის გამო აღვასრულოთ მისი მცნებანი, არამედ ვთქვათ: უფალო! თუ ასე გიყვარვართ, მაშ, თაყვანს გცემთ, გვიყვარხარ და გემორჩილებით, რადგან შენი გზა - სიცოცხლის გზაა.

მთელი სიცოცხლე მხოლოდ მადლიერების სიტყვად ან გალობად კი არ ვაქციოთ, არამედ ცოცხალ მადლიერებად, ანუ ისე გვიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც შეიყვარა ისინი უფალმა: უსაზღვროდ და სამარადისოდ.

და თუ ჩვენ ასეთ სიყვარულს ვისწავლით, ეს ქვეყანა სრულიად სხვა სამყაროდ გადაიქცევა. მაშინ მოვა ჩვენთან ღვთის სასუფეველი, აღდგომა, აღდგომა, ახალი ცხოვრება. მაგრამ ამისათვის ყოველი ჩვენგანი უნდა მოკვდეს, მაგრამ არა სხეულის მოკვდინებით, არა განშორების საშინელი სიკვდილით, არამედ საკუთარი თავის უარყოფით; ადამიანმა უნდა მოაკვდინოს საკუთარი თავისთვის სიამოვნების ძიება, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, ეს იმიტომ, რომ მარადიული სიცოცხლით აღდგომა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც, როგორც ძველი და ჭუჭყიანი სამოსი, ყოველივე დროებითი და ხრწნადი განიძარცვა. თუ ასე ვიცხოვრებთ და ასეთ სამყაროს შევქმნით გარშემო, მაშინ იხარებს უფალი ჩვენით და ჩვენც სიხარულით შევხედავთ ადამიანებს თვალებში.

ქრისტე აღსდგა.

1980 წ. 6 აპრილი

Link to comment
Share on other sites

ჭეშმარიტად აღსდგა. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

Link to comment
Share on other sites

ჭეშმარიტად აღსდგა.ყველას გილოცავთ.დაესწარით მრავალს

Link to comment
Share on other sites

ჭეშმარიტად აღსდგა.

ყველას გილოცავთ, მრავალს დაესწარით! :)

Link to comment
Share on other sites

ჭეშმარიტად აღსდგა !!!

Link to comment
Share on other sites

შევაერთე ყველა ტოპიკი

და უადგილოფილოსოფიური პოსტები არ გვინდა რა,ჯასთ მოგილოცეთ :D

მიხვდება ვისზეც დავწერე

Link to comment
Share on other sites

ცეცხლზე და მის სიწმინდეზე (ცეცხლი და წმინდა მე არ მესმის ერთად )

ჭეშმარიტად აღსდგა!

გესმის არ გესმის ეგრეა და...

მთელი ქრისტიანული (და არამარტო) სამყარო მაგ სასწაულს შეყურებს და აღიარებს, როგორც ერთ-ერთ უწმინდეს სასწაულს, როგორ გესმის, ეგ უკვე შენი პირადულია, ეკლესიასთან ვინც ახლოს არის, იმათ ეგ ეჭვი არ აქვთ (საწყენად არ გამიგო).

სანთელიც ცეცხლით იწვის და რა, არ არის წმინდა???

სანთელზე რა შუაში იყო?? ისე გამოგივიდა რაც იწვის ყველაფერი წმინდაა...

პ.ს. ადამიანმა გინდ საუთარი თვალით ნახოს, მაინც არ დაიჯერებს იმას, რისი დაჯერებაც არ უნდა.

:huh:

Link to comment
Share on other sites

შევაერთე ყველა ტოპიკი

და უადგილოფილოსოფიური პოსტები არ გვინდა რა,ჯასთ მოგილოცეთ :D

მიხვდება ვისზეც დავწერე

ჩემზე ხო?? მე მიგულისხმე არა? ჰა? ჰა? ხო მე მიგულისხმე? :crazy:

Link to comment
Share on other sites

არა შენ კარგი კაჩოკი ხარ :D

ნუ მეპატხალიმები boli.gif

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.