Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5936
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ამჟამად გაყიდვაში გამოსულია Intel Arc სერიის გეიმინგ ვიდეო დაფების მხოლოდ ერთი წარმომადგენელი Arc A380, რომელიც დაბალბიუჯეტურ სეგმენტს მიეკუთვნება. თუმცა კომპანიის თანამშრომლები აგრძელებენ საუბარს სამომავლო დაფების შესახებ, რომლებიც სულ მალე უნდა გამოვიდეს: როგორც VideoCardz გვაცნობებს, Intel-ის წარმომადგენლებმა, Ryan Shrout-მა და Tom Petersen-მა Digital Foundry-სა და PC Games Hardware-თან ინტერვიუში ისაუბრეს სამომავლო მოდელების მთელ რიგ მაჩვენებლებსა და მახასიათებლებზე. ფოტოს წყარო: Intel უპირველეს ყოვლისა, Intel-ის თანამშრომლებმა დაადასტურეს ადრე გამოქვეყნებული ტესტების შედეგები: ფლაგმანური Arc A770 გეიმინგ გრაფიკული ბარათი მართლაც უფრო სწრაფი იქნება კონკურენტ NVIDIA GeForce RTX 3060-სა და AMD Radeon RX 6600 XT-თან შედარებით. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ვარიანტ Arc A770 Limited Edition-ს ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება, კომპანიის პარტნიორები კი შეძლებენ გამოუშვან 8-გიგაბაიტიანი ვერსიებიც. Arc A750 მოდელის ვიდეობუფერის მოცულობა კი 8 გიგაბაიტით შემოიფარგლება. მათთვისაც, ვინც რეითრეისინგს აფასებს, Intel-ს კარგი სიახლეები აქვს: კომპანია ამტკიცებს, რომ ამ საკითხში მათი ვიდეო დაფები NVIDIA-ს აქტუალურ მოდელებს არ ჩამოუვარდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურდა სპეციალისტების მიერ Arc A380 ვიდეო ადაპტერის გატესტვის შედეგად მიღებული ინფორმაცია - Intel-ის გეიმინგ ვიდეო ბარათები მეტად დამოკიდებულია ტექნოლოგია Resizable BAR-ზე, რომლის არარსებობა გრაფიკული ადაპტერების წარმადობის 40%-მდე კლებას იწვევს. გარდა ამისა, "ლურჯი გუნდის" წარმომადგენლები გვპირდებიან მეტად კონკურენტულ ფასს გეიმინგ ვიდეო დაფებზე, მაგრამ დებიუტის შემდეგ წარმადობის შესამჩნევ ზრდას არ უნდა ველოდოთ. ცნობილია, რომ Arc A770 და Arc A750 გრაფიკული ადაპტერების დებიუტი ერთდროულად შედგება როგორც რეფერენსულ ვერსიაში, ასევე კომპანიის პარტნიორების მოდელების სახით, რომლებიც ჯერ კიდევ "ჩრდილშია". თანაც ახალი პროდუქტების გამოჩენა მაღაზიებში მოსალოდნელია არა მარტო ჩინეთში, როგორც ეს მოხდა Arc A380-ის შემთხვევაში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში. https://tinyurl.com/546yvkhk
  2. ამჟამად პრემიალური დონის Android-პლანშეტების უმეტესობას OLED და AMOLED ეკრანები აქვს. Apple კვლავ არსად ჩქარობს და მისი პლანშეტები კვლავ LCD პანელებით არის წარმოდგენილი. მალე ეს ვითარება შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან სულ უფრო მეტი ცნობა ვრცელდება 2023 წელს OLED ეკრანის მქონე iPad-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს პანელის ჰიბრიდული ტიპი დამატებითი უპირატესობებით. ამგვარ პანელში შერწყმული იქნება დრეკადი და მყარი პანელების ტექნოლოგიები, რაც მას დაიცავს 10 დუიმზე მეტი ზომის ეკრანებისთვის დამახასიათებელი დეფორმაციისგან. ასევე საუბარია, რომ სამომავლო iPad Pro-სა და MacBook-ში გამოყენებული იქნება უფრო ეფექტური OLED ეკრანი ორმაგი მინით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი ეკრანის მქონე მოწყობილობები მომავალ თვეში გამოცხადდეს, რადგან ტექნოლოგია ამჟამად განვითარების ფაზაშია. ბევრი რამ არის დამოკიდებული დისპლეის მომწოდებლებზე, როგორებიცაა Samsung, LG და BOE. ჯერჯერობით კი პლანშეტებს, რომლებიც ოქტომბერში დაანონსდება, კვლავ ჩვეული ტიპის ეკრანები ექნება - წერს Nextpit. https://tinyurl.com/2p92xczf
  3. LG-მ წარადგინა საკუთარი NFT პლატფორმა, სახელწოდებით LG Art Lab. პლატფორმა ნებისმიერი NFT ბაზრის მსგავსია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ და შეიძინონ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) და აჩვენონ ისინი თავიანთი ტელევიზორის ეკრანებზე. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია LG ტელევიზორებისთვის, რომლებსაც აქვთ webOS 5.0 ან უფრო ახალი ვერსია აშშ-ში. მომხმარებლებს შეუძლიათ ასახონ NFT 16:9 ასპექტის თანაფარდობით თავიანთ OLED ტელევიზორებზე LG Art Lab-ის საშუალებით. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ტელევიზორის მთავარ ეკრანზე და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნახონ ავტორის პროფილები ან გადახედონ მიმდინარე ნამუშევრებს შექმნის პროცესში. მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა რეალურ დროში Live Drop ტაიმერზე, რომელიც დაეხმარება მათ ნახონ ახალი NFT-ები. LG Art Lab მუშაობს Hedera blockchain ქსელზე რომელიც კომპანიის მტკიცებით უფრო გამძლეა და ფართოდ გამოიყენება კერძო პირების მიერ. პლატფორმა იყენებს QR კოდებს ტრანზაქციებზე Wallypto-ს, LG-ის კრიპტო საფულის აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი წინა ტრანზაქციები და მართონ შესყიდვები ჩანართიდან „ჩემი კოლექცია“. ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც გამოჩნდა LG NFT ბაზარზე, იყო Barry X Ball. იგი ქმნის ქანდაკებებს 3D ბეჭდვისა და სკანირების ტექნოლოგიების გამოყენებით. Barry X Ball-ის NFT სერია გამოვა მომდევნო რამდენიმე კვირაში. https://tinyurl.com/4wya6ad5
  4. მიმდინარე კვირაში Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა დაადასტურა უახლოეს მომავალში ფასების კლება GeForce RTX 3000 სერიის გეიმინგ გრაფიკულ ბარათებზე. მისი თქმით, ბაზარზე არსებული მაკროეკონომიკური დაბრკოლებები და ახალი Ada Lovelace არქიტექტურის გამოშვება კომპანიას ფასების კორექტირებას აიძულებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ RTX 4000-ის წარმატებული გამოშვება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც RTX 3000-ის მარაგი მთლიანად ამოიწურება. მისი სიტყვების შედეგს დღეს უკვე ვხედავთ. კერძოდ, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შემცირდა ფასი ტოპ სეგმენტის ამაჩქარებლებზე: RTX 3090 ხელმისაწვდომია Newegg-ზე 928 აშშ დოლარად (სარეკომენდაციო ფასია 1500$). EVGA-ს მიერ წარმოებული ფლაგმანური RTX 3090 Ti-ს ყიდვა შესაძლებელია 1099 აშშ დოლარად (სარეკომენდაციო ფასი - 2000$). შედარებით „სამომხმარებლო“ ვიდეო დაფა RTX 3080 Ti აშშ-ში იყიდება 799 აშშ დოლარად (გაყიდვის დაწყებისას მისი ფასი 1200 აშშ დოლარი იყო). საშუალობიუჯეტურ სეგმენტში ვითარება კვლავ უცვლელია: https://tinyurl.com/2fdz7hkb
  5. კომპანია OFF Global-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA 2022-ის მსვლელობისას დააანონსა ტრანსფორმირებადი პორტატული კომპიუტერი Nokia PureBook Fold აპარატულ პლატფორმა Intel Jasper Lake-ზე. ფოტოს წყარო: Nokia ლეპტოპს საფუძვლად უდევს პროცესორი Intel Pentium Silver N6000 ოთხი ბირთვით, რომელთა ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.1-3.3 გჰც. ჩიპის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Intel UHD Graphics. მოწყობილობას აქვს 14.1-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი. რეალიზებულია სენსორული მართვა. სპეციალური სახსარი საშუალებას იძლევა ეკრანი მოტრიალდეს 360 გრადუსით, რის შედეგად მოწყობილობა პლანშეტად გარდაიქმნება. ლეპტოპში წარმოდგენილია LPDDR4x სტანდარტის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ მოცულობის eMMC ფლეშ-მოდული და microSD ბარათის სლოტი. ხელმისაწვდომია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5, 1-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, სტერეოდინამიკები, ორი პორტი USB-C 3.2, ერთი USB-A 3.0 და სტანდარტული აუდიოკონექტორი. კორპუსის სისქე შეადგენს 18.6 მმ-ს, წონა - 1.66 კგ-ს. ლეპტოპის ფასი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. https://tinyurl.com/bp8jyttw
  6. აშშ-ის პროკურორებმა მოითხოვეს კრიპტობირჟა Binance-ისგან შიდა ინფორმაცია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო შემოწმებების შესახებ, ასევე ანგარიშები აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-სთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს Reuters. სააგენტოს განკარგულებაში არსებული მოთხოვნა სამართალდამცველმა ორგანოებმა 2020 წლის დეკემბერში გააკეთა. იუსტიციის დეპარტამენტის ფულის გათეთრების განყოფილებამ მოსთხოვა Binance-ს, ნებაყოფლობით გაეგზავნა ანგარიშები Zhao-სა და 12 სხვა აღმასრულებელი და პარტნიორისგან ბირჟის მიერ შეერთებულ შტატებში უკანონო ოპერაციების გამოვლენისა და მოხმარებლების გადმობირების შესახებ. იუსტიციის სამინისტრო ასევე დაინტერესებული იყო კომპანიის ნებისმიერი ჩანაწერით, რომელსაც აქვს ინსტრუქციები - „გაანადგუროს, შეცვალოს ან წაშალოს დოკუმენტები Binance-ის“ ან „შეერთებული შტატებიდან გადატანილი ფაილებიდან“. Reuters-ის წყაროებმა განმარტეს, რომ სამინისტროს მოთხოვნა წარმოადგენდა ბირჟის მიერ აშშ-ის ფინანსური დანაშაულების კანონთან შესაბამისობის დაცვის კვლევის ნაწილს. ხელისუფლება ასევე იკვლევს Binance-ის მიერ საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის პოტენციური დარღვევის შესაძლებლობას. წესები კომპანიებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ ფინანსთა სამინისტროში და დაიცვან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციები, თუ ისინი „მოქმედ“ ბიზნესს აწარმოებენ აშშ-ში. ქვეყნის ფინანსური სისტემის დაცვის კანონმდებლობა ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, აღნიშნა Reuters-მა. „მარეგულირებლები მთელ მსოფლიოში მიმართავენ ყველა ძირითად კრიპტო ბირჟას, რათა უკეთ გაიგონ ჩვენი ინდუსტრია. ეს არის სტანდარტული პროცესი ნებისმიერი რეგულირებადი კომპანიისთვის. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სააგენტოებთან, რათა გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ“, - უპასუხა Binance-ის კომუნიკაციების დირექტორმა პატრიკ ჰილმანმა გამოძიების შესახებ შეკითხვას. მისი თქმით, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დაცვის ჯგუფს 500 ადამიანი ჰყავს. მათ შორის არიან ყოფილი მარეგულირებლები და სამართალდამცავები. იანვარში Reuters-მა დაწერა, რომ Binance-მა არაერთხელ დაუმალა ინფორმაცია მარეგულირებლებს, უგულებელყო KYC პროცედურები და მოქმედებდა შესაბამისობის დეპარტამენტის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. ივნისში სააგენტოს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2017-2021 წლებში ბოროტმოქმედებმა Binance-ის მეშვეობით მინიმუმ 2.35 მლრდ აშშ დოლარი გაათეთრეს. შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ხელისუფლების მიერ ბირჟა WazirX 350 მლნ აშშ დოლარზე მეტი ფულის გათეთრებაში იყო ეჭვმიტანილი. 2019 წელს Binance-მა გამოაცხადა პლატფორმის შეძენის შესახებ. Zhao-მ განაცხადა, რომ მის კომპანიას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ინდურ კრიპტო სავაჭრო პლატფორმასთან. მისი თქმით, გარიგება არ შედგა. თავის მხრივ WazirX-ის თანადამფუძნებელმა ნიშალ შეტიმ უარყო Binance-ის ხელმძღვანელის არაერთი განცხადება პლატფორმების ურთიერთობასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/4b7k92ra
  7. დასრულდა ის დრო, როდესაც პროცესორებს მხოლოდ საბაზისო და მზარდი სიხშირეები ქონდა. მაღალი წარმადობის და ეფექტური ბირთვების მქონე ჰიბრიდული არქიტექტურის დანერგვის შედეგად წარმადობის მრავალჯერადი გაუმჯობესების ტექნოლოგიებით და, უპირველეს ყოვლისა, ბირთვების რაოდენობის ზრდით, Intel-ის პროცესორებს აქვთ დამატებითი პარამეტრები CPU-ის ტაქტის სიხშირის სხვადასხვა დონის დასაყენებლად. უახლესი ინფორმაციის თანახმად Intel ამზადებს Core i9-ს ოთხ მოდელს: Core i9-13900K, Core i9-13900KF, Core i9-13900 და Core i9-13900F. F-ვარიანტში არ არის ინტეგრირებული გრაფიკა, სხვა მხრივ ეს ჩიპები იდენტურია. ყველა Core i9 პროცესორს აქვს 24 ბირთვი 8 მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვით. K და K-ს არმქონე სერიებს შორის განსხვავება მდგომარეობს საბაზისო TDP-ის დონეში, რომელიც 125 და 65 ვატის ტოლია, შესაბამისად. ფლაგმანურ პროცესორ Core i9-13900K(F)-ის ტაქტის სიხშირე ტურბორეჟიმში შეადგენს 5.8 გჰც-ს ერთ ბირთვზე. Turbo Boost Max Technology 3.0-ის შემთხვევაში მაქსიმალური აჩქარება მცირდება 5.7 გჰც-მდე, TBMT 2.0-ზე კი სიჩქარე 5.4 გჰც-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ Thermal Velocity Boost ექსკლუზიური იქნება მხოლოდ Core i9-სთვის. ამასთან, 65 ვატი სიმძლავრის მქონე ვარიანტის სიჩქარე გაიზრდება 5.6 გჰც-მდე TVB-ში და 5.5/5.2 გჰც-მდე TB 3.0-სა და 2.0-ში, შესაბამისად. Intel Core i7 სერიაშიც ოთხი მოდელი შევა, თუმცა მათ შემთხვევაში განსხვავებულია ეფექტური ბირთვების რაოდენობა (8 ბირთვი 16-ის ნაცვლად). გარდა ამისა, Core i7 სერიის K მოდელების სიხშირე იქნება 5.4 გჰც-მდე, K-ს არმქონე Core i7 მოდელებისა კი - 5.1 გჰც-მდე. და ბოლოს, Core i5-13600K/KF მოდელებს ექნება 6 მაღალი წარმადობის და 8 ენერგოეფექტური ბირთვი. მოსალოდნელია ტაქტის სიხშირის მაქსიმალური ზრდა 5.1 გჰც-მდე. ცალკე აღსანიშნავია Core i5-13400F პროცესორი მხოლოდ 4 ეფექტური ბირთვით. არსებული ინფორმაციით ეს 10-ბირთვიანი პროცესორი 4.6 გჰც-მდე აჩქარებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დადასტურებულია T სერიის პირველი პროცესორები, რომლებიც მოიცავს Core i9-13900T და Core i7-13700T მოდელებს. მათი TDP-ის დონეა 35 ვატი, აქვთ დაბალი ენერგომოხმარება და მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 5.3 და 4.9 გჰც. Intel Raptor Lake თაობაში მხარადჭერილია DDR5-5600 და DDR4-3200 სტანდარტის მეხსიერება, რაც გაუმჯობესებას წარმოადგენს Alder Lake-თან შედარებით, რომელსაც default-ად მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ DDR5-4800 სტანდარტი. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორი Core i5-13400 ერთადერთია, რომელსაც არ გააჩნია DDR5-5600-ის სიჩქარე. Intel Raptor Lake-ის გამოშვება იგეგმება ოქტომბერში 27 სექტემბრის ღონისძიება “Innovation“-ის ოფიციალური ანონსი შემდეგ. ამავე დღეს არის მოსალოდნელი ახალი ინფორმაციის გამოჩენა Z790 ჩიპსეტის მქონე ახალი დედა დაფების შესახებ, რომელთაც ექნებათ იგივე LGA1700 სოკეტი, რაც 600-სერიას, რომელიც თავსებადია როგორც Alder-სერიასთან, ასევე Raptor Lake-თან. https://tinyurl.com/ywfdk229
  8. 2022 წლის ივლისში დარეგისტრირდა 778 092 ახალი ელექტრომობილი, რაც 61%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საავტომობილო ბაზრის ზოგადი შემცირების გათვალისწინებით ეს მაჩვენებლები იმედისმომცემად გამოიყურება: ელექტრომობილებს ახლა ბაზრის 14% უკავია, მათ შორის “სუფთა” ელექტრომობილების წილი 10%-ია. ამის შესახებ იტყობინება რესურსი INSIDEEVs EV-Volumes-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: Mikes Photography / pixabay.com ივლისში მსოფლიოში დარეგისტრირდა დაახლოებით 556 ათასი ელექტრომობილი (ზრდა წლიური თვალსაზრისით 73%, ბაზრის 10% წილი) და დაახლოებით 222 ათასი ჰიბრიდი (ზრდა 36%, ბაზრის 4%) - სულ 778 092 მანქანიდან. ეს მაჩვენებელი 61%-ით მეტია გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე, მთლიანმა ბაზრის წილმა კი 14%-ს მიაღწია. წლის დასაწყისიდან რეგისტრირებულია 4928376 მილიონზე მეტი (ბაზრის 12%) plug-in ელექტრომობილი (2021 წლის განმავლობაში სულ იყო 6.5 მილიონი): 3.66 მილიონი ელექტრო მანქანა (ბაზრის 8.9%). ) და 1.27 მილიონი ჰიბრიდი (ბაზრის 3.1%). ივლისში სხვა კომპანიებზე წარმატებული აღმოჩნდა ჩინური ბრენდი BYD, რომლის სხვადასხვა მოდელმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ათეულის ნახევარი დაიკავა, ილონ მასკის ყველაზე პოპულარული მოდელი Tesla Model Y რიგით მეოთხე აღმოჩნდა - თვის განმავლობაში დარეგისტრირდა 29829 ეგზემპლარი, ლიდერი კი გახდა BYD Song-ის „სუფთა“ და ჰიბრიდული ვერსიები 37 784 რეგისტრაციით. 2022 წლის პირველი შვიდი თვის შეჯამებით კი ლიდერი Tesla Model Y-ია - დარეგისტრირდა 344928 ერთეული. მეორე ადგილი ორივე გამოთვლისას დაიკავა Wuling Hongguang Mini EV-მა, რომლის ფასი სულ რაღაც 5900 აშშ დოლარს შეადგენს. დაბოლოს, საინტერესოა ბრენდების მიხედვით განაწილება. ივლისში დარეგისტრირდა BYD-ის 160 ათასზე მეტი plug-in მოდელი - ჩინურმა კომპანიამ თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა Tesla-ს 52 ათასი მანქანით. მესამე ადგილზეა Volkswagen – 46 ათასი ელექტრომობილით. ივლისის შეჯამების შედეგად კომპანიები შემდეგნაირად გადანაწილდა: BYD — 160 061 ერთეული; Tesla — 52 084 ერთეული; Volkswagen — 46 400 ერთეული; SAIC-GM-Wuling — 40 275 ერთეული; GAC — 25 094 ერთეული; Geely — 24 599 ერთეული; Chery — 24 498 ერთეული; BMW — 24 175 ერთეული; Dongfeng — 19 680 ერთეული; Hyundai — 18 348 ერთეული; https://tinyurl.com/ash9d72f
  9. ConsenSys-მა გამოაცხადა „სტაბილური“ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) კოლექციის გაშვება, რაც ემთხვევა Ethereum-ის ქსელში განახლება The Merge-ის გააქტიურების დროს. პრეს-რელიზის თანახმად NFT-ები შემუშავებულია მხატვარ კრის სკინერსა და ანიმაციურ კომპანია Keithcity Group-თან თანამშრომლობით. კოლექცია Regenesis-ში ყველა ტოკენი უფასო იქნება. მათი მისაღებად მსურველმა უნდა დააკავშიროს თავისი MetaMask საფულე და შეიტანოს განაცხადი The Merge-ის გააქტიურების დღეს - დაახლოებით 15-16 სექტემბერს. თითოეული NFT ასახავს "საგულდაგულოდ დეტალიზებულ სამყაროს, რომელიც განასახიერებს შერწყმის მთავარ უპირატესობას: მდგრადობას, უსაფრთხოებას და მასშტაბირებას". შეგახსენებთ, რომ Ethereum PoW ფორკის მომხრეებმა მას გარდაუვალი უწოდეს. ისინი აპირებენ გააუქმონ EIP-1559, რაც გულისხმობს ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილის დაწვას. მანამდე, Ethereum-ის ქსელის უდიდესმა მაინინგმა პულმა Ethermine-მა კაპიტალიზაციით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის სტეიკინგი დაიწყო. https://tinyurl.com/3sh4s28s
  10. ცნობილმა ინსაიდერმა გამოაქვეყნა, მისი თქმით, მომავალი Nvidia GeForce RTX 4080 Founders Edition გრაფიკული დაფის პირველი სურათი. დაფა გამოიყურება როგორც სრულიად ახალი, მაგრამ რადგან ის შეფუთულია ანტისტატიკურ პაკეტში, ბევრი დეტალის დანახვა შესაძლებელი არ არის. @KittyYYuko-ს მიერ 2020 წლის მარტში Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ გაზიარებული ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა. ამჟამად იგი Nvidia-ს სამომავლო ვიდეო ბარათის ფოტოს გვიზიარებს. ფოტო აღებულია არაოფიციალური წყაროსგან, ამიტომ ცალსახად დაჯერება მიზანშეწონილი არ არის, თანაც იგი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს. პირველი, რაც თვალში გვხვდება არის ის, რომ დაფაზე კვლავ წარმოდგენილია GeForce RTX 30 სერიის დიზაინი. არის კიდევ ერთი ფაქტი, რაც ყურადღებას იპყრობს, ეს არის მოდელის ნომერ „4080“-ში გამოყენებული შრიფტი, რომელიც შეესაბამება NVIDIA-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოყენებული შრიფტის სტანდარტს. დაფის სისქე RTX 3080-ის მსგავსია, თუმცა ჩანს, რომ სიმაღლე და სიგრძე GeForce RTX 3090/3090 Ti-ს იდენტურია. ახალ დაფაზე წარმოდგენილია განსხვავებული ქულერი გაუმჯობესებული დიზაინის ფრთებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაფა სრულიად ახალია და არა „4080“ წარწერაგადაკრული RTX 30. ამასთან, ქულერი ისეთივე დიდია, როგორც GeForce RTX 3090-ის შემთხვევაში და უფრო მსხვილი, ვიდრე ორსლოტიან GeForce RTX 3080-სა. Nvidia-ს მომავალი GeForce RTX 40 სერიის პროდუქტებთან დაკავშირებით ამ დრომდე გავრცელებული არაოფიცალური ხმებით ცნობილია, რომ RTX 4080 მოდელი დამყარებული უნდა იყოს AD103 GPU-ზე, რომელიც არ არის სერიის ყველაზე დიდი და ძლიერი გრაფიკული პროცესორი. ამრიგად, მასზე აგებული დაფები არ საჭიროებს განსაკუთრებით მძლავრ გაგრილების სისტემას, როგორიც არის მაგალითად Nvidia GA102-ზე მოქმედი გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. ამავდროულად, AD103 ჩიპი, როგორც ვარაუდობენ, უფრო ენერგომოხმარებადი იქნება, ვიდრე Nvidia-ს GA103/104, რომელიც გამოიყენება GeForce RTX 3080-ში; ამიტომ, უფრო დიდი, ორმაგი სიგანის რადიატორის გამოყენება გამართლებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდეო ბარათი არ ჰგავს GeForce RTX 30 Founders Edition-ის ნაწილებისგან შექმნილ მოდელს, არამედ რაღაც ახალს. თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს არის ნამდვილი მომავალი GeForce RTX 4080 ვიდეო დაფა. https://tinyurl.com/yvsaxwys
  11. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, რომ Arc Alchemist გრაფიკა უკეთ უმკლავდება რეითრეისინგს ანალოგიური დონის NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებთან შედარებით, კომპანია Intel-მა წარადგინა ფლაგმანური Arc A770-ის წარმადობის შედარება GeForce RTX 3060-თან. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის შიდა ტესტების თანახმად Arc A770 თამაშებში 1080p გაფართოებისა და რეითრეისინგის პირობებში საშუალოდ 14%-ით სწრაფია GeForce RTX 3060-თან შედარებით. თუმცა მინიმუმ ოთხ თამაშში NVIDIA-ს ვიდეო დაფა მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. Intel Arc A770 - NVIDIA GeForce RTX 3060-ის წინააღმდეგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის გრაფიკული პროცესორის შემადგენლობაში შედის 28 RT-ბირთვი. Intel-ს Arc A770-ის ოფიციალური მახასიათებლები ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თუმცა, სავარაუდოდ, მის შემადგენლობაში გამოყენებულია პროცესორ ACM-G10-ის სრულფასოვანი ვარიანტი 32 Xe ბირთვით და ამავე რაოდენობის ბლოკით რეითრეისინგისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა ასევე პირველად გააზიარა Arc A-ს სერიის ვიდეო ბარათების წარმადობის ოფიციალური ინდიკატორები აქტიური Xe Super Sampling (XeSS) გამოსახულების დროებითი მასშტაბირების ტექნოლოგიით. შეგახსენებთ, კომპანიამ პირობა დადო, რომ მას „ზაფხულის დასაწყისში“გამოუშვებდა. ზაფხული დასრულდა, შემოდგომა დადგა, მაგრამ XeSS მხარდაჭერა ჯერ არცერთ თამაშში არ გამოჩენილა. კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები ტექნოლოგია XeSS-ის წარმადობის შესახებ, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს - „ბალანსი“ (Balanced) და „წარმადობა“ (Performance). რეჟიმები სულ ჯამში ოთხი იქნება. დანარჩენი ორი - „ხარისხი“ (Quality) და „მაქსიმალური ხარისხი“ (Ultra Quality) - შედარებაში არ მონაწილეობდა. რეჟიმი „წარმადობა“ გარკვეულ შემთხვევებში (Hitman 3 და Ghostwire Tokyo) საშუალებას იძლევა გაორმაგდეს წამში კადრების რაოდენობა. თუმცა ჯამში FPS-ის ზრდის დიაპაზონი 49-დან 113%-ს შეადგენს თავდაპირველ გაფართოებასთან შედარებით. რეჟიმ „ბალანსში“ კადრების სიხშირე 26-დან 77%-მდე იზრდება. Intel Arc Alchemist-ის არქიტექტურის შემადგენლობაში გამოყენებულია ახალი ტიპის ბირთვები Thread Sorting Unit, რომლებიც პასუხისმგებელია ასინქრონულ რეითრეისინგზე. სხვა სიტყვებით, ბირთვები ხელს უწყობენ Xe-ბირთვების გამოყენების მაქსიმიზაციას და გრაფიკულ კონვეირზე ანაწილებენ რეითრეისინგის ამოცანებს ეფექტურობისა და წარმადობის ამაღლებისთვის. რეითრეისინგის კონვეირი Intel Arc Alchemist ვიდეო დაფებზე: კომპანიამ ასევე დაამატა, რომ რეითრეისინგის მხარდაჭერა გამოჩნდება თამაშ Gotham Knights-ში, რომლის რელიზი 21 ოქტომბერს შედგება. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის Intel-ის ვიდეო დაფების უფროსი მოდელებიც გამოვა გაყიდვაში. https://tinyurl.com/mv7mstxn
  12. საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა ფინანსური სექტორის განახლებული მარეგულირებელი ბაზა, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობას. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გვაცნობებს Business Media Georgia. კანონმდებლობის აქტების პაკეტი ითვალისწინებს დაახლოებას ევროკავშირის სამ დირექტივასთან - გადახდის სერვისების, კაპიტალის მოთხოვნებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების შესახებ. დავითაშვილმა ამ უკანასკნელს „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ უწოდა ქვეყანაში კრიპტო ინდუსტრიის მდგრადი რეგულირების ფორმირებისთვის. მისი თქმით, დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა. შესწორებების შეტანა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. აპრილში საქართველოს ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კობა გვენეტაძემ გამოაცხადა ციფრული აქტივების ინდუსტრიაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის მომზადების შესახებ. ერთი თვის შემდეგ მარეგულირებელი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2022 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წარადგინეს შემოთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi- და NFT პლატფორმებზე. ევროკავშირის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა შექმნას ახალი მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც დაევალება კრიპტოვალუტების ბიზნესის უშუალო ზედამხედველობა. https://tinyurl.com/3rz6devh
  13. კომპანია ASUS-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA-ზე გააზიარა უჩვეულო ტრანსფორმერი ლეპტოპის მახასიათებლები, რომლის სახელწოდებაა Zenbook 17 Fold OLED. პირველად ამ მოწყობილობის შესახებ კომპანიამ ისაუბრა გამოფენა CES-ზე მიმდინარე წლის დასაწყისში. ამჯერად კომპანიამ განაცხადა როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდი, რომელსაც აქვს მოზრდილი, 17.3-დუიმიანი დასაკეცი OLED დისპლეი. Zenbook 17 Fold OLED-ის ეკრანი იკავებს წინა პანელის ფართობის 87%-ს. დაკეცილ მდგომარეობაში დისპლეის გვერდების შეფარდებაა 4:3, გაფართოება - 2560 × 1920 პიქსელი. ლეპტოპის რეჟიმში გვერდების შეფარდებაა 3:2, ეკრანის სამუშაო ფართობი მცირდება 12.5 დუიმამდე, გაფართოება - 1920 × 1280 პიქსელამდე. პანელს აქვს 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა, დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებელია 1 000 000:1, მატრიცის რეაგირების დრო - 0.2 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 90 ჰერცი. ეკრანს ასევე აქვს VESA DisplayHDR 500 True Black-ისა და Pantone-ის მხარდაჭერა. Zenbook 17 Fold OLED წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთ კონფიგურაციაში. მოწყობილობას აქვს 10-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1250U ორი მაღალი წარმადობის ბირთვით, რომლებიც მუშაობს 4.7 გჰც-მდე სიხშირეზე და რვა ენერგოეფექტური ბირთვით, რომელთა სიხშირეა 3.5 გჰც. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის M.2 ფორმატის NVMe SSD PCIe 4.0. ლეპტოპს აქვს Harman Kardon-ის ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ის მხარდაჭერით და 5-მეგაპიქსელიანი ინფრაწითელი HD-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E უსადენო კავშირების მხარდაჭერა, რომლებსაც გააჩნია კავშირის ხარისხისა და სტაბილურობის ამაღლებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფუნქცია Wi-Fi SmartConnect. ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 4 კონექტორი (USB Type-C 40 გბ/წმ სიჩქარით) სწრაფი დამუხტვა Easy Charge-ის მხარდაჭერით და ერთი კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს 75 ვტ/სთ ბატარეა. კომპლექტში შედის 65 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. მოწყობილობას ასევე გააჩნია მაგნიტური Bluetooth-კლავიატურა ErgoSense 1.4-მილიმეტრიანი ღილაკების სვლით. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11 Pro-ზე. გახსნილ მდგომარეობაში ჰიბრიდულ ლეპტოპ Zenbook 17 Fold OLED-ის ზომა შეადგენს 378.5 × 287.6 × 8.7–11.7 მმ-ს, დაკეცვისას - 287.6 × 189.3 × 17.4–31.9 მმ-ს. კლავიატურის გარეშე მოწყობილობის წონა 1.5 კილოგრამია. კომპანიის თქმით მოწყობილობამ გაიარა შემოწმება დახურვა/გახსნის 30 ათასი ციკლით. პრეზენტაციაზე ASUS-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მექანიზმის კონსტრუქცია, რომელიც ხსნის და კეტავს Zenbook 17 Fold OLED-ს, მეტად საიმედოა და მისი სიმტკიცე საკმარისია მრავალწლიანი გამოყენებისთვის. Zenbook 17 Fold OLED-ის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. აშშ-ში მისი ღირებულება 3500 აშშ დოლარს შეადგენს. ევროპის ქვეყნებისთვის მისი ფასი მეტია - 3999 ევრო. https://tinyurl.com/2p9b8t92
  14. კომპანია SpaceX NASA-სგან 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში მიიღებს თანხას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების წაყვანის კიდევ ხუთი მისიისთვის - ეს გახლავთ შეთანხმების დამატება, რომელიც უკვე არსებობს ორ ორგანიზაციას შორის. SpaceX ჯერჯერობით ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელსაც სადგურზე ასტრონავტების წაყვანის ნება აქვს დართული. ფოტოს წყარო: NASA NASA-ს მონაცემების თანახმად გარიგებაში გათვალისწინებულია ხომალდ Crew Dragon-ისა და რაკეტა Falcon 9-ს გამოყენება, შეთანხმების საფუძველზე აეროკოსმოსური სააგენტო უზრუნველყოფილია, რომ 2030 წლამდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდეს ეკიპაჟი. საუბარი ეხება მისიებს Crew-10-დან Crew-14-მდე. მაგალითად, ამჟამად სადგურზე იმყოფება ეკიპაჟი Crew-4, ხოლო Crew-5 სავარაუდოდ სადგურისკენ ოქტომბრის დასაწყისში გაემგზავრება. სამომავლოდ NASA მზადაა ფსონი კომპანია Boeing-ის ხომალდ Starliner-ზე დადოს, რომლის კოსმოსში გაშვება საკმაოდ მალე მოხდება, თუმცა ჯერჯერობით SpaceX-ია ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი - სააგენტოსთვის ეკიპაჟის ტრანსპორტირების მისიები შეასრულოს. მან დეკემბერში ასევე უნდა შეასრულოს სამი მისია 2014 წელს დადებულ კონტრაქტ Commercial Crew Transportation Capabilities-ის (CctCap) ფარგლებში - კომპანიის სატრანსპორტო სისტემა ერთადერთია, რომელიც შეესაბამება კერძო კომპანიებისთვის დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს. ჯამში გარიგება CCtCap შეფასებულია 4.9 მლრდ აშშ დოლარად. ცნობილია, რომ NASA გეგმავს მისიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ეკიპაჟის ფრენები კოსმოსური სადგურისკენ მინიმუმ 2030 წლამდე. ახლახანს სააგენტომ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობა 2024 წლის შემდეგ კიდევ ექვსი წლის განმავლობაში სადგურის გამოყენების შესახებ. https://tinyurl.com/c7tzf3tn
  15. ბაზარზე არსებული კრიპტოაქტივების უმეტესობა ნაგავია, ციფრული ვალუტების გამოყენების რეალური ვარიანტები კი - არასაკმარისად განვითარებული. ამგვარი აზრი გამოთქვა ფინანსურ კონგლომერატ JPMorgan-ის ბლოკჩეინ-ქვეგანყოფილება Onyx-ის ხელმძღვანელმა უმარ ფარუკმა. სინგაპურის ფულად-საკრედიტო ორგანოს მიერ ორგანიზებულ სემინარ Green Shoots-ის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ რეგულაცია ჩამორჩება ინდუსტრიის ზრდას. ეს ბევრ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტს აფერხებს ბაზარზე მონაწილეობაში. „კრიპტოვალუტების უმეტესობა, რეალურად, ჯერ კიდევ ნაგავია რამდენიმე ათეული ტოკენის გარდა. ყველაფერი დანარჩენი ან ხმაურია, ან გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ გაქრება, ”- განაცხადა ფარუკმა. Onyx-ის აღმასრულებელი დირექტორი ასევე თვლის, რომ კრიპტო ინდუსტრიის ტექნოლოგია არ არის საკმარისად მომწიფებული TradFi-ში გამოსაყენებლად. მაგალითად, მაღალი ღირებულების ტრანზაქციების განსახორციელებლად ინსტიტუტებს შორის ან მასპინძელ პროდუქტებს შორის, როგორიცაა ტოკენიზებული საბანკო დეპოზიტები, განმარტა ფარუკმა. „საჭიროა, რომ ეს ყველაფერი მომწიფდეს, რათა შესაძლებელი გახდეს პროდუქტის დამზადება მათთან ერთად. აქამდე ჯერ არ მივსულვართ. Web3-ში არსებული თანხის უმეტესი ნაწილი დღეს არსებულ ინფრასტრუქტურაში გამოიყენება სპეკულაციური ინვესტიციებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში JPMorgan-მა გააცოცხლა პროექტი JPM Coin stablecoin და შექმნა Onyx-ის განყოფილება ასამდე თანამშრომლით ფარუკის ხელმძღვანელობით. 2021 წლის მარტში ფინანსურმა ჰოლდინგმა გამოაცხადა 50-ზე მეტი ვაკანსია ბლოკჩეინთან დაკავშირებით. ოთხი თვის შემდეგ JPMorgan-მა კიდევ უფრო გააფართოვა ტექნოლოგიის პროფესიონალების დაქირავების მასშტაბები. აპრილში JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა აღიარა ბლოკჩეინისა და DeFi აპლიკაციების ღირებულება. https://tinyurl.com/bde34urn
  16. Samsung-მა, რომელსაც Google-მა საკუთარი ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების არარსებობის გამო მობილური პროცესორი Tensor შეუკვეთა, უკვე დაიწყო მესამე თაობის ჩიპის ტესტირება, იტყობინება ნიდერლანდური რესურსი GalaxyClub. დიდი ალბათობით, ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება. Google Tensor იყო საძიებო გიგანტის პირველი მცდელობა - შეექმნა საკუთარი მობილური პლატფორმა. პირველი თაობის ჩიპის მოდელური ინდექსი იყო S5P9845, მეორე ჩიპისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქნება S5P9855. ამჟამად Samsung უკვე ტესტავს ჩიპს ნომრით S5P9865, ამტკიცებს GalaxyClub. თუ ვიმსჯელებთ შემოთავაზებული მოდელის ნუმერაციის სქემით, კორეული მწარმოებლის მიერ გატესტილი ჩიპი შეიძლება მართლაც იყოს მესამე თაობის Google Tensor მობილური პროცესორი - მისი კოდური დასახელებაა Ripcurrent, ხოლო პროცესორის წინა ვერსია დასახელდა, როგორც Cloudripper. პირველი Google Tensor-ის დებიუტი შედგა Pixel 6 და 6 Pro სმარტფონებში გასული წლის ოქტომბერში, იგი ასევე გამოყენებულ იქნა მოგვიანებით დაანონსებულ სმარტფონ Pixel 6a-ში. მიმდინარე წელს მოსალოდნელია მეორე თაობის ჩიპის მქონე Pixel 7 და 7 Pro სმარტფონების გამოსვლა, ამჟამად ტესტირებაში არსებული მესამე თაობის პროცესორი კი, დიდი ალბათობით, წარმოდგენილი იქნება Pixel 8 სერიაში, რომლის გამოსვლა ერთი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. Samsung აგრეთვე მუშაობს საშუალო დონის მობილურ ჩიპ Exynos 1280-ის შთამომავალზე, რომელზეც მუშაობს მოდელები Galaxy A53 და A33. ახალი პროცესორი აღნიშნულია ინდექსით S5E8835, Exynos 1280-ის ნომერი იყო S5E8825, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად საუბარი ეხება მის მემკვიდრეს, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ Exynos 1380 იქნება. https://tinyurl.com/ynd46wxb
  17. ASUS-ის ახალ ფლაგმანურ გეიმინგ სმარტფონ ROG Phone 6D Ultimate-ის პრემიერა სექტემბრის ბოლომდე გაიმართება. ROG სერიის პროდუქტებისადმი განკუთვნილ ლენდინგ-გვერდზე კომპანიამ გამოაქვეყნა რელიზის თარიღი - 19 სექტემბერი. ფოტოს წყარო: ASUS მიუხედავად იმისა, რომ სიახლე უკვე წარმოდგენილი ROG Phone 6 გეიმინგ სერიის ნაწილია, რომელიც მოიცავს Phone 6 და ROG Phone 6 Pro მოდელებს, დაანონსებული სმარტფონი წინამორბედებისგან განსხვავდება მობილური პლატფორმით. წინა მოდელებში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 ჩიპსეტი, ახალ სმარტფონს კი ექნება MediaTek Dimensity 9000+. ახალი მოდელი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე რეგიონალურ ბაზარზე: ნიუ-იორკში, ბერლინსა და ტაიბეიში. ცნობილია, რომ ფლაგმანურ ჩიპსეტ MediaTek-ს აქვს LPDDR5X სტანდარტის მხარდაჭერა და უზრუნველყოფს მაქსიმუმ 3.05 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეს. სმარტფონის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალური ცნობების მიხედვით ROG Phone 6D Ultimate-ს ექნება Samsung-ის დისპლეი 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Sony IMX766 სენსორით და, სავარაუდოდ, 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ამასთან, სერიის წინა მოდელებს აქვთ 6.78-დუიმიანი AMOLED-დისპლეი გაფართოებით Full HD+ (165 ჰერცი), მხარდაჭერილია HDR10+, აქვთ 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სამი უკანა კამერა. ბენჩმარკ AnTuTu-ს მონაცემებით მოდელმა მოაგროვა 1 146 594 ქულა - მეტი წინამორბედთან შედარებით, რომელსაც აქვს Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1. https://tinyurl.com/anyu78cu
  18. კორპორაცია Meta-მ გააფართოვა საპილოტე პროექტი სოციალურ ქსელ Facebook-ში არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ინტეგრაციისთვის. „ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ადამიანებს, გამოაქვეყნონ კოლექციონირების ციფრული პროდუქტები, რომლებსაც ფლობენ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში. კომპანიის თქმით სიახლე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს „დააკავშირონ თავიანთი ციფრული საფულე ნებისმიერ აპლიკაციასთან“ NFT-ების გასაზიარებლად. წყარო: Meta. შეგახსენებთ, რომ მაისში Meta-მ აამოქმედა საპილოტე პროექტი NFT-ის Instagram-ში ინტეგრაციის მიზნით. შერჩეულ მომხმარებლებს მიეცათ უფლება დაეყენებინათ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები თავიანთი პროფილის ფოტოდ. აგვისტოში ინიციატივა გაფართოვდა დამატებით 100 ქვეყანაში. https://tinyurl.com/55snz54m
  19. რესურს HD Tecnologia-მ გამოაქვეყნა AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსის სლაიდები. წარმოდგენილი ფოტოების თანახმად AMD Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებში უზრუნველყოფილია IPC-ის 13%-იანი მატება Zen 3 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროდუქტებთან შედარებით, აგრეთვე ერთნაკადიანი წარმადობის 29%-მდე ზრდა, თუკი Ryzen 5000 სერიის მოდელების მიღწევებს შევადარებთ. რაც შეეხება Ryzen 7000-ის მოდელების ხაზს, AMD მზადაა წარადგინოს ოთხი ახალი პროცესორი: ფლაგმანურ Ryzen 9 7950X-ს აქვს 16 ბირთვი/32 ნაკადი, 80 მბ ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 4.5-5.7 გჰც სიხშირის დიპაზონში; Ryzen 9 7900X-ს აქვს 12 ბირთვი/24 ნაკადი, 4.7/5.6 გჰც სიხშირე, 76 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 7 7700X რვაბირთვიანი და თექვსმეტნაკადიანია, მისი სიხშირეა 4.5/5.4 გჰც საბაზისო/მაქსიმალურ რეჟიმებში, აქვს 40 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 5 7600X მოდელს აქვს 6 ბირთვი SMT-ის მხარდაჭერით, სიხშირე - 4.7/5.3 გჰც ნომინალურ/boost რეჟიმებში, ასევე 38 მბ ქეში. ფოტოს წყარო: Twitter, HD Tecnologia ორი უფროსი მოდელის TDP-ის დონე 170 ვატია, 8- და 6-ბირთვიანი პროცესორები კი მოიხმარენ 105 ვატს. ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასები შემდეგნაირია: სერიის ფლაგმანი Ryzen 9 7950X შეფასებულია 699 აშშ დოლარად, Ryzen 9 7900X – 549 $, Ryzen 7 7700X და Ryzen 5 7600X მოდელების ფასები კი 399 და 299 აშშ დოლარია, შესაბამისად. https://tinyurl.com/5n66md2d
  20. კომპანია AMD-მ Ryzen 7000 სერიის პროცესორებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე გააზიარა მომავალი თაობის ვიდეო დაფების გარკვეული დეტალები და ერთ-ერთი მათგანი აჩვენა კიდეც ღონისძიებაში მონაწილეებს. კომპანიამ ასევე გააზიარა RDNA 3 გრაფიკის მუშაობის პროცესი და დააანონსა მისი გამოსვლის თარიღი. AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები შემდგარი იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან). ცხადია, რომ მათ TSMC გამოუშვებს. ღონისძიებაზე ნაჩვენები ვიდეო დაფა საკმაოდ მოზრდილია, გარეგნულ დიზაინს რაც შეეხება, ჩანს ეტალონური Radeon RX 6000 სერიის დიზაინის განვითარება - თვალშისაცემია მემკვიდრული იერსახე. ასევე მითითებული იყო, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას თითო მოხმარებულ ვატზე აქტუალურ (Radeon RX 6000 არქიტექტურა RDNA 2-ზე) მოწყობილობებთან შედარებით. პრეზენტაციის მსვლელობისას ლიზა სუმ ასევე დაადასტურა, რომ ამჟამად ახალი თაობის Radeon გრაფიკა ტესტირებებს გადის AMD-ის ლაბორატორიებში და მისი წარმადობა „გასაოცარია“. გრაფიკის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა თამაშ Lies Of P-ში, რომელსაც ამჟამად ამზადებს Neowiz Games და გამოუშვებს 2023 წელს. AMD-ს არ უჩვენებია FPS, არც ვიდეო დაფის წარმადობის სხვა მონაცემები. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ამაჩქარებელი მუშაობდა ახალ ფლაგმან Ryzen 9 7950X-თან ერთად. და ბოლოს, AMD-ს ხელმღვანელმა პირობა დადო, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. უფრო კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. https://tinyurl.com/3kjma62e
  21. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული NVIDIA-ს კვარტალური ანგარიში ფართო განხილვის საშუალებას იძლევა, თუმცა ყველაფერი არ გასაჯაროვებულა - ფორმა 10-Q კომპანიის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად, მასში კი, როგორც წესი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია შედის. Wedbush Securities-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში NVIDIA-მ კვარტალში საშუალოდ 800 მლნ აშშ დოლარი მიიღო მაინერებისთვის საჭირო ვიდეო დაფების რეალიზაციიდან, რომ არ ჩავთვალოთ სპეციალიზებული CMP ამაჩქარებლები, რომელთა მიწოდების მოცულობა მიმდინარე წელს შემცირდა. ფოტოს წყარო: NVIDIA ამრიგად, კაცობრიობის ისტორიაში მეორე ბუმმა NVIDIA-ს შესაძლებლობა მისცა მიეღო 4.8 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი, თუმცა ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ Ethereum-ის ქსელის ფუნქციონირების მოდელის რეფორმის ფონზე მაინერებისგან ვიდეო დაფებზე მოთხოვნა შემცირდეს. NVIDIA-ს სიტუაციას გაურთულებს ვიდეო დაფებზე ფასების შემცირება, ასე რომ მისი შემოსავალი ერთად რამდენიმე ფაქტორის გამო შემცირდება. https://tinyurl.com/mpe2f962
  22. Barron's-თან ინტერვიუში სააგენტო Jon Peddie Research-ის დამფუძნებელმა აღნიშნა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უახლოეს თვეებში შეძლებს ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას NVIDIA-ს შესაძლებლობაზე - წინააღმდეგობა გაუწიოს ვიდეო დაფების ბაზარზე არსებულ კრიზისს. ცხადია, რომ მოდელ „proof of work“-ზე Ethereum-ის უარის თქმის შემდეგ მეორად ბაზარზე გამოყენებული ვიდეო დაფების უზარმაზადი ნაკადის შემოდინება მოხდება, ფასი კი წაახალისებს დაბალბიუჯეტურ გეიმერებს - განიხილონ მეორადი ბაზრის მაცდური შეთავაზებები, რაც NVIDIA-ს შესაძლებლობას ართმევს გაყიდოს ახალი ვიდეო დაფების სასურველი რაოდენობა. ფოტოს წყარო: AMD როგორც პირველწყაროშია აღნიშნული, ბევრი ანალიტიკოსი ითვალისწინებს AMD-ის მხრიდან კონკურენციის ფაქტორსაც, რომელმაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს არქიტექტურა RDNA 3-ზე დამყარებული ვიდეო დაფები. მათ მიაწერენ არა მხოლოდ ფასი-ხარისხის შეფარდების ზრდას, არამედ ჩიპლეტების გამოყენებას. Jon Peddie Research-ის აზრით ვიდეო დაფების ბაზარზე „ფასების ომში“ AMD-ს აშკარა უპირატესობა ექნება სწორედ ჩიპლეტების გამოყენების გამო. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, რომელსაც Lisa Su ხელმძღვანელობს - დაიბრუნოს სამომხმარებლო გრაფიკული ბარათების ბაზარზე პოზიციის ნაწილი მაინც. https://tinyurl.com/549fs7dj
  23. სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ცნობები პროცესორ Intel Core i9-13900-ის წარმადობის შესახებ, რომელიც სამომავლო სერია Raptor Lake-ს მიეკუთვნება. ტელემეტრიის მონაცემების თანახმად ტესტირების ფარგლებში პროცესორის ზოგიერთი ბირთვის სიხშირემ 5.57 გჰც ნიშნულს მიაღწია. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel Core i9-13900-ის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი, მათგან ჯამურად მხარდაჭერილია 32 ვირტუალური ნაკადი. Core i9-13900K-სგან გასნხვავებით, რომელსაც თავისუფალი მამრავლები და 125-ვატიანი TDP-ის დონე აქვს, “K“ სუფიქსის არმქონე ვერსიას დაბლოკილი მამრავლები აქვს და 65 ვატი ენერგომოხმარების დონე. ფოტოს წყარო: Geekbench პროცესორის ტესტირება მოხდა Gigabyte Z690 Gaming X დედა დაფაზე 32 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენებით. ერთნაკადიან ტესტში ჩიპმა დააგროვა 2130 ქულა, მრავალნაკადიანში - 20131. შედეგად მან შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Core i9-12900K, რომელიც ამავე ტესტებში აფიქსირებს 1988 და 17245 ქულას შესაბამისად, რაც 10% და 17%-ით ნაკლებია. ფოტოს წყარო: Geekbench Intel-ის ახალმა პროცესორმა ასევე უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური AMD Ryzen 9 5950X, რომელიც ერთნაკადიან და მრავალნაკადიან ტესტებში აგროვებს 1685 და 16496 ქულას, შესაბამისად. ეს მაჩვენებლები 26% და 22%-ით დაბალია Core i9-13900-ის შედეგებთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მე-13 თაობის Core პროცესორებს Intel წარადგენს ღონისძიება Innovation-ზე, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება. ახალი პროცესორების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში. https://tinyurl.com/5d97n7nz
  24. 29 აგვისტოს Coinbase გამოუშვებს ნანოფიუჩერსებს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაში. CFTC-ის თანხმობისთვის Bitcoin-ბირჟა უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით ვაჭრობას ბროკერების მეშვეობით. კრიპტოდერივატივებზე წვდომას მიიღებენ EdgeClear, Ironbeam, NinjaTrader, Optimus Futures, Stage 5, Tradovate, ABN AMRO, ADMIS, Advantage Futures, ED&F Man და Wedbush-ის მომხმარებლები. ფიუჩერსები აშშ დოლარში ანგარიშსწორებით უდრის ETH-ის ღირებულების 1/10-ს. 27 ივნისს პლატფორმამ Bitcoin-ის ნანოფიუჩერებით ვაჭრობა დაიწყო. საშუალო დღიურმა ბრუნვამ შეადგინა 77000 კონტრაქტი. Coinbase-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში ისინი მოელიან ფიუჩერსული შუამავლის ლიცენზიის (Futures Commission Merchant, FCM) მოპოვებას, რაც მათ საშუალებას მისცემს ასეთი ინსტრუმენტები პირდაპირ შესთავაზონ მომხმარებლებს. Coinbase-მა დერივატივებთან დაკავშირებული ქვეგანყოფილების განვითარების გეგმები მარტში წარადგინა. ადრე CME-მ გამოაცხადა Ethereum-ის ფიუჩერსებზე ოფციონებით ვაჭრობით დაწყება 12 სექტემბრიდან. https://tinyurl.com/54rjk566
  25. კომპანია Meta-ს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პოდკასტერ Joe Rogan-თან ინტერვიუში განაცხადა აღამსრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა. მან დაადასტურა, რომ მოწყობილობა კოდური სახელით Project Cambria, დიდი ალბათობით, წარდგენილი იქნება ყოველწლიურ ღონისძება Connect-ის დროსთან მიახლოებით. ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg „მოწყობილობას, რომელიც ოქტომბერში გამოვა, მთელი რიგი საინტერესო ფუნქციები ექნება“ - აღნიშნა ცუკერბერგმა. მაგალითის სახით მან მოიყვანა ფუნქცია, რომელიც გააფართოვებს სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობებს ვირტუალურ რეალობაში. იგი დაფუძნებული იქნება მომხმარებლის სახისა და თვალის მოძრაობის თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე. „ვირტუალურ რეალობაში გაჩნდება მხედველობითი კონტაქტის შესაძლებლობა. სახის გამოკვლევის ტექნოლოგია შეცვლის ციფრული ავატარის მიმიკას მომხმარებლის მიმიკის შესაბამისად რეალური დროის რეჟიმში“ - აღნიშნა Meta-ს ხელმძღვანელმა. გავრცელებული ხმების თანახმად Project Cambria-ს VR-ჰედსეტის ოფიციალური სახელწოდება შესაძლოა იყოს Meta Quest Pro. მიიჩნევა, რომ მოწყობილობა ბევრად ძირადღირებული იქნება აქტუალურ მოდელ Meta Quest 2-თან შედარებით, რომლის ფასი აგვისტოს შემდეგ 399 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია აგრეთვე ამზადებს ახალ VR-ჰედსეტს, რომელიც Quest 2-ს ჩაანაცვლებს. https://tinyurl.com/47fy838y
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.