Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5904
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. გასულ კვირას გამოქვეყნდა სამომავლო Xiaomi 12T სერიის სმარტფონების სრული მახასიათებლები და ოფიციალური ფოტოები. ამჯერად ინსაიდერმა ევან ბლასმა გააზიარა ახალი სურათები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ Xiaomi 12T და 12T Pro ყველა მხრიდან. Xiaomi 12T და 12T Pro-ს ეკრანებზე ჭრილი მოცემულია ცენტრში, ზედა ნაწილში. ორივე მათგანში გამოყენებულია AMOLED პანელი გაფართოებით 2712 х 1220 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი. ორივე დაცულია Gorilla Glass 5-ით და აქვთ ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი. Xiaomi 12T Pro-ში წარმოდგენილია პროცესორი Snapdragon 8 Plus Gen 1, 12 გბ LPDDR5 ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 მეხსიერება. ზოგიერთი ქვეყნისთვის განკუთვნილ ვერსიას შესაძლოა ქონდეს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. Xiaomi 12T მოდელს აქვს პროცესორი Dimensity 8100 Ultra, 8 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 128/256 გბ UFS 3.1. Xiaomi 12T სმარტფონის ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია. 12T Pro იქნება Xiaomi-ს პირველი სმარტფონი ძირითადი 200 მეგაპიქსელიანი კამერით, 12T მოდელის მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანია. ძირითად კამერასთან ერთად განთავსებულია ულტრაფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი და 2-მეგაპიქსელიანი მაკრო კამერები. ევროპაში 12T და 12T Pro სმარტფონების ფასები იქნება 650 და 850 ევრო, შესაბამისად. გაყიდვების დაწყება მოსალოდნელია ოქტომბერში, წერს Gizmochina. https://tinyurl.com/2sbyzzm8
  2. კომპანია NVIDIA-მ გააზიარა Ada Lovelace სერიის AD102, AD103 და AD104 გრაფიკული პროცესორების სრული მახასიათებლები, რომლებიც საფუძვლად უდევს GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვიდეო დაფებს, შესაბამისად. კომპანიამ ასევე დაასახელა GPU-ის ფართობი და მასში მოცემული ტრანზისტორების რაოდენობა. ფოტოს წყარო: NVIDIA AD102 გრაფიკული პროცესორის კრისტალის ფართობია 608 მმ2 და შეიცავს 76.3 მლრდ ტრანზისტორს. AD103-ის კრისტალის ფართობია 378.6 მმ2, ტრანზისტორების რაოდენობა კი - 45.9 მილიარდი. უმცროს AD104-ის კრისტალის ფართობია 294.5 მმ2, ტრანზისტორების რაოდენობა - 35.8 მლრდ. შედარებისთვის, Ampere სერიის ფლაგმანურ ჩიპ GA102-ის კრისტალის ფართობია 628 მმ2 და შეიცავს მხოლოდ 28.3 მილიარდ ტრანზისტორს. ტრანზისტორების გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა არა მხოლოდ ფუნქციონალური ბლოკების რაოდენობის ზრდა. იგი ასევე გამოიყენეს ამ ბლოკების გასაუმჯობესებლად - NVIDIA-მ გადააკეთა CUDA ბირთვები, Tensor- და RT-ბირთვები. გარდა ამისა NVIDIA-მ წინამორბედებთან შედარებით ახალ GPU-ებში მნიშვნელოვნად გაზარდა რასტერიზაციის ბლოკების (ROP) რაოდენობა. AD102 ჩიპს აქვს 190 ROP (GA102-ს აქვს რასტერიზაციის მხოლოდ 112 ბლოკი), AD103-ს აქვს 112 ROP, AD104-ს - 80 ROP. ტრანზისტორების ნაწილი გამოიყენება L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობის გასაზრდელად ახალ გრაფიკულ პროცესორებში. ფლაგმანურ AD102 ჩიპს აქვს 96 მბ L2 ქეში (GA102-ს ჰქონდა მხოლოდ 6 მბ L2 ქეში), AD103-ს აქვს 64 მბ, AD104-ს - 48 მბ. NVIDIA-მ ასევე გამოასწორა უზუსტობა TSMC N4 საწარმოო პროცესის აღწერაში, რომელზეც დამყარებულია ახალი Ada Lovelace GPU-ები. კომპანიამ ადრე მიუთითა, რომ ეს არის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, თუმცა რეალურად N4 არის გაუმჯობესებული 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. https://tinyurl.com/bdd97xum
  3. 21 სექტემბერს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) გაზარდა ძირითადი განაკვეთების დიაპაზონი ერთდროულად 75 საბაზისო პუნქტით 3-3.25%-მდე. კრიპტოვალუტების ბაზარი ვარდნით გამოეხმაურა. „ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს მიაღწიოს მაქსიმალურ დაკავებულობას და ინფლაციას გრძელვადიან პერსპექტივაში 2%-მდე“, - ნათქვამია ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებაში. დეპარტამენტი ასევე გააგრძელებს სახაზინო და იპოთეკური ფასიანი ქაღალდების მარაგის, ასევე სააგენტო დავალიანების შემცირებას. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კიდევ ერთხელ აღნიშნა გლობალური ეკონომიკური სირთულეების არსებობა. მიმდინარე ამბების ფონზე Bitcoin-ის ფასი 19 000 აშშ დოლარზე დაბლა დაეცა, ამ დროისთვის ციფრული ოქროს კოტირებები 18 666 აშშ დოლარის დონეზეა. BTC/USDT-ის საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10 კრიპტოვალუტის უმეტესობა წითელ ზონაში იყო. XRP (-3.1%), Cardano (-0.8%) და Ethereum (-0.7%) შემცირდა ყველაზე მეტად ბოლო 24 საათის განმავლობაში. წყარო: CoinGecko CoinMarketCap-ის მიხედვით კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 920 მლრდ აშშ დოლარია. მარტში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2018 წლის შემდეგ პირველად გაზარდა ძირითადი განაკვეთი 0.25-0.5%-მდე. კრიპტოვალუტების ლოკალური აღმასვლა აპრილამდე გაგრძელდა - Bitcoin-მა და Ethereum-მა წლიურ მაქსიმუმს მიაღწიეს. მაისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კვლავ გაზარდა განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით. ამ მოვლენის ფონზე Bitcoin-მა გადალახა 40 ათას აშშ დოლარიანი ზღვარი, მაგრამ იმავე დღეს ჩამოვიდა 36 ათას აშშ დოლარის დონეზე, რაც გაჭიანურებული კორექტირების დასაწყისი იყო. ივნისში საბაზისო განაკვეთი საბაზისო პუნქტით გაზარდა პირველად 1994 წლის შემდეგ. ინდიკატორმა მიაღწია 1.5–1.75% დონეს, რაზეც Bitcoin-მა რეაგირება მოახდინა მოკლევადიანი ზრდით 22 ათას აშშ დოლარამდე, შემდეგ კი ჩამოვიდა 18 ათას აშშ დოლარს ქვემოთ. შეგახსენებთ, რომ ივლისში განაკვეთის 2.25-2.5%-მდე ზრდამ განაპირობა კრიპტო ბაზრის ზრდა. Bitcoin-მა მაშინ 22000 აშშ დოლარიანი ზღვარი გადალახა, Ethereum-მა კი - 1500$. https://tinyurl.com/2ex87n9p
  4. გარდა GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათების ანონსისა, Nvidia-მ ასევე წარადგინა კომპანიის უახლესი ტექნოლოგია DLSS 3 და რადგან მწარმოებელი აცხადებს წარმადობის ოთხჯერ ზრდის შესახებ, ცხადია, რომ DLSS 3-მა მომხმარებლების დიდი ყურადღება მიიპყრო. საკითხავია, გამოჩნდება თუ არა DLSS 3 უფრო ძველ GeForce-ის გრაფიკულ ბარათებში. Nvidia-ს ღრმა სწავლების გამოყენებითი კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა Bryan Catanzaro-მ უპასუხა ამ კითხვას. Catanzaro-მ დაადასტურა, რომ DLSS 3 ამჟამინდელ მდგომარეობაში მუშაობს მხოლოდ GeForce RTX 40 სერიის გრაფიკულ ბარათებზე. Nvidia-ს ინჟინერმა განაცხადა, რომ თეორიულად შესაძლებელია DLSS 3-მა იმუშაოს წინა თაობის GeForce-ის გრაფიკულ ბარათებზე, როგორიცაა RTX 30 ან RTX 20. თუმცა, Catanzaro თვლის, რომ DLSS 3 არ მოუტანს დიდ სარგებელს ძველი GeForce გრაფიკული ბარათების მფლობელებს. Nvidia-ს DLSS 3 ტექნოლოგია ეყრდნობა მეოთხე თაობის Tensor ბირთვებს და ოპტიკური ნაკადის ახალ ამაჩქარებელს (OFA). OFA არსებობს Turing არქიტექტურის შემდეგ. განსხვავება ისაა, რომ Nvidia-მ იგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Ada Lovelace-ში. OFA Ada-ში 2-დან 2.5-მდე უფრო სწრაფია, ვიდრე Ampere-ში. როგორც ჩანს, Nvidia-მ გარკვეული ცვლილებები შეიტანა სამუშაო ალგორითმებშიც. Ampere-სა და Turing-ში თეორიულად შესაძლებელია DLSS 3-ის გამოყენება, თუმცა ვერ უზრუნველყოფენ იმავე სარგებელს. Catanzaro-მ განაცხადა, რომ DLSS 3, დიდი ალბათობით, ვერ გაზრდის კადრების სიხშირეს Ampere-სა და Turing-ში, პირიქით, ბარათების მფლობელები, სავარაუდოდ, აღმოჩნდებიან გეიმინგ პროცესის შეფერხებისა და გამოსახულების ცუდი ხარისხის წინაშე. ცნობილია, რომ DLSS ამატებს გარკვეული დონის შეყოვნებას. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც DLSS 3 აერთიანებს Nvidia Reflex-ს, რათა უზრუნველყოს კადრების მაღალი სიხშირე სისტემის იმავე შეყოვნებისთვის. Nvidia ირწმუნება, რომ DLSS 3-ს შეუძლია ორჯერ შეამციროს შეყოვნება ორიგინალთან შედარებით. Cyberpunk 2077 ray tracing-ის დემო ვერსიაში DLSS 3 DLSS Super Resolution-თან, DLSS Frame Generation-თან და NVIDIA Reflex-თან ერთად აფიქსირებს ოთხჯერ უკეთეს წარმადობას და ორჯერ გაუმჯობესებულ რეაგირებას. DLSS 3 ტექნოლოგიამ დაამტკიცა თავისი ეფეტქურობა პროცესორის ინტენსიური გამოყენების თამაშებში, როგორიცაა Microsoft Flight Simulator. NVIDIA-ს დემონსტრაციამ აჩვენა, რომ DLSS 3 აორმაგებს კადრების სიხშირეს Microsoft-ის თამაშში, თუმცა ძლიერად ტვირთავს პროცესორს. DLSS 3-ის დებიუტი 12 ოქტომბერს შედგება ფლაგმანურ GeForce RTX 4090 გრაფიკულ ბარათთან ერთად. Nvidia ელოდება, რომ 35-ზე მეტ თამაშს და აპლიკაციას DLSS 3-ის მხარდაჭერა ექნება. რაც მთავარია, DLSS 3 დამყარებულია DLSS 2-ზე, ასე რომ, თამაშის დეველოპერებს შეუძლიათ მარტივად ჩართონ DLSS 3 მიმდინარე თამაშებში, რომლებშიც უკვე გამოყენება DLSS 2 ან Nvidia Streamline. https://tinyurl.com/yck9xwt4
  5. GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ანონსამდე NVIDIA-მ შეამცირა წინა თაობის გრაფიკული ბარათების სარეკომენდაციო ფასები ევროპაში (მაგალითად, GeForce RTX 3090-ის ფასი შემცირდა 350 ევროთი). ამავდროულად, კომპანიამ წინამორბედებთან შედარებით საგრძნობლად გაზარდა GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების ფასები, ევროპაში კი ფასის მატება გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე აშშ-ში. ფოტოს წყარო: NVIDIA აშშ-ში GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ მოდელების სარეკომენდაციო ფასებია 1599, 1199 და 899 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე), შესაბამისად. შედარებისთვის, GeForce RTX 3080 10 გბ ვიდეო დაფა გაყიდვის დაწყებისას აშშ-ში იგი 699 აშშ დოლარად იყო შეფასებული. გამოდის, რომ ახალი სერიის ყველაზე დაბალფასიანი ვერსია GeForce RTX 4080 200 აშშ დოლარით ძვირი იქნება წინამორბედთან შედარებით. თავის მხრივ GeForce RTX 4080 16 გბ აშშ-ში 400 აშშ დოლარით მეტი ღირს GeForce RTX 3080 12 გბ-სთან შედარებით. ხოლო ფლაგმანური GeForce RTX 4090 შეფასებულია 100 აშშ დოლარით ძვირად GeForce RTX 3090-თან შედარებით, თუმცა ამავე დროს 400 აშშ დოლარით იაფია GeForce RTX 3090 Ti-ზე. ევროპაში სარეკომენდაციო ფასების მდგომარეობა გაცილებით უარესია. მაგალითად გერმანიაში ახალი თაობის ყველაზე დაბალფასიანი ვიდეო ბარათის - GeForce RTX 4080 12 გბ-ს ფასი 1099 ევროა (რაც დაახლოებით 1090 აშშ დოლარის ტოლია)! თავის მხრივ, GeForce RTX 4080 16 გბ და GeForce RTX 4090 მოდელების სარეკომენდაციო ფასებია 1469 და 1949 ევრო, შესაბამისად. რა თქმა უნდა, გერმანულ ფასებში შედის დღგ, რომელიც 19%-ია. თუმცა ადრე ევროპული ფასები არც ისე განსხვავდებოდა ამერიკულისგან. მაგალითად, უკვე ხსენებული GeForce RTX 3080 10 გბ მოდელის სარეკომენდაციო ფასი 719 ევრო იყო გერმანიაში. GeForce RTX 3080 Ti ზოგადად შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ღირდა ერთაირად 1199, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ აშშ-ში ეს იყო დოლარი, ხოლო გერმანიაში - ევრო. ამჟამად კი განსხვავება უზარმაზარი გახდა - ევროპული ფასები 20%-ზე მეტია ამერიკულზე. და ეს ეხება არა მარტო გერმანიას, არამედ მთელ ევროპას. მაგალითად, პოლონეთში ახალი თაობის ყველაზე იაფი ვიდეო ბარათის ფასია 5299 ზლოტი ანუ 1117 ევრო მიმდინარე კურსით. https://tinyurl.com/h8edv23p
  6. ესპანეთის ლიცენზირებული სავაჭრო პლატფორმა EurocoinPay შეუთანხმდა საგადახდო გიგანტ Mastercard-ს კრიპტოვალუტის სადებეტო ბარათის გამოშვეზე. თავდაპირველი განცხადების ტვიტი წაშლილია ამჟამად, მაგრამ კომპანია რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას ეყრდნობა. ბარათი საშუალებას მისცემს ევროკავშირში მცხოვრებ EurocoinPay-ს მომხმარებლებს განახორციელონ შესყიდვები მსოფლიოს 90 მილიონზე მეტ მაღაზიაში. EurocoinPay-ის აღმასრულებელ დირექტორ ერმინიო ფერნანდეს დე ბლასის თქმით სადებეტო ბარათი აუცილებელია კრიპტოვალუტის პოპულარიზაციისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს მასობრივ წვდომას ციფრული აქტივების შესყიდვებზე. ბარათის მფლობელებმა უნდა შეასრულონ EurocoinPay-ის მოთხოვნები და გაიარონ Mastercard AML კონტროლი. აპრილში კრიპტოლენდინგ პლატფორმა Nexo-მ განაცხადა Nexo Card-ის გამოშვების შესახებ Mastercard-ის საგადახდო სისტემის ბაზაზე ევროპული ბაზრისთვის. ბარათის ემიტენტი იქნეა კომპანია DiPocket. თებერვალში კრიპტობირჟა FTX-მა დააანონსა სადებეტო ბარათ Visa-ს გამოშვება და გახსნა მოლოდინის სია. ანალოგიური გაცხადება გააკეთეს ონლაინ-ბროკერ Robinhood-მა და აპარატული საფულე Ledger-ის მწარმოებელმა. Visa-მ ადრე დაამტკიცა მსგავსი საგადახდო გადაწყვეტილების გამოშვება რამდენიმე კომპანიის მიერ, რომელთა შორისაა Binance, Bakkt, BlockFi და CryptoSpend. 2021 წელს ამერიკულმა ბირჟა Gemini-მ და ავსტრალიურმა პლატფორმა CoinJar-მა გამოუშვეს კრიპტო ბარათები Mastercard-ის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/4vhm5yt2
  7. კომპანია MSI-მ წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებლები GeForce RTX 4090, RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვერსიებად - Suprim, Suprim Liquid, Gaming Trio და Ventus. ყველა დაფას აქვს გაგრილების ძალიან დიდი სისტემები. ერთ-ერთი მოდელი გვთავაზობს თხევადი გაგრილების სისტემას ტექნიკური მომსახურების გარეშე. ფოტოს წყარო: MSI კომპანია მიუთითებს, რომ Suprim სერიის ვიდეო ბარათებში გამოყენებულია ყველაზე მოწინავე ჰაერით გაგრილების სისტემა, რისი შემოთავაზებაც ამჟამად შეუძლია კომპანიას. მის შემადგენლობაში მოცემულია ახალი ქულერები Torx Fan 5.0 და უზარმაზარი რადიატორი ამაორთქლებელი კამერებით, რომელთაც ათამდე სითბური მილი აქვთ. ვიდეო დაფებს აქვს ორმაგი BIOS-ის მხარდაჭერა უხმაურო და მაღალი წარმადობის სამუშაო რეჟიმებით. Suprim ვერსიის GeForce RTX 4090 დაფის სისქეა 78 მმ, რაც სისტემურ ბლოკში გაფართოების თითქმის ოთხ სლოტს შეესაბამება. ვიდეო დაფის სიგრძეა 336 მმ, წონა - თითქმის 2.5 კგ. ამავე ვერსიის GeForce RTX 4080 16 და 12 გბ ვიდეო დაფების ზომაა 3.75 და 3.5 სლოტი, შესაბამისად. დაფების სიგრძე კი 337 მილიმეტრია. Suprim Liquid სერიაში წარმოდგენილია მხოლოდ ფლაგმანური მოდელი GeForce RTX 4090. დაფა აღჭურვილია თხევადი გაგრილების სისტემით 240 მმ ზომის გარე რადიატორით. თხევადი გაგრილების დახურულ კონტურს აქვს ორი 120-მილიმეტრიანი ქულერები MSI Silent Gale P12. ვიდეო დაფების კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს ქულერი Torx Fan 5.0. ვიდეო დაფის წონაა 2.3 კგ, სიგრძე - 280 მმ, სისქე - 43 მმ. რადიატორის ზომებია 274 × 121 × 55 მმ. Gaming Trio სერიის GeForce RTX 4090 და RTX 4080 მოდელებს აქვთ გაგრილების განახლებული სისტემა Tri Frozr 3 ბარიერული რგოლის მქონე ქულერებით Torx Fan 5.0. რადიატორებს სპილენძის ფუძე აქვს. ვიდეო დაფების კონსტრუქცია გამაგრებულია ლითონის ფირფიტით. ვიდეო ბარათებში მხარდაჭერილია ორმაგი BIOS უხმაურო და გეიმინგ რეჟიმებით. ამ სერიის უფროსი მოდელი 3.75-სლოტიანია, GeForce RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ ვერსიები კი - 3.25- და 3-სლოტიანი, შესაბამისად. შედარებით მოკრძალებული სერია Ventus წარმოდგენილია მხოლოდ ორი მოდელით - GeForce RTX 4080 16 გბ და RTX 4080 12 გბ. პირველი მათგანი სამსლოტიანია, მეორე - 2.5-იანი. ორივე დაფას აქვს სამი Torx Fan 4.0 ქულერის მქონე გაგრილების სისტემა. ამაჩქარებლის კონსტრუქცია გამყარებულია ლითონის ფირფიტით. ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც არ სურს დამატებითი თანხის გადახდა დამატებით მახასიათებლებში, მაგალითად, RGB-განათებაში. https://tinyurl.com/3e6yz8hz
  8. Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებული ახალი თაობის GeForce RTX 4090 და RTX 4080 გეიმინგ ვიდეო დაფებთან ერთად კომპანია NVIDIA-მ კონფერენცია GTC-ის ფარგლებში წარადგინა პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი სამუშაო სადგურებისთვის NVIDIA RTX 6000 ამავე არქიტექტურით. მწარმოებელი კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი ვიდეო ბარათი პროფესიონალურ ამოცანებში უზრუნველყოფს 2-4-ჯერ მაღალ წარმადობას წინა თაობის Ampere არქიტექტურაზე დამყარებულ RTX A6000 მოდელთან შედარებით. ფოტოს წყარო: NVIDIA Ada Lovelace არქიტექტურის და, შესაბამისად, მასზე დამყარებული ვიდეო დაფების ძირითადი მახასიათებლებია: მესამე თაობის RT-ბირთვები, რომლებიც უზრუნველყოფს წინა თაობასთან შედარებით ორჯერ მაღალ წარმადობას რეითრესინგით ოპერაციებში; მეოთხე თაობის Tensor-ბირთვები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ოპერაციებში ორჯერ სწრაფია FP8 მონაცემების ფორმატის გაფართოებული მხარდაჭერის წყალობით; აგრეთვე CUDA ბირთვები, რომლებიც ორჯერ მაღალი წარმადობისაა სიზუსტის ოპერაციებში წინა თაობასთან შედარებით. პროფესიონალურ გრაფიკულ ამაჩქარებელ NVIDIA RTX 6000-ს აქვს 48 გბ GDDR6 მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). მისი ენერგომოხმარების მაჩვენებელი 300 ვატია. ვიდეო დაფას აქვს აქტიური გაგრილების სისტემა და მუშაობს PCIe 4.0 x16 ინტერფეისით. ვიდეო ბარათს აქვს ოთხი DisplayPort 1.4. პროფესიონალურ ვიდეო დაფას ასევე აქვთ ვირტუალიზაციის ტექნოლოგია vGPU-ის მხარდაჭერა და წინა თაობასთან შედარებით სამჯერ გაზრდილი წარმადობა ვიდეოს კოდირებისას მრავალი ერთდროული XR სესიის სტრიმინგისთვის NVIDIA CloudXR-ის გამოყენებით. პროფესიონალური ვიდეო დაფა NVIDIA RTX 6000 კომპანიის ძირითად პარტნიორებთან ხელმისაწვდომი დეკემბერში გახდება. მისი ფასი ჯერჯერობით არ დასახელებულა. https://tinyurl.com/4yxs8ufh
  9. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებას სთხოვა კომენტარები ციფრული აქტივების როლზე უკანონო ტრანზაქციებში და სააგენტოს რეაგირება ამ საკითხზე. დოკუმენტში 20-ზე მეტი კითხვაა. კერძოდ, მონაწილეებს სთხოვენ შეაფასონ „ფინანსთა სამინისტრომ სრულყოფილად გამოავლინა თუ არა უკანონო დაფინანსების რისკები“, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტებთან. სააგენტომ ასევე იკითხა, რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ბოროტმოქმედების მიერ ციფრული აქტივების გამოყენებასთან „უფრო ეფექტურად“ საბრძოლველად. საზოგადოებას შეუძლია მიუთითოს, არის თუ არა რეგულაციები, რომლებიც არ არის შესაფერისი ინდუსტრიის რეგულირებისთვის. „ციფრული აქტივების მზარდი გამოყენება ფინანსურ საქმიანობაში ზრდის ისეთი დანაშაულების რისკს, როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, თაღლითობა და ქურდობა“, ნათქვამია მოხსენებაში. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ხაზს უსვამს კრიპტოვალუტების გამოყენების „მუდმივი მონიტორინგის“ აუცილებლობას. კომენტარები მიიღება 2022 წლის 3 ნოემბრამდე. პარასკევს, 16 სექტემბერს, თეთრმა სახლმა წარმოადგინა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის რეგულირების კონცეფცია. დოკუმენტი ითვალისწინებს ბევრ ინიციატივას, მათ შორის საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც გაამკაცრებს სამართალდამცავ პრაქტიკას ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების მომწოდებლებთან მიმართებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს ავალდებულებს ძალისხმევა გასწიონ ინდუსტრიის ზედამხედველობას. შეგახსენებთ, რომ ივლისში ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებას სთხოვა კომენტარი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ პოტენციურ სარგებელსა და რისკებზე. https://tinyurl.com/2p9hmjan
  10. მომავალ კვირას მოსალოდნელია AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების გამოშვება. ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასების დიაპაზონი, მოდელების შესაბამისად, 299-დან 699 აშშ დოლარამდე მერყეობს. მაგრამ ევროპაში, როგორც ჩანს, ჩიპების ღირებულება გაცილებით ძვირი იქნება. ფოტოს წყარო: AMD გამომცემლობა Professional Review-მა აღმოაჩინა ახალი Ryzen 7000 პროცესორები ესპანური საცალო ვაჭრობის მონაცემთა ბაზაში. იქ მათი ფასი 371 ევროდან 852 ევრომდეა, მოდელების მიხედვით. ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 7950X ღირს 852 ევრო (სარეკომენდაციო ფასია 699 აშშ დოლარი), 12-ბირთვიანი Ryzen 9 7900X-ის ფასია 699 ევრო (სარეკომენდაციო ფასია 549 აშშ დოლარი), რვაბირთვიანი Ryzen 7 7700X ღირს 491 აშშ დოლარი (სარეკომენდაციო ფასია 491 აშშ დოლარი). ხოლო უმცროსი ექვსბირთვიანი Ryzen 5 7600X შეფასებულია 371 ევროდ (სარეკომენდაციო ფასია 299 აშშ დოლარი). ფოტოს წყარო: XtremMedia.com პროცესორების ფასებში მნიშვნელოვანი განსხვავება ნაწილობრივ განპირობებულია მიმდინარე ვალუტის კონვერტაციის კურსით. ევროს ღირებულება დოლართან თითქმის თანაბარია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაემატოს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), რაც ესპანეთში შეადგენს 21%-ს, ასევე დაემატება რამდენიმე ევრო მოგების სახით თავად მაღაზიისგან. აღსანიშნავია, რომ ამავე ესპანურ მაღაზიაში გაცილებით იაფად არის შემოთავაზებული Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებული 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X მოდელი. ჯერ კიდევ აქტუალური ფლაგმანი 564 ევროდ იყიდება, რაც 288 ევროთი იაფია. ამ სხვაობით მომხმარებელს შეუძლია მარტივად იყიდოს ძალიან კარგი დედა დაფა Socket AM4 პროცესორის სოკეტით. https://tinyurl.com/bdff8rfh
  11. შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია Serpent Canyon სერიის პირველი გეიმინგ კომპიუტერი Intel NUC 12, რომელშიც წარმოდგენილია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Arc. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Alder Lake მე-12 თაობის Core i7 პროცესორით. ფოტოს წყარო: Intel კომპიუტერის კორპუსის მოცულობა 2.5 ლიტრია, ზომა - 230 × 180 × 60 მმ. განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H 14 ბირთვით, რომელთაგან ექვსია მაღალი წარმადობის, რვა კი - ენერგოეფექტური. დაშვებულია ინსტრუქციების 20-მდე ნაკადის დამუშავება ერთდროულად. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია ამაჩქარებელი Arc A770M 16 გბ მეხსიერებით. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ერთდროულად ხუთ 4K გაფართოების მონიტორზე - HDMI 2.1 ინტერფეისის, ორი DisplayPort 2.0-ისა და ორი Thunderbolt 4 პორტის მეშვეობით. კომპიუტერში ხელმისაწვდომია 65 გბ-მდე DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და 8 ტერაბაიტამდე მოცულობის М.2 ფორმატის მყარი დისკი PCIe 4.0 х4 ან PCIe 3.0 x4 ინტერფეისით. კომპიუტერს აქვს ქსელის კონტროლერი 2.5G Ethernet და Wi-Fi 6E უსადენო კავშირის ადაპტერი 2.4 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ექვსი პორტი USB 3.2 Type-A. Intel NUC 12 Serpent Canyon-ის ფასი საცალო ვაჭრობაში შეადგენს 1699 აშშ დოლარს - ეს არის კომპლექტაცია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ მყარი დისკით. 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD-ის მქონე ვერსია 1944 აშშ დოლარად იყიდება. ამასთან, კორპორაცია Intel ასახელებს 1180 და 1350 აშშ დოლარ ფასებს მოდიფიკაციების მიხედვით - სავარაუდოდ, იგულისხმება მოდიფიკაციები ოპერატიული მეხსიერებისა და მყარი დისკის გარეშე. მინი კომპიუტერების ოფიციალური გაყიდვა მიმდინარე თვეში იწყება. https://tinyurl.com/mu2cj2z2
  12. SEC-ის მოთხოვნა - აშშ-ის ყველა საჯარო კომპანიამ მომხმარებლების ციფრული აქტივების შენახვა ვალდებულებად მიიღოს - ნეგატიურად აისახა ბანკების პროექტებზე, წერს Reuters. წინადადება კომისიის რეკომენდაციებში წარდგენილ იქნა მიმდინარე წლის მარტში. დოკუმენტის მიხედვით კომპანიები ვალდებულნი არიან გაზარდონ ფულადი რესურსებისა და ეკვივალენტების ოდენობა მსგავსი ვალდებულებების გაზრდის გამო. მარეგულირებელმა ასევე მიუთითა მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიური, სამართლებრივი და მარეგულირებელი რისკების გამოვლენის აუცილებლობაზე. სააგენტოს გაცნობიერებული წყაროების თანახმად SEC-ს ამ საკითხზე კონსულტაცია არ გაუვლია საბანკო მარეგულირებლებთან. „დოკუმენტი გამოვიდა უკუკავშირის, ინდუსტრიასთან განხილვის გარეშე“, - განაცხადა ტრეი ჰოლინგსუორტმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის წევრმა. ასევე მოსალოდნელია, რომ ბაზელის კომიტეტის მიერ ჩამოყალიბებული საბანკო რეგულირების სტანდარტები დააწესებს მკაცრ მოთხოვნებს კაპიტალის მიმართ და რისკის შეზღუდვებს კრიპტო მეურვეებზე. SEC-ის რეკომენდაციებთან ერთად მათ შეუძლიათ კიდევ უფრო შეამცირონ ციფრული აქტივების ფლობის მიმზიდველობა აშშ-ის ბანკებისთვის. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ კომისიის ქმედებებმა გაართულა საკრედიტო ინსტიტუტების ძალისხმევა ციფრული აქტივების ბაზრის განვითარებისთვის. მათ შეუძლიათ უარი თქვან ამ გეგმების განხორციელებაზე მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად. US Bank-მა, აქტივებით მეხუთე უმსხვილესმა ბანკმა აშშ-ში, განუცხადა Reuters-ს, რომ აჩერებს ახალ მომხმარებლებს ინდუსტრიაში მანამ, სანამ არ შეაფასებს "ცვალებად ნორმატიულ-სამართლებრივ გარემოს". State Street Digital-ის ხელმძღვანელმა ნადინ ჩაკარმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობა არ ჩაერევა კრიპტოვალუტების შენახვის სერვისების შეთავაზებაში, მაგრამ ჩამოართმევს მათ ეკონომიკურ აზრს. BNY Mellon-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე მისი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პროექტების სტატუსზე. ერთ-ერთი ევროპული ბანკის წარმომადგენლებმა, რომელიც აპირებდა აშშ-ის ბაზარზე შესვლას მსგავსი პროდუქტით, განაცხადეს, რომ ახალი ხელმძღვანელობის გამო იგი "უზომოდ ძვირი" იქნება. Reuters ამ საკითხთან დაკავშირებით მცოდნე პირებზე დაყრდნობით იტყობინება მიმდინარე მცდელობების შესახებ ლობირებისთვის ბანკების მენეჯმენტიდან ჩამოშორების ან უფრო რბილი საზედამხედველო პირობების უზრუნველყოფის მიზნით. დაინტერესებული მხარეები ასევე იმედოვნებენ საბანკო მარეგულირებლისგან სპეციალური მითითებების გაჩენას, რაც შეარბილებს კაპიტალის მოთხოვნებს ციფრულ აქტივებთან მუშაობისთვის. Fed-ს, FDIC-სა და OCC-ს არ უპასუხიათ სააგენტოს მოთხოვნისთვის. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში Citigroup-მა პარტნიორად აირჩია ინფრასტრუქტურული კომპანია Metaco ციფრული აქტივების შენახვისა და მართვის პლატფორმის საპილოტე პროექტის ამოქმედების მიზნით. 2020 წლის 21 სექტემბერს OCC-მ ნება დართო ეროვნულ ბანკებსა და ფედერალურ შემნახველ ასოციაციებს, ჰქონოდათ Stablecoin-ების ემიტენტების რეზერვები. https://tinyurl.com/75yw69wj
  13. Tesla-სთვის შანხაის ობიექტი ამჟამად ყველაზე დიდი საექსპორტო ადგილია, ადგილობრივი წარმოების Model 3 და Model Y ელექტრომობილების მიწოდება ხორციელდება არა მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზარზე, არამედ ევროპაშიც. აპრილში დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ქარხანა იძულებული იყო უმოქმედოდ დარჩენილიყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული სანიტარული შეზღუდვების გამო. შემდეგ ავტომანქანების წარმოების მოცულობა შეიზღუდა დაწყებული რეკონსტრუქციის მიზეზით, რომელიც საბოლოოდ გამიზნული იყო Tesla-ს ჩინური ქარხნის პროდუქტიულობის გაზრდისთვის. სააგეტო Reuters-ის ინფორმაციით ადგილობრივი ქარხნის მოდერნიზებული საწარმოო ხაზი ამოქმედდება 19 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. თეორიულად, Tesla შეძლებს ყოველ კვირას შანხაიში ააწყოს 2200 ელექტრომობილი. ფოტოს წყარო: Reuters ქარხნის მოდერნიზაცია Tesla-ს 170 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა და შედეგად გაჩნდა 4000 სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პანდემიას ხელი რომ არ შეეშალა, მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარე წლის აპრილში შეიძლებოდა განხორციელებულიყო. https://tinyurl.com/58b7py2k
  14. კომპანია ASUS ამზადებს მინი პერსონალური კომპიუტერების სერია Vivo PN53-ს Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებული მობილური AMD Ryzen 6000H (Rembrandt) პროცესორების ბაზაზე. სისტემები ხელმისაწვდომი იქნება barebone სახით (ოპერატიული და მუდმივი მეხსიერების გარეშე), ასევე გამოვა სრულად მზა და მუშა პროდუქტები. ფოტოს წყარო: ASUS სამწუხაროდ, ახალი Vivo PN53 კომპიუტერების ფოტოები ჯერჯერობით არ გაზიარებულა (ფოტოზე მოცემულია მოდელი PN52), თუმცა მოწყობილობები უკვე აღინიშნა რამდენიმე საცალო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში. გაყიდვაში ხელმისაწვდომი იქნება მოდელები ექვსბირთვიანი Ryzen 5 6600H (სიხშირე 3.3-4.3 გჰც) პროცესორის ბაზაზე, რვაბირთიანი Ryzen 7 6800H (3.2-4.7 გჰც) პროცესორისა და ფლაგმანური რვაბირთვიანი Ryzen 9 6900HX (სიხშირე 3.3-4.9 გჰც) პროცესორის ბაზაზე. ახალი კომპიუტერები წარმოდგენილი იქნება სამი ძირითადი კონფიგურაციის სახით: ASUS PN53-S5020MD (90MS02H1-M000M0) პროცესორით Ryzen 5 6600H, 8 გბ ოპერატიული და 256 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 840 ევრო; ASUS PN53-S7021MD (90MS02H1-M000N0) პროცესორით Ryzen 7 6800H, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 1000 ევრო; ASUS PN53-S9022MD (90MS02H1-M000P0) პროცესორით Ryzen 9 6900HX, 16 გბ ოპერატიული და 512 გბ SSD-ით, ფასი - დაახლოებით 1100 ევრო. ოპერატიული და მუდმივი მეხსიერების არმქონე მოდელების ფასი დაახლოებით 100 ევროთი ნაკლები იქნება. ფასები მითეთებულია ევროპული დღგ-ის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: Samtek ASUS Vivo PN53 ნეტტოპების აღჭურვილობაში შედის 2.5-გიგაბიტიანი ქსელის ადაპტერები, Wi-Fi 6E-ს მხარდაჭერა, USB 3.2 Gen2 Type-C კონექტორები დამუხტვის ფუნქციით და DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული რეჟიმით, აგრეთვე ორი HDMI 2.0 ინტერფეისი. USB4-ის მხარდაჭერა ახალ კომპიუტერებში გათვალისწინებული არ არის. https://tinyurl.com/2h4e2vn8
  15. 16 სექტემბერს თეთრმა სახლმა წარმოადგინა კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების კონცეფცია. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს ავალდებულებს კოორდინირება გაუწიონ ინდუსტრიის ზედამხედველობის ძალისხმევას. პრესრელიზის თანახმად სამთავრობო სააგენტოებმა მოითხოვეს კვლევის ჩატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლის კონფიდენციალურობასა და უფლებების დაცვაზე, ენერგიის მოხმარებაზე და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სარგებელსა და რისკებზე. თეთრმა სახლმა უკვე მიიღო მთელი რიგი ანგარიშები, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსგან, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოლიტიკის სამმართველოსგან, იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროსგან. კონცეფცია მოიცავს ბევრ ინიციატივას, მათ შორის საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლებიც გაამკაცრებს სამართალდამცავ პრაქტიკას ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების მომწოდებლებთან მიმართებაში. ფინანსთა სამინისტროს დაევალა 2023 წლის ივლისამდე დაესრულებინა DeFi სექტორებთან დაკავშირებული რისკების შეფასება. SEC და CFTC ასევე რეკომენდაციას უწევენ მიმართულებისადმი ყურადღების მიქცევას. ბირჟა Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების საყოველთაო მიდგომა კრიპტოვალუტების ზედამხედველობის მიმართ უზრუნველყოფს რეგულირების თანმიმდევრულობას და სიცხადეს, რაც აუცილებელია ინდუსტრიის წარმატებული განვითარებისთვის. „სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ აშშ მოძრაობს კრიპტოინდუსტრიის შემოთავაზებული მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით. სწორი მიდგომა ხელს შეუწყობს მომხმარებლებისა და ბაზრების დაცვას და პასუხისმგებელი ინოვაციების განვითარებას“, - დაწერა მან. Zhao-ს თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებები აღმოფხვრის ინდუსტრიის ზედამხედველობის ფრაგმენტაციას და სიცხადეს მოუტანს რეგულირებას. მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი პროგრამა შეიცავს კონკრეტულ დებულებებს სამართალდამცავ კონტექსტში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. საზოგადოების ყველა წევრს არ ჰქონდა დადებითი რეაქცია გამოქვეყნებულ კონცეფციასა და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებზე. მაგალითად, MicroStrategy-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარე მაიკლ სეილორმა განაცხადა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ანგარიშის მოხსენება ციფრული აქტივების კლიმატური და ენერგეტიკული რისკების შესახებ „სავსეა დეზინფორმაციით“. სეილორმა ასევე აღნიშნა, რომ Castle Island Ventures-ის გენერალურმა პარტნიორმა ნიკ კარტერმა "ექსპერტულად უარყო ეს პროპაგანდა" თავის სტატიაში Medium-ზე. Messari-ს დამფუძნებელმა რაიან სელკისმა მიანიშნა, რომ ბაიდენი ძალიან მოხუცია კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ღირებულების გაგებისთვის. ”ჩემი რეაქცია [თეთრი სახლის ხედვაზე] არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი პრეზიდენტი 2024 წელს და უნდა დავინტერესდეთ კანდიდატებით, რომლებსაც აქვთ შანსი გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგიები აშშ-ის ეკონომიკის მომავლისთვის,” - წერს იგი. პოდკასტ The Wolf Of All Streets-ის ავტორმა სკოტ მელკერმა პუბლიკაციას „სირცხვილი“ უწოდა. მისი თქმით, მომხმარებლებზე ზრუნვის საფარქვეშ ხელისუფლება ცდილობს უბიძგოს სისტემა „FedNow”-ს, რომელიც ასევე მოხსენიებულია პრეს-რელიზში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში აშშ-ს სენატმა ელიზაბეტ უორენმა განაცხადა, რომ კონგრესმა და SEC-მა უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავონ კრიპტოვალუტის ინდუსტრიასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/2s3d4zf6
  16. კორპორაცია Sony-მ ღონისძიება Tokyo Game Show 2022-ზე წარადგინა მაღალი წარმადობის მყარი დისკების ნიმუშები Nextorage, რომლებიც აღჭურვილია PCIe 5.0 х4 ინტერფეისით. ფოტოს წყარო: Hermitage Akihabara მყარი დისკები მიეკუთვნება М.2 2280 ფორმ-ფაქტორს. სერიაში შედის 1 და 2 ტერაბაიტი მოცულობის მოდელები. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე აღწევს 9500 და 10000 მბ/წმ-ს, შესაბამისად, ჩაწერის სიჩქარე კი - 8500 და 9500 მბ/წმ-ს. მყარ დისკებში გამოყენებულია მოზრდილი რადიატორი გაგრილებისთვის ვერტიკალური ფირფიტების მასივით, თუმცა აღინიშნა, რომ ფინალური დიზაინი შესაძლოა შეიცვალოს. გარდა ამისა, წარდგენილ იქნა Nextorage G Series SSD-ები PCIe 4.0 х4 ინტერფეისით. ეს მოწყობილობებიც М.2 2280 ფორმატისაა, სერიაში შედის 1, 2 და 4 ტბ მოცულობის დისკები. ყველა მათგანის წაკითხვის სიჩქარე 7300 მბ/წმ-ს შეადგენს, ჩაწერის სიჩქარე კი - 1 ტბ მოდელის შემთხვევაში 6000 მბ/წმ, დანარჩენი ორი მოდელისა - 6900 მბ/წმ. და ბოლოს, წარდგენილ იქნა სერია Nextorage G Series SE ინტერფეისით PCIe 4.0 х4. სერიაში შედის 500 გბ, 1 ტბ და 2 ტბ მოცულობის მოწყობილობები. წაკითხვის სიჩქარე აღწევს 4800 მბ/წმ-ს, ჩაწერის სიჩქარე - 4100 მბ/წმ. https://tinyurl.com/yb4ktehp
  17. MSI-ს ასორტიმეტში გამოჩნდა მონიტორი Pro MP341CQ, რომელიც შეესაბამება როგორც ყოველდღიურ საოფისე სამუშაოებს, ასევე გართობის სფეროს. მონიტორს აქვს რკალისებრი VA მატრიცა სიმრუდის რადიუსით 1500R. ფოტოს წყარო: MSI ეკრანის დიაგონალი 34 დუიმის ტოლია და ფლობს 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებას (UWQHD ფორმატი), გვერდების შეფარდებაა 21:9. მხარდაჭერილია 116.25%-იანი sRGB ფერთა გამა, ფერების რაოდენობა 1.07 მილიარდს შეადგენს. კონტრასტულობის მაჩვენებელია 3000:1, სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს, რეაგირების დრო (GtG) 4 მილიწამის ტოლია (MPRT – 1 მწ.). Pro MP341CQ მოდელს აქვს ორი ორვატიანი სტერეოდინამიკი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, ორი HDMI 2.0b ინტერფეისი და DP 1.2a კონექტორი. სადგამის მეშვეობით შესაძლებელია ეკრანის დახრის კუთხის რეგულირება 25 გრადუსის ფარგლებში. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light TÜV სერტიფიკატით მომხმარებლის მხედველობის დაცვისთვის. Pro MP341CQ მოდელი შავი ფერისაა, ასევე ხელმისაწდომია Pro MP341CQW ვერსია თეთრ ფერში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://tinyurl.com/5j6f54mr
  18. SEC-ის სპეციალისტების რეკომენდაციაა შეიქმნას მოქნილი მიდგომა ციფრული ტოკენების ფასიან ქაღალდებად რეგისტრირებისთვის. მსგავს განცხადებას შეიცავს სააგენტოს ხელმძღვანელ გერი გენსლერის სტენოგრამა, რომელიც აშშ-ის სენატის წინაშე გაკეთდა. „მე ვთხოვე თანამშრომლებს, ეპოვათ მეთოდი, რომელიც საშუალებას მისცემდა როგორც ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე აქტივებს, ისე საბირჟე პროდუქტებს - ევაჭრათ ერთმანეთის გვერდიგვერდ. მათი მახასიათებლების გათვალისწინებით მე ვაღიარებ, რომ მიზანშეწონილია ვიყოთ მოქნილნი გამჭვირვალობის ამჟამად არსებული მოთხოვნების გამოყენებისას“ - ნათქვამია დოკუმენტში. მომავალ გამოსვლაში გენსლერი გაიმეორებს პოზიციას, რომ კრიპტო აქტივების უმეტესობა ფასიანი ქაღალდია და რომ ინდუსტრიის მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ სააგენტოში „მიუხედავად იმისა, უწოდებენ თუ არა თავს დეცენტრალიზებულს“. SEC-ის თავმჯდომარემ Stablecoin-ები დაახასიათა, როგორც „ფულადი ბაზრის აქციები ან ფასიანი ქაღალდების სხვა ტიპი“, რომლებიც ასევე ექვემდებარება რეგულირებასა და კომისიაში რეგისტრაციის საჭიროებას. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აშშ-ის კონგრესის მიერ კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხს. გენსლერი წარსულში არაერთხელ ამტკიცებდა, რომ ტოკენების უმეტესობა ექვემდებარება ფასიანი ქაღალდების განმარტებას და SEC-ის იურისდიქციას. https://tinyurl.com/2p8fw447
  19. მოახლოვდა ახალი თაობის Ada Lovelace და RDNA 3 ვიდეო დაფების გამოსვლის დრო. ამავდროულად ბაზარზე „ძველი“ ჩიპების შემოთავაზებები დღითიდღე იზრდება, RDNA 2/RTX 3000-ზე კი ფასები იკლებს. მაგალითად, AMD-ის ერთ-ერთი უმძლავრესი დაფა Radeon RX 6900 XT მოხვდა Newegg-ის მორიგი ფასდაკლების სიაში და ამჟამად იყიდება 679 აშშ დოლარად Founders Edition ეტალონური დიზაინის 999 აშშ დოლარის ნაცვლად, როგორც ადრე მწარმოებლებს სურდათ. უნდა აღინიშნოს, რომ PowerColor-ის ამავე მოდელის სარეკომენდაციო ფასი კიდევ უფრო მაღალია - 1199 აშშ დოლარი, ასე რომ გამოდის, Radeon RX 6900 XT იყიდება 520 აშშ დოლარიანი ფასდაკლებით. ამ კომპლექტაციაში წარმოდგენილია 3 ქულერი, 16 გბ DRRR6 და 5120 ბირთვი. მორიგი ვიდეო დაფა, რომელიც დიდი ფასდაკლებით იყიდება, არის Radeon RX 6800 XT. იგი ამჟამად ღირს 579 აშშ დოლარი 649 აშშ დოლარის ნაცვლად. MSI-ს მიერ წარმოებულ ვარიანტს, სახელწოდებით Gaming Z Trio, აქვს სამი ქულერი და 16 გბ GDDR6. და ბოლოს, 419 აშშ დოლარად ხელმისაწვდომია MSI Mech Radeon RX 6700 XT დაფა 480 აშშ დოლარის ნაცვლად. დაფას აქვს 12 გბ GDDR6, 192-ბიტიანი სალტე და 96 მბ L3 "Infinity" ქეშ-მეხსიერება. ასეთი დიდი ფასდაკლებების მიუხედავად ამჟამინდელი ამაჩქარებლები წარმადობით ვერ შეედრება მათ, რომლებიც სულ მალე გამოჩნდება სავაჭრო სივრცეებში. შესაბამისად, რთულია ისინი იწოდებოდნენ რეალურად მომგებიან პროდუქტად. https://tinyurl.com/4z44dypz
  20. კომპანია ASRock-მა დააანონსა Phantom Gaming სერიის ორი მონიტორი - PG34WQ15R2B და PG27FF1A, რომლებიც დაპროექტებულია დინამიური თამაშებისთვის, კერძოდ, პირველი პირის შუთერებისთვის (FPS). ფოტოს წყარო: ASRock კომპანია PG34WQ15R2B მოდელს უწოდებს მსოფლიოში პირველ მონიტორს ჩაშენებული Wi-Fi ანტენით, რომელიც სისტემურ ბლოკს უკავშირდება. ანტენის განთავსება მაგიდაზე და არა მის ქვეშ აუმჯობესებს უსადენო მუშაობის ხარისხს და კავშირის სტაბილურობას. პანელი დამზადებულია რკალისებრი ფორმის VA მატრიცაზე დიაგონალით 34 დუიმი. სიმრუდის რადიუსი შეადგენს 1500R-ს, გაფართოება - 3440 × 1440 პიქსელს. მოწყობილობის სიკაშკაშის მაჩვენებელია 550 კდ/მ2, კონტრასტულობის - 3000:1. მხარდაჭერილია 115%-იანი sRGB და 91%-იანი ფერთა გამა. ბრტყელი ეკრანის მქონე მოდელ PG27FF1A-ს აქვს 27-დუიმიანი IPS მატრიცა გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი. სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2, კონტრასტულობის - 1100:1. უზურნველყოფილია 123%-იანი sRGB და 94%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ორივე მონიტორის MPRT რეაგირების დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები Flicker-free და FreeSync Premium: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ზრდის გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონეს. ხელმისაწვდომია ორი 2-ვატიანი სტერეოდინამიკი, DisplayPort ინტერფეისი, ორი HDMI 2.0 და 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი. სადგამი საშუალებს იძლევა დარეგულირდეს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა, აგრეთვე სიმაღლე (მხოლოდ PG34WQ15R2B მოდელის შემთხვევაში). VESA სამაგრის მეშვეობით შესაძლებელია მონიტორის კედელზე დაკიდება. https://tinyurl.com/2p8rvt59
  21. კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტი MiCA, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირის ხელისუფლების მიერ, არის „ფანტასტიკური“, მაგრამ „ცოტა მკაცრი“ Stablecoin-ებთან მიმართებაში. ეს შეფასება Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ გააკეთა. დოკუმენტი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. „კანონპროექტები არ იღებენ დოლარზე დამყარებულ Stablecoin-ებს, რომლებიც შეადგენენ ბაზარზე არსებული ლიკვიდობის 75%-ს“, განაცხადა Zhao-მ Binance Blockchain Week Paris-ის მსვლელობისას. თუმცა, მან მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის ხელისუფლების მუშაობას. მისი აზრით, დოკუმენტი შეიძლება გახდეს „გლობალური სტანდარტი“ კრიპტოვალუტების რეგულირებაში სხვა იურისდიქციებისთვის. Bitcoin-ბირჟის ხელმძღვანელმა პარიზს უწოდა პოტენციური „ევროპის და მსოფლიოს უმეტესი ნაწილის კრიპტო-ფინანსური ცენტრი“. Zhao-მ აღნიშნა, რომ საფრანგეთში ინდუსტრია "აფეთქდება" მომდევნო ხუთ წელიწადში ლოიალური გადასახადებისა და დასაქმების უფრო მარტივი კანონების წყალობით. 2017 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაატარა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს უმუშევართა რაოდენობის შემცირებას. მან გაამარტივა ურთიერთობების სისტემა შრომის ბაზარზე. Zhao-ს თქმით, Binance-მა უკვე დაიქირავა 150 ადამიანი პარიზის ოფისში და გეგმავს კიდევ რამდენიმე ასეული თანამშრომლის დამატებას მიმდინარე წლის ბოლომდე. აპრილში ბირჟამ გამოაცხადა ფრანგულ სტარტაპ-ინკუბატორ Station F-თან პარტნიორობისა და ევროპაში საკუთარი საქმიანობის გაფართოების მიზნით 100 მილიონი ევროს ინვესტირების შესახებ. ერთი თვის შემდეგ Binance-მა მიიღო ციფრული აქტივების ბაზრის სერვისის პროვაიდერის ლიცენზია AMF-ისგან, ასევე კრიპტოვალუტების შენახვისა და ვაჭრობის ნებართვა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ხელისუფლების ძალისხმევამ კრიპტოვალუტების რეგულირების სფეროში შეაშფოთა CFTC-ის ყოფილი თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო. მისი აზრით ეს საფრთხეს უქმნის ევროპულ მოდელს და დააზარალებს აშშ-ის ზედამხედველობის ორგანოების უნარს - ეფექტურად შექმნან საკუთარი წესები. https://tinyurl.com/44bm3me4
  22. მიმდინარე თვეში წარდგენილ იქნა Thunderbolt-ისა და USB-ის ახალი სტანდარტები. ისინი ფლობენ გარკვეულ საერთო შესაძლებლობებს, მათში გაორმაგებულია სიჩქარე წინა თაობასთან შედარებით. საბოლოო მახასიათებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება. Intel-მა ჰაიფაში არსებულ განვითარების ცენტრიდან წარადგინა სტანდარტ Thunderbolt-ის ბოლო ვერსია. დაკავშირების სიჩქარემ შეადგინა 80 გბ/წმ, რაც ახლახანს წარდგენილ სტანდარტ USB4 2.0-ის დონესთანაა ახლოს. კავშირი დამყარდა ორი 40 გბ/წმ USB-C სადენის მეშვეობით. Thunderbolt 3 ვერსია თავის დროზე გამოყენებულ იქნა USB4 1.0 ვერსიის საფუძვლად, მათ იდენტური, 40 გბ/წმ სიჩქარე აქვთ. Thunderbolt 4-ში შენარჩუნდა ეს სიჩქარე, თუმცა გაუმჯობესდა ორ 4K ეკრანზე გამოსახულების გამოტანა (DisplayPort 1.4) და უსაფრთხოება. გასულ წელს Intel-მა Twitter-ზე გაასაჯაროვა მიზნები ბოლო ვერსიის Thunderbolt-ის შემუშავების შესახებ. ფოტოებზე ნახსენებ ტექნოლოგია „80G PHY“-ში მინიშნებული იყო სიჩქარე 80 გბ/წმ. Intel ამ მაჩვენებლის მიღწევას აპირებს PAM-3 (3-Level Pulse Amplitude Modulation) მოდულაციის საშუალებით. ახალი პრეზენტაციით უკვე არსებულ ცნობებს ბევრი არაფერი დამატებია. ჯერჯერობით ისიც კი უცნობია, ახალ სტანდარტს ეწოდება Thunderbolt 5 თუ ეს იქნება Thunderbolt 4-ის ქვევერსია. ასევე არ დასახელებულა მისი დანერგვის თარიღი, აცხადებს Techspot. https://tinyurl.com/5y8dz5kk
  23. კვლევით კომპანია Display Supply Chain Consultants-ის (DSCC) დამფუძნებელმა გააზიარა თავისი მოსაზრებები დრეკადი ლეპტოპების ბაზრის მომავლის შესახებ. მომავალ წელს მოსალოდნელია რამდენიმე ასეთი მოდელის გამოჩენა. DSCC პროგნოზირებს მიწოდების მოცულობის 34%-იან ზრდას 2023 წელს. ერთ-ერთი ჩინური ბრენდი მზად არის გამოუშვას მოქნილი ლეპტოპის მინიმუმ ოთხი მოდელი. შესაძლო რეცესიის და გაურკვეველი მოთხოვნის გამო ისინი თავდაპირველად შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდეს. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Lenovo, Asus და HP, უკვე წარადგინეს დრეკადი ლეპტოპების რამდენიმე მოდელი. ახალ მოწყობილობებს შორის იქნება Asus ZenBook Fold 17, ThinkPad X1 Fold და HP-ს ახალი მოდელი. მწარმოებელი კომპანიებისგან მოსალოდნელია ექსპერიმენტები ამ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფორმ-ფაქტორის მიმართულებით. Lenovo-მ ადრე გამოუშვა ThinkPad X1 Fold - პირველი თაობის ლეპტოპი 13.3-დუიმიანი და მეორე თაობის მოდელი - 16.3-დუიმიანი ეკრანით. გამოჩნდა სადგამები, რომელთა მეშვეობით მოწყობილობები გამოიყენება პორტრეტის და ლანდშაფტის რეჟიმებში. DSCC ელოდება, რომ 2023 წელს ბაზარზე გამოვა მინიმუმ 23 დასაკეცი სმარტფონი და პირველი მოწყობილობა ეკრანის მობრუნების შესაძლებლობით. სავარაუდოდ, უკვე Android-მოწყობილობების ყველა მსხვილ მწარმოებელს აქვს ბრუნვადი ეკრანის პროტოტიპი ან მისი პატენტი. ჯერჯერობით მხოლოდ Oppo-მ წარადგინა ბრუნვადი ეკრანის პროტოტიპი. ავტომატიზებული „Roll Motor“ 6.7-დუიმიანი ეკრანის ზომას ცვლის 7.4 დუიმამდე. DSCC გვპირდება, რომ მოგვიანებით დაასახელებს პირველი მოწყობილობის მწარმოებელ კომპანიას, ვინც მოძრავ ეკრანიან მოწყობილობას გამოუშვებს. ეს იქნება ჩინური კომპანია, ხოლო OLED პანელის მწარმოებელი კორეული იქნება, წერს Digitaltrends. https://tinyurl.com/4abntatx
  24. მორიგი გადაანგარიშების შედეგად პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 3.45%-ით და მიაღწია რეკორდულ 32.05 T მაჩვენებელს. წყარო: BTC.com ქსელის საშუალო ჰეშრეითი ინდიკატორის ბოლო კორექტირებებს შორის პერიოდისთვის იყო 229.4 EH / წმ. Glassnode-ის თანახმად 12 სექტემბერს Bitcoin-ის ბლოკჩეინის მთლიანმა გამოთვლითმა სიმძლავრემ პიკს - 232.4 EH/წმ-ს მიაღწია. წყარო: Glassnode. ჰეშრეითის წინა მაღალი მაჩვენებელი 11 ივნისს დაფიქსირდა, ხოლო რეკორდული სირთულე - ერთი თვით ადრე, 11 მაისს, Terra-ს კოლაფსით პროვოცირებული კრიპტო ბაზრის ვარდნის წინა დღეს. სირთულე მაისის ნიშნულს მხოლოდ აგვისტოს ბოლოს მიუახლოვდა, როდესაც ჰეშრეიტის აღდგენის ფონზე ზრდამ მომენტალურად 9.26% შეადგინა. ზაფხულის ბოლო თვეში Bitcoin-მაინერების ჯამური შემოსავალი გაიზარდა 12%-ით 684.3 მილიონ აშშ დოლარამდე, ეს მოხდა ივნისში (26%-ით) და ივლისში (კიდევ 9%-ით) მაჩვენებლების კლების შემდეგ. მაინინგ-პულების კონტექსტში Foundry USA რჩება ლიდერად ქსელის ჰეშრეიტის 28.61%-იანი წილით. მას მოსდევს AntPool (16.44%) და F2Pool (14.41%). ლიკვიდობის პრობლემების ფონზე Poolin-მა დაკარგა სიმძლავრის მნიშვნელოვანი ნაწილი სექტემბრის დასაწყისიდან. წყარო: BTC.com შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნა და ჰეშრეიტის ზრდა ზეწოლას მოახდენდა მაინინგის მომგებიანობაზე. სექტემბერში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზრის არახელსაყრელი პირობების მიუხედავად ინდუსტრიის საჯარო კომპანიები, ძირითადად Foundry USA-ს მომხმარებლები, ფინანსურად სტაბილურები რჩებიან. https://tinyurl.com/2j3ynzf6
  25. Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია მიზნად ისახავს ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოებას. მოკლევადიან პერსპექტივაში, ძირადღირებული მასალები და ინფლაცია ხელს უშლის ფასების შემცირებას, მაგრამ სამომავლოდ Tesla არ კარგავს იმედს, რომ გამოუშვებს ელექტრომობილებს, რომელთა წარმოება 36000 აშშ დოლარზე ნაკლები დაჯდება. კომპანია ასეთი სახით აპირებს უშუალო მონაწილეობის მიღებას მანქანათმშენებლობის ისტორიაში რიგით მესამე რევოლუციაში. ფოტოს წყარო: Tesla Goldman Sachs-ის კონფერენციაზე ამ კუთხით საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა კომპანიის ინვესტორებთან კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა Martin Viecha-მ, აცხადებს Business Insider. სწორედ ელექტრომობილების წარმოების თვითღირებულება განსაზღვრავს უახლოეს წლებში Tesla-ს ბიზნესის განვითარების ტემპებს. ეს კომპანია კი, შეგახსენებთ, ათწლეულის ბოლოსთვის ელის, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 2017 წელს Tesla-ს ერთი ელექტრომობილის საწარმოო თვითღირებულებამ 84 ათას აშშ დოლარს მიაღწია. ბოლო პერიოდში ეს თანხა 36 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა, ამასთან ეკონომია პრაქტიკულად არ უკავშირდება ბატარეების წარმოების ღრირებულების შემცირებას. ძირითადი პროგრესი მიღწეულია ელექტრომობილების კონსტრუქციის გაუმჯობესებისა და მათი წარმოების ორგანიზების სფეროში. Tesla-ს კალიფორნიის უძველესი ქარხანა ამ ფონზე ვერ დაიკვეხნის მაღალი ეფექტურობით. შანხაიში, ბერლინსა და ტეხასში არსებული ახალი პლატფორმები გაცილებით მეტ დანაზოგს უზრუნველყოფენ. ამჟამად Tesla-ს კალიფორნიის ქარხანა უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით გამოშვებული ელექტრომობილების დაახლოებით ნახევარს. უფრო ეფექტური ახალი ქარხნების გამოჩენა და მათი გაფართოება განაპირობებს ელექტრომობილების საწარმოო თვითღირებულების შემცირებას - თვლის Martin Viecha. კომპანიამ შესაძლოა ერთი მანქანის გამოშვებაზე 36 ათას აშშ დოლარზე ნაკლები დახარჯოს. ამ დრომდე მანქანათმშენებლობის ისტორიაში მოხდა ორი ტექნოლოგიური რევოლუცია. პირველი მათგანი გასული საუკუნის დასაწყისში უზრუნველყო ჰენრი ფორდმა (Henry Ford) ხელმისაწვდომი Model T ავტომობილების საწარმოო ხაზით. მეორე რევოლუცია მოხდა 70-იან წლებში, როდესაც Toyota Motor-მა საკუთარი საფირმო საწარმოო სისტემა დანერგა. ელექტრომობილების არქიტექტურა გაცილებით მეტ შესაძლებლობას ტოვებს წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისთვის და Tesla იმედოვნებს, რომ ავტოინდუსტრიაში მესამე ტექნოლოგიური ევოლუციის ნაწილი გახდება. Model Y-სა და Model 3-ზე არსებული მოთხოვნა Tesla-ს მოლოდინს აღემატება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარს არ სჭირდება ბრენდის უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილები. მომავალ წელს კროსოვერი Model Y შესაძლოა გახდეს ყველაზე გაყიდვადი სატრანსპროტო საშუალება ყველა დროისა და ტიპის მანქანებს შორის, მათ შორის შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებთან მიმართებაშიც. გრძელვადიან პერსპექტივაში Tesla-ს სურს გამოუშვას კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილები და ამ მიზნით ავითარებს მესამე თაობის პლატფორმას. ასეთი მანქანები გამოვა დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც Tesla აამოქმედებს ამავე პლატფორმაზე წარმოებული რობოტიზებული ტაქსების სერვისს. https://tinyurl.com/mwe22hws
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.