Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5920
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. არაოფიციალური ცნობებით, მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გამოვიდეს Redmi Note 12 სერიის სმარტფონები. სერიის ფლაგმანი იქნება Redmi Note 12 Pro Plus, რომელსაც 200-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ექნება. როგორც ჩანს, კომპანია Xiaomi Redmi Note 12 სერიის ევროპაში გამოშვების ზღვარზეა, მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ ეს სერია უკვე გამოუშვა ინდოეთში და რამდენიმე თვის წინ - ჩინეთში. ადრე მომხმარებელმა @_snoopytech_ Twitter-ზე გააზიარა Redmi Note 12-ისა და Redmi Note 12 Pro-ს მარკეტინგული ფოტოები, აგრეთვე სერიაში შემავალი ოთხივე მოდელის მახასიათებლები. Xiaomi-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია Redmi Note 12 სერიის ყველა მოდელის ევროპული გამოშვების თარიღზე ან ფასებზე. ევროპული ქსელების ნაწილმა თავიანთ ვებ-გვერდებზე მოკლედ განათავსა Redmi Note 12 Pro Plus-ის მახასიათებლები, თუმცა ინფორმაცია მალევე წაიშალა. ფოტოებზე მითითებული იყო ხსენებული სმარტფონის ფასი 499 ევრო, რაც ადრეულ პროგნოზებს შეესაბამება. @_snoopytech_ ამტკიცებდა, რომ სტანდარტული Redmi Note 12-ის ფასი 279 ევრო იქნება. ერთ-ერთმა ევროპულმა რითეილერმა სმარტფონის ხელმისაწვდომობის პერიოდად 16-18 მარტი მიუთითა. ნებისმიერ შემთხვევაში, Redmi Note 12 სერის ევროპაში უახლოეს დღეებში უნდა გამოჩნდეს. https://tinyurl.com/2h5ve3th
  2. Tesla-ს მიერ ინვესტორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე არ გაეცა პასუხი კითხვას, როდის გამოჩნდება ახალი პლატფორმის ბაზაზე აწყობილი ელექტრომობილები, თუმცა ცნობილი გახდა, სად დაიწყება მათი აგება - ამისთვის მალე აშენდება ქარხანა მექსიკაში. ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პლატფორმაზე აწყობილი მანქანები უმეტესად ავტომატურად მართვადი იქნება. ფოტოს წყარო: Tesla, Electrek ეს განცხადება, Reuters-ის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა Morgan Stanley-ის კონფერენციაზე გააკეთა. მან დაადასტურა, რომ კომპანიას აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწყოს ისეთი ელექტრომობილების წარმოება, რომელთა ფასი სედან Tesla Model 3-ის ღირებულების ნახევარი იქნება. პირველად მსგავსი კომენტარები მასკმა ჯერ კიდევ 2020 წელს გააკეთა, როდესაც გამოხატა რწმენა, რომ სამი წლის განმავლობაში Tesla შეძლებს აწარმოოს 25 ათასი აშშ დოლარი ღირებულების კომპაქტური ელექტრომობილები, რომლებიც ავტომატურად მოძრაობას შეძლებენ. მექსიკის ქარხნიდან, რომლის მშენებლობას Tesla უახლოეს მომავალში დაიწყებს, სწორედ ახალ პლატფორმაზე დამყარებული ელექტრომობილები გამოვა. ამასთან, კომპაქტური მოდელი და „თითქმის ავტომატური“ ელექტრომობილი შესაძლოა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება აღმოჩნდეს, რადგანაც 2020 წლის შემდეგ მასკი აცხადებს, რომ კომპანია გეგმავს ასევე გამოუშვას სპეციალური ელექტრომობილი ავტომატური ტაქსის სერვისისთვის. ჯამში 2030 წლისთვის Tesla-ს სურს ერთდროულად უშვებდეს ელექტრომობილის ათამდე მოდელს. მათი ყოველწლიური ტირაჟი იმ დროისთვის 20 მილიონ ერთეულს უნდა აღწევდეს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით დალაგდება. სიტუაციის სირთულე ის არის, რომ სრულ ავტომატიზაციაზე გადასვლის პირობას ილონ მასკი 2016 წლიდან იძლევა და შესაბამისი ზღვარი მუდმივად უკან იწევს. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ იმ დროიდან გამოშვებული Tesla-ს ყველა ელექტრომობილი შეძლებდა სრულიად ავტომატურად მართვას შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოსვლის შემდეგ. მუდმივად ხდება ვადების გადადება, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მეოთხე თაობის FSD კომპლექსისთვის განკუთვნილი კომპონენტები არ იქნება მიმდინარე თაობის ელექტრომობილებთან თავსებადი. ილონ მასკის ახალი განცხადება, რომ ახალ პლატფორმაზე აწყობილი ელექტრომობილები მძღოლის გარეშე იმოძრავებენ, სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. მომხმარებლები, რომლებმაც აქამდე იყიდეს Tesla-ს ელექტრო მანქანები, შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩნენ არსებული FSD კომპლექსების შესაძლებლობებით. https://tinyurl.com/mr2hm97f
  3. კრიპტო ბირჟა Coinbase-მა წარადგინა ახალი სერვისი, სახელწოდებით Wallet-as-a-Service (WaaS). ინსტრუმენტი განკუთვნილია კრიპტო საფულეების დეველოპერი კომპანიების მიერ ვებ ინტერფეისში სწრაფი და მარტივი ამოქმედებისთვის, ასევე აპლიკაციებში მათი ინტეგრირებისთვის. WaaS მიზნად ისახავს გამოყენება ისეთივე მარტივი გახადოს, როგორც მომხმარებლის სახელისა და პაროლის შექმნა. „ეს ტექნოლოგია მოაგვარებს Web3-ის დანერგვასთან დაკავშირებულ უთანხმოებებს. რეალურად, ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც პლანეტის ყველა ადამიანზე საფულეების გაცემის საშუალებას იძლევა“ - განაცხადა Coinbase-ის ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელმა პატრიკ მაკგრეგორმა. ინსტრუმენტი არის API-ინტერფეისების ნაკრები და იყენებს მრავალმხრივ გამოთვლით ტექნოლოგიას, რომელიც დაშიფვრის გასაღებებს აზიარებს მომხმარებელსა და კომპანიას შორის. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია საფულის ადვილად აღდგენა, თუ მომხმარებელი წვდომას დაკარგავს საკუთარ მოწყობილობაზე. მაკგრეგორის თქმით ბაზრის ზოგიერთმა მონაწილემ, რომელთა შორის არიან Floor, Moonray, Thirdweb და Tokenproof, უკვე გამოცადა Coinbase-ის ახალი პროდუქტი. „Starbucks, Adidas, Nike, Coca-Cola და სოციალური ქსელები, როგორიცაა Instagram, Twitter და Reddit, ყველა აერთიანებს კრიპტო სერვისებს თავიანთ პროდუქტებში. მომხმარებლებს, რომლებიც მათ იყენებენ, დასჭირდებათ კრიპტო საფულე. სწორედ ამ დროს ხდება Coinbase მაშველი ”- განაცხადა მან. მანამდე კრიპტო ბირჟამ აამოქმედა საჯარო კამპანია Crypto435 ციფრული აქტივების მხარდასაჭერად. მისი მთავარი მიზანია პოლიტიკოსებს და მარეგულირებლებს მიაწვდინოს Web3 ტექნოლოგიის ძირითადი პრინციპები. მარტის დასაწყისში კომპანიამ გამოაცხადა კრიპტო აქტივების მართვის სერვის One River Digital Asset Management-ის შეძენა. პროექტს დაერქმევა სახელი Coinbase Asset Management. https://tinyurl.com/3c832ntc
  4. 9 მაისს ღონისძიება Intel Vision აშშ-ში, ორლანდოში გაიმართება. იგი ტრადიციულად დაეთმობა კომპიუტერული ინფრასტრუქტურის თანამედროვე შესაძლებლობებს, ქლაუდ გამოთვლებს, ასევე კომერციულ კომპიუტერულ სისტემებს. Intel გეგმავს საზოგადოებას გაუზიაროს თავისი ხედვა ინდუსტრიის მომავლის შესახებ და გააცნოს უახლესი და მომავალი ტექნოლოგიები. ფოტოს წყარო: Intel სხვა დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად 9 მაისს Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი Pat Gelsinger შესავალი სიტყვით გამოვა. ამჟამად გაურკვეველია, მოხდება თუ არა ამ გამოსვლის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში საზოგადოებისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით, კომპანია ჩანაწერს მაინც გააზიარებს. ამ ღონისძიებებზე კომპანიის აღმასრულებლების პრეზენტაციები ხშირად შეიცავს ახალი პროდუქტების ანონსებს, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ უკავშირდება სამომხმარებლო ბაზარს. გასულ წელს Intel Vision 2022-ზე წარდგენილ იქნა კომპანიის გეგმების მიმოხილვა სტრატეგია IDM 2.0-თან (Integrated Device Manufacturing) დაკავშირებით. შედგა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი Arctic Sound-M გრაფიკული ამაჩქარებლების ანონსი და წარდგენილ იქნა კომპანიის განახლებული პოლიტიკა პროგრამულ უზრუნველყოფასა და უსაფრთხოების მიმართულებით. შემდეგი Intel Vision კონფერენციები ტაივანში, შანხაისა და ევროპაში ამ წლის ბოლოს გაიმართება. თუმცა მაისში დაგეგმილი ღონისძიება განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს. https://tinyurl.com/23z3bamb
  5. იანვარში NVIDIA -მ დაიწყო განახლებული GPU-ის მქონე GeForce RTX 4080-ის მიწოდება ჩაშენებული ძაბვის კომპარატორით, რომელიც ამ დრომდე ვიდეო ბარათის PCB-ის ცალკეულ ელემენტს წარმოადგენდა. ამ ელემენტის GPU-ის შემადგენლობაში გადატანის მიზანი ვიდეო ბარათის თვითღირებულების შემცირებაა. ამჟამად NVIDIA-მ დაიწყო ეტალონური GeForce RTX 4090-ის მიწოდება, რომელიც დამყარებულია ანალოგიური მახასიათებლის მქონე განახლებულ GPU-ზე. ფოტოს წყარო: Reddit ინფორმაცია ფორუმ Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ვიდეო ბარათის GPU-Z პროგრამაში შემოწმებამ აჩვენა, რომ განახლებულ ვერსიას აქვს განსხვავებული მოდელის ნომერი. ვიდეო ბარათის უნიკალური იდენტიფიკატორი Device PCI ID უცვლელი დარჩა, თუმცა შეიცვალა Sub Device ID, რომელიც ამაჩქარებლის სერიაზე მიუთითებს. ეს ფაქტი განახლებულ მოდელებში გამორიცხავს ორიგინალური BIOS-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობას AD102-300 GPU ბარათებში, რომლითაც GeForce RTX 4090 მოდელი თავდაპირველად გამოვიდა გაყიდვაში. ვიდეო ბარათის დაშლისას დადასტურდა თავდაპირველი ვარაუდი. აღმოჩნდა, რომ მასში AD102-300-ის ნაცვლად გამოყენებულია განახლებული გრაფიკული პროცესორი AD102-301. საინტერესოა, რომ ამ დრომდე არანაირი გაჟონილი ცნობა არ მიუთითებდა იმაზე, რომ NVIDIA გეგმავდა GPU AD102-301 ვერსიის გამოყენებას. ფორუმის მომხმარებელი ასევე ამტკიცებს, რომ განახლებული GPU AD102-301 მუშაობს უფრო დაბალ, 1.07 ვოლტ ძაბვაზე AD102-300-ის 1.1 ვოლტთან შედარებით. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია ვერ დადასტურდება, რადგან გადამოწმებისთვის საჭიროა მეტი ვიდეო ბარათი. იმოქმედა თუ არა სამუშაო ძაბვის შემცირებამ ვიდეო ბარათის წარმადობაზე, ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, გაურკვეველია, ეს შეზღუდვები გავლენას ახდენს მხოლოდ Founders Edition მოდელზე, თუ ძაბვის შემცირება გამოჩნდება GeForce RTX 4090-ის custom-იზებულ ვერსიებში. განახლებული GPU-ის მაქსიმალური სამუშაო ძაბვის ცვლილება დადასტურდა MSI Afterburner-ისა და ASUS GPU Tweak უტილიტების მიერ. https://tinyurl.com/3wtz4pfe
  6. Bitcoin-ის მაინინგზე სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანია TeraWulf-მა ქვეყანაში პირველმა აამოქმედა მაინინგ-ფერმა, რომელიც 100%-ით ატომურ ენერგიაზე მუშაობს. საუბარი ეხება ობიექტ Nautilus Cryptomine-ს შტატ პენსილვანიაში - ფერმა მოიცავს 8 ათას მაინერს. კომპანია Cumulus Coin-თან ერთად ობიექტის ჯამური სიმძლავრე 200 მეგავატს შეადგენს. ფოტოს წყარო: terawulf.com TeraWulf-ის წილი ობიექტში ჯერ 50 მეგავატია - იგი სრულად იქნება ათვისებული მაისში. საწყის ეტაპზე კომპანიამ 8 ათასი მაინერი აამოქმედა, რაც ჯამურად უზრუნველყოფს დაახლოებით 1 Eh/s წარმადობას. TeraWulf განათავსებს დამატებით 8000 ერთეულს Nautilus-ზე უახლოეს კვირებში, რათა მიაღწიოს 1.9 Eh/s-ს. სამომავლოდ კომპანია ასევე აპირებს ობიექტში წილის გაზრდას კიდევ 50 მეგავატით. Bitcoin-ის ბირთვული ენერგიით მოპოვება უკიდურესად მომგებიანია, რადგან ატომური ელექტროენერგია ბაზარზე ელექტროენერგიის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფს გვთავაზობს, განაცხადა TeraWulf-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ პოლ პრაგერმა (Paul Prager). მომდევნო ხუთი წელიწადის განმავლობაში კომპანიისთვის 1 კვტ/სთ-ის ღირებულება მხოლოდ 0.02$ იქნება. კომპანია ერთპიროვნულად ფლობს კიდევ ერთ ობიექტს, სახელად Lake Mariner, ნიუ-იორკში - ამ ობიექტზე მალე ექსპლუატაციაში შევა ახალი კორპუსი, რის შედეგად მოხმარებადი სიმძლავრე 110 მვტ-მდე გაიზრდება. ჯამში, მეორე კვარტლის დასაწყისისთვის TeraWulf-ზე იმუშავებს 50 ათასი მაინერი, რომლებიც მოიხმარენ 160 მეგავატს ჯამური წარმადობით 5.5 Eh/s. https://tinyurl.com/27p467mw
  7. 2022 წელს ელექტრიფიცირებული მანქანების გლობალურმა გაყიდვებმა შეადგინა 10.2 მილიონი ერთეული. Counterpoint კვლევის თანახმად 2022 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვების მოცულობა 53%-ით მეტი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Global Passenger Electric Vehicle Model Sales Tracker-ის ანგარიშის მიხედვით გაყიდვების აბსოლუტური უმრავლესობას წარმოადგენს ჩინური ბრენდები, საუბარია მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაზე. ფოტოს წყარო: stux/pixabay.com Counterpoint-ის სტატისტიკის მიხედვით გასულ კვარტალში „სუფთა“ ელექტრომობილებმა შეადგინეს გაყიდვების 72%, ხოლო გარე დამუხტვის ჰიბრიდებმა - 28%. სტატისტიკაში არ შედის ჰიბრიდები გარე დამუხტვის გარეშე და ელექტრომობილები საწვავის გარე უჯრედებით. პირველ სამ მოწინავე მწარმოებლებში შედის ჩინეთი, გერმანია და შეერთებული შტატები. ცნობილია, რომ ელექტრომობილების მწარმოებელ 10 კომპანიას ეკუთვნის 39-ზე მეტი მარკის მსუბუქი ავტომობილი, რაც ბოლო კვარტალში გაყიდული ელექტრომობილების 72%-ს შეადგენს. ბაზრის დინამიკას რაც შეეხება, Counterpoint-ის ექსპერტები ამბობენ, რომ ელექტრომობილების გაყიდვებმა 2022 წლის მეოთხე კვარტალში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს და წლის ბოლომდე 11 მილიონ ერთეულამდე გაიზრდებოდა, რომ არა COVID-19-ის გავრცელება ჩინეთში, რამაც გავლენა მოახდინა წარმოებასა და გაყიდვებზე და შეაფერხა საწარმოო ჯაჭვები. ამ ვითარების მიუხედავად ჩინურ ბრენდებში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. უფრო მეტიც, გასულ წელს ბევრმა ჩინურმა კომპანიამ დაიწყო გაფართოება ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე - როგორც ჩანს, ისინი მთლიანად დომინირებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მოსალოდნელია, რომ მომხმარებელთა ლოიალობისთვის მთავარი ბრძოლა ევროპაში გაგრძელდება. ფოტოს წყარო: Counterpoint Research საინტერესოა, რომ ათმა ყველაზე პოპულარულმა მოდელმა მეოთხე კვარტალში შეადგინა ელექტრიფიცირებული მანქანების გაყიდვების მესამედი. აბსოლუტური ბესტსელერია Tesla Model Y, რომელსაც მოსდევს BYD-ის Song. ზოგადად, კვარტლის 10 ყველაზე მოთხოვნადი მოდელიდან 7 არის BYD და Wuling, ძირითადად ჩინეთის ბაზრის სწრაფი განვითარების გამო. ფოტოს წყარო: Counterpoint Research Counterpoint თვლის, რომ ელექტრომობილები და Plug-in ჰიბრიდები უფრო სწრაფად ხდებიან მეინსტრიმი, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ. 2023 წლის ბოლოსთვის გაყიდვების მოცულობამ უნდა შეადგინოს დაახლოებით 17 მილიონი ელექტრიფიცირებული მანქანა. დიდწილად ეს უზრუნველყოფილი იქნება ლგოტებით, რომლებიც ზოგ ქვეყანაში გაიცემა. მაგალითად, აშშ-ში ასეთი მანქანების გაყიდვები უნდა გაიზარდოს ფედერალურ დონეზე შემოღებული 7500 აშშ დოლარიანი საგადასახადო ლგოტის გამო, ხოლო ჩინეთში ფასები შეიძლება გაიზარდოს სუბსიდიის პერიოდის დასრულების გამო. ასე რომ, იანვარში BYD-მა უკვე გაზარდა ფასები. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს სერიოზულად არ იმოქმედებს ელექტრომობილების ერთ-ერთ ყველაზე მომწიფებულ ბაზარზე, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტები 2023 წლის მეორე ნახევარში ელიან ელექტრო ბატარეებში გამოყენებული ლითიუმის ფასის კლებას. https://tinyurl.com/4w9n23bj
  8. კომპანია Apple-მა წარადგინა iPhone 14-ისა და iPhone 14 Plus-ის ახალი ვერსიები - ეს სმარტფონები ამჟამად ხელმისაწვდომი იქნება ყვითელი ფერის კორპუსებით. ამრიგად Apple-მა გააგრძელა გაზაფხულზე საბაზისო iPhone-ის ახალი ვარიანტების გამოშვების ტრადიცია: გასული წლის ამავე პერიოდში გამოვიდა მწვანე iPhone 13 და 13 mini, ორი წლის წინ კი - იისფერი iPhone 12 და 12 mini. „მომხმარებლებს უყვართ თავიანთი iPhone-ები და მათ ეყრდნობიან ყოველ დღე თავიანთ საქმეებში. ამჯერად მოდელების ხაზში გამოჩნდა საინტერესო სიახლე - ახალი ყვითელი iPhone 14 და iPhone 14 Plus“ - განაცხადა Apple-ის პროდუქციის გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა Bob Borchers-მა. – „ბატარეის გამორჩეული ხანგრძლივობა, მსუბუქი დიზაინი, პროფესიონალური ხარისხის კამერები და ვიდეოფუნქციები, უსაფრთხოების რევოლუციური შესაძლებლობები, როგორებიცაა გადაუდებელი თანამგზავრული კომუნიკაციები და iOS 16-ის ყველა ფუნქცია iPhone 14-ს აქცევს შესანიშნავ არჩევანად მათთვის, ვინც ახალ iPhone-ს ეძებს.” მახასიათებლების მხრივ ახალი სმარტფონები არაფრით განსხვავდება გასული წლის სექტემბერში გამოსული სხვა ფერის iPhone 14-ისა და 14 Plus-ისგან. iPhone 14-ს აქვს 6.1-დუიმიანი ეკრანი, iPhone 14 Plus-ს - 6.7-დუიმიანი. ორივე შემთხვევაში გამოყენებულია Super Retina XDR ეკრანები OLED პანელზე 1200 კდ/მ2 სიკაშკაშის მხარდაჭერით. ორივე მათგანს აქვს ორი უკანა კამერა: ძირითადი 12-მეგაპიქსელიანი მოდული და 12-მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის სენსორი. სმარტფონებს საფუძვლად უდევს ერთკრისტალიანი პლატფორმა Apple A15 Bionic, რომლის დებიუტი iPhone 13-ში შედგა. მხარდაჭერილია თანამგზავრული კავშირი ექსტრემალური შემთხვევებისთის. ახალი ყვითელი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ის გაყიდვაში გამოვა 14 მარტს. iPhone 14-ის ფასი აშშ-ში 799 აშშ დოლარიდან იწყება, iPhone 14 Plus კი 100 აშშ დოლარით მეტი ღირს. https://tinyurl.com/57evys4j
  9. 24 აპრილს ტექნოლოგიური გიგანტი Amazon აამოქმედებს Web3 ინიციატივას, რომელიც დაკავშირებულია არაურთიერთჩანაცვლებად ტოკენებთან (NFTs). ამის შესახებ წერს The Big Whale. გამოცემის თანახმად კომპანიის ვებ-გვერდზე გამოჩნდება ცალკე ჩანართი Amazon Digital Marketplace. საწყის ეტაპზე 15 კოლექციაზე წვდომა მიეცემა მომხმარებლებს შეერთებული შტატებიდან, მოგვიანებით - სხვა ქვეყნებიდან. საინფორმაციო მედიაში მითითებულია, რომ ინიციატივის ამოქმედება ორჯერ გადაიდო, სავარაუდოდ, FTX-ის გარშემო შექმნილი ვითარების გამო. 2022 წლის გაზაფხულზე Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯესიმ დაუშვა მომავალში NFT-ების გაყიდვა კორპორაციის პლატფორმაზე. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელოდება "მნიშვნელოვან ზრდას" არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების სექტორში. 2023 წლის დასაწყისში Blockworks-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაცხადა კომპანიის გეგმები NFT-სთან დაკავშირებული ინიციატივის წამოწყების შესახებ გაზაფხულზე. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Amazon Web Services პლატფორმამ გახსნა სპეციალისტის პოზიცია Web3-ის დარგში. პოზიცია გულისხმობს სტარტაპებთან და მსხვილ საწარმოებთან ურთიერთობას, პლატფორმის სერვისების განვითარებას და პროდუქციის ჯგუფების გაფართოებას. მანამდე The New York Times-მა დაწერა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი გეგმავს გაათავისუფლოს კომპანიის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის, 10000 ადამიანი. https://tinyurl.com/uen7fsbb
  10. კომპანია Intel-მა დაასრულა Intel 18A (1.8-ნმ) და Intel 20A (2-ნმ) ტექნოპროცესების შემუშავება, რომლებიც გამოყენებული იქნება მისი სამომავლო პროდუქტების წარმოებაში, ასევე გარე დამკვეთების ჩიპებში, რომლებიც გამოვა საკონტრაქტო პროგრამა Intel Foundry Services-ის (IFS) ფარგლებში. ფოტოს წყარო: Intel კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და Intel-ის ჩინური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა Rui Wang-მა გამოაცხადა ჩიპების წარმოების ორი მოწინავე ტექნოპროცესის შემუშავების დასრულება. განვითარების დასრულება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია უკვე მზად არის აწარმოოს ჩიპები Intel 18A და Intel 20A სტანდარტების მიხედვით. დიდი ალბათობით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მწარმოებელმა განსაზღვრა მითითებული ტექნოპროცესების ყველა მახასიათებელი, მასალები, ტექნიკური მოთხოვნები და ორივე ტექნოლოგიის მოსალოდნელი წარმადობის ინდიკატორები. Intel 20A ტექნოლოგიის ფარგლებში გამოყენებული იქნება ტრანზისტორების ახალი სტრუქტურა RibbonFET წრიული ჩამკეტით Gate-All-Around (GAA), აგრეთვე კვების ახალი სქემა Back Side Power Delivery (BSPD). მცირე ზომის ტრანზისტორების, ტრანზისტორების ახალი არქიტექტურისა და კვების ახალი მიკროსქემის ერთდროულად დანერგვა Intel-ისთვის სარისკო ნაბიჯია, მაგრამ კომპანია მოელის, რომ Intel 20A ტექნოპროცესი საშუალებას მისცემს გაუსწროს კონკურენტებს, როგორიცაა TSMC და Samsung. Intel ამ ტექნოპროცესის გამოყენებას 2024 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. მომდევნო ტექნოპროცესი Intel 18A, როგორც მიიჩნევა, დაინერგება იმავე წლის ბოლომდე და ნახევრადგამტარი კომპონენტების ეფექტურობას კიდევ 10%-ით გაზრდის. თავდაპირველად კომპანია 1.8-ნანომეტრიანი ნახევრადგამტარების წარმოებაში აპირებდა ნიდერლანდური კომპანია ASML-ის Twinscan EXE სკანერების გამოყენებას, რომლებიც აღჭურვილია 0.55 NA ოპტიკით. მაგრამ ვინაიდან მან ტექნოპროცესის ბაზარზე ადრე გამოტანა გადაწყვიტა, მოუწევს დაეყრდნოს ამჟამინდელ ნაკლებად მოწინავე 0.33 NA Twinscan NXE სკანერებს. Intel თვლის, რომ მისი 1.8-ნანომეტრიანი საწარმოო ტექნოპროცესი იქნება ბაზარზე ყველაზე მოწინავე. ორივე ტექნოპროცესი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ Intel-ის საკუთარი ჩიპების წარმოებისთვის, არამედ Intel Foundry Services (IFS) კონტრაქტული საწარმოო პროგრამის ფარგლებში. კომპანია აცხადებს, რომ ამ ტექნოლოგიური ნოუდებისთვის უკვე ჰყავს 43 პოტენციური დამკვეთი. https://tinyurl.com/2e4rdvsw
  11. სმარტფონების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Xiaomi 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჯუნმა (Lei Jun) ჩინეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. Xiaomi-მ გასულ წელს ელექტრომობილების განყოფილებაში 3 მილიარდ იუანზე მეტი (434.3 მლნ აშშ დოლარი) ინვესტიცია განახორციელა, თქვა მან. Xiaomi-ს ახალი საავტომობილო მიმართულების შემუშავების გეგმები ცნობილი გახდა 2021 წლის მარტში. შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა 10 მლრდ იუანის (1.5 მლრდ აშშ დოლარი) საწყისი დაფინანსების განხორციელება ახალ პროექტში, რომელიც გულისხმობს ელექტრომობილების ბრენდის ქვეშ წარმოებას. მან ასევე გამოაცხადა, რომ ახალი მიმართულებით 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციები ჩაიდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. Xiaomi-მ ააშენა ქარხანა ელექტრომობილების წარმოებისთვის პეკინის ეროვნული ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონაში. ლეი ჯუნის თქმით, იგი ახლა თავისი სამუშაო დროის დაახლოებით ნახევარს ხარჯავს ელექტრომობილების წარმოების მომზადებაში და ხელმძღვანელობს 2300-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ გუნდს. კომპანიას მკაცრი კონკურენცია ემუქრება ჩინური კომპანიებისგან, როგორიცაა Xpeng Motors და Li Auto, რომლებიც ამჟამად იბრძვიან ელექტრომობილების ბაზრის წილის დასაკავებლად უფრო დიდ კონკურენტებთან, როგორიცაა ჩინური BYD და ამერიკული Tesla, რომელიც ელექტრომობილებს შანხაის ქარხანაში აწარმოებს. Xiaomi ახალი მიმართულებისკენ მიდის იმ დროს, როდესაც მისი ძირითადი სმარტფონების ბიზნესი მცირდება გლობალური ეკონომიკური ვარდნის ფონზე მოთხოვნის შემცირების გამო. 2022 წელს ჩინეთში სმარტფონების მიწოდება 14%-ით შემცირდა და 287 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 2013 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა 300 მილიონზე ქვემოთ. IDC-ის მიხედვით Xiaomi-ს გლობალური მიწოდება გასულ წელს თითქმის 20%-ით შემცირდა. https://tinyurl.com/5x6t3avy
  12. თებერვალში პირველი კრიპტოვალუტის მაინერების ჯამური შემოსავალი შეადგენდა 627.4 მლნ აშშ დოლარს. ეს მაჩვენებელი 4% -ით გაიზარდა იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. Bitcoin-მაინერების შემოსავლები თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: Glassnode. Bitcoin-ტრანზაქციის საშუალო საკომისიო თებერვალში გაიზარდა 22%-ით - 1.49 აშშ დოლარიდან 1.82 აშშ დოლარამდე. ამავე პერიოდში Ethereum-ის შესაბამისი ინდიკატორი შემცირდა 7.2%-ით - 5 აშშ დოლარიდან 4.64 აშშ დოლარამდე. შემოსავლის საკომისიოების წილი გაიზარდა 2.28% -მდე (იანვარში იყო 1.38%). BTC-ისა და ETH-ის ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: Coin Metrics. ბაზარზე ეტაპობრივი აღდგენის ფონზე Bitcoin-ის ჰეშრეითი თებერვალში გაიზარდა 6.73%-ით და განაახლა მაქსიმუმი დაახლოებით 319.4 Eh/s ნიშნულზე. უცვლელად აღმავალი ტენდენცია მიუთითებს ინდუსტრიის მონაწილეთა ნდობაზე პირველი კრიპტოვალუტის და მაინინგის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა, EH/s. წყარო: Glassnode. Bitcoin-ის მაინინგის ჰეშრეითთან დაკავშირებულმა სირთულემ კვლავ განაახლა თავისი ისტორიული მაქსიმუმი - დაახლოებით 43.05 T. ბოლო გადაანგარიშების შედეგად მაჩვენებელი გაიზარდა 9.95%-ით. Bitcoin-ის მაინინგის სირთულე. წყარო: Coin Metrics. მიუხედავად მზარდი სირთულისა, Bitcoin-ის ჰეშ-ფასი აგრძელებდა აღდგენას - თებერვლის შუა რიცხვებში ინდიკატორმა 0.079 აშშ დოლარს მიაღწია. იგი შეესაბამება 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელს, რომელიც წინ უძღოდა ბაზრის კრახს FTX-ის კოლაფსის გამო. ჰეშ-ფასის მაჩვენებლის დინამიკა. წყარო: Hashrate Index. ყველაზე დიდი მაინინგ პულის - Foundry USA-ის წილმა მიაღწია პირველი კრიპტოვალუტის მთლიანი ჰეშრეითის მესამედს (33.3%). AntPool-ის მაჩვენებელი შემცირდა 19.7%-დან 17.9%-მდე თვის განმავლობაში, ხოლო Poolin-ის წილი - 2.3%-დან 1.7%-მდე. მაინინგ კომპანია Riot-მა 2022 წელს 259 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი დააფიქსირა. Bitcoin-ის მაინერმა მოიპოვა 5554 BTC, 46%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. https://tinyurl.com/3v7vxzv8
  13. კვარტლის ბოლო თვე Tesla-სთვის ტრადიციულად ელექტრომობილების წარმოების აჩქარებით ხასიათდება, რადგან კომპანია დაინტერესებულია ანგარიშის გამოქვეყნებისას მოახდინოს მიწოდების მოცულობის ზრდის დემონსტრირება. Tesla-ს ძირითადი შემოსავალი უზრუნველყოფილია მასობრივი Model 3-ისა და Model Y-ის რეალიზაციით, თუმცა მიმდინარე კვირაში კომპანიამ ფასები შეამცირა უფრო ძვირადღირებულ Model S-სა (‒5000$) და Model X-ზე (‒10000$). ფოტოს წყარო: Tesla როგორც Bloomberg აღნიშნავს, ეს ნიშნავს ორივე მოდელის შემთხვევაში ფასის საწყის კომპლექტაციაზე დაბრუნებას 100 ათას აშშ დოლარს ქვევით. ამ კლასის ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილი ამჟამად არის Model S-ის სრული წამყვანი ორძრავიანი ვერსია 89990 აშშ დოლარად, რომლის მიღება აშშ-ის მოქალაქეებს შეკვეთის შემდეგ მიმდინარე თვეშივე შეეძლებათ. სამძრავიანი ვარიანტი Tesla Model S Plaid შეფასებულია 109990 აშშ დოლარად, მისი მოდიფიკაციისთვისაც არ იქნება ლოდინი საჭირო. ეს ორივე მოდელი ამ დრომდე 5 ათასი აშშ დოლარით მეტი ღირდა. ქროსოვერ Tesla Model X-ის ფასი შემცირდა 10 ათასი აშშ დოლარით, ამჟამად მისი საბაზისო, ორძრავიანი სრული წამყვანი ვერსია 99990 აშშ დოლარად იყიდება. მისი მოლოდინის ვადა ოდნავ დიდია Model S-ის შემთხვევასთან შედარებით, მანქანის მიღება შესაძლებელია საუკეთესო შემთხვევაში მარტში ან უარეს შემთხვევაში - მაისში. Tesla Model X Plaid შეფასებულია 109990 აშშ დოლარად, მისი მიღება შესაძლებელია მარტში ან აპრილში. ორივე მოდიფიკაცია ამ დრომდე 10 ათასი აშშ დოლარით ძვირად იყიდებოდა. ეს არის მიმდინარე წელს Model S-ისა და Model X-ის ფასების უკვე მეორე შემცირება. https://tinyurl.com/f45h8nfk
  14. Bloomberg-ის ჟურნალისტი Mark Gurman აგრძელებს ინფორმაციის გაზიარებას Apple-ის გეგმებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ამჯერად მან ისაუბრა მონობლოკ iMac-ების გამოსვლის მოახლოებაზე, რომლებიც ამჟამად ტესტირების ეტაპს გადიან. ინსაიდერმა ისაუბრა iOS-ის და iPadOS-ის შემდგომ განახლებაზე, აგრეთვე სხვა სიახლეებზე, რომლებზეც ამჟამად მუშაობს კომპანია. ფოტოს წყარო: Apple შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ამჟამად ახალი თაობის iMac კომპიუტერი ინჟინრული საკონტროლო გამოცდის ეტაპზეა (engineering validation testing, EVT). მოწყობილობას ექნება კვლავ 24-დუიმიანი დისპლეი ამჟამინდელი თაობის მსგავსად, რომელიც 2021 წლის აპრილში გამოვიდა. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი iMac-ები წარმოდგენილი იქნება იმავე ფერთა პალიტრაში - გამოვა ლურჯი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი კორპუსის მქონე კომპიუტერები. ახალი iMac-ები წინამორბედთან შედარებით უფრო მძლავრი იქნება, მათ საფუძვლად დაედება ახალი საფირმო პროცესორი, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამინდელ თაობაში წარმოდგენილ M1 ჩიპს. შეიცვლება ზოგიერთი შიდა კომპონენტის განლაგება. J433 და J434 კოდური დასახელების მქონე ახალი iMac-ების შემუშავება უკვე გვიან სტადიაზეა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათი სერიული წარმოება სამი თვის ვადაზე ადრე არ დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი iMac-ების გაყიდვა წლის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელი არ არის. Gurman-ის ინფორმაციით Apple გეგმავს სამი ახალი Mac კომპიუტერის გამოშვებას გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. დიდი ალბათობით, ესენი იქნება პირველი 15-დუიმიანი ლეპტოპი MacBook Air (J515), პირველი Mac Pro Apple M-სერიის საფირმო პროცესორით, ასევე 13-დუიმიანი MacBook Air (J513). მიიჩნევა, რომ Mac Pro-ში გამოყენებული იქნება მაღალი წარმადობის პროცესორი M2 Ultra 24 გამომთვლელი და 76 გრაფიკული ბირთვით, ასევე 192 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ცნობილია, რომ Apple მომავალ iMac-ს შეიმუშავებს იმავე ვადაში, რამდენშიც M3 პროცესორს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ iMac-ში გამოჩნდება ახალი პროცესორი. ლეპტოპებთან დაკავშირებით ნაკლები რამ არის ცნობილი. თუ რამდენიმე თვეში ბაზარზე გამოვა M2 ჩიპის მქონე MacBook Air მოდელები, ისინი მალე მოძველდება. ასეთ შემთხვევაში 15-დუიმიანმა ვერსიამ შესაძლოა დააინტერესოს მომხმარებლები, თუმცა ახალი 13-დუიმიანი MacBook Air, სავარაუდოდ, ნაკლებად მიმზიდველი იქნება. ამიტომ დასაშვებია ვარაუდი, რომ 13-დუიმიან MacBook Air-ში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს M3, რომელიც ასახავს Apple-ის გადასვლას 3-ნანომეტრიან ჩიპებზე. ამ გადასვლის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმადობა და ენერგოეფექტურობა. გასულ წელს Apple-მა წარადგინა პროცესორი M2 ყოველწლიურ კონფერენცია WWDC-ზე ივნისში. თუ კომპანია ამ გრაფიკს შეინარჩუნებს, M3 პროცესორისა და განახლებული MacBook Air-ის წარდგენა WWDC 2023-ზე სავსებით ლოგიკური იქნება. შემდეგ, სავარაუდოდ, Apple წარადგენს ახალ iMac-ს M3 ჩიპით 2023 წლის ბოლოს, აგრეთვე MacBook Pro-ს 2024 წელს. M3 ჩიპი ასევე გამოჩნდება OLED-დისპლეის მქონე განახლებულ iPad Pro-ში, რომელიც, როგორც მიიჩნევა, 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა გამოვიდეს. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ 2025 წელს Apple-მა გამოუშვას პირველი MacBook OLED-დისპლეითა და სენსორული მართვის მხარდაჭერით. ამასთან, Apple ატარებს მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ოპერაციული სისტემების ახალი ვერსიების ბეტა-ტესტირებას. დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია მეორე ბეტა-ვერსია iOS 16.4 და iPadOS 16.4, რომლებშიც ახალი ფუნქციებია რეალიზებული. მიიჩნევა, რომ ამ განახლებების სტაბილური ვერსიები აპრილში გამოვა. ასევე გრძელდება WatchOS-ის, TVOS-ისა და MacOS-ის შესაბამისი განახლებების ტესტირება. Apple-ის აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება 10 მარტს. გენერალური დირექტორი ტიმ კუკი და მისი მოადგილეები უპასუხებენ აქციონერების კითხვებს და ისაუბრებენ კომპანიის სიახლეებზე. ასეთ ღონისძიებებში, როგორც წესი, არ ანონსდება ახალი პროდუქტები. ასეთი შეხვედრების ფარგლებში ხშირად საჯაროვდება კომპანიის დირექტორთა საბჭოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მენეჯერების ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობები და ა.შ. https://tinyurl.com/2p8vckj5
  15. FPC-ის გამოკითხული თითქმის ყველა მონაწილე (რესპონდენტთა 97%) ეთანხმება მტკიცებულებას, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში უფრო სწრაფი და იაფი გადახდების უზრუნველყოფაში. ასეთი შედეგები მიიღეს კომპანია Ripple-ში. გამოკითხულთა 17%-ს უკვე დანერგილი აქვს კრიპტოტრანზაქციების გამოყენება. გამოკითხულთა 52%-მა განაცხადა, რომ განიხილავს პროდუქციის ხაზის გაფართოებას ციფრული აქტივების ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობდა 950 კომპანია, მათ შორის ანალიტიკოსები და აღმასრულებელი დირექტორი 45 ქვეყნიდან. 281-მა რესპონდენტმა უპასუხა 25 შეკითხვას ბლოკჩეინ-გადახდების გამოყენების შემთხვევებსა და უპირატესობებზე, ციფრული აქტივების მფლობელობასა და არსებულ ბარიერებზე. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ეთანხმება პროგნოზს, რომ მერჩანტების უმეტესობა მიიღებს და გამოიყენებს კრიპტო ტრანზაქციებს 2024 წლისთვის. ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კონტექსტში ხელმძღვანელების 27%-მა გასცა მსგავსი პასუხი მომდევნო 12-თვიან პერიოდთან დაკავშირებით. Ripple-მა ეს მონაცემები ახსნა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის მქონე მობილური გადახდების გაჩენითა და CBDC-ის განვითარებით. სერვისების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს მარეგულირებელი სიცხადის ნაკლებობა (რესპონდენტთა 89%). სხვა პასუხებს შორის რესპონდენტებმა დაასახელეს: ინდუსტრიის შეზღუდული მიღება (45%); ციფრული აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა (32%); მომხმარებლის არასტაბილურობისგან დაცვის აუცილებლობა (24%); ტექნიკური ინვესტიციების საჭიროება (20%); აუცილებელი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების არარსებობა (19%); გაურკვეველი უპირატესობა (10%). შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში, PYMNTS-ის ახალი ამბების აგრეგატორმა და Bitpay-ის დამუშავების სერვისმა ერთობლივი კვლევისას გაარკვიეს, რომ მერჩანტების 84.8%-ისთვის კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება გახდა მომხმარებელთა ბაზის გაფართოების საშუალება. https://tinyurl.com/daadv5ht
  16. AMD Ryzen 9 7940HS ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი APU-ია, რაც მნიშვნელოვანი მიზეზით აიხსნება: მასში წარმოდგენილია დაუჯერებლად მძლავრი iGPU. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორები სუსტი იყო და გაჭირვებით უზრუნველყოფდნენ იმ დროისთვის ახალი თამაშების კარგ ხარისხში გაშვებას მისაღები წარმადობით. ამჟამად AMD გამოუშვებს iGPU-ს, რომლის წარმადობა ოდნავ ჩამორჩება სრულფასოვან NVIDIA GTX 1650 Ti-ს. FSR 2.0+ ტექნოლოგიასთან ერთად მეტ-ნაკლებად გამოირიცხება საწყისი დონის დისკრეტული გრაფიკის საჭიროება. ეს გახლავთ ინსაიდერ Moores Law is Dead-ის ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად Ryzen 9 7940HS-ში ჩაშენებულმა Radeon 780M-მა გრაფიკულ ტესტში დააგროვა 259Х ქულა, ხოლო Time Spy-ში - ჯამში 289Х ქულა. AMD Radeon 780M-ს აქვს 12 გამომთვლელი მოდული და იმუშავებს 2.8, 2.7 ან 2.6 გჰც სიხშირეებზე. ასეთი შედეგი ინტერნეტში ადრეც გავრცელდა და, დიდი ალბათობით, ეს არის 25 ვატი სიმძლავრის მქონე ამაჩქარებლის ვარიანტი. უფრო მეტი, 54-ვატიანი ვარიანტი ბევრად უფრო ახლოს არის NVIDIA GTX 1650 Ti-სთან ან RTX 2050-თან. WhyCry-მ დაადასტურა, რომ ეს გრაფიკული პროცესორები ვერ მიაღწევს 3.0 გჰც სიხშირეს, რაც მიღწევადია AMD RDNA3 არქიტექტურაზე დამყარებული სხვა სერიების ვიდეო ბარათებისთვის მისაღები ტემპერატურის შენარჩუნების პირობებში. AMD Ryzen 7040 Phoenix სერიის APU-ები მიმდინარე კვარტლის ბოლოს გამოვა. მოსალოდნელია, რომ ამ ჩიპებში შენარჩუნებული იქნება Radeon-ის ყველა ფუნქცია რეითრეისინგის, FSR და RSR ტექნოლოგიების ჩათვლით. ჩიპები წარმოებული იქნება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და მათში გამოყენებული იქნება არქიტექტურა Zen 4. https://tinyurl.com/yzt53zhj
  17. კომპანია Dell-ის გეიმინგ ბრენდ Alienware-მა დააანონსა გეიმერებზე ორიენტირებული რამდენიმე ახალი პერიფერიული მოწყობილობა. კერძოდ, წარმოდგენილ იქნა მექანიკური კლავიატურის ორი მოდელი, ორი გეიმინგ ჰედსეტი, აგრეთვე უსადენო გეიმინგ მაუსი Alienware Wireless Gaming Mouse. ფოტოს წყარო: Alienware მექანიკურ კლავიატურა Alienware Tri-Mode Wireless Gaming Keyboard-ს აქვს კომპიუტერთან დაკავშირების სამი მეთოდი: 2.4 გჰც რადიოარხზე USB Type-C გადამცემის მეშვეობით, Bluetooth 5.1 პროტოკოლით ან სადენის გამოყენებით. კომპლექტში შედის USB Type-A-დან USB Type-C-ზე გადამყვანი სადენი. კლავიატურაში გამოყენებულია Cherry MX Red სვიჩები 100 მლნ დაჭერის რესურსით და აქვს პროგრამირებადი ღილაკები. აშშ-სა და ჩინეთში კლავიატურის გაყიდვა აპრილიდან დაიწყება, სხვა ქვეყნებში - 19 მაისიდან. მოწყობილობის ფასი 290 აშშ დოლარს შეადგენს. Alienware Tenkeyless Gaming Keyboard Alienware-მა ასევე წარადგინა უფრო კომპაქტური თხელი მექანიკური კლავიატურა Tenkeyless Gaming Keyboard. მასშიც გამოყენებულია Cherry MX Red გადამრთველები. კლავიატურის განსაკუთრებული მახასიათებელია სადენის დაკეცვის მოსახერხებელი სისტემა. მისი ამოღება შესაძლებელია მოწყობილობის ცენტრალური, მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან. თავად სადენის მოხსნა მთლიანად შეიძლება. Alienware Tenkeyless Gaming Keyboard-ის თითოეულ ღილაკს RGB-განათება აქვს. მოწყობილობა უკვე იყიდება 160 აშშ დოლარად. Alienware-მა აგრეთვე დააანონსა ჰედსეტი Dual-Mode Wireless Gaming Headset, რომელიც კომპიუტერს დაუკავშირდება უსადენო გზით USB Type-C გადამცემის მეშვეობით. ჰედსეტის საფუძვლად გამოყენებულია 40-მილიმეტრიანი დრაივერები Dolby Atmos. უსადენო რეჟიმში ჰედსეტი მუშაობს 30 საათამდე ერთი დამუხტვით. Alienware Dual-Mode Wireless Gaming Headset უკვე იყიდება 160 აშშ დოლარად. Alienware Wired Gaming Headset ყურსასმენზე მხარდაჭერილია მხოლოდ სადენიანი დაკავშირება USB-ს ან 3.5-მილიმეტრიანი სადენის მეშვეობით. სხვა მხრივ მისი მახასიათებლები უსადენო მოდელის იდენტურია. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Dolby Atmos, RGB-განათება, ქსოვილით დაფარული მოსახერხებელი ყურის ბალიშები მეხსიერების ფუნქციით, აგრეთვე დაკავშირებადი მიკროფონი ხმის ჩახშობის ფუნქციით. ყურსასმენის ფასი 100 აშშ დოლარია. აშშ-სა და ჩინეთში Alienware Wired Gaming Headset 14 აპრილიდან გაიყიდება, დანარჩენ ქვეყნებში - 19 მაისიდან. უსადენო გეიმინგ მაუსი Alienware Wireless Gaming Mouse განკუთვნილია მარჯვენა ხელით გამოყენებისთვის და აქვს ცერა თითის საყრდენი. მაუსის საფუძვლად გამოყენებულია 26 000 DPI გაფართოების სენსორი, მაქსიმალური 50G აჩქარების მხარდაჭერით. Alienware-ის განცხადებით მაუსი ბატარეაზე 140 საათამდე იმუშავებს. მითითებულია, რომ მხოლოდ 5 წუთში დამუხტული ბატარეა მაუსს უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიური მუშაობის დროით. მაუსი ჩინეთში უკვე იყიდება, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში 31 მარტიდან გაიყიდება და მისი ფასი იქნება 100 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/4pbk5pcu
  18. აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წარმომადგენლებმა, ელიზაბეტ უორენმა, კრის ვან ჰოლენმა და როჯერ მარშალმა გაუგზავნეს წერილი Binance-ს და მოითხოვეს დეტალები KYC/AML პოლიტიკისა და ფულის გათეთრების კონტროლის პროცედურების შესახებ. ამავდროულად, პოლიტიკოსებმა პლატფორმა დაადანაშაულეს მარეგულირებელი ორგანოებისგან თავის არიდებასა და კრიმინალებთან ურთიერთობაში და მას "არალეგალური ფინანსური საქმიანობის კერა" უწოდეს. Binance-ის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს (CZ) და მის ამერიკელ წარმომადგენელ ბრაიან შრედერს წერილში სენატორებმა მოითხოვეს კრიპტო ბირჟის ფინანსური ანგარიშგების ასლები და ინფორმაცია აშშ-ის მომხმარებლების რაოდენობის შესახებ 2017 წლიდან. დოკუმენტში ასევე მოყვანილია The Wall Street Journal-ის და სხვა მნიშვნელოვანი გამოცემების ანგარიშები კომპანიის მრავალი სამართლებრივი და ფინანსური პრობლემის შესახებ. „Binance-მა და მისმა ფილიალებმა მიზანმიმართულად აარიდეს თავი მარეგულირებლებს, გადასცეს აქტივები კრიმინალებს და სანქციებს დაქვემდებარებულ ინდივიდებს, ასევე დამალეს ძირითადი ფინანსური ინფორმაცია მომხმარებლებისა და საზოგადოებისგან“, - ნათქვამია წერილში. კრიპტო ბირჟასგან მოითხოვეს მშობელ კომპანიასა და აშშ-ში მის ფილიალ Binance.US-ს შორის ურთიერთობის ხასიათის გასაჯაროვება. სენატორებს ასევე აინტერესებთ ინფორმაცია Zhao-ს მცდელობის შესახებ, თავი აარიდოს მარეგულირებლების მოთხოვნებს. კანონმდებლებმა პარალელები გაავლეს FTX Group-ის სტრუქტურასთან და უწოდეს მათ „შემაშფოთებლად მსგავსი“. მათ მსგავსება დაინახეს Binance.US-ის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადებებსა და გაკოტრებული ბირჟის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, სემ ბენკმენ-ფრიდის სიტყვებში FTX-სა და FTX US-ის ურთიერთობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხსენებულმა სენატორები ციტირებდნენ Reuters-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც Binance-მა 400 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადარიცხა აშშ-ის განყოფილების მიერ გახსნილი ანგარიშებიდან სავაჭრო კომპანია Merit Peak-ში, რომელიც დაარსდა Zhao-ს მიერ. ეს აჩენს ეჭვს, არის თუ არა Binance.US დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ნათქვამია წერილში. სენატორებმა პლატფორმისგან პასუხისგაცემა 16 მარტამდე მოითხოვეს. ბოლო თვეების განმავლობაში Binance პოლიტიკოსებისა და პრესის ზეწოლას განიცდიდა. Zhao-მ იანვარში განაცხადა, რომ დაშლილმა FTX-მა უცნობ საიფორმაციო მედიის საშუალებს 43 მლნ აშშ დოლარი გადაუხადა მისი პლატფორმის წინააღმდეგ FUD კამპანიისთვის. CZ-მ ასევე უნდა უპასუხა ჟურნალ Forbes-ის ბრალდებებს „ბირჟის მილიარდობით გირაოს გადაადგილებასთან დაკავშირებით“. მან კონკრეტულად ხაზგასმით აღნიშნა, რომ Binance-ის მომხმარებლის ფული ყოველთვის 1:1-ით არის მხარდაჭერილი. ადრე კრიპტო ბირჟის წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს FTX-თან მსგავსებებზე. კომპანიამ Binance-ზე დიდი ტრანზაქციების მონაცემებს მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა. https://tinyurl.com/9u9wuket
  19. იანვარში Steam-ის სტატისტიკაში შედგა GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათის დებიუტი. თებერვლის შეჯამებით გეიმინგ პლატფორმის სტატისტიკაში მოხვდა RTX 40 სერიის კიდევ ორი გრაფიკული ამაჩქარებელი - GeForce RTX 4080 და RTX 4070 Ti. თვის დინამიკაში პირველი მათგანი მოხვდა პლატფორმის მომხმარებლების 0.20%-ში, მეორე - 0.18%-ში. შესაბამისად, ამაჩქარებლებმა დაიკავეს მეექვსე და მერვე ადგილები აუდიტორიის ზრდის რეიტინგში. ფოტოს წყარო: TechSpot მომხმარებლებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა GeForce RTX 30 სერიის მოდელების წილი. ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა GeForce RTX 3060 მოდელმა. მას მოსდევს მობილური ვერსია GeForce RTX 3060 Ti. მეხუთე ადგილზეა დესკტოპ ვარიანტი GeForce RTX 3060 Ti. მომხმარებლების ზრდა ასევე დაფიქსირდა მოდელებში - GeForce RTX 3070, RTX 3050 და RTX 3070 Ti. მფლობელების ზრდის დინამიკაში მესამე ადგილზეა ძველი თაობის ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060. ვიდეო ბარათების მფლობელების ზრდის დინამიკა თებერვალში თუ ვისაუბრებთ პლატფორმა Steam-ის ყველაზე პოპულარულ ვიდეო ბარათებზე, პირველ ადგილს კვლავ GeForce GTX 1650 იკავებს, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ამ პოზიციაზე GeForce GTX 1060 მოდელი ჩაანაცვლა. Radeon RX 7000 ვიდეო ბარათები რეიტინგში კვლავ არ ჩანს. ეს მოდელები გაყიდვაში გამოვიდა NVIDIA Ada Lovelace (GeForce RTX 40-სერია) ბარათების გაყიდვის დაწყების შემდეგ. Radeon გრაფიკულ ამაჩქარებლებს შორის მხოლოდ Radeon RX 6600 XT-მ დააფიქსირა აუდიტორიის ზრდის დადებითი ტენდენცია, მისი მომხმარებლების ბაზა Steam-ზე თებერვალში 0.01%-ით გაიზარდა. ყველაზე პოპულარული ვიდეო ბარათები Steam-ზე თებერვლის შეჯამებით პროცესორების სეგმენტს რაც შეეხება, აქ კვლავ Intel-ის ჩიპები დომინირებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მომხმარებელთა წილი თებერვალში 0.04%-ით შემცირდა, პლატფორმის მომხმარებლების 67.17% ამ კომპანიის პროცესორებს იყენებს. AMD-ის პროცესორებით სარგებლობს Steam-ის მომხმარებლების 32.8%. ოპერაციული სისტემა Windows 11-ის მომხმარებელთა წილი Steam-ზე გასულ თვეში 1.73%-ით გაიზარდა და ახლა 32.06%-ს შეადგენს. Windows 10 თებერვალში მომხმარებელთა 64.68%-მა დაიტოვა (1.41%-ით კლება). ახალი ოპერაციული სისტემის მზარდი პოპულარობის ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ Steam-ზე, არამედ მთელ მსოფლიოში. იანვარში მისი ბაზრის წილი 18.1%-მდე გაიზარდა. თავის მხრივ, Windows 10-ის მომხმარებელთა წილი დეკემბრის 82.4%-იანი მაჩვენებლიდან იანვარში 68.8%-მდე შემცირდა. Oculus Quest 2 დარჩა ყველაზე პოპულარულ ვირტუალური რეალობის მოწყობილობად თებერვალში. მას იყენებს Steam-ის მომხმარებლების 44.65%. მეორე ადგილზეა Valve Index (17%), მესამეზე - Oculus Rift S (11.96%). https://tinyurl.com/4bnmr4yx
  20. კომპანია Autoflight-ის ელექტრომფრენმა Gen-4 Prosperity I-მ აკუმულატორის ერთ დამუხტვაზე იფრინა ყველაზე მეტი მანძილი ვერტიკალური აფრენა-დაშვების შესაძლებლობების მქონე სხვა აეროტაქსებთან შედარებით. წინა რეკორდი დაამყარა კომპანია Joby Aviation-მა, რომლის მოწყობილობამ ჰაერში 240 კმ გადალახა. Autoflight -ის აეროტაქსის პროტოტიპმა იფრინა 250.64 კმ, რის შედეგად იგი პირველ ადგილას აღმოჩნდა მოცემულ კატეგორიაში. ფოტოს წყარო: Autoflight აღსანიშნავია, რომ Prosperity I-ის (Gen-4) პროტოტიპის ახალი მოდიფიკაცია შესამჩნევად განსხვავდება მოდელისგან, რომელიც გასულ წელს წარადგინეს. ახალი ვერსია გამოიყურება უფრო ელეგანტურად, აქვს უფრო მსხვილი სამაგრი ძელი და ათი ძრავი, წინა მოდელს რვა ჰქონდა. Autoflight-ის ელექტრომფრენი დამზადებულია უფრო მარტივი სქემით, ვიდრე აეროტაქსი Joby Aviation. Joby Aviation-ის აპარატს მბრუნავი ძრავები აქვს, რომლის პროპელერები უზრუნველყოფენ აეროტაქსის არა მარტო ვერტიკალურ აფრენას, არამედ მონაწილეობენ ჰორიზონტალურ ფრენაში ფრთების შესაბამისი შებრუნების შემდეგ. Autoflight-ის აეროტაქსის პროპელერები ყოველთვის რჩება ჰორიზონტალურად ორიენტირებული და, სხვა დანარჩენთან ერთად, აუარესებენ აეროტაქსის აეროდინამიკას ჰორიზონტალური ფრენის პროცესში, როდესაც ბრუნავენ. პოტენციურად, ეს აძლევს Joby Aviation-ის მფრინავ მანქანას ყველაზე გრძელი ფრენის უფრო მეტ შანსს, რასაც კომპანია ალბათ მალე გვაჩვენებს. ორივე კომპანია იმედოვნებს, რომ 2024 ან 2025 წლიდან დაიწყებენ ელექტრო საჰაერო ტაქსების კომერციულ ექსპლუატაციას. ამ პირობებით ხელმძღვანელობენ სხვა კომპანიებიც, მაგრამ ჯერჯერობით წარმოუდგენელი სხვაობით ყველას უსწრებს ჩინური კომპანია EHang, რომელსაც წარმოდგენილი აქვს არა მხოლოდ უპილოტო ფრენები, არამედ სადემონსტრაციო ფრენებიც ბორტზე მყოფი ადამიანებით. https://tinyurl.com/3ykn943z
  21. ამერიკულმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა აამოქმედა ინიციატივა Crypto435, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკოსებსა და მარეგულირებლებს შორის კრიპტოვალუტის გაგებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობას. ”დადგა დრო, რომ ხელი შეეწყოს პროკრიპტოპოლიტიკას აშშ-ის კონგრესის ყველა 435 ოლქში. წარმოგიდგენთ Crypto435-ს, ჩვენი საზოგადოების განვითარების კამპანიას კრიპტოვალუტების დასაცავად და ინსტრუმენტებისა და რესურსების გაზიარებისთვის, რათა თქვენი ხმა გაგონილ იქნას“, - ნათქვამია განცხადებაში. ინიციატივის ფარგლებში Coinbase მიაწვდის ყველა დაინტერესებულ ამერიკელს ინფორმაციას, თუ როგორ დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენელ პოლიტიკოსებს, ისაუბრონ მათ შეხედულებებზე ციფრული აქტივების შესახებ და მიაწოდონ საჭირო მასალები და რჩევები კონგრესმენებზე გავლენის მოხდენის მიზნით. „ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პოლიტიკა და ჯანსაღი რეგულაცია, რათა გავაგრძელოთ კრიპტოვალუტების და Web3-ის პოპულარიზაცია და პროგრესს მივაღწიოთ ეკონომიკური თავისუფლების გაზრდის მიზანში“, - აღნიშნა კომპანიამ. Crypto435-ის ძირითად ამოცანებად Coinbase-მა დაასახელა: გავლენის მოხდენა კანონებსა და პოლიტიკაზე; კრიპტო საზოგადოების გაერთიანება; ინოვაციების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების დაცვა; ჩვეულებრივი ამერიკელების ინფორმირება კრიპტოვალუტის უპირატესობების შესახებ. შეგახსენებთ, რომ თებერვალში Blockchain Association-ის პოლიტიკის დირექტორმა ჯეიკ ჩერვინსკიმ კონგრესის წევრების სწავლებას უწოდა კრიპტოვალუტების შესახებ სწორი წარმოდგენა, როგორც ერთ-ერთი ღონისძიება ინდუსტრიაზე მარეგულირებელი ზეწოლის წინააღმდეგ. https://tinyurl.com/yckp5hac
  22. Dragon Range სერიის ფლაგმანურ მობილურ 16-ბირთვიან AMD Ryzen 9 7945HX-ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მობილურ CPU-ს - ფლაგმანურ 24-ბირთვიან Intel Core i9-13980HX-ს. ტესტების მონაცემები გააზიარა პორტალ Notebookcheck-მა, რომელიც გაეცნო AMD-ის ხსენებული პროცესორის მქონე განახლებულ გეიმინგ ლეპტოპს - ASUS ROG Zephyrus Duo. ფოტოს წყარო: Notebookchek Ryzen 9 7945HX-ის ერთნაკადიანი წარმადობა Cinebench R23 ტესტში თითქმის Core i9-13980HX-ის ანალოგიურია. ამავე დროს, მრავალნაკადიანი წარმადობით AMD-ის ახალი ჩიპი 4.4%-ით სწრაფია. Ryzen 9 7945HX-ის ერთნაკადიანი წარმადობა Cinebench R23-ში Ryzen 9 7945HX-ის მრავალნაკადიანი წარმადობა Cinebench R23-ში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Ryzen 9 7945HX-ზე დამყარებულ, 2023 წლის ROG Zephyrus Duo-ში გამოყენებულია DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, Intel-ის პროცესორის მქონე ლეპტოპ MSI Titan GT77 HX 13VI-ში კი - უფრო სწრაფი DDR5-5600 ტიპის ოპერატიული მეხსიერება. Ryzen 9 7945HX-ის გეიმინგ წარმადობა გაიტესტა Cyberpunk 2077-სა და The Witcher 3-ში. შედეგები მოცემულია ქვემოთ: გეიმინგ ტესტების ჯამური შედეგები აჩვენებს, რომ Ryzen 9 7945HX ჩამორჩება Core i9-13980HX-ს საშუალოდ მხოლოდ 7%-ით. მაგრამ ამავე დროს, მიმოხილვა მიუთითებს, რომ Ryzen 9 7945HX მნიშვნელოვნად უფრო ენერგოეფექტურია HX სერიის მე-13 თაობის Intel Core პროცესორებთან შედარებით. AMD ჩიპის მაქსიმალური TDP არის 120 ვატი, ხოლო Intel-ის ჩიპების მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს. Core i9-13980HX-ის TDP-ის დონის 120 ვატამდე შეზღუდვისას AMD-ის პროცესორთან მისი ჩამორჩენა კიდევ უფრო, 22%-მდე იზრდება. Notebookcheck-ის მოკლე მიმოხილვა ასევე მიუთითებს, რომ Zen 4 არქიტექტურის ახალი Ryzen 9 7945HX ბევრად სწრაფია, ვიდრე წინა თაობის ფლაგმანური Ryzen 9 6900HX Zen 3 პროცესორი, რომელიც გამოიყენება 2022 წლის ROG Zephyrus Duo-ში. პროცესორები გაიტესტა MSI-სა და ASUS-ის ლეპტოპებზე, რომლებშიც მოცემული იყო GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათი TDP-ის მაქსიმალური 175-ვატიანი მაჩვენებლით. https://tinyurl.com/4aa56rkm
  23. ხელოვნური ინტელექტის გენერაციული სისტემების პოპულარობა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ChatGPT, დიდ სარგებელს მოუტანს მსგავსი პროდუქტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გამოთვლითი ამაჩქარებლების მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეს, ყველაზე დიდ სარგებელს კი ნახავს NVIDIA, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა - ასეთი მოსაზრება გამოთქვეს Trendforce-ის სპეციალისტებმა და მათ სიტყვებს რესურსი Wccftech აზიარებს. ფოტოს წყარო: NVIDIA მკვლევარების გამოთვლების მიხედვით ChatGPT-ის სწრაფი განვითარებისა და პარამეტრების რაოდენობის ზრდის გამო სულ რამდენიმე წელიწადში სისტემის მუშაობისთვის საჭირო GPU-ების რაოდენობა გაიზრდება ერთნახევარჯერ - თუ 2020 წელს ამას დასჭირდებოდა დაახლოებით 20 000 გამოთვლითი ამაჩქარებელი, მიმდინარე წელს შეიძლება საჭირო გახდეს 30 000 ან მეტი. თავიანთი გამოთვლების ეტალონად სპეციალისტებმა გამოიყენეს ამაჩქარებელი NVIDIA A100, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, როგორც DGX A100 სერვერის ნაწილს. ამაჩქარებლის წარმადობაა 5 petaFLOP და, წყაროს აზრით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოთვლების აჩქარებისთვის. მოსალოდნელია, რომ ChatGPT-ისა და მსგავსი სისტემების სწრაფი განვითარება NVIDIA-ს მეტად დიდ სარგებელს მოუტანს და საშუალებას მისცემს დააკომპენსიროს ან გადააჭარბოს კიდეც მომხმარებლების მხრიდან გრაფიკულ ადაპტერებზე მოთხოვნის შემცირებით განპირობებულ შემოსავალს. NVIDIA-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი დიდ იმედებს ამყარებს ChatGPT-ზე და აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტის გამოჩენა უდიდესი მოვლენაა ხელოვნური ინტელქტის გამოთვლების სამყაროში. https://tinyurl.com/yx7tezba
  24. ამერიკულმა საგადახდო სისტემებმა, Visa-მ და Mastercard-მა შეანელეს კრიპტო კომპანიებთან ახალი პარტნიორობის დამყარების გეგმები მას შემდეგ, რაც ბაზრის წარუმატებლობამ, რომელიც FTX-ის დაშლით დაიწყო, შეარყია ინდუსტრიისადმი ნდობა, აცხადებს Reuters ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მსხვილი კრიპტო კომპანიების გაკოტრებამ, როგორებიცაა FTX და BlockFi, გამოიწვია თანხების გადინება კრიპტო ბაზრიდან და მასზე კონტროლის გაზრდა მარეგულირებლების მხრიდან. წყაროების თქმით Visa-მაც და Mastercard-მაც გადაწყვიტეს გადადონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული გარკვეული პროდუქტებისა და სერვისების გამოშვება იმ დრომდე, სანამ არ ჩამოყალიბდება ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, ასევე შესაბამისი საბაზრო პირობები. „კრიპტო სექტორში ბოლოდროინდელი გახმაურებული წარუმატებლობები მნიშვნელოვანი შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ კრიპტოვალუტა გახდება ძირითადი გადახდების და ფინანსური სერვისების ნაწილი“, - განაცხადა Visa-ს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ეს არ ცვლის კომპანიის სტრატეგიას კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. თავის მხრივ, Mastercard-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია კვლავ დაინტერესებულია საბაზისო ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით და მისი გამოყენების შესაძლებლობით მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად და უფრო ეფექტური საგადახდო სისტემების შესაქმნელად. Visa-სა და Mastercard-ის კრიპტო პროექტებზე მუშაობის შენელების შესახებ საინვესტიციო კომპანია Great Hill Capital-ის თავმჯდომარემ და მმართველმა წევრმა Thomas Hayes-მა განაცხადა, რომ ისინი „წინ არ უნდა წავიდნენ მანამ, სანამ არ იქნება მკაფიო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა“. ადრე საგადახდო სისტემებმა გამოაცხადეს კრიპტო კომპანიებთან პარტნიორობის დაწყების შესახებ. მათ ასევე შექმნეს სპეციალური ჯგუფები ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესასწავლად. გასული წლის აპრილში Mastercard-მა ძალისხმევა გააერთიანა კრიპტო კრედიტორ Nexo-სთან კრიპტოვალუტების მხარდაჭერის მქონე, მსოფლიოში პირველი საგადახდო ბარათის გამოშვების მიზნით. ნოემბერში Visa-მ განაცხადა, რომ სადებეტო ბარათის გამოშვების შეთანხმებას წყვეტდა კრიპტო ბირჟა FTX-თან მას შემდეგ, რაც ბირჟამ გაკოტრების პროცედურა წამოიწყო. American Express, რომელმაც 2021 წელს გამოაცხადა, რომ განიხილავს კრიპტოვალუტის გამოყენებას, როგორც ბონუს ქულების სამომავლო გადაცვლის ვარიანტს, აპირებს გადახედოს თავის პრიორიტეტებს ამ სფეროში. „მოკლე ვადაში ვერ ვიხილავთ, რომ კრიპტოვალუტა შეცვლის ჩვენს ძირითად საგადახდო და საკრედიტო სერვისებს“, განუცხადა American Express-ის წარმომადგენელმა Reuters-ს და აღნიშნა, რომ კომპანია აგრძელებს ტექნოლოგიის გამოყენების ღირებული შემთხვევების შესწავლას. https://tinyurl.com/46cm8j9k
  25. კომპანია AMD-მ დაიწყო Raphael სერიის Ryzen 9 7950X3D და Ryzen 9 7900X3D დესკტოპ პროცესორების ოფიციალური გაყიდვები. პროცესორები დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, აქვთ 3D V-Cache მეხსიერება, რომელიც განთავსებულია ერთ-ერთი CCD ჩიპლეტის თავზე. ფოტოს წყარო: TechPowerUp დამატებითი 3D V-Cache-ის მქონე Ryzen 9 7950X3D და Ryzen 9 7900X3D პროცესორებს შეუძლია წარმადობის ავტომატური ოპტიმიზაცია მიმდინარე დატვირთვის შესაბამისად. ამ ფუნქციის მხარდაჭერისთვის AMD გამოუშვებს ახალ დრაივერს X670/670E და B650/650E დედა დაფების ჩიპსეტებისთვის, აგრეთვე BIOS-ის ახალ ვერსიას. Ryzen 9 7950X3D არის 16-ბირთვიანი პროცესორი ჯამში 144 მბ (L2 + L3) ქეშ-მეხსიერებით. ამ პროცესორის ერთ-ერთ CCD ჩიპლეტს არ აქვს დამატებითი 3D V-Cache მეხსიერება და შეუძლია 5.7 გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. TDP-ის მაჩვენებელი 120 ვატს შეადგენს. პროცესორი მიმომხილველებში დიდ მოწონებას იმსახურებს, აღინიშნება მისი მაღალი გეიმინგ წარმადობა და ენერგოეფექტურობა. ფოტოს წყარო: Tom's Hardware AMD-მ Ryzen 9 7950X3D შეაფასა 699 აშშ დოლარად, რაც 3D V-Cache-ის არმქონე ჩვეულებრივი Ryzen 9 7950X-ის ღირებულების ტოლია. როგორც პორტალი VideoCardz წერს, ახალი პროცესორი უკვე იყიდება Newegg-სა და Amazon-ზე სარეკომენდაციო ფასად. პროცესორი ასევე იყიდება რამდენიმე ევროპულ მაღაზიაში 799 ევროდ. Ryzen 9 7950X3D-თან ერთად გაყიდვაში გამოვიდა 12-ბირთვიანი Ryzen 9 7900X3D. ჩიპი მუშაობს 5.6 გჰც-მდე სიხშირეზე და აქვს 140 მბ ქეში მეხსიერება (L2 + L3). სამწუხაროდ, AMD-მ არ მიაწოდა მითითებული პროცესორი სპეციალიზებულ მედიასა და ბლოგერებს განსახილველად, ამიტომ მისი რეალური წარმადობა ჯერ უცნობი რჩება. კომპანიამ ეს ჩიპი 599 აშშ დოლარად შეაფასა, რაც 50 აშშ დოლარით მეტია დამატებითი ქეშის არმქონე Ryzen 9 7900X მოდელის ფასთან შედარებით. Ryzen 9 7900X3D ასევე ხელმისაწვდომია მსხვილ დასავლურ საცალო მაღაზიებში, როგორებიცაა Newegg და Amazon. ევროპაში კი ამ პროცესორის ფასი 679 ევროს შეადგენს. აპრილში AMD გამოუშვებს რვაბირთვიან მოდელ Ryzen 7 7800X3D-ს. ამ პროცესორის შემადგენლობაში შევა მხოლოდ ერთი CCD ჩიპლეტი და მას ექნება 3D V-Cache მეხსიერება. https://tinyurl.com/y5wundnk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.