Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5923
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. NVIDIA-მ დააანონსა ინსტრუმენტების ნაკრები NVIDIA AI Workbench, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან, შეამოწმონ და დააკონფიგურირონ წინასწარ განსწავლული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები NVIDIA-ს პლატფორმებზე, დაწყებული კომპიუტერებიდან და მონაცემთა ცენტრების სამუშაო სადგურებიდან - საჯარო ქლაუდითა და NVIDIA DGX Cloud-ით დამთავრებული. სერვისი AI Workbench სერვისი ხელმისაწვდომია გამარტივებული ინტერფეისით, რომელიც ლოკალურ სისტემაზე მუშაობს. იგი დეველოპერებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ და გატესტონ მოდელები პოპულარული რეპოზიტორებიდან, როგორებიცაა Hugging Face, GitHub და NVIDIA NGC პროპრიეტარული მონაცემების გამოყენებით და წვდომა იქონიონ ქლაუდ რესურსებზე, როდესაც საჭიროა მასშტაბირება. შემდეგ მზა მოდელები შეიძლება მრავალ პლატფორმაზე ამოქმედდეს. ფოტოს წყარო: NVIDIA NVIDIA-ს კორპორატიული გამოთვლების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ AI Workbench-ის შექმნის მიზეზი არის დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნის სირთულე და შრომატევადიანი ძალისხმევა. საწარმოთა მასშტაბის ხელოვნური ინტელექტის პროექტები მოითხოვს სწორი პლატფორმისა და ხელსაწყოების მოძიებას მრავალ საცავში ისევე, როგორც მოდელის მორგებას კონკრეტული გამოყენების შემთხვევისთვის. ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც აუცილებელი ხდება პროექტები ერთი ინფრასტრუქტურიდან მეორეში გადავიდეს. NVIDIA AI Workbench დეველოპერებს საშუალებას მისცემს დააკონფიგურირონ და გაუშვან გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით. იგი საშუალებას იძლევა დეველოპერების ინსტრუმენტების ნაკრებში გაერთიანდეს და ერთმანეთთან დაკავშირდეს ყველა საჭირო მოდელი, ფრეიმვორქი, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები, ღია ბიბლიოთეკები და NVIDIA AI პლატფორმები. NVIDIA-ს თანახმად Dell Technologies, HPE, HP, Lambda, Lenovo, Supermicro და მრავალი სხვა ვენდორი უკვე იყენებს AI Workbench გადაწყვეტილებას. NVIDIA-მ ასევე დააანონსა NVIDIA AI Enterprise AI პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის მეოთხე ვერსია, რომელიც გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და მორგებისთვის. პლატფორმა მოიცავს NVIDIA NeMo ფრეიმვორქს, NVIDIA Triton სერვისს და NVIDIA Base Command Manager Essentials პროგრამულ უზრუნველყოფას. NVIDIA AI Enterprise 4.0 ინტეგრირებული იქნება კომპანიის პარტნიორების ბაზრებზე, მათ შორისაა AWS, Google Cloud Platform და Microsoft Azure, ასევე Oracle Cloud Infrastructure. https://tinyurl.com/4yk9rw4a
  2. Samsung-ის უახლესი დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Flip5 და Galaxy Z Fold5 მომხმარებლებში ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. მხოლოდ სამხრეთ კორეაში მათზე 1020000 წინასწარი შეკვეთა გაიცა, ხოლო Galaxy Z Flip5 მოდელმა ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარა. ფოტოს წყარო: June Wan / ZDNET ახალი სმარტფონების მიმართ დიდი ინტერესი ცოტა გასაკვირია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად, ახალი მოწყობილობები ოდნავ განსხვავდება წინამორბედებისგან. ისინი ცოტა უფრო თხელია, ცოტა უფრო ძლიერი და აქვთ რამდენიმე ახალი ფუნქცია, როგორიცაა Flex Window Z Flip5-ზე, მაგრამ არაფერი რევოლუციური. ამის მიუხედავად ინტერესი ასეთი მოწყობილობების მიმართ კვლავ იზრდება. წინა თაობის Galaxy Z Flip4-ისა და Galaxy Z Fold4-ის ჯამურ 970 ათას წინასწარ შეკვეთასთან შედარებით ახალი 1020000 წინასწარი შეკვეთა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზრდა არ იყოს, მაგრამ მაინც ზრდაა. სხვა ქვეყნებში ახალი მოწყობილობების წინასწარი შეკვეთების რაოდენობის შესახებ ჯერ არაფერია ნათქვამი, მაგრამ Samsung-მა ბოლო Unpacked ღონისძიებაზე განაცხადა, რომ დასაკეცი მოდელები მისი სმარტფონების გაყიდვების დაახლოებით 20%-ს შეადგენს მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე საინტერესო არის არა მხოლოდ წინასწარი შეკვეთების რაოდენობის ზრდა, არამედ ის, რომ ამ შეკვეთების 70% Galaxy Z Flip5 მოდელზე მოდის. ეს 10 პუნქტით მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ Flip სერიის სმარტფონები ყოველთვის უფრო პოპულარული იყო, ვიდრე Fold მოდელები. როგორც ჩანს, პოპულარობის ამ სხვაობის ზრდა კიდევ გრძელდება. https://tinyurl.com/2p8vd5m7
  3. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მაქსინ უოტერსმა გამოხატა თავისი „ღრმა შეშფოთება“ PayPal-ის Stablecoin-ის გაშვებასთან დაკავშირებით. მან მიუთითა ასეთი აქტივების მარეგულირებელი ბაზის არარსებობაზე. „მსოფლიოში PayPal-ის 435 მილიონი მომხმარებელი აღემატება ონლაინ ანგარიშების მთლიან რაოდენობას ყველა მეგაბანკში. მისი ზომისა და მასშტაბის გათვალისწინებით ფედერალური ზედამხედველობა და მისი Stablecoin-ით განხორციელებული ოპერაციების აღსრულება აუცილებელია მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად და ფინანსური სტაბილურობის რისკების შესამცირებლად,” - განაცხადა კონგრესმენმა. 7 აგვისტოს საგადახდო გიგანტმა გამოაცხადა Ethereum-ზე დამყარებულ Stablecoin PYUSD-ის გამოშვება, რომელიც დაკავშირებულია აშშ დოლართან. მონეტის ემიტენტია ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურული კომპანია Paxos. 2022 წელს უოტერსმა თანასპონსორობით წარადგინა კანონპროექტი, რომელიც Stablecoin-ებს არეგულირებდა. იმ დროს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა პალატის საფინანსო კომიტეტს. დოკუმენტის მეორე სპონსორი იყო რესპუბლიკელი პატრიკ მაკჰენრი, რომელიც ამჟამად ამ თანამდებობას იკავებს. ოქტომბერში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით პარტიული დიალოგი ჩიხში შევიდა. 2023 წლის პირველ მოსმენაზე კანონპროექტი კრიტიკის წინაშეც აღმოჩნდა. ივლისში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა წარადგინეს Stablecoin-ების რეგულირების წესების საკუთარი ვერსია. უოტერსმა დოკუმენტს "შხამიანი და პრობლემური" უწოდა. კონგრესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას აქტივები ფედერალური საერზერვო სისტემის ზედმახედველობის სივრციდან გაყავს და ძირს უთხრის სააგენტოს, როგორც ცენტრალური ბანკის როლში არსებულ ორგანოს. ”მე მოვუწოდებ თავმჯდომარე მაკჰენრის და რესპუბლიკელებს, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შეიმუშაონ კანონპროექტი, რომელიც რეალურად იმუშავებს. რაც უფრო მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით უფრო მალე დავიცავთ მომხმარებლებსა და ჩვენს ფინანსურ სისტემას“, - დაასკვნა მან. PayPal-ის Stablecoin-მ საკამათო რეაქცია გამოიწვია კრიპტო საზოგადოების მხრიდან. ზოგი ფიქრობს, რომ PYUSD ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების მასობრივ მიღებას, სხვები მიუთითებენ ცენტრალიზაციის რისკებზე. შეგახსენებთ, Paxos-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გამართა ბევრ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიასა და ფინანსური სერვისის პროვაიდერებთან „სტაბილური მონეტების“ გამოშვებასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/539u6zpd
  4. ანალიტიკური სააგენტო Jon Peddie Research (JPR) იტყობინება, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, ცენტრალური პროცესორების გლობალური გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორების (iGPU) მიწოდება თანმიმდევრულად იზრდებოდა 14%-ით, თუმცა მოცულობა შემცირდა წლიდან წლამდე. ფოტოს წყარო: Jonpeddie JPR-ის თანახმად 2023 წლის მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების CPU-ების მიწოდებამ 53.6 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც 17%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. თუ შევადარებთ CPU-ების მიწოდებას წელიწადში, მაშინ პროცესორების მთლიანი მიწოდება (ყველა პლატფორმისა და პროცესორების ტიპების ჩათვლით - როგორც ინტეგრირებული გრაფიკით, ასევე მის გარეშე) შემცირდა 23%-ით. დესკტოპ პროცესორების მიწოდება შემცირდა 25%-ით, ხოლო მობილური პროცესორების - 22%-ით. პროცესორების მწარმოებლებს შორის ბაზრის განაწილების თვალსაზრისით AMD-ის წილი CPU სექტორში ბოლო კვარტალში 5.3%-ით შემცირდა, ხოლო Intel-ის წილი 23%-ით გაიზარდა. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ ინტეგრირებული გრაფიკის მქონე ჩიპების მიწოდების მოცულობას, მაშინ კვარტალური ზრდა შეადგენდა 14%-ს, 49 მილიონ ერთეულს. თუმცა წლიურად iGPU ჩიპების მიწოდება 29%-ით შემცირდა. 2022 წლიდან 2026 წლამდე iGPU ჩიპების მიწოდება სავარაუდოდ გაიზრდება წლიური საშუალო ტემპით 2.5%. საპროგნოზო პერიოდის ბოლოს მათმა ჯამურმა მოცულობამ 4.8 მილიარდ ერთეულს უნდა მიაღწიოს და, შესაბამისად, iGPU-ს წილი პერსონალურ კომპიუტერებში 98%-მდე გაიზრდება. JPR-ის პრეზიდენტმა Jon Peddie-მ განაცხადა: ”მეორე კვარტალში CPU-ების მიწოდების ზრდა დადებითი სიახლეა ბოლო კვარტალში ბოლო ორი წლის მოკრძალებული შედეგების შემდეგ. ინტეგრირებული გრაფიკის ზრდა ასევე დამაიმედებელია იმის გათვალისწინებით, რომ პროცესორების უმეტესობას აქვს ინტეგრირებული GPU. მომავალი კვარტლის პროგნოზი ფრთხილად ოპტიმისტურია. AMD და Intel გეგმავენ ზრდას, თუმცა ზომიერად. ” გლობალური პროცესორების მიწოდების მოცულობის ზრდა 2023 წლის მეორე კვარტალში მიუთითებს ბაზრის აღდგენაზე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ. თუმცა, მიუხედავად მიმდინარე ზრდისა, წლიური მიწოდება მოლოდინს ქვემოთ რჩება. მომავლის შესახებ ექსპერტების შეხედულებები ზომიერად ოპტიმისტურია და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ბაზრის ისეთი უმსხვილესი მოთამაშეების სტრატეგიებზე, როგორიცაა AMD და Intel. https://tinyurl.com/3y6dbprw
  5. ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გამკაცრების მიუხედავად ამერიკული კომპანიები არ ჩქარობენ უარის თქმას ჩინელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე. ასეთი საქმიანობის მაგალითია Advanced System Innovation Lab, რომელიც ახლახანს გაიხსნა შანხაიში Intel-ისა და Lenovo-ს მიერ. ამ პლატფორმაზე კომპანიის ინჟინრებმა გააერთიანეს ძალები, რათა შექმნან მომავალი თაობის პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ წარმადობას, ფუნქციონალურობას და მოსახერხებელ გამოყენებას. ფოტოს წყარო: Lenovo Intel-სა და Lenovo-ს ერთობლივი მუშაობის დიდი ისტორია აქვთ, რომლის ფარგლებში გამოვიდა არაერთი ინოვაციური პროდუქტი, როგორებიცაა ThinkPad X ლეპტოპები დასაკეცი ეკრანის მქონე ThinkPad X Fold-ის ჩათვლით. მომავალში მსგავსი მოწყობილობების შესაქმნელად Intel-მა და Lenovo-მ უნდა გადაჭრას არა მხოლოდ აპარატურასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა მაღალი წარმადობა, სიმძლავრისა და ტემპერატურის მართვა, აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები. Intel-ისა და Lenovo-ს ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრის მიზნით ხორციელდება არა მხოლოდ Advanced System Innovation Laboratory-ში, არამედ სხვა კვლევით ცენტრებში, რომლებიც მდებარეობს Zizhong-სა და Pudong-ში. „ჩვენ Lenovo-სთან ღრმა საინჟინრო თანამშრომლობის ხანგრძლივი და მრავალფეროვანი ისტორია გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ერთად და Lenovo-ს მადლობელნი ვართ ინოვაციური მხარდაჭერისთვის, რომელსაც კომპანია გვაწვდის ამ ერთობლივ კვლევით ცენტრებში თანამშრომლობით“, - განაცხადა Intel China Client Computing Group-ის სამომხმარებლო ინჟინერიის ხელმძღვანელმა Zheng Jiong-მა. Intel-ისა და Lenovo-ს ინჟინრების ერთობლივი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა Advanced System Innovation Lab-ში არის OLED დისპლეის დრაივერის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად ორი OLED ეკრანის მართვას. გარდა ამისა, კომპანიები გაერთიანდნენ LPDDR5 მეხსიერების ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის გაუმჯობესებისთვის. https://tinyurl.com/5n74jw73
  6. 2023 წელს MetaMask იყო ყველაზე პოპულარული არაკასტოდიალური საფულე 22.66 მილიონზე მეტი ინსტალაციით. ტოპ 10 აპლიკაცია შეიცავს 65.9 მილიონ ახალ რეგისტრაციას, ანუ 81.2%-ს, განაცხადეს CoinGecko-ს სპეციალისტებმა. წყარო: X. MetaMask-ის შემდეგ პოპულარობის რეიტინგშია Coinbase Wallet, Trust Wallet და Blockchain.com Wallet. თითოეულ მათგანს აქვს მინიმუმ 10 მილიონი ინსტალაცია. ათიდან ხუთი არაკასტოდიალური საფულე ეკუთვნის ან დაკავშირებულია ცენტრალიზებულ ბირჟებთან. Coinbase Wallet და Crypto.com DeFi Wallet შექმნილია მათი შესაბამისი პლატფორმებით, ხოლო Trust Wallet Binance-მა შეიძინა 2018 წელს. BitKeep ნაწილობრივ მხარს უჭერს Bitget-ს, ხოლო SafePal-მა მოიზიდა ინვესტიციები Binance Labs-ისგან Bifinity-სთან ინტეგრაციის გზით. საერთო ჯამში, სულ მცირე 55 აპლიკაციაა ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტების დამოუკიდებელი შენახვისთვის. მათი ინსტალაციის საერთო მოცულობა 81.16 მილიონს შეადგენს. გამოყენებული მოწყობილობების მხრივ Android-მოწყობილობები დომინირებს 61.6 მილიონი ჩამოტვირთვით. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე Chrome, Brave, Firefox, Opera და Edge ბრაუზერების მაჩვენებლები. https://tinyurl.com/3s8wmhty
  7. Bloomberg-ის Apple-ის პროდუქტის ექსპერტ მარკ გურმანის ინფორმაციით კომპანია ამჟამად ახალ Mac-ის ტესტირებას ახდენს. სავარაუდოდ, ახალი მოწყობილობა Mac mini-ა. ფოტოს წყარო: StockSnap / Pixabay გურმანის თქმით „Mac-ს, რომელიც ამჟამად ტესტირების ეტაპზეა, აქვს რვა CPU ბირთვი (ოთხი მათგანი ენერგოეფექტურია, ოთხი - მაღალი წარმადობის), ასევე 10 გრაფიკული ბირთვი და 24 გბ მეხსიერება. ეს მოწყობილობა მუშაობს macOS Sonoma 14.1-ზე - Mac-ისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პირველ განახლებაზე“. რაც შეეხება ახალი მოწყობილობის გამოსვლის თარიღს, გურმანი ვარაუდობს, რომ ეს მომავალ წლამდე არ მოხდება. Apple-ის ბოლო საშემოსავლო ანგარიშზე დაყრდნობით კომპანია მოელის, რომ Mac-იდან შემოსავალი მეოთხე კვარტალში ორნიშნა პროცენტით შემცირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ახალი პროდუქტი მომავალ წლამდე არ გამოვა. გურმანის აზრით ტესტირების ეტაპზე იმყოფება შემდეგი მოწობილობები: 13-დუიმიანი MacBook Air ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,1 და J513/J613); 15-დუიმიანი MacBook Air ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,2 და J515/J615); 13-დუიმიანი MacBook Pro ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,3 და J504); iMac ჩიპით Apple M3 (კოდური სახელი Mac 15,4, Mac 15,5, J433 და J434); 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro M3 Pro და M3 Max ჩიპებით (კოდური სახელი Mac 15,7, Mac 15,8, J514 და J516); Mac mini ჩიპით Apple M3, სავარაუდო კოდური სახელი Mac 15,12. მიმდინარე წლის დასაწყისში გურმანმა განაცხადა, რომ ახალი კომპიუტერები M3 ჩიპით სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდებოდა, ამიტომ 2024 წელს გამოშვების თარიღი გარკვეულწილად გადახრილია ამ პროგნოზისგან. Mac-ის სიახლეების გარდა გურმანი მოელის, რომ ახალი iPhone 15-ის პრეზენტაცია შედგება 12 ან 13 სექტემბერს, რაც ნიშნავს, რომ სულ რაღაც ერთი თვე გვაშორებს მის მსოფლიო პრემიერას. თუ ეს ვარაუდები დადასტურდება, Apple შეინარჩუნებს პოზიციას ბაზარზე და კვლავ შესთავაზებს მომხმარებლებს ახალ და უფრო მძლავრ მოწყობილობებს. თუმცა, როგორც ყველა პროგნოზი, ეს ინფორმაცია სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, სანამ იგი ოფიციალურად არ დადასტურდება კომპანიის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი თვეები Apple-ის თაყვანისმცემლებისთვის საინტერესო იქნება. https://tinyurl.com/54c893h5
  8. კორპორაცია NVIDIA-მ განაახლა L40 ამაჩქარებლების სერია, რომელიც გამოვიდა გასულ შემოდგომაზე, როგორც OVX პლატფორმის ნაწილი. ახალი ბარათი NVIDIA L40S გვევლინება, როგორც ორსლოტიანი FHFL-ბარათის ფორმ-ფაქტორის უნივერსალური ამაჩქარებელი PCIe 4.0 x16 ინტერფეისით და იგი პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანისთვის არის შესაფერისი. მრავალი თვალსაზრისით L40S L40-ის მსგავსია - ახალი ამაჩქარებელიც დამყარებულია Ada Lovelace არქიტექტურაზე, აქვს AD102 GPU, 48 გბ GDDR6 ECC მეხსიერება (384 ბიტი, 864 გბ/წმ). ამაჩქარებელს აქვს 18176 CUDA ბირთვი, 142 მესამე თაობის RT ბირთვი და 568 მეოთხე თაობის Tensor-ბირთვი. ამ მახასიათებლებში არანაირი განსხვავება არ არის L40-ისგან. თუმცა ახალი ამაჩქარებლის TDP 50 ვატით მეტია, შეადგენს 350 ვატს და აქვს პასიური გაგრილება. ფოტოს წყარო: NVIDIA L40S პრაქტიკულად ორჯერ სწრაფია L40-თან შედარებით გამოთვლების ყველა ფორმატში Tensor ბირთვების გამოყენებით, ხოლო მათ გარეშე FP32 წარმადობა უმნიშვნელოდ გაიზარდა - 90.5-დან 91.6 Tflops-ამდე. NVLink-ის მხარდაჭერა ახალ ამაჩქარებელს არ აქვს. ბარათზე წარმოდგენილია ოთხი DP 1.4a პორტი NVIDIA Mosaic-ისა და Quadro Sync-ის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია vGPU პროფილები vDWS-ის, GRID vApps/vPC-ის, vCS-ისთვის. მხარდაჭერილია Secure Boot Root of Trust-ით და NEBS Level 3 სტანდარტთან შესაბამისობა. ამრიგად, ახალი ამაჩქარებელი შესაფერისია არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ან დასკვნის სისტემების მომზადების აჩქარებისთვის, არამედ პოზიციონირებს, როგორც საფუძველი 3D გრაფიკის, ვიზუალიზაციის ან მეტა-სამყაროებისთვის აპლიკაციების შექმნისა და გაშვებისთვის. NVIDIA აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ამოცანებში L40S A100-ს აღემატება 1.2-1.7-ჯერ, AV1-ის მხარდაჭერის მქონე სამი NVENC/NVDEC ძრავი კი საშუალებას იძლევა ახალი ამაჩქარებელი გამოყენებულ იქნას ვიდეოს ტრანსკოდირების ეფექტური პლატფორმის სახით. https://tinyurl.com/34yvn52c
  9. საგადახდო გიგანტმა PayPal-მა გამოაცხადა PayPal USD (PYUSD) Stablecoin-ის გამოშვების შესახებ. ემიტენტი ინფრასტრუქტურული კომპანია Paxos-ია. განცხადების მიხედვით აქტივი სრულად უზრუნველყოფილია „აშშ დოლარის დეპოზიტებით, მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციებით და ანალოგიური ფულადი ეკვივალენტებით“. PYUSD აშშ-ის ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულია 1:1 თანაფარდობით. „PayPal USD განკუთვნილია ციფრული გადახდებისა და Web3-ისთვის, ასევე თავსებადია ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ბირჟებთან, საფულეებსა და აპლიკაციებთან“, - ნათქვამია რელიზში. კომპანიამ აღნიშნა, რომ stablecoin ხელმისაწვდომია 7 აგვისტოდან და აშშ-ში "ამოქმედდება უახლოეს კვირებში". მომხმარებლებს შეეძლებათ: გადარიცხვა PYUSD სერვისში და გარე საფულეებს შორის; გადახდების გაგზავნა ფიზიკური პირებისთვის; გადახდა შესყიდვებისთვის; კონვერტაცია რომელიმე მხარდაჭერილ კრიპტოვალუტაში. „ციფრულ ვალუტებზე გადასვლა მოითხოვს სტაბილურ ინსტრუმენტს, რომელიც ციფრულია და ადვილად დაუკავშირდება ფიატურ ვალუტას, როგორიცაა აშშ დოლარი“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ შულმანმა. PayPal-ის განცხადების ფონზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარე პატრიკ მაკჰენრიმ ხაზი გაუსვა Stablecoin-ების კანონპროექტის მიღების აუცილებლობას. „ეს განცხადება არის იმის მაჩვენებელი, რომ Stablecoin-ები, თუ ისინი გამოშვებული იქნება მკაფიო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შესაბამისად, გახდებიან 21-ე საუკუნის საგადახდო სისტემის საფუძველი“, - დაწერა მან. PayPal USD შეიქმნა Ethereum-ის ბლოკჩეინზე ERC-20 სტანდარტის მიხედვით. კომპანია თვლის, რომ Stablecoin ხელს შეუწყობს გადარიცხვებსა და საერთაშორისო გადახდებს, ასევე ციფრული აქტივების შემდგომ მიღებას. „2023 წლის სექტემბრიდან Paxos გამოაქვეყნებს საჯარო ყოველთვიურ ანგარიშს PayPal USD-ის რეზერვების შესახებ“, განაცხადეს PayPal-ში. ხმები, რომ საგადახდო გიგანტი Stablecoin-ს გამოუშვებდა, 2021 წლის მაისში გავრცელდა. ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ დაუშვა, რომ PayPal შეარჩევდა პარტნიორს, რომელიც უკვე წარმოდგენილი იყო Stablecoin-ების სექტორში. 2023 წლის თებერვალში კომპანიამ Stablecoin-ის შექმნის პროცესი გაყინა NYDFS-ის მიერ Paxos-ის, BUSD-ისა და USDP-ის ემიტენტის საქმიანობის გამოძიების ფონზე. მოგვიანებით ინფრასტრუქტურულმა კომპანიამ გამოაცხადა კონსტრუქციული დიალოგი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან, რომელმაც გააფრთხილა სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/mvj9et6y
  10. Apple-მა ახალი, მაღალი წარმადობის მქონე პროცესორ M3 Max-ის ტესტირება დაიწყო. იგი გამოყენებული იქნება განახლებულ MacBook Pro ლეპტოპებში, რომლებიც სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა. ამის შესახებ Bloomberg-ის Apple-ის პროდუქტების ექსპერტი მარკ გურმანი აცხადებს. M2 Max. ფოტოს წყარო: Apple ახალ Apple M3 Max-ს ექნება 16 გამომთვლელი და 40 გრაფიკული ბირთვი, შენარჩუნებული იქნება გარე მწარმოებლების აპლიკაციების ტესტების ლოგები macOS-ისთვის, რომელთაც ხსენებული ჟურნალისტი გაეცნო. ჩიპი გამოყენებული იყო სამომავლო MacBook Pro-ს პროტოტიპში (კოდური სახელი J514). Apple M3 Max-ის შემადგენლობაში შედის 12 მაღალი წარმადობის ბირთვი, რომლებიც გამოყენებული იქნება რთული ამოცანებისთვის, მაგალითად ვიდეომონტაჟისთვის, აგრეთვე ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი, რომლებიც განკუთვნილია ნაკლებად ინტენსიური ამოცანებისთვის, როგორიცაა ვებ-ბრაუზინგი. ამრიგად, აქტუალურ M2 Max-თან შედარებით ახალ ჩიპს ექნება კიდევ ოთხი მაღალი წარმადობის CPU ბირთვი, ხოლო გრაფიკული ბირთვების რაოდენობა ორით გაიზრდება. გარდა ამისა, Bloomberg-ის ცნობით, ტესტში გამოყენებული იყო MacBook Pro, რომელსაც ჰქონდა 48 გბ ოპერატიული მეხსიერება. გამოცემა აღნიშნავს, რომ Apple ტესტავს პროცესორის სხვადასხვა კონფიგურაციას სხვადასხვა რაოდენობის ბირთვით - აღნიშნული ნიმუში მხოლოდ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთია. Apple M3 პროცესორები დამზადდება 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. იგივე ნოუდები გამოყენებული იქნება A17 Bionic პროცესორების წარმოებისთვის, რომლებიც საფუძვლად დაედება iPhone 15 Pro სმარტფონებს, რომელთა ანონსი მიმდინარე წლის სექტემბერშია მოსალოდნელი. როგორც M-სერიის წინა თაობის პროცესორების შემთხვევაში, Apple აპირებს M3 ჩიპების რამდენიმე ვარიანტის გამოშვებას. საბაზო მოდელ M3-ს ექნება იგივე კონფიგურაცია, რაც ამჟამინდელ M2 ჩიპს - რვა გამოთვლითი და 10-მდე გრაფიკული ბირთვი. მოდელ M3 Pro-ს ექნება 12 გამომთვლელი და 18 გრაფიკული ბირთვი. ხოლო M3 Max-ში, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილი იქნება 16-მდე გამომთვლელი და 40 გრაფიკული ბირთვი. ასევე მოსალოდნელია პლატფორმა, რომელიც ჩაანაცვლებს M2 Ultra-ს, თუმცა ეს ჩიპი ტესტებში არ იყო აღნიშნული - შესაძლოა გამოჩნდეს მოგვიანებით. პროცესორების M3 ხაზზე გადასვლა, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება, როდესაც Apple სავარაუდოდ წარადგენს ახალი საწყისი დონის Mac სისტემებს. Bloomberg-ის ცნობით კომპანია უკვე ტესტავს iMac-ებს, 13-დუიმიან MacBook Pro-ებს, 13- და 15-დუიმიან MacBook Airs-ს და ახალ M3-ზე დამყარებულ Mac mini-ებს. ამ განახლებული მოწყობილობების გამოშვება მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში. განახლებული 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro მოდელები სავარაუდოდ 2024 წელს გამოვა. მათში წარმოდგენილი იქნება M3 Pro და M3 Max პროცესორები. გასულ კვირას გამოქვეყნებული უახლესი ფინანსური ანგარიშის ფარგლებში Apple-მა მიგვანიშნა, რომ ახალი Mac-ების გამოსვლა არ არის მოსალოდნელი მეოთხე ფისკალური კვარტალის ბოლომდე, რომელიც სექტემბერში მთავრდება. https://tinyurl.com/2vphbj4w
  11. კომპანია NVIDIA-მ კონფერენცია SIGGRAPH 2023-ზე წარადგინა სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი სამი ახალი ვიდეო ბარათი. Ada Lovelace არქიტექტურის პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების ასორტიმენტი გაფართოვდა მოდელებით: RTX 5000 Ada, RTX 4500 Ada და RTX 4000 Ada. RTX 5000 Ada. ფოტოს წყარო: NVIDIA მოდელ RTX 5000 Ada-ს საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD102 12800 CUDA, 400 Tensor და 100 RT-ბირთვით. ჩიპი მუშაობს 2.5 გჰც სიხშირეზე. ბარათს აქვს 32 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, სიჩქარე შეადგენს 18 გბ/წმ-ს კონტაქტზე, მხარდაჭერილია 256-ბიტიანი სალტე და გამშვები სიჩქარე 578 გბ/წმ. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება 250 ვატს შეადგენს. კომპანიის განცხადებით RTX 5000-ის წარმადობა FP32 ოპერაციებში 65.3 Tflop-ია. RTX 4500 Ada RTX 4500 Ada-ში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი AD104 7680 CUDA ბირთვით, 240 Tensor- და 60 RT ბირთვით. GPU-ის Boost-სიხშირე 2.6 გჰც-ია. ბარათს აქვს 24 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, 18 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე, მხარდაჭერილია 192-ბიტიანი სალტე და 432 გბ/წმ სიჩქარე. ამაჩქარებლის ენერგომოხმარება შეადგენს 210 ვატს, წარმადობა FP32 ოპერაციებში - 39.6 Tflop-ს. RTX 4000 Ada RTX 4000 Ada-ს აქვს გრაფიკული პროცესორი AD104 6144 CUDA ბირთვით, 192 Tensor და 48 RT ბირთვით. ჩიპი მუშაობს 2.2 გჰც სიხშირეზე. ბარათს აქვს 20 გბ GDDR6 მეხსიერება ECC ხარვეზების კორექციის ფუნქციით, 18 გბ/წმ სიჩქარე კონტაქტზე, მხარდაჭერილია 160-ბიტიანი სალტე და 360 გბ/წმ სიჩქარე. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელია 130 ვატი, წარმადობა FP32 ოპერაციებში - 26.7 Tflop. ფოტოს წყარო: ComputerBase სამივე ბარათს აქვს PCIe 4.0 ინტერფეისის 16 არხის მხარდაჭერა. ორ უფროს მოდელს აქვს 4-4 DisplayPort 1.4a, RTX 4000 Ada-ს - ოთხი mini-DisplayPort 1.4a. NVIDIA ახალ ვიდეო ბარათებს შემდეგნაირად აფასებს: RTX 5000 Ada - 4000 აშშ დოლარი, RTX 4500 Ada – 2250 აშშ დოლარი, RTX 4000 Ada – 1250 აშშ დოლარი. ამ პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების მქონე პირველი სამუშაო სადგურები გაყიდვაში შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს. შემოთავაზებებს შორის წარმოდგენილი იქნება სამუშაო სადგურები Boxx-ის, Dell-ის, Lambda-ს, Lenovo-სა და HP-სგან. ასევე გაყიდვაში გამოვა სამუშაო სადგურები მანამდე წარმოდგენილი ოთხ ერთეულამდე პროფესიონალური ამაჩქარებლით RTX 6000 Ada - თითოეულ მათგანს აქვს 48 გბ GDDR6 ECC და ერთეულის ფასია 6800 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/33nje3wx
  12. Glassnode-ის მონაცემებით Bitcoin-ის გრძელვადიანი მფლობელები აკონტროლებენ რეკორდულ 14.599 მილიონ BTC-ს, რაც კრიპტოვალუტის მთლიანი შეთავაზების 75%-ია. წყარო: X ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ამ საფულეების ერთობლივი ბალანსი გაიზარდა 43.949 BTC-ით (დაახლოებით 1.274 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის არსებული კურსით). Glassnode გრძელვადიან მფლობელებად განსაზღვრავს მისამართებს, საიდანაც აქტივების გატანა არ მომხდარა 155 დღეზე მეტი ხნის (დაახლოებით 5 თვე) განმავლობაში. ანალიტიკური სერვისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მონეტები დაიხარჯება და ისინი, სავარაუდოდ HODL სტატუსში იმყოფება. Glassnode-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ფსევდონიმით Checkmate, ასევე აღნიშნა Bitcoin-ის რეალიზებული არასტაბილურობის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნა. სხვადასხვა ვადებში, ინდიკატორი „ყველაზე მშვიდია“ 2020 წლის მარტის შემდეგ, განაცხადა მან. წყარო: X „ისტორიულად ასეთი დაბალი ცვალებადობა ემთხვევა დათვური ბაზრის შემდეგ არსებული „გამოფხიზლების“ პერიოდებს (ხელახალი დაგროვების ფაზა) - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით 2018 წლის ნოემბერში ინდიკატორის მინიმალური მნიშვნელობების შემდეგ Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 50%-ით შემცირდა. დანარჩენი შემთხვევები იყო ხარული ბაზრის იმპულსის საწინდარი. შესაბამისად, ფასების მოძრაობა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მოხდეს, მაგრამ ისტორიულად მატება უფრო ხშირად ხდება, განაცხადა მან. წყარო: X შეგახსენებთ, რომ ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა მაიკლ ვან დე პოპმა უარყო ინვესტორების ვარაუდები ახალი აღმასვლის წინ პირველი კრიპტოვალუტის ფასის 12000 აშშ დოლარამდე დაცემის შესახებ. https://tinyurl.com/3bawbwp7
  13. კომპანია Honor მონაწილეობას მიიღებს გამოფენა IFA-ში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ბერლინში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე კომპანია წარადგენს უახლეს ფლაგმანურ დასაკეც სმარტფონ Magic V2-ის გლობალურ ვერსიას, რომელიც ჩინეთში ივნისში გამოვიდა. მოწყობილობის მოახლოებულ გლობალურ ანონსზე სარეკლამო ბანერი მიგვანიშნებს. ფოტოს წყარო: Honor Honor Magic V2-ს საკმაოდ შთამბეჭდავი მახასიათებლები აქვს. მოწყობილობა მუშაობს აჩქარებულ პროცესორ Snapdragon 8 Gen2-ზე, აქვს 12 ან 16 გბ LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება, ასევე 256, 512 ან 1024 გბ მუდმივი UFS 4.0 მეხსიერება. სმარტფონს აქვს 7.92-დუიმიანი ძირითადი LTPO OLED ეკრანი გაფართოებით 2156 × 2344 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, სიკაშკაშის მაჩვენებელი - 2500 კდ/მ2. ასევე წარმოდგენილია გარე 6.43-დუიმიანი OLED ეკრანი 2376 × 1060 პიქსელი გაფართოებით, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 1500 კდ/მ2 სიკაშკაშით. მოწყობილობის სისქე დაკეცილ მდგომარეობაში 9.9 მმ-ს შეადგენს, გახსნისას - მხოლოდ 4.7 მმ-ს. სმარტფონს აქვს ორი 16-მეგაპიქსელიანი (შიდა და გარე) ფრონტალური კამერა. Magic V2-ის ძირითადი კამერების ნაკრები შედგება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის მქონე მთავარი 50-მეგაპიქსელიანი სენსორისგან, 50-მეგაპიქსელიანი სუპერფართოკუთხის მოდულისა და 20-მეგაპიქსელიანი ტელეობიქტივისგან, რომელსაც აქვს 2.5-მაგი ოპტიკური ზუმი და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის მხარდაჭერა. სმარტფონს აქვს სილიკონ-ნახშირბადის ბატარეა 5000 მა/სთ მოცულობით და 66-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. Magic V2-ში გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა MagicOS 7.2 ოპერაციულ სისტემა Android 13-ის ბაზაზე. https://tinyurl.com/yuakvhp8
  14. მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მარეგულირებლებისგან ნებართვის მოპოვების განმეორებითი მცდელობის შემდეგ - ჩაეტარებინა ტვინში იმპლანტაციის ექსპერიმენტი ადამიანებში, ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-მა მიაღწია მიზანს და ივნისის შუა რიცხვებში გამოაცხადა, რომ ამ ტიპის პირველი ოპერაციის ჩატარებას მიმდინარე წელს აპირებს. ამის შემდეგ კომპანიამ მოახერხა 280 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მოზიდვა. ფოტოს წყარო: Silicon ANGLE როგორც Reuters-მა განმარტა, სიახლის შესახებ ამ კვირაში გახდა ცნობილი. ამჯერად სტარტაპის ინვესტორი იყო Founders Fund, რომელმაც დაახლოებით 280 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო Neuralink-ის კაპიტალში. საერთო ჯამში Neuralink-მა დაარსებიდან მოახერხა 640 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა და წყაროებმა ახლახანს სტარტაპის მთლიანი კაპიტალიზაცია 5 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. Neuralink-ის წარმომადგენლების მიერ მასკის კუთვნილ პლატფორმა X-ის გვერდებზე ნათქვამია, რომ აღფრთოვანებულნი არიან კომპანიის ცხოვრების ახალი ეტაპით. ამ დრომდე მასკის სტარტაპი ცხოველების ტვინში იმპლანტის ჩანერგვის ექსპერიმენტებს ატარებდა და საზოგადოებას წარუდგინა მაიმუნი, რომელსაც კომპიუტერის ეკრანზე კურსორის მართვა „გონების ძალით“ შეუძლია. კომპანია გაეხვა სკანდალების სერიაში, მას ადანაშაულებდნენ საცდელი ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასა და ბიოლოგიური მასალის უყურადღებო ტრანსპორტირებაში. გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს და Neuralink-ს შეუძლიათ გააერთიანონ ძალები ბიონიკური პროთეზების წარმოებისთვის, რომლებიც ტვინის იმპლანტებით გაკონტროლდება. ეს საშუალებას მისცემს კიდურები პირობითად დაიბრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გარემოებების გამო დაკარგეს ისინი. https://tinyurl.com/yvjhx33v
  15. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) მიიღო 50-ზე მეტი საჯარო კომენტარი, როგორც განაცხადების განხილვის ნაწილი სპოტ Bitcoin-ETF-ების ამოქმედებისთვის. პროცესი ივლისში დაიწყო. ეს არ ნიშნავს, რომ განაცხადები დამტკიცდება ან უარყოფილი იქნება. 45-დღიანი პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააზიაროს საკუთარი აზრი ინსტრუმენტის შესახებ. The Block-ის თანახმად 3 აგვისტოს მდგომარეობით კომისიამ მიიღო 52 მოთხოვნა, რომელთა უმეტესობა გამოხატავდა პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებული Spot ETF-ის მხარდაჭერას. მუსიკოსმა ჯოზეფ ბ. დარტმა მოუწოდა SEC-ს „დაუყოვნებლივ დაამტკიცოს“ ყველა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სააგენტომ უნდა დაიცვას ამერიკელი ინვესტორები. კიდევ ერთმა კომენტატორმა Bitcoin-ს უწოდა „ძლიერი ინოვაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების განვითარებას და აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას“. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორმა ჯონ რანდლმა გაიხსენა, რომ კომისიამ ბირჟაზე მხარი უკვე დაუჭირა Bitcoin-ფიუჩერსებზე დამყარებულ სავაჭრო ფონდებს [ProShares-ისა და VanEck-ისთვის]. 15 ივნისს BlackRock-მა SEC-ში შეიტანა განაცხადი Spot Bitcoin ETF-ზე. ფინანსური გიგანტის შემდეგ მსგავსი მოთხოვნები შემოვიდა Valkyrie-ს, Fidelity Investments-ის, WisdomTree-სა და Invesco-სგან. მოგვიანებით კომისიამ განაცხადები უკან დააბრუნა, რადგან ისინი არ შეიცავდნენ საკმარის ინფორმაციას ე.წ. ერთობლივი მონიტორინგის შეთანხმების ან ამ მექანიზმის დეტალების შესახებ. ეს უკანასკნელი მთავარი დამატება იყო BlackRock-ის შეთავაზებაში. შემდგომში ზემოთხსენებულმა კომპანიებმა დეპარტამენტს ოპერატიულად გაუგზავნეს განახლებული წინადადებები. 14 ივლისს მარეგულირებელმა განსახილველად მიიღო BlackRock-ის, VanEck-ის, Invesco-ს, Fidelity Investments-ისა და WisdomTree-ს განაცხადები არაერთი ექსპერტი ენთუზიაზმით იყო განწყობილი მომხდარის მიმართ. Bernstein-ის ანალიტიკოსების აზრით SEC დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს თავისი უარყოფითი პოზიციის შენარჩუნებას პირველ კრიპტოვალუტაზე დამყარებულ სპოტ ETF-ებთან მიმართებაში. აგვისტოში Bloomberg-ის ანალიტიკოსმა ჯეიმს სეიფარტმა Bitcoin ETF-ის დამტკიცების შანსები 65%-მდე გაზარდა. მისი აზრით გადამწყვეტი იქნება Ripple-ის წინააღმდეგ SEC-ის საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ისევე, როგორც Grayscale სარჩელი GBTC-ის საბირჟო ვაჭრობის ფონდად გადაქცევასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/3hammucz
  16. მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ღონისძიება Intel Innovation 2023, რომელიც მართალია დეველოპერებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ, როგორც წესი, ასევე მოიცავს კომპანიის ახალი პროდუქტების პრეზენტაციას. რომელი პროდუქტები დაანონსდება - შეგვიძლია შევიტყოთ სესიების ჩამონათვალიდან, რომლებიც Innovation-ის ფარგლებში შედის. ღონისძიების დაწყება დაგეგმილია 19 სექტემბერს. ფოტოს წყარო: videocardz.com განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სესია სახელწოდებით „სამომხმარებლო აღჭურვილობისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების გეგმა“, რომლის ფარგლებში, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება Core Ultra (Meteor Lake თაობა) პროცესორები. ადრე გამოცხადდა, რომ Intel ამ პროცესორებს წლის ბოლომდე წარადგენდა, ასე რომ Innovation ამ ანონსისთვის იდეალურ პლატფორმას წარმოადგენს. როგორც წესი, Intel ამ ღონისძიებას იყენებს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების, დესკტოპ და მობილური პროცესორების და Arc გრაფიკული ამაჩქარებლების დემონსტრირებისთვის. წელს შესაძლოა ყურადღება გამახვილდეს მე-14 თაობის Core პროცესორებზე, ასევე მომავალ Core Ultra პროცესორებზე, რომლებიც ამ ეტაპზე მობილური ვერსიებით შემოიფარგლება. ფოტოს წყარო: Intel Innovation-ის სესიების სია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მოხსენება მთლიანად მიეძღვნება Meteor Lake არქიტექტურის განხილვას. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ახალი სამოქმედო რუკა, განსაკუთრებული აქცენტით ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე. პირველად, Meteor Lake პროცესორებში მოცემული იქნება ხელოვნური ინტელექტის აჩქარების ბირთვი და თანაპროცესორი Vision Processing Unit (VPU). მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა უკვე გამოავლინა Meteor Lake არქიტექტურის ზოგიერთი მახასიათებელი, ბევრი დეტალი საიდუმლოდ რჩება. ვიცით მხოლოდ ის, რომ Intel-ის ჰიბრიდულ და მრავალბირთვიან არქიტექტურას ექნება Core Ultra პროდუქტების დასახელების ახალი სქემა. ამავდროულად Core პროცესორების მობილური სერია Ultra პრეფიქსის გარეშე განახლდება Raptor Lake პროცესორებით. https://tinyurl.com/yw5jye8y
  17. Apple Mac Pro-ს M2 Ultra პროცესორის გამოშვებით კომპანიამ დაასრულა Intel-ის პროცესორებიდან საკუთარ ჩიპებზე გადასვლა - პროცესს დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. ამან ბრენდის გულშემატკივრებს უბიძგა განაახლონ კომპიუტერები, ხოლო Windows-ის მხარდამჭერებმა - კიდევ ერთხელ მიაქციონ ყურადღება Mac-ს. Apple-ის მეორე კვარტალში გაყიდული კომპიუტერების ნახევარზე მეტი ეკოსისტემის ახალმა მომხმარებლებმა შეიძინეს. ფოტოს წყარო: apple.com „გასულ კვარტალში სიხარულით დავასრულეთ მთლიანი ხაზის Apple Silicon-ზე გადასვლა. ამან გამოიწვია როგორც აქტიური განახლება, ისე დიდი რაოდენობით ახალი მომხმარებლების მოზიდვა. Mac-ის მყიდველთა თითქმის ნახევარი ამ კვარტალში ფაქტობრივად ახლები იყვნენ. ჩვენ ასევე მივიღეთ უკუკავშირი, რომ აშშ-ში Mac-ის მომხმარებელთა დაკმაყოფილების მაჩვენებელი 96% იყო, ”- ციტირებს Seeking Alpha Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკის განცხადებას. Apple Silicon-ზე გადასვლა ნამდვილად დაეხმარა კომპანიას ბაზრის წილის გაზრდაში. 2019 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ გაყიდა 4.077 მილიონი Mac და დაიკავა კომპიუტერების ბაზრის 6.3%. 2023 წლის მეორე კვარტალში Apple-მა ბაზრის 8.6% დაიკავა 5.3 მილიონი გაყიდული ერთეულით. ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში ბაზრის წილი იყო 9.3% 7.342 კომპიუტერით, რომელთაგან ბევრი ეკოსისტემის ახალ მომხმარებლებს ერგო. მწარმოებლის კონტროლი პროგრამულ და აპარატულ უზრუნველყოფაზე საშუალებას აძლევს განახორციელოს სხვადასხვა სპეციალური დანიშნულების ამაჩქარებლების ინტეგრირება თავის პლატფორმაში, რაც მაქსიმუმამდე მიიყვანს ინდივიდუალური აპლიკაციების წარმადობას. ეს ეხმარება კომპანიას მაქსიმალურად გაზარდოს მოგება, რადგან მას აღარ უწევს Intel-ისთვის პროცესორების საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, Apple-ის საფირმო პროცესორებს არ აქვს მესამე მხარის დისკრეტული გრაფიკიკს მხარდაჭერა, რაც ცუდი ამბავია Mac Pro-ს მფლობელებისთვის, რომელთაც მძლავრი GPU სჭირდებათ. კომპიუტერების ბაზრის მოცულობა 2023 წლის II კვარტალში მიწოდების კუთხით 13.4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Apple-მა შეძლო ამ სფეროდან 6.8 მლრდ აშშ დოლარის მოპოვება - 7%-ით ნაკლების, ვიდრე ერთი წლის წინ. მაგრამ ერთეულებში მან გაყიდა მეტი კომპიუტერი, ვიდრე 2022 წლის მეორე კვარტალში - სავარაუდოდ, ეკოსისტემის ბევრმა ახალმა მომხმარებელმა იაფ მოდელებს მიანიჭა უპირატესობა. მეორე მხრივ, 2022 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა ძვირადღირებული MacBook Pro-ების გაყიდვის მოცულობა, რომლებიც დამყარებულია M2 Pro-სა და M2 Max-ზე – მაშინ, როდესაც 2023 წლის მეორე კვარტალში Apple-ის კომპიუტერების ბიზნესი აშკარად უკეთ გრძნობდა თავს Lenovo-ს, Dell-სა და Acer-თან შედარებით, ყოველ შემთხვევაში, ერთეულის გაყიდვების ზრდის კუთხით. მომავალ კვარტალში Apple შემოსავლების შემცირებას ელოდება Mac-ის და iPad-ის სეგმენტებიდან. https://tinyurl.com/ymek8jwt
  18. მსოფლიოს უდიდესმა მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-მა გამოაქვეყნა ანგარიში 2023 წლის ივლისის ოპერაციების შედეგების შესახებ. კომპანიამ მოახერხა ათასზე მეტი Bitcoin-ის მოპოვება და გამოთვლითი სიმძლავრის მხრივ მსოფლიოში უდიდესი მაინიგ კომპანიის სტატუსის შენარჩუნება. ფოტოს წყარო: MichaelWuensch / pixabay.com თვის ბოლოსთვის Marathon-ის Bitcoin-ების მთლიანმა რეზერვებმა მიაღწია 12.964 Bitcoin-ს (379.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მთლიანი ჰეშრეითი, ანუ კომპანიის ყველა აღჭურვილობის საერთო წარმადობა იყო 18,8 EHash/s. ამრიგად, მფლობელობაში არსებული Bitcoin-ების რაოდენობის მიხედვით კომპანია მეორე ადგილზეა Microstrategy-ის შემდეგ, გამოთვალეს BitcoinTreasuries-ში. ივლისში მაინერმა დაამუშავა ტრანზაქციის 179 დადასტურებული ბლოკი და ამისთვის მიიღო ჯილდო 1176 Bitcoin (34.4 მლონ აშშ დოლარი), ხოლო წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ანალოგიური მაჩვენებელი 6297 Bitcoin-ია (184.3 მლნ დოლარი). Marathon Digital არის ამერიკული საჯარო მაინინგ კომპანია. მას აქვს ათიათასობით მოწყობილობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც განლაგებულია საწარმოებში ჩრდილოეთ დაკოტას, ოჰაიოსა და ტეხასის შტატებში. მაისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ გეგმავს 250 მეგავატი სიმძლავრის მაინინგ ცენტრების აშენებას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში Zero Two-სთან ერთად. https://tinyurl.com/52nk4hmv
  19. სმარტფონების ყველა მწარმოებლის ჯამური შემოსავალი 2023 წლის მეორე კვარტალში შემცირდა 8%-ით წლიურად, 15%-ით კვარტალურად და ჩამოვიდა 90 მლრდ აშშ დოლარზე დაბლა, გამოთვალეს Counterpoint ანალიტიკოსებმა. ამავე პერიოდის საოპერაციო მოგება კვარტალური და წლიური კუთხით 3%-ით და 27%-ით შემცირდა, შესაბამისად - ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები 2020 წლის პანდემიის მეორე კვარტლის შემდეგ. ფოტოს წყარო: apple.com თუმცა სმარტფონების მწარმოებელი ყველა კომპანია ერთნაირად არ ზარალდება. iPhone-ის მიწოდების მოცულობა 2023 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით მხოლოდ 3%-ით შემცირდა, მაშინ როცა მთელ ბაზარზე 9%-იანი კლებაა. კომპანიამ მოახერხა მოწყობილობების საშუალო სარეალიზაციო ფასის (ASP) აწევა Pro სერიის გაზრდილი წილის, SE სერიის წილის შემცირების და იმ ფაქტის წყალობით, რომ iPhone 14 Plus-მა შეცვალა iPhone 13 Mini. iPhone-იდან მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირდა, მაგრამ Apple-ის წილი სმარტფონების მწარმოებლების მთლიან შემოსავალში გაიზარდა 3%-ით, რეკორდულ 45%-მდე. მოგების კუთხით წლიური ზრდა იყო 4%, წილი კი 85%-ით გაიზარდა და ესეც რეკორდულია. ზოგადად, ბაზარზე მიწოდების მოცულობა წლის განმავლობაში შემცირდა 9%-ით, ხოლო ASP გაიზარდა 1%-ით. Apple-ის წილი მოგებაში, შემოსავალსა და მიწოდების მოცულობაში სმარტფონების ბაზარზე 2023 წლის მეორე კვარტალში. ფოტოს წყარო: counterpointresearch.com საშუალო საბაზრო ASP ინდიკატორი ოდნავ გაიზარდა და ეს სეზონური ეფექტია: მეორე კვარტალი თანაბრად არის დაშორებული iPhone-ზე მაქსიმალური მოთხოვნილებისა და ახალი მოდელების პრეზენტაციისგან, ასევე არ მოიაზრებს კონკურენტებისგან ახალი პრემიუმ პროდუქციის - Samsung Galaxy S-ისა და Galaxy Z Fold/Flip-ის შემოსვლას ბაზარზე. მთელი ბაზრის წლიური შემოსავლის შემდეგ შემცირდა საოპერაციო მოგებაც. მასზე უარყოფითად იმოქმედა გადაზიდვების სტრუქტურის ცვლილებამ: Apple-ის გადაზიდვების წილი კვარტალურად შემცირდა 4%-ით - მას შეაქვს ყველაზე დიდი წვლილი მთლიან საოპერაციო მოგებაში. ASP-ის სტაგნაციის ფონზე მწარმოებლების ფოკუსირება პრემიუმ სეგმენტზე, სავარაუდოდ, გაგრძელდება: საშუალო დონის ბრენდებმა გადაწყვიტეს მისი ათვისება, ხოლო პრემიუმ ბრენდებმა დაიწყეს ყველაზე ძვირადღირებული მოდელების გაყიდვების გაზრდა. 2023 წლის მეორე ნახევარში ეს ხელს შეუწყობს სმარტფონების ბაზარს შემოსავლებისა და მოგების აღდგენაში, რაც თავის მხრივ დაეხმარება ბაზარს შემცირებული მიწოდების პირობებში. https://tinyurl.com/yc27yaw9
  20. ორგანიზაცია PCI-SIG-მა გამოაცხადა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს ოპტიკური ინტერფეისს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ამჟამად გამოყენებაში არსებული ელექტრონული სალტე. იგი ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას, სითბოს გამომუშავების შემცირებას და ზოგადად კომპიუტერების მუშაობის გაუმჯობესებას, მაგრამ პირველ რიგში ტექნოლოგია გამოჩნდება სერვერებში, მონაცემთა ცენტრებსა და სხვა მძლავრ სისტემებში. ფოტოს წყარო: Visor69 / pixabay.com PCI Express პერსონალური კომპიუტერის უმნიშვნელოვანესი არხია, რომელიც უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს ერთმანეთთან აკავშირებს: ცენტრალურ პროცესორს დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორსა და მყარ დისკთან, აგრეთვე სხვა ინტერფეისებთან. ამ ტექნოლოგიის განვითარება ხელს შეუწყობს კომპიუტერის წარმადობის გაზრდას, ელექტრონიკიდან ოპტიკაზე გადასვლა რევოლუციას ნიშნავს. PCIe-ს ოპტიკური ვერსიის მალე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის - იქნება ეს მახასიათებლები თუ რეალური პროტოტიპი. 2025 წლისთვის მოსალოდნელია PCI Express 7.0 სტანდარტის გამოსვლა კოლოსალური 128 GT/s (giga-transfers/second) სიჩქარით. ბაზარზე ამჟამად ყველაზე აქტუალური რჩება PCI Express 4.0 სტანდარტის კომპონენტები, რომელიც დამტკიცდა 2017 წელს. PCIe 5.0-ის მქონე კომპონენტების გამოშვება ახლა იწყება. მონაცემთა გადაცემისთვის ოპტიკის გამოყენების შესწავლა ათწლეულზე მეტია მიმდინარეობს: ოდესღაც Intel-მა წარმოადგინა Light Peak ტექნოლოგია USB-ის შემცვლელად, მაგრამ შემდგომ პროექტს დაერქვა Thunderbolt და განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მიუხედავად ამისა, ოპტიკურ გადაწყვეტილებებს არ დაუკარგავს აქტუალობა. გამოთვლითი კომპონენტების დამაკავშირებელი შეიძლება მოიხმარდეს ჩიპების 80%-მდე სიმძლავრეს - ოპტიკას შეუძლია შეამციროს ეს მაჩვენებელი და გაზარდოს მონაცემთა გადაცემის სიჩქარე. „ეს ახალი ოპტიკური ტექნოლოგიების სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმისათვის, რომ PCIe არქიტექტურა უფრო შესაფერისი გახდეს ოპტიკური მოწყობილობებისთვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. https://tinyurl.com/2jrab8h4
  21. ელიზაბეტ უორენმა, ბერნი სანდერსმა, ბობ კეისიმ და რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადეს, რომ აშშ-ში არის 50 მლრდ აშშ დოლარის კრიპტოვალუტის გადასახადის დეფიციტი. სენატორები დარწმუნებულნი არიან, რომ აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს, IRS-თან ერთად, აქვთ ვალდებულება დროულად წარადგინონ ახალი საგადასახადო წესები და, რაც მთავარია, უზრუნველყონ შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის ბიუჯეტს შეიძლება დააკლდეს დაახლოებით 1.5 მლრდ აშშ დოლარის კრიპტო შემოსავალი 2024 ფისკალურ წელს. „თუ მათ მიეცემათ შანსი, გადასახადებისგან თავის ამრიდებლები და კრიპტო შუამავლები, რომლებიც მათ ეხმარებიან, გააგრძელებენ სისტემის მოტყუებას, ხვრელების გამოყენებას და წელიწადში მილიარდობით დოლარის გამოტანას აშშ-ის ბიუჯეტიდან. თქვენ არ უნდა მისცეთ მათ ეს შანსი“, - ნათქვამია დოკუმენტში. პოლიტიკოსებმა გაიხსენეს 2021 წელს მიღებული კანონი, რომელიც შეიცავს საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს კრიპტობროკერების სახით მოქმედი კომპანიებისთვის. „კანონის მიღებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მოთხოვნების შესრულების ვადამდე ექვს თვეზე ნაკლები დარჩა. მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია შემოთავაზებული ცვლილებები საგადასახადო ანგარიშგების წესებში“, - აღშფოთებულნი არიან სენატორები, უორენის ხელმძღვანელობით. ცოტა ხნის წინ IRS-მა გამოსცა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტების სტეიკინგიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაიბეგროს. https://tinyurl.com/394e54n4
  22. Steam-ის აპარატული უზრუნველყოფის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფლაგმანურმა NVIDIA RTX 4090-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკან მოიტოვა AMD RX 7900 XTX. Steam-ის მომხმარებლებს შორის NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების წილი 74.69%-ს შეადგენს, AMD-ის - 15.93%-ს, ხოლო Intel-ის - 9.02%-ს. საუკეთესო ხუთეულში შედის GeForce GTX 1650 5.3%-ით, შემდეგ მოდის RTX 3060 4.88%-ით, GTX 1060 4.6%-ით, RTX 2060 4.10%-ით და RTX 3060 Laptop GPU 3.76%-იანი წილით. უმაღლესი კლასის სეგმენტში NVIDIA GeForce RTX 4090 იკავებს 0.72%-იან წილს და უსწრებს RTX 3090-ს, რომლის წილი 0.66%-ია. RTX 4080-ის წილი შეადგენს 0.47%-ს, RTX 3080-ისა და RTX 3080 Ti-ს წილებია 2.46% და 0.85%, შესაბამისად. RTX 4070-ის წილი შეადგენს 1.23%-ს, RTX 3070-ის - 2.52%. აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 4090 თითქმის ოთხჯერ უფრო პოპულარულია, ვიდრე Radeon RX 7900 XTX, მიუხედავად იმისა, რომ ორივე GPU გამოვიდა თვეების ინტერვალით. RTX 4090-ის წილი, რომლის სარეკომენაციო ფასი 1599 აშშ დოლარს შეადგენს, აღემატება RX 7900 XTX-ს, რომლის ფასი მხოლოდ 999 აშშ დოლარია. ბევრი გეიმერის თვალში RTX 4090 უკეთესია RTX 4080-სა და RX 7900 XTX-ს განსაკუთრებული სიმძლავრის გამო. https://tinyurl.com/72tzy3m5
  23. კომპანია Dell-მა დააანონსა მძლავრ დესკტოპ გეიმინგ კომპიუტერების სერია Alienware Aurora-ს შევსება ახალი Alienware Aurora R16-ით, რომელიც წინამორბედებისგან გაფართოებული ფუნქციონალით, კორპუსის ახალი კონტრუქციითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ფოტოს წყარო: Dell „განახლებული Alienware Aurora R16-ის გამოშვებით ჩვენ ვავითარებთ წარმატებულ მოდელ Aurora R15-ს და მას უკეთესად ვაქცევთ“ - აღნიშნა კომპანიამ. თუმცა Aurora R16-ს, რომელიც გამოვიდა Aurora R15-დან ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ, აქვს სრულიად განსხვავებული დიზაინი და ფუნქციონალი. მარცხნივ - Aurora R15, მარჯვნივ - ახალი Aurora R16 Aurora R16-ის შექმნისას გამოყენებული იყო დიზაინის ოპტიმიზებული ენა სახელწოდებით Legend 3, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოშვებულ ლეპტოპებში გამოიყენა. ცნობილია, რომ Aurora R16 40%-ით პატარაა წინამორბედთან შედარებით, თუმცა შიდა მოცულობა 25.2 ლიტრი იგივეა და, შესაბამისად, შესაძლებელია მოდერნიზაცია. ახალი დიზაინით აგრეთვე შესაძლებელი გახდა გაზრდილიყო ჰაერის ნაკადი და სისტემას ემუშავა 20%-ით უფრო ჩუმად, აგრეთვე 10%-ით შემცირებულიყო ცენტრალური პროცესორის და 6%-ით - გრაფიკული პროცესორის ტემპერატურა. ეს არის ყველაზე ჩუმი Alienware კომპიუტერი, რომელიც კომპანიას ოდესმე შეუქმნია, ამბობს ექსპერტი Eddy Goyanes. გარდა ამისა, უნივერსალური დიზაინის წყალობით გეიმინგ დესკტოპი შეუფერხებლად ერგება მრავალფეროვან გარემოს. Aurora R16 წარმოდგენილია Intel Core 13 თობის პროცესორებით (Core i9-13900F-მდე) და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკით (GeForce RTX 4080-მდე). DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16-დან 64-მდე გბ-ს (ხელმისაწვდომია ორი DIMM სლოტი). წარმოდგენილია ორი SSD M.2 სლოტი, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ორი SSD PCIe 4.0 4 ტბ-მდე მოცულობით. აგრეთვე შემოთავაზებულია კონფიგურაცია 512 გბ SSD-თა და 1 ტბ მყარი დისკით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E. ფრონტალურ პანელზე განთავსებულია სამი პორტი USB 3.1 Gen 1 (2 პორტი Type-A და 1 პორტი Type-C). უკანა პანელზე მოცემულია ექვსი 3.5 მმ აუდიოკონექტორი, Ethernet 2.5 გბ/წმ პორტი, 4 პორტი USB 2.0 Type-A, 2 პორტი USB 3.2 Type-A და 2 - USB 3.2 Type-C. ასევე მოცემულია 500 ან 1000 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი 80Plus Platinum გამოყენებული ვიდეო ბარათის შესაბამისად. გეიმინგ კომპიუტერი Aurora R16 აშშ-ში უკვე იყიდება, საწყისი ფასი 1749.99 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/4ytunjxw
  24. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები ემზადებიან კრიპტო ბირჟა Binance-ისთვის თაღლითობის ბრალდების წაყენებისთვის, მაგრამ შეშფოთებულნი არიან მომხმარებელთა შესაძლო მასობრივი გადინებით. ამის შესახებ აცხადებს Semafor წყაროებზე დაყრდნობით. მათი აზრით სარჩელს შესაძლოა თანხების მასიური გატანა მოჰყვეს, როგორც დაშლილი FTX-ის შემთხვევაში. შედეგად მომხმარებლები დაკარგავენ ფულს და შეიძლება პანიკა შეიქმნას ციფრული აქტივების ბაზარზე. ინსაიდერების თქმით პროკურორები განიხილავენ Binance-ის შეზღუდვის სხვა ვარიანტებს, როგორიცაა ჯარიმები, ასევე შეთანხმებას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა გადაიდოს ან გაუქმდეს. იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ ასეთი ნაბიჯი იქნება კომპრომისი, რომელიც კომპანიას დააკისრებს პასუხისმგებლობას სავარაუდო დანაშაულებრივ ქცევაზე და შეამცირებს მომხმარებლების ზარალს. 5 ივნისს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) უჩივლა Binance-ს და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს. სააგენტომ 13 ბრალი წაუყენა, მათ შორის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა. 6 ივნისს მარეგულირებელმა პეტიცია შეიტანა ბირჟის ამერიკული განყოფილების ციფრული აქტივების გაყინვის შესახებ. 9 ივნისს Binance.US-ის მომხმარებლებმა დაკარგეს დოლარის დეპონირების შესაძლებლობა, რამაც გამოიწვია გაყიდვები მათი მხრიდან, ვისაც ფულის ფიატში გატანა სურდა. ამ სიტუაციის ფონზე დისკონტი ჩამოყალიბდა Bitcoin-ის აშშ დოლართან დაწყვილებულ კვოტებში - მაჩვენებელმა 2200 აშშ დოლარს (7.3%) მიაღწია. 17 ივნისს SEC-მა და Binance-მა გააფორმეს შეთანხმება მომხმარებლების თანხების შესახებ შეერთებულ შტატებში. ბირჟამ განაახლა აქტივების გატანა, მაგრამ კომპანიამ გააფრთხილა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. შეგახსენებთ, რომ მარტში CFTC-მ სავაჭრო პლატფორმა დაადანაშაულა დერივატივებით ვაჭრობის წესების დარღვევასა და ლიცენზიის გარეშე მუშაობაში. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ კომპანიამ იცოდა, რომ მისი მომხმარებლები სანქცირებული პირები იყვნენ. სააგენტოს განცხადებით Binance-მა განზრახ დაარღვია წესები. ბრალდებების საპასუხოდ Zhao-მ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის პრეტენზიები შეიცავს "ფაქტების არასრულად გადმოცემას" და მისი კომპანია არ ეთანხმება მრავალი პუნქტის დახასიათებას. ივლისში Binance-მა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა CFTC-ის სარჩელის გაუქმების შესახებ ჩიკაგოს ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა. https://tinyurl.com/4jnvyzad
  25. Apple და Microsoft ივლისის შეჯამებით დარჩნენ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებად ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით, რასაც ხელი შეწყო მიმდინარე წელს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასის ზრდამ. უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე 20 კომპანია 2023 წლის 31 ივლისის მდგომარეობით. ფოტოს წყარო: reuters.com Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ივლისში 3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო - ამას ხელი შეუწყო ინვესტორების იმედებმა, რომ კომპანია ახალ ბაზრებზე გაიზრდება, აგრეთვე მოლოდინმა, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთი ზომიერი იქნება. ინვესტორების ზოგადი განწყობა ასევე გააუმჯობესა Alphabet-ის, Meta-ს, Intel-ისა და Lam Research-ის მაღალმა შემოსავლებმა. ივლისში Meta-ს კაპიტალიზაცია 10%-ით გაიზარდა - ბაზარი შთაგონებული იყო კომპანიის მაღალი სარეკლამო შემოსავლით და ოპტიმისტური პერსპექტივით. Microsoft-ის შემოსავალმაც გადააჭარბა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებებს, რასაც ხელი შეუწყო ქლაუდ გამოთვლითი და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესების ზრდამ, თუმცა კომპანიის აქციების ფასი 1.4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ აპირებს ხარჯები გაზარდოს სერვისებზე მოთხოვნის ზრდის დასაკმაყოფილებლად. ივლისის ბოლოს სოფთვეარ გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.49 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა. Apple-ის კვარტალური ანგარიშის წარდგენა მიმდინარე დღეებშია მოსალოდნელი. უმსხვილესი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის დინამიკა 2023 წლის ივლისში Reuters-ის მიერ გამოკითხული ინვესტორები კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი - ხელოვნური ინტელექტის ბუმი შედარებულია 1995 წელთან, რომელიც აღინიშნება, როგორც ინტერნეტის ეპოქის დასაწყისი. აშშ-ის საშუალო და მსხვილი კაპიტალის მქონე კომპანიების თითქმის 69 პროცენტმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს მეორე კვარტალში, გამოთვალა Refinitiv-მა, მათი 82% მოდიოდა ტექნოლოგიურ სექტორზე. https://tinyurl.com/2d5ejbd4
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.