Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5910
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია Samsung-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარების კიდევ ერთი ცენტრი გახსნა, ამჯერად მონრეალში - კანადის სიდიდით მეორე ქალაქში, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადმზარდ და განვითარებად ცენტრთა სისტემა. მონრეალში მდებარეობს მაკგილის უნივერსიტეტი (McGill University) და მონრეალის უნივერსიტეტი (Université de Montréal), სადაც მოღვაწეობენ ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი სპეციალისტები. მათ ხანგრძლივი ურთიერთობების გამოცდილება აქვთ Samsung-თან, მათ ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას იღებს 250 მკვლევარი და 9 000 სტუდენტი. ჯამში, ეს არის ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული Samsung-ის რიგით მეშვიდე ცენტრი და ჩრდ. ამერიკაში არსებული ცენტრებიდან რიგით მეოთხე - სილიკონის ველის, ნიუ-იორკისა და ტორონტოს ცენტრების შემდეგ. ხელოვნური ინტელექტის განვითარების პირველი ცენტრი კომპანიამ დააარსა გასული წლის ნოემბერში საკუთარ სამშობლოში (სამხრეთი კორეა, სეული). სამხრეთკორეული გიგანტი აცხადებს, რომ მონრეალის ცენტრი ყურადღებას გაამახვილებს მანქანათმცოდნეობისთვის განკუთვნილი აპლიკაციების შემუშავებაზე, პროგრამირების ენებსა და მულტიმოდალურ თანამონაწილეობაზე. Samsung-ი ასევე აპირებს, მუშაობა განაგრძოს თავისი ვირტუალური თანაშემწის - Bixby-ს განვითარებაზე. კომპანია გეგმავს, შექმნას საკუთარი პლატფორმა რამოდენიმე მოწყობილობისთვის და ეს პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს იმოქმედონ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ხმოვანი ბრძანებების ან ეკრანზე შეხების მეშვეობით. მიმდინარე წლის ადრეულ პერიოდში Samsung-მა განაცხადა, რომ აპირებს 2020 წლამდე 1000 პერსონამდე გაზარდოს იმ მკვლევართა რიცხვი, რომლებიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის შემუშავების სფეროში მოღვაწეობენ. გეგმის მიხედვით, სწორედ 2020 წლიდან Samsung-ს ყველა სერვისში ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. https://3dnews.ru/977033
  2. კომპანია Tesla-მ დააანონსა, რომ გამოუშვებს ელექტრომობილ Model 3-ის საშუალო გარბენის მქონე ვერსიას, რომელიც შედარებით იაფი იქნება Model 3 Long Range-თან შედარებით. როგორც ილონ მასკმა განაცხადა Twitter-ზე, ელექტრომობილის ახალ ვერსიას ექნება ზუსტად ისეთივე აკუმულატორის ბლოკები, როგორიც აქვს ორიგინალ მოდელს - Tesla Model 3 Long Range-ს, თუმცა ახალ ვერსიაში ნაკლებია ელემენტები, რითიც აიხსნება მისი შედარებით დაბალი ფასი და ერთ დამუხტვაზე შესრულებული ნაკლები გარბენი. ორიგინალი მოდელი ერთი სრული დამუხტვის შემდეგ ფარავს 499 კილომეტრს მაქსიმალურ სიჩქარეზე - 233 კმ/სთ. Model 3-ის ახალი ვერსია კი დაფარავს 418 კილომეტრს მაქსიმალურ სიჩქარეზე - 201 კმ/სთ. Autopilot-ის გაფართოებული ფუნქციების დამატების შემთხვევაში ელექტრომობილის ფასი კიდევ 5 000 დოლარით გაიზრდება, ისევე როგორც ეს ხდება Tesla-ს სხვა მოდელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ახალი ვერსიის Model 3 წარმოდგენილი იქნება მხოლოდ უკანა წამყვანი ხიდით. https://3dnews.ru/977027
  3. მეცხრე თაობის Intel Core (Coffee Lake Refresh) პროცესორების გაყიდვა უკვე დაიწყო და, ამასთანავე, გამოქვეყნდა ცნობები სიახლეებზე: ესენია - Core i7-9700K და Core i9900K რვაბირთვიანი პროცესორები, აგრეთვე სპეციალურად ამ სიახლეებისთვის გამოშვებული დედა დაფა ASUS ROG Strix Z390-E Gaming. პირველი რვაბირთვიანი პროცესორის - Ryzen 7-ის გამოშვებით, კომპანია AMD-მ პირველად მრავალი წლის განმავლობაში რეალური კონკურენცია გაუწია Intel-ის პროცესორებს. Intel-მა კი გასულ წელს ამის პასუხად გამოუშვა ექვსბირთვიანი პროცესორები მეინსტრიმ ბაზრისთვის, ახლა კი მის ასორტიმენტს შეემატა რვაბირთვიანი მოდელები - Core i7-9700K და Core i9-9900K. ეს მოდელები არის Intel-ის მიერ მეინსტრიმ ბაზრისთვის წარმოებული პირველი პროცესორები ამ რაოდენობის ბირთვებით. AMD-ის პროცესორებისგან გაწეულმა კონკურენციამ Intel-ი აიძულა შეექმნა ნამდვილად ძლიერი პროცესორები. Core i7-9700K მოდელს აქვს რვა ბირთვი და რვა ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირე შეადგენს 3,6-4,9 გჰც-ს. ფლაგმანურ Core i9-9900K-ს კი აქვს Hyper-Threading მხარდაჭერა, რვა ბირთვი და 16 ნაკადი. მისი ტაქტის სიხშირეა 3,6-5,0 გჰც. რაც შეეხება წარმადობას, როგორც ჩანს, Intel-ი არ ცდება, როდესაც თავის Core i9-9900K-ს უწოდებს „საუკეთესო გეიმინგ პროცესორს“. ამ მოდელს თამაშების კუთხით ნამდვილად არ ჰყავს ბადალი. მასზე ერთი საფეხურით ქვემოთ მდგომი Core i7-9700K მოდელიც ამტკიცებს თავის აღმატებულობას კონკურენტებზე. რესურსების მოცულობის თვალსაზრისითაც ორივე მოდელი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. განვიხილოთ დედა დაფა ASUS ROG Strix Z390-E Gaming: იგი აწყობილია Intel Z390 მიკროსქემების ახალ ნაკრებზე, რომელთა წარდგენაც მოხდა Coffee Lake Refresh-ის პროცესორებთან ერთად. ახალი ჩიპსეტი დიდად არ გამოირჩევა წინამორბედი Intel Z370-ისგან. თუმცა, ახალ სისტემურ ლოგიკაზე არსებული დაფები და, მათ შორის, ASUS ROG Strix Z390-E Gaming-ი, ბევრად ოპტიმალურია ახალი პროცესორებისთვის. ASUS ROG STRIX Z390-E GAMING პროცესორების მხარდაჭერა მე-9 და მე-8 თაობის Intel-ის პროცესორები (Core, Pentium Gold და Celeron) პლატფორმისთვის - LGA1151-v2  ჩიპსეტი Intel Z390 Express მეხსიერების ქვესისტემა 4 × DIMM, 64 გბ-მდე DDR4-2133-4266 (OC) გაფართოების სლოტები 3 × PCI Express x16  3 × PCI Express x1 დრაივ-ინტერფეისები 1 × M.2 (Socket 3, 2242/2260/2280) SATA 6 გბიტი/წმ. და PCI Express x4-ის მხარდაჭერით 1 × M.2 (Socket 3, 2242/2260/2280/22110) PCI Express x4  6 × SATA 6 გბიტი/წმ. მხარდაჭერით RAID 0, 1, 10 ლოკალური ქსელი Intel I219V, 10/100/1000 მბიტი/წმ. უსადენო კავშირი Intel Wireless-AC 9560 აუდიოსისტემა ROG SupremeFX (S1220A) 7.1 HD ინტერფეისები უკანა პანელზე 1 × HDMI  1 × DisplayPort  1 × RJ-45  1 × ოპტიკური S/PDIF  3 × USB 3.1 Gen2 Type A  1 × USB 3.1 Gen2 Type C  2 × USB 3.1 Gen1 Type A  2 × USB 2.0 Type A  5 × აუდიო 3,5 მმ. ფორმ-ფაქტორი ATX ფასი - https://3dnews.ru/977053
  4. 25 ოქტომბერს შედგება Xiaomi Mi Mix 3-ის ოფიციალური ანონსი, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ Xiaomi-ს ფლაგმანური სმარტფონი იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით. გარდა ამისა, გაცილებით ადრე გახდა ცნობილი, რომ მას აგრეთვე ექნებოდა 5G მხარდაჭერა. მოკლედ, Mi Mix 3 ამ კუთხითაც პირველი იქნება ბაზარზე. ვრცელდება ხმები, რომ ASUS და OPPO-ც ამზადებენ სმარტფონებს 10 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი პარამეტრების პირველი წარმომადგენელი Xiaomi-ს სმარტფონი იქნება. Mi Mix 3-ის დისპლეი სრულიად უჩარჩოო იქნება, ამიტომ ზედა ნაწილში ექნება სლაიდ-მექანიზმი (ასეთი რამ უკვე რეალიზებულ იქნა OPPO Find X-სა და Honor Magic 2 სმარტფონებში).კორპუსის უკანა ნაწილში სმარტფონს ექნება თითის ანაბეჭდის სკანერი და სახის ამომცნობი საფირმო ფუნქცია. მაქსიმალური კომპლექტაციისას, შიდა მეხსიერების სრული მოცულობა შეადგენს 512 გიგაბაიტს. ამ დროისათვის ცნობილი ყველა სიახლის გათვალისწინებით, შესაძლებელია ვთქვათ, რომ უკვე სულ მალე ვიხილავთ მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ტექნოლოგიურ სმარტფონს. მის ღირებულებასთან დაკავშირებით ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა, ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, Xiaomi Mi Mix 3 იქნება კომპანიის ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი. https://bit.ly/2CutPn7
  5. კომპანია Samsung-მა წარადგინა ლეპტოპი Galaxy Book 2. როგორც აღმოჩნდა, ამ ლეპტოპის წარმოებისას კომპანიამ უარი თქვა Intel-ის პროცესორზე და მის ნაცვლად გამოიყენა Snapdragon 850. ეს არის რვაბირთვიანი ჩიპი - ჩაშენებული გრაფიკური პროცესორით, არის მაღალი წარმადობისა და ენერგოეფექტურობის მქონე. თუმცა ამ ყველაფრით არ მთავრდება Samsung-ის ახალი ლეპტოპის ღირსებების ჩამონათვალი. Galaxy Book-ის პირველი მოდელი წარმოადგენდა მცდელობას - შექმნილიყო მოქნილი, „ორი-ერთში“ მოწყობილობა. პირველი Galaxy Book-ი იყო მსუბუქი და ძლიერი, ლამაზი ეკრანით. თუმცა, მცირე ავტონომიური მუშაობის უნარი და ცუდი კლავიატურა არ აძლევდა მას საშუალებას - კონკურენცია გაეწია იმ დროს არსებული კონკურენტი კომპანიების ლეპტოპებისთვის, მაგალითად, Microsoft Surface Book 2-სთვის. ახალი თაობის ლეპტოპში კი ბევრი ნაკლოვანება გამოსწორებულია. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა შესამჩნევად გაიზარდა. ბატარეის მოცულობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, თუმცა Windows 10 S-ზე მუშაობისას გარანტირებულია 20 საათი (დატენვის გარეშე) მუშაობა. პირველი თაობის ლეპტოპის მუშაობის ხანგრძლივობა 11 საათი იყო. ახალ მოდელს აქვს სწრაფად დატენვის შესაძლებლობაც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 4 გიგაბაიტი, დისკური მეხსიერების რაოდენობა გაიზარდა 128 გიგაბაიტამდე. ეკრანის გაფართოებაა 2160 х 1440 პიქსელი, პიქსელების სიმჭიდროვეა 216 ppi. გარეგნული თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მრუდე კუთხეები უფრო სწორკუთხა გახდა, ეკრანის ირგვლივ ჩარჩოები კი - უფრო ვიწრო (თუმცა არც იმდენად ვიწრო, რომ მოუხერხებელი გამხდარიყო ხელში ჭერისას). აგრეთვე, ახალ Galaxy Book-ს აქვს სადგამი - Surface Pro 6-ის მსგავსად. წინა თაობის მოდელთან შედარებით, ლეპტოპი გაცილებით მძიმე და მსხვილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც პორტატულ დივაისად ითვლება. აქვს Gigabit LTE კავშირის მხარდაჭერა. აგრეთვე ორი USB-C პორტი, microSD და კონექტორი ყურსასმენებისთვის. საბაზისო მოდელის ღირებულებაა 1000 $, გაყიდვები აშშ-ის მასშტაბით დაიწყება 2 ნოემბრიდან. https://bit.ly/2S1t4HP
  6. GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათების გაყიდვები დაიწყო და კომპანია EVGA-მ, ისევე როგორც ვიდეო ბარათების სხვა მწარმოებლებმა, დააამზადა ხსენებული გრაფიკული ამაჩქარებლის საკუთარი ვერსიები. ამ დროისთვის EVGA გვთავაზობს GeForce RTX 2070-ის ოთხ ვერსიას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან გაგრილების სისტემით, კვების ქვესისტემის მოწყობით, GPU-ს ტაქტის სიხშირითა და, რაღა თქმა უნდა, ფასით. EVGA GeForce RTX 2070 FTW3 Ultra ამ მოდელს აქვს თითქმის სამსლოტიანი გაფართოების მქონე, გაგრილების მასიური სისტემა, რომელიც მოიცავს ალუმინის ორ მოზრდილ რადიატორს, სითბურ მილებსა და სამ ვენტილატორს. ვიდეო ბარათ GeForce RTX 2070 XC Ultra-ს კი აქვს თითქმის ასეთივე გაგრილების სისტემა, თუმცა მხოლოდ ორი ვენტილატორით. EVGA GeForce RTX 2070 XC Ultra და XC Ultra ვიდეო ბარათებს - GeForce RTX 2070 XC და GeForce RTX 2070 Black-ს აქვთ უფრო კომპაქტური ქულერი - ორი სლოტითა და ორი ვენტილატორით. ყველა მოდელს, GeForce RTX 2070 Black-ის გარდა, აქვთ RGB განათება, აგრეთვე, კომპანია EVGA-მ გაგრილების სისტემისთვის შეიმუშავა პლასტმასის სხვადასხვაგვარი გარეკანები, რომლითაც იცვლება პროდუქტის გარეგნული სახე. ეს დამატებითი ელემენტება ცალკე გაიყიდება. ყველაზე ძლიერ მოდელს - GeForce RTX 2070 FTW3 Ultra-ს აქვს 14 ფაზიანი კვების ქვესისტემა და ორი, 8-8 პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისათვის. მოდელები - GeForce RTX 2070 XC და XC Ultra ფლობენ კვების უფრო მარტივ ქვესისტემას, რომელიც არის 10 ფაზიანი და აქვს 6- და 8-პინიანი კონექტორები. და ბოლოს, GeForce RTX 2070 Black მოდელს აქვს 8 ფაზიანი ქვესისტემა და ერთი, 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. EVGA GeForce RTX 2070 Black რაც შეეხება გრაფიკული პროცესორების ტაქტის სიხშირეს, ზემოთ ხსენებული ვიდეო ბარათები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ Boost-სიხშირით, საბაზისო ტაქტის სიხშირე კი ყველა შემთხვევაში 1410 მჰც-ის ტოლია. GeForce RTX 2070 Black მოდელის ეტალონური სიხშირეა 1620 მჰც, GeForce RTX 2070 XC მოდელის - 1710 მჰც, GeForce RTX 2070 XC Ultra-სი - 1725 მჰც. ფლაგმანური GeForce RTX 2070 FTW3 Ultra მოდელის ტაქტის სიხშირე კი არის 1815 მჰც. EVGA GeForce RTX 2070 XC Ultra რაც შეეხება ღირებულებას: EVGA GeForce RTX 2070 Black – 500 $; GeForce RTX 2070 XC – 580 $; GeForce RTX 2070 XC Ultra – 600 $’ GeForce RTX 2070 FTW3 Ultra – 630 $. https://3dnews.ru/976936
  7. NASA იტყობინება, რომ სპეციალისტები მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავენ, მარსის რომელ რეგიონში მოხდება Mars 2020-ის დაშვება. Mars 2020 როვერის საფუძველს წარმოადგენს პლატფორმა Curiosity. ახალი მარსმავალი დაკავდება მარსის ასტრობიოლოგიური კვლევებით, შეისწავლის პლანეტის ზედაპირს, გეოლოგიურ პროცესებს და ა.შ. პროექტში გათვალისწინებულია დიდი ზომის მარსმავალის აწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება უამრავი სამეცნიერო ინსტრუმენტითა და ფუნქციებით. რობოტს ექნება სპეციალური საბურღი მანიპულატორი და მასალების შესაგროვებელი მილები. საერთო ჯამში, როვერზე განთავსებული იქნება 23 კამერა, რომელთაც გამოიყენებენ პანორამული გადაღებებისთვის, გზაზე აღმოჩენილი დაბრკოლებების აღმოჩენისთვის, გარემოს კვლევისთვის და ა.შ. ამ დროისთვის მარსმავალის დაშვების ადგილად განიხილება რამოდენიმე რეგიონი. რამოდენიმე თვეში გახდება ცნობილი საბოლოო არჩევანის შესახებ. როვერის გაშვებისთვის გამოყენებული იქნება რაკეტა Atlas V - მისი გაშვება დაგეგმილია 2020 წლის ივლისში. წითელ პლანეტაზე როვერი 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. https://bit.ly/2J8ptDF
  8. საოცარია იმის ხილვა, თუ როგორ გარდაიქმნა Netflix-ი DVD ვიდეობის სახლში მიწოდების სერვისიდან დღეს არსებულ მდგომარეობამდე. მცირე ხნის წინ გაკეთებული ფინანსური საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლო კვარტალში კომპანიის აქციების ფასმა 12%-ზე მეტით მოიმატა. კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფასიანი გამომწერების რიცხვის მატება, რა მხრივაც ნამდვილად არ გაუცრუვდა მოლოდინი Netflix-ს. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მომხმარებელთა რიცხვი 5 მილიონით გაიზრდებოდა, Netflix-მა კი შეძლო ბოლო სამ თვეში მიეზიდა 6,96 მილიონი მომხმარებელი. ჯამში, Netflix-ის აბონენტების რიცხვი 137 მილიონს აჭარბებს, მათგან 130 მილიონი ფასიანია. რაც შეეხება შემოსავლებს, Netflix-მა მიიღო 4 მლრდ დოლარი (გასული წლის ამავე პერიოდის შემოსავალი 3 მლრდ დოლარი იყო). მოგებამ შეადგინა 0,89 $ (2017 წელს ეს მაჩვენებელი 0,29$ იყო). კომპანიის მომავალი კი კიდევ უფრო ოპტიმისტურია: Netflix-ი პროგნოზირებს, რომ შემდეგ კვარტალში ფასიანი მომხმარებლების რიცხვი 7,6 მილიონით გაიზრდება, საერთო რიცხვი კი 9,4 მილიონით (წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებია 6,6 მლნ და 8,3 მლნ). კომპანიამ გააზიარა საინტერესო დიაგრამა, რომელიც ახდენს დემონსტრირებას, თუ როგორ განაპირობა სხვადასხვა სერიალმა და ფილმმა დამწყები მსახიობების პოპულარობის ზრდა: „აღფრთოვანებულები ვართ, რომ Netflix-ი გახდა სასტარტო პლატფორმა ახალი თაობის ვარსკვლავებისთვის. ჩვენი საქმიანობა ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას - მოიპოვონ თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია. ჩვენი სერიალები, ფილმები და მსახიობები პოპულარულები ხდებიან მთელ პლანეტაზე“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. https://3dnews.ru/976929
  9. დღესდღეობით, სმარტფონებში არსებული კამერები განსაკუთრებულ როლს ასრულებს. თუკი დღის პირობებში ბიუჯეტური სმარტფონებითაც კი შესაძლებელია არც ისე ცუდი ხარსიხის ფოტოების გადაღება, ღამით და, ზოგადად, სუსტი განათების პირობებში საუკეთესო ხარისხის ფოტოგადაღება A-ბრენდების ფლაგმანური მოდელებისთვისაც კი ბოლომდე გადაჭრილი საკითხი არ არის. სულ ახლახანს კომპანია Huawei-მ წარადგინა სმარტფონი Mate 20 Pro, რომელიც ამ დროისთვის ბაზარზე არსებული საუკეთესო „კამერაფონის“ წოდების პრეტენდენტია. მისი კონკურენტებია Samsung Galaxy Note 9 და iPhone Xs Max. ახალ Huawei-ის სამი კამერა აქვს. მასში შედის მოდულები 40, 8 და 20 მეგაპიქსელით. iPhone Xs Max-სა და Samsung Galaxy Note 9-ს კი აქვთ ორი კამერა: 12 მეგაპიქსელიანი (RGB-მოდული) + 12 მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი. ქვემოთ იხილავთ ფოტოებს, რომლებიც ლონდონშია გადაღებული ზემოთხსენებული სამი სმარტფონით. ღამის გადაღების რეჟიმში სამივე ფლაგმანურმა სმარტფონმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი. Mate 20 Pro-მ ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ბნელი სივრცეების გადაღების დროსაც. ამგვარი ფოტოგადაღებისას ჩინური სმარტფონის დისპლეიზე ხშირად ჩნდებოდა შეტყობინება, რომ უფრო ხარისხიანი ფოტოს გადაღებისთვის საჭიროა გაუნძრევლად ყოფილიყო სმარტფონი. ამ დროს მოწყობილობა ახდენდა კადრების დამუშავებას. ჯამში, სამივე სმარტფონის შედეგები შესანიშნავია, თუმცა ყველაზე ხარისხიანი ფოტოები Huawei Mate 20 Pro-ს გამოუვიდა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ შედარებები: https://bit.ly/2R2PUNY
  10. როგორც ჩანს, კომპანია Samsung Electronics-ი აღარ აპირებს შეეგუოს კონკურენტებთან ჩამორჩენას ულტრაიისფერი ლითოგრაფიის გამოყენების სფეროში. მიმდინარე კვირაში კომპანიამ განაცხადა, რომ მზად არის, გამოუშვას 7 ნანომეტრიანი პროდუქცია EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. ე.წ. LPP-ტექნოპროცესი უპირატესად ორიენტირებულია გამოუშვას პროდუქცია, რომელსაც ნაკლები ენერგომოთხოვნა აქვს (სატელეკომუნიკაციო და მობილური სფეროსთვის), თუმცა კომპანია იუწყება, რომ იგი ადაპტირებადი იქნება სერვერული სეგმენტის საჭიროებასთან. ფოტოს წყარო: Samsung Electronics განსხვავებით ჩვეულებრივი ტექნოპროცესისგან - სადაც გამოიყენება 193 ნანომეტრიანი ლაზერი და არგონის ფტორიდი, 7 ნანომეტრიანი EUV- ვერსია საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას ოთხის ნაცვლად მხოლოდ ერთი photomask-ი რაც თავისთავად ამცირებს მატერიალურ დანახარჯებს და დამუშავების დროსაც. საშუალოდ, აუცილებელი photomask-ების რაოდენობა 20%-ით შემცირდება. კომპანია Samsung-ი ამტკიცებს, რომ წლიური პროდუქციის წარმოების დონე გაიზრდება EUV-ზე გადასვლით. ნახევარგამტარი პროდუქციის განთავსების სიმჭიდროვე იზრდება 40%-ით, 20%-ით გაიზრდება ტრანზისტორების სწრაფქმედება 10 ნანომეტრიან ტექპროცესთან შედარებით, ანდა 50%-თ შემცირდება ენერგომოხმარება. Samsung-ი გვპირდება, რომ 2020 წლისთვის გააფართოებს პროდუქციის წარმადობის შესაძლებლობებს EUV-ლითოგრაფიის გამოყენების მიმართულებით. https://bit.ly/2pZUMHS
  11. 2018 წლის მეორე ნახევარში, ყველა A-ბრენდმა წარმოადგინა ერთი ან მეტი ფლაგმანური სმარტფონი. პირველად, აგვისტოს დასაწყისში, კომპანია Samsung-მა დააანონსა Galaxy Note 9. იმავე თვის ბოლოს, გამოფენა IFA 2018-ზე, იაპონურმა კომპანია Sony-მ წარმოადგინა მოდელი Xperia XZ3. სექტემბერში Apple-მა გამოუშვა ახალი iPhone-ები, თითქმის ერთი თვის შემდეგ კი, გამოვიდა მესამე თაობის Pixel-ის ორი ახალი სმარტფონი. YouTube-ის ერთ-ერთ არხზე - PhoneBuff-ზე გასულ კვირას გამოჩნდა ავტონომიურობის ტესტი, რომელშიც ჩართული იყო Apple iPhone Xs Max და Samsung Galaxy Note 9. გამარჯვება წილად ხვდა სამხრეთ კორეული კომპანიის სმარტფონს: განსაზღვრულ დროში მისი ბატარეა 63%-მდე ჩამოვიდა, იმ დროს როცა iPhone Xs Max მოდელი სრულად დაიცალა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Samsung Galaxy Note 9 წარმოდგენილი იყო Full HD+ გაფართოებით, იმ დროს, როდესაც ქარხნული გაფართოება შეადგენს 2960 x 1440-ს, ე.წ. Quad HD+-ს. მას შემდეგ, გამოჩნდა კიდევ ერთი ვიდეო ავტონომიურობის შედეგების შედარებასთან დაკავშირებით. ტესტი ჩაატარა არხ Mrwhosetheboss-ის ავტორმა. ამჯერად, ზემოთხსენებულ ორ სმარტფონთან ერთად ტესტში ჩართული იყო Google Pixel 3 XL და Sony Xperia XZ3. ამჯერად კი, Samsung Galaxy Note 9 წარმოდგენილი იყო Quad HD + გაფართოებით. ჯამში, გამარჯვება iPhone Xs Max-ს ხვდა წილად. იგი სრულად დაჯდა 6 საათსა და 16 წუთში. მეორე ადგილზე გავიდა Galaxy Note 9 – მისი მაჩვენებელი იყო 6 საათი და 4 წუთი. მესამე ადგილას აღმოჩნდა Pixel 3 XL – 5 საათი და 19 წუთი. ყველაზე სწრაფად დაჯდა Sony Xperia XZ3 - 3 საათსა და 58 წუთში. აქვე დავამატებთ, რომ iPhone Xs Max-ს აქვს ბატარეა 3174 მილიამპერი/სთ. მოცულობით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, A12 Bionic პროცესორი და 6,5-დუიმიანი დისპლეი 2688 х 1242 გაფართოებით. დანარჩენ სამ სმარტფონს აქვს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორები. სხვა მახასიათებლები იხილეთ აქვე: Samsung Galaxy Note 9: * ოპერატიული მეხსიერება - 6 გბ; * ბატარეის მოცულობა - 4000 მილიამპერი/სთ; * დისპლეის დიაგონალი - 6.4”, გაფართოება - 2960 х 1440. Google Pixel 3 XL: * ოპერატიული მეხსიერება 4 გბ; * ბატარეის მოცულობა - 3430 მილიამპერი/სთ; * დისპლეის დიაგონალი - 6.3”, გაფართოება - 2960 х 1440. Sony Xperia XZ3: * ოპერატიული მეხსიერება - 4 გბ; * ბატარეის მოცულობა – 3300 მილიამპერი/სთ; * დისპლეის დიაგონალი – 6.0”, გაფართოება - 2880 x 1440. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/21502/test_avtonomnosti_samsung_galaxy_note_9_vs_iphone_xs_max_vs_google_pixel_3_xl_vs_sony_xperia_xz3
  12. კომპანია Qualcomm-მა წარადგინა ახალი ჩიპები - QCA64x8 და QCA64x1, რომლებიც უზრუნველყოფენ Wi-Fi სიჩქარეს 10 გიგაბიტამდე წამში და გამოყენებული იქნებიან სხვადასხვა ტიპის დივაისებში. ახალი ჩიპების ფუნქციონალურობა დაფუძნებულია WiGig ტექნოლოგიაზე 802.11ay სტანდარტის შესაბამისად. მათ ძლიერ მხარეს წარმოადგენს შეფერხების მცირე ალბათობა და მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე, აგრეთვე მოქმედების 100 მეტრიანი რადიუსი (300 მეტრამდე რადიუსში უკვე შეფერხებებია). თუმცა ნაკლოვანების გარეშე არაფერია: ხსენებული სიხშირის დიაპაზონზე რადიოტალღები ვერ ლახავენ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებს, მაგალითად, როგორებიცაა კედლები და კარი. ასე რომ, იდეალური ვარიანტია გამოიყენოთ ახალი ჩიპები მოწყობილობებში, რომლებიც უშუალოდ თვალთახედვის ზონაში იმყოფება: vr ჰედსეტებში, სმარტფონებში, მედია ფლეიერებში. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ჩიპები უზრუნველყოფენ საიმედო კავშირს სადენების გარეშე და კონკურენციას გაუწევენ 5G დივაისებს. Qualcomm-ის ახალი ჩიპები, პირველი არაა, რომლებიც გამოიყენება 60 გჰც სიხშირეზე. გასულ წელს გამოვიდა როუტერები, რომლებიც მუშაობდა 802.11ad სტანდარტით 60 გჰც სიხშირეზე. მათ დისტანციის პრობლემა ჰქონდათ: იმისათვის, რომ მაღალი სიჩქარე მიეღოთ, მომხმარებლებს უწევდათ ფაქტიურად როუტერის გვერდით მჯდარიყვნენ. სტანდარტი 802.11ay-ს საშუალებით კი ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას: მწარმოებელი გვპირდება 100-300 მეტრამდე რადიუსში ფუნქციონირებას, თუკი არ არსებობს ფიზიკური დაბრკოლებები, რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ. უკვე არსებობს, თუმცა დამუშავების პროცესშია სტანდარტი 802.11ax, რომლის მიხედვითაც სამოქმედო რადიუსი ნაკლები იქნება, თუმცა შეღწევის შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდება. 802.11ay სტანდარტს განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს vr ჰედსეტების გამოყენებაში. დღესდღეობით ისეთი მაღალი დონის ჰედსეტები, როგორებიცაა Oculus Rift ან HTC Vive - საჭიროებენ კომპიუტერთან სადენით მიერთებას. თუმცა, ახალი ჩიპების წყალობით სადენების გამოყენება საჭირო აღარ იქნება, შედეგად კი ჰედსეტების გამოყენება ბევრად მოსახერხებელი გახდება. კომპანია Qualcomm-ი ასევე გვაცნობებს, რომ ახალ, 60-გჰც-იან ჩიპებს აქვს ფუნქციის - Wi-Fi Sensing-ის მხარდაჭერა: შესაძლებელი იქნება ჟესტების ამოცნობა, სამოქმედო ოთახის რუკის შექმნა, უფრო ზუსტი ადგილმდებარეობის გამოვლენა და სახის ამოცნობა გაუმჯობესებული საშუალებებით. https://bit.ly/2pYKkjR https://bit.ly/2yqgOZf
  13. პრივატიზაციასთან დაკავშირებულმა სკანდალმა ვერ შეანელა კომპანიის სწრაფვა - სახალხოდ გაევრცელებინა ხმამაღალი დაპირებები. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ექვსი თვის შემდეგ Tesla-ს სპეციალისტების მიერ შემუშავებული ნეირონული ქსელების ამაჩქარებელი დაინერგება კომპანიის ელექტრომობილების ბორტკომპიუტერებში. წარმადობის თვალსაზრისით, ეს იქნება 5-20-ჯერ უფრო სწრაფად მოქმედი სისტემა, ვიდრე NVIDIA-ს კომპონენტების ბაზაზე დაარსებული სისტემაა. უკვე არსებული სისტემის მოდერნიზაციისთვის მძღოლებს არ მოუწევთ კამერებისა და სენსორების შეცვლა, საკმარისი იქნება მხოლოდ ბორტკომპიუტერის გამოცვლა. გამოსახულების წყარო:Twitter, Elon Musk ამას გარდა, მოდერნიზაცია უფასო იქნება იმ კლიენტებისთვის, ვინც ელექტრომობილის შეკვეთისთანავე გადაიხდის ავტოპილოტის ფუნქციის საფასურს. ექვსი თვის შემდეგ ახალი სისტემა დამონტაჟდება Tesla-ს მიერ გამოშვებულ ყველა სერიის ელექტრომობილში. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა NVIDIA-ს აპარატურულ ბაზას, თუმცა აგვისტოში გამოცხადდა მზადყოფნა, რომ გადავიდოდა საკუთარი წარმოების ნეირონული ამაჩქარებლის სისტემაზე. ამავე დროს, ილონ მასკი განაგრძობს მტკიცებას, რომ იგი მეტად აფასებს NVIDIA-ს პროდუქციას. https://bit.ly/2CPWNil
  14. სოციალურ ქსელებში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეოები, თუმცა ვიდეორგოლების შექმნა საშუალოსტატისტიკური მომხმარებლებისთვის არც ისე მარტივია, რადგან, როგორც წესი, საჭიროა ვიდეომონტაჟის ცოდნა. სწორედ იმ მიზნით, რომ დამწყებთათვის გაემარტივებინა საქმე, Adobe-იმ გამოუშვა ახალი პროდუქტი - Premiere Rush, რომელიც განავითარებს იდეებს მობილური აპლიკაცია Premiere Clip-ის მეშვეობით. ახალი პროგრამის ანონსი შედგა რამოდენიმე თვის წინ, სახელწოდებით - Project Rush. ეს გამარტივებული ვიდეორედაქტორი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოკლე დროში დაარედაქტირონ ვიდეორგოლი და ატვირთონ სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ პლატფორმაზე, მაგ: YouTube-ზე, Facebook-ზე ან lnstagram-ზე. საუბარი ეხება Premiere-ის მაქსიმალურად გამარტივებულ ვერსიას, რომლის ანალოგიურიცაა, მაგალითად, Photoshop Express-ი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია პირდაპირ Premiere-ს აპლიკაციიდანვე გადაიღოთ ვიდეო სმარტფონით ან პლანშეტით და დაარედაქტიროთ სამუშაო ინსტრუმენტების მეშვეობით. შეგიძლიათ შეცვალოთ ფერები, ხმა, დაამატოთ ანიმაციები, ტექსტი და ა.შ. აპლიკაციაშივე ხელმისაწვდომია უამრავი ხარისხიანი ანიმაცია და მოდიფიკაციის ვარიანტი, სურვილისამებრ კი შეგიძლიათ კიდევ ასობით ვარიანტი ჩამოტვირთოთ Adobe Stock-იდან. შესაძლებელია შეცვალოთ შრიფტი, ფერი და ზომა, რათა მიღებული შედეგი სრულად მოერგოს საჭირო სტილს. Premiere Rush-ი მოქმედი იქნება ყველა ტიპის დივაისზე - დაწყებული სმარტფონიდან - დამთავრებული პერსონალური კომპიუტერით, ასე რომ, მარტივი ვიდეომონტაჟის გაკეთება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ადგილას, მგზავრობის დროსაც კი. ყველაფერი სინქრონიზდება Cloud-იდან. აპლიკაცია უფასოა Adobe Creative Cloud-ის გამომწერთათვის. Premiere Rush-ი ჯერჯერობით ფუნქციონირებს Windows-ზე, macOS-სა და iOS-ზე, მომავლ წელს კი გამოუშვებენ Android-ვერსიასაც. https://bit.ly/2pWltx4
  15. კომპანია Amazon-მა დაანანონსა ახალი დივაისი - Kindle Paperwhite, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული წიგნების კითხვისთვის. ახალი მოდელი გაყიდვაში გაეშვება ნოემბრის პირველი კვირიდან. ახალი Kindle-ს მთავარი ღირსებაა წყლისადმი მდგრადობა. IPX8 სტანდარტის მიხედვით, ამ ახალ დივაისს შეუძლია დაახლოებით 60 წუთამდე გაძლოს წყალში ორი მეტრის სიღრმეზე. ახალ Kindle-ს აქვს ელექტრონული ქაღალდის - E Ink Carta-ს ეკრანი, რომლის დიაგონალის სიგრძე 6 დუიმია. პიქსელთა სიმჭიდროვეა 300 PPI. დისპლეი სენსორულია. მომხმარებლებს ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება 8 და 32 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებს შორის. ამასთან, უფრო მძლავრი მოდელის შემთხვევაში, შესაძლებელია ფიჭური მოდულის დაყენება მობილურ ქსელებში მუშაობისთვის. ორივე მოდიფიკაციას აქვს უსადენო კავშირის, Wi-Fi-ს მხარდაჭერა. მოწყობილობის გაბარიტებია 167 × 116 × 8,18 მმ, წონა - დაახლოებით 180-190 გრამი (წონა დამოკიდებულია მოდიფიკაციის ტიპზე). ახალი რიდერის - Kindle Paperwhite-ის შეძენა შესაძლებელია საორიენტაციო ფასად - 130 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/976883
  16. Huawei-მ წარადგინა საინტერესო სიახლე: ახალი ტიპის მეხსიერების ბარათები, რომელთაც კომპანია Nano Memory (NM)-ის უწოდებს. ამ ტიპის მეხსიერების ბარათები ჩაანაცვლებენ ტრადიციულ microSD ბარათებს Huawei-ს ახლახანს დაანონსებულ Mate 20 და Mate 20 Pro სმარტფონებში. Huawei-ს წარმომადგენლის თქმით, ახალი NM ბარათები ფორმითა და ზომით Nano Sim ბარათის იდენტურია, თუმცა 45%-ით უფრო მცირე ზომისაა microSD ბარათთან შედარებით. ახალ ბარათებს აქვთ მინიმუმ 256 გიგაბაიტი მეხსიერების მოცულობა და მონაცემთა გადაცემის სისწრაფე - 90 მეგაბაიტი წამში. Mate 20 და Mate 20 Pro სმარტფონებში, რომელთაც აქვთ SIM ბარათის ორი სლოტი, ახალი ნანობარათის მოთავსება შესაძლებელია ერთ-ერთ სლოტში, ერთ-ერთი SIM ბარათის ადგილას. ასე, რომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი - ისარგებლონ ორი SIM ბარათით თუ ერთ-ერთის ნაცვლად გამოიყენონ დამატებითი მეხსიერების ბარათი. ამ დროისათვის, როგორც ჩანს, NM ბარათები კომპანია Huawei-ს ექსკლუზივს წარმოადგენს. ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება, თუკი ამგვარი სტანდარტები სხვა კომპანიებზეც გავრცელდება. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ორსიმბარათიანი სმარტფონები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო ბაზარზე (ამ დროისთვის Apple-იც კი ამზადებს ორსიმბარათიან iPhone-ს ჩინეთის ბაზრისთვის). მომხმარებლები ელიან, როდის გახდება ცნობილი ახალი ნანომეხსიერების ბარათების ფასი და გაყიდვის თარიღები, აგრეთვე დიდია ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები აქვს კომპანიას მეხსიერების ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით. www.theverge.com
  17. კომპანია Huawei-მ წარადგინა სმარტფონი Mate 20X - ეს სმარტფონი ევროპულ ბაზრებზე გაიყიდება მიმდინარე თვის ბოლოდან. ეს სიახლე წარმოადგენს რაღაც შუალედურს სმარტფონსა და პლანშეტს შორის. სმარტფონს აქვს გიგანტური სენსორული OLED დისპლეი - ზომით 7,21 დუიმი დიაგონალზე. ეკრანი შეესაბამება Full HD+ ფორმატს: მისი გაფართოება შეადგენს 2244 x 1080-ს. პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია მცირე ზომის ჭრილი, მასში კი - 24 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სმარტფონს აქვს ფლაგმანური პროცესორი HiSilicon Kirin 980. შეიცავს რვა ბირთვს: ორი ARM Cortex-A76 - რომელთა ტაქტის სიხშრეებია 2,6 გჰც და 1,96 გჰც. აგრეთვე ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს - ტაქტის სიხშრით - 1,8 გჰც. აქვს გრაფიკული ბირთვი: ARM Mali-G76. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სამი კამერა. მის შემადგენლობაში შედის სენსორები 40, 20 და 8 მილიონი პიქსელით. სმარტფონს აქვს 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, NFC მოდული. აგრეთვე, 128 გიგაბაიტი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აქვს ბატარეა 5000 მილიამპერი/სთ. მოცულობით. სმარტფონ Huawei Mate 20X-ის საორიენტაციო გასაყიდი ფასი იქნება 900 ევრო. https://3dnews.ru/huawei/news/976887
  18. ზაფხულის ბოლოს Facebook-მა აამოქმედა გეიმინგ ჰაბი Fb.gg, რომელიც ამავდროულად ახდენდა ფუნქციონალურობის რეალიზებას სტრიმერებისთვის, რაც მას აძლევდა საშუალებას - კონკურენცია გაეწია Twitch-ისთვის. და ახლა უკვე სერვისი გამოჩნდა ოპერაციულ სისტემა Android-ზე. ჯერჯერობით პროგრამა ბეტა-სტატუსში იმყოფება. მისი მეშვეობით შესაძლებელია თამაში, მწარმებლებთან კონტაქტი და ა.შ. ასევე, პირდაპირ ამ აპლიკაციიდან შესაძლებელია გაუშვათ საკუთარი ლაივები ან უყუროთ სხვისებს. აპლიკაციას აგრეთვე აქვს ტექსტური ჩატის მხარდაჭერა. ამგვარად, facebook-ი აქტიურად მიიწევს ბაზრისკენ, რომელიც უკვე დაკავებულია Amazon-ისა და Google-ის მიერ. სოციალურმა ქსელმა, ისევე როგორც აქვთ YouTube-სა და Twitch-ს, მომხმარებელს შესთავაზა გეიმინგ სტრიმების ყოველთვიური გამოწერა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, Facebook-ი ბაზარზე მალე მესამე მოთამაშის სახით წარდგეს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია გამოვიდა სულ ახლახანს, 9 ოქტომბერს, თუმცა უკვე მოაგროვა დაინსტალირების 10 000-იანი მაჩვენებელი. Facebook-ი ამ დრომდეც ახორციელებდა თამაშების კუთხით ექსპერიმენტებს. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება Angry Birds-ის მობილური ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი იყო როგორც მობილურ აპლიკაციებში, ასევე ბრაუზერებშიც (უკანასკნელ შემთხვევაში კი საშინელი შეფერხებები ჰქონდა მძლავრ პერსონალურ კომპიუტერზეც კი). ამას გარდა იყო სხვა თამაშებიც. კომპანია აგრეთვე ახდენდა Facebook Messenger-ის გეიმინგ აპლიკაციების ტესტირებას Telegram-ის ანალოგიურად. თუმცა, როგორც ჩანს, სტრიმინგ გადაწყვეტილებები ბევრად პროგრესულ იდეას წარმოადგენს: სტრიმინგ ვიდეო/აუდიო და ახლა უკვე თამაშების ბაზარი IT-კომპანიების მიერ განიხილება, როგორ საუკეთესო საშუალება - მომხმარებლებს მიაწოდონ კონტენტი. როდის გამოვა Android-აპლიკაციის ფინალური ვერსია - ჯერჯერობით უცნობია, არის ვარაუდი, რომ ეს მოხდება მომავალ წელს. https://3dnews.ru/976794
  19. კომპანია ESET-ი იძლევა გაფრთხილებას, რომ შეიმჩნევა “მალვეარის”- DanaBot-ის აქტიურობის ზრდა. ეს პროგრამა შეტევებს ახორციელებს მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Windows-ზე. ბოროტმოქმედი პროგრამა - ეს საბანკო ტროიანია. პროგრამას აქვს მოდულარული არქიტექტურა, მისი ფუნქციების უმეტესობა Plugin-ებშია თავმოყრილი. მაგალითად, მოდული Sniffer-ი ნერგავს ზიანისმომტან სკრიპტს მსხვერპლის ბრაუზერში. ფლაგინი Stealer-ი, თავის მხრივ, აგროვებს და იპარავს პაროლებს აპლიკაციების ფართო სპექტრიდან: ბრაუზერებიდან, FTP-კლიენტიდან, VPN-კლიენტიდან, ჩატიდან, საფოსტო კლიენტიდან, ონლაინ-პოკერიდან და ა.შ. “მალვეარი” DanaBot-ი დაწერილია Delphi ენაზე. ამ დროისთვის ტროიანი ევროპელ მომხმარებლებს უტევს. კიბერდამნაშავეები, რომლებიც DanaBot-ს ავრცელებენ, იყენებენ სპამ-გზავნილებს, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა კომპანიებისგან გაგზავნილი შეტყობინებების იმიტაციას. ცნობილია, რომ DanaBot-ის მმართველებმა ცვლილებები შეიტანეს ტროიანის არქიტექტურაში და მას ახალი ფუნქციები დაუმატეს. „ტროიანში გაჩნდა ახალი ფლაგინი - Tor-ი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება შეიქმნას ფარული კავშირის არხი ბოროტმოქმედებსა და მსხვერპლს შორის. ასევე დაუმატეს ახალი, Stealer-ფლაგინის 64-ბიტიანი ვერსია დისტანციური მუშაობისთვის“, - ნათქვამია ESET-ის განცხადებაში. https://3dnews.ru/976812
  20. Dell UltraSharp U4919DW – ეს პირველი სუპერფართე QHD მონიტორია, რომელიც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. სხვა ფართე დისპლეის მქონე მონიტორებს, რომელთა გვერდების შეფარდებაა 32:9-ზე, აქვთ ვერტიკალური 1080p გაფართოება. შედეგად, ვიღებდით ფართო ეკრანს მაგრამ ვიწრო ინტერფეისს. Dell-ის შემთხვევაში კი გვაქვს უფრო მეტი პიქსელი და თვალთახედვის უკეთესი არე. რით გამოირჩევა U4919DW სხვა ფართე მონიტორებისგან, რომელთა გვერდების შეფარდებაც 32:9-ზეა? - ეს არის ორმაგი QHD მონიტორი 5120 x 1440 გაფართოებით. ამ უზარმაზარი გაფართოების პარალელურად, 3800R სიმრუდის მქონე ეკრანისა და ფერთა 100%-იანი sRGB მხარდაჭერის წყალობით მომხმარებელი მთლიანად „ჩაფლული“იქნება ეკრანზე არსებულ გამოსახულებებში. ისევე, როგორც სხვა ულტრაფართე მონიტორებს, ამ სიახლესაც აქვს HDMI / DisplayPort / USB-C მხარდაჭერა, აგრეთვე KVM (კლავიატურა, ვიდეო, მაუსი) ფუნქციონალურობა. KVM U4919DW-ის გამოყენებისას შეგიძლიათ მიუერთოთ ერთი კომპიუტერი USB-C პორტით, მეორე - HDMI / DisplayPort-ით და გამოიყენოთ სწრაფი რეაგირების კლავიატურა Display Manager აპლიკაციის მეშვეობით. შედეგად, შეძლებთ აკონტროლოთ ორივე სისტემა პერიფერიულად. ეს ფუნქცია საკმაოდ მიმზიდველია განსაკუთრებით მათთვის, ვისი საქმიანობის სფეროებიცაა ფინანსური სექტორი, გრაფიკული დიზაინი ან მონაცემთა ანალიზი. როგორც Dell-ის წარმომადგენლობა გვაცნობებს, UltraSharp U4919DW მონიტორის გაყიდვები დაიწყება 26 ოქტომბრიდან და მისი ღირებულება იქნება 1,699 აშშ დოლარი. www.theverge.com
  21. კომპანია Gigabyte Technology-მ გაავრცელა GeForce RTX 2070 კლასის სამი ახალი ვიდეო ბარათის სურათები და მახასიათებლები. დაანონსდა ორი Aorus GeForce RTX 2070 Xtreme 8G და ერთიც Aorus GeForce RTX 2070 8G ვიდეო ბარათი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან TU106-400A გრაფიკული ბირთვის boost-სიხშირეებითა და ოვერქლოქინგის პოტენციალით (როგორც ჩანს, ეს მახასიათებლები Xtreme მოდელს უფრო მაღალი აქვს). კონსტრუქციულად, ზემოთხსენებული წყვილი ადაპტერიდან ორივე სამსლოტიანია, სიგრძეში არის 290 მმ, სიგანეში - 134,3 მმ. ვიდეო ბარათებს უკანა I/O-პანელზე აქვთ შვიდი კონექტორი ( სამი DisplayPort 1.4, სამიც HDMI 2.0b და ერთი USB 3.1 Type-C/VirtualLink), ასევე აქვთ 6- და 8-პინიანი კვების კონექტორი. ერთდროულად შესაძლებელია არაუმეტეს ხუთი ვიდეოგამშვების მუშაობა. წარმოდგენილი ქულერი - WindForce Stack 3X - შედგება სამი 100 მილიმეტრიანი ვენტილატორისგან, სამგანყოფილებიანი ალუმინის რადიატორისა და სპილენძის ხუთი სითბური მილისგან. ბირთვის და GDDR6 მეხსიერების კვების სისტემა არის „10+2“ ფაზიანი. Aorus GeForce RTX 2070 Xtreme 8G ვიდეო ბარათის GPU-ს სიხშირე დინამიკური ოვერქლოქინგისას ტოლია 1815 მეგაჰერცის, „არაექსტრემალური“ (Aorus GeForce RTX 2070 8G) ვერსიისა კი - 1770 მეგაჰერცის. ორივე შემთხვევაში მეხსირების სიჩქარეა 14 გბ/წმ. Aorus სერიის ახალ ვიდეო ბარათებს აქვთ RGB Fusion განათება რვა ეფექტის მხარდაჭერით. გაყიდვებში Aorus GeForce RTX 2070 Xtreme 8G და Aorus GeForce RTX 2070 8G წარდგებიან შემდეგი არტიკულებით: GV-N2070Aorus X-8GC და GV-N2070Aorus-8GC. შედარებით „მოკრძალებული“ ვიდეო ბარათი - Gigabyte GeForce RTX 2070 WindForce 8G (GV-N2070WF3-8GC) - მომხმარებლების ყურადღებას მიიპყრობს ხელმისაწვდომი ფასის წყალობით. ეს მოდელი ორსლოტიანია, აქვს ქულერის შედარებით გამარტივებული კონსტრუქცია, რომლის საფუძველსაც ორი სითბური მილი წარმოადგენს. ბარათს აქვს წინა და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტები, პირველი მათგანი ახდენს კვების სისტემისა და მეხსიერების ჩიპების გაგრილებას. GeForce RTX 2070 WindForce 8G-ის კომპონენტების გაგრილება ხდება 80 მილიმეტრიანი ვენტილატორების მეშვეობით. WindForce ბარათის კვება ათფაზიანია, აქედან ორი მოდის GDDR6 მიკროსქემაზე. სიმძლავრის მიწოდების დამატებითი კონექტორებია 6- და 8-პინიანი PCI-E Power. ვიდეობარათის „გულს“ წარმოადგენს TU106-400 ბირთვი - ქარხნული აჩქარების გარეშე (დიაპაზონი - 1410–1620 მჰც). აღწერილი ვიდეო ბარათები მალე გაეშვება გაყიდვაში. მათი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/976816
  22. კომპანიებმა - Audi-მ და Huawei-მ განაცხადეს, რომ დადეს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია ავტონომიური მართვის სისტემების შექმნა ავტომობილებისთვის, და მისი რეალიზებაც ჩინეთში მოხდება. ამ ორი კომპანიის პარტნიორობა კონცენტრირებული იქნება მეოთხე დონის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რაც გულისხმობს სრულად ავტონომიურ მართვას სპეციალურად გამოყოფილ საგზაო მონაკვეთებზე. ჩინეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გეგმებს ცვლიდა ჩინურ ბაზარზე მოქმედი უცხოური კომპანიების საბაზრო წილებთან დაკავშირებით და ამსუბუქებდა მოთხოვნებს. ამის გამო ქვეყანაში ავტომობილების მრავალფეროვნების საკითხთან არსებული მდგომარეობა შეიცვალა. ამა წლის ზაფხულში, Tesla-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აპირებს შანხაიში გახსნას საკუთარი ქარხანა, სადაც ელექტრომობილებს გამოუშვებენ. გასულ კვირას კი BMW-მ გაავრცელა ცნობა, რომ 75%-მდე გაზრდის წილს ჩინეთში მოქმედ თავის პარტნიორთან - Brilliance Auto Group-თან ერთად, პარალელურად კი აპირებს ადგილობრივი საწარმოო ბაზის გაფართოებასა და კიდევ ერთი ქარხნის აშენებას. თუმცა, თვითმავალი ტექნოლოგიებით აწყობილი მობილების მიმართ ჩინეთის სახელისუფლებო ორგანოები მაინც აგრძელებენ ხისტ მიდგომას, მკაცრად აკონტროლებენ თვითმავალი სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებისათვის აუცილებელი ნებართვების გაცემას, ასევე კონტროლი ხორციელდება ჩინეთის გზების ციფრული რუკების შექმნაზე, რაც ავტონომიური მართვის სისტემის შემუშავებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს სიფრთხილე იმით აიხსნება, რომ ჩინეთს არ სურს, უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ფლობდნენ მასალას ქვეყნის დეტალურ რუკებსა და მონაცემებზე. ამ ფაქტს ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების მიმართ საფრთხედ მიიჩნევენ. ამან განაპირობა, რომ მსხვილი უცხოური ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Daimler, Ford და BMW, თანამშრომლობენ Baidu-სთან. ეს უკანასკნელი ერთ-ერთია იმ კომპანიათა მცირე ჯგუფიდან, რომელთაც აქვთ უფლება - ჩაატარონ ტესტირებები რობომობილებზე და შექმნან ციფრული რუკები, რომლებზეც ასახულია ჩინეთის საგზაო მაგისტრალები. Audi-ს სექტემბრიდან უკვე დაწყებული აქვს Huawei-სთან ერთად თვითმავალი ტექნოლოგიების ტესტირება. მომავალი წლისთვის კი კომპანიები გეგმავენ გახსნან ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ერთობლივი საწარმოო ცენტრი. https://3dnews.ru/976770
  23. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ყურსასმენების რიცხვი, რომელთაც აქვთ Google Assistant-ის მხარდაჭერა. Assistant-ის მხარდაჭერის მქონე ეტალონურ ყურსასმენებად ითვლება Google-ის ბრენდირებული Pixel Buds ყურსასმენები. თუმცა, სუსტი ავტონომიურობისა და მაღალი ღირებულების გამო ამ ყურსასმენებმა ვერ მოიპოვა მყიდველებში დიდი პოპულარობა. ეს ყურსასმენები ფლობენ უნიკალურ ფუნქციებს, ერთ-ერთი ამგვარია Google Translate-თან კავშირი რეალური დროის რეჟიმში. ამ ფუნქციით რომ ესარგებლათ მომხმარებლებს, ამ დრომდე საჭირო იყო ჰქონოდათ Google Pixel სმარტფონი. ახლა კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდა ყველა ყურსასმენისთვის, რომელთაც აქვთ Google Assistant-ის მხარდაჭერა. კომპანიის საიტზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ Google Translate მისაწვდომია ყველა ოპტიმიზირებული ყურსასმენებისა და Android სმატფონებისთვის. სმარტფონისადმი მინიმალური სისტემური მოთხოვნაა, რომ იგი უნდა მუშაობდეს ოპერაციულ სისტემა Android 6.0 Marshmallow-ზე ან მის ზედა ვერსიებზე. ამ დროისათვის შესაძლებელია თარგმა 40 ენაზე. ევროპული ენების პარალელურად, ხელმისაწვდომია აგრეთვე იაპონურიმ ჩინური, ჰინდი, ტაილანდური, თურქული და ვიეტნამური ენები. https://bit.ly/2NM1lau
  24. ტაივანური საწარმო TSMC (Taiwan Semiconductor Manufacturing Company) გეგმავს თავადვე სრულად აწარმოოს A13 ჩიპები, რომელთაც Apple გამოიყენებს iPhone-ებსა და თავის სხვა მოწყობილობებში 2019 წელს. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს ნიშნავს, რომ კომპანია შეძლებს კიდევ უფრო გაიმყაროს დომინანტი პოზიციები ჩიპების წარმოების ბაზარზე. 2018 წლისთვის TSMC უკვე ფლობს ნახევარგამტარი წარმოების მსოფლიო შეკვეთების 56%-ს. იმის წყალობით, რომ TSMC რჩება A სერიის ჩიპების ექსკლუზიურ მომწოდებლად, კომპანიას ყველანაირი შანსი აქვს, რომ უახლოეს წლებში მიაღწიოს საბაზრო წილის 60%-იან მაჩვენებელს. მოგახსენებთ, რომ TSMC წარმოადგენს Apple-სთვის A სერიის ჩიპების ექსკლუზიურ მწარმოებელს 2016 წლიდან. ასევე, მოსალოდნელია, რომ TSMC-ის 7 ნანომეტრიანი წარმოების მოცულობაც გაიზრდება, ძირითადად AMD-ის, Huawei-ს, MediaTek-ის, NVIDIA-სა და Qualcomm-ის წყალობით. ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს 2019 წელს საბაზრო წილის ზრდაზე. გარდა ამისა, TSMC-ის ინჟინრების მიერ შემუშავებული ჩიპების შეფუთვის ტექნოლოგია „Integrated Fan-Out“ - მის 7 ნანომეტრიან ტექპროცესს ხდის უფრო კონკურენტუნარიანს სხვა მწარმოებლების შემოთავაზებებთან შედარებით. ხსენებული შეფუთვის მეთოდის - InFO-ს მიხედვით, ლოგიკური მატრიცები ეწყობა ზემოდან ერთმანეთზე და შემდეგ ხდება მათი განთავსება უშუალოდ PCB დაფაზე. ამგვარი წყობა ამცირებს დაფის სისქეს. და ბოლოს, ცნობილი ხდება, რომ TSMC, წარმოებაში პირველად, დაეუფლება ულტრაიისფერი ლითოგრაფიის გამოყენებას - ამ ტიპის პირველმა 7N+ კრისტალებმა უკვე მიაღწია tape out სტადიას. იმის გათვალისწინებით, რომ Globalfoundries-მა უარი განაცხადა თავის 7 ნანომეტრიან ტექპროცესზე, TSMC-ის კონკურენტების რიცხვი შემცირდა. ეს უკანასკნელი წინ უსწრებს Samsung-ს 7 ნანომეტრიან წარმოებაში, თუმცა კორეულმა კომპანიამ უკვე მიიღო შეკვეთები ასეთივე ტიპის ჩიპებზე Qualcomm-ისა და თავისივე მობილური განყოფილებისგან.
  25. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია Samsung-მა დააანონსა ახალი ტრანსფორმერი ლეპტოპი - Chromebook Plus V2, რომელიც იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე. წარმოდგენილმა ლეპტოპის სახელწოდებაა Chromebook Plus V2 (LTE). მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ აქვს მობილური ქსელების 4G/LTE მხარდაჭერა. ამრიგად, მომხმარებლებს შეეძლებათ 4G ინტერნეტთან დაკავშირება ყველგან, სადაც კავშირი ხელმისაწვდომია. ახალ ლეპტოპს, ისევე როგორც მის წინამორბედ Chromebook-ს, აქვს 12,2-დუიმიანი ეკრანი 1920 × 1200 გაფართოებით. ეკრანის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, ამგვარად იგი გარდაიქმნება პლანშეტად. ლეპტოპი მუშაობს Kaby Lake-ის თაობის Intel Celeron 3965Y პროცესორზე. ეს ორბირთვიანი ჩიპი მუშაობს 1,5 გჰც-მდე სიხშირეზე. ლეპტოპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი - Intel HD Graphics 615. Chromebook Plus V2 (LTE)-ს აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აქვს უსადენო კავშირისთვის Wi-Fi ადაპტერი, კამერები: 1 და 13 მეგაპიქსელიანი მატრიცებით. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპს აგრეთვე აქვს ელექტრონული ფანქრით მუშაობის მხარდაჭერა. Chromebook Plus V2 (LTE)-ს გაყიდვები დაიწყება 2 ნოემბრიდან. მისი ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/976742
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.