Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5936
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. თუკი ელოდით ფასდაკლებებს თქვენს ფავორიტ კონსოლსა და ლეპტოპებზე, Microsoft-ს საუკეთესო შემოთავაზება აქვს თქვენთვის. უკვე ხელმისაწვდომია Black Friday-სთან დაკავშირებული ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალი. ადრეული გაყიდვები 10 ნოემბრიდან დაიწყო, მაგალითად, Xbox Game Pass - თვეში 1 დოლარად და გეიმინგ ლეპტოპი 100 დოლარად Amazon-ზე. ფასდაკლებები უამრავი მწარმოებლის პროდუქტებს შეეხო. Surface Laptop 2: (300$ off) ერთ-ერთი ახალი პროდუქტი Surface-სერიიდან - Surface Laptop 2. მან Windows Central Choice Award-ის შეფასებით 4,5 ქულა მიიღო 5-დან. ამჟამად ეს ლეპტოპი ღირს 999 აშშ დოლარი, 18 ნოემბრიდან კი კომპანია Microsoft-ი მასზე 300 დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. ფასდაკლება დამოკიდებულია კონფიგურაციის ტიპზე. გეიმინგ კონსოლი Xbox One X: (100$ off ) სხვადასხვა კომპანიას აქვს ხელსაყრელი შემოთავაზება ამ პროდუქტზე. ფასდაკლება Microsoft-ისგან - ეს კიდევ ერთი შანსია შეიძინოთ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოწყობილობა. კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Xbox One X გაიყიდება 399,99 აშშ დოლარად, რაც 100 დოლარით ნაკლებია ძირითად ფასზე. მომხმარებლები აგრეთვე შეძლებენ ეკონომია გააკეთონ Xbox One S-ზეც, ოღონდ სრული აფგრეიდის გარეშე. ეს ფასდაკლება გაგრძელდება 18-დან 26 ნოემბრამდე. Xbox Live: 1 დოლარი თვეში ჩვეულებრივ, Xbox Live-ის გამოწერა ღირს თვეში 9,99 დოლარი ან წელიწადში 60 დოლარი. შემოთავაზების ვადა 30 ნოემბერს ამოიწურება. იხილეთ სხვა შემოთავაზებები: Xbox Game Pass - თვეში 1 დოლარი; 40%-მდე ფასდაკლება TP-Link Kasa-ს „სმარტ-სახლის“ პროდუქტებზე; Xbox-ის თამაშებზე ფასდაკლებები - 22-დან 30 ნოემბრამდე; 15,6-დუიმიანი MSI GL63 Windows 10 გეიმინგ ლეპტოპი - 120 აშშ დოლარად; ყველა შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტშიც და Microsoft-ის ფიზიკურ მაღაზიებშიც. კომპანია უზუნველყოფს უფასო მიწოდებას და აუცილებლობის შემთხვევაში უკან დაიბრუნებს პროდუქტს სადღესასწაულო სეზონის დასრულებამდე. შემოთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ Microsoft Store-ზე: https://bit.ly/2TpHz8M https://blog.thrifter.com/microsofts-xbox-and-surface-black-friday-deals-start-early-today?_ga=2.13021047.150237198.1542536098-214353778.1538334114
  2. Microsoft-მა გამოუშვა უფასო Windows-აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება მიმიკების ამოცნობა, როდესაც მომხმარებელი იცვლის გამომეტყველებას მითითებული emoji-ების შესაბამისად. აპლიკაციის სახელწოდებაა Emoji8, იგი იძლევა შეფასებას, თუ რამდენად კარგად ქმნით გამოსახული სმაილების იმიტაციას და ეს ყოველივე ძირითადად განკუთვნილია აპლიკაციაში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის. აპლიკაციის მეშვეობით დგინდება პროცენტულად რამდენად ზუსტად მუშაობს შეფასების სისტემა. ასევე, რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, შეგიძლიათ შექმნათ gif-ი თქვენი სახის გამომეტყველებათა სახესხვაობებით და გააზიაროთ, ვთქვათ, Twitter-ზე. თუკი გაინტერესებთ, რამდენად ზუსტად შეგიძლიათ აპლიკაციაში მოცემული ემოციების იმიტირება, Emoji8 შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან: https://bit.ly/2Pzn7Ed აპლიკაცია უფასოა. https://www.theverge.com/2018/11/16/18099043/microsoft-emoji8-app-rate-facial-expressions-emojis
  3. კომპანია Sony-მ აღნიშნა PlayStation 4-ის ხუთი წლის იუბილე და გამოუშვა ახალი PS4 ნაკრები, აგრეთვე წარადგინა ინფოგრაფიკა, სადაც ნაჩვენებია, რა სიმაღლეებს მიაღწია ხსენებულმა მოწყობილობამ. Sony-ს ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ შეძლო 86,1 მილიონზე მეტი რაოდენობის კონსოლისა და 777,9 მილიონი პროგრამული პროდუქტის გაყიდვა მსოფლიოს მასშტაბით. გაშვების მომენტიდან კომპანიამ ასევე განახორციელა 11 მსხვილი განახლება. ზემოთხსენებული მონაცემების გარდა, Sony-მ წარადგინა რამოდენიმე საინტერესო ფაქტი, მათ შორის, ხუთი ყველაზე კარგად გაყიდვადი თამაში, PS4-ის ყველაზე პოპულარული თამაშები, ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი თამაშები და ხუთიც ყველაზე პოპულარული კონტროლერი (ფერის მხრივ). Sony-მ დააანონსა ახალი ნაკრები - Call of Duty: Black Ops 4 PS4, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება 27 ნოემბრიდან 299,99 აშშ დოლარად. იგი მოიცავს Playstation 4-ს (1ტბ-ით), ერთ გეიმპადს და Call of Duty: Black Ops 4-ის Blu-Ray დისკს. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22137/playstation-4-ispolnilos-5-let
  4. რიჩარდ იუმ (Richard Yu) – Huawei-ს სამომხმარებლო ბიზნეს-ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს საკუთარი ხმოვანი ასისტენტით. ფოტო: Bloomberg ჩინეთში Huawei-ს მოწყობილობებში გამოიყენება ინტელექტუალური დამხმარე Xiaoyi. უფრო კონკრეტულად, ეს ასისტენტი გამოყენებულია რამოდენიმე სმარტფონსა და AI Cube სმარტ-დინამიკებში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ Xiaoyi ხელმისაწვდომი არ გახლავთ. როგორც რიჩარდ იუმ აღნიშნა, კომპანია აპირებს გადაინაცვლოს ჩინეთსგარე ბაზრებზეც საკუთარი ხმოვანი დამხმარეს გამოყენების კუთხით. „თავდაპირველად ჩვენს სმარტფონებსა და AI Cube დინამიკებში ჩვენ ვიყენებდით Google Assistant-ს ან Amazon Alexa-ს. მეტი დრო გვჭირდება, რათა ავამუშავოთ ჩვენივე სერვისები ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე. პერსპექტივაში, ეს სერვისები ჩინეთის ფარგლებს გასცდება“ - განაცხადა Huawei-ს ხელმძღვანელმა. ფოტო: Reuters ცხადია, რომ გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ, Huawei-ს სმარტ-ასისტენტი კონკურენციას გაუწევს ზემოთხსენებულ სისტემებს - Google Assistant-სა და Amazon Alexa-ს. პროექტის რეალიზაციის ვადებთან დაკავშირებით რიჩარდ იუს არაფერი განუცხადებია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, IDC-ის მონაცემებით, კომპანია Huawei-მ მოახდინა 52 მილიონი დივაისის რეალიზება, რაც 14,6%-ს შეადგენს. კომპანია წამყვან მწარამოებელთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება, იგი ჩამორჩება მხოლოდ Samsung-ს. https://3dnews.ru/978230
  5. მიმდინარე წლის დასაწყისში Facebook-ს დაემატა ფუნქცია Watch Party, რომლის მიხედვით Facebook-ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ სინქრონში ეყურებინათ ვიდეოებისთვის, დაეტოვებინათ მასზე კომენტარები და რეაქციები. Messenger-ზე დამატებული ახალი კოდის მიხედვით, კომპანია ანალოგიურ ფუნქციას ამატებს ჩატსაც. ახალი კოდის ფრაგმენტებზე დაკვირვების მიხედვით, ჩანს რომ ფუნქცია „Watch Videos Together“ იმოქმედებს ისევე, როგორც Watch Party: ჩააგდებთ ჩატში ვიდეოს, დაამატებთ სხვა პიროვნებას თქვენს Messenger-ში და შეძლებთ ერთად უყუროთ ვიდეოს. როგორც ჩანს, Facebook-ი გეგმავს ამ ფუნქციის მხარდაჭერას მხოლოდ Facebook-ზე განთავსებული ვიდეოებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ვერ შეძლებენ ისარგებლონ ამ ფუნქციით, ვთქვათ, Netflix-ზე. ახალი ფუნქციის შესახებ ცნობა გამოაქვეყნა TechCrunch-მა. Facebook-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მხოლოდ „შიდა ტესტირება“, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ფუნქცია მალე გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, რადგან მსგავსი ფუნქცია უკვე არსებობს Facebook-ჯგუფებისთვის, დიდი ალბათობით, ზემოთხსენებულ ფუნქციებსაც მივიღებთ კერძო ჩატისთვის. https://www.theverge.com/2018/11/16/18098474/facebook-messenger-watch-videos-together-feature-test
  6. „სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ჩაატარებენ რეგიონალურ კონფერენციას თბილისში, საქართველოში, თემით - #FreedomTech ივენთზე წარმოდგენილი იქნება ლექციები სხვადასხვა თემაზე და საინტერესო გადახვევები. მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ კარიერული ზრდის შანსი კონფერენციის პარტნიორ ორგანიზაციებში, ასევე, გააფართოვონ თავიანთი პერსონალური წრე. შემოგვიერთდით, რათა აღმოაჩინოთ კავშირი თავისუფლებასა და წარმატებას შორის, აგრეთვე გაიგოთ ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც მომავალში მსოფლიო გახდება უფრო თავისუფალი. კონფერენციაზე განხილული მთავარი თემები იქნება: ბლოკჩეინი, ბიოინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და რობოტმშენებლობა, ტრანსჰუმანიზმი და dark Net-ი. მოკლედ ორგანიზაციის შესახებ: ყველაზე დიდი ლიბერტარიანული სტუდენტური ჯგუფი კავკასიის რეგიონში „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ არიან SFL-ის წარმომადგენლები. ეს არის სწრაფად მზარდი სტუდენტური ქსელი, რომელიც დაკავებულია სიტყვის თავისუფლების საკითხით მსოფლიო მასშტაბით. ორგანიზაციის მისიაა მომავალი თაობის ლიდერების აღზრდა, განვითარება და მათი შესაძლებლობების გაფართოება. იგი დღესდღეობით მსოფლიოს უმსხვილესი ლიბერტარიანული სტუდენტური დაჯგუფებაა, რომლის ისტორიაც რამოდენიმე ახალგაზრდა ლიდერის შეკრებებიდან დაიწყო. კონფერენციაზე წარმოდგენილნი იქნებიან სპიკერები: Matt Kibble (President Of Free The People) Yaron Book (Chairman Of The Board Ain Rand Institute) Dominik Stroukal (Chief Economist at Roklen) Zach Harvey (CEO at Lamassu) Aleksandar Kokotović (European Programs Director at SFL) Lasha Antadze (CEO at Shelf.Network) ზურაბ ჯაფარიძე (პოლიტიკური პარტია გირჩის დამფუძნებელი) კონფერენცია ჩატარდება შაბათს, 24 ნოემბერს 10:00-20:00 სთ. ლოკაცია - Expo Georgia, მე-3 პავილიონი, აკაკი წერეთლის გამზირი. რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tbilisirc.ge/index.html Facebook-ზე განთავსებული ივენთი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/2DJKapM კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი წარმატებული და პერსპექტიული ბლოკჩეინ-პლატფორმა Horizen-ი, რომლის უმთავრესი მიზანი ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფაა. შეგეძლებათ მოინახულოთ სტენდი, გაეცნოთ და მიიღოთ ინფორმაცია მის შესახებ. Horizen Georgia-ს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.facebook.com/pg/HorizenGE/about/?ref=page_internal
  7. გასულ წელს კომპანია Google-მა გამოუშვა სმარტ-სათვალე Glass Enterprise Edition, რომელიც გათვლილი იყო კორპორატიული მომხმარებლებზე. ახლა უკვე ცნობილი გახდა, რომ ახლოვდება მეორე თაობის სათვალის ანონსი. ახალი სათვალის შესახებ ინფორმაცია აღბეჭდილია აშშ-ის კავშირების ფედერალური კომისიის საიტზე. გაჯეტის კოდური დასახელებაა A4R-GG2, წინა თაობის ვერსიის სახელწოდება იყო A4R-GG1. როგორც ცნობილია, კონსტრუქციის თვალსაზრისით ახალი სათვალე ძალიან ჰგავს ორიგინალ მოდელს. კერძოდ, გათვალისწინებულია კონსტრუქციის მოძრავი, მოქნილი მიმაგრების სისტემა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია გამოსახულების ფორმირების მოდულის დაკეცვა. სათვალეს აქვს Bluetooth დაWi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა, არ აქვს ინტეგრირებული 4G/LTE მოდემი მობილურ ქსელებში მუშაობისთვის. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ახალ სათვალეს ექნება გაუმჯობესებული შიდა ელექტრონული კომპონენტების სისტემა. ორიგინალ მოდელს აქვს Intel Atom პროცესორი, 32 გიგაბაიტი მეხსიერება, 5 მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 780 მილიამპერი/სთ მოცულობით. Google Glass Enterprise Edition 2 სათვალის გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება, მისი ფასი დაახლოებით 1500 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/978225
  8. კომპანია MSI ამზადებს ვიდეო ბარათს - GeForce RTX 2070 Aero ITX, რომელიც არის GeForce RTX 20- სერიის Turing-ის ბაზაზე არსებული ყველაზე კომპაქტური ბარათის სახელწოდების პრეტენდენტი. სამწუხაროდ, რესურსი VideoCardz - რომელმაც გამოაქვეყნა ბარათის ფოტო, არ აზიარებს ინფორმაციას მის ზუსტ გაბარიტებზე, თუმცა ფოტოდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ ბარათი მეტად კომპაქტურია თავისი კლასის შესაბამისად. გაბარიტების მაქსიმალურად შემცირება, უპირველეს ყოვლისა, მოხდა კომპონენტების უფრო მჭიდროდ განთავსების ხარჯზე. გარდა ამისა, კომპაქტურობას ხელი შეუწყო NVLink კონექტორის არარსებობამ, რაც ისედაც არ არის გათვალისწინებული GeForce RTX 2070-ში. და ბოლოს, ზომების შემცირების მიზნით კომპანია MSI-მ გადაწყვიტა უარი ეთქვა VirtualLink (USB Type-C) კონექტორზე, ბარათს ასევე არ აქვს DVI output (Digital Visual Interface). ეს უკანასკნელიც არ გვხვდება ბევრ არაეტალონურ GeForce RTX 2070 ბარათში. ახალ კომპაქტურ ვიდეო ბარათს აქვს სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.0b. იქიდან გამომდინარე, რომ GeForce RTX 2070 Aero ITX დასახელებაში არ ფიგურირებს აბრევიატურა „OC”, გრაფიკული პროცესორი Turing TU106 ამ შემთხვევაში მუშაობს 1410/1620 მჰც ეტალონული სიხშირით. ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, ვინაიდან ბარათს აქვს მეტად მოკრძალებული გაგრილების სისტემა მცირე ზომის რადიატორითა და მხოლოდ ერთი ვენტილატორით. ასეა თუ ისე, ამგვარი სისტემა სავსებით საკმარისი იქნება TDP-სთვის 175 ვატზე. რაიმე სახის მნიშვნელოვან აჩქარებაზე, რა საკვირველია, საუბარიც არაა. ამისათვის არსებობს სხვა შესაბამისი მოდელები, ზემოთხსენებული სისტემა კი განკუთვნილია კომპაქტური ქეისებისთვის. ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, როდიდან გაიყიდება და რა ეღირება ვიდეო ბარათი GeForce RTX 2070 Aero ITX. https://3dnews.ru/978179
  9. 2018 წლის 14 ნოემბერი შესაძლოა ისტორიაში შევიდეს, როგორც GPU-მაინინგის მასობრივი კრახი. ბიტკოინის კურსი ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ პერიოდში დაეცა 15%-ით, რამაც პანიკა გამოიწვია კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობით ისედაც შეშფოთებულ მომხმარებლებში. ტრადიციულად, ვარდნისთანავე Bitcoin-მა თან გაიყოლა Ethereum-ის, Litecoin-ისა და სხვა კოინების კურსებიც. სწორედ Ethereum-ის კურსის ვარდნა იწვევს მაინერებში განსაკუთრებულ განგაშს, რადგან მასზეა ორიენტირებული მაინინგის ძირითადი ძალა ვიდეო ბარათებზე. ამ დრომდე რაღაც დონის მოგება მაინც ფიქსირდებოდა, განსაკუთრებით ჯიუტი და შეუპოვარი მაინერები არ ნებდებოდნენ და არ გაჰქონდათ თავიანთი „ფერმები“ გასაყიდად. ახლა კი ვითარება შეიცვალა. Ethereum-ის მაინერების თვიურმა სარგებელმა ნოემბერში ნულოვანი ნიშნული დააფიქსირა. ამას მოწმობს ტრეიდინგ კომპანია Susquehanna-ს მონაცემთა ანალიზი - წერს Cointelegraph. და ახლა, როდესაც მოგება ნულის ტოლია, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მეორადი ბაზრის გადავსებას უზარმაზარი რაოდენობის ვიდეო ბარათებით, განსაკუთრებით NVIDIA Pascal-ით. რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ბარათების ფასებზე, ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება უზარმაზარი უფსკრული ახალ GeForce RTX ბარათებსა და დროსა და საქმეში გამოცდილი NVIDIA Pascal-ის ფასებს შორის. Pascal სერიის ვიდეო ბარათებს დიდი შანსი აქვთ, რეკორდსმენები გახდნენ მეორად ბაზარზე. ფასები კი კიდევ უფრო დაეცემა, თუკი მომხმარებლები მასიურად არ დაიწყენებენ მაინინგში გამოყენებული მეორადი ბარათების შეძენას. საინტერესოა, რა რეაგირებას მოახდენს ამგვარ ვითარებაზე NVIDIA? საერთო სურათი ასეთია: მოთხოვნა მცირდება, მომხმარებლები აკრიტიკებენ GeForce RTX სერიას ძვირადღირებულობისა და Ray tracing-ის რეალიზაციის ხარისხის გამო, ETH-მაინინგის არამდგრადობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგებიც უკვე სახეზეა. https://bit.ly/2Fs2qWg
  10. ნოემბრის აფდეითი 1: Amazon Music აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox One-ზე Microsoft-ის ნოემბრის აფდეითი Xbox One-ისთვის მოიცავს უამრავ ახალ ფუნქციასა და ცვლილებას, მათ შორისაა Amazon Music-ის პირდაპირი სტრიმინგის შესაძლებლობა. როგორც პრეს-რელიზიდან ხდება ცნობილი, აპლიკაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მაცხოვრებელთათვის. მოსალოდნელია, რომ შემდეგ ეტაპებზე დაემატება წვდომა სხვა ქვეყნების მოქალაქეთათვის, თუმცა ზუსტი თარიღები ჯერ უცნობია. Amazon Music აპლიკაცია აერთიანებს Spotify-ის, Pandora-ს, iHeartRadio-სა და YouTube-ს ერთ აპლიკაციაში, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ მუსიკის სტრიმინგისთვის. Microsoft-ის წარმომადგენლების განცხადებით, Amazon Prime-ის წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ Xbox One-ის ახალი აპლიკაცია პირდაპირ თავიანთი ბიბლიოთეკიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Xbox Store-ში. https://www.theverge.com/2018/11/14/18095085/amazon-music-xbox-one-consoles-app ნოემბრის აფდეითი 2: კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა Xbox One-ისთვის Xbox One-ს დაემატა კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერა. პირველი თამაშები, რომლებსაც მომხმარებლები ითამაშებენ კონსოლებზე კლავიატურისა და მაუსის გამოყენებით, იქნება Fortnite და Warframe. მიმდინარე თვის ბოლომდე ასევე დაემატება შემდეგი თამაშები: Bomber Crew, Deep Rock Galactic, Strange Brigade, Vermintide 2, War Thunder და X-Morph Defense. Xbox One-ისთვის გამოყენებადი იქნება თანამედროვე კლავიატურებისა და მაუსების როგორც სადენიანი, ასევე უსადენო ვარიანტები. ამასთან, Microsoft-ი თანამშრომლობს Razer-თან, რათა შეიმუშავონ უსადენო მექანიკური კლავიატურისა და მაუსის კომპლექტი სპეციალურად Xbox-ისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანია გვპირდება უფრო მეტ ნიუსს იანვრის CES-ისთვის (The Global Stage for Innovation). https://www.theverge.com/2018/11/14/18095086/xbox-one-keyboard-mouse-support-november-update-release
  11. მიმდინარე კვირაში ჩატარებულ სუპერკომპიუტერების ყოველწლიურ კონფერენციაზე დაანონსდა შტუტგარტში (გერმანია) აგებული მაღალმწარმოებლური კომპიუტერი “Hawk” , რომელიც აწყობილია AMD EPYC Rome-ის ბაზაზე. სისტემის საერთო წარმადობა აღწევს 24 PetaFLOPS/s-ს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში არსებულ ანალოგიურ სისტემებს შორის. მასში შედის 10 ათასი პროცესორი და თითოეული 64-cores Zen 2 Rome-ის წარმადობა 2.4 TeraFLOPS/s-ს აღწევს. “Hawk”-ის მოთხოვნები და საჭიროებები, როგორებიცაა მაღალი წარმადობა, ხარისხიანი ტექმხარდაჭერა, ფლობის მინიმალური ღირებულება და, რაც მთავარია, გამძლეობის მაღალი დონე გვიჩვენებს, რომ ახალი 7 nm EPYC პროცესორები აკმაყოფილებენ ყველა ამ მოთხოვნას. აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერკომპიუტერის ძირითადი მეხსიერება 665 ტერაბაიტია, დრაივ სივრცე კი - 26 პბ (პეტაბაიტი). “Hawk “გამოყენებული იქნება კომპიუტერულ საინჟინრო და კვლევით სფეროებში, როგორებიცაა მეცნიერების, ენერგეტიკის, კლიმატის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები. https://overclockers.ru/blog/itmanager85/show/22072/superkomjuter-hawk-zadejstvuet-10-tysjach-servernyh-64jadernyh-7-nm-processorov-amd-epyc
  12. კომპანია Samsung Electronics-მა ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური მობილური პროცესორი Exynos 9 Series 9820, რომელზეც იმუშავებს კომპანიის მომავალი უმაღლესი დონის სმარტფონები. დაანონსებული ჩიპი წარმოებულია 8 ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე - LPP (Low Power Plus) FinFET. აქვს რვა ბირთვი, აქედან ორი - Samsung-ის მეოთხე თაობის custom-იზებული ბირთვი, რომლის სისწრაფეც 20%-ით არის გაზრდილი წინამორბედებთან შედარებით, ენერგოეფექტურობა კი - 40%-ით (ერთბირთვიან რეჟიმში). გარდა ამისა, პროცესორს აქვს ორი Cortex-A75 და ოთხი Cortex-A55 ბირთვი. ტაქტის სიხშირეები ჯერ ცნობილი არაა. ჩიპის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეამდგენელი ნაწილია მძლავრი გრაფიკული ბირთვი ARM Mali-G76 MP12, რომელიც უზრუნველყოფს Exynos 9810-თან შედარებით 40%-ით მეტ სიჩქარეს ან 35%-ით ნაკლებ ენერგომოხმარებას. პროცესორს აქვს ნეირონული მოდული NPU (Neural Processing Unit), რომლითაც უზრუნველყოფილია ხელოვნურ ინტელექტთან დაკაშირებული ოპერაციების შესრულების დაჩქარება. ამ ბლოკის წარმადობა რვაჯერაა გაზრდილი წინამორბედთან შედარებით. Exynos 9820-ს ასევე აქვს LTE-Advanced Pro Cat.20 მოდემი მონაცემთა ჩამოტვირთვის 2 გბიტი/წმ სიჩქარითა და ინფრმაციის გადაცემის 316 მბიტი/წმ სიჩქარით. მოდემს აქვს 4×4 MIMO (Multiple-Input, Multiple-Output) ტექნოლოგიის მხარდაჭერა და 256-QAM მოდულაციის სქემა, აგრეთვე იყენებს ლიცენზირებული წვდომის (eLAA) გაფართოებულ ტექნოლოგიას. შესაძლებელი იქნება ხუთი კამერის განთავსება მოწყობილობაში, ინფრაწითელი სენსორის ჩათვლით. ასევე, ვიდეომასალების კოდირება და დეკოდირება 8K ფორმატში სიჩქარით 30 კადრი წამში, ან 4K ფორმატში - 150 კადრი წამში. მხარდაჭერილია დისპლეი გაფართოებით WQUXGA (3840 × 2400 პიქსელი) ან 4K UHD (4096 × 2160 პიქსელი), LPDDR4x ოპერატიული მეხსიერება და ფლეშ-მოდულები UFS 3.0/UFS 2.1. Exynos 9 Series 9820 პროცესორის მასობრივი წარმოება წლის ბოლომდე განხორციელდება. ერთ-ერთი პირველი სმარტფონი, რომელიც ფლაგმანურ ჩიპზე აეწყობა, იქნება Galaxy S10.  https://3dnews.ru/978140
  13. კორპორაცია Intel-მა დააანონსა მოწყობილობა Neural Compute Stick 2 (NCS 2) - კომპაქტური მოდული, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტუალური ალგორითმებისთვისა და კომპიუტერული ხედვების მაკეტირებისთვის. გასული წლის ზაფხულში Movidius-ის ბრენდით გამოვიდა ბრელოკი-კომპიუტერი Neural Compute Stick (ეს კომპანია Intel-მა 2016 წელს შეიძინა). გაჯეტის საფუძველს წარმოადგენს Movidius Vision Processing Unit (VPU) გამოთვლითი კვანძი (node). Neural Compute Stick 2-ს აქვს გამოთვლითი ბლოკი Intel Movidius Myriad X VPU – 16 სპეციალიზირებული SHAVE ბირთვით. ასევე საუბარია ნეირონული ძრავის არსებობაზე. ჯამში, როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ახალი დივაისი წარმადობით რვაჯერ აჭარბებს წინა თაობის Neural Compute Stick-ს. მოწყობილობა კომპიუტერს უკავშირდება USB 3.0 პორტით, სისტემაში რაიმე დამატებითი ტექნიკის საჭიროების გარეშე. არ არის cloud პლატფორმებთან დაკავშირების აუცილებლობა. მოსალოდნელია, რომ Neural Compute Stick 2-ით ძირითადად დაინტერესდებიან ისინი, ვინ მუშაობს პროექტებზე რობოტექნიკის სფეროში, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში, სმარტ-სახლისთვის განკუთვნილი მოწყობილობების სფეროში და ა.შ. მოწყობილობის ფასი 100 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/978171
  14. John Cable-მა, პროგრამების მართვის მიმართულების დირექტორმა ხელმეორე აფთეიდის შესახებ ბლოგზე განათავსა ინფორმაცია. Windows 10-ის განახლებიდან თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, Microsoft-ი კიდევ ერთხელ უშვებს აფდეითს ფართო პუბლიკისთვის და რეკომენდაციას იძლევა, დაელოდონ მომხმარებლები იმ დროს, როცა მათ მოწყობილობებში ავტომატურად გააქტიურდება ახალი ფუნქციები. Windows 10-ის ოქტომბერში დაგეგმილი აფდეითი გადავადებულ იქნა მთელი რიგი პრობლემების გამო: ზოგიერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ ფაილები წაეშალათ. აგრეთვე იყო დრაივერებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ზოგიერთ, Snapdragon 850-ისა და Intel 9th Core პროცესორების მქონე სისტემას ოფიციალურად არ ჰქონდა მხარდაჭერა. ოქტომბრის აფდეითთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო ის, რომ Microsoft-მა არ გატესტა იგი Windows Insider-ებისთვის წინასწარ გადასახედად: როგორც წესი, ამგვარად ხდება ხოლმე სიახლეების ტესტირება გამოშვებამდე. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით კი წელიწადში ფუნქციების ორი აფდეითი მეტისმეტია. Windows 10 1809-ის ახალი ფუნქციები მოიცავს აპლიკაციას „Your Phone“, გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას და უსადენო პროექციას. https://www.tomshardware.com/news/windows-10-1809-october-update-re-release,38065.html
  15. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ნიუსები დასაკეც სმარტფონებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამოხმაურება Samsung Galaxy F-ს მოჰყვა, თუმცა სამართლიანად უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში პირველი დრეკადი სმარტფონი Royole FlexPai გახლავთ, რომლის შესახებ ცნობები Galaxy F-მა გადაფარა და საზოგადოებამ რატომღაც მიივიწყა FlexPai. ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასაკეცი სმარტფონის წარსადგენად ემზადება კომპანია Xiaomi: ამის შესახებ ცნობები გაჩნდა მიკრობლოგინგის პლატფორმა Weibo-ზე. სმარტფონის დასახელებად ამ ეტაპზე მოიაზრება Xiaomi X. დასაკეცი დისპლეის გარდა, სმარტფონისთვის მწარმოებლებმა შეიმუშავეს მოძრავი მოდული ფრონტალური კამერით. როგორც ცნობილია, მსგავსი გადაწყვეტილება კომპანიამ ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დააპატენტა. Xiaomi X-ისთვის გათვალისწინებულია დამატებითი 3-დუიმიანი ეკრანი, რომელიც დაიკავებს წინა პანელის ზედა ნაწილს. მასზე განთავსდება ძირითადი კამერის სამი მოდული და ფლეშ-განათება. რაც შეეხება მთავარ დისპლეის, მას მაქსიმალურად ვიწრო ჩარჩოები ექნება. როგორც რენდერებიდან ჩანს, თითის ანაბეჭდის სკანერი განთავსებული იქნება პირდაპირ მატრიცაზე. (იხ.ფოტო) Xiaomi X-ის ფასი და ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა უკვე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იაფი ნამდვილად არ ეღირება. მოსალოდნელია ისიც, რომ სმარტფონი იმუშავებს 7 ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 8150 პროცესორზე. https://bit.ly/2DE5JYz
  16. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა კიდევ ერთი ბარათი Turing გრაფიკულ პროცესორზე: პროფესიონალური ვიდეო ბარათი Quadro RTX 4000 მიეკუთვნება საშუალო ფასის მქონე სეგმენტს. ახალი ვიდეო ბარათი აგებულია Turing TU106 გრაფიკული პროცესორის სრულ ვერსიაზე - ისევე როგორც GeForce RTX 2070. აქვს 2304 CUDA ბირთვი, 288 tensor ბირთვი და 36 ბირთვი real-time ray tracing-ისთვის. (NVIDIA-მ მიუთითა, რომ ბარათს მხოლოდ 26 RT ბირთვი აქვს, რაც სავარაუდოდ შეცდომაა - იხილეთ ცხრილში: მწარმოებელი აცხადებს, რომ Quadro RTX 4000-ს შეუძლია წამში 6 მილიარდი სხივის დამუშავება, მისი წარმადობა კი შეადგენს 43T RTX-OPS-ს. ახალი ბარათის გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე შეადგენს 1540 მეგაჰერცს. ვიდეო ბარათს აქვს 8 გიგაბაიტიანი GDDR6 ვიდეომეხსიერება - 256 ბიტიანი ინტერფეისით, ისევე როგორც GeForce RTX 2070-ს. თუმცა მისი ტაქტის სიხშირე 1625 მეგაჰერცს შეადგენს, რის საშუალებითაც განპირობებულია 13 გბიტი/წმ სიჩქარე. GeForce RTX 2070-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 1750 მეგაჰერცი და 14 მბიტი/წმ. ახალი ვიდეო ბარათი ერთსლოტიანია, მისი ენერგომოხმარება, როგორც NVIDIA აცხადებს, არ აღემატება 160 ვატს. დამატებითი კვებისათვის გათვალისწინებულია 8-პინიანი კონექტორი. გაგრილების სისტემას რაც შეეხება - აქვს რადიალური ტიპის ვენტილატორები. პორტებიდან გააჩნია: სამი Display Port 1.4 და ერთი VirtualLink. ვიდეო ბარათი NVIDIA Quadro RTX 4000 გაიყიდება დეკემბრიდან, მისი ფასი VideoCardz-ის ინფორმაციით 900 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის, Quadro RTX 5000 ღირს 2300 $, Quadro RTX 6000 კი - 6300 დოლარი. https://3dnews.ru/978127
  17. Volkswagen-ი 2020 წლიდან გამოუშვებს 50 მლნ ელექტრომობილს თავის ახალ პლატფორმაზე. ეს პროგნოზი რესურს Automotive News-ს გაუზიარა გერმანული მანქანათმწარმოებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Herbert Diess-მა. მისი სიტყვებით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტრომობილებისთვის საჭირო რაოდენობის ბატარეების მიწოდებასთან დაკავშირებით. Diess-მა დაადასტურა, რომ Volkswagen-ის MEB პლატფორმა ლიცენზირებისთვის ღიაა გარეშე მწარმოებელთათვის, რაც გამოიწვევს ელექტრომობილების გაიაფებას და წარმოების მასშტაბების ზრდას. «საუბარია წარმოების მასშტაბების ზრდის ხარჯზე ეფექტურობის მატების მიზნით. რაც უნდა მოხდეს, ელექტრობატარეების პაკეტი ახლო მომავალში მაინც უფრო ძვირი ეღირება შიგაწვის ძრავთან შედარებით, ამიტომ, ვფიქრობ საჭიროა გაიზარდოს წარმოების მოცულობა“ - განაცხადა ჰერბერტ დისმა. გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია გეგმავს საწარმოო არეალების გაფართოებას: „ქარხანა საკმაოდ პატარაა და ჩვენ განვიხილავთ გაფართოების სხვადასხვა ვარიანტს ახალი წარმოებისთვის, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება“.  https://3dnews.ru/978102
  18. YouTube უშვებს VR აპლიაკაციას Oculus Go mobile VR ჰედსეტისთვის. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Oculus Store-ში. იგი შეურთდა ანალოგიური აპლიკაციების რიცხვს, რომლებიც განკუთვნილია Samsung Gear VR-ის, Sony PlayStation VR-ის, Google Daydream VR-ისა და დესკტოპ VR ჰედსეტებისთვის. ეს სიახლე სასარგებლო იქნება Oculus Go-სთვის, რომელიც გამიზნულია VR ვიდეოების მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც არ არის დაკავებული გეიმინგით. YouTube-ის VR აპლიკაციას აქვს 360 გრადუსიანი ხედვისა და სტანდარტული VR theater ვიდეოს მხარდაჭერა. იგი ასევე მოიცავს სოციალურ ფუნქციებსაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ უყურონ ვიდეოებს მეგობრებთან ერთად ჰედსეტის საშუალებით. აპლიკაციის გამოშვება დაანონსებული იყო სექტემბერში ენტერპრენერების კონფერენციაზე თუმცა გამოსვლის თარიღის შესახებ ამ დრომდე არაფერი განუცხადებიათ. აპლიკაციას დაემატა ვიდეოგადაღებისა და ხმის დამატების ფუნქციები: “VR ვიდეოების საშუალებით მოხმარებლები მიიღებენ ახალ შთაბეჭდილებებს“ - აცხადებს YouTube-ის წარმომადგენლობა. „ახალი და მარტივი საშუალებებით შესაძლებელია უყუროთ და შექმნათ VR კონტენტი. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მომხმარებლებს გაუზიაროთ თქვენ მიერ აღმოჩენილი ვირტუალური რეალობები და განცდილი შთაბეჭდილებები“. https://www.theverge.com/2018/11/12/18080210/youtube-vr-oculus-go-app-launch-mobile-vr-video https://variety.com/2018/digital/news/youtube-app-oculus-go-1203025838/
  19. გასულ წელს კომპანია Honor-მა წარადგინა სმარტფონი Honor View 10 (იხ. ფოტოზე). ზოგიერთ ბაზარზე იგი იყიდება სახელწოდებით - Honor V10. იგი წარმოადგენს ფლაგმანური მოდელის Huawei Mate 10 Pro-ს გამარტივებულ ვერსიას. ერთი თვის წინ მშობელმა კომპანიამ Huawei-მ დააანონსა სმარტფონი Mate 20 Pro, ახლა კი Honor-ი ემზადება View 20 მოდელის პრეზენტაციისთვის. ჯერ კიდევ დაუანონსებელი სმარტფონის შესახებ პირველადი ინფორმაცია გამოჩნდა Weibo-ს ქსელში. სიახლეს მიენიჭა კოდური დასახელება - Princeton. წყაროების ინფორმაციით, Honor View 20, ისევე როგორც Huawei Mate 20 Pro, იმუშავებს პროცესორ Kirin 980-ის ბაზაზე, პროცესორი წარმოებულია 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 6 გიგაბაიტს, ჩაშენებულისა კი - 128 გიგაბაიტი. ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგენილი იქნება თუ არა სხვა კონფიგურაციებიც. გარეგნულად, Honor View 20 იქნება Honor 8X და 8X Max მოდელების მსგავსი. უცნობია, როგორი ექნება ჭრილის ფორმა. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სმარტფონს ექნება 22,5 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა და სამი ძირითადი კამერა 16+24+16 მეგაპიქსელიანი მოდულებით. იდენტური ფოტომოდულებია Honor Magic 2 სლაიდერ-სმარტფონში. წინასწარი მონაცემების მიხედვით, კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება Honor View 20-ის ანონსს, შედგება 2018 წლის ბოლოს-2019 წლის დასაწყისში. ხსენებული სმარტფონის მიახლოებითი ფასი იქნება 400 აშშ დოლარი. შეგახსენებთ, რომ Huawei Mate 20 Pro-ს ღირებულება 1125 აშშ დოლარია (999 ევრო). ამრიგად, Honor View 20 იქნება ყველაზე იაფი სმარტფონი 7 ნანომეტრიანი პროცესორის ბაზაზე არსებულ სმარტფონთაგან. https://bit.ly/2PTzLgI
  20. Newzoo-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად - 15,2%-ით იზრდება ბაზრის კონსოლების სექტორი და შემოსავალი ჯამში შეადგენს 38,3 მილიარდ დოლარს. თამაშების გლობალური ბაზარი კი 2018 წლის შეჯამებით, მიაღწევს 135 მილიარდს. სავარაუდოდ, 2021 წლისთვის კი გაიზრდება 174 მილიარდამდე და მისი დიდი ნაწილი იქნება მობილური თამაშების წილი - 52 %. PlayStation 4 (Pro) და Xbox One (X) იმყოფებიან სასიცოცხლო ცილკის გვიან ეტაპზე, მიუხედავად ამისა, ორივე პლატფორმის პროგრამული უზრუნველყოფიდან მიღებული შემოსავალი კვლავ კარგი მაჩვენებლის მქონეა. 2018 წლის პირველ ნახევარში PlayStation-ის პირველი კლასის თამაშები მოსალოდნელზე უკეთ გაიყიდა, იგივე ითქმის Xbox One-ის სერვისებზეც. 2018 წლის მეორე ნახევრის პერსპექტივებიც პოზიტიურია: კარგ მოლოდინს იძლევა შემდეგი თამაშების რელიზების ლაინაფი: Sony (Spider-Man), Microsoft (Forza Horizon 4) და Nintendo (Super Smash Bros. Ultimate). ასევე, Red Dead Redemption, Assassin's Creed, FIFA, Call of Duty და Battlefield. პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი თამაშებიც კარგად იყიდება. ასევე აღსანიშნავია PUBG-ისა და Fortnite-ის ნოვატორული სათამაშო პროცესი და მონეტიზაცია. მათი ეფექტურობიდან გამომდინარე მოხდა კონკურენციის სტიმულირება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. 10 უმსხვილესი კომპანია თამაშებიდან შემოსავალების მიხედვით (ფოტოზე) https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22021/mirovoj-rynok-igr-prodolzhaet-rasti
  21. მსოფლიო ბაზარი იმყოფება მეხუთე თაობის მობილური კავშირის ტექნოლოგიის დანერგვის ზღვარზე. ამასთან, უკვე იწყება წინასწარი სამუშაოები 6G კონცეფციაზე. 5G ქსელი თეორიულად უზრუნველყოფს 20 გბიტი/წმ სიჩქარეს. 4G/LTE-სთან შედარებით, ახალ ქსელზე მომუშავე სერვისების საშუალებით შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დივაისის მოქმედება მინიმალური შეფერხებებით. 5G ტექნოლოგია, როგორც მოსალოდნელია, გახდება ციფრული ინტელექტუალური მსოფლიოს საფუძველი. ხსენებული ქსელის ტესტირება და საცდელი დანერგვა უკვე ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს. პროგნოზების მიხედვით, 5G სტანდარტების სრულფასოვანი გამოყენება დაიწყება 2019 წლიდან. პერსპექტივაში, 5G-ის შემცვლელად სამომავლოდ წარმოდგება მეექვსე თაობის ქსელი. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილი გახდება მონაცემთა გადაცემის კოლოსალური სიჩქარე (ტერაბიტის დონეზე). გარდა ამისა, 6G ქსელი უზრუნველყოფს დაფარვას წყლის ქვეშაც კი. 6G ქსელის მიმართ უკვე იჩენენ ინტერესს წამყვანი ქვეყნები. მეექვსე თაობის მობილური კავშირის კომერციული დანერგვა იგეგმება 2030 წლიდან. https://3dnews.ru/978046
  22. სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, დასახელდა Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის სახელწოდება და გამოსვლის დრო: როგორც მოსალოდნელია, იგი წარდგენილი იქნება მომავალი წლის მარტში - ოდნავ მოგვიანებით ფლაგმანური Galaxy S-ის გამოსვლის შემდეგ. Galaxy S-ის მასიური ბაზრისგან განსხვავებით, Galaxy F ექსკლუზიური სმარტფონი იქნება ფასიდან გამომდინარე: მისი ღირებულება დაახლოებით 1770 დოლარი იქნება, თუმცა სააგენტოს განცხადებით, Samsung-ი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საბოლოო ფასზე. ცნობილი გახლავთ ის, რომ 2019 წლისთვის კომპანია გეგმავს მილიონი დასაკეცი დივაისის გამოშვებას. წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო Yonhap News ამტკიცებს, რომ Galaxy S10-ს ექნება 5G მხარდაჭერა, ხსენებული მსარტფონის გამოსვლა იგეგმება თებერვლისთვის. Galaxy F-ის შემთხვევაში კი 5G ქსელი არ არის გათვალისწინებული. შედარებისთვის, Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი ღირს დაახლოებით იმდენი, რამდენიც ერთად აღებული iPhone Xr (749 $) და iPhone Xs (999 $). მიუხედავად ამისა, Samsung-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კომპანია შეძლებს მინიმუმ 1 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვას. რაც შეეხება სპეციფიკაციებს, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ დისპლეის მახასიათებლები: მთავარი ეკრანის დიაგონალია 7,3 დუიმი. გვერდების შეფარდებაა 4.2:3, გაფართოება კი - 2152 х 1536 პიქსელი. მეორე დისპლეის პროპორციებია 21:9, გაფართოება - 840 х 1960, დიაგონალის ზომა - 4,58 დუიმი. ორივე ეკრანის შემთხვევაში პიქსელების სიმჭიდროვეა 420 ppi. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/11/12/18086898/samsung-foldable-phone-galaxyf-release-date-price-report https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22017/sgibaemyj-smartfon-samsung-budet-stoit-dorozhe-chem-iphone-xr-i-iphone-xs-vmeste-vzjaty
  23. Valve აპირებს გამოუშვას საკუთარი vr ჰედსეტი. ამის შესახებ დასტურდება გავრცელებული ფოტოებით. ფოტოს წყარო: imgur.com გარკვეული პერიოდის წინ Valve გაერთიანდა HTC-სთან, რათა ერთობლივად ემუშავათ ვირტუალური რელობის ჰედსეტის შექმნაზე, თუმცა ამჯერად როგორც ლოგოტიპიდან ჩანს, Valve მუშაობს კონკრეტულად საკუთარ პროდუქტზე. ამ ფაქტს ადასტურებს რესურს UploadVR-ის წყაროებიც. ცნობილია, რომ ჰედსეტს ექნება 135 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხე, გაფართოება 2880x1600, ასევე - SteamVR მოძრაობის სენსორი, ჩაშენებული ყურსასმენები და წყვილი კამერა. გათვალისწინებულია Knuckles-ის VR-კონტროლერების კომპლექტი. გარდა ამისა, წყაროების ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება Half-Life-ის VR-ვერსია, რომელიც შესაძლოა იყოს Half-Life 3-ის დასაწყისი (prequel). უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ფოტოები 2018 წლის ივლისშია გადაღებული, ასე რომ ამ დროისთვის ჰედსეტზე მუშაობა ბევრად წინ იქნება წასული. თუმცა ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. https://bit.ly/2FixBDk
  24. Microsoft-ი მომხმარებლებს სთავაზობს Xbox One X კონსოლს ყველაზე დაბალ ფასად Black Friday-სთვის, კონსოლი 100 $-ით ნაკლებ ფასად გაიყიდება აღნიშნულ პერიოდში. შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიებში, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ ფასდაკლება განსაზღვრულია მხოლოდ 18-დან 26 ნოემბრამდე პერიოდში. 100 $ დააკლდება აგრეთვე Xbox One S Minecraft კომპლექტს, 70 დოლარი - სხვა კომპლექტებს, რომელიც შეიცავენ Forza Horizon 4 თამაშს. Microsoft-ი ასევე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს Xbox One-ის თამაშებზე: 50 %-ით ნაკლები ეღირება Forza Motorsport 7 და Sea of Thieves, 35 %-ით ნაკლები კი სხვა ტიტულოვანი თამაშები. ეს შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება 22-დან 30 ნოემბრამდე. თამაშებზე შემოთავაზებები დიდია, თუმცა მათგან უმეტესობა Microsoft Xbox Game Pass-ის გამომწერებისთვისაა განკუთვნილი. 10 ნოემბრიდან 3 იანვრამდე Xbox Game Pass-ის პირველი თვის საფასური მხოლოდ 1 დოლარი იქნება. მისი სტანდარტული ფასი თვეში 9,99 დოლარია. ყოველთვიური გამოწერით მომხმარებლები მიიღებენ წვდომას 100-ზე მეტ თამაშზე. https://www.theverge.com/2018/11/10/18083294/xbox-one-x-black-friday-deal-microsoft
  25. ცნობილი გახდა, რომ 2019 წლიდან NVIDIA გადადის 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. მცირე ხნის წინ კომპანია AMD-მ წარადგინა 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული EPYC Zen 2 პროცესორები და Vega სერიის ვიდეო ბარათები. შედეგად, AMD აღმოჩნდა დისკრეტული GPU-ების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა 7 ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგია. DigiTimes-ის ინფორმაციით, NVIDIA 7nm TSMC ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალი წლისთვის აპირებს, რის შედეგადაც იგი კონკურენციას გაუწევს AMD-ს. ხსენებული ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით გაიზრდება Turing სერიის ბარათების წარმადობა/ეფექტურობა - მათი ძირითადი გრაფიკული არქიტექტურის ცვლილების გარეშეც კი. რაღა თქმა უნდა, NVIDIA-ს გეგმები მოულოდნელობას არ წარმოადგენს - საუკეთესო, წამყვანი გრაფიკული პროცესორები საუკეთესო ლითოგრაფიას საჭიროებენ. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21987/nvidia-perehodit-na-7nm
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.