Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5954
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. Chromebook კვლავ ახდენს კარგ შთაბეჭდილებას ფასი-ხარისხის მიმართების მხრივ და არც ახალი 15-დუიმიანი ლეპტოპია გამონაკლისი. მსოფლიოში პირველი 15-დუიმიანი HP Chromebook-ი (უფრო სწორად 15,6-დუიმიანი) წარმოდგენილია არა მარტო სრულზომიანი კლავიატურითა და ციფრული პანელით, არამედ სენსორული IPS-ეკრანითა და 64 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით. ამ მოდელის საწყისი ფასია 449 აშშ დოლარი, თუმცა მსურველებს შეეძლებათ გადაიხადონ შედარებით მეტი და მიიღონ ორჯერ დიდი მოცულობის eMMC მეხსიერების სივრცე, აგრეთვე უფრო სწრაფი Intel Core i5 პროცესორი. თუმცა ამ შედარებით მძლავრი მოდელის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. HP აცხადებს, რომ ლეპტოპი უკვე ხელმისაწვდომია შესაძენად თავის ინტერნეტ-მაღაზიაში, თუმცა მასზე ჯერ კიდევ რატომღაც მითითებულია სტატუსი „coming soon“. მოწყობილობა ფლობს რამოდენიმე ისეთ მახასიათებელს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია ამ ღირებულების ლეპტოპისთვის. შესაბამისად, ხსენებული მოწყობილობა კონკურენტუნარიან ალტერნატივას წარმოადგენს ფასის ამ სეგმენტის სტანდარტული ლეპტოპებისთვის. სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია 4 გიგაბაიტიანი ინტეგრირებული მეხსიერება, ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Intel HD Graphics 610, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად კი დასახელებულია 13 საათი. მოწყობილობა წარმოდგენილია ფრონტალური ფართოკუთხიანი ვებ-კამერით, ორი მიკროფონითა და ინტეგრირებული Bang & Olufsen დინამიკებით. ლეპტოპი გამოვა ფერის ორ ვარიანტად - ვერცხლისფერი და ლურჯი. HP Chroembook 15 - ეს ლეპტოპი კიდევ ერთი Chrome OS-მოწყობილობაა დიდი ზომის ლეპტოპებს შორის. გასულ წელს კი გამოვიდა Asus-ის 15-დუიმიანი Chromebook. 15-დუიმიან მოდელებს აგრეთვე ამზადებენ Acer და Lenovo. https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/4/18/18488103/hp-chromebook-15-google-chrome-os-pricing-features-release-date
  2. კრიპტოვალუტების ბირჟა Coinbase აფართოებს კრიპტოდან კრიპტოზე კონვერტაციის სერვისსა და სავაჭრო მომსახურებას კიდევ 11 ქვეყანაში. სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოულმა კომპანიამ განაცხადა თავის ოფიციალურ ბლოგზე. განცხადების თანახმად არგენტინის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის, ჩილეს, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, ფილიპინებისა და ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს უკვე შეეძლებათ წვდომა მიიღონ crypto-to-crypto გაცვლის სერვისებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ Coinbase.com-ით სარგებლობისას, არამედ თავისი პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა Coinbase Pro-ს მეშვეობითაც. გაფართოების შედეგად გამოდის, რომ Coinbase ამ დროისათვის მოქმედებს ოთხ კონტინენტსა და 53 ქვეყანაში. გარდა ამისა, ბირჟამ დააკონკრეტა, რომ გასულ წელს კრიპტოვალუტებს შორის პირდაპირმა ვაჭრობამ ჯამში გადააჭარბა ტრადიციულ fiat-to-crypto ვაჭრობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მთელი ინდუსტრიის სავაჭრო ბრუნვების გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე Coinbase გვაცნობებს, რომ crypto-to-crypto ვაჭრობის მოცულობამ საერთო ჯამში 2019 წლის თებერვალში ბრუნვის 51% შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა: გასული წლის დეკემბერში Coinbase-მა თავის სერვისებში დაამატა crypto-to-crypto ვაჭრობის მხარდაჭერა საცალო კლიენტებისათვის, რამაც მათ საშუალება მისცა სერვისზე მიეღოთ წვდომა Coinbase.com-ის, ასევე Android- და iOS-აპლიკაციების მეშვეობით. დეკემბრამდე მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი მომხმარებლებისათვის. https://www.coindesk.com/coinbase-expands-crypto-to-crypto-trading-to-11-more-countries
  3. Genesis - ეს არ არის საყოველთაოდ ცნობილი ბრენდი, თუმცა კომპანია აქტიურად აგრძელებს თავისი ყველაზე „კაშკაშა“ კონცეპტების დემონსტირებას ამერიკულ ავტოსალონებში. გასულ წელს გამოვიდა Genesis Essentia, მთლიანად ელექტრო კუპე, რომელიც მინის რეტრო-ფუტურისტული სახურავითაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს კი გამოვიდა კონცეპტი Mint - საქალაქო მსუბუქი ელექტრომობილი, რომელსაც სახელწოდებიდან და ფოტოებიდან როგორც ვხედავთ, პიტნისფერი, ღია მწვანე შეფერილობა აქვს. ეს „საქალაქო ავტომობილი“ გათვლილია იმაზე, რომ მჭირდოდ დასახლებული ქალაქების ცენტრებში ვიწრო მოსახვევებსა და გადატვირთულ გზებზე გამარტივდეს მანევრირება. მანქანა ორკარიანია და გაბარიტებში შემცირებული სედანის ტიპისაა, თუმცა არ აქვს ტრადიციული ტიპის საბარგული. მის ნაცვლად წარმოდგენილია ე.წ. „ამანათების თარო“ (parcel shelf), რომელიც პერიოდულად გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ავტომობილის დებიუტი შედგა მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოსალონში. Mint-ის კომერციულ წარმოებაში ჩაშვება ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. ავტომწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და აღნიშნავს, რომ ელექტრომობილში განთავსებულ ბატარეას შეუძლია უზრუნველყოს 200 მილი მანძილის დაფარვა და ხელმისაწვდომია 350 კილოვატიანი სწრაფი დატენვა. კომპაქტური ზომა - აი, ეს არის Mint-ის მთავარი მომგებიანი მხარე. გარეგნული დიზაინიდან გამომდინარე, იგი საკმაოდ სპორტულად გამოიყურება. ავტოსალონზე წარდგენისას მას ავტომწარმოებელმა “Mini”-ც უწოდა. Genesis თავის Mint-კონცეპტს უწოდებს „ახალ სატრანსპორტო ტიპოლოგიას“, რამდენადაც ორკარიანი სპორტული ელექტრომობილები ამჟამად ბაზარზე საკმაოდ ცოტაა. https://www.theverge.com/2019/4/17/18412297/genesis-mint-concept-ev-electric-car-city-miniature
  4. 15 აპრილს მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ განადგურდა საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაცხადა აღსადგენი ხარჯების შეგროვების შესახებ და ერთ-ერთი პირველი მსურველი კომპანია Ubisoft აღმოჩნდა. კომპანიამ განაცხადა, რომ ნახევარ მილიონ ევროს გაიღებს სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, აგრეთვე მსურველებს შესთავაზა უფასოდ მიიღონ Assassin’s Creed Unity-ის PC-ვერსია (იხ. ბმული) https://register.ubisoft.com/acu-notredame-giveaway/en-US საქმე ის გახლავთ, რომ ამ თამაშში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი შექმნილი და წარმოდგენილია შესანიშნავი სიზუსტით და Ubisoft-მა ჩათვალა, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ყველა მსურველს მიეცემა საშუალება - ვირტუალურად მაინც დაათვალიერონ ეს სილამაზე. თამაშის უფასო მიწოდება გაგრძელდება 25 აპრილამდე. უნდა აღინიშნოს, რომ Assassin’s Creed Unity-ში წარმოდგენილი ტაძრის ვირტუალური ასლი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნამდვილი ნოტრ-დამის აღსადგენად, რომელმაც კონტურები მთლიანად დაკარგა. თამაშის შექმნისას სტუდია Ubisoft Montreal-ის მხატვრებმა და დიზაინერებმა უამრავი დრო და რესურსი დახარჯეს, რათა მოეხდინათ ტაძრის კედლების, ფასადის, სახურავისა და შიდა ინტერიერის დეტალური სკანირება. https://overclockers.ru/softnews/show/96763/ubisoft-besplatno-razdaet-assassin-s-creed-unity-i-pozhertvuet-polmilliona-evro-na-vosstanovlenie-sobora-parizhskoj-bogomateri
  5. რამოდენიმე დღეში ოფიციალურად წარსდგება ვიდეო ბარათი GeForce GTX 1650. რესურსი VideoCardz ავრცელებს ინფორმაციას ბარათის ღირებულების შესახებ. როგორც ცნობილი გახდა, საწყისი დონის ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce GTX 1650 წარმოდგენილი იქნება 896 CUDA ბირთვითა და 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებით. მისი ფასი 149 დოლარი იქნება. სწორედ ასეთ ფასს აწესებს კომპანია NVIDIA ახალი ბარათის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიაზე. რაღა თქმა უნდა უფრო მეტი წარმადობის მქონე მოდიფიკაციები გაცილებით ძვირადღირებული იქნება. მაგალითად, ფრანგული Amazon-ის ასორტიმენტში გამოჩნდა EVGA-ს მიერ წარმოებული GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათები, რომელთაგან უმცროსი ვერსიის - GeForce GTX 1650 XC Black Gaming ბარათის ფასი 170 ევროს შეადგენს. GeForce GTX 1650 XC Gaming და GTX 1650 XC Ultra Black Gaming ვიდეო ბარათების ღირებულება 180 ევროა, უფროსი მოდელი კი - GeForce GTX 1650 XC Ultra Gaming – 190 ევროდ გაიყიდება. უნდა აღინიშნოს, რომ Ultra მოდელებს გაგრილების უკეთესი, ორვენტილატორიანი სისტემა აქვთ და სავარაუდოდ უფრო მაღალი სიხშირეებიც. GeForce GTX 1650 XC Black Gaming და GTX 1650 XC Gaming ვიდეობარათები კი წარმოდგენილია უფრო მოკრძალებული, ერთვენტილატორიანი გაგრილებით. საინტერესოა ის, რომ სხვა მწარმოებლებისაგან განსხვავებით EVGA-მ გადაწყვიტა GeForce GTX 1650 ბარათის თავისი ვერსია დამატებითი კვების კონექტორით აღეჭურვა. შეგახსენებთ, რომ GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათების დებიუტი 22 აპრილს უნდა შედგეს. ამავე დღეს გამოქვეყნდება მათი ყველა მახასიათებელი და დაიწყება გაყიდვა. https://3dnews.ru/986043
  6. გობის უდაბნოში მოეწყო მარსული ბაზის სიმულატორი. თუმცა იმის ნაცვლად, რომ იქ წითელ პლანეტაზე ცხოვრების მსურველი ასტრონავტები განეთავსებინათ, ამ ობიექტზე მოზარდები დაასახლეს. უნაყოფო ბორცვებით გარშემორტყმული „მარსული ბაზა 1“ გაიხსნა პუბლიკისათვის, რათა მოზარდებსა და ტურისტებს გააცნონ, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მარსზე. ასე ამზადებს ჩინეთი ახალგაზრდა თაობას. ობიექტის გახსნა განხორციელდა ჩინეთის დაუღალავი სწრაფვის ფონზე - კოსმოსურ სფეროში დაეწიოს აშშ-ს და გახდეს კოსმოსური ზესახელმწიფო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეძლებს ადამიანების მთვარეზე გაგზავნას, როგორც ეს ამერიკელებმა შეძლეს „აპოლონის“ მისიებში. ბაზაზე განთავსებულია ცხრა მოდული, მათ შორისაა საცხოვრებელი, სადისპეტჩერო, სათბური და საჰაერო შლუზი. ობიექტზე მცხოვრები მოზარდები იცვამენ სკაფანდრებს და აწყობენ ექსპედიციებს უდაბნოში, შეისწავლიან გამოქვაბულებს, გარემოს - რომელიც მარსულ ლანდშაფტს წააგავს. ბაზიდან უახლოესი ქალაქი 40 კილომეტრში მდებარეობს. ამ პროექტის ავტორია კომპანია C-Space და იგი გეგმავს მომავალ წელს ტურისტებისთვის გახსნას ბაზა. ამჟამად უკვე არსებული ობიექტი ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. C-Space ეხმარება ჩინეთის ასტრონავტთა ცენტრსა და ჩინეთის ტრანსკონტინენტალურ კომუნიკაციურ ცენტრს. სანამ მოზარდები „სათამაშო“ მარსს იკვლევენ, ჩინეთი აპირებს ნამდვილ წითელ პლანეტაზე მომავალ წელს საკუთარი ზონდი გაუშვას. https://hi-news.ru/space/v-kitajskoj-pustyne-postroili-marsianskuyu-bazu-dlya-detej.html
  7. სახის ამოცნობის სისტემები დღესდღეობით უკვე ინერგება აეროპორტებში, სავაჭრო ცენტრებსა და დიდი ქალაქების ქუჩებშიც კი. სამართალდამცავი ორგანოები ამგვარ სისტემებს ძირითადად ყიდულობენ ისეთი მსხვილი კომპანიებისაგან, როგორიცაა მაგალითად Amazon-ი, რის გამოც ასეთი კომპანიები მწვავე კრიტიკის ქვეშ ექცევა. სტენფორდის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციაზე კომპანია Microsoft-ის პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა განაცხადა, რომ მცირე ხნის წინ მას მოუწია პოლიციისათვის უარი ეთქვა - დაენერგათ მათი სისტემა პოლიციის ავტომობილებში. ამ უარისათვის კომპანიას მთელი რიგი მიზეზები ჰქონდა. სმითის აზრით ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარება განახორციელონ ადამიანებზე ტოტალური თვალთვალი. რა საკვირველია, ტექნოლოგია ხელს უწყობს დამნაშავეების პოვნასა და დაკავებას, მაგრამ მას მარტივად შეუძლია ადამიანთა უფლებების დარღვევა. Microsoft-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველაზე ხშირად ხელოვნური ინტელექტი სახის ამოცნობას სწავლობს თეთრკანიანი ადამიანების ფოტოების საფუძველზე. ამას შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ პოლიცია უფრო ხშირად დაკითხავს იმ პირებს, რომლებსაც სისტემა საეჭვოდ ჩათვლის სისტემური ხარვეზის შედეგად. და ეს მხოლოდ დასაწყისია - ტექნოლოგია შესაძლოა გავრცელდეს დიდი ქალაქების მთელ ტერიტორიაზე და მასიურად დაირღვეს კონფიდენციალურობა. სადამდე შეიძლება ამან ვითარება მიიყვანოს - ამის კარგი მაგალითია ჩინეთი. აქ სახის ამომცნობი ტექნოლოგია სკოლებშიც კი არის დანერგილი და ხშირად მუშაობს, როგორც სოციალური რეიტინგის სისტემა. მან უკვე გამოიღო ნეგატიური შედეგები - უამრავ ადამიანს ჩამოერთვა მგზავრობის უფლება. Microsoft-ი ყველაფერთან ერთად ტექნოლოგიაში დადებით მხარესაც ხედავს. კომპანიამ უარი თქვა პოლიციის მანქანებში იდენტიფიკაციის სისტემის დანერგვაზე, თუმცა დათანხმდა სახის ამომცნობი სისტემა ციხეებში განეთავსებინათ. კომპანიის აზრით ტექნოლოგიას სარგებელი ამ შემთხვევაში ნამდვილად აქვს - დახურულ სივრცეში, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე თვალთვალისას იგი ხელს შეუწყობს წესრიგის შენარჩუნებას. https://hi-news.ru/technology/microsoft-nazvala-bystroe-razvitie-texnologij-opasnym-dlya-prav-cheloveka.html
  8. კომპანია Gigabyte-მა გადაწყვიტა აღნიშნოს AMD-ის 50-წლიანი იუბილე და ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით მოამზადა ახალი დედა დაფა X470 Aorus Gaming 7 WiFi-50. შეგახსენებთ, რომ ნახევარსაუკუნოვანი იუბილესათვის თავად AMD გამოუშვებს Ryzen 7 2700X პროცესორის სპეციალურ ვერსიას, Sapphire კი - ახალ Radeon RX 590 ვიდეო ბარათს. X470 Aorus Gaming 7 WiFi-50 დედა დაფა ვიზუალურად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი X470 Aorus Gaming 7 WiFi-სგან. მხოლოდ ერთ მცირე ელემენტზეა გამოსახული წარწერა „50“. დაფის შეფუთვაზეც განთავსებულია AMD-ის იუბილესთან დაკავშირებული წარწერა. მარცხნივ — X470 Aorus Gaming 7 WiFi-50, მარჯვნივ — X470 Aorus Gaming 7 WiFi დედა დაფა X470 Aorus Gaming 7 WiFi-50 აგებულია AMD X470-ის სისტემურ ლოგიკაზე და განკუთვნილია მაღალი წარმადობის გეიმინგ-სისტემებისათვის AMD-ის პროცესორებზე Socket AM4 შესრულებით. დაფას აქვს 10+2 ფაზიანი კვების ქვესისტემა, 4- და 8-პიანიანი დამატებითი კვების კონექტორები და საკმაოდ მოზრდილი რადიატორი სითბური მილებით. ახალ დედა დაფაზე განთავსებულია DDR4 მეხსიერების მოდულის ოთხი სლოტი (3600 მჰც სიხშირიდან). ასევე ხელმისაწვდომია სამი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ერთი PCI Express 3.0 x1, აგრეთვე ორი სლოტი M.2 და ექვსი პორტი SATA III. დედა დაფის აუდიო ქვესისტემა აგებულია Realtek ALC1220-VB კოდეკსა და ES9118 Sabre HiFi ჩიპზე. სადენიან ქსელურ კავშირზე პასუხისმგებელია Intel-ის გიგაბიტური კონტროლერი. ხელმისაწვდომია უსადენო მოდულიც, რომელსაც აქვს Wi-Fi 802.11ac-ისა და Bluetooth 5.0-ის მხარდაჭერა. უკანა პანელზე მოცემულია ექვსი USB 3.0 პორტი, თითო USB 3.1 Type-C და Type-A პორტი, ორი USB 2.0, ქსელური პორტი და აუდიოკონექტორების ნაკრები. აქვეა განთავსებული ღილაკები ჩართვა/გადატვირთვისა და BIOS-ის პარამეტრებისთვის. ენთუზიასტებისათვის BIOS-ის მიკროსქემებს შორის მოცემულია გადამრთველი „OC“, ავტომატური აჩქარებისათვის და ორი კონექტორი ტემპერატურის სენსორებისათვის. დედა დაფა წარმოდგენილია RGB RGB განათებით. კომპანია Gigabyte-მა ჯერჯერობით არ გაამხილა X470 Aorus Gaming 7 WiFi-50 დაფის ფასი და გაყიდვების დაწყების თარიღი, თუმცა სავარაუდოდ გაყიდვა დაიწყება 1 მაისიდან, რადგანაც AMD-ის იუბილე სწორედ ამ დღეს გახლავთ. https://3dnews.ru/985985
  9. Qualcomm-მა და Apple-მა შეძლეს შეთანხმება, რომლის შედეგადაც შეწყდება სასამართლო დავა, რაც საპატენტო უფლებების დარღვევასთან იყო დაკავშირებული. შეთანხმება საშუალებას იძლევა მოიხსნას ყველანაირი შეზღუდვა Apple-ის მოწყობილობების გაყიდვაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიებმა ხელი მოაწერეს ახალ, ექვსწლიან სალიცენზიო ხელშეკრულებას. გარდა ამისა, Apple დათანხმდა გადაუხადოს Qualcomm-ს კომპენსაცია, რომლის ოდენობა არ გახმაურებულა. დღესდღეობით Apple ინოვაციების სამყაროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები და პროგრამული გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს ფართო შესაძლებლობებს წარუდგენენ. Apple-ის 100 ათასზე მეტი თანამშრომელი უწყვეტად მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე. თავის მხრივ Qualcomm-ი ქმნის რევოლუციურ ტექნოლოგიებს და სიახლეები შეაქვს ციფრულ სამყაროში. კომპანიები გააგრძელებენ თანამშრომლობას მეხუთე თაობის ქსელის მხარდამჭერ მოწყობილობებზე. ეს პარტნიორობა განაპირობებს არსებით ცვლილებებს ქსელური კავშირის ტექნოლოგიაში, მოახდენს ახალი ეპოქის მოახლოების სტიმულირებას, წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ინტერნეტ-ნივთებში, ტელემედიცინაში, ავტონომიური ტრანსპორტის წარმოებაში და ა.შ. შეგახსენებთ, რომ სან-დიეგოს ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა Qualcomm-ის სარჩელი და აღიარებულ იქნა სამი პატენტის დარღვევა Apple-ის მხრიდან. მანამდე კი მიუნხენის სასამართლომ Qualcomm-ის საჩივარის საფუძველზე გერმანიის ტერიტორიაზე აკრძალა iPhone-ის რამოდენიმე მოდელის გაყიდვა. https://3dnews.ru/985984
  10. Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარ ლეკს ფრიდმენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტისთვის მის მიერ დასმული უპირველესი კითხვა დაკავშირებული იქნება სიმულაციის თეორიასთან. ინტერვიუს მსვლელობისას საუბარი შეეხო მომავლის უპილოტო ტრანსპორტს, ფიზიკას, სიყვარულს, ბოლოს კი საუბარი მივიდა თემამდე - არის თუ არა ჩვენი სამყარო ვიღაცის მიერ შექმნილი ურთულესი კომპიუტერული სიმულაცია. „შესაძლოა თქვენ, ან ვინმე სხვამ ერთ დღესაც შექმნათ უმძლავრესი ხელოვნური ინტელექტი. რომ გქონდეთ მისთვის ერთი კითხვის დასმის საშუალება, რას ჰკითხავდით? - დაინტერესდა ფრიდმენი. გარკვეული პაუზის შემდეგ მასკმა განაცხადა: „რა არის სიმულაციის ფარგლებს გარეთ?“ თავისი იდეის შესახებ, რომ კაცობრიობა შესაძლოა ცხოვრობდეს დიდ კომპიუტერულ სიმულაციაში, მასკმა ჯერ კიდევ 2016 წელს ისაუბრა. იდეის არგუმენტად მან მაგალითად მოიყვანა ვიდეოთამაშები - თუ როგორ სწრაფად ხდება თამაშების განვითარება. ჯერ კიდევ რამოდენიმე ათწლეულის წინ მთელი მსოფლიო Pong-ს თამაშობდა - ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიმულაციური თამაში, სადაც ჩოგბურთის ბურთის ნაცვლად პატარა კვადრატი იყო გამოსახული. ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე წელი დაგვჭირდა, რათა გვესწავლა გამოგონებული სამყაროების ფოტორეალისტური სიმულაციების შექმნა. და რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვიღაცამ (ვინც აქაური/აქედან არაა) შექმნა კიდევ უფრო მოწინავე რეალისტური სიმულაცია, რომელშიც მე და თქვენ ვცხოვრობთ? თავდაპირველად ინტერვიუ ეძღვნებოდა თემას, თუ რამდენად გაუმჯობესებული იქნება მომავლის უპილოტო ავტომობილები, აგრეთვე შეეხნენ ნეირონული ქსელის გამოყენების საკითხს. საბოლოოდ საუბარი მივიდა იქამდე, ეს ნეირონული ქსელი როგორ შეიძლება იქცეს ბაზად უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის შექმნისათვის. „ეს ტექნოლოგია ძალიან სწრაფად გახდება ხელმისაწვდომი. შემდეგ მოგვიწევს გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ კიდევ. რაღა თქმა უნდა, თუკი საერთოდ გვექნება ასეთი შესაძლებლობა“ - განაცხადა მასკმა. ილონ მასკმა Tesla-სა და SpaceX-ის გარდა აგრეთვე დააარსა სტარტაპი Neuralink, რომლის მიზანსაც წარმოადგენს უნივერსალური კომპიუტერული ინტერფეისის შექმნა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ადამიანის ტვინის გაერთიანება კომპიუტერთან. გარდა ამისა, მასკი გამოვიდა ხელოვნური ინტელექტის შექმნის მარეგულირებელი წესების მხარდამჭერად და განაცხადა, რომ ამ სფეროს კონტროლის გარეშე ადრე თუ გვიან დიდ საფრთხეში აღმოვჩნდებით. ინტერვიუს მსვლელობისას მასკმა აღნიშნა, რომ თუკი რეალობასა და სიმულაციას შორის განსხვავების შემჩნევა შეუძლებელი გახდება, დიდი ალბათობით ვეღარც იმის გარკვევა იქნება შესაძლებელი - ჩვენი რეალობა სიმულაციურია თუ არა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სუპერმძლავრი ხელოვნური ინტელექტი უახლოეს ათწეულში გაჩნდება. ასე, რომ მასკს მიეცემა შესაძლებლობა - პირადად დაუსვას სისტემას თავისთვის საინტერესო კითხვა. https://hi-news.ru/technology/ilon-mask-rasskazal-kakoj-vopros-xotel-by-zadat-sverxprodvinutomu-iskusstvennomu-intellektu.html
  11. უკვე რამოდენიმე წელია კომპანია Boston Dynamics უშვებს სხვადასხვა სირთულის რობოტებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან წარადგინა რობოტი Handle, რომელსაც შეუძლია ყუთების გადატანა რობოტიზებული ხელებით. მიუხედავად ყველა ინოვაციისა, კომპანია ჯერ კიდევ რჩება სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად და მისი არც ერთი რობოტი არ არის საყიდლად ხელმისაწვდომი. კომპანიის დამფუძნებლის, მარკ რაიბერტის თქმით მიმდინარე წელს ეს ვითარება შეიცვლება - რობოტ SpotMini-ს ყიდვას შეძლებს ნებისმიერი, ვისაც ექნება სურვილი და შესაძენი თანხა. გაყიდვების დაწყების დრო მოახლოვდა - კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია 10 ერთეული SpotMini რობოტი როგორ ახორციელებს მძიმე სატვირთოს გადაადგილებას. ვიდეოზე ხდება დემონსტრირება, თუ რა ძალის პოტენციალი აქვს „ოთხთათიან“ რობოტს. უზარმაზარი სატვირთოს გადაადგილებით ცხადი ხდება, რომ რობოტები ფლობენ დაუჯერებლად დიდ გამწევ ძალას და ამავე დროს შესანიშნავი მოჭიდების უნარიც აქვთ. დიდი ალბათობით, ასეთი რობოტების გამოყენება შესაძლებელი იქნება მძიმე კონტეინერების გადაადგილებისათვის, თუმცა ჩნდება კითხვა - რატომ უნდა იყიდონ კომპანიებმა ძვირადღირებული რობოტები, როდესაც არის უფრო იაფი ტრანსპორტის გამოყენების შესაძლებლობა? შესაძლებელია, რომ რობოტები უფრო ეფექტური იქნება უსწორმასწორო ზედაპირზე მუშაობისას - ისეთ ადგილებში, სადაც საბურავებიან ტრანსპორტს ფიზიკურად არ შეუძლია გადაადგილება. SpotMini რობოტების ძალის დემონსტირების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=OnWolLQSZic ოთხფეხა SpotMini რობოტების პარალელურად Boston Dynamics ასევე ფლობს “ადამიანისმაგვარ“ რობოტ Atlas-ს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქმედებების განხორციელება. ამ რობოტის გაყიდვაში გამოსვლაზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა იგი თავის დანიშნულებას მიიღებდა საწარმოო კომპანიებში. ტვირთიანი ყუთების გადატანა შეუძლია აგრეთვე ზემოთხსენებულ რობოტ Handle-საც. https://hi-news.ru/robots/video-roboty-spotmini-ot-boston-dynamics-tyanut-za-soboj-ogromnyj-gruzovik.html
  12. ფინანსურმა საინფორმაციო სააგენტო Forbes-მა გამოაქვეყნა „მილიარდდოლარიანი კომპანიების“ ჩამონათვალი. მასში შედის ორგანიზაციები, რომლებმაც დანერგეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგია და მათი მინიმალური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიაში შედის კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან კრიპტოვალუტებითა და ბლოკჩეინით, აგრეთვე ტრადიციული საფინანსო დაწესებულებები, როგორებიცაა ბანკები და კლირინგ-ორგანიზაციები, კვების მრეწველობის კომპანიები, მიწოდების ჯაჭვის მართვის ფირმები და ა.შ. ჩამოთვლილი კომპანიებიდან უმეტესობა არის საყოფაცხოვრებო ტიპის, მაგალითად Amazon, Walmart, Facebook, ING, Mastercard, Microsoft და Nestle. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების რიცხვში შედიან: აშშ-ის კრიპტო ბირჟა Coinbase, ევროპული მაინინგისა და hardware-კომპანია Bitfury, აგრეთვე ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური სერვისების ქსელი და XRP ტოკენების შექმნელი Ripple. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დამნერგავი კომპანიების ჩამონათვალთან ერთად სიაში ასევე შედის ინფორმაცია, ბლოკჩეინის რომელ პროტოკოლებს გამოიყენებენ ისინი: Hyperledger-ის სხვადასხვა პროტოკოლი, ბლოკჩეინ-კონსორციუმ R3-ის Corda პროტოკოლი და Ethereum-ის ქსელი, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი სხვადასხვა საწარმოო სფეროში. Forbes-ი აღნიშნავს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალს სხვადასხვა სახის ბიზნეს-პროცესების მართვაში და მაგალითად მოჰყავს Depository Trust & Clearing Corp (DTCC), რომელიც ახორციელებს 90 მილიონ ტრანზაქციას დღეში. მარტის შუა რიცხვებში DTCC-მა გამოაქვეყნა ოფიციალური white paper-ი, სადაც ხაზგასმული იყო ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისშემდგომი დამუშავება. დოკუმენტში აღნიშნულია ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების მზარდი ბაზრის უნიკალური მახასიათებლები, ასევე მოცემულია შემოთავაზება, რომ ხშირად იქნეს გამოყენებული გლობალური პოლიტიკის სტანდარტები ტრადიციულ ბაზრებზე და სარგებელი მოუტანოს დაინტერესებულ მხარეებს, რათა განსაზღვრონ ტოკენების პლატფორმებთან დაკავშირებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა. https://cointelegraph.com/news/forbes-releases-list-of-billion-dollar-companies-using-blockchain
  13. Nikola Motors - ეს არის სტარტაპი, რომელიც არა მარტო ქმნის ელექტრო ძრავებს, არამედ იყენებს მათ მძლავრ სატრანსპორტო საშუალებებში, რომელთა გამოყენების სურვილი ნამდვილად გაუჩნდებათ ექსტრემალებს. არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე Nikola-მ წარადგინა ორხიდიანი ე.წ. „dune buggy“, რომელიც off-road-ისთვისაა განკუთვნილი. მანქანის საწყისი ფასი 80 ათასი დოლარია და მისი კომერციული წარმოება 2021 წელს დაიწყება. ელექტრომობილი უსაფრთხოა გარემოსთვის, მისგან არ ხდება მავნე ნივთიერებების გავრცელება. იგი მარტივად გადალახავს რთულ გზებს 35-დუიმიანი საბურავებისა და თითოეულ მათგანზე თითო ძრავის წყალობით. მძღოლი და მგზავრები დაცულნი არიან გარემოსგან, მანქანის სალონი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გახდეს სრულიად იზოლირებული, იგი აღჭურვილია გათბობის, ვენტილაციისა და კონდენცირების სისტემებით. მანქანის სალონში განთავსებულია 7-დუიამიანი ინსტრუმენტების კლასტერი და 13-დუიმიანი დისპლეი (ორივე მათგანი წყალგამძლეა IP68 სტანდარტის შესაბამისად). 590 ცხენის ძალის სიმძლავრის ფონზე ცოტა თუ დაუთმობს დიდ ყურადღებას დისპლეის უდაბნოში მოგზაურობის დროს. Nikola აცხადებს, რომ ხსენებულ მანქანას შეუძლია 0-დან 60 მილი სიჩქარე განავითაროს 4 წამში. ელექტრომობილი შეძლებს 150 მილის გავლას ერთ დატენვაზე 125 კილოვატიანი ბატარეის წყალობით. ასევე, მანქანას შეუძლია გამოსაბმელი ბაგირით („ბუქსირით“) გაწიოს 3 ათასი ფუნტი ტვირთი (დაახლოებით 1,360 კგ) და ნახევარი საათი გაძლოს ერთ მეტრამდე წყალში. არსებობს რამოდენიმე ეჭვი, განსაკუთრებით ბატარეის კუთხით. როგორც ცნობილია, Tesla-ს ყველაზე ძვირადღირებულ მოდელებშიც კი განთავსებულია 100 კილოვატიანი აკუმულატორები, სხვა ელექტრომობილებში კი - მასზე ნაკლები სიმძლავრის. როგორ აპირებს Nikola ასეთი სიმძლავრის ბატარეის განთავსებას პატარა კოლოფში ჯერჯერობით უცნობია და წარმოუდგენელი. ასეთი მაღალი ფასი, მანქანის დიდი წონა (5250 ფუნტი) და გამოსვლის თარიღად 2021 წელი - გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი თამამი გადაწყვეტილების სანდოობას ხაზს უსვამს ის, რომ ღონისძიებაზე Nikola-ს ელექტრომობილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. კომპანია ასევე მუშაობს off-road ელექტრომანქანის ვერსიაზეც, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის იქნება ხელსაყრელი. ელექტრომობილის კონსტრუქციის შემუშავებაზე უამრავი ენერგია დაიხარჯა. ელექტრომობილთან დაკავშირებით მიიჩნევა, რომ მთავარ ბარიერს მისი ფასი წარმოადგენს, თუმცა ეს მანქანა გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. https://www.theverge.com/2019/4/17/18411562/nikola-motors-nzt-ev-specs-price
  14. მთელი მსოფლიოს მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ გამოიყენონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ხელოვნური ორგანოების შესაქმნელად. თუკი ხელოვნური ორგანოები დაამტკიცებენ თავინთ უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივმოქმედებას, მომავალში კაცობრიობა შეძლებს დაივიწყოს დონორების ძიება და ადამიანებში ხელოვნური ორგანოები დანერგოს. ამ დრომდე იყო შემთხვევა, როდესაც შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეძლეს შეექმნათ ადამიანის გულის მექანიკური ასლი, თუმცა იგი სილიკონისგან იყო დამზადებული. რადგანაც ორგანიზმმა შეიძლება სილიკონი არ მიიღოს, მეცნიერებს უნდა შეექმნათ გული ადამიანის ბუნებრივი ქსოვილებისგან და ეს უკვე გამოუვიდათ. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებენ თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები - მცირე ზომის გულის შექმნისათვის მათ გამოიყენეს მხოლოდ ადამიანური ქსოვილები, რომლებიც არ იქნება უკუგდებული ორგანიზმის მიერ. ხელოვნური ორგანოს შემადგენლობაში შედის მისი მუშაობისთვის აუცილებელი კოლაგენი და სხვადასხვა ბიოლოგიური მოლეკულა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წარმატებით მოხდა გულის დაპროექტება და დაბეჭდვა და მას აქვს ყველა კომპონენტი: უჯრედები, სისხლძარღვები, პარკუჭები და სარქველები“ აცხადებს კვლევის ავტორი ტალ დვირი. ბიოლოგიური „მელნის“ სახით გამოყენებულ იქნა „პერსონალიზებული ჰიდროგელი“, რომელსაც საფუძვლად ედო ადამიანის ორგანიზმიდან ამოღებული ცხიმოვანი ქსოვილები. მკვლევარები ირწმუნებიან, რომ გულს შეუძლია კუმშვა, თუმცა მათ აუცილებლად უნდა მიაღწიონ იმას, რომ უჯრედებმა სინქრონში დაიწყონ მუშაობა. იმის თქმა, რომ ეს გული შეძლებს სავსებით ჩაანაცვლოს დონორის ორგანო - ჯერჯერობით ნაადრევია: მკვლევარებს მოუწევთ ყველა აღმოჩენილ ნაკლოვანებაზე მუშაობა. ხელოვნური გულის 3D ბეჭდვის პროცესი იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=crT9iJMawjk https://hi-news.ru/technology/predstavleno-pervoe-v-mire-serdce-napechatannoe-na-3d-printere-iz-chelovecheskix-tkanej.html
  15. კომპანია Samsung-ი სრულებით იყენებს ნახევარგამტარი ლითოგრაფიის მოწინავის უპირატესობას EUV დიაპაზონის სკანერის გამოყენებით. TSMC ჯერ კიდევ მზადებაშია დაიწყოს 13,5 ნანომეტრიანი სკანერის გამოყენება ივნისში, რომელიც ადაპტირებული იქნება 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან. Samsung-ი კი უფრო წინ წავიდა და აცხადებს, რომ დაასრულა 5 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მუშაობა. უფრო მეტიც, სამხრეთკორეულმა გიგანტმა განაცხადა, რომ იწყებს შეკვეთების მიღებას 5 ნანომეტრიან გადაწყვეტილებებზე: Samsung-ი მზადაა მიიღოს 5 ნმ ჩიპების ციფრული პროექტები და გამოუშვას 5 ნანომეტრიანი სილიკონის პარტიები. Samsung Foundry-ს მიღწევები EUV სფეროში 7 ნანომეტრიანი ტექნოპროცესიდან 5 ნანომეტრიანზე სწრაფ გადასვლაში კომპანიას ხელი შეუწყო იმან, რომ Samsung-მა შეინარჩუნა თანამედროვეობა საპროექტო ელემენტებში, დაპროექტების ინსტრუმენტებსა და კონტროლში. სხვა ყველაფერთან ერთად ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიის კლიენტები დაზოგავენ რესურსებს პროექტირებში, ტესტირებებსა და IP-ბლოკებში. EUV სკანერის გამოყენებით 7 ნანომეტრიან ტექნოლოგიასთან შედარებით (რომელიც კომპანიამ გასული წლის ოქტომბერში გამოუშვა), 5 ნანომეტრიანი ტექნოლოგია უზრუნველყოფს კრისტალის 25%-ით უფრო ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე 10%-ით გაზრდილ წარმადობას. კიდევ ერთი ბონუსი იქნება ფოტონიღბების რიცხვის შემცირება, რომლებიც აუცილებელია ნახევარგამტარი წარმოებისათვის. https://3dnews.ru/985921
  16. 2019 წლის 1 მაისს კომპანია Advanced Micro Devices-ს 50 წლის იუბილე ექნება. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად კომპანია რამოდენიმე სიახლეს ამზადებს. საუბარი ეხება პროცესორ Ryzen 7 2700X 50th Anniversary Edition-ს, ასევე ვიდეო ბარათს Sapphire AMD 50th Anniversary Edition Nitro+ Radeon RX 590. სამწუხაროდ, იმის გარდა, რომ ჩიპთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქულერი Wraith Prism განათებით, პრაქტიკულად არაფერია ჯერჯერობით ცნობილი თავად პროცესორზე. უცნობია, რით იქნება იგი განსხვავებული უკვე არსებულ Ryzen 7 2700X ვერსიისაგან. პროცესორზე წინასწარი შეკვეთების მიცემა (რომელიც გაყიდვაში 30 აპრილს გამოვა) შესაძლებელია 340,95 აშშ დოლარად, რაც საკმაოდ მაღალი ფასია საბაზრო ღირებულებასთან შედარებით. ანონსში არ არის მითითებული ტაქტის სიხშირეები, რომლებზეც მუშაობს ახალი ჩიპი, ამიტომ ეს საკითხი ჯერ ისევ ღიაა. დიდი ალბათობით, პროცესორს არ ექნება რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები, ვთქვათ ბირთვების გაზრდილი რაოდენობა ან მეტი ქეშ-მეხსიერება. რაც შეეხება ზემოთხსენებულ ვიდეო ბარათს, მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 299,90 ევროდ. წარმოდგენილი ვიდეო ბარათი გამოიყურება ისეთივე სტილში, როგორებიცაა Sappire სერიის ბოლო დროის მოწყობილობები. მაგალითად, აქვს ქულერი Dual-X, რომელსაც კომპანია დიდი ხანია იყენებს. ბარათი მოყვითალო-ოქროსფერია და ამით განსხვავდება სხვა ვიდეო ბარათებისაგან, რომლებიც უმეტესად შავ ან ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ამჟამად ცნობილია, რომ მასში განთავსებულია ორი 8-მილიმეტრიანი და ორი 6-მილიმეტრიანი სითბური მილი, ისევე როგორც სტანდარტული ვერსიის Nitro+ RX 590 ბარათში. უკანა პანელი დამზადებულია ალუმინისგან, იგი გამოიყენება პასიური გაგრილებისათვის, აგრეთვე ბარათს სიმყარეს სძენს. აქტიურ გაგრილებას უზრუნველყოფს ორი 95-მილიმეტრიანი ვენტილატორი. ბარათზე ხელმისაწვდომია ინტერფეისი DVI, ასევე ორი HDMI და DisplayPort. დამატებითი კვებისათვის განკუთვნილია 6- და 8-პინიანი კონექტორები. ვიდეო ბარათს აქვს Zero DB Cooling ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურად რთავს ვენტილატორებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გრაფიკული პროცესორის ტემპერატურა გადააჭარბებს განსაზღვრულ ნიშნულს. თითოეული ვენტილატორი დამაგრებულია მხოლოდ ერთი ხრახნით, რაც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში მათ ადვილად და სწრაფად გამოცვლას. https://3dnews.ru/985937
  17. დედამიწასა და სატურნის თანამგზავრ ტიტანს ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება აქვთ - ორივე მათგანზე, განსხვავებით მზის სისტემის სხვა ობიექტებისგან, არის თხევადი ტბები და ზღვები. ჩვენს პლანეტაზე ისინი სავსეა მტკნარი ან მლაშე წყლით, ტიტანზე კი ისინი მეთანისა და ეთანისაგან შედგება, რომელთა ტემპერატურა -170-180 გრადუს ცელსიუსია. მცირე ხნის წინ მეცნიერთა ორმა გუნდმა შეისწავლა აპარატ Cassini-სგან მიღებული მონაცემები და აღმოჩენილ იქნა ტიტანის საინტერესო მახასიათებელი: თანამგზავრზე არის არა მარტო მცირე ზომის ტბები, რომლებიც მალე შრება, არამედ არის ღრმა აუზებიც, რომლებიც ათასობით წლის წინ ჩამოყალიბდა. მცირე ზომის ტბების შესწავლით დაკავებული იყო მეცნიერთა ჯგუფი შენონ მაკენზის ხელმძღვანელობით. მკვლევარები მუშაობდნენ მონაცემებზე, რომელიც მოპოვებულ იქნა სპექტრმზომ VIMS-ისა და ინსტრუმენტ Imaging Science Subsystem-ის მეშვეობით. სამი პატარა ტბა, რომელსაც ისინი ზამთრის პერიოდში აკვირდებოდნენ, გაზაფხულზე უკვე გაქრა - ესენი იყო პატარა ტბორები, რომლებიც აორთქლდა. წყლის არხების აღმოჩენა, რომლებითაც შესაძლოა ტიტანის პატარა ტბები იკვებებოდეს, Cassini-მ ვერ შეძლო მათი მცირე ზომის გამო. მეცნიერთა მეორე ნაწილმა კი შეისწავლა ღრმა ტბები ინსტრუმენტ RADAR-ის მიერ მოპოვებული ცნობების საფუძველზე. კონკრეტულად ეს ცნობები მიღებულ იქნა Cassini-ს ტიტანთან მიახლოებისას 2017 წლის აპრილში. ეს ღრმა წყალსაცავები (დაახლ. 100 მეტრი) ძირითადად მეთანისაგან შედგება, ტიტანის უდიდესი ტბა ონტარიო კი (სამხრეთ ნახევარსფეროში) თანაბარი რაოდენობის მეთანისა და ეთანისაგან არის შედგენილი. თანამგზავრის ლანდშაფტი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტბები ათასობით წლის წინ შეიქმნა და კვლავ აგრძელებენ მოცულობაში ზრდას ძლიერი წვიმებისა და მინიმალური გადინების წყალობით. „ყოველ ჯერზე, როდესაც ტიტანზე რაიმე ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ, იგი კიდევ უფრო ამოუცნობი ხდება. თუმცა, აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს პასუხი გაეცეს უამრავ კითხვას და შევიცნოთ თანაგზავრის ჰიდროლოგია“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მომავალში NASA აპირებს ტიტანზე გაგზავნოს წყალქვეშა ნავი, რომელიც დაეშვება ზღვის ფსკერისაკენ. 2018 წელს უკვე ჩატარდა ცდა და გამოიყენეს მეთანითა და ეთანით სავსე ავზი. https://hi-news.ru/space/apparat-kassini-dokazal-nalichie-gluboki-tysyacheletnix-ozer-na-sputnike-saturna.html
  18. საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა Bruno Le Maire-მ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მისი ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. Le Maire ამ განცხადებით გამოვიდა ფრანგულ ჟურნალ Capitan-თან ინტერვიუში Paris Blockchain Week Summit-ამდე ერთი დღით ადრე. იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთი დაინტერესებულია მზარდი სექტორით, Le Maire-მ განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს ჩადოს 4,5 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია ინოვაციებში, მათ შორის ბლოკჩეინშიც. ამის მიზეზს კი წარმოადგენს ტექნოლოგიებში აშშ-ისა და ჩინეთის დომინირება. დაფინანასების პარალელურად მინისტრმა ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის რეგულირების პროგრესს PACTE Act-ის მეშვეობით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნა მიღებული საფრანგეთს ეროვნული ასამბლეის მიერ. ინტერვიუს დროს Le Maire-მ კანონპროექტი, პაქტი დაახასიათა, როგორც „უპრეცედენტო და მიმზიდველი ბაზა ტოკენებისა და ციფრული აქტივების გამომშვებ-მიმღებთათვის“. მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ განსაზღვრა ახალი მიმართულება ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პოლიტიკაში. ცნობილია, რომ გეგმები მოიცავს ბლოკჩეინის დანერგვას საფრანგეთის საწარმოო სექტორებში, აგრეთვე მოიცავს ინოვაციური ბლოკჩეინ-პროექტების ფინანსირებას და ამ პროექტების მხარდაჭერას უფლებრივ და ნორმატიულ საკითხებში. Le Maire-ს აზრით, გადასახადების კრიპტო-ტექნოლოგია საფრანგეთს უზრუნველყოფს საიმედო და გამჭვირვალე სისტემით, რაც დამახასიათებელია ახალი სექტორისათვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ფრანგმა კანონმდებლებმა უარყვეს ფინანსური კანონპროექტი, რომელსაც შეეძლო გადასახადების საკითხის შემსუბუქება კრიპტო-მომხმარებლებისთვის. მინისტრმა დადებითად შეაფასა ICO-ს (initial coin offerings) ბაზრის შემცირება: განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო სექტორის სიჯანსაღისთვის და ვარდნა „არ ამცირებს ახალი შემოთავაზებული ფინანსირების პოტენციალსა და სარგებელს“. ფინანსური სისტემის შუამავლების გარეშე მოქმედ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDCs) პერსპექტივებზე Le Maire-მ გამოხატა დარწმუნებულობა, რომ ასეთი „პროექტი არ არის მომწიფებული ახლოვადიან პერსპექტივაში“ და უამრავი უფლებრივ-სამართლებრივი და ტექნიკური საკითხი რჩება მოსაგვარებელი საყოველთაო, ხელმისაწვდომ CBDC-სთან დაკავშირებით. მან ასევე ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის პროტოკოლების საჭიროებას უფრო ენერგოეფექტური მექანიზმების განვითარებისა და კრიპტოებით გაადვილებული ფულის გათეთრებისგან ფინანსური სისტემის დაცვისათვის. მიმდინარე კრიპტო-დებატებზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა აზრი, რომ აიკრძალოს ანონიმურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტები, როგორებიცაა monero (XMR) და zcash (ZEC). https://cointelegraph.com/news/french-minister-of-finance-blockchain-is-a-government-priority
  19. VolksWagen-მა შანხაის ავტოსალონზე წარადგინა ახალი ელექტრომობილის კონცეპტი. გერმანულმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი მანქანის კოდური სახელია ID Roomzz და იგი აღჭურვილი იქნება მთლიანად ელექტრო ძრავით, ექნება მეოთხე დონის ავტონომიური შესაძლებლობები და ჩინეთის ბაზარზე გამოვა 2021 წელს. ID Roomzz წარმოდგენილი იქნება 82 კვტ. სიმძლავრის აკუმულატორით, რომელიც უზრუნველყოფს 450 კილომეტრის გავლას ერთ დატენვაზე და შეესაბამება ევროკავშირის WLTP სტანდარტს. ავტომწარმოებლის თქმით, ელექტრომობილი 80%-მდე დაიტენება 30 წუთში 150 ვატიანი სწრაფი დატენვის სისტემის მეშვეობით. ქროსოვერი გადაადგილდება ზედმეტი ძალისხმევების გარეშე - უხმაუროდ და მავნე გამონაბოლქვის გარეშე - აცხადებს მწარმოებელი. Roomzz ახდენს კომპანიის უნივერსალური პლატფორმის - MEB-ის შესაძლებლობების დემონსტრირებას. MEB - Modulare E-Antriebs-Baukasten - ანუ მოდულური ელექტრო მოძრაობის მატრიცა საფუძვლად უდევს 10 მილიონ ელექტრომობილს და მასზე კომპანია დიდ ფსონს დებს. Roomzz შეუერთდა VW-ის მზარდ სერიას - ავტონომიური ელექტრომობილების ახალ თაობას. სერიის სხვა მონაწილეები არიან: Vizzion: 400 მილიანი დიაპაზონი, 75 კილოვატიანი ბატარეა, სედანი; Crozz: ავტონომიური ქროსოვერი (SUV); Buzz da Buzz Cargo: მიკროავტობუსის ორი კონცეპტი; Buggy: კლასიკური ამერიკული დიუნების (dune) buggy-ის თანამედროვე რეინტერპრეტაცია. თუმცა, როგორც კონცეფცია, Roomzz - ეს მხოლოდ შაბლონია, რომელზეც VW დააპროექტებს თავის ფუტურისტულ იდეებს. მაგალითად, ორი წინა სავარძელი შესაძლებელია მობრუნდეს 25 გრადუსით, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო მოხერხებული კომუნიკაცია მგზავრებს შორის იმ დროს, როდესაც ელექტრომობილი ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებს. უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ოპერატორები ჯერ კიდევ ფრთხილად ეკიდებიან გააკეთონ პროგნოზი ავტონომიური ტრანსპორტის მასიურ გავრცელებასთან დაკავშირებით. https://www.theverge.com/2019/4/15/18311526/vw-electric-suv-id-roomzz-shanghai-auto-show-2019
  20. სულ ახლახანს გამოსული ფლაგმანური Galaxy S10 სმარტფონები ფაქტობრივად უკვე ძველ ამბად ითვლება. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს Samsung-ი შემდეგში, პირველ რიგში კი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამომავლო მაღალფასიანი სეგმენტის მოწყობილობები. მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის მოსალოდნელია Galaxy Note 10 სმარტფონების სერიის გამოსვლა. როგორც წესი, წინასწარი ინფორმაციის გაჟონვა ხდება ხოლმე ანონსსა და გაყიდვამდე რამოდენიმე თვით ადრე. უმეტეს შემთხვევებში ადრეული ინფორმაციის წყაროა Twitter-ის მომხმარებელი, მეტსახელად Ice Universe. ჩვეულებრივი Galaxy Note 10 მოდელების გარდა წელს წარმოდგენილი იქნება უფრო ძვირადღირებული სმარტფონი Galaxy Note 10 Pro. ასევე, Galaxy Note სერია გაფართოვდება არაერთი ახალი მოწყობილობით. პრეფიქსი „Pro” სმარტფონებში როგორც წესი აღნიშნავს საუკეთესოთა შორის საუკეთესოს. თუმცა Galaxy Note სერიის ყველა მოწყობილობა ისედაც ძალიან კარგია. როგორც ჩანს, მომავალ სერიაში წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო კარგი მოდელები. ცნობები ვრცელდება Galaxy Note 10e მოდელზეც - ეს იქნება უფრო კომპაქტური ვარიანტი და იგი Galaxy Note 10 სერიის სხვა სმარტფონებზე იაფი ეღირება. ამგვარად, ამჟამად არსებული ცნობების მიხედვით გამოვა სამი სმარტფონი: Note 10e, Note 10 და Note 10 Pro. Galaxy S 10 სერიაშიც სამი სმარტფონია შესული, თუმცა უფროსი მოდელის სახელში ფიგურირებს Plus – Pro-ს ნაცვლად. საჭიროა ყურადღების გამახვილება 5G ქსელის მხარდაჭერის არსებობა/არარსებობის საკითხზეც. შესაძლოა Galaxy Note 10 Pro-ს ჰქონდეს 5G მხარდაჭერა და საჭირო არ გახდეს სერიაში მეოთხე სმარტფონის გამოშვება. წინასწარი ინფორმაციით, კომპაქტური მოდელის ეკრანი 6,28 დუიმიანი იქნება, მისი მომდევნო სმარტფონებისა კი - 6,4 და 6,75. Pro ვერსიის მეხსიერების მოცულობა 12/512 გიგაბაიტი იქნება, დანარჩენი ორის - 8 და 10 გიგაბაიტი (არაოფიციალური ცნობები). რა საკვირველია, განსხვავებული იქნება კამერებიც, თუმცა ყველაზე იაფ სმარტფონსაც კი სამი ძირითადი კამერა ექნება, Pro მოდელს კი - სავარაუდოდ ოთხი. ფასის მხრივ კი სამომავლო სმარტფონები Galaxy S მოდელებზე გაცილებით ძვირადღირებული იქნება. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/25802/novym-flagmanom-samsung-stanet-galaxy-note-10-pro
  21. ამერიკულმა კომპანია Intel-მა რამოდენიმე კვირის წინ წარადგინა ახალი Xeon-სერიის პროცესორები, 56-ბირთვიანი მოდელის ჩათვლით. როგორც ამჟამად გაირკვა, კალიფორნიული გიგანტი ამზადებს კიდევ ერთ სერიას, სახელად Xeon Gold U და ამ სერიის წარმომადგენლები კონკურენციას გაუწევენ AMD-ის Epyc P სერიას. მზადებაში არსებული პროცესორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება მრავალსოკეტიანი კონფიგურაციების შექმნის შესაძლებლობის არარსებობა. ამჟამად გავრცელებულია მხოლოდ სამი მოდელის მონაცემები: Xeon Gold 6212U Xeon Gold 6210U Xeon Gold 6209U არქიტექტურა Skylake Skylake Skylake სოკეტი LGA 3647 LGA 3647 LGA 3647 ბირთვი / ნაკადი 24 / 48 20 / 40 20 / 40 საბაზისო სიხშირე 2.4 გჰც 2.5 გჰც 2.1 გჰც მაქსიმალური სიხშირე 3.9 გჰც 3.9 გჰც 3.9 გჰც ქეშ-მეხსიერება 35.75 მბ 27.5 მბ 27.5 მბ TPD 165 ვტ 150 ვტ 125 ვტ მეხსიერების სიჩქარე DDR4-2933 DDR4-2933 DDR4-2933 ტექნოპროცესი 14nm++ 14nm++ 14nm++ ფასი 2000 აშშ დოლარი 1500 აშშ დოლარი 1000 აშშ დოლარი როგორც ჩანს, ტექნიკური კუთხით ახალი მოდელები ბევრი არაფრით განსხვავდებიან. სამეულიდან „უფროსი“ მოდელი იქნება Xeon Platinum 8260-ის ასლი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მას არ ექნება ინტერფეისი Ultra Path Interconnect. ეს უკანასკნელი (UPI) საშუალებას იძლევა რამოდენიმე პროცესორი გაერთიანდეს ერთ სისტემაში. უნდა ითქვას ისიც, რომ სამივე მოდელი თითქმის ორჯერ იაფი გამოდის, თუკი შევადარებთ Ultra Path Interconnect ინტერფეისის მქონე მოდელებს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/25798/intel-predstavit-tri-processora-xeon-gold-u-stoimostju-ot-1000-dollarov
  22. ილონ მასკის კომპანიამ მოიგო NASA-ს კონტრაქტი კოსმოსურ მისია DART-ში ჩართვისთვის. მისიის მიზანია ისტორიაში პირველად მოხდეს მცდელობა და შეცვალონ ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია. როგორც ცნობილი გახდა, აეროკოსმოსურმა სააგენტომ SpaceX იმიტომ აირჩია, რომ ამ უკანასკნელმა შესთავაზა თავისი მომსახურება სხვა პოტენციურ შემსრულებლებზე იაფად. პროექტ Double Asteroid Redirection Test-ის (DART) კოსმოსური აპარატის გაშვება დაგეგმილია 2021 წლის ივნისში და იგი განხორციელდება აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების ბაზიდან (ვანდერბერგი, კალიფორნია). ასტეროიდებისგან თავდაცვისა და მათ შესწავლის მიზნით NASA-მ ორი წლის წინ ჩამოაყალიბა პლანეტარული თავდაცვის საკოორდინაციო ორგანიზაცია (Planetary Defense Coordination Office, PDCO). ორგანიზაციის ფარგლებში ხდება ისეთი ასტეროიდებისა და კომეტების ძიება და მათი კატალოგში შეყვანა, რომლებიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი პლანეტისთვის. სწორედ ეს ორგანიზაცია დაგეგმავს და გაუწევს კოორდინირებას ასტეროიდის ჩამოშორების ოპერაციას. DART - ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც მიმართულია იმისაკენ - გაირკვეს, რამდენად რეალურია ამგვარი ოპერაციის განხორციელება - საშუალო ზომის ასტეროიდისთვის მიმართულების შეცვლა. მისიისთვის არჩეულ იქნა ასტეროიდი “დიდიმი“, რომელიც 800 მეტრის სიგრძისაა. მას აგრეთვე საკუთარი პატარა, 150-მეტრიანი თანამგზავრიც ჰყავს. ეს ორი ობიექტი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ისინი პროექტის სამიზნეა მოძრაობის ტრაექტორიის შესაცვლელად. გარკვეული პერიოდი პროექტი არსებობდა მხოლოდ კონცეფციის სახით, 2017 წელს კი NASA-ს ხელმძღვანელობამ დაადასტურა პროექტი და ნება დართო გადასულიყო შემდეგ ფაზაში - პროექტირების ეტაპზე. მუშაობა ხორციელდება ჯონ ჰოპკინსის სახელობის გამოყენებითი ფიზიკის უნივერსიტეტის სპეციალისტების ძალისხმევით. პროექტის ფარგლებში იგეგმება ასტეროიდ „დიდიმისკენ“ გაემართოს დაახლოებით 500-კილოგრამიანი, ელექტრო ძრავის მქონე კოსმოსური აპარატი. დაგეგმილია აპარატის ასტეროიდთან შეჯახება 6 კმ/სთ სიჩქარით, რითიც შეიცვლება ობიექტის მოძრაობის ტრაექტორია. მიზნის მიღწევისთვის კოსმოსურ კამიკაძე-აპარატს მოუწევს გადალახოს 11 მილიონი კილომეტრი. პროექტის საერთო ღირებულება 69 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 61 მილიონი მიმართული იქნება SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ის გაშვების ორგანიზებაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები ფასია, რასაც ჩვეულებრივ ითხოვს ხოლმე NASA-სგან კერძო კომპანია (ერთ გაშვებაზე 100 მლნ დოლარი). კოსმოსური აპარატისა და ასტეროიდის შეჯახების მომენტში მეცნიერებს სურთ გაზომონ კინეტიკური ენერგიის გადაცემა, აგრეთვე განახორციელონ მონიტორინგი ასტეროიდის სამოძრაო ორბიტას ცვლილებებზე. „SpaceX სიამაყით აგრძელებს NASA-სთან წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი პლანეტათშორისი მისიის მხარდაჭერისათვის. ეს შეთანხმება ხაზს უსვამს NASA-ს დარწმუნებულობას Falcon 9-ის შესაძლებლობებში და აკისრებს მას მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პასუხისმგებლობას“ - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა Gwynne Shotwell-მა. კოსმოსური აპარატი ასტეროიდამდე მიაღწევს 2022 წლის ოქტომბერში. https://hi-news.ru/technology/nasa-vybralo-spacex-dlya-missii-po-taranu-asteroida.html
  23. სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei Technologies Co. Ltd მზად არის განახორციელოს 5G ჩიპების მიწოდება Apple-ის სმარტფონებისთვის. სიახლის შესახებ განაცხადა ჩინური კომპანიის პრეზიდენტმა Ren Zhengfei-მ. პრეზიდენტთან ინტერვიუში გაჟღერდა, რომ კომპანია განიხილავს შესაძლებლობას - 5G მობილური ჩიპები სხვა იმ კომპანიებს მიაწოდოს, რომლებიც დაკავებულნი არიან სმარტფონების წარმოებით. ამგვარი მიდგომა სიახლეა Huawei-ს სტრატეგიაში, რადგანაც ამ დრომდე ჩინური მწარმოებელი არ აპირებდა გადაეცა 5G ჩიპები სხვებისთვის. გაჟღერდა ცნობა, რომ Apple-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას მომავალ წელს 5G iPhone-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა დაკავშირებულია Apple-სა და Qualcomm-ს შორის იურიდიულ ომთან. ამასთან, გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Intel-ი ვერ ასწრებს ორგანიზება გაუკეთოს საკმარისი რაოდენობის 5G ჩიპების წარმოებას. ამ ყველაფერმა კი სავსებით შესაძლებელია Apple-ს უბიძგოს ახალი მომწოდებლის ძებნისაკენ, რომელიც შეძლებს დაგეგმილის რეალიზებას საჭირო დროში. თუკი კომპანიებს შორის პოტენციური გარიგება განხორციელდება, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს მოვლენების ამგვარად განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია გარკვეული პერიოდის წინ Huawei-ს მისამართით გაკეთებულ ბრალდებასთან, კერძოდ, მისი მოწყობილობების უსაფრთხოებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, Huawei-ს მზადყოფნა - დაიწყოს 5G ჩიპების მიყიდვა გარე კომპანიებისთვის, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბაზარზე: Qualcomm-სა და Intel-ს სერიოზული კონკურენტი დაემატება, რომელმაც შესაძლოა მომავალში მიმართულების ლიდერობაში ცვლილებები შეიტანოს. https://3dnews.ru/985855
  24. Binance Labs-მა, კრიპტო ბირჟა Binance-ის საინვესტიციო განყოფილებამ გამოყო 15 ათასი დოლარი სამიდან თითოეული სტარტაპისთვის, რომლებიც მუშაობენ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე ღია კოდით. გრანტებს მიიღებენ: 1) Ironbelly - მობილური საფულე Grin/Mimblewimble ბლოკჩეინისთვის; 2) HORP - შეტყობინებების გაცვლისა და კონფიდენციალურობის დაცვის პროტოკოლი და 3) საფულე Kitsune - მოდერნიზებადი on-chain საფულე. ხსენებული სამი სტარტაპი ამ დროისთვის არის Binance Labs-ის სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიანტები“. Binance Labs-ი აფინანსებს და ეხმარება ღია კოდის მქონე პროექტების შემუშავებაში ადრეულ ეტაპებზე. Binance Labs-ის დირექტორის, Flora Sun-ის თქმით, ინოვაციებისათვის საჭიროა „მწარმოებლების, ანტრეპრენერების ერთობლიობა, რომლებიც წარადგენენ იდეებს და ქმნიან ახალ პროექტებს ბაზარზე გასატანად“. მან განაცხადა: „ჩვენი საქმიანობა მდგომარეობს ადრეულ სტადიაში პროექტებისთვის მხარდაჭერაში - იმ პროექტებისა, რომლებიც ქმნიან ინფრასტრუქტურას სარგებლიანობის გაზრდისა და ბლოკჩეინის ბაზარზე ზრდის უზრუნველყოფისათვის“. Binance Labs აგრეთვე მართავს საინკუბაციო პროგრამას, რომელიც ასევე პროექტების მხარდამჭერია საწყის ეტაპებზე. გასული წლის დეკემბერში კრიპტო ბირჟამ განაცხადა, რომ აფართოვებს თავის საინკუბაციო პროგრამას ხუთი ახალი ქალაქის მასშტაბით, ესენია: ბერლინი, ბუენოს-აირესი, ლაგოსი, სინგაპური და ჰონგკონგი. https://www.coindesk.com/binance-labs-grants-45000-to-3-open-source-blockchain-startups
  25. Acer-მა ახალ ლაინაფში - ConceptD - დააანონსა ორი დესკტოპ-კომპიუტერი, რომლებიც განკუთვნილია პროფესიონალი მწარმოებლებისა და კონტენტის შემქმნელებისათვის - მათთვის, ვისაც აქვს დიდი ფულადი რესურსი და სჭირდებათ დიდი ენერგია მოწყობილობისგან. ფოტოზე გამოსახულია ConceptD 500 - ეს არის მოზრდილი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორით, ასევე აქვს გრაფიკული ბარათი Nvidia Quadro RTX 4000 და DDR4 ტიპის 64 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. Acer-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ამ კომპიუტერს საკმაოდ საკამათო დიზაინი აქვს და იგი წარმოდგენილია ზედა ნაწილში ხის დეტალებით. მომხმარებელთა ნაწილი მას ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობას ადარებს, ნაწილი - ყინულის ყუთსა და დიფუზორს. კომპიუტერის მონაცემების გათვალსწინებით ცხადია, იგი შესანიშნავად იმუშავებს პროფესიონალი მწარმოებლების ხელში. ამასთან, მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ კომპუტერი „სიმშვიდეს ინარჩუნებს“ მაღალი დატვირთვის დროსაც და მისი ვენტილატორების ხმაური არ აღემატება 40 დეციბელს. ეს კომპიუტერი 1699 აშშ დოლარი ღირს და იგი ივნისიდან გაიყიდება. მეორე მოდიფიკაცია - ConceptD 900 წარმოადგენს Acer-ის ახალი სერიის მაღალი წარმადობის შემოთავაზებას და იგი ფაქტობრივად უახლოვდება სუპერკომპიუტერის სტატუსს. შესაბამისად, ეს ფაქტი აისახება ფასზეც და მისი ღირებულება 19 999 დოლარია. ხსნებული კომპიუტერი მოიცავს ორ ცალ 40-ბირთვიან Intel Xeon Gold პროცესორს, გრაფიკულ პროცესორს Nvidia Quadro RTX 6000 და აქვს 192 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმადობის კუთხით მოწყობილობა ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა არაფერი აქვს საერთო სამომხმარებლო სეგმენტთან. https://www.theverge.com/2019/4/11/18306324/acers-conceptd-wood-patterned-pc-humidifier
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.