Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5935
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ჩინეთი უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი უსხვილესი საავტომობილო ბაზარია ზრდის კარგი პოტენციალით, ამიტომ მსოფლიოს ბევრი მანქანათმშენებელი კომპანია არა მარტო უშვებს იქ თავის პროდუქციას, არამედ ახდენს მის ადაპტირებას ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნებთან. ამ დრომდე ადგილობრივი საქმიანობის ორგანიზაცია უცხოელი პარტნიორისგან ითხოვდა - შეექმნა ერთობლივი საწარმო ჩინურ კომპანიასთან, რის შედეგადაც ჩინური მანქანთამშენებლები ლეგალურად იღებდნენ წვდომას უცხოურ ტექნოლოგიებსა და კომპონენტებზე. Tesla-სთვის კი გამონაკლისი დაიშვა - იგი დარჩება შანხაიში არსებული ქარხნის ერთპიროვნულ მფლობელად: ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანიას უკვე გადასცა ფორმალური ნებართვა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტრომობილების წარმოებისთვის. Tesla-სთვის შანხაიში არსებული ქარხანა პირველია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. კომპანიას არ სურს მხოლოდ ამით შემოიფარგლოს და განიხილავს ანალოგიური საწარმოების გახსნას ევროპაშიც. შანხაიში დამზადებული Tesla Model 3 ელექტრომობილების გამოშვება შესაძლოა მიმდინარე თვეშივე დაიწყოს - აცხადებენ არაოფიციალური წყაროები. წლის ბოლომდე Tesla-ს მიერ ჩინეთში გამოშვებული ელექტრომობილების რიცხვმა კვირაში 1000 ერთეულს უნდა მიაღწიოს. Tesla Model 3-ის ჩინეთში აწყობის წყალობით კომპანია შეძლებს სწრაფად დააკმაყოფილოს რეგიონალური მოთხოვნა და ასევე შეინარჩუნოს მისაღები დონის ფასები სავაჭრო ომის პირობებში. https://overclockers.ru/hardnews/show/99833/tesla-poluchila-razreshenie-kitajskih-vlastej-na-proizvodstvo-elektromobilej-v-etoj-strane
  2. უკვე არსებობს ცნობები, რომ მოახლოვდა ახალი თაობის კონსოლ NVIDIA Shield TV-ს ანონსი. იგი წარმოდგენილი იქნება NVIDIA Tegra X1+ პროცესორითა და 25 %-ით გაზრდილი წარმადობით. როგორც Android Authority გვაცნობებს, გასულ კვირაში კონსოლი წინასწარი შენაძენის სახით დროებით გამოჩნდა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის ვებ-გვერდზე, თუმცა მალევე წაიშალა. როგორც ჩანს, ახალ კონსოლს შენარჩუნებული აქვს წინამორბედის მსგავსი გარეგნული სახე, თუკი დავუჯერებთ პირველწყაროს მიერ გადაღებულ ფოტოებს, დისტანციური მართვის პულტმა კი ცვლილებები განიცადა. ფოტოს წყარო: Amazon, Android Authority მახასიათებლების კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები გარდა უფრო სწრაფი Tegra X1+ პროცესორისა, ჯერჯერობით არაფერი აღმოჩენილა. მინიმალური კონფიგურაციის კონსოლი აღჭურვილია სამგიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გბ სამომხმარებლო მეხსიერებით. ახალი მოწყობილობის ფასი 199 აშშ დოლარი იქნება, თუკი AMAZON-ს წინასწარ მონაცემებს დავეყრდნობით. მითითებულია კონსოლის გაყიდვების დაწყების თარიღიც - მიმდინარე წლის 28 ოქტომბერი. მოწყობილობას გააჩნია არა მარტო საფირმო სტრიმინგ სერვის GeForce NOW-ს მხარდაჭერა, არამედ ხმოვანი ინტერფეის Amazon Alexa-სიც. რომელი ოპერაციული სისტემა ექნება NVIDIA-ს ახალ ქმნილებას - ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება Android 10. დაინტერესებულ პირებს ისღა დარჩენიათ, დაელოდონ რამდენიმე დღეს, რათა სრულად შეიტყონ Shield TV Pro-ს მახასიათებლებისა და ფუნქციონალის შესახებ. https://3dnews.ru/995952
  3. მივუახლოვდით 2019 წლის მესამე კვარტლის დასასრულს და ამ ხნის განმავლობაში უამრავი განახლება-განვითარება განავიცადეთ, მათ შორის ჩვენი საიდჩეინების მნიშვნელოვანი პროგრესი, Horizen-ის არხისა და ჩვენი ფლაგმანური აპლიკაცია Sphere-ის განახლება. აგრეთვე ამოქმედდა ახალი Weekly Insider team call. ზაფხული დასრულდა ახალი აღმოჩენებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის მეოთხე კვარტალს სრული ძალით ვიწყებთ. მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენი გუნდის მიერ გაწეულმა მძიმე და თავდაუზოგავმა შრომამ აამაღლა Horizen-ის რეიტინგი CoinMarketCap-ზე A (attractive) დონემდე. რეიტინგის თანახმად შევდივართ საუკეთესო პროექტების რიცხვში Flipside Crypto-ს რეიტინგის მიხედვით. A დონეზე მყოფ პროექტებს შორისაა ასევე Bitcoin, Monero და Dash. შეფასება წარმოადგენს საზომს, რომელიც გამოიყენება პროექტის საერთო მდგომარეობის შეფასებისთვის და დაფუძნებულია სასიცოცხლო ციკლის სამ ძირითად პრინციპზე: მომხმარებლის აქტიურობა; დეველოპერის, ანტრეპრენერის ქმედება; ბაზრის სიმწიფე. Horizen-ის გუნდმა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიაღწია ხსენებულ დონეს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც შემოუერთდა ჩვენს Weekly Insider-ს და გვეხმარებიან ჩვენი პროექტის სრულყოფაში! ქომიუნითი  ამ მიმართულებით უამრავი ახალი თანამოაზრე შევიძინეთ ჩვენს სოციალურ არხებში, განსაკუთრებით Telegram-ში. მოხარულნი ვართ, რომ ახალ წევრებს მოსწონთ ჩვენი ტექნოლოგიები. გვსურს, მივესალმოთ ჩვენს ახალ წევრებს და მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც ამ მიმართულებით დაგვეხმარა! ქომიუნითის სხვა წევრების გაცნობის მიზნით წამოვიწყეთ ბლოგების მართვის ახალი ეტაპი ჩვენი საუკეთესო წევრების ხელმძღვანელობით, რომელთა გაცნობაც ჩვენს ბლოგზე შეგიძლიათ. ინჟინერია მესამე კვარტალში ინჟინერთა გუნდი ორიენტირებული იყო ჩვენი საიდჩეინებისთვის ფუნდამენტის ჩაყრაზე. მათ წარმატებით დანერგეს პირველი ნოუდები სატესტო ქსელში - ნოუდების სინქრონიზაცია მთავარ ჯაჭვსა და საიდჩეინს შორის სტაბილური აღმოჩნდა. მოუთმენლად ველით, რას მოგვიმზადებს სამუშაო გუნდი წლის მეოთხე კვარტლისათვის! გაუმჯობესება და განახლება შეეხო Sphere by Horizen-საც. 1.2.0b ვერსიას დაემატა batch withdraw და batch split ფუნქციები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვუახლოვდებით Sphere-ს მობილური ვერსიის ამოქმედებასაც, ასე რომ თვალყური ადევნეთ განახლებებს. საქმიანობის განვითარება ჩვენმა ბიზნესის განვითარების გუნდმა ხელი შეუწყო ZEN-ის ინტეგრაციას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა Xpay.Cash, ლათინოამერიკული POS-სისტემა, რომელიც კოლუმბიის რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ქსელშია წამორდგენილი. ასევე მოხდა ZEN-ის ინტეგრაცია Accointing-თან, რომელიც კრიპტოსავალუტო გადახდების მართვის მთავარი პლატფორმაა. ამგვარი თანამშრომლობა ZEN-ს საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მეტად მოსახერხებელი ჩვენი ქომიუნითისთვის და ხელს უწყობს მისი ქსელის გაფართოებას. მარკეტინგი მარკეტინგის ჯგუფი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვიზიარებს: მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა და UX დირექტორმა ბოლო თვეების მანძილზე თავდაუზოგავად იშრომეს, რათა რამდენიმე გასაოცარი ფუნქცია მიენიჭებინათ Horizen faucet-სთვის. ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გულისხმობს მუდმივი, ერთგული მომხმარებლების წახალისებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაჯილდოვდებიან კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ZEN-ით რეგულარულად. სამუშაო გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ჩვენი მთავარი ფასეულობის - გამჭვირვალობის მიმართულებით. ყოველ ხუთშაბათს გუნდი იკრიბება ჩვენს არხ Discord-ზე, რათა ქომიუნითის წევრებს გაუზიარონ პროექტის განახლებებისა და სიახალეების შესახებ. ოცდაათწუთიანი ჩართვა მოიცავს კითხვა-პასუხის სესიებს, რომელშიც პროექტის ხელმძღვანელობა მსმენელების ნებისმიერ კითხვას პასუხობს. Weekly Insider-ის ჩანაწერები აგრთვე ქვეყნდება Horizen-ის პოდკასტსა და YouTube-ის არხზე. გამჭვირვალობის ამაღლებული დონე მეტად დადებითად იქნა მიღებული ჩვენი ქომიუნითს მიერ. მცირე ხნის წინ გავაფართოვეთ სამოქმედო არეალი სოციალურ ქსელებში და ავამოქმედეთ ჩვენი Instagram-ექაუნთი, სადაც ჩვენი გუნდის წევრების უამრავ ფოტოსა და თავგადასავალს იხილავთ. პროექტი აგრძელებდა ეკოსისტემის განვითარებას გასულ კვარტალში. განახლებები ამგვარად გამოიყურება: Sphere by Horizen 1.2.0b - დაემატა batch split, batch withdraw, პრივატული გასაღების ბალანსის გასუფთავება და სარეზერვო ფრაზის გადახედვა; ნოუდების თრექინგის გაუმჯობესებული ფუნქცია; A დონის რეტინგი Flipside Crypto-ს მიხედვით. გუნდის ახალი წევრები: Oleg Alesandrov; Aldo Antinori. სიახლეები ბირჟების კუთხით: ZEN დაინერგა ბირჟებზე - BW.com, ТОКОК, Fox.one. Horizen მსოფლიოში Horizen-ის გუნდმა მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში თვრამეტზე მეტი ღონისძიება გამართა: Smart China Expo: Chongqing, ჩინეთი; Horizen Meetup: ელზასი, საფრანგეთი; ბლოკჩეინ UA: კიევი, უკრაინა; Horizen Meetup: კიევი, უკრაინა; Horizen Meetup: La Calmette, საფრანგეთი; Horizen Meetup: სტრასბურგი, საფრანგეთი; ბლოკჩეინ UA Hackathon: კიევი, უკრაინა; Industry 4.0 and Blockchain: თბილისი, საქართველო; Horizen and Binance Meetup: მონტერეი, მექსიკა; Startup Grind International Launch Party: თბილისი, საქართველო; OKEx Talks 2019: თბილისი, საქართველო; The Libra Effect: თბილისი, საქართველო; BIP001 კონფერენცია: ოდესა, უკრაინა; Blockchain Meetup: ოდესა, უკრაინა; Horizen Meetup: ლოს-ანჯელესი, აშშ; Crypto a la Calmette: Chemin de Saint-Chaptes, საფრანგეთი; სამიტი Blockchain LatAm: მეხიკო, მექსიკა; Horizen/Paytomat Meetup: Bamahu-Wa, განა. https://blog.horizen.global/the-year-of-delivery-at-full-charge-horizen-q3-2019-review/
  4. კომპანია DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის ნეიროქსელმა ისწავლა ძველბერძნული დაზიანებული წარწერების გაშიფვრა. მას შეუძლია ეფექტურად და სწრაფად განსაზღვროს, რა სიტყვა აკლია ტექსტს. DeepMind-ს მკვლევარებმა ხელოვნურ ინტელექტს ასწავლეს დაკარგული სიმბოლოებისა და სიტყვების აღდგენა ნებისმიერი სახის ზედაპირზე, იქნება ეს ქვა, კერამიკა თუ ლითონი. შესასწავლი მასალების ასაკი 1500-2600 წლის არსებობას ითვლის. ნეირონულ ქსელს შეუძლია ამოიცნოს სიმბოლოები 35 ათასი ძველბერძნული ფირფიტადან, რომლებშიც სიტყვების საერთო რაოდენობა 3 მილიონზე მეტია. მის მიერ აღქმული ტექსტები მოიცავს კონტექსტს, რომელშიც გათვალისწინებულია სხვადასხვა სიტყვები, გრამატიკა და წარწერების ფორმა და წყობა. სისტემის ტესტირებისთვის მეცნიერთა გუნდმა ერთიანი ტექსტიდან ცხრა სიტყვა ამოაკლო, ხელოვნურმა ინტელექტმა წარმატებით აღადგინა ყველა მათგანი. მორიგი ტესტის მსვლელობისას ნეირონულმა ქსელმა შეავსო დანაკლისის მქონე 2949 წარწერა, პარალელურად იმავეს ექსპერტებიც აკეთებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მათ ხელოვნურ ინტელექტზე 30%-ით მეტი შეცდომა დაუშვეს. თანაც, მთელი ინფორმაციის გაშიფვრა-აღდგენისთვის მეცნიერებს 2 საათი დასჭირდათ, ხელოვნურმა ინტელექტმა კი იგივე დავალება რამდენიმე წამში შეასრულა. https://hightech.fm/2019/10/18/greece-texts
  5. უამრავი მომხმარებელი თვლის, რომ SSD ყოველმხრივ აღემატება ტრადიციულ მყარ დისკებს. შესაძლოა დიდწილად არც ცდებიან, თუმცა არსებობს ისეთი მახასიათებლები, რომელთა მხრივაც ყველაზე თანამედროვე SSD ჯერ კიდევ შორსაა ძველ, გამოცდილ დისკებთან შედარებით. ფასი - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაზე ხშირად მომხმარებლები მყარ დისკს არჩევენ. 1 გბ ბიუჯეტურ SSD-ებში დაახლოებით 0.10 დოლარის ღირებულების გამოდის იმ დროს, როდესაც იმავე მოცულობის ფასი მყარი დისკის შემთხვევაში 0.02 დოლარია. მიუხედავად ამისა, მონაცემთა უზარმაზარი მოცულობა დიდი ხანია აქტუალური აღარ არის და საჭიროებს მსხვილ ჰოსტინგსა და სერვერებს. წარმადობა - ამ მიმართულებით ვერც ერთი მყარი დისკი შეედრება SSD-ებს. სამომხმარებლო მყარი დისკების უმრავლესობას შეუძლია საუკეთესო შემთხვევაში დაამუშაოს დაახლოებით 300-1000 ოპერაცია წამში (IOPS), SSD-ების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ათასია. თანაც, SSD ბარათების სიჩქარე მუდმივად იზრდება, მყარ დისკებს კი პროგრესირება აღარ შეუძლია. საიმედოობა - უფრო მაღალი წარმადობის პარალელურად SSD ბარათები ბევრად საიმედოა და მყარ დისკებთან შედარებით დაზიანების ნაკლები ალბათობა გააჩნია. კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლითაც SSD უპირატესია - ეს არის დაცემისადმი გამძლეობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მყარი დისკი დაეცა და არ გატყდა, მასში არსებული ინფორმაცის გადარჩენა ვეღარ გამოვა. SSD კი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას. ასევე აღსანიშნავია ტემპერატურაც: SSD არა მარტო უფრო გამძლეა, არამედ ბევრ მოდელს აქვს ჭკვიანი კონტროლერი, რომელიც მას გადახურებისგან იცავს. მუშაობის ხანგრძლივობა - ამ მხრივ ვითარება ასეთია: SSD-ს შეუძლია 200-600 ტერაბაიტი ინფორმაციის გადამუშავება, ჩვეულებრივი მყარი დისკის საუკეთესო მაჩვენებელი კი დაახლოებით 150 ტერაბაიტია. ხმაური და ვიბრაცია - როგორც კი ძველი, ნელი მყარი დისკისგან გათავისუფლდებით, თანდათან შეეჩვევით სიჩუმეს: SSD უხმაუროდ მუშაობს. მოცულობა - ამ მხრივ ტრადიციული მყარი დისკები ლიდერობს. რა თქმა უნდა, არსებობს უზარმაზარი მოცულობის მქონე SSD-ები, თუმცა მათი ფასი კოლოსალურია და ჯერჯერობით გვევლინება მხოლოდ როგორც მომავლის ტექნოლოგიების ნიმუშები. მოვლა-მომსახურება - რამდენად ხშირად გიწევთ დეფრაგმენტაციის კეთება? თანამედროვე SSD-ებს არ სჭირდება მომსახურება. ისინი უბრალოდ მუშაობენ და აკეთებენ საქმეს შესანიშნავად. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30937/ssd-protiv-zhestkih-diskov-chto-pokupat-i-v-chem-raznica
  6. ელექტრონიკის ტაივანურმა გიგანტმა HTC-მ გამოუშვა ახალი სმარტფონი Exodus 1s, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს სრულფასოვანი ბიტკოინ-ნოუდებით მობილურ ტელეფონში. სმარტფონის წარდგენა მოხდა 19 ოქტომბერს ბერლინში გამართულ Lightning კონფერენციაზე და პირველი მოწყობილობების გაყიდვა დაიწყო Lightning-ის საგადახდო ქსელის გამოყენებისთანავე. ახალი Exodus 1s HTC-ის წინა ბლოკჩეინ-სმარტფონ Exodus 1-თან შედარებით ბიუჯეტურია. ამ უკანასკნელს მცირე ხნის წინ დაემატა Bitcoin Cash-ის (BCH) მხარდაჭერა. კომპანიის განცხადების თანახმად ახალი სმარტფონი 219 ევრო ღირს (233 აშშ დოლარი) და მისი შეძენა შესაძლებელია შემდეგი კრიპტოვალუტებით - Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Litecoin (LTC), Binance Coin (BNB) და Bitcoin Cash. სმარტფონის ფუნქციებში შედის ყიდვა, გაყიდვა, თანხის გაგზავნა, მიღება, გაცვლა, სესხება. ამას გარდა HTC ამტკიცებს, რომ Exodus 1s მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელშიც სრულფასოვნადაა შესაძლებელი Bitcoin-ნოუდების გამოყენება. თავდაპირველად სმარტფონი ხელმისაწვდომი გახდება ევროპაში, ტაივანში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში. HTC-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ ჩენმა (Phil Chen) განაცხადა, რომ სრული ნოუდები „Bitcoin-ის ქსელის სიმტკიცის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“ და აღნიშნა, რომ Exosus 1s-ის გამოშვებით კომპანიამ შეამცირა ბარიერი ნებისმიერი ადამიანისთვის, რათა ყველამ შეძლოს ნოუდების მართვა და გლობალურ ქსელში თანამონაწილეობა. Exodus 1s-ის წინამორბედი ბლოკჩეინ-სმარტფონი Exodus 1 2018 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა და იგი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 34 რეგიონში. ამ მიმართულებით სხვა კომპანიებში სიახლეებს რაც შეეხება, ვითარება ამგავრია: სექტემბერში სავაჭრო გამოფენა IFA-ზე ბერლინში დეცენტრალიზებულმა ოფლაინ-კრიპტოსავალუტო კომპანია Pundi X-მა წარადგინა საკუთარი „Blok on Blok“ ბლოკჩეინ-სმარტფონი. ასევე ცნობილია, რომ ელექტრონიკის სამხრეთკორეული კომპანია LG მუშაობს თავის ბლოკჩეინ-სმარტფონზე, რაც Samsung Klaytn-ის საპასუხო კონკურენტულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. https://cointelegraph.com/news/htc-launches-exodus-1s-first-phone-that-can-run-a-full-btc-node
  7. Facebook-ის Libra-ს მსგავსი სტაბილური მონეტების გავრცელებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევაზე - განაცხადა FATF-ის პრეზიდენტმა, წერს სააგენტო Reuters. “თუკი სტაბილური მონეტები ფართოდ გავრცელდება, ამან შესაძლოა ისეთ რისკებამდე მიგვიყვანოს, რომლებიც უკავშირდება ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას“ - თვლის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოების ხელმძღვანელი. მან საზოგადოებას გაფრთხილება მისცა, რომ სტაბილური მონეტები და მათ უკან მდგომი კომპანიები დაექვემდებარება კრიპტოვალუტებისა და ტრადიციული აქტივების გლობალურ სტანდარტებს. „ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება ახალი რისკების წინააღმდეგ, რომლებიც სტაბილურ მონეტებს უკავშირდება“ - ხაზი გაუსვა FATF-ის პრეზიდენტმა. FATF-მა უკვე გაამკაცრა მოთხოვნები კრიპტუსავალუტო ინდუსტრიაში, ახალი რეკომენდაციების იმპლემენტაცია ბიზნესსა და მმართველობაში 2020 წლის ივნისამდე უნდა დაინერგოს. https://forklog.com/fatf-libra-i-drugie-stejblkoiny-pomeshayut-borbe-s-otmyvaniem-deneg/
  8. NASA 2022 წლისთვის დაამზადებს მთვარემავალ VIPER-ს, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ყინულის ძებნით დაკავდება. იგი მთვარის რესურსების შემსწავლელი პროექტის ფარგლებში იქმნება, რესურსებში მოიაზრება ნივთიერებები, რომლებითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას მთვარის ბაზა, აგრეთვე მიღებულ იქნას ჟანგბადი და წყალბადი სარაკეტო საწვავის სახით. როვერში ინტეგრირებული იქნება ნეიტრონული ინფრაწითელი სპექტრმზომი,რომელმაც უნდა გაზომოს ზედა ფენებში ჟანგბადის შემცველობა. მთვარემავალი აგრეთვე აღჭურვილი იქნება ბურღით, რომელიც 1 მეტრის სიღრმეზე ჩააღწევს მთვარის გრუნტში, მასთან არსებული საზომი ხელსაწყო კი განკუთვნილი იქნება გაბურღვისას მიღებული ნიმუშების ანალიზისთვის. „ეს პროექტი უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს პოლუსზე არსებული ნივთიერებების ძიება. ამჟამად პროექტი განხილვა-შემუშავების სტადიაშია“ - აცხადებენ მარშალის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის პლანეტოლოგები. მთვარის როვერის განსაკუთრებულობა მისი მუშაობის პერიოდი იქნება - იგი მთვარის ზედაპირზე იმუშავებს არა მარტო დღის, არამედ მთვარეული ღამის პერიოდშიც. NASA-ში აღნიშნავენ, რომ მეცნიერებს მეტად აინტერესებთ მთვარის ღამიდან დღეზე გადასვლის პერიოდი. https://hightech.fm/2019/10/18/viper
  9. კომპანია HiSilicon-მა, რომელიც Huawei-ს შვილობილი კომპანიაა, განაცხადა, რომ დაიწყო თავისი წარმოებული Balong 711 ჩიპების გაყიდვა. ამგვარი გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ხსენებულ პროდუქტებზე მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. ოფიციალური განცხადების თანახმად, ჩიპის გამოშვების დროიდან - 2014 წლიდან მოყოლებული Huawei-მ ჩიპი Balong 711 ჯამში ას მილიონ ისეთ მოწყობილობაში გამოიყენა, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და მაღალსიჩქარინ წვდომას ინტერნეტთან. მოგახსენებთ, რომ Balong 711-ის გამოყენება შესაძლებელია ვიდეოდაკვირვების კამერებში, სავაჭრო აპარატებსა და სხვა იმ ინტერნეტ-ნივთებში, რომლებიც საჭიროებენ ინტერნეტთან სტაბილურ, მუდმივ კავშირს. სპეციალისტების აზრით ჩიპი Balong 711 შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს წააწყდეს ინტერნეტ-ნივთების ბაზარზე. საქმე ის გახლავთ, რომ კონკურენტი კომპანიები, როგორებიცაა ამერიკული Qualcomm და ტაივანური MediaTek, აგრეთვე აწარმოებენ ჩიპებს ინტერნეტ-ნივთებისთვის, ამიტომ ჩინური კომპანია კონკურენციას ვერ გაექცევა. HiSilicon-ის მიერ შემუშავებული ჩიპების სერიული წარმოება დაევალება გარე კომპანიებს, მათ შორის TSMC-ს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით ასეთი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ Huawei-მ შესაძლოა დაიწყოს უფრო ძველი ვერსიის ჩიპების გაყიდვის სტრატეგიის შემუშავება. დიდი ალბათობაა კომპანიამ დაიწყოს თავისი ფლაგმანური ჩიპი Balong 5000-ის გაყიდვა, რომელიც მრავალრეჟიმიანი პროდუქტია და აქვს 2G-დან 5G-მდე ქსელების მხარდაჭერა. მომდევნო წელს მეხუთე თაობის ქსელის კომერციალიზაცია ახალ დონეზე ავა, შესაბამისად, 5G ჩიპებზე მოთხოვნა შეუქცევადად გაიზრდება. 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონები უფრო ფართოდ გავრცელდება, მათი მწარმოებლები კი შეეცდებიან გამოუშვან ისეთი პროდუქტი, რომელიც ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. https://3dnews.ru/995833
  10. ახალი ვერტმფრენის პირველი ფოტოები გამომცემლობა The Global Times-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი იგი ოფიციალურად წარადგინეს ღონისძიება Helicopter China Expo-ზე. ჩინეთის საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით ვერტმფრენი საჭიროა „მომავლის საინფორმაციო ბრძოლის ველისთვის“. ვერტმფრენის სიგრძე 7.6 მეტრია, სიმაღლე - 3 მეტრი. ეკიპაჟის მაქსიმალური რიცხვი ორია, მოწყობილობის მართვა კი ერთ ადამიანს შეუძლია. ინჟინერ-მეცნიერებმა გარე კორპუსით დაფარეს ყველა შიდა შემადგენელი ნაწილი, რათა ვერტმფრენი ყოფილიყო მაქსიმალურად კომპაქტური, მახვილი კუთხეების გარეშე და გამხდარიყო რადარებისთვის „უხილავი“. მეცნიერები განმარტავენ, რომ საფრენი აპარატი ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია და ფრენა არ შეუძლია - ფრენის მიღწევისთვის მათ ჯერ კიდევ ათეულობით ტესტირება უნდა განახორციელონ. აქვე აღვნიშნავთ, რომ CNN-ის განცხადებით ეს არ არის ახალი კონცეფცია - ოფიციალური მოწყობილობა, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტს წააგავდა, 1950-იან წლებში წარადგინა კანადურმა კომპანია A.V. Roe Aircraft-მა. https://hightech.fm/2019/10/17/china-ufo
  11. პროცესორების არქიტექტურა AMD Zen 2-მა მეტად წარმატებულად აიღო სტარტი, განსაკუთრებით კი პროფესიონალურ მოწყობილობებში - მეორე თაობის EPYC პროცესორები საკმაოდ მაღალი წარმადობის აღმოჩნდა და მათ ხშირ შემთხვევაში ანალოგი არ აქვთ Intel-ის მხრიდან. რა თქმა უნდა, ახალ CPU-ებს დედა დაფები სჭირდება. კომპანია ASRock Rack-ს სურს EPYC 7002 ჩიპები კიდევ უფრო პოპულარული გახადოს და ამიტომ დააანონსა ამ პროცესორების მხარდაჭერა ბიუჯეტურ EPYCD8 სერიის დაფებზე. EPYCD8-2T საბაზისო მოდელი EPYCD8 ჯერჯერობით ერთადერთი დაფაა Rome-ს მხარდაჭერით და მისი ფასი არანაკლებ 500 აშშ დოლარია. ერთი შეხედვით ეს ფასი საკმაოდ მაღალია, თუმცა არა ამ კლასის პროდუქტებისთვის. ხსენებულმა დაფამ მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა მათ შორის, ვისაც სურს ააწყოს ბიუჯეტური სერვერი ან სამუშაო სადგური. შესაბამისად, ამჯერად იგი უკვე დეფიციტშია. დაფა კვლავ გაყიდვაშია, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი EPYCD8 მიეკუთვნება წინა თაობის გადაწყვეტილებების რიგს და არ აქვს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა, თუმცა გააჩნია BIOS-ის უფრო დიდი მოცულობის მიკროსქემა (16-ის ნაცვლად 32 მეგაბაიტიანი). PCIe ვერსიაში შეზღუდვა ერთადერთია, სხვა მხრივ ეს დაფა სრულფასოვანი პროდუქტია რვაარხიანი მეხსიერების მხარდაჭერით, ოთხი სრულზომიანი x16 და სამი x8 სლოტით. ბარათების მიერთება შესაძლებელია როგორც უშუალოდ 8 SATA პორტით, ასევე გამოყენებადია ორი M.2 სლოტი ან ორი OCuLink (U.2) კონექტორი. https://servernews.ru/995655
  12. Porsche-მ და Boeing-მა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ მიზნით - ერთობლივად შექმნან ძვირადღირებული, პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილი ვერტიკალური აფრენის უნარით, რათა მისმა მომავალმა მფლობელებმა დრო აღარ კარგონ დიდ საცობებში. პარტნიორობის ფარგლებში კომპანიები აპირებენ შექმნან საერთაშორისო გუნდი, რომელიც გადაწყვეტს ურბანული საჰაერო მოძრაობის სხვადასხვა საკითხს, მათ შორისაა პრემიუმ ხარისხის სატრანსპორტო საშუალებების რისკების პოტენციალის ანალიზი და ამგვარი ტრანსპორტის გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობა. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც ფსონს ბიუჯეტურ მფრინავ ტაქსებზე დებენ, Porsche-ს სპეციალისტები გეგმავენ შექმნან უმაღლესი კლასის ავტომობილი შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურით - გათვალისწინებულია დასაფრენი მოედნები და დასატენი სადგურები. პროექტში მესამე მხარედ აგრეთვე ჩართულია Boeing-ის შვილობილი კომპანია Aurora Flight Sciences, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება ავტონომიური ელექტრო თვითმფრინავის შექმნაში. როგორც Boeing-ის წარმომადგენელმა განაცხადა, გამოცდის პირველ ეტაპზე მზა მოდელებს თვითმფრინავის ბორტიდან გაუშვებენ, შემდეგ კი დაიწყება ვერტიკალური რეჟიმიდან ჰორიზონტალურზე გადასვლა. ექსპერტების აზრით Porsche-სა და Boeing-ის კოლოსალური ტექნოლოგიური და საწარმოო არსენალი კომპანიებს საშუალებას მისცემს წინ გაუსწრონ თავიანთ მრავალრიცხოვან კონკურენტებს. https://www.techcult.ru/technics/7435-porsche-i-boeing-obedinili-usiliya-dlya-sozdaniya-letayushego-avtomobilya
  13. რობოტებისადმი ნდობა ჩინეთში მსოფლიო მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია, რაც დადასტურდა ამერიკული კვლევითი კომპანიების - Oracle-ისა და Future Workplace-ის გამოკითხვებით. რესპოდენტები თვლიან, რომ რობოტებს ადამიანებზე მეტი უპირატესობა აქვთ - უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანები გაცილებით უარესად გეგმავენ სამუშაოს, ნაკლებად კარგად ოპერირებენ ობიექტურ ინფორმაციას და რთულად წყვეტენ წარმოქმნილ სირთულეებს. ხუთი გამოკითხულიდან ოთხი თვლის, რომ რობოტები უმეტეს დავალებას უკეთ უმკლავდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი მენეჯერები. “ეს გამოკითხვა ეხება არა მხოლოდ მენეჯერებისა და დაქვემდებარებული პირების ურთიერთობას, არამედ მენეჯერის როლს სამუშაო ადგილზე“ - აღნიშნავს კვლევითი ცენტრის დირექტორი. „მენეჯერები მომავალშიც აქტუალურნი დარჩებიან, თუკი ისინი ორიენტირდებიან იმაზე, რომ თავიანთი უნარები ურთიერთობებში გამოიყენონ, რუტინული დავალებები კი რობოტებს მიანდონ“. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო თითქმის 9 ათასმა დასაქმებულმა პირმა, მენეჯერმა და ხელმძღვანელმა. დესპოდენტთა დაახლოებით ნახევარმა განაცხადა, რომ იყენებს ხელოვნური ინტელექტის ამა თუ იმ ტექნოლოგიას ყოველდღიურ საქმიანობაში. „რესპოდენტების ორმა მესამედმა ოპტიმიზმი გამოხატა რობოტ კოლეგებთან დაკავშირებით, გამოკითხულთა მეოთხედის აზრით კი მათი თანამშრომლობა „სასიამოვნო“ იქნება - აღნიშნავენ მკვლევარები. https://hightech.fm/2019/10/16/90-percent-robots
  14. SpaceX Starlink-ის „თანავარსკვლავედი“ შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა კომპანია. SpaceNews-ის ინფორმაციით, კომპანიამ ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირს სთხოვა ნებართვა - გაგზავნოს კიდევ 30 ათასი თანამგზავრი. როდესაც SpaceX-მა თავდაპირველად წარადგინა პროექტი, Starlink მაში აღწერილი იყო, როგორც 12 ათასი თანამგზავრისგან შემდგარი კოსმოსური ინტერნეტ-ქსელი. ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ ნებართვა უკვე გასცა ამ რაოდენობის თანამგზავრის გაშვებაზე, ამჯერად კი ახალი მოთხოვნა ითვალისწინებს დამატებით 30 ათასი აპარატის კოსმოსში გაგზავნას. კომპანიას, როგორც უკვე ვიცით, თანამგზავრების განთავსება დედამიწიდან 330-580 კმ სიმაღლეზე სურს, რაც ბევრში შეშფოთებას იწვევს. ეს სივრცე კოსმოსში ყველაზე ნაკლებად დაკავებულია, სწორედ აქ დაფრინავენ ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდები. მომავალში კი განთავსებული თანამგზავრები გადაადგილებას ხელს შეუშლის. ასეა თუ ისე, დამატებითი თანამგზავრების გაშვების ნებართვის მოთხოვნა ჯერ კიდევ დანამდვილებით არ ნიშნავს იმას, რომ Starlink ჯამში 42 ათასი აპარატით იქნება კოსმოსში წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში, განაცხადის შეტანა პირველი ეტაპია და მეტად ხანგრძლივ პროცესს მოიცავს. SpaceX-ს წინ შვიდი წელი აქვს უკვე ნებადართული თანამგზავრების გაყვანისთვის. კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში 60 ერთეული თანამგზავრი წარმატებით გაუშვა კოსმოსში, მიმდინარე თვეში კიდევ სამოცის გაშვება იგეგმება, ნოემბერში კი მორიგი ნაკადი გაემგზავრება. https://3dnews.ru/995690
  15. წინა თაობების კონსოლისთვის გამოშვებულ თამაშებთან თავსებადობა დიდი პლუსია Microsoft Xbox One-ისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დატკბნენ იმ თამაშებით, რომლებიც გამოვიდა Xbox 360-ისა და ორიგინალი Xbox-ისთვის. ამ მიმართულებით Sony ცოტა ჩამორჩება თავსებადობაში (PS Now სტრიმინგ სერვისს თუ არ ჩავთვლით): კონსოლი PS4 არ გამოდგება PS3-სა და მასზე ადრე გამოსული კონსოლების თამაშებით სარგებლობისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, PlayStation 5-ს ექნება შესაძლებლობა - გაუშვას ყველა ის თამაში, რომლებიც წინა ოთხი თაობის კონსოლებისთვის გამოვიდა. ერთ-ერთმა ინფორმატორმა მცირე ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გეიმერებს მოუწოდა არ გაყიდონ PlayStation-ის, PlayStation 2-ის, PlayStation 3-ისა და PlayStation 4 თამაშები PlayStation 5 კონსოლზე გადასვლისთვის მოსამზადებლად. მის აზრს სხვა პირებიც ადასტურებენ და მიგვანიშნებენ, რომ „PlayStation 5 - ეს არა მარტო მომავალი, არამედ წარსულიცაა.“ თუკი კონსოლი მართლაც შეძლებს PlayStation-ის ყველა თამაშის გაშვებას, ეს უდიდესი პლუსი იქნება: გეიმერები მიიღებენ უდიდეს გეიმინგ ბიბლიოთეკას. გავრცელებული ცნობით, PlayStation 5-ისა და PS4-ის მსგავსი არქიტექტურების წყალობით უზრუნველყოფილი იქნება ძველი თაობის თამაშების ჩართვა. უფრო ძველი თაობის კონსოლების მხარდაჭერისთვის კი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატული ბლოკების ინტეგრაცია იქნება საჭირო. PlayStation 5, ყველა სხვა გაუმჯობესების პარალელურად, უფრო სწრაფი ჩატვირთვითა და უკეთესი ტაქტილური შესაძლებლობებით ხასიათდება. ასევე მოსალოდნელია, რომ კონსოლში გამოჩნდება ვირტუალური დამხმარე, რომელიც გეიმერს უკარნახებს რა მოიმოქმედოს თამაშის რთულ მომენტებში. კონსოლი 2020 წლის ბოლოს გამოვა. https://3dnews.ru/995715
  16. კომპანია Google-მა წარადგინა მეოთხე თაობის Pixel-ის ფლაგმანური სმარტფონები. მოწყობილობების დასახელებებში მოულოდნელი არაფერია - ახალი სმარტფონების სახელებია Google Pixel 4 და Pixel 4 XL. დავიწყოთ სტანდარტული მოდელით. სმარტფონს აქვს 5.7-დუიმიანი P-OLED Full HD+ დისპლეი გვერდების შეფარდებით 19:9. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცია და შესაძლებელია მისი 60 ჰერცამდე შემცირება ბატარეის დაზოგვის მიზნით. დისპლეის HDR მხარდაჭერა აქვს და გამოირჩევა DCI-P3 ფერთა გამის 100 %-იანი ფლობით. სმარტფონის კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, წინა და უკანა პანელებზე კი მოცემულია მეხუთე თაობის დამცავი მინა Gorilla Glass. სმარტფონის გაბარიტები 147,1 х 68,8 х 8,2 მილიმეტრს შეადგენს, წონა კი 162 გრამია. მოწყობილობა IP68 სტანდარტის შესაბამისად დაცულია წყლისა და მტვრისგან. როგორც აღმოჩნდა, ახალ Pixel-ებს არ აქვთ ბიომეტრიული სენსორი. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის განკუთვნილია სახის ამომცნობი 3D სისტემა. Pixel 4-ს აქვს USB Type-C პორტი, თუმცა არ გააჩნია ყურსასმენების სტანდარტული კონექტორი. უკანა პანელზე მოცემულია ორი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. არ არის წარმოდგენილი ფართოკუთხოვანი მოდული. ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ავტოფოკუსით, ოპტიკური სტაბილიზაციითა და ორმაგი ზუმით. სმარტფონს აქვს ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა Ultra HD ხარისხში 30 კადრი/წმ სიჩქარით, ასევე შენელებული კადრის გადაღება Full HD ფორმატში 120 კადრი/წამში სიჩქარით. უკანა პანელზე აგრეთვე მოცემულია კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიღრმის ანალიზზე. ფრონტალური კამერა 8-მეგაპიქსელიანია, მოცემულია 3D სენსორი ფონის გაბუნდოვნებისთვის. სწორედ მის ბაზაზეა აგებული სახის ამოცნობის 3D სისტემა. Google Pixel 4-ის კიდევ ერთი მახასიათებელია ფუნქცია Motion Sense-ის მხარდაჭერა, რომელიც ჟესტებით მართვაზეა პასუხისმგებელი. ტექნოლოგიის ფუნქციონირებას უზღუნველყოფს მინიატურული რადარები, რომლებიც განთავსებულია დისპლეის ქვეშ. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 2800 მა/სთ-ს შეადგენს, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერა, ასევე უსადენო დატენვა Qi სტანდარტის შესაბამისად. პროცესორის სახით წარმოდგენილია Snapdragon 855 - 2,84 გჰც-ითა და Adreno 640 გრაფიკით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გიგაბაიტია. კონფიგურაციის მიხედვით სამომხმარებლო მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 ან 128 გიგაბაიტს. microSD სლოტი გათვალისწინებული არ გახლავთ, თუმცა სმარტფონს ორი SIM-ბარათი აქვს - ფიზიკური და e-SIM. ფლაგმანურ Pixel 4 XL-ს რაც შეეხება, მას 6.3-დუიმიანი P-OLED Quad HD+ დისპლეი აქვს. მისი ბატარეის მოცულობა 3700 მილიამპერია. გაბარიტები 160,4 х 75,1 х 8,2 მმ-ს, წონა კი 193 გრამს შეადგენს. Pixel 4 და Pixel 4 XL წარმოდგენილია ფერის სამ ვარიანტში: ნარინჯისფერი (Oh So Orange), შავი (Just Black) და თეთრი (Clearly White). შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სმარტფონები 24 ოქტომბრიდან გაიყიდება. Google Pixel 4-ის ფასი 799 და 899 აშშ დოლარია, XL ვერსია კი შეფასებულია 899 და 999 დოლარად, კომპლექტაციის მიხედვით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30819/google-pixel-4-i-pixel-4-xl-predstavleny-oficialno
  17. კომპანია Razer-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი კლავიატურა ოპტიკური გადამრთველებით, რომელიც დაპროექტებული სპეციალურად გეიმინგ ლეპტოპებისთვის. პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ახალი კლავიატურით წარმოგვიდგება, არის გეიმინგ ლეპტოპი Razer Blade 15. როგორც ცნობილია, ოპტიკური გადამრთველები ჩვეულებრივი მექანიკურის მსგავსია, თუმცა თითოეული მათგანის ქვეშ ინფრაწითელი გამოსხივება და მიმღებია, რომელიც მინიმალური დაჭერით აქტიურდება. მწარმოებლის თქმით, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მეტ სიზუსტესა და სიჩქარეს ჩვეულებრივი კლავიატურის ღილაკებთან შედარებით. ახალი კლავიატურის გამოყენებისას გეიმერების შეეძლებათ განახორციელონ უფრო მეტი ოპერაცია მოკლე დროში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დაძაბული გეიმინგ პროცესის დროს. ასევე აღსანიშნავია სასიამოვნო ტაქტილური უკუკავშირი და უხმაურო გამოყენება. ახალ Razer Blade 15-ში ოპტიკურ კლავიატურას ექნება N-Key Rollover და Anti-Ghosting ტექნოლოგიების მხარდაჭერა. თითოეულ ღილაკს აქვს ინდივიდუალური განათება Razer Chroma RGB - 16.8-მილიონიანი ფერთა გამით. მხარდაჭერილია სტანდარტული განათების რამდენიმე ვერსიაც, ასევე მომხმარებელი შეძლებს შემოქმედებითად მიუდგეს და განათება თავისი სურვილისამებრ ინდივიდუალურად მოიწყოს. ახალი ოპტიკური კლავიატურა დღესდღეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 15 Advanced-ში, რომლის ფასი 2659 აშშ დოლარია. მომდევნო წლიდან კი ხსენებული კლავიატურა Razer-ის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. https://3dnews.ru/995642
  18. კომპანია Google-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ახალი ლეპტოპი Pixelbook Pro, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Chrome OS-ზე. ახალი ლეპტოპი მსუბუქი, კომპაქტური და კომფორტულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და Apple MacBook Air-ის კონკურენტად გვესახება. Pixelbook Go-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული IPS-დისპლეი გაფართოებით - Full HD (1920 × 1080 პიქსელი) ან 4K Ultra HD Molecular Display (3840 × 2160 პიქსელი) - მოდიფიკაციის შესაბამისად. ლეპტოპის გაბარიტები შეადგენს 311 × 206,3 × 13,4 მილიმეტრს, წონა - დაახლოებით 1 კილოგრამს. მოწყობილობის კონფიგურაციებში წარმოდგენილია პროცესორები მერვე თაობის Intel Core m3, Core i5 და Core i7. აღვნიშნავთ, რომ პროცესორების ანალოგიური ნაკრებია შემოთავაზებული გასულ წელს გამოსულ პლანშეტ Pixel Slate-შიც. Pixelbook Go-ს ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8 ან 16 გიგაბაიტი და ხელმისაწვდომია SSD-ები მოცულობით - 64, 128 ან 256 გბ. ლეპტოპი აღჭურვილია 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით, რომელსაც Google უწოდებს Duo Cam-ს და აცხადებს, რომ შეუძლია ვიდეოს ჩაწერა Full HD გაფართოებით 60 fps სიხშირეზე. მოწყობილობაში მოცემულია ჩიპი Titan C, რომელიც განკუთვნილია ინფორმაციის გაშიფვრისა და სისტემის დაცვისათვის. Pixelbook Go აგრეთვე ფლობს USB Type-C პორტსა და 3.5-მილიმეტრიან აუდიო კონექტორს. ლეპტოპის ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 47 ვტ/სთ. ბატარეა Full HD დისპლეის მქონე ვერსიებში, ხოლო უფროს მოდიფიკაციებში კი ბატარეის სიმძლავრე 56 ვტ/სთ-ს შეადგენს. ორივე მოდიფიკაციის ავტონომიური მუშაობის დროდ 12 საათია გამოცხადებული. მხარდაჭერილია სწრაფი დატენვაც: 20 წუთში დამუხტული ბატარეა საკმარისია ლეპტოპის ორსაათიანი მუშაობისთვის. ამავე ბლოკისა და USB Type-C პორტის მეშვეობით შესაძლებელია Pixel-სმარტფონების დამუხტვაც. Pixelbook Go გაყიდვაში 27 ოქტომბერს გამოვა. 8/64 გიგაბაიტიანი საბაზისო ვერსიის ფასი 649 აშშ დოლარი იქნება. 16/256 გიგაბაიტიანი i7 მოდელი და 4K-დისპლეის მქონე ვერსია კი 1399 დოლარად გაიყიდება. https://3dnews.ru/995663
  19. პროგრამისტმა ვირჯილ დიუპრასმა შექმნა ოპერაციული სისტემა Collapse OS, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სამყაროს აღსასრულის შემდეგ. სისტემის გაშვება შეიძლება კომპიუტერში, რომელიც პოსტაპოკალიპტურ სანაგვეზე შეგროვებული ნაწილებით იქნება აწყობილი. Collapse OS-ის ალგორითმები თავსებადი იქნება არა მარტო ხელნაკეთ მოწყობილობებთან, ისინი სრულიად ავტონომიურია - ოპერაციული სისტემის გაშვება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ტიპის გამომთვლელ ტექნიკაში. ოპერაციული სისტემის ავტორმა Collapse OS-ის ტესტირება მოახდინა RC2014 კომპიუტერზე კონსოლების - Sega MegaDrive-ისა და Sega Master System-ის დეტალებით. ვირჯილ დიუპრასი თვლის, რომ აპოკალიფსის შემდეგ სანაგვეზე უამრავი ასეთი დეტალი იქნება. Collapse-ის ბირთვი ფლობს კოდის მხოლოდ 2 ათას შვიდას ხაზს, თავად ოპერაციული სისტემა კი - ხუთიათას ექვსასს. ამასთან, Collapse OS-ის გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობა კი ნებისმიერ პირობებში შეძლებს მუშაობას. Collapse OS-ის წყალობით მომავალში კაცობრიობა შეძლებს წვდომა დაიბრუნოს ინფორმატიკის საბაზისო პრინციპებთან - აღნიშნავს სისტემის ავტორი. https://hightech.fm/2019/10/14/collapse
  20. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია AMD-ის პროცესორები დღითიდღე უფრო და უფრო უმჯობესდება, Intel დანებებას არ აპირებს. ბევრი ანალიტიკოსი მარჩიელობს - როგორ ახერხებს Intel რთული სიტუაციებიდან გამოსვლას იმ დროს, როდესაც კონკურენტის ჩიპები უფრო იაფია. ამჯერად, როგორც ჩანს, კითხვაზე პასუხი ნათელია. როგორც ვებ-გვერდი wccftech აღნიშნავს, ამ ორი კომპანიის შედარება არაკორექტულია. მთელი არსი მასშტაბებში მდგომარეობს: თუკი მთელი 2018 წლის განმავლობაში AMD-მ მხოლოდ 300 მლნ დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, Intel-ის თქმით მას 2019 წელს გაკეთებული ფასდაკლებები 3 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა. ბიუჯეტები პრაქტიკულად შეუსაბამოა. ამასთან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ისეთი გიგანტურის კომპანიისათვის, როგორიც Intel-ია, ეს ციფრები კრიტიკული არ იქნება. უფრო მეტიც - სერვერული ბაზრიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავლების ფონზე ეს დანახარჯი პრაქტიკულად უმნიშვნელოც კი გახლავთ. ამრიგად, Intel დაუფარავ ფასების ომს აცხადებს, რომლის მოგებასაც AMD დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, თანაც იმ დროს, როდესაც ახლად ძალ-ღონემოკრებილ AMD-ს ძვირადღირებული ჩიპები სჭირდება. Intel-მა უკვე ორჯერ დაწია ფასები თავის ახალ, მეათე თაობის მაღალი წარმადობის ჩიპებზე. ეს ფასდაკლება დაარტყამს ჯერ კიდევ არგამოსულ Threadripper-თაობას და ისინი შეიძლება აღარავის დასჭირდეს. ექსპერტების აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია. ფასების ომი - ეს საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება პროცესორების ბაზარზე მოხდეს. მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: როდესაც ომი დასრულდება, გამარჯვებული თავის პროცესორებს ისეთ ფასებს დაადებს, როგორიც მოესურვება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/30769/kompaniya-intel-gotova-k-cenovoj-vojne-u-amd-net-nikakih-shansov-wccftech
  21. არც ისე დიდი ხნის წინ ადამიანები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ რაიმე ტვირთის გაგზავნა კოსმოსურ სივრცეში აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ამჟამად ეს უკვე რეალობაა და ხელმისაწვდომი უახლოეს მომავალში გახდება. კემბრიჯის უნივერსისტეტში შეიქმნა კონცეფცია, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნოს სხვადასხვა ზომის ტვირთი. წარდგენისთანავე პროექტი გადაეცა კორპორაცია LiftPort Group-ის ხელმძღვანელ მაიკლ ლეინს. გარკვეული დროის განმავლობაში მან შეაფასა კოსმოსური ლიფტის შექმნის საშუალება და დაასახელა მისი მიახლოებითი ღირებულება. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოცემული მექანიზმის შექმნა სავსებით რეალურია და აუცილებელიც კი გახდება. შემუშავებული პროექტის მიხედვით ლიფტის საწყისი წერტილი ეკვატორზე უნდა განთავსდეს, მეორე ბოლო კი დაუკავშირდეს თავად კოსმოსურ სადგურს. ბუნებრივია, როგორც მოსალოდნელი იყო, კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ფასი შთამბეჭდავი იქნება - 1 კგ მასის გასაგზავნად თითქმის 20 ათასი აშშ დოლარის გაღება იქნება საჭირო. ექსპერტების შეფასებით კოსმოსური ლიფტის მშენებლობა ჯამში 90 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება. წამყვანი დონის ინჟინრები უკვე დათანხმდნენ დაიწყონ მშენებლობა 2045 წლიდან. მანამდე კი დიდი ფასის გარდა მეცნიერებს მოუწევთ მოაგვარონ რამდენიმე სერიოზული პრობლემა, ესენია ტემპერატურის დაცემა და დედამიწის ატმოსფეროს გარეთ კონსტრუქციის დაცვა კოსმოსური ნაგვისგან. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/30758/predstavlen-pervyj-proekt-kosmicheskogo-lifta
  22. ზაფხულის შუა პერიოდში გაყიდვაში გამოვიდა კომპანია AMD-ის Ryzen 3000 სერიის დესკტოპ პროცესორები. ამჟამად კალიფორნიური ტექნოგიგანტი მუშაობს HEDT-გადაწყვეტილებებზე Ryzen Threadripper 3000-ის ხაზში, პარალელურად ვრცელდება პირველი ინფორმაცია Ryzen 4000 პროცესორების შესახებ. მესამე თაობის მოდელები დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით და აგებულია Zen 2 არქიტექტურის ბაზაზე. Ryzen 4000 პროცესორებში მოსალოდნელია არქიტექტურა Zen 3 და ტექნოლოგია 7nm+. გავრცელებული ინფორმაციით Zen 3-ზე გადასვლა 8 %-ზე მეტით გაზრდის IPC მაჩვენებელს. დესკტოპ პროცესორების ინჟინრული ნიმუშები გამოირჩევა უფრო მაღალი სიხშირეებით მესამე თაობის მოდელებთან შედარებით. ახალი ცნობების თანახმად, სიხშირე 0,1-0,2 გიგაჰერცით გაიზრდება, არის ალბათობა, რომ კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს. მომავალ მოდელებში პროცესორის ბირთვების რაოდენობა კი უცვლელი იქნება: ე.ი. უმცროს მოდელებს კვლავ ექნება 6, ფლაგმანებს კი - 12 ბირთვი. ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ წარმადობის მატება Ryzen 4000-სა და Ryzen 3000 მოდელებს შორის არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც Ryzen 3000 და Ryzen 2000 სერიებს შორის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30762/poyavilas-pervaya-informaciya-o-processorah-amd-ryzen-4000
  23. კოსმოსური ტელესკოპ ჰაბლის (Hubble Space Telescope) ვებ-გვერდზე გამოჩნდა სამყაროს ნაწილის დიდებული გამოსახულება: ამჯერად ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი სახელწოდებით - NGC 4380. ხსენებული კოსმოსური ქმნილება - ეს გახლავთ სპირალური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში. მისი აღმოჩენა მოხდა ჯერ კიდევ 1826 წლის მარტში ასტრონომ ჯონ ჰერშელის მიერ. სპირალური გალაქტიკები სამყაროში არსებული გალაქტიკების ყველაზე გავცელებული და ძირითადი ტიპია. მათ შუაგულში ვარსკვლავური წარმოშობის კაშკაშა დისკოებია, რომლებიც პრაქტიკულად ლოგარითმულადაა განთავსებული ნათელი ცენტრალური ნაწილის მიმდებარედ. მოცემულ გამოსახულებაზე შესანიშნავადაა ასახული გალაქტიკის სტრუქტურა. კერძოდ, ნათლად ჩანს გალაქტიკის „გული“. გარდა ამისა, შესაძლებელია დავინახოთ წარმონაქმნის სპირალური სტრუქტურა. ორბიტალურმა ტელესკოპმა Hubble-მა გასულ წელს აღნიშნა ოცდაათწლიანი იუბილე მას შემდეგ, რაც კოსმოსში იმყოფება. ტელესკოპი კოსმოსში გაუშვეს 1990 წლის 24 აპრილს შატლ Discovery STS-31-ის ბორტზე. გათვლილია, რომ ობსერვატორია კაცობრიობას მინიმუმ 2025 წლამდე მოემსახურება. https://3dnews.ru/995560
  24. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა 3D პრინტერის მეშვეობით შექმნეს ხიდის მოდელი, რომელიც და ვინჩიმ 500 წლის წინ დააპროექტა. მეცნიერმა პროექტი ოსმალეთის იმპერიის სულთან ბაიაზიდ II-ის შეკვეთით დაამზადა, თუმცა მისი კონსტრუქცია არ მოიწონეს, რადგანაც სულთნის გარემოცვამ მიიჩნია, რომ ხიდი საჭირო დატვირთვას ვერ გაუძლებდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ხიდი მეტად ნოვატორულია თავის დროის გათვალისწინებით - ლეონარდოს არ ჰქონდა თანამედროვე საყრდენ-გამაძლიერებელი მასალები და ასფალტი, რომელსაც პროექტში გამოიყენებდა. ამიტომ მან ეს მასალა ჩაანაცვლა დაპრესილი სალტეებით, პარაბოლური რკალებითა და კუთხური თაღებით. მას სურდა შეექმნა იმ დროის მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 240-მეტრიანი ხიდი. „პროექტზე მუშაობამ დიდი დრო წაგვართვა, თუმცა 3D პრინტერმა საშუალება მოგვცა აღგვედგინა იგი გეომეტრიული სიზუსტით - აღნიშნავენ პროექტზე მომუშავე მკვლევარები. ინჟინერ-მეცნიერთა გუნდმა აღადგინა და ვინჩის ხიდის ზუსტი მოდელი 1:500 მასშტაბში. ხიდის მოდელისათვის სათითაოდ გამოიჭრა და შემდეგ აიწყო რთული ფორმის 126 ცალკეული ბლოკი. მომუშავე გუნდი ეყრდნობოდა იმ ესკიზებსა და აღწერებს, რომლებიც მოცემულია ლეონარდოს ჩანაწერებში. ინჟინრები აგრეთვე ითვალისწინებდნენ იმ დროისათვის დამახასიათებელ კონსტრუქციულ ტენდენციებს. და ვინჩის მიერ არჩეული გაბრტყელებული თაღის ფორმის ხიდი საშუალებას იძლეოდა მის ქვეშ ფლოტს გაეცურა, ძირითადი კონსტრუქცია კი სეისმური გამძლეობით ხასიათდებოდა. თაღის ბაზაზე არსებული მოძრავი პლატფორმები კი მოძრაობდა ისე, რომ არ დარღვეულიყო ერთიანი კონსტრუქცია. https://hightech.fm/2019/10/11/leo-bridge
  25. სტრიმინგ თამაშების სერვისი NVIDIA GeForce Now ხელმისაწვდომი გახდა Android-მოწყობილობებზე. GeForce Now უზრუნველყოფს მრავალფეროვან გეიმინგ სივრცეს მილიარდობით იმ კომპიუტერისთვის, რომლებიც არ ფლობენ საკმარის სიმძლავრეს ლოკალური თამაშებისთვის. ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად გააფართოვებს აუდიტორიას, რადგანაც გამოჩნდა სერვისის მხარდაჭერა Android-ით მართულ ფლაგმანურ სმარტფონებზეც. ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და SHIELD TV-ის შემთხვევაში, Android-ისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაცია ბეტა-ვერსიის მდგომარეობაშია. კომპანია აგრძელებს სერვისის გაუმჯობესება-ოპტიმიზაციას. აპლიკაცია ამ ეტაპზე გაშვებულია სამხრეთ კორეაში და ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის გლობალურ ონლაინ მარკეტ Google Play Store-ში, თუმცა APK უკვე ატვირთულია APKMirror-ზე. რამდენიმე ევროპულმა რესურსმა უკვე შეამოწმა მისი სამუშაო ეფექტი. ტექნიკური მოთხოვნები ასეთია: მხარდაჭერილია სმარტფონები, რომლებსაც აქვთ Android 5.0 ან უფრო ახალი ვერსია, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 2 გიგაბაიტი. ოპტიმალური მუშაობისთვის რეკომენდებულია ინტერნეტის სიჩქარე არანაკლებ 15 მბიტ/წმ (მინიმალური შეფერხებებით), აგრეთვე Bluetooth-კონტროლერი, მაგალითად SHIELD-ის, Razer Raiju Mobile-ის, Steelseries Stratus Duo-სა და Glap Gamepad-ის მსგავსი, რომლის გარეშეც თამაშები სმარტფონში არ გაეშვება. აპლიკაციის გამოყენებისთვის საჭიროა სერვისის გამოწერა, რომლის ფასიც იქნება წელიწადში დაახლოებით 155 აშშ დოლარი, თვეში კი - დაახლოებით 15 $. https://3dnews.ru/995553
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.