Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5951
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    198

Everything posted by Magdalena

  1. ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Credit Suisse-ზე შედგა კომპანია NVIDIA-ს წარმომადგენლების გამოსვლა, რომლის ფარგლებში პასუხები გაეცა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ძვირადღირებული ვიდეო ბარათები ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით გაცილებით ცუდად იყიდება, სწორედ მათ მოუტანეს 2019 წელს კომპანიას წლიური შემოსავლის ¾. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კმაყოფილია გაყიდვებითა და კომპანიის საბაზრო წილით, თუმცა მიიჩნევს, რომ ზრდისთვის კიდევ დარჩენილია შესაძლებლობები. NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა თქვა, რომ მომავალში RayTracing უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 2020 წლის ბოლოსთვის ეს ტექნოლოგია გამოჩნდება მომდევნო თაობის კონსოლებში, შემდეგ კი - მასობრივ სეგმენტში. წარმომადგენლების განცხადებით იმისთვის, რომ მომხმარებლებმა RayTracing ტექნოლოგიის მთელი უპირატესობა მიიღონ, საკმარისი იქნება 100 დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, კომპანიამ არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ შესაძლებელია გამოვიდეს ვიდეო ბარათები ამ ფასად ზემოთხსენებული ტექნოლოგიით. სავარაუდოდ, NVIDIA მომავალში გამოუშვებს ყველაზე ბიუჯეტური სექტორის RTX ვიდეო ბარათებს, აგრეთვე მობილურ მოდელებს რამდენიმე ლეპტოპისა და ულტრაბუკისთვის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32178/nvidia-zayavlyaet-chto-sposobna-vypustit-videokarty-s-podderzhkoj-trassirovki-luchej-za-100-dollarov
  2. როდესაც უსაფრთხოების რეიტინგი მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, ავტომობილის შეძენისას ნამდვილად ღირს ელექტრომობილების ვარიანტი განვიხილოთ. Tesla Model X-მა მცირე ხნის წინ ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო ახალი ავტომობილების ევროპული სტანდარტის შეფასების პროგრამით (Euro NCAP), რითაც გაამყარა უკვე არსებული მაღალი შეფასება, რომელიც ძველად მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის სატრანსპორტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ Porsche Taycan ერთ-ერთი მოწინავე ელექტრომობილია Tesla-ს კონკურენტებს შორის და მანაც ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. კომპანია Tesla-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უსაფრთხოების ტესტირებებში, ამიტომ მისი უახლესი მიღწევები დიდ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. ავტომობილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში Tesla-მ მიიღო 94%-იანი რეიტინგი - ასეთივე მაჩვენებელი მიიღო მიმდინარე წელს Model 3-მა. ელექტრომობილმა აგრეთვე მოიპოვა შთამბეჭდავი 98 პროცენტი მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის შემოწმებაში, რისი წყალობითაც იგი ძლიერი პრეტენდენტია თავის კლასში 2019 წლის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალების წოდების მიღებაში. წლის ბოლოს გახდება ცნობილი, დაიკავებს თუ ვერა Tesla პირველ ადგილს. https://3dnews.ru/999072
  3. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა განაცხადეს, რომ უშვებენ თავიანთ ციფრულ ვალუტას ბლოკჩეინ-კომპანია LIFElabs-თან პარტნიორობით. მონეტა BVI~LIFE დაკავშირებული იქნება აშშ დოლართან 1:1-ზე შეფარდებით. მოსალოდნელია, რომ Stablecoin უზრუნველყოფს ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდას და შეამცირებს საკომისიოს. ციფრული ვალუტა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებელთათვის, ასევე ტურისტებისთვის. Stablecoin-ის გამოშვება წარმოადგენს უფრო ფართო ინიციატივის ნაწილს, რომელიც ეხება ადგილობრივი ფინანსური სექტორის განვითარებას. პარალელურად, LIFElabs დაკავებულია ფონდ Rapid Cash Response-ით, რომელიც მოწოდებულია გაამარტივოს და დააჩქაროს ვირჯინიის კუნძულების მაცხოვრებლებისთვის ექსტრემალურ სიტუაციებში მატერიალური დახმარების მიღება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ და LIFElabs-მა აპრილში გააფორმეს პარტნიორული შეთანხმება მსგავსი დახმარების მიწოდების შესახებ. სმარტფონებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია LIFEWallet-ის მეშვეობით, რომელსაც აქვს Bitcoin-ის, Ethereum-ის, ERC-20 ფორმატის ტოკენებისა და Lifelabs life-ის ციფრული აქტივების მხარდაჭერა, უბედური შემთხვევისა მფლობელები მიიღებენ ხელისუფლების მხარდაჭერას ან დამოუკიდებლად გადარიცხავენ თანხებს. https://forklog.com/britanskie-virginskie-ostrova-vypustyat-sobstvennyj-stejblkoin/
  4. ყველა თანამედროვე მყარი დისკი იდენტურადაა აწყობილი. კონსტრუქციის შიგნით ტრიალებს დისკები, საიდანაც იკითხება ინფორმაცია. ბოლო პერიოდში მყარი დისკების მოცულობა სწრაფად იზრდება: გაყიდვაში უკვე არსებობს 12 და 14-ტერაბაიტიანი მოდელები, თუმცა ეს დისკები ახდენს ისეთივე სიჩქარის დემონსტრირებას, როგორსაც მათი ხუთი წლისწინანდელი „წინაპრები“. თუკი სახლის პირობებში ფოტო-ვიდეოზე წვდომის სიჩქარე კრიტიკული არ არის, სერვერებში ეს პრობლემა უმწვავესია. პრობლემის გადაწყვეტის საშუალება შესაძლოა გახდეს მყარი დისკები ორი წამკითხველით. ფაქტობრივად, ასეთ დისკში ფუნქციონირებს ორი სისტემა, რომლებიც მუშაობენ პარალელურად და ამასთან ერთად უზრუნველყოფენ სიჩქარის ორჯერ გაზრდას. ტექნოლოგიის შემქმნელის, კომპანია Seagate-ის განცხადებით, ერთი თავი დისკის ზედა ნაწილისკენაა მიმართული, მეორე კი - ქვემოთ. ახალი დისკები უკვე გამოიცადა Microsoft-ის სერვერებში, სადაც დადასტურდა მათი სიჩქარისა და წარმადობის მაღალი მაჩვენებლები. სპეციალისტების შეფასებით, მულტიაქტივატორის ახალი ტექნოლოგია MACH.2 საშუალებას იძლევა თავიდან არიდებულ იქნას ისეთი პრობლემები, როდესაც IOPS-ის გამშვები შესაძლებლობის გაზრდისთვის საჭირო ხდება შემცირდეს დისკზე არსებული მონაცემების რაოდენობა. ახალ დისკებს შეუძლია მუშაობა ფაილების შეფერხებაზე დაკვირვებისა და იმის მიუხედავად - რამდენად ხშირად გამოიყენებენ მათ. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32146/seagate-predstavila-novye-dvuhgolovye-zhestkie-diski-s-udvoennoj-skorostju-chteniya
  5. დეკემბერში ნახევრადგამტარი წარმოების სექტორში მოღვაწე ბევრი კომპანია ხვდება ინვესტორებს, რომლებთანაც განიხილავენ თავიანთ მიღწევებსა და ერთმანეთს უზიარებენ სამომავლო პროგნოზებსა და გეგმებს. ღონისძიება Credit Suisse-ზე კომპანია NVIDIA-მ ტრადიციულად მიავლინა თავისი ფინანსური დირექტორი Colette Kress. საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნახევარსაათიანი შეხვედრა ნაყოფიერი იყო, თუმცა ფინანსური დირექტორი კომერციული საიდუმლოებების შენახვას აქტიურად ცდილობდა. Colette Kress-ის თქმით, კომპანია მუდამ დაძაბული მუშაობს არა მარტო არქიტექტურაზე, არამედ ახალ ტექნოლოგიებზე. მან დამსწრეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ NVIDIA-ს ახალი ტექნოპროცესის შესახებ დაინტერესებული პირები მალე მიიღებენ ცნობებს. როგორც წესი, კომპანიის ხელმღვანელობას სურს, ყველა მოვლენა საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყოს. Kress-ის თქმით, NVIDIA-ს გრაფიკულმა პროცესორებმა წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს სიჩქარის კუთხით და გამოყენებულ ტექნოპროცესზე არ იყო ეს ფაქტი დიდად დამოკიდებული. კომპანია მზადაა იმუშაოს პროდუქტების გაუმჯობესებაზე როგორც უკვე არსებული ტექნოპროცესის, ისე სამომავლო ტექნოლოგიის ფარგლებში. ახალ ლითოგრაფიულ საფეხურზე გადასვლას NVIDIA “უახლოეს მომავალში“ აპირებს. ზოგადად, ახალი ტექნიკური პროცესების დაუფლებისას, NVIDIA ყოველთვის ცდილობს იპოვოს ოპტიმალური დრო შესაბამისი პროდუქციის ბაზარზე გამოსაშვებად. მთავარი პრიორიტეტია მაღალი ხარისხი და სიჩქარე, ხოლო რა ტექნოპროცესი იქნება მასში გამოყენებული - მეორეხარისხოვანია. ამ სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციას, განსაკუთრებით გამომთვლელი სიჩქარის სეგმენტში. https://3dnews.ru/999009
  6. კრიტოვალუტების ბირჟა Coinbase თავის ცივ საფულეებში ინახავს დაახლოებით 966 230 BTC-ს, რომელთა კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 7.1 მლრდ აშშ დოლარს. ამ რესურსებთან პირდაპირი წვდომა კომპანიას არ გააჩნია. ცივ საფულეებში არსებული თანხის მოცულობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბირჟა BitMEX - 265 140 BTC-ით (1,94 მლრდ აშშ დოლარი). მას მოსდევს პლატფორმა – 229 490 BTC-ით (1,67 მლრდ აშშ დოლარი), Bitfinex – 146 120 BTC-ით, Kraken – 136 780 BTC-ით, Bittrex – 131 340 BTC-ითა და Coincheck – 35 090 BTC-ით. აღსანიშნავია, რომ Coinbase-ის კრიპტოვალუტების სანახი სივრცე დაზღვეულია დეპოზიტების სადაზღვევო ფედერალური კორპორაციის მიერ. თუმცა, ნებისმიერი ცენტრალიზებული მართვა მომხმარებლების აქტივებს რისკის ქვეშ აყენებს- გვახსენებენ ექსპერტები. გარკვეული პერიოდის წინ Bitcoin-ბირჟა Binance-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების 92% კრიპტოვალუტებს ბირჟის საფულეებში ინახავს. https://forklog.com/obem-holodnogo-hranilishha-birzhi-coinbase-prevysil-960-tysyach-btc/
  7. GeForce GTX 1650 SUPER ვიდეო ბარათები უკვე დიდი ხანია იყიდება, Palit-მა კი გადაწყვიტა გამოკვეთოს ამ მოდელის საკუთარი პროდუქტების უპირატესობა. ამ დროისთვის StormX-სერიაში შესულია GeForce GTX 1650 SUPER-ის ორი ვერსია: სტანდარტული მოდელი მუშაობს 1530/1725/12000 მჰც სიხშირეზე, აჩქარებული კი - 1530/1770/12000 მჰც-ზე. ორივე ვიდეო ბართს აქვს 1280 ნაკადური პროცესორი და GDDR6 ტიპის 4 გბ მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ბარათის გაბარიტებია 168 х 122 х 40 მმ, რისი წყალობითაც Palit StormX სერიის ვიდეო ბარათების განთავსება შესაძლებელია mini-ITX ფორმ-ფაქტორის კორპუსებში. ბარათს ერთადერთი, 100-მილიმეტრიანი ქულერი აქვს, რომელიც გაგრილებას უზრუნველყოფს ზედმეტი ხმაურის გარეშე. კვების ბლოკის რეკომენდირებული სიმძლავრე 350 ვატია, რომელსაც ვიდეო ბარათი უკავშირდება ერთადერთი 6-პინიანი კონექტორით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 100 ვატია, სისტემურ ბლოკში იგი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. ვიდეო ბარათის უკანა პანელზე განთავსებულია პორტები - Dual-Link DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4a. სტანდარტული ვერსიის ბარათის ფასი დაახლოებით 203 აშშ დოლარია, აჩქარებულისა კი - 208 აშშ დოლარი. https://overclockers.ru/hardnews/show/100590/palit-vyvodit-na-rynok-videokarty-geforce-gtx-1650-super-v-ispolnenii-mini-itx
  8. კორპორაცია Intel ამზადებს Austin Beach სერიის მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს, რომლებიც ქულერების გარეშე იქნება წარმოდგენილი. ნეტტოპს საფუძვლად უდევს პლატფორმა Whiskey Lake-U. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელში გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-8665U. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის რვა ნაკადის დამუშავება. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.8-ს. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. მოწყობილობა აღჭურვილია პასიური გაგრილების სისტემით. გაგრილებას უზრუნველყოფს ლითონის კორპუსზე ინტეგრირებული რადიატორი. LPDDR3 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს. დაშვებულია ორი M.2 2280 ტიპის დისკის დაყენება PCIe ან SATA ინტერფეისით. კომპიუტერის გაბარიტები შეადგენს 254 × 152 × 36 მმ-ს. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები - HDMI 2.0a, Gigabit Ethernet, USB 3.1 Gen 2 Type-A და USB 2.0 Type-A. Intel Austin Beach სერიის მოწყობილობების ბაზარზე გამოსვლის თარიღისა და საორიენტაციო ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://3dnews.ru/998856
  9. სექტემბერში Sapphire-მ წარადგინა დღესდღეობით თავისი ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათი - SAPPHIRE NITRO+ RX 5700 XT, რომელიც უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას 4K და 1440p გაფართოებებზე, ასევე ფლობს ფერადი RGB განათების მართვის კარგ შესაძლებლობებს. სპეციალურად ამ ვიდეო ბარათისთვის შეიქმნა SAPPHIRE ARGB ქულერების ნაკრები (ცალკე იყიდება), რათა მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება - კიდევ უფრო გაანათონ თავიანთი სისტემა. მას შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა გამოთქვა სურვილი ცალკე გაყიდვადი ქულერები კომპლექტში შესულიყო, კომპანია დათანხმდა და გამოუშვა SAPPHIRE NITRO+ RX 5700 XT SPECIAL EDITION: ვიდეო ბარათი შეიცავს SAPPHIRE ARGB ვენტილატორებს და აქვს დამატებითი ქარხნული აჩქარება. გრაფიკული პროცესორის აჩქარების მაჩვენებელი 2035 მეგაჰერცია. ვიდეო ბარათს აქვს პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობები NITRO Glow ARGB სისტემით. მოწყობილობა შეიცავს 2560 ნაკადურ პროცესორს, რომლებიც მუშაობს 2035 მჰც სიხშირეზე, ასევე აქვს 8 გბ მაღალსიჩქარიანი GDDR6 ვიდეომეხსიერება სიჩქარით - 14.4 გბიტ/წმ, აგრეთვე PCI Express 4.0 მხარდაჭერა. ARGB ქულერებისა და გაზრდილი წარმადობის პარალელურად სპეციალური გამოშვების ვიდეო ბარათს საბაზისო ვერსიისგან განსხვავებული რამდენიმე ფუნქცია აქვს, რაც მოიცავს BIOS-ის სამმაგ გადამრთველსა და გაგრილების სისტემა TRI-X SAPPHIRE-ს, რომელიც წარმოდგენილია თანამედროვე დიზაინის რადიატორითა და სამი უხმაურო ვენტილატორით. პროგრამული უზრუნველყოფა TriXX საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს RGB განათება, შემოწმდეს ქულერის გამართულობა და გამოიყენოს ახალი ფუნქცია TRIXX Boost. ეს ფუნქცია იძლევა გაფართოების 70-დან 100%-მდე მასშტაბირების საშუალებას. შემდეგ გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია სიმკვეთრის მეშვეობით. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/32097/sapphire-vypustila-novuju-videokartu-nitro-rx-5700-xt-special-edition
  10. გამოკითხვა, რომელიც რესურს GSMArena.com-მა ჩაატარა, გვიჩვენებს, რომ დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონების კონსტრუქციის ტიპებიდან მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოსწონთ კლასიკური დასაკეცი ვარიანტი. Motorola Razr-ის მსგავსი დიზაინის მქონე სმარტფონებს გამოკითხულთა 44%-მა მისცა ხმა. ასეთ სმარტფონებს ვერტიკალურად ამოწეული დისპლეი აქვს, რომელიც შიდა მიმართულებით იკეცება, რაც ეკრანს დაზიანებისგან იცავს. პოპულარობის მხრივ მეორე ადგილზე გავიდა წიგნისმაგვარი სმარტფონები ეკრანით, რომელიც ასევე შიდა მიმართულებით იკეცება. ამგვარი კონსტრუქცია აქვს მაგალითად სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ს. სწორედ ასეთი ტიპის მოწყობილობის სასარგებლოდ მისცა ხმა გამოკითხულთა 25-მა პროცენტმა. რეიტინგით მომდევნოა წიგნის ფორმატის ეკრანის მქონე სმარტფონები, რომელთა ეკრანი გარე მიმართულებით იხსნება და იკეცება. ასეთი გახლავთ Huawei Mate X. ამგვარი ვარიანტი მოსწონს გამოკითხულთა 11%-ს. მეოთხე ადგილზე (გამოკითხულტა 10%-ით) იმყოფება ორმაგი დაკეცვის ფუნქციის მქონე სმარტფონები. მათ ხმა მისცა მომხმარებლების 10-მა პროცენტმა. ჩამონათვალი სრულდება მეხუთე ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს მონობლოკისმაგვარ კორპუს. ასეთი მოწყობილობა მოსწონს გამოკითხულთა დაახლოებით 9%-ს. https://3dnews.ru/998832
  11. IMF მიესალმება უფრო მეტ გამჭვირვალობას კრიპტო მაინინგისგან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დღესდღეობით მაინინგის ოპერაციებში ციფრული ვალუტების მეოთხე უმსხვილესი მომპოვებელია. სწორედ Ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ამ ტიპის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების საკითხი. Მედიის განცხადებით IMF-ს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ კრიპტოვალუტებზე ორიენტირებული მსხვილი კომპანიების ლიდერებს, რომლებიც მაინინგ სექტორში საქმიანობენ. მაინერებს მოეთხოვათ მოხსენება გააკეთონ უცხოელებზე, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტას ადგილობრივი მომპოვებლებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო Bitcoin-ის ექსპორტიორია, თუმცა არავინ იცის, რა თანხა შეაქვს ეკონომიკაში ამ საქმიანობას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ: „არსებულ პროგრამებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან ერთად მუშაობს სხვა საკითხებზეც, მათ შორის სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ კონსულტაციებს ვიძლევით საგარეო სავაჭრო ბალანსის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად და აქტიურად ვმსჯელობთ მაინინგის საბუღალტრო აღრიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ” საქართველოს სავაჭრო ბალანსმა უნდა ასახოს კრიპტო ექსპორტი და კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში. IMF-ის ექსპერტები ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ კრიპტო-მაინინგი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამიტომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ მიმართულებას. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გამოავლინოს კრიპტო-მაინინგის რეალური წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. IMF-ის სამმართველოს უფროსის მოადგილე Mercedes Vera-Martin აცხადებს: „კრიპტო მაინინგს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის. თუკი კრიპტოვალუტა დიდი რაოდენობით იყიდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაშინ რატომ არ უნდა იქნას გათვალისწინებული ეს საგარეო სავაჭრო ბალანსში?“ Vera-Martin-მა ხაზი გაუსვა, რომ Bitcoin-ის მოპოვებას სჭირდება საქონლის იმპორტი და მიუთითა სპეციალიზებულ აღჭურვილობაზე - როგორიცაა ASIC-ები, აგრეთვე ობიექტების ასაგებ მასალებზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის მასალები ფიზიკურია, ისინი მხედველობაში მიიღება სავაჭრო ბალანსის ოფიციალურ სტატისტიკაში. ამრიგად, იმპორტის შესახებ ანგარიშგება და ექსპორტის უგულებელყოფა მნიშვნელოვნად ამახინჯებს ზოგად სურათს. გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოითვალა ქვეყანაში რეგისტრირებული ციფრული საფულეების რაოდენობა. იმ დროისთვის აღმოჩენილ იქნა 5300 საფულე, რაც 708 000 აშშ დოლარის ეკვივალენტურია. IMF-მა ეროვნულ ბანკს მისცა რეკომენდაცია - განესაზღვრა არარეზიდენტებზე რეგისტრირებული საფულეების რაოდენობა. საერთაშორისო ფონდმა აგრეთვე მოამზადა სპეციალური კითხვარი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს ოფიციალურმა დაწესებულებებმა, რათა შეფასდეს ქვეყანაში მოპოვებული და მის საზღვრებს გარეთ გაყიდული Bitcoin-ის საერთო მოცულობა. თავის მხრივ, საქართველო არის „სახლი“ მსოფლიოს უმსხვილესი Bitcoin-მაინერის - Bitfury-სთვის. გარკვეულ მომენტში Bitfury-ს წილი შეადგენდა მოპოვებული BTC-ს 15%-ს, თუმცა ეს მაჩვენებელი ამჟამად შემცირებულია. 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქცია იყო სპილენძის საბადო (518 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობი (318 მილიონი აშშ დოლარი), მანქანები (195 მილიონი აშშ დოლარი), ღვინო (172 მილიონი დოლარი) და ოქრო (137 მილიონი აშშ დოლარი). კრიპტო მაინინგის საშუალებები საქართველოს ელექტროენერგიის 10%-ზე მეტს მოიხმარს. ნოემბრის დასაწყისში Green Energy-ს წარმომადგენელმა დავით ჭაპაშვილმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებას საქართველოსთვის მოაქვს წლიური შემოსავალი 0.5 მლრდ დოლარის ოდენობით. მისი თქმით, მაინერები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მაგალითად, მხოლოდ Bitfury მოიხმარს საქართველოს ელექტროენერგიის 4%-ს, რაც 389,7 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. აგრეთვე არსებობს უამრავი მიკრო-მაინერი, რომლებიც მხედველობაშია მისაღები. ქვეყანაში მოქმედი ყველა მაინერის გათვალისწინებით ჭაპაშვილი აცხადებს: „ვფიქრობ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია მთლიანის 10%-ზე მეტია. მაინინგი მოიხმარს იმაზე უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე საქართველოში მოქმედი მსხვილი საწარმო დაწესებულებები“. საქართველო მაინერებს იზიდავს იაფი ჰიდროელექტროენერგიითა და შეღავათიანი გადასახადებით. ჭაპაშვილის აზრით, საქართველო მხოლოდ ჩინეთსა და ვენესუელას ჩამორჩება მაინინგის სექტორში. https://bitcoinist.com/imf-calls-on-georgia-to-evaluate-crypto-income-for-trade-balance/
  12. მცირე ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Xiaomi აანონსებს Redmi K30 5G მოდელს, რომლის საბაზისო მოდიფიკაცია 6/64 გბ მეხსიერებით შეფასებულია 355 აშშ დოლარად. როგორც ცნობილი გახდა, ბრენდი Realme ამ სმარტფონის ერთდროულად ორ კონკურენტ მოწყობილობას ამზადებს. ესენია Realme X50 5G და Realme X50 Lite 5G. Xiaomi Redmi K30 5G-ის მთავარი კონკურენტი სტანდარტული ვერსიის მოდელი იქნება. როგორც ცნობილია, მას ექნება პროცესორი Snapdragon 735, რომლის წარდგენაც ჯერ არ მომხდარა. სწორედ ეს ცალკრისტალიანი სისტემა იქნება გამოყენებული Redmi K30 5G-ში. Realme X50 5G სმარტფონს ექნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა 60-მეგაპიქსელიანი Sony IMX686 სენსორით, თუმცა არ ექნება ტელეობიექტივი. ხელმისაწვდომი იქნება 8-მეგაპიქსელიანი უნივერსალური, ფართოკუთხიანი მოდული, აგრეთვე 2+2-მეგაპიქსელიანი მოდულები სიღრმისეული და მაკროგადაღებებისთვის. ფრონტალური კამერის გაფართოება შეადგენს 32+8 მეგაპიქსელს. 8-მეგაპიქსელიანი სენსორი გაერთიანებული იქნება ფართოკუთხიან ოპტიკასთან. წინასწარი მონაცემების თანახმად ახალი სმარტფონის ბატარეის მოცულობა იქნება 4500 მა/სთ. ოპონენტისგან განსხვავებით Realme X50 5G-ს უსადენო დატენვის მხარადჭერაც ექნება, აგრეთვე სადენიანი, საფირმო VOOC 4.0 სტრანდარტის დატენვის რეჟიმიც. კონფიგურაციაში შევა Samsung-ის მიერ წარმოებული 6.44-დუიმიანი OLED-ეკრანი ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. Redmi K30 5G სმარტფონის ეკრანის კადრის განახლების სიხშირე კი არაოფიციალური ინფორმაციით 120 ჰერცს შეადგენს. ახალი სმარტფონი გაყიდვაში სამ კონფიგურაციად გამოვა: საბაზისო მოდელი წარმოდგენილი იქნება 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ინტეგრირებული მეხსიერებით. აგრეთვე გამოვა ვერსიები 8/128 და 8/256 გბ მეხსიერებით, კომპლექტაციის შესაბამისად. მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე Realme X50 Lite 5G გაცილებით დიდია: მისი ეკრანის ზომა იქნება 6.55 დუიმი, კადრის განახლების სიხშირე კი - 60 ჰერცი. ფრონტალური კამერის მოდული 32-მეგაპიქსელიანი იქნება, ძირითად კამერაში კი არ გვხვდება Sony-ს 60-მეგაპიქსელიანი სენსორი - მის ადგილს დაიკავებს 16-მეგაპიქსელიანი მოდული. 5G სმარტფონს საფუძვლად დაედება პროცესორი MediaTek MT6885 5G, რომელიც ტაივანურ კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ დაუანონსებია. ბატარეის მოცულობა იქნება 5000 მა/სთ. ეს მოდელი მეხსიერების მოცულობის მხრივ ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ კონფიგურაციებად: 6 ან 8 გბ ოპერატიული და 64 ან 128 ინტეგრირებული მეხსიერება, შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/32062/realme-x50-i-realme-x50-lite-mogut-stat-samymi-deshevymi-5g-smartfonami-v-mire
  13. Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა (Oliver Blume) ისაუბრა ბრენდის სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილების ელექტრიფიცირებასთან. შეგახსენებთ, რომ Porsche-ს პირველი მთლიანად ელექტრო ავტომობილი გახლავთ ოთხკარიანი კუპე Taycan. იგი აღჭურვილია სინქრონული ელექტროძრავითა და მაღალეფექტური ბატარეებით, რომელთაც საფუძვლად უდევთ 800-ვოლტიანი ტექნოლოგია. გამოყენებულია ავტომატური ორფაზიანი ტრანსმისია: პირველი „მოკლე“ გადაცემა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მძლავრი და სწრაფი აჩქარება სტარტისას, მეორე „გრძელი“ გადაცემა კი გარანტირებს აუცილებელ მარაგებს მოძრაობისას მაღალი სიჩქარის განვითარებისთვის. ბლუმის თქმით, სამომავლოდ მთლიანად ელექტრიზებული მოდელები გამოვა Porsche-ს ავტომობილების ყველა თაობაში. ესენია ქროსოვერის, ორკარიანი სპორტული მანქანებისა და სედანის ტიპის მოდელები. 2021 წელს შედგება კომპაქტური ელექტრო ქროსოვერ Macan-ის დებიუტი. გარდა ამისა, განიხილება ისეთი ელექტრომობილების წარმოება, რომლებიც მოგვევლინება 718 Cayman-ისა და 718 Boxster-ის „შთამომავლებად“. ამგვარი ელექტრომობილები დღის სინათლეს 2024 წლისთვის იხილავენ. შეგახსენებთ, რომ Porsche შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში. ეს კონცერნი დიდ ყურადღებას უთმობს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen აპირებს მსოფლიოს სამი ათეული სხვადასხვა ელექტრომობილი წარუდგინოს. 2025 წელს კი გეგმის თანახმად კომპანიის ელექტრომობილების ყოველწლიური გაყიდვების მოცულობამ 1 მილიონს უნდა გადააჭარბოს. https://3dnews.ru/998830
  14. კანონპროექტი, რომლის თანახმად საფინანსო ინსტიტუტებს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ნებართვა მიეცათ, მიღებულ იქნა 29 ნოემბერს და ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან. ინფორმაცია დადასტურებულია Distributed Ledger Consulting-ის პარტნიორების მიერ. ახალი წესების მიხედვით ბანკის კლიენტებისთვის შემოთავაზებული იქნება ონლაინ-ბანკინგის სერვისი, რომელიც მოიცავს ოპერაციებს აქციებით, ობლიგაციებითა და კრიპტოვალუტებით შესაბამისი ლიცენზიების თანახმად. აგრეთვე, ახალი კანონი ბანკებს აძლევს Bitcoin-ისა და სხვა კრიპტო აქტივების შენახვის შესაძლებლობას. კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად. მომდევნო წლიდან გერმანული კრიპტო კომპანიები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ ლიცენზია გერმანიის ფინანსური მეთვალყურეობის ფედერალური სამმართველოსგან. https://forklog.com/parlament-germanii-prinyal-zakon-razreshayushhij-bankam-pokupku-i-prodazhu-kriptovalyut/
  15. უმსხვილესი Bitcoin-ბირჟა Binance და ჯავშნების პლატფორმა TravelbyBit გამოუშვებენ ბარათს კრიპტოვალუტების მხარდაჭერით. TravelbyBit-ის წინასწარ ანაზღაურებადი სადებეტო ბარათი მომხმარებლებს მისცემს წვდომას ექსკლუზიურ ტურისტულ შემოთავაზებებზე. ბარათის შევსება შესაძლებელია Bitcoin-ით, Binance USD Stablecoin-ით, BNB-ითა და Ontology-თ (ONT), რესურსების გამოყენება კი მოხდება ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნისთვის შემდეგ სერვისებში: Booking.com, Expedia, Agoda, Ctrip და TravelbyBit.com. ბარათის გამოშვება დაგეგმილია მომდევნო წლის დასაწყისისთვის. პირველ ეტაპზე მის გამოყენებას შეძლებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ავსტრალიისა და ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლები. სამომავლოდ კი მხარდაჭერილი იურისდიქციების ჩამონათვალი გაფართოვდება. პარალელურად, Binance-მა დააანონსა Bancor (BNT) ტოკენის ეარდროპი 1,6 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტით. ბალანსების გაცემა მოხდება 2020 წლის 1 იანვარს, მომხმარებლებს დაერიცხებათ BNT-ის მთლიანი ოდენობის 10%. შეგახსენებთ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Binance გეგმავს დაიმატოს 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. https://forklog.com/binance-i-travelbybit-vypustyat-debetovuyu-kartu-s-podderzhkoj-kriptovalyut/
  16. ამერიკულ პოლიციაში ცოცხალი ძაღლების ნაცვლად რობოტიზებული ძაღლების გამოყენება დაიწყეს: მასაჩუსეტსის შტატში გადაწყვიტეს ცვლილებების შეტანა სამუშაო გუნდში და რამდენიმე მაძებარი ძაღლი რობოტებით ჩაანაცვლეს. ძაღლი-რობოტი, სახელად Spot უკვე ორჯერ გავიდა რეალურ საქმეზე და გადამწყვეტი როლიც შეასრულა ნაღმებისა და მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის მისიაში. ამგვარი პროგრესული მოწყობილობა რამდენიმე თვის წინ შექმნა კომპანია Boston Dynamics-მა. კომერციულ ბაზარზე ოთხფეხა რობოტი მხოლოდ ახლახანს გამოვიდა და მისი მოწოდებაა დაიცვას რაც შეიძლება მეტი პოლიციელი სახიფათო დავალებების შესრულების დროს. ამრიგად, უკვე შესაძლებელია არ დადგეს პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ - პრაქტიკულად ყველა სახის მისიაზე გაიგზავნება Spot, გარდა იმ დავალებებისა, რომლებიც უკავშირდება ქაღალდებსა და ზეპირ კომუნიკაციას. პოლიციაში მუშაობის გარდა რობოტ Spot-ს შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია, იგი პრაქტიკულად ყველგან შეძლებს მუშაობას. მის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ფასის გადახდა და მწარმოებელი კომპანიის ინფორმირება - თუ რისთვის გამოიყენებთ რობოტს, აგრეთვე უნდა მიაწოდოთ ცნობები მის შესახებ სამომავლოდ. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/32022/kiberpank-nastupil-v-policii-ssha-budet-sluzhit-sobaka-robot
  17. კომპანია ASUS-მა დაამზადა ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს ახალი ვერსია, რომლის სახელწოდება გახლავთ ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition. ახალი ბარათი, როგორც სახელიდან ვხვდებით, გამოირჩევა ASUS-ისთვის უჩვეულო დიზაინით - ვიდეო ბარათი წარმოდგენილია მთლიანად თეთრ ფერში. კომპანია Galax-ისგან განსხვავებით, რომელიც ცნობილია თეთრი ვიდეო ბარათებით, ASUS-მა არ გამოიყენა თეთრი PCB დაფა და შემოიფარგლა მხოლოდ თეთრი კორპუსითა და გაგრილების სისტემის ჩარჩოთი, თეთრი ქულერით, კვების სადენითა და უკანა გამაძლიერებელი ფირფიტათი. კორპუსი აღჭურვილია RGB-განათებით, თავად ASUS მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციას, რომ გამოიყენონ ლურჯი ფერის განათება. კონსტრუქციის მიხედვით ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition-ის გაგრილების სისტემა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-სგან: წარმოდგენილია ალუმინის ორი მასიური რადიატორი, სპილენძის ექვსი სითბური მილი და სამი ვენტილატორი. ცვლილებები არ შეეხო ასევე PCB დაფასა და კვების ქვესისტემას. ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition გამოირჩევა არა მხოლოდ არასტანდარტული გარეგნული დიზაინით. ASUS-ის ინჟინრებმა ახალი დაფა უზრუნველჰყვეს ქარხნული აჩქარებით, რომლის შედეგად Boost-სიხშირე 1545-დან 1770 მეგაჰერცამდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, ამით ეს ბარათი ვერ გახდება ყველაზე მძლავრი GeForce RTX 2080 Ti, თუმცა მისთვის ლიდერებს შორის ადგილი გარანტირებულია. გაიზარდა ვიდეომეხსიერების სიხშირეც 1750-დან 1850 მეგაჰერცამდე. რესურს Cowcotland-ის ინფორმაციით ვიდეო ბარათი ASUS ROG Strix GeForce RTX 2080 Ti White Edition უკვე ხელმისაწვდომია ევროპის მაღაზიებში 1600 ევროდ. შედარებისთვის, სტანდარტული ROG Strix GeForce RTX 2080 Ti-ს საშუალო ფასი 1480 ევროა. https://3dnews.ru/998698
  18. Huawei-ს მსგავსად იდენტური ზომის, 14-და 15-დუიმიანი ლეპტოპები წარადგინა Honor-მაც, თუმცა ახალი Honor MagicBook-ები ხელმისაწვდომია მხოლოდ Ryzen 3000 (Matisse) პროცესორებით. Honor MagicBook 15 მოდელს აქვს 15.6-დუიმიანი IPS მატრიცა Full HD გაფართოებით. ლეპტოპი 1.53 კილოგრამს იწონის, მისი ზომა 35,78 х 22,99 х 1,69 სანტიმეტრია. დაქტილოსკოპიური სენსორი ინტეგრირებულია კვების ღილაკში. პორტებიდან ხელმისაწვდომია USB-C, HDMI, USB 3.0, USB 2.0 და კონექტორი ყურსასმენისთვის. ლეპტოპის შემადგენლობაშია Bluetooth 5 და Wi-Fi (2,4/5 გჰც) უსადენო კავშირების ადაპტერები. მონაცემთა სანახი სივრცის მოცულობა შეადგენს მოდიფიკაციების შესაბამისად 256 ან 512 გიგაბაიტს. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი ნებისმიერ კომპლექტაციაში 8 გიგაბაიტია. ლეპტოპი წარმოდგენილია Ryzen 5 3500U პროცესორით, გრაფიკას რაც შეეხება, მოცემულია Radeon Vega 8.  Honor MagicBook 14 მოდელი როგორც ვხვდებით 14-დუიმიანია, მისი ზომაა 32,25 х 21,48 х 1,59 სმ, წონა - 1.38 კგ. მოდიფიკაციების მიხედვით ეს მოდელი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს AMD Ryzen 7 3700U პლატფორმითა და Radeon RX Vega 10 გრაფიკით, ან Ryzen 5 3500U პროცესორით. SSD ბარათის მოცულობა ნებისმიერ შემთხვევაში 512 გიგაბაიტია. უფროს მოდელს აქვს 42-ვატიანი ბატარეა, უმცროს მოდელს კი - 56-ვატიანი. ლეპტოპები ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემა Windows 10-ით ან Linux-ით. Honor MagicBook 15 მოდელის ფასი, რომელსაც აქვს 256 გბ SSD და ოპერაციული სისტემა Linux - შეადგენს 470 აშშ დოლარს. გაორმაგებული მეხსიერების მოცულობის მქონე მოდელი კი შეფასებულია 515 დოლარად. Windows 10-ისთვის საჭიროა კიდევ 40 აშშ დოლარის დამატება. Honor MagicBook 14 შედარებით ძვირია. ვერსია Ryzen 5 3500U პროცესორითა და Windows 10-ით ღირს 555, Linux-ით კი - 515 აშშ დოლარი. მოდიფიკაცია Ryzen 7 3700U პროცესორით კი ოპერაციული სისტემის მიუხედავად 45 დოლარით მეტი ღირს. ლეპტოპების გაყიდვა დაიწყება 1 დეკემბრიდან. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/31984/honor-predstavila-noutbuki-na-ryzen-5-3500u-i-ryzen-7-3700u-po-cene-470-600-dollarov
  19. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ფულის გამოშვების აუცილებლობის შესახებ. ევროკავშირი გეგმავს აამოქმედოს ერთიანი ციფრული სისტემა 2021 წლის ბოლოსთვის - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ახლახანს გამართულ კონფერენციაზე. ევროპული ცენტრალური ბანკის წევრმა ბენუა კერემ აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება ევროკავშირის მოქალაქეებს, გადაჭრან ნაღდ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შეძლებს იმის გარანტირებას, რომ მოქალაქეები გააგრძელებენ ფულის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საბოლოო ჯამში ნაღდი ფული პოპულარობას დაკარგავს. ამგვარი ციფრული ვალუტა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, უპირატესობებით, ასევე შესაძლოა დაკავშირებულ იქნას ხარჯებსა და შეფერხებებთან, რომელთაც ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა ცენტრალური ბანკები ამჟამად სწავლობენ“ - განაცხადა კერემ. მან დაამატა, რომ ათი ევროპული ქვეყანა ამ დროისთვის არ იღებს ევროკავშირის სხვა წევრების ბარათებს, რამაც გამოიწვია სხვა სახის საგადასახადო სისტემის გამოყენების შესამჩნევი ზრდა. კერეს თქმით, ერთიანი ციფრული ვალუტის ამოქმედება ევროპას დაეხმარება დაძლიოს დამოკიდებულება აშშ-ში დაფუძნებულ ისეთ საერთაშორისო საგადასახადო სისტემებზე, როგორებიცაა MasterCard, Amazon, Apple და PayPal. https://www.rbc.ru/crypto/news/5ddd40899a79475215bd0be8?from=main
  20. კომპანია AAEON-მა, რომელიც ASUS-ის კუთვნილებაა, წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის ინტეგრირებადი კომპიუტერი BOXER-8220AI, რომელიც განკუთვნილია საწარმოო სფეროებში გამოყენებისთვის. მინი კომპიუტერის კორპუსის გაბარიტებია 154 × 101 × 30 მმ, საფუძვლად უდევს გამომთვლელი მოდული NVIDIA Jetson Nano ოთხი ARM Cortex-A57 ბირთვით, რომლებიც ფუნქციონირებს 1,43 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი Maxwell GPU. LPDDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს, მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 16 გბ მოცულობის eMMC მოდული. კომპიუტერს არ აქვს ქულერი. მოწყობილობის ექსპლუატაცია დასაშვებია -20-დან +60 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე. კომპიუტერს აქვს ხუთი ქსელური პორტი Gigabit Ethernet. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ოთხი USB 3.0 კონექტორი, HDMI ინტერფეისი და Micro-USB. მოწყობილობა მუშაობს ACLinux 4.9 ოპერაციულ სისტემაზე. მისი საორიენტაციო ფასი შეადგენს 480 აშშ დოლარს. https://servernews.ru/998549
  21. პლატფორმა Bakkt უპირველეს ყოვლისა ამოქმედებულ იქნა ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მიმართ ორიენტირით, თუმცა სამომხმარებლო ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებაში - ამტკიცებს კომპანიის ოპერაციების დირექტორი ედამ უაიტი. მისი სიტყვებით, თავისი პროდუქტების შექმნისას Bakkt ცდილობს თავიდან აირიდოს საბაზრო სპეკულაციებთან შეხება. პორტალ EJ Insight-თან ინტერვიუში, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდა Intercontinental Exchange Asia Pacific-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ილკივი, ედამ უაიტმა ხაზი გაუსვა, რომ Bakkt-ის დღევანდელი მდგომარეობა მომხმარებლებს ხელს უწყობს უკეთ მოახდინონ ორიენტირება Bitcoin-ის საბაზრო ფასის საკითხებში, აგრეთვე აზღვევს მათ შესაძლო რისკებისგან. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ბაზრის განწყობა - ეს არ გახლავთ მთავარი ფაქტორი Bitcoin-ის აღიარება-მიღებისთვის. „ხალხმა უნდა დაიწყოს Bitcoin-ის მსგავსი ციფრული აქტივების გამოყენება, რათა გადაჭრან რეალური პრობლემები. ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ აღიარებასა და სარგებელს“ - განაცხადა უაიტმა. მან ასევე თქვა, რომ Bakkt-ს აქვს ცალკეული ქვეგანყოფილება, რომელიც მუშაობს იმ ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ კრიპტოვალუტების დანერგვის მასშტაბირებას. უაიტი შეეხო Stablecoin-ებისადმი მზარდი ინტერესის საკითხსაც და განაცხადა, რომ იგი საკმაოდ ნეიტრალურადაა განწყობილი მათი ფუნქციებისადმი და უფრო მეტი ინტერესით აკვირდება იმ მოვლენებს, რომლებიც ამგავრი აქტივების ირგვლივ ხდება. Bakkt-ს ამ დროისთვის არ აქვს არანაირი ისეთი Stablecoin, რომელსაც კომპანია მიიჩნევდა მეურვეობით (custody-ალურ) გადაწყვეტილებად, თუმცა სამომავლოდ პლატფორმამ შესაძლოა განიხილოს მსგავსი ვარიანტიც. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში Bakkt-მა დაიწყო თავისი სამომხმარებლო საგადასახადო აპლიკაციის ტესტირება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს Bitcoin-ით გადაიხადონ სერვისების საფასური. Bakkt-ის აპლიკაციაში პირველი ჩაერთვება ყავის საერთაშორისო ქსელი Starbucks, მისი ამოქმედება 2020 წლის შუა პერიოდისთვისაა დაგეგმილი. https://forklog.com/bakkt-uspeh-bitkoina-zavisit-ot-togo-smozhet-li-on-reshit-realnye-problemy/
  22. რეგულარულად ვიგებთ ამბებს ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელთაც შეძლეს განვითარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მას უამრავ სფეროში იყენებენ: ვიღაც ქმნის საკუთარ აპლიკაციებს და ახდენს უკვე არსებულის გაუმჯობესებას; ზოგიც გართობის მიზნით ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ტექნოლოგია დღესდღეობით განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია ყველა შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოვლენა. ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებით უამრავი მეცნიერია დაკავებული, თუმცა რევოლუციური გარღვევები ჯერ ვერ ხერხდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე სწრაფ მეთოდზე ისაუბრა ბილ გეითსმა. მისი თქმით ტექნოლოგია ამჟამად კვლევის ჩაკეტილ წრეში იმყოფება, რომელში მოხვედრაც რიგითი პირებისთვის (ტექნოლოგიისა და ელექტრონიკის მოყვარულებისთვის) მეტად რთულია. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს გეითსი თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პრობლემად. იგი თვლის: იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ მიაღწიოს მაქსიმალურ განვითარებას, უნდა მიეცეთ ნებართვა მკვლევარებსა და მეცნიერებს - გაუზიარონ თავიანთი მიღწევები ნებისმიერ მსურველს. ვითარების უკეთ განსამარტავად გეითსს მაგალითად მოჰყავს დღეს არსებული სიტუაცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ორივე ქვეყანას შეუძლია წინ წავიდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხში, თუმცა მიღწევების გაზიარებას არც ერთი თანხმდება. იმისთვის, რომ შედეგები ღირებული იყოს, ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა და არა უთანხმოებები, რაც ხელს უშლის განვითარებას. https://overclockers.ru/blog/RoadToKnowledge/show/31938/bill-gejts-rasskazal-kak-uzhe-sejchas-vyvesti-ii-na-novyj-uroven
  23. ნოემბრის დასაწყისში კომპანია Gigabyte-მა წარადგინა გარე გრაფიკული ამაჩქარებელი Aorus RTX 2080 Ti Gaming Box, რომელიც აგებულია NVIDIA-ს ერთ-ერთი უმძლავრესი ვიდეო ბარათის ბაზაზე. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ ამ მოწყობილობის ფასი, რომელიც განკუთვნილია თხელი ლეპტოპებისა და მინი-კომპიუტერებისთვის, შეადგენს 1500 აშშ დოლარს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ტიპური ვიდეო ბარათ GeForce RTX 2080 Ti-ს რეკომენდირებული ფასი 1200 აშშ დოლარია. კორპუსი წარმოდგენილია კვების ბლოკით, მტვრისგან დაცვის სისტემითა და ხმაურის დაბალი დონის მქონე წყლით გაგრილების სისტემით, რომელიც შედგება 240-მილიმეტრიანი რადიატორითა და ორი 120-მილიმეტრიანი ვენტილატორით. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI, ასევე სამი USB 3.0 პორტი, ერთი VirtualLink - USB-C ვირტუალური რეალობის ჰედსეტის მიერთებისთვის და ქსელური კონექტორი RJ-45. ამ ბლოკის მეშვეობით ლეპტოპი მიიღებს არა მარტო დამატებით USB-კომუნიკაციებს, არამედ შეძლებს ინტერნეტს მიუერთდეს სადენით: შესაბამისი კონექტორი ხშირად არ არის ხელმისაწვდომი მობილურ კომპიუტერებში. ბლოკის წინა მხარეს მოცემულია RGB განათება. პოტენციური მყიდველები არ უნდა ელოდონ, რომ Aorus RTX 2080 Ti Gaming Box შეძლებს იმავე დონის წარმადობის შემოთავაზებას, რაც მიღწევადი იქნებოდა ვიდეო ბარათის უშუალოდ დესკტოპ კომპიუტერში განთავსების შემთხვევაში. გარე GPU-ის სახით ბარათის გამოყენება ნიშნავს მის მიერთებას Thunderbolt 3-ით, რაც გარკვეულ პირობებში გამოიწვევს წარმადობის შეზღუდვას. Gigabyte-ის ახალი მოწყობილობა არ იმუშავებს Mac-კომპიუტერებთან. მიუხედავად იმისა, რომ დამატებულია eGPU-ს მხადაჭერა macOS High Sierra 10.13.4-ში, Apple-ს ოფიციალურად მხოლოდ AMD-ის ვიდეო ბარათების მხარდაჭერა აქვს. დღესდღეობით Gigabyte Aorus RTX 2080 Ti ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმადობის მოწყობილობაა. არსებობს ალტერნატიული არჩევანიც: მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს კორპუსი Razer Core X 430 აშშ დოლარად და დააყენოს 2500 აშშ-დოლარიანი GeForce TITAN RTX, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება წყლით გაგრილების სისტემა და აჩქარების მაღალი პოტენციალი. https://3dnews.ru/998515
  24. Cointelegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში Blockstream-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის Bitcoin-ზე მაღლა არაფერი დგას, არც Stablecoin-ები და არც ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული სხვა მონეტები. Adam Back-მა შექმნა hashcash proof of work სისტემა და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც Bitcoin-თან მუშაობა დაიწყო. გარდა ამისა, იგი ესწრებოდა მიმდინარე წელს G20-შეხვედრებს იაპონიაში, სადაც საუბრობდა ბლოკჩეინის გამოყენების დადებით მხარეებზე. Back თვლის - ბლოკჩეინი გახდება კიდევ ერთი ინიციატივა ღია ქსელისთვის და აცხადებს, რომ ფინანსური დაწესებულებები მოგებას აღარ მიიღებენ, რადგანაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის საჭირო აღარ იქნება საკამათო კრედიტების მქონე შუამავალი ბანკები. იაპონიის საფინანსო სერვისების სააგენტომ Back-ს ლეგენდარული „cypherpunk“ უწოდა, რადგანაც მან სასარგებლო როლი შეასრულა დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სამომავლო გამოყენების საკითხს. Back-ისთვის არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც „ფული ცენზურის გარეშე“ - ისეთი, როგორიც გახლავთ Bitcoin-ი. “ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სასარგებლო იყოს Stablecoin-ების ფლობა, თუმცა ისინი თავიანთი ბუნებით Bitcoin-ს არ შეესაბამება, რადგანაც დეპოზიტის რისკი გააჩნიათ. ხოლო თუკი არსებობს ცენტრალური ბანკი, რომელიც ისტებლიშმენტის ტრადიციულ ინტერესებს გარანტირებს, ამგვარი რამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არ იყოს“. რაც შეეხება Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra-ს, Back-მა მიუთითა, რომ მას არაფერი ექნება საერთო კრიპტოვალუტასთან და წარმოადგენს კიდევ ერთ „საბანკო შემოთავაზებას თანამედროვე სახით“. „რეალურად, როგორც ჩანს, Libra არ იქნება დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, არამედ უფრო მეტად გვევლინება, როგორც ბიზნეს-კონსორციუმი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Venmo-ს, PayPal-სა და QQ Pay-ს სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელსაც ექნება კრიპტო საფულის სახე. ფინანსური თვალსაზრისით იგი იქნება ინტერნეტ-ბანკინგის სახით კიდევ ერთი შემოთავაზება უფრო თანამედროვე შესაძლებლობებით“. Back-ის აზრი CBDC-ზე Libra-ს მსგავსია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ CBDC-ს წარმატების შანსი უფრო აქვს, ვიდრე Facebook-ის პროექტს. მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ Bitcoin-ი ფლობს სუვერენიტეტს, რაც მას აღმატებულს ხდის შემუშავების სტადიაში მყოფ პროექტებთან შედარებით. „ბოლოს და ბოლოს, კომპანიებს ფინანსური ინტერესები აქვთ - შემცირდეს მღელვარება, რომელსაც მომხმარებლები განიცდიან რეგისტრაციისა და სარგებლობისას. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოვიჩნევთ, რომ დღესდღეობით არსებულ Stablecoin-ებს არ აქვთ Bitcoin-ის თვისება - სუვერენულობა და ცენტრალური ხელისუფლება მომავალშიც იმოქმედებს მათზე“. Back-მა განაცხადა ისიც, რომ თუკი ბლოკჩეინ-აპლიკაციები არ იქნება შემოწმებას დაქვემდებარებული, ისევე როგორც Bitcoin-ი, ისინი აზრს დაკარგავს. მან აღნიშნა Lightning Network-ის უპირატესობასაც, რომელიც მოიცავს ტრანზაქციების უფრო სწრაფ დადასტურებას და ე.წ. Double Spend-ის ნაკლებ რისკს. https://cointelegraph.com/news/exclusive-nothing-is-above-bitcoin-no-cbdc-no-stablecoins-says-blockstream-ceo-adam-back
  25. მცირე ხნის წინ გაგაცანით 2019 წლის საუკეთესო პროცესორების ჩამონათვალი ამავე რესურსის ექსპერტებისგან. როგორც გახსოვთ, მათ ერთხმად აღიარეს AMD-ს უპირატესობა. ამჯერად განვიხილოთ საუკეთესო გეიმერული დედა დაფები Ryzen პროცესორებისთვის. საუკეთესო გეიმერული დედა დაფა: Asus ROG Strix X470-F Gaming.  კომპანია ASUS-ს შესანიშნავი დედა დაფები აქვს Х570 ჩიპსეტზე, თუმცა ისინი მეტად ძვირია და მყიდველთა უმეტესობისთვის არ გახლავთ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მივუბრუნდეთ წინა თაობის ტოპ კლასის Х470 ჩიპსეტს. იგი ამ დრომდე აქტუალურია და საშუალებას იძლევა თქვენმა პროცესორმა მაქსიმალურ ტაქტის სიხშირეებს მიაღწიოს. ამასთან, ეს დედა დაფა საკმაოდ მისაღები ფასითაა წარმოდგენილი და გამოყენებისას სავსებით ამართლებს მასზე დახარჯულ თითოეულ დოლარს. უკომპრომისო ვარიანტი: MSI MEG X570 Ace Gaming.  ექსპერტების აზრით დღეისათვის გაურკვეველია, ღირს თუ არა საერთოდ Х570 ჩიპსეტზე არსებული დედა დაფების ყიდვა: არსებობს ალბათობა, რომ შეიძლება ინვესტიციამ არ გაამართლოს. საქმე ის გახლავთ, რომ Ryzen 500-ის სერიას ნამდვილად არ ექნება АМ4 სლოტის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი დედა დაფის მქონეებს მხოლოდ ერთი წელი აქვთ პოტენციალის სრულად აღმოჩენისთვის, ეს კი შესაძლოა ცოტა იყოს. ასეა თუ ისე, თუკი თვლით, რომ უკომპრომისო დაფა გჭირდებათ, MSI MEG X570 Ace Gaming საუკეთესო არჩევანია. მას ფუნქციების უზარმაზარი ნაკრები აქვს და შეუძლია ყველაზე ნელი პროცესორიც კი მაღალი წარმადობის მქონედ გარდაქმნას.   საუკეთესო ბიუჯეტური გეიმერული დედა დაფა: Gigabyte AB350-Gaming 3.  მიუხედავად იმისა, რომ 350-სერია უკვე საკმაოდ დიდი ხნისაა, მას ჯერ კიდევ შეუძლია უზრუნველყოს შესანიშნავი წარმადობა. მისი ფუნქციები საშუალებას იძლევა დაფამ ეფექტურად იმუშაოს უკანასკნელი სერიის Ryzen 3000-ის პროცესორებთანაც კი, რის შედეგად ეს დედა დაფა გვევლინება დღეისათვის უნივერსალურ დაფად, თანაც უნდა გავითვალისწინოთ მისი ხელმისაწვდომი ფასი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/31967/luchshie-gejmerskie-materinskie-platy-dlya-processorov-amd-ryzen-po-versii-ekspertov-pcgamesn
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.