Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. სამხრეთკორეული კომპანია LG Electronics, ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით აპირებს გამოუშვას ორიგინალური სმარტფონი, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება. ახალი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა საპატენტო დოკუმენტაციაში მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO). საუბარია სმარტფონზე, რომელსაც მოქნილი ეკრანი-გარეკანი ექნება. ასეთი პანელი წარმოდგენილი იქნება ფრონტალურ ნაწილზე, მოიხრება კორპუსის მარჯვენა მხრიდან და მთლიანად დაფარავს უკანა მხარეს. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლები შეძლებენ დრეკადი დისპლეის მთლიანად გაშლას - ამგვარად მოწყობილობა მცირე ზომის პლანშეტად გარდაიქმნება. ეკრანის ქვემოთ მოცემულია საკმაოდ განიერი ჩარჩო: აქ განთავსდება ორი ფრონტალური კამერა ფლეშ-განათებით. იგი უკანა კამერის ფუნქციას შეასრულებს იმ დროს, როდესაც დისპლეის უკანა ნაწილი დაკეცილ მდგომარეობაში ვიდეომაძიებლის სახით იქნება წარმოდგენილი. ილუსტრაციების თანახმად სმარტფონს ექნება სიმეტრიული USB Type-C პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი ყურსასმენისთვის. თითის ანაბეჭდის სკანერი, როგორ ჩანს, ეკრანზე იქნება ინტეგრირებული. გარდა ამისა, მოწყობილობას არ აქვს მართვის ფიზიკური ღილაკები კორპუსის გვერდით ნაწილებში. ჯერჯერობით ამგვარი დიზაინის სმარტფონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იგეგმება თუ არა მისი კომერციული ვერსიის გამოსვლა - უცნობია. https://3dnews.ru/1001754
  2. ძმებ Winklevoss-ების კუთვნილმა Bitcoin-ბირჟა Gemini-მ დააფუძნა კომპანია Nakamoto, Ltd, რომელიც განკუთვნილია საკუთარი კასტოდიალური სერვისის 200 მლნ აშშ დოლარით დაზღვევისთვის. Gemini-ს მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ დამატებითი დაზღვევა თავიანთი აქტივებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო მეტი დაცულობა. მოსალოდნელია, რომ ახალი სერვისი Gemini-ს საშუალებას მისცემს დარჩეს უსაფრთხო კასტოდიალურ სერვისად და დაეხმაროს ინსტიტუციონალიზებულ მომხმარებლებს ნორმატიულ მოთხოვნებზე თვალყურის დევნებაში. „ღირებული დაზღვევის მიღება კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში რთულ ამოცანად რჩება, ამიტომ ახალი შიდა სერვისი გაზრდის ჩვენს სადაზღვევო შესაძლებლობებს და ინდუსტრიას წინ წასწევს“ - განაცხადა Gemini-ს პრეზიდენტმა Cameron Winklevoss-მა. ციფრული აქტივების დაზღვევის გეგმების შესახებ ბირჟამ თავის მომხმარებლებს პირველად 2018 წლის ოქტომბერში აცნობა. კასტოდიალური სერვისი Gemini Custody ამოქმედდა 2019 წლის სექტემბერში და იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ offline-შენახული აქტივებით მომენტალური კრედიტების ხარჯზე. https://forklog.com/birzha-gemini-otkryla-kompaniyu-po-strahovaniyu-kriptovalyutnyh-aktivov/
  3. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალური ანონსისა და საზეიმო პრეზენტაციის გარეშე თავის გამომწერებს უბრალოდ დაუგზავნა ელექტრონული წერილები, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლებელია გაყიდვაში იხილონ ეტალონური და რეფერენსული ვიდეო ბარათები RTX 2060 ჩიპზე 299 აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გამოცხადებული მისი ფასი 349 აშშ დოლარი იყო. სავსებით ცხადია, რომ ეს ნაბიჯი გახლავთ პრევენციული დარტყმა მზადებაში არსებულ AMD Radeon RX 5600 XT ვიდეო ბარათზე, რომლის ფასი 279 აშშ დოლარს შეადგენს. ამჯერად სულ რაღაც 20 აშშ დოლარად NVIDIA გვთავაზობს გაცილებით მაღალ წარმადობასა და აპარატული RayTracing-ტექნოლოგიის მხარდაჭერას. NVIDIA-ს გადაწყვეტილება სრულიად ნათელი და მოსალოდნელი იყო, რადგანაც რამდენიმე დღის წინ კომპანია EVGA-მ უკვე წარადგინა თავისი სიახლე - ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 KO და განაცხადა, რომ მისი ფასი სწორედ 299 აშშ დოლარია. Radeon RX 5600 XT ბარათისთვის უშუალო კონკურენტი ფასის მხრივ გახლავთ GeForce GTX 1660 Ti, თუმცა AMD ამტკიცებს, რომ მისი ვიდეო ბარათი უფრო მეტ წარმადობას ფლობს. ამ მტკიცების პრაქტიკაში შემოწმება სულ მალე გახდება შესაძლებელი: AMD-ის ბარათი 21 იანვარს უნდა გამოვიდეს. https://overclockers.ru/blog/NePushkin/show/33116/nvidia-snizila-rekomendovannuju-cenu-geforce-rtx-2060
  4. კომპანია AOC-მა დააანონსა გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილი მონიტორები Q27G2U და CQ27G2U: ახალ მოწყობილობებს VA მატრიცები აქვთ და ორივე მათგანი 27-დუიმიანია. დასახელებული მონიტორებიდან პირველს ტრადიციული ბრტყელი ფორმა აქვს, მეორე კი რკალისებრია. მოწყობილობებს იდენტური - 2560 × 1440 პიქსელი გაფართოება აქვთ, რაც QHD ფორმატს შეესაბამება. მონიტორებს აქვთ AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა (იგი ხელს უწყობს თამაშის პროცესს, რომ იყოს უფრო სინქრონული და დინამიური). მატრიცის რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. მოწყობილობებს 120%-იანი sRGB და 90%-იანი Adobe RGB ფერთა გამა აქვთ. ხედვის კუთხეები ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. ახალი მონიტორების სიკაშკაშის მაჩვენებელია 250 კდ/მ2 , კონტრასტულობა - 3000:1, დინამიური კონტრასტი კი - 80 000 000:1. ენერგომოხმარება დაახლოებით 30 ვატია. მონიტორებზე ხელმისაწვდომია ორი HDMI ინტერფეისი და ერთი DisplayPort 1.2. გათვალისწინებულია ოთხპორტიანი USB 3.0 ჰაბი. აღჭურვილობაში შედის 2-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების სრულ სპექტრს, მათ შორის შესაძლებელია დისპლეის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტისაში. მონიტორების ფასი 360-380 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/1001588
  5. კრიპტოსავალუტო ბირჟა Coinsbit-მა დააანონსა კრიპტოსავალუტო მარკეტფლეის Coinsbit Store-ის ამოქმედება 2020 წლის აპრილისთვის. მასზე წარმოდგენილი იქნება Amazon-ის, Ebay-ს, AliExpress-ის, Alibaba-ს, Taobao-სა და Shopify-ს ნივთები. ამ სიახლის შესახებ ცნობილი გახდა Coinsbit-ის ოფიციალური პრეს-რელიზის მეშვეობით. Coinsbit Store-ში გაიყიდება ელექტრონული მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, ავტომობილები და კონცერტის ბილეთები. იმისთვის, რომ Coinsbit Store-ში შენაძენი გააკეთონ, მომხმარებლებს დასჭირდებათ კრიპტობირჟა Coinsbit-ის ექაუნთი. მარკეტფლეისს ექნება PLC და USDA Stablecoin-ების, აგრეთვე პლატფორმა Coinsbit-ის (CNB) ტოკენის მხარდაჭერა. წლის განმავლობაში Coinsbit პლატფორმას აამოქმედებს ბირჟისგარეშე ლოკალური კრიპტოსავალუტო ვაჭრობისთვის (P2P OTC) და დაამატებს 50 ფიატური ვალუტის მხარდაჭერას. Coinsbit - ეს გახლავთ ევროკავშირში რეგისტრირებული კრიპტოსავალუტო ბირჟა. მასზე წარმოდგენილია კრიპტოვალუტების 102 წყვილი, რომელთა შორისაა BTC/USD, ETH/USD, ETH/BTC, LTC/USD, LTC/BTC, LTC/ETH, ETC/BTC, BNB/BTC, BNB/USD და BNB/ETH. კრიპტობირჟის ტოკენით Coinsbit (CNB) ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება Coinsbit-ზე, Bithumb Global-ზე, BKEX-ზე, Coinall-სა და p2pb2b-ზე 2020 წლის 1 იანვრიდან. https://forklog.com/coinsbit-anonsirovala-kriptovalyutnyj-marketplejs-s-tovarami-ot-amazon-ebay-i-aliexpress/
  6. Microsoft-ის მომდევნო თაობის კონსოლი Xbox Series X შეძლებს ოპერაციული სისტემა Windows-ისთვის განკუთვნილი თამაშების გაშვებას, რომლებიც ხელმისაწვდომია Microsoft Store-ში. როგორც იტალიური ვებ-გვერდი Game-Experience გვაცნობებს, Microsoft-ის კონსოლი აღჭურვილი იქნება ფუნქციით, სახელად Windows Mode, რაც მას საშუალებას მისცემს გაუშვას Windows 10-ის სპეციალური ვერსია. ჯერჯერობით უცნობია რა სახით მოხდება Windows Mode-ის მუშაობის რეალიზება. გარდა ამისა, Gaming-Experience მიგვითითებს, რომ გეიმერები შეძლებენ უშუალოდ თავიანთ Xbox Series X კონსოლებში გარკვეული ონლაინ მაღაზიებით სარგებლობას, როგორებიცაა Steam ან Epic Games Store, რათა წვდომა მიიღონ თამაშების კოლექციაზე. თუმცა დიდი ალბათობით ეს ფაქტი ნაკლებად სარწმუნოა იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft არ იქნება დაინტერესებული მის კონსოლებზე წვდომა კონკურენტმა მაღაზიებმა მიიღონ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, XBox Series X კონსოლის მფლობელებს ექნებათ წვდომა თამაშების უზარმაზარ კატალოგზე კომპიუტერის ექსკლუზივების ჩათვლით, რომელთა შორისაცაა მაგალითად Age of Empires 4. Microsoft-ის მომავალი თაობის კონსოლის გამოსვლის ვადის მოახლოებისას სულ უფრო მეტი დადასტურებული ინფორმაცია გახდება ცნობილი. ეჭვგარეშეა, რომ განსაკუთრებით სარწმუნო ცნობები ახალი Xbox-ის შესახებ ცნობილი გახდება E3 2020 გამოფენაზე, სადაც კონსოლი დიდ ყურადღებას მიიპყრობს განსაკუთრებით იმის გამო, რომ გამოფენაზე არ იქნება წარმოდგენილი მისი მთავარი კონკურენტი - Sony PS5. საზოგადოებას ჯერჯერობით საყვარელი თამაშების მოლოდინის რეჟიმში ყოფნა მოუწევს. https://overclockers.ru/blog/goldas/show/33085/xbox-series-x-smozhet-zapuskat-igry-dlya-pk
  7. Xiaomi-მ წარადგინა ახალი პროდუქტი თავის საახალწლო საფესტივალო შემოთავაზების ფარგლებში. პლატფორმა Youpin-ზე წარმოდგენილია ფერადი Bluetooth-კლავიატურა Luofei Dot Lipstick. როგორც ვხედავთ, მის დასახელებაშივე ფიგურირებს ტუჩსაცხი - მოწყობილობის სტილისტიკა მეტად უჩვეულო და არადამახასიათებელია პერსონალური კომპიუტერების სამყაროსთვის. Xiaomi-ს ახალი პროდუქტი - ეს გახლავთ მექანიკური კლავიატურა ზომით 306 × 114,5 × 30,6 მმ და წონით - 810 გრამი. Luofei-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენიან, ასევე უსადენო რეჟიმში: მიუერთებთ ან Micro-USB სადენს, ან დაკავშირება განხორციელდება Bluetooth-ით Windows-თან, macOS-თან, iOS-თან ან Android-თან. ავტონომიურ რეჟიმში მოწყობილობა იკვებება 4000 მა/სთ მოცულობის აკუმულატორით. ამ მექანიკური კლავიატურის ერთ-ერთი უნიკალური ასპექტი გახლავთ მისი ფერთა გამა. იგი შეესაბამება პოპულარული ტუჩსაცხების ფერებს და სტილისტურობით მოგვაგონებს მაკიაჟის აქსესუარს. კლავიატურას ჯამში 79 კლავიში აქვს, რომლებიც განლაგებულია ისეთი წყობით, როგორც ძველებური საბეჭდი მანქანებისთვის იყო დამახასიათებელი. ოფიციალური აღწერის თანახმად Xiaomi-მ გამოიყენა ColorStay საღებავით დაფარვის პროცესის გაძლიერებისთვის და შედეგად ფერები უფრო მკაფიო და მდგრადია. ახალი Bluetooth-მექანიკური კლავიატურა პლატფორმაზე წარმოდგენილია ჩვეულებრივ ტუჩსაცხთან ერთად, რომელიც დიზაინერის შთაგონების წყარო გახდა. Bluetooth-კლავიატურა Xiaomi Youpin Luofei Dot Lipstick იყიდება Youpin-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 658 იუანად (დაახლოებით 95 აშშ დოლარად). https://3dnews.ru/1001503
  8. ამერიკელი რეპერი ეიკონი (Akon) ააშენებს მსოფლიოში პირველ კრიპტოქალაქს სენეგალში. ქალაქს სახელი თავად დამაარსებლის პატივსაცემად დაერქმევა: ეიკონ-სითი (Akon-City), მის ტერიტორიაზე გადახდები კი განხორციელდება ციფრული ვალუტა Akoin-ით. სენეგალის ხელისუფლებამ ქალაქის მშენებლობისთვის ეიკონს ოფიციალური ნებართვა გადასცა, რის შესახებაც მუსიკოსმა საკუთარ სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა. საკუთარი კრიპტოქალაქის დაარსების გეგმის შესახებ ეიკონმა პირველად გასულ წელს ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი ქალაქის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი ის იქნება, რომ იგი „100%-ით კრიპტოვალუტებზე იქნება დამყარებული“. მოსალოდნელია, რომ მომღერლის კრიპტოვალუტა მიმდინარე წლის ივლისში უნდა გაეშვას, ქალაქის მშენებლობას კი, ცხადია, ბევრად დიდი დრო დასჭირდება. „მშენებლობისთვის ათწლეულები იქნება საჭირო და ჩვენ მას ეტაპობრივად შევასრულებთ. დავიწყეთ 2019 წლის მარტში, მშენებლობის მეორე ეტაპი 2025 წელს იქნება“ - განაცხადა ეიკონმა ინტერვიუში. მომღერალი მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიები აფრიკის მაცხოვრებლებს დაეხმარება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ეიკონი ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ აფრიკა მზად არის კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვისთვის. Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოხატა რწმენა, რომ Bitcoin-ის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული აფრიკის ქვეყნებზე. https://forklog.com/reper-ejkon-sozdast-kriptogorod-v-afrike-sam-gorod-i-ego-tsifrovuyu-valyutu-nazovut-v-chest-ejkona/
  9. კომპანია Western Digital აგრძელებს განვითარებას ტექნოლოგიურ მიღწევებში და გამოფენა CES 2020-ზე წარადგინა SanDisk-ის სწრაფი SSD-ის პროტოტიპი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 20 გბიტ/წმ სიჩქარით, მისი მოცულობა კი 8 ტერაბაიტია. ასეთი სიჩქარე შესაძლებელი გახდა USB SuperSpeed ინტერფეისის წყალობით, რომელიც ცნობილია, როგორც USB 3.2. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო ლითონის კორპუსის მქონე ფლეშ-მეხსიერების ბარათი Western Digital SanDisk Ultra USB Luxe 1 ტბ მოცულობითა და USB Type-A და Type-C კონექტორებით, რომლებიც განკუთვნილია პლანშეტს, სმარტფონსა და კომპიუტერს შორის მონაცემთა გაცვლისათვის. მოსალოდნელია, რომ SanDisk Ultra USB Luxe ფლეშ-ბარათი გაყიდვაში 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს გამოვა. WD Black მყარი დისკების ხაზი წარმოდგენილია SuperSpeed USB ინტერფეისის მხარდაჭერით. SSD ბარათი P50 Game Drive ასევე უზრუნველყოფს 20 გბიტ/წმ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს. მყარი დისკ Xbox WD Black-ს ამჟამად უკვე 12 ტერაბაიტზე მეტი მონაცემთა სანახი სივრცე აქვს და ასევე გააჩნია ორთვიანი გამოწერა სერვისზე - Game Pass Ultimate. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33057/pervye-v-mire-portativnyj-ssd-wd-sandisk-8-tb-so-skorostju-20-gbit-s-i-fleshka-1-tb-predstavleny-na-ces-2020
  10. შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების მართვის სააგენტომ (USPTO) კორპორაცია Microsoft-ს მიანიჭა პატენტის უფლება პლანშეტური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ ახალ აქსესუარზე - ეს გახლავთ დამცავი გარეკანი გაფართოებული ფუნქციებით. დოკუმენტის სახელწოდებაა „მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი გარეკანი ინტეგრირებული მზის პანელით“ (Mobile device cover with integrated solar panel). პატენტზე განაცხადი სააგენტოში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, თუმცა საპატენტო უფლება მასზე მხოლოდ ახლა გაიცა. ტექნოლოგიური გიგანტი გვთავაზობს, მოხდეს მზის პანელის ინტეგრირება პლანშეტის სადგამში. როგორც ილუსტრაციაზე ვხედავთ, კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მზის ელემენტების მასივის გამოყენება 2 × 2 მატრიცის სახით. ინტერნეტ-წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს ბატარეები შეძლებს ენერგიის გამომუშავებას როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ განათებაზე. შესაძლებელი იქნება პლანშეტის დამუხტვა ჩართულ ან გამორთულ მდგომარეობაში. რასაკვირველია, ინტეგრირებული მზის პანელები ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებს კომპიუტერის მოთხოვნილებებს მუშაობის პერიოდში, თუმცა მათი წყალობით გახანგრძლივდება ავტონომიური მუშაობის დრო. გარდა ამისა, ახალი აქსესუარი, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დამუხტავს გაჯეტს, როდესაც იგი ელექტროენერგიის წყაროსგან მოშორებით იქნება. სავარაუდოდ, ხსენებული სიახლე წარმოდგენილი იქნება მომდევნო თაობის Microsoft Surface Pro პლანშეტებში. https://3dnews.ru/1001403
  11. 2020 წელს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერები ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები გახდებიან - მათზე მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას. ამ ფაქტს მოწმობს საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ძიებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი LinkedIn-ის კვლევა. ანალიზი ჩატარდა იმ პროფესიონალური უნარ-ჩვევებისა და პირადი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებულია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასის მქონე პირების რეზიუმეებში. მოცემულ რეიტინგში ბლოკჩეინმა გადაასწრო გამოთვლების ქლაუდ სფეროსა და ხელოვნურ ინტელექტს. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინ-სპეციალისტები განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში. „კრიპტოვალუტების სამყაროდან გამომავალი ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ბიზნესის სფეროში არსებული უამრავი ამოცანის გადაჭრის გადაწყვეტილება გახდა. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა IBM, Oracle, JP Morgan Chase, Microsoft, Amazon, American Express და ბევრი სხვა. ბლოკჩეინის გამოყენების სივრცე მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: ტრანსპორტირებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ - განაცხადა LinkedIn-ის Talent Blog-ის მთავარმა რედაქტორმა ბრიუს ანდერსონმა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს LinkedIn-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ბლოკჩეინთან დაკავშირებული ვაკანსიების რაოდენობა 33-ჯერ გაიზარდა. https://forklog.com/linkedin-blokchejn-vyshel-v-top-sfer-s-samymi-vysokimi-zarplatami/
  12. კამათი, თუ რომელი ვიდეო ბარათის შეძენა სჯობს, არასოდეს დასრულდება. ზოგი თვლის, რომ AMD-ის ყიდვა სჯობს, ზოგი - Nvidia-ს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი ვიდეო ბარათი არის ის, რომლისთვისაც თანხა გყოფნით, მიგაქვთ სახლში და ათავსებთ სისტემურ ბლოკში. თუმცა იმაში, რომ არჩევანი გააკეთოთ ორ შესანიშნავ ბიუჯეტურ ვიდეო ბარათს შორის, რომლებიც კარგად უმკლავდებიან 1080р გაფართოების თამაშებს, დაგეხმარებიან ვებ-გვერდ Tom’s Hardware-ის ექსპერტები. მოდით, ამჯერად განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც ნებისმიერი თანამედროვე ვიდეო ბარათისთვისაა დამახასიათებელი და გავარკვიოთ, რომელი ბარათის ყიდვა ღირს და რომელი უნდა დავტოვოთ დახლებზე მანამ, სანამ მწარმოებელი კომპანია მას მისაღებ ფასს დაადებს. Tomshardware-ის ესპერტები მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიური დონე, გეიმინგ წარმადობა, მოხმარებადი სიმძლავრე და მიმზიდველობა მომხმარებლის თვალში. ტექნოლოგიების მხრივ ორივე ბარათი შესანიშნავია, თამაშებში კი Radeon RX 5500 XT შედარებით უარესია, ასე რომ ამ მიმართულებით 1:0-ია Nvidia-ს სასარგებლოდ. 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით უზრუნველყოფილია დაბალი ენერგომოხმარება AMD-ს მხარეს - ამ შემთხვევაში ანგარიშია 1:1, თუმცა ამ მაჩვენებელს მომხმარებელთა უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს. ბოლო წლებში AMD-მ ფანატების დიდი ნაწილი დაკარგა, ბევრმა დაივიწყა Radeon ბარათების არსებობა - 2:1 Nvidia-ს სასარგებლოდ (ჯამში ანგარიში ამგვარად გამოიყურება: 3:2 „მწვანეების“ მხარეს). ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თამაშების 10-15%-ში უპირატესობა ნიველირდება Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათის ფასით, რომელიც ამავე დროს მეტად იაფია. თუმცა რიგითი მომხმარებელი პროცენტებს არ უყურებს. იგი ყურადღებას არ აქცევს TDP-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი ფასის კატეგორიაში AMD-ს წარმადობა გაცილებით მაღალი უნდა იყოს. შესაძლოა „წითლებმა“ ეს გააცნობიერონ და ბარათებზე ფასი დაწიონ, თუმცა ეს როდის მოხდება არავინ იცის. ჯერჯერობით კი გამარჯვება ზემოთხსენებული ორი ვიდეო ბარათიდან ექსპერტების აზრით Nvidia-ს ეკუთვნის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33026/amd-radeon-rx-5500-xt-protiv-nvidia-geforce-gtx-1660-vybiraem-luchshuju-bjudzhetnuju-videokartu-zimy-2020-goda-vmeste-s-ekspertami-tomshardware
  13. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კომპანია Apple გამოსაშვებად ამზადებს ახალ პორტატულ კომპიუტერ MacBook-ს. კომისიის დოკუმენტაციაში ლეპტოპი ფიგურირებს კოდური დასახელებით - A2289. აღწერაში კი ნათქვამია, რომ ეს გახლავთ პორტატული პერსონალური კომპიუტერი macOS 10.15 ოპერაციული სისტემით. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ კორპორაცია Apple ამზადებს 13-დუიმიან MacBook Pro ლეპტოპს, რომელსაც გაუმჯობესებული Magic Keyboard კლავიატურა ექნება. ამგვარი კლავიატურა უკვე გამოყენებულია 16-დუიმიან MacBook Pro-ში. თითოეული ღილაკი აღჭურვილია გაუმჯობესებული მექანიზმით. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის დოკუმენტი გამოქვეყნდა 13 იანვარს, თავად მზადებაში მყოფი პროდუქტის შესახებ მიმართვა კი Apple-ის მიერ განხორციელდა 2019 წლის 24 დეკემბერს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პორტატული კომპიუტერის დებიუტი უახლოეს თვეებში შედგეს. დავამატებთ, რომ ძველად ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ 13-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპის გამოსვლას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მოწყობილობის ოფიციალური წარდგენა შესაძლოა მარტში მოხდეს. https://3dnews.ru/1001362
  14. არსებული მოლოდინების თითქმის სრულად შესაბამისად Bitcoin-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ სად უნდა განახორციელონ ინვესტირება თანამედროვე ინვესტორებმა. 3-დან 8 იანვრამდე პერიოდში პირველმა კრიპტოვალუტამ წარმოუდგენელი ნახტომი გააკეთა: 7 ათასდოლარიანი ნიშნულიდან მიაღწია 8300 აშშ დოლარზე მეტს. სტატიის წერის მომენტში მისი ფასი 8100 აშშ დოლარი იყო. სავარაუდოდ, ფასზე ძლიერი გავლენა მოახდინა მცირე ხნის წინანდელმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა, რომლის გამოც ფასმა მოიმატა სხვა ღირებულ რესურსებზეც, რომელთა შორისაა ნავთობი და ოქრო. ცხადია Bitcoin-ი, რომელიც ხალხის გონებაში მტკიცედ ჩაიბეჭდა, როგორც „ციფრული ოქრო“, არ დარჩა მოლენების ფარგლებს გარეთ. ბევრმა ისარგებლა სიტუაციით და საკმაოდ კარგი სარგებელიც ნახეს. ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტები ამ ყველაფრის ფონზე საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ისინი ძლივს იძლევიან ინფლაციის გავლენის ნიველირების საშუალებას, მათ მიერ ფინანსური სარგებლის მიღება კი ყველასთვის შეუძლებელია. სამაგიეროდ კრიპტოვალუტების სამყაროში ხელმისაწვდომია იმგვარი შესაძლებლობები, რომ ნებისმიერი მსურველი შეძლებს მდგომარეობის გაუმჯობესებას. https://overclockers.ru/blog/Razg0n_blog/show/32985/za-neskolko-dnej-bitkoin-vzletel-v-cene-bolee-chem-na-15
  15. კომპანია Dell-მა წარადგინა გეიმინგ ლეპტოპი G5 15 Special Edition Ryzen (შემოკლებით G5 15 SE), რომელიც დაფუძნებულია AMD-ის გადაწყვეტილებებზე, მათ შორისაა მობილური პროცესორი AMD Ryzen Renoir-H და ვიდეოჩიპი Radeon RX 5600M. მათ შორის რეალიზებულია ავტომატური სმარტ გადართვის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა მოინახოს ოპტიმალური კომპრომისი მუშაობის პროცესში ენერგომოხმარებასა და თამაშებში გრაფიკულ წარმადობას შორის. შესაძლებელია მოწყობილობის დაკომპლექტება მონაცემთა შესანახი ერთი ან ორი ბარათით: ეს შეიძლება იყოს 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD PCIe M.2 ან 2 ტერაბაიტამდე მყარი დისკი წუთში 5400 ბრუნით. დისპლეის დიაგონალი 15.6 დუიმია, გაფართოება - Full HD (1920x1080), კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. ლეპტოპი გეიმინგისთვისაა განკუთვნილი, გამოყოფილი აქვს WASD კლავიშები და კლავიატურის ოთხზონიანი RGB განათება, რომლის მართვა შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფა Alienware Command Center-ის მეშვეობით. ახალი ლეპტოპი 2020 წლის აპრილიდან გაიყიდება და მისი საწყისი ფასი იქნება 800 აშშ დოლარიდან ზემოთ, აპარატული კონფიგურაციის შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/32997/dell-g5-15-se-predstavlen-novyj-igrovoj-noutbuk-na-platforme-amd
  16. კომპანია EVGA-მ წარადგინა ახალი ვიდეო ბარათები GeForce RTX 2060 KO და RTX 2060 KO Ultra. ახალი KO სერიის წარმომადგენლების მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი მეტად დაბალი ფასია - არც ერთი ახალი ბარათის ფასი 300 აშშ დოლარს არ აღემატება. ამასთან, მწარმოებელი კომპანია გვარწმუნებს, რომ ვიდეო ბარათებს აჩქარების საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვთ. ამ პოტენციალს უზრუნველყოფს გაგრილების სისტემა, რომელიც ორსლოტიანია და მოიცავს ალუმინის რადიატორს, სითბურ მილებსა და ორ ვენტილატორს. კომპანია EVGA-ს განცხადებით GeForce RTX 2060 KO (Ultra)-ს გაგრილების სისტემა ეტალონური GeForce RTX 2060-ის სისტემაზე უკეთესია. GeForce RTX 2060 KO-ს გრაფიკული პროცესორი მუშაობს ეტალონურ სიხშირეებზე, რომლებიც 1365/1680 მეგაჰერცის ტოლია. უფროსი მოდელი GeForce RTX 2060 KO Ultra-ს Boost-სიხშირე 1755 მჰც-ია. GDDR6 სტანდარტის 6-გიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერების ეტალონური ეფექტური სიხშირე 12 გჰც-ია. ყველა ახალ ვიდეო ბარათს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი და თითო DVI, HDMI და Display Port. უმცროსი მოდელი GeForce RTX 2060 KO EVGA-ს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით 279 აშშ დოლარად, აჩქარებული GeForce RTX 2060 KO Ultra კი 299.99 აშშ დოლარი ღირს. ასეთი ფასებით ახალი ვიდეო ბარათები პირდაპირ კონკურენციას გაუწევენ ახალ Radeon RX 5600 XT-ს, თანაც მათი წარმადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. დიდი ალბათობით ახლო მომავალში სხვა კომპანიებიც გამოუშვებენ GeForce RTX 2060-ს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ მოდელებს. https://3dnews.ru/1001243
  17. კრიპტო პლატფორმა Tron-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს საიდუმლო პროექტის ამოქმედება BitTorrent და Dlive პლატფორმების გამოყენებით. იგი ამტკიცებს, რომ ყველაზე მოკრძალებული შეფასებით პროექტი მრავალმილიარდიან უპირატესობას მიანიჭებს BTT და TRX ტოკენების მფლობელებს, აგრეთვე მოიზიდავს სულ მცირე 100 მილიონ ახალ მომხმარებელს. სხვა დეტალებზე Justin Sun-ს არ უსაუბრია, მან პირობა დადო, რომ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაამხელს. ის სიახლე, რომ ვიდეოკონტენტის გაცვლისთვის განკუთვნილი პლატფორმა Dlive შეუერთდება BitTorrent-ის ეკოსისტემას და Lino ბლოკჩეინიდან TRON-ზე გადავა, ცნობილი გახდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს. ასევე მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში Dlive შეუერთდება BitTorrent-ის სტრიმინგ-სერვის Blive-ს, თავად პლატფორმა კი დაიწყებს BitTorrent-ის ფაილების შენახვისა და გაცვლის განაწილებული სისტემის (BitTorrent File-Sharing System (BTFS)) გამოყენებას და გააერთიანებს ექაუნთების peer-to-peer ქსელს. Dlive მოიცავს თვეში 5 მილიონ აქტიურ მომხმარებელს, BitTorrent-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 100 მილიონია. https://forklog.com/novyj-sekretnyj-proekt-dzhastina-sana-obeshhaet-privlech-kak-minimum-100-mln-novyh-polzovatelej/
  18. NVIDIA-ს მიერ საზოგადოებისთვის გამოცხადებულმა ინფორმაციამ მომდევნო თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების ანონსის აუცილებლობის შესახებ სრულად ვერ დააკმაყოფილა ინვესტორები, ამიტომ ანალიტიკოსები აგრძელებენ თავიანთი პრგონოზების გახმაურებას კომპანიის პირველი 7-ნანომეტრიანი პროდუქტების გამოსვლის ვადებთან დაკავშირებით. Citi-ს სპეციალისტები, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ 23 მარტისთვის დაგეგმილ გამოფენა GTC 2020-ზე დაანონსდება NVIDIA-ს 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი Ampere არქიტექტურით, რომელიც სერვერული სეგმენტის მოთხოვნებზეა გათვლილი. Bank of America Securities-ის წარმომადგენლები შეხვდნენ NVIDIA-ს ხელმძღვანელ პირებს, შედეგად ისინი პროგნოზირებენ კომპანიის შემოსავლების 30%-იან ზრდას სერვერულ სეგმენტში მიმდინარე წელს. გასულ წელს დაფიქსირებული შემოსავლის 3%-იანი კლების ფონზე ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება. ანალიტიკური ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ NVIDIA თავის პოტენციალს გამოავლენს სერვერულ სეგმენტში ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიმართ ყურადღების მიპყრობით, რომლებსაც შეუძლიათ მოთხოვნების გაგება ბუნებრივი ენობრივი ფორმით. https://overclockers.ru/hardnews/show/101200/anons-7-nm-graficheskogo-processora-nvidia-nametila-na-mart
  19. Apple Pencil სტილუსის ამჟამად არსებული ვერსია გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ოპერაციის სწრაფად შესრულების საშუალებას იძლევა. წინა მოდელთან შედარებით ახალი ვერსიის მთავარი სიახლე გახლდათ ორმაგი დაჭერის შესაძლებლობა, რომელიც მთელ რიგ ფუნქციებზე წვდომას აძლევს მომხმარებელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ელემენტის მომართვა-რეგულირება შესაძლებელია, მას მხოლოდ ოთხი პარამეტრი აქვს. მცირე ხნის წინ დარეგისტრირებული პატენტი კი იმაზე მიუთითებს, რომ სამომავლო Apple Pencil-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც მცირე ხნის წინ გამოჩნდა ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს ვებ-გვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია მიგვითითებს, რომ მომდევნო თაობის სტილუსს ექნება სენსორული სივრცე, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა ჟესტის ამოცნობისთვის, მათ შორისაა სამმაგი შეხება და ე.წ. swipe ფუნქცია. შედეგად სამუშაო პროცესი Apple Pencil-ის გამოყენებით გახდება გაცილებით მრავალფეროვანი ამჟამად არსებულ სტილუსთან შედარებით. მომდევნო თაობის სტილუსში სიახლე შესაძლოა იყოს მოწყობილობის ბოლო ნაწილში ინტეგრირებული კამერა. მისი წყალობით მომხმარებლები შეძლებენ ჩაიწერონ ნებისმიერი სიმბოლო პრაქტიკულად ყველა ზედაპირზე და შემდეგ დაამუშავონ iPad-ზე. პატენტში ნახსენებია სხვა სახის შესაძლებლობებიც, მაგალითად - მიკროფონი, დინამიკი, დამატებითი ღილაკები, ბიომეტრიული სენსორი და ტრეკპადიც კი. გარდა ამისა, Apple Pencil-ს შესაძლოა ჰქონდეს ტაქტილური უკუკავშირის ფუნქცია, რისი წყალობითაც iPad-ზე სტილუსით ხატვის პროცესი ქაღალდზე ხატვის ბუნებრივ პროცესთან მიმსგავსებული იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ დაპატენტებული ფუნქციები მომდევნო თაობის სტილუსის შესაძლო მოდიფიკაციებია, ამიტომ დიდი ალბათობით ყველა მათგანი არ იქნება წარმოდგენილი ბაზარზე გამოსულ მოწყობილობაში. https://3dnews.ru/1001278
  20. Bitcoin-ბირჟა Binance-მა დაამატა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ვალუტის მხარდაჭერა. ესენი გახლავთ ჩეხური კრონა, ბულგარული ლევი და რუმინული ლეი. ამიერიდან ამ ქვეყნების რეზიდენტები შეძლებენ შეიძინონ კრიპტოვალუტები Visa ბარათების მეშვეობით. შესაძენად ხელმისაწვდომია BTC, BNB, ETH და XRP. ამ ვალუტებზე Mastercard-ის ბარათების მხარდაჭერა უახლოეს მომავალში დაემატება. გარკვეული პერიოდის წინ პლატფორმამ ასევე დაამატა პოლონური ზლოტისა და შვედური კრონის მხარდაჭერა. 8 იანვარს ბირჟა Satang Corporation-თან თანამშრომლობის შედეგად Binance-მა დაამატა ტაივანური ბატი. ამავე დღეს პლატფორმაზე გამოჩნდა ავსტრალიური დოლარიც. ამჟამად Binance-ზე ჯამში მხარდაჭერილია 24 ფიატური ვალუტა. შეგახსენებთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ გეგმაშია 180 ფიატური ვალუტის მხარდაჭერა. https://forklog.com/binance-otkryla-fiatnye-shlyuzy-dlya-eshhe-neskolkih-stran-vostochnoj-evropy/
  21. კომპანია ASUS-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ ლეპტოპი ROG Zephyrus G15 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 3-მილიწამიანი რეაქციის დროით. მოწყობილობას მეტად თხელი კორპუსი აქვს, რომლის სისქე დახურულ მდგომარეობაში მხოლოდ 2 სანტიმეტრია. ლეპტოპი იწონის ორ კილოგრამზე ოდნავ მეტს. IPS-მატრიცის დიაგონალი შეადგენს 15 დუიმს, თხელი ჩარჩოების წყალობით თავად ლეპტოპი შეესაბამება საშუალოსტატისტიკურ 14-დუიმიან მოდელს. Adaptive Sync ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მივიღოთ დინამიური გამოსახულება კადრის დამახინჯების გარეშე. Zephyrus G15 აგებულია AMD-ის პლატფორმაზე და მასში გამოყენებულია რვაბირთვიანი პროცესორი Ryzen 7 4800HS Zen 2 არქიტექტურით, აგრეთვე მოცემულია ვიდეო ბარათი GeForce RTX 2060 (მაქსიმალურ კონფიგურაციაში) ტაქტის სიხშირით დაახლოებით 1300 მეგაჰერცი აჩქარების რეჟიმში. ხელმისაწვდომია DDR4 სტანდარტის 32 გიგაბაიტამდე მოცულობის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მოქმედია ორარხიან რეჟიმში 3200 მჰც სიხშირეზე. მონაცემთა სანახი სივრცის სახით მოცემულია 512გბ / 1-ტბ SSD NVMe. კომპაქტური გაბარიტების მქონე კორპუსში არსებული კომპონენტების ხარისხიანი გაგრილებისთვის გამოყენებულია გაგრილების ეფექტური სისტემა, რომელიც მოიცავს სითბურ მილებს, განსაკუთრებული „n-Blade“ კონსტრუქციის ვენტილატორებსა და რადიატორიდან მტვრის ავტომატურად მოშორების სისტემას. ქულერის მუშაობის ინტენსიურობა შესაძლებელია დარეგულირდეს როგორც ავტომატურად - სისტემის ფაქტობრივი დატვირთვის შესაბამისად, ასევე მექანიკურად თავად მომხმარებლის მიერ მუშაობის პროცესში სპეციალური ღილაკის გამოყენებით. კლავიატურა მორგებულია გეიმერების მოთხოვნებსა და გამოყენების ერგონომიკაზე. ღილაკები დაჯგუფებულია ზუსტად ისევე, როგორც ჩვეულებრივი დესკტოპ კომპიუტერების შემთხვევაში. მხარდაჭერილია რამდენიმე ღილაკზე ერთდროულად დაჭერა, თითოეული მათგანიდან გამომავალი სიგნალი კი დამოუკიდებლად მუშავდება. სპეციალური ტექნოლოგია კი საშუალებას იძლევა დაჭერისას მაქსიმალურად სწრაფად დარეგისტრირდეს სიგნალი. ლეპტოპს აქვს ხარისხიანი აუდიო სისტემა, აგრეთვე Wi-Fi 6 მოდული, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის 2,4 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით. კორპუსზე მოცემულია თანამედროვე სტანდარტების კონექტორები, მათ შორის - სამი USB 3.2 Gen1 Type-A, USB Type-C, რომლითაც იმუხტება მოწყობილობა და გამოდის აუდიოსიგნალი, აგრეთვე HDMI 2.0b - ვიდეოსიგნალისთვის 4K გაფართოებაზე 60 ჰც კადრის განახლების სიხშირით. ASUS ROG Zephyrus G15-ის ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი: AMD Ryzen 7 4800HS; ოპერაციული სისტემა: Windows 10; დისპლეი: პირველი მოდელი: 15.6-დუიმიანი IPS-პანელი Full HD (1920 x 1080 პიქსელი), მქრქალი (Mate) ზედაპირი; კადრის განახლების სიხშირე: 240 ჰერცი; რეაქციის დრო: 3 მწ; Adaptive Sync მხარდაჭერა; 100% sRGB; Pantone Validated სერტიფიკაცია; მეორე მოდიფიკაცია: 15.6-დუიმიანი IPS პანელი Full HD; მქრქალი ზედაპირი, 144 ჰც კადრის განახლების სიხშირე; Adaptive Sync ტექნოლოგია; გრაფიკა: Nvidia GeForce RTX2060 6 გბ GDDR6; / Nvidia Feforce GTX 1660 Ti 6 გბ GDDR6; ოპერატიული მეხსიერება: 32 გბ DDR4, 3200 მჰც; SSD: 512 გბ/ 1 ტბ M.2 NVMe PCIe; უსადენო კავშირები: Intel® Wi-Fi 6 with Gig+ performance (802.11ax) / Bluetooth 5.0. ინტერფეისები: 1 x USB 3.2 Gen 2 Type-C with DisplayPort™ 1.4 და Power Delivery / 1 x HDMI 2.0b / 1 x 3.5 მმ აუდიო კონექტორი / 1 x Kensington lock / 1 x RJ-45; კლავიატურა: მემბრანული, თეთრი განათებით, რამდენიმე ღილაკზე ერთდროული დაჭერის მხარდაჭერა, Overstroke ტექნოლოგია; აუდიო სისტემა: 2 დინამიკი ინტელექტუალური ტექნოლოგიით; კვების ბლოკი: 180 ვტ; ზომა: 36.0 x 25.2 x 1.99 სმ; წონა: 2.1 კგ. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/32936/asus-predstavila-kompaktnyj-igrovoj-noutbuk-rog-zephyrus-g15
  22. კომპანია Intel-მა გამოფენა CES 2020-ზე არა მხოლოდ ისაუბრა თავის დისკრეტულ გრაფიკა Intel Xe-ზე, არამედ წარადგინა კიდეც თავისი პირველი ვიდეო ბარათის პროტოტიპი. მოცემული მოწყობილობის სახელწოდებაა Xe DG1 Software Development Vehicle და რთული არ არის მიხვედრა, რომ იგი განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთათვის. Intel-ის თქმით ხსენებული ვიდეო ბარათი ინჟინრული ნიმუში არ არის, ეს გახლავთ ადრეული პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელი მომწოდებლებისთვის (ISV, Independent Software Vendor) მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსგავსი პროტოტიპების მეშვეობით ანტრეპრენერები შეძლებენ მოახდინონ თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზება Intel Xe არქიტექტურაზე. როგორც ცნობილია, Intel Xe ვიდეო ბარათები წარმადობის მიხედვით დაყოფილი იქნება სამ ძირითად ჯგუფად: Xe-LP, Xe-HP და Xe-HPC. დიდი ალბათობით, ზემოთხსენებული Xe DG1 SDV მიეკუთვნება საწყისი დონის კატეგორიას, ანუ პირველ ჯგუფს. გავრცელებული ცნობებით გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG1-ს აქვს 96 ბლოკი (Execution units, EU). საწყისი დონის ჯგუფის ვიდეო ბარათებს კომპაქტური გაბარიტები ექნება და წარმოდგენილნი იქნებიან დამატებითი კვების კონექტორის გარეშე. წინასწარი ცნობებით პორტების სახით ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI. https://3dnews.ru/1001115
  23. Microsoft-მა გასულ წელს ოფიციალურად წარადგინა Windows 10X თავის ორეკრანიან მოწყობილობა Surface Neo-სთან ერთად. Windows 10X - ეს გახლავთ ამბიციური მცდელობა - გადაპროექტდეს ოპერაციული სისტემა ორეკრანიანი და დასაკეცი დისპლეის მქონე მოწყობილობებისთვის. მიმდინარე კვირაში საზოგადოებამ რამდენიმე მსგავსი ახალი მოწყობილობა იხილა გამოფენა Consumer Electronics Show-ზე (CES), თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონდა გადამწყვეტი პროგრამული ელემენტი: Windows 10X. Microsoft-ი პირობას დებდა, რომ ვიხილავდით Dell-ის, HP-ის, Lenovo-სა და Asus-ის მოწყობილობებს Windows 10X-ით, თუმცა კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა მზად არ არის გვიჩვენოს, რას აპირებს. მიმდინარე კვირაში Lenovo-მ წარადგინა ThinkPad X1 Fold - კომპიუტერი დასაკეცი OLED-ეკრანით 2499 აშშ დოლარად, თუმცა იგი წარმოდგენილია Windows 10 Pro-თი Windows 10X-ის ნაცვლად. Lenovo პირობას დებს, რომ Windows 10X ვერსიის მქონე ვერსია მოგვიანებით გამოვა, თუმცა არ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს. Lenovo X1 Fold Windows 10X-ის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად გამოიყურება, თუმცა ჩინური კომპანია კვლავ მის გარეშე გამოშვებას აგრძელებს. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ან Microsoft ჩამორჩება და ვერ ასწრებს Windows 10X-ის ამოქმედებას, ან Lenovo მიიწევს წინ მეტისმეტად აქტიურად, რაც ნაადრევია. Windows 10X გადამწყვეტია X1 Fold-ის მსგავსი მოწყობილობებისთვის, რადგანაც Microsoft ქმნის სხვადასხვა მეთოდს რამდენიმე დისპლეიზე აპლიკაციების დამუშავებისთვის უშუალოდ ოპერაციულ სისტემაში. ამის ნაცვლად Lenovo-მ შექმნა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა Windows 10-სთვის, რათა იგი უფრო მოსახერხებელი გახადოს აპლიკაციების განცალკევებისთვის. Microsoft-ი 10X-ზე წლებია მუშაობს და ითვალისწინებს, რომ Intel და სხვა მსგავსი კომპანიები ისწრაფვიან დასაკეცი და ორეკრანიანი მოწყობილობებისკენ იმაზე სწრაფად, ვიდრე Windows-ს შეუძლია დაეწიოს. Microsoft-ს სურს Windows 10X მზად იყოს იმისთვის, რომ კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანიებმა ისარგებლონ ახალი ტალღის აღჭურვილობის უპირატესობებით, თუმცა როგორც ჩანს, მზადყოფნამდე კიდევ თვეებია დარჩენილი. Asus-მა წარადგინა 14-დუიმიანი ლეპტოპი ორი ეკრანით, აგრეთვე Dell-მა - დასაკეცი, ორეკრანიანი ლეპტოპი. ყველა ამ მოწყობილობაში, მათ შორის Intel-ის კონცეფციაშიც გამოყენებულია სტანდარტული Windows 10 ვერსია, რომელიც არ არის გათვლილი ახალი ტიპის მოწყობილობებზე. კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი დასაკეცი ორეკრანიანი მოწყობილობა დაანონსდება, თუმცა ნებისმიერი მცდელობა ნაკარნახევი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ მოწყობილობებს კიდევ რაღაც სჭირდება Windows 10-ის გარდა. კომპანიებმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ორი დისპლეის მქონე მოწყობილობებს ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც განსხვავებული აქვთ, ასევე გასათვალისწინებელია მათი სუფთა წონა და მოწყობილობის სისქე. უკვე ვიხილეთ, როგორ ნაჩქარევად გამოვიდა Samsung-ი ბაზარზე თავისი დასაკეცი სმარტფონით, რომლის გადაკეთება გახდა საჭირო მანამ, სანამ მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდებოდა. თუკი კომპიუტერების მწარმოებელ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Lenovo - მოსწონთ Windows 10X-ის გარეშე არსებული ორეკრანიანი მოწყობილობები, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ რამდენიმე განსაცვიფრებელი პროგრამული უზრუნველყოფის ალტერნატივა, რათა თავიდან აიცილონ ბაზრის გაფუჭება. Windows 10X-ზეა დიდწილად დამოკიდებული მსგავსი მოწყობილობების წარმატება. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ პროგრამა საკმარისად კარგი აღმოჩნდება მათთვის ან ექნება თუ არა აპლიკაციების მხარდაჭერა. საზოგადოება კვლავ ელის, შეიტყოს მეტი 10X-ის შესახებ. 2020 წელი სულ ახლახანს დაიწყო და წინ მთელი რიგი გამოფენები და კონფერენციებია. https://www.theverge.com/2020/1/8/21056510/microsoft-windows-10x-foldable-dual-screen-laptops-ces-2020
  24. დღესდღებით, შესაძლებელია გავაძლიეროთ პერსონალური კომპიუტერის გეიმინგ წარმადობა მისთვის უბრალოდ ახალი ვიდეო ბარათის დამატებით. რას იტყვით შესაძლებლობაზე, რომ იმავეს გაკეთება შეგეძლოთ კომპიუტერის ყველა კომპონენტის მიმართ - ჩასვათ ახალი ცენტრალური პროცესორი, მეხსიერება, მონაცემთა სანახი სივრცე, ახალი დედა დაფაც კი, როგორც როგორც ერთი კარტრიჯი? წარმოგიდგენთ Intel NUC 9 Extreme-ს, ასევე ცნობილს, როგორც Ghost Canyon, რომელიც იმ ორი იდეის შესანიშნავი განხორციელებაა, და რომელზეც ჩიპების მწარმოებელი კომპანია წლებია მუშაობს. 2012 წლიდან კომპანია დაკავებულია დესკტოპ კომპიუტერების - NUC-ის (აბრევიატურა - Next Unit of Computing) შექმნით, რომლებიც ზომით იმდენად პატარაა, რომ მათი განთავსება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. 2015 წელს Intel-მა დაიწყო იდეა „Compute Card“-ზე მუშაობა, რათა ადვილად გამხდარიყო შესაძლებელი კომპიუტერის „ტვინის“ მოდერნიზება ახალი CPU კარტრიჯის შეცვლით. „Compute Card“ კომერციული ჩავარდნა გამოდგა, NUC კი გახლდათ მხოლოდ იმდენად მძლავრი, რამდენსაც მისი ინტეგრირებული გრაფიკა უმკლავდებოდა. 2018 წელს კი, მას შემდეგ, რაც Intel-მა უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც AMD-ის გრაფიკა განთავსდა Intel-ის პროცესორში, კომპანიამ დაამტკიცა, რომ NUC-ს შეუძლია იყოს საკმარისად მძლავრი გეიმერებისთვის. დაიწყო მუშაობა იდეაზე - როგორ შეიქმნას სრულად განახლებადი ვერსია, რომელიც თავსებადი გახდება მძლავ დესკტოპ ვიდეო ბარათებთან. და როდესაც Intel-ი ამ საკითხით იყო დაკავებული, წარმოიშვა მოდულური „ტვინისა“ და კომპიუტერის სხვა ნაწილების იდეა. შედეგად მივიღეთ დესკტოპ გეიმინგ კომპიუტერი სულ რაღაც 5 ლიტრი მოცულობით, რომელიც PlayStation 4 Pro-ზე ოდნავ პატარაა და 12-ლიტრიან Corsair One-ზე ორჯერ მცირე, თანაც საკმარისი სივრცე გააჩნია Nvidia RTX 2070 გრაფიკული პროცესორისთვის. გარდა ამისა, მოდულური პროცესორის კარტრიჯი „NUC Element“ უფრო მარტივი მოდერნიზების საშუალებას იძლევა, ვიდრე ის კომპიუტერები, ვისაც გაცილებით დიდი შიდა სამუშაო სივრცე აქვს. კომპიუტერის ტვინი “ვიდეო ბარათის” ფორმითაა წარმოდგენილი, მასში განთავსებულია სისტემისთვის პრაქტიკულად ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, ასევე მოდიფიცირებული, 500-ვატიანი FlexATX კვების ბლოკი. NUC Element-ის გახსნისას ვხედავთ L-ის ფორმის ქულერს აორთქლების კამერით, რომელიც განკუთვნილია 45-ვატიანი Core i5, i7 ან i9-9980HK პროცესორებისთვის; გაგრილებისთვის განკუთვნილია 80-მილიმეტრიანი ვენტილატორი და რადიატორი. მოცემულია ორი სტანდარტული მოდული DDR4 მეხსიერებისთვის, ასევე ორი სლოტი M.2 NVMe სტანდარტის SSD-ებისთვის. სისტემაში მოცემულია Intel Wi-Fi 6 მოდული, აგრეთვე პორტების სრული ნაკრები, რომელთა შორისაა ოთხი USB 3.1, ორი Thunderbolt 3, ორი Gigabit Ethernet და HDMI პორტი. პროცესორთან განთავსებულია მეორე PCIe x16 სლოტი, სადაც მოთავსდება გეიმინგ ვიდეო ბარათი, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ დაგჭირდებათ მინი გრაფიკული პროცესორი, მაგალითად GeForce RTX 2070 Mini, რომელიც სიგრძეში რვა დუიმზე ნაკლებია. სერიოზული საკითხი მდგომარეობს შემდეგში - რეალურად შეძლებთ თუ ვერა განაახლოთ ამგვარი სისტემა წლების მანძილზე. იმ დროს, როდესაც სისტემის ძირითადი ნაწილები მარტივად მოდერნიზდება მზა კომპონენტების წყალობით, თავად NUC Element მოდულები კერძოა, დაპატენტებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ მომავალშიც Intel-ს დაეყრდნოთ. კომპანია აცხადებს, რომ დღესდღეობით არსებულ სამოქმედო გეგმაში მოიაზრება მინიმუმ ორწლიანი განახლება და იმედოვნებს უფრო დიდ სამომავლო პერიოდს. რაც მთავარია, Intel-ს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მოდულური სისტემის განვითარებაზე პირობას დებენ. NUC 9 Extreme საბაზისო სისტემის სახით მარტიდან გაიყიდება, მისი საწყისი ფასი იქნება შემდეგი: 1050 აშშ დოლარი - Core i5 პროცესორით, 1250 აშშ დოლარი - Core i7-ით და დაახლოებით 1700 აშშ დოლარი - ფლაგმანური Core i9 პროცესორით. Intel-ი არ გახლავთ ერთადერთი კომპანია, ვინც მსგავსი იდეის წინ წამოწევას ცდილობს. Razer-მა და Cooler Master-მა დაადასტურეს, რომ მიმდინარე წელს გაყიდიან თავიანთ საკუთარ მზა გეიმინგ პროდუქტებს NUC Element-ის მოდულის ბაზაზე, თუმცა მათ ექნებათ სტანდარტული SFX კვების ბლოკი და უფრო დიდი სივრცე ვიდეო ბარათისთვის. Cooler Master-იც და Razer-იც კომპანიის ცნობილი პარტნიორები არიან, Intel-ის ქმედებები კი ნიშნავს იმას, რომ კომპიუტერის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია ამიერიდან სრულყოფილ კომპიუტერებსაც გაყიდის. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია NUC-ის მეორე ვერსიაც, სახელად Quartz Canyon, რომელიც Intel Xeon პროცესორების მოდულებს შესთავაზებს მომხმარებლებს. Intel NUC-ის მარკეტინგის მენეჯერი ბრიუს პეტერსონი აღიარებს, რომ მისი გუნდის ორიგინალური მოდულური გამომთვლელი ბარათი წარუმატებელი აღმოჩნდა. “უმეტეს შემთხვევაში პატნიორებს მისი ინტეგრაციისა დაამუშავებისთვის იმხელა ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ აღარ უღირდათ“ - განაცხადა მან, თუმცა აღნიშნა, რომ პროგრამა Intel NUC-ს წლიური 20%-იანი ზრდა აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში შთამბეჭდავია, თუ რამდენ ენერგიას და ძალისხმევას დებს Intel-ი ამ პატარა „ყუთის“ განახლებაში. https://www.theverge.com/2020/1/7/21051879/intel-pc-nuc-9-extreme-ghost-canyon-element-hands-on-teardown-ces-2020
  25. ბრაიან არმსტრონგმა, Coinbase-ის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ ისაუბრა რამდენიმე ვარაუდზე, თუ რას მიაღწევს Bitcoin-ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში. მისი აზრით, ანტრეპრენერები შეძლებენ გადაჭრან მასშტაბირებისა და პრივატულობის შეზღუდვის პრობლემა საჯარო ბლოკჩეინში. მასშტაბირების შესაძლებლობა მიგვიყვანს გამოყენების ახალ საშუალებებსა და პროდუქტებთან, პრივატულობის მახასიათებლები კი ბლოკჩეინში დაინერგება საბაზისო დონეზე HTTPS-ის ანალოგიურად. ჯამში კრიპტოვალუტებს გამოიყენებს დაახლოებით 1 მლრდ ადამიანი (950 მილიონით მეტი, ვიდრე ამჟამად), განაცხადა მან. არმსტრონგმა აღნიშნა, რომ მასობრივი აღიარება პირველ რიგში შეეხება განვითარებად ბაზრებს, სადაც ეკონომიკა უკიდურესად სუსტია, ხელისუფლება და ინსტიტუციები კი ასევე დაიწყებენ კრიპტოვალუტების გამოყენებას. ტექნოლოგიური სტარტაპების უმეტესობა გამოიყენებს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიას, როგორც ეს მოხდა მანქანური სწავლებისა და ინტერნეტის შემთხვევაში. უმსხვილესი ამერიკული კრიპტოსავალუტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალ ათწლეულში ჩვენ გავხდებით წარმოების ქმნილებების მოწმეები. რამდენიმე პროექტი, რომელიც მასშტაბირების კუთხით მეტნაკლებად წარმატებას მიაღწევს, გახდება საბაზისო ინფრასტრუქტურა მილიონობით ტოკენისთვის (საკუთარ ბლოკჩეინზე უარის თქმით უფრო საიმედოს სასარგებლოდ). არმსტრონგი ითვალისწინებს კრიპტოვალუტების უტილიტარული გამოყენების პოპულარობის ზრდას, თუმცა აღიარებს, რომ ვაჭრობა და სპეკულაცია მაინც ტრენდად დარჩება. ანტრეპრენერმა დაამატა, რომ ახალი ტიპის კრიპტოსტარტაპები მოიზიდავენ ინვესტიციებს კრიპტოვალუტებში, გამოუშვებენ ტოკენებს ადრეული მომხმარებლებისთვის, აგრეთვე მოხდება გლობალური ქომიუნითის გაერთიანება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული კომპანიების შემთხვევაში ხდება. არმსტრონგი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი გაუთანაბრდება ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებს შემდეგ კონტექსტში: კომპანია დაიყოფა საბროკეროებად, ბირჟებად და კასტოდიანებად. მან მაგალითად მოიყვანა Coinbase Custody, რომელიც უკვე გახლავთ ცალკეული იურიდიული პირი და ფოკუსირებულია აქტივების შენახვაზე. ბირჟა Coinbase Pro, - ხაზი გაუსვა მან, - მომავალში გახდება დამოუკიდებელი საბროკერო და საბირჟო ბიზნესი. არმსტრონგი დიდ იმედებს ამყარებს დეცენტრალიზებულ სერვისებზეც, როგორებიცაა DEX, DeFi და Dapp-ები. თუკი Bitcoin 200 ათას აშშ დოლარს მიაღწევს, მილიარდელების ნახევარზე მეტი სწორედ Bitcoin-ინდუსტრიის წარმომადგენელი იქნება. ბევრი მათგანი გახდება ფილანთროპი, ჩადებენ ინვესტიციებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში - პროგნოზირებს Coinbase-ის ხელმძღვანელი. https://forklog.com/ceo-coinbase-sprognoziroval-razvitie-bitkoin-industrii-na-10-let/
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.