Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5903
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    196

Everything posted by Magdalena

  1. ელექტრო პიკაპ Hummer EV-ის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია უკანა საბურავებით მოხვევის ფუნქცია, რაც მას საშუალებას აძლევს სწორხაზოვნად იმოძრაოს დიაგონალური მიმართულებით, აგრეთვე შეამციროს მოხვევის რადიუსი. ილონ მასკმა განაცხადა, რომ პიკაპი Tesla Cybertruck-იც შეძლებს მოხვევას უკანა ღერძის საბურავების მეშვეობით. ფოტოს წყარო: GMC პირველად ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარდგენა შედგა 2019 წელს პროტოტიპის სტატუსით, კომპანიის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულისთვის დასრულდება სერიული ვარიანტის შემუშავება და საბოლოო დიზაინის შესახებ ისაუბრებს წლის მეორე კვარტალში. როგორც ვიცით, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა, თუმცა საზოგადოებამ მაინც მიიღო ინფორმაციის ფრაგმენტები. კერძოდ, მოხდა პნევმატური დაკიდების სისტემის მუშაობისა და დასაკეცი კიბის დემონსტრირება, აგრეთვე გავრცელდა ცნობა, რომ ელექტრო პიკაპი შეძლებს სახლის ელექტროენერგიით მომარაგებას, როგორც ეს შეუძლია ახლახანს წარდგენილ Ford F-150 Lightning-ს. Cybertruck-ის სერიულ ვერსიას შესაძლოა არ ჰქონდეს კარის სახელურები. პიკაპის მიწოდება უნდა დაიწყოს მომდევნო წლიდან და ამ მხრივ Tesla დამოკიდებულია ტეხასში ქარხნის მშენებლობაზე, სადაც უნდა დამზადდეს Cybertruck. როგორც რესურსი Electrek აღნიშნავს, გასული კვირის ბოლოს ილონ მასკი ტრადიციულად ეწვია Tesla-ს დიზაინ-სტუდიას, რამაც მას საშუალება მისცა დარწმუნებულიყო, რომ Cybertruck-ის დიზაინი სავსებით შეესაბამება ძველად წარდგენილი პროტოტიპისას. Tesla-ს სპეციალისტებმა, მისი თქმით, დაამატეს უკანა საბურავებით მოხვევის ფუნქცია, რაც გააუმჯობესებს პიკაპის მანევრირებას. არ დაზუსტებულა, შეძლებს თუ ვერა Cybertruck დიაგონალური მიმართულებით გადაადგილებას Hummer EV-ის მსგავსად. https://bit.ly/3hBbkR1
  2. ამერიკელები კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს დებენ მოგების და არა ტრადიციული ფინანსებისგან იმედგაცრუების გამო. ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მკვლევარები. ანაგრიშის თანახმად, ამერიკელი ინვესტორები ციფრულ აქტივებს არ განიხილავენ ფიატური ვალუტების ალტერნატივად. კრიპტო ინდუსტრია მომხმარებლებს იზიდავს ბაზრის სპეკულაციების შესაძლებლობებით. მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნაღდი ფულისა და საბანკო ანგარიშების უსაფრთხოებით შეშფოთებულ ამერიკელებს სურთ გაეცნონ კრიპტოვალუტების შესახებ უფრო მეტს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი ერიდებიან მათში ინვესტიციების ჩადებას. ციფრული აქტივების ყიდვის ალბათობა იზრდება განათლებისა და შემოსავლების ზრდასთან ერთად, აღნიშნავს BIS. ანგარიშში ასევე აღნიშნულია კრიპტოვალუტების უფრო ფართო გავრცელება აშშ-ში. კვლევის თანახმად 2014 წელს ამერიკელების დაახლოებით 40% ფლობდა ინფორმაციას Bitcoin-ის შესახებ, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 1.4% ფლობდა მინიმუმ ერთ ციფრულ აქტივს. ადრე BIS-ის ინოვაციური ჰაბის ხელმძღვანელმა ბენუა კერემ განაცხადა, რომ Bitcoin-მა, როგორც ვალუტამ, წარუმატებლობა განიცადა არასტაბილობის მაღალი დონის გამო. https://bit.ly/3dF3Hb2
  3. TSMC მუშაობს 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. რესურსი Nikkei აცხადებს, რომ Apple და Intel ამ ტექნოლოგიის პირველი მომხმარებლები იქნებიან. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია TSMC ამერიკული კომპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნახევრადგამტარი პროდუქტების წარმოება ამერიკაში გააფართოვოს, ვითარება მიზნისგან ჯერ კიდევ შორსაა. TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული პირველი კომერციული პროდუქტები მომდევნო წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. მათთვის, ვინც არ იცის, ნანომეტრი - ეს არის სიგანე კრისტალზე არსებულ ტრანზისტორებს შორის. ლოგიკურად, ამ პროცესის ნაკლები მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ ჩიპი ტექნოლოგიურად უფრო მოწინავეა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც მცირეა რიცხვი, მით უფრო რთული და ძვირია წარმოება. ამჟამად არსებულ ყველაზე მოწინავე ჩიპებში გამოყენებულია TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. ამჟამად არსებულ 5-ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით 3-ნანომეტრიანმა ჩიპებმა უნდა უზრუნველყონ 10-15%-ით მაღალი წარმადობა და 25-30%-ით უკეთესი ენერგოეფექტურობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ 3-ნანომეტრიან პროდუქტებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მათი დებიუტი სავარაუდოდ Apple iPad-ში შედგება. მომავალი წლის iPhone-ები კი წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დამყარებული ჩიპებით. როგორც აღვნიშნეთ, Apple და Intel მჭიდროდ თანამშრომლობენ TSMC-თან, რათა პირველი 3-ნანომეტრიანი ჩიპები გამოუშვან. ამასთან, თუკი Apple გეგმავს მათ მობილურ მოწყობილობებში გამოყენებას, Intel დაამზადებს ჩიპებს ლეპტოპებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების სერვერებისთვის. Intel-მა, მიკროსქემების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, ბაზარზე ლიდერის პოზიციები დაკარგა. საინტერესოა ის, რომ Intel-ის კონკურენტი AMD მომდევნო წელს გადავა საკუთარი ლეპტოპების პროცესორებისთვის განკუთვნილ, TSMC-ის 5-ნანომეტრიან ჩიპებზე. თუმცა, თუკი AMD არ წარმოადგენს საფრთხეს Intel-ისთვის, NVIDIA-მ ნათლად განაცხადა, რომ გადავა სერვერული ჩიპების ბაზარზე, რათა Intel-ს ბაზრის წილი წაართვას, თუმცა სერვერული პროცესორისთვის განკუთვნილ მის პირველ მიკროსქემაში გამოყენებული იქნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. დაგეგმილია, რომ იგი ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს. დასასრულისთვის, უნდა გვესმოდეს, რომ უახლესი ნანომეტრული ტექნოლოგიებისთვის ბრძოლა ჩიპების წარმოებისთვის - ეს არ არის მხოლოდ კომერციული საქმიანობა: გეოპოლიტიკასაც მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო 52 მლრდ აშშ დოლარის პაკეტი ნახევრადგამტარ წარმოებაში ინვესტირებისთვის. შეერთებულ შტატებს სურს დაიბრუნოს ლიდერობა მიკროსქემების წარმოებაში. სხვათა შორის, Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ მუშაობს TSMC-თან 2023 წლის პროდუქციის ხაზზე. მაგრამ რადგან მითითებული არ არის წარმოების რომელ ტექნოლოგიას იყენებენ, არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ოფიციალური დასტურია. https://bit.ly/3ynxux0
  4. ინტერნეტ-წყაროები გვაცნობებენ, რომ მალე კომპანია Xiaomi-ს ასორტიმენტში შესაძლოა გამოჩნდეს პირველი კომერციული სმარტფონები, რომელთაც 200 ვატი სიმძლავრის ულტრასწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ექნებათ. მიმდინარე წლის მაისში Xiaomi-მ წარადგინა დამუხტვის ტექნოლოგია HyperCharge. იგი გვთავაზობს 200 ვატი სიმძლავრის დამუხტვას სადენიან რეჟიმში და 120-ვატიანს - უსადენოში. პირველ შემთხვევაში 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 2-დან 100%-მდე შესაძლებელია დაიმუხტოს სულ რაღაც რვა წუთში, მეორე შემთხვევაში კი - 15 წუთში. ამასთან, უზრუნველყოფილია ბატარეის უსაფრთხოებისა და გამძლეობის მაღალი დონე. ბატარეის მოცულობა 80%-ზე ნარჩუნდება დამუხტვის 800 ციკლის შემდეგ, რაც საწარმოო სტანდარტს აღემატება. ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ჩინურმა კომპანია NuVolta Technologies-მა წარადგინა სმარტფონების დამუხტვის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწინავე ჩიპი NU2205. მის მიერ მხარდაჭერილია 100 ვატამდე დამუხტვის სიმძლავრე ერთკომპონენტიან ბატარეაზე. ორმოდულიანი ბატარეის შემთხვევაში სიმძლავრე 200 ვატს აღწევს. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ეს ჩიპი შესაძლოა Xiaomi-ს აღჭურვილობაში მოხვდეს. თავად სმარტფონების მწარმოებელ კომპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. https://bit.ly/3hfcNNL
  5. ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესი პირველი კრიპტოვალუტის მიმართ მაისის კორექტირების შემდეგ შემცირდა და უარყოფითიც კი გახდა. ამის შესახებ განაცხადა JPMorgan-ის სტრატეგმა Nikolaos Panigirtzoglou-მ CNBC-სთან ეთერში. მან ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი ინვესტორების მხრიდან Bitcoin-პროდუქტებში ფულის ნაკადების ეტაპობრივი შემცირება ანალიტიკოსებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დააფიქსირეს. ზოგიერთმა ინსტიტუციონალმა მაშინ დაიწყო ფულის გატანა ბაზრიდან - აღნიშნა ანალიტიკოსმა. „ინსტიტუციონალური ინტერესი Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მიმართ განელდა მიმდინარე წლის მაისში. ამჟამად იგი ფაქტობრივად ნულოვან დონესთან არის ახლოს“ - განაცხადა Panigirtzoglou-მ. ასევე, აპრილში დაიწყო ინვესტორების მხრიდან ფულის გადადინება ციფრული ოქროდან Altcoin-ებში, კერძოდ Ethereum-ში. ამჟამად კი, მისი თქმით, სიტუაცია შეიცვალა. Bitcoin-ში ინსტიტუციონალური ფულის ნაკადი მნიშვნელოვნად დაბალია 2020 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით და, ზოგადად, ბაზარი დათვურ ფაზაში იმყოფება - აღნიშნა სტრატეგმა. აქედან გამოსვლის ერთ-ერთ ინდიკატორად იგი თვლის Bitcoin-ის საბაზრო წილის ზრდას 50%-ს ზემოთ. სტატიის წერის მომენტში ფლაგმანური კრიპტოვალუტის წილი CoinGecko-ს თანახმად 44.8%-ს შეადგენს. პირველი კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობაზე კომენტირებისას ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მის დასტაბილურებას უახლოეს კვირებში ელოდება. https://bit.ly/3xbe3Y3
  6. კომპანია Microsoft-მა Open AI-სთან ერთად წარადგინა GitHub Copilot - სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე და შეძლებს პროგრამისტს მიუთითოს, როგორ გააუმჯობესოს კოდი. იგი გამოიკვლევს დაწერილ კოდს GitHub-ზე და მომხმარებელს მის სრულყოფას შესთავაზებს. სერვისის ავტორები მას უწოდებენ პროგრამისტის „პარტნიორს“, რადგანაც მას არა მხოლოდ არსებული კოდის გამოკვლევა და კომენტირება შეუძლია, არამედ გვთავაზობს სხვა კოდის დაწერას კონტექსტის შესაბამისად. Copilot-ის ქცევის მოდელი მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება: იგი იმახსოვრებს რა შემთხვევებში ამბობს უარს პროგრამისტი დახმარებაზე და სთავაზობს დახმარებას ყველაზე რთულ ვარიანტებში. GitHub-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკვე ასობით დეველოპერმა შეაფასა Copilot-ის შესაძლებლობები და არ თიშავენ მას მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში. აღინიშნება, რომ ახალი პროგრამა თავსებადია პროგრამირების პრაქტიკულად ყველა აქტუალურ ენასთან, თუმცა ყველაზე უკეთ თავს წარმოაჩენს Python-თან, JavaScript-სა და TypeScript-თან მიმართებაში. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ მოცემული ინიციატივა ხელს შეუწყობს პროგრამისტის პროფესიის გამარტივებას და მის შრომას შეამსუბუქებს. ამ ეტაპზე Copilot ინტეგრირებული იქნება ღია კოდის მქონე Microsoft Visual Studio Code-ის უფასო ვერსიაში. მოგვიანებით Microsoft აპირებს მის ჩართვას Visual Studio-ს ფასიან ვერსიაში. https://bit.ly/3jsMMfH
  7. კომპანია MSI-მ გააფართოვა მონიტორების ასორტიმენტი Artymis 323CQR და 273CQR მოდელების ანონსით, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ სისტემებში გამოყენებისთვის. ახალ მონიტორებს აქვთ რკალისებრი დისპლეი VA მატრიცით. ეკრანის ზომები შეადგენს 31.5 და 27 დუიმს დიაგონალზე, შესაბამისად. გამოყენებულია QHD ფორმატის ეკრანი 2560 × 1440 პიქსელი გაფართოებით. მხარდაჭერილია HDR 400 სერტიფიკატი. პანელის სიმრუდის რადიუსია 1000R. ამგვარი გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ვირტუალურ სივრცეში უკეთეს ჩაფლობას. კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, მატრიცის რეაქციის დრო 1 მილიწამის ტოლია. უფროსი მოდელი ფლობს 89.8%-იან DCI-P3 და 113%-იან sRGB ფერთა გამას, უმცროსი ვერსიის მაჩვენებლებია 88.7 და 111.5%, შესაბამისად. სადგამი უზრუნველყოფს დახრის კუთხის რეგულირებასა და ეკრანის მოტრიალებას. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება მაგიდის ზედაპირიდან 100 მილიმეტრის ფარგლებში. პორტების ნაკრებში შედის ორი HDMI 2.0b ინტერფეისი, DP 1.2a კონექტორი, სიმეტრიული USB Type-C (DisplayPort Alternate) პორტი და USB 2.0 ჰაბი. KVM გადამრთველი საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ერთი კლავიატურა და მაუსი ორ სხვადასხვა პერსონალურ კომპიუტერზე. ახალი მონიტორების საორიენტაციო ფასები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://bit.ly/2Tir6bw
  8. კანადურმა საავტომობილო კომპანია Daymak-მა განაცხადა, რომ მის ელექტრომობილ Daymak Spiritus-ის პირველმა პროტოტიპმა დაიწყო Bitcoin-ის, Ethereum-ს, Dogecoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების სატესტო მოპოვება. Spiritus-ს აქვს გრაფიკული პროცესორი, რომელიც აამოქმედებს მაინინგის პროცესს დამუხტვისას ან პარკირებისას. მოგება გადადის ჩაშენებულ საფულე Nebula Wallet-ში. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3dPpAET ვიდეოს თანახმად ელექტრომობილის ჰეშრეითი 181 MH/s-ს აღემატება. მოხმარებადი ენერგია 487 ვატია. ყოველდღიური მოგება შეფასდა 14.95 აშშ დოლარის დონეზე. კომპანია გეგმავს დააპატენტოს ტექნოლოგია, რომელიც Daymak Nebula-ს უდევს საფუძვლად და იგი სხვა საავტომობილო ბრენდებს შესთავაზოს. Spiritus გაყიდვაში 2023 წელს გამოვა. წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია 18495 აშშ დოლარად. მაინინგის ფუნქციის მქონე სამსაბურავიანი ელექტრომობილის გამოშვების შესახებ Daymak-მა ივნისის დასაწყისში განაცხადა. წინასწარი შეკვეთებიდან დაფიქსირებული ჯამური თანხა 350 მლნ აშშ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე Bitcoin-ით, Ethereum-ით, Dogecoin-ითა და Cardano-თი. https://bit.ly/2SEJIlD
  9. ახალი რეჟიმი „ულტრა ხარისხი“ დამატების სახით მითითებულია UE5-დოკუმენტაციაში. არსებული ინფორმაციით, იგი საბოლოო მომხმარებლებისთვის ჯერ თვალსაჩინო არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში იმყოფება. ამჟამად DLSS-ის მხარდაჭერის მქონე თამაშებში ხელმისაწვდომი საუკეთესო დამატებითი პარამეტრია რეჟიმი „Quality”, რომლის საშუალებით გამოსახულების გაფართოება ერთნახევარჯერ იზრდება და აისახება 66.6%-ით . როგორც ჩანს, Ultra Quality რეჟიმი პასუხია AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიისთვის, რომელიც უკვე გვთავაზობს მსგავსი სახელწოდების რეჟიმს. ამ რეჟიმში FSR მხარდაჭერის მქონე თამაშში გამოსახულება აისახება 77%-ით, რაც თეორიულად უპირატესობას FSR-ს ანიჭებს, თუკი ორივე ტექნოლოგია პირისპირ იქნება შედარებული. სამწუხაროდ, მას შემდეგ რაც FSR ტექნოლოგია გამოვიდა, არც ერთ თამაშს არ მიუღია ორივე ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ამგვარი შედარების საშუალებას მოგვცემდა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ DLSS-ის ახალი ვერსია უკვე მოხვდა UE5 ძრავში. ამჟამად ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Rainbow Six Siege ან Lego Builder’s Journey, ხელმისაწვდომი ბოლო ვერსიაა DLSS 2.2.6.0. ეს ვერსია წარმატებით დაინერგა სხვა თამაშებშიც და დადასტურდა, რომ იგი უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს არტეფაქტების შემცირების ხარჯზე. ახალი 2.2.9.0 ვერსია ჯერ კიდევ არ შემოწმებულა გულდასმით, თუმცა Digital Foundry-ის წარმომადგენელმა წარადგინა მცირე შედარება: https://bit.ly/3wfhU5a
  10. ბიზნეს-სეგმენტზე ორიენტირებული, AMD Ryzen Pro 5000G სერიის ჰიბრიდული დესკტოპ პროცესორები Zen 3 ბირთვებითა და ინტეგრირებული Radeon Vega გრაფიკით საცალო ვაჭრობაში გამოვიდა. თავად AMD-ს არ უთქვამს, რომ ეს ჩიპები დამოუკიდებელი პროდუქტების სახით გაყიდებოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია Ryzen Pro 5000G-სთვის - OEM-არხებში ეპოვა მიმართულება და საბოლოოდ ჩინელი ენთუზიასტების ხელში მოხვედრილიყო. ფოტოს წყარო: Chiphell AMD-მ მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა ჰიბრიდული პროცესორების სამი სერია - Ryzen 5000G, Ryzen Pro 5000G და Ryzen Pro 5000GE. ბოლო ორ მათგანს შორის განსხვავება ენერგომოხმარების დონეშია. G-სერიაში TDP-ის მაჩვენებელი 65 ვატია, GE მოდელები კი უფრო ენერგოეფექტურია, ფლობენ 35-ვატიან სითბურ პაკეტს და განკუთვნილნი არიან ულტრაკომპაქტურ პერსონალურ კომპიუტერებში გამოყენებისთვის. გარდა ამისა, Pro-ვერსიის ჩიპებს აქვთ დამატებითი ფუნქციები უსაფრთხოების კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნეს-სეგმენტის კომპიუტერებისთვის. მოკლედ, Ryzen Pro 5000G სერიაში შევიდა სამი მოდელი: 1) რვაბირთვიანი Ryzen 7 Pro 5750G – 3.8-4.6 გჰც სიხშირის დიაპაზონით, ამ ჩიპს აქვს 16 მბ მესამე დონის ქეშ-მეხშიერება და 2000 ჰც სიხშირეზე მოქმედი Vega 8 გრაფიკა; 2) ექვსბირთვიანი Ryzen 5 Pro 5650G – 3.9-4.4 გჰც სიხშირით, მასაც აქვს 16 მბ მე-3 დონის ქეში, 1900 მჰც-ზე მომუშავე Vega 7 გრაფიკა; 3) ოთხბირთვიანი Ryzen 3 Pro 5350G – 4.0-4.2 გჰც სიხშირით, რომელსაც აქვს 8 მბ L3 ქეშ-მეხსიერება და 1700 მჰც სიხშირის მქონე გრაფიკა Vega 6. სამივე პროცესორის ადრეულმა ინჟინრულმა ნიმუშებმა უკვე გაიარეს წარმადობის სხვადასხვა ტესტი, თუმცა ინჟინრული ნიმუშები არ არის ფინალური სამომხმარებლო პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ჩადებული პოტენციალის ზუსტად ასახვა. ჩინურ პორტალ Chiphell-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ხელში მოხვდა სწორედ ის პროცესორები, რომლებიც ფაქტობრივად უკვე გაყიდვაშია. ენთუზიასტმა შეამოწმა მათი წარმადობა სისტემაში, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი მაკომპლექტებლებით: დედა დაფა ASRock X570 Taichi Razer Edition, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიული მეხსიერება, NVMe SSD და მაღალი წარმადობის ჰაერით გაგრილების სისტემა. სინთეტიკურ ტესტ Cinebench R20-ში, რომლის დანიშნულებაა ერთნაკადიანი და მრავალნაკადიანი წარმადობის შემოწმება, ფლაგმანურმა Ryzen 7 Pro 5750G მოდელმა მოიპოვა 579 და 5475 ქულა, შესაბამისად. შედარებისთვის, ამავე ტესტში წინა თაობის Ryzen 7 Pro 4750G მოდელის შედეგები იყო 503 და 4797 ქულა. ამრიგად, ახალი ჩიპის სასარგებლოდ სხვაობა შეადგენს 15.1- და 14.1%-ს ერთნაკადიან და მრავალნაკადიან დატვირთვებში. სხვა ბენჩმარკებზეც მსგავსი სურათი დაფიქსირდა, მაგრამ როდესაც საქმე შეეხო ინტეგრირებული გრაფიკის ტესტირებას, ჩიპების თაობებს შორის სხვაობა არც ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მაგალითად, 3DMark Fire Strike ტესტში, Counter-Strike Source: Global Offensive-ში Ryzen 7 Pro 5750G მოდელის გრაფიკამ დააგროვა 1950 ქულა და საშუალო მაჩვენებელი 191.72 კადრი წამში. Ryzen 7 Pro 4750G მოდელმა ამავე ტესტში დააფიქსირა 1923 ქულა და 184.41 კადრი წამში. https://bit.ly/3x4kA6J
  11. ანალიტიკურმა სერვის CoinMarketCap-მა დაამატა Ethereum-ტოკენების გაცვლის ფუნქცია. „Ethereum-ის ქსელის ტოკენების მომენტალური და დაბალფასიანი გაცვლა CoinMarketCap-ისა და Uniswap-ის ბაზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ MetaMask-ს, WalletConnect-ს, Coinbase Wallet-ს, Fortmatic-სა და Portis-ს“, - ნათქვამია ვებ-გვერდის ახალ ქვეგანყოფილებაში. წყარო: CoinMarketCap. გაცვლისთვის ხელმისაწვდომ აქტივებს შორისაა კრიპტოვალუტა Ethereum, Uniswap და Aave პლატფორმების ტოკენები, Stablecoin Tether (USDT), DAI და ERC-20 სტანდარტის ბევრი სხვა მონეტა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში ბაზრის წამყვანი ანალიტიკური სერვისი CoinMarketCap შეიძინა კრიპტო ბირჟა Binance-მა. სექტემბერში CoinMarketCap-მა აამოქმედა საგანმანათლებლო რესურსი CMC Alexandria, რათა ახალბედებს კრიპტო ინდუსტრიაში გარკვევაში დაეხმაროს. https://bit.ly/2ToiQXc
  12. ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიების ღონისძიება MWC 2021-ზე კომპანია Samsung-მა დააანონსა One UI Watch - პროგრამული პლატფორმა თან სატარებელი მოწყობილობებისთვის. ეს ოპერაციული სისტემა Samsung-მა შექმენა Google-თან ერთად, იგი დამყარებულია Wear OS-ის ბაზაზე და ჩაანაცვლებს Tizen-ს. პლატფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა წვდომა Google Play-ში არსებულ აპლიკაციებზე. დეველოპერები აცხადებენ, რომ სმარტფონში დაინსტალირებული ყველა პროგრამა ავტომატურად მოხვდება სმარტ-საათებშიც. არქიტექტორების ჩანაფიქრით, ახალი ინტერფეისი დააკავშირებს სმარტფონს სმარტ-საათებთან ან სხვა თან სატარებელ მოწყობილობებთან. One UI Watch-ის წარმადობა და თავსებადობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა Tizen-თან შედარებით. თუ გავაგრძელებთ საუბარს ოპტიმიზაციასა და თავსებადობაზე, One UI Watch გვპირდება მჭიდრო ინტეგრაციას ფიტნესის, ჯანმრთელობის მონიტორინგის, სპორტის, მუსიკის და სხვა სფეროების აპლიკაციებთან. ამ ეტაპზე პროექტდება პროგრამის ინტერფეისების სინქრონიზაცია სმარტფონებსა და სხვა თან სატარებელ მოწყობილობებთან, რაც ლოგიკურია. კიდევ ერთი ელემენტი, რომლის შესახებ გაჟღერდა ანონსის დროს - ეს გახლავთ ინსტრუმენტები ციფერბლატების შექმნისთვის. Samsung დეველოპერებისთვის წარადგენს გაფართოებულ პაკეტს ამ ელემენტის გარეგნული იერსახისა და პარამეტრების შექმნისთვის. One UI Watch-ის ბაზაზე მოქმედი პირველი მოწყობილობა იქნება Samsung Galaxy Watch 4. მოწყობილობის სრულფასოვანი ანონსი და პრეზენტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში შედგება. https://bit.ly/2UdZC6G
  13. SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ფართო საზოგადოებას გააცნო დეტალები სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ის წარმატებისა და პერსპექტივების შესახებ. ანტრეპრენერმა აღიარა, რომ კომპანია ბევრ ფულს კარგავს პირველი მომხმარებლების ქსელში შესასვლელად ტერმინალების შესყიდვის სუბსიდირებით. ამასთან, მასკი იმედს არ კარგავს, რომ Starlink მომავალში მოგების მიღებას დაიწყებს. SpaceX-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ტერმინალის ღირებულება, რომელიც კომპანიის მომხმარებლებს დაახლოებით 500 აშშ დოლარად გადაეცემათ, რეალურად 1000 აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, SpaceX უკვე მუშაობს მომავალი თაობის ტერმინალზე, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირების იმავე შესაძლებლობებს, მაგრამ კომპანიას დაეხმარება წარმოების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში. მასკი მზად არის იმისთვის, რომ Starlink-ში მოუწევს 30 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირება მანამ, სანამ იგი SpaceX-ისთვის მნიშვნელოვანი მოგების მოტანას დაიწყებს. მალე კომპანია გეგმავს ე.წ. Starlink 1.5-ის გაშვებას. განახლებული თანამგზავრები ერთმანეთს დაუკავშირდება ლაზერული ხაზებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა უწყვეტი გადაცემა დიდი ფართობის ტერიტორიებსა და პოლარულ რეგიონებში. მომდევნო წელს გაეშვება Starlink 2, რომელიც, მასკის თქმით, კიდევ უფრო ფართო ფუნქციონალს შემოგვთავაზებს. მასკმა ასევე გააზიარა Starlink თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების გეგმები კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გამოყენებით. ანტრეპრენერი იმედოვნებს, რომ Starship-ის მეშვეობით თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანის პირველ მცდელობას კომპანია SpaceX უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებს. https://bit.ly/3y7k206
  14. Nasdaq-ზე კოტირებადმა Bitcoin-ბირჟა Coinbase-მა მიიღო ნებართვა, რათა წარადგინოს კრიპტოვალუტების დაცვის სერვისი გერმანიაში. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველოს (BaFin) ვებ-გვერდზე. არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის გერმანული ქვეგანყოფილება Coinbase Germany GmbH ამგვარი ტიპის ლიცენზიის პირველი მფლობელია. BaFin-ის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი ჯგუფი გააკონტროლებს ციფრული აქტივების შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2020 წლის მარტში ზედამხედველობის ორგანომ მოახდინა ციფრული აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებად კლასიფიცირება. 2021 წლის აპრილში ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ინსტიტუციურ ფონდებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტებში ჩადონ აქტივების 20%-ის ოდენობით ინვესტიცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადრე BaFin-მა გააფრთხილა ინვესტორები ტოკენზირებული აქციებით ვაჭრობის დაწყებისას Binance-ის მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონების შესაძლო დარღვევის შესახებ. https://bit.ly/3qEXQI3
  15. კომპანია Apple-მა მნიშვნელოვნად გაზარდა Google-ის ქლაუდ საცავებში მონაცემთა მოცულობა - ტექნოლოგიური გიგანტის მოთხოვნები სწრაფად იზრდება და შესაბამისად საკუთარი ინფრასტრუქტურით უკვე ვეღარ უმკლავდება ახალ გამოწვევებს. მაისის მონაცემებით, Apple აპირებდა 300 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას Google-ის ქლაუდ-სერვერებზე, რაც 50%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ცნობილია, რომ მხოლოდ გასული წლის ნოემბერში Apple-მა Google-ის სანახ სივრცეებში მოცულობა 470 პეტაბაიტით გაზარდა - მთლიანმა მოცულობამ 8 exabyte შეადგინა. მაგალითისთვის, ერთი ექსაბაიტი საკმარისია 237 ათასი წლის ხანგრძლივობის ვიდეოზარების შენახვისთვის. ახლა კომპანია ითვლება Google-ის ქლაუდ-საცავების უმსხვილეს კორპორატიულ მომხმარებლად. არსებული ცნობებით, თავად Google-ში კომპანიამ მეტსახელად „Bigfoot“ მიიღო - „თოვლის კაცი“, ან უბრალოდ „დიდი ფეხი“. ამავე დროს, Apple აბსოლუტური ლიდერია მეხსიერების მოთხოვნის მხრივ. ნოემბერში კომპანიის მიერ დამატებული 470 პეტაბაიტი თითქმის იმდენივეა, რასაც იყენებს Google-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი - TikTok-ის მფლობელი ByteDance. თანაც Apple-მა მეტად მომგებიანი გარიგება დადო: Google-ის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე არსებული კალკულატორის მიხედვით 8 ექსაბაიტი ინფორმაციის შენახვა თვეში 218 მლნ აშშ დოლარი ჯდება, Apple კი ამ მოცულობაში წელიწადში 300 მლნ აშშ დოლარს იხდის. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიზარდა ასე თვალშისაცემად Apple-ის მხრიდან მოთხოვნა Google-ის ქლაუდ-საცავებზე. როგორც ჩანს, კომპანიისთვის მეხსიერების „ქირაობა“ უფრო მომგებიანია, ვიდრე დამოუკიდებლად მონაცემთა ცენტრების აშენება, ან უბრალოდ Apple ვერ ასწრებს მშენებლობას, თუმცა უმკლავდება ახალი მონაცემების ნამდვილ ზვავს. Google-ის მომხმარებელთა რეიტინგში მესამე ადგილზეა Spotify 460 პეტაბაიტით, შემდეგ მოდის Twitter (315 პბ) და Snapchat (275 პბ). ამავე დროს, Apple თავის ინფორმაციას ინახავს არა მხოლოდ Google-ის სერვერებზე, არამედ Amazon-ზეც. მონაცემები დაშიფრულია, ამიტომ პარტნიორ პროვაიდერებს მათზე წვდომა არ გააჩნიათ. https://bit.ly/3h2BgGb
  16. იაპონურ კომპანია Honda Motor-ს რთულია ახალბედა ეწოდოს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში, თუმცა მისი ყველა არსებული მოდელი ან გამოდიოდა მცირე რაოდენობით, ან გვხვდებოდა მხოლოდ გარკვეულ ბაზრებზე. 2024 წლისთვის Honda აპირებს აშშ-ისა და კანადის ბაზრებზე შეიტანოს GM Ultium პლატფორმაზე აწყობილი პირველი ელექტრომობილი, რომლის სახელწოდება „Prologue“ ცნობილი გახდა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის წყალობით. ელექტრომობილი Honda E. წყარო: Honda Motor ეს დასახელება Prelude-ს სინონომურია - იგი გახლავთ გასული წლის 80-იანი წლების პოპულარული სპორტული კუპე, ამიტომ გარკვეული მახასიათებლები ნასესხები იქნება სახელის დონეზე მაინც. მეორე ელექტრომობილი, რომელშიც გამოყენებული იქნება GM Ultium პლატფორმა, მიიღებს მარკას Acura, მის Prologue-თან დაკავშირებაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. როგორც იაპონური კომპანიის წარმომადგენლებმა ადრე აღნიშნეს, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებისთვის განკუთვნილი ორი სადებიუტო ელექტრომობილისთვის Honda თავად შეიმუშავებს ინტერიერსა და ექსტერიერს, ძრავებსა და შასებს კი მიაწვდის General Motors თანამშრომლობის ფარგლებში. როგორც The Verge აღნიშნავს, მხოლოდ მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში დაიწყებს Honda საკუთარ პლატფორმაზე აწყობილი ელექტრომობილების შემოთავაზებას. 2030 წლისთვის მათმა წილმა ბაზარზე 40%-ს უნდა მიაღწიოს წყალბადზე მომუშავე ავტომობილებთან ერთად, 2035 წლისთვის წილი 80%-მდე გაიზრდება, შიდა წვის ძრავებზე მთლიანად უარის თქმა კი შესაძლებელი მხოლოდ 2040 წლისთვის გახდება. Honda-ს წინა მცდელობები ელექტრომობილების მიწოდების კუთხით შეზღუდულად წარმატებული აღმოჩნდა. მოდელი Clarity EV წარმოებიდან მოიხსნა, კომპაქტური ელექტრომობილი Honda E (ფოტოზე) კი ხელმისაწვდომია მხოლოდ იაპონიასა და ევროპაში. https://bit.ly/2U8S719
  17. ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა Morgan Stanley-მ გახსნა საკუთარი პოზიცია Grayscale Bitcoin Trust-ში (GBTC). SEC-ის ვებ-გვერდის თანახმად, 30 აპრილის მდგომარეობით, Morgan Stanley Europe Opportunity Fund ფლობდა GBTC-ის 28289 აქციას, რომელთა ღირებულება 1.3 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე წლის მარტში CNBC-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ Morgan Stanley გეგმავდა მინიმუმ 2 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე აკრედიტებული ინვესტორებისთვის გაეხსნა წვდომა Bitcoin-ფონდებზე. ერთი თვის შემდეგ ამერიკულმა ბანკმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისთვის გაგზავნილ განცხადებაში არ გამორიცხა პირველი კრიპტოვალუტის დერივატების დამატება საკუთარ 12 ფონდში. ივნისში New York Digital Investment Group-ისა და FS Investments-ის აქტივების მმართველებმა განცხადება შეიტანეს SEC-ში Morgan Stanley-ს მომხმარებლებისთვის განკუთვნილი Bitcoin-ფონდის რეგისტრაციის შესახებ. https://bit.ly/2T8EVt1
  18. ბოლო ღონისძიება ISC 2021-ზე კომპანია Intel-მა ისაუბრა თავის ბოლო მიღწევებზე მაღალი წარმადობის გამოთვლების სფეროში (HPC), აგრეთვე მოკლედ ახსენა სამომავლო პროდუქტები. კომპანიამ განაცხადა, რომ დაიწყო პარტნიორებისთვის DG2 გრაფიკული პროცესორების ნიმუშების დაგზავნა, რომლებიც საფუძვლად დაედება საფუძვლად დაედება გეიმინგ ვიდეო დაფებს. DG2 გრაფიკული ჩიპები დაფუძნებულია Intel Xe (HPG) არქიტექტურაზე. მისი პირველი იტერაცია გამოყენებულია მობილურ Tiger Lake პროცესორებში, აგრეთვე მცირე წარმადობის მქონე DG1 ვიდეო დაფაში. ვიდეო დაფების დეფიციტის ფონზე მთელი გეიმინგ საზოგადოება მოუთმენლად ელის, როდის წარადგენს Intel უფრო მაღალი წარმადობის დისკრეტულ გეიმინგ ვიდეო დაფებს DG2 პროცესორების ბაზაზე და კონკურენციას გაუწევს AMD-სა და NVIDIA-ს GPU-ის ბაზარზე. გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად Intel DG2 ვიდეო დაფების სერიაში შევა გრაფიკული პროცესორების ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი, შემსრულებელი ბლოკების (Execution Units) მაქსიმალური რაოდენობა კი 512 ერთეული იქნება. სავარაუდოდ, ამგვარი აღჭურვილობის მქონე GPU-ები შეძლებენ კონკურენციის გაწევას GeForce RTX 3070-სა და Radeon RX 6700 XT მოდელების დონის ვიდეო დაფებისთვის, ფლაგმანური ვიდეო დაფა კი შესაძლოა გვევლინებოდეს GeForce RTX 3070 Ti-ს კონკურენტადაც კი. ღონისძიებაზე Intel-ს არც დაუდასტურებია მაგრამ არც უარყვია, რომ Xe-HPG არქიტექტურაზე დამყარებული გეიმინგ ვიდეო დაფები მიმდინარე წელს გამოვა. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ DG2 უკვე პარტნიორების მიერ ტესტირების სტადიაშია. ალბათ სწორედ ამით აიხსნება ბოლოდროინდელი დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაჟონვა, რაც Intel-ის სამომავლო გეიმინგ ვიდეო დაფებთან არის დაკავშირებული. https://bit.ly/3x4gbAK
  19. კომპანია Team Group-ის მიერ მიმდინარე თვის შუა პერიოდში წარდგენილი ოპერატიული მეხსიერების ნაკრები Elite DDR5 წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკულ ონლაინ-პლატფორმებზე - Amazon-სა და Newegg-ზე. ორი DDR5-4800 მოდულისგან შემდგარი ნაკრები 32 გბ მოცულობით გამყიდველის მიერ შეფასებულია 310 აშშ დოლარად. ეს გახლავთ ახალი სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების პირველი კომერციული ნიმუში. წარმოდგენილი მახასიათებლების მიხედვით მეხსიერების მოდული მუშაობს 4800 მჰც სიხშირეზე 1.3 ვოლტი ძაბვის პირობებში, თაიმინგებია CL40-40-40-77. უზრუნველყოფილია 38400 მბ/წმ-მდე სიჩქარე. მოდულებში გაგრილებისთვის განკუთვნილი რადიატორი გათვალისწინებული არ არის. მეხსიერებას სამწლიანი გარანტია აქვს. ახალი მეხსიერების გაყიდვაში არსებობის აქტუალურობა ჯერ კიდევ საეჭვოა. მისი მუშაობისთვის საჭირო Intel 600-სერიის ჩიპსეტებზე არსებული დედა დაფები და Alder Lake-S პროცესორები ჯერ არ დაანონსებულა - მათი წარდგენა შედგება მიმდინარე წლის ბოლოს. მეორე მხრივ, ადრეული შეძენის შესაძლებლობის არსებობა საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული DDR5-ის დეფიციტი Intel-ის ახალი პლატფორმის გამოშვების საწყის ეტაპზე. Amazon-ის მონაცემებით ახალი ოპერატიული მეხსიერება კომპანიის საწყობში ძალიან მალე გამოჩნდება. მაღაზია გვპირდება, რომ პირველი მომხმარებლებისთვის მოდულების მიწოდებას ივლისის ბოლოს დაიწყებს. https://bit.ly/3hdWPm5
  20. პირველი კრიპტოვალუტის ჰეშრეითი ბოლო დღე-ღამეში 34%-ით - 57.47 EH/s-მდე შემცირდა. Coin Metrics-ის მონაცემებით მაჩვენებელი 60 EH/s-ს ქვევით არ ჩამოსულა 2019 წლის ივლისის შემდეგ - იმ დროიდან, როდესაც Bitcoin-ის ფასი 10 ათასი აშშ დოლარი იყო. Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითის დინამიკა. წყარო: Coin Metrics. ჰეშრეითის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ჩინეთის რეპრესიული პოლიტიკით ციფრული ოქროს მიმართ, ასევე ადგილობრივი მაინერების მიგრაციით, რომლებიც ახდენენ გამომთვლელი სიმძლავრის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ. კრიპტოვალუტების მომპოვებელი კომპანია Foundry-ს ვიცე-პრეზიდენტმა კევინ ჩჟანმა განაცხადა, რომ ინდუსტრიული საწარმოების 70-მა პროცენტმა უკვე გამორთო აღჭურვილობა და ივნისის ბოლოსთვის მათი წილი 90%-ს მიაღწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ მაინერებს აქტიურად გააქვთ ASIC მოწყობილობები ჩინეთის საზღვრებს გარეთ. ჰეშრეითის შემცირების ფონზე BitInfoCharts-ის თანახმად Bitcoin-ის ქსელში ბლოკის გენერაციის დრო 24 წუთამდე გაიზარდა. 14 ივნისს წინა სირთულის კორექტირების შემდეგ ახალი ბლოკის პოვნის საშუალო დრო დაახლოებით 13.38 წუთია. თითქმის 50 ათასი ტრანზაქცია ელოდება დადასტურებას მემპულში. წყარო: BitInfoCharts. ინდიკატორის დაცემის გამო ასევე მოსალოდნელია, რომ შემდეგი კორექტირებით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე შეიძლება 20%-ზე მეტით შემცირდეს - 15.3 T-მდე. გადაანგარიშება მოხდება მიმდინარე კვირაში. წყარო: BTC.com. ფუნდამენტური მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად CoinGecko-ს თანახმად პირველი კრიპტოვალუტის ფასი დღე-ღამეში 4.1%-ით გაიზარდა. წერის დროს Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 34500 აშშ დოლარი იყო. ბირჟა Binance-ის BTC/USDT გრაფიკი. წყარო: TradingView. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის რეპრესიებმა ასევე იმოქმედა Ethereum-ის ქსელის მთლიან გამოთვლით სიმძლავრეზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მაინერების გათიშვის ფონზე კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ჰეშრეითი 20%-ით შემცირდა. https://bit.ly/3zZrmwx
  21. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA-ს მიერ ბრიტანული ჩიპების მწარმოებელი Arm-ის შეძენის სადავო საკითხმა იდუსტრიის მსხვილი მწარმოებელი კომპანიების თანხმობა დაიმსახურა. არსებული ცნობების თანახმად 40 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების გარიგებას მხარს უჭერენ მიკროსქემების უმსხვილესი მწარმოებლები: Broadcom, MediaTek და Marvell. აღინიშნა, რომ ინდუსტრიის მსხვილი მწარმოებლების მიერ გარიგების დამტკიცების შესახებ განცხადება გაკეთდა ამ საკითხის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც ამზადებს დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების საკითხების ორგანო. დეპარტამენტი აფასებს გარიგების შესაძლო უარყოფით შედეგებს და ასევე ამოწმებს, ემუქრება თუ არა ეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამოძიების დასკვნა წარდგენილი იქნება არაუგვიანეს 30 ივლისისა. გარდა ამისა, NVIDIA-ს მიერ Arm-ის შეძენის პოტენციურ შედეგებს იკვლევენ შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოები. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტექნოლოგიური გიგანტი, როგორებიცაა Qualcomm და Microsoft, ადრე ეწინააღმდეგებოდნენ გარიგებას და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ NVIDIA-ს შესაძლოა კონკურენტებისთვის შეეზღუდა Arm ტექნოლოგიებზე წვდომა ან გაეზარდა მათი გამოყენების ღირებულება. ამ დროისთვის იაპონური SoftBank-ის საკუთრებაში არსებული Arm საფირმო არქიტექურაზე დამყარებული მიკროსქემების შექმნის ლიცენზიებს აწვდის სხვადასხვა ქვეყნის ხუთასზე მეტ კომპანიას. https://bit.ly/3djk10Q
  22. კომპანია Lenovo-მ დააანონსა პრემიალური დონის პლანშეტი Yoga Tab 13, რომლის გაყიდვა მომდევნო თვიდან დაიწყება. მოწყობილობა ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android 11-ის მართვის ქვეშ. გაჯეტში მოცემულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 870. ჩიპში გაერთიანებულია რვა Kryo 585 ბირთვი 3.2 გჰც-მდე სიხშირით და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 650. LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ს შეადგენს. პლანშეტი წარმოდგენილია 13-დუიმიანი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 2160 × 1350 პიქსელი, სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2 და ფლობს 100-პროცენტიან sRGB ფერთა გამას. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Dolby Vision. ხელმისაწვდომია HDMI ინტერფეისი, რაც გეიმერებს საშუალებას მისცემს გაჯეტი გამოიყენონ ლეპტოპის დამატებითი დისპლეის სახით. მოწყობილობას აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 128/256 მოცულობის ფლეშ-მეხსიერება და JBL-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. გათვალისწინებულია მოძრავი სადგამი. მოწყობილობის ზომებია 293.35 × 203.98 × 6.2-24.9 მმ, წონა - 830 გრამი. ბატარეის მოცულობა შეადგენს 10000 მა/სთ-ს, ერთ დამუხტვაზე გაჯეტის ავტონომიური მუშაობის დრო ვიდეოკონტენტის ყურებისას 12 საათს აღწევს. ახალი პლანშეტის საორიენტაციო ფასი 680 აშშ დოლარიდან იწყება. https://bit.ly/3h0YigB
  23. კრიპტოვალუტა Monero-ზე (XMR) დამყარებული ზიანისმომტანმა მაინერმა, სახელწოდებით Crackonosh, რომელიც ინერგება თამაშების პირატულ ვერსიებში, განსაკუთრებით კი Grand Theft Auto V-ში, ჰაკერებს ორწელიწადნახევრის განმავლობაში 1.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოუტანა, რაც 9 ათასი XMR მონეტის ეკვივალენტია. ამის შესახებ განაცხადა Avast-ის პრეს-სამსახურმა. მაინერი თიშავს ცნობილ ანტივირუსებს Windows Defender-ის ტიპის სისტემების ჩათვლით, აგრეთვე ბლოკავს ოპერაციული სისტემის ავტომატურ განახლებას იდენტიფიკაციის თავიდან ასარიდებლად. მას შემდეგ, რაც მაინერის მუშაობისთვის ყველანაირი უსაფრთხო პირობა შეიქმნება, იგი აამოქმედებს მაინერ XMRig-ს. ამჟამად მისით დავირუსებულია ოპერაციულ სისტემა Windows-ის ბაზაზე მომუშავე 220 ათასი კომპიუტერი. ყველაზე აქტიურად მაინერი გავრცელებულია ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის ქვეყნებში. საკვირველია, მაგრამ ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა პრაქტიკულად არ შეხებია დსთ-ის ქვეყნებსა და ჩინეთს. Avast-ის წარმომადგნელების აზრით, ვირუსის შემქმნელი შესაძლოა ჩეხეთში იმყოფებოდეს. https://bit.ly/3qsXm7L
  24. Intel თითქმის ერთი წელია არეკლამებს DG2 (Xe-HPG) გეიმინგ გრაფიკულ პროცესორებს, ბოლო არაოფიციალური ცნობების თანახმად მაღალი წარმადობის მოდელი 512 EU პოზიციონირებს Nvidia RTX 3070-სა და RTX 3080-ს შორის. რაჯა კოდურიმაც გაასაჯაროვა დაფის გარკვეული ტესტები და წარადგინა კიდეც 512 EU მოდელის მრავალჩიპიანი დიზაინი. თუმცა RedGamingTech-ის ახალი ინფორმაციით DG2 შესაძლოა თავდაპირველად გამოვიდეს ლეპტოპებში, დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი დისკრეტული ვიდეო დაფები კი 2022 წელს გამოჩნდება. DG1-ც თავდაპირველად გამოჩნდა ლეპტოპებში ისევე, როგორც Iris Xe MAX, შემდეგ კი გამოვიდა დესკტოპ პერსონალური კომპიუტერების ვიდეო დაფების სახით. RedGamingTech-ის თანახმად, DG2-ს შესაძლოა ჰქონდეს RTX 3060 Ti დაფის მსგავსი წარმადობა, რაც მობილურ RTX 3070-ს შეესაბამება. მეხსიერების მოდულების რაოდენობის მხრივ DG2 დაფებში მოცემული იქნება დაახლოებით 400-500 ათასი გრაფიკული პროცესორი. დესკტოპ კომპიუტერებიდან ლეპტოპებზე აქცენტის გადატანის ერთ-ერთი მიზეზია ვიდეო დაფების მწარმოებელი პარტნიორების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები. Intel-ისთვის გაცილებით ადვილია Intel CPU + Intel dGPU გადაწყვეტილებების შემოთავაზება ლეპტოპების მწარმოებელი მთავარი პარტნიორების მეშვეობით. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია AMD-სა და Nvidia-ს GPU-ებზე დაფუძნებული გრაფიკული დაფების შემცირება ახალი Intel DG2-ის სასარგებლოდ. მეორე მიზეზია სამუშაო დატვირთვა და ბირთვების სიხშირე, რომლებიც ვერ არის ისეთი მაღალი, როგორიც AMD-ისა და NVIDIA-ს დესკტოპ ანალოგებში. Intel-ს სამუშაო აქვს დესკტოპ დაფებში მაღალი მაჩვენებლების მიღწევის მხრივ, თუმცა მისი მობილური ვერსიები უკვე გვთავაზობენ ღირსეულ მაჩვენებლებს AMD-სა და NVIDIA-ს ამჟამინდელ ვიდეო დაფებთან მიმართებაში. ამ ცნობებს ამყარებს Geekbench-ის ახალი ინფორმაცია, რომელშიც მოცემულია 256 EU-ს მქონე DG2 მოდელი მობილურ პროცესორ Alder Lake-თან ერთად. https://bit.ly/3h5mxcd
  25. პორტალ VideoCardz-ის თანახმად NVIDIA ემზადება მძლავრი გამოთვლითი ამაჩქარებლების - A100 სერიის შევსებისთვის, რომლებიც განკუთვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერული სისტემების სეგმენტისთვის. NVIDIA A100 ამაჩქარებლებში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი GA100, რომელიც ყველაზე დიდი GPU-ია Ampere არქიტექტურაში. ამ კრისტალის ფართობია 826 მმ2, თავად ჩიპი შეიცავს 54 მილიარდ ტრანზისტორს. NVIDIA A100 ამაჩქარებლები ხელმისაწვდომია ორ ვარიანტად: SXM4 მოდულებისა და PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე სტანდარტული დაფის სახით. მათ მაქსიმალური წარმადობის დაახლოებით იდენტური მაჩვენებლები აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან მიკროპროცესორების დაკავშირების მახასიათებლებით. NVLink ინტერფეისის გამოყენება PCIe-ვერსიაში მხოლოდ ორი A100 ამაჩქარებლის გაერთიანების საშუალებას იძლევა. SXM4-ვერსიის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ვერსიები 40 და 80 გბ HBM2e მეხსიერებით, PCIe-ვერსიაში კი - ამჟამად მხოლოდ 40 გბ მოდელი. თუმცა, VideoCardz-ის ინფორმაციით, NVIDIA უახლოეს დროში გამოუშვებს A100-ის PCIe-ვერსიას HBM2e სტანდარტის 80 გბ მეხსიერებით. თავად კომპანიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ცნობა აღმოჩენილ იქნა NVIDIA-ს ვებ-გვერდის დოკუმენტაციაში. წყაროზე დაყრდნობით პორტალი აგრეთვე აცხადებს, რომ ახალი დაფის რელიზი მომდევნო კვირაში შედგება. პარალელურად მითითებულია, რომ PCIe ფორმ-ფაქტორის A100-ის მეხსიერების სიჩქარე 2 ტბ/წმ-ის დონეზეა. ასეთივე მაჩვენებელს ფლობს SXM ტიპის A100 მოდელი მეხსიერების ანალოგიური მოცულობით. https://bit.ly/3jtpSoz
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.