ბერნაბეუზე თეთრი ცხვირსახოცების დროა
რედონდო, მორიენტესი, დელ ბოსკე, კამბიასო, იერო, სნეიდერი, რობენი, რაული..... ამ ჩამონათვალს დიდი შანსია კიდევ აკლდეს რომელიმე ნამდვილი "მადრიდისტა" ან უბრალოდ ამ კლუბში წარმატებულად მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც კლუბის პრეზიდენტის კომერციულ გეგმებში ვერ ჩაჯდა და გუნდიდან გაუშვეს.
2000 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესის რეალის პრეზიდენტად მოსვლისთანავე ესპანურ კლუბში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებმა იწყეს მოსვლა: ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, ოუენი და ა.შ. თუმცა "სამეფო კლუბის" მაშინდელმა "გალაქტიკურმა" პროექტმა დროთა განმავლობაში ვერ გაამართლა და თუ გავითვალისწინებთ გუნდის შემადგენლობას შეიძლება ითქვას, რომ კრახიც განიცადა. ევროპის ყველაზე ვარსკვლავურმა გუნდმა ვერც ერთ პირველობაზე ვერ მიაღწია წარმატებას. შედეგად ბერნაბეუს ტრიბუნაზე თეთრი ცხვირსახოცები გამოჩნდა, რაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ნიშნავდა და ფლორენტინო პერესს სხვა არაფერი დარჩენია თუ არა გადამდგარიყო.
კლუბის სათავეში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლა გუნდს მალევე დაეტყო. "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ჩემპიონის ზედიზედ ორი ტიტულის მოგება მოახერხა (2007, 2008). რაც მთავარია ამ ორი სეზონის მანძილზე ბარსელონასთან ჩატარებული 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და ერთი მატჩის გადარჩენა მესიმ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოახერხა. 2008 წლის მიწურულს კი რეალის პრეზიდენტი რამონ კალდერონი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და პოსტის დატოვება მოუწია. ამასობაში კი ფლორენტინო პერესმა ახალი წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმა და ესპანურ კლუბში სუპერვარსკვლავთა ახალი გუნდის შეკრება დაიწყო. პერესის რეალში გამოჩენისთანავე მადრიდულ გრანდში კრიშტიანუ რონალდუ და კაკა გამოჩნდნენ როგორც ნამდვილი სუპერ ვარსკვლავები. მათთან ერთად პერესმა არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატა. პირველი წარუმატებელი სეზონის შემდეგ პერესს თითქოს გონება გაეხსნა და პრეზიდენტი გუნდში მწვრთნელის როლზე დაფიქრდა. შედეგად მადრიდის რეალი მიღწევებითა და სკანდალებით ცნობილმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა. თითქოს რეალი ყველაზე მაღლა დგას და ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, ყველასი გარდა იმ ერთი გუნდისა, რომელსაც სათავეში პერესისაგან სრულიად განსხვავებული ხალხი უდგას. საუბარი რა თქმა უნდა ბარსელონაზეა.
თუ რამდენი "კლასიკო" დათმო უკვე რეალმა ბარსასთან ბოლო 3 სეზონის მანძილზე რთული დასათვლელია. ასეთი ცუდი სტატისტიკა რეალს ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან ჯერ არ ჰქონია. არადა თითქოს რა აკლია რეალს? ჰყავს ევროპის ერთერთი საუკეთესო შემადგენლობა, ერთერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ისტორიაში.....
2000 წელს რეალის პრეზიდენტად მოსვლისთანავე ფლორენტინო პერესმა გუნდიდან კარიერის პიკში მყოფი ფერნანდო რედონდო გაუშვა. ფეხბურთელი, რომელიც სწორედ რომ "სამეფო კლუბში" ჩამოყალიბდა მაშინდელი ევროპის ერთერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად. 2003 წლის ზაფხულში მადრიდის რეალმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონტა ლიგის ნახევარფინალში ტურინის იუვენტუსთან დამარცხდა. პერესმა გუნდიდან მტავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე დაითხოვა და იმავე სეზონში გუნდიდან კლუბის ისტორრის ერთერთი ყველაზე წარმატებული ცენტრალური მცველი ფერნანდო იერო გაუშვა. ასევე გუნდიდან არენდით მონაკოში გაუშვეს ფერნანდო მორიენტესი, რომელმაც მონაკოში გატარებულ პირველივე სეზონში უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. პერესს ნასროლი ბუმერანგი პირველად მაშინ დაუბრუნდა. მონაკომ ფინალისაკენ გზაზე სწორედ რეალი გამოთიშა და მორიენტესმა ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა რეალს.
გადიოდა თვეები და წლები და პერესი გუნდში მაღალკვალიფიციური მწვრთნელის მოყვანას დიდად არ ლამობდა. სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ რეალის გალაქტიკური შემადგენლობა საკმარისი იქნებოდა ან სულაც ავტორიტეტული მწვრთნელი არ სჭირდებოდა რადგანაც ეს უკანასკნელი გუნდში სპორტული გარემოს დამყარებას დაიწყებდა და ფლორენტინოს კომერციულ გეგმებს ხელს შეუშლიდა. ამასობაში გუნდი დაატოვებინეს რეალის ახალგაზრდულ აკადემიაში აღზრდილ ესტებან კამბიასოს, რომელმაც ინტერს მიაშურა და ერთერთი საუკეთესო ინტერის ძირითადის მოთამაშედ იქცა. ცნობილი მოვლენების გამო პერესმა 2006 წლის იანვარში დატოვა რეალი.
2009 წელს პერესი კვლავ მოექცა "სამეფო გუნდის" სათავეში და როგორც უკვე ვისაუბრეთ მისთვის კარგად ნაცნობი გეგმის განხორციელებას შეუდგა. მართალია გუნდში ძალზედ წარმატებულად მოტამაშე კრიშტიანუ რონალდუ მოიყვანა, თუმცა ყველას აღიარებით რეალი არამიზანშეწონილად სნეიდერსა და რობენს დაატოვებინეს, რომლებმა რეალიდან წასვლის პირველსავე სეზონში ჩემპიონტა ლიგის ფინალი სწორედ რომ მათთის კარგად ნაცნობ სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე ითამაშეს. და რაც მთავარია, რაც ბევრისათვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, გუნდიდან რაული გაუშვეს! (უკომენტაროდ)
მოურინიოს მოსვლის შემდეგ რეალის ყველას უგებს და საშინელ შედეგს აჩვენებს ყველაზე პრინციპულ შეხვედრაში ბარსასთან. შორს რომ არ წავიდეთ მსჯელობაში, დროა უკვე მოკლედ ჩამოყალიბდეს მთავარი იდეა სტატიისა - დონ ფლორენტინო, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი! გადადექი! დაუბრუნეთ რეალს ნამდვილი ლიდერები, რომლებიც არათუ პატარა გუნდებს ამოტენიან გოლებიტ, არამედ იქ ითამაშებენ სადაც რეალს ყველაზე მეტად სჭირდება. დაუბრუნეთ რეალს გული და სული!
/წყარო/