Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. კომპანია LG Electronics-მა წარადგინა რამდენიმე მონიტორი UltraGear-სერიაში, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. აგრეთვე, დაანონსდა UltraWide სერიის ახალი ფართოფორმატიანი პანელი. UltraGear სერიაში შევიდა მოდელები 27GN950, 34GN850 და 38GN950, რომელთა ზომებია 27, 34 და 38 დუიმი, შესაბამისად. მოწყობილობებს IPS მატრიცა აქვთ, რომლის რექციის დრო 1 მილიწამია (Gray-to-Gray). მსგავსი მახასიათებლები აქვს მონიტორ 27GN950-ს. მისი ეკრანის გაფართოება შეადგენს 4K/UHD — 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 450 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი და შესაძლებელია მისი 160 ჰერცამდე გაზრდა OC რეჟიმში. პანელს 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა აქვს. მხარდაჭერილია NVIDIA G-SYNC და DisplayHDR 600. მონიტორზე განთავსებულია ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და USB ჰაბი. ფართოფორმატიანი პანელი UltraWide წარმოდგენილია სახელით - 38WN95C. მისი ზომა 37.5 დუიმია და აქვს QHD+ (3840 × 1600) გაფართოება. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. სიკაშკაშის მაჩვენებელი - 450 კდ/მ2 და 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ამ მონიტორს გააჩნია მაღალსიჩქარიანი პორტი Thunderbolt 3 (40 გბიტ/წმ). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინტერფეისები - HDMI, DisplayPort და USB. https://3dnews.ru/1000257
  2. შეერთებული შტატების კონგრესმენმა Paul Gosar-მა წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია რამდენიმე სააგენტოს შორის ციფრული ვალუტების რეგულირების ფუნქციების განაწილების საკითხი. კერძოდ, დოკუმენტში მოცემულია წინადადება - დაიყოს კრიპტო აქტივები სამ კატეგორიად: უშუალოდ კრიპტოვალუტებად, კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონლად და კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად. პირველ კატეგორიაში მოხვედრილი აქტივების რეგულირება უნდა მიენდოს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ქსელს (FinCEN), მეორე კატეგორიის კონტროლი - სასწრაფო საბირჟო ვაჭრობის კომისიას (CFTC), მესამე კატეგორიის აქტივები უნდა დაარეგულიროს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC). კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონელში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური საქონელი ან ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისები. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად დოკუმენტის მიხედვით ითვლება ყველა სასესხო, წილობრივი და ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. კრიპტოვალუტებად კი მოიაზრება ინსტრუმენტები, რომლებიც მიბმულია დოლარზე ან წარმოადგენს „ბლოკჩეინზე დამყარებულ სინთეზირებულ დერივატივებს“. ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა მოუწოდეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრს - FinCEN-ის მეშვეობით დაადგინოს კრიპტოსავალუტო ტრანზაქციებზე თვალყურის დევნების ისეთივე წესები, როგორებიც მოქმედებს ფინანსურ დაწესებულებებზე. https://forklog.com/v-kongresse-ssha-predstavili-zakonoproekt-o-kriptovalyutah-2020/
  3. სოციალური ქსელის მიერ ინფორმირებული წყარო - The Infromation გვიზიარებს, რომ Facebook საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს. ახალ მიზანს უხელმძღვანელებს Microsoft Windows NT-ზე მომუშავეთაგან ერთ-ერთი პირი. საკუთარი ოპერაციული სისტემა Facebook-ს სჭირდება თავისი მოწყობილობებისთვის - კერძოდ, VR-ჰედსეტ Oculus Quest-ისა და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი სმარტ ეკრანის - Portal-ისთვის. ამჟამად კომპანიის მოწყობილობები მუშაობს Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე. Facebook-ს კი Google-თან კონფლიქტები აქვს მოწყობილობების შექმნის შეფერხების გამო. Facebook აგრეთვე დაკავებულია AR-სათვალეზე (შერეული რეალობის სათვალე) მუშაობით. მისთვის კომპანია შექმნის ოპერაციულ სისტემას, რომელიც იმუშავებს ვირტუალურ რეალობაში. როგორც უკვე ვიცით, კომპანია Huawei-მაც შექმნა თავისი სისტემა Hongmeng, რომელზეც სამომავლოდ კომპანიის ყველა ის სმარტფონი გადავა, რომლებიც ამჟამად Android-ზე მუშაობს. კომპანიას საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა მოუწია ამერიკული სანქციების გამო, რომელთა თანახმადაც Google-ს უნდა აეკრძალა Huawei-სთვის Android-ის გამოყენება. https://hightech.fm/2019/12/20/facebook-os
      • 1
      • Like
  4. კომპანია LG Electronics-ი გამოფენა CES 2020-ზე წარადგენს მონიტორ UltraFine Ergo 32UN880-ს, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია უნიკალური მრავალფუნქციური სადგამი. პანელი მაგიდის ნაპირზე მაგრდება სპეციალური კრონშტეინის მეშვეობით. სადგამს რეგულირების ფართო სპექტრი აქვს: შესაძლებელია დისპლეის განთავსების, სიმაღლის, დახრის კუთხის ცვლილება და მონიტორის საჭირო მხარეს მოტრიალება. ასევე შეიძლება ეკრანის ორიენტაციის ცვლილება: საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს 180 გრადუსით შეაბრუნოს ეკრანი ისე, რომ გამოსახულება მის პირისპირ მჯდომმა პირმა დაინახოს. მონიტორს მაღალხარისხიანი IPS მატრიცა აქვს ზომით 31.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, რაც 4K/UHD ფორმატს შეესაბამება. ახალი მონიტორის სიკაშკაშის მაჩვენებელია 350 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, რეაქციის დრო - 5 მილიწამი, აქვს HDR10-ის მხარდაჭერა, უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელს გააჩნია AMD Radeon FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის კომფორტულობის დონის ამაღლებას. გათვალისწინებულია სიმეტრიული პორტი USB Type-C, ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და ორი USB პორტი. UltraFine Ergo 32UN880 მონიტორის მიახლოებითი ფასისა და მისი გაყიდვის დაწყების თარიღის შესახებ მოცემული მომენტისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. https://3dnews.ru/1000256
      • 1
      • Like
  5. რამდენიმე საათის განმავლობაში Bitcoin 7 ათასდოლარიანი ნიშნულის ზედა ხაზს დაუბრუნდა, თუმცა ტრენდის დაბრუნების დადასტურებისთვის საჭიროა კრიპტოვალუტამ გადალახოს 7870 აშშ დოლარიანი ნიშნული - თვლის CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსი ომკარ გოდბოული. შვიდთვიანი ნიშნულიდან 10%-ზე მეტით უკუქცევა დაფიქსირდა 18 დეკემბერს. უკანასკნელად დინამიკასთან შედარებით აღმავალი იმპულსი შეინიშნებოდა 25 ოქტომბერს. ბაზარზე განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა იმისთვის, რომ გაირღვეს დათვური პატერნი დაღმავალი ტრენდის მინიმუმით, საჭიროა ფასმა გადააჭარბოს 29 ნოემბრის მაქსიმუმს და მოიმატოს კიდევ 1000 აშშ დოლარით. დღიური გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სტაბილურად ხდებოდა კლებადი მაქსიმუმის ფორმირება, მათგან უკანასკნელი იყო 7870 აშშ დოლარი. ეს სიმაღლე უკვე თითქმის ერთი თვეა უცვლელი რჩება. ნოემბრის ნიშნულის გადალახვა აუცილებელია ტრენდის მოკლევადიანი ცვლილებისთვის. RSI-ს განსხვავებულობის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდეს ამ არასახარბიელო დონის დაძლევა. აღმავალი იმპულსი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, თუკი უახლოეს დღეებში BTC გადალახავს 7450 აშშ დოლარიან ნიშნულს. ბაზარზე ვითარება რადიკალურად გაუარესდება, თუ ფასი 6428 აშშ დოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩავა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად არის მოსალოდნელი. კვირის გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან ფასი აგრძელებს დაღმავალი მიმართულებით სვლას. ვითარების შემობრუნება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეალობა გახდება მხოლოდ ფიგურის ზედა საზღვრის გარღვევის შემთხვევაში, რომელიც ამჟამად იმყოფება 8463 აშშ დოლარიან ნიშნულზე. https://forklog.com/tehanalitik-dlya-bychego-razvorota-bitkoinu-nuzhno-vyrasti-eshhe-pochti-na-1000/
  6. კომპანია GIGABYTE, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე წარადგენს ვიდეო ბარათების სრულიად ახალ სერიას - Eagle. მზადებაში არსებული გრაფიკული ამაჩქარებლების შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე. საერთო ჯამში წარმოდგენილია ოცდაათამდე ვიდეო ადაპტერი AMD-სა და NVIDIA-ს პროცესორებზე. უფრო კონკრეტულად, Eagle სერიაში შევა AMD-ს ვიდეო ბარათები: Radeon RX 5700 XT, Radeon RX 5700, Radeon RX 5600 XT და Radeon RX 5500 XT. ახალი ამაჩქარებლები მოდიფიკაციების მიხედვით წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარებით ან მის გარეშე. Radeon RX 5600 XT ბარათი ჯერ არც გამოსულა - მისი პრეზენტაცია იანვარში შედგება. რაც შეეხება NVIDIA-ს პროცესორების ბაზაზე შექმნილ ვიდეო ბარათებს, Eagle სერიაში შესულია შემდეგი მოწყობილობები: GeForce RTX 2080 Super, GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 Super, GeForce RTX 2070, GeForce RTX 2060 Super, GeForce RTX 2060, GeForce GTX 1660 Ti, GeForce GTX 1660 Super, GeForce GTX 1660, GeForce GTX 1650 SUPER და GeForce GTX 1650. ეს ბარათებიც გამოვა ქარხნული აჩქარებით ან მის გარეშე. Eagle სერიის ამაჩქარებლები შეუერთდება GIGABYTE-ის წინა თაობის - Aorus Gaming-ისა და WindForce სერიის ვიდეო ბარათებს. ახალი ბარათების ოფიციალური ანონსის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://3dnews.ru/1000100
  7. კრიპტო ქომიუნითი უკვე დიდი ხანია მივიდა კონსენსუსამდე, რომ ორი წლის წინ მომხდარი ბუმი ICO-ზე დიდი საინვესტიციო ბუშტი აღმოჩნდა. 2019 წლის აგვისტოში ICO-კომპანიების მხოლოდ 10.8 %-მა მოუტანა ინვესტორებს შემოსავალი, ამავე დროს ICO-ს მედიანური სარგებლიანობა აშშ დოლარში შეადგენდა -87%-ს და აგრძელებდა ვარდნას: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათიდან ცხრა ICO-მ თავის ინვესტორებს არაფერი მოუტანა იმედგაცრუებისა და ზარალის გარდა. თუმცა არსებობს პროექტები, რომელთაც ტოკენების ფასის ვარდნის მიუხედავად შეძლეს წარმატებული ბიზნესის აწყობა. ერთ-ერთი მათგანია p2p-სესხების ბირჟა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - Karma. 2017 წელს პროექტმა შეძლო შეეგროვებინა 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტებში ICO-ზე. ICO-ბუმის მონაწილე პროექტების უმეტესობისგან განსხვავებით კომპანიამ დაასრულა პლატფორმაზე მუშაობა, რომელზეც უკვე 7 ათასზე მეტი ინვესტორია რეგისტრირებული. პლატფორმაზე გარიგებების მოცულობა მუდმივად იზრდება, გაცემული სესხების მოცულობა კი თვეში საშუალოდ 40 %-ით მატულობს. ამავე დროს კრიპტო ზამთრის დადგომა ნეგატიურად აისახა Karma-ს ინვესტორების მდგომარეობაზე: „როდესაც ICO-ბუშტი გასკდა, ICO-ს ფარგლებში ჩვენ მიერ გამოშვებული აქტივების ღირებულება რამდენჯერმე დაეცა. ამან მეტად უარყოფითად იმოქმედა Karma-ს ტოკენების მფლობელებზე“ - აცხადებს პლატფორმის დამაარსებელი. – „იქმნება პარადოქსული სიტუაცია: პროექტი კოლოსალური ტემპებით ვითარდება და იზრდება იმ დროს, როდესაც ინვესტორები ზარალს განიცდიან“. იმისთვის, რომ ინვესტორებმა კომპანიის ზრდისგან სარგებელი მიიღონ, Karma-მ გადაწყვიტა განახორციელოს ICO utility-ტოკენების კონვერტაცია security-ტოკენებში - ეს გახლავთ აქტივები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ციფრულ ანალოგებს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ security-ტოკენი ფასიანი ქაღალდის ციფრული იდენტიფიკატორია, მის მფლობელს მთელი რიგი კორპორატიული უფლებები ექნება: დივიდენდების მიღების, კომპანიის წილის ფლობის, ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლებები და სხვა. ამგვარად, კონვერტაციის შემდეგ Karma-ს ტოკენების მფლობელები ფაქტობრივად მისი აქციონერები გახდებიან, Karma კი იქნება პირველი კომპანია, რომელმაც მოახდინა utility-ტოკენების კონვერტირება ფასიან ქაღალდებში. Karma-ს აქტივების კონვერტაციას საკუთარ თავზე აიღებს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებითა და ტრეიდინგით დაკავებული პლატფორმა Tokenomica. „პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ICO-ს ფარგლებში utility-ტოკენების გამოშვება კომპანიისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ინვესტორებისთვის. Security-ტოკენებზე გადასვლა კი ინტერესების ბალანსს აღადგენს: ინვესტორები გახდებიან კომპანიის სრულფასოვანი და მოგების მქონე თანამფლობელები, ამავე დროს თავად კომპანია აამაღლებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას და გაიმყარებს რეპუტაციას ბაზარზე“ - აღნიშნა Tokenomica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. ახალი ეკონომიკური მოგება ინვესტორებისთვის security-ტოკენებზე გადასვლის ერთადერთი უპირატესობა არ გახლავთ. Utility-ტოკენებისგან განსხვავებით security-ტოკენების ღირებულების ცვლილების დინამიკა დაკავშირებულია კომპანიის საკვანძო ფინანსურ მაჩვენებლებზე და ნაკლებადაა დამოკიდებული კრიპტო ბაზრის რყევებზე. იქიდან გამომდინარე, რომ utility-ტოკენები მფლობელებს წვდომას აძლევენ კომპანიის ამა თუ იმ სერვისზე, მათ გამოსაშვებად საჭიროა კონკრეტული ქეისის შემუშავება ბიზნესში ტოკენების გამოსაყენებლად. Security-ტოკენების გამოშვებას მსგავსი მიდგომა არ სჭირდება, პროექტსა და ინვესტორებს შორის დამოკიდებულება აგებულია მოდელზე - „კომპანია-აქციონერი“. თუმცა ამგვარი მოდელი ვერ იქნება გამოყენებულია ყველა ICO პროექტში. კონვერტაციაში შესაძლოა ჩართული იყოს ტოკენების მფლობელთა აქტიური ქომიუნითის მქონე პროექტები, რომელთაც უკვე წამოიწყეს ბიზნეს-საქმიანობა, ან კარგად განვითარებული ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიები. https://forklog.com/perezhit-kriptozimu-kak-konvertatsiya-tokenov-iz-utility-v-security-pomozhet-ico-kompaniyam-i-ih-investoram/
  8. როდესაც ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, კარგი ვიდეო ბარათის ყიდვა ადვილია: ყიდულობთ ყველაზე ძვირადღირებულ ვარიანტს და ტკბებით მისი თანამედროვე, მძლავრი შესაძლებლობებით. ხოლო შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ვებ-გვერდ Techspot-ის ექსპერტები გთავაზობენ საქმეს შესაბამისად მიუდგეთ. მათ გულმოდგინედ შეამოწმეს ასობით ვიდეო ბარათი და მზად არიან გაგიზიარონ, რომელი გრაფიკული ბარათები შეესაბამება ბიუჯეტის მიხედვით ამა თუ იმ მომხმარებელს. საბაზისო დონე: Radeon RX 550 ბარათი GeForce GT 1030-ის წინააღმდეგ. ამ ვიდეო ბარათებს ძირითადად ორ შემთხვევაში ყიდულობენ: თუ პროცესორს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, ან თუკი უბრალოდ დროებით გსურთ გამოიყენოთ მოწყობილობა, სანამ უკეთეს ვიდეო ბარათს შეიძენთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ბარათებიდან ნებისმიერი საშუალებას მოგცემთ ითამაშოთ დაახლოებით შვიდი წლის წინანადელი თამაშები, მათ შორის ძველი და დღემდე პოპულარული Counter-Strike, რომელსაც დღესაც მილიონობით გეიმერი თამაშობს. საუკეთესო მასობრივი გრაფიკული ბარათები: Radeon RX 580, RX 570, RX 5500 XT და GeForce GTX 1650 Super. ამ ბარათებიდან ნებისმიერს შეუძლია გაუმკლავდეს 1080р გაფართოების თამაშებს. ამ შემთხვევაში ექსპერტების აზრით ყველაზე მიმზიდველი RX 580 ბარათებია, თუმცა ისინი გასაყიდი მარაგებიდან მალე ამოიწურება. საშუალო დონის საუკეთესო ვიდეო ბარათები: GeForce GTX 1660 Super, Radeon RX 590 და Radeon Vega 56. RX 590, ისევე როგორც Vega 56, ბაზრიდან გადის. მათი შეძენა გართულდა, თუმცა ჯერ კიდევ აქტუალურებია და დაკისრებულ ამოცანებს შესანიშნავად უმკლავდებიან. რაც შეეხება GTX 1660 Super-ს, „წითლების გუნდს“ მისი აქტუალური ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. ექსპერტების არჩევანი: Radeon 5700 XT, Radeon 5700, RTX 2070 Super, RTX 2060 Super. თუ თქვენი ბიუჯეტი საკმარისია მსგავსი გრაფიკული ბარათებისთვის, ნამდვილად აქვს აზრი გადახედოთ ჩამოთვლილ მოდელებს. მათი ფასი 320 აშშ დოლარიდან ზემოთ მერყეობს, შესაბამისად, ნებისმიერი მსურველი შეარჩევს თავისი შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების მიხედვით. NVIDIA-ს მხარეს RayTracing-ია, AMD-ს მხარეს კი - მაღალი წარმადობა თითოეულ დახარჯულ დოლარზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32481/luchshie-videokarty-dlya-vashego-koshelka-ot-ekspertov-iz-techspot
  9. ASUS-ის ასორტიმენტში გამოჩნდა პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE, რომელიც შესანიშნავი დამატებაა ლეპტოპის ან დესკტოპ სისტემისთვის. ახალ მონიტორს აქვს IPS მატრიცა ზომით 15.6 დუიმი დიაგონალზე. დისპლეის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი). თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია USB Type-C პორტი. იგი ასევე გამოიყენება მონაცემთა გადაცემისა და კვების მიწოდებისთვის. მონიტორის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 8 ვატს შეადგენს. მონიტორს დამცავი გარეკანი აქვს, რომელიც სადგამის ფუნქციასაც ასრულებს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორ ალბომის, ასევე პორტრეტის რეჟიმში. ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 250 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა - 800:1. მატრიცის რექციის დრო 5 მილიწამია (Gray to Gray). მონიტორი იწონის დაახლოებით 710 გრამს, მისი ზომებია 359,7 × 226,4 × 8,0 მმ. სისტემა Flicker-free უზრუნველყოფს ეკრანის ციმციმის აღკვეთას, Low Blue Light ტექნოლოგია კი ამცირებს ლურჯი ნათების ინტენსიურ გამოსხივებას. ეს ტექნოლოგიები დატვირთვას ამცირებენ თვალებზე და ზრდიან სამუშაო პროცესის კომფორტის დონეს. პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1000023
  10. კრიპტოკრედიტირების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები - მაინერები შესაძლოა გაკოტრდნენ, თუკი ჰალვინგის შემდგომ Bitcoin-ის ფასი დაიწევს ან უცვლელი დარჩება- ამგვარი მოსაზრება გამოთქვა გამომცემლობა The Block-თან Iterative Capital-ის პარტნიორმა ლეო ჩჟანმა. მისი თქმით, უამრავი მსხვილი მაინერი თანამშრომლობს კრიპტო კრედიტირების ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Genesis Global Trading, Celsius და BlockFi. ისინი მოპოვებულ Bitcoin-ებს იყენებენ გირაოს სახით სესხებზე ბიზნესის განვითარებისა და სამუშაო კაპიტალის დეფიციტის შესავსებად. მაგალითად, ნოემბერში Genesis Global Trading-მა მაინინგ კომპანია Hut 8-ს შესთავაზა 15 მლნ აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი, რომელიც განკუთვნილი იყო წინა, 14 მლნ აშშ დოლარიანი სესხის რეფინანსირებისთვის. ჩჟანმა ხაზი გაუსვა, რომ მაინერები ფსონს BTC-ის ფასის მატებაზე დებენ. თუმცა, თუკი ჰალვინგის შემდეგ ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, Bitcoin-ის მომპოვებელი კომპანიები შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ და შეიძლება სესხების დასაფარად გამოყენებული თანხებიც კი დაკარგონ. „Bitcoin-მაინერებთან საუბრის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ გარღვევის ფასი დაახლოებით 6500 აშშ დოლარია - აღნიშნა Genesis Global-ის ხელმძღვანელმა მაიკლ მორომ. - თუ მათ ეფექტური აღჭურვილობა ექნებათ, ეს მაჩვენებელი ნაკლები იქნება, ხოლო მოძველებული მოწყობილობების შემთხვევაში - გაცილებით მაღალი“. მორო არ გამორიცხავს, რომ ჰალვინგის შემდეგ მაინერებისთვის მომგებიანი ფასი შესაძლოა იყოს დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარი. თუკი BTC-ის საბაზრო ღირებულება ამ ნიშნულს ქვემოთ აღმოჩნდება, ბევრი კომპანია უბრალოდ შეწყვეტს კრიპტოვალუტის მოპოვებას. „ვფიქრობ, ბევრს მოუწევს საკუთარი მოწყობილობების გამორთვა, თუკი ვეღარ მოახერხებენ საჭირო მოგების გენერირებას. და რა მოელის შემდეგ მაინერების დამფინანსებელ ვენჩურულ კომპანიებსა და კრედიტორებს, თუ არა გაკოტრება?“ - აცხადებს Genesis Global-ის ხელმძღვანელი. მოროს აზრს იზიარებს Celsius Network-ის დამფუძნებელიც. იგი თვლის, რომ დაფინანსებული მაინერები აუცილებლად აღმოჩნდებიან პრობლემების წინაშე, თუკი ჰალვინგის შემდეგ BTC-ის ფასი 30%-ით მაინც არ გაიზრდება. https://forklog.com/mnenie-gryadushhij-halving-udarit-po-majneram-i-rynku-kreditovaniya/
  11. ნახევარგამტარი პროდუქტების საკონტრაქტო მწარმოებლების წრე თანდათან ვიწროვდება, Intel აღარ მალავს, რომ კომპანია Samsung-ის მომსახურებით სარგებლობს. NVIDIA-ს ისტორიაშიც კორეულმა კომპანიამ თავისი კვალი დატოვა. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით AMD Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათებისთვის Navi 14 გრაფიკული პროცესორების გამოშვებითაც შესაძლოა კომპანია Samsung-ი დაკავდეს. მსგავსი შეკვეთებით TSMC-ის გატაცება არ გამოირიცხება, ასე რომ ჯერჯერობით არ ღირს იმის ცალსახად მტკიცება, რომ Navi 14 ექსკლუზიურად Samsung-ის ძალისხმევით იქნება წარმოებული. უნდა აღინიშნოს, რომ Samsung-ს არ გააჩნია დიდი საწარმოო სიმძლავრე იმისთვის, რომ გარე კლიენტი კომპანიების მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს, თუმცა საკუთარი მოთხოვნილებისთვის საჭირო 7-ნანომეტრიან პროდუქტებს უკვე დიდი ხანია აწარმოებს. AMD-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქტების მასობრივი მიგრაცია Samsung-ის კონვეირზე დიდი ალბათობით შეუძლებელია, თუმცა დახმარების გაწევა მას ნამდვილად შეუძლია. https://overclockers.ru/hardnews/show/100866/vypuskom-graficheskih-processorov-dlya-amd-radeon-rx-5500-xt-mozhet-zanimatsya-samsung
  12. კომპანია Bosch მუშაობს ავტომობილის სალონის მონიტორინგისთვის განკუთვნილ სმარტ სისტემაზე. ამ პროგრამულ-აპარატული კომპლექსის წყალობით საგზაო უსაფრთხოების დონე უნდა გაიზარდოს. სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია კამერა, რომელიც ინტეგრირებულია საჭეზე. იგი მუდმივად აკვირდება მძღოლის ქცევებსა და მდგომარეობას. კერძოდ, კონტროლდება თავის მდებარეობა, მთქნარების სიხშირე და ა.შ. კამერისგან მიღებული მონაცემები დამუშავდება ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით. თუკი სისტემა მივა დასკვნამდე, რომ მძღოლი დაიღალა ან ეძინება, გამოიცემა საგანგაშო სიგნალი. კონფიგურირების შესაბამისად სისტემა შეძლებს ჩაერიოს და იმოქმედოს ბორტის ელექტრონიკაზე - შეამციროს მოძრაობის სიჩქარე, ან ავტომობილი გადაიყვანოს გზიდან და გააჩეროს უსაფრთხო ადგილზე. კიდევ ერთი კამერა განთავსდება უკანა ხედვის სარკის ზონაში. იგი ყველა მგზავრის ქმედებებს დააკვირდება. სისტემა გასცემს გამაფრთხილებელ შეტყობინებას, თუკი გზავრთაგან რომელიმეს არ ეკეთება უსაფრთხოების ღვედი ან თუ რომელიმე მათგანი ისეთ პოზაში ზის, რომ ავარიის შემთხვევაში ვერ დაიცავს ავარიული ბალიში. ახალი სისტემას გამოიყენებენ ავტომატური მართვის სატრანსპორტო საშუალებებშიც. იგი განსაზღვრავს, არის თუ არა მძღოლი მზად კონკრეტულ მომენტში ხელში აიღოს საჭის მართვა თუ პირიქით - მეტისმეტადაა გართული სხვა საქმეებით. Bosch-ის ხელოვნური ინტელექტის სატრანსპორტო სისტემა კომერციულ ბაზარზე 2022 წელს გამოვა. https://3dnews.ru/999922
  13. ანალიტიკოსების პროგნოზით ტექნოლოგია Variable Rate Shading, რომელიც გამოყენებული იქნება Xbox Series X კონსოლებში, AMD-ს დაეხმარება გაზარდოს მომდევნო თაობის ვიდეო ბარათებში გეიმინგ სიჩქარე. როგორც ცნობილია, Xbox Series X-ის SoC წარმოებული იქნება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი EUV ტექნოპროცესით. ამრიგად, ჩვენს წინაშე იქნება მომდევნო თაობის 7-ნანომეტრიანი ჩიპი. მცირე ხნის წინ კომპანიამ ასევე წარადგინა ინსტრუმენტი DirectX Raytracing, რომლის წყალობით თამაშის შემქმნელები შეძლებენ შექმნან თამაშები Microsoft-ის კონსოლებისთვის. სწორედ იგი გახდის შესაძლებელს - დაინერგოს RayTracing Xbox Series X-ში. ამჟამად არსებობს Microsoft-ის ტექნოლოგია Variable Rate Shading-ის ორი სახესხვაობა: NVIDIA Turing ვიდეო ბარათებისა და Intel Gen11 ინტეგრირებული გრაფიკისთვის. ექსპერტები განმარტავენ, რომ Microsoft-სა და AMD-ს შორის თანამშრომლობის წყალობით AMD მიიღებს აუცილებელ ტექნოლოგიებს, რაც საჭიროა NVIDIA-სთვის კონკურენციის გასაწევად დეკსტოპ სეგმენტში, აგრეთვე გაამყარებს თავის ლიდერულ პოზიციას კონსოლების ბაზარზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32441/microsoft-pomozhet-amd-dognat-i-peregnat-nvidia-na-rynke-videokart  
  14. კომპანია AMD შეუერთდა Blockchain Game Alliance-ს (BGA) - ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია გეიმინგ ინდუსტრიაში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვითარებით. ამ ორგანიზაციაში შედიან ძირითადად თამაშების შემქმნელები, მათ შორის Ubisoft და ConsenSys, კომპანია AMD კი ორგანიზაციის პირველი წევრია, რომელიც აპარატული უზრუნველყოფითაა დაკავებული. ამ სიახლესთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ გეგმავს თავის პარტნიორებს წარუდგინოს „მაღალი წარმადობის გამოთვლითი ტექნოლოგიები“, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ „შეცვალონ კომპიუტერული თამაშების გამოცემის, პუბლიკაციის, შეძენის მეთოდები“. AMD-ის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით დაკავებული განყოფილების ხელმძღვანელი Joerg Roskowetz აცხადებს: „ბლოკჩეინზე მოქმედი გეიმინგ პლატფორმები გეიმერებს მისცემენ წვდომას ექსკლუზიურ ონლაინ-კონტენტზე და წარუდგენენ ახალ შესაძლებლობებს. ეს პლატფორმები გამომცემლებს ახალ არხებს მიაწვდიან თამაშების დისტრიბუციისთვის“. კომპანია AMD-მ ასევე გააფორმა პარტნიორობა Robot Cache-თან. ეს გახლავთ გეიმინგ მარკეტი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე, აგრეთვე კომპანია Ultra-სთან. ეს უკანასკნელი არის BGA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც აპირებს უახლოეს თვეებში აამოქმედოს თავისი პლატფორმა თამაშების დისტრიბუციისთვის. კომპანია Robot Cache თავის სისტემებში გამოიყენებს AMD EPYC პროცესორებს, Ultra კი - AMD-ის აღჭურვილობას თავისი ქსელების შესაქმნელად. აღნიშნულია, რომ AMD-ს აღჭურვილობა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ წარმადობას კრიპტო გამოთვლებში“. Ultra-ს ერთ-ერთმა გენერალურმა დირექტორმა, Nicolas Gilot-მა განაცხადა, რომ AMD-სთან პარტნიორობა გრძელვადიან გეგმებს მოიცავს. კომპანია AMD თავის ვიდეო ბარათებს დააკომპლექტებს Ultra Games თამაშებით. თამაშების მისაღებად AMD-ის მყიდველებს მოუწევთ დააყენონ Ultra-ს ბლოკჩეინ-პლატფორმა. მათ კი, ვისაც უკვე აქვს AMD-ის ვიდეო ბარათი, პლატფორმის დასაყენებლად მხოლოდ დრაივერების განახლება დასჭირდებათ. ორივე კომპანია გეგმავს ჩაატაროს ერთობლივი ღონისძიებები და შეჯიბრები. ისინი ასევე იმუშავებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტზე, როგორიცაა ბლოკჩეინ-პლატფორმის სიჩქარის გაზრდა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება. AMD საკმაოდ ღრმად ახდენს თავისი მიღწევების ინტეგრირებას თამაშებისა და ბლოკჩეინის სფეროებში, კომპანია დაინტერესებულია სიჩქარისა და საიმედოობის ზრდით, ასევე მომხმარებელთა პირადი გასაღებების დაცვით. შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების მაინინგმა AMD-ს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. 2017 წელს „კრიპტოსავალუტო ციებ-ცხელების“ წყალობით AMD Radeon ვიდეო ბარათები კარგად იყიდებოდა, რამაც განაპირობა AMD-ს აქციების ფასის ზრდა და კომპანიას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების გავლენა ვიდეო ბარათებზე შესუსტდა, თუმცა როგორც ჩანს AMD-მ არ დაკარგა რწმენა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალის მიმართ. https://3dnews.ru/999853
  15. პარასკევს, 13 დეკემბერს სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ქვეყნების ხელისუფალთა სამიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და ვაჭრობის ბრუნვის მოცულობის გაზრდას. კერძოდ, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ორ პროტოკოლს, რომლებიც ეხება: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმების პროცესში, აგრეთვე უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ერთობლივ აღიარებას. „უახლოეს დროში ეს პროტოკოლები რეალიზებული იქნება. ორივე დოკუმენტი მეტად მნიშვნელოვანია საბაჟოს ეფექტური მუშაობისა და საქონლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერატიულად მოხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ვაჭრობას ჩვენს ქვეყნებს შორის“ - განაცხადა უკრანის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გორნაჩუკმა. ამონარიდი სუამ-ის წევრი ქვეყნების ხელისუფალთა ერთობლივი განცხადებიდან (2019 წ.) - 12 დეკემბერი, 2019 წელი, კიევი, უკრაინა “კმაყოფილებით აღვნიშნავთ იმ წარმატებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა ODED-სუამის თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებით აღვნიშნავთ გადაზიდვებისა და ტრანზიტების სფეროში მიღწეულ გამარტივებას. ხაზს ვუსვამთ კერძო ინიციატივისა და საწარმოს როლს ეფექტურ და მდგრად განვითარებაში, ასევე საჯარო და კერძო პარტნიორობას პროექტების რელიზაციასა და სუამ-ის ინიციატივებს ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში. აღვნიშნავთ ინოვაციური IT-პლატფორმებისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ვაჭრობასა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ტვირთის მიწოდების გამარტივება და დაჩქარება. ვთვლით, რომ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის წარმატებული და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობასა და განვითარებას რეგიონს მიღმა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას - გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში; ყველა ფორმით ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს, ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, კიბერდანაშაულს, კონტრაბანდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის მმართველი კომიტეტის ძალისხმევას გამარტივებული პროცედურების შესახებ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით საქონლის საწარმოო, წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმებას და ფუნქციონირებას. ჩვენ ვალდებულებას ვაკისრებთ შესაბამის ორგანოს - გაადვილდეს და დაჩქარდეს სუამ-ის ციფრული სავაჭრო ცენტრის განვითარება, კომერციულ და მეწარმე სუბიექტებს მიეწოდოთ საჭირო ინფორმაცია საბაჟოზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და ტურიზმზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი სატრანსპორტო ჯაჭვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, იურიდიული ბაზის შექმნას, თანამედროვე სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სატრანსპორტო პროცესების დიგიტალიზაციას.” https://guam-organization.org/en/joint-statement-by-the-heads-of-government-of-the-guam-member-states-2019/
  16. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიხედვით Bitcoin-ინდუსტრიაში მამრობითი სქესი დომინირებს, Grayscale Investments-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტით დაინტერესებული ინვესტორების 43% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. კომპანიამ გამოკითხვა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ჩაატარა: ასაკი 25-დან 64 წლამდე; 10 ათასი აშშ დოლარის ან მეტი ინვესტიციის ფლობა; არანაკლებ 50 ათასი აშშ დოლარი წლიური ოჯახური შემოსავალი. 2019 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1100-მა პირმა. გამოკითხული ქალების 56,2% და მამაკაცების 56,4% Bitcoin-ს განიხილავს, როგორც პერსპექტიულ ინვესტიციას. ამასთან, ქალების 49,8% და მამაკაცების 49,9% დარწმუნებულია, რომ შეზღუდული ემისია მომავალში ფასის ზრდაზე იქონიებს გავლენას. 47% ქალები და 39% მამაკაცები Bitcoin-ის შესაძენად დროის მომენტს შესაფერისად მიიჩნევენ. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა ხაზი გაუსვა, რომ მონეტის მხოლოდ ნაწილის შეძენის შესაძლებლობაც კი მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. გამოკითხულმა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ Bitcoin-ის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმატიული მასალები სჭირდებათ. ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი განსხვავება გამოვლინდა ინვესტირების მიზნების მიმართულებით: მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სურთ ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, მამაკაცები კი ცალსახად გამდიდრებისკენ ისწრაფვიან. კვლევის თანახმად ქალების 44% და მამაკაცების 22% საინვესტიციო საქმიანობას არასაიმედოდ მიიჩნევს. ამასთან, ქალები უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი ამერიკული და გლობალური ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, ვიდრე მამაკაცები. Grayscale Investments დარწმუნებულია, რომ 68 ტრილიონი აშშ დოლარის ნაწილი, რომელიც უფროსი თაობიდან მილენიალების ხელში გადავა, ინვესტირებული იქნება Bitcoin-ში. თუკი კომპანია Charles Schwab-ის კვლევას დავუჯერებთ, Grayscale Bitcoin Trust-ის აქციები შედის აშშ-ის მილენიალების ყველაზე პოპულარული ინვესტიციების ხუთეულში, თუმცა თაობა X-ისა და ბეიბი-ბუმერების თაობისთვის ათეულშიც ვერ შედის. https://forklog.com/issledovanie-obnaruzhilo-chto-43-zainteresovannyh-v-bitkoine-investorov-zhenshhiny/
      • 1
      • Like
  17. 23 ოქტომბერს Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა სათვალე Huawei VR Glass. იგი მხოლოდ 166 გრამს იწონის და ლინზების სისქე დაახლოებით 26.6 მმ-ია. VR-სათვალეში გამოყენებულია ოპტიკური სისტემა ულტრამოკლე ფოკუსით, აგრეთვე სამსაფეხურიანი პერისკოპული ლინზები და 5-პიქსელიანი მაღალი სიზუსტის კალიბრაცია. სათვალის 0-დან 700 გრადუსამდე რეგულირება და მორგება შესაძლებელია მათთვისაც, ვისაც მიოპია (ახლომხედველობა) აწუხებს. ამასთან, სათვალე აღჭურვილია სასუნთქი ნიღაბით, რაც მას გამოყენებისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის. VR Glass-ის ეკრანის გაფართოება 3200 х 1600 პიქსელია, პიქსელების სიმჭიდროვე კი - 1058 PPI, თვალთახედვის კუთხე - 90 გრადუსი, კადრის განახლების სიხშირე კი - 70/90 ჰც. სათვალეს ასევე აქვს მოცულობითი ხმის მხარდაჭერა, IMAX ეკრანის რეჟიმი და მობილური ტელეფონის VR-ეკრანის რეჟიმი. Huawei-ს VR-სათვალის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 30 ათასსაათიანი VR-ვიდეოები, ასზე მეტი Mobile VR თამაში და ათასობით კომპიუტერული VR-თამაში. Huawei VR Glass ბაზარზე გამოვა 19 დეკემბერს და გაიყიდება დაახლოებით 430 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Pris/show/32433/vr-ochki-huawei-glass-s-vysokim-ppi-1058-i-razresheniem-3200-h-1600-pikselej-postupyat-v-prodazhu-s-19-dekabrya
  18. სამხრეთკორეული კომპანია Samsung-ი, რესურს LetsGoDigital-ის ინფორმაციით, არეგისტრირებს ორ ახალ სავაჭრო მარკას - Samsung Mobile View და Samsung My Album. ამ ახალი სავაჭრო ნიშნების სარეგისტრაციო განაცხადები რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში (European Union Intellectual Property Office, EUIPO). აღნიშნულია, რომ ორივე სავაჭრო მარკა გამოყენებული იქნება დიდ სატელევიზიო ეკრანზე სმარტფონისგან მულტიმედიური კონტენტის გამოსახვის ახალ საშუალებებთან მიმართებაში. კერძოდ, სისტემა Samsung Mobile View გაზრდის ტელევიზორში სხვადასხვა სახის მასალის ყურების კომფორტის დონეს, იქნება ეს ტექსტი, ფოტოები, ვიდეოები თუ სხვადასხვა სახის მონაცემი. სავაჭრო ნიშანი Samsung My Album, დამკვირვებლების აზრით, გულისხმობს ახალი ფოტოალბომის სწრაფ დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს გადაღებების ორგანიზებას და მოსახერხებელი სახით აღბეჭდავს მას ტელევიზორის ეკრანზე. ორივე სავაჭრო ნიშნის აღწერაში ნათქვამია, რომ ისინი გამოყენებული იქნება ტელევიზორებში, სმარტფონებში, პლანშეტებში, ლეპტოპებში, სმარტ საათებსა და სმარტ სათვალეებში. https://3dnews.ru/999779
  19. Wasabi Wallet-ის ავტორებმა განაცხადეს, რომ გამოვიდა საფულის 1.1.10 ვერსია და ხაზი გაუსვეს, რომ ეს გახლავთ ამ დროისთვის უმსხვილესი რელიზი. Wasabi Wallet-ის ახალი ვერსია გვთავაზობს ინტეგრაციას Bitcoin Core-ის სრულ ნოუდთან (რომელიც ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურ სტადიაშია), გაუმჯობესებულ სამომხმარებლო გამოცდილებას, აგრეთვე „დახარჯული“ მონეტების პრობლემის გადაჭრის დიდიხნის ნანატრ გადაწყვეტილებას. მთლიანად გადაკეთდა ბლოკების, ტრანზაქციებისა და მონეტების დამუშავების (პროცესინგის) მექანიზმი, რაც მოიცავს ბლოკების იმპლემენტაციის განახლებულ ვერსიას (BIP 158), აგრეთვე გაუმჯობესება შეეხო CoinJoin-ტრანზაქციების გავრცელების პროცესს. გარდა ამისა, მე-9 ვერსიის აფგრეიდში ჩაერთო სამომხმარებლო ინტერფეის Avalonia-ს ძრავი. შედეგად გაიზარდა საფულის გამოყენებისას მუშაობის სიჩქარე და შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მოვლენის შესახებ მართვადი შეტყობინებების შექმნა. აგრეთვე დაემატა ნარატიული მენიუ Mac-მოწყობილობებისთვის. DotNet Core-ის ძრავის v3.1 ვერსიამდე აფგრეიდის წყალობით დამატებითი ინსტრუმენტები მიიღეს ანტრეპრენერებმაც. Wasabi-ის გამოსაშვებმა ვერსიამ გულმოდგინე შემოწმება გაიარა და ახალი რელიზი მეტად სტაბილურად ითვლება. https://forklog.com/sostoyalsya-reliz-v1-1-10-orientirovannogo-na-privatnost-bitkoin-koshelka-wasabi/
  20. Motorola აპირებს დაბრუნდეს ფლაგმანური სმარტფონების ბაზარზე და გამოუშვას მოდელი Snapdragon 865 პროცესორითა და 5G ქსელის მხარდაჭერით. მანამდე კი კომპანიას აქვს შემოთავაზება საშუალო ფასის კატეგორიაში. მიმდინარე წელს გამოვიდა Moto G7 სერიის სმარტფონები, Motorola-მ კი უკვე წარადგინა Moto G8 სერია. დაანონსდა მოდელები Moto G8 Plus და Moto G8 Play. აგრეთვე უნდა გამოვიდეს სტანდარტული ვერსიები Moto G8 და Moto G8 Plus, თუკი წინა თაობასთან შედარებით სერიაში შესული სმარტფონების რაოდენობა არ შეიცვლება. ეჭვს არ იწვევს, რომ Moto G8 სულ მალე გამოვა. აშშ-ის კავშირების ფედერალური კომისიის მიერ გავრცელდა ცნობები Moto G8 Power მოდელის შესახებ. მართალია, კომისიის ბაზაში სმარტფონი სახელის გარეშე, T2041 კოდით ფიგურირებს, თუმცა მისი 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ეჭვს არ იწვევს, რომ ეს სწორედ ზემოთხსენებული მოდელია. ასეთი მოცულობის ბატარეა აქვს Moto G7 Power-საც. როგორც ჩანს, სმარტფონის სიგრძე 157,9 მილიმეტრია, კორპუსის დიაგონალი კი - 165 მმ. შესაბამისად, ეკრანის დიაგონალი იქნება 6.2 ან 6.3 დუიმი. შედეგად, ეს სმარტფონი წინა თაობის სმარტფონზე მოკლეა და სავარაუდოდ უფრო თხელი ჩარჩოები ექნება. ზედა ნაწილში საკმაოდ დიდი ზომის ჭრილის ნაცვლად მცირე ზომის ჭრილი იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით უცნობია, ეკრანის გაფართოება იქნება 720p თუ გაიზრდება Full HD+-მდე Moto G8 Plus-ის მსგავსად. თუკი გაფართოება გაიზდება, ავტონომიურობის დონე შესაძლოა ოდნავ შემცირდეს. დღევანდელი ვითარებით, თუკი Moto G7 Power-ს ხელს არ ვახლებთ, იგი დამუხტვის გარეშე 7-9 დღე იმუშავებს. ვებ-გვერდ Phonearena-ზე Moto G7 Power სმარტფონი აბსოლუტური ლიდერია მუშაობის ხანგრძლივობის მხრივ და, დიდი ალბათობით, ვითარება არც ახალ მოწყობილობაში შეიცვლება. აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი სმარტფონი Android 10-ზე იმუშავებს. ორგანიზაცია Wi-Fi Alliance-ში XT2041 მოდელის სერტიფიცირება რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა და სწორედ აქედან გახდა ცნობილი მისი ოპერაციული სისტემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში G8 Power შეუერთდება Motorola One Hyper-ს და გაასწრებს Motorola-ს სხვა, უფრო ძვირადღირებულ მოდელებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ. დიდი ალბათობით, ახალი მოწყობილობის ფასი გაიზრდება წინა თაობის სმარტფონის ფასთან - 250 აშშ დოლართან შედარებით. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/32394/na-podhode-novyj-rekordsmen-po-avtonomnosti-moto-g8-power
  21. კომპანია Sapphire-მა წარადგინა ვიდეო ბარათ Radeon RX 5500 XT-ის სამი ვერსია: ორი Pulse Radeon RX 5500 XT – 4 და 8 გბ მეხსიერებით და გაცილებით მაღალი წარმადობის Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition – 8 გბ მეხსიერებით. Pulse Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათების გაგრილების სისტემა მოიცავს ორ ვენტილატორს, ალუმინის რადიატორს, მონიკელებული სპილენძის ორ სითბურ მილსა და უკანა გამაძლიერებელ ფირფიტას. Nitro+ Radeon RX 5500 XT SE ვერსიას გაგრილების უფრო მძლავრი სისტემა აქვს - ორი 95-მილიმეტრიანი ქულერით, ალუმინის რადიატორითა და ოთხი სითბური მილით. ამ ვიდეო ბარათის ვენტილატორები წარმოდგენილია RGB განათებით. სამივე ვიდეო ბარათი აგებულია Sapphire-ის საკუთარი დიზაინის PCB-დაფაზე და თითოეულს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. Pulse Radeon RX 5500 XT მოდელს პორტების სტანდარტული ნაკრები აქვს: ერთი HDMI 2.0b და სამი DisplayPort 1.4. Nitro+ Radeon RX 5500 XT SE ბარათი კი აღჭურვილია ორ-ორი HDMI 2.0b პორტითა და DisplayPort 1.4-ით. კომპანია Sapphire-ის ახალ ვიდეო ბარათებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ქარხნული აჩქარება - ეს სიამოვნება კომპანიამ უშუალოდ მომხმარებლებს დაუტოვა. თამაშებში გრაფიკული პროცესორის საშუალო ტაქტის სიხშირე გაზრდილია 1717-დან 1737 მჰც-მდე, მაქსიმალური Boost-სიხშირე კი კვლავ სტანდარტული დონისაა - 1845 მჰც. 4 და 8 გბ ვიდეომეხსიერების მქონე Pulse Radeon RX 5500 XT ვიდეო ბარათები კი მუშაობს ეტალონურ 14 გჰც სიხშირეზე, უფროსი ვერსია Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition-ის სიხშირე კი 14.4 გჰც-მდეა გაზრდილი. Sapphire-ის ახალი ვიდეო ბარათები უკვე გაყიდვაშია. მოდელი Pulse Radeon RX 5500 XT 8 გბ მეხსიერებით დაახლოებით 210 აშშ დოლარი ღირს, 4-გიგაბაიტიანი ვერსია კი - 180 აშშ დოლარი. Nitro+ Radeon RX 5500 XT Special Edition ვერსიის ფასი 240 აშშ დოლარია. https://3dnews.ru/999767
  22. სტარტაპმა, სახელად Money on Chain, აამოქმედა DeFi-პლატფორმა Bitcoin-ის Sidechain-ის ბაზაზე. მასში განხორციელდება საკრედიტო სფეროს პროდუქტების შექმნა - აცხადებს CoinDesk. Money on Chain-ის DeFi-ეკოსისტემა დაფუძნებულია სამ ტოკენზე. ესენია: Dollar on Chain (DoC) — დაკავშირებულია ამერიკულ დოლართან და უზრუნველყოფილია Bitcoin-ებით (MakerDAO-ში არსებული DAI-ს ანალოგი); Chain tokens (MoC) — უზრუნველყოფს ხმის უფლებას (MakerDAO-ში არსებული MKR-ის ანალოგი); BitPRO (BPRO) — უზრუნველყოფს პასიურ შემოსავალს BTC-ის საკომოსიოდან, რომელიც გროვდება სისტემის მომხმარებლებისგან. MoC ტოკენსეილი 2020 წელს ჩატარდება. ინვესტორების სახელები, რომლებიც მოცემულ ეტაპზე ხმის უფლებას ფლობენ, ჯერჯერობით უცნობია. “DoC-ის მინთინგი ნიშნავს DoC-ზე Bitcoin-ების ფაქტიურ გაყიდვას, რადგანაც უკან არ დაგიბრუნდებათ Bitcoin-ის პირვანდელი რაოდენობა - ყველაფერი დამოკიდებულია კურსზე. BPRO შესაძლებელია განიხილოს, როგორც სესხი“ - ხაზი გაუსვა პროექტის თანადამფუძნებელმა. Money on Chain-ს MakerDAO-სგან მნიშვნელოვანი განმასხვავებლები აქვს. თუკი MakerDAO-ში მომხმარებლები უზრუნველყოფას პირვანდელი სახით იბრუნებენ, Money on Chain-ის შემთხვევაში უზრუნველყოფის ღირებულება შესაძლებელია იყოს პირვანდელზე მაღალი ან დაბალი. პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს გარკვეულ იურისდიქციაში წვდომის ბლოკირებას იურიდიული ტავსებადობისთვის. მოცემული მომენტისთვის Money on Chain ურუგვაის არაკომერციული ნდობის მიღების პროცესშია, RSK-ის დამფუძნებელი დიეგო გუტიერესი მოლაპარაკებებს აწარმოებს MakerDAO-ს ანტრეპრენერებთან ეკოსისტემების დაახლოების შესახებ. მისი თქმით, RSK-ის ფედერაციაში 15 მონაწილე დარჩა. დაფუძნების პერიოდში მათი რიცხვი 25 იყო. RSK Sidechain-ის მთავარი ქსელი ამოქმედდა 2018 წლის იანვარში. https://forklog.com/v-sajdchejne-bitkoina-zapustili-analog-defi-proekta-makerdao/
  23. SoC Exynos 990-ის გამოშვებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი Galaxy S11 სმარტფონის მუშაობა, Samsung-მა საბოლოოდ უარი თქვა საკუთარ მაღალი წარმადობის მქონე პროცესორის ბირთვებზე. Exynos 9820-ის Mongoose ბირთვებმა, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ უპირატესობა Snapdragon 855-ში წარმოდგენილ ARM Cortex-A76 ბირთვებთან შედარებით, ვერ გაამართლეს კომპანიის იმედი, ამიტომ Samsung-მა გადაწყვიტა დახუროს ბირთვების შემუშავებაზე სპეციალიზებული ცენტრი ოსტინში. თუმცა აღმოჩნდა, რომ კორეული კომპანია უკვე მუშაობს მომდევნო თაობის SoC Exynos 1000-ზე. Ინფორმაცია გავრცელდა ცნობილი ინსაიდერი Ice Universe-ისგან, რომელმაც მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ Samsung-მა შესაძლოა გამოიყენოს ARM Cortex-A78 ბირთვები თავისი მომდევნო თაობის Exynos 1000-ში. Qualcomm დიდი ალბათობით გამოიყენებს იმავე ბირთვებს, რაც გამოიყენება Snapdragon 865-ის შემდეგ. ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეძლებს თითოეული კომპანია თავისი ბირთვების ინტეგრირებას სხვა ისეთ კომპონენტებთან, როგორიცაა მაგალითად გრაფიკული პროცესორი. Ice Universe აცხადებს, რომ Samsung-მა ჯერ კიდევ ვერ განსაზღვრა ზუსტი მოდელი, რომელიც ინტეგრირებული იქნება Exynos 1000-ში. მან შესაძლოა აირჩიოს GPU Mali-G78, თუმცა არის ალბათობა, რომ Samsung-ი სამომავლო SoC-ში ჩართავს RDNA-ს, რომელიც შემუშავებულია AMD-სთან თანამშრომლობით. და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Ice Universe ახსენებს 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას Exynos 1000-ის წარმოებისას. Samsung-ს საკუთარი ფაბრიკები აქვს, თუმცა კომპანია ოდნავ ჩამორჩება TSMC-ს ხუთნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისებაში. ამიტომ, Exynos 1000 დიდი ალბათობით 2020 წლის ბოლომდე არ გამოვა. https://overclockers.ru/blog/goldas/show/32374/samsung-rabotaet-nad-5-nm-soc-exynos-1000
      • 1
      • Like
  24. კორპორაცია Microsoft-მა ღონისძიება The Game Awards 2019-ის ფარგლებში დაასახელა მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლის სახელწოდება, რომლის ანონსი 2020 წელს შედგება. საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელიც ამ დრომდე ფიგურირებდა კოდური სახელით - Xbox Scarlett. კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა გამოვა სახელით - Xbox Series X. კონსოლს წინა თაობის მოწყობილობებისგან განსხვავებული დიზაინი ექნება - მისი კორპუსი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმისაა. გარეგნულად Xbox Series X დესკტოპ კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკურ გეიმინგ კონსოლს. ამასთან, დაშვებულია ვერტიკალური და ჰორიზონტალური განთავსება. Xbox Series X კონსოლის კომპლექტში შედის ახალი მანიპულატორი Xbox Wireless Controller. მისი ზომა და ფორმა გადაკეთდა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, გამოჩნდა დამატებითი ღილაკი Share. Კონტროლერი თავსებადი იქნება Xbox One კონსოლებსა და ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერებთან. Microsoft-ში აღნიშნავენ, რომ Xbox Series X კონსოლს საფუძვლად დაედება მძლავრი კასტომიზებული პროცესორი, რომელიც შეიქმნა AMD-სთან პარტნიორობის შედეგად Zen 2-სა და RDNA არქიტექტურის ბაზაზე. საუბარია RayTracing-ის აპარატულ მხარდაჭერაზეც. ტექნოლოგიები Variable Rate Shading (VRS) და Auto Low Latency Mode (ALLM) ხელს შეუწყობს გეიმინგ პროცესის ხარისხის ახალ დონეზე აყვანას. კონსოლის აღჭურვილობაში შევა მომავალი თაობის SSD. Xbox Series X-ის პლატფორმის დაპროექტება ხორციელდება ქლაუდ სერვისებზე ორიენტირებით. ჯამში Microsoft გვპირდება, რომ ახალი კონსოლი უზრუნველყოფს Xbox One X მოდელზე ოთხჯერ მაღალ წარმადობის დონეს თანაც დაუჯერებლად ჩუმი სამუშაო პროცესით. კომპანია იძლევა პირობას, რომ კონსოლი თავსებადი იქნება წინა თაობის კონსოლებისთვის განკუთნილ თამაშებთან. კონსოლს შეუძლია გაუმკლავდეს გამოსახულების დამუშავებას 4K ფორმატში სიხშირით 60 კადრი წამში, ასევე აქვს წამში 120 კადრამდე გაზრდისა და 8K მასალების დამუშავების შესაძლებლობა. Xbox Series X კონსოლი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე. მისი ფასი მოგვიანებით გამოცხადდება. https://3dnews.ru/999653
      • 1
      • Upvote
  25. 19 სექტემბერს Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი სმარტ დისპლეი - ეს გახლავთ 65-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და კომპანიას მორიგი ახალი სმარტ დისპლეი აქვს - ამჯერად უკვე 75-დუიმიანი. ახალი დისპლეი ფლაგმანურ ხაზს მიეკუთვნება, მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, გაყიდვების დაწყების თარიღად კი 24 დეკემბერია ჩანიშნული. დისპლეის ფასიც შთამბეჭდავია - Huawei-ს ახალი, 75-დუიმიანი სმარტ ტელევიზორი მუშაობს HarmonyOS-ზე და მისი ფასი 1850 აშშ დოლარია. შედარებისთვის, 65-დუიმიანი დისპლეი 995 აშშ დოლარად იყიდება. ეს ფასი მოქმედებს წინასწარი შეკვეთების ფარგლებში, საცალო ღირებულება კი დიდი ალბათობით გაცილებით მეტი იქნება. ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში ტელევიზორის შეძენა 24 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. დიაგონალის ზომას თუ არ გავითვალისწინებთ (და ახალ, ოქროსფერ ფერს), 75-დუიმიანი მოდელი 65-იანისგან არაფრით განსხვავდება. ორივე შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 4K ეკრანი, 120 ჰც კადრის განახლების სიხშირე, HDR Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რეჟიმები: AI Fitness 2.0, AI Kids და ინტეგრირებული ვებ-კამერა. https://www.ixbt.com/news/2019/12/12/4-120-harmonyos-2000-huawei.html
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.