Jump to content

The King of the Hills vs. The Dark Knight


Recommended Posts

The King of the Hills vs. The Dark Knight

Thermalright Ultra-120 eXtreme vs. CoolIT Domino A.L.C.

მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ჰანიბალმა, ოვერდოუზდმა და მე გავტესტეთ Thermalright Ultra-120 eXtreme და CoolIT Domino A.L.C.

პირველს ყველა კარგად იცნობთ, ჰაერის გაგრილების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული (თუ ყველაზე ღირსეული არა) წარმომადგენელია.

ულტრა-120 ტესტირებისთვის მოგვაწოდა OverDozeD-მა, შესაბამისად - მადლობა მას.

რაც შეეხება მეორეს, იგი წყლის გაგრილების სისტემაა, ქარხნულად დახურული. CoolIT Domino A.L.C. ტესტირებისთვის მოგვაწოდა ჩვენმა მოდერატორმა OgaiB-მ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

მოკლედ დღევანდელი ტესტირების სპონსორები ჩვენივე იუზერები არიან, რომლებმაც საკმაოდ მაღალი დონის და საკმაოდ საინტერესო გაგრილების სისტემები მოგვაწოდეს გასატესტად.

Thermalright Ultra-120 eXtreme

Thermalright-მა თავისი ძველი ქულერის Ultra-120-ის განახლებული ვერსია Ultra-120 eXtreme 2007 წლის 7 მარტს გამოუშვა ბაზარზე. უკვე 2 წელიწადია TRUE (Thermalright Ultra-120 Extreme-ს აკრონიმი) ლიდერობას ინარჩუნებს ბაზარზე, რაც მშვენივრად მოფიქრებული დიზაინით, ძალიან კარგი წარმადობით და ყველა არსებულ თანამედროვე სოკეტთან თავსებადობითაა განპირობებული.

DSC_0179.jpg

TRUE-ს დიდი პოპულარობის გამო, Thermalright-მა ჯერ TRUE Black 120 გამოუშვა, რომელიც შავად შეღებილი TRUE იყო, ახალი თერმოპასტით (Chill Factor) და დამატებითი აქსესუარებით. შემდეგ კი კომპანიამ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა ბაზარზე 100%-ით სპილენძისგან დამზადებული TRUE Copper, რომლის წონაც 1900(!) გრამს შეადგენს. TRUE Copper-ს მოყვება აქსესუარების სრული პაკეტი და განახლებული თერმოპასტა - Chill Factor 2. TRUE Copper მიუხედავად იმისა, რომ თავისი დიდი სიმძიმის გამო, ცოტა არაპრაქტიკულია, Thermalright-ს ჰაერის გაგრილებაში ლიდერობას უნარჩუნებს.

DSC_0185.jpg

რაც შეეხება ჩვენს Ultra-120 eXtreme-ს, მასში 3 მეტალია გამოყენებული. ქულერის ძირი და სითბური მილაკები სპილენძისგანაა დამზადებული, ფარფლები კი ალუმინისაა. ქულერის მთელი ზედაპირი დაფარულია ნიკელის თხელი ფენით. Ultra-120 eXtreme-ის წონა 790 გრამს შეადგენს და თავსებადია შემდეგ სოკეტებთან: LGA 775, LGA 1366, Socket 939, Socket AM2/AM2+. ჩვენს სატესტო ვარიანტს კომპლექტში მოყვება სამაგრების სრული კომპლექტი LGA 775-ისთვის. რაც შეეხება AMD-ს სისტემებს, მათთვის საჭირო Backplate-ის შეძენა ცალკეა საჭირო, სამაგრი მექანიზმი კი ქულერს კომპლექტში მოყვება. LGA 1366-ის სამაგრებიც ცალკე გექნებათ საყიდი. ყუთში იპოვნით 2 ცალ მავთულის სამაგრს ვენტილატორისთვის და Thermalright-ის წარმოების თერმოპასტას, Chill Factor-ს.

DSC_0182.jpg

ქულერის ინსტალაცია საკმაოდ მარტივი და ადვილია და არ მისი დაყენება არ უნდა გაუჭირდეს საშუალო დონის კომპ. მომხმარებელს. ქულერს მოყვება სრულყოფილი ინსტრუქცია.

საინტერესო ფაქტია, რომ Thermalright-ის პროდუქტების უმეტესობას სტანდარტულ კომპლექტაციაში არ მოყვებათ ვენტილატორები. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოუშვა Thermalright-მა საკუთარი ფენები. აღსანიშნავია, რომ უკვე 2 თვეა, Thermalright-ი TRUE-ს ახალ კომპლექტაციებში უშვებს, რომლებიც დაკომპლექტებულია კონკრეტული სოკეტებისთვის და მათი უმეტესობა თერმალრაითის TR-FDB ვენტილატორებითაა აღჭურვილი.

09022009159.jpg

Ultra-120 eXtreme-ს და მის მოძმე ქულერებს საკმაოდ უყვართ მძლავრი ფენები, რომლებსაც დიდი მოცულობის ჰაერის მიწოდება შეუძლიათ და ამასთანავე მაღალ წნევას უზრუნველყოფენ. ტესტისთვის ჩვენ გამოვიყენეთ Noctua-ს ორი ცალი 120 მმ-იანი ვენტილატორი NF-P12, რომლის ტექნიკური მახასიათებლებიც შემდეგია:

ბრუნთა რიცხვი - 1300 ბრუნი/წთ

ხმაურის დონე - 19,8 დბ

წნევა - 1,68 მმ H2O

მიწოდებული ჰაერის რაოდენობა - 92,3 მ3/სთ / 53CFM

dsc01383nb3.jpg

DSC01386.JPG

Ultra-120 eXtreme გაიტესტა როგორც 1 ფენით (Push), ასევე 2-ით (Push->Pull).

რაც შეეხება ფასს, სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით TRUE-ს ყიდვა უცხოეთში 60-დან 74$-მდე დიაპაზონში შეიძლება.

CoolIT Domino A.L.C.

წყლის გაგრილება 79$-ად

2008 წელს, შემოდგომის IDF-ზე (Intel Developers Forum) CoolIT-მა განაცხადა, რომ ამზადებდნენ წყლის გაგრილების სისტემას, რომლის ფასიც 100$-ზე ნაკლები იქნებოდა. დადგა 2009 წელი და კომპანიამ დანაპირები აასრულა - ბაზარზე გამოვიდა CoolIT Domino A.L.C. (Advanced Liquid System), რომლის ფასი ჯერ 89$ იყო, შემდეგ კი მალევე 79$-მდე დაიწია. ასეთ ფასად მაღალი წარმადობის მქონე წყლის გაგრილების სისტემა აქამდე ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა, CoolIT-ს კი ამ ოცნების რეალობად ქცევის პრეტენზია გაუჩნდა.

09022009176.jpg

CoolIT Domino A.L.C. თავის მხრივ წარმოადგენს უკვე აწყობილ გაგრილების სისტემას, რომელიც ქარხნულად დახურულია და CoolIT-ის დაპირებისამებრ, 50000 საათზე მეტი ხნის განმავლობაში (დაახლოებით 6 წელი თუ კომპს 24 სააათი ამუშავებთ ყოველდღე) არ საჭიროებს არც სითხის ჩამატებას და არც რაიმე სხვა სახის ჩარევას.

09022009177.jpg

თვითონ მოწყობილობა საკმაოდ კომპაქტურია. Domino A.L.C.-ს შემადგენლობაში შედის წყლის ბლოკი პროცესორისთვის, 120 მმ-იანი სტანდარტული ზომის რადიატორი, 1 ცალი ვენტილატორი, რომლის ბრუნთა რიცხვი 900-დან 2900 ბრუნამდე მერყეობს და Pull რეჟიმში მუშაობს, პოპმა და მონიტორინგისა და კონტროლისთვის განკუთვნილი მოდული და LCD ეკრანი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი იკვებება ერთი ცალი 3-პინიანი კონექტორით, რომელიც შეგიძლიათ თქვენს დედა დაფაზე შეაერთოთ სასურველ ადგილას.

DSC01400.JPG

Domino A.L.C. თავსებადია LGA 775-თან, LGA 1366-თან და AM2/AM2+ სოკეტებთან. ყველა საჭირო სამაგრი და Backplate-ი კომპლექტშია. წყლის ბლოკს წასმული აქვს CoolIT-ის წარმოებული თერმოპასტა, თუმცა, ჩვენ იგი ტესტირებისთვის არ გამოგვიყენებია.

DSC01398.JPG

DSC01397.JPG

Domino A.L.C.-ს მუშაობის 3 რეჟიმი აქვს: Quiet, Performance და Full. რეჟიმების მიუხედავად, პომპმა მუდმივად ერთ სიჩქარეზე - 3000 ბრუნი/წთ მუშაობს, რეგულირება ეხება ვენტილატორს. Quiet რეჯიმში ვენტილატორი მუშაობს 900-1000 ბრუნის შუალედში და მისი ხმაურის დონე 19 დბ-ზე ნაკლებია. Performance რეჟიმში სისტემა ავტომატურად არეგულირებს ფენის ბრუნთა რუცხვს სიჩუმისა და ოპტიმალური წარმადობისთვის. ამ რეჟიმში ვენტილატორი 1000-დან 1500 ბრუნ/წთ-მდე მუშაობს (ჩვენი ტესტის პირობებში ფენის მაქსიმალური სიჩქარე Performance რეჟიმში 1270 ბრუნი/წთ იყო). რაც შეეხება Full რეჟიმს, ამ დროს ფენის ბრუნთა რიცხვი მაქსიმალურია - 2800-2900 ბრუნი/წთ-ში, მისი ხმაურის დონე 39.4 დბ-მდე იზრდება და ნამდვილად არაა სასიამოვნო თქვენი ყურებისთვის :)

DSC01389.JPG

როგორ უკვე ვთქვით, Domino A.L.C. აღჭურვილია LCD ეკრანით, რომელიც აჩვენებს აქტიურ სამუშაო რეჟიმს, ფენისა და პომპის ბრუნთა რიცხვსა და წყლის ტემპერატურას სისტემაში.

ყურადღების ღირსია წყლის ბლოკიც, რომლის წონა სულ 122 გრამია, შეხების ზედაპირის ფართობი კი 50 X 50 მმ-ია. რაც შეეხება მასალას, ბლოკი გარედან დაფარულია ნიკელით, შიგნიდან კი სპილენძითაა დამზადებული.

09022009180.jpg

რაც შეეხება ვენტილატორს, მისი ზომები სტანდარტულია - 120 X 120 X 25 მმ, ბრუნთა რიცხვი 900-2900 ბრუნია წუთში. ფენი აღჭურვილია 7 დიდი ზომის ფრთით და ჰერმეტულადაა მიმაგრებული რადიატორზე.

09022009170.jpg

აღსანიშნავია, რომ CoolIT Domino A.L.C.-ს ის ინსტალაცია საკმაოდ მარტივი და ადვილია და პრობლემას არ შეუქმნის საშუალო დონის კომპ. მომხმარებელს. კომპლექტშია სრულყოფილი ინსტრუქციაც.

ტესტირების მეთოდი

იმის გამო, რომ ტესტირების შედეგები მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო, CoolIT Domino A.L.C.-ს მოვაშორეთ ქარხნული თერმოპასტა და გამოვიყენეთ იგივე, რაც Ultra-120 eXtreme-ს შემთხვევაში - Thermalright Chill Factor.

Ultra-120 eXtreme-ის შესაძლებლობების კარგად გამოსავლენად იგი დაიტესტა Noctua NF-P12 ვენტილატორებით, რომლებიც ჩუმ მუშაობასთან ერთად კარგი წნევითა და დიდი მოცულობის ჰაერის მიწოდების შესაძლებლობით გამოირჩევიან.

დედა დაფა მთელი ტესტირების განმავლობაში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ასევე, ტესტირებისას, პარალელურად ვზომავდით ოთახის ტემპერატურასაც, რომელიც მთელი ტესტირების განმავლობაში მუდმივი იყო და 15.5-16 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა.

ტესტირებისთვის გამოყენებული იქნა შემდეგი ჰარდი:

დედა დაფა: Asus Rampage Formula

პროცესორი: Intel Core 2 Duo E8600 @ 4500 Mhz, 1.40V vCore

ოპ. მეხსიერება: 2X1 GB MSC CellShock DDR2 PC-8500 Dual Channel

ვიდეო დაფა: nVidia GeForce 6200 TC 256 MB

კვების ბლოკი: Inter-Tech CobaNitroX 750 Watts

როგორც ხედავთ, პროცესორი ოვერქლოქირებულია 4500 მჰც სიხშირეზე და გამოყენებულია 1.40 ვოლტი ძაბვა ბირთვისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს პროცესორს 4500 მჰც სიხშირის მისაღწევად გაცილებით დაბალი ძაბვა სჭირდებოდა, მაგრამ ტესტირებისთვის დიდი სითბოგამოყოფა იყო საჭირო. 4500 მჰც და 1.40 ვოლტი ამ დაბალ-VID-იანი (1.18 ვოლტი) პროცესორისთვის საკმარისია, რომ სიცხის გამომყოფ მანქანად გადაიქცეს და მაღალი დონის სტრეს ტესტად გამოდგეს თანამედროვე გაგრილების სისტემებისთვის.

რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, პროცესორის დატვირთვისთვის გამოვიყენეთ Prime 95-ის Small FFT ტესტი. ტესტს ეთმობოდა 5 წუთი ე.წ. heat up პერიოდისთვის და შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში ტემპერატურის მონიტორინგი ხდებოდა CoreTemp-ის საშუალებით.

რაც შეეხება ტემპერატურას დაუტვირთავ, IDLE რეჟიმში, აქ საქმე ცოტა რთულადაა. ბოლო DI სესიის შემდეგ ჩვენს E8600-ს სენსორები 29 და 21 გრადუსზე გაეყინა. ამ მაჩვენებლების ქვემოთ სენსორები ტემპერატურას ვეღარ ზომავენ, ზემოთ კი არაა პრობლემა :)

პროცესორის IDLE რეჟიმში 29 გრადუსს ქვემოთ ჩამოყვანა ვერ შეძლო მხოლოდ Quiet რეჟიმში მომუშავე CoolIT Domino A.L.C.-მ. ამ დროს IDLE ტემპერატურა 34 გრადუსი იყო. დანარჩენ რეჟიმებში ორივე ქულერმა პროცესორი დაუტვირთავ რეჟიმში 29 გრადუსს ჩამოაცილეს.

ტესტირების შედეგები

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე შეგიძლიათ იხილოთ ტესტირების შედეგები - პროცესორის ტემპერატურა მაქსიმალური დატვირთვის რეჯიმში:

resultsvt4.png

ესეც მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურები:

result2mr1.png

დასკვნა

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ CoolIT Domino A.L.C. პროცესორის გაგრილებისთვის სითხეს იყენებს, უკვე 2 წლის Thermalright Ultra-120 eXtreme კვლავ ძალიან ძლიერია. Quiet რეჟიმში Domino A.L.C.-ს წარმადობა Ultra-120 eXtreme-თან შედარებით საკმაოდ დაბალია და სხვაობა 15 გრადუსს შეადგენს! აღსანიშნავია, რომ ამ რეჟიმში სისტემაში სითხის ტემპერატურა 34 გრადუსი იყო (იხ. სურათი).

09022009167.jpg

Performance რეჟიმში CoolIT-ის ქმნილება წარმადობას უმატებს და ამავე დროს ხმაურით არ გვაწუხებს. ჩვენ 24/7-ზე სამუშაოდ ამ მოწყობილობისთვის სწორედ Performance რეჟიმს ვუწევთ რეკომენდაციას. ამ რეჟიმში წარმადობა საკმაოდ კარგია და არც ვენტილატორი შეგაწუხებთ თავისი არსებობით. რაც შეეხება Full რეჟიმს - ამ დროს CoolIT Domino A.L.C.-ს წარმადობა უკეთესია Ultra-120 eXtreme-თან შედარებით, მაგრამ კომპრომისის ხარჯზე - 2900 ბრუნი/წთ სიჩქარით მბრუნავი ვენტილატორის ხმაურის დონე თითქმის 40 დეციბელია, და ძალიან არასასიამოვნოა ყურისთვის. თუმცა, ამ რეჟიმის გამოყენება უპრობლემოდაა შესაძლებელი ბენჩმარკებისა და რეკორდებისთვის. აღსანიშნავია, რომ Full რეჟიმში Domino A.L.C.-ს სისტემაში წყლის ტემპერატუა 19 გრადუსი ცელსიუსი იყო. ადვილი მისახვედრია, რომ უკეთესი წყლის ბლოკისა და უფრო ძლიერი წყლის ნაკადის შემთხვევაში, Domino A.L.C. გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევდა. თუმცა, ძალიან რთულია, ასეთი რამ 79$-იანი წყლის გაგრილების სისტემისგან მოითხოვო მაშინ, როცა Hi-End წყლის ბლოკები, Swiftech Apogee GTZ და Koolance CPU-350AT 69 და 79$ ღირს, შესაბამისად :)

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ გარკვეული მიზეზების გამო წყლის გაგრილებაზე ვერ გადადიხართ, Thermalright Ultra-120 eXtreme შესანიშნავი არჩევანია. იგი უპრობლემოდ მოემსახურება თქვენს პროცესორს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში. მაღალი დონის, ეფექტური დიზაინის მქონე რადიატორი კარგი წარმადობის მქონე ვენტილატორებთან ერთად მშვენიერ წარმადობას უზრუნველყოფს. ერთადერთი, რამაც ამ ქულერის დაყენებისგან შეიძლება თავი შეგაკავებინოთ, მისი სიმაღლეა. Ultra-120 eXtreme, სამწუხაროდ, არ ეტევა პატარა კეისებში.

რაც შეეხება, CoolIT Domino A.L.C.-ს, მართალია, იგი წარმადობით ვერ უტოლდება ჰაერის გაგრილების მეფეს მისაღები ხმაურის დონის რეჟიმებში, მაგრამ მას აქვს რამდენიმე დიდი პლუსი, რაც საშუალებას გვაძლევს, რეკომენდაცია გავუწიოთ Domino A.L.C.-ს. პირველი, რამაც შეიძლება წყლის გაგრილებაზე გადასვლის სურვილი გაგიჩინოთ, ესაა ინტერესი სიახლისადმი :) მეორე და უფრო მნიშნველოვანი, ესაა თავისუფალი სივრცე პროცესორის სოკეტის გარშემო. Thermalright Ultra-120 eXtreme საკმაოდ დიდი ზომისაა და ჰორიზონტალურად დაყენების შემთხვევაში ადვილად ფარავს ოპ. მეხსიერების სლოტებს. ეს პრობლემა უფრო აქტუალური AMD-ს სისტემებისთვისაა. ამ შემთხვევაში, წყლის გაგრილების სისტემა საუკეთესო გამოსავალია - გაგრილების სისტემის წარმადობა საკმაოდ მაღალია და პროცესორის სოკეტის გარშემოც უამრავი თავისუფალი ადგილი ჩნდება. CoolIT Domino A.L.C.-ს დადებით მხარედ მისი წარმადობაც ითვლება, რომელიც სხვა Entry-Level გამზადებულ წყლის გაგრილების სისტემებთან შედარებით უკეთესია (მაგ, Domino A.L.C.-ს წარმადობა უკეთესია, ვიდრე იგივე Thermaltake Bigwater 750/760-ისა).

All in all, როგორც Thermalright Ultra-120 eXtreme, ასევე CoolIT Domino A.L.C., ორივე ძალიან კარგი გაგრილების სისტემაა. რომელს აირჩევთ, თქვენი ნებაა, საჭიროებისა და ფინანსებიდან გამომდინარე. ჩვენ ორივეს ვუწევთ რეკომენდაციას!

P.S. რაც შეეხება Push-Pull რეჟიმს Domino ALC-ზე - ამ მეთოდს მივმართეთ მაშინ, როცა Domino Full რეჟიმზე გვქონდა ჩართული. სამწუხაროდ, ტემპერატურებში სხვაობა ვერ მივიღეთ :( ასევე სამწუხაროდ, დრო აღარ გვეყო, რომ Push-Pull-ი დაგვეტესტა Performance და Quiet რეჟიმებში, სადაც სავარაუდოდ იქნება მოგება ტემპერატურებში :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.