ვინც მეტ-ნაკლებად ადევნებთ თვალს ფოტოინდუსტრიას, გეცოდინებათ, რომ ნელ-ნელა იზრდება დიდსენსორიანი კომპაქტური კამერების რიცხვი. დიდ სენსორში მოიაზრება არა 1/1.7", არამედ ისეთი ფორმატის სენსორი, რომელსაც იყენებენ ჩვეულებრივ სარკიან კამერებში. მაგალითისთვის, მსგავსი კამერების პიონერი Sony იყენებს APS-C ფორმატის სენსორს (23.4x15.6მმ), მეორე პიონერი - Olympus იყენებს 4/3 ფორმატის სენსორს (17.5x13მმ) და ა.შ. მსგავსი სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთ-ერთ წინა თემაში გაგაცანით (კერძოდ Micro 4/3 ქვეთავში). ორიოდე კვირის წინ კომპანია Pentax-იც შეუერთდა მაღალი დონის კომპაქტური კამერების მწარმოებელთა რიგებს და მომხმარებელს წარუდგინა "Pentax K-01":
აღსანიშნავია, რომ K-01-მდე რამდენიმე თვით ადრე ფირმამ გამოუშვა Pentax Q, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციებით კი არის მაღალი დონისა, მაგრამ აღჭურვილია მხოლოდ 1/2.3" ფორმატის სენსორით, რომელიც ჩვეულებრივი კომპაქტური კამერის სენსორზე არაფრითაა უკეთესი და მთლად გადასარევ ფოტოებს ვერ მოგცემთ. სხვა რომ არაფერი, ამ სენსორიან კამერაში 630$-ის გადაყრა ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როცა იმავე ფასად ბევრად უკეთეს მოდელს იშოვით. ჰოოდა სწორედ ამ შეცდომის გამოსასწორებლად შეიქმნა Pentax K-01. ახალი კამერა APS-C ფორმატის სენსორით იქნება აღჭურვილი, ექნება ცვლადი ოპტიკა და რაც მთავარია, ოპტიკა Pentax-ის სტანდარტულ "Pentax KAF2" ბაიონეტს მოიხმარს:
ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ყოველგვარი გადამყვანის გარეშე შეეძლება მოარგოს თავის კომპაქტურ კამერას პროფესიონალური ოპტიკის მსგავსი ასორტიმენტი:
და რათქმაუნდა ამ ფოტოზე ყველა ლინზა სულაც არაა მოყვანილი, Pentax KAF2 ბაიონეტთან ათწლეულების მანძილზე გამოსული ათასზე მეტი სხვადასხვა მოდელის ლინზაა თავსებადი
"მაღალპროფესიონალურ" Pentax K-5-თან შედარებით K-01 კომპაქტურად გამოიყურება:
თუმცა მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო დაპარატავებასაც არაფერი უჭირდა.
კამერის მთავარ ღირსებათა შორისაა:
ალუმინის ჩარჩოიანი კორპუსი, რომელიც სამ ვარიანტში გამოვა (შავი, თეთრი და ყვითელი).
თავსებადია "K" სერიის ბაიონეტის მქონე ათასზე მეტ ლინზასთან.
16-მეგაპიქსელიანი APS-C ფორმატის სენსორი Pentax-ის განთქმულ პროცესორთან ერთად მოგცემთ ფოტოს გამორჩეულ ხარისხს, ყოვლად უვარგისი განათების პირობებშიც კი (ISO მგრძნობელობის დიაპაზონი 100-256000-ია. 25600-ისა რა გითხრათ, მაგრამ ISO 1600-ზედაც ძალიან სუფთად იღებს Pentax).
3-დუიმიანი 921000 პიქსელიანი დისპლეი.
1080p@30fps FHD და 720p@60fps HD ვიდეოგადაღების საშუალება.
Pentax-ის მიერ წლების მანძილზე გამოცდილი მტვრის გაწმენდის ფუნქცია "სენსორის წანაცვლებით" (რომელიც მართალია ისეთი კარგი ვერაა, როგორც Olympus-ის Supersonic wave drive, მაგრამ მაინც აკეთებს საქმეს).
მიყოლებითი ფოტოგადაღება 6 fps სიჩქარით.
სხვა დადებით მხარეებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ RAW ფორმატში გადაღების საშუალება, ფოკუსის ხელით გასწორება, Aperture, Shutter და Manual რეჟიმში გადაღება, სტერეომიკროფონი (თუმცა დინამიკი "მონო" აქვს ) და "C" ტიპის Mini HDMI მაერთებელი.
კამერა სულ მალე გამოვა გაყიდვაში, უკვე შესაძლებელია მისი წინასწარ შეკვეთა (Pre-order). ფასები კი ასეთია:
კორპუსი (შავი/თეთრი/ყვითელი) - 750$
კორპუსი და 40მმ-იანი ლინზა - 900$ (ცნობისთვის, ცალკე ლინზა 250$ ღირს)
კორპუსი და 18-55მმ + 50-200მმ ლინზებიანი "კომბო" - 1000$ (ცნობისთვის, 18-55მმ ცალკე 100$, ხოლო 50-200მმ - 200$ ღირს)
გმადლობთ ყურადღებისთვის :)