Magdalena Posted April 26, 2022 Posted April 26, 2022 კომპანია ASUS-მა ZenBook სერიის ლეპტოპების ასორტიმენტი შეავსო ორი ახალი მოდელით, ესენია ZenBook S 13 OLED და ZenBook Pro 15 Flip OLED. პირველ მათგანს აქვს AMD-ის უახლესი პროცესორები და გრაფიკა, მეორეს კი - მე-12 თაობის Intel Core ჩიპები და Arc Alchemist ვიდეო დაფები. ფოტოს წყარო: ASUS მოდელ ZenBook S 13 OLED-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 16:10, გაფართოება - 2880 × 1800 პიქსელი, რეაქციის დრო 0.2 მილიწამი და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელი დაფარულია დამცავი საფარით Corning Gorilla Glass NBT. ლეპტოპს საფუძვლად უდევს Rembrandt სერიის, Zen 3+ არქიტექტურის მქონე 6-ნანომეტრიანი ჩიპი Ryzen 7 6800U. ეს გახლავთ 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 2.7 გჰც სიხშირით, რომელსაც შეუძლია 4.7გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ჩიპში მხარდაჭერილია DDR5 მეხსიერება და ASUS აქტიურად იყენებს ამ მახასიათებელს. ლეპტოპს აქვს LPDRR5-6400 სტანდარტის 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. პროცესორის შემადგენლობაში აგრეთვე მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე აგებული ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Radeon 680M 12 გამომთვლელი ბლოკით, რომელიც 2.2 გჰც სიხშირეზე მუშაობს. ASUS ZenBook S 13 OLED ZenBook S 13 OLED-ის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია NVMe PCIe 4.0 SSD 1 ტბ მოცულობით და 6500 მბ/წმ ჩაწერის სიჩქარით, აუდიოსისტემა Harman Kardon, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, აგრეთვე უსადენო სტანდარტი Wi-Fi 6E. ლეპტოპს აქვს სამი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ყველაფერი თავმოყრილია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ მსუბუქ კორპუსში, რომლის წონა 1 კილოგრამია. კომპანიის განცხადებით 67 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას. ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED ZenBook Pro 15 Flip OLED-ს საფუძვლად უდევს 15-ბირთვიანი და 20-ნაკადიანი Intel Core i7-12700H ჩიპი ექვსი მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით. მაღალი წარმადობის ბირთვის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 4.7 გჰც-ს, ენერგოეფექტურისა - 3.5 გჰც. მოდელ ZenBook Pro 15 Flip OLED-ს ასევე აქვს LPDDR5 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მუშაობს უფრო დაბალ, 4800 მჰც სიხშირეზე. ლეპტოპის გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია უახლესი დისკრეტული ამაჩქარებლით Intel Arc A370M, რომელსაც აქვს 6 Xe ბირთვი, 6 ბლოკი რეითრეისინგისთვის და 6 გბ GDDR6 მეხსიერება. ASUS-ის თქმით ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Intel-ის რამდენიმე ვიდეო დაფით. სავარაუდოდ, საუბარი ეხება ნაკლები წარმადობის Arc 350M მოდელებს ან ინტეგრირებულ Iris Xe-ს, როგორც ვარიანტებს. NVMe მყარი დისკის მოცულობა იქნება 1 ტერაბაიტამდე, სიჩქარე 3200 მბ/წმ, რაც ZenBook S 13 OLED მოდელის მაჩვენებლის ნახევარია. ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED ZenBook Pro 15 Flip OLED-ს აქვს 180 გრადუსით მბრუნავი დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9, გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით. ლეპტოპში აგრეთვე წარმოდგენილია ინფრაწითელი ვებ-კამერა, კლავიატურა ერთზონიანი RGB-განათებით, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ორი პორტი Thunderbolt 4 (Type-C), ერთი HDMI 2.0 და Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერა. ლეპტოპი იწონის 1.8 კგ-ს და აქვს 96 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ორივე ლეპტოპში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro, მხარდაჭერილია სტილუსი ASUS Pen 2.0. მოწყობილობების ღირებულება და გამოშვების დრო ჯერ არ გამოცხადებულა. https://tinyurl.com/2p9dsnhp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.