Magdalena Posted December 4, 2021 Posted December 4, 2021 Google მზად არის გამოუშვას ახალი პროდუქტის კატეგორია საკუთარი ბრენდის ქვეშ. Business Insider-ის ცნობით საძიებო გიგანტი მუშაობს სმარტ-საათზე სახელწოდებით Pixel Watch, რომლის წარდგენას მომავალ წელს გეგმავს. Google-ის შიდა დოკუმენტების თანახმად მოწყობილობა, რომლის კოდური დასახელებაა Rohan, Pixel სმარტფონების მსგავსად კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს შესთავაზებს საძიებო გიგანტის უახლეს პროგრამულ და აპარატულ პლატფორმებს. დღესდღეობით Google სმარტ-საათების პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის მესამე მხარეს, მაგრამ ჯერ არ წარუდგენია საკუთარი მოწყობილობა ამ კატეგორიაში. Google-ის ბრენდირებული სმარტ-საათები საძიებო გიგანტს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Apple-ს, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა Apple Watch-ით, რომელიც ბაზარზე უკვე მეშვიდე თაობის მოწყობილობით არის წარმოდგენილი. ცნობილია, რომ Apple Watch-ისგან განსხვავებით Google-ის სმარტ-საათები მრგვალი იქნება და არ ექნება ჩარჩო ეკრანის ირგვლივ. Apple-ის მოწყობილობების მსგავსად მათშიც წარმოდგენილი იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი მოწინავე შესაძლებლობები. მიმდინარე წელს პროექტ Rohan-ზე მუშაობა დაჩქარდა. Google-მა განვითარების გუნდის გარეთ მყოფ ადამიანებსაც კი მისცა საშუალება, გამოეცადათ მოწყობილობა და გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები მის შესახებ. კომპანიის დოკუმენტების თანახმად ერთ-ერთი ასეთი სესია ნოემბერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია სმარტ-საათის საბოლოო სახელი. Google-ის შიდა დოკუმენტებში სახელწოდებად ფიგურირებს Pixel Watch და Android Watch. Google-ს დიდი გეგმები აქვს თან სატარებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით. იანვარში კომპანიამ გარიგების შედეგად 2.1 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა Fitbit, რომელმაც განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში აპირებს Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობის შექმნას. თუმცა ცნობილია, რომ Google სმარტ-საათ Rohan-ს გაყიდის საკუთარი ბრენდის და არა Fitbit-ის სახელით. ცნობილია, რომ სმარტ-საათები Rohan აღჭურვილი იქნება პულსის მზომით და შემოგვთავაზებენ ჯანმრთელობის მონიტორინგის ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად გავლილი ნაბიჯების დათვლა. ერთ-ერთ დოკუმენტში Google მას აღწერს როგორც მოწყობილობას, რომელიც მოსახერხებელი იქნება მოსახლეობის 90%-ისთვის. აგრეთვე ცნობილია, რომ Google შემოგვთავაზებს დაპატენტებულ მოსახსნელ სამაჯურებს საათებისთვის. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ზომაში. Google-ის შიდა შეხვედრების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საათი მომავალ წელს გამოვა. თუკი ტესტირების ბოლო რაუნდი წარმატებით ჩაივლის, მოწყობილობა ბაზარზე გაზაფხულზე გამოვა. Google-ის პირველი საათები ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ საძიებო გიგანტმა პროექტი მოწყობილობის დაგეგმილ ანონსამდე ცოტა ხნით ადრე გააუქმა. ამის ნაცვლად კომპანიამ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა გარე მწარმოებლებისთვის სმარტ-საათების პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიწოდებაზე. https://tinyurl.com/2p86jkfm Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.