შოთა ნიშნიანიძე
ხარი
აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,
სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა,საცერა თვალები!
წარმართმა გხატე კლდეებზე, ათასმისნური ქარაგმით
და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.
ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი
და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრბის ჭაპანი.
აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,
რომ ქართველს აბჯარ გაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.
სისხლს ღვრიდნენ გუთნის დედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,
გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.
ჩემო ერთგულო წიქარა, ჩემო უთქმელო ღვინია,
უხსოვარ დროდან თქვენს პატრონს მიქვითინ-მიღიღინია.
აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,
საწყალო ბელად ბღაოდი, როგორც მოხუჩი მამაო.
ცხადში ხო მყავდი მეგობრად შემშველებიხარ ზღაპარშიც,
ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.
ფერზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,
დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში.
ძეობა იყო-გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,
ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.
ქორწილი იყო... ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.
ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით...
დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები...
გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა
ხარივით მსმელი ვაჟკაცი-ხარითვალა და ხარქედა.
ნეთავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა-ხარივით გამწევი, მამულის გასახარისად.
ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი.
ჩემი პატარა ქვეყბისთვის მეც ვიყო ხარისოდენი გიორგი ლეონიძე
მეცამეტე საუკუნე
მოჰქრის ურა ცხენი
მონგოლური დაღით,
და ზედ შავი თარაქამა
ვერ უსწორებს აღვირს.
და კალია მჭამელი
უკან სვეტად მისდევს,
მუზარადის მტვერით
დაბნელებულ მინდვრებს!
ვერ უძლებენ მთები
მულიდების ყივილს;
საყვირებით ზურნით
დროშების ტყე წივის...
ბრწყინავს თათრის ხმალი,
ბრწყინავს თათრის ჩალმა,
მოდის ჩინგიზ-ხანი!
გზა გაცეცხლა ალმა!...
**
ხვალ ნახავთ კალიებს-
მინდვრის დალაქებს,
გაშანთულ მიწის ქერქს,
დათხრილ ქალაქებს...
მდინარეს შემწვარს,
მდუღარე გიშერს,
შანგას, შარვანშას,
მხარდაკრულს, შიშველს!
ხვალ ნახავთ სახლებზე
ღრიანკალს, ბუს,
დამდნარ გალავნებს,
გოგირდის ბურს,
მოედნებზე აზელილ თმას და ტვინს,
აჩეხილ ფალავნებს...
ცხენის ქაჩაჩში ჩარჩენილ თავთავს,
უზანგში - მტევანს,
ვენახში - სამარეს...
ნაფუძრებს - თეთრი ძვლით მოთესილს,
მეწყერებს,
ტრამალებს,
ტრამალებს. ..
ხვალ ნახავთ, სისხლით აივსება
წყაროზე ტაგანი
და ვერცხლით ნაჭედ
იატაგანით -
კეთრით,
ბუგრით ივლის -
მხარგრძელი ანგელოზი,
მონგოლური ანგელოზი
დაადგება თბილისს.
ქალაქის გულს დაბეჭდავს,
გულში სიკვდილს დათესს
და ქართლი განკვართული -
ნაპრალებში,
მღვიმეებში
ჩააყენებს ნათელს!