ჩემ მიერ შეპირებული ფოტოგადაღების გიდის პირველი თავი პეიზაჟებს ეძღვნება, რადგან ამ ტიპის ფოტოები ყველაზე "ხელმისაწვდომია" აპარატურის მხრივ (არ საჭიროებს ფოტოსტუდიას, ძვირადღირებულ კამერას და ა.შ.) და შესაბამისად - ყველაზე გავრცელებული. მაგრამ მეორეს მხრივ, თუ დაუკვირდებით, ბოლოს როდის ნახეთ ისეთი პეიზაჟის ფოტო, რომელმაც აღგაფრთოვანათ? ან რომელიც დაგამახსოვრდათ?.. დიდი ხნის წინ? საერთოდ არ გინახავთ?.. ე.ი. არც ისე ადვილი ყოფილა კარგი პეიზაჟის გადაღება. მოდით, "მეცნიერულად" განვიხილოთ პეიზაჟის გადაღების ძირითადი პრინციპები.
ა) როგორი კამერით გადავიღოთ? ნუ დაღონდებით, თუ პროფესიონალური კამერის იღბლიანი მფლობელი არ ბრძანდებით - სარკიანი კამერა სულაც არ ნიშნავს მაღალი დონის ფოტოებს. აიღეთ თქვენი სასაპნე ან ჰიბრიდი და ჩააჩხაკუნეთ. 3-4-ჯერადი ზუმი სავსებით საკმარისია პეიზაჟის გადასაღებად. თუ უფრო დიდი ზუმი გჭირდებათ, სჯობს ახლოს მიხვიდეთ გადასაღებ ობიექტთან . სასურველია კამერას სხვა თუ არაფერი, Aperture priority რეჟიმი მაინც ჰქონდეს.
ბ) რა ობიექტივით გადავიღოთ?/პერსპექტივა ზემოთ ზუმი ვახსენე. ახლა ცოტა დაწვრილებით გეტყვით: ფოტოინდუსტრიაში ცალკე ცნებაც კია - "პეიზაჟის ობიექტივი" (Landscape Lens). თანამედროვე SLR-ებში მსგავსი ოპტიკა 10-40მმ დიაპაზონშია მოქცეული (მოკლე ფოკუსური მანძილი = ხედვის ფართო კუთხეს), Full Frame კამერებს შესაბამისად 24-60მმ-იანი ლინზები აქვთ. ანუ ფაქტობრივად პეიზაჟისთვის "კიტ" ლინზაც "წავა". რათქმაუნდა არსებობს უფრო სპეციალიზებული ოპტიკა, ხედვის კიდევ უფრო ფართო კუთხით, ან სულაც "თევზის თვალის" ტიპის (რომელსაც მე პირადად მუღამს ვერ ვუჭერ). რათქმაუნდა შეიძლება სცადოთ პეიზაჟის გადაღება ტელეფოტო ("დიდზუმიანი", გრძელფოკუსიანი, ანუ რაც 100მმ-ს ზევითაა) ოპტიკით, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ პერსპექტივის მომენტი. შედარებისთვის, მარცხენა ფოტო გადაღებულია ჩემი აპარატით 102მმ ფოკუსურ სიგრძეზე (რაც კიტ ლინზის ნომინალურ ფოკუსს 7-ჯერ აღემატება). ხოლო მარჯვენა ფოტო გადაღებულია 19მმ ფოკუსით (ნომინალურზე ოდნავ მეტია). კადრში მოქცეულია უფრო მეტი დეტალი, კოლონები ნელ-ნელა პატარავდება და გეუბნებათ, რომ კადრში დიდი "სიღრმეა" მოქცეული მაშინ, როცა მარცხენა ფოტო ფაქტობრივად ბრტყელია. უფრო მოკლე ფოკუსით რომ გადამეღო, გამოჩნდებოდა, რომ მთას აქვს გარკვეული მოცულობა, რომ მთის ქვეშ რაღაც-რაღაცები არის და ნახატივით დაბრტყელებული აღარ გამოვიდოდა. მგონი მიმიხვდით, რასაც ვამბობ:
რათქმაუნდა გრძელფოკუსიანი ლინზითაც შეიძლება გარკვეულწილად "მოცულობითი" გამოსახულების მიღება, მაგრამ მაშინ წინა და უკანა პლანზე არსებულ ობიექტებს შორის ტონალური სხვაობა უნდა იყოს, დაახლოებით ისე, როგორც ამ ფოტოზეა (42მმ-ზე გადაღებული, კროპით 75-მდე აყვანილი, ნომინალურს 5.5-ჯერ აღემატება):
გ) რა დროს გადავიღოთ?
მინდა ორი სიტყვით ამ თემასაც შევეხო. გავრცელებული მოსაზრებით, პეიზაჟის გადასაღებად იდეალური დროა დილა და საღამო. ამ დროს მზის სხივები დაბალი კუთხით ეცემა დედამიწას, ფერთა გამაც განსხვავებულია (შერბილებული, ყვითელში გარდამავალი), რაც განსხვავებულ ელფერს სძენს ფოტოს. ძალიან წამგებიანია შუადღე, გინდ მზიანი იყოს (მონოტონურად განათებული, საჭირო იქნება განსაკუთრებულად ეფექტური კომპოზიციის მოძებნა, რომ ფოტო კარგი გამოვიდეს), გინდ მოღრუბლული (აქვს გამართლება, თუკი ფონად ღრუბლებს ავიღებთ. რათქმაუნდა გარკვეული ტექსტურა უნდა ჰქონდეს). სამაგიეროდ შედარებით ეფექტური შეიძლება გამოვიდეს ცვალებადი ამინდი, ღრუბლებით, პატარა "გამონათებებით" და ა.შ.
ძალიან პოპულარულია მზის ჩასვლის გადაღება. თითქმის ყველა ცდილობს გადაიღოს მსგავსი ფოტო, თუმცა თითქმის ყველას ავიწყდება, რომ ეფექტური მზის ჩასვლა მაშინ გამოდის, როდესაც თბილი ტონები მინიმალურია.
მოცემულ ფოტოზე დაახლოებით 40-45% "სითბოა". ეფექტურ ფოტოზე კი "სითბო" მაქსიმუმ 20-25% უნდა იყოს (დაახლოებით ისე, როგორც Battlefield 3-ის ვოლფეიფერებზეა ხოლმე ). ასევე ეცადეთ გაითვალისწინოთ, რომ რაც უფრო დაბლაა მზე, მით უფრო ლამაზად გამოიყურება საერთო ჯამში ფოტო.
დ) სურათის კომპოზიცია. "კომპოზიცია" ამ შემთხვევაში არა მუსიკას, არამედ ფოტოზე ობიექტების სპეციფიურ განლაგებას გულისხმობს კომპოზიციურად ფოტო ცხრა ნაწილად იყოფა, აი ასე:
ჰორიზონტალური დანაყოფები ქმნის ჰორიზონტის "კანონიკურ" ხაზებს. გრაფიკის მიხედვით, ჰორიზონტი შეიძლება იყოს "ზედა" და "ქვედა". ისეთი ჰორიზონტი, რომელიც ფოტოს შუაგულში გადის, არც ისე ეფექტურია ხოლმე (თავიდან ეს ტყუილი მეგონა, მაგრამ ერთწლიანმა სტაჟმა დამიმტკიცა, რომ ეს სიმართლეა). ამ ფოტოზე "ზედა ჰორიზონტი" გვაქვს:
ამაზე კი - ქვედა:
რათქმაუნდა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ჰორიზონტის ხაზით ზუსტად შუაზე გაყოფილი პეიზაჟებიც კარგი გამოდის, მაგრამ ძირითადად ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმე წყალში არეკვლასთან გვაქვს, მაგალითად როგორც ამ ფოტოზეა:
სასურველია ფოტოს წინა და უკანა პლანს შორის მანძილი სხვაობა იგრძნობოდეს. როგორც წესი საამისოდ მისწრებაა წინა პლანზე რამე ისეთი ობიექტის განთავსება, რაც უკანა პლანზე რომ იყოს გაცილებით პატარა იქნებოდა. ეს ხრიკი ფოტოს "მოცულობას" ანიჭებს და "ბრტყელი" აღარ ჩანს. აი მაგალითად ბრტყელი პეიზაჟი ეს არის:
კი ვიცით, რომ წინ ბალახია, უკან კი ვიღაცის მიერ თავის ხოშზე აშენებული "სასახლე", მაგრამ ეს "წინ" და "უკან" ერთმანეთისგან ფაქტობრივად არ განირჩევა. ახლა ამ ფოტოს შევხედოთ:
საბაგიროს ერთი ვაგონი უფრო პატარაა, ვიდრე მეორე. ეს გვაფიქრებინებს, რომ ერთი ვაგონი წინაა, მეორე კი უკან, შორს. ან კიდევ:
ბატონი გათი სურათს უღებს ბოტანიკურის ჩანჩქერს. რათქმაუნდა ჩანჩქერის გვერდით რომ იდგეს, უფრო პატარა იქნებოდა. ესე იგი ჩემკენ უფრო ახლოს დგას...
ე) სურათის ტონები. შეიძლება ჭ-ხარისხოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის, თუ რა ტონებშია ფოტო გადაწყვეტილი, სერიოზულ გავლენას ახდენს ფოტოზეც და მის მომზირალზეც (ფერი კომპოზიციურ გადაწყვეტაზე არანაკლებ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე). მაგალითად, ეს არის ნათელ ტონებში გადაწყვეტილი ფოტო:
იდეაში ასეთი ფოტო დამამშვიდებლად უნდა მოქმედებდეს ადამიანზე (რათქმაუნდა იმ ბედშავებზე არა, ვინც მაღლივში სწავლობს ). მსგავსი ფოტოს გადაღებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არ დაიკარგოს ფოტოს ისედაც ბაცი დეტალები. ამ ფოტოზე ღრუბლები არ არის, მაგრამ სხვა შემთხვევაში, როდესაც ღრუბლიანი ცაა, შეიძლება ფოტოს გაღიავებით დაიკარგოს ღრუბლების კონტური და სულ ამოთეთრდეს, რაც წამგებიანია.
რაც შეეხება მუქ ტონებში შესრულებულ ფოტოს:
ძირითადად მუქ ტონებში გადაწყვეტილი ფოტოები "ღამეულია" ხოლმე, თუმცა არსებობს დღისით გადაღებული მუქი ფოტოებიც. რათქმაუნდა საუბარი არ მაქვს ისეთ ფოტოებზე, რომელთაც განათება/ექსპოზიცია დააკლდათ და ამიტომ (ან სხვა რამე მიზეზის გამო) ჩაბნელდნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ღამით ბუნების გადაღებას აზრი არ აქვს - შავ ფოტოს მიიღებთ თუმცა საკმაოდ ეფექტური შეიძლება გამოვიდეს საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ გადაღებული ფოტო (სამწუხაროდ არ მაქვს ასეთი).
მართალია ღამით გადაღებას ცალკე თემა მინდა მივუძღვნა, მაგრამ ამავე თემაში მინდა დავძინო, რომ ღამით გადაღებისას სასურველია აკონოტროლოთ თეთრი ფერის ბალანსი (White Balance). ყველაზე ეფექტურად გამოიყურება ფოტო, სადაც ცისფერი და ყვითელი ტონალობები ერთადაა ხოლმე.
მაღალკონტრასტული ფოტო:
ასეთ ფოტოებში ხშირია სრულიად ნათელი და სრულიად ბნელი არეების "მეზობლობა". კარგად გადაღებული (კარგად გადაღებული და არა ეს ნაგავი!) კონტრასტული ფოტო საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ძირითადი პრობლემა აქ ნათელსა და ბნელს შორის არსებული ნახევარტონების დაკარგვაა - ფოტოზე ბლომად გექნებათ სულ თეთრი და სულ შავი ზონები. თუმცა თუ საკმაო გამოცდილება გაქვთ, შეიძლება ამასაც აარიდოთ თავი.
ვ) კონტრაჟური. კონტრაჟური გადაღების ისეთ პირობებს ეწოდება, როდესაც მზე ობიექტივს "უყურებს". ამ დროს დიდი ალბათობით შეიძლება წარმოიქმნას მაღალკონტრასტული ფოტო (თუმცა არცაა სავალდებული). კონტრაჟურში გადაღებისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ როდესაც მზე კადრში ხვდება, უნდა გამოიყენოთ "MC" (Multi-Coated) ლინზები. ისინი ფოტოს მზის "ათინათისგან" იცავენ. შედარებისთვის, ქვედა მაგალითზე მარცხენა ფოტოები MC ლინზითაა გადაღებული, მარჯვენა კი - ჩვეულებრივით:
ფოტოს მოწოდებისთვის დიდი მადლობა გათის.
აგრეთვე კარგია ბლენდის (Lens Hood) და სპეციალური ფოტოფილტრების გამოყენება. კამერის სენსორის დაცვისთვის სასურველია, თუკი მზეს მაინცდამაინც ფოტოს ცენტრში არ მოვაქცევთ და თუ ზაფხულია და ცხელა, საერთოდ მოვერიდებით მსგავს გადაღებას. თუმცა, როგორც იტყვიან, "ჩიტი ბრდღვნად ღირს", საპირისპირო განათებისას ბევრი ისეთი რამ ჩნდება, რაც ჩვეულებრივ პირობებში "უხილავია". მაგალითად აბლაბუდა (ჰო კარგი, "ობობას ქსელი"):
წყალი, ნებისმიერი სახით, იქნება ეს შხეფები, ნისლი თუ სხვა რამ:
ერთი სიტყვით, მეტი შემოქმედებითობის საშუალება გეძლევათ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენს დროში, როცა ყოველ მეორეს "პროფესიონალი" აქვს გადაკიდებული და ხახადაფჩენილი მგელივით ეძებს საკბილოს
ზ) რა ვქნათ იდეების ნაკლებობისას? ეს კითხვა ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად მაწუხებს (გიდის დაწერაც მაგის გამო განვიზრახე ). საერთოდ ამას ვერავინ გავექცევით. ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, მას ნელ-ნელა (საუბედუროდ) ბეზრდება ის, რასაც აკეთებს. რაღაც დროის შემდეგ მიხვდებით, რომ თქვენ გარშემო ყველაფერი გადაიღეთ, დღის ყველა საათში, წელიწადის ყველა დროს გადაიღეთ და აღარ იცით რა ქნათ. სწორედ ამ დროს უნდა აიღოთ კამერა და ისევ შეუდგეთ ყველაფრის გადაღებას, მაგრამ ამჯერად შეეცადოთ კადრში ყველაფერი კიარა, მინიმალური რაოდენობის ობიექტი მოხვდეს. რაც ნაკლები - მით უკეთესი!
საერთოდ პეიზაჟებში მინიმალიზმი გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა დანარჩენ ფოტოებში, რადგან როგორც კი რომელიმე კადრს აირჩევთ, მიხვდებით, რომ ეს პეიზაჟი კიარა, სხვა რამეა, მაგალითად არქიტექტურული დეტალი, მაკროგადაღება და ა.შ. მაგრამ სავარჯიშო მაინც გაგიჩნდებათ და შეიძლება "მუღამიც" კი დაგიბრუნდეთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ რაც ამ პატარა თემაში დავწერე, დოგმა სულაც არ არის. ანუ არ არის სავალდებულო მაინცდამაინც ისე გადაიღოთ, როგორც მე გითხარით - იმპროვიზაცია სასურველიცაა და აუცილებელიც!
შემდეგ თემებში ვისწავლით, როგორ გადავიღოთ წყალი, პორტრეტი, მაკტოფოტოგრაფია. ასევე როგორ გადავიღოთ ღამით. ამის შემდეგ რა იქნება, აღარ ვიცი, მერე მოვიფიქრებთ ერთად, რათქმაუნდა თუ დაინტერესტებით და მარტო მშრალ "მაგარი თემაა"-ს არ დაწერთ.
P.S. თემაში გამოყენებულ ფოტოებს არ აქვთ არანაირი პრეტენზია მხატვრულ ღირებულებაზე და გთხოვთ ავტორს ნუ გალანძღავთ.
P.P.S. ერთ-ერთი მომდევნო თემის - "პორტრეტული გადაღების" დასაწერად მჭირდება სტატისტი, ვისაც გადავუღებ ფოტოს. გთხოვთ შემეხმიანეთ
walkman შენ არ ჩამოხვალ ვიცი
გმადლობთ ყურადღებისთვის!