Jump to content

Recommended Posts

Posted

Lenovo-მ დააანონსა ტრანსფორმერი ლეპტოპი Yoga Book 9 (13IMU9), რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ორი დისპლეი. გარდა ამისა, მას აქვს Bluetooth კლავიატურა, ასევე შესაძლებელია სტაილუსის გამოყენება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

Yoga 9 Book-ს აქვს ორი 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. თითოეული მათგანის გაფართოებაა 2.8K, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, 400 კდ/²-მდე სიკაშკაშე და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. პანელბს აქვს Eyesafe Certified 2.0, Dolby Vision, VESA DisplayHDR True Black 500 სერტიფიკატები და სენსორული მართვის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ლეპტოპის აპარატული საფუძველია პროცესორი Intel Core Ultra 7 155U ინტეგრირებული გრაფიკით Intel Arc. ტრანსფორმერი ლეპტოპის მაქსიმალურ კომპლექტაციას აქვს 32 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის NVMe SSD. მოწყობილობასთან ურთიერთქმედებისთვის გამოიყენება Bluetooth-კლავიატურა Yoga Book 9 KB და საფირმო სტაილუსი Lenovo Digital Pen 3. 

image.jpeg 

ლეპტოპის აუდიო ქვესისტემა შედგება Bowers & Wilkins-ის ოთხი დინამიკისაგან: ორი მათგანია დაბალი სიხშირის დინამიკი 2 ვატი სიმძლავრით და ორი - მაღალი სიხშირის დინამიკი ასევე 2 ვატი სიმძლავრით. მხარდაჭერილია Dolby Atmos და Smart Amplifier (AMP) ტექნოლოგიები. წინა მხარეს განთავსებულია ორი მიკროფონი და 5-მეგაპიქსელიანი კამერა IR სენსორით. მხარდაჭერილია Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 80 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა USB Type-C-ის საშუალებით 65 ვტ-მდე სწრაფი დატენვის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

კომპანიას Yoga Book 9-ს გაყიდვაში გამოსვლის დრო და ფასი ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. 

  • 4 weeks later...
Posted

IDC-მ გამოაქვეყნა ანგარიში გასულ წელს გლობალური დესკტო და ლეპტოპების ბაზრის კვლევის საფუძველზე. ანალიტიკოსების შეფასებით კომპიუტერების მიწოდება 2023 წელს 8.8%-ით შემცირდა 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს შედეგი იყო მეორე უდიდესი პროცენტული ვარდნა მას შემდეგ, რაც IDC-მ დაიწყო ბაზრისთვის თვალყურის დევნება 2008 წელს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay 

მთლიან 2023 წელს მიწოდების კლების მიუხედავად ვითარება დასტაბილურება დაიწყო წლის შუა პერიოდში, ხოლო მეოთხე კვარტალში მიწოდების მოცულობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.1%-ითაც კი გაიზარდა. „2023 წელი უდავოდ რთული იყო მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ დავასრულეთ წელი გარკვეული პოზიტივით და უკეთესი მომავლის იმედით“, - განაცხადა IDC-ის ანალიტიკოსმა ჯეი ჩოუმ (Jay Chou). 

image.png 

ფოტოს წყარო: IDC 

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ წარმატებული ბოლო კვარტალი, სხვა რიგ ფაქტორებთან ერთად, მიუთითებს ბაზრის მოსალოდნელ აღდგენაზე, რაც უფრო შესამჩნევი იქნება 2024 წლის მეორე ნახევარში. გრძელვადიან პერსპექტივაში ამას ხელს შეუწყობს, მაგალითად, Windows 10-ის სასიცოცხლო ციკლის დასასრულის მოახლოება, რომლის მხარდაჭერა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მთელ მსოფლიოში ორგანიზაციებს მოუწევთ Windows 11-ზე გადასვლა, რაც ნიშნავს, რომ კომპიუტერის შესყიდვები გაიზრდება. ახალი პროცესორების მქონე მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენა, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ამოცანების შესასრულებლად ოპტიმიზირებული და გრაფიკული ამაჩქარებლებით, ასევე ხელს შეუწყობს კომპიუტერებზე მოთხოვნის ზრდას. 

 

 
 

ფოტოს წყარო: IDC 

Dell აგრძელებს ლიდერობას გლობალურ ბაზარზე კომპიუტერების მიწოდებაში. 2023 წლის მეოთხე კვარტალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის კომპიუტერების მიწოდების უმნიშვნელო შემცირების მიუხედავად კომპანია დარჩა სეგმენტის ლიდერად მთელი 12 თვის განმავლობაში. შემდეგი ლიდერი HP-ია, რომელმაც 2023 წლის მეოთხე კვარტალში შესამჩნევად გაზარდა მიწოდება. სამეულს ავსებს Lenovo, რომლის წილი მეოთხე კვარტალში 11%-ით გაიზარდა. 

IDC-ის პროგნოზით 2024 წელს კომპიუტერების მიწოდება 5.2%-ით გაიზრდება. პოზიტიური დინამიკა სავარაუდოდ გაგრძელდება 2025 წელსაც. ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2025 წელს კომპიუტერების მიწოდება გლობალურ ბაზარზე კიდევ 7.9%-ით გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ზრდა შენელდება 2025 წლის ბოლოს, როდესაც დასრულდება Windows 11-ზე გადასვლა. 

  • 3 weeks later...
Posted

Razer-მა გამოაცხადა განახლებულ გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 18-ის (2024) გაყიდვების დაწყება. ახალ ლეპტოპში წარმოდგენილია Intel-ის მძლავრ პროცესორ Raptor Lake Refresh სერიიდან და ვარიანტის სახით აქვს 4K გაფართოების და 200 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე დისპლეი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Razer 

მოწყობილობა წარმოდგენილია 21.99 მმ სისქის ალუმინის შავ ან ვერცხლისფერი კორპუსით. Razer Blade 18 (2024) დამყარებულია 5.8 გჰც-მდე სიხშირის მქონე 24-ბირთვიან და 32-ნაკადიან Intel Core i9-14900HX-ზე. 

ლეპტოპს ვარიანტების სახით ექნება 32 გბ DDR5-5600 ან 64 გბ DDR5-5200 ოპერატიული მეხსიერება. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ორი NVMe PCIe 4.0 დისკი თითო 2 ტბ მოცულობით. გრაფიკულ ქვესისტემად შესაძლებელია აირჩიოთ GeForce RTX 4060 ან GeForce RTX 4070 8 გბ GDDR6 მეხსიერებით, GeForce RTX 4080 12 გბ მეხსიერებით ან ფლაგმანურGeForce RTX 4090 16 გბ მეხსიერებით. 

image.jpeg 

ხელმისაწვდომი ვარიანტების სახით შემოთავაზებულია Razer Blade 18-ის (2024) სამი ტიპის 18-დუიმიანი ეკრან: 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით და კადრის განახლების სიხშირით 240 ჰერცი; 2560 × 1600 პიქსელი გაფართოებით, მინი-LED განათებით და განახლების სიხშირით 300 ჰერცი; 4K გაფართოებით (3840 × 2400 პიქსელი) და განახლების სიხშირით 200 ჰერცი. ეს უკანასკნელი პირველად არის შემოთავაზებული ლეპტოპებში. ყველა ეკრანგვერდების თანაფარდობა 16:10. 

image.jpeg 

ლეპტოპის კლავიატურას აქვს RGB განათება თითოეულ კლავიშზე. მოცემულია აუდიო სისტემა ექვსი დინამიკი და სამი გამაძლიერებლით, ასევე შემოთავზებულია Wi-Fi 7-ისა და Bluetooth 5.4-ის არჩევით მხარდაჭერა. ლეპტოპს აქვს 5-მეგაპიქსელიანი ინფრაწითელი კამერა Windows Hello ავტორიზაციის სისტემის მხარდაჭერით, სამი USB 3.2 Gen2 Type-A პორტი, ერთი Thunderbolt 4 (USB 3.2 Gen2 Type-C) 100 ვატამდე ალტერნატიული დამუხტვის ფუნქციით და DisplayPort. 1.4, რომელსაც შეუძლია დააკავშიროს Nvidia-ს გარე გრაფიკული ბარათი, ერთი USB 3.2 Gen2 Type-C 100-ვატიანი დამუხტვის ფუნქციით. ხელმისაწვდომია 2.5-გიგაბიტიანი ქსელის ადაპტერი, HDMI 2.1, UHS-II მეხსიერების ბარათის წამკითხველი და 3.5 მმ აუდიო კონექტორი. 

image.jpeg 

Razer Blade 18-ის (2024) ზომა 21.90 × 275.40 × 399.90 მმ, წონა 3.1 კგ. ავტონომიურ რეჟიმში ლეპტოპი იკვებება 91.7 ვტ/სთ მოცულობის ბატარეით. კომპლექტში შედის GaN-დამტენი 280 ან 330 ვატი სიმძლავრით - ლეპტოპის კონფიგურაციის შესაბამისად. 

Razer Blade 18-ის ფასი (2024) იწყება 3099.99 აშშ დოლარიდან ან 3599.99 ევროდან. ახალი პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში - Razer.com. ლეპტოპი ასევე მალე იქნება ხელმისაწვდომი ავტორიზებულ გადამყიდველებში. 

Posted

კომპანია Asus-მა წარადგინა Vivobook S სერიის ახალი ლეპტოპები, ასევე უფროსი მოდელი Zenbook 14 OLED (UM3406). OLED დისპლეების გარდა ლეპტოპებში წარმოდგენილია Intel-ის და AMD-ის უახლესი პროცესორები, ასევე გამოყოფილი კლავიში Microsoft Copilot AI ასისტენტის გამოსაძახებლად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Asus 

მოსალოდნელია, რომ უახლესი პროცესორები უზრუნველყოფენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებ უკეთეს წარმადობას ხელოვნური ინტელექტის თანაპროცესორის წყალობით, ასევე გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობას, გეიმინგ წარმადობას და უპირატესობას სხვა ამოცანებში. ახალ ლეპტოპებს აქვს კლავიატურაზე გამოყოფილი კლავიში Copilot, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად მიიღოთ წვდომა Microsoft-ის AI-ასისტენტზე Windows 11-ში. 

Vivobook S სერიაში შედის ლეპტოპის სამი ვარიანტი, რომელთა დისპლეი დიაგონალია 14-დან 16 დუიმამდე და წარმოდგენილია Intel-ის პროცესორები Core Ultra 9-მდე. Asus ასევე გამოუშვებს მოდელს 16-დუიმიანი დისპლეით და AMD Ryzen 8040 სერიის პროცესორით. 14-დუიმიან Vivobook S-ს აქვს OLED პანელი 120 ერცი კადრის განახლების სიხშირით უფრო დინამიური ანიმაციისთვის. უფრო დიდ მოდელებს აქვთ პანელები, რომლებზე მხარდაჭერილია 3.2K გაფართოება. 

რაც შეეხება Zenbook 14 OLED-ს (UM3406), იგი ხელმისაწვდომია AMD Ryzen 7 8840HS პროცესორის მქონე ვერსიაში, აქვს 14-დუიმიანი OLED პანელ60 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. Vivobook S-ის მსგავსად Zenbook 14 OLED-ს აქვს USB Type-C, HDMI 2.1 ინტერფეისი და 3.5 მმ აუდიო კონექტორი. microSD ბარათის წამკითხველი მოწყობილობა ხელმისაწვდომი არ არის. 

ყველა ახალ ლეპტოპს აქვს Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე აუდიოსისტემა და Asus ErgoSense კლავიატურები რეგულირებადი RGB განათებით. Vivobook S ლეპტოპები საწყისი ფასია 749 აშშ დოლარი, ხოლო Zenbook 14 OLED-ის (UM3406) 1000 აშშ დოლარი. 

Posted

Lenovo ემზადება Qualcomm Snapdragon X Elite პროცესორზე დაფუძნებული Yoga Slim 7 14 ლეპტოპის გამოსაშვებად. ახალი მოწყობილობის სურათები სოციალურ ქსელ X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: X / WalkingCat 

Snapdragon X Elite ჩიპი Qualcomm-მა ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში წარადგინა. ცნობილია, რომ ბევრი მწარმოებელი დაინტერესებული ახალი Snapdragon X Elite პროცესორით და გეგმავს მასზე დამყარებული გადაწყვეტილებების გამოშვებას. ზოგიერთი სისტემა უკვე დაფიქსირდა ბენჩმარკ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში, მაგრამ არავის უნახავს ამ ლეპტოპების ფოტოები. აქამდე Qualcomm-მა აჩვენა ახალ ჩიპზე აგებული მხოლოდ რეფერენსული პლატფორმები. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, Lenovo იქნება ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც გამოუშვებს მინიმუმ ერთ ლეპტოპს Snapdragon X Elite პროცესორით. ეს იქნება Yoga Slim 7 14 2024 Snapdragon Edition. 

image.jpeg 

ფოტოების წყაროს არ გაუზიარებია მომავალი ახალი ლეპტოპის ტექნიკური მახასიათებლები. თუმცა, მოწყობილობის სურათების მიხედვით ვიმსჯელებთ, Yoga Slim 7 14 2024 Snapdragon Edition-ის კლავიატურას აქვს გამოყოფილი კლავიში Microsoft Copilot AI ბოტის გამოსაძახებლად. Snapdragon X Elite აღჭურვილია ძლიერი AI ძრავით (NPU), რომელიც აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობას. 

image.jpeg 

Qualcomm განაცხადა, რომ Snapdragon X Elite-ზე დამყარებული პირველი მოწყობილობები გამოჩნდება მიმდინარე წლის შუა რიცხვებში. სავარაუდოდ, მათი ანონსი შედგება Computex 2024 ელექტრონიკის გამოფენის პერიოდში, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება. ასევე არსებობს ალბათობა, რომ Snapdragon X Elite-ზე დაფუძნებული პირველი მოწყობილობების ანონსი შეიძლება მოხდეს მაისში დაგეგმილ Microsoft-ის ღონისძიებაზე. 

Posted

Counterpoint Research-ის მონაცემების თანახმად კომპიუტერების გლობალური მიწოდება დაახლოებით 3%-ით გაიზარდა 2024 წლის პირველ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზედიზედ რვა კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, რაც გამოწვეულია მოთხოვნის შენელებისა და მარაგების კორექტირებით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა წელს 3%-ით გაიზრდება 2023 წელთან შედარებით, რაც გამოწვეულია ხელოვნური ინტელექტის მიმართ მომხმარებელთა ინტერესით და ბიზნეს აქტივობის აღდგენით სხვადასხვა სექტორში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: unsplash.com 

მოსალოდნელია, რომ მწარმოებელი კომპანიები 2024 წლის მეორე ნახევარში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპიუტერებს მთავარ პროდუქტად განიხილავენ, რადგან ნახევარგამტარი კომპონენტების მწარმოებელი კომპანიები აანონსებენ უფრო მაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტის მქონე ამაჩქარებლებს. Counterpoint Research პროგნოზირებს, რომ ერთი წლის განმავლობაში გაგზავნილი ახალი ლეპტოპების 45%-ზე მხარდაჭერილი იქნება ხელოვნური ინტელექტი. კომპანიის ანალიტიკოსები თვლიან, რომ "გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე ლეპტოპების მიწოდება და მიღება დაჩქარდება 2025-2026 წლებში ახალი გენერაციული AI-ფუნქციების გაჩენით და ჩიპების მწარმოებლების ახალი პროცესორული პლატფორმების მხარდაჭერით." 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Research 

ხუთი უმსხვილესი ბრენდის რეიტინგი უცვლელი დარჩა გასულ წელთან შედარებით, Lenovo და Acer რჩებიან ყველაზე წარმატებულ მწარმოებლებად მიწოდების ზრდის თვალსაზრისით. Lenovo-ს კომპიუტერების მიწოდება გაიზარდა 8%-ით 2024 წლის პირველ კვარტალში 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ბრენდმა დაიკავა ბაზრის 24%-იანი წილი - 1 პროცენტით მეტი 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. HP-ის და Dell-ის საბაზრო წილები, 21% და 16% შესაბამისად, უცვლელი დარჩა. Apple-მა დააფიქსირა კომპიუტერების და ლეპტოპების მიწოდების 2%-იანი ზრდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო M3 პროცესორების მქონე საბაზის მოდელებით. 

 

Posted

Lenovo ThinkPad P1 Gen 7 მობილური სამუშაო სადგური გახდა პირველი ლეპტოპი ახალი LPCAMM2 ფორმ-ფაქტორის მეხსიერება, რომელიც არის SODIMM მოდულების მემკვიდრე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: lenovo.com 

Lenovo ThinkPad P1 Gen 7 სამუშაო ლეპტოპი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის. ის მუშაობს Intel-ის უახლესი თაობის ჩიპებზე - Core Ultra 9 185H-მდე; და ინტეგრირებული გრაფიკის გარდა, შეიძლება წარმოდგენილი იყოს Nvidia GeForce RTX 4060/4070 დისკრეტული გეიმინგ ვიდეო ბარათით ან პროფესიონალური Nvidia RTX 1000/2000/3000 Ada Generation ბარათით. გარდა ამისა, Lenovo აღნიშნავს, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი ლეპტოპი LPCAMM2 მეხსიერებით. ის იკავებს 64%-ით ნაკლებ ადგილს კორპუსში და მოიხმარს 61%-ით ნაკლებ ენერგიას SODIMM-თან შედარებით, რადგან იყენებს LPDDR5X ჩიპებს ჩვეულებრივი DDR5-ის ნაცვლად. 

image.jpeg 

LPCAMM2 ლეპტოპის მეხსიერების სტანდარტის შემქმნელია Dell. პირველად CAMM (Compression Attached Memory Module) მოდულები გამოყენებული იქნა Dell Precision 7670 მოდელში 2022 წელს. 2023 წელს კომპანიამ თავისი განვითარება გადასცა JEDEC-ს, ორგანიზაციას, რომელიც ადგენს მეხსიერების ტექნოლოგიების სტანდარტებს. სექტემბერში JEDEC-მა დაამტკიცა LPCAMM2 სტანდარტი და Samsung-მა და Micron-მა გამოიჩინეს ინტერესი. სიჩქარის, ეფექტურობისა და ფიზიკური ზომის უპირატესობების გარდა LPCAMM2 უზრუნველყოფს ერთი მოდულის მუშაობის შესაძლებლობას ორარხიან რეჟიმში. ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ახალი მეხსიერების მოდულები დამოუკიდებლად SODIMM-ის მსგავსად. 

ახლა უნდა დაველოდოთ Lenovo ThinkPad P1 Gen 7 მიმოხილვას - ისინი აჩვენებენ, არის თუ არა LPCAMM2 ნამდვილად ეფექტური. ასევე შემოწმდება Micron-ის განცხადება, რომ ლოდინის რეჟიმში ახალი მეხსიერება ენერგმოხმარებას 80%-ით ამცირებს. 

  • 3 weeks later...
Posted

გავრცელდა Dell-ის შიდა დოკუმენტები, სადაც შედარებულია Intel-ის პროცესორებზე დამყარებული XPS 13 ლეპტოპებ მომავალ ვერსიასთან, რომელიც წარმოდგენილია პროცესორი Snapdragon X Elite. Dell-ის ტესტირების მიხედვით Qualcomm-ის ჩიპის მქონე ლეპტოპის ბატარეის ავტონომიური მუშაობის დრო ვიდეოს გაშვების დროს 68-98%-ით იზრდება Intel-ის უახლესი თაობის პროცესორებთან შედარებით. თავად Qualcomm ამტკიცებს, რომ ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 43%-ით იზრდება Intel Core Ultra პროცესორებთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

Qualcomm Snapdragon X პროცესორების მომავალი სერიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იქნება მათი ენერგოეფექტურობა და, შედეგად, მათზე აგებული ლეპტოპების ბატარეის ავტონომიურობის დრო. ARM-ზე დაფუძნებული პროცესორები დააწესებენ ენერგოეფექტურობის ახალ სტანდარტ, რამაც საფუძვლიანი შეშფოთება უნდა გამოიწვიოს AMD-სა და Intel-ისთვის. 

Dell-ის შიდა ტესტებიდან ჩანს, რომ Snapdragon X-ზე მომუშავე ლეპტოპები უზრუნველყოფენ ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას 16.8-დან 29.6 საათამდე ეკრანის ტიპის მიხედვით: FHD+ ვარიანტი მუშაობს 29.6 საათი, QHD ვარიანტი - 21.9 საათი და OLED პანელი - 16.8 საათი. ბატარეის ხანგრძლივობის ზრდა Intel Alder Lake-P ჩიპების მქონე ლეპტოპებთან შედარებით შეადგენს 91%, 98% და 68%-ს, შესაბამისად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

თავად Qualcomm ოფიციალურად აცხადებს 25 საათზე მეტი უწყვეტი დროის განმავლობაში ვიდეოს გაშვების შესაძლებლობას. კომპანიის შეფასებით ვიდეო ლოკალური გაშვებისას ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა 43%-ით გაუმჯობესდა Intel Core Ultra პროცესორების მქონე ლეპტოპებთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm 

ენერგოეფექტურობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი Qualcomm Snapdragon X პროცესორების უპირატესობა მათი ფასია - ისინი ლეპტოპებისა და კომპიუტერების მწარმოებლებს ბევრად ნაკლები დაუჯდებ Intel-ის პროცესორებთან შედარებით. Dell-ის თქმით, Snapdragon X პროცესორით აღჭურვილი XPS 13 ლეპტოპის ღირებულება Intel-ის ვერსიასთან შედარებით შესამჩნევად დაბალი იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

2023 წლის აგვისტოთი დათარიღებული Dell-ის შიდა დოკუმენტი ასახავს Dell XPS 13 Plus ლეპტოპების ხაზის წარმოების გეგმას, კოდური სახელწოდებით Tributo, რომელიც Qualcomm-ის პროცესორებით იქნება წარმოდგენილი. აქედან გამომდინარეობს, რომ Qualcomm-ის ჩიპები კომპიუტერების მწარმოებელს გაცილებით ნაკლები უნდა დაუჯდეს, ვიდრე Intel-ის პროცესორები. წინასწარი შეფასებით 10-ბირთვიან ჩიპ Nuvia-ს (Snapdragon X Plus) მოსალოდნელი ფასი 145 აშშ დოლარ შეადგენდა, ხოლო Core i7-1360P-ის ღირებულება 293 აშშ დოლარია. 

Posted

ონლაინ წყაროების მიხედვით უახლოეს დღეებში სამხრეთკორეული კომპანია Samsung ოფიციალურად წარადგენს თავის პირველ ლეპტოპებს, რომლებიც დამყარებულია Qualcomm Snapdragon X Elite Arm მძლავრ პროცესორებზე. საუბარია Galaxy Book4 Edge და Galaxy Book4 Edge Pro მოდელებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 14- და 16-დუიმიანი დისპლეების მქონე ვერსიების სახით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: winfuture.de 

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია გეგმავს ერთდროულად სამი ახალი ლეპტოპის გამოშვებას. ორ მოდელ ექნება 12-ბირთვიანი X Elite პროცესორი X1P-80-100, რომელიც მუშაობს 4.0 გჰც-მდე სიხშირეზე. კონფიგურაციას დაემატება მინიმუმ 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. ეს მოწყობილობ ხელმისაწვდომი იქნება 14- და 16-დუიმიანი ეკრანები მქონე ვერსიებში. 

image.jpeg 

Galaxy Book4 Edge Pro ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 16-დუიმიანი დისპლეით. მასში მოცემული იქნება Snapdragon X Elite ჩიპის ყველაზე მაღალი წარმადობის ვერსია, კოდური სახელწოდებით X1P-84-100, ეს არის 12-ბირთვიანი პროცესორი 4.2 გჰც-მდე სიხშირით. პროცესორ გამოყენებულია Oryon-ბირთვები და სპეციალურ ხელოვნური ინტელექტის თანაპროცესორ 45 TOPS წარმადობით. ლეპტოპი ასევე მიიღებს 16 გბ ოპერატიუ მეხსიერებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ხელმისაწვდომი იყოს კონფიგურაცია მეტი ოპერატიული მეხსიერებით. 

image.jpeg 

ვიზუალურად Galaxy Book4 Edge და Book4 Edge Pro ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 16-დუიმიანი ლეპტოპები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Arctic Blue ფერში და ექნება დამატებითი ციფრული პანელი გვერდით. ახალი ლეპტოპების დიზაინი წააგავს Samsung-ის ადრეული პრემიუმ ულტრაბუქების იერსახეს. მსგავსი დიზაინი გამოიყენება ლეპტოპის 14-დუიმიან ვერსიაში, მაგრამ ხელმისაწვდომი არ არის დამატებითი ციფრული ბლოკი. 

image.jpeg 

Samsung-ის ყველა ახალ ლეპტოპს ექნება AMOLED დისპლეი, რომელზეც მხარდაჭერილია 3K გაფართოება. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია გამოყენებული ბატარეების სიმძლავრის შესახებ. რაც შეეხება ინტერფეისებს, ცნობილია, რომ წარმოდგენილია ორი USB Type-C პორტი, ერთი HDMI და 3.5 მმ აუდიოკონექტორი. 16-დუიმიან მოდელს აქვს ასევე სრული ზომის USB Type-A ინტერფეისი და microSD ბარათის წამკითხველი. 

image.jpeg 

წყაროს ინფორმაციით Samsung უახლოეს მომავალში დააანონსებს პირველ ლეპტოპებს Arm პროცესორებით. მოსალოდნელია, რომ მათი საცალო ფასი იქნება დაახლოებით 1800 ევრო. 

Posted

HP-მ გადაწყვიტა რადიკალურად შეცვალოს თავისი პროდუქციის დასახელების სქემა - კომპანია უარს იტყვის ლეპტოპების სახელწოდებებზე, როგორებიცაა Pavilion, Spectre და Envy. მათ ჩაანაცვლებს OmniBook და EliteBook სერიები. საინტერესოა, რომ კომპანია უკვე იყენებდა ბრენდი OmniBook, მაგრამ დიდი ხნის წინ - ამ დასახელების ლეპტოპები იწარმოებოდა 1993 წლიდან 2002 წლამდე. EliteBook ბრენდი არ არის ახალი - ამ დასახელებით 2008 წლიდან გამოდის ბიზნეს ლეპტოპები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: HP 

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა Microsoft-ის მიერ ახალი თაობის Copilot Plus PC ლეპტოპის კონცეფციის გამოშვების ფონზე. HP იყო ახალი თაობის კომპიუტერების პირველ მწარმოებლებს შორის, რომელმაც წარადგინა OmniBook X AI და EliteBook Ultra G1q AI ლეპტოპები. ორივეს დებიუტი ახალი სახელწოდების სისტემის მიხედვით შედგა. HP ახლა გამოიყენებს Omni ბრენდს სამომხმარებლო პროდუქტებისთვის და Elite-ს - კორპორატიული პროდუქტებისთვის. თითოეული მიმართულება დაიყოფა Book (ლეპტოპებისთვის), Studio (AIO კომპიუტერებისთვის) და Desk (დესკტოპისთვის) სერიებად. გარდა ამისა, სამომხმარებლო პროდუქტები ხელმისაწვდომი იქნება 3, 5, 7, X და U (Ultra) სერიებში, ხოლო კომერციული პროდუქტები - 2, 4, 6, 8, X და Z სერიებში. 

image.jpeg 

ომპანიამ გადაწყვიტა განეხორციელებინა ეს ცვლილება, „რადგან ხელოვნური ინტელექტის გამოთვლები სწრაფად გარდაქმნის პერსონალურ გამოთვლით გარემოს [და] მათ დაინახეს შესაძლებლობა, გამოეყენებინა რთული ტექნოლოგია და საოცრად მარტივი გზით გადმოეცათ იგი“. საწყის ეტაპზე Qualcomm Snapdragon X პროცესორებზე დამყარებულ ლეპტოპებს ახალი სახელები ჰქონდა, რასაც მოჰყვა AMD-ის და Intel-ის ჩიპებზე აგებული კომპიუტერები. 

HP უარს იტყვის კომპიუტერების არსებულ სერიებზე: ნახევრად პროფესიონალურ Spectre-ზე, პრემიალურ Envy-ზე, ბიუჯეტურ Pavilion-სა და მოწინავე ბიზნეს პროდუქტებზე - Dragonfly. ქვებრენდ HP Omen-ს, რომლის მიხედვით კომპანია გეიმინგ პროდუქტებს აწარმოებს, ცვლილებები არ შეეხება. 

  • 3 weeks later...
Posted

Windows-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები, მათ შორის Auto SR გაფართოების ტექნოლოგია, არ არის ექსკლუზიური კომპიუტერებისთვის, რომლებიც წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon X Elite პროცესორებით. Intel Lunar Lake და AMD Strix Point ჩიპები ასევე აღჭურვილია მძლავრი NPU-ებით, რომლებიც საჭიროა მათი მუშაობისთვის. ამ პროცესორებზე დამყარებული კომპიუტერები გაყიდვაში გამოვა შემოდგომაზე და მათ ექნებათ დასახელება Copilot Plus PC. თუმცა, Qualcomm ჩიპებზე არსებული სისტემებისგან განსხვავებით, არავინ იძლევა გარანტიას, რომ ისინი მიიღებენ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების მხარდაჭერას გაყიდვების დაწყებისთანავე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

The Verge-ის თანახმად, რომელიც Intel-ის, AMD-ისა და Nvidia-ს წარმომადგენლებს ესაუბრა, ახალ Core Ultra და Ryzen AI პროცესორებზე დაფუძნებული სისტემები მოითხოვენ Windows-ისთვის პროგრამული განახლებების დაყენებას, რაც მათ Microsoft-ის Copilot Plus AI ფუნქციების მხარდაჭერ უზურნველყოფს. თუმცა, უცნობია, გამოვა თუ არა ეს განახლებები მიმდინარე წლის ბოლომდე. 

Intel Lunar Lake-სა და AMD Strix Point-ზე დაფუძნებული სისტემები აკმაყოფილებს Windows 11 AI კომპიუტერის და ჩვენს Copilot Plus PC-ის აპარატული უზრუნველყოფის მოთხოვნებს. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ Intel-თან და AMD-თან, რათა მათი სისტემები წარმოდგენილი იყოს Copilot Plus ფუნქციებით უფასო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მეშვეობით, როდესაც ისინი ხელმისაწვდომი გახდება,” - განაცხადა Microsoft-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჯეიმს ჰოუელმა The Verge-სთვის განცხადებაში. 

Lunar Lake მიიღებს მხარდაჭერას Copilot Plus PC ფუნქციების განახლებების მეშვეობით, როდესაც ისინი ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა Intel-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თომას ჰანაფორდმა საპასუხოდ. 

დრე The Verge-თან საუბრისას Nvidia-ს წარმომადგენლებმა მსგავსი რამ განაცხადეს: „ეს Windows 11 AI კომპიუტერები მიიღებენ უფასო განახლებებს Copilot Plus ფუნქციებით, როდესაც ეს განახლებები მზად იქნება“. 

AMD-ის წარმომადგენელმა Matthew Hurwitz-მა ჟურნალისტებთან საუბარში ვერ დაადასტურა, რომ მათ პროცესორებზე დაფუძნებული ლეპტოპები გაყიდვების დაწყებისას მიიღებენ Copilot Plus PC ფუნქციებს. „ჩვენ ველით, რომ Copilot Plus ფუნქციები ხელმისაწვდომი გახდება [ჩვენი პროცესორებით მომუშავე ლეპტოპებში] 2024 წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა მან. 

Intel-მა და Microsoft-მა ასევე ვერ დააზუსტეს, გამოჩნდება თუ არა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები Intel-ზე დამყარებულ ლეპტოპებში მიმდინარე წლის ბოლომდე. 

  • 1 month later...
Posted

Lenovo-მ გაყიდვაში გამოუშვა Apple Mac Studio-საპასუხო მოწყობილობა - ThinkCentre neo Ultra, რომელიც ძალიან მცირე ადგილს იკავებს სამუშაო მაგიდაზე, თუმცა კომპაქტური ზომები მიუხედავად შეუძლია მოიცავდეს მეტად მაღალი წარმადობის აპარატურას. ახალ კომპიუტერში შემოთავაზებული იქნება დესკტოპ დისკრეტული გრაფიკული ბარათი Nvidia GeForce RTX 4060 და მე-14 თაობის Intel Core პროცესორები (Raptor Lake) 65 ვატამდე სიმძლავრით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: lenovo.com 

Lenovo ThinkCentre neo Ultra-ზომ 195 x 191 x 108 მმ, შიდა მოცულობ - 3.6 ლიტრი, რის შედეგად იგი მიეკუთვნება Apple Mac Studio-ს ტოლფას კომპაქტურ სამუშაო სადგურების კლასს. Lenovo-ს ახალი პროდუქტი აღჭურვილია 14-ბირთვიანი Intel Core i5-14500-დან 24-ბირთვიან Core i9-14900-მდე პროცესორებით, რომელთა TDP-ის დონეა 65 ვატამდე, ასევე ვერსიები შემოთავაზებულია მსგავს Core T-სერიის ჩიპებზე, რომელთა მოხმარება შემცირებულია 35 ვატამდე. სისტემა იკვებება 350 ვატი ელექტროენერგიით. კორპუსში მოცემულია ოთხი ქულერი კომპონენტების გასაგრილებლად. ხელმისაწვდომია ორი SO-DIMM სლოტი 64 გბ-მდე DDR5-4800/5200/5600 მეხსიერების მხარდაჭერით, ორი სლოტი M.2 2280 PCIe 4.0 x4 დისკებისთვის და ორი დამატებითი M.2 სლოტი: ერთი უსადენო ბარათისთვის, მეორე -AI-ბარათებისთვის". 

image.jpeg 

კომპაქტური Lenovo ThinkCentre neo Ultra სამუშაო სადგურზე მხარდაერილია რვა დისპლეისთან კავშირი და აქვს პორტების ფართო სპექტრი - თუმცა Thunderbolt მათ შორის არ არის, ხოლო დანარჩენს აქვს არაუმეტეს 20 გბ/წმ სიჩქარის მხარდაჭერა. ერთ-ერთია USB 3.2 Gen 2×2 Type-C (20 გბ/წმ), ოთხი USB 3.2 Gen 2 Type-A (10 გბ/წმ), ორი USB 3.2 Gen 1 Type-A (5 გბ/წმ), თითო HDMI 2.1 TMDS და HDMI. 2.1a FRL, ოთხი DisplayPort 1.4a, გიგაბიტური Ethernet პორტი (Intel I219-LM) და კომბინირებული 3.5 მმ აუდიო ჯეკი. ქეისის უკანა მხარეს მოცემულია ადგილი ორი დამატებითი პორტისთვის - ისინი შეიძლება იყოს VGA, DisplayPort, HDMI, USB Type-C ან Ethernet. 

ამჟამად Lenovo ThinkCentre neo Ultra ხელმისაწვდომია ავსტრალიაში 3.299 ავსტრალიური დოლარიდან (2.210 აშშ დოლარიშ). მწარმოებელმა განაცხადა, რომ აშშ-ში ეს მოდელი 1500 აშშ დოლარად გაიყიდება - სავარაუდოდ, საუბარია ვერსიაზე დისკრეტული გრაფიკის გარეშე, რომელსაც ექნება ოთხი ნაკლები ვიდეო გამომავალი პორტი. 

  • 4 months later...
Posted

DigiTimes Research-ის ექსპერტები გარკვეულწილად მოელოდნენ ლეპტოპების მსხვილი მწარმოებლების, როგორებიცაა Dell ან HP Inc, არც თუ ისე ოპტიმისტურ პროგნოზებს. გამოცხადდა, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კალენდარული კვარტალიდან მოსალოდნელია ლეპტოპების მიწოდების თანმიმდევრულ შემცირება მსოფლიო ბაზარზე 3%-ით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

ამავე დროს, მესამე კვარტალში, წყაროს მიხედვით, ლეპტოპების გლობალური მიწოდება თანმიმდევრულად გაიზარდა 5.8%-ით, რამაც შედარებისთვის მაღალი ბაზა შექმნა, რაც არ არის მომგებიანი მეოთხე კვარტლისთვის. მოხსენების ავტორები ლეპტოპების ბაზრის აღმასვლას მესამე კვარტალში უკავშირებენ ხელოვნური ინტელექტის აჩქარების ფუნქციების მქონე ახალ პროცესორებზე აგებული მოდელების გაჩენას, გეიმერების მოთხოვნას და Apple MacBook-ის ახალი მოდელების გამოშვებას. ამავდროულად, კორპორატიულ სეგმენტს მესამე კვარტალში ლეპტოპების მიწოდების განსაკუთრებული ზრდა არ დაუფიქსირებია. 

DigiTimes Research-ის პროგნოზების მიხედვით მთელი წლის განმავლობაში ლეპტოპების მიწოდების მოცულობა მსოფლიო ბაზარზე 5.4%-ით გაიზრდება და 175 მილიონ ერთეულს მიაღწევს. მანამდე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ლეპტოპების ბაზარი მხოლოდ კლებულობდა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში ამ ტიპის მოწყობილობებაზე მოთხოვნა დიდი ხნის განმავლობაში გააჯერა ბაზარი. 

თუ განვიხილავთ ბაზრის ცალკეული მოთამაშეების აქტიურობას, Lenovo-მ მეოთხე კვარტალში უნდა გაამახვილოს ყურადღება ჩინეთში საკუთარ ბაზარზე, მაგრამ ეს არ დაეხმარება კომპანიას თავიდან აიცილოს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოთხოვნის დაცემის უარყოფითი გავლენა. მეორე ადგილისთვის იბრძვის HP Inc. მას, სავარაუდოდ, შეექმნება მოთხოვნის შემცირების პრობლემა საშუალო და ზედა საფასო კატეგორიების მოდელებზე, ასევე კორპორატიულ სეგმენტში. Dell-ს შეუძლია ნოუთბუქების მიწოდება სტაბილურად შეინარჩუნოს, მაგრამ მხოლოდ წინა პერიოდებში დაბალი ბაზის ეფექტის გამო. Dell-ისა და HP Inc.-ის შემთხვევაში DigiTimes Research-ის პროგნოზები ეხება მესამე კალენდარული კვარტლის შედეგებს და ამჟამად გამოქვეყნებული ორივე კომპანიის ანგარიშგება მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს მათ. 

მეოთხე კვარტალში Apple იქნება ლეპტოპების ექვსეულში ერთადერთი მომწოდებელი, რომელიც ზრდას დააფიქსირებს ბაზარზე ახალი თაობის MacBook Pro-ს შემოტანით. როგორც წყარო აღნიშნავს, ტაივანური საკონტრაქტო ლეპტოპების მწარმოებლების წილი შესაბამისი სერვისების გლობალურ ბაზარზე 71.1%-მდე შემცირდება მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის. სხვებთან შედარებით Compal Electronics უკეთესად წარმოაჩენს თავს, ვიდრე ვინმე სხვა, რადგან მისი ორი უმსხვილესი მომხმარებელი დაიწყებს ლეპტოპების წარმოების მოცულობის გაზრდას. 

  • 1 month later...
Posted

მიმდინარე ყოველწლიურ გამოფენა CES 2025-ზე Lenovo-მ რამდენიმე საინტერესო ახალი პროდუქტი წარმოადგინა. ერთ-ერთი მათგანია ლეპტოპი ThinkBook Plus Gen 6 Rollable, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების ლეპტოპი ზედა მიართულებით გაფართოებადი ეკრანით და მოწინავე ხელოვნურ ინტელექტზედაფუძნებული ტექნოლოგიების მხარდაჭერით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ThinkBook Plus Gen 6 Rollable არის კონცეპტუალური ლეპტოპის ლოგიკური გაგრძელება ზედა მიმართულებით გაფართოებად ეკრანით, რომელიც Lenovo- პირველად 2023 წელს წარადგინა. სტანდარტულ მდგომარეობაში ლეპტოპ 14-დუიმიანი დისპლეი აქვს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაფართოება, რის შედეგად ეკრანის დიაგონალი 16.7 დუიმამდე გაიზრდება. 

image.jpeg 

ეკრანის სრულად გახსნა შესაძლებელია სპეციალურ ღილაკზე დაჭერით ან ლეპტოპის კამერაზე შესაბამისი ჟესტიკულაციის გამოყენებით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს თითქმის 50%-ით მეტ დამატებით სივრცეს ეკრანზე. ეკრანის ზომის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობის მიუხედავად ლეპტოპის კორპუსი 19.9 მმ სისქისაა, ხოლო წონა - მხოლოდ 1.7 კგ. 

image.jpeg 

ლეპტოპი შექმნილია უნივერსალურობის დონის ზრდის უზრუნველსაყოფად - იგი ტრადიციული მოწყობილობის პორტატულობას აერთიანებს უფრო დიდ მოდელებში არსებულ გაფართოებულ სამუშაო სივრცესთან. ფუნქცია ThinkBook Workspace აძლიერებს გაფართოებული ეკრანის გამოყენებადობას გაყოფილი ეკრანის ინსტრუმენტებსა და სპეციალურ ვიჯეტებზე წვდომის უზრუნველყოფით - ხშირად გამოყენებულ აპლიკაციებზე სწრაფი წვდომისთვის. ლეპტოპის უჩვეულო ვერტიკალური ორიენტაცია, მწარმოებლის თქმით, ხელს უწყობს მომხმარებლის სხეულის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სტრესის შემცირებას ხანგრძლივი მუშაობის დროს. 

image.jpeg 

ThinkBook Plus Gen 6 Rollable-ს აქვს OLED დისპლეი განახლების სიხშირით 120 ჰერცი და მაქსიმალური სიკაშკაშით - 400 კდ/მ². პანელი უზრუნველყოფს DCI-P3 ფერების გამის 100%-იან დაფარვას. 

image.jpeg 

 
Lenovo-ს ახალი ლეპტოპი მიეკუთვნება Copilot+PC მოწყობილობების კლასს. იგი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა კონფიგურაციაში Intel Core Ultra პროცესორებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი დონის წარმადობას AI-ზე მომუშავე ამოცანების შესრულებისას, თანაც ენერგოეფექტურობის შენარჩუნებით. გრაფიკული დამუშავებისთვის მოცემულია ინტეგრირებული ამაჩქარებელი Intel Arc. მოწყობილობას ექნება სხვადასხვა მოცულობის ოპერატიული და შიდა მეხსიერება. კონსტრუქციაში ასევე შედის Wi-Fi 7 უსადენო კომუნიკაციის მოდული და Thunderbolt 4 ინტერფეისი. 

image.jpeg 

image.jpeg 

Lenovo ThinkBook Plus Gen 6 Rollable ხელმისაწვდომი გახდება 2025 წლის პირველ კვარტალში. მისი საცალო ფასი 3499 აშშ დოლარიდან დაიწყება. 

  • 2 months later...
Posted

Acer - სიახლეები

  • Power_VANO changed the title to Acer - სიახლეები
Posted

Acer-მა წარადგინა MacBook Air-ის ალტერნატივა - 999-გრამიანი Go Air ლეპტოპი Intel Core-ით 

Acer-მა წარმოადგინა ახალი 14-დუიმიანი ლეპტოპი Go Air, რომელიც განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ Windows ოპერაციული სისტემის საფუძველზე კომპაქტური და მსუბუქი, პორტატული სისტემა. ამ ეტაპზე მოწყობილობა მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, მაგრამ მოგვიანებით სხვა ბაზრებზეც გამოჩნდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ithome.com 

ლეპტოპი წარმოდგენილია 14-დუიმიანი IPS დისპლეით, რომელზეც მხარდაჭერილია 2240 × 1400 პიქსელი გაფართოება. დიზაინგამოყენებულია სახსრის მექანიზმ, რომელიც საშუალებას იძლევა ზედა ნაწილი გაიხსნას 180°-ზე. გამოყენებული პანელი უზრუნველყოფს sRGB ფერის სივრცის 100%-იან დაფარვას. 

image.jpeg 

Acer Go Air ხელმისაწვდომია სხვადასხვა კონფიგურაციში Intel Core 5 210H ან Core 7 240H პროცესორით. კონფიგურაციაში დამატებულია 32 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მყარი დისკი. ავტონომიურ მუშაობაზე პასუხისმგებელია 60 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. უსადენო კავშირისთვის გამოიყენება Wi-Fi 6 მოდული - უახლესი Wi-Fi 7 სტანდარტი არ არის მხარდაჭერილი. 

image.jpeg 

ლეპტოპის კორპუსი დამზადებულია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისგან,  მოწყობილობის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია. კონსტრუქციაში შედის სამი USB Type-C პორტი, ერთი HDMI 2.0 და ერთი USB 3.2 Gen 1. წარმოდგენილი არ არის Ethernet პორტი, ასე რომ შეუძლებელია მოწყობილობის ინტერნეტთან დაკავშირება სადენის საშუალებით. 

რაც შეეხება ფასს, ჩინეთში Acer Go Air-ის ღირებულება, შერჩეული კონფიგურაციის მიხედვით, 730-დან 785 აშშ დოლარამდე მერყეობს. 

  • 1 month later...
Posted

Asus - სიახლეები

Posted

Asus-მა წარადგინა განახლებული ROG Strix და TUF გეიმინგ ლეპტოპები GeForce RTX 5070 გრაფიკით 1800 აშშ დოლარიდან 

Asus-მა დააანონსა განახლებული ROG Strix გეიმინგ ლეპტოპები, ასევე TUF Gaming A18 და F16, რომლებიც წინასწარი შეკვეთისთვის უკვე ხელმისაწვდომია შერჩეულ ბაზრებზე. ახალი პროდუქტები წარმოდგენილია Nvidia-ს მოწინავე გრაფიკული ამაჩქარებლებით, რომლებზეც მხარდაჭერილია ინოვაციურ ტექნოლოგიებ DLSS 4 და Frame Generation, რაც საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ რეითრეისინგით უფრო ხელმისაწვდომ ფასებში. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: Videocardz 

ჩვენი პროდუქციის ხაზში, რომელთა წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, შედის Intel-ისა და AMD-ის პროცესორებით აღჭურვილი ROG Strix G16 და ROG Strix G18 ლეპტოპები, ასევე განახლებული TUF 16 და ახალი TUF A18, პირველი 18-დუიმიანი TUF გეიმინგ ლეპტოპი. ყველა მათგანი წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს პარტნიორებთან, - ნათქვამია Asus-ის განცხადებაში. 

image.jpeg

ROG Strix G16-სა და G18-ს შესაბამისად 16- და 18-დუიმიანი დისპლეები აქვს. გამოყენებულ პანელებზე მხარდაჭერილია 2560 × 1600 პიქსელი (2.5K) გაფართოება, 240 ერცი კადრის განახლების სიხშირე და 16:10 გვერდების თანაფარდობა. მატრიცის რეაგირების დროა 3 მილიწამი, მხარდაჭერილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg

ლეპტოპები ხელმისაწვდომია სხვადასხვა კონფიგურაციით - Intel Core Ultra 9 275HX, ასევე AMD Ryzen 9 7940HX და Ryzen 9 9955HX პროცესორებით. კონფიგურაციას ავსებს Nvidia GeForce RTX 5070 გრაფიკული ამაჩქარებელი, 32 გბ-მდე DDR5 ოპერატიული მეხსიერება (64 გბ-მდე Ryzen 9 9955HX ჩიპით აღჭურვილი G16-ის შემთხვევაში) და 2 ტბ-მდე მოცულობის მყარი დისკი. კონსტრუქციაში შედის ორი PCIe 4.0 სლოტი მონაცემთა სანახი მოწყობილობებისთვის. Intel-ის პროცესორების მქონე მოდელები წარმოდგენილია PCIe Gen 5 სლოტით. 

გაგრილებას უზრუნველყოფს მოწინავე ტექნოლოგია Ti-Fan, რომელიც გაერთიანებულია დიდ, სრული სიგანის რადიატორსა და პერიმეტრის გარშემო  არსებულ ვენტილაციის ღიობებთან. ენერგიის წყაროა 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. ROG Strix G18 Core Ultra 9 275HX ჩიპით 2500 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Ryzen 9 7940HX ჩიპის მქონე G18 2100 აშშ დოლარი. ROG Strix G16 ლეპტოპი Core Ultra 9 275HX ჩიპი 2400 აშშ დოლარი ღირს, ხოლო Ryzen 9 9955HX ჩიპით წარმოდგენილი მოდელის ფასი 2100 აშშ დოლარია. 

image.jpeg

TUF Gaming A18 პირველი ლეპტოპია ამ ხაზში, რომელსაც 18-დუიმიანი დისპლეი აქვს. მასში ხელმისაწვდომია პანელი 2.5K გაფართოებით, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 500 კდ/² მაქსიმალური სიკაშკაშით. გამოყენებულია 16:10 გვერდების შეფარდების პანელ 100%-იანი DCI-P3 ფერთა სივრცის დაფარვით. 

image.jpeg

ლეპტოპში მოცემულია AMD Ryzen 7 260 პროცესორი, რომელიც GeForce RTX 5070 ვიდეო ბარათის მობილურ ვერსიასთან არის შერწყმული. კონფიგურაციას ავსებს 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება 5600 მჰც სიხშირით და PCIe Gen 4 დისკი 1 ტბ-მდე მოცულობით. გაგრილების სისტემა მოიცავს მეორე თაობის Arc Flow ქულერებს. ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 90 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. მოწყობილობის ღირებულება 1800 აშშ დოლარია. 

image.jpeg

რაც შეეხება TUG Gaming F16-ს, მას აქვს დისპლეი 2.5K გაფართოების მხარდაჭერით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მაქსიმალურ კონფიგურაციაში ლეპტოპი აღჭურვილია Intel Core Ultra 9 275HX პროცესორით და GeForce RTX 5070 გრაფიკული ამაჩქარებლით, ასევე 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 1 ტბ PCIe Gen 4 დისკით. ლეპტოპის საცალო ფასი 2100 აშშ დოლარი იქნება. 

  • 2 weeks later...
Posted

MSI - სიახლეები

Posted

MSI-მ გამოუშვა Claw 8 AI+ გეიმინგ კონსოლის ახალი ვერსია თეთრი ქეისი და 2 ტბ-მდე მეხსიერებით 

გასული წლის ბოლოს MSI-მ წარმოადგინა პორტატული გეიმინგ კონსოლები Claw 8 AI+ და Claw 7 AI+. ახლა მწარმოებელმა გამოუშვა Claw 8 AI+ Polar Tempest Edition-ის ახალი ვერსია, რომელიც დიდად არ განსხვავდება სტანდარტული Claw 8 AI+-ისგან. მოწყობილობის მახასიათებლებით თუ ვიმსჯელებთ, აპარატურული განსხვავება მხოლოდ 2 ტბ-მდე მოცულობის მეხსიერების გამოყენების შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ახალი პროდუქტი წარმოდგენილია თეთრ კორპუსით, რომელსაც ასევე შეიძლება ეწოდოს გამორჩეული თვისება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

Claw 8 AI+ და Claw 7 AI+ კონსოლები აღჭურვილია რვაბირთვიანი Intel Core Ultra 7 258V პროცესორით (ოთხი Lion Core ბირთვი 2.2-4.8 გჰც სიხშირით და ოთხი Skymont ბირთვი -2.2-3.7 გჰც სიხშირით), აქვს ინტეგრირებული Arc 140V გრაფიკ რვა Xe2 ბირთვით და ასევე 32 გბ LPDDR5X-8533 ოპერატიული მეხსიერებ. 

image.jpeg 

ორივე მოწყობილობა უკვე რამდენიმე თვეა იყიდება, მაგრამ ძნელი სათქმელია, რომ ისინი წარმატებით უწევენ კონკურენციას Valve-ს უფრო ოპტიმიზებულ და შედარებით მაღალი წარმადობის მქონე Steam Deck-ს ან Asus-ის მუდმივად მზარდ ROG Ally ხაზის წარმომადგენლებს. ამავდროულად, MSI-ს კონსოლებ წარუმატებლად ვერ მიიჩნევა, თუმცა მათი ძალიან მაღალი ღირებულება (Claw 8 AI+ 899 აშშ დოლარი ღირს) არ აძლევს მათ საშუალებას, ბაზრის მნიშვნელოვანი წილი დაიკავონ. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, MSI ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას თავისი კონსოლის ახალი ფერის მქონე ვარიანტის გამოშვებით და უფრო დიდი მეხსიერების გამოყენების შესაძლებლობის დამატებით. წყაროს ცნობით, მოწყობილობის პრეზენტაციისთვის არანაირი მარკეტინგული კამპანია არ ჩატარებულა და პრეს-რელიზიც კი არ გამოქვეყნებულა. მოწყობილობის ახალი ვერსიის გამოშვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გამყიდველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა. 

image.jpeg 

პორტატული გეიმინგ კონსოლი Claw 8 AI+ Polar Tempest Edition საცალო ვაჭრობაში თვის ბოლოსთვის გამოვა. მისი შეძენა ევროპის რეგიონის ზოგიერთ საცალო მაღაზიაში 1100 ევროდ არის შესაძლებელი. აშშ-ში კონსოლის ფასი 999 აშშ დოლარია. 

  • 2 weeks later...
Posted

Asus-მა წარადგინა GeForce RTX 5060-ზე აგებული გეიმინგ ლეპტოპები  300-400 აშშ დოლარით იაფი RTX 5070 მოდელებთან შედარებით 

Asus-მა განაახლა გეიმინგ ლეპტოპების ხაზი და წარმოადგინა ახალი კონფიგურაციები Nvidia GeForce RTX 5060 ვიდეო ბარათებით, როგორც RTX 5070-ის უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა. ნაკლებად ძვირადღირებულ გრაფიკულ პროცესორზე გადასვლამ ROG Strix, Zephyrus და TUF Gaming სერიების ფასები 300-400 აშშ დოლარით შეამცირა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Asus 

The Verge-ის ცნობით საშუალო კლასის RTX 5060 ვიდეო ბარათი, რომელსაც აქვს DLSS 4 და Multi Frame Generation ტექნოლოგიების მხარდაჭერა, გამოჩნდება მაღალი ხარისხის ROG Strix G16-სა და G18-ში, მრავალფუნქციურ Zephyrus G14-ში, ასევე TUF Gaming A14, A16, A18 და F16 მოდელებში. 

ROG Strix G16 და G18 გამოირჩევა შთამბეჭდავი ზომით და მაღალი წარმადობით. ეს ლეპტოპები აღჭურვილია ეკრანებით, რომელთა დიაგონალი შესაბამისად 16 და 18 დუიმია, აქვთ 2560 × 1600 პიქსელი გაფართოება და 240 ერცი კადრი განახლების სიხშირ. კორპუსი წარმოდგენილიაი RGB განათებით, ხოლო Mini LED მატრიცის ნაცვლად გამოყენებულია IPS პანელები. ლეპტოპები ხელმისაწვდომია როგორც Intel (Raptor Lake Refresh / Arrow Lake), ასევე AMD (Dragon Range / Fire Range) პროცესორებით, 16 ან 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 2 ტბ-მდე SSD მეხსიერებით. მოწყობილობები ასევე აღჭურვილია პორტების ფართო სპექტრით: მოცემულია HDMI 2.1, Ethernet, 3.5 მმ აუდიო კონექტორი, მრავალი USB-A, USB-C და Thunderbolt 4 (კონფიგურაციის მიხედვით). ROG Strix G16-ის ფასი 1499 აშს დოლარიდან იწყება, უფრო მაღალი კლასის ვერსიები კი დაახლოებით 2099 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

Asus ROG Strix G18 

TUF Gaming სერია გაფართოვდა ოთხი მოდელით: A14, A16, A18 და F16. მათშიც გამოყენებულია RTX 5060, მაგრამ აქვთ გამარტივებული მახასიათებლები, როგორიცაა კადრის განახლების შემცირებული სიხშირე (144 ან 165 ჰერცამდე) და A18-ზე ძველი USB 2.0 პორტი. ამან მათ კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნების საშუალება მისცა: TUF A18-ისა და F16-ის ღირებულება 1599 აშშ დოლარი, ხოლო A14-ისა და A16-ის - 1699 აშშ დოლარი. მოდელის მიხედვით გამოყენებული პროცესორებია Intel Core Ultra 9 275HX (Arrow Lake), AMD Ryzen 7 260 (Hawk Point), ასევე ახალი AMD Ryzen AI 7 350 (Kraken Point), რომელმაც უკვე წარმოაჩინა თავი სხვა მოწყობილობებში. 

image.jpeg 

Asus TUF A16 (მარცხნივ) და A14 (მარჯვნივ) 

ცალკე აღსანიშნავია ყველაზე კომპაქტური და უნივერსალური გეიმინგ ლეპტოპის, Asus ROG Zephyrus G14-ის განახლება. 1799 აშშ დოლარად მყიდველი მიიღებს RTX 5060 ვიდეო ბარათს, 14-დუიმიან OLED დისპლეის 2880 × 1800 პიქსელი გაფართოებით და 120 ჰერცი კადრის სიხშირით, AMD Ryzen AI 9 270 პროცესორს, 16 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 1 ტბ SSD-ს და ინტერფეისების თანამედროვე კომპლექტს: ორ USB-A, ერთ USB-C, USB4, HDMI 2.1 და აუდიო ჰაბს. პორტატული დიზაინი მოსახერხებელს ხდის გზაში მუშაობას, თუმცა, როდესაც გრაფიკული პროცესორი სრული დატვირთვის ქვეშაა, დიდი ზომის კვების ბლოკის მიერთების საჭიროება შეიძლება მოუხერხებელი იყოს. 

image.jpeg 

 

Zephyrus G14 

აღინიშნება, რომ RTX 5060-ით წარმოდგენილი ყველა ლეპტოპი სრულად თავსებადია Nvidia DLSS 4 და Multi Frame Generation ტექნოლოგიებთან. ზოგიერთი მოდელის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Asus-ის ონლაინ მაღაზიიდან და შერჩეული საცალო პარტნიორებისგან, ხოლო ყველა კონფიგურაცი სრულად ხელმისაწვდომ ივნისში გახდება. 

  • 2 months later...
Posted

Asus-მა წარადგინა პროფესიონალური ლეპტოპები ExpertBook P3 

Asus-მა დააანონსა ExpertBook P3 სერიის ლეპტოპები, რომლებიც ხელმისაწვდომია 14- და 16-დუიმიანი ეკრანებიით. ეს არის ბიზნესზე ორიენტირებული Copilot+ კლასის კომპიუტერები თანამედროვე პროცესორებით AMD Ryzen AI 7 Pro-მდე. 

image.png 

ფოტოს წყარო: asus.com 

Asus ExpertBook P3 ლეპტოპებს აქვთ მკაფიო, არეკვლის საწინააღმდეგო დისპლეი 2.5K (2560 × 1600 პიქსელი) გაფართოებით და 144 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. SSD- დაკავშირებითსვის მოცემულია ორი სლოტი: M.2 2280 და M.2 2230. კომპიუტერები აღჭურვილია BIOS-ით, რომელიც შეესაბამება NIST SP 800-155 სტანდარტს და აკმაყოფილებს კომერციული დონის უსაფრთხოების სტანდარტებს; წარმოდგენილია თითის ანაბეჭდის სკანერი სწრაფი ავტორიზაციისთვის და TPM 2.0 ჩიპი აპარატურული დაშიფვრის ფუნქციებისთვის. 

image.png 

Asus ExpertBook P3 მოდელებში მოცემულია AMD Ryzen AI 5 330-დან AMD Ryzen AI 7 Pro-მდე პროცესორები, რომლებსაც აქვთ 45 ვატამდე TDP, ინტეგრირებული NPU 50 TOPS სიმძლავრით და ინტეგრირებული Radeon გრაფიკა. მოცემულია ორი SO-DIMM DDR5 ოპერატიული მეხსიერების სლოტი, მაქსიმალურ კონფიგურაციაში ორი 16 გბ (5600 MHz) არხით. ოთხუჯრედიანი ლითიუმ-პოლიმერული ბატარეის მოცულობა 70 ვატია. 

image.png 

ხელმისაწვდომია ორი სრულად ფუნქციონალური USB Type-C 3.2 Gen 2 პორტი, ორი USB Type-A 3.2 Gen 1 პორტი, რომელთაგან ერთს შეუძლია გარე მოწყობილობებისთვის დასამუხტად 7.5 ვატამდე სიმძლავრის მიწოდება, 1 x HDMI v2.1 (TMDS), კომბინირებული 3.5 მმ აუდიო ჯეკი და RJ45 ქსელის პორტი. ასევე მოცემულია Full HD ვებ-კამერა მექანიკური ჩამკეტით; ზოგიერთი კონფიგურაცია ასევე მოიცავს ინფრაწითელ სენსორს. ვარიანტის მიხედვით ხელმისაწვდომია ორარხიანი Wi-Fi 6 (802.11ax) ან საამარხიანი Wi-Fi 7 (802.11be) - და ყველა შემთხვევაში Bluetooth 5.4. 

image.png 

Asus-მა ახალი ExpertBook P3 საკუთარი ტექნოლოგიებით წარმოადგინა. Asus AI ExpertMeet ლოკალურადა გაშვებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ვიდეოკონფერენციებისთვის დამატებით ფუნქციებს გთავაზობთ, მათ შორის რეალურ დროში თარგმნით სუბტიტრების გენერირებას და შეხვედრების შედეგების შეჯამებას. ხოლო Asus ExpertGuardian უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სფეროში გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. ლეპტოპებს აქვთ MIL-STD-810H სტანდარტით დაცული კორპუსები, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ რთულ პირობებში მუშაობა. საჩუქრად შედის McAfee+ Premium-ის ერთწლიანი გამოწერა. 

  • 3 weeks later...
Posted

Lenovo - სიახლეები

Posted

IFA 2025-ზე Lenovo წარადგენს ლეპტოპს, რომელიც ორიენტაციას იცვლის 

ცნობილმა ინსაიდერმა ევან ბლასმა (@evleaks) სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა Lenovo-ს ლეპტოპის სურათი, რომლის დისპლეის შეუძლია ლანდშაფტის ორიენტაციიდან პორტრეტის ორიენტაციაზე გადასვლა. როგორც მოსალოდნელია, კომპანია ახალ პროდუქტს სექტემბრის დასაწყისში გამოფენა IFA 2025-ზე წარადგენს. 

image.png 

ფოტოს წყარო: @evleaks 

პროტოტიპი, სახელწოდებით Project Pivo, სამუშაო დატვირთვისას ვერტიკალური ეკრანის სივრცის მაქსიმიზაციისთვის ტრადიციული 3:2 ან 16:10 ასპექტის თანაფარდობის ნაცვლად, როგორც ჩანს, იყენებს ჩვეულებრივ 16:9 პანელს, რომლის დაკეცვა შესაძლებელია როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. 

როგორც TechPowerUp-მა აღნიშნა, თეორიულად ასეთ კონცეფციას აქვს აზრი როგორც ერგონომიკის, ასევე ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. ვიდეოს ყურებისას 16:9 ასპექტის თანაფარდობა თავიდან აგაცილებთ შავ ზოლებს და სივრცის დაკარგვას მედიის უმეტესობის შემთხვევაში, ხოლო მაგიდასთან ან მუხლებზე ლეპტოპი გამოყენებისას ხანგრძლივი სამუშაო სესიების დროს ეკრანის ზედა კიდე თვალის დონეზე რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. 

ადრე Lenovo-მ გამოუშვა ThinkBook Plus Gen 6 Rollable, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი მასობრივი წარმოების ლეპტოპი ზედა მიმართულებით გაფართოების  შესაძლებლობის მქონე ეკრანით. 

ასევე მოსალოდნელია, რომ Lenovo წარდგენს ორ ახალ პლანშეტს, Yoga Tab-სა და IdeaPad Plus-ს, ასევე ახალ პორტატულ გეიმინგ კონსოლ Legion Go 2-ს IFA 2025-ზე, რომელიც 5-დან 9 სექტემბრამდე ბერლინის საგამოფენო კომპლექსში გაიმართება. 

  • 1 month later...
Posted

Asus-მა წარადგინა პირველი ROG NUC მინი კომპიუტერი AMD პროცესორით - Ryzen 9 9955HX3D ჩიპითა და GeForce RTX 5070 ვიდეო ბარათით 

Asus-მა წარმოადგინა პირველი მინი კომპიუტერი ROG NUC, რომელიც AMD პროცესორით არის აღჭურვილი. იგი გამოჩნდა გარიგების დასრულების გამოცხადებიდან მალევე, რომელიც Asus-ს NUC კომპიუტერებში ექსკლუზიურად Intel-ის პროცესორების გამოყენებას ავალდებულებდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Asus 

დეველოპერებმა ROG NUC 9 წარმოადგინეს ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 9955HX3D პროცესორით, რომლის ტაქტის სიხშირე 5.4 გჰც-მდეა, აქვს 128 მბ L3 ქეში და დამატებითი 3D V-Cache გაზრდილი წარმადობისთვის. Asus-მა AMD-ის მძლავრი ჩიპი შეუთავსა Nvidia GeForce RTX 5070 გრაფიკული ამაჩქარებლის მობილურ ვერსიას 8 გბ GDDR7 ვიდეო მეხსიერებით, რაც საკმარისზე მეტია 1440p თამაშისთვის წამში 120 კადრით. 

კონფიგურაციას ავსებს 32 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება და ორი M.2 NVMe სლოტი, რომელთაგან ერთი მხარს უჭერს PCIe 5.0 x16-ს. საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 96 გბ-მდე. მოწყობილობის საბაზისო ვერსიას მოყვება 1 ტბ მოცულობის დისკი. 

image.png 

უსადენო კავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi 7 და Bluetooth 5.4 მოდულები, ხოლო სადენიანი კავშირისთვის გათვალისწინებულია Ethernet პორტი. უკანა პანელზე განთავსებულია ორი DisplayPort 2.1 პორტი, ორი HDMI 2.1 პორტი, ერთი USB Type-C და ექვსი USB Type-A პორტი. მოწყობილობის გაგრილების სისტემა მოიცავს ქულერებს, რომლებიც ეფექტურად გამოდევნიან თბილ ჰაერს გვერდითა პანელებში არსებული ჭრილების მეშვეობით. 

ახალი ROG NUC 9 ამჟამად ჯერ მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, სადაც მისი საცალო ფასი დაახლოებით 2100 აშშ დოლარიდან იწყება. უცნობია, როდის გახდება მინი კომპიუტერი სხვა ბაზრებზე ხელმისაწვდომი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.