Magdalena Posted February 15, 2023 Posted February 15, 2023 კომპანია AMD-მ გასული წლის ბოლოსთვის დაიკავა x86-თავსებადი პროცესორების გლობალური ბაზრის 30%-ზე მეტი და ამ სფეროში Intel საგრძნობლად შეავიწროვა. და რაც აღსანიშნავია, ეს მოხდა კომპიუტერებსა და ლეპტოპებზე მოთხოვნის ძლიერი შემცირების ფონზე - ამან ხელი შეუწყო სასერვერო ჩიპების გაყიდვების სტაბილურ ზრდას. ანალიტიკურ კომპანია Mercury Research-ის ბოლო ანგარიშის თანახმად კომპანია AMD-ის წილი x86-თავსებადი პროცესორების მიწოდებაში მთელი 2022 წლის განმავლობაში შეადგენდა 29.6%-ს, ხოლო Intel-ისა - 70.4%-ს. ეს არის უდიდესი ნახტომი წინა წელთან შედარებით, როდესაც AMD-ს წილი იყო 23.3%, Intel-ის - 76.7%. AMD-მ მეოთხე კვარტალში კიდევ უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია: მისი წილი გაიზარდა 31.3%-მდე. ეს ნიშნავს წელიწადში 5.7 პროცენტული პუნქტით და წინა კვარტალთან შედარებით 2.8 პუნქტით ზრდას. გაითვალისწინეთ, რომ AMD-მ თითქმის გაიმეორა თავისი მაქსიმუმი - 2022 წლის მეორე კვარტალში მისი წილი 31.4% იყო. როგორც Mercury Research-ის ხელმძღვანელმა Dean McCarron-მა აღნიშნა, AMD-ისა და Intel-ის წილების დინამიკა ბოლო რამდენი კვარტლის განმავლობაში დიდწილად ასახავს ჩიპების მიწოდებას პერსონალური კომპიუტერების OEM-მწარმოებლებისთვის, ქლაუდ პროვაიდერებისთვის, სავაჭრო პარტნიორებისა და საცალო ქსელებისთვის, და არა მოთხოვნას საბოლოო მომხმარებლების მხრიდან. ეს განპირობებულია ჩიპებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგად იგივე OEM-მწარმოებლები პრიორიტეტს ანიჭებენ CPU-ების ჭარბი მარაგების გაყიდვას და არა Intel-ისა და AMD-ისგან მეტის შეძენას. ამის გამო არ უნდა ველოდოთ, რომ AMD-ისა და Intel-ის წილების შესახებ მონაცემები ზუსტად ასახავს მომხმარებლების მხრიდან უპირატესობის მინიჭებას 2023 წლის ბოლომდე. „მიწოდების კლების დიდი ნაწილი განპირობებულია წინა კვარტლებში ჭარბი მარაგის დაგროვებით, რამაც გავლენა მოახდინა მიმდინარე გაყიდვებზე - CPU-ების მომწოდებლები ასევე მიზანმიმართულად ზღუდავენ მიწოდებას, რათა დააჩქარონ მარაგების შემცირების პროცესი“, - წერს McCarron. – „გარდა ამისა, კომპიუტერის პროცესორებზე მოთხოვნა შემცირდა და მაკროეკონომიკური საფრთხეები PC OEM-ებს აიძულებს, ასევე შეამცირონ მარაგები“. გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად AMD-ის წილი გაიზარდა პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი პროცესორების სეგმენტში - 18.6%-მდე, ხოლო Intel-ს დარჩა 81.4%. AMD-ის წილის ზრდამ შეადგინა 4.7% გასულ კვარტალთან და 2.4%-ით ზრდა - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა, მისი წილი მაინც ნაკლებია 20.5%-თან შედარებით, რასაც AMD იკავებდა 2022 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის მესამე კვარტალში კი ფლობდა 20.1%-ს. აღნიშნულია, რომ დესკტოპ კომპიუტერებისთვის პროცესორების მიწოდება მეოთხე კვარტალში მკვეთრად შემცირდა მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ Intel-მაც და AMD-მაც განიცადეს დესკტოპ პროცესორების მიწოდების მნიშვნელოვანი ვარდნა, Intel-ის მიწოდება უფრო მეტად შემცირდა, რის შედეგად გაზარდა AMD-ის წილი ბაზარზე, მაგრამ ისევ და ისევ, ეს უფრო ასახავს Intel-ის სასაწყობე მარაგების ცვლილებებს, ვიდრე საბოლოო მოთხოვნას. ”, - განაცხადა McCarron-მა. ლეპტოპის პროცესორების სეგმენტში AMD-ის წილი თანმიმდევრულად გაიზარდა 0.8 პუნქტით 16.4%-მდე, მაგრამ წლიურ შედარებაში AMD-ის პოზიცია მკვეთრად დაეცა: 5.1 პუნქტით 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. AMD-ს 2022 წლის მეორე კვარტალში მობილური x86 პროცესორების ბაზარზე მაქსიმალური 24.8% წილი ჰქონდა. AMD-ის წილის ზრდა მობილური CPU-ების ბაზარზე დიდწილად განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ Intel-ს ჰქონდა მიწოდების უფრო მკვეთრი შემცირება კონკურენტებთან შედარებით. მეორე მხრივ AMD-ის წილის მკვეთრი ვარდნა გასულ წელთან შედარებით ასახავს კომპანიის ნაკლებ წილს Chromebook-ისთვის განკუთვნილი დაბალბიუჯეტური ჩიპების სეგმენტში. და ბოლოს, სასერვერო პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილმა ახალ მაჩვენებელს მიაღწია - ბაზრის 17.6%. თუმცა ამ სეგმენტში წილმა პრაქტიკულად შეწყვიტა ზრდა - დაფიქსირდა მხოლოდ 0.1%-იანი მატება. ეს არის ყველაზე მცირე ზრდა AMD-ის წილის სერვერების სეგმენტში თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ AMD ზედიზედ მე-15 კვარტალია განუწყვეტლივ ზრდის თავის წილს სერვერების სეგმენტში. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით AMD-ის წილი 6.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. AMD-ის ზრდის შენელება გამოწვეულია Intel Xeon-ის, ასევე Xeon Max სერიის ჩიპების გაზრდილი მიწოდებით. ასევე Mercury Research-ის სპეციალისტებმა წარადგინეს მონაცემები Arm არქიტექტურის პროცესორების გაყიდვების დინამიკაზე, რომლებიც პოპულარობას იძენენ კომპიუტერების სეგმენტში როგორც Apple-ის, ასევე Qualcomm-ის ძალისხმევით. Arm-თავსებადმა მოწყობილობებმა პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში 13.3% დაიკავა. Arm-ისთვის ეს არ არის კვარტლის ყველაზე წარმატებული შედეგი. გასული წლის მესამე კვარტალში Arm-არქიტექტურის პროცესორები კომპიუტერების სეგმენტში 14.6%-ს შეადგენდა, მაგრამ მეოთხე კვარტალში მათი წილი შემცირდა. თუმცა, იგი მაინც აღემატება 10.3%-იან საბაზრო წილს, რაც Arm ჩიპებს ეკავა 2021 წლის მეოთხე კვარტალში. Counterpoint Research-ის მონაცემებით Arm-თავსებადი პროცესორების წილი 2021 წელს შეადგენდა 11%-ს და 2022 წელს - 13%-ს. ამ ორი წყაროს სტატისტიკა, როგორც ჩანს, მინიმალურად განსხვავდება. https://tinyurl.com/4b2n7tn9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.