ორიოდე დღის წინ კომპანია Olympus-მა წარმოადგინა ყველაზე გრძელფოკუსიანი კომპაქტური "ზუმ" ფოტოკამერა Olympus SP-810UZ.
"გლეხური" ენით რომ ვთქვათ, მას აქვს 36-ჯერადი ზუმი. ბაზარზე აქამდეც არსებობდა მსგავსი ზუმის მქონე კამერები, მაგალითად Nikon P500-იც აღჭურვილია 36x ზუმით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნიკონის ზუმი გახლავთ 22.5-810mm ფოკუსის სიგრძის ექვივალენტური ლინზით აღჭურვილი, ხოლო Olympus-ის ფოკუსური სიგრძე 24-864mm-ს ექვივალენტურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, Olympus-ის 36-ჯერადი ზუმი უფრო "შორსმხედველია", ვიდრე nikon-ის ანალოგი.
სხვამხრივ ეს გახლავთ ჩვეულებრივი "ჰიბრიდი", 14 მეგაპიქსელიანი 1/2.3" ფორმატის CCD ტიპის სენსორით, 720p ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალებით, გამოსახულების სტაბილიზაციით (რაც ეგზომ აუცილებელია ასეთი დიდი ზუმის დროს), ISO 80-3200 შუქმგრძნობელობითა და f/2.9-5.7 დიაფრაგმით (რაც საკმაოდ კარგია მსგავს ფოკუსურ მანძილზე).
SP-810UZ-ს აგრეთვე გააჩნია 3D ფოტოგადაღების ფუნქცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ერთ საგანს ორი ფოტო გადაუღოს (რათქმაუნდა სხვადასხვა კუთხიდან), შემდეგ კი აპარატი ავტომატურად გააერთიანებს მათ ერთ 3D-სურათში. თუმცა რამდენად მოხერხებულია ერთლინზიანი კამერით 3D სურათის გადაღება - სულ სხვა საკითხია.
კამერას აქვს სცენის 16 რეჟიმი, 0.5-6.2 მეტრზე მომუშავე მაშუქი, 10 ციფრული ფილტრი, USB, Mini HDMI, AV და დენის DC მაერთებელი. აღჭურვილია 230000 წერტილიანი 3-დუიმიანი LCD დისპლეით. იწონის "სულ რაღაც" 416 გრამს, გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა და 330 დოლარი ეღირება.
დაწვრილებით იხილეთ ინფორმაციის წყარო