Magdalena Posted March 4 Share Posted March 4 რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არსებობდა ვიდეო ბარათების მხოლოდ ორი ძირითადი მწარმოებელი - AMD (ყოფილი ATI) და NVIDIA. კომპანია Intel-მა 2022 წელს გადაწყვიტა გამხდარიყო მესამე ძალა ამ მეტად კონკურენტულ ბაზარზე და გამოუშვა Arc სერიის დესკტოპ და მობილური დისკრეტული ამაჩქარებლები. წლის ბოლოს კი კომპანია უკვე ფლობდა ბაზრის იმდენივე წილს, რამდენსაც AMD – 9%-ს. უახლესი სტატისტიკა გაავრცელეს Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა. ვიდეო ბარათების გაყიდვები შემცირდა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვის პარალელურად. GPU-ების მიწოდების მოცულობა მთლიანობაში წლის განმავლობაში შემცირდა 38%-ით: დესკტოპ სეგმენტში - 24%-ით და ლეპტოპების სეგმენტში - 43%-ით. ვიდეო ბარათების ბაზარზე დომინანტური პოზიცია კვლავ NVIDIA-ს უკავია. ერთი მხრივ, დისკრეტული ამაჩქარებლების ბაზარზე 9% წილის დაკავება არ არის ის ფაქტი, რითიც კომპანია აქციონერების წინაშე თავს მოიწონებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მთავარი კონკურენტი NVIDIA ბაზრის 82%-ს ფლობს. მეორე მხრივ, შთამბეჭდავია ის ფაქტი, რამდენად სწრაფად მოიპოვა Intel-მა 9%-იანი წილი. Arc ვიდეო ბარათების შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ბარათების გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ანალიტიკოსებს შორის საუბარიც კი მიმდინარეობდა, რომ Intel-ს შესაძლოა გარკვეულ მომენტში უარი ეთქვა დისკრეტული ვიდეო ბარათების გამოშვებაზე და დაეხურა პროექტი, რომელშიც იმ დროს უკვე ჩადებული იყო მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, მაგრამ გააგრძელა მუშაობა და დისკრეტული GPU-ების ბაზრის 9% უკვე მოიპოვა. ამასთან, კომპანია გაჩერებას არ აპირებს: უკვე მიმდინარეობს Arc ამაჩქარებლების მეორე და მესამე თაობაზე მუშაობა. ფოტოს წყარო: Jon Peddie Research Arc სერიის ვიდეო ბარათების პირველი თაობის გამოშვებით კომპანიამ გადაწყვიტა კონკურენტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ მოდელებზე გაეკეთებინა აქცენტი. მაგალითად, Arc A750 მოდელის სარეკომენდაციო ფასი გამოშვებისას 290 აშშ დოლარი იყო, თუმცა ამჟამად უკვე 250 აშშ დოლარამდეა შემცირებული. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ბარათს არავინ ყიდულობს, არამედ პირიქით. გაყიდვების დაწყებისთანავე იგი უფრო იაფი და თანაც მაღალი წარმადობის მქონე იყო, ვიდრე GeForce RTX 3050, რომელიც ამჟამადაც კი საუკეთესო შემთხვევაში 299 აშშ დოლარად იყიდება, თანაც Arc A750 წარმადობის მხრივ გვევლინება უფრო ძვირადღირებული GeForce RTX 3060-ის კონკურენტად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Arc A750 ბევრი მომხმარებლისთვის გახდა კარგი არჩევანი 1080p გაფართოების და რეითრეისინგის მხარდაჭერის მქონე თამაშებში. ვიდეო ბარათების ოპტიმიზაციის პრობლემები Intel-ს ჯერ ბოლომდე არ გადაუჭრია, თუმცა ხარვეზების აღმოფხვრა წარმატებით ხდება დრაივერების მეშვეობით. ამავდროულად, ევროპული საინფორმაციო მედიის ცნობით Arc A750 გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე უფრო ძვირი და მძლავრი Arc A770. უმცროსი მოდელი გაყიდვებით აჭარბებს ხუთჯერ ან მეტად. PCWorld-თან ბოლო ინტერვიუში Intel Graphics-ის წარმომადგენელმა ტომ პეტერსენმა განაცხადა: ”თუ დაფიქრდებით, ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებმაც მოახერხეს შეღწევა ისეთ უზარმაზარ ბაზარზე, როგორიცაა დისკრეტული გრაფიკის ბაზარი... NVIDIA ალბათ გააგრძელებს ჩვენს იგნორირებას. თუმცა, AMD-ს არ შეუძლია ჩვენი იგნორირება. და მომდევნო წლებში, რაც უფრო მეტად თავდაჯერებულნი გავხდებით ჩვენს შესაძლებლობებში, კონკურენცია AMD-სთან მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“. აქვე აღვნიშნავთ, რომ პეტერსენი ადრე NVIDIA-ში მუშაობდა კომპანიის ტექნიკური მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე. https://tinyurl.com/y4fd27x2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.