Jump to content

ციფრული აპარატის შერჩევა


Recommended Posts

  • Replies 834
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მიშა

ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წე

ბექა

მაშუქი. "სპიჩკა", "ვსპიშკა" და ა.შ. სინამდვილეში, მაშუქი. ესეც კამერის ფიზიკური დეტალია და შეიძლება ბანალურად ჩამითვალოთ მისი "მიმოხილვა", მაგრამ მაინც სასარგებლოდ მივიჩნიე მასზე ორი სიტყვის თქმა. მა

მიშა

თეთრი ფერის ბალანსი. განათება არამხოლოდ ინტენსივობით, არამედ "სითბოთიც" განსხვავდება. მაგალითად მზეს, ღრუბლიან ცას, ჩვეულებრივ ნათურას, "ცივი განათების" (სხვათა შორის ზუსტად ცივი სინათლის გამო ქვიათ ა

მაშუქი.

23wu8.jpg

"სპიჩკა", "ვსპიშკა" და ა.შ. სინამდვილეში, მაშუქი. ესეც კამერის ფიზიკური დეტალია და შეიძლება ბანალურად ჩამითვალოთ მისი "მიმოხილვა", მაგრამ მაინც სასარგებლოდ მივიჩნიე მასზე ორი სიტყვის თქმა. მაშუქი გახლავთ ქსენონის ნათურა, რომელიც 1/1000-1/200 წამით ინთება, გამოსცემს 5000 კელვინზე მეტ სინათლეს (ანუ თეთრ, "ცივ ნათებას"), რათა ცუდი განათების პირობებში ფოტოზე აღბეჭდილი საგანი კარგად გამოჩნდეს. არსებობს პირდაპირი და გაბნეული მაშუქი. პირდაპირთან ვგონებ ყველაფერი მარტივად გასაგები უნდა იყოს, რაც შეეხება "გაბნეულს", იგი ზევითაა მიშვერილი და ისე ანათებს, რომ მთლიანი სცენა ოდნავ ნათდება, თანაც თანაბარზომიერად. მთელ რიგ შემთხვევებში ეს დიდი პლიუსია. მაგალითად, აი აქ:

gigbk.jpg

მარცხნივ პირდაპირი მინათებით გადაღებული სურათია, მარჯვნივ - გაბნეულით. სხვაობა თვალნათლივ ჩანს. რათქმაუნდა გაბნეული განათების შემქმნელ მაშუქს არავინ ჩაგიდგამთ არც კომპაქტურ და არც პროფესიონალურ ფოტოკამერებში, თუკი მსგავსი განათების შექმნა გსურთ, ცალკე მაშუქი უნდა შეიძინოთ... გარდა ამისა "ჩაშენებულ" მაშუქის სინთლე ძალიან სუსტია. ძალიან ხშირად 5-6 მეტრზე შორს ვერ ანათებს, რითაც ფოტო მახინჯდება. სურათზე სწორედ ასეთ შემთხვევას ხედავთ:

gtspv.jpg

მარცხნივ მაშუქით გადაღებული ფოტო. მაშუქს სიმძლავრე არ ყოფნის საიმისოდ, რომ მთელი სცენა კარგად გაანათოს. ამიტომ ნახევარი ფოტო ბნელია. მარჯვნივ იგივე სცენა მაშუქის გარეშეა გადაღებული. ცუდი განათების გამო საჭირო გახდა ექსპოზიციის დროის გაზრდა, რამაც თეთრი ფერის ცუდი ბალანსის (იხ. ქვემოთ) გამო მთელი სურათის ფერები დაამახინჯა. მაშუქის სხვა უარყოფითი მხარეებია "წითელი თვალის" ეფექტი (რაც გამოწვეულია ადამიანის თვალის აგებულების თავისებურებით) და ნაადრევი განათება. როგორც წესი, ადამიანი განათების შემდეგ თვალს ახამხამებს, ხოლო როდესაც განათება წინ უსწრებს გადაღებას, გადაღება სწორედ მაშინ ხდება, როცა ადამიანი თვალს ახამხამებს. შედეგი - "თვალდახუჭული" ფოტო. პროფესიონალურ მაშუქებში, რომლებიც ცალკე იყიდება, ყველა ეს დეფექტი აღმოფხვრილია.

დისპლეი და პირდაპირი ხედი.

gmbi2.jpg

ციფრული ფოტოკამერის ორი დიდი უპირატესობიდან (ფირიანთან შედარებით) ერთ-ერთი სწორედ ის გახლავთ, რომ გადაღებული ფოტოს ნახვა მაშინვე შეგიძლიათ, ყოველგვარი გამჟღავნების და ბეჭდვის გარეშე, თხევადკრისტალურ დისპლეიზე. როგორც წესი, დისპლეი თხევადკრისტალურია, 2.5-3 დუიმი დიაგონალით (თუმცა უფრო დიდებიც არსებობს) და 250000-950000 პიქსელიანი გარჩევადობით. ცხადია რაც მეტი პიქსელები აქვს LCD-ს, მით უფრო ძვირადღირებულია ისიც და შესაბამისად - ფოტოკამერაც. დისპლეის გარდა გადაღებული ფოტოების ჩვენებისა, ხშირად აქვს პირდაპირი ხედით ჩვენების საშუალებაც, ანუ რეალურ დროში გაჩვენებთ იმას, რის გადაღებასაც აპირებთ. რათქმაუნდა პროფესიონალური ფოტოკამერის ერთ-ერთი დადებითი და მნიშვნელოვანი მხარე ის არის, რომ გადასაღებ ობიექტს სწორედ ხედის მაძიებლიდან უყუროთ ლინზების და პენტაპრიზმის რთული (ან არც ისე რთული) კომბინაციის გავლით, მაგრამ ხანდახან, როდესაც მაკროგადაღებას ეწევით და კამერის ავტოფოკუსის მექანიზმი არ გეიმედებათ, ან უკაცრავად და "დაცენტრილი" ბრძანდებით ფოკუსის ხელით გასწორებაზე, პირდაპირი ხედი შეუცვლელია. განსაკუთრებით თუკი ამ ხედში არსებული გამოსახულების გადიდება და ფოკუსის მილიმეტრის მეათედამდე გასწორება შეგიძლიათ... მოკლედ, ხშირად საჭირო ფუნქციაა...

ხედის მაძიებელი.

2d7f7.jpg

"ეს სწორედ ის არის, რასაც შენატრიან მოყვარულები და აფასებენ პროფესიონალები - ხედავ ზუსტად იმას, რასაც იღებ". სინამდვილეში, ხედავ იმის 90-96%-ს, რაც უნდა გადაიღო იმიტომ, რომ ნებისმიერი ოპტიკური სისტემა ხედის მაძიებელში სურათის გამოყვანისას მას გარშემო არეალს "აჭრის"... გამონაკლისია Nikon D300,D300S და Canon EOS 7D. ამ სამ ფოტოკამერას 100%-იანი ხედი აქვს. სხვა ყველა ფოტოკამერას აქვს ჩამოჭრილი კადრის ნაწილი, როგორც ამ სურათზეა:

nlpuc.png

თეთრი ჩარჩოს გარეთ სცენის ის ნაწილია, რომელიც მაძიებელში არ ჩანს (თუმცა ფოტოში აუცილებლად იქნება!)

ხედის მაძიებელში თავმოყრილია კადრის ძირითადი პარამეტრები - აკუმულატორისა და დიაფრაგმის მდგომარეობა, ფოკუსური მანძილი, ჩამკეტისა და მაშუქის მდგომარეობა და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ის, რაზე თვალის შევლებაც გადაღების წინ გჭირდებათ... გარდა ამისა ფოტოკამერების უმეტესობას მაძიებელში ავტოფოკუსის წერტილებიც აქვს მონიშნული (როგორც სურათზეა):

n9t04.jpg

ფოკუსის გასწორებისას "აქტიური" წერტილები, ანუ ისინი, რომლებზეც მოხდა ფოკუსის გასწორება, ინთება. მათი გამოჩენა საკმაოდ სასარგებლოა, რადგან ფოტოკამერებს ფოკუსის რამდენიმე წერტილი აქვთ და თუკი წერტილებს ვერ ხედავთ, ვერ "გამოიცნობთ" რაზე გაასწორა კამერამ ფოკუსი და მოგიწევთ მხოლოდ ცენტრალურ წერტილზე ფოკუსის გადართვა, რითაც შეიძლება ბევრი დაკარგოთ...

ჩამკეტი.

აი, მივადექით კიდეც ფიზიკური დეტალების ბოლო "პუნქტს"... ჩამკეტი გახლავთ მექანიზმი, რომელიც ობიექტივიდან სასურათე სიბრტყეზე (სენსორზე) დროის გარკვეული ერთეულის განმავლობაში უშვებს სინათლეს, რათა მასზე აღიბეჭდოს გამოსახულება. არსებობს რამდენიმე სახის ჩამკეტი.

ყველაზე მარტივია დისკური ტიპის ჩამკეტი. როგორც წესი, იგი შედგება ერთი ან სამი სეგმენტისგან, რომლებიც ერთობლივად წრეს ქმნიან და ფარავენ ობიექტივის ნახვრეტს, საიდანაც სინათლე შედის...

scz8c.jpg

ჩამკეტის უფრო გავრცელებული სახეა დიაფრაგმული. ტექნიკურად იგი მხოლოდ წრის სეგმენტების რაოდენობით განსხვავდება დისკურისაგან - თუკი დისკურს 1-3 სეგმენტი აქვს, დიაფრაგმულს 5 და მეტი (ძირითადად 9 ან 11). რაც მეტია სეგმენტების რაოდენობა, მით უფრო სუფთაა ფოტო (ეს არამხოლოდ ჩამკეტის დიაფრაგმას, არამედ ობიექტივის დიაფრაგმასაც ეხება).

j4y71.jpg

ფარდისებური ჩამკეტიც საკმაოდ გავრცელებული ტიპია. იგი ორი ფირფიტისაგან შედგება. ფოტოს გადაღებისას ექსპოზიციის მიხედვით ფირფიტებს შორის სიცარიელის ზომა რეგულირდება (ამით იცვლება ექსპოზიციის ინტერვალი) და ჩამკეტი ისე "გადაურბენს" სასურათე სიბრტყეს.

zae7n.gif

ფარდისებურ ჩამკეტს აქვს რამდენიმე ნაკლი, რომელთაგან მთავარი მუშაობისას დიდი ხმა, დამზადებისა და მექანიკის სირთულე და აქედან გამომდინარე - სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობაა...

სამაგიეროდ დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა ცენტრალური ჩამკეტი. როგორც წესი, იგი დიაფრაგმულია და მოთავსებულია ობიექტივში - მის შუაში, ბოლოში ან სულაც თავში (არ ვღადაობ, არის ასეთებიც). კონსტრუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე მას 1/40000წმ-იანი ექსპოზიციის მიღწევაც შეუძლია, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. სამწუხაროდ მეორეს მხრივ მას არ შეუძლია დიდი ექსპოზიციის დაჭერა - 1/250წმ ბევრი ცენტრალური ჩამკეტისთვის მაქსიმუმია... გარდა ამისა, ობიექტივში ჩამონტაჟებული ჩამკეტი ობიექტვისვე გაყვება, თუკი ლინზის შეცვლას განიზრახავთ...

გარე მაერთებლები.

დიდად მნიშვნელოვანია "გარესამყაროსთან" კავშირის საშუალებები, ანუ კონექტორები, რომელთა მეშვეობით შეძლებთ გამოსახულების ტელევიზორით ან პროექტორით ჩვენებას, ან სულაც კომპიუტერში გადატანას. რათქმაუნდა USB კონექტორი ყველა კამერას აქვს, ასევე ყველას აქვს AV (audio-video) კონექტორი და სხვადასხვა ტიპისა და ზომის მაერთებლები გარე მაშუქებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის. აი HDMI კონექტორი კი საწყისი დონის კამერებისთვის ზედმეტი ფუფუნება აღმოჩნდა. არადა კარგ ფოტოს კარგი ხარისხით ჩვენება როგორ შვენის... მოკლედ არ არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი HDMI კონექტორი, მაგრამ მაინც ყურადსაღები და სასიამოვნო საქონია...

ზოგ შემთხვევაში ძვირადღირებულ კამერებს აქვთ Wi-Fi, Ethernet, Bluetooth და სხვა სახის უკაბელო თუ კაბელიანი კონექტორები და GPS-იც კი, რომ სურათების გადაღებისას ტყეში არ ჩაიკარგოთ...

3. ტექნიკური მხარე

როგორც იქნა ფიზიკური დეტალების განხილვას მოვრჩით. ახლა მივხედოთ ტექნიკურ ნაწილს...

ავტოფოკუსი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფოკუსი არა დევიდ კოპერფილდის ილეთებია (მაგას აფერისტობა ქვია), არამედ გამოსახულების მაქსიმალური სიმკვეთრის მიღწევა... ადამიანის თვალი მუდმივი ავტოფოკუსითაა აღჭურვილი, ანუ რასაც შეხედავთ, ფოკუსი მასზე სწორდება. თანაც მყისიერად (თუ რათქმაუნდა მხედველობასთან პრობლემები არ გაქვთ). რათქმაუნდა ფოკუსთან "თამაშიც" შეიძლება - მისი თქვენი ძალისხმევით გასწორება, ან პირიქით - არევა და გამოსახულების გაბუნდოვნება. ეს ალბათ ყველას გაგვიკეთებია და შეგვიმჩნევია, რომ ავტოფოკუსი ბევრად უფრო მოსახერხებელი რამაა. ასევეა ფოტოკამერებშიც. არავის უნდა რამდენიმე წამის მანძილზე ფოკუსი ხელით ასწოროს (ამ რამდენიმე წამში შეიძლება კადრიც კი გაგექცეთ), თავგადაკლული ფოტოგრაფების გარდა. რათქმაუნდა ზოგიერთ შემთხვევაში ფოკუსის ხელით გასწორება მოყვარულთათვისაც კარგია, მაგრამ მეტწილად მაინც ავტოფოკუსს ენიჭება უპირატესობა. ბუნებაში ორგვარი ავტოფოკუსი არსებობს - აქტიური და პასიური.

აქტიური ავტოფოკუსი მიიღწევა ავტოფოკუსის მექანიზმის მიერ ინფრაწითელი ან ულტრაბგერითი სიგნალის გაგზავნით, რითაც დგინდება გადასაღებ ობიექტამდე მანძილი და შემდეგ ამ მანძილის მიხედვით სწორდება ფოკუსი.

პასიური ავტოფოკუსი თავის მხრივ ორ ქვეტიპად იყოფა - კონტრასტული და ფაზის დეტექციური. კონტრასტული ავტოფოკუსის მექანიზმი პიქსელებს შორის კონტრასტის დონის დადგენით ასწორებს ფოკუსს (რადგან რაც მეტია კონტრასტი, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება), ხოლო ფაზის დეტექციური ავტოფოკუსის მექანიზმი კი გამოსახულებას ორად ყოფს და ისე ითვლის ობიექტამდე მანძილს.

აქტიური ავტოფოკუსის სისტემები არ მუშაობს გამჭვირვალე ზედაპირის "იქით", ანუ მანძილს გამჭვირვალე ობიექტამდე ანგარიშობს. აგრეთვე აქვს არასწორი ფოკუსირებისადმი ტენდენცია, თუკი გადასაღები ობიექტი ზედმეტად ახლოსაა კამერასთან (მაგ. მაკროგადაღებისას). მეორეს მხრივ, პასიური ავტოფოკუსის სისტემები ცუდად მუშაობს დაბალი განათებისას და დაბალკონტრასტულ გარემოში (მაგ. ერთფეროვანი სცენს გადაღებისას). ნაკლის გამოსასწორებლად გამოიყენება დამხმარე მაშუქი (AF Assist Lamp):

vbb4w.jpg

როგორც წესი ის წითელია, თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში ჩვეულებრივი მაშუქიც კისრულობს ამ მოვალეობას. სიმართლე რომ ითქვას, არც დამხმარე მაშუქი ასრულებს მოვალეობას პირნათლად, ამიტომ ხელის ფოკუსი მაინც არ ამოვარდნილა ხმარებიდან და საკმაოდ ანგარიშგასაწევი რამეცაა.

ავტოფოკუსის მექანიზმი.

ef5h7.jpg

მართალია ეს ფიზიკური ნაწილია, მაგრამ რატომღაც აქ დაწერა განვიზრახე და არ შემედავოთ... ავტოფოკუსის მექანიზმი ძრავის და კბილანებისგან შედგება, რომლებიც ფოკუსის გამსწორებელ ლინზას ამოძრავებს. ძრავი შეიძლება კამერის კორპუსში, ან ობიექტივში იყოს განთავსებული. რათქმაუნდა კამერის კორპუსში განთავსებული მექანიზმი უკეთესია, მაგრამ სამწუხაროდ ამ ფუფუნების საშუალება მხოლოდ დიდი ზომის ფოტოკამერებს აქვთ. რაც შეეხებათ დანარჩენებს, თუ ასეთ კამერას ფლობთ და ობიექტივის გამოცვლას განიზრახავთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ახალი ობიექტივიც იყოს ძრავით აღჭურვილი, თორემ შეიძლება ისე მოხდეს, რომ არც კამერაში და არც ობიექტივში ძრავი არ გექნებათ და ხელით მოგიწევთ ფოკუსი ასწოროთ.

ექსპონირება.

ექსპონირება ეწორება ფოტოს გადაღების მიზნით სასურათე სიბრტყის განათებას. იზომება წამებში, ან წამების ნაწილებში. რაც უფრო დიდია განათება,მით ნაკლები დროით უნდა მოხდეს ობიექტის ექსპონირება. წინააღმდეგ შემთხვევაში სურათი გადანათებული გამოვა. პირიქით - როდესაც საჭიროზე ცოტა ხნის მანძილზე აწარმოებთ ექსპონირებას, სურათი საჭიროზე ბნელი იქნება. რათქმაუნდა ფოტოგრაფები ხშირად განგებ აკეთებენ არასწორ ექსპოზიციას, რომ სასურველი ეფექტი მიიღონ. აი, მაგალითად აქ:

x7b7z.jpg

განგებ არის აღებული საჭიროზე ხანგრძლივი ექსპოზიცია, რათა ფერთა გადღაბნა მიღწეულიყო, რომელსაც თქვენ ალბათ motion blur-ის სახელით იცნობთ. არასწორი ექსპონირებით, თუკი მას საქმის მცოდნე აკეთებს, ძალიან ბევრი და მრავალფეროვანი ეფექტების მიღებაა შესაძლებელი. ზოგიერთი ასეთი "ექსპო-მოდინგის" რეჟიმი ფოტოკამერებს თავიდანვე მოყვებათ, როგორც გადაღების ერთ-ერთი შესაძლო რეჟიმი, ამიტომ ამ საკითხზე არ შევჩერდები.

ექსპოზიციის გაზომვა.

ექსპოზიციის სწორი გაზომვა აუცილებელია იმისთვის, რათა ექსპონირება ზუსტად იმდენი ხნით მოხდეს, რამდენიც საჭიროა წესიერი ფოტოს გადასაღებად. თუკი ფოტოკამერა ექსპოზიციას არასწორად გაზომავს, კარგ ფოტოს ვერ გადაიღებთ, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ გაზომვის მეთოდს, რომელსაც "ფლობს" ესა თუ ის ფოტოკამერა. გავრცელებულია გაზომვის ხუთი მეთოდი:

1. წერტილოვანი გაზომვა. ამ მეთოდის გამოყენების დროს კამერა სენსორის მხოლოდ მცირე ნაწილით, როგორც წესი, ცენტრით ახდენს განათების გაზომვას (სენსორის 1-5%). თანამედროვე კამერებს აქვთ წერტილის გადანაცვლების ფუნქცია და ობიექტზე ფიქსირების ფუნქცია. წერტილოვანი გაზომვა ძალიან ხელსაყრელია როდესაც მაღალკონტრასტულ ფოტოს ვიღებთ, რადგან გაზომვის წერტილის გარდა დანარჩენი სცენის განათება არ გამოითვლება...

2. ცენტრალურ-გაბნეული გაზომვა. ეს მეთოდი სენსორის 60-80%-ს მოიცავს. გაზომვისას აქცენტირება გეომეტრიულ ცენტრზე ხდება, თუმცა მას ემატება პერიფერიებიდან აღებული მონაცემები და საბოლოო მნიშვნელობა მათი საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება.

3. გაბნეული გაზომვა. მოიცავს სენსორის მთელ ფართობს და შედეგიც მთლიანი სენსორიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იზომება.

4. ნაწილობრივი გაზომვა. წერტილოვანის ანალოგიურია, თუმცა 1-5%-ის ნაცვლად სენსორის 10-15%-ს მოიცავს. ძირითადად Canon-ის კამერებში გვხვდება.

5. მრავალწერტილიანი გაზომვა. ასევე მოიხსენიება, როგორც matrix, evaluative, honeycomb, segment metering, ან ESP. ყველაზე რთული მეთოდია, რომელიც გულისხმობს სენსორის ზედაპირზე რამდენიმე ზონიდან მონაცემების შეგროვებას და მათზე დაყრდნობით ოპტიმალური ექსპოზიციის გაანგარიშებას.

ხუთივე მეთოდი გარკვეულ შემთხვევაში შეუცვლელია, ასე რომ სასარგებლო იქნება იცოდეთ რა სახის გაზომვების ჩატარება შეუძლია თქვენს კამერას.

შუქმგრძნობელობა.

ეს თვისება ფოტოფირებს ჰქონდათ და მათგან "გადმოედოთ" სენსორებს. იგი გულისხმობს სინათლეზე რეაგირების სისწრაფეს. ანუ თუკი სენსორს აქვს "a" სიდიდის შუქმგრძნობელობა და სურათის გადასაღებად ერთწამიანი ექსპონირებაც კმარა, "2a" სიდიდის შუქმგრძნობელობის შემთხვევაში მას მხოლოდ ნახევარი წამი დასჭირდება სურათის გადაღებისთვის. ამას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ცუდი განათების პირობებში. სამწუხაროდ, აქაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები იჩენს თავს - მაღალი შუქმგრძნობელობისას სენსორი სწრაფად იღებს სურათს, მაგრამ ელექტრული ხმაურისგან წარმოქმნილი არტეფაქტებიც მეტი აქვს და ისინი ფოტოს ამახინჯებენ. მეორეს მხრივ, დაბალი შუქმგრძნობელობისას სენსორს შეუძლია ძალიან სუფთა სურათის გადაღება, მაგრამ საამისოდ მეტი დრო სჭირდება.

შუქმგრძნობელობა ISO შკალით იზომება. ყველაზე დაბალია ISO 6, ხოლო ყველაზე მაღალი - ISO 104200. რათქმაუნდა ამხელა შუქმგრძნობელობის სენსორს არავინ ჩაგიდებთ ფოტოკამერაში. პროფესიონალური კამერებისთვის "სტანდარტულად" ითვლება ISO 200 - ISO 3200 დიაპაზონი, თუმცა არის "გაფართოებული" ვარიანტიც, სადაც ჩამატებულია ISO 100, ISO 6400 და ზოგჯერ ISO 12800-იც. არტეფაქტების შესადარებლად ქვემოთ მოყვანილია ორი სურათი. მარცხენა ISO 100-ითაა გადაღებული, მარჯვენა ISO 6400-ით. სხვაობა თვალნათელია:

br8yf.jpg 5unln.jpg

მართალია დიდი ISO რიცხვები იქით მტერს უბრმავებს თვალს და აქეთ კიდევ - მოყვარეს, მაგრამ სინამდვილეში ISO 800-ის ზემოთ არტეფაქტები იმდენად აზიანებს გამოსახულების საერთო სახეს, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფები მათ გამოყენებას ერიდებიან.

ასეა თუ ისე, შუქმგრძნობელობის დიდი დიაპაზონი იმის მანიშნებელია, რომ ფოტოკამერა სხვადასხვა განათებისას თანაბრად კარგად წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს. თუკი, რათქმაუნდა არტეფაქტების წესიერი ჩამხშობი ექნება.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

თეთრი ფერის ბალანსი.

განათება არამხოლოდ ინტენსივობით, არამედ "სითბოთიც" განსხვავდება. მაგალითად მზეს, ღრუბლიან ცას, ჩვეულებრივ ნათურას, "ცივი განათების" (სხვათა შორის ზუსტად ცივი სინათლის გამო ქვიათ ასე და არა იმის გამო, რომ ნათურაა ცივი) ნათურას და ა.შ. სხვადასხვა "სითბოს" მქონე ტონები აქვს. ზოგჯერ ეს კარგია - სასურველი ფოტოეფექტის მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ ფოტოკამერა თეთრი ფერის მიხედვით ახდენს ყველა დანარჩენი ფერის კორექტირებას, "თბილი", ან ნებისმიერი "არასტანდარტული" განათებისას ფერთა ბალანსი და ტონალობა ირღვევა. ამის გამოსასწორებლად ფოტოკამერას "თეთრი ფერის ბალანსი" აქვს. ანუ, მეხსიერებაში უდევს რამდენიმე წინასწარგანსაზღვრული პარამეტრი, რომელთა წყალობითაც შეუძლია გაიანგარიშოს და გაასწოროს ფერთა ტონალობა. მაგალითად სურათზე მოცემულია თეთრი ფერის ბალანსის ექვსი წინასწარი მოდელი:

tyqk1.jpg

ავტომატური, დღის სინათლის, ჩრდილიანი, ღრუბლიანი, ფლუორესცენტული ნათებისა და ჩვეულებრივი (ვოლფრამის) ნათურის. ანუ ექვსი მოდელი ექვსი სხვადასხვა სასცენო სიტუაციისთვის. ცხადია ყველა სიტუაციას ვერავინ განსაზღვრავს და ვერავინ ჩადებს ფოტოკამერის მეხსირებაში, ამიტომ კამერებს აქვთ ბალანსის ხელით გასწორების საშუალება - შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში კამერას "დაანახოთ" თეთრი საგანი, ფურცელი, ან რაიმე სხვა და იგი მის მიხედვით გაასწორებს მთელი სცენის ტონალობებს. თეთრი ფერის კარგი ბალანსირება განსაზღვრავს სხვადასხვა განათების დროს კამერის წარმადობის ხარისხს.

ფოტოფაილები.

1. JPG. ჩვენთვის საკმაოდ ცნობილი ფოტოფორმატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. მისი პოპულარობის მიზეზი მარტივია - ფაილის შედარებით მცირე ზომა და კომპრესიისას ხარისხის ნაკლები დანაკარგი. სამწუხაროდ პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში JPEG ხარისხი ხშირად არასაკმარისია, თანაც მისი რედაქტირება ცოტა არ იყოს რთულია. ამიტომ ფოტოკამერებს აქვთ "მეორე" ფოტოფორმატი - RAW. ამ ფორმატში გაერთიანებულია 34-ნაირი გაფართოების მქონე ფაილი (ყოველ მწარმოებელს თავისი გაფართოება აქვს ამ ფაილისთვის), რომლებიც ფაქტობრივად ერთ ტიპს წარმოადგენს. RAW-ს ხშირად "ციფრული ფოტოს ნეგატივს" ეძახიან და ეს ასეცაა, რადგან მათი რედაქტირება ბევრად მარტივია, არ კარგავს ხარისხს, არ "კომპრესდება", ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაასწოროთ თეთრი ფერის ბალანსი, სიმკვეთრე, კონტრასტულობა და ა.შ. საუბედუროდ RAW ფაილები JPEG ანალოგებზე 2-6-ჯერ დიდია, საჭიროებს ფოტორედაქტორით დამატებით დამუშავებას და ბოლოს მაინც JPEG-ად უნდა აქციოთ, ამიტომ კომფორტული მოსახმარი არ არის. რათქმაუნდა ის ძალიან კარგია, როდესაც უმაღლესი ხარისხის ფოტოს ვიღებთ, მაგრამ სხვა ყველა შემთხვევაში ძალიან ნელი და "მოუხერხებელია" საიმისოდ, რომ მთლიანად ამოაგდოს ხმარებიდან JPEG. თუკი ვინმეს გაინტერესებთ, გადაწერეთ ეს ორი სურათი:

http://www.dpreview.com/reviews/CanonEOS7D/samples/comparedto/studio/canon7d_nrstand_ISO 100.JPG

http://a.img-dpreview.com/reviews/CanonEOS7D/samples/comparedto/studio/raw/canon7d_iso100_acr.jpg

ზედა JPG-ითაა გადაღებული, ქვედა - RAW-ით (და შემდეგაა JPG-დ გარდაქმნილი). თვალნათლივ დაინახავთ RAW-ის მაღალ ხარისხს...

ვიდეოფაილები.

საშუალო და მაღალი დონის ფოტოკამერები "ბონუსად" ვიდეოგადაღების საშუალებითაც არიან დაჯილდოებული. თუ თქვენთვის ვიდეო უმნიშვნელოა, გამოტოვეთ ეს საკითხი, ხოლო მათ, ვისთვისაც ვიდეო მნიშვნელოვანია, ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ მართალია ფოტოკამერებს შეუძლიათ ვიდეოს გადაღება, მაგრამ ეს ვიდეოები ხშირად უბრალოდ Motion JPEG-ითაა შექმნილი, ანუ უზარმაზარი ზომისაა (პირდაპირი მნიშვნელობით!) - ვიდეოს ერთი წამი 5-6MB-ია და 4GB-იან ჩიპს სულ რაღაც 13 წუთში გაავსებთ. როგორც წესი, 1280x720 @ 24fps საშუალო დონის სარკიან ფოტოკამერებს აქვთ. უფრო მაღალი დონის კამერებს 1280x720 @ 60fps, ან სულაც 1920x1080 @ 30fps აქვთ... რათქმაუნდა ფოკუსის გასწორება სულ ხელით მოგიწევთ და ვერც ისეთი ხარისხის ვიდეოს გადაიღებთ, როგორსაც პროფესიონალური ვიდეოკამერა გაჩუქებთ, მაგრამ ზედმეტი ფუნქცია ვის აწყენს არა?

4. ობიექტივი

ობიექტივზე სენსორზე არანაკლებადაა (მეტად თუ არა) დამოკიდებული ფოტოს ხარისხი. კარგი ობიექტივი შეიძლება თავად კამერაზე ორჯერ-სამჯერ ძვირიც კი დაგიჯდეთ. საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლება გაუკვირდეს, თუ რატომ ღირს ერთი ობიექტივი 150$, ხოლო მეორე - 1500 მაშინ, როცა მათ ერთი შეხედვით მსგავსი მონაცემები აქვთ. ამიტომ, მოდით, განვიხილოთ ფოტოკამერის ობიექტივების ტიპები და მათ შემადგენელი ნაწილები. დავიწყოთ იმით, თუ რისგან შედგება ობიექტივი.

აგებულება.

ნებისმიერი ობიექტივი წარმოადგენს ლითონის (უარეს შემთხვევაში - პლასტმასის) მილაკების, ლინზებისა და დიაფრგმისაგან. ჭრილში გამოიყურება ასე:

g5iyh.gif

რათქმაუნდა ზომა, საერთო კომპოზიცია და ლინზების რაოდენობა ყველას ინდივიდუალური აქვს, მაგრამ აგებულება ყველასი მსგავსია. მილებზე და ლინზებზე არ გავჩერდები, მივხედოთ დიაფრაგმას, ფოკუსურ მანძილს და ხედვის კუთხეს. შემდეგ კი განვიხილოთ ობიექტივების ტიპები.

დიაფრაგმა.

4v87m.jpg

დიაფრაგმა არის მექანიკური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გაიხსნას გარკვეულ დონეზე, რათა შეუშვას ობიექტიბობვში სინათლის გარკვეული რაოდენობა, ან დაიხუროს არ საერთოდაც არ შეუშვას. იგი შედგება წრის შემკვრელი სეგმენტებისგან ("ფრთები") და მათი მამოძრავებელი მექანიზმისგან. რაც მეტი ფრთა აქვს დიაფრაგმას, მით უფრო სუფთად ატარებს სინთლეს ობიექტივში და უკეთესი გამოდის სურათი. თუმცა ფრთების რაოდენობის გარდა მნიშვნელოვანია დიაფრაგმის ფარდობითი ზომა.

ფარდობითი ზომა ეწოდება ობიექტივის წინა ლინზის დიამეტრისა და მისი უკნა ფოკუსური მანძილის შეფარდებას (D:f). სტნდარტულია შემდეგი რიცხვები: 1:0,7; 1:1; 1:1,4; 1:2; 1:2,8; 1:4; 1:5,6; 1:8; 1:11; 1:16; 1:22; 1:32; 1:45; 1:64. სიმარტივისათვის და სისწრაფისთვის ყოველდღიურობაში იყენებენ შემოკლებულ აღნიშვნას. მაგალითად, D:f = 1:1,4-ის მაგიერ წერენ "f/1,4" რაც იმას ნიშნავს, რომ ფარდობიღი ღიობის ზომა 1:1,4-ს უდრის. ცხადია დიაფრაგმას აქვს მაქსიმალური და მინიმალური პოზიციები, ამიტომ ობიექტივზე აწერენ, მაგალითად "f/2-f/5.6". არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც ნაკლებია ფარდობითი ზომა, მით მეტი სინათლის გატარება შეუძლია დიაფრაგმას, რადგან უფრო დიდზე იხსნება. აი ასე:

95aig.png

და ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ რაც მეტ შუქს გაატარებს დიაფრაგმა, მით უკეთ წარმოაჩენს თავს ობიექტივი ცუდი განათებისას! ასე რომ ობიექტივების ფასი შეიძლება დიაფრაგმამაცი კი განსაზღვროს. მაგალითად თუ ერთ ობიექტივს აქვს f/5.6-f/8 და ღირს "სულ რაღაც" 300$, მაშინ მეორეს, რომელსაც f/1.4-f/2 აქვს, შეიძლება 800 დოლარიც კი ედოს, რადგნ მეტ სინათლეს ატარებს!

თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივია. დიდ შუქგამტარობას ჭკუით გამოყენება უნდა იმიტომ, რომ დიდი შუქგამტარობა ზოგჯერ სურათის ცენტრისკენ მეტ სინათლეს ისვრის, გვერდებისკენ კი - ნაკლებს, ასე რომ სურათი "ჩარჩოში" ჩამჯდარი გამოვა. კიდევ უფრო მეტ შუქგამტარობას შეუძლია ფერები ერთმანეთში გადღაბნოს და ა.შ... ობიექტივების ეფექტ-დეფექტებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

ფოკუსური მანძილი და ხედვის კუთხე.

მეცნიერულ ენაზე (რომელიც ასე არ გვიყვარს) ფოკუსური მანძილი ეწოდება მთავარი ფოკუსიდან (ფაქტობრივად, წინა შემკრები ლინზიდან) ობიექტივის უკნა სიბრტყემდე მანძილს. ცხადია იზომება მილიმეტრებში. სამწუხაროდ ბევრს გონია, რომ რახან ფოკუსური მანძილი აქვთ მაგალითად, 18მმ, შეძლებენ ფოტომაკერიდან 18მმ-ის დაშორებით მყოოფ ობიექტზე ფოკუსის გასწორებას და "მაკრო" სურათის გადარებას. ეს ილიასე არ არის. ფოკუსური მანძილი არის სუფთა ტექნიკური ტერმინი და მასში ვერ იპოვით მინიმალური ფოკუსირების მანძილს (რაც აღნიშნავს იმას, თუ კამერიდან რამდენად ახლოს შეგიძლიათ რამე გადაიღოთ). მას გავლენა აქვს ხედვის კუთხეზე, ანუ არეალზე, რაც შეიძლება ობიექტივმა "დაინახოს". რაც ნაკლებია ფოკუსური მანძილი, მით მეტს "ხედავს" ობიექტივი, მაგრამ მით ნაკლებია გადიდების კოეფიციენტი. დიახ, გადიდების. რადგან უფრო გრძელი ფოკუსური მანძილი იმასაც ნიშნავს, რომ გადასაღები სცენა თქვენკენ "მოახლოვდება". შედარებისთვის, ქვემოთ მოყვანილ სურათებზე ხედავთ 28, 50, 70 და 210მმ-იანი ფოკუსური მანძილით გადაღებულ სურათებს. მემგონი "ზუმი" იგრძნობა:

8snqo.jpg sd745.jpg ljj6w.jpg w7937.jpg

მართალია მოკლე ფოკუსური მანძილი მეტის დანახვის და გადაღების საშუალებას იძლევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პერსპექტივას ამახინჯებს:

emuwd.jpg

სცენა სამი სხვადასხვა ფოკუსური მანძილითაა გადაღებული და ვარდისფერი საგნის დამახინჯება ნათლად ჩანს. მოკლედ, აქაც ამა თუ იმ პარამეტრის გამოყენებას ცოდნა უნდა.

ჰო მართლა, გრძელი ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივებს "გრძელფოკუსიანი" ჰქვიათ, ხოლო მოკლესას - "ფართოკუთხიანი".

უძრავფოკუსიანი ობიექტივი.

8lyn6.jpg

ინგლისურად - Prime Lens. აქვს ფიქსირებული ფოკუსური მანძილი (ანუ "ზუმი" არ აქვს), რის ხარჯზედაც არის უფრო კომპაქტური, მსუბუქი, იაფი და სწრაფი. ფიქსირებული ფოკუსური მანძილის ხარჯზე იღებს უფრო მკვეთრ ფოტოებს. ზოგიერთი, მეტად "სპეციფიური" ობიექტივი, მაგ. "ექსტრემალური" ტელე-ფოტო, მაღალი ხარისხის მაკრო, ან წანაცვლების მქონე ობიექტივები ხშირად გამოდის ფიქსირებული ფოკუსით, რადგან სხვა შემთხვევაში ისედაც რთული და ძვირი მოწყობილობები კიდევ უფრო გართულდებოდა და გაძვირდებოდა.

ძალზე პოპულარული იყო უსარკო ფირიან ფოტოკამერებში, რადგან მათში ფოკუსის ცვლისას ვერ განსაზღვრავდი, თუ რას უღებდი სურათს (სარკის არქონის გამო).

მოძრავფოკუსიანი ობიექტივი.

gngl7.jpg

ინგლისურად - Zoom Lens. აქვს მოძრავი მილი ზედ დამაგრებული ლინზით (ან ლინზებით), რის წყალობითაც ობიექტივის ფოკუსური მანძილი ცვლადი ხდება და ობიექტივს გამოსახულების მოახლოების საშუალება ეძლევა. დიახ, მათ აქვთ "ზუმი", მაგრამ იგი არსად წერია ისე, როგორც სამოყვარულო კამერებში (მაგ. 3x optical zoom). ამის ნაცვლად ობიექტივის მონაცემებში (ან სულაც, ზედვე) წერია მაგალითად "18-55mm zoom lens", ან კიდევ "70-200mm zoom lens". როგორ დავადგინოთ "ზუმი"? უნდა ავიღოთ მაქსიმალური ფოკუსური მანძილი და გავყოთ იგი მინიმალურზე. რასაც მივიღებთ, ის გახლავთ "ზუმის" რაოდენობა. მაგრამ ეს მაინც ფარდობითი ცნებაა იმიტომ, რომ 55:18=3 და 200:70=3 (დამრგვალებით). ანუ ორივე ობიექტივს 3-ჯერადი "ზუმი" აქვს, მაგრამ რეალურად, ამ "ზუმების" საწყის მნიშვნელობებს შორის (18 და 70) მთელი 4-ჯერადი განსხვავებაა. ასე რომ ვისაც "ზუმი" გიყვართ, თუკი პროფესიონალობა გადაწყვიტეთ, ისწავლეთ ფოკუსური მანძილით აზროვნება და არა "ზუმის" სიდიდით.

მოწყობილობები მაკროგადაღებისთვის.

მაკრო ობიექტივი გამოიყენება ობიექტების მსხვილი პლანით გადასაღებად, ან მცირე ზომის ობიექტების ფოტგრაფირებისთვის. ეს შეიძლება მოხდეს მაკრო ობიექტივის დახმარებით:

e7104.jpg

შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე მოძრავფოკუსიანი. ზედა წერია მაკროს თანაფარდობა. მაგ. "1:1". გარდა ამისა, მაკროგადაღებისთვის შეიძლება გამოიყენოთ ობიექტივის "დამაგრძელებელი":

u3jj8.jpg

იგი განსაზღვრული ფოკუსური სიგრძის მქონე ობიექტივებისთვისაა გათვლილი. მისი დამაგრების შემთხვევაში ობიექტივის ფოკუსური სიგრძე იცვლება და იგი "მაკრო" ობიექტივად იქცევა... მაკროგადაღებისთვის მესამე ვარიანტია მიახლოების ლინზა, ანუ ერთგვარი "სათვალე" ობიექტივისთვის:

mkq8o.jpg

იგი ობიექტივს წინ უმაგრდება და მაკროობიექტივიც მზადაა... მართალია დამაგრძელებლიც და დამატებითი ლინზაც იძლევა მაკროგადაღების საშუალებას, თანაც საკმაოდ იაფი ღირს (მაკრო ობიექტივისგან განსხვავებით), მაგრამ ეს ორი მოწყობილობა მაინც არ იძლევა იმდენად უზადო შედეგს, როგორსაც ნამდვილი, 1000 ან თუნდაც 600-დოლარიანი მაკროობიექტივით მიაღწევთ...

5. ობიექტივის მიერ წარმოქმნილი დეფექტები

გამოყოფას იმსახურებს სამი დეფექტი. ესენია ქრომატული აბერაცია, ვინიეტირება და კასრისებრი დეფორმაცია. სამივე დეფექტით მოძრავფოკუსიანი ლინზები "გამოირჩევა". კასრისებრი დეფორმაცია ლინზის გამობურცული ფორმის გამო წარმოიქმნება და მასთან გამკლავება შედარებით ადვილია ფოტოშოპის, ან ნებისმიერი სხვა ფოტორედაქტორის დახმარებით. ზოგიერთ მათგანს ობიექტივის პარამეტრები ან ფოტოკამერის ტიპიც კი შეგიძლიათ მიუთითოთ, რათა წინასწარგანსაზღვრული მონაცემების მიხედვით გამოასწოროს სურათი. კასრისებრი დეფორმაციის მაგალითს ქვემოთ ხედავთ:

s49cz.jpg

სხვათა შორის მსგავსი დეფორმაცია, ოღონდ გაცილებით ძლიერი და წინასწარგამიზნული "თევზის თვალის" ტიპის, ანუ ასფერული ლინზის მქონე ობიექტივებითაც წარმოიქმნება. ასეთი ობიექტივები მაქსიმალურად შესაძლო ხედვის კუთხის მისაღწევად (ზოგჯერ 160 გრადუსზე მეტიც კი) მფრინავი თეფშის ფორმის წინა ლინზას იყენებენ, რომელსაც ასფერული ქვია და ჭრილში ასე გამოიყურება:

c6kqz.png

რაც შეეხება ვინიეტირებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე "დადებითი" დეფექტია და გულისხმობს სურათის გარშემო ჩამუქებული არეალის, ასე ვთქვათ, "ჩარჩოს" წარმოქმნას.

wu90s.jpg

ფოტოგრაფები ამ დეფექტ-ეფექტს ხშირად იყენებენ სურათში სპეციფიური ატმოსფეროს შესაქმნელად... აი მესამე დეფექტზე კი ვერავინ იტყვის "დადებითიაო". სამწუხაროდ ის არც ადვილად გამოსწორებადია. საუბარია ქრომატულ აბერაციაზე. იგი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ლინზა არ არის სათანადო ხარისხის (სიმრუდე, შუქგამტარობა, ა.შ.) და სინათლეს შლის შემადგენელ ფერებად. აბერაცია ძირითადად მუქი და ღია ფერების შეხვედრის ადგილზე წარმოიქმნება და ვარდისფერი ან იისფერია ხოლმე. აი, როგორც ამ სურათზე:

Chromatic_aberration_(comparison).jpg

6. შტატივი და ფილტრები

კამერისთვის უამრავი აქსესუარი არსებობს. ჩანთა, დამატებითი მაშუქი, განათების ქოლგა, "ზონტიკად" წოდებული, ობიექტივის მზისგან დამცავი, დამატებითი აკუმულატორის პაკეტი, ფოტოკამერის "საწვიმარი ლაბადა" და ა.შ. მაგრამ მთელი ამ ასორტიმენტიდან მოყვარულთათვის მეტ-ნაკელბად აზრიანი მხოლოდ შტატივისა და ფილტრების შეძენაა. ამიტომ ორი სიტყვით შევეხები მათ.

შტატივი.

შტატივი კამერის სტაციონარული სადგამია. ერთ- (monopod) ან სამფეხა (tripod):

jed6g.jpg jwi4d.jpg

ცალფეხა შტატივი მოსახერხებელია იქ, სადაც სამფეხას ვერ დადგამთ. გარდა ამისა უფრო კომპაქტური, მსუბუქი და მობილურია. თუმცა სხვა არანაირი ღირსება არ გააჩნია. რაც შეეხება სამფეხას, იგი მრავალი ზომის, წონის, ხარისხისა და ფასის არსებობს. ყველაზე იაფი და მსუბუქი შტატივები ალუმინისგან მზადდება, მხოლოდ ორად იკეცება (ნაკლებადკომპაქტურია) და კამერის უბრალო სამაგრითაა აღჭურვილი. ცოტა უფრო ძვირი შტატივები ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული, სამად იკეცება და თუ გაგიმართლათ, კამერის სამაგრი თარაზოთი და 360 გრადუსით ბრუნვის მექანიზმით იქნება აღჭურვილი.

yh6e0.jpg

ყველაზე ძვირადღირებული შტატივები მართალია ნახშირბადის ბოჭკოთია დამზადებული, მაგრამ განგებაა დამძიმებული (მეტი მდგრადობისთვის), აღჭურვილია რამდენიმე ტიპის სამაგრით, ორმხრივი თარაზოთი, საკიდი კაუჭით და ა.შ.

pajzk.jpg

თუმცა მე თუ მკითხავთ, ნებისმიერ მოყვარულს იაფი შტატივიც ეყოფა, რათქმაუნდა კარგია თუკი თარაზოთიც იქნება აღჭურვილი...

ფილტრები.

atqsx.jpg

ერთი შეხედვით არასაჭირო ფილტრები სინამდვილეში იმდენად კარგი რამაა, რომ კაცი შეიძლება დაფიქრდეს კიდეც, ჯერ შტატივის ყიდვა ჯობია, თუ ფილტრის. ფილტრები მრავალგვარი არსებობს, მაგრამ ძირითადი ტიპი სამია და ისინი ხშირად ერთ კომპლექტშიც იყიდება ხოლმე...

ულტრაიისფერი ფილტრი გამჭვირვალეა და მხოლოდ ულტრაიისფერ სხივებს აკავებს. გამოიყენება ნისლოვანი ეფექტის ნაწილობრივ ჩასახშობად (იხ. სურ.) არ ცვლის ექსპონირების დროს, განათებულობას და სხვა პარამეტრებს.

gk931.jpg

პოლარიზებული ფილტრი ნაცრისფერია. შეუძლია შეაკავოს გარკვეული ზედაპირიდან წამოსული არეკვლები, შეუძლია ჩაამუქოს ცა და გაზარდოს ფერებით გაჯერება (იხ. სურ.).

ddo1p.jpg

ფლუორესცენტული ფილტრი სხვადასხვა ფერის არსებობს, თუმცა ძირითადად გამოიყენება ვარდისფერი ან ნარინჯისფერი, რაც მეტ სითბოს აძლევს სცენას. რათქმაუნდა არსებობს პირიქით - "გამაციებელი" (ლურჯი) და "საზაფხულო" (მწვანე) ფილტრები...

--------------------------------------------------------------------

მე მოვრჩი. იმედია ყველამ ყურადღებით წაიკითხეთ თემა და მიხვდით რა რას ნიშნავს, რა ფუნქცია და რა დეტალი რისთვისაა საჭირო და ოდნავ მაინც გაგიადვილდებათ კამერის შერჩევა. რათქმაუნდა მხედველობაში უნდა მიიღოთ, რომ 500$-იანი ბიუჯეტით ვერც პირდაპირ ხედს და ვერც ვიდეორეჟიმს ვერ მიიღებთ, ღამითაც ვერ გადაიღებთ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ მაინც გეცოდინებათ და ნივთს რომ შეიძენთ აღარ დაგწყდებათ გული, რომ გაუაზრებლად იყიდეთ "რაღაც", რაც თქვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს...

წარმატებას გისურვებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ისე მე 450$-ად ვიყიდე აპარატი და 2 ლინზა, მაგრამ საბაჟოზე 90$ დამატოვებინეს.

და მაინც იაფია! თან კაი ლინზა მოყვა :)

Link to comment
Share on other sites

და მაინც იაფია! თან კაი ლინზა მოყვა :)

refurbished - ბომბზე ვზივარ, როდის იფეთქებს და გადამისვრის ტრ#კში, არ ვიცი :bliss:

და პროსტა სამოყვარულო რა ფასიანია კაი და რომელიმე მოდელი შემომთავაზეთ აბა

ასე ძნელია სათქმელად, ან ბიუჯეტი უნდა დაასახელო, რა თანხაში ფიქრობ, ან რა ფუნქციებით გინდა :rolleyes:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

უწინ Neiron-მაც და მეც შემოგთავაზეთ სტატიები

ეს ორი ლინკი არ მუშაობს, თუ შეიძლება გაასწორეთ. იმ თემებს რომ წავიკითხავ მერე წავიკითხავ ამას. :)

Link to comment
Share on other sites

refurbished - ბომბზე ვზივარ, როდის იფეთქებს და გადამისვრის ტრ#კში, არ ვიცი :bliss:

ვააახ სუფთა პესიმისტი ხარ რა :D მეზობელიც refurbished-ზე ზის მაგრამ კი გადაიღო უკვე 20K ალბათ, კამერა სრულ ფორმაშია ოდნავ ნაკლიც კი არ აქვს :)

Link to comment
Share on other sites

ვინმეს თუ ისე გიგდიათ ფოტო აპარატი მომეცით რა მოვეფერები :D

Link to comment
Share on other sites

canon powershot sd850 is როგორი აპარატია?

მაგნაირ სტილსჰი რომელია ოპტიმალური ვარიანტი 300$ მდე ამაზონზე?

Link to comment
Share on other sites

canon powershot sd850 is როგორი აპარატია?

მაგნაირ სტილსჰი რომელია ოპტიმალური ვარიანტი 300$ მდე ამაზონზე?

ჩვეულებრივი სასაპნეა, 300 დოლარი ნამეტანია ეგეთ კამერაში.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ნიკონი:

http://www.amazon.com/Nikon-Coolpix-Vibration-Reduction-3-0-Inch/dp/B0036ORZBE/ref=lh_ni_t_

პანასონიკი:

http://www.amazon.com/Panasonic-DMC-FZ40-Digital-Stabilized-3-0-Inch/dp/B003WJR694/ref=sr_1_4?s=photo&ie=UTF8&qid=1290426484&sr=1-4

პენტაქსი:

http://www.amazon.com/Pentax-X90-Super-Telephoto-Stabilized-2-7-Inch/dp/B0039237HE/ref=sr_1_44?s=photo&ie=UTF8&qid=1290426570&sr=1-44

კასიო (სხვათა შორის ძალიან სწრაფია):

http://www.amazon.com/Casio-EX-FH25-10-1MP-Digital-Stabilization/dp/B002YPFKZ4/ref=sr_1_47?s=photo&ie=UTF8&qid=1290426570&sr=1-47

ფუჯიფილმი:

http://www.amazon.com/Fujifilm-FinePix-S2500HD-Digital-Stabilized/dp/B003846DS8/ref=sr_1_12?s=photo&ie=UTF8&qid=1290426693&sr=1-12

ქენონს ამ ტიპის კამერები მაგ ფადას არ აქვს :D 270$-ად შეგიძლია ეს იყიდო:

http://www.amazon.com/Canon-PowerShot-SD4000IS-Digital-Optical/dp/B003L77Y5S/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=electronics&qid=1290426745&sr=1-1

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მიშა ის ორი ლინკი რომ გაასწორო კარგი იქნება.

Link to comment
Share on other sites

კი, კარგია, მაგრამ მე ფული დამენანებოდა მაგაზე და ფუჯის ვიყიდდი.

:D უი მაგას აღარ მივაქციე ყურადღება მართლა ეგ უფრო მომწონს

Link to comment
Share on other sites

აჰა გიგი, ეს ერთი:

ეს კი მეორე:

პოსტის რედაქტირების უფლება არ მაქვს და...

მადლობა, პირველი წავიკითხე. მეორესაც წავიკითხავ დღეს ალბათ.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

nikon-coolpix-s3000-review.jpg

აი ეს კამერა მაქ ნიკონ ს3000 და ხომ ვერ მეტყვით ელემტის დატენვას რა დრო ჭირდება და რამდენი ხანი ძლებს?

Link to comment
Share on other sites

მიშა ის ორი ლინკი რომ გაასწორო კარგი იქნება.

მიკიპედიაში არის ორივე გასწორებული

აჰა გიგი, ეს ერთი:

ეს კი მეორე:

პოსტის რედაქტირების უფლება არ მაქვს და...

მერე მომწერე და მოგცემ უფლებას :D

nikon-coolpix-s3000-review.jpg

აი ეს კამერა მაქ ნიკონ ს3000 და ხომ ვერ მეტყვით ელემტის დატენვას რა დრო ჭირდება და რამდენი ხანი ძლებს?

თვითონ დამტენი არ გეუბნება დაიტენა თუ არა ?

მიშას მისწერე ეგ არის კამერებში ვოლკი :)

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

+ების წერა ნუ გეზარებათ ხალხო!!!

კაკრაზ ეს თემა მჭირდებოდა მიშა :)

Link to comment
Share on other sites

მიშა ძალიან მაგარია :thumbsup: :thumbsup:

უფ კაროჩე შენ და იუთუბმა ფოტოაპარატი მასწავლეთ :D

-რაზგონი და კვება სოსო-ს სტატიებიდან მაქვს დასამუგამებელი :spiteful:

მე <3 ოვერკლოკერს.გე

Link to comment
Share on other sites

მაგარია წავიკითხავ უეჭველი ))

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.