Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    5810
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    193

Everything posted by Magdalena

  1. ევროპარლამენტის 12 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეიმუშავებს რეგულირების პროექტს ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარების კონტროლის მიზნით. ამის შესახებ წერს Reuters. დეპუტატებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ზოგად კანონზე მუშაობენ, განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მოსალოდნელზე "უფრო სწრაფი და არაპროგნოზირებადია". „ბოლოდროინდელი გამოჩენა და ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობა მძლავრ ხელოვნურ ინტელექტზე, გენერაციულ ალგორითმებში მუშაობის ექსპონენციალურ გაუმჯობესებასთან ერთად, გვაიძულებს შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ჩვენს მუშაობაზე“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების ღია წერილში. ისინი მიიჩნევენ, რომ წინასწარი ზომების დამატებითი ნაკრები ასევე აუცილებელია საჯარო დანიშნულების მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ზრდის რეგულირებისა და მოქმედებისთვის. ხელმომწერებმა მოუწოდეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჩაატარონ გლობალური ხელოვნური ინტელექტის სამიტი. მათ მიაჩნიათ, რომ ღონისძიება მსოფლიო ლიდერებს დაეხმარება მიიღონ სახელმძღვანელო მითითებები ძლიერი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და გამოყენებისთვის. ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს კომპანიებსა და ლაბორატორიებს გამოავლინონ „მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა“, გაზარდონ გამჭვირვალობა და ითანამშრომლონ პოლიტიკოსებთან. კანონმდებლების გაფრთხილებაა, რომ პოლიტიკურმა უმოქმედობამ „შეიძლება გააფართოვოს უფსკრული ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მისი მართვის უნარს შორის“. მათ მოითხოვეს წარმოების, კვლევისა და გადაწყვეტილების მიმღებთა მობილიზება ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ამავდროულად, ევროკავშირის კანონი ხელოვნური ინტელექტის შესახებ უკვე თითქმის ორი წელია პროექტის ფორმატშია. საინფორმაციო მედიის ცნობით დოკუმენტს ამჟამად პარლამენტის კომიტეტი განიხილავს, რომელიც იმედოვნებს, რომ 26 აპრილამდე საერთო პოზიციამდე მივა. ევროპარლამენტის ზოგი წევრი წერილში გამოთქმულ ზოგიერთ განცხადებას გადაჭარბებულად მიიჩნევს. თუმცა, ისინი ეთანხმებიან მის მთავარ გზავნილს: ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ევოლუცია მოითხოვს პოლიტიკურ ყურადღებას „მომავლის რთული სცენარების თავიდან ასაცილებლად“. შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს იტალიის ხელისუფლებამ დაბლოკა ChatGPT-ის მუშაობა ქვეყანაში მონაცემთა კონფიდენციალურობის პრობლემების გამო. სხვა ევროპული ქვეყნები მსგავს ზომებს არ გამორიცხავენ. იმავე თვეში ათასზე მეტი ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა მოითხოვა შეჩერებულიყო GPT-4-ზე უფრო ძლიერი ენობრივი მოდელების განვითარება. https://tinyurl.com/b922acyc
  2. Microsoft ემზადება განახლებულ პლანშეტ Surface Go-ს გამოსაშვებად, რომელსაც პირველად ექნება ARM-პროცესორი. Surface Go 4-ის კოდური დასახელებაა Tanta, მის საბაზისო ვერსიაში წარმოდგენილი იქნება SoC Snapdragon 7c-ს ბაზაზე და შემოგვთავაზებს ამჟამინდელი Surface Go-ს ანალოგიურ წარმადობას, თუმცა გაცილებით მაღალი ენერგოეფექტურობითა და გაზრდილი ავტონომიურობით. Microsoft აგრეთვე გეგმავს ახალი Surface Pro-ს გამოშვებას ორი ზომის ვარიანტად, Apple-ის iPad Pro-ს მსგავსად. ფოტოს წყარო: Windows Central მიუხედავად იმისა, რომ Surface Go 4-ის კომპონენტებში შეიძლება იყოს მცირედი ცვლილებები ახალი SoC-ის გამო, მასში შენარჩუნებულია წინა მოდელების ფორმ-ფაქტორი. ახალი SoC საშუალებას მისცემს Microsoft-ს Surface Go-ში პირველად წარმოადგინოს 5G ქსელის მხარდაჭერა, თუმცა კომპლექტაციის ეს ვარიანტი ჯერ დადასტურებული არ არის. მოსალოდნელია, რომ Intel-ზე დამყარებული ვარიანტი შენარჩუნდება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით კონკრეტულად Intel-ის პროცესორი სჭირდებათ. მომხმარებლებისთვის ნაცნობი 13-დუიმიანი Surface Pro-ს პარალელურად Microsoft ამზადებს ახალ 11-დუიმიან Surface Pro-ს კოდური დასახელებით Luxor. იგი ფორმით და ზომით Surface Go-ს მსგავსი იქნება, თუმცა ექნება უფრო თხელი ჩარჩო. რა თქმა უნდა, 11-დუიმიანი Surface Pro გაცილებით მძლავრი იქნება დაბალბიუჯეტურ Surface Go-სთან შედარებით და მასში წარმოდგენილი იქნება უფრო ხარისხიანი დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ცოტა ხნის წინ Windows 11-ს დაემატა პლანშეტის ახალი რეჟიმი, რომლითაც გაუმჯობესდა მცირე ზომის ეკრანებთან მუშაობა. ამოცანების პანელი იხურება აპლიკაციის გახსნისას და 11-დუიმიან ან უფრო პატარა მოწყობილობებზე აპლიკაციები ავტომატურად გაიხსნება სრულ ეკრანზე დაუყოვნებლივ. როგორც ჩანს, პატარა ეკრანის მქონე მოწყობილობების მხარდაჭერის ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და Windows-ის შემდეგ ვერსიაშიც, რომლის გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წლის ბოლოს. Microsoft თავდაპირველად ახალი Surface Go-ს გამოშვებას მიმდინარე გაზაფხულზე აპირებდა, მაგრამ გეგმა შეიცვალა. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახალი Surface Go და Surface Pro შემოდგომაზე ადრე გამოვიდეს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი პლანშეტის გამოშვებისთვის Microsoft-ს მოუწევს Qualcomm Nuvia ჩიპების მიწოდებას დაელოდოს. https://tinyurl.com/56satjkf
  3. Bitcoin-ბირჟა Coinbase განიხილავს შეერთებული შტატების ბაზრიდან გასვლას „მარეგულირებელი სიცხადის“ ნაკლებობის გამო. ამის შესახებ CoinDesk კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან არმსტრონგის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. მისი აზრით შეერთებულ შტატებს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ კრიპტო ბაზრის მთავარი მოთამაშე გახდეს. თუმცა, მარეგულირებელი გაურკვევლობის გამო ასეთი სცენარი შეიძლება არ განხორციელდეს, განაცხადა არმსტრონგმა. „ვფიქრობ, თუ რამდენიმე წელიწადში [ციფრული აქტივების] რეგულირების სიცხადეს ვერ დავინახავთ, შესაძლოა მოგვიწიოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდაზე ფიქრი“, - განმარტა მან. Coinbase-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა დიდი ბრიტანეთის უპირატესობა იურიდიულ საკითხში. მან ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი სააგენტოა, რომელიც პასუხისმგებელია კრიპტოვალუტებზე – ფინანსური ზედამხედველობის ორგანო. აშშ-ში ორია: სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია (CFTC) და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC). „რეალურად, თითქმის ყოველ რამდენი კვირაში ჩნდება CFTC-ისა და SEC-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგობრივი განცხადებები. როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ბიზნესი ასეთ პირობებში? ჩვენ მხოლოდ მკაფიო წესები გვჭირდება“, - განაცხადა არმსტრონგმა. ადრე ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა უკვე გააკრიტიკა SEC-ის პოლიტიკა ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. მისი აზრით სააგენტოს მიდგომა რეგულირებისადმი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შეერთებული შტატების ფინანსურ მდგომარეობაზე. 23 მარტს SEC-მა კომპანიას გაუგზავნა ცნობა, რომ იწყებდა მის პლატფორმაზე ლისტინგის პროცედურისა და მისი პროდუქტების - Coinbase Prime-ის, Coinbase Wallet-ისა და სტეიკინგ სერვის Coinbase Earn-ის გამოძიებას. მიმდინარე თვეში Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა რაულ პალმა ივარაუდა აშშ-დან ძირითადი კრიპტოკომპანიების გადინება. https://tinyurl.com/55fmthda
  4. თამაშებისა და აპლიკაციების რაოდენობა, რომლებშიც ტექნოლოგია NVIDIA DLSS და რეითრეისინგია გამოყენებული, ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად DLSS ხელმისაწვდომია 290 თამაშსა და აპლიკაციაში, რომელთა შორისაა ახალი Bleak Faith: Forsaken, Romancelvania და Sherlock Holmes The Awakened. გასულ კვირას გამოვიდა Ray Tracing: Overdrive Mode ტექნოლოგიის ვერსია Cyberpunk 2077-ში DLSS 3-ის ნაცვლად. DLSS 2-ის მხარდაჭერა კი დაემატა High On Life-სა და Like a Dragon: Ishin!-ში. ტექნოლოგია DLSS ზრდის ყველა GeForce RTX ვიდეო ბარათის FPS-ს კადრების უფრო დაბალი გაფართოების რენდერინგის ხარჯზე და შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაფართოების გაზრდის შედეგად. DLSS აგროვებს რამდენიმე დაბალი გაფართოების სურათს, იყენებს მოძრაობის მონაცემებს და უკუკავშირს წინა კადრებიდან, რათა აღადგინოს სურათები ორიგინალური ხარისხით. DLSS 3-ს დამატებით აქვს კადრების გენერაციის ტექნოლოგია, რომელიც GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული პროცესორების წარმადობას ზრდის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დამატებითი კადრების ფორმირების ხარჯზე. DLSS 3 აანალიზებს თანმიმდევრულ კადრებს და მოძრაობის მონაცემებს, რათა შექმნას დამატებითი მაღალი ხარისხის კადრები გამოსახულების ხარისხისა და რეაგირების დროის გაუარესების გარეშე. ტექნოლოგია NVIDIA DLSS ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობით თამაშში, დაწყებული მსხვილი ბლოკბასტერებიდან - დამთავრებული ერთი ადამიანის მიერ შექმნილი თამაშებით. ამ დროისთვის Steam-ზე გამოჩნდა ჯამში 290 თამაში და აპლიკაცია DLSS-ის მხარდაჭერით. თითოეულ ამ თამაშში GeForce RTX სერიის ვიდეო ბარათის მფლობელებს შეუძლიათ გაზარდონ წარმადობა და მიიღონ მაქსიმალურად დეტალიზებული და შთამბეჭდავი თამაშის პროცესი. ქვემოთ ჩამოთვლილია Steam-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული თამაშები, რომლებშიც DLSS გამოიყენება. Bleak Faith: Forsaken გვთავაზობს ცივილიზაციის ნარჩენების გამოკვლევას უზარმაზარ, უმოწყალო და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, და გაგებას, რა შემორჩა მისი ისტორიიდან. გეიმერები შექმნიან ბუნებრივ საცხოვრებელ კერებს მუდმივად გაფართოებად ომნისტრუქტურაში, იმოგზაურებენ და იპოვიან თავიანთ მიზანს მსოფლიოში. Romancelvania საშუალებას გაძლევთ ჩაიძიროთ ბნელი კომიქსის ჟანრის ატმოსფეროში, რომელიც მოიცავს საიდ-სქროლინგსა და სახალისო რომანტიკას ერთიან აბსურდულ და დაუვიწყარ თავგადასავალში. Sherlock Holmes The Awakened – ამაღელვებელი თავგადასავალი ლავკრაფტის სტილში, რომელიც ნულიდან შეიქმნა თანამედროვე გრაფიკითა და გეიმფლეით. თამაში საშუალებას გაძლევთ გახდეთ შერლოკ ჰოლმსი, აღმოჩნდეთ ქთულჰუს შემზარავი მითების შუაგულში და გამოიძიოთ იდუმალი გაუჩინარების სერიები ევროპასა და აშშ-ში. Sifu – რეალისტური ბოევიკი მესამე პირში კუნგ-ფუს სასტიკი საბრძოლო მექანიკითა და კინემატოგრაფიული საბრძოლო ხელოვნებებით, რომლებსაც შურისძიების გზაზე მიყავხართ. https://tinyurl.com/44en9edb
  5. მიმდინარე წელს Tesla-მ ელექტრომობილებზე ფასების შემცირება იანვარში დაიწყო, შემდეგ რამდენჯერმე დაკორექტირდა Model Y-ისა და Model 3-ის ღირებულება, მათ შორის მიმდინარე თვის დასაწყისში, ამჟამად კი კროსოვერის ყველა კომპლექტაციის ფასი აშშ-ში 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, Tesla Model 3-ის საბაზისო ვერსია კი გაიაფდა 2 ათასი აშშ დოლარით და ამჟამად შემოთავაზებულია 39990 აშშ დოლარად. ფოტოს წყარო: Tesla კონკრეტულად საბაზისო სედან Tesla Model 3-ის შემთხვევაში ფასის შემცირების დრო და მიზეზი მარტივად აიხსნება. 18 აპრილიდან აშშ-ში ამგვარი მანქანების მყიდველები აღარ იღებენ სუბსიდიის ნახევარს, რომელიც ცოტა ხნის წინ 7500 აშშ დოლარს შეადგენდა. ამჟამად ქვეყნის ხელისუფლება მზადაა მომხმარებლებს დაუკომპენსიროს მხოლოდ 3750 აშშ დოლარი, რადგან ეს ელექტრომობილები, მართლია, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იწყობა, მაგრამ აღჭურვილია ჩინური წარმოების აკუმულატორებით. Tesla-მ გადაწყვიტა ნაწილობრივ აენაზღაურებინა სუბსიდიის ნახევრის დაკარგვა პირდაპირი ფასდაკლებით და საბაზისო Tesla Model 3-ის ღირებულება 2000 აშშ დოლარით შეამცირა. სრული წამყვანი სისტემის მქონე ვარიანტი Tesla Model 3 Performance კვლავ 52990 აშშ დოლარი ღირს, ხოლო გაზრდილი სვლის მარაგის მქონე ვერსიის შეკვეთა აშშ-ში დროებით შეუძლებელია. კროსოვერ Tesla Model Y-ის ფასების ცვლილების პოლიტიკა შედარებით ერთგვაროვანია. შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი სამივე ვარიანტის ფასი მიმდინარე კვირაში 3 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. ყველა მათგანი წარმოდგენილია სრული წამყვანი სისტემით, საბაზისო ვარიანტის ღირებულებაა 46990 აშშ დოლარი, ხოლო სუბსიდირების პროგრამაში მონაწილე კალიფორნიის მცხოვრებს შეუძლია შეიძინოს იგი 37490 აშშ დოლარად ტრანსპორტირების გარეშე. Tesla Model Y Long Range ვერსია 446-დან 528 კმ-მდე გაზრდილი სვლის მარაგით შეფასებულია 49990 აშშ დოლარად, Performance ვარიანტი კი - 53990 აშშ დოლარად. სამივე კროსოვერი აშშ-ში ხვდება სუბსიდირების პროგრამაში და შტატის ხელისუფლების მხრიდან დამატებითი მასტიმულირებელი ანაზრაურების შედეგად Tesla Model Y-ის საბაზისო ვერსიის შეძენა 35 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ რამდენიმე თვის წინ Tesla Model Y Long Range აშშ-ში დაახლოებით 66 ათასი აშშ დოლარი ღირდა, ამჟამად იგი ფასის თითქმის მესამედითაა შემცირებული მიმდინარე წელს ძალაში შესული ფედერალური სუბსიდიების გარეშეც კი. ჯამში Tesla-ს ყველა ქარხანას წელიწადში ერთად შეუძლია ნახევარი მილიონი Model Y-ის გამოშვება და ასეთი აგრესიული საფასო პოლიტიკის პირობებში კომპანიას თავისუფლად შეუძლია ეს მოდელი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილად გარდაქმნას, რასაც ადრე მოიაზრებდა კიდეც ილონ მასკი. ზოგიერთ ბაზარზე Model Y პოპულარობით შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებსაც კი აღემატება. https://tinyurl.com/5ab4z2xa
  6. Intel-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა პირველი თაობის Blockscale 1000 ASIC-მაინერების წარმოება, რომლებიც განკუთვნილია Bitcoin-ის მაინინგისთვის. ამასთან, კომპანიას არაფერი გამოუცხადებია მომავალი თაობის ჩიპების წარმოების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ Blockscale-ის მომხმარებლების მხარდაჭერა გაგრძელდება. Intel-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ASIC Blockscale-ის გამოშვების შეწყვეტის მიზეზია კომპანიის სურვილი - ფოკუსირდეს IDM 2.0 სტრატეგიაზე. კომპანიას არაფერი გამოუცხადებია Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილ სამომავლო თაობის პროდუქტებზე, ხოლო Blockscale ASIC-თან დაკავშირებული ყველა გვერდი ამჟამად არააქტიურია. Intel-ის თავდაპირველი შესვლა მაინინგისთვის განკუთვნილი ჩიპების ბაზარზე არახელსაყრელ დროს მოხდა, რადგან ჩიპები ხელმისაწვდომი გახდა სწორედ იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასმა დაიკლო ბოლო კრიპტობუმის შემდეგ. და Intel-ის ბაზრიდან გასვლა ხდება იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის ფასი კვლავ იზრდება - ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტის ღირებულება 30 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. პროექტ Bonanza Mine-ის შემდეგ Intel-მა განაცხადა, რომ შევიდოდა ASIC-მაინერების ბაზარზე და გამოუშვა მეორე თაობის მოდელი, სახელწოდებით Blockscale ისეთი მსხვილი მაინინგ კომპანიების მოსაზიდად, როგორებიცაა BLOCK, GRIID Infrastructure და Argo Blockchain. მაღალი წარმადობის პარალელურად კონკურენტ მაინინგ-ჩიპებთან შედარებით Blockscale-ის დიდი უპირატესობაა Intel-ის შესაძლებლობა - სტაბილურად აწარმოოს მიკროსქემები. რამდენიმე მსხვილმა მაინინგ კომპანიამ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა ASIC Blockscale-ის მიწოდებასთან დაკავშირებით, რის შედეგად შემცირდა მათი დამოკიდებულება ჩინელ მწარმოებლებზე, რომლებიც Bitcoin-ის ფასებით მანიპულირებდნენ. ASIC-მაინერების ბაზრიდან Intel-ის გასვლას მოყვება ხარჯების შესამცირებელი სხვა ნაბიჯები: გასულ კვირას კომპანიამ გაყიდა სერვერების წარმოების ბიზნესი, განახორციელა ქსელის კომუტატორების საწარმოო ბიზნესის ლიკვიდაცია, შეწყვიტა 5G მოდემების და Optane Memory-ს წარმოება და გაყიდა კომპანია SK Hynix-ის SSD-ების წარმოების საკუთარი ბიზნესი, აგრეთვე უარი თქვა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე. Intel-მა მომავლისთვის გადადო ორეგონში მეგალაბორატორიის მშენებლობის გეგმა და გააუქმა განვითარების ცენტრის შექმნა ჰაიფაში. კომპანიამ შეზღუდა ზოგიერთი პროგრამა, მაგალითად RISC-V Pathfinder და გადახედა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებლების გამოშვების გეგმას, უარი თქვა Rialto Bridge თაობის გრაფიკულ პროცესორებზე და 2025 წლამდე გადადო Falcon Shores ჩიპების გამოშვება. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძლებს თუ არა Intel თავისი ბიზნესის მასშტაბების შემცირებას, თუმცა ნათელია, რომ კომპანია აპირებს ხარჯების შემცირებას, რათა ორიენტირდეს ძირითად საქმიანობაზე, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი განიცდის ერთ-ერთ უარეს საბაზრო პირობებს. https://tinyurl.com/jy6ynsju
  7. Google თავის პირველ დრეკად სმარტფონს, აგრეთვე საშუალო დონის ახალ მოდელს წარადგენს 10 მაისს, დეველოპერების კონფერენცია Google I/O-ის ფარგლებში. არსებული ცნობებით, დრეკადი Pixel Fold-ისა და საშუალობიუჯეტური Pixel 7a-ს პრემიერა ერთად შედგება. ფოტოს წყარო: Onleaks მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების წარდგენა ერთსა და იმავე ღონისძიებაზე შედგება, მათი გაყიდვა სხვადასხვა დროს დაიწყება. Pixel 7a გაიყიდება 10 მაისიდან პრემიერის შემდეგ 499 აშშ დოლარად - 50 აშშ დოლარით უფრო ძვირად Pixel 6a-სთან შედარებით. გამოვა „ნახშირისფერი“, „თოვლისფერი“, „ზღვისფერი“ და „კორალისფერი“ ვარიანტები. ბოლო მათგანი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Google Store-ში. Pixel 6a-სთან შედარებით ფასის 50 აშშ დოლარით ზრდა შეიძლება გამართლდეს იმით, რომ წინა მოდელი, როგორც ჩანს, გაყიდვაში დარჩება შემდეგი თაობის გამოსვლის შემდეგაც. რა თქმა უნდა, შესაძლოა წინა ვერსია გაიაფდეს, მაგრამ ამის შესახებ დადასტურებული მონაცემები ჯერ არ არის. არსებული ცნობებით, Google Pixel 7a-ს ექნება 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, აგრეთვე 13-მეგაპიქსელიანი მოდული ულტრაფართოკუთხიანი ობიექტივით. მოდელი აგებულია Google-ის საფირმო ჩიპსეტ Tensor G2-ზე. კადრის განახლების სიხშირეა 90 ჰერცი. მხარდაჭერილია უსადენო დამუხტვა და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Android 13. რაც შეეხება ფლაგმანურ დასაკეც მოდელ Pixel Fold-ს, მოსალოდნელია, რომ მისი ფასი 1799 აშშ დოლარი იქნება. წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 10 მაისიდან Google Store-ში, 30 მაისიდან კი - აშშ-ის კავშირგაბმულობის ოპერატორებთან. გაყიდვების დაწყების დროდ მითითებულია 27 ივნისი. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა Google Pixel 7a-ს რენდერები, მათი მიხედვით რევოლუციური არაფერია მოსალოდნელი - ზოგადად, სმარტფონები შექმნილია Pixel სერიის უახლესი ვერსიებისთვის დამახასიათებელ ლაკონურ სტილში. https://tinyurl.com/mucuab27
  8. კომპანია OpenAI-ის ბიზნესის ფორმირებაში მონაწილეობამ, რომელმაც გასულ წელს დაუდო საფუძველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ბუმს, არ შეუშალა ხელი ილონ მასკს საკუთარი სპეციალიზებული სტარტაპის შექმნაზე ეზრუნა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მილიარდერმა ნევადაში დაარეგისტრირა X.AI Corp., რომლის სახელწოდება მომავალი საქმიანობის პროფილზე მიუთითებს. ფოტოს წყარო: Marlena Sloss, Bloomberg News მასკის კუთვნილმა კომპანია Twitter-მა ცოტა ხნის წინ დასახელება X Corp.-ად შეიცვალა და ასევე ნევადას იურისდიქციაში გადავიდა. სამართლებრივი სფეროს სპეციალისტების აზრით ამ შტატის კანონები ბიზნესის ხელმძღვანელებსა და მფლობელებს უკეთესი დაცვით უზრუნველყოფს დელავერის შტატთან შედარებით, სადაც ამ დრომდე იყო Twitter რეგისტრირებული. X Corp.-ის მშობელი კომპანიის დასახელებაა X Holdings Corp., და ჯერჯერობით რთულია განსჯა, რა კავშირშია მათთან ახლახანს დარეგისტრირებული X.AI Corp. ილონ მასკი X.AI-ის ერთადერთი დირექტორია, ხოლო მისი ოჯახის საქმეთა მმართველი Jared Birchall კომპანიის ნომინალური ხელმძღვანელია. იგი ასევე ხელმძღვანელობს კომპანია Neuralink-ს - მასკის მიერ დაარსებულ სტრატაპს, რომლის მიზანია იმპლანტების შექმნა ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის ინტერფეისის რეალიზაციისთვის. 2018 წელს მასკმა OpenAI დატოვა კომპანიის იმდროინდელ ხელმძღვანელ Sam Altman-თან კონფლიქტის ფონზე. მილიარდერმა გააკრიტიკა OpenAI-ს მიერ შექმნილი ChatGPT ბოტი, რადგან მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელსაც კომპანია იყენებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თავად მასკი ემხრობა უფრო ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული მოდელის შექმნის იდეას, თუმცა ამ საკითხზე დამატებით განმარტებას არ იძლევა. ცოტა ხნის წინ მასკმა დაიქირავა იგორ ბაბუშკინი - ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, რომელიც მუშაობდა Alphabet-ის (Google-ის) DeepMind Lab-ში. მან ასევე სცადა OpenAI-ის რამდენიმე თანამშრომლის გადაბირება, ასე რომ ძნელია უარვყოთ მასკის დაინტერესება საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნის თემით. ერთი მხრივ იგი საჭირო იქნება ელექტრომობილებისა და ადამიანისმაგვარი რობოტების დიდი რაოდენობის სამართავად, რომელთაც Tesla მალე გამოუშვებს. მეორე მხრივ, მასკი შესაძლოა დაინტერესდეს მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენების სხვა სფეროებითაც - მაგალითად, Twitter-ის განვითარებისთვის. ახლახანს მან თანამოაზრეებთან ერთად წამოაყენა პეტიცია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების ტესტირების ექვსი თვით შეჩერების მოთხოვნით, რათა ამ დროის განმავლობაში შემუშავდეს გარკვეული სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესები კაცობრიობისთვის ახალ სფეროში. შესაძლოა, ეს მოწოდება მიზნად ისახავს მასკის სურვილს, ხსენებულ დროში საკუთარი ხელოვნური ინტელექტი შექმნას, რომელიც ChatGPT-ს გაუწევს კონკრენციას. https://tinyurl.com/ybvk3e59
  9. პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდას, რომელიც წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა, გაგრძელების ყველა შანსი აქვს. Bloomberg-ის ინფორმაციით ასეთი პროგნოზი გააკეთეს Bank of America-ს ანალიტიკოსებმა. ალკეშ შაჰი და ენდრიუ მოსი ამ დასკვნამდე მივიდნენ Bitcoin-ის ბირჟის საფულეებიდან პირად საფულეებში გადინების საფუძველზე. 4 აპრილს დასრულებული კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ნაკადმა 368 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „ინვესტორებს ტოკენები გაცვლის საფულეებიდან საკუთარში გადააქვთ იმ დროს, როდესაც მათ შენახვას აპირებენ. ეს მიუთითებს გაყიდვების ზეწოლის პოტენციურ შემცირებაზე“, - წერენ ექსპერტები კვლევის ჩანაწერში. მათ დაუშვეს, რომ თანხების გატანა შეიძლება გამოწვეული იყოს პლატფორმებზე მარეგულირებელი ზეწოლის გამო. 11 აპრილს Bitcoin-ის ფასმა 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველად გაარღვია 30 ათას აშშ დოლარიანი დონე. 31 დეკემბრიდან აქტივის ფასი 80%-ზე მეტით გაიზარდა. Nasdaq 100 ინდექსმა ამ დროის განმავლობაში 19% მოიმატა, ოქროს კოტირებებმა - დაახლოებით 9%. კრიპტოვალუტის ზრდა მოხდა კრიპტო ბაზარზე ლიკვიდობისა და ვაჭრობის მოცულობის შემცირების ფონზე, FTX-ისა და ინდუსტრიის რიგი სხვა კომპანიების დაშლის შედეგად. „Bitcoin-მა შეწყვიტა ცუდ ამბებზე რეაგირება. ეს არის მყიდველების ძლიერი ბაზრის აშკარა ნიშანი“, - განაცხადა Biyond Trader-ის მმართველმა პარტნიორმა ნათან ბეტჩელორმა. Bank of America-ს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ციფრული ოქროსგან განსხვავებით Ethereum-მა დააფიქსირა მონეტების ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველკვირეული შემოდინება ბირჟებზე წელს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს გამყიდველების ზეწოლა ფასზე. დამატებითი გავლენა შეიძლება მოჰყვეს განახლება Shapella-ს, რაც უზრუნველყოფს Ethereum-ის გატანის შესაძლებლობას სტეიკინგიდან. JPMorgan Chase-ისა და Fidelity-ის ექსპერტებმა განსხვავებულად შეაფასეს ჰარდფორკის პოტენციური გავლენა Ethereum-ის ფასის მოძრაობის პერსპექტივაზე. https://tinyurl.com/23d4veyh
  10. Mediaworkstations-მა განაახლა სამუშაო სადგურ a-X2P-ს კონფიგურაცია - ახალი მოდელი წარმოდგენილია ორი AMD EPYC 9654 პროცესორით, რაც ჯამში გვაძლევს 192 ბირთვს და 384 ნაკადს, მოწყობილობას ასევე აქვს 3 ტერაბაიტამდე DDR5 ოპერატიული მეხსიერება. ფოტოს წყარო: mediaworkstations.net მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კომპიუტერი შეიძლება ჩაითვალოს ლეპტოპად, მაინც უფრო სწორია მას პორტატული სამუშაო სადგური ვუწოდოთ. ახალ მოდელში შენარჩუნებულია წინა თაობის დიზაინი, თუმცა ზომები და მასა გაიზარდა. ახალი ვერსიის ზომაა 41.5 × 62.5 × 26.9 სმ, წონა - 20.4-დან 25 კგ-მდე. ყველაზე თვალშისაცემი ცვლილებები კომპიუტერის კონფიგურაციას შეეხო. 2020 წელს გამოსული მოდელი მუშაობდა Zen 2 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროცესორ AMD EPYC 7002-ზე (Rome). კომპანიამ გამოტოვა EPYC 7003 (Milan) სერია და პირდაპირ გადავიდა Zen 4 ბირთვების მქონე EPYC 9004-ზე (Genoa). ხელმისაწვდომია კონფიგურაციის ფართო სპექტრი 16-დან 96-მდე ბირთვის მქონე ჩიპებით - ასევე არის ვარიანტი ორი AMD EPYC 9654 პროცესორით, რაც ჯამში 192 ბირთვს იძლევა. კომპანიას არ მიუთითებია ორპროცესორიანი მოდელის დედა დაფის მოდელი, თუმცა ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს არის Gigabyte MZ73-LM1 - ვარაუდობს Tom’s Hardware. მას აქვს ოპერატიული მეხსიერების 24 სლოტი 256 გბ-მდე DDR5-4800 3DS RDIMM-ის მხარდაჭერით. მოწყობილობაში ხელმისაწვდომია მაქსიმუმ 3 ტბ ოპერატიული მეხსიერება, ე.ი. დედა დაფის მაქსიმალური შესაძლებლობის ნახევარი. AMD EPYC Genoa პროცესორებზე მხარდაჭერილია PCIe 5.0, თუმცა Mediaworkstations-მა PCIe 4.0-ის გამოყენება გადაწყვიტა - დედა დაფა Gigabyte MZ73 გამოდის ორ ვარიანტად: PCIe 5.0 სტანდარტით (მოდელი MZ73-LM0) და PCIe 4.0 (MZ73-LM1). სამუშაო სადგური a-X2P აღჭურვილია მეორე მათგანით, კომპიუტერს აქვს ოთხი PCIe 4.0 x16 სლოტი პროცესორთან პირდაპირი კავშირით. კომპლექტში შესაძლებელია მოცემული იყოს 2-მდე ვიდეობარათი. კომპიუტერს აქვს PCIe 4.0 x4 M.2 სლოტი M.2 2280 ან M.2 22110 ფორმატის SSD-სთვის. დაფაზე მოცემულია ერთი კონექტორი SlimSAS 4i ოთხი SATA III პორტითა და ორი SlimSAS 8i ოთხი PCIe 4.0-ით, ან 16 SATA III-ით. წარმოდგენილია ასევე კონტროლერი Aspeed AST2600 ორი Arm Cortex-A7 ბირთვით და დამხმარე Arm Cortex-M3-ით, აქვს ორი მაღალსიჩქარიანი პორტი Base-T LAN 10 გბ/წმ (Broadcom BCM57416) და ერთი MLAN. ამავდროულად, კომპიუტერს არ აქვს უსადენო პროტოკოლების მხარდაჭერა, რაც მოულოდნელია მობილური სამუშაო სადგურისთვის, მაგრამ ხელმისაწვდომია ორი USB 3.2 Gen 1 პორტი, ერთი VGA და ერთი COM კომპანია თითოეული a-X2P-ის ღირებულებას ინდივიდუალურად ითვლის, შემოთავაზება აშკარად არ არის იაფი: 96-ბირთვიანი AMD EPYC 9654 ღირს 11805 აშშ დოლარი. კონფიგურაცია ორი პროცესორით, 3 ტბ ძვირადღირებული DDR5 მეხსიერებით და ექვსი ეკრანით საგრძნობლად ძვირი იქნება. https://tinyurl.com/5y3u48xm
  11. Intel Foundry Services-მა (IFS) განაცხადა თანამშრომლობის დაწყება პროცესორების არქიტექტურის შემქმნელ კომპანია Arm-თან. იგი დეველოპერებს საშუალებას მისცემს შექმნან ერთკრისტალიანი პლატფორმები (SoC) დაბალი ენერგომოხმარებით Intel-ის მოწინავე ტექნოპროცესებზე დაყრდნობით. თავდაპირველად კომპანია ფოკუსირდება მობილური SoC-ების შემუშავებაზე, შემდეგ კი შექმნის ჩიპებს ავტომობილებისთვის, ინტერნეტ-ნივთებისთვის, მონაცემთა ცენტრებისთვის, აეროკოსმოსური და სახელმწიფო აპლიკაციებისთვის. ფოტოს წყარო: Intel თანამშრომლობის შედეგად Arm-ზე დამყარებული ჩიპების დეველოპერები შეძლებენ მოწინავე Intel 18A ტექნოპროცესის გამოყენებას თავიანთი პროდუქციის წარმოებისთვის. იგი საშუალებას მისცემს დააპროექტონ მიკროსქემები მესამე მხარის ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაციის (EDA) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. შედეგად გამოვა უფრო მძლავრი და ენერგოეფექტური პროცესორები. IFS და Arm ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიის სრულყოფაზე, რომლის ფარგლებში მოხდება მიკროსქემების პროექტირება და წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია სიმძლავრისა და წარმადობის გაზრდის მიზნით, ასევე შემცირდება Arm-ზე დამყარებული ბირთვების ღირებულება Intel 18A ტექნოპროცესის გამოყენების შედეგად. ამ ტექნოპროცესში ორი ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული - PowerVia კვების ოპტიმალური მიწოდებისთვის და ტრანზისტორების არქიტექტურა RibbonFET გარემომცველი სარქველით, რაც ოპტიმალურ წარმადობასა და სიმძლავრეს უზრუნველყოფს. ფოტოს წყარო: Arm თანამშრომლობის ფარგლებში IFS და Arm გეგმავენ ეტალონური დიზაინის ჩიპის შექმნას მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიის დემონსტრირების მიზნით. ეს გარიგება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია IFS-ისთვის ტაივანური ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებელ კომპანია MediaTek-თან პარტნიორობის შემდეგ, რომელიც გასული წლის ივლისში გამოცხადდა. Qualcomm ასევე არის IFS-ის მომხმარებელი, ხოლო NVIDIA განიხილავს მსგავს შესაძლებლობას. სხვა კომპანიებისთვის ჩიპების წარმოების ბიზნესი საკუთარი დიზაინის საფუძველზე Intel-მა 2021 წელს დაიწყო. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Pat Gelsinger-მა განაცხადა, რომ ამ დრომდე ჩიპების მწარმოებელთა უმეტესობა შეზღუდული იყო Arm-ის მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებაში. „Intel-ის თანამშრომლობა Arm-თან უზრუნველყოფს ახალ მიდგომებს ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც სურს წვდომა ჰქონდეს საუკეთესო კლასის პროცესორებსა და მოწინავე ტექნოპროცესებზე“ - განაცხადა მან. https://tinyurl.com/3ykx7jbt
  12. გაკოტრებების სერიამ და მარეგულირებელმა გაურკვევლობამ აშშ-ის მოქალაქეების უმეტესობას ციფრული აქტივების უსაფრთხოებისადმი ნდობა დაუკარგა. ამას ადასტურებს Pew Research Center-ის კვლევა. იმ ამერიკელებს შორის, რომლებსაც კრიპტოვალუტების შესახებ სმენიათ (88%), ორი მესამედი ამტკიცებს, რომ არ ენდობიან ინვესტიციების ამ კლასს. გამოკითხულთა თითქმის 40%-მა განაცხადა, რომ ისინი "სულაც არ იყვნენ დარწმუნებული" ან "არც ძალიან დარწმუნებულნი" ციფრული აქტივებით ვაჭრობის უსაფრთხოებაში. გამოკითხულთა 18%-მა უპასუხა, რომ გარკვეულწილად „ენდობა“ ტრეიდინგს. წყარო: Pew Research.  მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტა უკეთეს შედეგებს აფიქსირებს, ვიდრე შეერთებული შტატების ხელისუფლება. Pew-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად ათი რესპონდენტიდან მხოლოდ ორი ენდობა თეთრ სახლს. 50 წელზე უფროსი ამერიკელები უფრო სკეპტიკურად განწყობილნი არიან, ვიდრე ახალგაზრდა თაობები. მათ შორის, ვინც ინვესტიცია მოახდინა კრიპტოვალუტაში, 43% არასტაბილურად მიიჩნევს მას. გამოკითხულთა 69%, რომლებმაც ოდესღაც შეიძინეს ციფრული აქტივები, კვლავ ფლობენ მათ. ინვესტორების 45-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათი გარიგებები მოსალოდნელზე ცუდად წარიმართა. Paxos-ის მიერ მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად აშშ-ის მაცხოვრებელთა 75%-ს გარკვეულ დონეზე კვლავ სჯერა ციფრული აქტივების, FTX-ის კრახის მიუხედავად. Coinbase-ის მონაცემებით აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 20% ფლობს კრიპტოვალუტას. მფლობელთა 76% ეთანხმება განცხადებას, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია მომავალია. აპრილში Google-ში Bitcoin-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნების რაოდენობამ 1.9 მილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებლების მიხედვით პირველმა კრიპტოვალუტამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მუსიკოს ელვის პრესლის და Disney World-ს გადაუსწრო. https://tinyurl.com/38ex7e8x
  13. ილონ მასკმა, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის სწავლების მორატორიუმის მოწოდებისა, გავრცელებული ინფორმაციით ცოტა ხნის წინ წამოიწყო ნეიროქსელის მნიშვნელოვანი პროექტი Twitter-ზე, რომელიც მოიცავს დიდი ენობრივი მოდელის შექმნას. პროექტი გულისხმობს თითქმის 10 ათასი გრაფიკული პროცესორის შესყიდვას და DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტების დაქირავებას. წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტი ჯერ კიდევ წინასწარ სტადიაზეა, თუმცა მასკის მიზანი - პროექტი განავითაროს, დასტურდება დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრეების შეძენით. ცნობილია, რომ კომპანიამ ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა გამომთვლელ GPU-ებზე ფინანსური სირთულეების მიუხედავად. ეს ჩიპები, დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნება Twitter-ის ერთ-ერთ დარჩენილ მონაცემთა ცენტრში. Twitter-მა ასევე დაიქირავა დამატებითი ინჟინრები ხელოვნური ინტელექტის ინიციატივის განვითარებისთვის, მათ შორის DeepMind-ის პროფესიონალები. შეგახსენებთ, OpenAI-მ გამოიყენა NVIDIA A100 GPU-ები თავისი ChatGPT ბოტის შექმნისთვის. მას შემდეგ NVIDIA-მ გამოუშვა გამოთვლითი GPU H100, რომლებიც მნიშვნელოვნად სწრაფია წინა თაობის ჩიპებთან შედარებით და მოიხმარენ ანალოგიურ ენერგიას. იმის გამო, რომ Twitter-ის მსგავსი კომპანიები აღჭურვილობას ბითუმად ყიდულობენ, ისინი ლგოტური ფასებით სარგებლობენ. საცალო ვაჭრობაში NVIDIA-ს H100 დაფის ფასი შეიძლება 10 ათას აშშ დოლარზე მეტი იყოს. https://tinyurl.com/2upyju86
  14. ASUS ROG Phone 7 და ROG Phone 7 Pro გეიმინგ სმარტფონების ანონსამდე ცნობილმა ინფორმატორმა ევან ბლასმა გამოაქვეყნა მოწყობილობების პირველი რენდერები, რომელთაგან ერთ-ერთზე წარმოდგენილია ASUS-ის ახალი ფლაგმანი გარე გაგრილების სისტემით. ფოტოს წყარო: Twitter / Evan Blass ორივე სმარტფონში გამოყენებულია ფლაგმანური ჩიპსეტი Snapdragon 8 Gen 2. ROG Phone 7 Pro ვერსია გარეგნულად განსხვავდება წინა წლის ROG Phone 6D Ultimate-ისგან, თუმცა მის მსგავსად წარმოდგენილია გარე აქტიური გაგრილების სისტემა AeroAtive Portal. როგორც ჩანს, ქულერი AeroAtive Portal შევა მხოლოდ ROG Phone 7 Pro მოდელის შემადგენლობაში. გაგრილების აქტიური სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მოწყობილობის სამუშაო ტემპერატურას და უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალი წარმადობის შენარჩუნებას ხანგრძლივ გეიმინგ სესიებში - CPU-ისა და GPU-ის სიხშირეები არ ეცემა გადახურების გამო. AeroAtive Portal-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია LCD დისპლეი და სავარაუდო RGB განათება. კომპანია ASUS ROG Phone 7 სერიის სმარტფონებისთვის აგრეთვე გამოუშვებს საფირმო ქეისებს და მინას ეკრანებისთვის. ტაივანის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემთა ბაზის მიხედვით სმარტფონებს ექნება 6000 მა/სთ ბატარეებით და 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. არაოფიციალური ინფორმაციით სმარტფონებს ექნება 6.8-დუიმიანი AMOLED დისპლეები FHD+ გაფართოებით და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, აგრეთვე ძირითადი კამერის სამმაგი ბლოკი, რომელშიც მოცემული იქნება 50-, 13- და 5-მეგაპიქსელიანი სენსორები. https://tinyurl.com/yenbjf4d
  15. Bitcoin-ის წილმა კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიან კაპიტალიზაციაში 45%-ს გადააჭარბა - მაჩვენებელმა მიაღწია 2021 წლის შუა პერიოდში არსებულ ნიშნულს. იანვრის დასაწყისში ციფრული ოქროს დომინირების ინდექსი 38%-ს შეადგენდა. მას შემდეგ აქტივის ღირებულება გაიზარდა 82%-ით და გადალახა 30 ათას აშშ დოლარიანი ზღვარი. Bitcoin-ის დომინირების ინდექსის დინამიკა. წყარო: TradingView ინდიკატორის ამჟამინდელი ზრდა აღსანიშნავია იმით, რომ იგი ხდება ბაზრის ზოგადი ზრდის ფონზე და არა პირიქით (როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა ადრე - მაგალითად, 2020-2021 წლების მიჯნაზე). წყარო: CoinGecko სტატიის წერის დროს Ethereum-ის დომინირების ინდექსი იყო 17.9%, stablecoin USDT-ის -6.32%, BNB-ს კი - 3.96%. CoinGecko-ს თანახმად ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 1.28 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მარტში CNBC-ის მიერ გამოკითხულმა მსხვილმა მოთამაშეებმა ივარაუდეს Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა. Equity Management Associates-ის ხელმძღვანელმა ლარი ლეპარდმა გამოხატა რწმენა, რომ ციფრული ოქროს ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში 10 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. https://tinyurl.com/eavnmp2j
  16. OPPO Find X6 Pro-მა სმარტფონების კამერების ინდუსტრიაში შთაბეჭდილება მოახდინა DxOMark-ის გამოსახულების მაჩვენებლის 153 ქულით, რამაც მას პირველი ადგილი შეუნარჩუნა DxOMark-ის უმაღლესი რეიტინგის მქონე სმარტფონებს შორის. სმარტფონმა უკან მოიტოვა Honor Magic5 Pro და Huawei Mate 50 Pro, რომლებიც ამ დრომდე ლიდერობის მთავარი პრეტენდენტები იყვნენ. DxOMark-ის ექსპერტებმა OPPO Find X6 Pro-ს მაღალი შეფასება მიანიჭეს დაბალანსებული და განსაკუთრებული წარმადობისთვის ფოტოგრაფირების ყველა ასპექტში, როგორებიცაა ვიდეო, ზუმი და ბოკე. კამერის ზუსტი ექსპოზიცია, ხმაურის შესანიშნავი ბალანსი გამოცხადდა, როგორც გარღვევა მობილურ ფოტოგრაფიაში. უფრო მეტიც, DxOMark-მა აღნიშნა, რომ OPPO Find X6 Pro არაჩვეულებრივად მუშაობდა სუსტი განათების პირობებში და აგროვებდა ყველაზე მაღალ ქულებს ნებისმიერ სმარტფონთან შედარებით. სმარტფონის დიდი სენსორული კამერის მოდული ხელს უწყობს სცენის დეტალების შენარჩუნებას ყველანაირი განათების პირობებში, აკონტროლებს ხმაურს და აწვდის გამოსახულების კარგ ხარისხს როგორც დღისით, ასევე ღამით. OPPO Find X6 Pro-ს გამორჩეული მახასიათებელია სამკამერიანი სისტემა, რომელშიც შედის 1/1.56-დუიმიანი სუპერმგრძნობიარე პერსკოპული ტელეობიექტივი, 1-დუიმიანი დიდი ფართოკუთხიანი ობიექტივი და სუპერფართოკუთხიანი სენსორი. სამივე ობიექტივს გააჩნია ამ დროისთვის ყველაზე მაღალი სინათლის მგრძნობელობა, რაც შთამბეჭდავ ფოტოგადაღებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, OPPO Find X6 Pro-ში გამოყენებულია ფოტონური მატრიცის ახალი ტექნოლოგია, რომელიც რვაჯერ აუმჯობესებს ღია და მუქი ტონების დინამიურ დიაპაზონს ჩვეულებრივ ტექნოლოგიასთან შედარებით, რომელიც ბუნებრივ განათებას და მუქ ტონებს უზრუნველყოფს. შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად DxOMark-მა აღნიშნა, რომ სმარტფონის ექსპოზიცია ფოტოებსა და ვიდეოებში ზოგჯერ არასტაბილურია, რაც ზოგჯერ იწვევს კანის ფერის არაბუნებრივ გამოსახულებას. ასეა თუ ისე, OPPO Find X6 Pro შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ბაზარზე არსებული საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონს ეძებს. https://tinyurl.com/5cb6sk4s
  17. დღესდღეობით პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში Arm არქიტექტურის განვითარებაში ყველაზე დიდი წარმატებით კომპანია Apple სარგებლობს, რომლის მოწყობილობები სეგმენტის 90%-ს იკავებს. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების აზრით სხვა კომპანიებიც აქტიურად გამოიყენებენ Arm არქიტექტურას, რის შედეგად მისი წილი პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე 2027 წლისთვის 25%-ით გაიზრდება ამჟამინდელი 14%-ისგან განსხვავებით. ფოტოს წყარო: Arm რა თქმა უნდა, როგორც პროგნოზის ავტორები აღნიშნავენ, პოპულარული ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა, როგორიცაა Windows და Office365, მნიშვნელოვნად იმოქმედებს Arm-თავსებადი ლეპტოპების გაფართოების ტემპზე. მიმდინარე წლის ბოლომდე კომპიუტერების სეგმენტში Arm არქიტექტურის მქონე პროცესორებს შეუძლიათ ბაზრის 15% დაიკავონ, მომავალ წელს მათი წილი 18%-მდე გაიზრდება და 2025 წელს გადალახავს 21%-იან ბარიერს. ამავდროულად, ისინი შეავიწროვებენ როგორც Intel-ის, ასევე AMD-ის პროდუქტებს, ვინაიდან 2027 წლისთვის ამ უკანასკნელის წილი 68-დან 60%-მდე შემცირდება, ხოლო მეორესი - 16.7-დან 14.4%-მდე. ფოტოს წყარო: Counterpoint Research Arm პროცესორების ძლიერ მხარეს წარმოადგენს პროექტირებისას ფუნქციონალური ბლოკების კონფიგურირების მოქნილობა, ასევე დაბალი ენერგომოხმარება. პირველი თვისება საშუალებას იძლევა შეიქმნას მაღალი სპეციალიზაციის პროცესორები დავალებების კონკრეტული სპექტრის შესასრულებლად. მეორე კი უზრუნველყოფს კომპაქტური მოწყობილობების შექმნას, რომელთაც ავტონომიურობის მაღალი მაჩვენებელი ექნება ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით. Arm-თავსებადი პროცესორების ბაზაზე ხშირად იქმნება ჰიბრიდული ლეპტოპები და პლანშეტები, რომლებსაც ბატარეის მუშაობის დროის კარგი მაჩვენებელი აქვთ და ამასთან თხელი კორპუსით გამოირჩევიან. და ბოლოს, პოპულარობას მოიპოვებს ულტრაკომპაქტური კომპიუტერები, რომლებიც დაკავშირებადია USB პორტით და ზომებით ფლეშ დრაივს ან მოდემს წააგავს. Counterpoint Research Arm არქიტექტურის მქონე პროცესორების გამოყენების კიდევ ერთ პერსპექტიულ სფეროდ განიხილავს ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მაღალი ავტონომიურობის შერწყმა ღირსეულ წარმადობასთან და ასეთ შედარებაში Arm არქიტექტურის მქონე პროცესორებს ცოტა თანასწორი ჰყავს. https://tinyurl.com/y72sdtph
  18. ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტმა გამოიტანა დასკვნა - რომელი კრიპტოვალუტაა ყველაზე პერსპექტიული დღეს. და ეს სულაც არ არის Bitcoin, არამედ Ethereum, წერს BeinCrypto. Altcoin-ების ისეთი წყვილების შეფასების შემდეგ, როგორიცაა Ripple, Shiba Inu და Dogecoin, ChatGPT-მ გააკეთა პროგნოზი კრიპტო ბაზარზე Altcoin-ების ყველაზე დიდი ზრდის შესახებ. ჩატ-ბოტის მიხედვით საუკეთესო აღმოჩნდა Altcoin Ethereum. ამ არჩევანს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის სმარტ-კონტრაქტები, დეცენტრალიზებული პლატფორმების შექმნის შესაძლებლობა. ფაქტობრივად, BTC-ის შემდეგ Ethereum არის აქტივი, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გააჩნია იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომელთა მიზანია საკუთარი ბლოკჩეინის მუშაობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით Proof-of-Stake-ზე გადასვლით, რომლის შემთხვევაში Ethereum-მა მასშტაბირებადობა დააფიქსირა. ChatGPT-მ ასევე აღნიშნა მრავალი სხვა Altcoin-ის ღირებულება კრიპტო ბაზარზე, ესენია: BNB, Cardano, Solana, ასევე Polkadot და Avalanche. https://tinyurl.com/zzfbjjaw
  19. ვიდეო ბარათი GeForce RTX 4070 Ti არ არის ხელმისაწვდომი NVIDIA Founders Edition (FE) ვერსიაში. მისი რეალიზაცია დაეკისრა კომპანია NVIDIA-ს პარტნიორებს, რომლებიც თავიანთი წარმოების ვიდეო ბარათებს უშვებენ. უმცროსი მოდელი GeForce RTX 4070 კი წარმოდგენილი იქნება NVIDIA-ს საფირმო წარმოებით - GeForce RTX 4070 Founders Edition განსახილველად გადაეცა პროფილურ საინფორმაციო რესურსებსა და ტექნობლოგერებს. ფოტოს წყარო: VideoCardz ეტალონური ბარათი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ადრეული ცნობების მიხედვით. ვიდეო ბარათი ორსლოტიანია. იგი შედარებით კომპაქტურია GeForce RTX 4080 FE მოდელთან შედარებით და ზომით დაახლოებით GeForce RTX 3070 FE-ს მსგავსია. NVIDIA-ს წარმოებულ ბარათს აქვს 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი. ამავე დროს, ბევრი კომპანია უშვებს ამაჩქარებლის არაეტალონურ ვერსიებს, რომლებიც სტანდარტული 8-პინიანი კონექტორებითაა წარმოდგენილი. ფოტოს წყარო: Twitter / David Giannis GeForce RTX 4070 FE-ს საფუძვლად გამოყენებულია მეტად კომპაქტური, V-ს ფორმის PCB. შედეგად, გაგრილების სისტემის მეორე ქულერი, რომელიც ამაჩქარებლის უკანა მხარესაა განთავსებული, აგრილებს მხოლოდ რადიატორს. ვიდეო კონექტორების ნაკრები მოიცავს ერთ HDMI 2.1-სა და სამ DisplayPort 1.4-ს. ფოტოს წყარო: Twitter / David Giannis GeForce RTX 4070 13 აპრილიდან უნდა გაიყიდოს, მისი სარეკომენდაციო ფასი 599 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/2kku58tf
  20. გავრცელდა სმარტფონ Google Pixel 7a-ს ფოტოები, რომლის წარდგენა, როგორც მოსალოდნელია, შედგება კონფერენცია Google I/O 2023-ზე 10 მაისიდან. ვებ-გვერდ mysmartprice.com-ისა და ავტორიტეტულ ინსაიდერ Steve Hemmerstoffer-ის მიერ (ცნობილია ფსევდონიმით Onleaks) გამოქვეყნებული რენდერების შედეგად ცნობილია სმარტფონის დიზაინი ყველა დეტალით, აგრეთვე მისი კორპუსის ფერის ვარიანტები. ფოტოს წყარო: GSMArena.com წარმოდგენილი ფოტოებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Google Pixel 7a ხელმისაწვდომი იქნება მინიმუმ სამი ფერის ვარიანტში: ღია ცისფერი, თეთრი და შავი. შავი (Charcoal) ვარიანტი ოდნავ ღია ფერისაა, ვიდრე მისი წინამორბედები და უფრო ჰგავს მუქი ნაცრისფერს. მოსალოდნელია, რომ Google Pixel 7a დამყარებული იქნება საფირმო პროცესორ Tensor G2-ზე, რომლის დებიუტი შედგა Pixel 7 და Pixel 7 Pro მოდელებში. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ახალ სმარტფონს ექნება Samsung-ის წარმოების 6.1-დუიმიანი OLED-დისპლეი FHD+ გაფართოებითა და 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სმარტფონის ძირითად კამერაში შედის 64-მეგაპიქსელიანი Sony IMX787 სენსორი Pixel 6a მოდელში მოცემული Sony IMX363 სენსორისგან განსხვავებით, ასევე დამატებითი ფართოკუთხიანი სენსორი 12 მპ გაფართოებით. გარდა ამისა, ინსაიდერების მონაცემებით Pixel 7a-ს ექნება უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, ერთი SIM ბარათის სლოტი ჰიდროიზოლაციით და USB-C პორტი დამუხტვისთვის. სმარტფონში დაყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 13. https://tinyurl.com/3msc4csk
  21. Bloomberg Intelligence-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში უფროსი მაკროსტრატეგი მაიკ მაკგლოუნი ამტკიცებს, რომ BTC ქსელი არასოდეს ყოფილა ისეთი უსაფრთხო, როგორც დღეს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ Bitcoin-ის ჰეშრეითი წლის დასაწყისიდან 25%-ით გაიზარდა, რაც ქსელის მონაწილეების ყველა დროის უმაღლეს ნდობაზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო უჭირს ვინმეს ქსელის კონტროლი ან ტრანზაქციებით მანიპულირება. თუმცა, Bitcoin-ის ჰეშრეითი არა მხოლოდ გაორმაგდა 2022 წლის ბაზრის დათვური ტრენდის განმავლობაში, არამედ აგრძელებს ზრდას, რაც აღსანიშნავია აშშ-ის მარეგულირებლების მიერ მაინერებზე პირდაპირი თავდასხმების მიუხედავად. მაკგლოუნმა აღნიშნა, რომ სანამ მარეგულირებლები და ცენტრალური ბანკები ცდილობენ აღადგინონ საზოგადოების ნდობა ტრადიციული საბანკო სისტემის მიმართ, მაინერების, ნოუდებისა და BTC-ის მომხმარებლების არმია ორგანულად იზრდება. იგი არ უარყოფს, რომ BTC-ის ფასი შესაძლოა დაზარალდეს აშშ-ის ეკონომიკაში ლიკვიდობის შემცირების შედეგად, რაც განპირობებულია ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის გამკაცრებით, თუმცა პროგნოზირებს, რომ ეს კრიპტოვალუტა საბოლოო ჯამში გაიყიდება ისევე, როგორც ოქრო ან გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციები. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში მაკგლოუნმა განაცხადა, რომ Bitcoin აღემატება ყველაზე სარისკო აქტივებს მისი მომწიფების გათვალისწინებით. https://tinyurl.com/f4bvu6aw
  22. 2022 წელს კომპანია Intel-მა შეინარჩუნა ნახევრადგამტარი ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის წოდება, თუმცა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი TSMC ამერიკულ გიგანტს უმნიშვნელოდ ჩამორჩება. კვლევის ასეთი შედეგები მოიყვანეს Brand Finance-ის ანალიტიკოსებმა. 2022 წლის შეჯამებით ბრენდი Intel 10%-ით გაიაფდა 22.9 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო TSMC-ის ღირებულებას მოემატა 5% და შეადგინა 21.6 მლრდ აშშ დოლარი. მესამეა NVIDIA, რომელიც შეფასებულია 16.9 მლრდ აშშ დოლარად. ათეულში ასევე შევიდნენ SK hynix, Qualcomm, Broadcom, AMD, ASML, Micron და Texas Instruments. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ Intel-ის ბრენდი ორიენტირებულია სამომხმარებლო ბაზარზე - კომპანია აწვდის კომპონენტებს ლეპტოპებისა და დესკტოპებისთვის, თუმცა მას ასევე მყარი პოზიცია გააჩნია სერვერულ და ინდუსტრიულ სეგმენტებში. ამავე დროს, TSMC არის B2B ბრენდი, ტაივანური საკონტრაქტო მწარმოებელი, რომელიც აწარმოებს პროდუქტებს Apple-ის, AMD-ის, NVIDIA-სა და სხვა კომპანიებისთვის. ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფი ზრდა 2022 წლის შეჯამებით დააფიქსირა ამერიკულმა ბრენდმა Broadcom-მა, რომლის ღირებულება მომენტალურად 29%-ით, 8.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით კომპანიის წარმატება განპირობებულია ქსელურ აღჭურვილობასა და მონაცემთა გადაცემისთვის განკუთვნილ კომპონენტებზე მოთხოვნის ზრდით. ზრდის ტემპით მეორე აღმოჩდა კვლავ ამერიკული Analog Devices - ბრენდის დებიუტი შედგა რეიტინგში, მისი ღირებულება 21%-ით, 1.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებლების წარმატების გასაღები არის ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნება, წარმოების ეფექტურობაზე ზრუნვა და, რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი პროდუქტებით, განაცხადა ალექს ჰაიმ, Brand Finance-ის შეფასების დირექტორმა. https://tinyurl.com/mrxa7f3f
  23. TrendForce-ის კვლევის მიხედვით გეიმინგ მონიტორების მიწოდება 2022 წელს შემცირდა მაღალი ინფლაციის გამო. გასულ წელს მოხდა მხოლოდ 19.8 მილიონი გეიმინგ დისპლეის მიწოდება, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფოტოს წყარო: Jura/unsplash.com TrendForce-ის პროგნოზის თანახმად 2023 წელს მოთხოვნა უნდა აღდგეს. სავარაუდოდ მოცულობა გაიზრდება 20.8 მილიონ ერთეულამდე - წელიწადში 5%-მდე. ზრდის მთავარი მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი ბრენდის მიერ 75-ჰერციანი მოდელების 100-ჰერციანი ვარიანტებით ჩანაცვლება, ჩინეთის მიერ კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნა გეიმინგ ინტერნეტ-კაფეების ინდუსტრიის აღდგენის მიზნით, აგრეთვე აზიური თამაშების ჩატარება მიმდინარე წელს. კიბერსპორტი აქ ერთ-ერთი სრულფასოვანი კატეგორია იქნება, რაც ხელს შეუწყობს მისი პოპულარობის ზრდას და, შესაბამისად, ზოგადად გეიმინგ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ფოტოს წყარო: TrendForce ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ VA LCD ტიპის პანელებს 2022 წელს ბაზრის უდიდესი წილი - 51% ეკავა, მეორე ადგილი ეკუთვნის IPS LCD მონიტორებს 43.4% წილით, მოძველებულ TN მატრიცებზე კი მოდის მხოლოდ 5%. უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარობა მოიპოვეს OLED-მონიტორებმა, თუმცა მათმა წილმა მხოლოდ 0.6% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ OLED-ეკრანების წილი მიმდინარე წელს ბაზარზე 1.6%-მდე გაიზრდება. ასევე შეიძლება გაიზარდოს IPS-ტექნოლოგიის წილი შესაბამის პროდუქტებზე ფასების შემცირების გამო. ფოტოს წყარო: TrendForce 2022 წელს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 51.9% ეკავა მოდელებს კადრის განახლების 165-დან 180 ჰერცამდე სიხშირით, 120-160-ჰერციანი მოდელების წილმა შეადგინა 32.5%, 200 ჰერცი და მეტის მქონე მოდელებმა - 11.7%. და ბოლოს, 100-ჰერციანი მონიტორების წილზე მოდიოდა 3.9%. ფოტოს წყარო: TrendForce როგორც ანალიტიკოსები ელიან, 100 და 165-180 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე მოდელების გაყიდვა 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, აგრეთვე ბოლო ვარიანტები თანდათან შთანთქავენ 120-160-ჰერციანი მონიტორების საბაზრო წილს, რადგან მათ შორის ფასის სხვაობა არც ისე დიდია. და ბოლოს, 100-ჰერციანმა მონიტორებმა პრაქტიკულად მთლიანად უნდა ჩაანაცვლონ 75-ჰერციანი ვარიანტები. TrendForce მიიჩნევს, რომ 100-ჰერციანი მონიტორების საერთო წილი 2023 წელს გაიზრდება 5.1 %-ით 9%-მდე (ანგარიშში მითითებული ბაზრის წილი ეხება მხოლოდ გეიმინგ მოდელებს). https://tinyurl.com/5n6b85xy
  24. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ტომ ემერმა გააკრიტიკა SEC-ის თავმჯდომარე გერი გენსლერის მიდგომა ციფრული აქტივების ზედამხედველობის შესახებ Unchained პოდკასტზე. „ჩემი აზრით, ეს ადამიანი არის არაკეთილსინდისიერი მარეგულირებელი. იგი ბრმად ავრცელებს აღსრულების მოქმედებებს კრიპტო საზოგადოებაში და საერთოდ არ აქვს მხედველობაში მართლაც ცუდი მოქმედი პირები“ - განაცხადა ემერმა. პოლიტიკოსმა მაგალითად მოიყვანა ამერიკული Bitcoin-ბირჟა Coinbase, რომელიც „აქტიურად ცდილობდა SEC-თან მუშაობას“, მაგრამ მარტში სააგენტოსგან შეტყობინება მიიღო გამოძიების შესახებ. ამის შემდეგ პლატფორმის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა მარეგულირებლის მიდგომას აშშ-ის ფინანსური სექტორისთვის დამღუპველი უწოდა ”ეს აშკარად არ არის ის, თუ როგორ უნდა ემსახუროს ხელისუფლება ამერიკელებს. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახლავთ მკაფიო სიგნალი ფართო კრიპტო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ემერმა. 2021 წლის აპრილში აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი გერი გენსლერის კანდიდატურა SEC-ის ხელმძღვანელის პოსტზე. შემდეგ მან დადებითად ისაუბრა ბლოკჩეინსა და Bitcoin-ზე და ამ უკანასკნელს "ცვლილების კატალიზატორი" უწოდა. გენსლერმა პირობა დადო, რომ დამტკიცების შემთხვევაში „ინოვაციების ხელშეწყობაზე“ იმუშავებდა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ემერმა SEC-ის ხელმძღვანელი გააკრიტიკა კრიპტო ინდუსტრიის არსათანადო ზედამხედველობის გამო, რამაც FTX-ის კრახი გამოიწვია. დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა გაიმეორა გენსლერის კრიტიკა. ემერის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ კონგრესს უნდა მისცეს ჩვენება ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებისადმი მის მიდგომასთან დაკავშირებით. https://tinyurl.com/4ah4wcbw
  25. ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი გეგმები ითვალისწინებს, რომ 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მსუბუქი ავტომობილების ნახევარი მხოლოდ ელექტროენერგიაზე უნდა მუშაობდეს. ზოგიერთი ცნობით, მოთხოვნების ახალი ვერსია დაისახავს უფრო აგრესიულ მიზანს, რომ ეს წილი 67%-მდე გაზარდოს 2032 წლისთვის. ფოტოს წყარო: Doug Mills, The New York Times ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობებს The New York Times. გასულ წელს აშშ-ის ტერიტორიაზე გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 5.8%-ს შეადგენდა ელექტრომობილები, ასე რომ მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის პირველად ავტობაზარზე საჭირო იქნება ელექტრომობილების თერთმეტჯერზე მეტად გაზრდა. ეს მეტად ამბიციური ამოცანაა, რომელიც მოითხოვს როგორც ბაზრის მონაწილეების, ისე სახელმწიფოს ძალისხმევის მობილიზებას. შეგახსენებთ, ევროპაში შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა 2035 წლიდან აიკრძალება, ასე რომ აშშ ცდილობს არ ჩამორჩეს ტრანსპორტის „დეკარბონიზაციის“ ლიდერებს. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო EPA-ს ხელმძღვანელობა მომავალ ოთხშაბათს გამოსვლისას ამ სფეროში ახალ მიზნებს დასახავს. ფაქტობრივად, 2030 წლისთვის დასახული მიზნებიც კი უფრო აგრესიული გახდება, იმ დროისთვის აშშ-ში გაყიდული მსუბუქი მანქანების 54-60% ელექტრო წევას უნდა ეყრდნობოდეს, 2032 წლისთვის კი მაჩვენებელი 64-67%-მდე უნდა გაიზარდოს. შემოთავაზებულმა მოთხოვნებმა საჯარო განხილვის ფაზა უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცებენ კანონმდებლები. მოახლოებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით ასეთმა კანონპროექტმა შესაძლოა დროული დამტკიცება ვერ მოიპოვოს. ფაქტობრივად, ახალი მოთხოვნების პროექტში პირობები დადგენილია არა ახალი მანქანების გაყიდვების სტრუქტურაში ელექტრომობილების რაოდენობრივი პროპორციის, არამედ მთლიანად ნახშირბადის ემისიების დონის საფუძველზე. სამიზნე მაჩვენებელი იმდენად მკაცრი იქნება, რომ 2032 წლისთვის ბაზრის მონაწილეებს მოუწევთ ელექტრომობილების წილის გაზრდა გაყიდვების სტრუქტურაში დაახლოებით 67%-მდე. თეორიულად, ახალი მოთხოვნები თანხვედრაშია კალიფორნიის შტატის ფედერალურ კანონებთან, რომელიც ცდილობს 2035 წლიდან აკრძალოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. ამ მიმართულებით აშშ-ის ხელისუფლებას მოუწევს მრავალი ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრა, დამტენი სადგურების ქსელის გაფართოებიდან დაწყებული - შრომის ბაზრის ტრანსფორმაციით დამთავრებული, რომელზეც საჭირო რაოდენობის ელექტრომობილების წარმოებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით ორჯერ ნაკლები მუშახელი, ვიდრე ამჟამად. ავტომწარმოებლებს ასევე მოუწევთ სერიოზულად გადააკეთონ თავიანთი ბიზნესი და მიწოდების ჯაჭვები, ასევე განახორციელონ პარტნიორებთან თანამშრომლობით საჭირო რაოდენობის ბატარეების წარმოების ლოკალიზება. https://tinyurl.com/79kewvkr
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.