Jump to content

Recommended Posts

თითქმის ყველა სტატია შევკრიბე, რომელიც კი გათვალისწინებული მქონდა ჩემი პირველადი გეგმით. ეს ერთ-ერთი ბოლოა და ხმის დაფას ეხება.

sdmlkplsumms857xdak.jpg

1. ძირითადი მახასიათებლები

მოდით სანამ ამ საკითხს შევეხებოდე, განვმარტავ რა არის ხმის დაფა, ან მდაბიურის ენით რომ ვსთქვათ, "საუნდ კარტა". ხმის დაფა გახლავთ კომპიუტერის გაფართოების დაფა, რომელიც აუდიო სიგნალების (როგორც კომპიუტერიდან, ასევე კომპიუტერში) გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

როგორც წესი, ხმის დაფები იყენებენ DAC (Digital-To-Analog) კონვერტერს, ანუ ინფორმაციის ციფრულიდან ანალოგურ ფორმატზე კონვერტერს. ამ კონვერტერში გავლისას ციფრული სიგნალი გადაიქცევა ანალოგურად, ანუ ციფრული კოდირებული ინფორმაცია გადაიქცევა რეალურ ფიზიკურ მნიშვნელობად - პულსაციად, ან ძაბვად, რომელიც შემდეგ ამუშავებს დინამიკს, ყურსაცვამს და ა.შ. ხმის გამომცემი მოწყობილობის შეერთება ძირითადად TRS ან RCA კონექტორებით ხდება და მათზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რათქმაუნდა არის ხმის ციფრულად "გამოშვების" შესაძლებლობაც, მაგრამ ამას სხვა სოკეტები ემსახურება. როგორც წესი მინიმალური დონის ხმის დაფას აქვს ერთი "Line Out" კონექტორი (ხმის გამოსასვლელი), ერთი "Microphone" კონექტორი (გასაგებია რისთვისაც) და ერთიც "Line In" კონექტორი, რომლითაც შესაძლებელია მაგნიტოფონიდან, ან სხვა მსგავსი მოწყობილობიდან კომპიუტერში ხმის "შეშვება". სურათზე - სირუს ლოჯიკის წარმოების რვაარხიანი (7.1) DAC ჩიპი:

CirrusLogicCS4282-AB.jpg

მაგრამ DAC არ არის ხმის დაფის ძირითადი მახასიათებელი. ხმის დაფა ფასდება პოლიფონიით. პოლიფონია ეწოდება ხმის დაფის მიერ ერთდროულად (და ურთიერთდამოუკიდებლად) რამდენიმე ხმის სიგნალის წარმოების შესაძლებლობას. მართალია მახასიათებელ "პოლიფონია" ვერსად წააწყდებით (მობილურების გარდა :P), მაგრამ ხმის დაფას აქვს მითითებული "Sound Channel". სწორედ ეს არის პოლიფონიის აღმნიშვნელი. მაგალითად "1.0" ნიშნავს, დაფას აქვს მხოლოდ ერთი არხი, ანუ არის მონოფონიური. "2.0" ნიშნავს, რომ ორი არხი აქვს და არის სტერეოფონური, "2.1" ნიშნავს, რომ არის სტერეოფონური და აქვს ერთი არხი საბვუფერისთვის (იხ. ქვემოთ). დღესდღეობით ყველაზე კარგ სქემად 5.1 ითვლება, მაგრამ ეს არ არის ზღვარი, რადგან მაგალითად არსებობს 7.1, 8.1 სქემაც... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხმა არ აგვერიოს ხმის არხში, რადგან ერთ ხმის არხში შეიძლება ერთზე მეტი ხმა იყოს. მაგალითად ძველ ხმის ჩიპებს 3 ხმა ჰქონდათ და მხოლოდ ერთ არხად, ანუ მონოფონიურად გადმოსცემდნენ.

ახლა რაც შეეხება არხებში ხმის წარმოქმნას. აქ უკვე სხვადასხვაგვარადაა საქმე. დაბალი და საშუალო დონის ხმის დაფებში ხმა წარმოიქმნება მხოლოდ სტერეოფონიისთვის იმის მიუხედავად, რომ დაფას 5.1 სქემით მუშაობაც შეუძლია. რა ხდება ამ დროს? სტერეოფონიის 2 არხს ხმის დაფა პროგრამულ (Software და არა აპარატულ, ანუ Hardware) დონეზე უკეთებს ე.წ. "დაუნმიქსინგს", იგივე "Fold-Down"-ს. მისი მეშვეობით ხმა გარკვეულ დონეზე (როგორც წესი, 3 დეციბელით) დაბლდება, ან მაღლდება და ისე გადაეცემა დარჩენილ არხებს. ანუ რეალური, აპარატული 6 არხის მაგიერ თქვენ იღებთ ორი ხმის ჩიპის მიერ წარმოებულ 2 აპარატულ და 4 პროგრამულ, ფაქტობრივად ბუტაფორიულ არხს და მაინც კმაყოფილნი ხართ. მაღალი დონის ხმის დაფებში აბსოლუტურად ყველა არხი ცალკე წარმოიქმნება აპატრატულ დონეზე, მაგალითად თუ გვაქვს 7.1 სქემა, ხმის წარმოქმნას ემსახურება მთელი 8 ხმის ჩიპი, ან ელექტროკვანძი. ხმის ხარისხი მაღალია, რათქმაუნდა მაღალია ფასიც, მაგრამ ჭეშმარიტ მელომანებს ხომ ეს არ გადარდებთ? uglydance.gif

თუკი ვინმე უყრებთ ხოლმე კომპიუტერის უკანალს ალბათ შეამჩნევდით, რომ აუდიო კონექტორები სხვადასხვა ფერისაა. ან შეიძლება "Front Panel"-ზედაც შეგიმჩნევიათ მწვანე და ვარდისფერი კონექტორები. ჰოდა აგერაა მაგ ფერების ახსნა:

5rkyycyzk47dzmtimbhb.jpg

გეიმპორტმა თუ დაგაბნიათ, გეტყვით, რომ ეს არის ანალოგური ჯოისტიკის, ან გეიმპედის შესაერთებელი სოკეტი. სურათზეც ხედავთ კარგად:

sdmlkplsumms857xdak.jpg

2. ტიპები

აბა მე რისი მე ვარ თუ ისტორიაში ჩუჩქნა არ გასწავლეთ ugly_irre.gif. თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეს ნაწილი გამოტოვოთ...

ისტორიულად პირველი ხმის დაფა, ან უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ, ხმის ჩიპი, კომპანია IBM-ის "PC"-ს ჰქონდა. სამწუხაროდ იგი მხოლოდ ერთი დინამიკით იყო აღჭურვილი და მხოლოდ ერთ ხმას გამოსცემდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დიდი პოპულარობით არც სარგებლობდა. მხოლოდ 1988 წელს, კომპანია Sierra-სა და სხვა თამაშების მწარმოებლების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი "გეიმინგ" ხმის დაფების" გამოჩენა. ერთ-ერთი პირველი დაფა გახლდათ კომპანია "AdLib"-ის წარმოების "Music Synthesizer Card", მას სურათზე ხედავთ:

Adlib.jpg

კარგი მხედველობის მქონენი შეამჩნევთ, რომ დაფა Yamaha-ს წარმოების YM3812 ხმის ჩიპზეა აგებული. მას მუშაობის ორი რეჟიმი აქვს: 9-ხმიანი, სადაც თითოეული ხმა ცალკე პროგრამირდება და "დარტყმითი" რეჟიმი, რომელშიც 3 რეგულარული და 5-დან 11-მდე დამატებითი, "ცვლადი" ხმა მუშაობდა. მეორე რეჟიმი უფრი იშვიათად გამოიყენებოდა, ხოლო თვით ხმის დაფა IBM PC-სთვის იყო გამიზნული, თუმცა მას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა - 90-იანების დასაწყისში კომპანია "Creative Labs"-მა შექმნა სისტემა "Sound Blaster" და დაასამარა "AdLib"-ის ოცნებები ნათელ მომავალზე... იმის მიუხედავად, რომ Sound Blaster თეორიულად მხოლოდდამხოლოდ AdLib-ის კლონი იყო, მას ჰქონდა ერთი რევოლუციური დეტალი - ხმის თანაპროცესორი (Coprocessor), რომელიც ხმის ციფრულად ჩაწერასა და დაკვრაზე იყო პასუხისმგებელი. დღეისათვის ეს კომპონენტი "DSP (digital signal processor)"-ს სახელითაა ცნობილი, თუმცა სახელწოდება არასწორია. სამწუხაროდ ეს "DSP" იმხელა გამოდგა, რომ საბოლოოდ მთელი ხმის დაფა ორი AdLib-ის ზომისა აღმოჩნდა:

Sound_Blaster_8bit.JPG

საუნდ ბლასტერი შემდგომში დაიხვეწა და თითქმის ყველა ხმის დაფა ამ სტანდარტზე მზადდებოდა 90-იანი წლების ბოლომდე. ამ დროს კი მსოფლიო მასშტაბის და ყველა სფეროში ფეხჩადგმულმა ღორმა, კომპანია Intel-მა ჩამოაყალიბა ახალი სტანდარტი "AC'97" (Audio Codec '97) და ყველა ხმის დაფა მას დაუქვემდებარა. მას შემდეგ ფაქტობრივად აღარაფერი შეცვლილა AC'97-ის მოდიფიცირების გარდა. ყველაზე მაღალი კლასის ხმის დაფები იწარმოება ცალკე, გათვლილია PCI, ხანდახან კი PCIe სლოტისთვის და აღჭურვილნი არიან ASIO-თი. მაგალითად ეს, ASUS-ის წარმოების Xonar Essence:

ny11zve1jm3hgtnmcid2.jpg

ახლა ისიც ვთქვათ, რა არის ეს ASIO. ASIO, ანუ Audio Stream Input Output არის ძალიან სასარგებლო ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შეიძლება რეალურ დროში (ეს ძალიან მნიშვნელოვანია!), ან მინიმალური დაგვიანებით, ხმის მაღალი ხარისხით, რამდენიმე არხიანი ჩაწერა ციფრულად. ცოტა ჩინური გამომივიდა, მაგრამ იმედია გასაგებია რაცაა... რაც შეეხება დანარჩენ ხმის დაფებს, ადრე ყველა დაფა ცალკე იყო და PCI, ან ISA სლოტს მოითხოვდა, ახლა კი აი რა ხდება:

AC'97-ის გამოჩენიდან სულ ცოტა ხანში ამ სტანდარტის მქონე ხმის დაფის დედაპლატაზე ინტეგრაცია მოხდა. ამიერიდან ხმის დაფა ხმის ჩიპად, ან აუდიოადაპტერად გადაიქცა. გარდა ამისა გაჩნდა "USB ხმის დაფები", რომლებიც სინამდვილეში ხმის დაფები კიარა, უბრალო სოკეტებია იმისთვის, რომ კომპიუტერზე მიკროფონის, Line In/Out და ა.შ. მოწყობილობების შეერთება გახდეს შესაძლებელი. სახელს რაც შეეხება, ჭკვიანი ხალხი ამ მოწყობილობას არა USB Sond Card-ს, არამედ "აუდიო ინტერფეისს" უწოდებს. ჩვენც ხომ ჭკვიანი ხალხი ვართ? ჰოდა არ დავუშვათ შეცდომა! 126fs3281498.gif.

3. სოკეტები

აქ ჩამოვთვლი ყველა შესაძლო (და ერთ "არშესაძლო) სოკეტს.

TRS (tip, ring, sleeve) - დარწმუნებული ვარ ასეთ კონექტორს ყოველი თქვენგანი კარგად იცნობს. დავძენ მხოლოდ იმას, რომ ხმის დაფის TRS სოკეტი 3.5მმ-იან შტეკერებს იყენებს. სურათზე შუა ორი შტეკერი, ერთი მონოფონური, მეორე - სტერეო. არის ანალოგური.

Photo-audiojacks.jpg

RCA (Radio Corporation of America) - ეს კონექტორი ისეთია, ვიდეოებზე რომ იყენებდით ხოლმე :P. ესეც ანალოგურია.

File:RCA_Connector_(photo).jpg

S/PDIF (Sony/Philips Digital Interconnect Format ან Sony Philips Digital InterFace) - ციფრული ინტერფეისი, რომელიც Sony-სა და Philips-ის მიერ იქნა შემუშავებული. მის შტეკერს შეიძლება წააწყდეთ ვიდეოდაფაზე.

l4tn8c0uhjn656wfx0d8.jpg

HDMI (High-Definition Multimedia Interface) - ესეც ციფრული ინტერფეისია. მართალია იგი ვიდეოდაფაზე გვხვდება და მომხმარებლების უმეტესობა მას ვიდეოკონექტორად მიიჩნევს, მაგრამ HDMI-ს მეშვეობით ხმაც გადაეცემა, თანაც ციფრულად. ამიტომ გადავწყვიტე მეხსენებინა ესეც...

800px-HDMI.jpg

სულ ეს იყო (მეტის წაკითხვით მაინც არ აიტკიებთ თავს). გმადლობთ ყურადღებისთვის.

თქვენი მიხეილ რ. hmm2.gif

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.